1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» შიო გვეტაძე: მონანიება – თავი XI

კარი წყნარად გაიღო. პატიმარი შემოიყვანეს. ჩარგიევი კარებთან შეჩერდა, ზურგზე ხელებდაწყობილმა მშვიდად შეათვალიერა გამომძიებელი და მზერა ვეებერთელა ნაძვზე გადაიტანა, თეთრად შესუდრული რომ მოჩანდა ფანჯპრპში.
საამოდ, ხვავრიელად თოვდა. ათასობით ფანტელი ისე ნაზად ეფინებოდა ბებერ ნაძვს, თითქოს ცდილობდა, არ შეაწუხოსო თავისიშეხებით.
მინდელმა დაკვირვებით შეათვალიერა პატიმარი. ჩარგიევი ოდნავ გამხდარიყო, თვალები ჩასცვენოდა, მაგრამ გამოხედვა ისევ ძველი ჰქონდა, მტკიცე და გაუტეხავი.
– ახლოს მოდით! – დაარღვია სიჩუმე გამომძიებელმა.
ჩარგიევმა ნელა მოსწყვიტა მზერა ფანჯარას, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და მაგიდასთან გაჩერდა.
– დაჯექით! – ქაღალდებიდან თავაუღებლად შეეპატიჟა მინდელი.
პატიმარმა ხელები ჩამოუშვა, უხმოდ ჩამოჯდა.
გამომძიებელი საქმეს ჩასცქეროდა, თითქოს იქ რაღაც ახალი და საინტერესო აღმოეჩინოს, სინამდვილეში კი მისი გონება სულ სხვა რამეთი იყო დაკაებული. ის გულდასმით მოემზადა ჩარგიევთან გადამწყვეტი ბრძოლისათვის. დაკითხვის დეტალური გეგმა, რაც მან ბალანჩივაძესა და ხომერიკთან ერთად შეიმუშავა, ძირითადში ფსიქოლოგიურ ფაქტორზე იყო აგებული. „საშკა ჩერქეზის„ ხსენებას არა მარტო უნდა გაეტეხა ჩარგიევი, არამედ დაერწმუნებინა კიდევაც რომ გამოძიებისათვის ყველაფერი გამორკვეული იყო. წინააღმდეგშემთხვევაში კიდევ დიდხანს მოუხდებოდათ მასთან ჭიდილი.
მინდელმა უეცრად შეწყვიტა საქმის ფურცვლა და ჯიქურ მიაჩერდა პატიმარს.
ჩარგიევმა ცივი, მშვიდი ცქერა შეაგება.
– ჩარგიევ, – დაიწყო მინდელმა ყოველგვაი შესავლის გარეშე, – მე მგონია, დროა გავათავოთ კომედია და ვაღიაროთ ყოველივე, თქვენ უნდა გესმოდეთ, სიჯიუტეს ვნების მოტანა შეუძლია მხოლოდ.
– თუ ამ უაზრო კითხვის მოსაცემად ამომიყვანეთ, ტყუილად გარჯილხართ, მომწყინდა ერთი და იგივე კითხვებზე პასუხის გაცემა, – ამოილაპარაკა ბრაზიანად.
– მით უკეთესი, გავათაოთ, ჯერ ტყეშელაიძისა და ჩიკვაიძის მკვლელობის შესახებ გვიამბეთ, შემდეგ კი ძველი საქმეებიც გავიხსენოთ, გეუბნებით, აზრი აღარ აქვს–მეთქი ჯიუტობას.
– არავითარი დანაშაული მე არ ჩამიდენია, არც ჩემი წარსულია რითიმე შებღალული, რამდენჯერ უნდა გითხრათ?
– მაშ ისევ ამტკიცებთ, რომ მათე ჩარგიევი ხართ?
– დიახ და ძალიან მიკვირს, რატომ არ მოგწონთ ჩემი გვარი.
– კეთილი, ასე იყოს, მაგრამ ჩვენ სხვა სახელიც გვაინტერესებს. აი, ის, ქურდებმა რომ შეგარქვეს.
– მე მოვითხოვ, შეწყვიტოთ ჩემი შეურაცხყოფა. აქ რაღაც გაუგებრობაა, ვიღაცაში გერევით.
– საოცარია, მე კი სხვა მგონეთ, სრულიად სხვა, წყნარად შენიშნა მინდელმა.
ჩარგიევი გაცოფდა.
– ვინ სხვა? – შეჰყვირა და თვალები ჩაუსისხლიანდა.
– „ჩერქეზი საშკა„ , „ჩერქეზი„! – ლითონივით ცივი ხმით წარმოსთქვა გამომძიებელმა.
გასროლა მიზანს მოხვდა.
– ჩერქეზი? – წამოიყვირა პატიმარმა და უეცრად შლეგიანივით წამოიჭრა სკამიდან, აკანკალებული ხელით პაპიროსს წაეტანა.
– მშვიდად, ჩარგიევ, თქვენი თამაში დამთავრდა! – მკაცრად შენიშნა ფეხზე წამომდგარმა მინდნლმა და გამჭოლავად შეხედა.
ჩარგიევს არ გაუგონია.
გამომძიებლის ბაგიდან წარმოთქმულმა ორმა სიტყვამ გამანადგურებლად იმოქმედა პატიმარზე, ერთბაშად დაეკარგა ცივი გამოხედვა და შუბლი ოფლის მსხვილმა წვეთებმა შეუსველა.
მინდელი თვითონაც არ მოელოდა ასეთ შედეგს, დაკვირვებით მიაჩერდა ნირწამხდარ პატიმარს.
ჩარგიევი თითქოს გამოერკვა, მოწყვეტით დაეშვა სკამზე, ხელებით მუხლებს დაებჯინა და შეეცადა უნებურად ატეხილი კანკალი შეეჩერებინა.
მინდელმა წყალი დაასხა, უსიტყვოდ შესთავაზა.
ჩარგიევმა არ დალია, ზედაც არ შეხედა ჭიქას, ისევ პაპიროსს მოუკიდა და ბოლი გადაყლაპა, შემდეგ სახეზე ხელი გადაისვა, სკამზე ერთბაშად შესწორდა, თვალები ააელვარა და საკმაოდ მტკიცე ხმით წპრმოთქვა;
– დიახ ჩემი თამაში დამთავრდა! „ჩერქიზმა„ დაამთავრა თამაში. მაჯობეთ, მაგრამ მინდა ვიცოდე, ვინ ჩამაგირავა, ვინ გამცა, შემდეგ კი გეტყვით, ყველაფერს გიამბობთ, რადგან აზრი აღარ აქვს, სულ ერთია.
მინდელს რატომღაც არ ესიამოვნა ჩარგიევის ასე ერთბაშად მოტეხა, გაკვირვებით გადახედა უეცრად შეცვლილ პატიმარს.
– ვინ გამცა–მეთქი? – ბრაზიანად გაიმეორა ჩარგიევმა.
– რაკი ასე გაინტერესებთ, თითებზე დაიხედეთ და თვითონვე მიხვდებით, ვინც გაგცათ, – დინჯად შენიშნა გამომძიებელმა.
ჩარგიევი განცვიფრდა.
– რა შუაშია აქ ჩემი თითები? – იკითხა და ხელებზე დაიხედა.
– თქვენი ფრჩხილები… გლეხურად მოირთეთ, სახეც გრიმში დამალეთ,მაგრამ ფრჩხილებმა, დაკვნეტილმა ფრჩხილებმა გაგცათ, ქირურგი გრძელიძე არც ისე მიამეტი აღმოჩნდა, თქვენ რომ გეგონათ.
ჩარგიევმა ხელები გადმოაბრუნა, დაკვირვებით დაათვალიერა დაკვნეტილ–დამახინჯებული ფრჩხილები.
– მაშ ექიმს უნდა უმადლოდე ჩემს ჩავარდნას? – კიდევ უფრო განცვიფრდა იგი.
– რა თქმა უნდა ექიმსაც, – გაეღიმა გამომძიებელს.
– მაგრამ სახელი, „საშკა ჩერქეზი„? ამას ხომ ექიმი ვერ გეტყოდათ.
– ცხადია, ვერა!
– მაშ, ვინ გითხრათ?
– ვინც თქვენთან ერთად ჩაიდინა ბოროტმოქმედება, – მიუგო მინდელმა მტკიცედ.
ჩარგიევს აფთარივით აენთო თვალები.
– რომელმა გამცა?
– ეგ ახლა საინტერესო არ არის, გსურთ მოგვცეთ ჩვენება?
ჩარგიევმა ბოროტად გაიღიმა.
– რასაკვირველია, თუ ქურდებმა ერთმანეთს გაყიდვა დაიწყეს, ხოლო ექიმებმა გამომძიებლობა, სჩანს, ჩვენი საქმე მართლაც წასულია, მაგრამ ვაი მას ვინც „საშკა ჩერქეზი„ ახსენა, მე იმას…
– საქმეს დავუბრუნდეთ, ჩარგიევ, – შეაწყვეტინა გამომძიებელმა.
– მე მზად ვარ, რა გაეწყობა, მაჯობეთ! – ავად გაიღიმა პატიმარმა.
– იქნებ ქართულ ენაზე, ისურვოთ ჩვენების მიცემა? – მოულოდნელად ქართულად შეეკითხა მინდელი და თვალი თვალში გაუყარა.
ჩარგიევმა თვალი გაუსწორა გამომძიებლის ქორულ მზერას, შემდეგ გაიცინა.
– ასე იყოს, არც ამის დამალვას აქვს აზრი, ჩემი და გრძელიძის საუბარი ისედაც ცნობილია თქვენთვის, – უპასუხა ქართულად.
– კეთილი, მაშ დავიწყოთ!
– დავიწყოთ! – უმალ დაეთანხმა ჩარგიევი.
– პირველ რიგში თქვენი ნამდვილი ვინაობა დაასახელეთ, თქვენ ხომ ჩარგიევი არა ხართ, – მტკიცედ განმარტა მინდელმა.
ჩარგიევმა კვლავ ცივად გაიღიმა.
– რა თქმა უნდა, არც ვაპირებ ჩემი გვარის დამალვას.
– კეთილი დაასახელეთ თქვენი ნამდვილი გვარი.
– ინებეთ, ჩემი ნამდვილი გვარი კოკოევია, ალექსანდრე სუმბათის ძე კოკოევი. თბილისში დავიბადე, მშობლები ადრე დამეხოცა. 16 წლისა ქურდების ბანდაში მოვხვდი და მას შემდეგ ამ საქმიანობას ვეწევი.
– სად ცხოვრობდით მთელი ეს წლები?
ჩარგიევი ცოტა ხნით ჩაფიქრდა.
– გეტყვით, ყველაფერს გიამბობთ: ორი წელი თბილისში ვინმე რუბენასთან, შემდეგ კი როცა ჩვენი ბანდა გაანადგურეს, როსტოვში გავყევი რუბენას, იქაც ერთი წელი ვიცხოვრე, შემდეგ ხზარკოვში, ბოლოს მოსკოვში. იქ დამიჭირეს, რუბენა კი მოკლეს. „საშკა ჩერქეზიც„ როსტოვში შემარქვეს.
– რამდენჯერ ხართ ნასამართლევი?
– ორჯერ, ორივეჯერ მოსკოვში, პირველად 1 წელი მომცეს, მეორედ 8 წლით გამისტუმრეს.
– სასჯელი მოიხადეთ?
– მოვიხადე, უკვე ექვსი წელია განვთავისუფლდი.
– შემდეგ?
– შემდეგ ისევ მოსკოვში დავბრუნდი და ჩარგიევის გვარით ხარკოვს ვეწვიე.
– სად იშოვეთ პასპორტი?
– ვიშოვე, ამას თქვენთვის მნიშვნელობა არა აქვს,ერთმა ვინმემ გამიკეთა, აღარც კი მახსოვს, მთავარი ის იყო, რომეს პასპორტი სავსებით საიმედო გამოდგა. ერთხანს დავყავი ხარკოვში, შემდეგ ტაშკენტში წავედი. იქ გავაგრძელე ჩემი საქმიანობა.
– რა საქმიანობა?
– ქურდობა, ვთამაშობდი კიდეც.
– თქვენ გინდათ დაგვარწმუნოთ, რომ მთელი ეს წლები ერთხელაც არ ჩავარდით?
– ვითომ რატომ არა? თქვენ მე ვიღაც ბაცაცა ხომ არ გგონივართ, ესეც არ იყოს, გარდა ორიოდე სამედო ქურდისა, არავინ იცოდა ჩემი ვინაობა, არც მეტსახელი, მუდამ ვფრთხილობდი, მაინც გაუფრთხილებლობამ დამღუპა. კიტოვანმა და ბალავძემ შემთხვევით გაიგეს ჩემი სახელი.
– ვინ გაგაცნოთ კიტოვანი, ბალავაძე და ივანისელი?
– უცნაურ კითხვას მაძლევთ, ჩვენ არავის წარდგენა არ გვჭირდება, მაშ რაღა ქურდები ვართ თუ ერთმანეთსაც ვერ მოვძებნით?
– სად გაიცანით?
– ივანისელი ტაშკენტში, კიტოვანი და ბალავაძე თბილისში.
– როდის?
– ივანისელი შარშან, დანარჩენი ორი კი დეკემბრის ბოლო რიცხვებში.
– როდის ჩამოდით თბილისში?
– 26 დეკემბერს.
– მარტო?
– ასე ვთქვათ, ივანისელი რამდენიმე დღის შემდეგ ჩამოვიდა.
– რა იყო თქვენი ჩამოსვლის მიზანი?
– არვითარი განსაკუთრებული მიზანი არ მქონია.
– მაინც ?
– თბილისში არაფერი, ტანიამ წყალტუბოში წასვლა გადაწყვიტა და წამოვედი.
– ბასკაკოვასთან ერთად?
– არა, ტანია წყალტუბოში ჩამოვიდა, მე კი რამდენიმე დღით ადრე წამოვედი, თბილისში გამოვიარე.
– სად შეხვდით დანარჩენ ბოროტმოქმედებს?
– თბილისში, ივანისელმა გამაცნო.
– თბილიში გადაწყვიტეთ ტყეშელაიძის ბინის გაქურდვა?
– არა, ტყეშელაიძის ბინის გაქურდვა აზრადაც არ გვქნია, ეგ საქმე შემთხვევით წავიღეთ.
– მაშინ რა იყო თქვენი ქუთაისში ჩამოსვლის მიზანი?
ჩარგიევი ცოტა ხნით დუმდა.
– მე სრულიად სხვა საქმე მქონდა, ერთი კაცი მყავდა სანახავი, – მიუგო უხალისოდ.
– ვინ კაცი? დაასახელეთ!
– ამას თქვენთვის მნიშვნელობა არა აქვს, ამიტომ არც ვასახელებ.
– სხვებიც ვინმეს სანახავად წამოიყვანეთ? – შეეკითხა მინდელი დაცინვით.
– სხვები ჩემთან ერთად არ წამოსულან. მე წყალტუბოში ვიყავი. ივანისელს, კიტოვანს და ბალავაძეს აქ შევხვდი, – უპასუხა პირქუშად ცრუ ჩარგიევმა.
– კარგი. გვიამბეთ, რა პირობებში გაძარცვეთ ტყეშელაიძის ბინა.
ჩარგიევმა ცივად გაიცინა.
– სიამოვნებით, თუმცა ბევრი არაფერია საამბობი: ქუთაისში სრულიად შემთხვევით ჩიკვაიძეს გადავეყარე, კიტოვანმა გამაცნო. ანზორი პოკერით იყო გატაცებული, რამდენჯერმე შევხვდი, არ ვიცი ვის ოჯახში. გადავწყვიტე ანზორი ჩვენს წრეში ჩამეთრია, ორჯერ თუ სამჯერ განგებ წავაგე, შემდეგ კი კარტი ჩავუწყვე და ნაღდის გარდა 20000 მანეთი მოვუგე. ჩიკვაიძემ ვალის გადახდის მიზნით მისი ბიძის ბინის გაქურდვა შემოგვთავაზა. წინასწარ გვითხრა, სად იყო შენახული 25000 მანეთის 3%–იანი ობილიგაციები. შევთანხმდით – ანზორმა ფანჯარა ჩაურაზავი დატოვა, თვითონ კი სოფელში წავიდა, მისი აზრით, ყველაფერი ქურდებს დაბრალდებოდათ და ჩვენს ვალსაც პატიოსნად გადაიხდიდი.
საღამოს ქუთაისში ჩამოვედი, არაერთგზის ნაცადი ხერხი გამოვიყენე, გლეხურად მოვირთე და ჭაღარა პარიკი გავიკეთე.
წინასწარ გაფრთხილებული კიტოვანი ადგილზე მანქანით მოვიდა, ბალავაძე და ივანისელიც მოიყვანა. ჯერ გავჯავრდი, მაგრამ კიტოვანმა დამარწმუნა, რომ მანქანის პატრონი საიმედო კაცი იყო და დავთანხმდი. მანქანა უკეთესიც იყო ცრუ კვალზე დაგვიწყებდნენ ძებნას.
გვიან ღამით ოთხივე წავედით საქმეზე. დანარჩენი თქვენც იცით. ჩიკვაიძის ბიძა შემთხვევით დაბრუნებულიყო თბილისიდან, გაიღვიძა, ივანისელს შეებრძოლა, დასჭრა კიდეც, იმანაც დანა მიარტყა და ფანჯრიდან გადმოვარდა.
ჩარგიევი გაჩუმდა.
– შემდეგ?
– შემდეგ რა, დაჭრილი ივანისელი დევიძის ბინაში შევიყვანეთ. დევიძეს ჩემი შეთხზული ამბავი ვუამბეთ, ხოლო მეორე დღეს მისგან მალულად ბალავაძეც მის ბინაში მოვათავსეთ.
– რა მონაწილეობა მიიღო დევიძემ თქვენს ბოროტმოქმედებაში?
– დევიძემ არაფერი, მან არც კი იცოდა, ვინ იყო კიტოვანი ან ივანისელი.
– ვინ არის მანქანის პატრონი?
– არ ვიცი.
– იცოდა თუ არა რისთვის მიგყავდათ მანქანა?
– მე ის არ მინახავს, კიტოვანის თქმით კი არ იცოდა. ეგონა სამტრედიაში მიდიოდა კიტოვანი.
– ვინ მოგცათ წერილი?
– რა წერილი?–გაუკვირდა ჩარგიევს.
– წერილი,რომელიც დევიძის ქალს მიუტანეთ.
– მე არვითარი წერილი არ მიმიტანია.
– იცნობთ თუ არა დევიძის ქმარს?
– არა, არც ის ვცოდი, თუ ქმარი ჰყავდა.
– კეთილი,რისთვის მოჰკალით ჩიკვაიძე?
ჩარგიევი წამით დუმდა, შემდეგ მძიმედ დაიწყო:
– შეიძლება თქვენ არ დაიჯეროთ,მაგრამ ჩიკვაიძის სიკვდილი არც მიფიქრია, საქმე შემდეგნაირად მოხდა:ივანისელის დაჭრის გამო ქუთაისიდან ჩვენი წასვლა გადაიდო, დევიძის სახლში მას მარტო ვერ მივატოვებდით, ესეც არ იყოს, არ მინდოდა უიმისოდ წავსულიყავი. ერთად–ერთი კაცი ვისაც შეეძლო გარკვეული ცნობები მოეწოდებინა თქვენთვის, ტყეშელაიძის ბინის გაძარცვისა და თვით ტყეშელაიძის მკვლელობის შესაებ, ჩიკვაიძე იყო. მართალია, მან ჩვენი ნამდვილი გვარი და სახელიც არ იცოდა, მაგრამ მაინც ბევრი რამ შეეძლო ეამბნა გამოძიებისათვის, ამიტომ გადავწყვიტე შიშქვეშ მყოლოდა იგი და იძულებული გამეხადა არაფერი ეთქვა.
ვუთვალთვალე. როგორც მოველოდი, ანზორი მეორე დღესვე დაიბარეს მილიციაში. გავყევი, მაგრამ შეხვედრა ვერ მოვახერხე, გადავწყვიტე, საღამომდე დამეცადა.მთელი საღამო ტყეშელაიძის სახლის ახლო ვტრიალებდი. სამძიმარზე მოსულ ხალხში, ყველანი მომხდარი საქმის ირგვლივ ლაპარაკობდნენ, მსჯელობდნენ, მე ყურს ვუგდებდი და მათი საუბრიდან ის დასკვნა გავაკეთე, რომ გამოძიებას ნამდვილი კვალისათვის ჯერ ვერ მიეგნო.
ღამის 11 საათზე ჩიკვაიძე სახლიდან გამოვიდა. უკან გავყევი, ის ისევ მილიციის სამმართველოში მოვიდა.
თითქმის ორი საათი ვუცდიდი გარეთ,როგორც იქნა, გამოვიდა. ავედევნე, შემდეგ ერთბაშად მოვაბრუნე და შევაჩერე.
ანზორი, ცხადია, არ მოელოდა ჩემთან შეხვედრას, ჯერ დაიბნა, შემდეგ კი ყვირილი დააპირა.
„ჩუმად!„ – გავაფრთხილე, მე და ხელი წავავლე.
„კიდევ რაღა გინდათ ჩემგან?„ – ძლივს ამოილუღლუღა.
„ორიოდე სიტყვა მაქვს, აი აქეთ მოვეფაროთ„, – მივუგე მე მშვიდად და საბაგირო გზის სადგურისაკენ წავიყვანე. სიბნელეში გავუჩინარდით, ჩიკვაიძე ხმას არ იღებდა. მეც ვდუმდი, რაღაც ვერ მოვახერხე საუბრის დაწყება.
ასე გავიდა რამოდენიმე წუთი, ბოლოს უხერხული დუმილი თვით ჩიკვაიძემ დაარღვია.
„რისთვის მოჰკალით ბიძაჩემი„? – შემეკითხა ბრაზიანად.
„შენი ბრალია, რატომ მოგვატყუილე?„ – მივუგე ცივად.
„მკვლელებო, ბანდიტებო!„ – ამოიხრიალა ანზორმა.
„ჩუმად, არავინ გაიგონოს, თორემ„…
„თორემ რა?„ – შემომიტია მან.
„ის, რომ დაგვიჭერენ და„…
„დაგიჭერენ? გზაც იქით გაქვთ„
„ჩუმად–მეთქი, შენ გეუბნებიან!„
„არ გავჩუმდები!„ – იყვირა ჩიკვაიძემ.
„გაჩუმდები, შენთვისაც ასე სჯობია„.
„ჩემთვის სჯობია? – უაზროდ გაიმეორა მან.
„ჰო შენთვის… მე არ გატყუილებ, ბიძაშენის მოკვლა ჩვენ ანგარიშში არ შედიოდა, თვივონვე დაგვესხა თავს„
„ცრუობ, განზრახ მოჰკალით! მე თქვენ ყველას… არაფერს დავმალავ, გესმის? ყველაფერს, ყველაფერს ვეტყვი გამომძიებელს. მკვლელებო, ბანდიტებო!„, – ჩუმი, მაგრამ მტკიცე ხმით მითხრა ჩიკვაიძემ.
„ყველაფერს ვიტყვი„, ამ ორმა სიტყვამ დამარწმუნა, რომ ანზორს ჯერ არაფერი ეთქვა გამოძიებისათვის და მტკიცედ გადავწყვიტე, გამეჩუმებინა იგი.
„შენ არავის არაფერს ეტყვი, ანზორ!„
მან ბრაზიანად შემომხედა.
„ვითომ რატომ?„
„იმიტომ რომ თუ ეს საქმე გაიხსნა, შენ პირველს დაგიჭერენ„.
„დამიჭირონ, მეც ის მინდა„.
„არა, არ გინდა. თუ დაგიჭერენ, ჩვენ ვიტყვით, რომ შენ წაგვიყვანე ბიძაშენის სახლის გასაქურდავად და შენვე მოჰკალი იგი, რადგან გაიღვიძა და გიცცნო კიდეც, გაიგე?„
„მე, მე მოვკალი? რას ამბობ?„ – შემეკითხა ის შეცვლილი ხმით.
„ცხადია და ჩვენ ამას დაგიმტკიცებთ, ასე რომ…„
„შენ ვერაფერსაც ვერ იტყვი, საზიზღარო!„ – ამოიხრიალა ანზორმა და იმავე წამს მის ხელში დანამ გაიელვა.
წამით დავასწარი, მარცხენა ხელით მივწვდი დანიან მარჯვენაში, მაგრამ დანა ვერ გავაგდებინე.
„ღორივით, ღორივით უნდა დაგკლა, ისე როგორც ბიძაჩემი დაჰკალით,„ – ჩაისისინა მან და ისევ ღონივრად მიბიძგა, ძლივს შევიმაგრე თავი თოვლში წაქცევისაგან.
ჩიკვაიძე კედელთან იდგა, ოდნავ ეცემოდა ელექტროშუქი.
მისმა ბრაზისაგან დამახინჯებულმა სახემ და ანთებულმა თვალებმა დამარწმუნა, რომ არ დამინდობდა. უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე, მარცხენას მარჯვენა შევაშველე და ღონივრად დავიქნიე.
ჩიკვაიძე დაბარბაცდა. ამით ვისარგებლე და სწრაფად გამოვკარ სარმა. ანზორი მოწყვეტით დაეცა ცემენტის იატაკზე, მეც თავი ვეღარ შევიკავე და მთელი სიმძიმთ დავეცი წაქცეულს. უეცრად ჩიკვაიძე მოეშვა, ერთბაშად მოუდუნდა დაჭიმული მარჯვენა და ხრიალი ამოუშვა.
სწრაფად წამოვდექი, ჩიკვაიძეს დავწვდი, გულაღმა გადმოვაბრუნე და დავინახე, რომ დანა ტარამდე ქონდა მკერდში გაყრილი. ჩიკვაიძემ ერთიც გაიბრძოლა და მიჩუმდა, სწრაფად გათავდა თავისივე დანაზე წამოგებული.
მე აღარ დამიყოვნებია, ფრთხილად გამოვედი პარკიდან და სწრაფად გავშორდი იქაურობას, – დაამთავრა ჩარგიევმა.
– შემდეგ?
– შემდეგ არაფერი,დანარჩენი თქვენც იცით.
– იციან თუ არა სხვა ბანდიტებმა, რა ვითარებაში მოჰკალით ჩიკვაიძე?
– არ მომიკლავს– მეთქი გითხარით, მე მხოლოდ თავს ვიცავდი, სხვებმა კი ამის შესახებ ნამდვილად არაფერი იციან.
– თქვენ ტყეშელაიძისაგან თავს „იცავდით„ – შენიშნა მინდელმა.
– დიახ. მაგრამ არა მე, არმედ ივანისელი.
– საოცარი თავდაცვაა, ქურდი, რომელიც სხვის ბინაში გაძარცვის მიზნით შევიდა, კლავს თავისი ქონების დამცველს და ამს თქვენთავდაცვას ეძახით.
ჩარგიევს არ უპასუხნია.
– კარგი, – განაგრძო გამომძიებელმა, – როგორ დაუკავშირდით ხოტოველს?
– კიტოვანის საშუალებით, მანვე მითხრა, რომ ხოტოველი ძველი და სანდო ბარიგაა.
– ვინა?
– ბარიგა, ნაქურდალის გამსაღებელი.
– პირადად შეხვდით?
– ერთხელ კი, მაგრამ შემდეგ არ ვენდე, წყალტუბოში ტანია გავაცანი, კიტოვანს ტანიას მისამართი მივეცი და დავავალე მასთან გამოეგზავნა ხოტოველი.
– სად არის ნაძარცვი ნივთები და 3% ობილიგაციები?
– არ ვიცი, ხოტოველს ჰკითხეთ.
– თქვენ ამტკიცებთ, რომ ნაქურდალი ხოტოველს მიჰყიდეთ?
– რა თქმა უნდა, მეორე დღესვე გადასცა კიტოვანმა.
– რამდენად გაჰყიდეთ?
– 20000 მანეთად.
– თანხა სრულიად მიიღეთ?
– არა. ხოტოველი ორჯერ იყო წყალტუბოში, პირველად 8000 მანეთი ჩამომიტანა, მეორედ, ჩემი დაკავების დღეს, 5000 მანეთი ტანიას მიუტანა.
– დანარჩენი?
– დანარჩენი 7000 მანეთი 17 იანვარს უნდა ჩაებარებია.
– სად და როგორ?
– ისევ წყალტუბოში ტანიასთან.
– მაშასადამე, ბასკაკოვამ ყველაფერი იცოდა?
– არავითარ შემთხვევაში, – მიუგო ცხარედ ჩარგიევმა, – ტანიამ არა თუ ეს ამბავი, ჩემი წარსულიც არიცის. კიტოვანს, ბალავაძეს და ივანისელსაც არ იცნობს, ის მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ ხოტოველმა ჩემი ვალი ჩამოუტანა მხოლოდ.
– რა იცოდა ხოტოველმა, როდის უნდა ჩამოეტანა ფული ტანიასთან?
– იცოდა, სწორედ იმ ღამეს, როდესაც გრძელიძე გავისტუმრეთ, კიტოვანს არა მარტო ტანიას მისამართი მივეცი, ხოტოველის იქ გამოგზავნის დაწვრილებითი გეგმაც დავუსახე.
– რაში მდგომარეობდა ეს გეგმა?
– ხოტოველს წინასწარ არ უნდა ცოდნოდა , როდია უნდა ჩამოეტანა ფული, რათდგან ვშიშობდი, თქვენ არ მოეყვანეთ ჩემამდე. ამ მიზნით კიტოვანს ვუბრძანე, საქონლის გადაცემისას შეთანხმებოდა ხოტოველს პირობით ნიშანზე და საფოსტო ყუთით დევიძე გამოეყენებინა, ხოტოველს რომ პირველ დღესვე მთლიანად ჩამოეტანა ფული, ახლა თქვენთანც არ იქნებოდა, მაგრამ სიხარბე გამოიჩინა და ახია, რაც მოუვიდა! – დაამთავრა ჩარგიევმა ზიზღით.
– კარგი, დღეისთვის კმარა, – დაასკვნა მინდელმა და დარეკა.
– წაიყვანეთ! – ჟესტით უჩვენა გამომძიებელმა სერჟანტს.
ჩარგიევი წამოდგა.
– შეიძლება გთხოვოთ?– იკითხა წყნარად.
– რა გნებავთ?
– ყველაფერი, რაც მე გითხარით სრული სიმართლეა. დარწმუნებული ვარ, ეჭვი არ გეპარებათ, რომ ჩემი ჩვენების შემდეგ სხვებს თუ რაიმე გამორჩათ, იმასაც აღიარებენ, მაგრამ თუ ეჭვი გეპარებათ, შეგიძლიათ დამიპირისპიროთ კიდეც, რადგან…
– გმადლობთ, – ცივად შეაწყვეტინა მინდელმა, – უთქვენოდ როგორმე გადავწყვეტთ, როდის ან ვისთან დაგიპირისპიროთ.
– რასაკვირველია, მე მხოლოდ ის მინდოდა მეთქვა, რომ ვიცი, ჩემს ჩვენებას შეამოწმებთ, მოსკოვიდან პირად საქმეს და ყველა დოკუმენტებს გამოითხოვთ, ამას კი ცოტა დრო არ დასჭირდება, ამიტომ გთხოვთ ციხეში გადამიყვანოთ, არ მიყვარს მილიციის საკანში ჯდომა, ციხეში მირჩევნია, – მწარედ გაიღიმა ჩარგიევმა.
– გაჰყევით!… ციხეში მაშინ გადაგიყვანთ, როდესაც საჭიროდ დავინახავთ.
მინდელი მარტო დარჩა.
ჩარგიევ–კოკოევის აღიარება ის უკანასკნელი რგოლი იყო, რომელმაც მტკიცე ჯაჭვად შეჰკრა მთელი საქმე და ჩადენილი ბოროტმოქმედების სრული სურათი აღადგინა.
შეუპოვარმა შრომამ და უძილოდ გატარებულმა ღამეებმა თავისი შედეგი გამოიღო, ლიკვიდირებულ იქნა ძველი, ჯერ კიდევ შემორჩენილი რეციდივისტების მეტად საშიში ბანდა.
დასადგენი ისღა დარჩა სად წაიღო ხოტოველმა ნაძარცვი ფასეულობა, მაგრამ მინდელს ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ ჩარგიევან დაპირისპირების შემდეგ კიტოვანიც ყოველივეს აღიარებდა და შეკრებილ მტკიცებების უეჭველობის გამო ბოლოს და ბოლოს ხოტოველიც გატყდებოდა. ეს ყველაფერი ასე იყო, მაგრამ გამომძიებელს სრულიად არ უგრძნია ის დიდი სიხარული, რასაც საერთოდ განიცდიდა ხოლმე ყოველი ბნელი და აბურდული საქმის გახსნისას.
მინდელმა კვლავ გულდასმით გადაიკითხა ცრუ ჩარგიევის ჩვენება, თითქოს არაფერი იყო საეჭვო, თვით ჩიკვაიძის მკვლელობის ფაქტიც აღარ იწვევდა დავას. „ჭაღარას„ ჩვენება ზუსტად ასახავდა დანაშაულის სურათს, მაგრამ გამომძიებელს მისდაუნებურად ეჭვი აწვალებდა, რომ ჩარგიევის ჩვენება სრული არ იყო.
მინდელი წამოდგა, უჯრიდან აკრძალული ტომი ამოიღო და დიდხანს დაკვირვებით სინჯავდა ადგილობრივი დათვალიერების ფოტოსურათებს, ჩარგიევის ჩვენებას დანაზე არსებულ დეფექტს უდარებდა. ყველაფერი ზუსტად ემთხვეოდა ერთმანეთს. თოვლისაგან თავისუფალ ცემენტის იატაკსაც ნათლად ეტყობოდა მცირე გაბარიტის ამოტეხილი ადგილი.
ჩარგიევის ჩვენებამ ლოგიკურად ახსნა, არა მარტო დანისტარზე არსებული დეფექტი, არამედ დარტყმის ის არარდამანური სიძლიერეც, რამაც ასე განაცვიფრა სამედიცინო ექსპერტი.გამომძიებელმა ისე ნათლად წარმოიდგინა ჩიკვაიძის თავისივე დანაზე დაცემის სურათი, თითქოს მოწმე ყოფილიყო ანზორის სიკვდილისა.
მინდელმა ამოიოხრა, შემდეგ ჩიკვაიძის დედის, ტყეშელაიძის ქვრივის, ლეჟავასა და სხვა მოწამეთა ჩვენებებსაც გადახედა. ეჭვის შეტანა არ შეიძლებოდა, ყველანი ერთხმად ადასტურებდნენ, რომ კუსტარულად ნაკეთები დანა ჩიკვაიძეს ეკუთვნოდა და ტყეშელაიძის მკვლელობის მეორე დღეს ანზორს ჰქონდა ჯიბეში. ამ ჩვენებებით მხოლოდ ის დადასტურდა, რომ ჩარგიევს მართლაც არ ჰქონდა მოკვლის განზრახვა. დაუჯერებელი იყო შეუიარაღებელი ჩარგიევი მკვლელობის წინასწარი განზრახვით შეხვედროდა ჩიკვაიძეს.
„მაგრამ რატომ ასე იოლად აღიარა ყოველივე?„ – ეჭვი აწვალებდა გამომძიებელს და ვერ აეხსნა, რატომ იყო უკმაყოფილო ჩარგიევის ასე სწრაფი გატეხით.
„სისულელეა, ალბათ დავიღალე, ნამდვილად დავიღალე„, – გადაწყვიტა მან, მაგრამ ეჭვს მაინც ვერ დასძლია და ამან კიდევ უფრო გაუფუჭა გუნება, ნერვიულად აიღო ტელეფონის ყურმილი, სწრაფად აკრიფა ციფრები.
– გიორგიასლანიჩ, გამარჯობათ!… დიახ, მინდელი ვარ, თქვენთან მოსვლა მინდა. პატივცემულ დავითს ველი მხოლოდ, თქვენთან არის? მით უკეთესი, დიახ აღიარა, ყველაფერი აღიარა!… მაგრამ სწორედ ამ საკითხზე მინდა შეგაწუხოთ… ახლავე მოვდივარ, 10 წუთის შემდეგ მანდ ვიქნები, გმადლობთ!
მინდელმა ყურმილი აპარტზე დასდო, პალტო ჩაიცვა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა კაბინეტიდან.
…ხომერიკი და ბალანჩივაძე დაძაბული ყურადღებით უსმენდნენ, ერთხელაც არ შეუწყვეტინებიათ სიტყვა გამომძიებლისათვის, რომელიც თითქმის 1 საათს მოუნდა საქმის სრული მასალების მოხსენებას.
– მე მხოლოდ ის მიკვირს, რომ ჩარგიევმა ასე ადვილად აღიარა ყოველივე, – დაამთავრა მინდელმა და მოლოდინით მიაჩერდა ორთავეს.
დუმილი პირველად ბალანჩივაძემ დაარღვია:
– ჩემი აზრით, აქ საკვირველი არაფერია, როგორც ვვარაუდობდით „საშკა ჩერქეზის„ ხსენებამ დაარწმუნა ცრუ ჩარგიევი, რომ თამაში წაგებული იყო და ამიტომ აღიარა ყოველივე. ეს ძველი ქურდი–რეციდივისტების სტილია.
– მეც ასე ვფიქრობ – დაეთანხმა ხომერიკი.
– ეს ყველაფერი სწორია, მაგრამ… მაინც რატომღაც ეჭვი მეპარება.
– ეჭვი? მაგრამ ჩვენ ხომ მხოლოდ მის აღიარებას არ ვენდობით, შევამოწმებთ. ხვალვე გაგზავნეთ შეკითხვა კოკოევ–ჩარგიევის პიროვნების შესახებ, მისი პირადი საქმე,ფოტოსურათები, დაქტილობარათი და ორთავე საქმე გამოითხოვეთ. თუ ყველაფერი დაემთხვა, საეჭვოც არაფერი დარჩება.
– დატაცებული ნივთები და შინაგანი 3%–იანი სესხის ობილიგაციები? – იკითხა მინდელმა.
– ეგ საქმის დამთავრებას ვერ შეაფერხებს. ჩარგიევის ხოტოველთან დაპირისპირება მოახდინეთ? არა? მაშ დღესვე დააპირსპირეთ! საერთოდ, ჩარგიევის ჩვენების შემდეგ უდავოა კიტოვანიც აღიარებს ყოველივეს და დაადასტურებს, რომ ნაძარცვი ხოტოველს გადასცა. ესეც კოზირია ხოტოველის წინააღმდეგ.
– ხოტოველი შეიძლება გაჯიუტდეს, – შენიშნა ბალანჩივაძემ.
– შეიძლება, – დაეთანხმა ხომერიკი, – მაშინ სისრულეში უნდა მოვიყვანოთ ჩვენი გეგმა და ობილიგაციებს თუმცა ცოტა გვიან, მაგრამ უეჭველად აღმოვაჩენთ. ეს მომავლის საკითხია, ახლა კი მაინტერესებს როგორია თქვენი აზრი ქავჟარაძეზე?
მინდელი ცოტა ხანს დუმდა.
– გიჭირს? – გაიღიმა პროკურორმა.
– არ დაგიფარავთ, გიორგი ასლანიჩ, მართლაც მიჭირს. დადასტურებულია, რომ ძარცვა და გრძელიძის მოტაცება ქავჟარაძის მანქანით მოხდა, მაგრამ მიიღო თუ არა მონაწილეობა დანაშაულში ან იცოდა თუ არა რაიმე დანაშაულის შესახებ, ამის გადაწყვეტით თქმა ჯერჯერობით ძნელია. ჩვენს ხელთ არსებულ მასალებში ბევრია ქავჟარაძის როგორც საზიანო ისე სასარგებლო მონაცემები. ვფიქრობ, ეს საკითხი კიტოვანის დაკითხვის შემდეგ გადავწყვიტოთ.
– კეთილი, იმოქმედეთ!
ხომერიკმა პაპიროსს მოუკიდა.
– გინდათ კიდევ რაიმეში ჩვენი დახმარება?
– არა, გიორგი ასლანიჩ. თუმცა მაქვს ერთი გეგმა ჩემი ეჭვის შესამოწმებლად, მაგრამ თუ ნებას მომცემთ ამაზე ხვალ მოგახსენებთ. დღეს კი კიდევ ერთხელ მინდა ანალიზი გავუკეთო ზოგიერთ მოსაზრებებს.
– კარგი, როცა საჭირდ დაინახავთ, გაგვაცანით, ახლა კი–ხომერიკმა საათს დახედა, – თუ სურვილი გაქვთ, წამოდით მე და დავითი ჩრდილელის სანახავად მივდივართ.
– სიამოვნებით, აგერ ერთი კვირა იქნება, არ მინახავს. როგორ არის?
– მშვენივრად, – გაიცინა ბალანჩივაძემ. – ისეთი ლამაზი ქალიშვილი ადგას თავზე, მარტო მისი ცქერა კმარა განსაკურნავად.
– ჩამოვიდა ეთერი? – გაიღიმა მინდელმა.
– უკვე ხუთი დღეა თავზე ადგას.
– ჩინებულია, მაშ მალე ქორწილს უნდა ველოდოთ?
– ასე გამოდის, მაგრამ ჩრდილელს ცდა მოუწევს, არგებს კიდევაც.
გაიცინეს.
– ხომერიკმა მდივანი ქალი იხმო.
– მანქანა მოვიდა? – შეეკითხა შემოსულს.
– დიახ, უკვე 30 წუთია.
– კეთილი, აბა წავიდეთ! – წარმოთქვა ხომერიკმა და წამოდგა.

ნაწილი 10ნაწილი 12

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› მოგზაურობა სამყაროს ზღვარზე

შესანიშნავი დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ვიმოგზაურებთ მთელს სამყაროზე და გავცებით მის საზღვრებს, ვნახავთ მზის სისტემას თავისივე პლანეტებით, სხვა გარე გალაქტიკებს და უცნობ პლანეტებს, გავიგებთ და ვნახავთ დიდი აფეთქების ძალასა და შედეგებს, › › ›

DU