1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» დავით VII (ულუ)

დავით ულუ, მეფე გიორგი IV ლაშას ძე, საქართველოს მეფე, 1247-1270 წლებში მცირეწლოვანი იყო, როცა მამა გარდაეცვალა. ლაშამ სიკვდილის წინ მისი აღზრდა დას უანდერძა. ანდერძით, რუსუდანს ძმისწულისთვის სამეფო ტახტი უნდა გადაეცა, როცა იგი წამოიზრდებოდა. მაგრამ ამის ნაცვლად, რუსუდანმა მეფემ თავისი ძე დავითი გამოაცხადა, დავით ლაშას ძე კი თავის სიძეს, რმუის სულტან ყიას ად-დინ ქაიხოსრო II-ს გაუგზავნა, დილეგში ჩააგდებინა, სადაც მან შვიდი წელი გაატარა და სიკვდილს ძლივს გადარჩა. იგი გადაარჩინა ერთგულმა თანაშეზრდილმა გლეხის ბიჭმა, რომელიც უფლისწულს ექსორიაშიც წაჰყოლოდა დილეგში საჭმელ-სასმელსაც აწოდებდა, მისგანვე საიდუმლოდ გათხრილი ხვრელის საშუალებით. ბოლოს, რუსუდანის სიკვდილის შემდეგ (1245წ.). დავითი ქართველმა ერისმთავრებმა მოიკითხეს მონღოლი ნოინების დასტურითა და ხელშეწყობით გაათავისუფლეს და მეფედ დაისვეს. მეფედ იგი მონღოლთა ყაენს უნდა დაემტკიცებინა და დავით ლაშას ძეც შეუდგა მონღოლეთის გზას. ჯერ იგი ბათო ყაენს გამოეცხადა, ვოლგაზე. ბათომ ქართველები ალერსიანად მიიღო, დავითის მეფობას დასტური მისცა და, სარგის თმოგველთან ერთად, ყარაყორუმს გაუშვა. იქ მას დახვდა ტახტის საძიებლად მასზე ადრე წასული მამიდაშვილი, დავით რუსუდანის ძე. 1249 წელს მანგუ ყაენმა ორივე დაამტკიცა საქართველოს მეფედ: დავით ლაშას ძე, ანუ დავით ულუ (უფროსი) და დავით რუსუდანის ძე, ანუ დავით ნარინი (უმცროსი). აქ იგულისხმება ასაკობრივი უფროს-უმცროსობა, თორემ სამეფო თანრიგით პირველია დავით VI ნარინი (რაკი იგი დედამ გაამეფა უფრო ადრე – 1230 წელს) და მეორე დავით VII ულუ. 1254 წელს მონღოლებმა მოახდინეს საქართველოს აღწერა. 1256 წელს დავით ულუ მონაწილეობდა მონღოლთაგან ალამუთის ციხის აღებაში. 1258 წელს დავით VI ნარინი ჰულაგუ ყაენს აუჯანყდა და დასავლეთ საქართველოში გამაგრდა. დავით VII ულუს სამეფოდ მარტო აღმოსავლეთ საქართველო დარჩა. იმავე წელს დავით ულუმ თავი გამოიჩინა ბაღდადის აღებაში. მისი მეთაურობით, ქართველებმა კედლის ქვეშ ხვრელი შეთხარეს, ქალაქში შეიჭრნენ და მონღოლებს კარი გაუღეს. 1260 წელს ჰულაგუ ყაენმა დავითი ეგვიპტეში სალაშქროდ გაიწვია. დავითმა ყოყმანის შემდგომ სალაშქროდ წასვლაზე უარი თქვა და ყაენს განუდგა კიდეც. ერისმთავრებს კი უფლება მისცა, როგორც სურდათ, ისე მოქცეულიყვნენ. სარგის ჯაყელის გარდა, ყველა ერისთავი მონღოლებს მიემხრო და ყაენს სალაშქროდაც გაჰყვა ეგვიპტეში. ჰულაგუმ აჯანყებული დავით ულუს წინააღმდეგ არღუნ ნოინი გამოგზავნა, რომელმაც ჯერ ცოლ-შვილი მოსტაცა დავითს, მერე მის წინააღმდეგ სალაშქროდაც დაიძრა. ტაშისკართან გამართულ ბრძოლაში 30000 მონღოლს გვერდით უდგა მოღალატე ერისთავთაგან მოყვანილი 16000 ქართველი. დავით ულუს და სარგის ჯაყელს მხოლოდ 20000 მესხი მეომარი შემოემატათ. ბრძოლა მაინც ქართველთა გამარჯვებით დაიწყო, მაგრამ ისევ მოღალატე ერისთავთა ხრიკების წყალობით არღუნ ნოინმა გაიმარჯვა. შემდეგი შეტაკება ციხისჯვართან გაიმართა. არღუნმა ციხისჯვარი ვერ აიღო და უკუიქცა. დავით ულუ და სარგის ჯაყელი ქუთათისში გადავიდნენ. დავით ნარინი პატივით შეხვდათ. ერთ ხანს ორივე დავითი თანხმობით იყვნენ. მერე უთანხმოება ჩამოუვარდათ. დავით ულუს «დასი» დავით ნარინს ტახტიდან გადაგდებას უპირებდა. მაგრამ ისევ შერიგდნენ და ქვეყანა ისევ შუაზე «გაიყვეს»: აღმოსავლეთი საქართველო – დავით ულუს, დასავლეთ საქართველო – დავით ნარინს. 1262 წელს ჰულაგუ ყაენმა სიკვდილით დასაჯა ტყვეობაში აყვანილი გვანცა დედოფალი, მეუღლე დავით ულუსი. ბოლოს, დავითი იძულებული შეიქნა ყაენს შერიგებოდა. 1263 წელს ერთგული სარგის ჯაყელი განუდგა დავითს.. დავითმა სარგისი შეიპყრო, მაგრამ ყაენმა ხელიდან გამოსტაცა «ხასინჯუდ» (ხელდადებულ – «მფარველობის» ქვეშ) გამოაცხადა, მის სამთავროსთან ერთად. ამრიგად, ამიერიდან სამცხე ცალკე პოლიტიკურ ერთეულად იქცა. 1265 წელს დავით ულუ და აბაღა ყაენი ერთად ებრძოდნენ მტკვრის ხეობაში შემოჭრილ ოქროს ურდოს ყანეს, ბერქას. აქაც და ყველგანაც, მონღოლთა მხარდამხარ მებრძოლ დავითს, დევიზად აეჩემებინა: «წესადმცა არს წინამძღოლობა ქართველთა», და იქცეოდა ქართული სისხლი უცხოელთა წინაშე თავის გამოჩენისათვის. დავით ულუმ, ვითარცა «წესით წინამბრძოლმა», უკანასკნელად თავი გამოიჩინა აბაღა ყაენის ბრძოლაში ბარახა ყაენის წინააღმდეგ (1269 წ.). დავით VII ულუ გარდაიცვალა 55 წლის ასაკში, 1270 წლის გაზაფხულზე «მუცლის სალმობით». დაკრძალეს მცხეთას. იგი იყო ტანად ახოვანი, ჯანღონიერი, ხელუცთომელი მოისარი, ენაკვეთილი, უაღრესად მალემრწმენი. პირველ ცოლად ჰყავდა მონღოლი ქალი ჯიგდა-ხათუნი, რომელიც უძეო გამოდგა. ამიტომ დავითმა «დროებით» მოიყვანა ოსის ქალი ალთუნი, რომლისგანაც შეეძინა გიორგი და თაამარი. ჯიგდას სიკვდილის შემდეგ, დავითმა იქორწინა ავაგ ათაბაგის ქვრივზე, კახაბერ კახაბერისძის ასულზე, პირმშვენიერ გვანცაზე, რომლისგანაც მას შეეძინა დემეტრე (შემდგომში – მეფე დემეტრე II თავდადებული). როცა გვანცა მონღოლთა ურდოში მოკლეს, დავითმა კიდევ ერთხელ იქორწინა, ამჯერად ისევ მონღოლ ქალზე – ესუქნიზე. ესუქნისაგან მას შვილი არ დარჩენია.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 1.00 out of 51 vote, average: 1.00 out of 51 vote, average: 1.00 out of 51 vote, average: 1.00 out of 51 vote, average: 1.00 out of 5

› ალექსანდრე II

კახეთის მეფე 1574-1605 წლებში. ლევან მეფისა და თინათინ დედოფლის ძე. მამის გარდაცვალების შემდეგ, ალექსანდრეს ბრძოლა მოუხდა თავის ძმებთან და ძმისშვილებთან. ბარძიმ ამილახორის, ელიზბარ ქსნის ერისთავისა და დაუდ-ხანის დახმარებით მან მოახერხა › › ›

DU