1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» აკაკი წერეთელი: იმერული ნანინა

“ვუძღვნი საბატონო ყმების ახალშობილ შვილებს”

გაპუტულო გლეხის შვილო, შენ პაწაწინაო!
აგრე ტკბილად, უდარდელად რამ დაგაძინაო?
დედის მკერდში მიგიგნია შენ ტკბილი ბინაო…
დაიძინე, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!..

დედა ეტყვის: „გენაცვალოს შენი მშობელიო,
ძუძუებში ჩაგივლია პაწაწა ხელიო!
შენს ვაჟკაცობას მომასწრებს მე ღვთისმშობელიო!
მამაშენის ბედის არ ხარ, შენ სხვა ბედს ელიო:
შენი ვარსკვლავი სხვა არის – ბედმა გიცინაო!
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!

ღმერთს შენი ბედნიერება წინეთ უსახავსო,
შენც მის ნაცვლად ემსახურე, ნურას იზამ ავსო,
დედას თმას ნუ მაწეწინებ, ნუ ჩამაცმევ შავსო!
სხვებ რა გიჭირს: ხომ შეიტყვე, ბატონი არ გყავსო!
რისთვის შეკრთი? მართალია! რამ შეგაშინაო?!
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!..

გაიზრდები, გენაცვალე, თავისუფალიო;
ბატონი ვერ შეგაწუხებს, ვერც გაგტეხს ვალიო;
შენს მტერსა და მოშურნესა დაუდგეს თვალიო;
ჭირისა და ავ თვალისგან გიხსნის უფალიო!
ხომ გიამა, გენაცვალე! მან გაგაცინაო?
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!

დიდი კაცის შვილს სკოლაში გვერდთ მიუჯდებიო;
აბა, შენ იცი, ბიჭოჯან, როგორ ეცდებიო;
ძველ ბატონის შვილს სწავლაში ნუ ჩამორჩებიო,
გლეხსა ნიჭი არა აქვსო, არ აფიქრებიო!..
შენი დაჩაგრული ძმები შენ უნდა იხსნაო,
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!

ჩინოვნიკებიც არიან ჩვენი გამწვალეო:
ჩვენს საქმეზე როცა მივალთ, გვერტყვიან: „ხვალეო“,
და, ჩვენ როცა დაგვსაქმებენ, მაშინ კი – „მალეო!“
ამას შენ ვეღარ გეტყვიან, შენ გენაცვალეო,
რომ ვეღარ დაგიბრიყვებენ, თუ რო თავი სცნაო!
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!

პაწაწინა იადონო და ვარდის კონაო,
დღეს ხომ კარგად გაიგონე ჩემი ნანინაო?
და, თუ კარგად გაიგონე, ხომ მოგეწონაო?
მაშ, ნუ გძინავს! გაიღვიძე! იცან ქვეყანაო!
შენც შეიტყვე ამა სოფლის ცრუ გამოცანაო!
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!

1864წ.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

9 votes, average: 4.44 out of 59 votes, average: 4.44 out of 59 votes, average: 4.44 out of 59 votes, average: 4.44 out of 59 votes, average: 4.44 out of 5

› ბიოგრაფია: კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდია დაიბადა 1893 წლის 15 მაისს სოფელ ძველ აბაშაში.
მის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე დიდი კვალი დაუტოვებია რამდენიმე მოვლენას. ექვსი წლისას მამა უბელო ცხენზე შეაგდებდა და მათრახს გადაუჭერდა ხოლმე, ვაჟკაცობას აჩვევდა. პატარობისას › › ›

DU