1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» არჩილი II

უფროსი ძე ვახტანგ V შაჰნავაზისა, მეფე იმერეთისა (1661-1663 წწ.) კახეთისა (1664-1675 წწ.), ისევ იმერეთისა (1678-1679; 1690-1691; 1695-1696; 1697-1698 წწ.). “იყო კისკას, მშვენიერ, მობურთალი, მოისარი, ყოვლის კაცის ისარზედ ერთი ხელის დადება ისარი უგრძეს ჰქონდა. და არა იყო მსგავსი მისი”. იყო დიდებული პოეტი. მამამისმა, ქართლის მეფემ ვახტან V-მ ისარგებლა დასავლეთ საქართველოში ამტყდარი არეულობით, სასწრაფოდ ჯარით გადავიდა იმერეთს და ტახტზე მეფედ დასვა 14 წლის არჩილი (1661 წ.). ამან განარისხა ოსმალეთის სულთანი და მაშინვე მუქარის წერილი აფრინა ირანის შაჰთან: თუ ახლავე იმერეთიდან არჩილ ვახტანგის ძე არ მოგიშორებია, დაუყოვნებლივ საომრად მოვდივარო. დაფრთხა შაჰ აბას II და უბრძანა ვახტანს: ახლავე მოაშორე შენი შვილი იმერეთს, ჩემთან გამოგზავნე და იმერეთზე უკეთეს ქვეყანას მივცემ სამეფოდო. არჩილმაც დატოვა იმერეთი (1663 წ.). ირანში წავიდა; შაჰიც პატივით შეხვდა და “შეიყვარა ფრიად”. გამაჰმადიანება მოსთხოვეს, არ გაძალიანებულა, გამაჰმადიანდა და სახელად მიიღო – შაჰ-ნაზარ-ხანი. შაჰმაც შეასრულა დანაპირები და იმერეთზე “უმჯობეს” სამეფოდ არჩილ შაჰ-ნაზარ-ხანს კახეთი მისცა. დაიწყო არჩილმა კახეთს მეფობა 1664 წელს. კახეთის ტახტის დასაუფლებლად კი თეიმურაზ I-ის შვილიშვილი, რუსეთში გაზრდილი ნიკოლოზ (ერეკლე) ბატონიშვილი ჩამოსულიყო თუშეთში და იქ აგროვებდა ლაშქარს. ორი წელიწადი იბრძოლა ერეკლემ, მაგრამ ყველა შეტაკებაში (ურიათუბანთან, მარტყოფს, თორღას ციხესთან, აწყვერთან) ვახტანგმა და არჩილმა იგი დაამარცხეს და აიძულეს ისევ რუსეთს გაბრუნებულიყო (1666 წ.). არჩილი ახეთის აღორძინებას შეუდგა. რამდენჯერმე ლეკური აულებიც დალაშქრა და თარეშზე ხელი ააღებინა. თელავი ააშენა და ტახტიც გრემიდან იქ გადაიტანა. ცოლიც შეირთო ქეთევანი, თეიმურაზ I-ის შვილიშვილი, დავით (დათუნა) ბატონიშვილის ასული, უსინათლო ბაგრატ IV იმერთა მეფის ნაცოლარი, და რუსეთში გაზრდილი და ტახტის მოცილე ნიკოლოზ-ერეკლე ბატონიშვილისა. ეს ჯვარისწერა მოხდა 1667 წელს. არჩილს ქეთევანისგან შეეძინა: დარეჯანი, ალექსანდრე, მამუკა და დავითი. რუსეთში მყოფმა ერეკლე ბატონიშვილმა კი, სპარსეთის ახალი შაჰის, სულეიმანის წერილი მიიღო – სპარსეთს ჩამოდი და კახეთის ტახტს მოგცემო. ჩამოვიდა ერეკლე და, 1674 წელს, სპარსეთს ჩასვლამდე კახეთს ეწვია არჩილ მეფეს. არჩილიც შესაფერისი ზარზეიმით შეხვდა უკვე თავის მოყვარეს, ცოლისძმას და ისე გაუშვა სპარსეთისაკენ. შაჰ სულეიმანიც დიდის ამბით შეეგება ერეკლეს. 1675 წელს, ვახტანგ V-ის მოულოდნელმა სიკვდილმა ახალი საფიქრალ-საზრუნავი გააჩინა ირანშიც და საქართველოშიც. შაჰმა ქართლისა და კახეთის მეფობა ერთად შესთავაზა ერეკლეს, იმ პირობით, თუ გამაჰმადიანდებოდა. მაგრამ ერეკლემ გადაჭრით უარი თქვა “გათათრებაზე”. მაშინ შაჰმა ერეკლე ციხეში ჩააგდო, ხოლო ქართლის მეფობა მისცა გიორგი ვახტანგის ძეს. არჩილმა კი ქართლ-კახეთი მიატოვა, იმერეთს გადავიდა, “მაშინვე მიერთნენ მას ყოველნი იმერნი და დადიანი ლევან”, და კვლავ აიყვანეს იგი იმერეთის ტახტზე (1678 წ.). მაგრამ ტახტიდან ჩამოგდებულმა ბაგრატ IV-მ და გიორგი გურიელმა ოსმალები მოიწვიეს ასლან ფაშას მეთაურობით, არჩილი იმერეთიდან გამოაძევას (1679 წ.). ბოლოს კი 1682 წელს რუსეთს გაემგზავრა “დედა-წულითა თვისითა”: ცოლი ქეთევანი, შვილები – 17 წლის დარეჯანი, 8 წლის ალექსანდრე, 6 წლის მამუკა (მათე) და 1 წლის დავითი. 1685 წლის დეკემბერში ჩააღწია მოსკოვს. დიდის პატივით მიიღეს. სამი წელიწადი დარჩა რუსეთში. სასტამბო საქმეს სწავლობდა. ქართულ შრიფტზე ზრუნავდა. შვილებს გოლიცინის სკოლაში ასწავლიდა. მისი ძე ალექსანდრე ძალიან დაუახლოვდა რუს უფლისწულ პეტრეს. ალექსანდრე არჩილის ძე, ანუ “იმერეტინსკი პრინც ალექსანდრ არჩილოვიჩ” უკვე მომავალი დიდი ხელმწიფის “მარჯვენა ხელად”, ანუ “ძმად” ითვლებოდა. 1688 წელს წამოვიდა უკანვე, რუსეთიდან საქართველოში არჩილი. 1690 წელს მესამედ ავიდა იმერეთის ტახტზე. ნამეფარმა ალექსანდრე IV-მ თავისი მომხრეები შემოიჯარა და, 1691 წელს, გოდოგანთან შეება არჩილს, მაგრამ დამარცხდა და ქართლში გაიქცა. თუმცა იმავე წელს მომხრეებმა არჩილს უმტყუნეს, ალექსანდრეს მხარეს გადავიდნენ. მარტო დარჩენილმა მეფე-პოეტმა ამჯობინა ისევ დაეტოვებინა იმერეთი და ისევ რუსეთში წასულიყო. მაგრამ შეტაკება მოუხდა ჩრდილოკავკასიელ ტომებთან, რუსეთს მიმავალი გზა დაეკეტა და ქართლს დაბრუნდა. იმერეთშიც ისევ აიშალა მეფე და თავადობა. ალექსანდრე IV უკმაყოფილო თავადებმა შეიპყრეს და რუისში მდგარ გიორგი XI-ს მიჰგვარეს. გიორგიმ ალექსანდრე დაახრჩობინა და იქვე დაამარხვინა. იმერეთის ტახტზე მეოთხედ ავიდა არჩილი (1695 წ.). მომდევნო წელს ისევ განუდგნენ იმერეთის თავადები და დაატოვებინეს ქუთათისის ტახტი თუმცა, 1697 წელს კვლავ გამეფდა იგი, უკვე მეხუთედ. მაგრამ ნახევარი წელიწადიც არ გასულიყო და ოსმალეთის ხონთქარმა მუქარა შემოთვალა მისი გამეფების გამო. ისევ მიატოვეს არჩილი იმერლებმა. ისევ წამოვიდა არჩილი იმერეთიდან, ამჯერად სამუდამოდ. ზამთარი რაჭაში გაატარა. მომდევნო წელს კვლავ რუსეთის გზას გაუდგა. 1701 წელს ჩააღწია მოსკოვს. ორი ძე, მამუკა და დავითი დახოცილიყვნენ. ალექსანდრე, პეტრე დიდის “ძმა”, არტილერიის პირველი გენერალ-ფელდცეხმეისტერი, ტყვედ ჩავარდნოდა შვედებს. ტყვეობაში მოკვდა. პეტრემ დაუმტკიცა არჩილს ვსესვიატსკოე (“სესენცკა”), სადაც მაშინ იდგა ქართველთა “კოლონია”. აქ არჩილმა ქართული სტამბა დააარსა, იწყო ქართულად წიგნების ბეჭდვა. გარდაიცვალა 1713 წლის 16 აპრილს. დაიკრძალა მისგანვე აღორძინებულ დონის მონასტერში, შვილების გვერდით. დაგვიტოვა დიდებული პოეტური მემკვიდრეობა “არჩილიანი”.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

118 votes, average: 4.32 out of 5118 votes, average: 4.32 out of 5118 votes, average: 4.32 out of 5118 votes, average: 4.32 out of 5118 votes, average: 4.32 out of 5

› ბიოგრაფია: გალაკტიონ ტაბიძე

1891 წლის 17 ნოემბერს-სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი) დაიბადა გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც თავის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებში საკუთარი დაბადების თარიღად 1892 წელს მიიჩნევს, დაბადების ადგილად კი ტობანიერს მიუთითებს.
მამა-ვასილ ტაბიძე, სრულიად ახალგაზრდა, 23 წლისა › › ›

DU