1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ბიოგრაფია: ალექსანდრე ჭავჭავაძე (1786-1846)

ქართული რომანტიზმის პირველი წარმომადგენელი ალექსანდრე ჭავჭავაძე დაიბადა 1786 წელს, პეტერბურგში.

პოეტის მამა – გარსევან (დავით) პაატას ძე ჭავჭავაძე გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე და საიმპერატორო კართან დაახლოებული პირი იყო. ქართლ-კახეთის სამეფოს მხრიდან სწორედ ის გახლდათ ერთ-ერთი ხელისმომწერი 1783 წელს რუსეთთან დადებულ გეორგიეგსკის ტრაქტატზე. ერთი წლის შემდეგ გარსევანმა რუსეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაც მიიღო. თანამედროვეთა გადმოცემით, იგი ბრგე, ახოვანი, „წმინდა ქართული ნაკვთების მქონე მამაკაცი“ ყოფილა. პიროვნული თვისებების, გონიერებისა და შესანიშნავი გარეგნობის წყალობით მან დიდი გავლენა მოიპოვა საიმპერატორო კარზე.

1803 წელს გ. ჭავჭავაძე ქართველ თავად-აზნაურთა საკრებულოს წინამძღოლად აირჩიეს.

ალექსანდრე ჭავჭავაძის დედა – მაია ივანეს ასული ავალიშვილი, – მწერალ გიორგი ავალიშვილის და იყო. იგი სილამაზით, კეთილგონიერებით, სათნოებით და ოჯახისადმი ერთგულებით გამორჩეული ქალბატონი ყოფილა. „მეტად ჭკვიანი ბანოვანი“, ასე ახასიათებენ მას თანამედროვენი.

როგორც უკვე ვთქვით, ალექსანდრე ჭავჭავაძე პეტერბურგში დაიბადა. იგი თვით ეკატერინე II მონათლა. ამ ფაქტმა დიდი როლი შეასრულა პოეტის ბიოგრაფიაში. მომავალი პოეტი იმპერატორის კარზე იზრდებოდა. ბავშვობიდანვე შეისწავლა რუსული, ფრანგული, გერმანული ენები.

ქართულ ენასა და ლიტერატურას პირველად დედამ აზიარა.

ცხრა წლის ალექსანდრე პეტერბურგის ერთ-ერთ ყველზე ცნობილ სასწავლებელში – ბამანის პანსიონში მიაბარეს. აქ მან ოთხი წელი დაჰყო, 1799 წელს კი მამასთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა.

1804 წელს იგი აქტიურად ჩაება ფარნაოზ ბატონიშვილის ხელმძღვანელობით მოწყობილ მთიულეთის აჯანყებაში, რომელიც მიმართული იყო რუსული მმართველობის წინააღმდეგ, აჯანყება დამარცხდა. მისი მონაწილეები მკაცრად დასაჯეს. ალ. ჭავჭავაძეს სამი წლით ტამბოვში გადასახლება მიუსაჯეს. გადასახლებაში შვილს გარსევანიც გაჰყვა. მისი მეცადინეობით (იმპერატორს თხოვნით მიმართა – მაჩუქეთ შვილი, შეიწყალეთ, სიყმაწვილით მოუვიდაო), ალექსანდრე ვადაზე ადრე – 1805 წელს გაათავისუფლეს და პაჟთა კორპუსში ჩარიცხეს. სწორედ ამ პერიოდში თარგმნა პოეტმა „ახლოით განჩხრეკილი კაცი“, რომელიც ფარნაოზ ბატონიშვილს მიუძღვნა.

1809 წელს ალექსანდრემ პაჟთა კორპუსი დაასრულა, ერთი წლის შემდეგ კი პორუჩიკის წოდება მიიღო. მალე იგი თბილისში დაბრუნდა და მარკიზ პაულიჩის ადიუტანტად დაინიშნა.

1812 წელი ალექსანდრე ჭავჭავაძის ცნობიერებასა და ბიოგრაფიაში შემობრუნების წელი იყო. 1804 წელს რუსეთის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების გამო დასჯილი პოეტი, 1812 წელს რუსებთან ერთად კახეთის აჯანყების ჩახშობაში მონაწილეობდა (ამ ბრძოლაში იგი მძიმედ დაიჭრა ფეხში).

1813-14 წლებში ალ. ჭავჭავაძე ნაპოლეონის წინააღმდეგ იბრძოდა გენერალ ბარკლაი დე ტოლის მეთაურობით. მონაწილეობდა საქსონიაში გამართულ ბრძოლებმი. გამარჯვებულ რუსულ არმიასთან ერთად შევიდა პარიზში. ამ ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის პოეტმა არაერთი ჯილდო მიიღო. 1817 წელს ალ. ჭავჭავაძე პოლკოვნიკი გახდა. 1818 წლიდან მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში, 1822 წელს კი ამ პოლკის უფროსი გახდა, მაგრამ სამსახურში მომხდარი უსიამოვნების გამო იგი ქართველ გრენადერთა პოლკში გადავიდა. მოგვიანებით ალექსანდრე ჭავჭავაძე დაინიშნა საგანგებო დავალებათა შემსრულებლის თანამდებობაზე გენერალ ერმოლოვთან.

1826 წელს პოეტმა გენერალ-მაიორის წოდება მიიღო. ამას მოჰყვა ყუბანის ჯარების უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა. მის სამხედრო კარიერაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოდგა 1827 წელი, როდესაც ალექსანდრემ რუსეთ-სპარსეთის ომში მიიღო მონაწილეობა და დაიპყრო თავრიზი. ამ პერიოდიდან ალექსანდრე ხან აზერბაიჯანშია, ხან – სომხეთში. ინიშნება ერევნის ოლქის მმართველად. მონაწილეობს რუსეთ-ოსმალეთის ომში (1828 წ.) და სამკვირიანი ბრძოლების შემდეგ იპყრობს ბაიაზეთს. როცა პასკევიჩისთვის ეს ამბავი უცნობებიათ, აღტაცებულს დაუძახია – „ყოჩაღ, ჭავჭავაძევ!“.

ალ. ჭავჭავაძის ბიოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს 1832 წელს რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებას. იგი აქტიურად იყო ჩაბმული ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენაში. როგორც სარწმუნო წყაროებიდან ირკვევა, პოეტს შეთქმულების გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო მმართველობაში დიდი თანამდებობა უნდა დაეკავებინა. შეთქმულებასთან ალექსანდრე მთელი ოჯახით იყო დაკავშირებული. ცნობილია, რომ შეთქმულთა შორის მეტად პოპულარული ლექსი – გრ. ორბელიანის აიარალისა, მისმა მეუღლემ სალომემ გაავრცელა. მაგრამ შეთქმულება დამარცხდა და მის მონაწილეებს სასტიკად გაუსწორდნენ. სასჯელს, ბუნებრივია, ვერც ალექსანდრე ჭავჭავაძე ასცდა. იგი კვლავ ტამბოვში, მხოლოდ ახლა უკვე ოთხი წლით გადაასახლეს. თუმცა სასჯელი არც ამჯერად მოუხდია ბოლომდე – ცოტა ხანში იმპერატრიცას ნათლული პეტერბურგში გაიწვიეს.

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ალ. ჭავჭავაძე სახელმწიფო სამსახურს დაუბრუნდა და მას შემდეგ რუსეთის იმპერიისადმი ორგულობაში შემჩნეული აღარ ყოფილა.

1841 წელს პოეტს კვლავ აწინაურებენ – იგი გენერალ-ლეიტენანტი გახდა. 1842 წელს დაინიშნა ამიერკავკასიის საფოსტო ნაწილის უფროსად. მას დაავალეს ახალი ექსპედიციის მოწყობა შამილის მომხრეთა წინააღმდეგ. 1843 წლის 21 სექტემბერს იგი კავკასიისკენ დაიძრა და დაიპყრო დიდოეთი. 1843-ში დაინიშნა კახეთის მილიციის უფროსად, რომლის შექმნის უშუალო მიზანი კავკასიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მეთაურის – შამილის წინააღმდეგ ბრძოლა იყო.

ცნობილია ერთი საინტერესო ფაქტი ალ. ჭავჭავაძის ამ პერიოდის მოღვაწეობიდან. 1845 წელს თბილისში სტუმრად მყოფ მთავარმართებელ ვორონცოვისთვის ალექსანდრე ჭავჭავაძეს ქართული გაზეთის დაარსება უთხოვია.

1845 წელსვე პოეტი ახლად დაარსებული სათეატრო კომიტეტის წევრი გახდა.

ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახი XIX საუკუნის პირველ ნახევარში ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა იყო. მის სახლში გამუდმებით იკრიბებოდნენ ქართველი მწერლები, საზოგადო მოღვაწეეები, იმართებოდა ლიტერატურული საღამოები, თეატრალური წარმოდგენები, დისკუსიები საზოგადოებრივ საკითხებზე, შეკრებილნი კითხულობდნენ ახალ ნაწარმოებებს. იონა მეუნარგიას გადმოცემით, ქართული მუდმივი თეატრის შექმნის იდეა ალექსანდრეს ოჯახში ჩასახულა. სცენისმოყვარეთა პატარა წრეც ჩამოუყალიბებიათ, რომლის სათავეში თავად პოეტი მდგარა. სწორედ ამ პერიოდში უთარგმნია მას პიერ კორნელის ტრაგედია „სიდი“, საოჯახო წარმოდგენაც მოუმზადებიათ, რომელშიც ერთერთი მთავარი როლი ალექსანდრეს უნდა შეესრულებინა, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო წარმოდგენა ჩაშლილა.

ალ. ჭავჭავაძემ 1810 წელს შეირთო სარდალ იონა ორბელიანის ასული სალომე ორბელიანი – მათ ოთხი შვილი ჰყავდათ. ნინო (რუსი პოეტის ალ. გრიბოედოვის მეუღლე), ეკატერინე (ცოლად გაჰყვა სამეგრელოს მთავარს – დავით დადიანს), დავითი (რომელიც ლეკებმა გაიტაცეს კახეთში ერთ-ერთი შემოსევის დროს) და სოფიო (კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის ბარონ ნიკოლაის მეუღლე). ალექსანდრე ჭავჭავაძის ულამაზესი ასულები ნინო და ეკატერინე არაერთი პოეტის შთაგონების წყაროდ ქცეულან. მათ ლექსებს უძღვნიდნენ ნიკოლოზ ბარათაშვილი და გრიგოლ ორბელიანი. სწორედ ეკატერინე ჭავჭავაძემ გადასცა ილია ჭავჭავაძეს ცარსკოე სელოში ყოფნის დროს ბარათაშვილის პოემის „ბედი ქართლისას“, „მერანის“ და სხვა ლექსების ხელნაწერი რვეული.

ალექსანდრე ჭავჭავაძე სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა. 1846 წლის 6 ნოემბერს პოეტი ვორონცოვის დაბადებისადმი მიძღვნილ ნადიმზე იყო მიწვეული. გზად მიმავალს ეტლში შებმული ცხენი დაუფრთხო ბინიდან გადმოღვრილმა წყალმა. ალექსანდრე წამოდგა, უნდოდა აღვირს სწვდომოდა, მაგრამ შინელის კალთა ბორბალმა ჩაიხვია და ეტლიდან გადმოვარდა. გონწასული პოეტი იმავე ღამეს გარდაიცვალა საკუთარ სახლში.

მესამე დღეს მთელმა თბილისმა გააცილა პოეტის ნეშტი კახეთში. დაკრძალეს შუამთის მონასტერში – საგვარეულო აკლდამაში. მის საფლავზე ძევს ქვა, რომელსაც აწერია: „მარად უვიწყოსა სიმამრისა სამარესა დავსდე ფიქალი ესე მთავარმა დავით დადიანმან“.

„ქართველ მწერალთა ბიოგრაფიები“

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

5 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. თეონა ამბობს:
    17 მაისი, 2012წ. 09:42სთ.

    ალექსანდრე ჭავჭავაძის “ახლოით გაჩხრეკილი კაცი”რატომ არ გიდეევთ??? 🙁 ვერსად ვერ ვპოულობ….ან კიდევ “ლოთური სიმღერა”

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. გვანციიი ამბობს:
    25 სექტემბერი, 2012წ. 20:06სთ.

    რას გვერჩოდა ეს კაცი ამ მომავალლ თაობას.. საიდან მოვიტანოთ ეს უაზრო თემები .. მაგალითად “სამშობლოს სატკივარი ალექსანდრე ჭავჭავაძის შემოქმედებაში პირდაპირ და შეფარვით”

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ცისია ამბობს:
    3 ოქტომბერი, 2012წ. 13:24სთ.

    აუ გვანცა გეთანხმები მეც ეგ მაქვს ეხლა დასაწერი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. ძაღლი ამბობს:
    8 ოქტომბერი, 2012წ. 22:58სთ.

    ახლოით გაჩხრეკილი კაცი დადეთ რა თუ გაქვთ.ძალიან მაინტერესებს.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. მე ვარ !! ამბობს:
    30 სექტემბერი, 2013წ. 21:27სთ.

    ხო რა დადეთ რა.. 😀

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

1 vote, average: 4.00 out of 51 vote, average: 4.00 out of 51 vote, average: 4.00 out of 51 vote, average: 4.00 out of 51 vote, average: 4.00 out of 5

› ლიმბოს ცეკვა-შეჯიბრი და რეკორდი

რა არის ლიმბო?
ეს არის ისეთი ცეკვის, უფრო დავარქმევდი შეჯიბრის სტილი, სადაც ორ საყრდენზე თავისუფლად დადებულ ჯოხის ან რაიმე მაგდაგვარ ზღვარს ქვეშ გულაღმა უნდა გაძვრე, რა თქმა უნდა მუსიკის თანმხლებით ეს › › ›

DU