1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ინსულტის თვისებები, ამოცნობა, რეაქცია და აცილება

დღეს ფაისბუქზე ვნახე ინსულტის ამოსაცნობი ინსტრუქცია, რომლის “გაზიარებასაც” გვირჩევდნენ, რათა ყველას გაეგო და მეტნაკლებად გათვიცნობიერებულიყო თუ როგორ ამოვიცნოთ ინსულტის შემთხვევა.

ინსულტი

აი ეს წერილიც:

————————————————————————————————————————–
სულ ერთი წუთი დაგჭირდებათ ამის წასაკითხად!

ნეიროქირურგები ამბობენ, რომ თუ ისინი პირველი 3 საათის განმავლობაში ასწრებენ ინსულტის მსხვერპლს, მისი შედეგები შეიძლება აღმოიფხვრას. თუმცა, ყველაზე რთულია დადგინდეს, მითუმეტეს საწყის ეტაპზე, არის თუ არა ინსულტი სახეზე, არადა ადამიანის შველა ამ შემთხვევაში დამოკიდებულია სწრაფ მკურნალობაზე.

ინსულტის ამოსაცნობად არსებობს 4 გზა:
1. სთხოვე ადამიანს გაიცინოს (ინსულტიანს არ შეუძლია ამის გაკეთება)
2. სთხოვე თქვას რაიმე მარტივი წინადადება (მაგ: დღეს კარგი ამინდია)
3. სთხოვე აწიოს ორივე ხელი (ინსულტიანი ვერ შეძლებს, ან შეძლებს სანახევროდ)
4. სთხოვე გამოყოს და გაჩვენოს ენა (დაგრეხილი ან სანახევროდ გადმობრუნებული ენა ინსულტის ერთ-ერთი ნიშანია)

თუ ადამიანს პრობლება შეექმნება ერთ-ერთ დავალებასთან მაინც, დაუყონებლივ დარეკეთ სასწრაფოში და აღუწერეთ სიმპტომები.

ერთმა კარდიოლოგმა თქვა – “თუ ამ ცოდნას თითოეული გაუზიარებს თავის, მაქსიმუმ, 10 მეგობარს დარწმუნებულნი იყავით, რომ ვიღაცის სიცოცხლეს გადავარჩენთ! ჩვენ ყოველ დღე რამდენ “ნაგავს” ვუშვებთ და ვნერგავთ დედამიწაზე, რად უნდა ღირდეს, ერთხელ მაინც, გავუშვათ “ძარღვებში” მართლაც მნიშვნელოვანი და ღირებული”.
————————————————————————————————————————–

შემდგომ დამაინტერესა და ინტერნეტში გადავიკითხე სხვადასხვა ინფორმაცია ინსულტის შესახებ თუ საერთოდ რა იწვევს, მისგან განკურნება, სიმპტომები და სხვა…
ხოდა მინდა აქვე დავდო რამოდენიმე საიტზე ამოკითხული ინფორმაციები ინსულტის შესახებ.

Med.ge-ზე ამოვიკითხე, რომ:

ინსულტი თავის ტვინის სისხლმომარაგების მწვავე დარღვევაა (სისხლჩაქცევა და სხვა), რომელიც იწვევს თავის ტვინის ქსოვილების კვდომას.

ინსულტის გამომწვევი მიზეზები
ინსულტი შეიძლება გამოწვეული იყოს ტვინის მკვებავი ამა თუ იმ სისხლძარღვის (სისხლძარღვების) დახშობით (იშემია), ან გაგლეჯით (სისხლჩაქცევა – ჰემორაგია).

ინსულტის სახეები
განასხვავებენ ინსულტის 2 სახეს: ჰემორაგიულს, რომელიც გამოწვეულია სისხლძარღვის გაგლეჯითა და სისხლჩაქცევით და იშემიურს, რომელიც განპირობებულია სისხლძარღვის დახშობით. ინსულტი ყველზე ხშირად ვითარდება ისეთი დაავადებების ფონზე როგორიცაა: ჰიპერტონია და გულის დაავადებები (მოციმციმე არითმია, მანკები, პაროქსიზმული ტაქიკარდია), გულის უკმარისობა, ცერებრალური ათეროსკლეროზი.
იშემიური ინსულტის დროს სისხლძარღვის დახშობის მიზეზი შეიძლება იყოს:
კისრის მსხვილი სისხლძარღვებისა და გულის სარქვლების ათეროსკლეროზული ფოლაქებიდან მოწყვეტილი ნაწილები;
თრომბები, რომლებიც წარმოიქმნება სისხლძარღვების შევიწროების ადგილზე (სისხლძარღვთა ხანგრძლივი სპაზმი).

ინსულტის სიმპტომები
ჰემორაგიული ინსულტი განსხვავდება იშემიურისგან იმით, რომ ჰემორაგიული ინსულტი ვითარდება მაღალი არტერიული წნევის ფონზე, რომლის დროსაც სკდება სისხლძარღვი, ვინაიდან არტერიის კედელი ათეროსკლეროზის დროს არათანაბარი სისქისა და ზოგ ადგილას გათხელებულია. სისხლის დიდი წნევის გამო ხდება ტვინის ქსოვილების ერთმანეთისაგან დაშორება, წარმოქმნილ სივრცეებში კი ჩაედინება სისხლი და ასე წარმოიქმნება ჰემატომა. სისხლჩაქცევა, ასევე, შეიძლება მოხდეს ანევრიზმის გახეთქვის დროსაც. ხშირად ხდება სისხლის ჩაღვრა ტვინის გარსებში, რასაც სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა ეწოდება. ასეთი სისხლჩაქცევა ვითარდება უმეტესად 40 წლამდე ასაკში. პაციენტს აღენიშნება თავში დარტყმის შეგრძნება, რომელიც ხანჯლის ჩარტყმით მიყენებულ უეცარ ტკივილს გავს. თავის ძლიერმა ტკივილმა შეიძლება განავითაროს გულყრა, მაგრამ, როგორც წესი, ადამიანი გონებას არ კარგავს. ავადმყოფი გრძნობს სისუსტეს, ტკივილისგან კვნესის, თავზე ხელები აქვს შემოჭდობილი, ხშირიად აღინიშნება გულისრევის შეგრძნება, ღებინება, მაგრამ ჰემორაგიული ინსულტისაგან განსხვავებით, ასეთ პაციენტს, არ უვითარდება დამბლა.
იშემიური ინსულტი ჰემორაგიულზე უფრო ვერაგია. თავდაპირველად იშემიური ინსულტის ნიშნები მკვეთრად არ არის გამოხატული, ისინი ვითარდებიან თანდათანობით. ჰემორაგიული ინსულტის დროს გამოვლინებები უფრო ძლიერია: არტერიული წნევის კრიზის ფონზე ძლიერდება თავის ტკივილი, რომელიც თავიდან აღინიშნება თავის ერთ ნახევარზე და შემდგომ, ავადმყოფი კარგავს გონებას, სახე ხდება მონაცრისფრო ან მოწითალო, სუნთქვა ხმაურიანი, ხშირია ღებინება. ასეთი ინსულტის დროს ხშირად ვითარდება გულყრა, პათოლოგიური პროცესი ვითარდება სხეულის ერთ მხარეს, თვალის გუგა გაფართოებულია სისხლჩაქცევის მხარეს. როდესაც ავადმყოფი გონზე მოდის, მას აღენიშნება კიდურების დამბლა ან პარეზი. ეს თუ მარჯვენა კიდურების მხარეა, ირღვევა მეტყველება (აფაზია), თუ მარცხენა – შეინიშნება ფსიქიკური აშლილობა (არ ახსოვს ასაკი, სად იმყოფება, ვერ ცნობს ნათესავებს, თავს თვლის ჯანმრთელად და ა.შ.). იშემიური ინსულტის დროს აღინიშნება თავის კუნთების რიგიდობა – შეუძლებელია თავის მოხრა ისე, რომ ნიკაპი დაედოს მკერდს (კისრის კუნთების რიგიდობის გამო) და ფეხის კუნთების რიგიდობა – შეუძლებელია ფეხის აწევა (ფეხის კუნთების დაჭიმულობის გამო). ეს მოვლენები გამოწვეულია ტვინის გარსებში სისხლჩაქცევით, ამ სინდრომებს ეწოდება მენინგეალური სინდრომი.
თუ სისხლჩაქცევა ვითარდება ტვინის ღეროში ადამიანი გონზე მოუსვლელად იღუპება დააახლოებით 2 დღეში. სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, უმეტესად, ვითარდება ფიზიკური დატვირთვის შემდეგ: სიმძიმეების აწევის, მუხლზე ჯოხის გადატეხვის მცდელობისა და ნერვული სტრესის დროს, რომელსაც თან ახლავს არტერიული წნევის მომატება.
ტვინში სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დაზიანება უფრო საშიშია. იმის მიხედვით თუ რომელ მხარესაა დაზიანება, ვითარდება სისუსტე ან ხელში, ან ხელსა და ფეხში ერთდროულად. ცალ მხარეს აღინიშნება მეტყველების დარღვევა, აფაზია, მხედველობის ნაწილობრივი, ან მთლიანი დაკარგვა. ეს მოვლენები ქრება რამდენიმე წუთში, ან იშვიათად 1 საათში, რომელიც დღეღამის განმავლობაში შეიძლება არაერთხელ განმეორდეს. სასწრაფო დახმარების გამოძახების შემთხვევაში კი ექიმს შეიძლება დახვდეს უკვე “ჯანმრთელი” პაციენტი, რომელსაც 10-15 წუთის წინ არ შეეძლო არც მეტყველება და არც კიდურების მოძრაობა. იმის გამო, რომ შეტევის დროს დაავადების კლინიკური გამოვლინება, უმეტესად, არ აღინიშნება, პაციენტი არ გადაჰყავთ საავადმყოფოში და რჩება სახლში, ხოლო დილით იღვიძებს ტოტალური აფაზიითა და ცალმხრივი დამბლით. თავის ტვინის ტრანზიტორული დაზიანების დროს ავადმყოფი, აუცილებლად, უნდა მოთავსდეს სტაციონარში. ეს მდგომარეობა ჯერ კიდევ არ არის ინსულტი, მაგრამ არის საშიშროება იმისა, რომ ინსულტი განვითარდეს და პაციენტი, ამიტომ, უნდა იქნეს მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის დიაგნოზი ადვილი დასასმელია იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზე გვაქვს მკვეთრად გამოხატული დამბლა, ცნობიერებისა და მეტყველების დარღვევა. დიაგნოზის დასმა უფრო რთულია, როდესაც კლინიკა არ არის მკვეთრად გამოხატული, მაგრამ მკურნალობის ტაქტიკა, ორივე შემთხვევაში, უნდა იყოს ერთი – ჰოსპიტალიზაცია (თუკი ავადმყოფი არ არის ძალიან ასაკოვანი და არ იმყოფება კომაში).

პირველადი დახმარება ინსულტის დროს
უპირველეს ყოვლისა ავადმყოვი მოხერხებულად უნდა მოთავსდეს საწოლში, განთავისუფლდეს შემბოჭველი ტანსაცმლისაგან და მაქსიმალურად მიეწოდოს სუფთა ჰაერი. პირის ღრუ პროტეზისაგან და პირნაღები მასისაგან განთავისუფლდეს. თავი და მხრები უნდა იყოს მოთავსებული რბილად, ბალიშზე, რათა არ მოიხაროს კისერი და არ გაუარესდეს სისხლის ნაკადი ხერხემლის არტერიაში.…ინსულტის განვითარების დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, დაავადების განვითარების პირველი წუთები და საათები, სწორედ ამ დროს გაწეული სამედიცინო დახმარება არის ყველაზე ეფექტური.
ინსულტის დროს ავადმყოფის გადაყვანა ყოველთვის ხდება წოლით მდგომარეობაში, თუკი ეს არ არის მესამე სტადიის კომა. ავადმყოფები იშვიათად იღუპებიან უშუალოდ ინსულტისაგან, ინსულტს ხშირად თან ერთვის პნეუმონია და ნაწოლების განვითარება. ასეთი გართულებების თავიდან ასაცილებლად უნდა მოხდეს ავადმყოფის გადაბრუნება ხან ერთ, ხან მეორე მხარეს. უნდა დავიცვათ ჰიგიენური ნორმები. მოწესრიგებული უნდა იყოს კვება, საჭიროა გაიწმინდოს კუჭნაწლავი და ჩატარდეს გულმკერდის ვიბრაციული მასაჟი.

ინსულტის მკურნალობა
ინსულტის მკურნალობა მოიცავს, სისხლძარღვების თერაპიას, იმ პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ტვინში მეტაბოლიზური პროცესების გაუმჯობესებას, ჟანგბადის თერაპიას, აღდგენით მკურნალობას, ან რეაბილიტაციას (სამკურნალო ფიზკულტურა, ფიზიოთერაპია, მასაჟი).

ინსულტისშემდგომი რეაბილიტაცია
პირველ რიგში უნდა გაკონტროლდეს არტერიული წნევა, პულსი და დროულად უნდა იქნეს მიღებული ყველა რეკომენდირებული პრეპარატი. უნდა მოხდეს ტემპერატურის კონტროლი, ყურადღება უნდა მიექცეს გამოყოფილი შარდის რაოდენობას და კუჭ-ნაწლავის მოქმედებას. ყოველივე ამის გასაკონტროლებლად უნდა მოხდეს დღიურის წარმოება – ეს აუცილებელია მიმდინარე თერაპიის კორექციისათვის.
თუ კუჭის მოქმედება სამი დღის განმავლობაში არ აღინიშნება, საჭიროა გაკეთდეს გამწმენდი ოყნა. თუ მოხდა შარდის შეკავება, ან ტემპერატურის მომატება აუცილებლად უნდა ეცნობოს ექიმს.
ავადმყოფი უნდა იწვეს ნათელ, ხმაურისაგან დაცულ ოთახში. საჭიროა ოთახის სველი წესით დამუშავება 1-2-ჯერ დღეში და რეგულარულად განიავება, მაგრამ ისე რომ, ორპირში არ მოხვდეს პაციენტი. ტემპერატურის ოპტიმალური რაოდენობაა +18-22C.
საწოლი უნდა იყოს სწორი და მაგარი. თუკი პაციენტი ვერ აკონტროლებს თავის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს მას უნდა ჩააცვან პამპერსი. საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოიცვალოს თეთრეული (ვადმყოფი ფრთხილად უნდა გადავაბრუნოთ საწოლის ერთ კიდეზე. გამოსაცვლელ ზეწარს ბინტივით დავახვევთ, მის ადგილზე დავაგებთ ახალ თეთრეულს (მასაც თავიდან ბინტის მსგავსად დახვეულს), შემდგომ გავშლით და გადმოვაბრუნებთ პაციენტს.
პაციენტს უტარდება სუნთქვითი ვარჯიშები დღეში რამდენიმეჯერ. ეს ვარჯიში უნდა გააკეთოს ყველა ავადმყოფმა მიუხედავად დაავადების სიმძიმისა. იმისათვის, რომ არ განვითარდეს ნაწოლები და პნეუმონია საჭიროა პაციენტის გადაბრუნება გვერდიდან გვერდზე 2-3 საათში ერთხელ. რეთვე, პაციენტს უტარდება მსუბუქი დარტყმითი ვარჯიშები, გვერდებზე და ბეჭების ქვეშ.
თუკი ავადმყოფს არ შეუძლია დამოუკიდებლად მოძრაობა, საჭიროა 2-3-ჯერ დღეში ავაყენოთ, დავბანოთ, დროს კარგად უნდა დავუკვირდეთ რა მდგომარეობაშია ლორწოვანი გარსი და კანი. ავადმყოფი რეგულარულად გავასუფთავოთ ნამიანი პირსახოცით და შემდგომ გავამშრალოთ. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, სუდნოს გამოყენებაც. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირის ღრუსა და შორისის ჰიგიენას. კონიუქტივიტის პროფილაქტიკისათვის კვირაში 2-3-ჯერ თვალში ალბუციდი ჩავაწვეთოთ.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთ ავადმყოფებს ხშირად ეცვლებათ ხასიათი. ისინი შეიძლება გახდნენ მტირალები, პასიურები, ან პირიქით, აგრესიულები. ხშირად უარესდება მეხსიერება, რის გამოც უჭირთ მიმდინარე მოვლენების დამახსოვრება. ბევრს ერღვევა მეტყველება. ირგვლივ მყოფნი პაციენტის ასეთ დგომარეობას უნდა მოეკიდნონ გაგებით, არ გაუბრაზდნენ პრეტენზიების გამო და მოარიდონ კონფლიქტებს. უნდა ესაუბრონ მის სურვილებზე, წაუკითხონ გაზეთები, წიგნები და სთხოვონ გაიმეოროს წაკითხული. ხშირად შეახსენონ, რომ დაასახელოს ირგვლივ არსებული საგნები. ჯანსაღი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ოჯახში, მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მისი ფუნქციების აღდგენას.
რეაბილიტაციის დროს მნიშვნელოვანია ავადმყოფის სწორი კვება. დიეტის კალორიულობა დაყვანილი უნდა იქნეს 2200-2500 კკ-მდე დღე-ღამეში, ძირითადად, ნახშირწყლებისა და ცხოველური ცხიმების შემცირების ხარჯზე. მკვეთრად უნდა შემცირდეს ცომეულისა და შაქრის მოხმარება. უნდა ვეცადოთ მივცეთ მეტი ბოსტნეული და ხილი. კვების რაციონიდან გამოირიცხოს მარილიანი, ცხარე და შემწვარი საკვები. სასურველია, ავადმყოფი იკვებოს 4-5-ჯერ დღეში და კალორიული საკვები მიიღოს დილისა და დღის საათებში.
ნებისიერ შემთხვევაში, თუ მოხდა ინსულტი, უნდა გვახსოვდეს, რომ ტვინის უჯრედების ნაწილი იღუპება და დაკარგული ფუნქციების სრულად აღდგენის საკითხი (მიუხედავად თავის ტვინის დიდი კომპესატორული შესაძლებლობებისა), ძალიან პრობლემატურია. დაკარგული ფუნქციებისა და უჯრედების აღდგენას სჭირდება დროის დიდი მონაკვეთი და შესაბამისი მედიკამენტების მიღებასთან ერთად საჭიროა კარგი მოვლა და ავადმყოფის სურვილი იცხოვროს სრულფასოვანი ცხოვრებით. საფუძვლიანი მკურნალობის წარმატებულობა დაკავშირებულია შესწავლის პროცესთან, ზუსტად ისე, როგორც სკოლაში: შეიძლება შეგვხვდეს მონდომებული და ნაკლებად მონდომებული, აქტიური და პასიური პაციენტი. ავადმყოფის დახმარება სწავლაში – ეს არის მედპერსონალის ძირითადი ამოცანა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ავადმყოფის აქტიურ სასიცოცხლო პოზიციას, პაციენტისა და მედპერსონალის მოქმედების თანმიმდევრობას შეუძლია ამ დაავადების ნარჩენი უარყოფითი მოვლენები დაიყვანოს მინიმუმამდე.

Aversi.com-ზე კი ასეთი ინფორმაცია წავიკითხე:

ინსულტის დასამარცხებლად
ბოლო ხანს სამედიცინო წრეებში ათეროსკლეროზზე ისე ვრცლად და ხშირად საუბრობენ, ლამის კაცობრიობის ყველაზე გავრცელებულ სენად აღიარონ. მას იშემიური ინსულტის ერთ-ერთ მიზეზადაც მიიჩნევენ. როგორც სპეციალისტები გვარწმუნებენ, იშემიურ ინსულტს ასიდან 90-95 შემთხვევაში საფუძვლად სწორედ ათეროსკლეროზი უდევს.

სისხლძარღვში ჩაჭედილი ფოლაქები
სისხლძარღვთა ათეროსკლეროზის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს ჭარბი წონა, მცირე ფიზიკური აქტიურობა, მოწევა, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, გადამწყვეტ როლს კი ლიპიდური (ცხიმოვანი) ბალანსის დარღვევა ასრულებს – ათეროსკლეროზის დროს მომატებულია საერთო ქოლესტეროლისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონე. ამგვარი ცვლილებების შედეგად სისხლძარღვის კედელზე წარმოიქმნება ერთგვარი ფოლაქი, რომელიც ქოლესტეროლის, კალციუმისა და ფიბროზული ქსოვილისაგან შედგება. მზარდი ათეროსკლეროზული ფოლაქი თანდათან ავიწროვებს სისხლძარღვის სანათურს და ხელს უშლის სისხლის ნორმალურ დინებას. გარდა ამისა, ფოლაქის ზედაპირს შესაძლოა მოსწყდეს პატარა ნაწილაკები, რომლებიც შედარებით მცირე სისხლძარღვებს დაახშობს. თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვებიდან კი ათეროსკლეროზი ყველაზე ხშირად (ასიდან 75 შემთხვევაში) საძილე არტერიას აზიანებს.

ამოჩემებული საძილე არტერია
საძილე ანუ კაროტიდული არტერიები აორტის რკალიდან იწყება, კისრის წინა ზედაპირზე გადის, შედის ქალას ღრუში და თავის ტვინს სისხლით ამარაგებს. მათი ათეროსკლეროზი ზოგჯერ შეუმჩნევლად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მისი პირველი გამოვლინება ხშირად ტრანზიტორული იშემიური შეტევა ან სულაც ინსულტია.
უსიმპტომოდ მიმდინარე სტენოზს ექიმი ხშირად შემთხვევით აღმოაჩენს – კისერზე აუსკულტაციის დროს შუილი ისმის.
ათეროსკლეროზის დიაგნოზს უმთავრესად სისხლში ლიპიდური პროფილის განსაზღვრის შემდეგ სვამენ, ხოლო კაროტიდების სტენოზის დასადგენად ტარდება დუპლექსსონოგრაფია. ამ დროს ულტრაბგერის საშუალებით სისხლძარღვის ორგანზომილებიან გამოსახულებას იღებენ, პარალელურად კი დოპლერით აფასებენ სისხლის ნაკადს. საძილე არტერიების სტენოზის ხარისხს ამ გამოკვლევის საშუალებით ადგენენ. შესაბამისად, მიღებულ მონაცემებს მკურნალობის მეთოდის ასარჩევად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ხშირად ინიშნება დამატებითი ლაბორატორიული კვლევა, ანგიოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია. მათი საშუალებით ექიმი ადგენს სისხლძარღვებისა და თავის ტვინის დაზიანების ხარისხს, შესაძლო გართულებათა რისკს და ამის მიხედვით არჩევს მკურნალობის მეთოდს.

წამლები, წამლები
ათეროსკლეროზის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია და ექიმის რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას, ხშირად ცხოვრების წესის რადიკალურ შეცვლას მოითხოვს. აუცილებელია, კვების რაციონში მაქსიმალურად შეიზღუდოს ცხოველური ცხიმების ოდენობა.
დიეტა ინდივიდუალურად ირჩევა. მისი თავისებურებები ისეთ ფაქტორებზე გახლავთ დამოკიდებული, როგორიც არის წონა, სისხლში ქოლესტეროლის დონე, თანმხლები დაავადებები და სხვა. კვების კორექციასთან ერთად ზოგჯერ საჭიროა სისხლში საერთო ქოლესტეროლის დონის დამწევი პრეპარატების – სტატინების დანიშვნა. სტატინების მიღება აუცილებლად დიეტის ფონზე, ლაბორატორიული მონაცემების მკაცრი კონტროლით უნდა მოხდეს. გაითვალისწინეთ: სასურველ ეფექტს მხოლოდ ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში მიაღწევთ.

ეფექტური პროფილაქტიკა
როდესაც ათეროსკლეროზის გამო საძილე არტერიების სანათური საგრძნობლად არის შევიწროებული, განურჩევლად იმისა, პათოლოგია უსიმპტომოდ მიმდინარეობს თუ ტრანზიტორული იშემიური შეტევებით, დაისმის ქირურგიული მკურნალობის საკითხი.
ოპერაციის ერთ-ერთი სახეობაა კაროტიდული ენდარტერექტომია, რომლის დროსაც საძილე არტერიას ათეროსკლეროზული მასებისაგან წმენდენ.
გაითვალისწინეთ: კაროტიდული ენდარტერექტომია კონსერვატიულ მკურნალობასთან შედარებით 6-10-ჯერ ამცირებს ინსულტის რისკს სიმპტომების მქონე იმ პირებში, რომელთაც შიგნითა საძილე არტერიის სანათურის 70%-ზე მეტი შევიწროებული აქვთ.
ისევე, როგორც ყველა ქირურგიულ ოპერაციას, გართულებები კაროტიდულ ენდარტერექტომიასაც შეიძლება მოჰყვეს, თუმცა ალბათობა საკმაოდ მცირეა. ოპერაციის დროს ან მის შემდეგ თავად ინსულტის განვითარების რისკი 3,5-5%-ს უტოლდება. სხვა გართულებათა (ცრუ ანევრიზმის ჩამოყალიბება, თავის ტვინის ნერვების დაზიანება, ჭრილობის ინფექცია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ტრანპლანტატის ინფექცია) წილი 1-დან 5%-მდე მერყეობს.
მიუხედავად გართულების შესაძლებლობისა, კაროტიდული ენდარტერექტომია ძალზე ეფექტურია. ეს ოპერაცია საგრძნობლად ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს, თუმცა რჩება ფოლაქის ხელმეორედ წარმოქმნისა და რესტენოზის (სისხლძარღვის ხელახალი შევიწროების) საშიშროება, ამიტომ ოპერაციის შემდეგ აუცილებელია ექიმის რეკომენდაციების დაცვა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი.

მთავარი კანონი

. აკონტროლე არტერიული წნევა. ამისთვის დროდადრო წნევის გაზომვაა საჭირო. თუ ვერცხლისწყალი (ელექტრონული მანომეტრის შემთხვევაში – ეკრანი) მაღალ ციფრებს აჩვენებს, გირჩევთ, ექიმთან კონსულტაცია აღარ გადადოთ. სავარაუდოდ, წონის დაკლება და მარილის შეზღუდვა მოგიწევთ, თუ ეწევით – სიგარეტისთვის თავის დანებებაც. შესაძლოა, არტერიული წნევის მოსაწესრიგებლად განსაზღვრული მედიკამენტების მიღებაც მოგიხდეთ.
არტერიული ჰიპერტენზიის პრევენციისთვის სასურველია მენიუში ცვლილებები შეიტანოთ, კერძოდ, გაიმდიდროთ რაციონი კალიუმის შემცველი პროდუქტით: ბანანით, გარგარით, პომიდვრით, ფორთოხლის წვენით.

. გამოიკვლიე გული. არსებობს პათოლოგიური მდგომარეობა – წინაგულების ფიბრილაცია, მედიცინის ენაზე – ატრიული ფიბრილაციაა (აფ). ამ დროს წინაგულების კუნთოვანი კედელი ქაოსურად იკუმშება. შესაბამისად, გულიც უწესრიგოდ ცემს. ამის შედეგად სისხლი წინაგულებში საჭიროზე მეტხანს ყოვნდება, რამაც შესაძლოა სისხლის შედედება, კოლტების წარმოქმნა გამოიწვიოს. შედედებული სისხლის ნაწილი კი არტერიების საშუალებით ხშირად თავის ტვინამდე აღწევს და სისხლძარღვის სანათურს ახშობს.
შესაძლოა, ამ ფრაზების წაკითხვის შემდეგ შიშმა აგიტანოთ, მაგრამ, როგორც ჩანს, არც მთლად ასე უნდა იყოს საქმე. შესაძლოა, ადამიანი აფ-ის არსებობას არც კი ეჭვობდეს ან სიმპტომები ძალიან სუსტად ჰქონდეს გამოხატული. მიუხედავად ამისა, ყურადღება და ექიმთან ვიზიტი მაინც საჭიროა, თუ ძლიერ მოთენთილობას, სუნთქვის უკმარისობას უჩივით.

. თავი დაანებეთ თამბაქოს წევას. ვინაიდან სიგარეტის წევა ინსულტის რისკს აორმაგებს, მისთვის თავის დანებება, ლოგიკურად, ორჯერ უნდა ამცირებდეს დაავადების ალბათობას. ასეც არის. მრავალი მკვლევარის მოსაზრებით, რისკი პირველივე “უსიგარეტო” დღიდან იწყებს კლებას და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მცირდება.

. მიიღეთ ნაკლები ალკოჰოლი. შავი ღვინის ზომიერი (დღეში არა უმეტეს 100-150 მლ-ის) სმა, თუნდაც ყოველდღე, სისხლძარღვებისთვის სასარგებლოა. არც 300 მლ ლუდი და 50 მლ არაყი გავნებთ. აი, რამდენიმე სასმლის ერთბაშად და, რაც მთავარია, ჭარბად მიღება კი ნამდვილად საშიშია.

. აკონტროლე სისხლში საერთო ქოლესტეროლის დონე. ვინაიდან ამ ცხიმოვანი ნივთიერების მატება არტერიული წნევის ცვლილებასა და სიმსუქნეს იწვევს, აუცილებელია, მისი დონე ნორმის ფარგლებში შევინარჩუნოთ, ეს კი უმთავრესად ადეკვატური დიეტითა და რიგი მედიკამენტის მიღებით მიიღწევა.

. აკონტროლე შაქარიც. თუ დიაბეტი გაქვთ, თვალყური ადევნეთ სისხლში გლუკოზის დონეს და მკაცრად მისდიეთ ექიმის რეკომენდაციებს.

. რეგულარულად ივარჯიშე. მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ კვირაში 5 დღე 30-წუთიანი ზომიერი ფიზიკური დატვირთვა (რომელიც, სავარაუდოდ, 1000-მდე კალორიას დაგაწვევინებთ) ინსულტის განვითარების რისკს 25%-ით ამცირებს.
ანაერობული ტიპის ვარჯიში ძალიან სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის: დაბლა სწევს მომატებულ არტერიულ წნევას, ამცირებს სისხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს და ზრდის მაღალი სიმკვრივის (კარგი!) ლიპოპროტეინებისას, რაც ათეროსკლეროზის განვითარების ერთგვარი პროფილაქტიკაა.
ქანცის გაწყვეტამდე ვარჯიში საჭირო არ არის. საკმარისია, დღეში ნახევარი საათი იცურაოთ, ველოსიპედით იაროთ, იძუნძულოთ ან, უბრალოდ, ფეხით ისეირნოთ.

. ერიდე სტრესს. ქრონიკული, თუნდაც მსუბუქი (გააჩნია, ვინ როგორ აღიქვამს) ფსიქიკური ტრავმა, გარდა იმისა, რომ არტერიული ჰიპერტენზიის რისკის ფაქტორია, კოლტების წარმოქმნასაც განაპირობებს, კოლტები კი, თავის მხრივ, იშემიური ინსულტის წინაპირობაა. ასე რომ, შეძლებისდაგვარად არიდეთ თავი სტრესს, იზრუნეთ რელაქსაციაზე – გაიკეთეთ რელაქსაციური მასაჟი არომატული ზეთებით, ივარჯიშეთ…

. შეინარჩუნე წონა, ხოლო თუ ჭარბი გაქვს, დაიკელი. თურმე ზედმეტ 4-5 კგ-თან გამოთხოვება საკმარისი ყოფილა, რომ არტერიული წნევა და ქოლესტეროლის დონე მწყობრში ჩადგეს.

ნაკლები მარილი
მენიუში მარილის შეზღუდვაზე სიტყვა უკვე გადაგიკარით. ახლა – უფრო კონკრეტულად: ნატრიუმის (სწორედ ეს ელემენტი განაპირობებს მარილის თვისებებს) დღიური ნორმა 1500-დან 2400 მგ-მდეა. 1`4 ჩ. კ. მარილი 575 მგ ნატრიუმს შეიცავს, 1`2 ჩ. კ. – 1150 მგ-ს, 3`4 ჩ. კ. – 1725 მგ-ს, 1 ჩ. კ. – 2300 მგ-ს, ხოლო 1 ჩ. კ. საჭმელ სოდაში 1000 მგ-მდე ნატრიუმია.
ნატრიუმის ოდენობა რომ ვაკონტროლოთ, უთუოდ უნდა ვიცოდეთ საკვებში მისი შემცველობა. ნატრიუმი ყველაზე მეტია გადამუშავებულ საკვებში: დაკონსერვებულ ხორცსა და ბოსტნეულში, გაყინულ პროდუქტებში – და აი, რატომ: ნატრიუმს, როგორც წესი, შეიცავს ნივთიერებები, რომლებიც საკვებს გემოს აძლევს და მის პრეზერვაციას (შენახვას) უწყობს ხელს.
ცოტაოდენ ნატრიუმს ბუნებრივად შეიცავს საქონლისა და ფრინველის ხორცი, რძე და რძის პროდუქტები, ბოსტნეული. მაგალითად, ერთ ჭიქა ნაღებმოხდილი რძეში 110 მგ-მდე ნატრიუმია.
თუ ინსულტის და, საზოგადოდ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მოჭარბებული რისკი გაქვთ, ნუ გადაამლაშებთ:
. უპირატესობა ნატრიუმის დაბალი შემცველობის მქონე პროდუქტებს მიანიჭეთ. ასეთია ცოცხალი ხილ-ბოსტნეული და ახალი, გაუყინავი ხორცი.
. დააკელით კერძს მარილი. თუ შესაძლებელია, საერთოდ ნუ მოაყრით. გემოს მისაცემად სანელებლებით შეაზავეთ.
. თუ დამუშავებული საკვების (ძეხვეულის, სოსისის, კონსერვების და ა.შ.) მირთმევა მოგიხდათ, არჩევანი იმ ვარიანტზე შეაჩერეთ, რომელიც ნატრიუმს ან მარილს ყველაზე მცირე რაოდენობით შეიცავს.

ნაკლები ცხიმი – ნაკლები პრობლემა
ეგებ პირველად სულაც ჩვენი ჟურნალიდან შეიტყვეთ, რომ ცხიმი ორგანიზმისთვის აუცილებელია. მართლაც ასეა, მაგრამ თუ ჭარბი წონისკენ ბრძანდებით მიდრეკილი, მისი შეზღუდვა მოგიწევთ. ეს არც ისე ძნელია: შემწვარის ნაცვლად მოხარშული მჭლე ხორცი მიირთვით, ერბოს ნაცვლად ზეთი გამოიყენეთ (უკეთესია, ზეითუნისა) და, რაღა თქმა უნდა, გაიმდიდრეთ მენიუ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავის შემცველი პროდუქტებით. ამბობენ, რომ ეს ჯადოსნური ნივთიერება არტერიულ წნევას აწესრიგებს, ხელს უშლის სისხლის უადგილო ადგილას შედედებას და, რაც მთავარია, ეფექტურად არეგულირებს სისხლში ქოლესტეროლის დონეს.
თუ გსურთ, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები განუსაზღვრელი დროით გადადოთ, თევზი (უმჯობესია, მოხარშული, გამომცხვარი) კვირაში ორჯერ მაინც ჩართეთ მენიუში. საუკეთესოა ორაგული, თინუსი, სარდინი.
თუ თევზს ვერ ეწყობით, ომეგა-3-ის მოპოვება სელის თესლიდან შეგიძლიათ.

მეტი ხილი და ბოსტნეული
ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ დღეში 5 ულუფა ხილისა და ბოსტნეულის მიღება ინსულტის ჩამოყალიბების რისკს მთელი 30%-ით ამცირებს. ერთი ულუფა კი, არც მეტი, არც ნაკლები, ნახევარი ფორთოხალი, 1 კივი, 10-12 ცალი ბალი ან ალუბალი, 1 ვაშლი, 1 პომიდორი, 1 კიტრია. შეგიძლიათ, თვალზომით სხვა პროდუქტებიც შეაფასოთ და განსაზღვროთ, რა რამდენ ულუფას შეადგენს.
მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ ადამიანთა უმრავლესობა დღის განმავლობაში ხილისა და ბოსტნეულის საჭირო ულუფის მხოლოდ ნახევარს თუ მიირთმევს. ასე რომ არ მოხდეს:
. დალიეთ დღეში ერთი ჭიქა ხილის ან ბოსტნეულის წვენი. ყველას ფორთოხლის წვენი სჯობს.
. სამსახურში წასახემსებლად ხილი წაიყოლეთ.
. მაკარონი და ვერმიშელი მოშუშული ბოსტნეულით გააწყვეთ. ხორცის გარნირად მოხარშული ან მოშუშული ბოსტნეული გამოიყენეთ.

ერთი ამბავი
ადამიანის ორგანიზმში წარმოიქმნება ამინომჟავა ჰომოცისტეინი, რომელიც ცილის საშენი ერთ-ერთი მასალაა. როგორც აღმოჩნდა (მეცნიერთა წყალობით, რაღა თქმა უნდა), სისხლში მისი სიჭარბე საგრძნობლად ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მათ შორის – ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკს. კვლევამ ცხადყო, რომ ჰომოცისტეინის სიჭარბის დროს ორგანიზმში B6, B12 ვიტამინებისა და ფოლიუმის მჟავას (B9 ვიტამინის) დონე მკვეთრად მცირდება. საკმარისია, ამ ვიტამინების ლიმიტი დროულად და ადეკვატურად შეივსოს, რომ ჰომოცისტეინიც სათანადო ოდენობით დაიწყებს ორგანიზმში ცირკულირებას.
ასე რომ, არამც და არამც არ დაივიწყოთ:
. ფოლიუმის მჟავას შეიცავს მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული, ქათმისა და საქონლის ღვიძლი, პარკოსნები, ბრინჯი და დაცეხვილი ხორბლის პური.
. B6 და B12 ვიტამინი უხვად არის ბურღულეულში, დაცეხვილი ხორბლის პურში, საქონლისა და ფრინველის ხორცში, თევზში, რძესა და რძის პროდუქტებში, ბანანში, საზამთროში, კარტოფილში.

მოკლედ ამ ყველაფრის წაკითხვის შემდგომ ბევრი ინფორმაცია მივიღე და უკვე ვიცი თუ რა სერიოზულ დაავადება ყოფილა ინსულტი და მისი აცილება მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესითაა შესაძლებელი.

აგერ კიდევ ვიდეო ანიმაცია თუ როგორ მიმდინარეობს ინსულტის პროცესი:

[ვიდეო...]
ვიდეოს გადმოწერა

დაფიქრდით და გაანალიზეთ მიჰყვებით თუ არა ჯანსაღ ცხოვრების წეს!

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

2 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ნინი ამბობს:
    1 ნოემბერი, 2013წ. 17:48სთ.

    შეუძლია ადამიანს გადაიტანოს ორი ინსულტი და ის სახ გონებაზე იყოს?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. მარიკა ამბობს:
    4 იანვარი, 2014წ. 09:16სთ.

    უფალს რაც სურს ყველაფერი ისე იქნება უფლის რწმენით და ადამიანი თვითდაჯერებით სიმსივნისგან
    განიკურნა მსოფლიოში ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ მე თქვენი ინფორმაცია წავიკითხე ინსულტის
    შესახებ
    ყველაფერი პოზიტიურად განაწყობს ადამიანს თან მცირე რჩევებიც არის მოცემული დძალიან მომეწონა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

11 votes, average: 3.00 out of 511 votes, average: 3.00 out of 511 votes, average: 3.00 out of 511 votes, average: 3.00 out of 511 votes, average: 3.00 out of 5

› §8 ამბავი ავთანდილისა, ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან

230
ჩამოვიდა, ცხენი ახსნა, მისგან ხესა გამობმული, ზედა შეჯდა,
გაემართა, ქვაბი დახვდა კარ-განხმული;
მუნით ქალი გამოიჭრა გულ-მდუღარე, ცრემლ-დასხმული,
ეგონა თუ, დაბრუნდაო პირი ვარდი, ბროლ – ბაკმული.
231
ვერ იცნა, სახე არ ჰგვანდა მისი მის ყმისა სახესა;
ფიცხლა › › ›

DU