1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ალექსანდრე II

კახეთის მეფე 1574-1605 წლებში. ლევან მეფისა და თინათინ დედოფლის ძე. მამის გარდაცვალების შემდეგ, ალექსანდრეს ბრძოლა მოუხდა თავის ძმებთან და ძმისშვილებთან. ბარძიმ ამილახორის, ელიზბარ ქსნის ერისთავისა და დაუდ-ხანის დახმარებით მან მოახერხა პრეტენდენტების დამარცხება და ტახტზე ასვლა. გამეფების შემდეგ ალექსანდრე აგრძელებდა კახეთის მეფეების ტრადიციულ პოლიტიკას და მშვიდობას ინარჩუნებდა სამეფოში. მის დროს კახეთი მდიდარ, ეკონომიკურად და კულტურულად განვითარებულ ქვეყანას წარმოადგენდა. 1578 წლის 9 აგვისტოს ჩილდირის ბრძოლაში ოსმალებმა სასტიკად დაამარცხეს ყიზილბაშები. ამის შემდეგ ოსმალთა სარდალმა მუსტაფა ლალა ფაშამ გეზი საქართველოსკენ აიღო. გამოიარა ახალციხე, თბილისი და კახეთს მოადგა. სართიჭალაში მას ალექსანდრე შეეგება, მორჩილება აღუთქვა და ყოველწლიური ხარკი იკისრა. ოსმალებმა მიიღეს კახეთის მეფის პირობა და შაქის დაპყრობა დაავალეს. ალექსანდრემ მართლაც ილაშქრა შაქს და იქ მმართველად თავისი ძე ერეკლე დატოვა (შემდგომში ერეკლე ოსმალეთში გაიქცა).

1585 წელს კახეთში რუსეთის მეფის ელჩი დანილოვი ჩამოვიდა და თევდორე მეფის სიგელი ჩამოიტანა. რუსეთის მეფე მფარველობასა და მეგობრობას სთავაზობდა კახეთის მეფეს. 1586 წელს ალექსანდრეს ელჩები: იოაკიმე მღვდელი, კირილე ბერი და ხურშიტა ჩერქეზი უკვე თევდორე ივანეს ძესთან იყვნენ. დიპლომატიური მოლაპარაკების შემდეგ 1587 წლის 28 სექტემბერს კახეთის მეფე ალექსანდრემ ხელი მოაწერა “ფიცის წიგნს”. ამ ხელშეკრულებით რუსეთი თავის მფარველობაში იღებდა კახეთის სამეფოს და გარეშე მტრისაგან დაცვას ჰპირდებოდა. ორი წლის შემდეგ კახეთის მეფემ თევდორესაგან “წყალობის სიგელი” მიიღო. ამ დოკუმენტით რუსეთის მეფე ადასტურებდა “ფიცის წიგნით” განსაზღვრულ პირობებს. ალექსანდრე მეფე ცდილობდა, კავკასიის დაუფლებისათვის მებრძოლ სამივე მახელმწიფოსთან – რუსეთთან ირანთან, ოსმალეთთან მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონოდა. კახეთი, ფაქტიურად, სამივეს ვასალობას აღიარებდა, XVI ს-ის ბოლოსათვის ეს პოლიტიკა თითქოს ამართლებდა. სხვა ქართული სამეფოებისაგან განსხვავებით კახეთი აღმავლობას განიცდიდა. ალექსანდრეს 15000 მოლაშქრე ჰყავდა, საჭიროების შემთხვევაში ორჯერ მეტის გამოყვანა შეეძლო. მაგრამ ვითარება შეიცვალა. ჯერ იყო და მამის ავადმყოფობით ისარგებლა დავითმა და ფაქტიურად მეფობა მიიტაცა. ალექსანდრეს ისღა დარჩენოდა, ბერად აღკვეცილიყო. მან მხოლოდ შვილის გარდაცვალების მერე, 1602 წელს დაიბრუნა ტახტი. 1603 წელს, დიდი მზადების მერე, შაჰ-აბასმა ოსმალეთს ომი დაუწყო და ერევნის ციხეს ალყა შემოარტყა. მან თავისთან დაიბარა ალექსანდრე. კახეთის მეფე არ ჩქარობდა შაჰთან ხლებას და მხოლოდ 1604 წლის აპრილში გამოცხადდა მასთან. ერევნის აღების მერე შაჰმა ალექსანდრეს ჯამაგირი დაუნიშნა (ვითომდა მადლობის ნიშნად ომში დახმარებისთვის) და თან კაკ-ენისელი “სთხოვა”. ალექსანდრეს არყოფნისას კახეთს მისი ძე გიორგი განაგებდა და რუსეთის ელჩებთან მოლაპარაკებასაც, ცხადია, ის აწარმოებდა. ცბიერმა შაჰმა ალექსანდრე თან წაიყვანა ირანში, რათა რუსეთის ელჩებთან შეხვედრის საშუალება მოესპო ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, თავისთან ჰყოლოდა ურჩი კახეთის მეფე. მხოლოდ 1605 წელს დააბრუნა აბასმა ალექსანდრე კახეთში და თან გამაჰმადიანებული კონსტანტინე გამოაყოლა. შაჰის დავალებით ალექსანდრეს შირვანში უნდა ელაშქრა. გამარჯვების შემთხვევაში ამ მხარის მმართველი კონსტანტინე უნდა გამხდარიყო. მაგრამ კახეთის მეფე არ ჩქარობდა. ამავე დროს, რუსებმა შამხალზე დაიწყეს შეტევა და ალექსანდრე მოვლენათა განვითარებას ელოდა. ამჯერად კახეთის მეფეს არ გაუმართლა. 1605 წლის 12 მარტს კონსტანტინემ შაჰის საიდუმლო ბრძანება აღასრულა. ყიზილბაშებს ღალატით მოაკვლევინა მამა და ძმა.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 1.00 out of 51 vote, average: 1.00 out of 51 vote, average: 1.00 out of 51 vote, average: 1.00 out of 51 vote, average: 1.00 out of 5

› ალექსანდრე I

კახეთის მეფე 1476-1511 წლებში, გიორგი I-სა და დედოფალ ნესტან დარეჯანის ძე. დაიბადა 1454-1456 წლებს შუა. 1476 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, გახდა კახეთის მეფე. 1477 წ. თურქმანთა ბელადი უზუნ-ჰასანი საქართველოში შემოიჭრა. › › ›

DU