1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ბაგრატ იმერი

იმერეთის მეფე 1510-1565 წლებში, ალექსანდრე II-ის ძე. გამეფებისას იგი თხუთმეტი წლისა იყო. იმერთა მეფე ბაგრატ III რთული ამოცანის წინაშე იდგა: მას უნდა ეზრუნა ქვეყნის სახელმწიფოებრივ მოწესრიგებაზეც და თურქთა აგრესიის მოგერიებაზეც. მით უმეტეს რომ სამეგრელოს და გურიის სამთავროები მხოლოდ ფორმალურად ემორჩილებოდნენ მას, 1520 წელს, ბაგრატ III-ისა და მამია I გურიელის უშუალო ჩარევით, ქართის მეფე დავითსა და ლევან კახთა მეფეს შორის ზავი დაიდო: ამ ზავით დასტურდებოდა საქართველოს დაყოფა სამ თანასწორუფლებიან სამეფოდ. 1526 წელს ბაგრატის ასული თამარი ქართლის მეფე ლუარსაბს მოჰყავს ცოლად. ამ პოლიტიკური კავშირის წყალობით იმერეთის მეფემ იმავე წელს მიიღო ქართლის დასავლეთი ნაწილი – მდ. ფრონეს გადაღმა მხარე, ახლანდელი ქარელისა და ბორჯომის რაიონების ნაწილი და ხაშურის რაიონი (ალი, სურამი, ახალდაბა). ბაგრატი საკმაოდ ძიერი და ენერგიული მეფე იყო – გაძლიერებულ თავადებთან ბრძოლაში იგი წვრილ აზნაურებსა და საეკლესიო ფეოდალებს ეყრდნობოდა. საშინაო საქმეების მოწესრიგებისათვის ბრძოლაში იმერეთის მეფეს ზურგი გაუმაგრა საეკლესიო კრების განჩინებამ, რომელიც 23 მუხლისგან შედგებოდა და ტყვეებით ვაჭრობის წინააღმდეგ იყო მიმართული. კრებას ესწრებოდნენ აფხაზეთის კათალიკოსი ევდემონი, კართლის კათალიკოსი და დასავლეთ საქართველოს ეპისკოპოსები. კრების გადაწყვეტილებით, ტყვებით მოვაჭრეებს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდათ, მაგრამ ეს დანაშაული მთლიანად ვერ აღმოიფხვრა, რადგან ოსმალეთის მთავრობა ყოველნაირად უწყობდა ხელს ადამიანებით ვაჭრობის გაფართოებას. გარდა ამისა, კრებამ მოაწესრიგა ზოგიერთი საეკლესიო წესი, რომელი დროთა განმავლობაში დავიწყებას მისცემოდა ანდა არასწორად აღიქმებოდა. მეფემ გელათსა და ხონში დააარსა საეპისკოპოსოები (1529-1532). აღადგინა ნინოწმინდის საეპისკოპოსო კათედრა და ეპისკოპოსად მანოელი დასვა. მის დროსვე საკათალიკოსო ტახტი ბიჭვინთიდან გელათში გადაიტანეს. იმერეთის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ საზღვარზე ჯიქები და სხვა აფხაზურ-ჩერქეზული ტომების შედარებით ადრე მოექცნენ ოსმალეთის გავლენის ქვეშ. მათი საშუალებით კი თურქები აფხაზეთშიც ცდილობდნენ ფეხის მოკიდებას. ამ პერიოდში ოსმალეთმა საქართველოს ჭანეთი (ლაზისტანი) მოსწყვიტა და გურიას შეუტია. თურქებმა ბათუმი ვერ აიღეს, მაგრამ ჭოროხის შესართავთან დამკვიდრდნენ და გონიოს ციხე აჭარისა და გურიის წინააღმდეგ ბრძოლის პლაცდარმად აქციეს. ბაგრატ III აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო ცხოვრებაში. ქართლის მეფე დავით X-სთან, კახეთის მეფე ლევანთან და თურქთა ხონთქართან ერთად იგი მონაწილეობდა ეგვიპტის სულთნის წინააღმდეგ ბრძოლასა და გოლგოთის მთის უსჯულოთაგან გამოხსნაში. ამ ლაშქრობის შემდეგ ქართველ მეფეებს იერუსალიმში, ქრისტეს საფლავის ტაძარში წირვის უფლება მოუპოვებიათ. სანამ თურქეთის სულთნები სელიმ I და სულეიმან I დიდ დაპყრობით ომებს ეწეოდნენ, ბაგრატ III შეეცადა ამ ამბით ესარგებლა და სამეფო საზღვრების განმტკიცებას შეუდგა. დადიან-გურიელის ერთიანი მხარდაჭერით ლაშქრობაც მალე განხორციელდა. მტერი ჯიქეთიდან ოდიშ-აფხაზეთსა და გურიის სანაპიროებს ესხმოდა თავს და ამ სამთავროების ტერიტორიებს აოხრებდა. ამიტომ ბაგრატ III-ის თაოსნობით 1533 წ. გურიის მთავარმა მამია I-მა გურიელმა და სამეგრელოს მთავარმა მამია III დადიანმა ჯიქეთზე ილაშქრეს. მთავრებმა ომი წარმატებით დაიწყეს. მაგრამ დადიანთან უთანხმოების გამო მისმა რაზმმა მიატოვა ბრძოლის ველი და მეორე დღეს, სასტიკი ბრძოლის შემდეგ, მოკავშირეები დამარცხდნენ. დადიანი ბრძოლაში მოკლეს. გურიელი კი დაატყვევეს (შემდგომში იგი კათალიკოსმა გამოისყიდა). ამ მარცხის შემდეგ ბაგრატი გააქტიურდა და, რადგან თურქთა შემოტევის საფრთხე სამცხე-საათაბაგოდან მოდიოდა, მთელი ყურადღება მის დამორჩილებაზე გადაიტანა. 1535 წელს ბაგრატ III-მ ლევან I დადიანთან და როსტომ I გურიელთან ერთად სამცხე-საათაბაგოზე ილაშქრა. 12 აგვისტოს ბრძოლა ახალქალაქის ახლოს მურჯახეთთან მოხდა და ბაგრატის გამარჯვებით დამთავრდა. ათაბაგი ყავრყვარე III ჯაყელი ტყვედ ჩავარდა – სამცხე იმერეთს შეუერთდა, 1541 წელს ბაგრატმა ოსმალთა ლაშქარი დაამარცხა. იმერეთის მეფის ესოდენი გაძლიერება აშინებდა დადიანსა და გურიელს. მათი შესაძლო გაერთიანების თავიდან ასაცილებლად მეფემ აჭარა და ჭანეთი გურიელს გადასცა. ამის შემდეგ ბაგრატ III შაჰ-თამაზს ეახლა ყარაბაღში და მხარდაჭერა სთხოვა. სამაგიეროდ კი მთელი საქართველოს დამორჩილებაში დახმარებას შეჰპირდა. შაჰი სპარსეთში ატეხილი არეულობის გამო მოუცლელი იყო, მაგრამ მეფეს შეწევნა მაინც აღუთქვა და პატივით გამოისტუმრა. ოსმალეთში გახიზნულ ქაიხოსრო ყვარყვარეს ძეს მუსტაფა ლალა-ფაშამ დიდძალი ჯარი და ზარბაზნები დაახმარა. ბაგრატ მეფემ ჯარი შეკრიბა, მაგრამ გურიელის დაწინაურებით განაწყენებულმა დადიანმა ლაშქრად გამოსვლა აღარ ინება. 1543 წელს ქარაღაქთან ბრძოლაში ბაგრატისა და გურიელის ლაშქარმა იმძლავრა. ამით განრისხებულმა სულთანმა უფრო მრავალრიცხოვანი ჯარი გამოაგზავნა. დადიანმა არც ამერად ისურვა ბრძოლაში მონაწილეობა. ბაგრატმა დახმარებისათვის ქართლის მეფე ლუარსაბს მიმართა. ბრძოლა 1545 წელს გაიმართა ბასიანში, სოხოისტასთან. ბრძოლის წინ მესხებმა მეწინავეობა ითხოვეს და, უარით განაწყენებულებმა, შუა ომში ბრძოლის ველი მიატოვეს. ქართველები დამარცხდნენ. ოსმალები სამცხეში დამკვიდრდნენ. ამ ბრძოლის შემდეგ ოსმალეთის მიმართულებით საქართველოს ციხე-გალავნის ბურჯი მორღვეული იყო. 1555 წლის 29 მაისს ქ. ამასიაში (მც. აზია) დაიდო ირან-ოსმალეთის ზავი, რომელიც ხელს უწყობდა საქართველოს პოლიტიკური დაშლის გაღმრავებას. ბაგრატი იძულებული გახდა სულთნის სასარგებლოდ ხარკი ეკისრა. ამ ზავით თურქებს ერგოთ იმერეთი გურია-სამეგრელოთი და სამცხის დასავლეთი ნაწილი: ტაო-შავშეთი და კლარჯეთი (ჭოხორის აუზი). ამის შემდეგ ოსმალეთი უკვე სისტემატურად არბევდა დასავლეთ საქართველოს. მიუხედავად ენერგიული ქმედებებისა, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მიზეზების გამო ბაგრატ III-მ ვერ შეძლო ქვეყნის დაღმასვლის შეჯერება. ბაგრატი 1565 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია გელათში.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

101 votes, average: 4.54 out of 5101 votes, average: 4.54 out of 5101 votes, average: 4.54 out of 5101 votes, average: 4.54 out of 5101 votes, average: 4.54 out of 5

› ბიოგრაფია: იოანე და ექვთიმე მთაწმინდელები (920–1005)

იოანე მთაწმინდელი – ათონის მთის ქართული კოლონიის ფუძემდებელი, ათონის ივერიის მონასტრის მაშენებელი, ექვთიმე ათონელის მამა. დაიბადა სამცხეში დაახ. 920 წელს. წარმოშობით დიდგვაროვანთა ოჯახიდან იყო, (ერისკაცობაში ვარაზ-ვაჩე ჩორდვანელი). დავით კურაპალატის კართან › › ›

DU