1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» შიო გვეტაძე: მონანიება – თავი VIII

მეორე დღეს ამინდი შეიცვალა.
ზამთრისათვის უჩვეულო მზიანი დილა გათენდა. ოქროსფერ სხივებზე ალაპლაპებული ქალაქი ვეებერთელა თეთრ თაიგულს დაემსგავსა: სახურავებიდან ქუჩებს ცრემლად დაედინა ნაგროვები თოვლი.
ღამენათევ მინდელს მხოლოდ 10 საათზე გაეღვიძა,სწრაფად წამოდგა „მაინც არ გამაღვიძა„ ,- გაიფიქრა წყენით და თვალით მეუღლეს დაუწყო ძებნა.
ბინაში არავინ იყო, საწოლთან ტუმბოზე რვეულის ფურცელს მოჰკრა თვალი.
„უსაუზმოდ არ წახვიდე, ჩაი მზადაა„– წაიკითხა მინდელმა და გაიღიმა, შემდეგ სააბაზანო ოთახში გავიდა,წვერი გაიპარსა. დილის ვარჯიშითა და ცივი მასაჟითგახალისებულმა მადიანად ისაუზმა.
სულ ორი საათიც არ სძინებია, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა გაკაჟებული ორგანიზმისათვის.
დილის 10 საათზე და 40 წუთზე წვერგაპარსული და ენერგიით სავსე გამომძიებელი მილიციის სამმართველოში იჯდა და შეპყრობილი ბანდიტების დაკითხვის გეგმას აზუსტებდა.
თითქმის ერთი საათი იმუშავა, შემდეგ კალამი გვერდზე გადასდო. ჩაფიქრდა, გონებაში წინაღამით ჩატარებული ოპერაცია აღადგინა, ჯუღელის მიერ რესტორანში ატეხილი სკანდალი მოაგონდა, გაეღიმა, თვალწინ წარმოუდგა ახალგაზრდა ლეიტენანტი, რომელიც მტანჯველად განიცდიდა რესტორანში ჩადენილ „ხულიგნურ საქციელს„
„ტუტუცი, ნადირი, და კიდევ ვინ იცის, რა არ მიწოდეს,- უყვებოდა მილიციის განყოფილებაში მინდელს და ძიძიგურს ჯუღელი,- ისე გამთათხეს, ვერცერთი მექისე ვერ გამრეცხავს. კიდევ კარგი, ბიჭები დროზე შემოვიდნენ,თორემ აღშფოთებული ხალხი სულს ამომართმევდა„ ,- ჩიოდა იგი.
მინდელს ხმამაღლა გაეცინა. შემდეგ ბასკაკოვა და მისი თანმხლები მამაკაცი დაუდგა თვალწინ.
„ჩარგიევი… მათე ალექსის ძე ჩარგიევი… ვითომ ჩარგიევია?- დაუსვა კითხვა თავის თავს და თვითონვე უპასუხა:- ვნახავთ…გამოვარკვევთ„.
…ჩარგიევი ზრდილობიანად მიიწვიეს ხარაბაძის კაბინეტში, სრული სერიოზულობით შეადგინეს აქტი, დაჰკითხეს დაზარალებულები ჩარგიევმა, მოკლედ, ღირსებით გადასცა მომხდარი ფაქტი და დინჯად მოაწერა ჩვენებას ხელი.შემდეგ წამოლდგა, სატუმროში წასვლა აიჩქარა. ვერც კი მიხვდა, რომ ჯუღელის ხულიგნობა მისი განყოფილებაში მიყვანის საბაბი იყო მხოლოდ.
…აღშფოთდა, პროტესტი განაცხადა და ცხარედ შედავა განყოფილების უფროსს, მაგრამ ყველაფერი ეს ნატიფი ზრდილობითა და დიდი ღირსებით თქვა.
კუთხეში მჯდარი მინდელი ინტერესით უსმენდა.
არცერთი ვულგარული სიტყვა! არავითარი ჟარგონი!
მილიციის განყოფილების უფროსს უკანონოდ დაკავებული
ზრდილი და განათლებული მამაკაცი ელაპარაკებოდა და ცხარე პროტესტს გამოთქვამდა პიროვნების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური უფლების დარღვევის გამო.
ვინ არის ბასკაკოვა?- ეს რა მათი საქმეა, ჩვენს ქვეყანაში ადამიანი თავისუფალია და არავის არა აქვს უფლება განმარტება მოსთხოვოს, რატომ მეგობრობს ქალი მამაკაცთან ან პირიქით, სად გაიცნო? არც ეს არის მათი საქმე. რა უნდათ მისგან მილიციის მუშაკებს? ნუთუ ასეთი „პატივით„ ხვდებიან ისინი ყველა არაქართველ დამსვენებელს? თუ ასეა, თუ მილიციის მუშაკები ამდენ უფლებას აძლევენ თავიანთ თავს და კანონის დარღვევასაც არ ერიდებიან, იგი, ჩარგიევი, მონახავს ადგილს, ძვირად დაუსვამს თავხედობას გათამამებულ მაიორს. მანამდე კი ჩარგიევი ხმასაც არ ამოიღებს, დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა საკუთარი ღირსების დამცირებად მიაჩნია.
მინდელს ერთი სიტყვაც არ გამოპარვია ჩარგიევის ნალაპარაკევიდან. მათე დინჯად, სუფთა გამართული რუსულით ლაპარაკობდა. არც ერთი გრამატიკული შეცდომა, არც ერთი დამახინჯებული სიტყვა:თვით წინადაჟდების კონსტრუქციაც სხარტი და უწუნო.
ხარაბაძე კითხვას კითხვაზე უსვამს:ვინ ხართ? როდის ჩამოხვედით წყალტუბოში? სად ბინადრობთ და საიდან მოხვედით?
ჩარგიევი ზოგ მათგანზე პასუხობს: ტაშკენტში ცხოვრობს, ტაქსომოტორის პარკის დისპეტჩერია,წყალტუბოში დასასვენებლად ჩამოვიდა. სასტუმროში ბინალრობს 103 ნომერში, უკვე 18 დღეა ჩამოსულია, რამდენიმე დღეში უკან უნდა დაბრუნდეს.
ხარაბაძეს ეჭვი ეპარება მისი პასუხების სისწორეში გამეორებით ეკითხება, სად გაიცნო ბასკაკოვა.
ჩარგიევი აღშფოდა, უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე და კატეგორიულად მოითხოვა პროკურორი.
– კეთილი. აი,გათენდება და პროკურორიც მოვა. მანამდე ჩემი ვალია, დაგაკავოთ,- უცხადებს ხარაბაძე.
– დამაკავოთ? რომელი კანონით, რა საფუძველით? ხომ არ ჰგონია პატივცემულ მაიორს, რომ ასეთ უკანონობას შეარჩენენ? მადლობა ღმერთს, კანონია, სამართალია და ის დროც წავიდა, როდესაც ასეთი მუშაკები უდანაშაულო ხალხს ამწყვდევდნენ ციხეში. ან იქნებ მაიორი გაზეთებს არ კითხულობს?- დაინტერესდა ჩარგიევი.
გამოირკვა , რომ ხარაბაძე გაზეთებს კითხულობს, კანონიც იცის, ამიტომ…
– ამიტომ დილამდე აქ დარჩებით!- შეუვლად აცხადებს განყოფილების უფროსი და ეჭვმიტანილის დაკავების ოქმს ადგენს.
ჩარგიევის აღშფოთება კულმინაციურ წერტილს აღწევს.
– ეს ძალადობაა, თქვენ პასუხს აგებთ უდანაშაულო ადამიანის შეურაცხყოფისათვის!- ცხარედ უტევს მაიორს.
ხარაბაძე დინჯად განაგრძობს წერას.
– რა ბრალდებით მაკავებთ?- უკვე ყვირის ჩარგიევი.
– რესტორანში ჟდებოშის ატეხვისთვის,- მშვიდად პასუხობს მაიორი.
– მშვენიერი სამართალი გქონიათ, ეს ალბათ კარგად იციან აქაურმა ხულიგნებმა და ამიტომაც უშიშრად ესხმიან თავს ადამიანებს რესტორანშიც კი,- მწარედ იღიმება ჩარგიევი.
ხარაბაძე არ პასუხლბს, ოქმის წერას ამთავრებს .
– გაჩხრიკეთ!- უბრძანებს ლეიტენანტს.
ჩარგიევი გაუნძრევლად ზის, მიახლოებულ ლეიტენანტს გამჭოლად აცქერდება.
– ინანებთ, მაიორო!- ეუბნება ხარაბაძეს.
– შესაძლოა, მაგრამ მაინც უნდა გაგჩხრიკოთ!
ჩარგიევს მეორე ოფიცერიც მიუახლოვდა. ის ფეხზე ნელა წამოდგა, სიბრაზით მიაჩერდა მაიორს, აქეთ–იქიდან ამომდგარ ოფიცრებს გადახედა:
– კეთილი,- დაიცხრო მან სიბრაზე,- გამჩხრიკეთ, მაგრამ იცოდეთ, პასუხს გაგებინებთ.
ჩარგიევი გაჩხრიკეს პასპორტი, სამხედრო ბილეთი, 2000 მანეთამდე ფული და …სხვა არაფერი.
ხარაბაძე ოდნავ დაბნეულად დასცქერის მაგიდაზე დაწყობილ ფულს და საბუთებს, შემდეგ ჩხრეკის ოქმს ადგენს, ჩარგიევს ხელს აწერინებს და დაკავებულის სამორიგეო ოთახში ჩაყვანას უბრძანებს.
– უსათუოდ შევცდით, ცრუ კვალს გავყევით და ოპერაციაც ჩავშალეთ,- შეშფოთდა მაიორი, როგორც კი ჩარგიევი გაიყვანეს.
ძიძიგური მინდელს მიაჩერდა.
გამომძიებელს ოდნავ ეღიმება.
– ყველაფერი ჩინებულად მიდის, ოპერაციაც შესრულებულია!- ამბობს წყნარად.
– შესრულებულია?- იკითხა ხარაბაძემ და შემდეგ დაუმატა:- მერე ჭაღარა? სადღაა ჭაღარა? განა ჩვენი ვარაუდით ის ამაღამ არ უნდა აგვეყვანა?
– უნდა აგვეყვანა!
– სად, ქუთაისში?- განცვიფრდა ძიძიგური.
მინდელს ისევ ეღიმება
– შესაძლოა ქუთაისში, ეს მალე გამოირკვევა,- უპასუხა მოგვიანებით.
– მაშ თქვენ ოპერაცია დამთავრებულად მიგაჩნიათ?- იჭნეულად იკითხა ძიძიგურმა.
მინდელმა საათს დახედა.
– ჯერ არა მხოლოდ 11 საათი და 50 წუთია. შემუშავებული გეგმით კი დევიძე 12 საათის შემდეგ მიიღებს ჩვენსბიჭებს.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.
გარკვევით ისმოდა როგორ ტკაცუნობდა ხმელი შეშა თუნუქის ღუმელში.
– გამაგებინე ლევან, რას ფიქრობ?- დაარღვია დუმილი მაიორმა.
– ვფიქრობ, დიდი სიცხე დაადგებათ ჩვენებს დევიძის ბინაზე,- ჩვენ მართლაც შევცდით, მაგრამ არა ჩარგიევის დაკავებაში… ბანდიტებს ძირითადი ბინა დევიძის სახლში აქვთ და არა წყალტუბოში.
– მაშ ბასკაკოვა?- დაიწყო ხარაბაძემ.
– ბასკაკოვა აქ არაფერ შუაშია,- გააწყვეტინა მინდელმა,- ის ისევე როგორც დევიძე, საფოსტო ყუთად იქნა გამოყენებული. ამიტომაც მე განკარგულება მივეცი მორიგეს უკანვე მიეცილებინა იგი სასტუმროში.
– საფოსტო ყუთად?- განცვიფრდა ძიძიგური.
– დიახ, მხოლოდ საფოსტო ყუთად.
– კი მაგრამ ხოტოველი ხომ მარტო მას ხვდებოდა?
– სწორია, მაგრამ ბასკაკოვამ არაფერი იცის ბანდიტების საქმიანობაზე. ამის თქმა ახლა დაბეჯითებით შემიძლება.
– და ეს შენ იცოდი როცა წყალტუბოში მივდიოდით?
ძიძიგურმა გამომცდელად შეხედა მინდელს.
– არა,- მაგრამ ახლა უკვე ვიცი,- გაიღიმა მინდელმა.
– არაფერი მესმის,- მხრები აიჩეჩა ხარაბაძემ.
მინდელი წამოდგა, რამდენჯერმე გაიარ–გამოიარა.
– ამხანაგო ელიზბარ,- მიმართა მტკიცე ხმით ხარაბაძეს,- ჩარგიევი ამაღამვე გადაიყვანეთ ქუთაისში, მაგრამ დიდი სიფრთხილით, იცოდეთ, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი.
– გაქცევა?- განცვიფრდა ხარაბაძე.
– გაქცევაც, ეგ ნატიფ ზრდილობაში გახვეული, ნახტომისათვის გამზადებული მხეცია.
პოდპოლკოვნიკმა ვეღარ მოითმინა.
– ამიხსნი თუ არა!- შეუტია მინდელს.
– ჯერ ვერა სერგო, ხვალ კი , ზოგიერთი საკითხის შემოწმების შემდეგ,დავაკმაყოფილებ შენს სურვილს, მოითმინე ხვალამდე, კარგი?
– ეშმაკსაც წაუღიხარ!- ჩამბურტყუნა ძიძიგურმა.
ყველას გაეცინა.
ძიძიგური და მინდელი დიდი ხნის მეგობრები იყვნენ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მინდელმა გამომძიებლად დაიწყო მუშაობა, ძიძიგური კი მთავითე სამძებრო სამუშაოს გაჰყვა. ორთავემ, როგორც იტყვიან,თავიანთი ადგილები მონახეს ცხოვრებაში.
ძიძიგურს მუშაობის დაწყებიდან დღემდე არა ერთი საშიში რეციდევისტი ჰყავდა შეპყრობილი. სისხლის სამართლის დამნაშავეთა სამყაროს სიძულვილთან ერთად დიდი შიშიც ჩაუნერგა, მათ შორის ნამდვილი ომი იყო გაჩაღებული.
ბანდიტებმა რამდენემიჯერ ჩასაფრება მოუწყვეს, სამჯერ დაჭრეს,მაგრამ სიკვდილი ვერ მოერია. შიშის ზარს სცემდა თავზეხელაღებულ ქურდ–რეციდივისტებს.
გულადი, მამაცი, ყველაზე კრიტიკულ მომენტშიც კი აუღელებლად მოქმედებდა და არასოდეს არ ღალატობდა პროფესიული ალღო, მაგრამ თავისი საქმის უბადლო ოსტატს „წვრილმანთა„დახსომების უნარი აკლდა.
მინდელი მეტად ჭკვიან გამომძიებლად მიაჩნდა და დიდ პატივს სცემდა. ახლაც მიხვდა, რომ გამომძიებელმა მისთვის შეუმჩნეველი რაღაც,„ წვრილმანი„ დაიჭირა და მტკიცედ ჩაკიდა ხელი.
მაგრამ გამომძიებელი თავის ფიქრებში ჩაიკეტა და ამხანაგს არაფერი გაანდო. ძიძიგური სხვა რამეს არც მოელოდა, იცოდა საერთოდ გულახდილ მინდელს საქმეზე თავის აზრების წინასწარ გამჭღავნება არ უყვარდა.
…გვიან ღამით დაბრუნდნენ ქუთაისში. ჩარგიევიც ჩამოიყვანეს.
სამმართველოდან პირდაპირ საავადმყოფოში წავიდნენ. მღელვარებით უცდიდნენ ოპერაციის შედეგს.
ღამის 5 საათზე საოპერაციოდან დაღლილი გრძელიძე გამოვიდა. ყველანი შემოეხვივნენ სახელოვან დასტაქარს,უხმოდ შეაჩერდნენ, კითხვით კი ვერაფერი კითხეს.
გრძელიძის დაღლილ თვალებში ღიმილმა გაიელვა.
– ჯერ უგონოდ არის , ბევრი სისხლი დაუკარგავს,ფილტვი აქვს დაზიანებული, მაგრამ იცოცხლებს, არ მოკვდება, ლომის გული ჰქონია,- უპასუხა მან მუნჯ შეკითხვას და ბალანჩივაძესთან ერთად მთავარი ექიმის კაბინეტს მიაშურა.
ოფიცრები გამხიარულდნენ, ერთბაშად დაავიწყდათ დაღლა და განცდილი ხიფათი. მეგობრულად ეხუმრებოდნენ „ხულიგან„ ჯუღელს„. არც კურცხალია დავიწყებიათ, ერთხმად ურჩევდნენ შრატი გაიკეთე, მართალია, თოვლში დახრჩობას გადაგარჩინა ბურდულმა, მაგრამ სისხლის მოწამვლის საფრთხე ჯერ კიდევ გემუქრებაო.
კურცხალია უხერხულად იღიმებოდა. ნაკბენ ხელს დასცქეროდა, მაგრად რომ ჰქონდა შეხვეული.
მინდელი და ბალანჩივაძე საღამოს 6 საათზე დაბრუნდნენ სამმართველოში. პოლკოვნიკი ჩინებულ ხასიათზე იყო, გულდასმით მოუსმინა მინდელს, შემდეგ ორთავემ მეორე დღის სამუშაო გეზი დაისახეს, დაკითხვის გეგმა შეიმუშავეს და გათენებისას ძლივს მოწყდნენ სამუშაოს. სამუშაო კი ბევრი იყო. ჩარგიევის ოთახისა და პირადი ნივთების ჩხრეკამ საქმეს ვერაფერი შემატა. ტანსაცმელი, თეთრეული, ორიოდე წიგნი, აი ყველაფერი რაც იქ იქნა აღმოჩენილი. არც დანა და არც ცეცხლმსროლელი იარაღი, არც სხვა რაიმე, რაც ოდნავ მაინც ჩრდილს მიაყენებდა მის პიროვნებას.
დევიძის ბინაში შეპყრობილ ბანდიტებს ოთხი რევოლვერი აღმოაჩნდათ,100 – მდე ვაზნა. 4–დან სამი რევოლვერი„პარაბელუმის„ სისტემისა იყო, მეოთხე „ვალტერი„.
მინდელს მშვენივრად ესმოდა, რომ საქმე,- საგამომძიებლო საქმე,- მხოლოდ ახლა იწყებოდა.სამართალს თავისი ფორმალური მხარე აქვს და ფორმაში ჩაჯდომის გარეშე სისხლის სამართლის საქმე იგივე იყო,რაც გაუხსნელი დანაშაული.
„პროცესუალური დამაგრების გარეშე მატერიალური ჭეშმარიტება არ არსებობს„– გაახსენდა მოხუცი პროფესორის ნათქვამი.
მინდელს ბევრი აბურდული საქმე გამოეძიებინა და იცოდა, რომ პირველი დაკითხვა თითქმის ყოველთვის გადამწყვეტი იყო. ამიტომ ბალანჩივაძესთან ერთად ღამით გულდასმით შეადგინა შეპყრობილთა დაკითხვის გეგმა. გაითვალისწინეს ყველა მოსალოდნელი ვარიანტი. მიუხედავად იმისა, რომ დევიძის ბინაში შეპყრობილი ბანდიტების მიმართ საკმაო მამხილებელი მასალა იყო შეგროვილი, მინდელი ერთი წუთითაც არ ეჭვობდა, მაგრამ ისინი შეეცდებოდნენ მხოლოდ ის ეღიარებინათ, რისი უარყოფაც აღარ შეიძლებოდა, ხოლო დანარჩენი მთავარი, მიეჩქმალათ და თავიდან აეშორებინათ.
გამომძიებელი მტკიცედ იყო დარწმუნებული რომ არც ერთი ბანდიტი არ დაასახელბდა „ჭაღარას„ და ყველა საშუალებით შეეცდებოდა გზაკვალი აერია გამოძიებისათვის. ეს ესმოდა მას და მტკიცედ გადაწყვიტა. მოკლე დროში მოეგო ბრძოლა,გაეტეხა ბოროტმოქმედთა სიჯიუტე და ზუსტად აღედგინა დანაშაულის მთელი სურათი.
კაბინეტის კარი გაიღო, ოთახში ბალანჩივაძე შემოვიდა და სიამით შეავლო თვალი სუფთად წვერგაპარსულ, მუნდირში კოხტად ჩაცმულ მინდელს.
გამომძიებელი წამოდგა, მაგრად ჩამოართვა გამოწვდილი ხელი.
– ადრე მოსულხარ, ლევან,აკი გაგაფრთხილე, 12 საათამდე ლოგინიდან არ წამოდგე–მეთქი.
– მშვენივრად დავისვენე დავით ილიჩ,სრულიად არ ვგრძნობ დაღლას,- გაიღიმა მინდელმა.
– მაინც არ უნდა ამდგარიყავით ,ჯანმრთელობას გაფრთხილება უნდა.
– თქვენ მოგბაძეთ, ამხანაგო პოლკოვნიკო.
– და ძალიან ცუდად მოიქეცი, მე სხვა ვარ, კიდევ ორიოდე წელი და პენსიაში გავალ, დავისვენებ,- პოლკოვნიკმა ფართოდ გაიღიმა და დაუმატა:- რა გაეწყობა ასაკს თავისი მოაქვს.
– ჩრდილელისა რა იცით, დავით ილიჩ?
– კარგი ამბავი, ამ დილით მეორედ გადაუსხეს სისხლი , გრძენობაზე მოვიდა,მიცნო, მაგრამ გრძელიძემ კატეგორიულად აუკრძალა ლაპარაკი. მეც მხოლოდ მოკლედ ვუამბე ოპერაციის შესახებ და სწრაფად წამოვედი. ჩვენმა ბუზღუნა დასტაქარმა პალატაში არ დამაყენა.
– ჩინებულია! შალვა საუკეთესო,საქმისთვის თავდადებული მუშაკია, მისმა დაჭრამ ძალიან დაგვაღონა
– რას ვიზამთ, ოპერმუშაკთა გზა ია–ვარდით როდია მოფენილი. ეს იგივე ფრონტია, ხანდახან უფრო ძნელიც.
ომში გამარჯვების მოწმე მოკლული მტერია, აქ კი ბანდიტები ცოცხლად უნდა შეიპყრო, ბრძოლის თანაბარი საშუალებებიც არ გაგვაჩნია, ისინი სასიკვდილოდ არ გვინდობენ, ჩვენ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში თუ ვესვრით პირდაპირ,- ფიქრიანად წარმოთქვა პოლკოვნიკმა და ასანთს გაჰკრა.
პოლკოვნიკი ფიქრებში ჩაიძირა. ბოლქვა–ბოლქვა უშვებდა ბოლს ნესტოებიდან.
მინდელი ქაღალდებს ჩასცქეროდა და მოთმინებით ელოდა, კვლავ როდის ალაპარაკდებოდა ბალანჩივაძე.
პოლკოვნიკი სავარძელში შესწორდა.
– დავიწყოთ!- მოჰკვეთა მოკლედ და ზარის ღილაკს თითი დააჭირა.- გადაეცით მორიგეს დაკავებული ხოტოველი ამოიყვანოს.- უბრძანა შემოსულ სერჟანტს.
ორიოდე წუთის შემდეგ ახალგაზრდა ლეიტენანტი კაბინეტში ხოტოველს შემოუძღვა. პოლკოვნიკმა ცივად შეათვალიერა უკანასკნკლ მოდაზე კოხტად ჩაცმული ხოტოველი, რომელიც შიშისაგან მობუზულიყო და ხაფანგში გაბმულ ვირთაგვასავით ახამხამებდა თვალებს.
– დაჯექით!- უბრძანა ბალანჩივაძემ.
ხოტოველი დაჯდა, ხელები მუხლებზე დაიწყო და თავი ჩაქინდრა.
სადღა იყო მისი გამომწვევი ცქერა და უდანაშაულოდ დაკავებული კაცის სიფიცხე! ოთახის კუთხეში თავის ხვედრთან თითქოს შერიგებული ადამიანი იჯდა და მოთმინებით ელოდა, როდის დაიწყებდნენ მასთან საუბარს.
შემუშავებული გეგმის მიხედვით, დაკითხვა მინდელს უნდა ეწარმოებინა, მაგრამ გამომძიებელი არ ჩქარობდა, ქაღალდებს ათვალიერებდა და რაღაც შენიშვნებს აკეთებდა სუფთა ფურცელზე.
დუმილმა რამდენიმე წუთს გასტანა. ბოლოს ხოტოველმა ჯიბე მოისინჯა პაპიროსი ამოიღო:
– ნებას მომცემთ, მოვწიოო?- იკითხა.
– მოსწიეთ უპასუხა პოლკოვნიკმა.
მინდელმა საქაღალდე დაკეცა, საწერი მაგიდის უჯრიდან დაკითხვის შეუვსებელი ბლანკი ამოიღო და დაკავებულის ანკეტური მონაცემების შევსება დაიწყო.ხოტოველი მოკლედ პასუხობდა.
მინდელმა კალმისტარი გვერდზე გალასდო და ხოტოველს თვალი თვალში გაუყარა. ხოტოველი შეეცადა მზერა გაესწორებინა, მაგრამ ვერ შესძლო,ნელ–ნელა დახარა თავიდა გამომძიებლის გამჭოლი მზერა აიცილა.
მინდელი მოხერხებულად მოეწყო სავარძელში.
– იქნებ გირჩევნიათ თქვენ თვითონ დასწეროთ ჩვენება?- დაუსვა მოულოდნელი კითხვა.
– რა ჩვენება?- იკითხა გაკვირვებით.
– ვითომ არ იცით,- გაიღიმა გამომძიებელმა, თუ ახლაც ტყუილად ხართ დაკავებული?
ხოტოველი ერთ ხანს დუმდა, შემდეგ თითქოსგადაწყვეტილება მიიღო, გამომძიებელს პირდაპირ შეხედა და ხმამაღლა თქვა:
– ვხედავ, დუმილი ზედმეტია, მაგრამ მე იმდენი განათლება არ მაქვს, თვითონ დავწერო, დამკითხეთ და გიპასუხებთ.
– კეთილი,- მიუგო გაკვირვებულმა მინდელმა.
გამომძიებელი ბრძოლას ელოდა, ხოტოველი კი მორჩილად აცხადებდა მკითხეთ და ყველაფერს გიამბობთო.
– გაითვალისწინეთ, რომ მე გულწრფელი ვარ გამოძიების წინაშე და ყველაფერს ვაღიარებ,- კვლავ ამოილაპარაკა ხოტოველმა.
– გონიერი საქციელია,- წააქეზა მინდელმა და განაგრძო– აბა დაიწყეთ, გვიამბეთ ვინ გაგაგზავნა ბასკაკოვასთან და რა დავალებით?
ხოტოველის თვალებმა უდიდესი განცვიფრება გამოხატა.
– დავალებით? რა დავალებით?
– ჩვენც მაგას გეკითხებით, რა დავალებით იყავით– მეთქი და ვისგან?- გაუმეორა კითხვა გამომძიებელმა.
– რას ბრძანებთ, უფროსო, არაფერი დავალება მე არ მქონია, ბასკაკოვასთან პირად საქმეზე ვიყავი მხოლოდ,არავისაც არ გავუგზავნივარ.
– ეს არის თქვენი გულწრფელობა?
– მე სიმართლეს მოგახსენებთ, მხოლოდ მომისმინეთ!
– გისმენთ!
– ბასკაკოვა ამ ოთხიოდე დღის წინათ შემთხვევით გავიცანი ქუთაისში. ბრილიანტის ბეჭედს ეძებდა, კარგ ფასს იძლეოდა. სწორედ იმ დღეს საიუველირო მაღაზიამ ბეჭდები მიიღო, ბასკაკოვას მისამართი დავიტოვე და წუხელ საღამოს ჩავუტანე, 800 მანეთი მოვიგე. ეს იყო და ეს, რა დავალება, რომელი დავალება!
– მხოლოდ ამიტომ იყავით წყალტუბოში?
– ცოლ–შვილი გამიწყდეს, სახლ–კარი დამეწვას, თუ ვტყუოდე.
– ფიცს თავი დაანებეთ და სიმართლე თქვით.
– მე მხოლოდ სიმართლეს ვამბობ.
– ესე იგი ისპეკულიანტეთ, არა?- დამცინავად შეეკითხა პოლკოვნიკი.
– დიახ, უფროსო და გულწრფელად ვაღიარებ, გთხოვთ ოქმშიც ასე ჩასწეროთ.
– სისულელეს თავი დაანებეთ და საქმეზე ილაპარაკეთ!- მკაცრად შეუტია მინდელმა.
– საქმეზე მოგახსენებთ, მაგრამ რო არ მიჯერებთ?
– რამდენი გადაგიხადათ ბასკაკოვამ ბეჭედში?
– 2900 მანეთი,- მიუგო ხოტოველმა უყოყმანოდ.
– ჯიბეში რამდენი აღმოგაჩნდათ?
– ჯიბეში 2000 მანეთი მქონდა.
– დანარჩენი რა უყავით?
– დანარჩენი ხვალ უნდა მოეცა,- უპასუხა ხოტოველმა მტკიცედ.
– უცნობ ადამიანს ამოდენა ფული როგორ ანდეთ?
– მერე რა მოხდა, რომ ვანდე, ვიცოდი, მომცემდა.
– გამოდის, რომ თანახმა ხართ პასუხი აგოთ სპეკულაციისათვის,- კვლავ დამცინავად შეეკითხა პოლკოვნიკი.
– კი, უფროსო, აბა სხვა რაღა დამრჩენია, მაგრამ მე მგონია, მხედველობაში მიიღებთ ჩემს მდგომარეობას და თავდებში გამიშვებთ.
მინდელს გაეცინა, მაგრამ უმალვე შეიკავა თავი.
– ხოტოველო,- დაიწყო მინდელმა,- სპეკულაციის თვით დაბრალებას თავი შეეშვით, არაფერი გამოვა, გვითხარით სიმართლე, ვინ გაგაგზავნათ ბასკაკოვასთან?
– არავინ, უფროსო, მე თვითონ ვიყავი, ბეჭედი ჩავუტანე.
– არ გინდათ სიმართლე თქვათ? კარგი, ჩვენ გათქმევინებთ . ვის მიყიდეთ ამ ოთხი დღის წინათ არაყი და ძეხვი?
– ეგ საქმე ხო გამოირკვა, კიდევ მედავებით?
– ვის მიყიდეთ– მეთქი?- სუსხი დაეტყო მინდელის ხმას.
– რა ვიცი ვინ იყო.
– სტყუით!
– არა,ღმერთმანი…
– სტყუით–მეთქი? მან 50–მანეთიანი გადმოგცათ, მაინცდამაინც წყალტუბოს ნაწარმი ძეხვი გთხოვათ. ეს ფული ჯიბეში ჩაიდევით, ჯერ კი გასინჯეთ, აღარ გახსოვთ?
– რა ვიცი,რამდენი მყიდველი მოდის, ყველას ხომ ვერ დავიხსომებ.
– ყველას არა, მაგრამ ვახტანგის გამოგზავნილი კი უეჭველად კარგად დაისხსომეთ, მან ხომ დავალება მოგიტანათ.
– რა დავალება?- ყოყმანით შეეკითხა ხოტოველი.
მინდელმა საქაღალდე გაშალა.
– აი, რა დავალება,- მიუგო მკაცრად და ფოტოსურათი გაუწოდა–გეცნობათ?
– ხოტოველმა ფოტოზე დაბეჭდილი 50 მანეთიანი ბანკნოტი ბეჯითად დაათვალიერა,შემდეგ მეორე გვერდიც გასინჯა.
– არაფერი მესმის!- ამოილაპარაკა ჩუმად და ფოტოსურათი ფრთხილად დასდო მაგიდაზე.
– პირიქით, ყველაფერი გესმით და გზაც აღარა გაქვთ სიცრუისათვის,- მიაგება მინდელმა,- უკანასკნელად გირჩევთ, აღიაროთ სიმართლე.
ხოტოველი დუმდა.
– გსურთ თუ არა ჩვენების მოცემა?- შეუტია გამომძიებელმა.
ხოტოველმა თავი ასწია.
– მეტი არაფერი მაქვს სათქმელი.
– თქვენი სასჯელის შემსუბუქების უკანასკნელ შანსსაც კარგავთ! ერთი საათის შემდეგ თქვენს აღიარებას აღარ ექნება დიდი მნიშვნელობა.- შემოიყვანეთ მოქალაქე ბასკაკოვა!- მიმართა გამოძახებულ სერჟანტს.
ბასკაკოვა წყნარი ნაბიჯით შემოვიდა კაბინეტში და უხმოდ ჩამოჯდა გამომძიებლის მიერ მითითებულ სავარძელზე.
ხოტოველმა ქვეშ ქვეშ შეხედა ქალს, მაგრამ ბასკაკოვას ეს არ შეუნიშნავს, რადგან მისკენ ზურგშექცევით იჯდა.
– იცნობთ ამ მოქალაქეს?- შეეკითხა მინდელი ხოტოველს.
– ვიცნობ , აკი მოგახსენეთ,ბეჭედი მივყიდე– მეთქი,- სწრაფად რუსულ ენაზე უპასუხა ხოტოველმა
– რუსულ ენაზე იმიტომ მპასუხობთ, რომ იმედი გაქვთ,სიცრუეს დაგიდასტურებენ?- ქართულად შეეკითხა გამომძიებელი და შემდეგ ბასკაკოვას მიუბრუნდა:- თქვენ იცნობთ ამ მამაკაცს?
ბასკაკოვა წყნარად შებრუნდა, რამდენიმე ხანი უცქირა ხოტოველს.
– დიახ ვიცნობ–ჩაილაპარაკა
– რამდენჯერ შეხვედრიხართ?
– ორჯერ, პირველად ოთხიოდე დღის წინათ, მეორედ კი წუხელ ღამით
– სად?
– წყალტუბოში, სასტუმრო „თბილისის„ 407 ნომერში
– ვინ გაგაცნოთ?
– მათე ჩარგიევმა გამაცნო.
– სად გაგაცნოთ?
– წყალტუბოს პარკში.
– რაზე გქონდათ საუბარი?
– არავითარი საუბარი არ გვქონია, მათემ მითხრა, ამ კაცს ჩემი ფული მართებს, მე შეიძლება ერთი–ორი დღით თბილისში წავიდე და თუ ფული მოგიტანოს, დაიტოვეო.
– შემდეგ?მეტი არაფერი, ხოტოველი მაშინვე გამოგვემშვიდობა და წამოვიდა.
– წუხელ რაღაზე მოვიდა?
– აკი გითხარით, ფული მოიტანა და დამიტოვა მათესათვმს გადასაცემად.
– რამდენი?
– ხმანეთი.
ხოტოველი გაფითრდა. ზიზღით შეხედა ბასკაკოვას, მაგრამ ქალმა გამომწვევად გაუსწორა მზერა.
– რა უყავით ფული?
– ჩემს ნომერში მქონდა ჩემოდანში. წუხელი კი მილიციის მუშაკებმა ჩამომართვეს.
– კეთილი,- მიუგო გამომძიებელმა და შემდეგ ხოტოველს მიუბრუნდა:- რას იტყვით?
– არაფერს იმის მეტს, რომ ეს ქალი აშკარად სტყუის,- ახლა უკვე ქართულად უპასუხა ხოტოველმა.
– ხოტოველო, ნუ ჯიუტობთ.
– არაფერსაც არ ვჯიუტობ, მე მაგას ბეჭედი მივყიდე, მორჩა და გათავდა!
– ხოტოველო, ეგ ბავშვობაა,თავის მოტყუებაა, ნუთუ ვერ ხედავთ რომ გამოსავალი აღარ გაქვთ?
– არ მესმის, რატომ უნდა დაუჯეროთ ამ ქალს და არა მე,რით არის მისი ჩვენება უფრო სარწმუნო, ვიდრე ჩემი?
– თქვენ ასე გგონიათ?
– დარწმუნებული ვარ.
– კეთილი…
მინდელი წამოდგა, წიგნების კარადიდან პატარა მოგრძო ყუთი გადმოიღო. მაგიდაზე დადგა და შტეპსელში ჩართო.
ხოტოველი გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს გამომძიებლის მოქმედებას და ვერაფერი გაეგო, რაში უნდა ემხილა და გაებათილებინა მისი ჩვენება ამ პატარა ყუთს.
მინდელი სავარძელს დაუბრუნდა, პაპიროსს მოუკიდა დაყუთის შიგნით პატარა კლავიშს დააჭირა თითი, კაბინეტში გამეფებული სიჩუმე დისკოს ბრუნვით გამოწვეულმა შრიალმა დაარღვია.
მინდელი დაკვირვებით მისჩერებოდა ხოტოველს, რომელსაც ჯერ ვერაფერი გაეგო და ხან გამომძიებელს შეხედავდა, ხან კიდევ ბასკაკოვას, ხოლო იქედან ყუთზე გადაჰქონდა მზერა.
ბასკაკოვაც ვერაფერს მიმხვდარიყო, რადგან მინდელს უკანასკნელი ფრაზები აღარ უთარგმნია და ცნობისმოყვარეობით, მისჩერებოდა ძლივს გასაგონად მოშრიალე პორტატულ მაგნიტაფონს. უეცრად ეს პატარა ყუთი გაცოცხლდა, ადამიანის სული ჩაედგა და ხოტოველისა და ბასკაკოვას ხმით ალაპარაკდა,
ალაპარაკდა და ხოტოველიც ააყვირა
– ტყუილიააა! მოწყობილიააა! თქვენ მომიწყვეთ, მილიციამ მომიწყოოო!- აღრიალდა ის და ფეხზე წამოვარდა.
– წყნარად! შეუტია მინდელმა, შემდეგ მაგნიტოფონი გამორთო და გაცეცხლებული ხოტოველი უკანვე დასვა სკამზე.
– იცანით თქვენი ხმა?- მიუბრუნდა გამომძიებელი ბასკაკოვას.
– დიახ,- მიუგო გაკვირვებულმა ქალმა,- მხოლოდ არ მესმის, ვინ ან როდის ჩასწერა ჩვენი საუბარი?
– ეს საინტერესო არ არის, ადასტურებთ დიალოგს?
– სავსებით,სწორედ ეგ საუბარი გვქონდა მე და ამ მოქალაქეს ორჯერ შეევედრისას.
– თქვენ ახლაც უარყოფთ, ხოტოველო?- ჩაერია აქამდე ჩუმად მყოფი პოლკოვნიკი.
– ტყუილია, მოწყობილია! მე მაგას ბეჭედი მივყიდე–აყვირდა ხოტოველი.
– კარგი დღეისთვის კმარა!- წარმოთქვა გამომძიებელმა,- გაიყვანეთ!- უბრძანა შემოსულ სერჟანტს.
ხოტოველი წელმოწყვეტით წამოდგა და ფეხათრევით გაჰყვა სერჟანტს.
– თქვენ კი, მოქალაქე ბასკაკოვა,- მიუბრუნდა გამომძიებელი ქალს,- ჯერ კიდევ საჭირო ხართ. გთხოვთ ჩვენი ნებართვის გარეშე წყალტუბოდან არ წახვიდეთ, ახლა კი თავისუფალი ბრძანდებით.
– შეიძლება შეგეკითხოთ?- ბასკაკოვა სავარძლიდან წამოდგა.
– შეიძლება, რა გნებავთ?
– რა ბრალდებით დააკავეთ ჩარგიევი?
– მე უფლება არა მაქვს ასეთ კითხვაზე გიპასუხოთ.
– კი მაგრამ, ის ჩემი საქმროა და მინდა ვიცოდე, რაზე დააკავეთ უდანაშაულო ადამიანი?- მტკიცედ მოითხოვა ქალმა.
მინდელმა პოლკოვნიკს გადახედა.
– დიდი ხანია იცნობთ ჩარგიევს?- დაინტერესდა პოლკოვნიკი.
– დიახ წელიწადზე მეტია.
– კარგი, ამ შემთხვევაში როგორც გამონაკლისი,გეტყვით, რაშიაც ედება ბრალი თქვენს საქმროს. მაგრამ არა აქ. ხვალ ათ საათზე ჩემთან მობრძანდით, მე მილიციის სამმართველოს უფროსი ვარ
– უსათუოდ მოვალ, ნახვამდის!
– ხედავთ, სანამდე მიდის ზოგიერთის ჯიუტობა?- გულმოსულად ამოილაპარაკა ბალანჩივაძემ, როგორც კი ბასკაკოვამ კარები გაიხურა.
– ვხედავ,- წყნარად გაიცინა მინდელმა,- არიან ისეთი ტიპები რა მტკიცებაც არ უნდა წაუყენოთ, მხოლოდ „არას„ გაიძახიან, თუმცა ხოტოველის საქმე მაინც სხვაა და მის „არას„ ჯერ კიდევ მოეპოვება საფუძველი.
– ამით რის თქმა გსურთ?
– აი რისა: მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული, ხოტოველმა ჩარგიევს ტყეშელაიძის ბინიდან წაღებული ოქროს ნივთებისა და 3%- იანი ობილიგაციის ღირებულების ნაწილი ჩამოუტანა. დანარჩენი თანხა ან ადრე გადასცა, ანშემდეგ უნდა მიეცა.
ჩარგიევზე გადასაცემად მიღებული ფულის ნამდვილი დანიშნულება ბასკაკოვამ არ იცის, ეს ნომერში ფარულად ჩადგმულ მაგნიტოფონზე ჩაწერილმა, დიალოგმაც დაადასტურა. მაშასადამე, ხოტოველისათვის არ არსებობს სიფრთხე, რომ ამ ფაქტს ბასკაკოვას დაკითხვით დავუმტკიცებთ. ხოლო ჩარგიევის მხრივ ხოტოველს აბსოლუტური იმედი აქვს, იგი არაფერს იტყვის. ჩხრეკამაც არაფერი მოგვცა.დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ხოტოველმა მოასწრო საიმედო ადგილზე მიემალა ნაძარცვი ფასეულობა. ეს ყველაფერი გათვალისწინებული აქვს ხოტოველს, ამიტომაც ჯიუტობს. მართლაც, ჯერ შეკრებილი მასალებით ბრალს ხომ ვერ დავდებთ ტყეშელაიძის ბინის გაძარცვის მონაწილეობაში.
დუმილი ჩამოვარდა. პოლკოვნიკმა რამდენჯერმე დინჯი ნაბიჯით გაიარა ოთახში, შემდეგ მინდელთან შეჩერდა.
– როგორ ფიქრობ, ლევან, ხომ არ სჯობდა პირველად კიტოვანი დაგვეკითხა?
– არა, დავით ილიჩ, მე იმედი მქონდა ხოტოველი გატყდებოდა და იმის შიშით, რომ ძარცვა არ დაებრალებინათ, სიამოვნებით აღიარებდა იმას, რაც ჩაიდინა და რასაც ბოლოს და ბოლოს ჩვემ მას პროცესუალურადაც დავუმტკიცებდით, ხოლო კიტოვანი და მისი ამხანაგები სულ სხვა ტიპის ბოროტმომქმედები არიან, მათ ასე იოლად ვერ გამოტეხ
– ჩარგიევი?
– ო, ჩარგიევი კიდევ სულ სხვაა, მან ალბათ დაკავებისთანავე მოამზადა ისეთი ვერსია,რომელშიაც ნამდვილი ფაქტები ჩაურთო და სარწმუნოს დაამსგავსა. აი ნახავთ თუ პირველი დაკითხვისთანავე არ დაადასტუროს ხოტოველის მიერ წყალტუბოში ფულის ჩატანა.
– რატომ ხართ ასე დარწმუნებული?- გაეღიმა ბალანჩივაძეს.
– აი რატომ: მე თქვენ წუხელივე გითხარით, როგორ გამოვიცანი მისი პიროვნება და თუ არ ვცდები,- მე კი დარწმუნებული ვარ, არ ვცდები,- ჩარგიევი ძველი, გამოცდილი რეციდივისტია, არც განათლება აკლია და რაც მთავარია, ბასკაკოვა საქმის კურსში არა ჰყავს შეყვანილი.
ქუთაისში გადმოყვანის შემდეგ ის უკვე მიხვედრილია, რომ რესტორანში მომხდარი სკანდალი განგებ, მილიციაში მის მისაყვანად იქნა მოწყობილი. დარწმუნებულია, ჩვენ რაღაც კვალს მივაგენით, ბასკაკოვა კი ხოტოველისაგან ფულის მიღებას არ დაფარავს, ჩარგიევს ამის შესახებ არ გაუფრთხილებია, მაშასადამე, ეს ფაქტი მან უნდა დაადასტუროს, სხვა გზა არა სქვს.
– სავსებით ლოგიკურია,- დაეთანხმა ბალანჩივაძე, შემდეგ ცოტა ხანს იყუჩა და ღიმილით დაუმატა:- ოპერატიულმა ჯგუფმა თავისი საქმე შეასრულა, დანარჩენი ასე ვთქვათ,წმინდა გამოძიების საქმეა, მე სავსებით ვენდობი შენს ინტუიციას და მწამს, ამ საქმეშიაც არ გმიტყუნებს იგი.
– დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, დავით ილიჩ,ყველაფერი რიგზე იქნება.
– გინდა რამეში დახმარება?
– გმადლობთ,დავით ილიჩ,კრიმინალისტური და გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნები ზეგ ხელთ მექნება, ვფიქრობ, კიტოვანის ჩემოდანში აღმოჩენილი ქალის ხელთათმანებისა და ტყეშელაიძის ბინაში ფანჯრის ლურსმანზე ნაპოვნი ძაფის იდენტურობა სავსებით დადასტურდება.
– ფულზე გაკეთებული წარწერა?
– ჯერ ვერ გეტყვით, მაგრამ მე მგონია, ესეც კიტოვანის ნაწერია, რაც შეეხება სისხლს, ეჭვს არ იწვევს, იგი დაჭრილ ბანდიტს ივანისელს ეკუთვნის, ამაზე ექსპერტიზა გვეტყვის გადამწყვეტ სიტყვას.
– კეთილი, როდის აპირებთ ბანდიტებთან საბოლოო შეჭიდებას?
– როდესაც ექსპერტების დასკვნები ხელთ მექნება, მანამდე მათ ვინაობას დავადგენთ. სერგო უკვე გაფრინდა თბილისში შეპყრობილთა თითების ანაბეჭდებით, დღესვე შეადარებს დაქტილობარათებს და ღამის მატარებლით ქუთაისში წამოვა. ეს საკითხები სრულებით არ მაწუხებს,მე სულ სხვა რამეზე ვფიქრობ.
– სახელდობრ?
– ჩარგიევი… თუ სერგომ მისი ვინაობის დადგენა თითის ანაბეჭდებით ვერ შეძლო, საქმე გართულდება. ის ისევე ჩარგიევია, როგორც მე ჩინეთის იმპერატორი.
– ისევ გჯერათ, რომ მან ქართული ენა იცის?
– მჯერა, დავით ილიჩ, მტკიცედ მჯერა, მაგრამ ეს ხომ საკმარისი არ არის მისი ვინაობის დასადგენად, ხოლო დევიძე ან ჩვენი ბუზღუნა დასტაქარი მას ვერ ამოიცნობენ. ამაში ეჭვი არ მეპარება. ბანდიტებიც არ გასცემენ. აი რატომ ვფიქრობ, მისი ვინაობის დადგენა დიდ დროს წაგვართმევს.
– პროკურორმა რა თქვა?
– მხოლოდ დროებით დაკავებაზე დამთანხმდა.
– დეტალურად გააცანით თქვენი მოსაზრებანი ჩარგიევზე?
– დიახ, მაგრამ დაპატიმრების სანქციაზე ცივი უარი მითხრა, „მხოლოდ მოსაზრებებით ადამიანს ვერ დავაპატიმრებთო„ რას იზამ, მის ადგილზე მეც ასე მოვიქცეოდი, ჩარგიევი სამართლის პროცესუალური ნორმების თვალსაზრისით ჯერ–ჯერობით ბროლივთ სუფთა, უდანაშაულოა.
– მართალი ხარ, მოქალაქის უსაფუძვლოდ დაპატიმრება დანაშაულია.
– ჰოდა, სწორედ ამიტომ, ვიდრე დროებით დაკავებას მაინც შევათანხმებდი, ხარაბაძე არ მომშორდა.
ბალანჩივაძემ ჩამქრალი პაპიროსი საფერფლეზე დასდო.
– რას ფიქრობთ ბასკაკოვაზე?- შეცვალა საუბრის თემა.
– მე მგონია ბასკაკოვამ არ იცის, ვინ არის ჩარგიევი,იგი ღრმად დარწმუნებულია მის პატიოსნებაში და სერიოზულად წუხს საქმროს დაპატიმრებას, ეჭვი არ ეპარება, აქ რაღაც გაუგებრობაა. ძალზე გაუკვირდა თურმე, როდესაც დღეს სისხამ დილით განყოფილებაში მისულმა ჩარგიევის ქუთაისში წაყვანა გაიგო და უყოყმანოდ გამოსწია ჩვენთან. სხვათა შორის, მჯერა მისი გულწრფელობა, ხოლო ხოტოველისა და მისმა მაგნიტოფონზე ჩაწერილმა საუბარმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა. ბასკაკოვა არ არის ბანდის საქმიანობის კურსში.
– მეც ასე ვფიქრობ, თუმცა საბოლოო დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა. ვნახოთ რას გამოარკვევს გამოძიება. მით უმეტეს თუ თქვენი ვერსია დადასტურდა…გაიგზავნა შიფრი ტაშკენტში?
– დიახ, წუხელვე გავაგზავნეთ, ალბათორ დღეში პასუხსაც მივიღებთ.
კარი გაიღო.
– შეიძლება?- იკითხა მელოტმა მაიორმა.
– შემოდით!- ნება დართო ბალანჩივაძემ,- ახალია რაიმე?
– დიახ, ამხანაგო პოლკოვნიკო, კოლონიიდაენ პასუხი მოვიდა.
ბალანჩივაძემ სათვალე მოირგო, ღერბიანი ქაღალდი გაათალიერა.
– ამ ცნობას უკვე აღარ აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა,- ჩაილაპარაკა მან, შემდეგ კალამი აიღო,ქაღალდს რეზოლუცია წააწერა და მინდელს გადასცა.
– დაურთეთ საქმეს,გვატყობინებენ, რომ ნატალია დევიძის მეუღლე, პატიმარი გიორგაძე,ადგილზე იმყოფება და სასჯელს იხდის.
მინდელმა შუბლი მოისრისა, ჩაფიქრდა.
მაიორმა წყნარად გაიხურა კარი.
– რამ ჩაგაფიქრა, ლევან!- დაარღვია დუმილი პოლკოვნიკმა.
– ვფიქრობ, საიდან უნდა ჩაეგდო ხელში გიორგაძის წერიდი კიტოვანს, ის ხომ დევიძესთან ქმრის წერილით მოვიდა.
– ეგ მართლაც საინტერესოა, უნდა ვიფიქროთ,კიტოვანი გიორგაძესთან ერთად იხდიდა სასჯელს და წერილი განთავისუფლებისას წამოიღო.
– ასეთია ჩემი სავარაუდო ვერსიაც, მაგრამ…
– მაგრამ რა?
ვნახოთ, შეიძლება სხვა რამეც გამოირკვეს ჯერ კი მხოლოდ ის არის ნათელი, რომ კიტოვანის მიერ ჩამოტანილი წერილი ნამდვილად გიორგაძის ხელით არის დაწერილი; აი თქვენ თვითონ შეადარეთ,- მინდელმა საქაღალდე გახსნა და წერილების მთელი დასტა ამოიღო.
– ესეც კიტოვანის ჩამოტანილი წერილი,- დაუმატა მან და სამკუთხედ შეკეცილი ბარათი სხვა წერილებთან ერთად პოლკოვნიკს გადასცა.
– მათი იდენტურობა ეჭვს არ იწვევს,- განაგრძო მინდელმა, ვიდრე პოლკოვნიკი წერილებს ადარებდა,- მაგრამ არის ერთი დეტალი, რომელიც საეჭვოდ ხდის წერილის კოლონიიდან წამოღების ვერსიას.
პოლკოვნიკმა თავი ასწია.
– თარიღი?
– დიახ, თარიღი, დავით ილიჩ, ყველა წერილი დათარიხებულია, გარდა უკანასკნელისა.
– რა დასკვნა გააკეთეთ ამ ფაქტიდან?
– წერილის დამწერს თარიღი შემთხვევით არ გამორჩენია, აქ თუთხმეტამდე ბარათია და ყველა დათარიღებულია,მაშასადამე, ავტორმა ეს შეგნებულად გააკეთა. შემდეგ… უკანასკნელი ბარათი ფოსტით არ არის გამოგზავნილი, შეიძლება ვცდები, მაგრამ ჩემი აზრით, დიდი ხნით ადრე დაიწერა. გიორგაძემ და წერილის წამომღებმ არ იცოდნენ, როდის მიიღებდა მას ადრესატი, ამიტომ შეგნებულად არ დაათარიღა იგი.
– შეიძლება,- დაეთანხმა ბალანჩივაძე,- ყოველ შემთხვევაში, კიტოვანმა ასე თუ ისე უნდა ახსნას, ვისგან და როდის წამოიღო ეს ბარათი. სხვა გზა არა აქვს.
მინდელი დუმდა.
საათმა ორჯერ დარეკა ბალანჩივაძე წამოდგა.
– მე წავედი ლევან, ბიუროზე მაგვიანდება. 6 საათისთვის გავთავისუფლდები, თუ ძალიან არ დაიღლები, დამელოდე, მოვალ.
ბალანჩივაძემ პალტო ჩაიცვა და სწრაფად გავიდა.
მარტო დარჩენილმა მინდელმა საქაღალდე გახსნა და შეგროვილ მასალებში ჩაიძირა.
ოპერატიულმა ჯგუფმა ჩინებულად დაძლია მინდობილი საქმე და ბოლომდე მიიყვანა დაწყებული ოპერაცია,მაგრამ მინდელისთვის ახლა იწყებოდა მთავარი. ოპერმუშაკების მთელი ნამოღვაწარი ახლა მას უნდა დაემთავრებინა. ეს კი არც ისე იოლი იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა.
დიდხანს მუშაობდა გამომძიებელი, რამდენიმე ფურცელი შეავსო შენიშვნებით, კვლავ და კვლავ გადაიკითხა ჩიკვაიძის, ლეჟავას, გრძელიძის, დევიძის, ბასკაკოვასა და სხვათა ჩვენებები, ზოგიერთი ადგილი წითელი ფანქრით გამოჰყო და როდესაც მუშაობა დაამთავრა, საათმა ოთხის ნახევარი დარეკა.
მინდელმა საქაღალდე დაკეცა, სერჟანტი იხმო.
– ამოიყვანეთ ჩარგიევი!- უბრძანა მოკლედ.
რამდენიმე წუთის შემდეგ კაბინეტის კარი წყნარად გაიღო, სერჟანტმა დაკავებული შემოიყვანა.
ჩარგიევი კარებთან შეჩერდა, მშვიდად შეათვალიერა სავარძელში მჯდომი გამომძიებელი.
– ახლოს მოდით!- უთხრა გამომძიებელმა.
ჩარგიევმა ნელა მოაბრუნა თავი, შემდეგ რამდენიმე ნაბიჯი წადგა და მაგიდასთან შეჩერდა.
– დაჯექით!- ქაღალდებიდან თავისუფლად შეეპატიჟა მინდელი.
პატიმარი უხმოდ ჩამოჯდა, ხელები მუხლებზე დაიწყო და პირქუშად მიაჩერდა თავდახრილ გამომძიელებს.
სამარისებული სიჩუმე გამეფდა.
მინდელმა უეცრად შეწყვიტა ქაღალდების ფურცვლა და ჯიქურ შეხედა პატიმარს, ჩარგიევმა ცივი, მშვიდი მზერა მიაგება.
– თქვენი გვარი?
– ჩარგიევი მათე ალექსის ძე.
– როდის დაგაკავეს?
– წუხელ, ღამის დაახლოებით 11 საათზე.
– თქვენი საქმის გამოძიება მე მაქვს დავალებული.
– ჩემი საქმის გამოძიება? რა საქმის?
– ეს მგონი თქვენთვის უკვე ცნობილია.
– პირიქით , მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ვიღაც ხულიგანმა შეურაცხყოფა მოგვაყენა, კანონიერების დამცველებმა კი მე დამაკავეს.
– მაშ თქვენ დაზარალებული ხართ?
– ცხადია, მაშ ვინ უნდა ვიყო?
– კეთილი, არ გეკამათებით, მაგრამ რამდენიმე კითხვა მაქვს.
– ბრძანეთ!
– როდის და სად გაიცანით მოქალაქე ხოტოველი?
– ამას რა კავშირი აქვს ჩემს შეურაცხყოფასთან?
– მიპასუხეთ!
– ინებეთ,დაახლოებით 5 დღის წინ, წყალტუბოში.
– რა პირობებში?
– არავითარი განსაკუთრებული პირობები არ ყოფილა, სრულიად შემთხვევით გავიცანი.
– მაინც?
– მე სამკურნალოდ ვარ ჩამოსული, ფული შემომაკლდა, მინდოდა ზოგი რამ გამეყიდ და რაკი სურვილი გამოთქვა, მას მივყიდე.
– რა მიჰყიდეთ?
– 2 კოსტუმი და ერთიც პალტო. 5000 მანეთი მომცა.
– როდის მოგცათ ფული?
– ფული გუშინ საღამოს ჩამოიტანა.
– თქვენ მოგიტანათ?
– არა, ტატიანა ბასკაკოვას.
– ვინ არის ბასკაკოვა?
– ჩემი დანიშნული.
– დიდი ხანია იცნობთ?
– საკვირველი კითხვაა, რა თქმა უნდა, დიდი ხანია, ერთი წელიწადია.
– სად გაიცანით?
– ქალაქ ტაშკენტში.
– კეთილი, მაგრამ რატომ ბასკაკოვას მიუტანა ფული ხოტოველმა და არა თქვენ?
– მე თბილისში ვაპირებდი წასვლას და ბასკაკოვას ვთხოვე შეენახა,ხოტოველიც გავაცანი.
– იცოდით, რომ გუშინ საღამოს უნდა მოეტანა ფული ხოტოველს?
– დიახ,ვიცოდი.
– მაშ რატომ თვითონვე არ შეხვდით?
– ამას ჩემთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა.
– კეთილი, მაგრამ უცნობ კაცს როგორ ენდეთ?
– ნდობა გარანტირებული იყო,ვიცოდი სად მუშაობდა ხოტოველი.
– და თქვენ ეს საკმარისად ჩათვალეთ?
ჩარგიევი გაბრაზდა.
– თქვენ რა, იმიტომ დამაკავეთ, რომ ფულის დაკარგვის საშიშროება მელოდა?- გამოსცრა კბილებში.
– ცხადია არა!
– მაშ მითხარით, რა გინდათ და გაათავეთ.
– კეთილი, გავათავოთ, რამდენად მიჰყიდე ხოტოველს ნაქურდი ოქროს ნივთები და 3%- იანი ობილიგაციები?
განრისხებული ჩარგიევი ფეხზე წამოიჭრა.
– თქვენ… თქვენ, ვის უბედავთ ამგვარ შეურაცხყოფას! იცით თუ არა, რომ მე თქვენ ამისათვის პასუხს გაგებინებთ!- შეჰყვირა მან.
– მშვიდად, ჩარგიევ, ისტერიკები საჭირო არ არის, ამით არაფერი შეიცვლება,- დინჯად შენიშნა მინდელმა.
– თქვენ პასუხს აგებთ შეურაცხყოფისათვის!
– დაჯექით, ზედმეტ უფლებას ნუაძლევთ თქვენს თავს,- ისევ შენიშნა მინდელმა.
ჩარგიევი დაჯდა,შემდეგ ჯიბიდან პაპიროსი ამოიღო, მოუკიდა და ზედიზედ მოქაჩა.
– ჩარგიევ,- დაიწყო მინდელმა ცოტა ხნის დუმილის შემდეგ,- თქვეთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ხულიგნისაგან შეურაცხყოფილ ადამიანს ჩვენში არ იჭერენ. რაკი აქ მოხვედით, დღეს თუ ხვალ იძულებული გახდებით , ყველაფერი აღიაროთ კიდეც!
– შეურაცხყვეთ და მემუქრებით კიდეც?
– არ გემუქრებით,გაფრთხილებთ მხოლოდ, რომ მთელი საქმე გახსნილია და თქვენი თანამონაწილენიც საიმედოდ არიან ჩაკეტილი.
– ვინ თანამონაწილენი, რას ამბობთ!
– დანაშაულის მონაწილენი.
– გიმეორებთ, შეურაცხყოფას თავი დაანებეთ, მე არავითარი დანაშაული არ ჩამიდენია.
– კეთილი , პირში წაგიყენებთ თქვენს თანამონაწილეებს.
– თუნდაც ახლავე, ამ წუთში! ვერ წარმომიდგენია,ვინ უნდა დამიპირისპიროთ უდანაშაულო, პატიოსან ადამიანს.
– აჩქარება საჭირო არ არის, ყველაფერი თავის დროზე იქნება.
– მე ლოდინი არ შემიძლია,ლამის გავგიჟდე. თქვენ ალბათ არ იცით, რა არის უდანაშაულო კაცის პატიმრობა.
ჩარგიევმა საჩვენებელი თითი პირში ჩაიდო და ბრაზიანად მოიკვნიტა ფრჩხილი.
– რატომ იკვნეტთ ფრჩხილებს? თქვენი პროფესიის კაცს დამახასიეთებელი გამასხვავებელი ნიშნები არ უნდა ჰქონდეს, საშიშია,- დაცინვით შენიშნა გამომძიებელმა.
– თქვენ ჩემს ფრჩხილებთაენ არაფერი გესაქმებათ.
– პირიქით, ძალზე გვაინტერესებს. დაკვნეტილი ფრჩხილები თქვენდა საუბედუროდ ჭაღარა წვერი ჩაბალახი როდია, რომ თქვენი სურვილით გაიკეთოთ და მოიშოროთ.
– რის წვერი, რა ჩაბალახი?!- განცვიფრდა ჩარგიევი.
– კმარა მათე,- დინჯად დაიწყო მინდელმა,- თქვენი მასკარადი დამთავრდა, თუ გნებავთ, მე თვითონ გიამბობთ თქვენს დანაშაულს,ეხლა ეს გამოძიების მსვლელობას ვერ ავნებს.
– საინტერესოა,- მწარე ღიმილით შენიშნა ჩარგიევმა,- მიამბეთ!
– ინებეთ: თქვენმა ბანდამ, რომელიც ამ ცოტა ხნის წინათ ეწვია ქუთაისს, 12 იანვარს გაძარცვა ტყეშელაიძის ბინა და მოჰკლა ტყეშელაიძე, რომელმაც თავის მხრივ მოასწრო ივანისელის–თქვენი საუკეთესო მეგობრის საკმაოდ სახიფათოდ დაჭრა. დაჭრილი დევიძის სახლში დამალეთ. შემდეგ თქვენ და კიტოვანმა ქირურგი გრძელიძე მოიტაცეთ, აიძულეთ ბინაზე გაეკეთებინა ოპერაცია და მეორე დღეს ღამის 12 საათამდე ოთახში გყავდათ დამწყვდეული. ივანისელს ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული; თქვენ თქვენი სისხლი მიეცით; ორი დღის შემდეგ ჩიკვაიძე მოჰკალით, რადგამ გაცემისა შეგეშინდათ. ნაქურდალი ნივთები და 3%- იანი ობილიგაციები ხოტოველს მიჰყიდეთ, რომელმაც ფულის ფულის ნაწილი გუშინ ჩამოგიტანათ, ბასკაკოვას დაუტოვა, თქვენ კი კონსპირაციის თვალსაზრისით არ გამოუჩნდით ხოტოველს. ბასკაკოვას რესტორანში შეხვდით ჭაღარა გრიმისადა ჩაბალახის გარეშე, რა უყავით წვერი?
ჩარგიევის გაქვავებულ სახეს არავითარი ცვლილება არ დასტყობია, არც ერთი
კუნთი არ ასტოკებია სახეზე, ყურადღებით უსმენდა მინდელს და განუწყვვეტლივ აბოლებდა
– რას იტყვით?- დაარღვია დუმილი მინდელმა.
– მშვენიერი ზღაპარი, მარტომ შეთხზეთ?
– ასეთ ზღაპრებს მწარე ბოლო მოსდევს, ჩარგიევ.
– მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ თუ ზღაპარზე ყველაფერი ითქვა, გთხოვთ, საქმეს დაუბრუნდეთ და მიიღოთ ზომები ჩემს გასათავისუბლებლად. გარწმუნებთ, დიდი ხანია განვვლე ეგ ასაკი და ზღაპრები აღარ მაინტერესებს.
– ასაკი კი განვლეთ, მაგრამ თქვენი ქცევა ამჟამად მართლაც ბავშურია. ნუთუ ფიქრობთ, რომ მტკიცე მასალების გარეშე დაგაპტიმრებდით
– მაშ დაპატიმრებულიც ვარ?
– ცხადია!
– მე პროტესტს ვაცხადებ ასეთი ძალადობის წინააღმდეგ
– ეგ თქვენი უფლებაა, თუმცა გარემოებას ვერ შეცვლის
– არა ხუმრობთ?
– დაკითხვის წარმოებისას არასოდეს არ ვხუმრობ,- მშვიდად მიუგო მინდელმა.
– თქვენ პასუხს აგებთ ძალადობისათვის, იცოდეთ, პასუხს აგებთ!- შეჰყვირა ჩარგიევმა.
– ყვირილს თავი დაანებეთ,ბოროტმოქმედთა მუქარის ჩვენ არ გვეშინია.
– ჩარგიევი ბრაზით აცახცახდა, საკმაოდ სანდომიანი სახე ერთბაშად მოექცა, თვალები სისხლით აევსო,მძულვარებით შეხედა გამომძიებელს.
– ბოლოს და ბოლოს რა გინდათ ჩემგან?- ძლივს ამოიხრიალა მან.
– მინდა შეიგნოთ, თქვენი გამოუვალი მდგომარეობა და დანაშაული აღიაროთ.
– რამდენჯერ უნდა გითხრათ, მე არავითარი დანაშაული არ ჩამიდენია, ვეღარ გაგაგებინეთ?
– მაშ ხოტოველს ტანსაცმელი მიჰყიდეთ?
– დიახ, ტანსაცმელი.
– საოცარია!
– რა არის საოცარი?- გაუკვირდა ჩარგიევს.
– ის რომ ხოტოველი კატეგორიულად უარყოფს ამ ფაქტს.
– შეუძლებელია!- აღმოხდა ჩარგიევს.
მინდელმა ზარის ღილაკს დააჭირა თითი.
– შემოიყვანეთ ხოტოველი!
ჩარგიევი სკამზე შესწორდა, მოუთმენლად მიაჩერდა კარებს.
ხოტოველი ათრეული ნაბიჯით შემოვიდა,ქურდულად შეხედა ჩარგიევს, რომელიც სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა, მერე ცალი გვერდით ჩამოჯდა გამომძიებლის მიერ მითითებულ სკამზე.
– ხოტოველო, გაიმეორეთ, რა გინდოდათ წყალტუბოში!- მტკიცე ხმით მოსთხოვა მინდელმა.
– აკი გითხარით, უფროსო!- დაიკნავლა ბეჭდების უიღბლო გამყიდველმა.
– გაიმეორეთ– მეთქი – ხმას აუწია მინდელმა.
– ბეჭედი მივყიდე ტანია ბასკაკოვას,ყელშიც გასჩხერია ის ბეჭედი!- ბრაზიანად ამოღერღა ხოტოველმა.
– იცნობთ თქვენს პირდაპირ მჯდომ მოქალაქეს?
ხოტოველმა დაფეთებული მზერა მშვიდად მჯდომ ჩარგიევ მიაპყრო.
– პირველად ვხედავ.
– არა ცდებით?- კვლავ შეეკითხა გამომძიებელი.
– რანაირად უნდა ვცდებოდე,როცა არსად მინახია.
– კეთილი,მაგრამ იქნებ რაიმე მიჰყიდეთ და აღარ გახსოვთ? აბა კარგად დააკვირდით.
– არა–მეთქი! რა დაკვირვება მინდა, პირველად ვხედავ
– მაშ იქნებ მისგან იყიდეთ რამე?
– არა, უფროსო, არ ვიცნობ, გვარიც კი არ ვიცი მისი,- უპასუხა ხოტოველმა დაბეჯითებით.
– კეთილი…
მინდელმა სიტყვა სიტყვით უთარგმნა ხოტოველის ჩვენება ჩარგიევს.
– ეს სუბიექტი სტყუის, აშკარად სტყუის!- იყვირა ჩარგიევმა, შემდეგ მოკუნტულ
ხოტოველს მიუბრუნდა:- წყეულო ვაჭრუკანავ! რატომ მალავ, განა ორი
კოსტუმი და ერთი პალტო არ მიგყიდე 5000 მანეთად?- შეუტია თვალების
ბრიალით.
– მართალია, უფროსო, მომყიდა, 5000 მანეთად მომყიდა,- დაადასტურა ხოტოველმა.
– მითარგმნეთ!- ისევ იყვირა ჩარგიევმა.
მინდელმა უთარგმნა.
– ოქმი, ახლავე ოქმი გაფორმეთ!- მტკიცედ მოითხოვა ჩარგიევმა.
რამდენიმე წუთის შემდეგ თარჯიმნის თანდასწრებით დაპირისპირების ოქმი შედგა.
ხოტოველმა თავიდან ბოლომდე უარყო აქამდე მიცემული ჩვენებები და დაადასტურა, რომ ჩარგიევისაგან 5000 მანეთად 2 კოსტუმი და ერთი პალტო იყიდა და შენაძენი სამი დღის შემდეგ 1000 მანეთის მოგებით გაჰყიდა.
მინდელს ხოტოველის მოქმედება არ გაჰკვირვებია, ის თითქმის ელოდა კიდეც ამ ამბავს. ხოტოველი საკანში გაისტუმრა და ჩარგიევის დაკითხვა განაგრძო.
ჩარგიევმა კვლავ კატეგორიულად უარყო ბრალდება, გაკვირვება გამოსთქვა ვიღაც კიტოვანის, ივანესელის, ბალავაძის ცნობაზე და გადაჭრით მოსთხოვა გამომძიებელს, დაუყოვნებლივ გაენთავისუფლებინა პატიმრობიდან.
– წინააღმდეგ შემთხვევაში ხვალიდან შიმშილს ვაცხადებ!- განაცხადა მან.
უკვე კარგად დაღამებული იყო, როდესაც გამომძიებელმა დაკითხვა დაამთავრა და პატიმარი საკანში გაისტუმრა.
მინდელმა საქმე ცეცხლგამძლე ყუთში ჩაჰკეტა და დაღლილი ნაბიჯით დაფიქრებული გავიდა კაბინეტიდან.
დაფიქრების საბაბი კი საკმაოზე მეტი იყო: პირველი იერიში უშედეგოდ დამთავრდა,გამომძიებელსა და ბოროტმოქმედთა შორის ბრძოლა მხოლოდ იწყებოდა.

ნაწილი 7ნაწილი 9

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

3 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. მარიკა ამბობს:
    22 მარტი, 2012წ. 17:15სთ.

    ვერ გავიგე ამ მოტხრობის დზირიტადი აზრი გტხოვტ დამეხმაროოოტ! ლოლა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. მარიკა ამბობს:
    22 მარტი, 2012წ. 17:15სთ.

    დამეხმარე და დამიწერეტ მოტხრობის აზრი გტხოოოოოოოოოოოოვტ

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. მარიკა ამბობს:
    22 მარტი, 2012წ. 17:17სთ.

    დაველოდები ტქვენს პასუხს დგეს გტხოვტ დამეხმაროტ!

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

3 votes, average: 4.67 out of 53 votes, average: 4.67 out of 53 votes, average: 4.67 out of 53 votes, average: 4.67 out of 53 votes, average: 4.67 out of 5

› სულხან-საბა ორბელიანი: ორი მოლა

ორი მოლა იყო ერთსა ქალაქსა შიგან. ესრეთ მტერნი იყვნენ, ერთად ვერ მოთავსდიან, არცარა ერთად სვიან და სჭამიან. ამას ცდილობდენ, ერთი მეორესა წაეხდინა.
დღესა ერთსა ერთი მოლა ნახეს სხვისა დიაცისა თანამწოლი. კაცთა › › ›

DU