1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» გალაკტიონ ტაბიძე: ეფემერა

ცხენთა შეჯიბრებაზე ჩემი ლურჯა ცხენები
ჰქროდნენ ეფემერული და ფერადი ქარებით,
იყვნენ საუკუნენი, მაგრამ ვერ ვიხსენები
გაფრენილი პირველი წყების ნიაგარებით.
ვწუხვარ: ერთადერთი ვარ და ზეცაზე სწერია
ჩემი გზა და ახალი ლალის კართაგენები,
ბედი – ქროლვის გარეშე – ჩემთვის არაფერია,
ჩემთვის ყველაფერია ისევ ლურჯა ცხენები.
ჰე, ქაოსში დაკარგულს ქარი დამედევნება
ძახილით: გალაკტიონ! და ძნელია მიგნება.
სადაც ახლა ჯვარია და გვიანი მტევნები,
იქ უკვდავი მაგიის მარმარილო იქნება.
რამდენი ქარავანი, მთებზე გადამართული,
გაიშლება – მცნობელი მღვრიე უდაბნოეთის,
წვეთი სისხლის არ არის ჩემში არაქართული,
ძაფი ნერვის არ არის ჩემში არაპოეტის.
ო, რამდენი დაცხრება შურიანი თვალები,
რომ მარად იმარჯვებენ იდუმალი მშვენებით
ლექსთა შეჯიბრებაზე – მხოლოდ ინტეგრალები,
ცხენთა შეჯიბრებაზე – ისევ ლურჯა ცხენები!
აჰა! შორით მოისმის ქვეყნიური გუგუნი.
ელვა ელვას გაეკრა, დაელეკა ცას ღვარი,
გაქრა, როგორც ღუმელი, ცოდვით გადაბუგული,
უკანასკნელ ძებნათა სევდიანი საზღვარი.
კიდეები შეშლილი, ღამეები ველური
დაიტვირთონ წამებით, ღამე მთვარეს მოებას.
სულს სწყურია საზღვარი, ისევ ეფემერული,
სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას.
სთქვი, რას ნიშნავს ზენიტზე მდგარი შორი პალმები?
წინ! იმ უსაზღვრობაში მწუხარებას აიტან.
ჩემებრ დიდ საიდუმლოს მე იქ მივესალმები,
ყოველმხრივ სივრცე იყოს, შველა კი – არსაიდან.
ო, უბრალო ხმებისთვის არასდროს არ მეცალა,
დაისერა მსოფლიო გამოუცნობ წყლულებით.
კოშკებს სიზმარეთისას ნისლი გადაეცალა
და იქ მიექანება სული განწირულებით.
ნეტავ ჯოჯოხეთისა დარდმა გამიყოლიოს,
სადაც ვარდებს ბაღისას მაისობა უქრება.
მძიმე ქვების ქუსლებით დავეყრდნობი პოლიუსს,
როცა ქარი მოსკდება და ცას შეემუქრება.
როგორც უხვი მემკვიდრე, ვისვრი სავსე პეშვებით
ფანტასტიურ მკვლელობებს და ოცნებას მკათათვის,
წარსულში, მომავალში წყევლით გადავეშვები,
რომ ძეგლები ავმართო მღვრიე მშვენებათათვის.
თქვენ შეხედეთ: პირველი ჩნდება მერიდიანი,
ვეძებ ისევ დაღუპვას და დავცინი სიბერეს,
წარსულს სწყდება ფოთლების წყება იმედიანი,
შემოდგომის ქარვებმა გზები გადამიფერეს.
დე, თამაშის თუ ბრძოლის ვიყო ცქერით გართული,
იყოს მზეთა ორგია და მაგია მთვარისა,
ვიყო ამ ღრიანცელში მარად ხელაღმართული,
ლანდი – არაქვეყნურ დარდით გადამწვარისა.
დამრჩეს ეს საიდუმლო, როგორც წმინდა ემბაზი,
ეფემერა მომექცეს, როგორც ღამეს ენებოს.
ცხენთა შეჯიბრებაზე! ცხენთა შეჯიბრებაზე!
ცხენთა შეჯიბრებაზე გასწით, ლურჯა ცხენებო!

1922 წ.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

ერთი კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ალექსანდრე ამბობს:
    22 მაისი, 2013წ. 19:36სთ.

    უკვდავია,უძლიერესია,უსაზღვროა,უსივრცოა,სასწაულია,შეშლილიაააააააააააააა!!!!!!!მაგარია!!!!

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

2 votes, average: 3.00 out of 52 votes, average: 3.00 out of 52 votes, average: 3.00 out of 52 votes, average: 3.00 out of 52 votes, average: 3.00 out of 5

› დავით X

ქართლის მეფე 1505-1525 წლებში. უფროსი ძე კონსტანტინე II-ისა. იყო ბუნებით “ლმობიერი, ბრძოლა-შლილობათა და შფოთთა მოძულე და მოყვარე მშვიდობისა”. დავითმა სამხედრო რეფორმა გაატარა: ქართლი ოთხ “სადროშოდ” დაჰყო: მეწინავე სადროშო – ქვემო › › ›

DU