1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» შიო გვეტაძე: მონანიება – თავი XIV

ეკა მაისის წვიმიან დღეს დავკრძალეთ.
საფლავს მომაშორეს, სადღაც ლოდზე დამსვეს, ციალა გვერდიდან არ მშორდებოდა, რაღაცას მეუბნებოდა, ალბათ მანუგეშებდა. ხმას არ ვიღებდი, დაბერებული, ძაძებში ჩამჯდარი დეიდა თამარი გულში მიკრავდა, მეფერებოდა, მაგრამ მე ვერაფერს ვგრძნობდი, „რა უგემური მოფერება იცის დეიდაჩემმა„ – გამიელვა რატომღაც თავში.
კუბო საფლავში ჩაუშვეს, მიწა მიაყარეს, გოროხები საშინელი რახრახით ეხეთქებოდნენ სახურავს, სული შემეხუთა, ენით გამოუთქმელ ტანჯვას განვიცდიდი.
ციალა იმ საღამოსვე დაბრუნდა სოფელში. წასვლის წინ ბევრი მელაპარაკა, არაფერი მიპასუხნია, ახლა ჩემთვის ყველაფერი სულ ერთი იყო: ეკა აღარ მყავდა, ადამიანებთან დამაკავშირებელი უკანასკნელი ძაფი. სიკვდილი უკანასკნელი დარტყმა იყო, რომელმაც დაუბრუნებლად ამომაგდო კალაპოტიდან, ადამიანები შემძაგდნენ, დეიდაჩემს ვეღარ ვიტანდი, მისი ყოველდღიური გოდება გაუსაძლისი შეიქნა. მშობლების ხსენება აღარ მინდოდა, ისინიც შემძულდნენ, მთელი ჩემი უბედურების სათავე ხომ მათი დანაშაულებრივი მოქმედება იყო…
ეკას დასაფლავებიდან მეხუთე დღეს ჩემი მშობლების საქმის სასამართლო განხილვა დაიწყო. ჯგუფში 14 კაცი გადიოდა. საქმის განხილვა ორ კვირაზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. ჩემმა მშობლებმა ბრალდება უარყვეს, მაგრამ მოლარემ, მთავარმა ბუღალტერმა და მომარაგების განყოფილების უფროსებმა სავსებით აღიარეს დანაშაული და სასამართლოს დაწვრილებით მოუთხრეს როგორ გაუკეთეს ორგანიზაცია დამნაშავეთა ჯგუფს ჩემმა მშობლებმა და როგორ იფლანგებოდა მშენებლობისათვის განკუთვნილი თანხები.
არ გამკვირვებია. მას შემდეგ რაც საქმე ახალ გამომძიებელს გადაეცა, მე თითქმის შევეჩვიე იმ აზრს, რომ ჩემმა მშობლებმა უღალატეს ყოველივე წმიდას, ოჯახს, შვილებს, ეკას…
მთელ თბილდისს ეს საქმე ეკერა პირზე, ზიზღით იხსენიებდნენ დამნაშავეებს, განსაკუთრებით ჩემს მშობლებს.
ცნობას იმის შესახებ, რომ ჩემს მშობლებს დახვრეტა მიუსაჯეს, მშვიდად, თითქმის კმაყოფილებით შევხვდი. დეიდაჩემმა თმები დაიგლიჯა, გოდება დაიწყო. უხმოდ ჩავალაგე პატარა ჩომოდანში ჩემი და ეკას ტანსაცმელი, ეკას გადიდებული სურათი. დეიდა გაკვირვებით მიყურებდა. შემდეგ ტირილი შეწყვიტა.
„სად მიხვალ, თამაზ?” – შემეკითხა შიშნაკრავად.
„სახლში, ჩემს ბინაზე„ – ვუპასუხე რაც შეიძლებოდა მშვიდად.
„გაგიჟდი, შვილო?„
„მე ჩემს ჭკუაზე ვარ„.
„მაშ მე გამაგიჟებ„.
„შენც შენს ჭკუაზე დარჩები, ქალბატონო!„ – მივუგე შხამნარევი ღიმილით.
„თამაზ! – აღშფოთდა დეიდაჩემი – ეს რა მომართვაა, როგორ მიბედავ!„
„დამშვიდდით! მე არ შემიძლია ამ ოთახში ცხოვრება, ჩემთვის ყველანი აუტანელი გახდით, აღარ მინდა თქვენი დანახვა! გესმით? – აღარ შემიძლია!„
„რა მოგივიდა თამაზ?!„
„არაფერი. მე დიდხანს ვითმინე, დიდხანს ვიცადე, მეგონა რომ ცდებოდნენ ჩემი მშობლების დაპატიმრებაში. იმედები გამიცრუვდა, ისინი ნამდვილი დამნაშავეები აღმოჩდნენ, მკვლელები! ეს, მათ მოკლეს ეკა! წაშალეს ჩემი მომავალი, მგლად მაქციეს, ნადირივით გამაგდეს ქუჩაში უპატრონო და მიუსაფარი! შენ კი, შენ მათ სტირი, მათ უბადრუკ სიცოცხლეს მისტირი! წაიკითხე? შენს დასა და მის პროფესორ მეუღლეს იმდენი ვაჟკაცობაც არ აღმოაჩნდათ ეღიარებინათ დანაშაული. ის მაინც ეთქვათ, რამ აიძულათ ჩაედინათ ასეთი სისაძაგლე!
მერე და რა უნდოდათ, რა აკლდათ, რას ელტვოდნენ? ძაღლსაც კი უყვარს თვისი ლეკვი, სუსტი კრუხი თავის წიწილასათვის სიცოცხლეს წირავს ძლიერ ქორთან ბრძოლაში, მგელას კი ლუკმა მიაქვს თავისი ლეკვისათვის, ჩემმა მშობლებმა კირა ჰქნეს, რა ჰქნეს–მეთქი, მიპასუხეთ!„ – ვყვიროდი მე და სიძულვილით მივჩერებოდი დეიდას, რომელიც საცოდავად მოკუნტული ერთბაშად დაპატარავებულიყო, შიშით შემომცქეროდა და ხმას არ იღებდა.
„ვერა მპასუხობთ? მით უკეთესი. დაჯექით ოთახში და იტირეთ დამნაშავენი, იტირეთ მკვლელები, მაგრამ არ გაბედოთ მათთან ერთად უმანკო ეკას სახელის ხსენება„ – შევუტიე დეიდას და ჩემოდანი ავიღე.
„თამაზ, შვილო!„ – წამოიკნავლა და წამოდგა.
„მე თქვენი შვილი არა ვარ, მეორედ არ გაბედოთ!„ – ვიღრიალე.
„მისმინე, თამაზ! შეჩერდი, ჩემო შვილო…„
„არა–მეთქი, თავი დამანებეთ! ნუ გგონიათ, რომ ცრემლს შეუძლია გული მომილბოს! მე გული აღარა მაქვს, ის სასაფლაოზე დავმარხე! მშობლების გამო ყველა ზიზღით მიიცქერის, დღეიდან მარტო ვარ და ისე ვიცხოვრებ, როგორც მამაჩემის შვილს შეეფერება, მშვიდობით!„
„თამაზ! გონს მოდი, თამაზ!„
უკვე კარებთან მისული მოვბრუნდი, მძულვარებით შევხედე ჩემკენ ხელებგამოწვდილ დეიდას, დიდხანს მივჩერებოდი.
„ერთი სიტყვაც, დეიდაჩემო, – დავიწყე ნაძალადევი სიმშვიდით, – ტყუილად ნუ ეცდებით ჩემი ამბის გაგებას, მე ამ სახლში ვეღარასოდეს მნახავთ, თქვენც არ გირჩევთ ჩემს ოთახში მოსვლას. მე დღეიდან არავინ არა მყავს გვარიც კი მეზიზღება ჩემი!„
„თამაზ!„ – იღრიალა დეიდამ.
მე უკან აღარ მიმიხედია, მშვიდად გავიხურე კარი. ფეხით წავედი, არაფერზე აღარ ვფიქრობდი. ქუჩაში ხალხი ირეოდა. ნელი ნაბიჯით მივიკვლევდი გზას, ახალგაზრდების ერთი ჯგუფი შემომეყარა, სახე უბრწყინავდათ, რაღაცაზე გაცხარებით მსჯელობდნენ შევატყვე, სკოლიდან ბრუნდებოდნენ, გამოცდები ჰქონდათ ჩაბარებული. სიცილ–ხარხარით ჩამიარეს „ბედნიერები!„ – გავიფიქრე გულში და მათი სიხარული შემშურდა.
ეკას სიკვდილის შემდეგ სკოლაში არ წავსულვარ, დასაფლავებაზე მოსული დამრიგებელი შემპირდა გამოცდების ორი კვირით გადადებას, რამდენიმე ამხანაგმა დახმარება შემომთავაზა. ყველაფერი უარვყავი. ვიცოდი, გამოცდებს ვერ ჩავაბარებდი, საამისო ძალა აღარ გამაჩნდა.
ეზოში შესულმა არტაშა მოვძებნე, გასაღები გამოვართვი, ოთახში შევედი. არტაშა ფეხდაფეხ შემომყვა, ერთხელ კიდევ მომისამძიმრა და უკითხავად ჩამოჯდა მაგიდასთან. საწოლზე დავეშვი, გულხელი დავიკრიფე, უაზროდ მივაშტერდი ჭერს.
„თამაზ„ – შემეხმიანა არტაშა.
ხმა არ გავეცი.
„მომისმინე, თამაზ„ – დაიწყო ისევ არტაშამ.
„რა გინდა!„ – გავეპასუხე ბრაზიანად.
„არც ასე ვარგა, თამაზჯან, ვაჟკაცი არა ხარ? ძალა მოიკრიბე, გამხნევდი, თორემ დარდი მოგკლავს„
„ნეტავი ვისთვის რა საჭირო ვარ?„
„როგორ თუ რა საჭირო ხარ! კაცი არა ხარ, ადამიანი! უნდა იცოცხლო, სიკვდილს ყოველთვის მოესწრები, ყველანი იქ უნდა წავიდეთ!„
„ჩემი ცხოვრება დასრულდა. მშობლებმა მიღალატეს, ეკა მომიკვდა, ვისთვის უნდა ვიცოცხლო!„
„ვაჰ, ერთი ხელი აიღე და… მეც მომიკვდა მშობლები, შენზე პატარა დავრჩი, მაგრამ ხომ ხედავ ვცხოვრობ, შენც უნდა იცოცხლო.„
არ შევპასუხებივარ, ლაპარაკი ნერვებს მიშლიდა, მარტოობა მინდოდა, მაგრამ არტაშა ვერ გრძნობდა ჩემს განწყობილებას და ცდილობდა საუბარი გაება.
„თამაზჯან, – დაიწყო ისევ არტაშამ, – ძმობას გეფიცები ძალიან მწყინს შენი ამბავი, მაგრამ რას იზამ, თავს ზევით ძალა არ არის, მკვდრები არ ცოცხლდებიან, დრო გაივლის, ყველაფერი დაგავიწყდება.„
მე ვდჯმდი.
„დარდს უნდა მოერიო, თამაზჯან! ამისათვის ერთი წამალი არსებობს, – არტაშა წამოდგა. – მე ახლავე მოვალ, შენ აქ დამიცადე„, – დაუმატა მან და ოთახიდან სწრაფად გავიდა.
არ გავნძრეულვარ, საშინელ ფიზიკურ დაღლილობას ვგრძნობდი, სხეულის ყველა ნაწილი მტეხდა, მტკიოდა, ისე ვიყავი დაჟეჟილი, თითქოს დიდი სიმაღლიდან ჩამოვვარდნილიყავ. არ ვიცი რამდენხანს გაგრძელდა ჩემი მარტოობა.
კარებმა გაიჭრიალა.
„თამაზჯან, გძინავს?„ – მომესმა არტაშას ხმა.
თვალი გავახილე, მივიხედე–არტაშა მაგიდასთან ფუსფუსებდა, ბოთლებს ხსნიდა, გაშლილ გაზეთზე სანოგავეს აწყობდა.
ადექი, თამაზ, თითო ჭიქა დავლიოთ, დარდს მოგვაშორებს!„
უხალისოდ წამოვდექი.
„მოდი, მოდი, დავლიოთ! ნახე რა ხელად მოგეშვას„ – წამაქეზა არტაშამ და ხელი წამავლო.
მაგიდასთან მივედი. არტაშამ კონიაკის ბოთლი ჩაის ჭიქებში დააპირქვავა, შემდეგ მეორე ჭიქაშიც ჩაასხა.
„გაგვიმარჯოს!„ – დაილოცა მოკლედ და გადაჰკრა.
უხმოდ გადავკარი. ჩემს ცხოვრებაში პირველად დავლიე იმოდენა კონიაკი, სასმელმა ცეცხლი მომიკიდა, ძლივს მოვითქვი სული, თვალებიდან სიმწრის ცრემლები წამომივიდა.
არტაშამ ძეხვის ნაჭერი მომაწოდა.
„მიირთვი თამაზჯან! დღეს მე ვარ მასპინძელი„.
კიდევ შევსვით. კონიაკმა მადა გამიხსნა, საჭმელს მივეტანე, ორი ბოთლი კონიაკი გამოვცალეთ. ოთახი დატრიალდა, სკამზე ჩამომჯდარი ორივე ხელით მაგიდას მოვეჭიდე, თავს საშინელი გუგუნი გაჰქონდა, მაგრამ საოცარი ის იყო, რომ გარემოს შეგრძნების უნარი ჯერ კიდევ არ დამეკარგა.
„მაშ ეს არის სიმთვრალე?„ – ვეკითხცებოდი ჩემს თავს. არტაშამ მესამე ბოთლი გახსნა, დაასხა.
„რათა სვამ, თამაზ, არა გრცხვენია?„ – ჩამძახოდა ვიღაც.
„დალიე, შენთვის ყველაფერი გათავებულია, ცხოვრებამ სიტკბო წაგართვა, შენც მწარე შესვი„ – მექომაგებოდა სხვა, მეორე.
ჭიქას წავეპოტინე, ხელი მომეცარა, სასმისი წაიქცა, მთელ მაგიდაზე გაიშალა დაღვრილი სითხე.
„მიცვალებულებულთა შესანდობარი იყოს, თამაზჯან!„ – მანუგეშა არტაშამ, შემდეგ ბარბაცით წამოდგა, ხელი მომხვია.
„თამაზჯან, ამ ქვეყნად სხვა არაფერი შეგვრჩება, – ღვინო – ეს იცი რა არის? სიციცხლეა, დარდს მოკლავს, მტერთან შეგარიგებს, ძმაბიჭებს შეგაყვარებს, – არტაშამ გრძნობით გადამკოცნა, – შენ ჩემი ძმაკაცი ხარ, თამაზ–ჯან, სიყმე მომიკვდეს თუ ვისმეს დავაჩაგვრინო შენი თავი მე… შენ… ისა… მახალას, ჩემი სიყმე მომიკვდეს რაღა, თუ ალალი ძმასავით არ გაგიტანო!„
დიდხანს მეფიცებოდა ძმობას, რაღაცას მპირდებოდა, მგონი თავის მეგობრების გაცნობას, მაგრამ ვეღარ გავიგე, სასმელმა თავისი გაიტანა.
დილით გვიან გამომეღვიძა. თავი მისკდებოდა, პირში საშინელი მწარე გემო მქონდა. წყურვილისაგან ყელგამშრალი, ჩემს საწოლზე გაუხდელად ვიწექი, ვერაფრით ვერ მოვიგონე ვინ მიმიყვანა საწოლთან, ვინ ან როდის დამაწვინა. გაჭირვებით წამოვჯექ, ოთახი მოვათვალიერე, მაგიდაზე სანოვაგის ნამუსრავი და ცარიელი ბოთლები ეყარა. იატაკი თეფშისა და ჭიქის ნაფშვნევებით იყო მოფენილი.
არტაშა წასულიყო. ავდექი, წყლიანი ვედრო მოვნახე, ხარბად დავეწაფე, შემდეგ თავზე დავისხი, მრცხვენოდა, თავს ძალა დავატანე, პირი დავიბანე. სარკესთან მისულმა ეკას სურათს შევხედე, ფოფინა თვალები საყვედურით მიცქეროდნენ, ჩემი თავი შემზიზღდა. სურათს თვალი ავარიდე, ქურდივით გავიპარე ოთახიდან. ქუჩაში გასულმა ჯიბეები მოვიჩხრიკე. რამდენიმე მანეთი აღმომაჩნდა, ყვავილები ვიყიდე და სასაფლაოზე წავედი.
კაეშანი მახრჩობდა. ორიოდე ცრემლი ალბათ შეღავათს მომცემდა, მააგრამ ამაოდ–ტირილს ვერ ვახერხებდი.
ეკას საფლავის მახლობლად ვიღაც მოხუცი ქალი მთელი ძალით მოსჭიდებოდა აბორცვილ მიწას, გრძნობით იკრავდა გულში.
„შვილოო… შვილოო… ჩემო გაუხარებელო ბიჭოო„ – მოსთქვამდა საზარლად.
მორიდებით ავუარე გვერდი შაოსანს, ეკას საფლავთან მივედი. ფრთხილად დავაწყვე ყვავილები ნაშალ მიწაზე და უხმოდ ჩამოვჯექი იქვე.
„ხმა გამე შვილოო. დამელაპარაკე ჩემო ვაჟკაცოო…„
მოსთქვამდა მოხუცი და ნაზად უსვამდა ხელს საფლავს.
საღამომდე ფეხი არ მომიცვლია სასაფლაოდან. ტირილით დაოსებული ქალი რა ხანია წავიდა, მე კი ვიჯექი და მდუმარებით დავცქეროდი მიწას, რამდენიმე დღის წინ ეკას გულზე რომ დააყარეს.
საფლავის ნახვამ დარდი უფრო გამიცხოველა, მრცხვენოდა ეკასი.
„რად დათვერი, თამაზ, არა გრცხვენია?„ – ამომძახოდა თითქოს საფლავიდან.
„მაპატიე, ეკა, მაპატიე ჩემო პატარავ! ეს პირველი და უკანასკნელი იქნება, მეტს აღარ დავლევ, არასოდეს, არასოდეს არ დავლევ,„ – ვბუტბუტებდი მე.
სასაფლაოდან გვიან ღამით დავბრუნდი, შეუმჩნევლად შევედი ოთახში, არ მინდოდა არტაშას გადავყროდი, შუქიც არ ამინთია. კარები ჩავკეტე და დავწექი.
დიდხანს არ მომიხუჭავს თვალი. „რაღაც უნდა მოვიფიქრო„ – ვეუბნებოდი ჩემს თავს, ლუკმაპური ხომ საჭიროა, დეიდასთან დაბრუნებაზე ფიქრიც არ მინდოდა, სხვა კი მე არავინ მყავდა, მარტო ვიყავი ამ ქვეყანაზე. დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე მუშაობა დამეწყო. „უკვე მეთვრამეტე წელიწადში ვარ, თითქმის საშუალო განათლება მაქვს, რაიმე სამუშაოს ვიშოვნი, თავს გავიტან, შემდეგ იქნებ ჩემი ცხოვრებაც მოეწყოს„ – გადავწყვიტე და ოდნავ დავმშვიდდი, ციალა მომაგონდა. „როგორ შეხვდება ამ ამბავს? მას ხომ იმედი აქვს, ატესტატს ავიღებ, იქნებ აღარც კი ინდომოს ჩემთან შეხვედრა, – გამიელვა გულში. გუშინდელი სიმთვრალე გამახსენდა, თავი შემზიზღდა: – ლაჩარო, ლოთო! ღვინოში ეძებ თავდავიწყებას,„ – დავტუქსე ჩემი თავი.
„ისწავლე თამაზ და… მელოდე!„ – მკაფიოდ ჩამესმა ციალას სიტყვები. გული დამწყდა. „რა ცუდად მოეწყო ჩემი ცხოვრება! ყველაფერი შეიცვალა, ყველაფერი დავკარგე: მშობლები, პატარა დაიკოც, ციალაც და მერე რატომ? განა მე მსურდა, განა მე ვარ დამნაშავე?„ – ვფიქრობდი და ბოღმამორეულს ძილი არ მეკარებოდა.
განთიადისას ჩავთვლიმე, კაკუნმა გამომაღვიძა, ყური მივგდე–კაკუნი განმეორდა.
„თამაზ„ – მომესმა არტაშას ხმა.
არ მინდოდა მისი ნახვა, ამიტომ თავი მოვიმძინარე. მან ერთი–ორჯერ კიდევ დააკაკუნა და კარებს მოშორდა. ალბათ გადაწყვიტა, სახლში არ ვიყავი. მოგვიანებით წამოვდექი, მაგიდაზე დარჩენილი პური და ყველის ნაჭერი უგემურად გავღეჭე და ოთახიდან მტკიცე გადაწყვეტილებით გავედი. სამუშაო უნდა მეშოვა, დამოუკიდებელი ცხოვრება დამეწყო,როგორ ვცდებოდი თურმე! მთელი სამი კვირა ვიხეტიალე, არაფერი გამომივიდა. სამაგიეროდ ჩემი ღარიბული ნივთები და მამის ნაჩუქარი საათი გაიყიდა. დეიდა რამდენჯერმე მოვიდა, ტირილით მთხოვდა დავბრუნებულიყავი მასთან, ეკას სახელიც დამაფიცა, მაგრამ ცივი უარი ვუთხარი, არ წავყევი. იმ საღამოს მეორედ დავლიე, უგრძნობლად დავთვერი არტაშასთან, საშინლად შემძულდა ადამიანები, მშურდა სხვისი მხიარულება, სიცილი, ბედნიერება, რადგამ მასში წილი აღარ მედო.
ბოლოს ციალას ცივი წერილი მივწერე, სულ რამდენიმე სტრიქონით ვაცნობე: სამუშაოდ რუსეთში მივდივარ და წერილებს ნუ გამომიგზავნი–მეთქი. წერილში მისი ნაჩუქარი იების ფურცლები ჩავდე, უკვე გამხმარი.
ყველაფრიდან განვთავისუფლდი, ყველას ჩამოვშორდი, სამაგიეროდ არტაშას დავუმეგობრდი და თითქმის ყოველ საღამოს ვსვამდი. ეკას სურათი ჩამოვხსენი, აღარ შემეძლო მისი თვალების ცქერა, მრცხვენოდა.
ერთი თვის შემდეგ გასაყიდი თითქმის არაფერი დამრჩა, არტაშა წამომეშველა.
„თამაზჯან – მითხრა მან მორიგი ლოთობისას, – ეს ცხოვრება მორევია თუ ხელი არ გაანძრია კაცმა დაიხრჩობა„
„აკი ვცადე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. სამუშაო ვერ ვიშოვე„.
„ფუჰ! – ზიზღით გააფურთხა არტაშამ, – სამუშაო… მერე ვისთვის უნდა იმუშაო, ან რამდენი უნდა იშოვო?”
„მაშ რა ვქნა!„ – შევეკითხე გაკვირვებით
„ვა, როგორ რა ქნა, მე აქ არა ვარ? აი, ერთი საქმე აქვთ ჩემს ძმაკაცებს სწორედ შენნაირი ბიჭი უნდათ. თუ არ ითაკილებ, კაი ფულს იშოვნი„ .
„როგორ?„
„ახლა შენ თვითონ ხომ იცი მე როგორ ვცხოვრობ! ამ დღეებში ბიჭებმა კაი რამეები ჩამოიტანეს მოსკოვიდან, გასაღება ჭირდება, შესანახი ადგილიც, შენს ოთახში მაიტანენ, მერე ნელ–ნელა გაყიდიან, შენც დაეხმარები. არხეინად იყავი გულს არ დაგწყვეტენ.„
„სპეკულიანტობა დავიწყო?„
„სპეკულიანტობა რას მიქვია! მამა უცხონდათ,მოსკოვიდან და ლენინგრადიდან ანტიკა რამეები სახლში მოვართვათ და ფულიც არ გადავახდევინოთ?
„მე მაგას ვერ ვიზამ, არტაშ„
„შენი საქმეა, მაშ თუ გინდა სადგურზე გადი, ბარგს წაუღებ ვისმეს, თოკს მე გათხოვებ, ეგ უფრო ჩესტნი სამუშაოა„ – დამცინა არტაშამ.
„განა აუცილებელია ბარგი ვზიდო?„
„მაშ სხვა რა გინდა, ხო ხედავ რო ახლოს არ გიკარებენ„
გველნაკბენივით წამოვიჭერ, მინდოდა ყელში ვცემოდი არტაშას, იქვე მიმეხრჩო. არტაშა გაუნძრევლად იჯდა, დამშვიდებით მიცქეროდა, შემდეგ დინჯად ჩაასხა ღვინო ჭიქებში და წყნარი ხმით, რომელშიაც მუქარაც გამოსჭვივოდა, მომიგო:
„დაჯექ თუ არ გინდა, მე არ გაძალებ, ეგ ღვინო დავლიოთ, მე მხოლოდ სიმართლე გითხარი, კაცი ან ღმერთთან უნდა იყოს, ან ეშმაკთთან, მათ შუა ჯერ არავინ გაჩერებულა, შენც ვერ გაჩერდები.„
უხმოდ დავეშვი სკამზე. შემდეგ ჩაის ჭიქა ავიღე და სულმოუთქმელად დავცალე. არტაშამ ისევ შეავსო. კიდევ რამდენიმე ჭიქა შევსვით. თანდათან გამიარა ბრაზმა, ახლა არტაშას წინადადება ისე ძალიან აღარ მეხამუშებოდა. „მართლაც, ცხოვრება ხომ მინდა, არტაშას ხელის შემყურე როდემდის უნდა ვიყო, რა უფლებით უკადრისობ მისი ხელობის გაზიარებას?„ – ზედიზედ დავუსვი ჩემს თავს კითხვა.
გვიან ღამით დავამთავრეთ სმა, ოთახიდან გასვლისას არტაშამ წყნარად მითხრა:
„ხვალ საღამომდე იფიქრე, თუ თავში დაგიჯდეს, მითხარი, მე შენი დახმარება მინდა, თორემ ის ხალხი უშენოდაც იოლად წავა.„
პასუხი არ გამიცია, ოთახში შემოვბრუნდი და ძაღლივით მივეგდე საწოლზე, მეორე დღეს არტაშა ეზოში არ გამოჩენილა, მეც არ გავსულვარ ბინიდან ან სად უნდა წავსულიყავ, ჯიბეში ერთი გროშიც არა მქონდა, გასაყიდიც აღარაფერი იყო. საღამომდე მშიენრი ვიჯექი ოთახში. დაღამდა, ეზოში გამოვედი, ათრტაშას ოთახში სინათლე ენთო, გულმა იქით გამიწია. საშინლად მინდოდა ღვინის დალევა. დიდხანს ვებრძოლე ჩემს თავს, ბოლოს ცდუნებამ დამძლია და არტაშასთან შევედი. ძველებურად შემხვდა, გამიღიმა.
„ჰა დავლიოთ?„ – მკითხა და კარადიდან არყით სავსე ბოთლი გამოიღო.
„დავლიოთ, ჯანი გავარდეს! წყალსაც წაუღია ყველაფერი!„ – ვუპასუხე და ხარბად ავიტაცე ჭიქა…
იმავე ღამით არტაშამ და კიდევ ორმა ახალგაზრდამ, რომელთაგანს ერთს გოგი ერქვა, ხოლო მეორეს ჟორა, ჩემს ოთახში სამი ჩომოდანი მოიტანეს. დილით კი, მე და არტაშა საბურთალოს ბაზარზე გავედით. მთელი საქონელი სამ დღეში გავასაღეთ. არტაშა სწორი აღმოჩნდა, კარგი ფული გავაკეთეთ, თვითოეულს სამასი მანეთი გვერგო, არტაშა რესტორანში დავპატიჟე, გულუხვად გადავიხადე დანახარჯი.
ეს იყო პირველი ნაბიჯი, მას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და მესამეს მეათე. ჩემს მდგომარეობას შევეჩვიე, მუდმივი შემოსავალი გამიჩნდა. ხშირად, საღამოობით, მთვრალი ვიყავით თუ ფხიზელი, ჩემს ოთახში ვიკრიბებოდით, კარტს ვთამაშობდით, ვსვამდით. მე ძალიან მალე შევისწავლე ბანქოს თამაში, ვთამაშობდი ოცდაერთს, უფრო ხშირად პოკერს, ვინ იცის, რამდენჯერ დაგვთენებია თავზე. არ მინდოდა დავფიქრებოდი ჩემს მდგომარეობას, ვგრძნობდი, როგორ ჩავიყურყუმელავე წუმპეში, მაგრამ გამოსავლის ძებნა არც მიფიქრია. ახლა ჩემს მეგობრებს არტაშა და მისი ნაცნობი სპეკულიანტები შეადგენდნენ, გავურბოდი ციალაზე ფიქრს და მისი მოგონებით მოწოლილ ბოღმას ბეჯითად ვახშობდი ღვინოში. ასე გავიდა ივლისი.
აგვისტოს სულის შემხუთავმა სიცხემ ბევრი თბილისელი გარეკა ქალაქიდან. ჩვენ კი ძველებურად ვსაქმიანობდით. ერთ საღამოს ჩვეულებრივად დავჯექით პოკერის სათამაშოდ. ოთხნი ვთამაშობდით, პირველად ბედმა გამიღიმა, თითქმის 1000 მანეთამდე მოვიგე, გოგი და ჟორა აგებდნენ, აზარტში შესულნი ბილწად იგინებოდნენ.
ვსვამდით, განუწყვეტლივ ვეწეოდით და ვთამაშობდით. ნელ–ნელა ფორტუნამ ზურგი მაქცია. გაბრაზებული დიდ თანხებს გავდიოდი, მაგრამ ერთი ხელიც ვერ გავჭერ, ბროლოს, არა მარტო მოგებული, ჩემი ფულიც წავაგე. ბრაზი მომერია, უკანასკნელი 100 მანეთი გავედი და როდესაც ჟორამ ისიც მოიგო, გაბოროტებულმა სავსე ჭიქა გადავკარ და ცარიელი სასმისი კედელს მივაფშვენი.
„პრისტავკა ვითამაშოთ, თამაზ–ჯან„ – გამიღიმა ჟორამ და გვერდზე ჩასმული ერთადერთი ოქროს კბილი გამოაჩინა. შევყოყმანდი, კიდევ რომ წამეგო? ნაღდი ჯანდაბას, მაგრამ პრისტავკა სხვა საქმეა, წაგებულის ვადაზე გადაუხდელობა სასტიკად ისჯება, მევალეს შეეძლო ყურიც კი მოეჭრა წაგებულისათვის.
„ეთამაშე!„ – წამაქეზა არტაშამ.
„წყალსაც წაუღია ყველაფერი, ვითამაშოთ, მაგრამ არა პოკერი, არამედ ზარი,„ – დავთანხმდი მე.
გოგიმ ჯიბიდან კამათლები ამოიღო, მაგიდა გვერდზე გავწიეთ, იატაკზე ჩავიმუხლეთ, პირველმა არტაშამ ჰყარა წააგო. შემდეგ ჩემი ჯერი დადგა, რამდენჯერმე ვყარეთ კამათელი, მოვიგე, კიდევ მოვიგე, შემდეგ ისევ წავაგე. ოთახში კამათლის ჩხრიალი და წვივზე გამეტებით შემოკრული ხელის ტკაცუნი ისმოდა.
გათენებისას დავამთავრეთ თამაში, 500 მანეთი წავაგე, ბრაზი მახრჩობდა არა ფულის წაგებით, არამედ იმის გამო, რომ სრულებით არ მომდიოდა.
„არა უშავს თამაზჯან, – მანუგეშა გოგიამ, – ცხოვრებაც ზარის თამაშია, დღეს წააგებ ხვალ მოიგებ„.
არ მიპასუხნია.
„ზეგ საღამოს ფულს აქ, შენს ოთახში ჩამაბარებ, რვა საათზე მოვალ„ – დინჯად წარმოთქვა ჟორამ და ჭიქები ღვინით შეავსო. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
„აბა, შემდეგ შეხვედრამდე!„ – დაილოცა არტაშამ, ჭიქა მომიჯახუნა და გადაჰკრა.
როცა უკანასკნელი ბოთლიც გამოვცალეთ, კარგა გათენებული იყო. სამთავე ჩუმად გაიპარნენ, მე გაუხდელი მივწექი საწოლზე, მაგრამ დიდხანს არ დამეძინა. საკვირველი ის იყო, რომ სრულებით არ მომეკიდა ღვინო.
ბოლოს როგორც იქნა ჩამეძინა. მთელი დღე ლოგინში გავატარე. საღამოს არტაშა შემოვიდა, გამაღვიძა.
„ადე, გავიაროთ!„ – მითხრა მან.
„სად უნდა გავიაროთ? – ვიუარე მე, – ერთი გროშიც არა მაქვს, იმ მუდრეგებმა ორას თუმნამდე ნაღდი მომიგეს, ერთ პურს არ გვაჭმევენ?
„არ მინდა სამადლო პურის ჭამა, თავი დამანებე!„
„ვა, თამაზ შენ რა არიფივით იქცევი, თამაში თამაშია, ძმაკაცობა კი ძმაკაცობაა. ჟორამ თითონა თქო საღამოს არტოს ბაღში მოდითო, გაიგე? ჰოდა, ადექი რაღა, რა დროს წოლაა, დაღამდა.„
წამოვდექი. იქვე ოთახში შევისხი სახეზე წყალი, დაჭმუჭნული ტანსაცმელი ვითომ გავისწორე და არტაშას გავყევი.
გვიან ღამემდე ვიქეიფეთ. ჟორას და გოგის ვიღაც ჩემთვის უცნობი ახლდა. ოცდაათი, ოცდათორმეტი წლისა იქნებოდა, უსახელოო პერანგი ეცვა, სულ მთლად სვირინგებულ მკლავებზე ძალოვანი კუნთები უხტოდა, გადამბული შავი,ძალზე სქელი წარბები, ისედაც უსიამოვნო, სახეს, მიუკარებელი კაცის იერს აძლევდა; მოკაუჭებული ცხვირით მტაცებელ ფრინველს ჰგავდა; ცოტას ლაპარაკობდა, გოგია და ჟორა მორიდებით, თითქმის შიშით შესცქეროდნენ და ფინიებივით ელაქუცებოდნენ. არ მომეწონა ჩემი ახალი ნაცნობი მიუხედავად იმისა, რომ მე რატომღაც გამორჩევით, კეთილად მექცეოდა.
„ვინ არის?„ – ვკითხე არტაშას, როცა პრკიდან გამოვედით და სხვას დავშორდით.
არტაშა მიხვდა ვისაც ვგულისხმობდი.
– ეგა? რუბენა ჰქვია, ძალიან კარგი ვინმეა, მთელი თბილისის ბიჭები იცნობს, ძველი ბიჭია, დიდი ხანი არ არის, ციხიდან გამოვიდა.„
„ქურდია?„ – ვკითხე, ცოტა არ იყოს შიშით.
„ქურდი კი არა, კაცია! – მიპასუხა არტაშამ და შემდეგ დაუმატა: – ეგ რომ მაგასთან წამოგცდეს, სანთელივთ გაგაქრობს, რით ვერ მიეჩვიე კაცურ ლაპარაკს?„
არტაშას ნათქვამმა ნათლად მიმახვედრა, ვინც იყო რუბენა: „კაცი!„ – ასე ეძახდნენ ჩემი ახალი ნაცნობები ყველა სტაჟიან ქურდს.
„პრავიანია?„ – ვკითხე ისევ.
„მაშ რა! მთელი თბილისის ბიჭები მაგის მზეს ფიცულობენ!„ – მიპასუხა არტაშამ ამაყად.
მეორე დღეს ყველა ნაცნობი სპეკულიანტი მოვინახულე, მაგრამ ფული ვერსად ვერ ვიშოვე, უფრო სწორედ არ მასესხეს, არტაშამაც უარი მითხრა, რაც მქონდა წავაგეო, მიპასუხა.
მთელი დღე რაღაც გამოუცნობი შიში მტანჯავდა – რა იქნება? რას მიზამს ჟორა? ჩემდაუნებურად ვცახცახებდი. გამახსენდა არტაშას ნაამბობი, როგორ საშინლად დაუმახინჯებია ვიღაცას პრისტავკა წაგებული ფულის გადაუხდელობისათვის.
საღამოს 8 საათზე ჟორა მოვიდა, თან გოგი და რუბენა მოჰყვნენ. შიშით გამაჟრჟოლა მის დანახვაზე. „ტყულა არ მოუყვანია, რაღაც საშინელებას მიპირებს„ – ვფიქრობდი მე და კბილს კბილზე ვაცემინებდი.
მოსულნი მაგიდასთან დასხდნენ, მხიარული მასლაათი გააბეს. მე საწოლზე ჩამოვჯექი და თუმცა მათ საუბარს ყურს ვუგდებდი, არაფერი მესმოდა, რაღაც საშინელ ველოდი. ჟორა კი ყურადღებასაც არ მაქცევდა, ლაზღანდარობდა და გულიანად ხარხარებდა.
ცოტა ხნის შემდეგ არტაშაც მოვიდა.
ჟორამ დაჯდომაც არ აცალა:
„აბა, არტაშჯან, სწრაფად რამე გააჩინე. რუბენასცოტა პატივი ვცეთ, აჰა ეს ბალის ტყავი დაიჭი„ – მიაჩეჩა ხელში ას მანეთიანი და მსუბუქად უბიძგა კარებისაკენ.
არტაშამ ჩუმად გადმომხედა და მანიშნა გარეთ გავყოლოდი, წელმოწყვეტილივით ძლივს წამოვდექი, ლასლასით გავყევი ეზოში.
„ფული იშოვნე?„ – მკითხა არტაშამ.
„ვითომაც არ იცი. სად უნდა მეშოვნა?„ – შევუღრინე მე,
„მაშ იცი რას გეტყვი, რუბენას თხოვე იქნებ თავდებად დაგიდგეს!„
„რას დამიდგება, რა მისი ამხანგი მე ვარ, რომ თავი შეიწუხოს.„
„შენც ცადე, იქნებ რამე გამოვიდეს, თორემ ფინთად გათავდება საქმე, ჟორამ პრისტავკაზე ხუმრობა არ იცის!„ – მიპასუხა არტაშამ და წავიდა.
დიდხანს ვიდექი გარეთ, ვერ გადამეწყვიტა ოთახში შესვლა, სადაც ჩემი სულთამხთავი მეგულვებოდა. „რაც მოსახდენია მოხდეს!„ – გავიფიქრე ბოლოს და ოთახში შევბრუნდი.
რუბენა, ჟორა და გოგი ოცდაერთს თამაშობდნენ. ბანკი რუბენას ეჭირა, მის წინ ფულის გროვა იყო დახვავებული.
„სტუკია!„ – განაცხადა მან და ფული შეაქუჩა.
„ათასი მანეთი!„ – წამოიძახა ჟორამ და კარტის გამოსარგთმევად ხელი გაუწოდა.
„მოდის„! – უპასუხა რუბენამ.
ჟორამ კარტები შეატყუპა, დიდხანს წვალობდა, ფრთხილად ჩითავდა, სხვები მოლოდინით შეჰყურებდნენ რუბენა ფეხებგაჩაჩხული იჯდა, კბილებით ნახევრად დაღეჟილი პაპიროსი ეჭირა, ხარბად ქაჩავდა და კუშტად შეჰყურებდა პარტნიორს.
ჟორამ როგორც იქნა გაჩითა თავისი კარტები და ფრთხილად დასდო მაგიდაზე, შემდეგ პაპიროსს მოუკიდა და ნერვიულად გააბოლა.
რუბენა მშვიდი მოლოდინით შეჰყურებდა.
„ვდგავარ, შენთვის წადი!„ – ჩუმად წარმოთქვა ჟორამ.
რუბენამ თავისი კარტი გასინჯა, შემდეგ კალოდიდან დაუდევრად ერთბაშად გადმოაგდო ორი კარტი.
„ოცი!„ –განაცხადა დინჯად და აქამდე დაფარული მესამე კარტიც გახსნა.
„უჰ, მაგისი… – შეიგინა ჟორამ და ჯიბიდან ხუთი ცალი 100 მანეთიანი ამოიღო, შემდეგ ჩემსკენ მობრუნდა: – დანარჩენი 500 მანეთი ჩადი!„ – მომიგდო მკვახედ.
გავშრი, ენა ჩამივარდა. ერთბაშად ყელში რაღაცამ წამიჭირა.
„დაყრუვდი?„ – ძაღლივით შემომიღრინა ჟორამ და ჩასისხლიანებული თვალები ბრაზით შემომანათა.
„მე… მე…„ – ავლუღლუღდი ენა ბლუსავით .
„რა თხასავით კიკინებ, ხომ ხედავ წავაგე, გადაიხადე!„
„მე… ფული არა მაქვს, ჟორა, ღმერთმანი ვერ ვიშოვე, ხვალ მოგცემ„ – ამოვღერღე და საცოდავად დავიღრიჯე.
„ვერ იშოვე?„ – გესლიანად ჩაიცინა ჟორამ, – შენ პრისტავკა იცი რა არის? ამ წუთში ფული, თორემ დაუბრიდავი არ გადამირჩები„.
„ჟორა, თუ ძმა ხარ..?” – წამოვიკნავლე მე.
„ახლა 9 საათია, შენ ისედაც ერთი საათი დააგვიანე გადახდა! იქნებ გგონია…„
„პრისტაკა წააგო?„ – შეაწყვეტინა რუბენამ, რომელიც მის წინ დახვავებულ ფულს დინჯად აწყობდა და ჯიბეში იტენიდა.
„პრისტავკა, და ამ ტუტუცს ჰგონია, რომ ვალის ამოსაგებად სასამართლოში ვუჩივლებ. ის კი არ იცის, რომ ორივე თვალებს დავთხრი, ცოცხლად შეგჭამ, შე მუდრეგო, შენა!„ – ძაღლივით შემომყეფა და ფეხზე წამოხტა.
საშინელების მოლოდინში გავინაბე.
„მოიცა ჟორა, – მომესმა უცებ რუბენას ხმა. – ეგ 500 მანეთი მე მოვიგე, თუ ფული არა გაქვს, გადმომაბირე, იქნებ მე არ ვიზარალო„.
„გადმოგაბირო?!„ – გაუკვირდა ჟორას.
„ჰო, როგორმე ამოვიღებ„ – მზაკვრულად ჩაიცინა რუბენამ.
„ყაბულსა ვარ, წაიყვა, თუ გინდ ცოცხლად შეწვი„.
მორიგდნენ. ჩემთვის არ უკითხავთ, თითქოს ნივთი რამე ვიყავი და არა ადამიანი.
“აქეთ მოდექ, თამაზ„ – მიბრძანა რუბენამ. შიშით მიახლოვდი.
“პრისტავკაზე სიცოცხლით აგებენ პასუხს, ან ფული, ან სული! – შენ ეს იცი?„
„არა„
„არა? აბა რა ეშმაკად თამაშობდი?„ – გაუკვირდა რუბენას.
„მე მეგონა ვიშოვიდ, მაგრამ ვერ ვიშოვე„.
„გეგონა! რაებს ჩმახავ! შენ იცი, მე ერთხელ რაზე ვიჯექი? არა? მაშ გეტყვი: ერთხელ მეც ვერ ვიშოვე ვადაზე ფული, ხოდა, რისკზე წავედი, ერთ ბინაში შევეხეტე თუმცა ნაღდში ვიცოდი ამწევდნენ, მაგრამ მაინც შევედი. რადგან პრისტავკის გადაუხდელობისათვის გამომწელავდნენ. ჩავვარდი, ეს ერთადერთი საპატიო მიზეზია პრისტავკის გადაუხდელობისათვის, თანაც კაცური მიზეზი, გაიგე?
ხმას არ ვიღებდი, თავდახრილი ისე ვიდექი, როგორც დამნაშავე მოწაფე მკაცრი მასწავლებლის წინაშე და წნორის ფოთოლივით ვცახცახებდი– ჯერ კიდევ არ ვიცოდი რას მიპირებდა რუბენა.
„აი რა, – დაიწყო ისევ რუბენამ დინჯად, – მე შენ ამჯერად დროს მოგცემ, ფულს კი გაშოვნინებ, ამ დღეებში საქმეებზე წაგიყვან, ვნახოთ რა კაცი დადგები. საქმე ფულში როდია, 500 მანეთი რა დიდი ფულია, გაპატიებდი კიდეც, მაგრამ პრისტავკას პატიება არ შეიძლება, აუცილებლად უნდა გადაიხადო, შენი ფულით, შენი ნაშოვნი ფულით. გაიგე?„
„გავიგე„.
„ჰოდა, ასე, ეს ფული სახარჯოდ დაიჭი, – რუბენამ ორი ცალი ასიანი გამომიწოდა, – ტირილს კი თავი დაანებე, ხვალიდან ჩემთან იმუშავებ, რა შენი სქმეა ბარახლოს გაყიდვა!„
მე ხმას არ ვიღებდი.
„გამომართვი ფული!„ – მკაცრად გაიმეორა რუბენამ.
შიშით აცახცახებულმა უანგარიშოდ ჩამოვართვი ასიანები. რუბენა წამოდგა და მხარზე ხელი დამკრა.
„გამოდგები!„ – გაიცინა მან. შემდეგ ჟორასთან მივიდა, – მორჩა! დღეიდან თამაზი ჩვენი ბიჭია, არაფერი აწყენინო, რაც მოხდა, ისიც დაივიწყე, გაიგე?„
„ვა, როგორ ვერ გავიგე, რუბენჯან! განა მეჯავრება, მაგრამ პრისტავკა პრისტავკაა, შევრიგდით, ჯიგარო!„ – გამიღიმა ჟორამ და ხელი გამომიწოდა.
ჩამოხრჩობილივით გავიკრიჭე და გამოწვდილ ხელს ხელი შევაგებე.
ოთახის კარები სანოვაგით და ბოთლებით დატვირთულმა არტაშამ შემოაღო, ჩემი გაღიმებული სახის დანახვაზე, თვითონაც გაიღიმა, თვალი ჩამიკრა, შემ დრო იხელთა და ჩუმად მითხრა:
„გამოგადგა ჩემი რჩევა? გითავდება?„
„ჰო, მითავდება?” – მივუგე მოკლედ.
„შენ რუბენას მაგრად მოეჭიდე მაგასთან არ დაიკარგები?” – დამარიგა ისევ არტაშამ და ბოთლების გახსნას შეუდგა.
იმ ღამით სამუდამოდ ამეხილა თვალი. ადრევე ვგრძნობდი, ჟორა და გოგი სპეკულიანტები არ იყვნენ, მაგრამ არასოდეს მიკითხია რაიმე, ახლა კი გამოირკვა, ერთიც და მეორეც ბინის ქურდობას ეწეოდნენ; მატარებელზე „მუშაობდნენ„, ეს იყო მათი პროფესია. ამაში შეზარხონებული არტაშაც გამომიტყდა.
„იცი, თამაზჯან, გასაღები რომ გთხოვე, შენს ოთახში ორ კაი ბიჭს ეძინა, ლეგავები ეძებდნენ. სამი დღის შემდეგ აითესნენ უგროზისკი პირში ჩალაგამოვლებული დატოვეს, მააშ! შენ რომ არ ყოფილიყავ, სამალავიც აღარ გვქონდა, მე სახლში მიყვანა ვერ გავბედე,ბებიაჩემი თუმცა გამოყრუებულია, მაგრამ, თვალში ჯერ კიდევ იხედება, შემეშინდა.
„რატომ აქამდე არ მითხარი?„ – შევეკითხე ნაძალადევ სიმშვიდით
„გიჟი ხარ?! – გაკვირდა არტაშას, – ეგ რომ მექნა, გაუსაღებელი არ დავრჩებოდი„.
„ახლა რატომ არ გეშინია?„
„ახლა… გაიცინა, არტაშამ, – შენ რუბენა ვინა გგონია მაგან თუ თქვა, აქედან კამჩატკამდე მოკლამენ კაცს! მოღალატეების დანდობა ჩვენს კარაბადინში არ წერია, მაგის სახელით ციხეში ქურდები სამართალსა ქნამენ, არც კასაცია, არც აპელაცია, მორჩა! იყო კაცი და, აღარ არის კაცი! ასეა„.
რუბენა ყველაზე მეტს სვამდა, მაგრამ საოცარი ის იყო, რომ სრულებით არ ეკიდებოდა სასმელი. სხვები კი მაგრად დაითვრნენ. მე ღვინოს არ ვეკარებოდი, ყოველივე იმან, რაც ცოტა ხნის წინათ გადამხდა, კრიჭა შემიკრა და შიშით შეპყრობილი ისე ვუცქეროდი რუბენას, როგორც მოჯადოებული ჩიტი გველს.
ღამის დაახლოებით ორ საათზე რუბენა წამოდგა.
„გვიანაა დავიძინოთ!„
ყველანი წამოდგნენ.
„მე თამაზთან ვრჩები!„ – უმისამართოდ თქვა რუბენამ და ჩემს საწოლზე გაიშხლართა. სხვები სწრაფად გაიკრიფენ ოთახებიდან. კარები ჩავკეტე და სკამზე ჩამოვჯექი. ოთახში ერთი საწოლის მეტი არ იდგა, მეორე დიდი ხანია გავყიდე, ლოგინიც არ მქონდა, მაგრამ შიშით ხმას ვერ ვიღებდი, რუბენამ თვალი გაახილა, წამოდგა, საწოლიდან საბანი აიღო მომაწოდა.
„გაშალე და დაწექი!„ – მომიგდო მოკლედ.
ხმა არ ამომიღია, ჩუმად გავშალე იატაკზე თხელი საბანი, ტანსაცმელი გავიხადე, შემდეგ შუქი გამოვრთე და მივწექი, მაგრამ ძილი არ მომკარებია.
„ხვალიდან ჩემთან იმუშავებ„ – გამახსენდა რუბენას დაპირება და ჟრუანტელმა დამიარა. რა მოჰყვება ჩემს „მუშაობას?„ ალბათ ციხე! დამიჭერენ, ციხეში ჩამსვამენ, იქნებ უარესიც მიქნან, იქნებ სჯობია ახლავე გავიქცე? მივალ დეიდასთან, ბოდიშს მოვუხდი, ყველაფერს ვეტყვი, გამიგებს, საიდუმლოს შემინახავს, შემდეგ რაღაც გამოსავალიც გამოჩნდება. ამ აზრმა გამახალისა. ლოგინიდან წამოვდექი და ფრთხილად გადავხედე რუბენას: იგი ყელში ხანჯალგაყრილ ხარივით ხრიალებდა.
„გაიქეც, ვიდრე გვიან არ არის, გაიქეც!„ – ჩამძახოდა იდუმალი ხმა.
„ახლავე, ახლავე!„ – ვუპასუხე მე და ფრთხილად დავიძარ კარებისაკენ, მაგრამ გზა არტაშამ გადამიჭრა. დამცინავად შემომხედა.
„სად მიხვალ თამაზ დეიდასთან უნდა დაიმალო? შენ რუბენა ვინა გგონია? მაგან თუ თქვა, აქედან კამჩატკაზე მოკლამენ კაცსს, სიცოცხლე მოგძულდა?„
გამოვერკვიე, კარებთან საცვლებისამარა ვიდექი და უაზროდ მივჩერებოდი ცარიელ სივრცეს. მოჩვენება გაქრა. ოთახში გამეფებულ სიჩუმეს მხოლოდ რუბენას ხრიალი არღვევდა. უეცრად მივხვდი, რომ ვერსადაც ვერ წავიდოდი, საამისოდ არც გამბედაობა მყოფნიდა და არც ნებისყოფა.
რუბენამ დაახველა, გვერდი იცვალა. ციებიანივით ავკანკალდი. „მომკლავს, თუ გაიღვიძა და მიმიხვდა, რომ გაპარვას ვაპირებდი„ – ელვასავით გამირბინა თავში და სწრაფად დავუბრუნდი საწოლს.
მთელი სხეული მიკანკალებდა, საწოლზე წამოვჯექი, მაგიდაზე ხელის ფათურით მოვძებნე ღვინის ბოთლი, მოვიყუდე და ნახევარზე მეტი სულმოუთქმელად დავლიე. მესიამოვნა, კანკალმა გამიარა, ოდნავ დავმშვიდდი კიდეც.
გვიან ჩამეძინა. მესიზმრა, ქობულეთში ვიყავი, ციალა საცურაო კრსტუმში ჩემს გვერდით ქვიშაზე იწვა, მხიარულად ვბაასობდით, ვიცინოდით. მშვიდი ლურჯი ზღვის ტალღები ნაზად გველამუნებოდა ფეხებზე.
„ვიბანაოთ!„ – ვთხოვე ციალას.
სიცილით დამეთანხმა დგაფუნით შევერიეთ რბილ ტალღებს.
„დამიჭირე!„ – ცელქად წამოიძახა ციალამ და მხარულით დაწინაურდა. მკლავი გავმართე, დავედევნე, ციალამ გამასწრო. შემრცხვა, სწრაფად მოვუსვი მკლავი, მაგრამ მაინც ვერ დავეწიე. დიდხანს მივდევდი… უეცრად ციალა შესდგა, ნაპირისაკენ გაიხედა, იმავე წამს მკლავში ჩავავლე ხელი.
„ხომ დაგიჭირე!„ – შევძახე გახარებულმა.
ციალას არ უპასუხნია ისევ ნაპირისაკენ იხედებოდა. უნებურად მეც ნაპირს ვესროლე მზერა, საკმაოდ შორს გაგვეცურა, ნაპირზე მყოფნი ქონდრის კაცებივით მოჩანდნენ.
„დავბრუნდეთ, თამაზ, მეშინია„ – შემომჩივლა ციალამ.
„რა მოგივიდა, ციალა, დაიღალე?„ – ვკითხე მზრუნველობით.
„მეშინია, თამაზ…„
„რა სისულელეა, რისა გეშინია?„ – შევცინე.
უეცრად ჩამობნელდა, ზღვა გაშავდა და აქოჩრილი ტალღები ბოროტი ღმუილით შეეხეთქნენ ერთმანეთს. ნაპირი თვალიდან დამეკარგა, ვერაფერს ვხედავდი, გარდა ციალასი, რომელიც აზვირთებულ ტალღას აყოლილი მთელი სისწრაფით უსვამდა მკლავებს.
„ყოჩაღად, თამაზ!„ – მესმოდა მისი ხმა.
უეცრად ტალღამ დამკრა და რამდენჯერმე დამატრიალა ადგილზე. ორიენტაცია დავკარგე, უკვე აღარ ვიცოდი საით იყო ნაპირი, ტალღები ზღვის ფსკერისაკენ მეზიდებოდნენ. ციალა გაქრა, თვალთაგან დამეკარგა.
საშინელებამ შემიპყრო.
„ციალა, ციალა!„ – ვიბღავლე უეცრად.
„აქეთ, თამაზ, აქეთ!„ – მომესმა ციალას ძახილი და ძალა შემემატა.
მოვარდნილმა უზარმაზარმა ტალღამ თვალუწდენელ სიმაღლეზე ამწია, ტალღის ქედზე მოქცეულმა ციალა დავინახე, ნაპირს მიეღწია, ხელს მიქნევდა. „ფრთხილად, თამაზ, ფრთხილად! ტალღას გამოჰყევ, არ დაიმსხვრე!„ – მომესმა ისევ მის ხმა და ნაპირიც განათდა.
გაბედულად მოვუსვი მკლავები, ტალღა გაგოროზდა. კიდეუვ უფრო მაღლა აიწია და საშინელი ღრიალით მიასკდა ნაპირს. ფეხქვეშ ქვიშა ვიგრძენი, გახარებული გავექანე ციალასაკენ, მივუახლოვდი კიდევ სამი ნაბიჯი… ორი, ერთი და ციალათან ვიქნები.
„გაფრთხილდი, თამაზ!„ – მომესმა სასოწარკვეთილი კივილი და იმავე წამს ნაპირზე მისული უეცრად მოვარდნილმა ბობოქარმა ტალღამ ბუმბულივით ამიტაცა, უკანვე გამაქანა.
„ვერ წახვალ, აქ უნდა დარჩე!„ – ჩამესმა ყურში ბოროტი ხითხითი და ხახადაღრენილმა ურჩხულმა ბასრი კბილები ჩამასო, სიღრმეში წამათრია.
„მიშველეთ, მიშველეთ!„ – ავბღავლდი საშინელებით შეპყრობილი და გავიბრძოლე, ურჩხულმა კვლავ ადამიანივით ჩაიხითხითა და დინჯად გაცურდა ღია ზღვისაკენ.
უცნაური შარავანდედით მოცული ციალა, შორეულ ნაპირზე მდგარი, ხელს მიქნევდა, რაღაცას მეძახდა, ურჩხული სწრაფად მიცურავდა, თანდათან ვშორდებოდი ნაპირს, ციალა ნათელ წერტილივით ჩანდა ჰორიზონტზე. უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე, საშინელი ურჩხულს თავისუფალი ხელით ყელში ვეცი.
„მიშველეთ!„ – ვიბღავლე არაადმიანური ხმით.
„რა ეშმაკი გაბღავლებს!„ – შემომიტია ურჩხულმა ნაცნობი ხმით.
უეცრად თვალი გავახილე, იატაკზე ვიწექი, თავს რუბენა დამდგომოდა.
„რა ეშმაკი გაბღავლებს– მეთქი!„ – მეკითხებოდა ის გულმოსულად.
გამოვერკვიე, გული საშინლად მიცემდა. ოფლში ვცურავდი, უაზროდ მივჩერებოდი ჩემს ლოგინთან დახრილ რუბენას, რომელიც საოცრად გავდა სიზმარში ნახულ საზარელ ურჩხულს.
„ადე! რამდენი ხანია გათენდა, აგრე საშინლად რომ ღრიალებდი, ჟორა ხომ არ ჩაგყოლია სიზმარში?„ – ბოროტად გაიცინა რუბენამ .
„სიზმარი ვნახე, საშინელი სიზმარი, მახრჩობდნენ!„ – მივუგე უანგარიშოდ და საწოლზე წამოვჯექი.
„ადე, ადე! სიზმარში დახრჩობა არაფერია, ცხადში არ გაგგუდოს ვინმემ„ – მიპასუხა აგდებულად რუბენამ.
ძლივს ავითრიე დაჟეჟილი ტანი იატაკიდან, საბანი ავიღე და საწოლზე დავაგდე.
რუბენა მაგიდასთან ჩამოჯდა, შეწყვეტილ საუზმეს დაუბრუნდა, უხმოდ ილუკმებოდა, ვახშმის ნარჩენს შეექცეოდა და პირდაპირ ბოთლიდან სვამდა ღვინოს.
ტახტზე მორჩილად ჩამომჯდარი, მოთმინებით ველოდი როდის გაათავებდა საუზმეს რუბენა, მაგრამ იგი არ ჩქარობდა. დინჯად ისაუზმა. დარჩენილი ღვინო მთლიანად შესვა, შემდეგ პაპიროსი მოუკიდა, ფანჯარათან ჩემგან ზურგშექცევით დადგა და ალაპარაკდა:
„მე ახლა წავალ, შენ სახლიდან ფეხი არსად გაადგა, ამ საღამოს ან ხვალ ჩემი გამოგზავნილი კაცი მოვა, საქმეზე წაგიყვანს. უსიტყვოდ შეასრულე რაც გიბრძანოს, თორემ… – რუბენა უეცრად მობრუნდა, ბოროტი მზერა მესროლა, – გაიგე?„
„გავიგე„ – ამოვიკნავლე.
მისი სახე და საშინელი, ერთმანეთზე გადამბული სქელი წარბები მაშინებდა. მინდოდა თვალი ამერიდებია, არ შემეხედა, მაგრამ ვერ ვახერხებდი, ისევ იმ ჩიტად გადავიქეც, ხის ტოტზე მჯდომი, მოჯადოვებული, თვითონვე რომ უვარდება პირში მომჯადოებელ გველს.
რუბენა ერთხანს მიყურებდა, თვალით მბურღავდა, შემდეგ ისევ ფანჯრისაკენ შებრუნდა და თითქოს თავისთვის ლაპარაკობსო, განაგრძო: „საქმეს გააკეთებ… შენს მუშაობაზე პასუხს მე ვაგებ, არაფერი მიჰქარო, თორემ კატასავით დაგახრჩობ. მე ხუმრობა არ ვიცი! ამ პირველი საქმით გადაწყდება შენი ბედი, ეს კარგად დაიხსომე! ენას კბილი დააჭირე, რახან ჩვენი გახდი, ესეც იცოდე, მოლაყბეს დანის წვერი არ აცდება! ჩემი სახელი სხვებისათვის დაივიწყე, თუ ვინმესთან დაგცდენია, ოთხში ამოგიღებ! არც გაქცევა იფიქრო, საფლავშიაც ვერ დამემალებ! – დაამათვრა მან მუქარით, შემდეგ ქუდი აიღო, – წავედი!„ – მომიგდო ძაღლივით და ისევ გავიდა ოთახიდან, რომ ჩემთვის ზედაც არ შეუხედავს.
მთელი დღე ბინიდან ფეხი არ გამომიდგამს, შიშით დაბეჩავებული რუბენას მიერ გამოგზავნილ კაცს ველოდებოდი, ყოველ მცირე ხმაურზე გული ბუდიდან ამოვარდნას ლამობდა და შიშისაგან გაფითრებული თვალებით კარებს მივჩერებოდი.
დაღამდა. „ალბათ ღამე მოვლენ„ – გავიფიქრე. გახდა ღამის პირველი, შემდეგ ორი საათი – არავინ ჩანდა. – იქნებ არავინ მოვიდეს, შეიძლება რუბენა მეხუმრა, შემაშინა„ – გავიფიქრე იმედიანად.
როგორც იქნა გათენდა. ოდნავ იმედმოცემული ოთახიდან გამოვედი, პური და საუზმე ვიყიდე და უკანვე დავბრუნდი. იმ ღამემაც მშვიდობიანად ჩაიარა, მე ოთახიდან არ გავსულვარ. არტაშაც სადღაც გადაიკარგა.
იმედი მომეცა: „იქნებ რუბენა კიდკვაც დაიჭირეს ჩემთვის აღარ სცალია„ – გამიელვა გონებაში. ამ აზრმა გამახალისა, თითქმის დავაჯერე ჩემი თავი, რომ რუბენა აღარ მოვიდოდა, არც ვინმეს გამოგზავნიდა. „მადლობა ღმერთს, გადავრჩი!„ – ვიმეორებდი სიხარულით, მაგრამ ოთახიდან მაინც ვერ გავდიოდი.
ღამის პირველ საათწე თითქმის მთლიანად დამშვიდებული დავწექი. თუ ამაღამაც არავინ მოვიდა, ხვალ გათენდება თუ არა, დეიდა თამართან მივალ, ყველაფერს ვეტყვი, არაფერს დავუმალავ, ციალასაც მივწერ, შეიძლება ჩამოვიდეს კიდეც…
ტკბილ ფიქრებში გართულს ტკბილად ჩამეძინა… არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, უეცრად თვალი გავახილე, კარებზე ფრთხილი კაკუნი მომესმა. გავინაბე, კაკუნი განმეორდა.
„ვინ არის?„ – შევეხმიანე ფრთხილად.
„გააღე!„ – მომესმა უცნობი ხმა.
წელი მომწყდა, სხეული მომიდუნდა და საწოლიდან წამოდგომა ვეღარ მოვახერხე.
„გააღებ თუ არა?„ – იკითხა კარებს უკან ჩუმმა ხრინწიანმა ხმამ და უწმაწურად შეიგინა ავდექი, ძლივს მივსლასლასდი კარებთან და გასაღები გადავატრიალე ოთახში ჯუჯა ტანის ახალგაზრდა შემოვიდა, წვრილი ბოროტი თვალები ჰქონდა.
„შენ რა დაყრუვდი?„ – ჩაიხრიალა მან.
„მეძინა„ – მივუგე და ავკანკალდი.
„ე, მანდ სულ არ დაგაძინო, მუდრეგო, ვირიშვილო!„ – ძაღლივით შემომყეფა, – ერთი საათია ვაკაკუნებ!„
ხმა არ ამომიღია. შუა ოთახში გაჩერებული, საცოდავად შევყურებდი ჩემს სულთამხუთავს.
„რას უყურებ, ჩაიცვი!” – შემომიღრინა მან.
უსიტყვოდ დავემორჩილე, ვიდრე აკანკალებული ხელებით ფეხსაცმლის თასმებს ვიკრავდი, ჯუჯა უცნობი მაგიდასთან იდგა და თვალს არ მაშორებდა. როგორც იქნა მოვრჩი ჩაცმას და უსიტყვოდ მივაჩერდი.
„ახლა მისმინე! – დაიწყო მან, – რუბენამ გამომაგზავნა, შენც იცი რაზე – საქმეზე სამნი წავალთ, არაფერი აურიო, თორემ იქვე დაგაკლავ! – ჯუჯა ცოტა ხნით შეჩერდა და შემდეგ უფრო რბილად დაუმატა: საშიში არაფერია, სახლში არავინაა, საქმეს ადვილად გავაკეთებთ, შემდეგ ჩემგან თავისუფალი იქნები.„
„მე რომ ქურდობა არ ვიცი?„
„ისწავლი! – გაიცინა ჯუჯამ, – რუბენგამ ბევრი გაზარდა. შენც გაიზრდები. აბა წავიდეთ!„.
ოთახიდან გამოვედით. ბევრი არ გვივლია, ხუთიოდე კვარტალი გავიარეთ და რომელიღაც მიყრუებულ ეზოში შევედით ჯუჯამ ფრთხილად დააკაკუნა სარდაფის განათებულ ფანჯარაზე, მაშინვე გაგვიღეს კარი. ორთავენი შევედით, მაგიდასთან გამხდარი, ქერათმიანი ყმაწვილ იჯდა, ორიოდე წლით თუ იქნებოდა ჩემზე უფროსი,მხიარულად შემოგვცინა „მოხვედით?„ – შეგვეკითხა ღიმილით.
„მოვედით!„ – უპასუხა ჯუჯამ კუშტად.
„აბა, აბა მხიარულად! რას იღუშები!„ – გაეპასუხა ქერა, შემდეგ ჩემთან მოვიდა, მეგობრულად დამარტყა მხარზე ხელი. „გეშინია? – მკითხა სიცილით და პასუხისათვის არც დაუცდია ისე განაგრძო: – არა უშავს პირველად ყველას ეშინია, მერე ეჩვევიან, შენც შეეჩვევი„.
არ მიპასუხნია.
ახლაც არ ვიცი ვისი ბინა გავქურდეთ იმ ღამეს. ქერამ შუშა ამოსჭრა, თავისუფლად გავაღეთ ფანჯარა და შიგნით გადავედით. შემდეგ ვერაფრით ვერ მოვიგონე რას ვაკეთებდით ბინაში, რამდენ ხანს დავრჩით იქ, როდის წამოვედით. მხოლოდ ის დამამახსოვრდა, როდესაც ნაქურდალით დატვირთულებმა რომელიღაც ბნელ ქუჩაში შევუხვიეთ, მიუხედავად იმისა, რომ სულისშემხუთველი სიცხე იყო, მციოდა, კბილს კბილზე მაცემინებდა და რატომღაც საშინლად მერეოდა გული. შევერიეთ თუ არა სიბნელეს, ჩემს გვერდით მომავალმა ქერამ ჩომოდანი დადგა, ხელი დამავლო და რამდენჯერმე ღონივრად გამაწნა სილა. უეცრად გამოვფხიზლდი, ავენთე, მეც გავაგდე ხელიდან ჩომოდანი და სამაგიეროს მიზღვევა დავაპირე, ქერამ ჩუმათ ჩაიცინა.
„– ნუ ფაფხურობ, ეს გამოსაფხიზლებლად გითავაზე და არა საჩხუბრად„ – ჩაიჩურჩულა მან, შემდეგ ჩომოდანი აიღო და გზას ისე გაუდგა, ვითომ არაფერი მომხდარიყოს. მეც უკან გავყევი.
გათენებისას რომელიღაც ბინაში მივედით, რუბენაც იქ დაგვხვდა. გამომცდელად ამათვალიერა, მზერა გავუმართე. მიღებული სილების, თუ სხვა მიზეზით, უკვე აღარ ვკანკალებდი, მაგრამ უფრო საოცარი ის იყო, რომ სრულიადაც აღარ ვგრძნობდი იმ შიშს, რომელსაც ადრე რუბენას დანახვისას განვიცდიდი.
„ყველაფერი რიგზეა?„ – კითხა რუბენამ ქერას.
„ყველაფერი, რუბენჯან! თამაზმა ხოშიანად იმუშავა, ვერც კი იტყოდი თუ პირველად იყმო საქმეზე„.
„აკი ვთქვი კაცი დადგება–მეთქი!„ – ღიმილით შემომხედა რუბენამ.
ქერამ სიცილი დაიწყო.
„დადგება და აგრე? ორიოდე სილა დასჭირდა, ეგ იყო და ეგ, გათავდა მაგის ნათლობა„.
„გითაქა?„ – შემეკითხა რუბენა.
„მითაქა!„ – ვუპასუხე მე.
„ვა, ეგ არის, მე კინაღამ რწყევით მოვკვდი პირველ საქმეზე–გადაიხარხარა ქერამ, შემდეგ რუბენას მიუბრუნდა, – რაც მე იმ ღამეს მჟეჟეთ, ერთი კვირა მეკიდა ფარნები, თამაზი კი იოლად გამოვიდა გაკვეთილს, ორი სილა რა საანგარიშოა, მე უფრო ლმობიერი ოსტატი ვარ, ჰა, რას იტყვი, ჯიგარო?„ – შემომცინა ქერამ და მეგობრულად დამკრა ხელი.
გავიღიმე.
„კარგია, მორჩით, საქმეს მივხედოთ! – თქვა რუბენამ. შემდეგ ოთახის კუთხეში ჩუმად მჯდარ ჯუჯას მიუბრუნდა – პატაშ, დილით არტაშას იპოვნი, საქონელს გადასცემ და გააფრთხილებ თბილისში არ დაალეხოს, სხვაგან გაგზავნოს სადმე, ეხლა კი დავიძინოთ. ორიოდე დღე დავისვენოთ, უგროზისკმა არსად ჩაგვავლოს.
იმ ღამეს სამუდამოდ ჩამომართვეს ჩემი სახელი და „ლამაზო„ შემარქვეს. ამ სახელით შევრჩი თბილისის ქურდებს.
რუბენა უკვე მგლურად აღარ მიცქეროდა, მარიგებდა და მიხსნიდა როგორ უნდა მოვქცეულიყავ, რომ ქურდებში პატივისცემა დამემსახურებინა შემდეგში, როდესაც თბილისიდან გადავიკარგე, ზუსტად გამოვიყენე რუბენას გაკვეთილები. ქურდები მორიდებით მექცეოდნენ, ჩემს სიტყვას ანგარიშს უწევდნენ, მემორჩილებოდნენ.
ორი დღე რუბენასთან გავატარე. ბინა ვიღაც აისორს ეკუთვნოდა, ის გვემსახურებოდა,როგორც ბატონებს. რუბენა ფულს უხვად აძლევდა, დღე და ღამე ვლოთობდით, ვთამაშობდით, რუბენა აშკარად მმფარველობდა, მასწავლიდა, მშვიდად მეთამაშა, როდის რა ფოსტას გავსულიყავ. მესამე დღეს ჟორა მოვიდა, საგანაგებოდ ვეთამაშე, უკანასკნელი შარვალიც მოვუგე და სიამოვნებით ვუცქეროდი ტრუსების ამარა მჯდარს. რუბენა ხარხარებდა.
„მა რა გეგონა, ოხერ! სულ შეგირდად კი არ დარჩებოდა, შენ ეგ ვინა გგონია, ტყუილად კი არ შევარქვით „ლამაზო„.
ჟორა ბრაზისაგან იხერხებოდა, მაგრამ ვერაფერს უბედავდა მოხარხარე რუბენას.
იქვე ჩავიცვი ჟორას კოსტუმი და ფეხსაცმელები, მოგებული ფული ჯიბეში ჩავიტენე ერთი კვირის წინ გადატანილი შიშის სამაგიეროს მიზღვა სატანურ სიამოვნებას მგვრიდა. პრისტავკაზე თამაში შევთავაზე, უარი თქვა.
რუბენა სიცილით იგუდებოდა.
„ჰო, შეგაშინა? ეთამაშე, რო ერთი ინტერესნად დაგიხაზოს სახე, მა რა გეგონა შეჭმას რო უპირებდი, მუდრეგნახევარო!„
ჟორა ხმას არ იღებდა.
მე სრულიადაც აღარ მეშინოდა მისი. უკვე ვიცოდი,ვერც ფულს წამართმევდა, ვერც რაიმეს გამიბედავდა, მე ახლა ქურდი ვიყავი და ქურდების კანონი მიცავდა, დაუწერავი კანონი, სასტიკი და დაუზოგავი…
მესამე დღეს ჩემს ოთახში დავბრუნდი.
არტაშა შემომეგება, მაშინვე შემამჩნია ახალი ტანსაცმელი.
„სად იყავი ჯიგარო? მომილოცავს ახალი კოსტუმი! მშვიდობაში!„
„სხვაგან„! – ვუპასუხე მოკლედ.
„დეიდაშენთან არ შეგივლია?„
„არა, რაში გაგახსენდა დეიდაჩემი?„ – შევეკითხე ცივად.
„ვა, რასა ბრაზობ, აქ ერთი შიშაქი ვინმე მოვიდა, გიკითხა, დღესაც იყო, ასე თქო, დეიდაშვილი ვარო, იმიტომ გკითხე.„
„რეებსა მიჰქარავ, დეიდაჩემს შვილი არა ჰყავს„
„მაშ ვინ იყო?„ – გაუკვირდა არტაშას.
„მაიმუნობას თავი დაანებე, მე არავითარი დეიდაშვილი არა მყავს.„
„ჩემმა მზემ! სიყმე მოკვდეს თუ ტყუილს ვთქომდე! ვიღაც გოგო იყო. გეუბნები, ორჯერ მოვიდა თითონა თქო დეიდაშვილი ვარო, დედამ გამომაგზავნაო„.
„არა ტყუი?„
„ვა, რა სარგებელი მაქვს!„
დავრწმუნდი, რომ არტაშა არ ტყუოდა, მაგრამ ვინ იყო. ალბათ დეიდამ თვითონ ვერ გაბედა მოსვლა და ვინმე მეზობლის გოგონა გამოაგზავნა, ვიფიქრე და ოთახში შევედი. საშინელი მძიმე სუნი ტყვიასავით მეძგერა, ფანჯარა გავაღე, არეული საწოლი გავასწორე. ნაგვით ავსებული რამდენიმე დღის მიულაგებელი ოთახი ბუნაგს უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანის საცხოვრებელს. ფიჯაკი გაფიხადე, დაუდევრად მივაკიდე სკამზე და საწოლზე მივეგდე. დიდხანს ვიწექი, ფიქრს გავურბოდი ან რაღა მქონდა საფიქრალი, რუბიკონი გადალახული იყო, მე ახლა რუბენას შეგირდი ვიყავ და გულმოდგინედ ვცდილობდი მისთვის მიმებაძა – „დავაჟკაცებულიყავ„
„კაცი„ – წარმოვსთქვი ხმამაღლა და გამეცინა.
კარებზე ფრთხილად დააკაკუნეს.
„არტაშაა, – გამიელვა თავში, – შემოდი!„ – გავძახე მკვახედ, კარები გაიღო, ზურგშექცევით ვიწექი, შემოსული არ დამინახავს, მაგრამ მივხვდი, რომ კარებთან გაჩერდა და აღარ იძვროდა. ადგომა არც მიფიქრია. არტაშა მხოლოდ ნაქურდალის გაყიდვაზე მუშაობდა და მე მორიდებით უნდა მომპყრობოდა, ასე მასწავლა რუბენამ.
„რას უდგახარ , აქეთ! მოდექ!” – გავეხმიანე შემოსულს მისკენ გაუხედავად.
„თამაზ„!
ნაცნობმა ხმამ ელდენივით გამიარა ტანში და საწოლიდან წამომაგდო. კარებისაკენ მივბრუნდი, უეცრად თავბრუ დამესხა, ყელი გამიშრა, უაზროდ გავიწვდინე ხელები, მაგრამ ნაბიჯის გადადგმა ვერ მოვახერხე. კარებში ციალა იდგა და ცრემლჩამდგარი თვალებით ღიმილით მიცქეროდა.
„ციალა, ძვირფასო!„ – ვიყვირე უეცრად, საწოლიდან ვეფხვივით ვისკუპე და ანგარიშმიუცემად გულში ჩავიკარ.
იგი ოდნავ გამიძალიანდა, ჩემს გაშმაგებულ ალერსს სახე მოარიდა, თავი მკერდზე მომადო და აქვითინდა.
„ციალა, ჩემო ციალა!„ – ვლუღლუღებდი და ერთი სიტყვაც ვერ მეპოვნა მის დასამშვიდებლად.
ასე გაგრძელდა რამოდენიმე წამს. პირველად ციალა გამოერკვა, ჩემი მკლავებიდან თავი მტკიცე მოძრაობით გაინთავისუფლა და უსიტყვოდ ჩამოჯდა მაგიდასთან, ცდტლობდა გაეღიმა, არ ეტირა, მაგრამ ცრემლები თავისთავად დიოდა მის დიდრონ თაფლისფერ თვალებს.
ამ სამი თვის განმავლობაში ციალა შესამჩნევად შეცვლილიყო, მკერდი დასრულებოდა, მზე მოკიდებოდა. კიდევ უფრო გამშვენიერებულიყო.
ორთავე ვდუმდით, არ ვიცოდით როგორ დაგვეწყო საუბარი და ერთმანეთს გაბუტული ბავშვებივით შევცქეროდით, მყუდროებას მხოლოდ ჩვენი სუნთქვა არღვევდა. ბოლოს ისევ ციალამ მოახერხა თავის დაოკება, ცრემლი შეიშრო, თბილად შემომხედა და ფართოდ გამიღიმა.
„როგორ ცხოვრობ, თამაზ როგორა ხარ?„
„ვარსებობ, ციალა, ჯერ არ მოვმკვდარვარ„ – გავიხუმრე უკბილოდ და საცოდავად გავიღიმე.
„გამხდარხარ, თამაზ, თვალები შეგშუპებია, წარბებ შუა ნაოჭები გაგჩენია, – თანაგრძნობით მითხრა ციალამ და დაუმატა: – ბევრს მუშაობ?„
“ჰო, არა, არც მაინცდამაინც„ – ვუპასუხე არეულად
ციალამ გამომცდელად შემომხედა, თვალი ვერ გავუსწორე, მზერა, ავარიდე.
„შენ რაღაცას მიმალავ, თამაზ„ – მისაყვედურა.
„არა, ციალა, რას უნდა გიმალავდე, მე უბრალოდ დავიღალე, ძალიან დავიტანჯე„.
„დაიტანჯე? მერე ამიტომ შესწყვიტე წერილების წერა?„
მე ვდუმდი.
„არ ვიცი ციალა, რა გიპასუხო, ეს ისე, რაღაც თავისთავად, ჩემდაუნებურად მოხდა, – მივუგე თავაუღებლივ. შემდეგ გამბედაობა მოვიკრიბე და დავამატე: – მართლაც რუსეთში ვაპირებდი წასვლას, ჯერ არ გადამიფიქრებია, ალბათ წავალ„.
„შენ სტყუი, თამაზ! მე ყველაფერი ვიცი!„
თავზარი დამეცა. ციალამ ყველაფერი იცის, გამიელვა თავში და მხოლოდ ახლა გამახსენდა რუბენა, ბინის გაქურდვა, და ის რომ მე სიკვდილ–სიციცხლით სხვა ხალხთან, ვიყავი დაკაშირებული, აქამდე თავს ვიტყუებდი, ახლა კი ნათელი გახდა, ციალა ჩემთვის სამუდამოდ იყო დაკარგული! ჩემს არჩეულ გზაზე ის არ გამომყვებოდა, არც მე ვისურვებდი შეუძლებელს. „რა უფლება მაქვსმე, ქურდს და ბოროტმოქმედს, იმედი ვიქონიო სათნო და მშვენიერი ქალიშვილის სიყვარულისა„ – გავიფიქრე მწარედ და კიდევ უფრო დავხარე თავი.
„რამ დაგამუნჯა, თამაზ!„ – მომესმა ფიქრებში წასულს.
„ცხოვრებამ, ცხოვრებამ დამამუნჯა!„ – ვუპასუხე მწარედ. მერე ჯიბიდან პაპიროსი ამოვიღე, მოვუკიდე და ნერვიულად გავაბოლე.
„შენ, შენ ეწევი, თამაზ?„
ციალას შევხედე, მას თვალები გაფართოებოდა და შიშით მიცქეროდა.
„ჰო, ციალა, აგერ სამი თვეა ვეწევი„ – ვუპასუხე და ცალყბად გავიღიმე.
„მაშ ასე, ეწევი, სვამ! – ციალამ მაგიდაზე მდგარ და ოთახის კუთხეში მიყრილ ცარიელ ბოთლებს გადახედა, – ეს იყო შენი დაპირება?„
მე ისევ დუმილი ვარჩიე.
„თამაზ, მე შენ ვაჟკაცი მეგონე, მტკიცე ნებისყოფის ახალგაზრდა, განა მარტო შენს თავზე დატრიალდა ქარიშხალი? არც მე გაუნებივრებივარ ცხოვრებას, მაგრამ სულით არ დავცემულვარ, შენ კი რა მოგდის, თამაზ! პაპიროსი, ღვინო, ლოთობა… ამისათვის გამოექეც დეიდა თამარს? ამისათვის გააგდე სახლიდან? – ციალას ხმას სიმკაცრე დაეტყო.
„მე ყველაფერი გავაკეთე, ციალა, რომ ცხოვრებას არ გავეთელე, მაგრამ არფერი გამომივიდა, დავმარცხდი!„ – ჩავილუღლუღე ჩუმად.
დამარცხდი? შენ ბრძოლაც კი არ გიცდია, სურვილიც არ აღგიძვრია ბრძოლის, უბრალოდ მოეშვი, გზას აცდი და არა დამარცხდი! – ხმას აუწია ციალამ და ფეხზე წამოდგა, – შენ, შენ ფეხქვეშ გათელე ჩვენი სიყვარული, ჩვენი დიდი გრძნობა. ცხოვრებას, ბედნიერებისათვის ბრძოლას ღვინო და თამბაქო არჩიე. ასეთი სულმოკლე ხარ?„
„ციალა!„ – ავუწიე მეც ხმას, – მე სულმოკლე არა ვარ. არც მშიშარა. ღვინო და თამბაქო მე არ ამირჩევია, თვით ცხოვრებამ მომიწოდა ერთიც და მეორეც. შენ არ იცი როგორ ვეწამე, რა გადავიტანე ამ ექვს თვეში, რამდენი ვიბრძოლე და როგორ დავმარცხდი! ნუ მისაყვედურებ, ჩემს წყლულები არ აკლია, ახალი ჭრილობა საჭირო აღარ არის, ზედმეტია!„
დუმილი ჩამოვარდა, ციალა შიშჩამდგარი თვალებით გაკვირვებით შემომცქეროდა, მე ბოლთას ვცემდი, გაშმაგებით ვეწეოდი პაპიროსს და ციალას მზერას თვალს ვარიდებდი.
წუთები მძიმედ მიდიოდა.
„თამაზ!„ – დაარღვია ციალამ დუმილი, – შენ ახლავე წამოხვალ დეიდა თამართან და არასოდეს, გესმის, არასოდეს არ დაბრუნდები ამ დაწყევლილ ოთახში, აქ ცხოვრება შენ საშინელებას მოგიტანს, დაიღუპები!„
„გვიანღაა, ციალა!„
„თამაზ! – შეჰყვირა ციალამ, – გაფიცებ ჩვენს სიყვარულს, ეკას სახელს, ახლავე წამოდი!„
„გვიანღაა–მეთქი, ციალა, მე ჩემს თავს აღარ ვეკუთვნი!„
„რას ამბობ თამაზ!„ – თითქმის იკივლა ციალამ.
„შენ არ იცი, ციალა, ნურც მკითხავ, ამით არაფერი შეიცვლება.„
ციალა უხმოდ ატირდა, ღაპაღუპით დაედინა მსხვილი ცრემლები.
„აღარ გიყვარვარ?„ – შემეკითხა ტირილით.
„მიყვარხარ, ციალა, სიცოცხლეს მირჩევნიხარ! ერთი შენი ცრემლისთვის უყოყმანოდ გავწირავ თავს, წვეთწვეთობით მივცემ სისხლს, მაგრამ მე… მე ჩემს თავს აღარ ვეკუთვნი, ჩემი სიყვარული მხოლოდ უბედურებას, საშინელ სირცხვილს მოგიტანს. შენ არ იცი რა ძნელია ჩემთვის შენი დათმობა. ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ნათელი სხივის ჩაქრობა. მხოლოდ შენი სიყვარული მინათებდა გზას, ბედს ისიც შეშურდა. ჩემი გული დაცარიელდა, იქ სიბნელემ და სიცივემ დაისადგურა, როგორც კუბოში„…
„საშინელებას ლაპარაკობ, თამაზ!„
„შეიძლება, მაგრამ ესსაშინელება სინამდვილეა, სრული სიმართლეა.„
„რა გადაგიწყვეტია, თამაზ?„
„მე არაფერი, სხვებმა გადაწყვიტეს, ჩემი აზრი არც კი უკითხავთ.„
„თამაზ!!!„
„კმარა, ციალა, ნუღარ მტანჯავ, ომ ხედავ, რომ ამით არაფერი შეიცვლება, თამაზი მოკვდა, უკვე კარგა ხანია მოკვდა!„..
„მითხარი მაინც რა მოგივიდა, რა შეგემთხვა?„
„ციალა, მე ბევრი ღამე გავათენე შენზე ფიქრით, შენ ჩემი პირველი და უკანასკნკლი სიყვარული ხარ. ჩემს თავსაც არ ვუტყდებოდი, რომ ოდისმე შევურიგდებოდი შენს დაკარგვას. უძილო ღამეებში გესაუბრებოდი, აზრებს გიზიარებდი, რჩევას გეკითხებოდი, მხოლოდ ის აზრი მასულმდგმულებდა, რომ შენ გიყვარდი, ოდესმე ერთად ვიქნებოდით. ამით გამხნევებული ვებრძოდი ცხოვრებას, მაგრამ დავმარცხდი, ყველაფერი დავკარგე! შენმა მოსვლამ დამანახა სინამდვილე, ბედს ეს უკანასკნელი სიხარულიც შეშურდა ჩემი, უფსკრულით გაგვყო და ჩვენ სხვადასხვა მხარეს აღმოვჩნდით, შენ მაინც იყავი ბედნიერი, მე კი… მე დამივიწყე!„
„გულს ნუ მიწყალებ, თამაზ!„
„არა, ციალა, შენ ბედნიერი უნდა იყო. ჩემი ცხოვრება ისე მოეწყო, რომ იქ სიყვარულისათვის ადგილი აღარ დარჩა. ჩემი გული შებღალულია, ხოლო ჩემი სიყვარული ყოველივე წმიდას ჩირქს მოსცხებს, წაბილწავს. შენ უნდა გამიგო, ციალა, მოხდა ისეთი რამ, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია, არც ჩემზეა დამოკიდებული„.
„მომისმინე, თამაზ, – წარმოთქვა ციალამ მტკიცე ხმით, – მე არ გკითხავ რა მოხდა, მაგრამ მწამს, რომ მისი გამოსწორება შეიძლება, წამოდი, დღესვე წავიდეთ სოფელში, იქ იმუშავებ, ბინასაც იშოვი, ყველაფერი მოგვარდება, შენი ცხოვრებაც აეწყობა.
„ვერა, ციალა!„
„დამიჯერე, ჩემო თამაზ, შენ ხომ ჭკვიანი ბიჭი ხარ, გაფიცებ ჩვენს სიყვარულს, გულს ნუ მომიკლავ, დამიბრუნდი! ჩვენ ერთად ვიქნებით, თამაზ, ერთად ვიპოვით ბედნიერებას, სიხარულს, – ციალა წამოდგა, ხელი მომხვია, მკერდზე მიმეკრა, – ნუ მეთქი, თამაზ, ნუ! დამიჯერე, დაიღუპები!„ – ჩურჩულებდა ის დანაზად ეალერსებოდა ჩემს თმებს.
ცეცხლი მომედო, ციალას ყოველი სიტყვა, მისი ალერსიანი ჩურჩული, ცხელი შანთივით ხვდებოდა გულს. ვხედავდი, კიდევ რამდენიმე წუთი და გავტყდებოდი, მის ნებას დავყვებოდი. ანგარიშმიუცემლად ხელი მოვხვიე, თავი გადავუწიე, ციალა მუდარით შემომყურებდა, მისი თვალები სიყვარულს მთხოვდნენ. ბედნიერებას მპირდებოდნენ. წამით დამავიწყდა თავი, რუბენა, ქურდობა, საშინელი ახლო წარსული და თავი ბედნიერად ვიგრძენი, ნელა დავიხარე ციალასაკენ, მაგრამ უეცრად რუბენას ერთმანეთზე გადაბმული სქელი მოღუშული წარბები და მტაცებლის მსგავსი სახე დამიდგა თვალწინ; სწრაფად გამოვფხიზლდი, თავს არაადამიანური ძალა დავატანე და ციალა მკერდიდან მოვიგლიჯე, მან ყრუდ ამოიკვნესა და მოწყვეტით დაეცა სკამზე.
ადგილი აღარ მყოფნიდა, გალიაში დამწყვდეული მხეცივით დავრბოდი ოთახში და გაშმაგებით ვღეჭავდი პაპიროსს, ციალა ჩუმათ ქვითინებდა, ჩემს დაუბრუნებელ ბედნიერებას დასტიროდა და მეც ოდესღაც ბედნიერი ჭაბუკი, ახლა კი სახელდაკარგული და ქურდობის მიერ „ლამაზად„ მონათლული, დღეიდან სრულიად მარტო, პატარა ბნელ ოთახში ერთადერთი დამსწრე ვიყავი ჩემივე პანაშვიდისა.
დიდხანს ტიროდა ციალა, დიდხანს სდიოდა ცხარე ცრემლები და ეს ტირილი ტანჯვასთან ერთად განუზომელ სიამოვნებას მგვრიდა, რადგან ვიცოდი, დარწმუნებული ვიყავი, როცა ჩემი სიკვდილის საათი დაჰკრავდა, არავინ იქნებოდა ჩემს გვერდით ერთი ობოლი ცრემლი მაინც ჩაეყოლებინა საფლავში…
არ ვიცი რამდენხანს გაგრძელდა ეს მტანჯველი მდგომარეობა, ალბათ ძალიან დიდხანს… ვიწრო სარკმელში ღამემ შემოიხედა… ციალა წამოდგა, ტირილისაგან დაოსებულმა სევდიანად შემომხედა, მისი სახე რაღაც განსაკუთრებით ლამაზი მეჩვენა ახლა, სინაზითა და მომხიბვლელობით გაშუქებული და ასეთი დარჩა ის ჩემს მეხსიერებაში…
უხმოდ გავედით ოთახიდან. ფეხით წავედით. სალაპარაკო აღარაფერი გვქონდა. ჩვენს შორის ყველაფერი ითქვა და მწარე ფიქრებში ჩაძირული ნელა მივყვებოდით ხალხის ტალღას. მუხრანის ხიდთან ციალა შეჩერდა.
„აწი მე მარტო წავალ„ – ნაღვლიანი, ძლივს გასაგონი ხმით ჩაილაპარაკა მან და ცრემლები გადმოჰყარა. გამოწვდილი ხელი ჩამოვართვი, დიდხანს მეჭირა. ის იდგა თავდახრილი და ელექტროლამპიონების შუქზე წამწამები ორ შავ პეპელას მიუგავდა.
„მშვიდობით, თამაზ!„ – ნაღვლიანად მითხრა ციალამ.
„მშვიდობით, ციალა! – მე ამ ქვეყანაზე ბედის გარეშე გავჩნდი. სიხარული ვერ გაიმეტა ჩემთვის ცხოვრებამ. შენს სიყვარულსაც ვერ მოვარე, ესეც დაენანა ბედს… არ ვიცი რა მომელის მომავალში, დიდი ტანჯვა მოგაყენე, მაგრამ მე მაინც ყველაზე მეტად უბედური ვარ… დამივიწყე, შენ კარგი და ჭკვიანი ხარ, ნებისყოფით ჩემზე ძლიერი და მწამს გაიმარჯვებ, ბედნიერებას იპოვი! იცოდე, დღეიდან ჩემი ერთად–ერთი სიხარული მხოლოდ შენი ბედნიერება იქნება, მშვიდობით სამუდამოდ.
თავდახრილ ციალას ღაპა–ღუპით სცვიოდა ცრემლები და თბილად მეწვეთებოდა ხელზე. მისი ხელი ნაზად მივიტანე ტუჩებთან და რამდენჯერმე ვაკოცე, შემდეგ ხელი შევუშვი და ჩქარი ნაბიჯით, თითქმის სირბილით, გამოვბრუნდი. შუა ხიდზე უკან მოვიხედე. ციალა იმავე ადგილზე იდგა. სწრაფად შევბრუნდი, ხიდს გავცდი და მძიმე ნაბიჯით შევყევი აღმართს.
კაეშანი მტანჯავდა. „მარტო ვარ, სრულიად მარტო, უთვისტომო და მიუსაფარი„ – ვიმეორებდი გულში და ბრაზით შევცქეროდი ადამიანებს, რომლებმა, როგორც მე ვფიქრობდი, უკანასკნელი სიხარულიც წარმტაცეს ამ ქვეყნად…
იმ დღიდან მტკიცედ მივეკედლე რუბენას. ყოველი ახალი ბოროტება ველურ სიხარულს მგვრიდა, სატანურ სიამოვნებას განვიცდიდი, როდესაც რომელიმე ბინას გავქურდავდი, მატარებელში გაქურდული მგზავრის კივილი და თავში ცემა ნაზ მელოდიასავით მიტკბობდა სმენას. თანდათან დავკარგე ადამიანური თვისებები და მძვინვარე ქურდად ვიქეც. ვქურდობდი თბილისში, კახეთში, გორში, ბათუმში. მილიცია ფეხდაფეხ დაგვდევდა, მაგრამ ბედი გვწყალობდა და ერთხელაც ვერ მოგვიგდეს ხელში. ასე გავიდა თითქმის ერთი წელიწადი. ქურდებს ჩემი ერიდებოდათ, პატივით მეპყრობოდნენ, რუბენა ტოლივით მექცეოდა, ანგარიშს მიწევდა და თუ აქამდე მის სახელს იფიცებდნენ, ეხლა „ლამაზოც„ გაუჩნდათ საფიცრად.
მალე გავეცანი ბოროტმოქმედთა სამყაროს, თითქმის საქართველოს ყველა ქალაქში გვყავდა ჩვენი ხალხი, მაგრამ ძირითადად მაინც ოთხნი დავდიოდით ერთად: რუბენა, მე, გოგი და ჟორა. ბოლოს დადგა დრო და ბედმა ზურგი შეგვაქცია: ბათუმში მაღაზიის გატეხვა განვიზრახეთ, მილიცია ჩასაფრებული დაგვხვდა, ალყაში მოვყევით, სროლა აგვიტეხეს, ჟორამ და გოგიმ იქვე დაამთავრეს თავიანთი „კარიერა„ გოგის შუბლში მოხვდა ტყვია და ადგილზევე გააცივა. დანარჩენებმა სროლით გავიკაფეთ გზა. თითქმის სამშვიდობოს გასულთ დაგვეწია ტყვია, ჟორამ მკერდზე იტაცა ხელი და კვნესით გაგორდა ქვიშაზე. რუბენმა ერთი დახედა და რა დარწმუნდა მას სიარული აღარ შეეძლო, აუღელვებლად დაახალა ორი ტყვია, გამოვიჭერით, მოვახერხეთ დამალვა და რამდენიმე დღის შემდეგ თბილისში ჩამოვედით. “რუბენას საქციელი არ გამკვირვებია: ცოცხლად ჩავარდნილ ჟორას ორივეს გაცემა შეეძლო”
თბილისშიაც გაჭირდა თავის შენახვა, რეალური საფრთხის წინაშე ვიდექით, რუბენამ გადაწყვიტა გავცლოდით საქართველოს. სიამოვნებით დავეთანხმე. რამდენიმე დღის შემდეგ რუბენამ პასპორტები იშოვა: „კოკოევი გიორგი ალექსის ძე, ეროვნებით ოსი„, – წავიკითხე ჩემს პასპორტში და გამეცინა. სურათს დავაკვირდი: იქიდან დავაჟკაცებული, ახალულვაშებაკოკრებული ახალგაზრდა მიცქეროდა…
გვიან ღამით დავტოვეთ თბილისი, სხადასხვა ვაგონით ტწამოვედით როსტოვში და იქ დავბინავდით. შემდეგ ორი წლის განმავლობაში დავძრწოდით ხან ორნი, ხან სხვებთან ერთად. მოვინახულეთ ხარკოვი, ლენინგრადი, მოსკოვი და ყველგან დავტოვეთ კვალი… და ბოლოს ჩვენი ხეტიალიც ისე დამთავრდა , როგორც უნდა დამთავრებულიყო: 1940 წლის ზამთარში ხუთმა კაცმა მოსკოვში მაღაზია გავქურდეთ, სამძებრო მილიციამ კვალს მიაგნო, სათითაოდ აგვკრიფეს, მხოლოდ რუბენა არ იყო ჩვენს შორის, მან პირნათლად შეასრულა თავისი სიტყვა, ხშირად იტყოდა: ცოცხლად მილიციას არ ჩავბარდებიო. როდესაც ოთახში მილიციის მუშაკები შემოცვივდნენ, რუბენამ თურმე ნაგანი იძრო, მაგრამ დაასწრეს და ადგილზე დაცხრილეს. ეს მასთან ერთად ოთახში შეპყრობილმა, ჩვენი ჯგუფის წევრმა პეტკა დიდთავამ მიამბო, როდესაც სასამართლოში შევხვდით ერთმანეთს.
პროცესზე თავი მოვიკატუნე, „გულწრფელად„ ვაღიარე ჩემი ერთადერთი დანაშაული და ყველაფერი რუბენას დავაბრალე, ლმობიერად მომექცნენ, ერთი წლის პატიმრობა მაკმარეს, სასჯელი მოვიხადე, გამოვედი და ისევ ქურდობას მივყავ ხელი. ახლა ძველებურად თავისუფლად ვეღარ ვგრძნობდი თავს 5–6 თვის შემდეგ ისევ დამიჭირეს და ამჯერად 8 წლის პატიმრობა მრომისაჯეს შორეულ მხარეში გადასახლებით. მაინცდამაინც არ შევწუხებულვარ, უკვე სტაჟიანი ქურდი ვიყავი და ბანაკში თავის გატანა არ მიჭირდა. ტჟარგონს დაუფლებულები, სწრაფად ვეცნობოდით ერთმანეთს, და პატიმრები შიშს ქვეშ გვყავდა.
სადღაც კრასნოიარსკის მხარეში გადაგვასახლეს, ომმაც იქ მოგვისწრო. ბევრმა პატიმარმა განცხადებით მიმართა კოლონიის ადმინისტრაციას – ფრონტზე წასვლა ითხოვა, ზოგიერთის სურვილი დააკმაყოფილეს, მაგრამ ყველა ქურდ–რეციდივისტს უარი უთხრეს.
პატიმრობიდან ამნისტიამ გამანთავისუფლა, კოლონიიდან 27 წლის ასაკში გამოვედი, საცხოვრებლად ქ. ვილნიუსი ავირჩიე. რომელიღაც არტელში მოვეწყვე და მალე მოვძებნე ჩემი წრე, მაგრამ ჯერჯერობით ქურდობას ვერიდებოდი. ორიოდე როსტოველი ქურდიც ვნახე, მიცნეს და უფროსადაც მაღიარეს. სწორედ როსტოვში შემარქვეს „ჩერქეზი„ და ეს სახელი საკმაოდ ქუხდა ქურდების წრეში.
იმ წლებში ვილნიუსი იყო ჩვენი ყველაზე საიმედო თავშესაფარი, მილიცია და შინსახკომი ბანდერელებს ებრძოდა, ჩვენთვის არავის ეცალათ. თითქმის ყოველ ღამე ვთამაშობდი, კოლონიაში გატარებული დრო ცუდად არ დამიკარგავს, ოსტატურად ვაწყობდი კარტს და პოკერში თუ ოცდაერთში უწყალოდ ვფცქვნიდი პარტნიორებს. ხუთი წელიწადი ვიცხოვრე ამ ქალაქში, მხოლოდ რამდეჯერმე მივიღე მონაწილეობა ქურდობაში, ისიც მსხვილ საქმეზე. ფული თავზე საყრელად მქონდა და დროსაც ჩინებულად ვატარებდი. ერთხელ გულმა თბილისისაკენ გამომიწია. ბევრი აღარ მიფიქრია, სამსახურიდან შვებულება ავიღე და თვითმფრინავში ჩავჯექი… თბილისში მაისის მშვენიერ საღამოს ჩამოვედი, მიუხედავად იმსა, რომ საქართველოს დედაქალაქში არავინ მელოდა, ვისაც ჩემი ნახვა გაახარებდა, რაღაც უცნაური სიხარული ვიგრძენი, როდესაც თვითმფრინავიდან გადმოვედი და ფეხი ქართულ მიწაზე დავადგი. რატომღაც მომინდა მოვხვეოდი გულში ჩამეკრა ეს მიწა და ხასხასა ბალახი, გამორჩეული სურნელება რომ ასდიოდა. წარსული წლების განმავლობაში ერთი დღეც არ მახსოვს რაიმე სიხარულს აეჩქროლებინოს ჩემი გული და მიკვირდა, თანაც მიხაროდა, რომ ახლა აღტაცება დამეუფლა.
სასტუმროში თავაზიანად მიმღეს, უშიშრად ვიყავი, საქართველო ისე დავტოვე, მილიციას ერთხელაც არ აუღია ჩემთვის თითების ანაბეჭდი. ჩემი წარსულის შიში არ მაწუხებდა, ძალზე ელეგანტურად მეცვა და არც თავაზიანობა მაკლდა. საუკეთესო ნომერში მოწყობილს, ახლო ნაცნობობა არავისთვის გამიბამს. დიდხანს ვებრძოლე ჩემს თავს და ბოლოს გადავწყვიტე დეიდა მენახა. საღამო ხანს მივადექი 4 სართულიან სახლს, კრილოვის ქუჩაზე. გული უჩვეულოდ მიცემდა. 14 წლის შემდეგ პირველად ავდიოდი კიბეებზე, მივდიოდი ბინაში, რომელშიაც ჩემი დაღუპული ჭაბუკობის დღეები გავატარე და სადაც ჩემმა პატარა ეკამ სამუდამოდ დახუჭა თვალი.
„ცოცხალია თუ არა დეიდა თამარი? ნეტა თუ მიცნობს?„ – ვფიქრობდი მე და სწრაფად მივიწევდი საფეხურებზე.
კარი უცნობმა მამაკაცმა გამიღო, გაკვირვებით მომაჩერდა. „უკაცრავად, ხომ ვერ მეტყვით სად ცხოვრობს თამარ ნადირაძე?„ – შევეკითხე თავაზიანად.
„რა მოგახსენოთ, ვფიქრობ, ამ სახლში ასეთი არავინაა„
გული დამწყდა, ბოდიში მოვიხადე და უკანვე გამოვბრუნდი. ეზოში მეეზოვეს შევეჩეხე. დაკვირვებით მივაჩერდი, ვიცანი, თუმცა წლებს სულ ერთიანად გაეთეთრებინა ძია ამაიაკის მეჩხერი წვერულვაში. გულგრილად შემომხედა მივხვდი რომ ვერ მიცნო.
„ბოდიში ძიაკაცო, თუ შეიძლება თქვენთან ერთი კითხვა მაქვს„ – მივმართე მე.
მან უხმოდ შემათვალიერა.
„რა გნებავთ?„ – შემეკითხა ბებრული ჩიფჩიფით.
„ხომ ვერ მეტყვით, სად ცხოვრობს თამარ ნადირაძე? ის ამ სახლის №18 ბინაში ცხრვრობდა ამ თოთცმეტიოდე წლის წინათ.„
ამაიაკმა გაკვირვებით შემომხედა.
„თამარ ნადირაძე? მერედა, თქვენ ვინ ბრძანდებით?„
„მე მისი შორეული ნათესავი ვარ, მოსკოვიდან „
„ნათესავი?! რა ნათესავი?„
„შორეული ნათესავი„
„აი ის თამარი და რომ დაუჭირეს?„ – ისევ შემეკითხა მოხუცი.
„დიახ, დიახ!„
ამაიაკი ერთხანს დუმდა, რაღაცას ყოყმანობდა, შემდეგ გაუბედავად მიპასუხა:
„ის ხომ მოკვდა, შვილო. რამდენი ხანია მოკვდა, საწყალი…„
გულში რაღაც ჩამწყდა, გავშეშდი.
„მოკვდაა?„ – ვიკითხე უაზროდ.
„ჰო შვილო, აგერ 12 წელიც იქნება, სწორედ ომის დაწყებამდე მოკვდა. კარგი ქალი იყო, ცხონებული, და და სიძე დაუჭირეს, პატარა დისშვილი მოუკვდა, უფროსი ბიჭი სადღაც გადაიკარგა. მერე თქვეს, ქურდებთან იყო მოკლესო, არ ვიცი ვინ მოუტანა ეს ამბავი, საწყალ ქალს, მას შემდეგ დიდხანს არ უცოცხლია. ღმერთმა აცხონოს, საწყალი, აღარავინ დარჩა, მეზობლებმა დავასაფლავეთ ის საცოდავი…„
„სად დაასაფლავეს?„ – ვკითხე
„დის შვილის გვერდზე დამარხეს. ეჰ – ამოიოხრა მოხუცმა, – ძნელია შვილო უთვისტომობა, ერთი ახლობელიც არ მიჰყოლია საფლავამდე, ერთი ცრემლიც არ ჩაჰყოლია ნათესავისა, პატარა რკინის ჯოხიც მე დავასვე მის საფლავზე წარწერიანი ფირფიტით. ამაიაკმა ხალათით მოიწმინდა ბებრული ცრემლი. გულზე თბილად მომხვდა ამაიაკის სიტყვები. ეს მოხუცი სხვა ერისა და დეიდაჩემისათვის უცხო ადამიანი, გულწრფელ მწუხარებას გამოსთქვამდა. ჯიბეზე ხელი ვიკარ, ორი ცალი 100 მანეთიანი ამოვიღე და ამიაკს გავუწოდე.
„ძიაკაცო დიდი მადლობელი ვარ ჩემი ნათესავის კეთილი მოგონებისათვის. ბოდიშს ვიხდი, ცუდად ნუ ჩამომართმევთ, ამ ფულით გთხოვთ თამარის შესანდობარი შესვათ.„
ამიაკმა გაკვირვებით შემომხედა, წყენა დაეტყო.
„მე ცრემლს ფულზე არ ვყიდი„ – მითხრა გულმოსულად.
შევწუხდი საქციელი წამიხდა.
„ბოდიშს გიხდი, მაგრამ რადგან ფულზე უარს მეუბნებით, გთხოვთ თითო ჭიქა ღვინო დავლიოთ დეიდაჩემის მოსაგონებლად.„
„დეიდათქვენი, განა თამარი თქვენი დეიდაა?„ – გაოცებით მკითხა მოხუცმა და დაჟინებით დამაცქერდა. მივხვდი, რომ უნებლიეთ გავეცი ჩემი თავი, უკან დავიხიე.
„ჰო დეიდად მეკუთვნოდა, თამარი დედას ბიძაშვილი იყო„ – ვუპასუხე ნაძალადევი სიმშვიდით, შემდეგ გამოკითხვის თავიდან ასაცილებლად მკლავი გამოვდე„
„გთხოვთ, ძია, უარს ნუ მეტყვით, აქ სადმე ახლოს შევიდეთ„
„რატომაც არა ღვინის დალევა სწორადაც შეიძლება, მხოლოდ ჩემს მოხუცს გავაფრთხილებ და ეხლავე გამოვალ„.
ამიაკმა წინსაფარი მოიხსნა და საპარადო შესასვლელში მიიმალა.
…პლეხანოვის პროსპეკტზე რესტორანში შევედით, თავისუფალ მაგიდას შემოუსხედით და ოფიციანტს ვახშამი დავუკვეთეთ. ამიაკმა დაწვრილებით მიამბო დეიდას უკანასკნელი დღეები.
„სულ იმ დაკარგულ ბიჭს დასტიროდა, მოსთქვამდა, მისმა დარდმა ჩაიყვანა საფლავში. უკანასკნელ ხანს არავის ნახვა აღარ უნდოდა, მთელი დღეები კარჩაკეტილში იჯდა, უსმელ–უჭმელი, დარდითა და შიმშილით მოიკლა თავი„ – მიამბობდა შემთვრალი ამაიაკი და ყოველი მისი სიტყვა გახურებული შანთივით მიდაგავდა გულს…
გვიან ღამით მოხუცი შინ მივაცილე და სასტუმროში დავბრუნდი, ვიგონებდი დეიდას სახეს, მის ხმას, სიარულს და გული მეჭეჭყებოდა. ეჰ ვინ იცის, როგორ მოეწყობოდა ჩემი ცხოვრება, ადამიანების მიმართ სიძულვილით შეპყრობილი, დეიდას, რომ არ გავქცეოდი, რუბენას მაინც არ ჩავუვარდებოდი კლანჭებში და მგელკაცობასაც ავცდებოდი.
მეორე დღეს სასაფლაოზე წავედი. 14 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეცვლილიყო აქ. გაჭირვებით მივაგენ თამარის საფლავს, ისიც ძია ამაიაკის წყალობით. რკინის პალოზე დამაგრებულ, უკვე გვერდზე მოღრეცილ, ფირფიტაზე ჟამთა სვლას ჯერ კიდევ ვერ გადაერეცხა მიცვალებულის გვარი და საფლავის ნომერი, მის გვერდით ეკას ოდნავ აბორცვილ საფლავს ეკალბარდები მოსდებოდა, თამარის საფლავიც სარეველას დაეფარა.
დიდხანს ვიჯექი ორ საფლავს შუა, წარსულს ვიგონებდი, სურათი სურათს სცვლიდა, გონებაში კინოფირივით გაირბინა ბავშვობის წლებმა, ბედნიერმა დღეებმა – ნათლთდ დამიდგა თვალწინ უკანასკნელი 10 იანვარი, საზეიმო ვახშამი, შავბნელი ღამე, გაფითრებული მამა, აქვითინებული დედა, ეკას ავადმყოფობა, სიკვდილი, სახლიდან გაქცევა, მწუხარებით დატანჯული დეიდას სახე, არტაშა, რუბენა, მრავალი ქურდობა, ციხე და გადასახლება, სასაფლაოზე უკანასკნელად 14 წლის წინათ ამავე ადგილზე ეკასათვის მიცემული ფიცი და ამ ფიცის გატეხვა, ციალა… „სად არის ნეტავ ახლა? კიდევ ვახსოვარ?„ – ვფიქრობდი მაშინ.
„ჩემი ბრალი არა არის, დეიდა, ჩემი ბრალი არ არის!„ – ვეჩურჩულებოდი საფლავს და 14 წლის შემდეგ პირველად გადმომცვივდა ცრემლები.
დიდხანს ვიჯექი ორ საფლავს შორის, შემდეგ მესაფლავე მოვძებნე, თოხი ვთხოვე და საფლავთა გაწმენდას შევუდექი. გულმოდგინედ ვმუშაობდი, უცნაური დაჟინებით ვგლეჯდი ეკალ–ბარდებს, ჩემთვის ძვირფასი ადამიანების საფლავი მთლიანად რომ დაეფარათ.
დაღამდა, ჩრდილები დამუქდნენ, გრილმა ნიავმა შეატოკა მეზობელ სთფლავზე მზრუნველი ხელით დარგული ახალგაზრდა კიპარისები. მოწყენით წამოვდექი, სამუდამოდ დავემშვიდობე საფლავებს და მძიმედ დავადექი ქალაქისაკენ მიმავალ გზას. არასოდეს ვყოფილვარ ასე მოწყენილი და გაბოროტებული.
თბილისმა მიმზიდველობა დაკარგა ჩემთვის, ამ ვეებერთელა ქალაქში ერთი კაცმც არ მეგულვებოდა, გულის დარდი გამეზიარებინა, წარსულზე მესაურა, ბავშობა მომეგონებია, გამეღიმა ან მასთან ერთად მეღვარა ცრემლები.
ახლა 17 წლის ყმაწვილი აღარ ვიყავ, წლებმა ბევრი რამ შესცვალა ჩემში, მაგრამ ერთი რამ უცვლელი დარჩა: სიძულვილი ადამიანებისადმი, რომლებმაც მგლების ბუნაგში შემაგდეს, მგლად მაქციეს!
რუსთაველის პროსპექტზე ხალხი უწყვეტ ტალღად მიედინებოდა. ახალგაზრდები, მოხუცები, ქალები, წყვილები… მომღიმარნი, მხიარულნი, კოხტად ჩაცმულნი… ყველას ჰქონდა თავისი დიდი თუ მცირე სიხარული, პატარა ბედნიერება, სიყვარული, ცხოვრების მიზანი… მე, მხოლოდ მე ერთი, ვიყავ, რომელსაც წილი არ ედო ბედნიერებაში და ბნელით მოცულ მომავალს ერთი მიმქრალი ვარსკვლავიც არ მინათებდა.
მესამე დღეს ვილნიუსში დაბრუნება გადავწყვიტე, აღარ მინდოდა თბილისში დარჩენა, სადაც ჩემი არათუ სახელი, ეროვნებაც არავინ იცოდა წლების მანძილზე რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში წანწალმა ზედმიწევით შემასწავლა რუსული ენა. აქ, თბილისშიაც არავის დავლაპარაკებივარ ქართულად, გარდა ძია ამაიაკისა, მხოლოდ ეს იყო: თუმცა უკვე მესამე გვარს ვატარებდი, მაგრამ ერროვნება არ შემიცვლია, ისევ ოსი ვიყავ, რადგან მეშინოდა – ჩემი გარეგნობა აშკარად მიუთითებდა არარუსულ წარმოშობაზე.
ვილნიუსში გამგზავრების წინა დღით, 21 მაისს ზაფხულისათვის უჩვეულო პაპანაქება დაიჭირა, ჰაერი გამდნარ ლითონივით ლივლივებდა, სიცხის ბუღი ასდიოდა ქალაქს… თხელ პიჟამოში ჩაცმული ჩემს ნომერში რბილ საწოლზე ვიწექ და შემთხვევით ხელთ ჩავარდნილ ძველ გაზეთს ვათვალიერებდი, ეს იყო ჩემი ერთადერთი სიამოვნება. ქართულ ლაპარაკს მოკლებული ხარბად ვკითხულობდი სხვადასხვა შრიფტით აწყობილ სტრიქონებს. გულგრილად გადავავლე თვალი მეწინავეს, შრომით მიღწევებზე რომ მოუთხრობდა მკითხველს, მეოთხე გვერდზე უცხოეთის დეპეშათა სააგენტოების ცნობები გადავიკითხე. ომს აპირებენ, ომისათვის ემზადებიან. ამერიკა ატომური ბომბით იარაღდება, იტყობინებოდა გაზეთი. „წყალსაც წაუღია! ჩემი არაფერი დაიკარგება. მთელი მსოფლიო რომ გადაიბუგოს, ერთი კაცის სიკვდილიც არ შემაწუხებს„ – გავივლე გულში და გაზეთის თვალიერება განვაგრძე. აგერ განცხადება დისერტაციის დაცვის შესახებ: ზოგი მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხს ეძებს, ზოგი დოქტორობისათვის იბრძვის. განცხადებათა სიმრავლემ გამაკვირვა და უცებ ერთმა ტყვიანაკრავივით წამომაგდო საწოლიდან. გულმა გამალებით დამიწყო ცემა, სისხლი მომაწვა, თვალები ამიჭრელდა. პატარა განცხადება იუწყებოდა, რომ 19… წლის 21 მაისს, დღის 3 საათზე თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ღია სხდომაზე ექიმი ციალა ბარათელი მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე…„
„ციალა, ციალა ბარათელი, ჩემი ციალა!„ – აღმომხდა სიხარულით და გაზეთი გულში ჩავიკარ, განცხადებას დავეკონე… შემდეგ ფეხზე წამოვიჭერ, საათს დავხედე, – ორს 15 წუთი აკლდა. სასწრაფოდ ჩავიცვი და ანგარიშმიუცემლად დავეშვი კიბეზე, ქუჩაში გამოვვარდი და თითქმის სირბილით გავსწიე სამედიცინო ინსტიტუტისაკენ.
„ციალა, ციალას ვნახავ! მის ხმას მოვისმენ, ალერსიან გამოხედვას დავიჭერ!„ – ზარივით რეკდა გულში და იმ წუთს ჩემთვის სხვა აღარაფერი არსებობდა.
ზემელზე გამოვერკვიე შევჩერდი.
„სად მივდივარ, მაქვს კი უფლება მის ხელს შევეხო, უმანკო სახეს შევხედო?„ – გამიელვა გულში და ჩემს სიხარულს შხამი გადაესხა.
დიდხანს ვიდექი გაოგნებული და ვერ გადამეწყვიტა როგორ მოვქცეულიყავ. ხელში ჩაბღუჯული გაზეთი გავშალე, კვლავ და კვლავ გადავიკითხე განცხადება, ეჭვი შემეპარა. „იქნებ სხვა არის, იქნებ უბრალო დამთხვევაა„ – ვეკითხებოდი ჩემს თავს. სკვერში შევედი, მოცელილივით დავეცი მერხზე, დავფიქრდი: „შენ შეცდი დისერტანტი ციალა არ არის, მავნებლის შვილს არავინ მისცემს უფლებას დისერტაცია დაიცვას!„ – ჩამძახოდა ვიღაც. დიდხანსვებრძოდი ეჭვს, ბოლოს დამძალა, თითქმის დავრწმუნდი, რომ ეს ციალა ბარათელი სხვა იყო, ჩემთვის უცნობი და სრულიად უცხო, სასტუმროში დაბრუნება გადავწყვიტე.
კი მაგრამ მამის, სახელი? აქაც შეცდომაა?„ – გამიელვა თავში და შევჩერდი. – წავალ, ვნახავ, თუ ის არის, ჩემი მისვლით არაფერი დაშავდება„, – გადავწყვიტე დიდი ყოყმანის შემდეგ და სწრაფი ნაბიჯებით გავყევი ლენინის ქუჩას.
საყვავილე მაღაზიას გავუსწორდი. „მიყვარს იები„ – გამახსენდა და ციალას ნაღვლიანი სახე დამიდგა თვალწინ. ცხადად ვიგრძენი რროგორ დამაბნია მკერდზე იის კონა. სარდაფში ჩავედი. ყვავილის გამყიდველი თავაზიანად მომეგება, ალბათ ჩემმა ტანსაცმელმა მრახდინა გავლენა.
„იები გააქვთ?„ – შევეკითხე რუსულ ენაზე.
„რაღა დროს იებია, მაისი ილევა!„ – მიპასუხა გაკვირვებულმა გამყიდველმა.
„იცი რა, – მივმართე ღიპიან გამყიდველს ხვეწნით, – მე ძალიან მინდა იები, იქნებ როგორმე მიშოვოთ ერთი კონა მაინც, სულ, სულ პატარა კონა.„
უარის ნიშნად თავი გააქნია.
„ახლა იებს ვერსად იშოვით„!
გული დამწყდა.
„ვარდები ინებეთ რომელიც გნებავთ!„ – შემომთავაზა გამყიდველმა და ხელით მიმითითა კუთხეში, სადაცწყლიან ქოთანში სხვადასხვა ფერის ყვავილები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სილამაზეში და ნაზ სურნელებას გადმოსცემდნენ.
…ლამაზი თაიგული გავაკეთებინე,ხელთ შერჩენილ გაზეთში შევახვევიე, გაკვირვებულ გამყიდველს 100 მანეთიანი შევაჩეჩე და სარდაფიდან გამოველ.
„საცოლესთან თუ მიდის, აბედნიეროს!„ – მომესმა კიბის უკანასკნელ საფეხურზე გამყიდველის ქართულად ნათქვამი და მწარედ გამეღიმა.
სააქტო დარბაზი მალე ვიპოვე. უხმაუროდ შევედი და სულ ბოლო რიგში თავისუფალ მერხზე ჩამოვჯექი. ხალხით გაჭედილ აუდიტორიას გადავავლე თვალი. სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთი რჩებოდა, გული საშინლად მიცემდა.
ზუსტად 3 საათზე მწვანე მაუდ გადაფარებულ მაგიდას რამოდენიმე კაცი შემოუსხდა. იმავე წამს მაგიდის გვერდით, კათედრაზე დისერტანტი ავიდა.
ხარბად შევცქეროდი, შეცდომა შეუძლებელი იყო – კათედრასთან ციალა იდგა და აუდიტორიას უღიმოდა. ჩემი გული ბუდიდან ამოვარდნას ლამობდა, უეცრად მოზღვავებულმა სიხარულმა სუნთქვა შემიკრა; თვალებში სხივჩამდგარი, აღფრთოვანებული მივჩერებოდი ჩემთვის დაუვიწყარ სახეს და გარკვევით მესმოდა ჩემივე გულის ცემა.
რა ცოტათი შეცვლილიყო ციალა! ისევ ისეთი ტანკენარი, მაღალი მკერდი, დიდრონი თაფლისფერი თვალები და ბავშვივით გაბუტული წითელი ტუჩები; ოდნავ დასრულებულიყო, მაგრამ ეს კიდევ უფრო შესამჩნევს ხდიდა მისი ნაკვთების სინატიფეს. თვალებად ქცეული მივჩერებოდი ციალას და იმ წუთში ჩემზე ბედნიერი არავინ იყო.
დისერტანტი დინჯად ლაპარაკობდა, გატაცებით ამტკიცებდა რაღაც დებულებას და თავისთავში მტკიცედ დარწმუნებული, მშვიდად შესცქეროდა დარბაზში მყოფთ. მისი მსჯელობა ჩემს გონებამდე არ აღწევდა, სიხარულმა ყველა სხვა გრძნობა დამიხშო.
უეცრად, აქამდე ჩუმად მყოფი დარბაზი ახმაურდა, გამოვერკვიე, სამეცნიერო საბჭოს წევრები დარბაზიდან გადიოდნენ. მე შევცქეროდი ისევ ციალას. რომელსაც მეგობრები შემოხვეოდნენ და სამეცნიერო ხარისხს წინასწარ ულოცავდნენ, ხელს ართმევდნენ და კოცნიდნენ.
საბჭომ თათბირი დაამთავრა. თავჯდომარემ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, ციალას ერთხმად მიანიჭეს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. დარბაზში ტაშის ცემა ატყდა, სხვებთან ერთად მეც ფეხზე წამოვიჭერ, ყმაწვილური აღტაცებით შევუერთდი ტაშის ცემას. პირველად მოხუცმა თავმჯდომარემ მიულოცა, შემდეგ საბჭოს ყველა წევრმა ჩამოართვა ხელი, შემდეგ ვიღაც წარმოსადეგი აღნაგობის 35–მდე წლის კაცი მიუახლოვდა ღიმილით გაუწოდა ხელი და ლოყაზე ეამბორა.
„ილიამ არავის დაუთმო, ყველას დაასწრო მილოცვა!„ – მომესმა ჩემს გვერდით მხიარული ხმა.
„ასეც უნდა, ყველაზე დიდი სიხარული მეუღლეს მართებს!„ – უპასუხა მეორემ.
„მეუღლე?! მაშ ციალა გათხოვილია და ეს წარმოსადეგი მამაკაცი მისი ქმარია?„ – გამიელვა თავში და გული ჩამწყდა. სიძულვილით შევხედე ჩემს სიყვარულის მომტაცებელს, რომელიც სახეგაბრწყინებული ესაუბრებოდა ვიღაცებს,მაგრამ ეს იყო წუთით, შემდეგ ჩემს გულში ადამიანურმა გრძნობამ გაიმარჯვა: „ციალა გათხოვდა! დისერტაცია დაიცვა, მან გაიმარჯვა ცხოვრებასთან ჭიდილში – ყველაფერი დასძლია. არ მოუწამლო ეს ბედნიერი წუთები, თამაზ!„ – ჩამძახა ვიღაცამ. მერხზე ჩამოვჯექი, ჯიბიდან ავტოკალამი ამოვიღე, უბის წიგნაკიდან ფურცელი ამოვხიე.
„ძვირფასო ციალა, გილოცავ დიდ სიხარულს! გისურვებ ბედნიერებას! შენ იები გიყვარდა, მაპატიე, რომ ვერ ვიპოვე!„ – დავწერე ხელის კანკალით, შემდეგ ფურცელი ორად გავკეცე, წითელ ვარდებს შორის ჩავდე, თაიგული ვიღაც ლამაზ გოგონას მივაწოდე, ვთხოვე დისერტანტისათვის გადაეცა – და ნელი ნაბიჯით გავსწიე კარებისაკენ.
ისე როგორც 14 წლის წინათ მუხრანის ხიდთან, ახლაც შევჩერდი, ციალას შევხედე – მან ღიმილით ჩამოართვა ქალიშვილს ვარდები, მოკეცილი ფურცელი გაშალა, თვალი გადაავლო.
„ვისგან არის?„ – იკითხა შემკრთალი ხმით.
მე გოგონას პასუხისათვის არ დამიცდია, სწრაფად გავედი კარებში და ჩქარი ნაბიჯით გავიარე დერეფანი. არ მინდოდა ციალას ვეცნე, არ მინდოდა სიხარული მომეწამლა მისთვის.
იმ ღამით გალახული ბავშვივით ავტირდი. ძლიერ გამიკვირდა არ მეგონა თუ ცრემლი გამოჟონავდა ამდენ დარჯაკში გამოვლილ ჩემს გაყინულ გულს. რა მატირებდა? ციალას ბედნიერება, თუ ჩემი უბედურება? – არ ვიცი! მხოლოდ ეს იყო, იმ ღამით პირველად შემერყა ჩემი თავისადმი რწმენა და იქ სადღაც გულის რომელიღაც კუნჭულში ვიგრძენი, ჩემი ცხოვრების უკუღმართობაში მარტო ხალხი რომ არ იყო დამნაშავე. ციალაც ხომ ჩემს დღეში, ჩემს მდგომარეობაში ჩააყენა ცხოვრებამ! მაშ როგორ მოხდა, რომ მე ქურდი გავხდი, ის კი ცხოვრების ფართო შარაგზაზე გამოვიდა.
არა მშურდა ციალასი, მე მხოლოდ ჩემი თავი შემეცოდა და ავტირდი, მაგრამ ერთი წუთითაც არ მიფიქრია ადამიანებს დავბრუნებოდი, ჩვენს შორის დიდი ხნის დამწვარი იყო ხიდი!…
ჩარგიევმა თხრობა შეწყვიტა, გამშრალი ტუჩები გაილოკა.
– თუ შეიძლება ცოტა წყალი მომაწოდეთ, – მიმართა სმენად ქცეული მინდელს და სუსტად გაუღიმა.
გამომძიებელი გამოერკვა, ფრთხილად მიუტანა დაჭრილს გაფიცხებულ ბაგესთან წყლიანი ჭიქა, რამდენიმე ყლუპი შეასვა.
– იქნებ დანარჩენის თხრობა გადავდოთ? – შენიშნა წყნარად.
– არა, ბატონო ლევან, თითქმის დავამთავრე. თუ არ დაგღალეთ, ბარემ მომისმინეთ.
– კი მაგრამ, თქვენი ამდენი ლაპარაკი არ შეიძლება, გაწყენთ.
დაჭრილმა მწარედ გაიღიმა.
– ჩემი ჯანმრთელობის გაფრთხილებას აზრი აღარა აქვს, მე ვგრძნობ აღსასრულის მოახლოებას. ამიტომ ვჩქარობ. ბარემ ბოლომდე მოისმინეთ აღსარება ცოდვილის.
– მაშ ექიმს დავუძახებ, – წამოდგა მინდელი.
– არავითარ შემთხვევაში, ბატონო ლევან! გთხოვთ ნუ იზამთ ამას, მინდა მარტო მომისმინოთ. ციალას, ქალბატონ ციალას გარეშე და საერთოდ, გთხოვდით არ გეამბნათ მისთვის ჩემი ნაამბობი. ალბათ მიმხვდით რატომ მსურს ეს… სხვას ვისაც გინდათ უამბეთ… მაგრამ ისე რომ… ადრესატი უცნობი დარჩეს.
მინდელი გამომცდელად მიაჩერდა.
– კარგი, – დასთანხმდა ბოლოს, საუბარზე ნუ დავისწრებთ, მაგრამ…
– გმადლობთ, ბატონო ლევან… ვიცი რისი თქმაც გსურთ, მე კარგად ვარ ჯერჯერობით, ექიმის დახმარება არ მესაჭიროება, თხრობაც შემიძლია. ძალიან გთხოვთ მომისმინოთ, კარგი?
– რა გაეწყობა, – მიუგო გამომძიებელმა ლმობიერად…
დაჭრილმა მადლიერი მზერა მიპყრო საწოლთან დახრილ გამომძიებელს, ცოტა ხანს იყუჩა და განაგრძო:

ნაწილი 13ნაწილი 15 (დასასრული)

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

2 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 5

› ანტიქრისტე – “ქვეყნის აღსასრული”

მსურს შემოგთავაზოთ სტუდია გრაალის მიერ შექმნილი უკვე არც ისე ახალ ფილმი სახელად “ქვეყნის აღსასრული”, თუმა იგი ცნობილია როგორც “ანტიქრისტე”-ს სახელითაც.
უცქირეთ დაფიქრდით და გამოთქვით თქვენი გულრწფელი აზრი…
[ვიდეო…]

DU