1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» სულხან-საბა ორბელიანი: ინდოთ მეფე და ვაზირნი

მამისა მამა ჩემი, მასმია, ინდოთ მეფისა ხუთთა ვაზირთა უხუცესი ყოფილა. იგი უხუცვსი ვაზირი მეფესა დიდად უყვარდა, თავსაცა თვისსა ერჩივნა. იგი ოთხნი აუმტერდენ, თქვეს:
– რამცა ვუყოთ მას, რომე მეფე მისსა სიტყვასა ზედა დგას და მორჩილი რჩევისა მისისა არს და ჩვენ არარა გვეკითხვის?
შეკრეს პირი. მოვიდა განთიად ერთი მეფესთანა და მოახსენა: წუხელის მეზმანა მე დიდი მეფე, ინდოთა მპყრობელი, მამათქვენი, მიბრძანა მოხსენება თქვენი. დიდი ვაზირი იხმო: ცოტა საქმე მიც, დავასრულო და მალე გარემცავაქცევო.
მოვიდა მეორე და მოახსენა მანცა იგივე ზმანება და უცხოსა და შვენიერსა ადგილსა ნახვა მამისა მისისა, დათხოვა ვაზირისა და ეგრეთეე გამოშვება.
მესამემან და მეოთხემან იგივე ზმანება თქვეს, ვითა დაედვათ პირი. გაუკვირდა მეფესა და სიქიშპე მათი ვერ აგრძნა. თქვა: «თუცა ერთსა ეთქვა, ტყუვილიმცა იყო. აწ ყოველთა ერთი ჩვენება უნახავთ, მართალ არს უცილოდ».
უხმო ბერი ვაზირი და ყოველივე უთხრა. შეიგნა ვაზირმან, ყოველივე ამხანაგთა ხრიკი იყო, მაგრამ რას იტყოდა? თქმა უარესი იყო. ესე მოახსენა:
– მეფობასა თქვენსა ამას ვევედრები, ჩემსა დასაწვავად სხვათა ხარი, ანუ მუშა არ დაშვრეს. ბედნიერს მეფესა ცოდვილი არ შევეყარო. ორმოცი დღე მაცადე, შეშა და ნივთები მოვამზადო, ფასი ჩემი მივსცე და სიხარულით დიდს მეფესთან წავიდე!
აცადეს ორმოცი დღე. გაანდო ოთხს გულითადს მონათა. მოასხნეს ორნი მთხრელნი მიწისანი. ვაზირის სახლიდამ გარეთ ასპარეზამდინ გახვრიტეს ქალაქი. და ასპარეზში ხვრელი რომ გაიღეს, ზედ შეშა დადგეს მრავალი, მსგავსი ბორცვისა. ბანი ზეჩასაძრომელი უქმნეს.
რა გასრულდა ორმოცი დღე, მოვიდა ვაზირი მეფესთან, მოახსენა:
– მობრძანდეს მეფე, იხილოს დაწვა მონისა თვისისა, რომელი მამასა შენსა თანა მივა!
გავიდა მეფე და ყოველი ერი ჭვრეტად მისა. აღვიდა ვაზირი ზედა შეშასა. შემოაყარეს ნაძენძი, დაასხეს ნავთი და აღუდვეს ცეცხლი.
რა კვამლი ამაღლდა, ვაზირი ხვრელსა ჩაძვრა, ნახვრეტი გაიარა ქვეშე ქალაქისა და მივიდა სახლსა თვისსა. შეშა იგი დაიწვა. ნაცარი დაანიავეს და ვეღარც ძვალი პოვეს. ხვრელი ნაცარმან ამოავსო.
ვაზირმან ოცი დღე შინ დაყო მალვით და მერმე შეიმოსა თეთრი სამოსელი, არგანი ხელში აიღო და განთიად მეფისა კარსა მივიდა. აცნობეს მეფესა მოსლვა მის ვაზირისა. ზე აიჭრა მეფე, გარ გამოვიდა. ყელს მოეჭდო, აკოცებდა და მუნით მოსლვასა გონებდა.
კითხა ამბავი მამისა მისისა, მისვლა და მოსლვა მისი. ვაზირმან სამოთხის ამბავი მოახსენა და მრავალი ტყუვილი შემოშჭევრა, მართლ მართალსა ამჯობინა და მერმე ეს მოახსენა:
– რაც ჩემთან ესაქმებოდა, ყველა აღვასრულე. აწ ეს ოთხნი ვაზირნი იხმო და მაგათაც უფრო მალე გაახლებს, ცოტა საქმე აქვს.
სიზმარს დაუჯერეს, ცხადად მოსულს ვინ არ დაუჯერებდა? მოასხეს ვაზირნი. უბრძანა წასვლა მეფემან. იგი ხრიკი მათ კი არ იცოდეს. ჩაყარეს ცეცხლში და დაიწვნენ. თავიანთ ნაქმარი მათვე გარდახდა.
– ესე არაკი მისთვის მოგახსენე, მამაო სედრაქ, ყოველი კაცი ხარბია, უკანის არამც გამიმტერდენ და მიხრიკონ რამე.
იამა მეფესა ესრეთ სიტყვატკბილობა მისი და უხაროდა. უბრძანა: თუცა დამემორჩილო და წამომყვე, მეფობისა ჩემისა კიდე, რომელიცა მთხოვო, მოგცეო!

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

199 votes, average: 3.76 out of 5199 votes, average: 3.76 out of 5199 votes, average: 3.76 out of 5199 votes, average: 3.76 out of 5199 votes, average: 3.76 out of 5

› ქართული არხები თანამგზავრზე

ამ ჩანაწერში ჩამოვწერ ქართული ტელევიზიების სატელიტური მაუწყებლობის კოორდინატებს, რომლებიც უნდა შევიყვანოთ ჩვენი უნივერსალური ადაპტორის დეკოდერში.
როგორც ვიცით ქართული არხების უმრავლესობა განლაგებულია Türksat-ზე (Türksat 3A at 42.0°E)
მაშ ასე:
* GDS – gdstv.ge – › › ›

DU