1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» დავით VIII

საქართველოს მეფე 1293-1311 წლებში. დემეტრე II-ს ძე. XIII-XIV საუკუნეთა მიჯნა საქართველოში შინაპოლიტიკური ბრძოლის განსაკუთრებული გამწვავებით აღინიშნა. დროის მცირე მონაკვეთში აღმოსავლეთ საქართველოში დავით VIII-ს გარდა რამდენიმე სრული ძალაუფლების მქონე მეფე მოღვაწეობს: ვახტანგ III (1298-1308). გიორგი V (1299-1300), გიორგი VI (1308-1314), დასავლეთ საქართველოში – კონსტანტინე და მიქაელი. ამრიგად, იურიდიულად, ჯერ კიდევ ერთიანი საქართველოს სამეფოში 1298-1314 წლებში ერთდროულად რამდენიმე მეფის “ხელმწიფობაა” დადასტურებული. საქართველოს ასეთი რთული საშინაო ვითარება გამოწვეულია მისი საგარეო მდგომარეობით. პოლიტიკურად საქართველო ილხანთა მონღოლურ სახელმწიფოზე დამოკიდებულ სამეფოდ რჩება, “გურჯისთანის ვილაიეთის” სახელწოდებით. მონღოლთა სახელმწიფოს გამუდმებული ბრძოლები მეზობელ ქვეყნებთან, შიდაფეოდალური აშლილობა, ტახტისთვის ბრძოლა, ეკონომიკური კრიზისი უშუალო გავლენას ახდენს საქართველოს სახელმწიფოზე და განაპირობებს მის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას. 1293 წელს ქეიღათუ ყაენმა საქართველოს (რეალურად აღმაოსავლეთ საქართველოს) მეფედ დავით VIII დაამტკიცა, რადგან იგი ქეიღათუს მიერ რუმის (მცირე აზია) აჯანყების ჩასაქრობად მოწყობილ ლაშქრობაში მონაწილეობდა. დავითი სამეფო ტახტის დაკავების შედმეგ, ყველა ღონეს ხმარობს, რათა ილხანთა სახელმწიფოს შინააშლილობა და ოქროს ურდოსთან დაპირისპირება თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენოს. იგი მიმართავს, როგორც დიპლომატიური მოლაპარაკების გზას, ასევე აჯანყებას, აშკარა დაპირისპირებას. შეურიგებელ წინააღმდეგობას. დავით VIII აქტიურ მონაწილეობას იღებს ილხანთა ნოინების მიერ ქეიღათუ ყაენის წინააღმდეგ აჯანყებაში და მხარს უჭერს ბატონიშვილ ბაიდუს გაყაენებას. ამ მხარდაჭერისათვის იგი იბრუნებს დმანისს, რომელიც თავის დროზე სადუნ მანკაბერდელმა დემეტრე II-ს გამოსტყუა და თავის შთამომავლებს გადასცა. მართალია, 1295 წელს ბაიდუ გაყაენდა, მაგრამ იგი მალევე ყაზანმა მოაკვლევინა და თვითონ დაჯდა ტახტზე. ყაზანის გაყაენებით (1295-1304) საილხანოში არსებული ანარქია დასრულდა. მონღოლური წესის მიხედვით, ბაიღუს მოკვლასთან ერთად მისი მომხრე ნოინებიც დაისაჯნენ, ამდენად დავით VIII-საც სახიფათო მდგომარეობა შეექმნა. ყაზანმა 1297 წლის ნოემბერში დავითი ურდოში დაიბარა. ვაზირთა რჩევის მიუხედავად, მეფე არ ეახლა მას, აჯანყდა და მომხრე ფეოდალებთან ერთად მთიულეთს შეეხიზნა. გაამაგრა ჟინვანი, “შეკრბა სიბა და მცველნი დაუდგინა”, თვითონ მოდიმნახეს ციხეში დადგა. დავით VIII ცდილობს გამოიყენოს ოქროს ურდო ყაზანის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ მიზნით იგი თავის ძმას, ვახტანგს, დიპლომატიური მისიით აგზავნის ყაენთან. მას პოლიტიკურ კავშირს და ირანში შესასვლელად უმოკლეს გზას დარიალს სთავაზობს. ამგვარად, აჯანყებული მეფე ილხანთა ყაენისათვის მეტად საშიში მეტოქე ხდება. ყაზან-ყაენმა დავითთან დაზავების მიზნით საქართველოში დიდი ნოინი ხუტლუშა წარმოგზავნა, რომელიც “დადგა ტფილისს”. დაიწყო მოლაპარაკება. მონღოლებმა ქართველებისგან ითხოვეს “კაცნი სარწმუნონი მისანდობელად”. დავით VIII აგზავნის კათალიკოს აბრაჰამს. ივანე ბურსელს, ტფილელ ყადს. მათ საპასუხოდ მისცეს “ბეჭედი ყაენისა და სიმტკიცე უვნებლობისა”. როგორც ჩანს, დავითი არ ენდო ილხანს და ოქროს ურდოსთან 1298 წელს მოლაპარაკება განაახლა. ყაზან-ყაენი ისევ ცდილობს დავითთან დაზავებას, მაგრამ ამაოდ. ამ ხნის განმავლობაში მონღოლთა დამსჯელი რაზმები აოხრებენ საქართველოს კუთხეებს, განსაკუთრებით იმ ადგილებს, სადაც მეფე იმალება. ჟამთააღმწერელი დაწვრილებით აღწერს არსებულ ვითარებას. ურდოდან მოსულმა ურიცხვმა ლაშქარმა მოარბია სომხეთი, ქართლი, თრიალეთი, ერწო, დაბანაკდა მუხრანში და თიანეთი დაიკავა. ამ ვრცელი ტერიტორიიდან ისინი მარბიელი ლაშქრობით საქართველოს ძარცვა-გაპარტახებას შეუდგნენ, რაც ყოველ შემოდგომა-გაზაფხულს მეორდებოდა. ასეთმა თარეშმა უმძიმესი შედეგი გამოიღო. “არა იყო თესვა და არცა შენება ყოვლად”. ჩრდილოკავკასიური ტომებით შევიწროებულმა ოსურ ტომთა ბელადებმა მარჯვედ ისარგებლეს ილხანთა ურდოს მხარდეჭერით და აჯანყების ცეცხლში გახვეული ქართლის პოლიტიკური დასუსტებით. მათ დაიჭირეს ლიახვის ხეობა და შიდა ქართლსაც შემოუტიეს. ქართველ აზნაურთა მიწისმფლობელობა საფრთხის წინაშე დადგა და ისიც თავდაუზოგავად იბრძვის. მიუხედავად მონღოლთა მრავალგზის შემოტევებისა, დავით VIII-მ მოახერხა მის ხელთ არსებული ძალების სწორი ორგანიზება. მან ხადაში ამოსულ მონღოლებს პარტიზანული ბრძოლები გაუმართა, გამაგრდა ციკარეში. ქარველებმა მონღოლები ისეთ ადგილებში მოაქციეს, რომ “ქუეითად იბრძოდნენ თათარნი”, რამაც მათი დამარცხება გამოიწვია. დავითმა ცხავატში ხუთასი მონღოლი გაწყვიტა. რადგან ყაზან-ყაენმა დავითი ვერც დაიჭირა და ვერც დაიმორჩილა მის ხელისუფლებას ძმები დაუპირისპირა. მონღოლებმა ვახტანგი (III) და გიორგი (V) გაამეფეს და რეალური ძალაუფლება მიანიჭეს. ამის საფუძველზე 1302 წელს მოხდა გარკვეული შეთანხმება. დავითს ყაენმა სამმართველოდ ჯავახეთი და ალასტანი მისცა, სადაც დაფუძნდა კიდეც. აქედან იწყება დავით VIII-ს მოღვაწეობაში ახალი დიპლომატიური ხაზი. დავითი იწყებს დიპლომატიურ მოლაპარაკებებს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის გასათავისუფლებლად. 1301-1304 წლებში ეგვიპტის სულთანის კარმა სამჯერ დაამარცხა ყაზან-ყაენისა და ვახტანგ III-ის გაერთიანებული ლაშქარი. აშკარაა, რომ ილხანებს აღარ შესწევთ ძალა სირია-პალესტინის დაპყრობისა. დავით VIII-ის კარის დიპლომატია ითვალისწინებს ამ მომენტს და მოლაპარაკებას აწარმოებს ეგვიპტესთან, რომელთანაც ახალ ურთიერთობას ამყარებს. დავით VIII-მ ამ ურთიერთობაში კონსტანტინოპოლიც ჩართო; საქართველო მეფის დესპანების თხოვნა ანდრონიკე II-მ დააკმაყოფილა და თავისი ელჩები გააყოლა ეგვიპტეს. აღნიშნული მისიის საშუალებით საქართველომ, ჯვრის მონასტრის განთავისუფლების თხოვნასთან ერთად, ეგვიპტის სულთანს მოკავშირეობა აღუთქვა. 1305 წლის ქართველთა ელჩობა წარმატებით დასრულდა, ეგვიპტემ დააკმაყოფილა დავით VIII-ის თხოვნა და ქართველებს წმინდა სალოცავი დაუბრუნა. ეგვიპტის “სწავლული ხალხის” გადაწყვეტილების საფუძველზე იერუსალიმის ჯვრის მონასტერი გადაეცათ ქართველებს და აღდგენილ იქნა იერუსალიმში გაშლილი ეროვნული დროშებით შესვლა, გათავისუფლება ყოველგვარი გადასახადებისაგან, უფლება ცხენზე სწორად ამხადრებისა. ამ ფაქტს ივ. ჯავახიშვილი “დიპლომატიურ გამარჯვებას” უწოდებს. 1311 წელს დავით VIII გარდაიცვალა. მისმა მფლობელობამ ჯავახეთსა და ალასტანში საფუძველი დაუდო აღასტანელი “პროვინციის მეფეების” შტოს ჩამოყალიბებას.დავით VIII-ის მოღვაწეობა თანამედროვე ისტორიოგრაფიაში შეფასებულია, როგორც წინა ეტაპი და მოსამზადებელი ხანა გიორგი ბრწყინვალის დიპლომატიისათვის, რასაც საქართველოში მონღოლთა ბატონობის დასრულება მოჰყვა.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

2 votes, average: 3.00 out of 52 votes, average: 3.00 out of 52 votes, average: 3.00 out of 52 votes, average: 3.00 out of 52 votes, average: 3.00 out of 5

› ნიკოლას კეიჯის ციხესიმაგრე ინგლისში

მოდი ვესტუმროთ და ვნახოთ ცნობილი ჰოლივუდის ვარსკვლავი ნიკოლას კეიჯის სახლი, უფრო სწორად 28 ოთახიანი ციხესიმაგრე “Midford Castle”, რომელიც მე-18-ე საუკუნით თარიღდება და მისი შემოგარენი, თავისი ტყეებით, ბაღებით 47 ჰექტარს შეადგენს. › › ›

DU