1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ქართული ვაზის გამორჩეული ჯიშები

რქაწითელი
რქაწითელი

რქაწითელი ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია დამწიფების გვიანდელი ვადით. ეკუთვნის კახეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. კახეთის გარდა იგი ფართოდაა გავრცელებული საქართველოს სხვა რეგიონებშიც, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.

ფოთლები საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთფრთიანი. რქაწითელის ყურძენი გამოირჩევა თავისი ლამაზი გარეგნული შეხედულებით – მოზრდილი საშუალო სიმკვრივის მტევნებით, საშუალო ოვალური მოვარდისფრო–ყვითელი მარცვლებით და სასიამოვნო გემოთი. რქაწითელის ყურძნის წვენი ფიზიოლოგიური სიმწიფის დაწყებიდან თითქმის გადამწიფებამდე ინარჩუნებს შაქრიანობა–მჟავიანობის სასურველ შეფარდებას.

კახეთში რქაწითელი სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ დამაკმაყოფილებელი გამძლეობით ხასიათდება. იგი ჭრაქის მიმართ უფრო გამძლეა ვიდრე ნაცრის მიმართ. დასავლეთ საქართველოში, იქაურ ჯიშებთან შედარებით რქაწითელი ჭრაქის მიმართ ნაკლებად გამძლეა და საჭიროებს დამატებით წამლობას. ზამთრის ყინვებს რქაწითელი კარგად იტანს. გვალვის მიმართ მისი გამძლეობა საშუალოა.

კახეთში რქაწითელი კვირტის გაშლას იწყებს აპრილის მეორე დეკადაში. ყურძენი სრულ სიმწიფეს აღწევს სექტემბრის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის პირველ რიცხვებამდე. მაღალხარისხიანი ღვინოების მისაღებად ერთ ჰექტარზე მოსავალი 7-8 ტონას არ უნდა აღემატებოდეს. რქაწითელის ჯიშიდან საქართველოში დგება უმაღლესი ხარისხის კლასიკური (ევროპული) და კახური ტიპის (ქვევრის) ღვინოები. რქაწითელისგან ასევე მზადდება სადესერტო ღვინოები. საუკეთესო მიკროზონებია: კარდენახი, ტიბაანი, წინანდალი, გურჯაანი, ნაფარეული.

საფერავი
საფერავი

საფერავი ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია დამწიფების გვიანდელი ვადით. ძირითადად გვხვდება კახეთში. კახეთის გარდა ფართოდაა გავრცელებული საქართველოს სხვა რეგიონებშიც, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.

საფერავის ფოთლები დიდი და მომრგვალოა, ხშირად სამფრთიანი, იშვიათად ხუთფრთიანი. მტევანი კონუსურია, საშუალო ან დიდი ზომის. მარცვალი საშუალო ან დიდია, ოვალური, მუქი ლურჯი ფერის. კანი მკვრივია. კანზე ცვილისებრი ფიფქი საკმაოდ სქელია. რბილობი წვნიანია და ყურძნის სხვა წითელი ჯიშებისგან განსხვავებით, მოწითალოა. წვენი ვარდისფერია. გემო ჰარმონიული, სასიამოვნო ტკბილი.

გამძლეობა ნაცრის მიმართ შედარებით მაღალია, ხოლო ჭრაქის მიმართ საშუალო. სუსტი გამძლეობით გამოირჩევა ფილოქსერას მიმართ. სააფერავი მაღალი ყინვაგამძლეობით ხასიათდება. აღსანიშნავია აგრეთვე კარგი გვალვაგამძლეობა და მარცვლების გამძლეობა ლპობის წინააღმდეგ .

საფერავი კახეთის პირობებში კვირტის გაშლას იწყებს აპრილის პირველი დეკადის ბოლოს. სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის მეორე ნახევარში. საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 8-10 ტონას აღწევს.

საფერავიდან მზადდება უმაღლესი ხარისხის წითელი მშრალი ღვინოები (როგორც სუფრის, ასევე ადგილწარმოშობის) დაძველების დიდი პოტენციალით. საფერავი ასევე გამოიყენება ნახევრადტკბილი და ვარდისფერი ღვინოების დასამზადებლად. საუკეთესო მიკროზონებია: მუკუზანი, ახაშენი, ხაშმი, ქინძმარაული, ნაფარეული, ყვარელი, კონდოლი.

ალექსანდროული
ალექსანდროული

ალექსანდროული ადგილობრივი წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, უმთავრესად რაჭა-ლეჩხუმში.

მქრქალი მწვანე ფერის ფოთოლი საშუალო ზომისაა, ფორმით მომრგვალო ან ოვალური, ხშირად სამ ან ხუთნაკვთიანი. მისი ზედაპირი ბადისებრ დანაოჭებული ან წვრილბურთულებიანია.

მტევანი საშუალო ზომისაა, ძირითადად კონუსისებრი, იშვიათად ოვალური ფორმის. გვხვდება აგრეთვე ცილინდრულ-კონუსისებრი და დატოტვილი მტევნებიც. უფრო ხშირად მტევნები საშუალო სიმკვრივისაა, იშვიათად თხელი.

მარცვალი საშუალო სიდიდისაა ფორმით მომრგვალო, იშვიათად ოდნავ ოვალური, მუქი ლურჯი ფერის. კანი თხელი და მკვრივია, დაფარულია სქელი ცვილისებრი ფიფქით. რბილობი წვნიანია, წვენი უფერული, ჰარმონიული გემოსი.

ალექსანდროული კვირტის გაშლას იწყებს აპრილის მეორე დეკადის დასაწყისში. მისი სრული სიმწიფე სექტემბრის მეორე ნახევარში დგება. სასშუალო მოსავლიანობა 4-6 ტონაა.

სოკოვან დაავადებათა მიმართ ჯიში შედარებით კარგი გამძლეობით ხასიათდება. უფრო მგრძნობიარეა ჭრაქის მიმართ, ნაცრით თითქმის არ ზიანდება. გვალვას შედარებით კარგად უძლებს, ზამთრის ყინვების მიმართ სხვა ჯიშებზე უფრო მგრძნობიარეა.

ალექსანდროული უძვირფასესი ვაზის ჯიშია. მისგან დამზადებული მაღალი ღირსების ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო ფართოდ ცნობილია „ხვანჭკარას“ სახელწოდებით. ჯიში იძლევა აგრეთვე კარგი ღირსების სუფრის წითელი ღვინოს.

ციცქა
ციცქა

ციცქა ქართული თეთრყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია. იგი მიეკუთვნება იმერეთის აბორიგენულ ვაზის ჯიშთა ჯგუფს. საგვიანო პერიოდის სიმწიფისაა. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს რაიონებში, უმთავრესად იმერეთში.

ფოთლები საშუალო ზომისაა, სამ ან ხუთნაკვთიანი. ფორმით მომრგვალო ან ოდნავ ოვალურია. ფოთლის ზედაპირი ბადისებრ დანაოჭებული ან წვრილბურთულებიანია, მუქი მწვანე ფერის. ფოთლის ქვედა მხარე შბუსუსებულია სქელი აბლაბუდისებრი ბეწვით და მოკლე ჯაგრისებრი ბუბუსით, რომლებიც ერთად ქმნიან საკმაოდ სქელ ქეჩისებრ შებუსუსებას.

ციცქას მტევანი საშუალო ზომისაა, მისი ძირითადი ფორმა კონუსისებრი ან ცილინდრულ-კონუსისებრია, იშვიათად ცილინდრული ფორმისაც გვხვდება. მტევნები ძლიერ მკვრივია, ან მკვრივი. მარცვალი საშუალო ზომისაა, ძირითადად მომრგვალო, იშვიათად ოდნავ ოვალური ფორმის. ფერი მომწვანო-ყვითელია. კანი დაფარულია საკმაოდ სქელი ცვილისებრი ფიფქით. თხელია, მაგრამ საკმაოდ მკვრივი. რბილობი წვნიანია, წვენი უფერული. გემო ჰარმონიული.

ციცქა შედარებით მაღალი გამძლეობით ხასიათდება ფილოქსერას მიმართ, აგრეთვე ჭრაქის მიმართ. სუსტი გამძლეობით – ნაცრის მიმართ. ზამთრის ყინვების მიმართ უფრო გაძლეა, ვიდრე ცოლიკაური. კვირტის გაშლას იწყებს აპრილის მეორე დეკადაში. სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის მეორე ნახევარში. საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 8-10 ტონას აღწევს.

ციცქა იძლევა საუკეთესო ღირსების ევროპული და იმერული ტიპის ღვინოებს და ხარისხოვან მასალას ცქრიალა ღვინისათვის. ციცქას სუფრის ღვინო ღია ჩალისფერია მომწვანო იერით, იგი ხასიათდება სხეულით, ენერგიითა და სიხალისით.

ცოლიკაური
ცოლიკაური

ცოლიკაური ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიშია, მეოთხე პერიოდის სიმწიფის. ძირითადად გვხვდება დასავლეთ საქართველოს რაიონებში, უმთავრესად იმერეთში.

ცოლიკაურის ფოთოლი საშუალოზე დიდი ზომისაა, ფორმით მომრგვალო. უფრო ხშირად სამნაკვთიანია, იშვიათად თითქმის დაუნაკვთავი. ფოთლის ზედაპირი სწორია, ან ოდნავ დანაოჭებული, ფერად მუქი მწვანე. ფოთლის ქვედა მხარე შებუსუსებულია საკმაოდ სქელი ქეჩისებრი ბეწვით.

მტევანი საშუალო ზომისაა განიერ კონუსისებრი ან კონუსისებრი ფორმის. ხშირად მხრიანი, იშვიათად უფორმო დატოტვილი. მტევანი საშუალო სიმკვრივის ან მეჩხერია, იშვითად მკვრივი მტევნებიც გვხვდება.

მარცვალი საშუალო სიმსხოსია, ფორმით მომრგვალო, იშვიათად შეზნექილი ან ოდნავ ოვალური. მარცავალი მომწვანო-ყვითელია მოყავისფრო ლაქებით მზისკენ მიმართულ მხარეზე. კანი სქელია და უხეში, დაფარულია საკმაოდ სქელი ცვილისებრი ფიფქით. რბილობი მკვრივია, წვნიანი. წვენი ჰარმონიული გემოსია.

ცოლოკაური კვირტის გაშლას იწყებს აპრილის პირველი დეკადის დასასრულს. სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის მეორე დეკადაში. საშუალო მოსავლიანობა 10-12 ტონას აღწევს.

ცოლიკაური სხვა სტანდარტულ ჯიშებთან შედარებით უფრო მეტი გამძლეობით ხასიათდება სოკოვან ავადმყოფობათა, განსაკუთრებით ჭრაქის მიმართ. ნაკლებად ზიანდება აგრეთვე ანთრაქნოზისაგან და საშუალო გამძლეობას იჩენს ნაცრის მიმართ. კარგი გამძლეობით ხასიათდება აბლაბუდის მკეთებელი ტკიპისა და გვალვის მიმართ, სამაგიეროდ მისი გამძლეობა ფილოქსერასა და ზამთრის ყინვების მიმართ საკმაოდ სუსტია.
.
ცილიკაური ძვირფასი ვაზის ჯიშია, მასში ზომიერადაა შეხამებული გარემო პირობებთან კარგი შეგუება, უხვი მოსავალი, პროდუქციის მაღალი ხარისხი და ავადმყოფობათა მიმართ შედარებით კარგი გამძლეობა.

ცოლიკაურიდან ძირითადად ევროპული და იმერული ტიპის ღვინოები მზადდება. ევროპულად დაყენებული ღვინო ღია ყვითელი ფერისაა, ხასიათდება სისრულით, ენერგიით, ჰარმონიულობითა და სასიამოვნო სიხალისით.

გორული მწვანე
მწვანე

გორული მწავნე მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ქართული თეთრყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია, საგვიანო სიმწიფის პერიოდის.

გორული მწვანე გავრცელებულია ძირითადად ქართლსა და სამაჩაბლოში, შემდეგ იმერეთში, სადც იგი „ქვიშხეთურას“ სახელწოდებითაა ცნობილი და რაჭაში.

ფოთოლო დიდი ზომისაა, სამ ან ხუთ ნაკვთიანი, მუქი მწვანე ფერის. კარგადაა გამოხატული მეორადი დანაკვთვა. მტევანი საშუალო ან დიდი ზომისაა, განიერ- კონუსისებრი, საშუალო სიმკვრივის. მარცვალი მომწვანო ყვითელი ფერისაა, საშუალო ზომის, მომრგვალო, ზოგჯერ ოდნავ შეზნექილი. რბილობი მკვრივია და წვნიანი. წვენი უფერული, ტკბილი. მარცვლის კანი მკვრივია და უხეში.

გორული მწვანე ადვილად ავადდება ჭრაქით, შედარებით გამძლეა ნაცრის მიმართ. აგროწესებით გათვალისწინებული ქიმიური დაცვის ღონისძიებები უზრუნველყოფს ჯანსაღი მოსავლის მიღებას.

გორული მწვანე კვირტის გაშლას იწყებს აპრილის მეორე დეკადაში, ხოლო სრულ სიმწიფეს აღწევს სექტემბრის მეორე ნახევრიდან ოქტომბრის პირველ ნახევრამდე.

გორული მწვანესაგან მზადდება მაღალი ღირსების სასუფრე და შამპანური ღვინომასალა. მისი ღვინო ღია ჩალისფერია, ხასიათდება საშუალო სხეულით, ენერგიითა და სასიამოვნო გემოთი.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

8 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. მარი ამბობს:
    3 აპრილი, 2013წ. 14:09სთ.

    მაგარია მიყვარს

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. გვანცა ამბობს:
    29 ოქტომბერი, 2013წ. 14:31სთ.

    ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო სტატია რაც კი წამიკითხავს

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ლიკა ამბობს:
    20 იანვარი, 2014წ. 13:30სთ.

    ძალიან კარგი სტატია დიდად დამეხმარა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. სოფო ამბობს:
    25 იანვარი, 2015წ. 10:08სთ.

    ძაან დამეხმარაა ყველაზე კაი სტატიაა რაც კი წამიკითხავს მათ შორის

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. ნიკა ამბობს:
    29 მარტი, 2016წ. 19:25სთ.

    ძაან კაი სტატია ზოგადად ვიცოდი რახაცეები მაგრამ აქ უფრო ბევრი რამე გავიგე

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. ნიკა ამბობს:
    29 მარტი, 2016წ. 19:29სთ.

    ზაან კაი სტატიაა ბევრი რაღაც გავიგე ცოტ ცოტა ვიცოდი მაგრამ აქ უფრო ბევრი რახაც შევისწავლე ყურზნებს შორის

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  7. გიგა ამბობს:
    7 მაისი, 2016წ. 12:02სთ.

    საინტერესოა, მაინტერესებს ოჯალეში და ჩხავერის დაწურვის წესი, თუარშეწუხდებით.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  8. ანდრია ამბობს:
    8 მაისი, 2016წ. 10:20სთ.

    კარგი სტატიაა ძალიან დამეხმარა! დიდი მადლობა !

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

6 votes, average: 5.00 out of 56 votes, average: 5.00 out of 56 votes, average: 5.00 out of 56 votes, average: 5.00 out of 56 votes, average: 5.00 out of 5

› გალაკტიონ ტაბიძე: ეფემერა

ცხენთა შეჯიბრებაზე ჩემი ლურჯა ცხენები
ჰქროდნენ ეფემერული და ფერადი ქარებით,
იყვნენ საუკუნენი, მაგრამ ვერ ვიხსენები
გაფრენილი პირველი წყების ნიაგარებით.
ვწუხვარ: ერთადერთი ვარ და ზეცაზე სწერია
ჩემი გზა და ახალი ლალის კართაგენები,
ბედი – ქროლვის გარეშე – › › ›

DU