1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» იესოს 12 მოციქული: ფილიპე

გალილეის ტბის ნაპირას, ქორაზინის და კაპერნაუმის მახლობლად, მდებარეობდა ქალაქი ბეთსაიდა, სადაც უფლის თორმეტთაგან სამი წმიდა მოციქული იშვა – პეტრე, ანდრია და ფილიპე, ხოლო სიყრმიდანვე ცხოვრობდნენ აქ კიდევ ორნი – იაკობი და იოანე. პეტრე და ანდრია მეთევზეები იყვნენ და ამ ხელობით ირჩენდნენ თავს, სანამ მათ ქრისტემ არ მოუწოდა სამოციქულო მსახურებისათვის, ფილიპე კი მისმა მშობლებმა სიყრმიდანვე სასწავლებლად მისცეს. იგი გულმოდგინედ კითხულობდა და შეისწავლიდა საღმრთო წერილს, მის წინასწარმეტყველებებს ნანატრი მესიის შესახებ, და სიჭაბუკიდანვე მგზნებარე სიყვარულით აღენთო მისდამი, ისე, რომ ძლიერი სურვილი გაუჩნდა პირისპირ ეხილა უფალი, თუმცა ჯერ არც უწყოდა, რომ ამქვეყნად უკვე მოსული იყო ის, ვისი ხილვაც ეგზომ მრავალ ადამიანს სწყუროდა აღთქმული მესიის მომლოდინეთაგან.
და აი, ხორციელ-ქმნილი და განკაცებული უფალი იესო ქრისტე გალილეის საზღვრებს მოადგა და ჰპოვა აქ თავისი ერთგული მორწმუნე ფილიპე, აღნთებული ესოდენი სიყვარულით მესიისადმი.
– „მომდევდი მე!“ – უთხრა მას იესომ.
უფლის მოწოდების გაგონებაზე ფილიპემ მთელი გულით ირწმუნა, რომ სწორედ იესოა ჭეშმარიტი მესია – ქრისტე, აღთქმული ღმრთის მიერ წინასწარმეტყველთა მეშვეობით, და მაშინვე შეუდგა მას. შემდგომში ფილიპე განუყრელად თან ახლდა უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრებისა და საზოგადო მსახურების ჟამს, თვითმხილველი იყო მისი ყოვლადწმიდა ცხოვრებისა და მრავალრიცხოვანი სასწაულებისა, ამასთან, სულ ცდილობდა მიებაძა მისთვის და მისი საღმრთო სიბრძნითაც დამოძღვრილიყო, რომლის ძალითაც მან შემდგომში წარმართულ უგუნურებას სძლია. ახლა კი ფილიპეს მთელის არსებით უხაროდა ასეთი საუნჯის მოპოვება, მაგრამ ის როდი სურდა, რომ მხოლოდ თვითონ გამდიდრებულიყო მისით, ვის მიერაც მთელი კაცობრიობა უნდა გამოსყიდულიყო, – მას გულით სურდა ამ საბოძვარს სხვებიც ზიარებოდნენ. ამიტომ თავის მეგობართან, ნათანაელთან – იგივე ბართლომესთან – მივიდა და სიხარულით აუწყა მას ქრისტეს შესახებ:
– „რომელი-იგი დაწერა მოსე სჯულსა და წინასწარმეტყველთა, ვპოვეთ: იესუ, ძე იოსებისა, ნაზარეთით“ (იოანე 1, 45).
ამის გაგონებაზე ნათანაელმა არ დაიჯერა, რომ ასეთი მცირე ქალაქიდან და უბრალო გვარიდან შეიძლებოდა აღთქმული მესია წარმოშობილიყო, მეუფე ისრაელისა. ამიტომ ასე უთხრა ფილიპეს:
– „ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაისამე ყოფად?“
მაშინ ფილიპემ აღარაფერი უთხრა ნათანაელს და მხოლოდ ეს ურჩია:
– „მოვედ და იხილე!“ (იოანე 1, 46).
რამეთუ გრძნობდა, რომ როგორც კი ნათანაელი-ბართლომე იესოს იხილავდა და მის მაცხოვნებელ სიტყვებსაც მოისმენდა, უმალვე ირწმუნებდა, რომ სწორედ იგია აღთქმული მესია – ჭეშმარიტი ქრისტე. მართლაც, ასე მოხდა. როცა ფილიპე ნათანაელთან ერთად მიდიოდა იესოსთან, უფალმა, ყოვლის მცნობელმა, კაცთა ფარული აზრებისა და გულის საიდუმლოთა შემტყობელმა, ნათანაელი დანახვაზე იცნო და ასე თქვა მის შესახებ:
– „აჰა, ჭეშმარიტად ისრაიტელი, რომლისა თანა ზაკუვაჲ არა არს“.
ამის გამგონე ნათანაელი დიდად გაოცდა და ჰკითხა:
– „ვინაჲ მიცი მე?“
უფალმა მიუგო:
– „პირველ ფილიპეს ხმობადმდე შენდა, იყავ რაჲ ლეღვსა ქვეშე, გიხილე შენ“ (იოანე 1, 48).
ხოლო ნათანაელი-ბართლომე, როცა ლეღვის ქვეშ იჯდა, სწორედ ღვთაბრივ მესიაზე ფიქრობდა, რომლის იმედიან მოლოდინშიც მდგომარეობდა კიდეც ღვთის ერთგულ მონათა სიხარული; და მაშინ ღმერთს გულშემუსვრილობა და თბილი ცრემლი მოემადლებინა მისთვის, შეერთებული გულმოდგინე ლოცვასთან, რითაც ნათანაელი მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს საუკუნითგან აღთქმული შეესრულებინა და ამქვეყნად მოევლინებინა კაცობრიობის მხსნელი. ღმერთის ყოვლისმხილველი თვალი ჭვრეტდა ნათანაელს იმ დროს, როცა სულიერი აღმაფრენის და გულშემუსვრილობის მდგომარეობაში ილოცვიდა მის წინაშე და ამიტომაც თქვა, როცა შენ ლეღვის ქვეშ იჯექი, მაშინ გიხილეო.
უფლის ამ სიტყვებმა კიდევ მეტად განაკვირვა ნათანაელი-ბართლომე. მას გაახსენდა ყოველივე ის, რაზეც ლეღვის ხის ქვეშ მჯდომი ფიქრობდა: თუ რა გულშემუსრვილი, რა ცრემლიანი ევედრებოდა ღმერთს, მოგვივლინე აღთქმული მესია – ქრისტეო; ისიც კარგად ახსოვდა ნათანაელს, რომ იმ დროს მის გვერდით არავინ ყოფილა და არც შემდგომ მას არავისთვის გაუზიარებია თავისი იმჟამინდელი ფიქრები და გრძნობები, და ღმერთის გარდა არავის კაცთაგან არ შეეძლო სცოდნოდა ეს ყოველივე. ამიტომ ნათანაელმა იმწამსვე ირწმუნა, რომ იესო არის ჭეშმარიტი მესია – ქრისტე, რომელიც ღმერთმა ისრაელიანთა წინაპრებს აღუთქვა მთელი კაცთა მოდგმის მხსნელად; მან იესო ქრისტეში ღვთაებრივი ბუნება აღიარა, რომელიც ადამიანური გულის ყველა საიდუმლოს ჭვრეტს, და ამიტომ უმალვე აღტაცებით შეჰღაღადა უფალს:
– „რაბი – მოძღვარო! შენ ხარ ძე ღმრთისაჲ! შენ ხარ მეუფეჲ ისრაელისაჲ!“ (იოანე 1, 49).
როდენ მადლიერი იყო შემდგომში ნათანაელი-ბართლომე თავის მეგობრის – ფილიპესი იმისთვის, რომ სწორედ მან აუწყა ამქვეყნად მოვლენილი მაცხოვრის შესახებ და პირველმა მიიყვანა კიდეც იგი აღთქმულ მესიასთან – იესო ქრისტესთან! ამის გამო ფილიპეს გულიც უზომო სიხარულით განსცხრებოდა, რადგან ადამიანებმა საუნჯე მოიპოვეს, დაფარული თვით ადამიანური ბუნების წიაღში, და კიდევ უფრო დიდი სიყვარულით იწვოდა თავისი უფლისადმი. მიუხედავად ამისა, წმიდა ფილიპე თავის ღვთაებრივ მოძღვარში ჯერ მხოლოდ კაცობრივ ამაღლებულ სრუყოფილებათ ხედავდა და ჯერ კიდევ არ შეეცნო მასში მისი ღმრთაება. და აი, ერთხელ, როცა უფალი ტიბერიადის ზღვის (იგივე გალილეის ტბის) მეორე სანაპიროზე ვიდოდა ხუთი ათას ისრაელიანთან ერთად და სურდა რა სასწაულებრივად გამოეკვება ესოდენი სიმრავლე თავისი მსმენელებისა, მან გამოსაცდელად უთხრა ფილიპეს:
– „ვინაჲ (ანუ: სად) ვიყიდოთ პური, რაჲთა ჭამონ ამათ?“ (იოანე 6, 5).
ეს იმიტომ უთხრა უფალმა, რომ იქ, უდაბნოში შეუძლებელი იყო პურის შოვნა; ისიც უწყოდა მაცხოვარმა, თუ რა პასუხს მისცემდა ერთგული – ფილიპე. ხოლო ჰკითხა ეს იმისთვის, რომ ფილიპეს უფრო მეტად შეეცნო საკუთარი თავი – შერცხვენოდა მცირედმორწმუნოებისა და განმტკიცებულიყო. მართლაც, ფილიპეს იმ წამს არ გახსენებია ღმერთის ყოვლადძლიერება და მას არ უთქვას ასე: უფალო, შენ ხარ ძე ღმრთისა და ჭეშმარიტი ღმერთი! შენ ყოველივე ძალგიძს, და სულ არ გმართებს ვისმე ჰკითხო რაიმე – ოღონდ კი ინებე, და უმალვე ყველანი განძღებიან! რამეთუ „ყოველნივე შენგან ელიან მოცემად საზრდელი თვისი ჟამსა; მოსცი მათ, და აღიზარდიან იგინი, ხოლო აღაღი რაჲ ხელი შენი, ყოველნივე განაძღი სიტკბოებითა“ (ფსალმ. 103, 28). არა, მას არ უთქვამს ეს ყოველივე უფლისათვის, რადგან ის ფიქრობდა თავის უფალზე, როგორც ადამიანზე, და არა როგორც ღმერთზეც იმავდროულად. ამიტომ ასე უთხრა:
– „ორასისა დრაჰკნისა (დრაჰკანი – ბერძნული ფული, ოქროსი და ვერცხლისა. ოქროს დრაჰკანი დაახლოებით 15 გრამიანი იყო) პური ვერ კმა არს ამათა, რაითა კაცად კაცადმან მცირედ დაიმე მოიღოს“ (იოანე 6, 7).
და შემდეგ სხვა მოწაფეებთან ერთად ესეც უთხრა იესოს:
– „უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი არსღა ფრიად. განუტევე ერი ესე, რაითა წარვიდენ გარემო სოფლებსა და სანახებსა და იყიდონ თავისა მათისა საზრდელი, რამეთუ რაიმცა ჭამეს, არა აქვს“ (მარკოზი 6, 35-36).
მაგრამ შემდეგ, როცა უფალმა ხუთი პური განტეხა და ორი თევზითურთ გაუნაწილა ხუთი ათას კაცს, ფილიპემ დაინახა, რომ უფლის ღვთაებრივ ხელებში საზრდო სასწაულებრივად მრავლდებოდა, არ ილეოდა და ყველას საკმარისად ეძლეოდა, სანამ მთელი ის სიმრავლე არ დანაყრდა, თითქოს უფლის ხელები ულევი ბეღელიაო. მაშინ ფილიპეს ძალზედ შერცხვა თავისი წეღანდელი მცირედმორწმუნეობისა და, უფლის რწმენაში განმტკიცებულმა, სხვებთან ერთად განადიდა იესო ქრისტეში ღვთაებრივი ძალა.
შემდგომში ფილიპე უფლის მიერ თორმეტ რჩეულ მოწაფეთა შორის იქნა შერაცხული, საღმრთო მადლი მიიღო მისგან და უახლოესი ურთიერთობის ღირსიც გახდა მაცხოვართან. ერთხელ იერუსალიმში ზოგიერთი ელინიც ჩამოვიდა დღესასწაულზე, რომელთაც უფალ იესო ქრისტეს ნახვა ეწადათ, მაგრამ არ შეეძლოთ მიახლოებოდნენ მას, რადგან არ იყვნენ იუდეველები; ამიტომ ისინი ფილიპეს შეუვრდნენ და სთხოვეს:
– „უფალო (ბატონო), გვნებავს იესოის ხილვაჲ!“ (იოანე 12, 21).
ფილიპემ ჯერ ანდრია მოციქულს უთხრა ამის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ, მასთან ერთად, გაბედა ეუწყებინა იესოსთვის წარმართი ბერძნების სურვილი; ამასთან, გულით უხაროდა, რომ წარმართებსაც კი შეუტყვიათ მაცხოვრის შესახებ და ასე ითხოვენ მისი უფლისა და მოძღვრის ნახვასა და მოსმენას. და სწორედ მაშინ მოისმინა ფილიპემ უფლის საკვირველი წინასწარმეტყველური სწავლება წარმართების შესახებ, რომელთაც უნდა ერწმუნათ ჭეშმარიტი ღმერთი, ოღონდ ახლავე კი არა, არამედ მხოლოდ მას შემდეგ, რაც უფალი ევნებოდა, მკვდრეთით აღდგებოდა და ზეცად ამაღლდებოდა; რამეთუ უფალმა ასე უთხრა მოწაფეებს წარმართი ელინების გამო:
– „ამენ, ამენ გეტყვი თქვენ: უკეთუ არა მარცვალი იფქლისაჲ დავარდეს ქვეყანასა და არა მოკვდეს, იგი მარტოი ხოლო ეგოს; ხოლო უკეთუ მოკვდეს, მრავალი ნაყოფი გამოიღოს“ (იოანე 12, 24).
ამ სიტყვებით ქრისტე თითქოს შემდეგს აუწყებდა მოციქულებს: „სანამ მე ამქვეყნად ვცხოვრობ, მხოლოდ ისრაელიანთა ნაწილი მყავს შეძენილი, რომელთაც სწამთ ჩემი; ხოლო როცა ჯვარზე სიკვდილს დავითმენ, მკვდრეთით აღვდგები და ზეცად აღვმაღლდები, არა მხოლოდ ისრაელნნი, არამედ მრავალნი წარმართნიც გახდებიან ჩემი მორწმუნენი“.
სხვა დროს, საიდუმლო სერობის შემდეგ, ფილიპემ კადნიერად სთხოვა უფალს ღმრთაების უდიდესი საიდუმლოს განცხადება, როცა ევედრა – შენი ზეციური მამა გვიჩვენეო:
– „უფალო, მიჩვენე ჩვენ მამაჲ შენი, და კმა არს ჩვენდა!“ – უთხრა მაშინ ფილიპემ უფალს, და ამ სიტყვებით უდიდესი სამსახური გაუწია ქრისტეს ეკლესიას, რამეთუ სწორედ სახარების ამ ადგილით ვიქმენით ჩვენ დამოძღვრილნი ღმრთაების ერთიანობის გამო და სწორედ უფლის პასუხით შევიცანით მამისა და ძის ერთარსობა და ისიც ვისწავლეთ, თუ როგორ დავუყოთ ხოლმე პირი უკეთურ მწვალებლებს, რომლებიც უარყოფენ ამ საღმრთო ჭეშმარიტებას. უფალმა მაშინ ასეთი მშვიდი, უწყინარი საყვედურით უპასუხა ფილიპეს შეკითხვაზე:
– „ესოდენ ჟამ თქვენთანა ვარ, და არა მიცი მე, ფილიპე?! რომელმა მიხილა მე, იხილა მამაი ჩემი! და შენ ვითარ მეტყვი მე: მიჩუენე ჩვენ მამაჲ შენი?! არა გრწამსა, რომეთუ მე მამისა თანა ვარ, და მამაჲ ჩემ თანა არს? სიტყვათა, რომელთა გეტყვი თქვენ, თავით ჩემით არა გეტყვი, არამედ მამაჲ ჩემი, რომელი ჩემ თანა არს, იგი იქმს საქმესა. გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ და მამაჲ ჩემ თანა არს? – უკეთუ არა საქმეთა ამათგან გრწმენინ ჩემი!“ (იოანე 14, 9-11).
უფლის ამ პასუხმა ასწავლა ფილიპესაც, სხვა მოციქულებსაც და მათთან ერთად, გვასწავლა ჩვენ ყველასაც – ქრისტეს სამოციქულო ეკლესიას, თუ ჭეშმარიტებით როგორ უნდა გვწამდეს თანასწორობა ძის ღმრთაებისა მამის ღმრთაებასთან და როგორ ვამხელდეთ უკეთური არიოზის ღვთისგმობას, რომელიც ამტკიცებდა, ღმერთის ძე ქმნილებააა, და არა – შემოქმედი ღმერთიო.
ღმერთის ძის ნებაყოფლობითი ვნების და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, წმიდა ფილიპემ სხვა მოციქულებთან ერთად იხილა უფალი აწ უკვე უკვდავი და განდიდებული სხეულით, სხვებთან ერთად მიიღო მისგან მშვიდობა და კურთხევა, და ბოლოს მისი ზეცად ამაღლების მოწმეც გახდა. შემდეგ კი სულიწმიდის მადლიც მიიღო, რათა სხვა მოციქულების მსგავსად ღვთის სიტყვის მქადაგებელი გამხდარიყო წარმართთა შორის. როცა ქრისტეს მოწაფეებმა წილი ჰყარეს, თუ ვის ქვეყნიერების რომელ ნაწილში ექადაგა ჭეშმარიტი სარწმუნოება, წმიდა ფილიპეს ხვედრად მცირე აზია და სირია შეხვდა. თავდაპირველად იგი გალილეაში ქადაგებდა, სადაც, ერთხელ, ვინმე დედაკაცი შეხვდა, საკუთარ გარდაცვლილ ყრმა შვილს რომ მიასვენებდა ხელით და უნუგეშოდ მოსთქვამდა. ქრისტეს მოციქულს შეეწყალა უბედური დედაკაცი, მიუახლოვდა, ხელი განირთხა მომკვდარ ბავშვზე და წარმოთქვა:
– აღდეგ! ასე გიბრძანებს შენ ქრისტე, ჩემს მიერ ნაქადაგევი!
და ყრმაც უმალვე გაცოცხლდა. როცა დედამ თავისი ძე მკვდრეთით აღმდგარი და სრულიად ჯანსაღი იხილა, უზომო სიხარულით ფერხთ შეუვრდა ფილიპეს, მადლობას უძღვნიდა შვილის გაცოცხლებისათვის და მონათვლასაც სთხოვდა, რადგან უკვე ერწმუნა ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად. დედა-შვილის დამოძღვრისა და მონათვლის შემდეგ წმიდა ფილიპე წარმართთა ქვეყნებში გაემართა ღვთის სიტყვის საქადაგებლად.
საბერძნეთში სახარების ქადაგების დროს მან მრავალი სასწაული აღასრულა ქრისტეს ძალით: განკურნავდა სნეულთ, განასხამდა ეშმაკთ და ერთხელ მკვდრეთითაც აღადგინა ვინმე მიცვალებული. ამ უკანასკნელმა სასწაულმა დიდად განაკვირვა იქ მცხოვრები იუდეველები, რომლებმაც უწყება გაგზავნეს იერუსალიმს, იუდეველთა მღვდელთმოძღვართან და მთავრებთან, რომ, აი, ჩამოვიდა მათთან ვიღაც უცხო კაცი, ტომით ებრაელი და სახელად ფილიპე, ყველგან იესოს სახელს ქადაგებს და მისი სახელის მოწოდებით განასხამს ბოროტ სულებს და ყოველგვარ სნეულებათაც განკურნავს, ხოლო ერთხელ მიცვალებულიც აღადგინა მკვდრეთით იმავე იესოს სახელით, და რომ უკვე მრავალმა ადამიანმა ირწმუნა ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად. ამ უწყების პასუხად საბერძნეთში მალე ჩავიდა იერუსალიმიდან ერთ-ერთი მღვდელმთავარი მწიგნობრებთან ერთად, მეტად გაბოროტებული ფილიპეზე. მან სამღვდელმთავრო შესამოსელი შეიმოსა, ქედმაღლურად დაჯდა მსაჯულის ადგილას, მოაყვანინა ფილიპე მოციქული და ამპარტავნულად დაუწყო გასამართლება ხალხის დიდი სიმრავლის – როგორც იუდეველთა, ასევე წარმართთა თანდასწრებით. მან მუქარით აღსავსე მზერა მიაპყრო ფილიპეს და მრისხანებით დაუწყო ყვირილი:
– განა იუდეა, გალილეა და სამარია არ იკმარე, რომ ახლა აქაც მოსულხარ, ელინთა შორის?! განა იქ არ კმაროდა შენთვის უბრალო და გაუნათლებელ ადამიანთა მოტყუება, რომ ახლა აქაც არ დაგეწყო ბრძენი და განათლებული ელინების ცთუნება?! რატომ ავრცელებ აქ იმ საცთურს, იესოსგან რომ გისწავლია, მოსეს სჯულის მოწინააღმდეგისგან, რისთვისაც იგი განისაჯა, ჯვარზეც იქნა გაკრული და სამარცხვინო სიკვდილითაც აღესრულა?! მაშინ ხომ პასექის დღესასწაულის გამო იქნა ნებადართული მიწაში დაფლულიყო, თქვენ კი, მისმა მოწაფეებმა, ფარულად მოიპარეთ საფლავიდან მისი სხეული და მრავალთა საცთუნებლად ყველგან გაიძახოდით, იესო მკვდრეთით აღდგაო!
როცა იუდეველთა მღვდელმთავარმა დაასრულა ამ სიტყვის წარმოთქმა, ხალხის ბრბომ ყვირილი დაუწყო წმიდა ფილიპეს:
– აბა, რას მიუგებ ამაზე, ფილიპე?
ხალხში დიდი აყალ-მაყალი იყო. ზოგი მოითხოვდა ფილიპეს აქვე სიკვდილით დასჯას, სხვების აზრით კი იგი იერუსალიმში უნდა წაეყვანათ და იქ მოეკლათ. წმიდა მოციქულმა ბაგენი განახვნა, მღვდელმთავარს მიმართა და ყველას გასაგონად იწყო საუბარი:
– ტყუილად შეგყვარებია ამაოება და სიცრუესაც ამისთვის იტყვი! რატომ რჩება შენი გული გაქვავებული და რად არ გსურს ჭეშმარიტება აღიარო? განა თქვენვე არ დაბეჭდეთ იესოს საფლავი და განა თქვენვე არ მიუჩინეთ მას დარაჯნი? ხოლო როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგა და დაარღვია დაბეჭდილი საფლავი, განა მაშინაც თქვენ არ მიეცით მცველ მეომრებს ოქრო – სიცრუე თქვით, ვითომცდა, გეძინათ, როცა მოწაფეებმა მოიპარეს იესოს სხეულიო? მაშ, ახლა როგორ არ გცხვენიათ დაამახინჯოთ ჭეშმარიტება?! თვით საფლავის ბეჭედნი გამხელენ თქვენ განკითვის საშინელ დღეს, ვითარცა მოწმენი ქრისტეს ჭეშმარიტი აღდგომისა!
წმიდა მოციქულის ამ სიტყვებმა საშინლად განარისხეს იუდეველთა მღვდელმთავარი; უგონო გაბოროტებით ეკვეთა იგი ფილიპეს, რათა იქვე მოეკლა, მაგრამ ანაზდად დაბრმავდა და ერთიანად გაშავდა. იქ მყოფმა იუდეველებმა ეს სასწაული ფილიპეს ჯადოქრობას მიაწერეს და თვითონაც ეკვეთნენ მას, რათა ადგილზევე მოეკლათ, როგორც გრძნეული მოგვი, მაგრამ ყველა ამ თავდამსხმელს იგივე ბედი ეწია, რაც მათ მღვდელმთავარს – ყველანი დაბრმავდნენ და გაშავდნენ, ამასთან, მიწაც საშინლად იძრა. ამის გამო ყველა შეძრწუნებული იყო. ყველამ ასე ცხადად შეიცნო ქრისტეს დიადი საღმრთო ძალა.
ფილიპე მოციქულს ამ ადამიანთა სულიერი და სხეულებრივი სიბრმავის დანახვაზე ცრემლი მოერია და მან ლოცვა-ვედრებით მიმართა ღმერთს – დაუბრუნე მათ თვალისჩინი და სულიერი მზერაც განუნათლეო. და აი, წმიდანის ლოცვით ყველა ვნებულს საკვირველი კურნება მოემადლა ზეგარდამო და ყველამ თვალთ აღიხილა. ამ სასწაულის ძალით ბევრი მოექცა იმ დღეს ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და ღმერთად ირწმუნა იესო ქრისტე. მაგრამ იუდეველთა მღვდელმთავარი, სხეულებრივი განკურნების შემდეგაც სულიერად კვლავ დაბრმავებული და გაბოროტებული იყო; თავს დატეხილი საღმრთო სასჯელისა და სასწაულებრივი განკურების შემდეგაც მან არ ისურვა გამოსწორება და ჭეშმარიტების შეცნობა, და კვლავაც საგმობელ სიტყვებს წარმოთქვამდა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წინააღმდეგ. ამის გამო მას უწინდელზე უფრო საშინელი და მძიმე სასჯელი ეწია: ანაზდად მიწა განეხვნა და თავის წიაღში შთანთქა იგი, როგორც ოდესღაც მოსეს და აარონის მოწინააღმდეგე უკეთურნი – დათანი და აბირონი (იხ. რიცხვთა, თ.16).
მღვდელმთავრის წარწყმედის შემდეგ წმიდა მოციქულმა ფილიპემ მრავალი ადამიანი დამოძღვრა იქვე ჭეშმარიტ სარწმუნოებაში და მონათლა კიდევ; მერმე ეპისკოპოსიც დაუდგინა მათ, ერთი მეტად საპატიო და ღირსეული კაცი, სახელად ნარკისე, თვითონ კი პართიისკენ გაეშურა ღვთის სიტყვის საქადაგებლად. გზად იგი განუწყვეტლივ ევედრებოდა ღმერთს, შემეწიე ჩემს სამოციქულო ღვაწლშიო. და აი, ერთხელაც, როცა ფილიპემ ლოცვად მოიყარა მუხლნი, ციდან არწივის გამოსახულება მოევლინა, ოქროს ფრთებიანი, რომელიც ჯვარცმული ქრისტეს მსგავსად გართხმულიყო, და თავზე დაადგა წმიდა მოციქულს. ამ ჩვენებით განმტკიცებული ფილიპე მხნედ გაემართა სახარების საქადაგებლად და მას შემდეგ, რაც არაბეთისა და ეთიოპიის ქალაქები მოვლო ხარებით, ხომალდზე ავიდა და ზღვით გაეშურა სირიის ქალაქ აზოტისაკენ („აზოტ“ – ებრაულად „ციხე-სიმაგრეს“ ნიშნავს). ღამით ზღვაზე საშინელი ქარიშხალი ამოვარდა, ვეება ტალღები ნაფოტივით ათამაშებდა ხომალდს და ყველას სასო წარეკვეთა, ცოტაც და ზღვაში დავინთქმებითო. მაშინ წმიდა ფილიპე ლოცვად დადგა და შეწევნას ევედრა ღმერთს. მართლაც, ცაზე მანათობელი ჯვრის ნიში გამოჩნდა, რომელმაც დღეზე უნათლესად განაბრწყინა ღამის წყვდიადი, და ზღვაც ანაზდად დაცხრა და ბობოქარი ტალღებიც მიწყნარდნენ.
მალე მოგზაურნი ქალაქ აზოტის სანაპიროს მიადგნენ და ფილიპე მოციქულიც ხმელეთზე გამოვიდა. ქალაქში იგი ერთმა კეთილმა კაცმა მიიღო თავის სახლში, სახელად ნიკოკლიდემ, რომლის ასულიც – ქარიტინა ცალი თვალის სნეულებით ევნებოდა. ნიკოკლიდეს სახლში შესვლისთანავე ფილიპემ ღვთის სიტყვის ქადაგება დაიწყო ყველა იქ მყოფის წინაშე, რომელნიც სიხარულით უსმენდნენ. ქარიტინაც მსმენელთა შორის იყო, და უფლის მოციქულის სიტყვების მოსმენაზე ისეთმა სულიერმა აღტაცებამ მოიცვა, რომ თავისი სნეულება მიავიწყდა. ფილიპემ, რაკი დაინახა ქალიშვილის ასეთი გულმოდგინება საღმრთო სწავლებისადმი, უბრძანა იესო ქრისტეს სახელს მოუხმე შემწედო, თვითონ კი ხელი დაადო სნეულ თვალზე. და მართლაც, როგორც კი ქარიტინამ უფლის სახელს მოუწოდა, უმალვე განეკურნა თვალი. ამ სასწაულის გამო ნიკოკლიდეს მთელმა სახლეულმა ირწმუნა ქრისტე და მალე ნათელიც მიიღო…
აზოტიდან ფილიპე მოციქული სირიის ქალაქ იეროპოლში ჩავიდა, სადაც ღვთის სიტყვის ქადაგებით წარმართთა დიდი განრისხება გამოიწვია, ისე, რომ განძვინებული ხალხის ბრბოს მისი ჩაქოლვაც კი უნდოდა, მაგრამ ერთი გავლენიანი მოქალაქის, სახელად იროსის, გამოსარჩლებამ გადაარჩინა. მაშინ ამ კაცმა ასე მიმართა მღელვარე ხალხს:
– მოქალაქენო! ისმინეთ ჩემი რჩევა! არაფერი ბოროტი არ უყოთ ამ უცხოტომელ კაცს მანამდე, სანამ დანამდვილებით არ შევიტყობთ, ჭეშმარიტია მისი სწავლება, თუ – არა! ხოლო თუკი მისი ნაქადაგევი ცრუ აღმოჩნდება, მაშინ მოვკლათ იგი!
ხალხმა ვერ გაბედა წინ აღდგომოდა ესეოდენ პატივცემულ კაცს და იროსმაც თავის სახლში მიიწვია ფილიპე. მოციქულმა იქაც განაგრძო თავისი ჩვეული ქადაგება და მისი ძალით ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია იროსიც, მთელი მისი სახლეულიც და მეზობლობაც, რომელნიც, ბოლოს, წმიდა ნათლის-ღების საიდუმლოთი განანათლა. როცა მოქალაქეებმა შეიტყვეს იროსის მონათვლის ამბავი, ისინი ღამით შეიყარნენ და მის სახლს მოადგნენ, რათა ცეცხლისთვის მიეცათ იგი და ძილში დაეწვათ იროსიც, მთელი მისი ოჯახობაცა და ფილიპე მოციქულიც. მაგრამ წმიდა ფილიპემ წინასწარვე შეიტყო მათი ბოროტი განზრახვის შესახებ და უშიშრად გამოვიდა მათ წინაშე; მათ კი, გარეულ მხეცებსავით გაავებულებმა, კბილთა ღრჭიალით შეიპყრეს იგი და თავიანთ სათათბიროში წაიყვანეს განსასჯელად. სათათბიროს მთავარმა, სახელად არისტაქემ, როგორც კი დაინახა უფლის წმიდა მოციქული, მაშინვე ეკვეთა და თმებში ჩაავლო ხელი, მაგრამ ანაზდად ხელიც გაუხმა და თვალისჩინიც დაკარგა სმენასთან ერთად. ამის დანახვაზე ხალხის განწყობილებაში ცვლილება მოხდა – მისი რისხვა აღსრულებული სასწაულის გამო გაკვირვებით შეიცვალა, რასაც შიშიც მოჰყვა, და მალე ყველანი ევედრებოდნენ მოციქულს, განგვიკურნე ჩვენი ქალაქის თავი არისტარქეო.
მაშინ წმიდა ფილიპემ უთხრა მათ:
– თუკი ის არ ირწმუნებს ჩემს მიერ ნაქადაგევ ღმერთს, ვერ განიკურნება!
იმ დროს, შემთხვევით, ვიღაც მიცვალებულს მიასვენებდნენ დასაკრძალავად, და ხალხმაც, გამოსაცდელად თუ აბუჩად ასაგდებად, ასე მიმართა მოციქულს:
– აი, თუკი შენ ამ მკვდარს გააცოცხლებ, მაშინ არისტარქეც და ჩვენც ყველანი ვირწმუნებთ შენს ღმერთს!
წმიდა ფილიპემ თვალები ზეცად აღაპყრო, დიდხანს ილოცა და შემდეგ მიცვალებულს მიმართა წყნარი, მშვიდი ხმით:
– თეოფილე!
მიცვალებულმა უმალ თავი წამოსწია, წამოჯდა საკაცეზე და თვალები გაახილა. შეძრწუნებული ხალხის წინაშე ფილიპემ ხელმეორედ მიმართა მას:
– ქრისტე გიბრძანებს: აღდეგ და დაგველაპარაკე!
გაცოცხლებული თეოფილეც წამოდგა საკაციდან, მოციქულს ჩაუვარდა ფეხებში და ყველას გასაგონად უთხრა:
– გმადლობ შენ, ღმერთის წმიდაო მსახურო, რომ უდიდეს ბოროტებას ამაცილე ამ წუთას! რამეთუ ორი შავი და მყრალი ეთიოპელი უკვე მიმათრევდა მე ქვესკნელისაკენ! და შენ რომ არ შეგეჩერებინა ისინი და არ გეხსენი მე, ახლა უკვე წყვდიადით მოცულ უფსკრულში ვიქნებოდი ჩაგდებული!
ამ, ყოვლად დიდებული, სასწაულის ხილვაზე ყველამ ერთხმად განადიდა ერთი ჭეშმარიტი ღმერთი, რომელსაც მათ წმიდა ფილიპე მოციქული უქადაგებდა. მან კი ხელის მოძრაობით ანიშნა ხალხს, გაჩუმდითო, და შემდეგ ახლადმოქცეულ იროსს უბრძანა, ჯვარის ნიში გამოესახა ხელით არისტარქეს მოწყლულ სხეულის ნაწილებზე. და როგორც კი იროსმა შეასრულა ეს, არისტარქეს ხელიც განუმრთელდა, თვალიც აღეხილა და სმენაც დაუბრუნდა.
წმიდა ფილიპეს მიერ ქრისტეს ძალით აღსრულებულმა ამ სასწაულებმა მრავალი იერაპოლელი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, და ყველა ისინი მაშინვე თავიანთი უწინდელი კერპების დასამხობად გაეშურნენ. პირველი ამ მოქცეულთაგან თეოფილეს მშობელი იყო, რომელმაც თავის სახლში თორმეტი ოქროს კერპი დაამსხვრია და ოქრო ღარიბ-გლახაკთ დაურიგა. წმიდა ფილიპემ ყველა ისინი მონათლა და ეპისკოპოსად იროსი დაუდგინა. დააფუძნა რა, ამგვარად, ქრისტეს ეკლესია სირიის ქალაქ იერაპოლში, წმიდა ფილიპე სხვა ქვეყნებში გაემართა ღვთის სიტყვის საქადაგებლად. მან მოვლო სირია და მცირე აზიის მთიანეთი, რის შემდეგაც ლუდიისა და მიზიის მხარეში ჩავიდა (მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთით), სადაც მრავალი ქალაქი თუ დაბა-სოფელი მოვლო და ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცევდა ურწმუნო წარმართებს. აქ მას წმიდა ბართლომე მოციქული, იგივე ნათანაელი, შეუერთდა, რომელიც იმ ხანებში მოზობელ ქალაქებში ქადაგებდა ღვთის სიტყვას და უფლის მიერ იქნა წარმოგზავნილი ფილიპესთან, რათა სამოციქულო საქმეში შესწეოდა. ბართლომეს თან ახლდა ქალწული მარიამნა, ფილიპეს ღვიძლი და (ხსენება 17 თებერვალს). ამიერიდან ისინი ერთად შეუდგნენ მსახურებას კაცთა მოდგმის ხსნისათვის.
ლუდიასა და მიზიაში ღვთის სიტყვის ხარებისას ისინი მრავალ უბედურებას დაითმენდნენ ურწმუნოთაგან – მათ სცემდნენ, შეურაცხყოფდნენ, საპყრობილეში აგდებდნენ, ჰქოლავდნენ კიდეც, მაგრამ მიუხედავად ყველა ამ ძვირხილულობისა, საღმრთო მადლის შეწევნით ცოცხალნი და მრთელნი რჩებოდნენ, რათა გაეგრძელებინათ სამოციქულო მოღვაწეობა და ჭეშმარიტი სარწმუნოება გაევრცელებინათ. ლუდიის ერთ-ერთ სოფელში ისინი ქრისტეს საყვარელ მოწაფეს – წმიდა იოანე ღვთისმეტყველს შეხვდნენ და მასთან ერთად გაემართნენ ფრიგიის მხარეში. აქ ისინი ქალაქ იეროპოლში შევიდნენ და მხნედ ქადაგებდნენ ქრისტეს. ფრიგიის ამ ქალაქში ძალზე ბევრი კერპი იყო, რომელთაც მისი ყველა მცხოვრები ეთაყვანებოდა; ამ ცრუ „ღვთაებებს“ შორის იეროპოლელებს ცოცხალი იქედნეც ჰყავდათ გაღმერთებული და მისთვის საგანგებოდ ტაძარიც აეგოთ, სადაც საკვებიც მოჰქონდათ ქვეწარმავლისთვის და მრავალრიცხოვან, სხვადასხვა მსხვერპლშეწირვებსაც აღუსრულებდნენ; უგნური წარმართები სხვა ქვემძრომებსა და იქედნეებსაც განაღმერთებდნენ.
წმიდა ფილიპე, თავის დასთან მარიამნასთან ერთად, პირველ ყოვლისა სწორედ ამ იქედნეს წინააღმდეგ აღიჭურვა ლოცვით; ამაში მას წმიდა იოანე ღვთისმეტყველიც შეეწეოდა, იმ ხანებში იეროპოლში მყოფი. და მათ ყველამ, ერთობლივი ლოცვით, ვითარცა სულიერი შუბით, სძლიეს იქედნეს და ქრისტეს ძალით მოაკვდინეს იგი. ამის შემდეგ წმიდა იოანე მახარებელი განეშორა მათ და იეროპოლიც ასპარეზად დაუტოვა ღვთის სიტყვის ქადაგებისთვის, თვითონ კი სხვა ქალაქებს მიაშურა ჭეშმარიტი სარწმუნოების გასავრცელებლად. წმიდა ფილიპე, ბართლომესთან და მარიამნასთან ერთად, იეროპოლში დარჩა და გულმოდგინედ ცდილობდა განეფანტა კეპრთაყვანისმცემლობის წყვდიადი, რათა ამ უბედურ შეცთომილთათვისაც ჭეშმარიტების შეცნობის ნათელი გამობრწყინებულიყო. ამისათვის იღვწოდნენ ისინი დღე და ღამე, ღვთის სიტყვას ასაწვლიდნენ ურწმუნოთ, შეაგონებდნენ უგუნურთ და სიმართლის გზაზე აყენებდნენ შეცდომილთ. ქალაქ იეროპოლში კავი ვინმე ცხოვრობდა, სახელად სტაქე, რომელიც უკვე ორმოცი წელი იყო, რაც დაბრმავებულიყო. წმიცა მოციქულებმა ლოცვის ძალით აღუხილნეს მას ხორციელი თვალები, ხოლო ქრისტეს ქადაგებით სულიერი სიბრმავეც განუკურნეს და ჭეშმარიტებით განანათლეს. და შემდეგ, როცა წმიდა ნათელიც სცეს, მის სახლში დარჩნენ საცხოვრებლად. სტაქეს განკურვნის ამბავი მთელს ქალაქს მოედო. ყველამ იცოდა, რომ ის უსინათლო იყო მრავალი წლის განმავლობაში და ახლა თვალისჩინი დაბრუნებოდა. ამის გამო სტაქეს სახლთან დიდძალი ხალხი იყრიდა ხოლმე თავს. წმიდა მოციქულები ყველას დამოძღვრავდნენ იესო ქრისტეს რწმენაში. აქვე მრავლად მოჰყავდათ იეროპოლელებს თავიანთი სნეული ახლობლებიც; მოციქულები ყველას განკურნავდნენ ლოცვის ძალით; ისინი ბოროტ სულებსაც განასხამდნენ ეშმაკეულთაგან, ასე, რომ მალე უამრავმა ადამიანმა ირწმუნა ქრისტე და მოინათლა კიდეც.
ქალაქის თავის – სახელად ნიკანორის მეუღლე, გველისაგან სასიკვდილოდ დაგესლილი იწვა და აღსასრულს ელოდა. როცა სტაქეს სახლში მცხოვრები წმიდა მოციქულების შესახებ შეიტყო, რომ ისინი ოდენ სიტყვით განკურნავდნენ ყოველგვარ სნეულებებს, ნიკანორის ცოლმა, ქმრის სახლში არყოფნისას, უბრძანა მონებს – სტაქეს სახლში წამიყვანეთო, და იქ მართლად მიიღო სასწაულებრივი კურნება, თანაც ორმაგი: სხეულებრივიც – გველის ნაკბენისაგან, და სულიერიც – ეშმაკისმიერი ცთუნებისაგან, რამეთუ აქვე დაიმოძღვრა მოციქულთა მიერ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში და ირწმუნა ქრისტე. ამასობაში ქალაქის თავიც შინ დაბრუნდა და მონებისგან შეიტყო, რომ მისმა ცოლმა სტაქეს სახლში მცხოვრები ვიღაც უცხოტომელისაგან ქრისტეს სარწმუნოება ისწავლა. ნიკანორი საშინლად განრისხდა ამის გამო და ბრძანა დაუყოვნებლივ შეეპყრათ მოციქულები, სტაქეს სახლი კი ცეცხლისთვის მიეცათ, რაც შეასრულეს კიდეც. მაშინ დიდძალი ხალხი შეიკრიბა და წმიდა მოციქულნი ფილიპე და ბართლომე, წმიდა ქალწულ მარიამნასთან ერთად, გვემითა და შეურაცხყოფით ათრიეს ქალაქის ქუჩებში და ბოლოს საპყრობილეში ჩაყარეს. ამის შემდეგ ქალაქის თავი სამსჯავრო ადგილას დაჯდა, რათა ქრისტეს მქადაგებლები გაესამართლებინა. მასთან მრავალი კერპის ქურუმნი შეიკრიბნენ, რომელთა შორის წმიდა მოციქულის ლოცვით მოკვდინებული იქედნეს ტაძრის მსახურნიც იყვნენ: ყველანი წმიდა მოციქულებს უჩიოდნენ და ასე მიმართავდნენ ნიკანორს:
– მთავარო! შური იძიე ჩვენი „ღმერთების“ შეურაცხყოფისათვის! სამაგიერო მიუზღე ამ უცხოტომელთ, რადგან მას შემდეგ, რაც ისინი ჩვენს ქალაქში გამოჩნდნენ, დაცარიელდა ჩვენი დიდი „ღმერთების“ სამსხვერპლოები და ხალხსაც ავიწყდება ჩვეული მსხვერპლის შეწირვა მათთვის! ჩვენი სახელგანთქმული „ღვთაება“ იქედნეც მათი მიზეზით დაუღუპა, და ამის გამო მთელი ქალაქი უსჯულოებით აღივსო! მოაკვდინე ეს ბოროტი მოგვები, მთავარო, და აღადგინე სამართლიანობა!
მაშინ ქალაქის თავმა ბრძანა შესამოსელისაგან განეძარცვათ წმიდა ფილიპე, რადგან ჰგონებდა, სწორედ მის სამოსში არის დაფარული გრძნებულების ძალაო. მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერაფერი ნახეს. შემდეგ ასევე მოექცნენ წმიდა ბართლომე მოციქულსაც, და მის სამოსელშიც ვერ იპოვეს გრძნეულების ძალა. ხოლო როცა წმიდა ქალწულ მარიამნასაც მიუახლოვნენ იმ განზრახვით, რომ შესამოსელისაგან განეძარცვათ და მისი ქალწულებრივი სხეული გაეშიშვლებინათ, ანაზდად, ყველას თვალწინ, იგი ცეცხლოვან, ბრწყინავ ალად გადაიქცა, და უკეთური წარმართები შიშით ივლტოდნენ მისგან.
ქალაქის თავმა წმიდა მოციქულებს, ფილიპესა და ბართლომეს ჯვარზე სიკვდილი მიუსაჯა. პირველი წმიდა ფილიპე ევნო. მას ხელ-ფეხი გაუბურღეს, შიგ თოკი გაუყარეს და ასე მიაკრეს ჯვარზე თავდაყირა, იქედნეს საკერპე ბომონის კარიბჭესთან, ამასთან, ქვებსაც ესროდნენ. შემდეგ წმიდა ბართლომეც ჯვარს აცვეს ამავე ტაძრის კედელთან. და აი, ამ დროს, ანაზდად, დიდი მიწისძვრა მოხდა, მიწა განიხვნა და ერთბაშად შთანთქა ქალაქის თავიც და ყველა წარმართი ქურუმიც დიდძალ ურწმუნოებთან ერთად. ცოცხლად გადარჩენილნი, მორწმუნენიცა და წარმართებიც, შეძრწუნდნენ და მოთქმა-ტირილით ევედრებოდნენ წმიდა მოციქულებს – შეგვიწყალეთ, შეგვინდეთ შეცოდება და ილოცეთ თქვენი ერთი ჭეშმარიტი ღმერთის წინაშე, რათა მიწამ ჩვენც ისევე პირი არ გვიყოს, როგორც მათო, ამასთან, ისინი სასწრაფოდ მისცვივდნენ აღმართულ ჯვრებს და მოციქულთა გარდამოხსნა დაიწყეს. წმიდა ბართლომე არცთუ მაღლა იყო გამოკიდული, და ის მალე ჩამოხსნეს. ფილიპეს ჩამოხსნა კი ჯვარიდან ვერ მოახერხეს, რადგან ის საკმაო სიმაღლეზე იყო აღმართული, და განსაკუთრებით იმიტომაც, რომ ეს ღმერთის განგებულებით იყო ასე, რათა უფლის ეს წმიდა მოციქული ტანჯვისა და ჯვარზე სიკვდილის გზით ამა ქვეყნიდან ზეცად გადასახლებულიყო, საითაც მიმართული იყო კიდეც მთელი ცხოვრების განმავლობაში მისი მისწრაფებანი. ახლაც, ფეხით ზეცისკენ მიქცეული და ჯვარზე მიმსჭვალული წმიდა ფილიპე მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს თავისი მტრებისათვის, რათა უფალს შეენდო მათთვის ცოდვები და მათი გონებანიც განენათლებინა ჭეშმარიტების შესაცნობად. უფალმაც შეისმინა მისი ვედრება და უბრძანა მიას, კვლავ ზევით აღმოენთხია ცოცხლად შთანთქმული წარმართები, გარდა ქალაქის თავისა და იქედნეს ტაძრის ქურუმებისა. ამ სასწაულის ძალით ყველა იქ მყოფმა ხმამაღლა აღიარა და განადიდა ქრისტეს ძალა, ამასთან, სურვილიც გამოთქვეს, მონათლულიყვნენ. და როცა უნდოდათ ჯვარიდან გარდამოეხსნათ წმიდა ფილიპე მოციქული, ნახეს, რომ მას უკვე უფლისათვის მიებარებინა სული. ასე, რომ ჯვარიდან მისი უსულო სხეული გარდამოხსნეს. ფილიპეს ღვიძლი და, წმიდა მარიამნა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში უყურებდა ძმის ტანჯვასა და ჯვარზე სიკვდილს, ახლა სიყვარულით ეკონებოდა და ეამბორებოდა მის წმიდა სხეულს და გულით განიხარებდა, რომ ფილიპე ღირსი გახდა ქრისტესთვის წამებულიყო. წმიდა ბართლომე მოციქულმა ყველა ახლად მოქცეული მონათლა სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, ეპისკოპოსად კი მათ სტაქე დაუდგინა. ახლადმოქცეულმა იეროპოლელებმა უდიდესი პატივით მიაბარეს მიწას წმიდა მოციქულ ფილიპეს პატიოსანი სხეული. იმ ადგილას, სადაც წმიდანის სისხლი გადმოიღვარა, სამ დღეში ვაზი ამოიზარდა ნიშნად და სასწაულად იმისა, რომ წმიდა ფილიპე ქრისტეს სახელისათვის დანთხეული თავისი სისხლისათვის აწ საუკუნო ნეტარებით დასტკბება უფლისა ტანა მის ცათა სასუფეველში.
ამ გადმოცემას ძველი მამები დაძენდნენ იმასაც, რომ თავისი აღსასრულის შესახებ წმიდა ფილიპემ 7 დღით ადრე აუწყა თანამოღვაწეებს. იგი აღესრულა 90 წელს ქრისტეს შობიდან, იმპერატორ დომიციანეს ზეობისას, შობითგან 87 წლისა.
550 წელს მისი წმიდა ნაწილები რომს გადაასვენეს, სადაც დღემდე განისვენებდენ 12 მოციქულის სახელობის ტაძარში. მისი მარჯვენა კი ჯერ კონსტანტინეპოლში ესვენა, შემდეგ – იერუსალიმში, 1204 წელს კი ეს სიწმიდე ფლორენციაში გადაასვენეს…
წმიდა ფილიპეს დაკრძალვის შემდეგ წმიდა ბართლომე მოციქულმა, ნეტარ ქალწულ მარიამნასთან ერთად, რამდენიმე დღე იეროპოლში დაჰყო, ჭეშმარიტ სარწმუნოებაში განამტკიცა ახლად დაარსებული აქაური ეკლესია და შემდეგ ქალაქ ალბანში წავიდა ღვთის სიტყვის საქადაგებლად, კასპიის ზღვის სანაპიროზე, სადაც ჯვარზე სიკვდილით ევნო. წმიდა ქალწული მარიამნა კი ლიკაონიის მხარეში გაემართა (მცირე აზია), მრავალნი მოაქცია იქ ქრისტეს რწმენაზე და ბოლოს მშვიდობით აღესრულა. ყოველივე ამისთვის დიდება ჩვენს ღმერთს – ყოვლადწმიდა სამებას – აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

16 votes, average: 4.06 out of 516 votes, average: 4.06 out of 516 votes, average: 4.06 out of 516 votes, average: 4.06 out of 516 votes, average: 4.06 out of 5

› გალაკტიონ ტაბიძე: მთვარის ნაამბობიდან

ვიცი, ცაო, გულმავიწყო,
მე ზრუნვა ვარ, შენ – ოცნება.
არ იქნება, არ დავიწყო
ოცნებათა შემოწმება.
ბევრი მხარე მოვიარე –
ასე იწყებს ამბავს მთვარე, –
მაგრამ საქართველოსთანა
არ მინახავს არსად მხარე.
ბრწყინავს მისი ძველისძველი
უძველესი მთა და ველი,
მისი წყალი, მისი › › ›

DU