1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ბაგრატ VI

(იმერეთში ბაგრატ II) იმერეთის მეფე 1463-1466 წლებში, ქართლ-იმერეთის მეფე 1466-1478 წლებში, ძე საქართველოს მეფის კონსტანტინე I-ის ძის გიორგის (1408-1457). 1455 წლიდან ეკავა ქუთაისის “საქუეყნოდ განმრგის” თანამდებობა. ოსმალთაგან 1453 წელს კონსტანტინეპოლისა და 1461 წელს ტრაპეზუნდის საკეისროს აღებამ საქართველო მეტად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა – იგი მთლიანად მაჰმადიანურ გარემოცვაში აღმოჩნდა. სიტუაცია მით უფრო მძიმე იყო, ვინაიდან ქვეყანა დაშლის გზაზე იყო შემდგარი. ბაგრატმა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და სამცხის გამწვავებული ურთიერთობა გამოიყენა და 1462 წელს საქართველოს მეფე გიორგი VIII-ს (1446-1466) აუჯანყდა. მათ შორის ბრძოლები ადრეც მიმდინარეობდა და გამარჯვება ხან ერთ მხარეს რჩებოდა, ხან მეორეს, ამიტომ ზოგიერთი ცნობით, ბაგრატი ამ ამბებამდეც “მეფედ” იწოდებოდა. სამცხის ათაბაგმა ყვარყვარემ ბაგრატ II-ს გიორგი VIII-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დადიან-გურიელის დახმარება შესთავაზა, სანაცვლოდ კი მათთვის გარკვეულ პრივილეგიებს მოითხოვდა. ბრძოლა 1463 წელს ჩიხორთან მოხდა. ბაგრატმა გაიმარჯვა და ქუთაისში მეფედ აკურთხეს. ჩიხორის მერე საქართველოს მეფემ სამცხეზე ილაშქრა. ყვარყვარე ათაბაგმა მას შებრძოლება ვერ გაუბედა და იმერეთში ბაგრატს შეეკედლა. სპარსთა ხელახალი შემოსევის გამო გიორგი VIII ქართლში დაბრუნდა და 1464 წ. სპარსელებთან ბრძოლაში დამარცხდა; ამის შემდეგ ყვარყვარემ, ბაგრატის დახმარებით, სამცხე დაიბრუნა. გიორგი VIII არ თმობდა თავის უფლებებს სამცხესა და იმერეთზე და 1465 წ. კვლავ გაილაშქრა სამცხეზე, მაგრამ ფარავანთან ყვარყვარეს ჩაუვარდა ტყვედ. ამით ისარგებლა ბაგრატმა, რომელსაც მხარი დაუჭირა ქართლის რამდენიმე ფეოდალმა, მათ შორის – დავით ბატონიშვილმა. კონსტანტინე ბატონიშვილი უმწეობის გამო იძულებული გახდა დამორჩილებოდა. 1466 წლის თებერვალში ბაგრატი ქართლში გადავიდა და თავი ბაგრატ VI-ის სახელით საქართველოს მეფედ გამოაცხადა. თუმცა რეალურად საქართველო უკვე დაშლილი იყო (რაშიც პირადად ბაგრატს საკმაო წვლილი მიუძღოდა) იმავე 1466 წელს გიორგი VIII სამცხიდან განთავისუფლდა და კახეთში გამეფდა – ამდენად ბაგრატი მხოლოდ ქართლ-იმერეთის მეფე იყო. მისი მეფობის პერიოდში საქართველოში შესაწირის შესაკრებად ჩამოდის ანტიოქიის პატრიარქი მიქაელი (1470-74-1484 წწ.), რომელიც ამავე დროს ანტიოქიისა და საქართველოს ეკლესიების ურთიერთობით ინტერესდება და ეჭვქვეშ აყენებს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას. ამ დროს სრულიად გაუგებარ გადაწყვეტილებას იღებს ბაგრატ მეფე: მისი ინიციატივით მიქაელი ცაიშელ-ბედიელ ეპისკოპოს იოვაკიმეს “ლიხთ-იმერისა და აფხაზეთის კათალიკოზად” აკურთხებს (1470-1474). რითაც უგულებელყოფს აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უფლებებს. მიქაელსავე შეადგენინა ბაგრატმა “მცნება სასჯულო”: აქ გატარებული იყო აზრი, რომ რადგან აღმოსავლეთში წმ. ნინომ იქადაგა, დასავლეთში კი ანდრია მოციქულმა, ამიტომ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიები სხვადასხვა ეკლესიებიაო. ივ. ჯავახიშვილის შეფასებით, ამ ქმედებით “ქართული ეკლესიის თავისუფლება მოსპეს და გაანადგურეს”. ოსმალთაგან დამარცხებული აყ-ყონლუს თურქმანთა სახელმწიფოს გამგებელი უზუნ-ჰასანი (1453-1478) რამდენიმე ლაშქრობას აწყობს საქართველოზე, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს დაშლას. ბაგრატი იძულებული გახდა ეკისრა ყოველწლიური ხარკი უზუნ ჰასანის სასარგებლოდ. 1477 წ. ქართლ-იმერეთის მეფეს ბრძოლა მოუხდა მისივე ნებით სამეგრელოში გამთავრებულ ვამეყ II დადიანთან, რომელიც დაამარცხა და ერთგულების ფიცის დადების შემდეგ დადიანად დატოვა; შემდეგ მასთან ერთად ქართლში დაბრუნდა და ციხეების ხელში ჩაგდებას შეეცადა. 1478 წელს ქართლ-იმერეთის მეფე რაჭაში გადადის. იქ იგი დასნეულდა და მალე გარდაიცვალა. დაკრძალულია გელათის მეფეთა საძვალეში. მისმა მემკვიდრემ ალექსანდრემ მხოლოდ იმერეთის მეფობა შეინარჩუნა.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› §52 წიგნი ავთანდილისა ფრიდონს თანა

1318
დაწერა: “ფრიდონ მაღალო, სვე-სრულო მეფეთ-მეფეო,
ლომისა მსგავსო ძალ-გულად, მზეო შუქ-მოიეფეო,
მოვლენილო და მორჭმულო, მტერთა სისხლისა მჩქეფეო,
და უმცროსმან ძმამან შორი-შორ სალამი დავიყეფეო!
1319
ჭირნი ვნახენ და მო-ცა-მხვდა ნაცვალი ჭირ-ნახულისა,
კარგა მოხდომა საქმისა ჩემისა გაზრახულისა;
მიცნია მართლად ამბავი › › ›

DU