1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» შიო გვეტაძე: მონანიება – თავი XIII

თქვენ ალბათ მიხვდით, მე არც ჩარგიევ–კოკოევი ვარ და არც მარკაროვი…ეს გვარები ყველა შერქმეულია, ყალბია….
…მე ქართველი ვარ, ქალაქ თბილისში დავიბადე, მამაჩემს, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, რესპუბლიკაში ერთ–ერთ მსხვილ სპეციალისტად თვლიდნენ, დედაც ინჟინერ–მშენებელი იყო. იმ დროს, რომელსაც ჩემი ნაამბობი შეეხება, ორთავენი თბილისში მუშაობდნენ, საკავშირო მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობაზე, მამა მშენებლობის უფროსად, დედა რიგით ინჟინრად მე მათი ერთად–ერთი ვაჟი ვიყავი და ჩემი ბავშვობა ხანმოკლე, მაგრამ ყველაზე ლამაზი პერიოდია ჩემი ცხოვრებისა.
მშობლები არაფერს მაკლებდნენ. ვსწავლობდი მუსიკას, უცხო ენას, ვეტანებოდი სპორტს და ყველაფრით უზრუნველყოფილი შევხაროდი სიცოცხლეს. ხდება ხოლმე, ბავშვები სწორედ ამ უზრუნველი ცხოვრებისა და განებივრების გამო, ცუდისაკენ მიილტვიან, მაგრამ ჩემი მშობლები კარგი აღმზრდელები იყვნენ და მეც იმთავითვე მხოლოდ კარგს ვითვისებდი. არ მახსოვს ერთხელ მაინც დავესაჯეთ სკოლაში, ყველა საგანში „ფრიადი„ შეფასება მქონდა და არც მუსიკის ნიჭს ვიყავი მოკლებული.ერთადერთი სისუსტე, რაც მეექვსე კლასში გადასვლის შემდეგ დამჩემდა, მედიცინისაკენ ლტოლვა იყო. ჩვენს მეზობელს, უცოლშვილოდ დაბერებულ ქირურგს, ძია ივანეს, მშვენიერი ბიბლიოთეკა ჰქონდა და მეც მთელი საათები, მის ოთახში ჩაკეტილი, დაუღალავად ვკითხულობდი სამედიცინო ლიტერატურას. მამას თუმცა მოსწონდა მედიცინით ჩემი გატაცება, მაგრამ თვლიდა, სამედიცინო ლიტერატურის კითხვა ჯერ ჩემთვის ნაადრევი იყო. ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ ჩემს ასაკში ძნელია მედიცინაში გარკვევა და გარკვეულ დრომდე მომეთმინა. ბოლოს მამაც შეურიგდა ამ ამბავს და ღიმილით უსმენდა ძია ივანეს, რომელიც ჩემთვის გაუგებარ ადგილებს მიხსნიდა ხოლმე.
შრომამ შედეგი გამოიღო, როდესაც მეათე კლასში გადავედი, ისე ვერკვეოდი მედიცინაში, რომ ძია ივანეს თქმით, სამედიცინო ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტს თავისუფლად გავუწევდი მეტოქეობას.
ახლა მამ არათუ მიშლიდა, არმედ ცდილობდა კიდევ უფრო შემეყვარებინა მედიცინა.
ერთი სიტყვით, გატაცებით ვმუშაობდი და ჭაბუკურ ოცნებაში არაერთხელ წარმომედგინა ჩემი თავი დახელოვნებულ დასტაქარად, რომელმაც მრავალი ადამიანი იხსნა სიკვდილისაგან.
ყველანი ბედნიერი ვიყავით, მშობლები შემოგვხაროდნენ მე და ჩემს პატარა დას, ეკას. ის ჩემზე 9 წლით უმცროსი იყო და ყველას ნებიერად ითვლებოდა. ახლაც თვალწინ მიდგას თვთლებფოფინა ნაწნავებიანი და მუდამ მოღიმარი გოგონა. როდესაც გაჯავრდებოდა ცრემლით ევსებოდა დიდრონი ცისფერი თვალები, ხოლო სიხარულის დროს ორ უძირო ლურჯ ტბას ემსგავსებოდა, მათში ცისფერი ნაპერწკლები ციალებდნენ.
1938 წლის იანვარი ჩემი მეხსიერებიდან არასოდეს ამოიშლება არა იმიტომ, რომ ყოველი წლის 10 იანვარს ჩემთვის ახალი სიხარული მოჰქონდა, არამედ იმიტომ, რომ ეს იყო ჩემი დაბადების დღის უკანასკნელი ზეიმი, რასაც შემდეგ მთელი რიგი უბედურებანი მოჰყვა.
ეს დღეც ისე დაიწყო, ჩემთვის როგორც ყველა გასული წლების 10 იანვარი: დედა და ჩვენი ოჯახის ერთად ერთი ნათესავი–დეიდა თამარი მეზობელი ქალების დახმარებით დილიდანვე შეუდგნენ საზეიმო სუფრისათვის მზადებას. საღამოს 5 საათზე სუფრა გაიშალა, მოვიდნენ ჩემი მეგობარი გოგონები და ბიჭები, დიდხანს ვიმხიარულეთ, ერთმანეთს ვეჯიბრებოდით როიალზე დაკვრასა და ცეკვაში. საღამოს 8 საათზე ჩემი მშობლების რამდენიმე მეგობარი გვეწვია, მხოლოდ ძია ივანე არ იყო მათ შორის ის ჯერ კიდევ ზაფხულში სამუდამოდ წაიყვანეს ძმის შვილებმა ქალაქ კიევში. ახალ, ბროწეულისფერ კაბაში გამოწყობილი ეკა ქურციკივით დახტოდა ნედლი ტაროებივით აშვეტილ ფეხებზე და ყველაზე მეტს მხიარულობდა. სადილი ვახშმად გადაიქცა. მოზარდები, ცხადია, ღვინოს ვერდებოდით, ცოტას ვსვამდით. ჩვენს ძირითად სასმელს ხილის წყლები და ყურძნის წვენი შეადგენდა. საზეიმოდ მომილოცეს 17 წლის შესრულება. მამამ ლამაზი კოლოფი გადმომცა, გავხსენი, შიგ მაჯის საათი იყო მონოგრამით: „საყვარელ თამაზს მშობლებისაგან 10/1,19… წელი„ წავიკითხე და გული სიხარულით ამევსო. თუმცა ჩემს მშლბლებს არ უჭირდათ, მაგრამ საათი არასოდეს უჩუქებიათ. მეათე კლასში გადასვლის შემდეგ მამ როგორც დიდს ისე მესაუბრებოდა, ახლანდელი საჩუქარი ჩემი ბავშვობის ხანის დამთავრებას ნიშნავდა და გული სიხარულით ამევსო.
სტუმრებმაც მომართვეს მცირე საჩუქრები, ჩვენს ოჯახში არსებული ტრადიციით დღეობაზე ძვირფასი საჩუქრის მიტანა არ იყო მიღებული. მშობლების ამ მოთხოვნას ყველა სტუმარი ემორჩილებოდა. ჩემი სადღეგრძელო შესვეს. მამი სმეგობარმა ძია ვარდენმა, ვაჟკაცი მიწოდა და მისურვა სასახელო ხირურგი გამოვსულიყავი, ყველამ გადამკოცნა. როდესაც ჯერი ჩემს თანაკლასელ ციალაზე მიდგა, მან მხოლოდ ხელი ჩამომართვა და მორცხვად მომილოცა. მეწყინა: ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ციალამ თავი შეიკავა და კოცნით არ მომილოცა დაბადების დღე, თუმცა ის ჩემი დღეობის უცვლელი სტუმარი იყო. გაოცებით შევხედე, ციალა აირია და გაწითლდა, მეც ჩემდაუნებურად გავწითლდი. ამხანაგების ყიჟინამ გამომარკვია. ორთავეს შემოგვეხვივნენ და შეუვალად მოსთხოვეს ციალას, გადავეკოცნე, რატომღაც მეც უკან დავიხიე და, მიუხედავად ამხანაგების მოთხოვნისა, საქციელწამხდარმა ციალას ხელი, რომელიც აქამდე ხელში მეჭირა, გავუშვი და მეორე ოთახში გავვარდი. ერთი სიცილი და ხარხარი ატყდა. რომ ვისიმეს ეკითხა, რატომ მოვნერიდე ციალას კოცნას, ვერ ვუპასუხებდი. აკი სხვა ამხანაგი გოგონები თავისუფლად გადავკოცნე, მაგრამ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და ბევრ რამეში ვერ ვერკვეოდი. რა ვიცოდი თუ დიდი გრძნობა ასე იბადებოდა უმანკო გულში!
მხოლოდ იმ საღამოს შევამჩნიე, რომ ციალას, სხვა ამხანაგ გოგონებისაგან ნგანსხვავებით, რატომღაც უპირატესობას ვაძლევდი და ჩემდაუნებურად საქციელი წამიხდა.
დიდხანს ვმხიარულობდით. როგორც ახლა, იმ წელიწადსაც დიდი თოვლი დასდო. 10 იანვარს მაინც შეუსვენებლივ თოვდა, მხოლოდ საღამოს გადაიღო. ვისაც თოვლში ჩაფლული თბილისი ერთხელ მაინც უნახავს, მას არასოდეს დაავიწყდება მისი თვალწარმტაცი სილამაზე. თბილისი თოვლში შეუდარებელია!
ღამით ყინვა დაიჭირა გარეთ ციოდა, ჩვენს ბინაში კი საზეიმოდ გაწყობილ სუფრასთან უხვად დიოდა სითბო და ჯერ ისევ ბავშვური სიხარული.
სტუმრები გვიან ღამით დაიშალნენ. მინდოდა ამხანაგები გამეცილებინა, მაგრამ არ ქნეს, კარებამდე მივყევი მხოლოდ. როდესაც ციალას ხელი ჩამოვართვი, გული ამიჩქროლდა, მაგრამ ამის მიზეზს შედარებით გვიან მივხვდი.
მამის ძვირფასი საჩუქარი იყო მიზეზი თუ სხვა რამ, გულში სიხარული არ მეტეოდა, მინდოდა მეყვირა, ქვეყნისათვის გამეგებინებინა ჩემი უჩვეულო ბედნიერება. დიდხანს არ დამეძინა უკვე საწოლში მყოფს მესმოდა როგორ ფუსფუსებდა დედა სასადილო ოთახში და მაგიდიდან ჭურჭელს ალაგებდა.
არ ვიცი როდის ჩამეძინა ან რამდენ ხანს მეძინა, როდესაც თვალი გავახილე ოთახში უცნობი ადამიანები დავინახე.
გაოცებით შევყურებდი უცნობებს. ჩემი გაღვიძება იმათ არპ შეუმჩნევიათ. პირველად გავიფიქრე, ქურდები დაგვესხენ თავს. შიშისაგან გამაჟრჟოლა. უეცრად წამოვხტი ლოგინიდან, მაგრამ ვიდრე რაიმეს დაყვირებას მოვასწრებდი, ერთმა უცნობთაგანმა მტკიცე ხმით მიბრძანა, ჩუმად ვყოფილიყავ. ვიღაცამ ამომრთველი ჩართო, ჩემი ოთახის ღია კარიდან, კარგად დავინახე სასტუმრო ოთახში მაგიდასთან მჯდომი მამა. ანგარიშმიუცემლად გავვარდი მეორე ოთახში, ჩემი დაკავება არავის უცდია. მამამ ნაღვლიანად გაიღიმა:
„ნუ გეშინია, შვილო, არაფერია„ – მითხრა მოწყენილად და ალერსით გადამისვა თავზე ხელი. მამის ხმას სიმშვიდე არ აკლდა, მაგრამ ხელი უკანკალებდა, რაც მისთვის ადრე არასოდეს შემიმჩნევია.
„მამა, მამიკო! რა მოლხდა?„ – შევძახე მე და მოვეხვიე.
„არფერია, შვილო, არაფერი, ნუ შეგეშინდება„, – შეეცადა ჩემს დამშვიდებას.
„არაფერია ბიჭიკო, ნუ ღელავ, პატარა ხომ არა ხარ„, – მითხრა მამის პირდაპირ მჯდომმა უცნობმა.
უნებურად მივიხედე მისკენ, მშვიდად გამიღიმა და მე მივხვდი, რომ ეს ხალხი ქურდები არ იყვნენ.
მაგიდასთან მჯდომ უცნობს დავაკვირდი: ჩვეულებრივი მამაკაცი იყო, სხვებისაგან რომ არაფრით გამოირჩეოდა, 36–38 წლისა იქნებოდა. საკმაოდ სიმპატიურ სახეს გვერდზე გადავარცხნილი ქერა თმები უმშვენებდა, შავი კოსტუმი და ნაცრისფერი თბილი პერანგი ეცვა, ხელში ფანქარი ეჭირა და რაღაცას წერდა.
თუმცა თავი არ აუწევია, მაგრამ ვიგრძენი, მიხვდა, რომ მას ვათვალიერებდი. მამის ნაჩუქარი საათი დაწოლის წინ მაჯიდან არ შემიხსნია, დრო შევამოწმე, ისრები ღამის 4 საათსა და 15 წუთს უჩვენებდა. ჩემს ოთახში მყოფი უცნობები სასტუმროში გამოვიდნენ. ამავე დროს, გაიღო მეორე კარი და ოთახში სხვა ორი შემოვიდა, რომელთაც ძალზე გაფითრებული დედა ლასლასით მოჰყვებოდა.
ყოველივე ამან ისეთი თავზარი დამცა, ხმის ამოღების უნარი დავკარგე, ვინ არიან? რა უნდათ ამ დროს ჩვენს ბინაში? რას ნიშნავს ჩემი მშობლების დუმილი? – ვაძლევდი ჩემს თავს კითხვებს, მაგრამ პასუხს ვერ ვპოულობდი. ერთ რაიმეს უეჭველად მივხვდი: მოხდა რაღაც საშინელი, მაგრამ ეს საშინელება არა ჩვენს ქონებას, ჩემს მშობლებს ემუქრებოდა, ხოლო რატომ, რისთვის? – ეს კი ვეღარ გამეგო.
მაგიდასთან მჯდომმა უცნობმა დანარჩენთა შემოსვლაზე თავი ასწია, წერა შესწყვიტა და უსიტყვოდ მიაპყპრ მათ მზერა.
„არაფერი არ არის„ – უპასუხა ერთმა მათგანმა. მაგიდასთან მჯდომმა თავი დაუქნია, რაც ალბათ თანხმობას ნიშნავდა, შემდეგ წერა მოათავა.
„გთხოვთ, ჩაიცვათ!„ – მშვიდად, ლაკონურად მიმართა მან ჩემს მშობლებს.
„კი მაგრამ, მე მგონია აქ რაღაც გაუგებრობაა„. – წარმოთქვა მამამ.
„შესაძლებელია, ბატონო რევაზ. ეს ალბათ მალე გამოირკვევა, თუნდაც მარტო ამისათვის, აუცილებელია თქვენი წამოსვლა„. – ზრდილობიანად უპასუხა მაგიდასთან მჯდომმა შავკოსტუმიანმა და ფეხზე წამოდგა.
სხვები დუმდნენ. მე რატომღაც ვიფიქრე, რომ ის დანარჩენების უფროსი იყო, ხოლო ვინ იყო ეს ხალხი და სად მიჰყავდათ ჩემი მშობლები, უკვე მივხვდი.
მშობლებს შევხედე – მამა მშვიდად იჯდა, მაგრამ შევატყვე, რომ სიმშვიდე ნაძალადევი ჰქონდა. კუთხეში მდგარ დედას ცრემლების ნიაღვარი ნიკაპთან ესკვნებოდა, ხოლო თვალები… ჩემთვის ესოდენ ძვირფასი თვალები, მარტო მე მიცქეროდნენ და უდიდეს სიყვარულს გამოხატავდნენ… სევდასა და შიშში შერეულ სიყვარულს… დედაჩემი საკმაოდ ლამაწზ ქალად ითვლებოდა, თუმცა 40 წელს იყო გადაცილებული, ასაკი არ ეტყობოდა, ახლა კი ოთახის კუთხეში მდგარი, ამ ორ საათში საოცრად შეცვლილი, თითქოს დაბერებულიყო, საცოდავი დედა უხმოდ აფრქვევდა ცრემლებს. მისი მდუღარე ცრემლები ის უკანასკნელი წვეთი იყო, რამაც საბოლოოდ დაამსხვრია ჩემი ბავშვური თავშეკავება. დიდი ხანია ცრემლები მახრჩობდა, მაგრამ ტირილს სიპრცხვილად ვთვლიდი და თავს ვიკავებდი, მე ხომ სწორედ იმ ღამეს შემისრულდა 17 წელი, მაგრამ დედის ტანჯვას, მის ცრემლებს, რაც პირველად ვიხილე, ვეღარ გავუძელ, უეცრად ავზლუქუნდი, დედასთან მივიჭერ, მოვეხვიე და სახე მის მკერდში ჩავმალე. მან რაღაც არაბუნებრივი სიშმაგით ჩამიკრა გულში, თავკისერი დამიკოცნა, მომეფერა, თითები თმაში ჩამიყარა, მომიალერსა. „შვილებო, ჩემო შვილებო„ , – ქვითინებდა იგი და ვგრძნობდი როგორ მისველებდა თავ–კისერს ცხელი ცრემლებით.
შავკოსტუმიანი ჩვენთან მოვიდა, ქოჩორი მომიჩეჩა, დამიყვავა: „აბა ეს რა საქციელია, ბიჭიკო, აკი ვთქვი, აქ რაღაც გაუგებრობაა–მეთქი. დაწყნარდი, შენი მშობლები ხვალ უთუოდ დაბრუნდებიან. თქვენც არ გეპატიებათ ასეთი საქციელი, – მიუბრუნდა დედას, – ბავშვს გულს რატომ უხეთქავთ, ყველაფერი გამოირკვევა, არ არის საჭირო ცრემლები„.
მისი ხმა სანდოდ და იმედიანად მეჩვენა, უეცრად შემიშრა ცრემლები, სკამიდან წამომდგარ მამასთან მივედი. მან უხმოდ მომხვია ხელი. ყველანი შუშაბანდში გავედით. მამა ჩაცმას შეუდგა. მე დედას ვეხმარებოდი. ტანსაცმელს ვაწვდიდი, უცნობები მოთმინებით გვიცდიდნენ.
„თუ შეიძლება ერთი თხოვნა მაქვს„ – მიმართა მამამ შავკოსტუმიანს.
მან თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
„ჩემს გოგონას სძინავს, ნება მოგვეცით მე და ჩემს მეუღლეს, ბავშვს გამოვემშვიდობოთ.„
„რასაკვირველია, რბილად წარმოთქვა შავკოსტუმიანმა და დაუმატა: მიბრძანდით გამოემშვიდობეთ, ჩვენ აქ დაგიცდით„.
დედ–მამა ეკას ოთახისაკენ გაემართნენ, ორი მოსულთაგანი მათ გაჰყვა, მე მხოლოდ ახლა მომაგონდა ეკა და გულზე ცეცხლი შემომენთო: რა მოუვა მას, დედ–მამა რომ რამდენიმე თვე არ გამოუშვან? განა გაუძლებს ჩემი პატარა დაიკო ამ ამბავს? ან რა ვუთხრა როდესაც გაიღვიძებს? რით ვანუგეშო? – ცხელი შანთივით გამიარა გონებაში და მეც მშობლებს გამოვედევნე, მაგრამ ეკას ოთახში არ შევსულვარ, რადგან იქიდან გამოსულმა მამამ უხმოდ მომკიდა ხელი და გვერდზე გამიყოლია.
ისევ შუშაბანდში შემოვედით, 1–2 წუთის შემდეგ დედაც მობრუნდა. ორთავეს ჩავაცვი პალტოები, შემდეგ ჩემს საწოლ ოთახში შევვარდი, ელვის სისწრაფით ჩავიცვი შარვალი, პერანგი, შიშველი ფეხები ტუფლებში გავუყარე და ისევ შუშაბანდში გავჩნდი. ჩემი მშობლები უკვე მზად იყვნენ. საკიდრიდან პალტო ჩამოვგლიჯე მხრებზე მოვიგდე.
„შენ საით ბიჭიკო„? – შემეკითხა შავკოსტუმიანი.
„როგორ თუ საით, მშობლებს გამოვყვები„, – მივუგე მე, რაც შეიძლება მშვიდად.
„ეგ გამორიცხულია! იქ თქვენ ვერ წაგიყვანთ!„ – ისეთი ტონით მიპასუხა, რომ მე მივხვდი, ვერავითარი ხვეწნა–მუდარა გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებდა.
„შენ არ წამოხვალ, თამაზ! – მტკიცე ხმით მითხრა მამამ, – ეს საჭირო არ არის, და არც შეიძლება! მე მგონია ჩვენ მალე დავბრუნდებით, ხოლო თუ დაგვაგვიანეს ან… – მამას ხმა აუთრთოლდა, – ან ვერასოდეს დავბრუნდეთ, მხოლოდ ორ რამეს გავალებ, – გახსოვდეს, რომ შენ და ეკა პატიოსანმა მშობლებმა გაგზარდეს, ადამიანებმა, რომლებსაც არაფრით შეუბღალავთ სინდისი, მთელი შეძლებით ემსახურებოდნენ ხალხს და თავიანთი წვლილი შეჰქონდათ საერთო საქმეში. რაც არ უნდა მოხდეს, მტკიცედ იყავით დარწმუნებული, რომ მე და დედას ჩირქი არ მოგვიცხია ჩვენი სახელისათვის და თქვენც – შენ და ეკას – არასოდეს შეგრცხვებათ ჩვენი წარსულით. ეს ერთი, – მამამ ცოტა შეისვენა და რბილად განაგრძო: – თამაზ, შენ უკვე ვაჟკაცი ხარ, ჭკუა გეკითხება, ეკა კი პატარაა. მოუარე მას, სათუთად მოეპყარ და თუ… ერთი სიტყვით, დარდი შეუმსუბუქე! მშვიდობით ჩემო ბიჭიკო!„
ამ სიტყვებით მამა მომეხვია, რამდენჯერმე მაკოცა და სწრაფად გავიდა კარებში.
„მშვიდობით, შვილო, მშვიდობით ჩემო საყვარელო, თამაზ! თავს გაუფრთხილდი, გახსოვდეს შენი დედ–მამა და, ეკა, ჩვენს ეკას მოუარე!„
„ვაიმე შვილებო! უბედურო შვილებო!„ – ამოიგმინა დედამ, შემდეგ მომეხვია. დიდხანს ვყავდი გულში ჩაკრული, მე ხმას ვერ ვიღებდი, მოზღვავებულმა ცრემლებმა ლაპარაკის უნარი წამართვა და მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდი თავი შემეკავებინა, ისევ ავზლუქუნდი. ვკოცნიდი დედას, ვეალერსებოდი ჩემთვის უძვირფასეს სახეს და რაღაცას ვლუღლუღებდი, მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე, როდესაც ქუჩიდან მანქანის ძრავას ხმაური გავიგონე.
უეცრად მივხვდი, ყველაფერი გათავდა. ჩემი დღეობა, რომელიც სულ რამდენიმე საათის წინ დამთავრდა, შორეულ დაუჯერებელ წარსულად იქცა, წინ კი მხოლოდ სიბნელე და სიცარიელე ჩანდა, სადაც ეკას უზრუნველი, სიყვარულით გამთბარი ბავშვობა დასაღუპავად იყო განწირული.
თვალწინ მიდგა სახლიდან ახლახან წაყვანილი დედ–მამა, ვგრძნობდი, ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა იყო.
„ვეღარ ვნახავ, ვერც ერთს ვეღარ ვნახავ! – ვიყვირე რაღაც არაადამიანური ხმით და იატაკზე დავემხე. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ამ მდგომარეობაში.
„თამაზ, აქ სად დაწოლილხარ!? უჰ, რა სასაცილო ხარ, ერთი დედას ვუთხრა!„ – მომესმა უეცრად და თავი ავწიე, ფანჯრიდან ზამთრის დილა იცქირებოდა, მაგრამ არა მოღუშული, საამოდ თოვდა. ყველაფერი ისე იყო, როგორც გუშინ, თითქოს ღამეს უბედურებაც არ მოეტანოს და ჩვენს ოჯახშიაც არაფერი შეცვლილიყოს. ჩემს წინ ღამის პერანგში კოჭებამდე ჩაფლული ეკა იდგა, ტუჩები გაებუტა და გაკვირვებით მიცქერდა.
–„შენ რა თამაზ, გიტირია? ვინ გაგაჯავრა?„ – ატიტინდა ის. შემდეგ ჩემს გვერდით ხალიჩაზე დაეშვა და მოფერება დამიწყო.
–ადექი, თორემ გავჯავრდები და მეც ვიტირებ!„ – ჩაიჟღურტულა ბავშვმა და თმებში ხელი ჩამავლო. გული სიბრალულით ამევსო, უეცრად ფეხზე წამოვიჭერ, ეკა ხელში ავიტაცე, გულში ჩავიკარ და გაშმაგებით დავუწყე კოცნა. ეკამ მკლავები კისერზე შემომაჭდო და თვალები განაბა. დიდხანს ვეალერსებოდი ეკას, ვკოცნიდი, ვეფერებოდი, თვალებიდან კი ღაპა–ღუპით მდიოდა ცრემლები.
ეკამ ხელები შემიშვა. თავი ასწია, შემომხედა: ჩემმა ცრემლებმა შეაკრთო, ფოფინა თვალებში შიში ჩაეღვარა, ჩემი ხელებიდან თავი გაინთავისუფლა, ხალიჩაზე ჩამოცურდა, დიდი ადამიანივით შემათვალიერა:
„რა მოგივიდა თამაზ?„ – მკითხა შიშნაკრავად
„არაფერი გენაცვალე, არაფერი!
„გტკივა რამე?„
„ჰო, ჰო მტკივა, აი თავი მტკივა„, – ჩავეჭიდე მის ნათქვამს.
„წამალი უნდა დალიო, მოგირჩება„ – სერიოზულად მითხრა ეკამ, შემდეგ ხელი ჩამავლო.
„აი წავიდეთ დედიკოსთან, წამალს მოგვცემს„.
უნებურად გავყევი, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ შევჩერდი. სად წავყოლოდი? ეკაც შესდგა, შემომხედა. დიდი მეტყველი თვალები გაკვირვებით მიცქეროდნენ და ჩემი უცნაური საქციელის ახსნას მთხოვდნენ…
„შენ უკვე ვაჟკაცი ხარ ჭკუა გეკითხება, ეკა კი პატარაა, მოუარე მას, სათუთად მოეპყარ…„ – ისე გარკვევით შემომესმა მამის დანაბარები, რომ უნებურად შუშაბანდისაკენ გავიხედე, მომეჩვენა, მამა იქ იდგა და სიყვარულით შემომცქეროდა.
ცრემლები შევიმშრალე, ეკას ხელი მოვხვიე.
„წამალი არ მინდა , ეკა, ისედაც გაივლის, – მივუგე ნაძალადევი სიმშვიდით, შემდეგ ხელში ავიყვანე, ალერსიანად დავტუქსე: – არა გრცხვენია, ასეთი დიდი გოგო ხარ და პერანგა კი დატანტალებ. დედამ და მამიკომ რომ დაგინახონ ხომ გაჯავრდებიან!„
„მე ახლავე ჩავიცვამ, შენ დედიკოს და მამიკოს ნუ ეტყვი, არ მინდა გავაჯავრო, კარგი? – აჭიკჭიკდა ეკა. პასუხისათვის არც დაუცდია, ისე გაცქრიალდა თავის ოთახში.
მარტო დავრჩი, ფანჯარასთან მივედი, გახურებული შუბლი ცივ მინას მივაბჯინე–მესიამოვნა. ქუჩას გავხედე–გაღვიძებული ქალაქი ჩვეულებრივ ცხოვრებას განაგრძობდა. აი ზარის წკრიალით ჩაიქროლა ტრამვაიმ, მძღოლი ჭაღარა ულვაშებით ვიცანი, თითქმის წლის მანძილზე ამ ხაზზე მუშაობდა. ჩვენი ეზოს ბავშვები სკოლაში მიდიოდნენ, ჟივილ–ხივილით თოვლის გუნდებს ესროდნენ ერთმანეთს. მეეზოვე ნიკალა, განუყრელი გრძელტარიანი ცოცხით ხელში, ეზოში დაბორიალობდა და მოგონილი სიბრაზით ბავშვებს უჯავრდებოდა. ჩვენ კარგად ვიცოდით ძია ნიკალას ხასიათი, სულაც არ გვეშინოდა მისი. ქუჩაში ხალხი მოძრაობდა, ყველას სადღაც ეჩქარებოდა, ყველა თავისი საქმით იყო დაკავებული, მათთვის ამ დილას განსაკუთრებული არაფერი მოუტანია, არაფერი შეცვლილა მათ ცხოვრებაში, ხოლო ჩემი ცხოვრება კი…
„თამაზ მე უკვე ჩავიცვი, აბა შემომხედე!„
შემოვბრუნდი. ჩემ წინ ეკა იდგა, ჩაეცვა, პირი დაებანა, ბავშური გულმოდგინებით დაევარცხნა სქელი წაბლისფერი თმა და ლამაზი თვალებით მიცქეროდა.
„აქ მოდი, ეკა, რაღაც უნდა გითხრა„ – ხელი მოვკიდე, ტახტზე დავსვი და მეც გვერდით მივუჯექი.
„რა უნდა მითხრა?„
ენა დამება. არ ვიცოდი საიდან უნდა დამეწყო, როგორ გადამეცა მომხდარი ამბავი, წინასწარ არ მოვმზადებულვარ და ვდუმდი.
„უჰ რანაირი ხარ დღეს, თამაზ! იატაკზე გძინავს, ტირი, სულ არ ვარგიხარ, გებუტები! – სხაპა-სხუპით წარმოთქვა ეკამ, შემდეგ ტახტიდან წამოხტა და დაუმატა: – მე დედასთან წავალ, მამიკოც მინდა,რატომ ძინავთ ამდენ ხანს?„
„მოიცა ეკა! – შევაჩერე, – დედა და მამა სახლში არ არიან, წუხელ ისინი… ისინი მივლინებაში წავიდნენ„.
„მივლინებაში?! ორთავე ერთად? ნუ მატყუებ, დედიკო და მამიკო ერთად არასოდეს დადიან მივლინებაში.„
„არ დადიოდნენ ეხლა, კი წავიდნენ. შენი თავი მე ჩამაბარეს. ჩემო გოგონა. ხომ ყველაფერს გამიგონებ? მამიკო ახალ კაბას ჩამოგიტანს, დედა კი, დიდ თოჯინას, აი ისეთს ძია ვარდენმა რომ მოგიტანა, განა არ გაგეხარდება?
„უჰ, რა კარგია! – შემოკრა ტაში ეკამ და სიხარულისაგან შეხტა. მერე თვალები მომაპყრო და გულუბრყვილოდ მკითხა: – შენ რატომ ტიროდი? დედიკოსა და მამიკოს წასვლა გეწყინა?
„ჰო ეკა, მეწყინა. ძალიან მეწყინა მათი წასვლა და ვიტირე.!„
„რა სულელი ხარ ბიჭო,ისინი ხომ მალე ჩამოვლენ, რა გატირებდა?
რა თქმა უნდა. ჩამოვლენ ეკა, მანამდე კი ჭკვიანად უნდა იყო და ყველაფერი დამიჯერო
„დაგიჯერებ, თუმცა ძალიან მეჯავრება, გოგლიმოგლისაც შევჭამ, კაკაოსაც დავლევ, კარგი? – შემომცინა ბავშმა.
საათმა 9 დარეკა
„ვაიმე სკოლა?„ – იყვირა უეცრად ეკამ და შიშით შემომხედა.
„დღეს სკოლაში არ წახვალ, ეკა! დედამ ტელეფონით დაურეკა მასწავლებელს და გააფრთხილა, რომ ვერ მიხვალ.
„რატომ?! – გაუკვირდა ეკას, – მე რომ ავად არა ვარ?
„ასეა საჭირო ძალიან ცივა„
ეკამ უნდობლად შემომხედა, ეტყობოდა, არადამაჯერებლად ეჩვენა ჩემი ნათქვამი, მაგრამ კითხვა აღარ მოუცია.
„ეკა შედი, გენაცვალე, შენს ოთახში, მეც ახლავე მოვალ, შემდეგ ვისაუზმოთ„, – ვთხოვე მე.
ეკა უსიტყვოდ გაბაკუნდა.
რაღაც უნდა მემოქმედა, მხოლოდ აცხლა გამახსენდა დეიდა თამარი. გადავწყვიტე, დამერეკა და მეთხოვა ჩვენთან მოსულიყო. ტელეფონის ყურმილი ავიღე, ნომრების ასაკრეფად მოვემზადე, ზუმერს ვუცდიდი, აპარატი დუმდა. რამდენიმე წუთის დუმილის შემდეგ მივხვდი, რომ ხაზი გათიშული იყო. ყურმილი დადუმებულ აპარატზე დავდე, უკანასკნელი ენეგია მოვიკრიბე, სამზარეულოში გავედი და საუზმის მზადებას შევუდექი. ეკა ჩემთან ერთად ტრიალებდა და სერიოზულად მეხმარებოდა, დიასახლისობდა.
ჩუმად ვისაუზმეთ, უფრო სწორედ, ეკამ ისაუზმა, მე კი არაფერს მივკარებივარ.
„რა გავაკეთო, რა ვიღონო?„ – ვფიქრობდი და ვიდრე ეკა საუზმობდა ათასი გადაწყვეტილება მივიღე და უარყავ. ბოლოს იმაზე შევჩერდი, რომ ყველაფერი დეიდაჩემისათვის შემეტყობინებინა, მივიღე რა ეს გადაწყვეტილება სასწრაფოდ ჩავიცვი, ეკას დავუბარე ჭკვიანად მოქცეულიყო დასახლიდან გავედი.
დეიდაჩემს თავზარი დასცა ჩემი მშობლების დაპატიმრებამ. ერთხანს ხმა ვერ ამოიღო მერე ისტერიული ტირილი აუვარდა, დიდხანს ტიროდა, მე ჩუმად ვიჯექი, არ ვტიროდი, ცრემლი უკვე გამშრალი მქონდა.
როცა უბედურების პირველმა შეგრძნებამ გაუარა, დეიდამ ტირილი შეწყვიტა და დაწვრილებით გამომკითხა მომხდარი ამბავი. ყველაფერი ვუამბე. შევთანხმდით, ეკასათვის ჯერჯერობით არაფერი შეგვეტყობინებია.
„აქ რაღაც გაუგებრობაა, უდანაშაულო ხალხს არავინ დასჯის, გული არ გაიტეხო, საჭირო არ არის ქვეყანას გავაგებინოთ ყოველივე„, – დამარიგა დეიდამ.
„კი, მაგრამ, დედა? მამ? არ უნდა გავიგოთ სად წაიყვანეს, რატომ წაიყვანეს? – ვკითხე.
„წადი, მე თვითონ გავიგებ. 4 საათამდე მოვალ, ყველაფერს შეგატყობინებ„, – მიპასუხა და ჩაცმას შეუდგა.
სახლში დავბრუნდი, ეკა და მეზობლის გოგონა თამაშობდნენ.
„თამაზ, – არ მაცალა ეკამ პალტოს გახდა, – აი თინიკო ამბობს, რომ ჩვენი დედიკო და მამიკო სულაც არ არიან წასული მივლინებაში„.
„როგორ თუ არ არიან?! – ვკითხე უფრო თინას, ვიდრე ჩემს დაიკოს და კუშტად შევხედე. თინიკო აიბუზა, შემდეგ გულუბრყვილოდ შემომხედა:
„ჰო, დღეს დილით მამამ თქვა წაიყვანესო, მანქანით მოვიდნენო და…„
„რა თქმა უნდა, მანქანით წაიყვანეს, სასწრაფო საქმე იყო„, – შევაწყვეტინე სიტყვა ბავშვს და მეორე ოთახში გავედი.
მაშ ასე, მეზობლებმა მანქანის მოსვლა, ჩხრეკა და მშობლების დაპატიმრება გაიგეს, მაგრამ შემოსვლა ვერავინ გაბედა, თუმცა ჩვენი ოჯახი უყვარდათ და ჩემს მშობლებს პატივს ცემდნენ.
არ ვიცოდი რა ბრალს დებდნენ დედას ან მამას, მაგრამ არც ისე პატარა ვიყავ, ვერ მიმხვდარიყავ, რომ მოხდა რაღაც სერიოზული და საშინელი; წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ ცნობილ სპეციალისტს, როგორც მამა იყო, არ დაიჭერდნენ და არც ბინას გაუჩხრიკავდნენ შუაღამისას.
მაგრამ რა მოხდა? ნუთუ ჩემი მშობლები ბოროტმოქმედები იყვნენ? „მე და დედას ჩირქი არ მოგვიცხია ჩვენი სახელისათვის და თქვენც არასოდეს შეგრცხვებათ ჩვენი„. – გამახსენდა მამის სიტყვები და შემრცხვა, რომ ეჭვი შევიტანე მშობლების უდანაშაულობაში. შემდეგ ბრაზი მომერია, როგორ შეუძლია თინას მამს ან სხვა მეზობლებს დაეჭვდნენ ჩემი მშობლების სისპეტაკეში? დააპატირეს? მერე რა მოხდა, აი გამოარკვევენ ყველაფერს, ორთავეს გაანთავისუფლებენ და არავის ექნება უფლება ცუდი თვალით შეხედოს ჩვენს ოჯახს. მშობლები ხომ მუდამ სამშობლოს სიყვარულსა და ხალხის სამსახურს მინერგავდნენ! განა შეიძლება შვილს ერთი ჩაუნერგო და მისი საწინააღმდეგო აკეთო?
ჩემივე მსჯელობამ გული დამიმშვიდა, ოდნავ დავწყნარდი. მდგომარეობა არც თუ ისე საშინელი მეჩვენა. „დედას და მამას მალე გამოუშვებენ, ბევრი–ბევრი ერთი კვირა გააჩერონ, ეს არაფერი. „ვფიქრობდი და ბავშვებთან ოთახში გავედი.
ეკა მარტოკა დამხვდა. ტახტზე მობუზულს თვალები ცრემლებით ავსებოდა. თინიკო აღარსად იყო.
„დეიდა მარომ თინიკო წაიყვანა, გაუჯავრდა, მეორედ არ გნახო ეკასთან შესულიო, – ამოილუღლუღა ეკამ და ცრემლების ყლაპვით დაუმატა: – განა ჩემთან თამაში არ შეიძლება? ცუდი ბავშვი ვარ?
გული მომიკვდა, მაგრამ თავი შევიკავე, ბავშვს დავუყვავე: „აბა რას ამბობ, ეკა, შენ რა შუაში ხარ, დეიდა მარო ალბათ თინიკომ გააჯავრა. განა გითხრა ცუდი ხარო?„
„არა, მაგრამ თინიკოს რად უთხრა ეკასთან არა გნახოო?„
„ეგ არაფერია, აბა წამოდი, შენი სათამაშოები ვნახოთ, თოჯინაც წავიყვანოთ„, – შევცვალე საუბრის თემა და საწოლ ოთახში შევიყვანე, იქ დიდხანს ვთამაშობდით, ეკამ სწრაფად გადაიყარა დაპდი და კისკისით აავსო ოთახი.
დღის 5 საათზე დეიდა მოვიდა. ჩუმად ვისადილეთ. შემდეგ ეკა საწოლ ოთახში გავიყვანე, დავაწვინე, მე კი სასადილო ოთახში დავბრუნდი. დეიდა დაღვრემილი იჯდა.
უხმოდ ჩამოვჯექი სკამზე. დეიდას გამოხედვა არ მომეწონა, იმის შიშით, რომ ცუდი არაფერი ეთქვა, ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი. ოთახში გამეფებულ სიჩუმეს მხოლოდ საათის წიკწიკი არღვევდა.
„ღმერთო ჩემო„ – ამოიოხრა დეიდამ და ცრემლები გადმოჰყარა.
„დეიდა თამა გაიგეთ რამე?„ – ვკითხე და ვიგრძენი როგორ მომებჯინა გული ყელში.
დეიდაჩემი დუმდა. თვალები დაეხარა, ხოლო ღვარად წამოსული ცრემლები წვიმის წვეთებივით ხმაურით ეცემოდა მაგიდას.
„დეიდა!„ – შევეხმიანე ხელმეორედ.
მან თავი ასწია, შემომხედა, შემდეგ უეცრად ხელი მომხვია და ჩუმი საწყალობელი ხმით ატირდა.
ჟრუანტელმა დამიარა, მიუხედავად იმისა, რომ ბინაში საკმაოდ თბილოდა, კანკალი დამაწყებინა. ციებიანივით კბილს კბილზე ვაცემინებდი. დეიდა კი მეფერებოდა და კვლავ ჩუმად, ისე, რომ ეკას არ გაეგო, ტიროდა…
რამდენიმე წუთი ასე ვიჯექით. შემდეგ დეიდას ხელებიდან თავი გავინთავისუფლე. წამოვდექი და რამდენიმეჯერ ოთახში უმიზნოთ გავიარე. ახლა ისიც არ მინდოდა დეიდას ეთქვა რამე. ისევ გამოუცნობი მოლოდინი მერჩია მწარე სინამდვილის მოსმენას. ეჭვი აღარ მეპარებოდა, დეიდაჩემმ ცუდი, ძალზე ცუდი ამბავი მოიტანა.
„თამაზ, – ჩუმად შემეხმიანა დეიდა, – აქ მოდი!„
უხმოდ მივუახლოვდი.
„დაჯექი შვილო!„ – მომმართა მთრთოლვარე ხმით.
სკამზე დავჯექი, უფრო სწორედ, დავეცი. დეიდა ისევ დუმდა, არც მე ვიღებდი ხმას.
„შვილო თამაზ, – ნაღვლიანად დაიწყო დეიდამ, – უბედურებას დახვედრა უნდა, შენ ახლა დიდი ბიჭი ხარ, ყველაფერი…„
„დეიდა, – შევაწყვეტინე სიტყვა, – საჭირო არ არის შესავალი, მითხარი ყოველივე!„
დეიდამ ისევ გადმოყარა ცრემლები.
„უბედური შენი მშობლები დააპატიმრეს… მძიმე ბრალდებას უყენებენ…„ – უფრო ამოიხრიალა, ვიდრე თქვა და ხმამაღლა ატირდა.
თავზარი დამეცა მძიმე ბრალდება! ჩემი მშობლები, ჩემი და ეკას დედ–მამა–ბოროტმოქმედნი! მაშ, მამაჩემი დანაშაულებრივ ცხოვრებას ეწეოდა და დედასთან ერთად უსინდისოდ ატყუებდა ხალხს, მთავრობას, ოჯახს, მაგრამ რისთვის? „გახსოვდეს, რაც არ უნდა მოხდეს, მტკიცედ იყავი დარწმუნებული, მე და დედას ჩირქი არ მოგვიცხია ჩვენი სახელისათვის„, – ისევ აღსდგა გონებაში მამის სიტყვები. თვალწინ მამა დამიდგა: ნათელი შუბლი, მიმზიდველი სახე, მტკიცე გამოხედვა, სახლიდან თავის სიმართლეში დარწმუნებული ადამიანის ნაბიჯით მიმავალი. „შვილებო, უბედურო შვილებო!„ – ტყვიასავით გამიარა გულში უეცრად დაბერებული დედის გოდებამაც და სკამიდან წამოვიჭერ, ხელები თავში ჩავივლე. დეიდაჩემმა შიშით შემომხედა. წამოიწია.
„არა მჯერა, ტყუილია! მამას არ შეეძლო, დედა არ იზამდა! ისინი შვილებს არ უმტრობდნენ, თქვენ ყველანი სტყუით, ცილს წამებთ!„ – ავყვირდი გამწარებით.
„ჩუმად შვილო, – პირზე ხელი დამაფარა დეიდამ, – არსად წამოგცდეს ეს სიტყვები, რაკი დაიჭირეს ალბათ, დამნაშავენიც არიან.„
„დეიდა!…„
„ჩუმად–მეთქი, ტყუილად არ იჭერენ, უსათუოდ რაღაც არის, შენ არ იცი, არც მე, იმათ კი იციან და იმიტომ დაიჭირეს„
„დეიდა!…„
„ჰო, შვილო, დეიდა ვარ და მომისმინე: თუ უდანაშაულონი არიან, გამოუშვებენ, საქმის გამორკვევამდე კი მოითმინე და ფრთხილად იყავი, დამნაშავის ქომაგი, თვითონაცდამნაშავეა, დიდი დამნაშავე, გესმის?„
„დეიდა შენ… თქვენ არ იცით რა თქვა მამამ, რა მითხრა წასვლის წინ, შენ ვერ იცნობ ჩემს მშობლებს! ისინი ამ სისაძაგლეს არასოდეს, გესმის? არასოდეს არ ჩაიდენდნენ!„
„დაწყნარდი. თამაზ, მე ხომ ჩემს მოსაზრებას არ გეუბნები, ეს თვით იმ ორგანოში მითხრეს ვინაც დააპატიმრა, ამ საკითხზე პროკურორსაც ვესაუბრე.
„არა–მეთქი, ტყუილია! აი ნახავ, ისინი შეცდნენ, უსთუოდ შეცდნენ!„ – ჯიუტად გავიმეორე და დეიდაჩემს სიძულვილით შევხედე.
„ღმერთმაც ქნას, შვილო! ნეტამაც აგრე მოხდეს, მაშინ ბედნიერი ქალი ვიქნები, მაგრამ ჯერ ეს ასეა და ახლა ყვირილი კი არა, ჭკუა გმართებს, წინ უნდა გაიხედო, შენ ჯერ კიდევ არ იცი ყველაფერი.
„მეტი რაღა უნდა ვიცოდე?!„
„მომისმინე, თამაზ, ყველაფერს გაიგებ. შენს დედ–მამას ასეული ათასობით მანეთის გაფლანგვას აბრალებენ, ბრალდება 7 აგვისტოს კანონით არის დაკვალიფიცირებული. ეს საშინელი დანაშაულია და მის ჩამდენს არ ებოდიშებიან. დამნაშავის მთელი ქონება კონსფიკაციას ექვემდებარება. საჭიროა ძვირფასი ნივთების გადამალვა, ცხოვრება ხომ გინდათ„.
„ნივთები გადავმალო? რისთვის?!„
„როგორ თუ რისთვის, აკი გითხარი ყველაფერს წაიღებენ–მეთქი.„
„თუ მამაჩემი გამფლანგველია, დედაჩემიც, ნივთებს რა თავში ვიხლი, რას ამბობ დეიდა?„ – აღვშფოდი მე.
„შენ ჯერ ისევ ბავშვი ხარ, თამაზ, დამიჯერე!„
„არასოდეს! მამა და დედა დაბრუნდებიან! დე, ყველაფერი ჩამოგვართვან, მე ქურდი არ გავხდები, მშობლების ნივთებს არ მოვიპარავ! არც დედა, არც მამა ამ საქციელს არ მომიწონებენ.„
„დამიჯერე თამაზ!…„
„არა–მეთქი! ტყუილად ნუ მირჩევთ!„
…ოთახში ცოფიანივით დავრბოდი, ახლა ყველაზე მეტად დეიდაჩემი მეჯავრებოდა, მძულდა, დანახვაც არ მინდოდა მისი… ძლივს ვიკავებდი თავს, რომ სახლიდან არ გამეგდო. ისიც მიხვდა ალბათ ჩემს განწყობილებას, უხმოდ წამოდგა.
„დამშვიდდი, თამაზ, მე ახლა წავალ, დილით ადრე შემოვივლი, მანამდე კი იფიქრე. ხვალ შეიძლება გვიანიც იყოს,„ – ჩუმად დასძინა მან და კარებისაკენ გაემართა. პასუხი არ გამიცია, დეიდამ უხმაუროდ გაიხურა კარი.
დიდხანს დავდიოდი ოთახში. გონება არ მემორჩილებოდა: „შენი მშობლები საშიში დამნაშავენი აღმოჩნდნენ„ დეიდას ეს სიტყვები ტვინს მიბურღავდნენ. საშინლად შემძულდა დეიდა თამარი.„ როგორ გაბედა ამის დაჯერება, როგორ გაბედა!„ – ვასკდებოდი ჩემ გულს, და ოთახში ადგილს ვერ ვპოულობდი. სული შემეხუთა, ფანჯარა გავაღე, ბინაში ზამთრის სუსხიანი ჰაერი შემოიჭრა. უკვე კარგა ხანი იყო დაღამებულიყო, თუმცა სიბნელე არ შემიმჩნევია ან როგორ შევამჩნევდი, როდესაც თვით ჩემს სულში ჯერ გათენებამდე დაესადგურა გაუთავებელ შავბნელ ღამეს… – პატიმარმა წამით შეისვენა, გაჭირვებით მოიწმინდა შუბლიდან ოფლი და წყალი ითხოვა. მინდელმაგაფითრებულ ტუჩებთან ჭიქა მიუტანა, დაჭრილმა მოსვა, მადლობით შეხედა გამომძიებელს დაგანაგრძო: – …დიდხანს ვიდექი ფანჯარასთან და უაზროდვუყურებდი ზამთრის ღამეს. არაფერზე აღარ ვფიქრობდი. ფიქრის უნარი წამერთვა. „თამაზ„, – მომესმა ხმა. გამოვერკვიე, ფანჯარას მოვშორდი. მაგიდასთან ეკა იდგა და გაკვირვებით მიცქეროდა, ბინაში ბნელოდა. ამომრთველის ღილაკი გადავწიე, ოთახი თვალისმომჭრელმა შუქმა გაანათა. ეკასთან მივედი ხელში ავიყვანე და უსიტყვოდ დავსვი ტახტზე.
„გშია ეკა?„ – შევეკითხე მხოლოდ იმსთვის, რომ რაიმე მეთქვა, სიჩუმე დამერღვია.
„არა, მეშინია, თამაზ!„ – მომიგო ეკამ და ატირდა.
„აბა რისა გეშინია, არა გრცხვენია?„ – მოვეფერე ბავშვს.
„არ ვიცი, მეშინია„. – ამოილუღლუღა მან და გულში ჩამეკრა. მე დიდხანს უხმოდ ვეალერსებოდი. ეკას ჩაეძინა. კედლის საათმა 12–ჯერ დარეკა, შემდეგ ისევ სიჩუმემ დაისადგურა. ჩემს მკერდში ჩაკრული ეკა მშვიდად ფშვინავდა.
უეცრად ზარის წკრიალმა გამომაფხიზლა, ჩვენს ბინაში რეკავდნენ. „დეიდა თამარია„, – გავიფიქრე და ადგომა დამეზარა, არ მინდოდა მისი დანახვა. ზარის ხმა ერთი წამით შეწყდა, შემდეგ ისევ გაისმა ხანგრძლივად, დაჟინებით. ავდექი, ეკა ფრთხილად მივაწვნე ტახტზე, ხალათი წავახურე, ბავშვს ისევ ეძინა. შემდეგ შუშაბანდში გავედი და კარი გავაღე.
ოთახში ჩემთვის უცნობი პირები შემოვიდნენ.
„რა გნებავთ?„ – შევეკითხე შემოსულთ და უეცრად ვიცანი: ისევ ისინი იყვნენ, ჩემი მშობლების წამყვანნი.
შემოსულებმა უხმოდ შაიარეს შუშაბანდი და მისაღებ ოთახში შევიდნენ, მეც უკან გავყევი. ისინი სამნი იყვნენ.
უხმოდ მიუჯდნენ მაგიდას. მეც ხმას არ ვიღებდი.
შავკრსტუმიანმა ჯიბიდან ქაღალდი ამოიღო, გამომიწოდა.
„წაიკითხეთ!„ – მომიგო ლაკონურად.
ქაღალდი ჩამოვართვი, მექანიკურად წავიკითხე.
დეიდაჩემი სწორი აღმოჩნდა: მე და ეკას ბინიდან გვასახლებდნენ.
გული ყელში მომებჯინა, მაგრამ სიბრაზე დავიოკე და უხმოდ დავუბრუნე ქაღალდი შავკოსტუმიანს.
„მოემზადეთ, რამდენიმე წუთის შემდეგ უნდა წავიდეთ!„ – მკაცრად მომართა მეორემ.
მივაჩერდი. სწორედ ის იყო, წინა ღამით დედაჩემს რომ მომგლიჯა და მეორე ოთახში გაყვანით მემუქრებოდა.
„სად უნდა წავიდეთ, თუ ბინიდან მასახლებთ მე მარტო შემიძლია წასვლა„, – მივუგე ნაძალადევი სიმშვიდით და სკამიდან ავდექი.
„ბიჭიკო, – მომმართა შავკოსტუმიანმა, – მართალია ბინიდან გასახლებთ, მაგრამ ქუჩაში როდი გაგდებთ, თქვენთვის უკვე გამონახულია სხვა ბინა და იქ უნდა მიგიყვანოთ. ნივთების ნაწილსაც წაიღებთ, ასეთია განკარგულება.
მე პასუხი არ გამიცია. ეკასთან მივედი, გავაღვიძე.
„რა იყო, თამაზ?„ – მკითხა ეკამ, როდესაც მისი გაღვიძება შევძელი და ტახტზე წამოჯდა.
„უნდა წავიდეთ, ეკა„ – მივუგე მშვიდად.
„სად?! – გაკვირვებით იკითხა ეკამ და მხოლოდ ახლა შეამჩნია ოთახში მყოფი უცნობები, – სტუმრები მოვიდნენ?„ – დაუმატა ჩუმად.
„ჰო… არა… სტუმრები კი არა, შენ ვერ გაიგებ, ეკა, შემდეგ აგიხსნი? – ვუპასუხე მე და ტანსაცმელი მივაწოდე,
ეკამ გაკვირვებით შემომხედა და ჩაცმას შეუდგა…
ახალ ბინაში მანქანით მიგვიყვანეს. შავკოსტუმიანი ცოტა ხნით შეყოვნდა.
„არ იდარდო, თამაზ, ყველაფერი გამოირკვევა და მშობლები დაგიბრუნდებიან… მანამდე კი… ისწავლე, დაიკოს მოუარე, ყველაფერში ისე მოიქეცი, როგორც მამამ დაგაბარა. მე სხვა დროსაც შემოვივლი.„ – დამარიგა მან და წავიდნენ.
ეკა გაოცებით მიყურებდა და თუმცა ვერ მიმხვდარიყო რა მოხდა, კითხვის მოცემას ვერ მიბედავდა, ოთახის კუთხეში დაგებულ ფარდაგზე მჯდარს, მაგრად ჩაებღუჯა თავისი საყვარელი თოჯინა და შიშნაკრავი თვალებით მიცქეროდა. დიდხანს ვდუმდი.
მაშ ასე, ყველაფერი გათავდა, მე და ეკა მარტონი დავრჩით და ჩვენი ცხოვრების გზა მე უნდა გამეკვალა.
„რა იქნება ხვალ? ზეგ? ერთი თვის შემდეგ?„ – ვფიქრობდი მე, მაგრამ ვერას გზით ვერ წარმომედგინა თუ რა იქნებოდა მომავალში. ერთი რამ ცხადად შევიგრძენი: ჩემი მშობლები მოკლე ხანში ოჯახს ვერ დაუბრუნდებიან, არ გაათავისუფლებენ, ეს გადაწყვეტილია, თორემ ბინიდან ასე სწრაფად არ გაგვასახლებდნენ. მაგრამ ნუთუ მამა და დედა მართლაც ბოროტმოქმედნი იყვნენ?
„ტყუილია, შეცდომაა!„ – ვიმხნევებდი თავს.
„ბოროტმოქმედები არიან! შენც და ეკაც ბოროტმოქმედთა შვილები ხართ!„ – ჩამძახოდა ვიღაცა და ეხლა შევამჩნიე, რომ წუხელს აქეთ ეს ვიღაც, ჩემს გულში უკითხავად ჩასახლებული, მთელი ძალით მებრძოდა და მარწმუნებდა, რომ ჩემი მშობლები შეცდომით არ იყვნენ დაპატიმრებულნი.
„სტყუი, საზიზღარო, ცილს წამებ ჩემს მშობლებს!„ – შევუტიე იმ სხვას, მეორეს.
„შენ თვითონვე იცი, რომ არ ვტყუი! შენ მოგატყუეს შენმა მშობლებმა, ჩვენთან უდანაშაულოებს არ აპატიმრებენ!„ – მიპასუხა ორეულმა.
თმებში ხელი ჩავივლე, გიჟივით დავიწყე ოთახში სირბილი, მაგრამ ორეული ფეხდაფეხ დამდევდა, მოსვენებას არ მაძლევდა და დაჟინებით მარწმუნებდა, რომ ჩემი მშობლები დამნაშავენი იყვნენ.
როგორც იქნა გათენდა. ეკა ოთახში დავტოვე და ქუჩაში გამოველ. მიმოვიხედე: სადღაც ავლაბარში ვიყავი, მაგრამ რომელ ქუჩაზე, ვერ გავარკვიე. სწრაფად შევბრუნდი ოთახში, ფარდაგზე მიკუჭული ეკა გავაღვიძე, ჩავაცვი. გადავწყვიტე დეიდა თამართან წავსულიყავით, თუმცა რომ ვინმეს ეკითხა რა მინდოდა, რისთვის მივდიოდი, ვერ ვუპასუხებდი.
დეიდა სახლში დამიხვდა, გულთბილად მიგვიღო, მოგვეფერა, გაგვამხნევა.
„რა ვუყოთ შვილო, მარტო თქვენს თავს როდია ასეთი ამბავი. მოვითმინოთ, თუ რაიმე შეცდომაა, გამოირკვევა, უდანაშაულოდ ხომ არ დასჯიან. ვიცადოთ, დრო ყველაფერს გამოარკვევს.„
პასუხი არ გამიცია. უძილოდ გატარებულმა ღამემ და იდუმალ ორეულთან ბრძოლამ მომქანცა, მშობლების უდანაშაულობის რწმენა შემირყია და თითქმის დამარწმუნა, რომ მათ რაღაც საშინელი ჰქონდათ ჩადენილი.
პირველ ხანებში სკოლაში თანაგრძნობით მექცეოდნენ. ძია ვარდენიც კვირაში ერთხელ მაინც შემოივლიდა დეიდასთან, ჩვენს სანახავად, გვესაუბრებოდა, გვამხნევებდა და რწმენას გამოთქვამდა, რომ ჩემი მშობლების დაპატიმრება გაუგებრობა იყო მხოლოდ და ყველაფერი მალე ძველ კალაპოტში ჩადგებოდა.
ჩემი დედ–მამის საქმეს ასე 36–38 წლამდე ასაკის გამომძიებელი იძიებდა. ერთხელ ძია ვარდენმა მეც წამიყვანა გამომძიებელთან, მე მაშინვე ვიცანი შავკოსტუმიანი ჩეკისტი. მან მეტად თავაზიანად მიგვიღო, შეგვპირდა, რომ ყველაფერს მალე გაარკვევდა. ამასთან გადაჭრით გვაგრძნობინა შიში არა გვქონოდა, უდანაშაულო ადამიანი არ დაისჯებოდა.
ამის შემდეგ ხშირად დავდიოდი გამომძიებელთან და მუდამ გახარებული ვბრუნდებოდი სახლში, თანდათან მომშორდა მტანჯველი ეჭვი, და რწმენა ჩამენერგა, რომ მშობლები გაუგებრობის ნიადაგზე იქნენ დაპატიმრებულნი.
ამით გამხნევებული არაფრად ვაგდებდი ბინიდან გასახლებას და ჩემდამი ორიოდე მასწავლებლისა და მოსწავლის ცივ დამოკიდებულება. „ზოგი ჭირიც მარგებელია, – ვეუბნებოდი დეიდას, – ის მაინც გავიგე ვის უყვარდა ჩვენი ოჯახი გულწრფელად და ვის კიდევ მამაჩემის სახელის გამოგვეტმასნებოდა.„
ასე გავიდა ერთი თვე. ერთ დღეს, სკოლაში მისული ჩვეულებრივად მივესალმე ამხანაგებს, მაგრამ სალამზე არავინ მიპასუხა, ხოლო გაიოზმა, რომელიც თავისი ეგოიზმითა და ბოროტი ხასიათით გამოირჩევოდა, ზიზღით გადმომხედა, მერხზე გაზეთი დამიდო და ღვარძლიანად მესროლა: „აჰა წაიკითხე!„
ამხანაგების ასეთმა ქცევამ იმდენად გამაკვირვა, რომ არც კი ვცდილვარ შევპასუხებოდი. გაიოზს მექანიკურად გამოვართვი გაზეთი და უაზროდ გადავათვალიერე პირველიგვერდი.
„მესამე, მესამე გვერდი წაიკითხე, იქ ნახავ შენთვის საინტერესო წერილს!„ – ბოროტად ჩაიქირქლა გაიოზმა.
უხმოდ გავშალე გაზეთი, მესამე გვერდს დავხედე. საკმაოდ ვრცელი წერილის სათაური მსხვილი შრიფტით იყო აწყობილი და მაშინვე ვიგრძენი როგორ ჩამწყდა მკერდში რაღაც, თვალთ დამიბნელდა.
ბოლოს მოვახერხე ძალის მოკრება. წერილი ბოლომდე წავიკითხე.
გაზეთი მკითხველებს მოუთხრობდა საშიშ დამნაშავეთა ჯგუფზე, რომელიც მამაჩემის ხელმძღვანელობით ხანგრძლივი დროის მანძილზე დაუსჯელად აფათურებდა თურმე ხელს სახელმწიფოს ჯიბეში და უკვე მოესწროთ რამდენიმე ასეული ათასი მანეთის მითვისება. წერილში ლაპარაკი იყო ბოროტმოქმედთა საქმიანობაზე, სახელმწიფო თანხების დატაცების გამოყენებულ მეთოდზე და მთავრდებოდა მოწოდებით სასტიკად დაესაჯათ დამნაშავენი.
წერილმა გამაოცა. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ამ მდგომარეობაში. როდესაც გამოვერკვე დავინახე, გაიოზი და მასზე აყოლილი რამდენიმე ბიჭი გარს შემოხვეოდნენ და ბოროტად შემომცქეროდნენ.
ნელა წამოვდექი მერხიდან და გარს შემოხვეული ბიჭების გესლიან ხარხარში, თავდახრილი უკან მოუხედავად წავლასლასდი კარებისაკენ. კლასიდან გასულმა ნაბიჯს ავუჩქარე და ბოლოს გავიქეცი.
ორი დღე სახლიდან არ გამოვსულვარ, ასე მეგონა საკმარისი იყო ჩემი ხალხში გამოჩენა, რომ მაშინვე შემომესეოდნენ ნაცნობები თუ უცნობები და გაიოზის მსგავსად მასხრად ამიგდებდნენ.
მესამე დღეს გამომძიებლის სანახავადწავედი. საშვი კანცელარიის გამგემ დაუშვა. მთელი დღე ველოდე, მაგრამ გამომძიებელი არ გამოჩენილა, უკვე სამუშაო საათები მთავრდებოდა, როდესაც დერეფანში ვიღაც შუახნის მამაკაცი გამოვიდა და მკითხა ვის ველოდი. მე გამომძიებლის გვარი დავუსახელე.
„რა გინდა მასთან?„ – შემეკითხა კუშტად უცნობი. მე გავაცანი ვინც ვიყავი და რა მინდოდა გამომძიებელთან.
უცნობმა ოთახში შემიპატიჟა, რაღაცეები გამომკითხადა შემდეგ კუშტად მომიგო:
„თქვენმა მშობლებმა მძიმე დანაშაული ჩაიდინეს, სამართლიანად იქნენ დაპატიმრებულნი და სათანადო სასჯელსაც მიიღებენ. სხვა დრს აქ აღარ მოხვიდეთ, საჭირო არ არის. თქვენ თანამედროვე ახალგაზრდა ხართ და უნდა გესმოდეთ, რომ ისეთი მშობლები, რომლებიც ხელს უშლიან ახალი ცხოვრების აშენებას… ზიზღის ღირსი არიან მხოლოდ.„
„კი მაგრამ გამომძიებელი…„
„არავითარი „მაგრამ„. ამ საქმის გამომძიებელი ახლა მე ვარ, ხოლო ვისთანაც თქვენ დადიოდით უკვე მოხსნილია და ვეღარ ნახავთ, გასაგებია?„
„მოხსნილია?! რისთვის?„
„ეგ თქვენი საქმე არ არის! – მომიგო უცნობმა ცივად. შემდეგ საშვზე ხელი მომიწერა და დასძინა: – ახლა წადით, გამოძიება ალბათ მალე დამთავრდება, მანამდე კი ჩემთან არ მოხვიდეთ. არ მიგიღებთ, არც რაიმე ცნობას მოგცემთ.„
იმ დღიდან ჩემი ცხოვრება მოლოდინის გრძელ, გაუთავებელ ჯაჭვად იქცა. ყველაფერი შეიცვალა – ხალხიც, გარემოც; ყველაში ყველა ამხანაგი ჩამომშორდა, თუ რომელიმე დამელაპარაკებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ ზიზღით შეეხსენებინათ ჩემი მშობლების დანაშაული; მასწავლებლებსაც სიცივე დაეტყოთ, სწავლას გულს ვეღარ ვუდებდი და ჟურნალში ჩემი გვარის გასწვრივ სამიანები გაჩნდა, შემდეგ კი ორიანებიც გახშირდა.
ერთადერთი ვისაც ჩემი უბედურების დღეებში არ მივუტოვებივარ ციალა იყო. ხშირად დადიოდა ჩვენს ახალ ბინაში, მამხნევებდა, ეკას ეფერებოდა, ხანდახან ბინასაც გვილაგებდა და დეიდას ფულისგან ნაყიდ სადილს გვიხარშავდა.
ასე გავიდა ორი თვე. ერთ დღეს ციალა ციალა სკოლაში არ მოვიდა. გადავწყვიტე ბინაზე მიმეკითხა, მაგრამ ვერ გავბედე – ყველასგან ათვალისწუნებულს, შემეშინდა სახლიდან არ გამოვეგდე ციალას მშობლებს. ისევ დაცდა ვამჯობინე, მაგრამ ციალა არც მეორე დღეს გამოჩნდა. ახლა კი ვეღარ მოვითმინე და გაკვეთელების დამთავრების შემდეგ პირდაპირ მასთან წავედი. კარი გამიღო საშუალო ასაკს გადაცილებულმა ქალმა, რომელსაც ტირილისა, და უძილობისაგან თვალები დასიებოდა. მორიდებით ვიკითხე ციალა. უხმოდ შემიძღვა პატარა ოთახში. ციალა ტახტზე იწვა, დამინახა თუ არა ტირილი აუვარდა, ჩემთვის უცნობი ქალიც აქვითინდა. ვერაფერს მივხვდი, სალამიც ვერ მოვახერხე, შუა ოთახში უხერხულად გაჩერებული, ხელში ქუდს ვჭმუჭნიდი და დაბნეული შევცქეროდი ხან ერთს, ხან მეორეს. ბოლოს გონს მოვეგე, საწოლს მივუახლოვდი.
„რა მოხდა, ციალა?„ – შევეკითხე მტირალს
ციალამ უფრო უმატა ქვითინს, ტირილი ისტერიკად გადაიქცა, ხანშიშესული ქალი დაფაცურდა, რაღაც წვეთები ჩაყლაპა, შემდეგ მოეხვია და შეეცადა დაემშვიდებინა, საკმაოდ დრო გავიდა, ვიდრე ციალა ცოტათი მაინც დაწყნარდებოდა. მერე კი ნაწყვეტ–ნაწყვეტად მიამბო, რომ ორი დღის წინ მისი მამაც, ერთ–ერთი ქარხნის დირექტორი, დაეპატიმრებინათ.
„ახლა მე შენზე უარეს დღეში ვარ თამაზ!„ – დაამთავრა ციალამ და კვლავ ტირილი აუვარდა.
მოულოდნელობისაგან გავშეშდი.
„დაჯექი, შვილო, თქვენზე ბევრი რამ მიამბო ციალამ„ – ჩამესმა ქალის ხმა. მისკენ უაზროდ გავიხედე.
„ჩემი ბებიაა თამაზ, სოფლიდან ჩამოვიდა. დედა მამის ამბის გასაგებად წავიდა„ – გამაცნო ციალამ ბებია.
უხმოდ ჩამოვჯექ მინდოდა რაღაც მეთქვა, ციალა მისი ბებია მენუგეშებინა, მაგრამ ენა ვერ მოვაბრუნე, სიტყვა ვერ დავძარი, აზრწართმეული, სულ მთლად დაბნეული, უხმოდ შევცქეროდი ორთავეს.
გვიან ღამით დავტოვე ციალას ბინა. ჩემს გულში მბჟუტავი უკანასკნელი სინათლეც ჩაქრა. ციალა ახლა, პირიქით, გამხნევებასა და ნუგეშს საჭიროებდა.
იმ ღამით დეიდასთან დავრჩი, უძილოდ გავატარე, არც დეიდა თამარს ეძინა, მასზე მძიმედ იმოქმედა ციალას მამის დაპატიმრებამ.
დილით გვიან ავდექი, ხალისოდ წავედი სკოლაში. პირველ გაკვეთილზე ორიანი მივიღე. გულგრილად მოვისმინე მასწავლებლის საყვედური, რასაც ჩემთვის კარგა ხანია დაკარგული ჰქონდა მნიშვნელობა.
ციალა მესამე გაკვეთილზე გამოჩნდა, ძალზე მოწყენილი და დანაღვლიანებული. საოცარი ის იყო, რომ უფრო ლამაზი და მიმზიდველი მეჩვენა. უხმოთ ჩამოვართვი ხელი.
„თამაზ, ამ საღამოს უეჭველად მოდი, აუცილებელი საქმე მაქვს„ – წყნარად მითხრა მან და ნაღვლიანად შემომხედა.
„მოვალ, ციალა„.
რამდენიმე წუთს ვისაუბრეთ, მაგრამ არც ერთს არ გვიხსენებია მშობლები.
ციალა წავიდა მეც აღარ დავრჩენილვარ, უკანასკნელი ორი გაკვეთილი მივატოვე და სახლში წავედი.
საღამოს 6 საათზე ციალასთან ვიყავი. დედა–შვილი ბარგს კრავდა, თავზარი დამეცა, მივხვდი, რომ თბილისს ტოვებდნენ.
ჩემმა გამომეტყელებამ ალბათ ყველაფერი უთხრა ციალას. მკლავში ხელი მომკიდა, გვერდზე გამიყვანა და შთაგონებით მითხრა:
„თამაზ, მე და დედას თბილისში ცხოვრება გაგვიჭირდება, გადავწყვიტეთ სოფელში წავიდეთ ბაბუასთან, დედაჩემის მამასთან… წინ უნდა გავიხედოთ, ცხოვრებას შევეჭიდოთ და თვითონვე მოვაწყოთ ჩვენი მომავალი. თუ მამა უდანაშაულოა, გამოუშვებენ, თუ არადა, მშობლების ცოდვას ჩვენ არ მოგვკითხავენ. დრო გავა, გავიზრდებით, შრომაში ჩავებმებით, ხალხი ჩვენი შრომით დაგვაფასებს და საზოგადოებაში ჩვენთვისაც აღმოჩნდება ადგილი. შენ ჩემზე ნაკლებ როდი გესმის, რომ ჩვენ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებს მეტი მოეთხოვება. ხომ გესმის, თამაზ!„
„მესმის, ციალა მაგრამ…„
„კარგი, ნუღარ გააგრძელებ, ჩვენ ამ საკითხზე ცოტა უფრო გვიან მოვილაპარაკებთ. აი ბარგს შევკრავთ, დედა და ბებია სხვაგან მიდიან და რამდენიმე საათი მარტო ვიქნებით, კარგი?„
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
ერთი საათის შემდეგ მცირე ბარგი უკვე შეკრული იყო. ციალას დედა და ბებია წავიდა, ჩვენ მარტონი დავრჩით.
ვდუმდით. ტახტზე ჩამომჯდარნი შევცქეროდით ერთმანეთს. საუბრის დაწყება არ ხერხდებოდა,თავდახრილი ციალა სუფრის ფოჩებს წეწავდა. ნავთქურაზე ჩაიდანი შიშინებდა, ეზოდან ბავშვების ჟრიამული ისმოდა, ადრიანი გაზაფხულის ჩამავალი მზის სხივები ოქროსფრად ბრჭყვიალებდნენ ფანჯრის მინებზე.
„ციალა„! – დავარღვიე სიჩუმე.
„გისმენ, თამაზ!„ – თავაუღებლად მიპასუხა ციალამ.
„როდის მიდიხართ?„ – შევეკითხე ანგარიშმიუცემლად და თვითონვე შემრცხვა ჩემი კითხვისა, იმდენად სულელურად მეჩვენა იგი.
„ხუთი საათის შემდეგ. მატარებელი თორმეტზე მიდის, თამაზ…„
„ამაღამ?„ – თითქმის შევყვირე.
ციალამ თავი ასწია, თბილად შემომხედა და ნაღვლიანი ღიმილით დამიქნია თავი.
„რას ამბობ, ციალა, ამაღამ, ასე მოულოდნელად?!„
„ასეა საჭირო, თამაზ„ – ჩაიჩურჩულა.
„საჭირო?„ მერე მე… მე რა მეშველება უშენოდ, ნუთუ არ იცი, რომ შენ და ეკაღა ხართ ერთადერთი სანთელი ჩემს დაბნელებულ გულში!„
ციალა ნელა წამოდგა, ბავშვივით გადამისვა თავზე ხელი, შემდეგ გვერდით მომიჯდა და წყნარად მითხრა:
„ვიცი, თამაზ, მეც ძალიან მიჭირს შენგან დაშორება, ამდენი ხნის მეგობრობის შეწყვეტა მაგრამ…„
„მეგობრობის და მეტი არაფერი?„
ციალამ არ მიპასუხა.
„ციალა! – შევძახე გახელებით, – მე…„ – ვერ ვბედავდი მეთქვა, ჩემს თავსაც არ ვუტყდებოდი, რომ გაგიჟებით…
მან ტუჩებზე მიმაფარა ხელი, სიტყვა შემაწყვეტინა, შემდეგ ალერსიანი ხმით მითხრა:
„ნუ თამაზ არ არის საჭირო, მე ყველაფერი ვიცი, დიდ ხანია მიმხვდარი ვარ, გახსოვს 10 იანვარი? ვინ იფიქრებდა, რომ ასე შებრუნდებოდა ჩვენი ცხოვრება, რა ბედნიერები ვიყავით მაშინ, თამაზ!…„
„ციალა, მაშ ყველაფერი გათავდა?„ – შევეკითხე სიმწრით.
„არა, თამაზ, არ გათავებულა! პირიქით, ყველაფერი წინ არის, მაგრამ ჯერ ბავშვები ვართ და ცხოვრებაში ბევრი სიძნელეების გადალახვა მოგვიწევს. ვარდისფერი ხან გათავდა, ახლა ჩვენ უნდა შევებრძოლოთ ცხოვრებას და საკუთარი ძალით მოვძებნოთ ბედნიერება„.
„ჩვენ მას ვიპოვით, ციალა, თუ შენ… შენ ჩემთან იქნები და არ დამტოვებ!„
ციალა ცოტა ხანს დადუმდა. მერე ნაზად გამიღიმა.
„თამაზ, მე შენ დღეს იმიტომ დაგიბარე, რომ ბევრ რამეზე მოგელაპარაკო, ადრეც ვფიქრობდი, მაგრამ მეშინოდა, ცუდად არ გაგეგო, არ გაჯავრებულიყავ. დღეს კი, დღეს, ჩვენი ერთნაირი მდგომარეობა მაძლევს ამის უფლებას, მისმენ თამაზ?
„გისმენ ციალა!„
„მე არ მომწონს შენი ქცევა. უკვე ვაჟკაცი ხარ, ბევრი რამ მოგეთხოვება. ჩვენ არც ერთი არ ვაგებთ პასუხს მშობლების მოქმედებაზე თუ ისინი დამნაშავენი არიან, მაგრამ შეიძლება ეს შეცდომაც იყოს და ყველაფერი გათავდეს. შენ კი რას აკეთებ, თამაზ? აი უკვე ორი თვეა აღარ სწავლობ, ფრიადოსანი ოროსანთა რიგებში აღმოჩნდი, მოეშვი, ცხოვრებასთან ბრძოლაზე ხელი აიღე, თვითდინებას მიყვები,თითქოს შენთვის ყველაფერი სულ ერთი იყოს. განა ეს კარგია?
„რა ვქნა ციალა, განა მე მინდა? მაგრამ ვეღარ გავუძელ ყველაფერი ეს ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა და გამტეხა!„
„არა, თამაზ, აქ გაძლება არაფერ შუაშია, ნებისყოფაა საჭირო, სიძნელეს დაძლევა უნდა. ქედის მოხრა, ბრძოლაზე ხელის აღება–ლაჩრობაა. განა შენ ლაჩარი ხარ?„
„ციალა, მე ეს სილაჩრით არ მომსვლია, შენს გარდა ყველამ ზურგი შემაქცია, ამხანაგები ზიზღით მიცქერიან, მასწავლებლებიც, ვის რა დავუშავე?„
„ისინი სწორი არიან, აქ საკვირველი არაფერია, ეს უნდა გესმოდეს, თამაზ!„
„მესმის, ციალა, შენ თითქოს მართალი ხარ, მაგრამ ეს ისე ძნელია, ისე მწარე, რომ…„
„ჰო ძნელია, ვიცი, შენ გგონია მე არ მიყვარს მამა?„ თამაზ მე ჯერ კიდევ იმედი მაქვს… – ციალას ხმა აუთრთოლდა, შემდეგ მოწოლილი ცრემლები ჩაყლაპა და განაგრძო: – მაგრამ თუ… უნდა შევურიგდეთ მწარე სინამდვილეს.
ორთავენი გავჩუმდით. ოთახში სინათლე გაიცრიცა, ჩრდილები დაგრძელდა, შეუმჩნევლად წამოგვეპარა ღამე. მე ციალას ხელი მჭირა, ნაზად ვეალერსებოდი და იმ წუთში მხოლოდ იმას ვნატრობდი, სადმე შორს, ადამიანისათვის მიუწვდომელ ადგილზე გავფრნილიყავით, სადაც არავის არ ეცოდინებოდა ჩვენი მშობლების ამბავი.
„თამაზ!„ – დაარღვია მყუდროება ციალამ.
„გისმენ ციალა!„
„რაღაც უნდა გთხოვო, თამაზ და შემპირდი, რომ უსათუოდ ამისრულებ„.
„თქვი, ციალა.„
„შენ უნდა ისწავლო, თამაზ, უნდა ისწავლო! კიდევ ორი თვე და გამოცდები დაიწყება, უნდა შესძლო ატესტატის აღება. საშუალო დამთავრებულს კი აღარაფერი გაგიჭირდება, შეიძლება იმუშაო და ისწავლო კიდეც დრო მალე გავა, 4–5 წელიწადში უმაღლეს სასწავლებელს დაამთავრებ, დამოკიდებული კაცი გახდები, ყველაფერი კარგად იქნება,მპირდები, თამაზ?„
„გპირდები, ციალა! ვისწავლი, ყველაფერს დავძლევ, ყველაფერს მოვერევი, თუ შენ…„
„კარგი, თამაზ, ვიცი ნუ იტყვი, არ არის საჭირო…„
„ბოლომდე მომისმინე , ციალა„.
„არ არის საჭირო, თამაზ, მე ვიცი რაც უნდა მითხრა. ისწავლე თამაზ და…მელოდე„! – უკანასკნელი სიტყვა ციალამი წყნარად, ჩურჩულით წარმოთქვა და თავი მხარზე მომაყრდნო.
მეტი არაფერი გვითქვამს, ეს იყო ჩვენი სიყვარულის გამოცხადებაც, ფიციც და იმ წუთს მწამდა, ჩვენი დაშორება არავითარ ძალას აღარ შეეძლო.
სადგურზე ერთად წავედით, ციალა ძალზე მოწყენილი იყო, მაგრამ ცდილობდა ჩემთვის არ შეემჩნევინებია. ბაქანზე ვიღაც ბიჭუნა ნაადრევ იებს ყიდდა. ციალამ ფული გაუწოდა, ნაღვლიანად გაიღიმა.
„იყვარს იები„ – წყნარად მითხრა და ქინძისთავით კონა მკერდზე დამიმაგრა.
„ეს როგორ?! – გავიღიმე ნაძალადევად, – ნაცვლად იმისა რომ მე მომერთმია თაიგული, პირიქით იებს მთავაზობ?„
„ჩემს სახსოვრად გქონდეს, თამაზ„ – ჩაიჩურჩულა ციალამ.„
მატარებლის გასვლამდე ბაქანზე ვიდექით, გავლილ ბედნიერ დღეებს ვიგონებდით, ვსაუბრობდით ყველაფერზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ წამოგვცდენია ჩვენს იმჟამინდელ მდგომარეობაზე, არ გვინდოდა განშორების უკანასკნელი წუთები მოგვწამლოდა.
მატარებელი დაიძრა, ციალა ვაგონის კარებში იდგა და ხელს მიქნევდა, ნელ–ნელა გავყევი მიმავალ მატარებელს, შემდეგ სირბილზე გადავედი და დიდხანს, ვიდრე უკანასკნელმა ვაგონმა არ ჩამიარა, მივსდევდი ჩემს პირველსა და უკანასკნელ სიყვარულს…
მარტო დავრჩი, მატარებელი თვალ მიეფარა, ბაქანი დაცარიელდა, მე კი ვიდექი… ვიდექი… შემდეგ მკერდიდან იების კონა მოვიხსენი, ხელში დავიჭირე, ქინძისთავი სათუთად შევინახე ჯიბეში და დამძიმებული გულით წამოველ სადგურიდან.
ის ღამე უძილოდ გავატარე, ბევრი ვიფიქრე. ბოლოს, გადავწყვიტე ყურადღება აღარ მიმექცია სკოლაში ჩემდამი ამხანაგების დამოკიდებულებისათვის და მესწავლა, მე ხომ ციალას, ჩემს ციალას დავპირდი!
გავიდა კიდევ ორი თვე, ციალა ყოველ კვირაში მწერდა წერილს. სკოლაში ნიშნები გამოვასწორე, ნელ–ნელა შევეჩვიე ჩემს მდგომარეობას. მშობლების საქმე ჯერ ისევ გამოძიებაში იყო, იმედი მომეცა. ეკა ხშირად კითხულობდა მშობლებს, მაგრამ ვარწმუნებდი,მივლინებაში არიან და ჯერ ვერ ჩამოვლენ–მეთქი.
20 მაისს პირველი გამოცდა გვქონდა, ჩავაბარე, სახლში გახარებული წავედი, იმჯერად დეიდასთან ვცხოვრობდით. დეიდა სახლში არ დამიხვდა, ეკა ტახტზე იწვა,თვალები დაეხუჭა და მძიმედ სუნთქავდა.
„ეკა რა მოგივიდა?„ – შევძახე და საწოლთან მივვარდი.
ეკამ არ მიპასუხა.
„ეკა, შემომხედე ეკა! – შევსთხოვე მუდარით და ხელი შევახე. ბავშვს ლოყებზე ალი ასდიოდა ელდა მეცა, საწოლთან დავიჩოქე.
„ეკა, შემომხედე, გენეაცვალე! მე ვარ შენი ძამიკო„ – მოვეფერე, ცეცხლივით ანთებული ლოყები დავუკოცნე.
ეკამ მძიმედ გაახილა თვალები, უაზროდ შემომხედა, შემდეგ ისევ დახუჭა.
„მიშველეთ„ – ვიყვირე გიჟივით.
ოთახში მოხუცი მეზობელი ქალი შემოვარდა.
„მიშველეთ, დეიდა, ეკა ძალიან ცუდად არის!„ – შევევედრე მას.
„რა მოუვიდა? – შეშფოთდა კეთილი მეზობელი„ – სულ ორი საათიც არ იქნება, რაც აქ თამაშობდა, – მოხუცი საწოლთან მივიდა, ეკას შუბლზე ხელი დაადო. ჩქარა ექიმი!„
კისრიმტვრევით გავვარდი ოთახიდან, იქვე ახლოს ექიმი მეგულებოდა, დავრეკე, კარი გამიღეს თუ არა, უკითხავად შევვარდი ოთახში.
„მიშველეთ, ექიმი!„ – მივმართე შეიშნებულ ქალს.
ნახევარი საათის შემდეგ ექიმი ეკას საწოლთან იდგა და ბავშვს გულდასმით სინჯავდა.
მე, მეზობლის მოხუცი ქალი და დეიდა, რომლისთვისაც ტელეფონით შეეტყობინებიათ ეკას ავდმყოფობა შნშფოთებული შევცქეროდით ექიმს.
ექიმი დიდხანს სინჯავდა ავადმყოფს, შემდეგ წამოდგა.
„საშიშია რაიმე?„ – შეეკითხა დეიდა შიშნაკრავად.
ექიმი ერთხანს დუმდა, შემდეგ მძიმედ წარმოთქვა:
„მდგომარეობა სერიოზულია, მარჯვენა ფილტვის ანთება აქვს!„
მეხივით დამეცა ექიმის ნათქვამი, – ფილტვების ანთება! ერთი წუთით ოთახი დატრიალდა, შემდეგ თითქოს ვიღაცამ მძიმე ურო დამკრა თავში, თვითონვე გავიგე ჩემი იატაკზე დაცემის ხმა და გონი დავკარგე.
როდესაც თვალი გავახილე, პირველად მტირალი დეიდაჩემი დავინახე, ქაფურის მწვავე სუნი ვინრძენი.
„როგორ გეკადრებათ, ყმაწვილო, ასე წახდენა! – მკაცრად მითხრა ექიმმა, – ავადმყოფს საშიში არაფერი ჭირს, თქვენ კი… ეგ რა მამაკაცური საქციელია!„
შემრცხვა. „მართლაც, იმის მაგიერ, რომ ეკას მივხედო, განაზებული ქალივით გული მიმდის„ – შევრისხე ჩემი თავი და ტახტიდან ადგომა დავაპირე.
„იწექით!„ – მიბრძანა ექიმმა, ჯერ არ შეიძლება თქვენი ადგომა, ისევ ცუდად გახდებით.„
„მე არაფერი მიჭირს, ექიმო! – წარმოვთქვი ნაძალადევი სიმშვიდით და ტახტიდან წამოვდექი, – მეც არ ვიცი როგორ მომივიდა.„
ექიმმა კუშტად შემომხედა, მაგიდასთან დაჯდა, რამდენიმე თავი წამალი გამოწერა.
„სასწრაფოდ დაამზადებინეთ, საღამოსათვის ისევ შემოვივლი„ – წაილაპარაკა მან და ოთახიდან გავიდა.
აფთიაქში დეიდა წავიდა, მე ჯერ ისევ მიბრუოდა თავი და სახლში დავრჩი, ექიმის რჩევისამებრ ეკას ხშირხშირად ვუცვლიდი ცივ ტილოებს.
დეიდა გამწარებული დაბრუნდა, ორი თავი წამალის მეტი ვერ ეშოვა. ჩემთვის მანამდე უცნობი ქალი შემოჰყვა, შემდეგ გავიგე, ისიც დეიდას მეზობელი ყოფილა, ექთანგი.
საღამომდე ეკას საწოლს არ მოვშორებივარ, ყოველ ნახევარ საათში ავადმყოფს ტემპერატურას ვუსინჯავდით, თერმომეტრი 41 გრადუსს უჩვენებდა. ექიმი საღამოს 9 საათზე ისევ მოვიდა. დიდხანს სინჯავდა ავადმყოფს.
„აუცილებელია სტრეპტლციდი, თორემ ბავშვი დაგვეწვება„ – ჩაილაპარაკა მან.
„სტრეპტოციდი! მე ვიცოდი არსებობდა ეს ახალი, ტემპერატურის დამწევი, უებარი საშუალება, მაგრამ ისიც ვიცოდი, მისი შოვნა თითქმის შეუძლებელი იყო.
„მიშველეთ რამე, ექიმო, – აქვითინდა დეიდა, – სამუდამოდ ყმად გაგიხდებით, ყველაფერს გავყიდი, ოღონდ ბავშვი გადამირჩინეთ„.
ქვასაც კი შესძრავდა დეიდაჩემის საცოდაობა. ამ რამდენიმე საათმა მოსტეხა.
ექიმი გულწრფელად შეწუხდა.
„ქალბატონო, მე თქვენი არაფერი მინდა. ისედაც საკმაოდ ვიქნები დაჯილდოებული, თუ ჩემი ცდა შედეგს გამოიღებს. და ბავშვს გადავარჩენ, მაგრამ ამაზე როდია ახლა ლაპარაკი, მე რომ მქონდეს ეს პრეპარატი, თქვენი თხოვნა არ დამჭირდებოდა, ისედაც მოვიტანდი, მაგრამ არა მაქვს. ხვალ შეიძლება ვიშოვო რამდენიმე აბი, მაგრამ ხვალამდე დიდი დროა, მთელი ღამე ბავშვის ამ მდგომარეობაში დატოვება შეუძლებელია.!„
გაოგნებული ვიდექი, მესმოდა, რამდენიმე აბზე იყო დამოკიდებული ეკას სიცოცხლე, მაგრამ სად მეშოვნა სტრეპტოციდი?
უეცრად გამახსენდა, ჩემი მეზობელი ახალი ბინიდან, ჩემზე ორი წლით უფროსი არტაშა, რომელიც თბილისის ყველა სპეკულიანტს იცნობდა და გასამჯელოს მიხედვით თითქმის ყველაფერს შოულობდა.
სწრაფად წამოვდექი.
„მე ვიშოვნი სტრეპტოციდს, აუცილებლად ვიშოვნი!„ – განვაცხადე მტკიცედ და კარებისაკენ წავედი.
„სად მიხვალთ, ყმაწვილო?„ – მომაძახა ექიმმა.
„მე ვიშოვი, ექიმო სტრეპტოციდს, გადამყიდველებს გამოვართმევ, – მივუგე ექიმს თამამად, – მხოლოდ მითხარით, რამდენი იქნება საკმარისი?.
დეიდა დაფაცურდა, ფული მოძებნა, ორი ცალი ასმანეთიანი მომაჩეჩა ხელში. გული შემეკუმშა, მხოლოდ ახლა გამახსენდა, რომ ჯიბეში ერთი მანთის მეტი არ მქონდა.
ექიმმა თბილად შემომხედა.
„ერთი წუთით მოითმინეთ, – მითხრა მან და მკლავში ხელი მომკიდა, – ესეც აიღეთ! – ექიმმა ჯიბიდან ფული ამოიღო და შემდეგ დაუმატა: – ორი კოლოფი იყიდეთ თუ მართლაც მოახერხოთ შოვნა.„
„ფული საჭირო არ არის პატივცემულო ექიმო, მე თვითონაც მაქვს„ – უარი განვაცხადე ფულის მიღებაზე დაყურებამდე გავწითლდი.
ექიმი გაჯავრდა: „ლაპარაკის დრო არ არის, ფულს საჩუქრად როდი გაძლევთ, შემდეგ დამიბრუნეთ, ახლა კი აიღეთ და გასწით.”
„გმადლობთ, ექიმო, მაგრამ თქვენს ფულს ვერ ავიღებ, არ არის საჭირო, მე თვითონ მაქვს, მეყოფა.„
ექიმს ეხლა ნამდვილად გული მოუვიდა: „მე თქვენოდენა შვილი მყავს, არ გეკადრებათ ასეთი ჯიუტობა! ფული წაიღეთ, თუ არ დაგჭირდებათ, უკანვე მომიტანეთ!„ – მითხრა მან ბუზღუნით და ათმანეთიანები ჯიბეში ჩამიტენა.
დეიდა ხმას არ იღებდა, დარდისა და სირცხვილისაგან გამშრალი უხმოდ იდგა ეკას საწოლთან. მე ვიცოდი, რომ მან მთელი თავისი ფული მომცა და ერთი მანეთიც არ დაუტოვებია.
აღარ მიკამათია. უსიტყვოდ გავვარდი ოთახიდან. იმის შეგნებამ, რომ სრულიად უცნობმა ადამიანმა, რომლისაგანაც ისედაც დავალებული ვიყავით, თავისი ფული მომცა წამლების სასყიდლად, საშინლად შემილახა თავმოყვარეობა, მეორე მხრივ უღრმესი მადლობისა და პატივისცემის გრძნობით განვიმსჭვალე ექიმისადმი, რომელმაც ასეთი უანგარობა და კეთილშობილება გამოიჩინა გაჭირვებაში მყოფ ადამიანთა მიმართ, თუმცა ეს ადამიანები ახლოს არც იცნობდნენ მას და არც სამაგიერო სიკეთის გადახდა შეეძლოთ, ახლო მომავალში მაინც.
რა კარგი იქნებოდა ცხოვრება, რომ…
უეცრად მშობლები გამახსენდა. „იციან ახლა რა დღეშია ეკა? ნეტა თუ გრძნობენ რაიმეს?„ – გამიელვა თავში და ფეხს ავუჩქარე. ქუჩაში ვერავის ვხედავდი, თითქმის გავრბოდი.
არტაშა სახლში დამხვდა, ვიღაც სტუმრები ჰყავდა, სვამდნენ. ჩემი ნახვა ძალიან გაუხარდა. ის რატომღაც ცდილობდა მეგობრული ურთიერთობა დაემყარებინა ჩემთან, მაგრამ მე არ ვაძლევდი ამის საბაბს, ჩემდაუნებურად პირველი შეხვედრისთანავე ანტიპატიურად განვეწყვე.
„მოდი, თამაზ, მოდი! მადლობა ღმერთს, ჩვენთან ფეხი შემოგიცდა, – შემეგება არტაშა, შემდეგ თანასუფრელებს მიმართა: – გაიცანით, პროფესორის შვილია, ახლა მილიციასთან ცოტა იაღლიშად არის, მაგრამ არაფერია.„
მეწყინა არტაშას ეს ლაზღანდარობა, მაგრამ თავი შევიკავე, მე მასთან ეკას სიცოცხლის სათხოვნელად ვიყავი მისული და რაც არ უნდა ეთქვა, ყველაფერს ავიტანდი.
„ერთი ჭიქა დაგვალევიე, თამაზჯან„
არტაშამ ღვინით სავსე ჩაის ჭიქა მომაწოდა.
„არა, არტაშ, ღვინო კი არა ცეცხლი მეკიდება, უნდა მიშველო რამე„.
„ვაჰ, რა გაგვჭირვებია ასეთი!„ – გაუკვირდა მას და მაგიდიდან წამოდგა.
„გეტყვი, შენს იქით გზა არა მაქვს„ – მიუვუგე. შემდეგ მის მეგობრებთან ბოდიში მოვიხადე, არტაშა გვერდზე გავიყვანე და ჩემი მისვლის მიზეზი ავუხსენი.
„ვაა! მე რომელი აპტეკარი მნახე!„ – გაიცინა მან.
„შენ ყველას იცნობ, არტაშ, უნდა მიშველო!„
„გიშველი, მაგრამ ეგ ოხერი ძალიან ძვირად ყიდიან, მე კი ახლა ფული არა მაქვს„.
„ფული მე მაქვს, შენ მხოლოდ წამალი იშოვე„.
„შენ აქ დამიცადე მე მალე მოვალ – არტაშამ ქუდი დაიხურა, – ბიჭებო! – მოუბრუნდა მეგობრებს, – თქვენ პურის ჭამა განაგრძეთ, არ აიშალოთ, ამ საათში აქა ვარ, თამაზაც გაართედ, ჩვენი ახალი მეზობელია, ჯიგრიანი ბიჭია!„ – გააცნო ჩემი პიროვნება მათ და ოთახიდან გასვლა დააპირა.
„მეც შენთან მოვდივარ, არტაშ! – მივაძახე კარებში გასულს და უკან დავედევნე.
არტაშამ წამალი მიშოვნა, ორი კოლოფი სტრეპტოციდი. გამოვცოცხლდი. სიხარულით გავუწოდე ფული.
„ამოდენა ფული სად გიშოვნია?„ – გაუკვირდა არტაშას.
„ვისესხე, არტაშ„.
„ისესხე? არა ძმაო, ნასესხებ ფულს მე შენ არ გამოგართმევ. გაუშვი ჩემი ვალი გქონდეს, ძმაკაცურად გავსწორდებით, ეს კი ვისაც გამოართვი მიუტანე „
უარზე დავდექი, მაგრამ რაც მეტს ვეხვეწებოდი, ის უფრო ჯიუტობდა, ბოლოს 200 მანეთი დავუტოვე, გულწრფელი მადლობა გადავუხადე და წასვლა დავაპირე.
„თამაზჯან, ერთი ძმაკაცური სათხოვარი მაქვს…„ – შემაჩერა არტაშამ.
„თქვი, არტაშ!„
„ახლა შენ სხვანაირად კი არ გამიგო, ბიჭებს ცოტა ოინბაზობა გვინდა, შენ მაინც რამდენიმე დღე დეიდაშენთან უნდა დარჩე და თუ არ გეწყინება შენი ოთახის გასაღები დამიტოვე„.
გავუგე: არტაშა სამაგიერო სამსახურს მთხოვდა, ამიტომაც არ აიღო 200 მანეთზე მეტი. ბრაზი წამეკიდა, მინდოდა სახეში მიმეხალა წამალი, მაგრამ თავი შევიკავე, ჯიბიდან გასაღები ამოვიღე, უსიტყვოდ გავუწოდე და სირბილით წავედი.
„არხეინად იყავი, თამაზ, ოთახში ყველაფერი რიგზე დაგხვდება, არ გეგონოს რაიმე ავურიოთ„ – კიდევ რაღაცას მომძახოდა არტაშა, მაგრამ მე აღარ გამიგონია. დრო შევამოწმე, ერთი საათი გასულიყო, რამდენიმე წუთში სალში ვიყავი, სწრაფად ავირბინე კიბეები და ოთახის კარი შევაღე. ყველანი მოლოდინით შემომცქეროდნენ.
„ვიშოვნე!„ – ვუპასუხე მათ მუნჯ კითხვას და ჯიბიდან წამალი ამოვიღე.
დეიდა სიხარულით გადამეხვია.
„ყოჩაღ ვაჟკაცო!„ – გამიღიმა ექიმმაც და მაგრად ჩამომართვა ხელი.
ეკას ძალის–ძალად ჩააყლაპეს აბი.
ყველანი თითქოს დავმშვიდდით, იმედი მოგვეცა. ექიმმა დაარიგა დეიდა, როგორი წესით ეძლია წამალი ბავშვისათვის და წასასვლელად მოემზადა.
„პატივცემულო ექიმო, – გადავუღობე გზა, – თქვენ ისეთი ამაგი დაგვდეთ, მისი გადახდა ჩვენს ძალ–ღონეს აღემატება, კადნიერებად ნუ ჩამითვლით, მინდა ვიცოდე, თქვენი სახელი.
„გიორგი ესტატეს ძე, – გაიღიმა ექიმმა, შემდეგ ქოჩორი ამიჩეჩა, – აი როგორი ვაჟკაცი ყოფილხარ„.
„ბატონო გიორგი, თქვენი დიდი, დიდი მადლობელი ვარ, მაგრამ დამატება აღარ დამჭირდა, ჩემიც მეყო. ძალიან გთხოვთ აიღოთ„. – ვთხოვე და ფული გავუწოდე.
„თამაზ ეს ფული თქვენთან დარჩეს, იქნებ კიდევ დაგჭირდეთ„ – მიპასუხა მან.
„არა, არ არის საჭირო, ჩვენ გვაქვს ფული„.
„გამიგონე თამაზ, საჩუქრად არ მომიცია ეს ფული, ჩათვალე, რომ გასესხეთ და სხვა დროს დამიბრუნებთ„.
„კი მაგრამ…„
„არავითარი, „მაგრამ!„ სიამაყეს თავი დაანებე, თორემ ნამდვილად გამაჯავრებ, ვიდრე შენ სპეკულიანტებთან დარბოდი, მე და დეიდა თამარმა ვისაუბრეთ, ბევრი საერთო მეგობარი აღმოგვაჩნდა, ასე, რომ იქნებ მე და შენ მეგობრებიც გავხდეთ. თუ, რა თქმა უნდა, შენც გექნება ასეთი სურვილი„.
„რას ბრძანებთ, ექიმო!„
„ჰოდა, ვიყოთ მეგობრები!„ – კვლავ გაიღიმა ექიმმა და ოთახიდან გავიდა, დეიდამ გააცილა.
„დეიდა, ვინ არის ეს კაცი, ასე რომ ზრუნავს ჩვენზე?„ – შევეკითხე დეიდას, როცა ოთახში შემობრუნდა.
„ექიმია, შვილო! ვიდრე შენ წამალზე იყავ წასული, ცოტა ვისაუბრეთ, მამაშენს კარგად იცნობს თურმე, ძალიან გაეხარდა როცა გაიგო, შენ და ეკა მისი შვილები ხართ„.
„მართლა?! ფულიც იმიტომ მომცა?„ – წარმოვთქვი მწარე ღიმილით.
დეიდა მიხვდა მეწყინა.
„რას ამბობ, თამაზ, ფული რომ მოგვცა, არც კი იცოდა ვინ ვიყავი, ეგ რა უმადურობაა!„ – მიპასუხა მწყრალად.
„ბოდიშს ვიხდი, დეიდა, მე არავის შეურაცყოფა არ მინდოდა, მით უმეტეს ექიმისა„.
ღამის პირველ საათზე ავადმყოფს ოდნავ დაუკლო ტემპერატურამ, ჩვენ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. დეიდა ძალის–ძალად ჩავაწვინე ლოგინში, მე კი ეკას საწოლთან მოვიკალათე და მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს.
მეორე დღეს ტემპერატურა უკვე 38–გრადუსამდე დაეცა. ექიმი ყმაწვილივით გამხიარულდა, მოგვილოცა და დიდხანს ეთამაშა ეკას.
მე სახლიდან არ გავდიოდი. ეკა გახდა, გაიცრიცა და თეთრ ბალიშზე მისვენებული, ცისფერთვალება ანგელოზს დაემსგავსა.
ორი დღის შემდეგ მათემატიკაში მქონდა გამოცდა, ეკას ავუხსენი და ვთხოვე გავეშვი.
„წადი, თამაზ, მაგრამ მალე დაბრუნდი, ჩემთან მინდა იყო,„ – მითხრა და საზოლთან დახრილს ხელები მომხვია, რამდენჯერმე მაკოცა.
ორი დღე–ღამის უძილობამ და ნერვიულობამ სასტიკად მომქანცა, მაგრამ მაინც შევძელ გამოცდის ჩაბარება. სახლში მხიარული დავბრუნდი. ეკას წითელი ვარდები მივუტანე. გაიხარა, მადლობა ათსი კოცნით გადამიხადა.
გავიდა კიდევ სამი დღე. ეკას ტემპერატურა ხან ოდნავ აუწევდა, ხან ისევ დაუკლებდა. ექიმს, რომელიც დღეში ორჯერ მაინც შემოივლიდა სანახავად, ვატყობდი, აშფოთებდა ეს გარემოება, მაგროამ ჩვენ არაფერს გვეუბნებოდა.
დეიდამ შვებულება აიღო. მორიგეობით ვუთევდით ღამეს ავადმყოფს. ნემსების კეთება ექთანმა ითავა. თუმცა მე მასზე ნაკლებად როდი შემეძლო შპრიცის ხმარება, მაგრამ ერთხელაც არ მიცდია ეკასთვის ჩხვლეტა.
დადგა 26 მაისი. დილით ადრე ავდექი. მესამე საგანში უნდა ჩამებარებინა გამოცდა. ეკას საწოლს ფრთხილად მივუახლოვდი. ავადმყოფს ეძინა, თერმკრთალი ლოყები შესწითლებოდა, ნესტოები უთრთოდა, ძილში მოუსვენრობდა.
შევკრთი. ფრთხილად დავადე შუბლზე ხელი, ცხელი მეჩვენა ბავშვი, სასწრაფოდ გავაღვიძე დეიდა თამარი.
„რა მოხდა?„ – შემეკითხა შეშფოთებით და ეკას საწოლს შეშფოთებით გადახედა.
„ეკას ტემპერატურამ აუწია!„
„ღმერთო, ჩემო!„ – ამოიგმინა თამარმა და ლოგინიდან წამოხტა.
6 საათი იყო. ამომავალი მზის სხივები ოქროსფრად ეფრქვეოდა ფანჯარას და მისგან არეკლილი ეკას საწოლს დასთამაშებდა.
ავადმყოფს ტემპერატურა გავუსინჯეთ, თერმომეტრმა 40–გრადუსი უჩვენა.
თავზარი დაგვეცა…
„გაიქეც ექიმთან„ – მითხრა დეიდამ.
უხმოდ გავვარდი ოთახიდან, ექიმს ეძინა. გააღვიძეს. დამინახა თუ არა, ყველაფერს მიხვდა, სწრაფად წამოდგა. ვიდრე პირს დაიბანდა, ავადმყოფის მდგომარეობა ვუამბე, ხმა არ ამოუღია, ერთი კითხვაც არ მოუცია. მისი მკაცრი სახე და მოღუშული წარბები მაშინებდა, ხოლო დუმილი ავის მომასწავებლად მიმაჩნდა. ათიოდე წუთის შემდეგ სახლში ვიყავით. ეკას ისევ ეძინა. ძილში ხანდახან კვნესა აღმოხდებოდა, დეიდა საწოლთან იჯდა, სანთელივით გაფითრებული, დამუნჯებული, უაზროდ გვიცქეროდა ოთახში შემოსულთ. ექიმი საწოლთან დაიხარა, ავადმყოფს მაჯა გაუსინჯა, შემდეგ ფენედესკოპი მოიმარჯვა, დიდხანს ყურადღებით სინჯავდა, გულსა და ფილტვებს უსმენდა. ოთახში სამარისებული სიჩუმე იდგა.
ექიმი ავადმყოფის გასინჯვას მორჩა. მძიმედ წამოდგა.
„სწორედ ამისა მეშინოდა!„ – გამოსცრა კბილებში
„რა გვჭირს, ექიმო?„ – თითქმის იკივლა დეიდამ.
„ანთება მეორე ფილტვშიაც განვითარდა, მდგომარეობა გართულდა„ – უპასუხა ექიმმა მისკენ მიუხედავად.
„ვაიმე შვილო!„ – მწარედ ამოიგმინა დეიდამ და ნიაღვარივით წასკდა ცრემლები.
მე გავშრი, ხმის ამოღება აღარ შემეძლო. დამეხილივით მივაჩერდი ეკას საწოლს და მომეჩვენა, რომ საწოლზე დაფრქვეული მზის სხივები სისხლისფრად კიაფობდა.
ექიმი ჩვენთან დარჩა. ერთი წუთითაც არ დაუტოვებია ავადმყოფი, გულის საშუალებებს უკეთებდა, ხშირად უსინჯავდა მაჯას და უფრო და უფრო იღუშებოდა.
დღის ორ საათზე ბავშვის მდგომარეობა გაუარესდა, აღრიალებული დეიდა თამარი ოთახიდან გაიყვანეს. ეკას ჟანგბადის ბალიშით ასუნთქებდნენ. რაღაც უცნაური აპათია დამეუფლა. ექიმს მექანიკურად ვეხმარებოდი, ავტომატურად ვმოძრაობდი და ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ის რაც ოთახში ხდებოდა, ეკას კი არ ეხებოდა, არამედ კოშმარული სიზმარი იყო.
ოთახი ხალხით გაივსო, ყველანი იცრემლებოდნენ, მეზობლის დეიდას ტირილი ისმოდა.
„რა ატირებს? – ვეკითხებოდი ჩემს თავს, – სისულელეა! ეკას არაფერიც არ უჭირს! აი ნახავ თუ რაიმე მოუვიდეს!„ – ვარწმუნებდი საკუთარ თავს თუ ვიღაცას.
ეკას ბალიში შეუცვალეს. ვიღაცამ რაღაცა მითხრა, ვიღაცამ ხელი მომკიდა, მე ვერაფერს ვგრძნობდი, ეკას მივჩერებოდი და ერთი და იგივე კითხვა მექანიკურად მიტრიალებდა თავში.
„რა უნდა აქ ამდენ ხალხს?„
„თამაზ, გადით ოთახიდან!„ – მომესმა უეცრად.
გამოვერკვიე, ექიმს ხელი წაევლო მკლავში და ეკას საწოლიდან კარებისაკენ მეწეოდა.
„ჰა… რაო?„ – შევეკითხე ექიმს უანგარიშოდ.
პასუხად ექიმმა მეორე ხელიც მომკიდა და კარებისაკენ მიბიძგა. უეცრად ყველაფერს მივხვდი, ექიმს ხელი შევაშვებინე ეკას საწოლთან დავიჩოქე, ორივე ხელები დავუჭირე.
„ეკა, ეკა!„– ჩავძახე ჩემ ცისფერთვალება დაიკოს. გულში დაგროვილი ბოღმა ყელში მომაწვა და ცრემლებად გადმოხეთქა ლოყებზე, ბავშვი ოდნავ სუნთქავდა.
„ეკა, შემომხედე, მითხარი რამე!„ – ჩავძახოდი ბავშვს.
უეცრად ეკა შეტოკდა, ერთი წამით თვალები გაახილა, გაფიცხებული ტუჩებით სივრცეს გაუღიმა: „დედა… დედიკო, ახლა მე ორი თოჯინა მყავს, მამამ მომიტანა, რა დიდხანს გელოდეთ„ – ჩურჩულებდა ის და სახეზე ნეტარების ღიმილი დასთამაშებდა.
„ეკა, მხედავ, ეკა?„ – ჩავძახე კიდევ ბავშვს, მაგრამ ეკას უკვე არაფერი ესმოდა. თუმცა მისი ტუჩები ისევ მოძრაობდნენ, სიტყვები ვერ გავარჩიე, ალბად რაღაც სასიამოვნო ზმანებას განიცდიდა, რადგან ღიმილი ეფინა მარმარილოსავით გათეთრებულ სახეზე.
ეკას სწოლზე თავჩამხობილი ხმიანად ავტირდი. ვიღაცამ ხელი წამავლო, საწოლს მომგლიჯა.
„თამაზ, ვაჟკაცი ხარ, გამაგრდი!„ – მომესმა ექიმის ხმა. უაზროდ შევხედე ძია გიორგის, თვალები ცრემლით ავსებოდა.
„ტირით, ექიმო?! თქვენც ტირით?! ვერ მოვუარე ჩემს დაიკოს, ვერ დავიცავი, ხედავთ? მე, მე მოვკალი ის, მე მოვკალი!„
ექიმმა ხელი მომხვია.
„დამშვიდდი თამაზ, დამშვიდდი, უბედურო ბავშვო!„ – ჩამჩურჩულა და გულზე მიმიკრა.
ყველაფერი გათავდა. ეკას სიცოცხლე სანთელივით ჩაქრა, მხოლოდ ღიმილი ვერ მოკლა სიკვდილმა. ქათქათა ბალიშზე დაფენილი წაბლისფერი კულულებით ეკა დიდი ხელოვნებისაგან დახატული მძინარე ანგელოზს ჰგავდა.

§ § §

უკანასკნელი სიტყვები დაჭრილმა ჩურჩულით წარმოთქვა, მძიმედ ამოიოხრა და მიყუჩდა.
მინდელი მონუსხული შესცქეროდა ჩარგიევს, რომელსაც ჩაცვინული თვალებიდან ღვარად სცვიოდა მსხვილი ცრემლები. პალატაში ბარათელი შემოვიდა, ფეხაკრეფით მიუახლოდა საწოლს.
ჩაეძინა? – შეეკითხა გამომძიებელს წყნარად და დაჭრილის მაჯას წაეტანა.
ჩარგიევმა თვალები გაახილა, თბილად შეხედა დასტაქარს.
– გმადლობთ, ექიმო, მე არ მძინავს, არც ცუდადა ვარ… ვიდრე სათქმელი არ მითქვამს, არ მოვკვდები, მიქელ გაბრიელთან ხელშეკრულება მაქვს დადებული – შეეცადა გახუმრებას.
– თქვენ ახლა უნდა დაიძინოთ, მათე, ამბავი კი ხვალ გააგრძელეთ – წარმოთქვა ციალამ მტკიცედ.
– სწორია, დაისვენეთ, მე სხვა დროს მოვალ – მხარი დაუჭირა გამომძიებელმა.
– არა, ექიმო, ძალიან გთხოვთ, საშუალება მომეცით ბარემ ბოლომდე ვქვა, ხელს ნუ შემიშლით, თქვენც ბატონო ლევან, ნუ წახვალთ, მისმინეთ, მე გთხოვთ, ნუ წახვალთ! – აღელდა ჩარგიევი და მუდარით შეხედა ექიმს.
ბარათელმა თავი გააქნია.
– ძალიან გთხოვთ, ექიმო, სულ ცოტაღა დამრჩა, მხოლოდ ნახევარი საათი, გთხოვთ, მარტო დაგვტოვოთ. მე არა მიშავს რა, მაგრამ თუ დამჭირდით, ბატონი ლევანი დაგიძახებთ, ძალიან გთხოვთ.
ჩარგიევის ხმაში იმდენი მუდარა და სითბო იგრძნობოდა, ბარათელმა ვერ გაუძლო, ალერსიანი შეხებით მოსწმინდა ლოყაზე დაღვრილი ოფლში შერეული მსხვილი ცრემლები და პალატიდან გავიდა.
ციალამ წყნარად გაიხურა კარი. ჩარგიევმა თბილი მზერა გააყოლა და მძიმედ ამოიოხრა. ძლივს მოსწყვიტა ნაღვლიანი მზერა კარებს, მერე ჩუმი ხმით განაგრძო ამბის თხრობა.

ნაწილი 12ნაწილი 14

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

2 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 5

› ბიოგრაფია: გრიგოლ რობაქიძე (1880-1962)

გრიგოლ რობაქიძე დაიბადა 1880 წელს, ზესტაფონის რაიონის სოფელ სვირში.
მწერლის მამა – ტიტე რობაქიძე სასულიერო პირი იყო. გრიგოლსაც, თავდაპირველად, სასულიერო განათლება მიუღია. იგი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა 1890-1895 წლებში, ხოლო შემდეგ › › ›

DU