1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» გაბრიელ გარსია მარკესი: ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს (1-12)

_ უკადრისი იკადრა, _ უთხრა მოხუცს მეფუნდუკე ქალმა, _ მძინარე ქალისთვის არ უნდა ჩაედო თითი პირში ან გაეკეთებინა რაღაც ამდაგვარი.
იასუნარი კავაბატა, მძინარე მზეთუნახავების სახლი

ნაწილი 1

ოთხმოცდაათი წლისა რომ გავხდი, გადავწყვიტე, დაბადების დღის აღსანიშნავად საკუთარი თავისთვის თავად მიმერთმია საჩუქარი _ უბიწო გოგონასთან გიჟური სიყვარულის ღამე.

როსა კაბარკასი გამახსენდა _ იატაკქვეშა დაწესებულების დიასახლისი: როგორც კი ქორფა გოგოს ჩაიგდებდა ხელში, მაშინვე თავის გულუხვ კლიენტებს ატყობინებდა. მე არ მიზიდავდა მისი ბილწი შემოთავაზებები, მას არ სჯეროდა ჩემი პრინციპების სიწმინდისა. მორალი დროის საქმეა, _ ღვარძლიანად ქირქილებდა ის. _ მოვა დრო, თვითონ დარწმუნდები. როსა ჩემზე ცოტათი უმცროსი იყო. რამდენი წელიწადია არაფერი ვიცი მის შესახებ. იქნებ აღარც არის ცოცხალი, მაგრამ ყურმილში მომესმა თუ არა ხმა, მაშინვე ვიცანი _ როსა იყო.

ეგრევე მივახალე:
_ დღეს _ კი.
როსა კაბარკასმა ამოიოხრა: ეჰ, ჩემო ნაღვლიანო ბრძენკაცო, მთელი ოცი წელი სადღაც გადაიკარგები, მერე უცებ გამოჩნდები და შეუძლებელს მთხოვ. მაგრამ ხელობა მაინც ხელობაა და როსამაც ასარჩევად რამდენიმე ვარიანტი შემომთავაზა: ყველანი ხმარებაში გაცვეთილები იყვნენ. უსათუოდ ქალწული და უსათუოდ ამაღამ-მეთქი, _ ვთქვი შეუვალად. როსა დაიბნა: კი მაგრამ, რისი იმედი გაქვს? არაფრის, _ როსამ მტკივნეულ ადგილზე დამადგა ფეხი, _ მშვენივრად ვიცი, რა შემიძლია და რა არ შემიძლია. როსა ცოტა დამშვიდდა: ბრძენმა ხალხმა ყველაფერი იცის და მაინც ყველაფერი არ იცის. ამქვეყნად ერთადერთი ქალწულები თქვენ ხართ, აგვისტოს თვეში ამ ნიშნით დაბადებულები. რატომ ადრე არ გამაფრთხილე? აღმაფრენა წინასწარ არაფერს გითანხმებს, _ ვთქვი მე.

მაგრამ მოცდა შეუძლია. რაკი როსამ ყოველთვის ყველაფერი მამაკაცებზე უკეთ იცოდა, მთხოვა, იქნებ ერთი-ორი დღე მაცალო, საგულდაგულოდ გადავხედავ ჩემს ბაზარსო. სრულიად სერიოზულად ვუპასუხე, ასეთ საქმეში ჩემი ასაკის კაცისთვის ყოველი დღე წელიწადს უდრის-მეთქი. ეშმაკმა დალახვროს, რაც არის, არის, _ გადაწყვიტა როსამ უცბად, _ არა უშავს, მგონი, უფრო საინტერესოცაა. ერთ საათში დაგირეკავ!
ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება იმას, რაც შორიდანაც კარგად ჩანს: მე ერთი ულამაზო, მორიდებული და ძველმოდური კაცი ვარ, მაგრამ რაკი არ მსურდა ასეთი ვყოფილიყავი, თავს ისე ვაჩვენებდი ყველას, თითქოს ყველაფერი სწორედაც რომ პირიქით იყო, ოღონდ _ დღეს დილამდე. დღეს დილით კი გათენებულზევე მტკიცედ გადავწყვიტე, ბოლოს და ბოლოს მეთქვა საკუთარი თავისთვის _ თუნდაც სინდისის დასამშვიდებლად _ რაც ვარ და ვინც ვარ სინამდვილეში. ჰოდა, დავიწყე კიდეც საქმე როსა კაბარკასთან უჩვეულო სატელეფონო საუბრით.

როგორც ახლა მესმის, ეს იყო ახალი ცხოვრების დასაწყისი იმ ასაკში, როცა უბრალო მოკვდავთა უმეტესობა, როგორც წესი, უკვე მიცვალებულია.
ვცხოვრობ კოლონიური სტილის სახლში სან ნიკოლას პარკის მზიან მხარეს. ამ სახლში გავატარე მთელი ჩემი უქალო და უსახსრო ცხოვრება. აქ ცხოვრობდნენ და აქ განერიდნენ სიცოცხლეს ჩემი მშობლები. მეც აქ გადავწყვიტე სიკვდილი მარტოობაში და იმ საწოლში, რომელზეც დავიბადე; აქ უნდა დაველოდო იმ დღეს, რომელიც, ძალიან მინდა, ცოტა მოგვიანებით და უწვალებლად მოვიდეს. ეს ორსართულიანი შენობა მამაჩემმა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს იყიდა. ქვემო სართული ერთ იტალიურ კონსორციუმს მიაქირავა და იმათაც იქ დიდებული მაღაზია გამართეს. მამამ ზემო სართული თავისთვის დაიტოვა.

აქ დაქორწინდა იგი ამ იტალიელთაგან ერთ-ერთის ქალიშვილზე _ ფლორინა დე დიოს კარგამანტოსზე. ფლორინა სილამაზით დაეჯილდოებინა ღმერთს, საუცხოოდ უკრავდა მოცარტს, იყო პოლიგლოტი და გარიბალდელი და რაც მთავარია, მთელ ქალაქში გამოირჩეოდა ერთი განსაკუთრებული ნიშნით: იგი ჩემი დედა იყო.
დიდსა და ნათელ სახლს თაბაშირის თაღები, ფლორენციული მოზაიკით ჭადრაკულად დაგებული იატაკი და აივანზე გამავალი ოთხი დიდი შემინული კარი აქვს. აივანი სარტყელივით არტყია მთელ სართულს. დედაჩემი და მისი იტალიელი კუზინები მარტის საღამოობით სხდებოდნენ ხოლმე აივანზე და სასიყვარულო არიებს მღეროდნენ. აქედან კარგად ჩანს სან ნიკოლას პარკი, ტაძარი და ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი, იქით, ცოტა მოშორებით, სანაპიროსკენ, ღვინის სარდაფებია, სარდაფებს უკან კი დიადი მდინარე მაგდალენას შესართავი გადაჭიმულა ფართო სივრცეზე. სახლში ერთადერთი შემაწუხებელია მზე. მთელი დღის განმავლობაში ხან ერთ ფანჯარას მოადგება, ხან მეორეს, და მეც სიესტის პაპანაქებაში ცოტა ხნით მაინც რომ მოვატყუო თვალი, ფანჯრებზე სქელი ფარდების ჩამოფარება მიწევს.

ოცდათორმეტი წლის ვიყავი, როცა მარტო დავრჩი ამ სახლში. ჩემი მშობლების საძინებელ ოთახში გადავბარგდი, ბიბლიოთეკის კარიც გავაღე და… საერთოდ, თუკი რამ ზედმეტი მეჩვენა პირადად ჩემთვის, ყველაფრის გაყიდვას მივყავი ხელი. ზედმეტი კი ჯერჯერობით თითქმის ყველაფერი აღმოჩნდა წიგნებისა და ლილვაკებიანი პიანოლის გარდა.
ორმოცი წელიწადი დიარიო დე ლა პასს ვბერავდი ახალი ამბებით. იქაურ მოსახლეობას მსოფლიოს ამბებს ვაცნობდით. ამბებს კი თავად ვიჭერდით ციურ სივრცეში მოკლე ტალღებზე ფრენისას, ან მორზეს ანბანს ვიშველიებდით. დღესდღეობით, კი არ ვცხოვრობ, უფრო ვარსებობ იმ პენსიით, რომელიც აწ უკვე ჩამკვდარი საქმიანობისთვის მერგო.

მცირე საფასურად ვასწავლი ლათინურსა და ესპანური ენის გრამატიკას, თითქმის არაფერს მიხდიან საკვირაო წერილებში, რომელთაც აგერ უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, დაუღალავად ვაცხობ და ვაცხობ. ასევე გროშსაც არ მიხდიან მუსიკასა და თეატრზე დაწერილ პატარ-პატარა სტატიებში, რომლებსაც ვაქვეყნებ თითქმის ყოველთვის, როცა კი ცნობილი მსახიობები და მუსიკოს-შემსრულებლები ჩამოდიან ჩვენთან. სხვა საქმე არც ვიცი და არც არასოდეს მიკეთებია, მხოლოდ ვწერდი. განსაკუთრებული ნიჭი ნამდვილად არ გამაჩნია, არც ამ საქმისადმი მოწოდება მაწუხებს ძალიან, არც დრამატურგიული კომპოზიციების კანონებისა გამეგება რამე ღრმად. ამ საქმეს მხოლოდ იმიტომ მოვკიდე ხელი, რომ მჯერა ცოდნის ძალისა, რომელსაც მთელი ცხოვრება ვისრუტავდი წიგნებიდან. უხეშად რომ ვთქვა, გვარში ღირსებასა და ბრწყინვალებას მოკლებული ნაბოლარა ვარ, რომელსაც არაფერი ექნებოდა შთამომავლობისთვის დასატოვებელი, რომ არა ის ამბავი, რომელიც მე შემემთხვა და რომელზეც გიამბობთ ამ მოგონებაში _ ჩემს დიდ სიყვარულზე.
საკუთარი დაბადების დღე _ ოთხმოცდაათი რომ შემისრულდა _ როგორც ყოველთვის, დილის ხუთ საათზე გამოღვიძებულს გამახსენდა.

ნაწილი 2

ერთადერთი საქმე, რაც ამ დღეს უნდა გამეკეთებინა, საკვირაო სტატია იყო დიარიო დე ლა პასისთვის.

დილის სიმპტომები იდეალურად მიწყობდა ხელს, სულაც არ მეგრძნო თავი ბედნიერად: ძვლები მტეხდა, უკანალში ცეცხლი მეკიდა და სამი თვის გვალვის შემდეგ ჭექა-ქუხილიც სერავდა ზეცას. ხელ-პირი დავიბანე, თაფლიანი ყავა დავლიე, ორი ღვეზელიც მივაყოლე და საშინაო ტილოს ხალათი ჩავიცვი.
იმდღევანდელი სტატიის თემას, რა თქმა უნდა, ჩემი ოთხმოცდაათი წელი წარმოადგენდა. ასაკზე არასოდეს მიფიქრია, ისევე როგორც არ მიფიქრია, ვთქვათ, სახურავი არის თუ არა სადმე გახვრეტილი… რამდენმა წყალმა ჩაიარა, რამდენმა ზამთარმა თუ ზაფხულმა…
ბავშვობაში გამიგონია, როცა ადამიანი კვდება, მის თმაში ჩაბუდებული ტილები შეშინებული იფანტებიან თურმე ბალიშზე ახლობლების სამარცხვინოდ. გაგონილმა ისე დამზაფრა, რომ მახსოვს, სკოლაში წასვლისას თმა პირწმინდად გადავაპარსვინე, ხოლო აქამდე შემორჩენილ ორ-სამ ღერ ამობიბინებულ ბალანს ძაღლებისთვის განკუთვნილი იასამნის საპნით ვიბან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, როგორც ახლა ვაანალიზებ, სირცხვილის გრძნობა უფრო მძაფრად ჩამომიყალიბდა ბავშვობიდანვე, ვიდრე წარმოდგენა სიკვდილზე.
უკვე რამდენიმე თვეა ვფიქრობ ჩემს საიუბილეო სტატიაზე. იგი განვლილ წლებზე საყოველთაოდ მიღებული ვიშვიშით კი არა, სიბერის განდიდებით იქნება გაჯერებული.

ნეტავ როდის მივხვდი, რომ დავბერდი? ჰო, გავიხსენე, თურმე სულ ახლახან, ლამის გუშინ მივმხვდარვარ ამას. ორმოცდაორი წლის ვიყავი, ზურგი რომ ამტკივდა და სუნთქვაც გამიძნელდა. წავედი ექიმთან. მან არაფრად ჩააგდო ჩემი წუხილი: თქვენს ასაკში ეს ნორმალური მოვლენაა, _ მითხრა მან.
_ მაშინ ჩემი ასაკი ყოფილა არანორმალური, _ არ შევეპუე მე.
ექიმმა სიბრალულით გამიღიმა: ფილოსოფოსობთ? პირველად სწორედ მაშინ დავიწყე ფიქრი სიბერეზე ჩემს ასაკთან მიმართებით, მაგრამ მალე გადავივიწყე. უკვე მივეჩვიე, ყოველ დილით რაღაცის ტკივილი მაღვიძებს. წლებთან ერთად ტკივილიც მემატება, ხან რა მტკივა და ხან რა, ხან ნაკლებად, ხან მეტად. ზოგჯერ მომჩვენებია, სიკვდილი მიკაკუნებს კარზე და მორჩა, აღარაფერი მეშველება-მეთქი, მაგრამ მეორე დღეს ისე მიგრძნია თავი, ვითომ არც არაფერი მტკენოდეს როდისმე.

გამიგონია, კაცი რომ დროთა განმავლობაში მამას ემსგავსება, სწორედ ეს არის სიბერის ნიშანიო. მე, ეტყობა, მარადიული ახალგაზრდობა მაქვს დაბედებული, რადგან ჩემი ცხენისებური პროფილი არასოდეს დაემსგავსება არც მამაჩემის კარიბულ პროფილს და მით უმეტეს, არც დედაჩემისას, რომელსაც რომაელი იმპერატორის პროფილი ჰქონდა. საქმე ის არის, რომ სიბერის პირველი ნიშნები ისე ნელ-ნელა გეპარება, რომ თითქმის ვერც ამჩნევ, რადგან შინაგანად არ იცვლები, იგივე ხარ, რაც იყავი წლების წინ. სამაგიეროდ სხვები ამჩნევენ შენს ცვლილებას.
მეხუთე ათეულში გადამდგარი თანდათან ვხვდებოდი, რა იყო სიბერე. შევამჩნიე, მეხსიერება ხანდახან მღალატობდა. რამდენჯერ გადამიბრუნებია მთელი სახლი სათვალის ძებნაში და ბოლოს საკუთარ ცხვირზე მიპოვია. რამდენჯერ სათვალიანი შევმდგარვარ შხაპქვეშ…

ერთხელაც მეორედ ვისაუზმე, თუმცა ახალი ნასაუზმევი კი ვიყავი. ჩემი მეგობრებიც გვარიანად შევაშინე, ერთი კვირის წინ მოყოლილი ამბავი ხელმეორედ რომ ვუამბე. მართალია, ბევრი ნაცნობისა თუ მეგობრის სახელი მეხსიერებაში ჯერ კიდევ მქონდა შემონახული, მაგრამ მისალმებისას ვერაფრით ვაკავშირებდი ერთმანეთთან სახელსა და პიროვნებას.
სექსის საკითხში ასაკი არასოდეს მადარდებდა, რადგან ჩემი შესაძლებლობები იმდენად ჩემზე არ იყო დამოკიდებული, რამდენადაც ქალზე. ქალებს თუ უნდათ, ძალიან კარგად იციან, რა დროს რა და როგორ არის საჭირო. დღეს სასაცილოდ არ მყოფნის ოთხმოცი წლის ბიჭების საქციელი. როგორც კი რაღაც არ გამოუვათ, მაშინვე ექიმთან გარბიან, ის კი არ იციან, ოთხმოცდაათი წლისებს უარესი რომ დაემართებათ, მაგრამ აზრი აღარაფერს ექნება. რისკით იცხოვრებენ, შურს იძიებენ სიცოცხლეზე და ცხოვრების, სიცოცხლის დღესასწაულიც სწორედ ის არის, რომ მოხუცების მეხსიერება დიდხანს არ იჩერებს გონებაში ნაკლებად არსებით ამბავს და მხოლოდ ძალზე იშვიათად გვღალატობს იგი მართლაც რაღაც მნიშვნელოვანის დროს.

ციცერონმა ეს მოვლენა ერთ ფრაზაში ჩაატია: არ არსებობს მოხუცი, დაავიწყდეს, სად გადამალა განძი.
ამ ნაფიქრსა და განსჯილს კიდევ რაღაც-რაღაცები დავუმატე და პირველი შავად ჩანაწერი რომ დავამთავრე, აგვისტოს მზემ იფეთქა კიდეც პარკის ნუშის ხეებში და სამდინარო-საფოსტო გემიც გვალვის გამო ერთი კვირის დაგვიანებით შემოგუგუნდა პორტში. აი, მოცურავს ჩემი ოთხმოცდაათი წელი-მეთქი, გავივლე გუნებაში. ვერ ვიტყვი, რატომ და, ალბათ, ვერც ვერასოდეს გავიგებ ამას, მაგრამ შელოცვასავით იყო თუ რა იყო, წამში გადავწყვიტე როსა კაბარკასთან დამერეკა და მეთხოვა, დამხმარებოდა ჩემი იუბილეს აღსანიშნავ თავაწყვეტილი ღამის მოწყობაში. უკვე რამდენიმე წელიწადია დავბორიალობ ჩემი საყვარელი ლათინელი ავტორების წაკითხულ-გადაკითხულ წიგნებში, თავით ფეხამდე ვარ ჩაფლული კლასიკურ მუსიკაში, მაგრამ იმ დღეს ისეთმა სურვილმა წამომიარა, ნამდვილად ღვთის ნიშნად მივიღე. სატელეფონო საუბრის შემდეგ წერის თავი აღარ მქონდა. ჰამაკი ბიბლიოთეკის იმ კუთხეში გავკიდე, სადაც დილაობით მზე არ აღწევს, და ჩავწექი. გული მეწურებოდა მტანჯველ მოლოდინში.
დედაჩემი პატარაობიდანვე მანებივრებდა.

იგი მრავალმხრივ განათლებული ქალი იყო. ორმოცდაათი წლისა გარდაიცვალა ჭლექით. მამაჩემმა, უწესიერესმა პიროვნებამ, ვისაც ცხოვრებაში, მგონი, ერთი შეცდომაც კი არ მოსვლია, თავის ეულ საწოლში, ქვრივი კაცის საწოლში დალია სული განთიადისას. სწორედ ამ დღეს მოეწერა ხელი ნეერლანდიის პაქტს, რომელმაც წერტილი დაუსვა გასულ საუკუნეში წამოწყებულ ათასდღიან ომსა და, საერთოდ, არაერთ სამოქალაქო ომს. მშვიდობამ სრულიად მოულოდნელად და არასასურველად შეცვალა ქალაქი. თავისუფალი ქალების ტალღამ აავსო ღვინის სარდაფები ფართო ქუჩაზე, რომელსაც შემდგომში აბელიოს ქუჩა დაერქვა. ამჟამად კი კოლუმბის პროსპექტი გახდა ამ ასერიგად საყვარელი ქალაქის გულში, ქალაქისა, რომელიც ერთნაირად უყვარს თავისიანსაც და უცხოელსაც გულკეთილობისა და კაშკაშა შუქის გამო.
უფულოდ არც ერთ ქალთან არ ვწოლილვარ.

ძალზე იშვიათად, როცა არაპროფესიონალთან მიწევდა დაწოლა, ვცდილობდი, ძალით მიმეცა ფული, იმასაც აეღო და მერე თუნდაც ნაგავში გადაეყარა. ოცი წლის ასაკიდან შევადგინე მათთან ანგარიშსწორების დავთარი.

ნაწილი 3

ვიწერდი სახელს, ასაკს, შეხვედრის ადგილს, საერთოდ, ვითარებასა და თითოეულის სტილს. ორმოცდაათი წლისას სიაში უკვე ხუთას თოთხმეტი ქალი მყავდა ჩაწერილი, აქ ერთხელ ნამყოფებიც ერია. ჩაწერა მხოლოდ მაშინ შევწყვიტე, როდესაც სხეულს ძველებური სიჩაუქე წაერთვა. ახლა უკვე გონებაში ვიწერდი, უქაღალდოდ. მე ჩემი ეთიკა მქონდა.

არასოდეს ვმონაწილეობდი ჯგუფურ სექსში ან ხალხმრავალ ადგილას, არასოდეს არავისთვის გამინდვია ჩემი სხეულისა თუ სულის თავგადასავალი, რადგან ბავშვობიდანვე ვიცოდი, არც ერთი და არც მეორე დაუსჯელი არ დარჩებოდა.
მხოლოდ ერთადერთი და ისიც უჩვეულოზე უჩვეულო კავშირი წლობით გრძელდებოდა ერთგულ დამიანასთან. იგი თითქმის ბავშვი იყო, _ ძლიერი და ველური ბავშვი, _ ჩემთან რომ მოიყვანეს. ინდიელთა სისხლი ჩქეფდა მის ძარღვებში, ლაპარაკობდა ცოტას და დაჯერებულად. სახლში ფეხშიშველი დადიოდა, ჩემთვის რომ ხელი არ შეეშალა წერისას. მახსოვს, ერთხელ დერეფანში გაკიდებულ ჰამაკში ვიყავი ჩაწოლილი, ვკითხულობდი. შემთხვევით დავინახე, ვარცლზე დახრილ რეცხვაში გართულ დამიანას ქვედაკაბა ასწეოდა და მადის აღმძვრელი წვივები უჩანდა. ცეცხლი მომეკიდა და ჰამაკიდან გადმოვხტი, ვეცი, ნიფხავი მუხლამდე ჩავხადე, წავკუზე და უკნიდან ვეტაკე.

ოი, სენიორ! _ საწყალობლად შეჰყვირა მან, _ ეს შესასვლელი კი არა, გამოსასვლელია. მთელი ტანით ცახცახებდა, მაგრამ ბოლომდე გაუძლო. თავად ვიგრძენი თავი შეურაცხყოფილად იმის გამო, რომ ის შეურაცხვყავი. მინდოდა ორჯერ მეტი ფული გადამეხადა მისთვის, იმაზე მეტი, ვიდრე ძვირად ღირებული კახპები იღებდნენ იმ ხანებში, მაგრამ დამიანამ უარი მტკიცა. სამაგიეროდ ხელფასი გავუზარდე, რათა მეხმარა იგი ყოველთვის რეცხვისას და ყოველთვის _ უკნიდან.
ერთხელაც ის იყო გავიფიქრე, იქნებ ეს საწოლის არითმეტიკა ჩემი გზაარეული ცხოვრების აღწერისას გამომადგეს-მეთქი, რომ სათაურიც იმწამსვე თითქოს ციდან ჩამოვარდა: ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს. რაც შეეხება ჩემს საზოგადოებრივ ცხოვრებას, ის ნაკლებად საინტერესო იყო: ობოლი, უმომავლო ბერბიჭა, კარგი ჟურნალისტი, ოთხგზის ფინალისტი კარტახენა დე ინდიასში გამართულ ყვავილების თამაშებში და კარიკატურისტების ამოჩემებული ობიექტი უმაგალითო სიუშნოვის წყალობით. მოკლედ: დაღუპული ცხოვრება მქონდა და დაღუპულად წავიდა იმ დღიდან, როცა დედაჩემმა ცხრამეტი წლის ბიჭი ხელჩაკიდებული მიმიყვანა დიარიო დე ლა პასში იმის გასარკვევად, დაბეჭდავდნენ თუ არა ჩემს ქრონიკას სკოლის ცხოვრებიდან, რომელიც ესპანური ენისა და ისტორიის გაკვეთილზე დავწერე.

დაბეჭდეს კვირის ნომერში და ზედაც დირექტორის დიდი იმედის მომცემი წინათქმაც დაურთეს. წლების მერე გავიგე, თურმე დედაჩემს ამ პუბლიკაციისა და მომდევნო შვიდი პუბლიკაციის გამოსაქვეყნებლად ფული გადაუხდია. სირცხვილით ტანჯვა დაგვიანებული იყო. ჩემმა ყოველკვირეულმა საგაზეთო სვეტმა მალე საკუთარი ფრთები შეისხა, მეც უკვე ახალი ამბების შემდგენელი და კრიტიკოსი გახლდით მუსიკის დარგში.
როგორც კი ბაკალავრის ხარისხი და წარჩინებულის დიპლომი მივიღე, ერთდროულად სამ კოლეჯში დავიწყე მუშაობა ესპანური და ლათინური ენების მასწავლებლად. უნდა ვაღიარო, მასწავლებლად ვერ ვივარგე. არც საკმარისი განათლება გამაჩნდა, არც მოწოდება და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც უბედური ბავშვების მიმართ თუნდაც ერთი ბეწო სიბრალულისა. მათთვის ხომ სკოლა იოლზე იოლი საშუალება იყო გაქცეოდნენ მშობლების ტირანიას.

ერთადერთი, რისი გაკეთებაც მე შემეძლო მათთვის _ ეს იყო შიში ჩემი ხის სახაზავის მიმართ და გაკვეთილებიდან, სხვა თუ არაფერი, ჩემს საყვარელ პოეტურ სტრიქონებს ჩასწვდენოდნენ: ყველაფერი, რასაც ახლა ხედავ, ფაბიო, სევდიანი ბორცვია მხოლოდ, უკაცრიელი ხეობაა, ოდესღაც კი დიდ იტალიკად იწოდებოდა. მხოლოდ სიბერეში და ისიც შემთხვევით გავიგე, მოსწავლეებს რა საძაგელი სახელი შეურქმევიათ ჩემთვის _ სევდიანი ბორცვი.
აი, ეს არის ყველაფერი, რაც ცხოვრებამ მიბოძა, მე კი თითიც არ გამინძრევია, მეტი მიმეღო მისგან. დასვენებაზე მარტო ვსადილობდი, საღამოს ექვს საათზე რედაქციაში მივდიოდი და ვარსკვლავურ სივრცეში სიგნალებს ვიჭერდი. ღამის თერთმეტ საათზე რედაქცია იკეტებოდა და ჩემი ნამდვილი ცხოვრებაც მაშინ იწყებოდა. კვირაში ორ-სამჯერ ჩინურ კვარტალში ვიძინებდი, დროს ჭრელჭრულ ხალხში ვატარებდი. ორჯერ მოვიპოვე წლის კლიენტის გვირგვინი. მახლობელ კაფე რომში ვახშმობის მერე კი ალალბედზე ვირჩევდი რომელიმე ბორდელს და სამარქაფო შესასვლელით ჩუმად ვიპარებოდი შიგნით.

პირველად სიამოვნებისთვის დავდიოდი იქ, მერე და მერე იქაურობა ჩემი სამუშაოს ნაწილი გახდა: ენადგაკრეფილი პოლიტიკანი ბობოლები ერთ ღამეში ფქვავდნენ სახელმწიფო საიდუმლოებებს და ფიქრადაც არ მოსდიოდათ, მუყაოს თეჯირს მიღმა სხვებსაც რომ ესმოდათ მათი ნაყბედარი. სწორედ ამ გზით _ აბა, სხვანაირად ვინ გამიბედავდა პირში თქმას! _ გავიგე, ჩემს უსიხარულო ბერბიჭულ ცხოვრებას პედერასტობისკენ მიდრეკილებით ხსნიდნენ თურმე, ბინძურ ჟინს შავი ქუჩის ბიჭბუჭებთან იკმაყოფილებსო.
ჩემდა საბედნიეროდ, დავივიწყე ეს ყველაფერი, როგორც ბევრი სხვა, რადგან იმავდროულად ბევრი კარგიც მესმოდა ჩემზე და ღირსეულად შემიფასებია და შემიფერებია კიდეც.
ახლო მეგობრები არასოდეს მყოლია, ისინი კი, ვისთანაც მომიწია დაახლოებამ, თითზე ჩამოსათვლელი და თანაც ნიუ-იორკში იყვნენ გადასულები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, დაიხოცნენ, რამეთუ, ჩემი აზრით, სწორედ იქით მიეშურებიან მწუხარე სულები თავიანთი წარსული ცხოვრების სიმართლის დასავიწყებლად. რაც პენსიაზე გავედი, საქმეებიც შემიმცირდა. პარასკევობით საღამო ხანს მიმქონდა სტატია რედაქციაში, ბელ არტეს დარბაზში კონცერტებს ვესწრებოდი, სამხატვრო ცენტრში, სადაც წევრ-დამფუძნებელიც ვიყავი, ნახატების გამოფენას ვაწყობდი, საზოგადოებრივი კეთილმოწყობის საზოგადოებაში ლექციებს ვკითხულობდი, არ ვტოვებდი არც ერთ მნიშვნელოვან მოვლენას, მაგალითად, თეატრ აპოლოში გამართულ ფაბრეგასის ფილმების ჩვენებას. ახალგაზრდობაში საზაფხულო ღია კინოთეატრში დავდიოდი. იქ ერთნაირი წარმატებით შეგეძლო მთვარის დაბნელებისთვისაც გედევნებინა თვალი და მოულოდნელად წამოსულ შხაპუნა წვიმაში გალუმპულს ორივე ფილტვის ანთებაც აგეკიდებინა.

ფილმებზე მეტად ღამის ჩიტუნიები მიზიდავდნენ. ყველაფერზე იყვნენ თანახმანი კინოს ბილეთის ფასად, ზოგჯერ უფულოდაც მოგყვებოდნენ და თქვენ წარმოიდგინეთ, _ ნისიადაც.

ნაწილი 4

მოკლედ, კინო ჩემი ჟანრი არ არის. შირლი ტემპლის ურცხვობის კულტი ხომ ყელში მქონდა ამოსული.
მოგზაურობით სულ ოთხჯერ ვიმოგზაურე. ოცდაათი წლისა არც ვიყავი, კარტახენა დე ინდიასში ყვავილთა თამაშებზე რომ გავემგზავრე პირველად. ერთხელ კიდევ საკრამენტო მონტელიას მიწვევით მისივე ბორდელის საზეიმო გახსნაზე ძრავიანი ნავით წავედი სანტა მარიაში და საშინელი ღამეც გადავიტანე მგზავრობისას. რაც შეეხება ჩემს შინაურულ ცხოვრებას, წუნია არ ვარ, ცოტას ვჭამ, ახლა მით უმეტეს: დამიანა დაბერდა, სადილს ვეღარ მიმზადებს და ჩემი ყოველდღიური საჭმელიც შემწვარი კარტოფილი გახდა, რომელსაც გემრიელად მივირთმევ კაფე რომში.
ერთი სიტყვით, როსა კაბარკასის ტელეფონის ზარის მოლოდინში ვერც ვისადილე და ვერც კითხვას დავუდე გული.

ნაშუადღევის ორ საათზე ჯოჯოხეთურად ცხელოდა. ყურის წამღებად ჭრიჭინებდნენ ჭრიჭინობელები. მზე ფანჯრებს ისე აცხუნებდა, ჰამაკს ადგილი შევუცვალე. რაც თავი მახსოვს, სულ სიცხეა ჩემი დაბადების დღეს, და თითქოს მივეჩვიე კიდეც ამას, მაგრამ ახლა განსაკუთრებულად გაუსაძლისი პაპანაქება იდგა. ვბორგავდი, სული მეხუთებოდა. საათი ოთხს უჩვენებდა. მეტის მოთმენა აღარ შემეძლო, იქნებ ცოტა დავმშვიდდე-მეთქი, იოჰან სებასტიან ბახის ვიოლონჩელისთვის შექმნილი ექვსი სიუიტა ჩავრთე პაბლო კაზალსის შესრულებით.

ჩემი აზრით, თუ რამ ბრძნულია მუსიკაში, ეს _ სიუიტებია. მაგრამ რატომღაც ახლა დამშვიდების ნაცვლად უმძიმეს პროსტრაციაში ჩამაგდეს. მეორე სიუიტაზევე _ რომელიც ცოტა შფოთიანი მეჩვენება _ მომერია რული. ძილ-ბურანში წასულს მესმოდა, ვიოლონჩელის მუდარას როგორ ერთვოდა პორტიდან გამავალი გემის გაბმული გუგუნი. ტელეფონის ზარმა თითქმის მაშინვე გამომაღვიძა, როსა კაბარკასის ჟღრიალა ხმამ სწრაფად დამაბრუნა ცხადში: გიმართლებთ გიჟებს, _ თქვა მან, _ გიპოვე ვარიკელა, შენ რომ გინდოდა, იმაზე უკეთესი. მაგრამ მეშინია, ხათაბალაში არ გავეხვიოთ: გოგონას სულ ახლახან შეუსრულდა თოთხმეტი წელი. არა უშავს, საფენებს გამოვუცვლი, _ ვიხუმრე მე, თუმცა შევატყვე, როსა ბოლომდე არ ამბობდა სათქმელს.

შენ რა გენაღვლება, _ თქვა მან ცოტაოდენი დუმილის შემდეგ, _ სამი წლის ციხეს ვინ ამაცილებს, ფულს ვინ გადაიხდის?
არავის არასდროს არაფერი გადაუხდია, მით უმეტეს, როსას. ის ხომ თავის მოსავალს სწორედ მცირეწლოვანთა წყალობით იღებდა! მისი დუქნის მთავარი საქონელი ხომ პატარა გოგონები იყვნენ. ისინი ხომ მასთან დგამდნენ პირველ ნაბიჯებს, როსაც მანამ წურავდა მათ, სანამ გოგონები არ გადადიოდნენ დიპლომირებული მეძავების უფრო მკაცრი ცხოვრების წესზე შავი ეუფემიას ცნობილ ბორდელში. როსა კაბარკასს არასოდეს გადაუხდია ჯარიმა, მისი სახლი ხომ არკადიას წარმოადგენდა იქაურ ხელისუფალთათვის, დაწყებული გუბერნატორიდან დამთავრებული მერიის კანცელარიის ვირთხამდე. ჰოდა, ძნელი წარმოსადგენი იყო, ამ დაწესებულების დიასახლისს ძალაუფლება არ ჰყოფნოდა თავისდა სასარგებლოდ დაერღვია კანონი. ასე რომ, მისი დაგვიანებული ვითომ წუხილი, ეტყობა, მხოლოდ ერთი ჩანაფიქრისთვის იყო გამიზნული: რაც შეიძლება მეტი ფასი დაედო თავისი გარჯისთვის და მომსახურებისთვის _ ძნელია, მაშასადამე, ძვირია. ყველაფერი მოგვარდა ორი პესოს დამატებით, მოვილაპარაკეთ, ზუსტად ათ საათზე მე უნდა მივიდე როსასთან სახლში და წინასწარ გადავიხადო ნაღდი ფული ხუთი პესო.

ოღონდ არავითარი ადრე მისვლა, თუნდაც ერთი წუთით ადრე! გოგონამ ჯერ უმცროს ძმებს უნდა აჭამოს, დააძინოს, მერე რევმატიზმიან დედას მიხედოს, ლოგნში ჩააწვინოს.
რჩებოდა ოთხი საათი. იმისდა მიხედვით, როგორ გადიოდა დრო, გული მწველი ქაფით მევსებოდა, სუნთქვა მიჭირდა. ვიფიქრე, მოვემზადები, გამოვეწყობი და ამასობაში დროც გავა-მეთქი, მაგრამ ამაოდ გავისარჯე, რა თქმა უნდა, დიდი ვერაფერი დრო მოვიგე, თუმცა ნელა, აუჩქარებლად ვაკეთებდი ყველაფერს. დამიანამაც აღნიშნა, სენიორ ეპისკოპოსივით იცვამთო. წვერი გავიპარსე, მერე საშხაპეში შევედი, იქ ცოტა ხანს მომიწია დაცდამ, ვიდრე მზეზე გაცხელებული წყალი წამოვიდოდა მილში… სანამ ტანს ვიმშრალებდი, ისევ გავოფლიანდი. დავიწყე ჩაცმა დღევანდელი საღამოსა და ვითარების შესაფერისად.

ჩავიცვი საყელოგახამებული ლურჯზოლებიანი პერანგი, თეთრი ტილოს პიჯაკი, თუთიის მათეთრებლით გაახლებული შტიბლეტი, ყელზე ჩინური აბრეშუმის ჰალსტუხი გავინასკვე და ლაცკანის ღილკილოზე ძეწკვით დავიმაგრე ოქროს საათი. ბოლოს კი შარვლის ტოტები შევიკეცე შიგნით, რათა არავის შეემჩნია, ერთი მტკაველით რომ დავპატარავდი.
წუწურაქს მეძახიან, ეს იმიტომ, რომ რაკი იქ ვცხოვრობ, სადაც ვცხოვრობ, მათი აზრით, არ უნდა მიჭირდეს. არადა, არავინ იცის, წარმოდგენაც კი არ აქვთ, რა ღარიბი ვარ. ეს ღამე კი მართლაც ძვირი დამიჯდება, ჩემი ჯიბე ვერ გაწვდება. საწოლქვეშ, სკივრში, ფული მაქვს გადანახული. ორი პესო ოთახის ქირისთვის მჭირდება, ოთხი _ საროსკიპოს პატრონისთვის, სამი _ გოგონასთვის და ხუთიც ჩემთვის საუზმისა და სხვადასხვა წვრილმანისთვის. სხვანაირად რომ ვთქვა, ეს ის თოთხმეტი პესოა, გაზეთმა რომ გადამიხადა საკვირაო წერილებში.

ფული ქამარზე მიკერებულ საიდუმლო ჯიბეში შევინახე და ოდეკოლონი აგუა დე ფლორიდა მივისხურე. უცებ შიშმა ამიტანა, მაგრამ რვა საათის ზარის პირველსავე ჩამოკვრაზე ოფლად გახვითქული სიბნელეში ხელის ცეცებით დავეშვი კიბეზე და გავედი დიდი მოლოდინების კაშკაშა ღამეში.
ქუჩა განათდა. პროსპექტზე ცარიელ ტაქსებს შორის ჯგუფ-ჯგუფად შეკრებილი კაცები ხმამაღლა კამათობდნენ ფეხბურთზე. აყვავებულ ოლეანდრების ხეივანში სასულე ორკესტრი ვალსს უკრავდა. ერთმა მეძავმა ქალმა, ერთ-ერთმა იმათგანმა, სარფიან, სოლიდურ კლიენტებზე რომ ნადირობენ ნოტარიუსების ქუჩაზე, როგორც ყოველთვის, ახლაც მთხოვა სიგარეტი და მეც, როგორც ყოველთვის, ახლაც ვუპასუხე: სიგარეტს აღარ ვეწევი ოცდაცამეტი წელიწადი, ორი თვე და ჩვიდმეტი დღეა-მეთქი. ოქროს ზანზალაკთან გავლისას განათებულ ვიტრინაში საკუთარი თავი დავინახე ბებერი და საძაგლად ჩაცმული.
ათი საათი ჯერ არ იყო. ტაქსი გავაჩერე და ვთხოვე, სასაფლაოსკენ წავეყვანე, არ მინდოდა, მიმხვდარიყო, სადაც მივდიოდი.

მძღოლმა სარკიდან შემომხედა და მხიარულად მითხრა: ნუ მაშინებთ, ბრძენო ბატონო, ღმერთმა ქნას, მეც ისეთივე ცოცხალი ვიყო, როგორიც თქვენა ხართ. ხურდა არ ჰქონდა და სასაფლაოსთან ორივენი გადმოვედით მანქანიდან. მძღოლი იქვე სასაუზმე სამარეში შევიდა, სადაც მოქეიფე ლოთები თავ-თავიანთ ძვირფას მიცვალებულებს დასტიროდნენ მუდამდღე.
მძღოლმა ძალზე სერიოზულად მითხრა: ფრთხილად იყავით, დონ, როსა კაბარკასის სახლი ისეთი აღარ არის, ძველად რომ იყო.

ნაწილი 5

მადლობის მეტი რა მეთქმოდა. არ არსებობს საიდუმლო, კოლუმბის პროსპექტის ტაქსის მძღოლმა რომ არ იცოდეს!
შევედი სიღარიბის კვარტალში, რომელსაც არავითარი საერთო არ ჰქონდა იმასთან, ძველად, ჩემს დროს რომ მინახავს. მართალია, იგივე ფართო, გახურებული, ქვიშიანი ქუჩები, პირთამდე კარღია სახლები, გაურანდავი ფიცრებით შეკოწიწებული კედლები, პალმის ტოტების სახურავები და ღორღით დაფარული პატარა შიდა ეზოები დამხვდა, მაგრამ სამაგიეროდ ყურისწამღები ხმაური იდგა. იქაურმა მცხოვრებლებმა დიდი ხანია დაივიწყეს, რა არის სიჩუმე და მშვიდი ძილი.

სახლებში მხიარულება გუგუნებდა, მუსიკოსები დოლების ბრაგუნითა და რკინის თეფშების მჭახე ხმით აზანზარებდნენ იქაურობას. ყველა მსურველს შეეძლო ორმოცდაათ სენტავოდ ნებისმიერ სახლში შესულიყო საცეკვაოდ ან სულაც კარწინ ეცეკვა დავარდნამდე. მივდიოდი და გუნებაში ვილანძღებოდი, ნეტავ მიწა რატომ არ გამისკდება და არ ჩამიტანს ამ ჩემს ქარაფშუტულ პიჯაკიანად-მეთქი, მაგრამ ჩემთვის არავის სცხელოდა. მხოლოდ ერთი სახლის წინ მთვლემარე ჩასუქებულმა მულატმა კაცმა შემომძახა გულითადად:
_ გწყალობდეს ღმერთი, პატივცემულო. სასიამოვნო ჟიმაობას გისურვებ.
აქაც მადლობის მეტი რა მეთქმოდა. სანამ აღმართს ავათავებდი, სამჯერ მაინც შევჩერდი სულის მოსათქმელად. მშვენიერი სანახავი იყო ჰორიზონტზე ამოწვერილი უზარმაზარი სპილენძისფერი მთვარე.

მუცელში რაღაცამ მომიარა შიშისგან, მაგრამ მალევე გამიარა. ქუჩის ბოლოში ხეხილის ბაღი იწყებოდა. სწორედ აქ იყო როსა კაბარკასის მაღაზია.
სადღა იყო ძველი როსა კაბარკასი, თავისი სიფრთხილით ცნობილი უზარმაზარი ქალი როსა-სანი. მახსოვს, წლების წინ სახანძრო რაზმის სერჟანტის წოდებაც კი გვინდოდა მისთვის მიგვეცა: ისეთ სასიყვარულო ხანძრებს აჩენდა და ისეთ მოქნილობას ამზეურებდა ამ დროს, რომ მართლაც ყველასგან გამოირჩეოდა თავისივე სახლში. მარტოობას დაეჩიავებინა ეს ვეებერთელა ქალი, კანი დანაოჭებოდა, ხმაც გოგონასავით დაწვრილებოდა, ოღონდ ბებერ გოგონასავით. ძველი როსასი მხოლოდ დიდებული კბილებიღა შემორჩენოდა. მძიმე ძაძები ეცვა, ქმარს გლოვობდა, ორმოცდაათი წელი იცხოვრეს ერთად.

ძაძებს ამძიმებდა შავი სამგლოვიარო ფარფლიანი ქუდი, რომელიც ერთადერთი ვაჟიშვილის დაკარგვის გამო ეხურა. სიცოცხლის ნიშატი მხოლოდ გამჭვირვალე მკაცრ თვალებში ჩაჰბუდებოდა და მივხვდი, არსებითად იგი არ შეცვლილიყო.
მაღაზიაში ნათურა ბჟუტავდა. თაროებზე არაფერი ეწყო. ყველამ იცოდა, ეს პატარა მაღაზია როსას თავისი ხელობის შესანიღბად რომ სჭირდებოდა. ყველამ იცოდა, მაგრამ ხმამაღლა არავინ ამბობდა. მე რომ შევედი, როსა კლიენტს აცილებდა კარამდე. არ ვიცი, მართლა ვერ მიცნო თუ თავი მოიკატუნა სხვის დასანახად.

მე სკამზე ჩამოვჯექი. შევეცადე, აღმედგინა წარსული, როცა ორივენი ფერ-ხორცით სავსე ახალგაზრდები ვიყავით. რამდენჯერ ვუხსნივარ ძნელ წუთებში, რამდენჯერ მომშველებია, თავად რამდენჯერ დაუცხრია ჩემთვის გზნება. ეტყობა, ფიქრებს მიმიხვდა. მოტრიალდა და ისე მომაშტერდა, შევიშმუშნე. წლები არ დაგტყობია, _ ოხვრას ნაღველი ამოაყოლა. მინდოდა, რაღაც ქათინაურისმაგვარი მეთქვა: შენ დაგტყობია, მაგრამ გიხდება.

მე სერიოზულად გეუბნები, _ თქვა მან, _ ჯაგლაგი ცხენის ფიზიონომია გამოგცოცხლებია. ალბათ, იმიტომ, რომ სხვა სახლებში ვძოვ ბალახს, _ ვუკბინე მე. შეკრთა. როგორც მახსოვს, საუკეთესო ურო გქონდა, იშვიათი, ახლა როგორია? სიტყვა ბანზე ავუგდე. ერთადერთი, რაც ჩვენ შემდეგ შეიცვალა, ჩემი უკანალია, რომელიც გამუდმებით მეწვის. მან სწრაფად დასვა დიაგნოზი: იშვიათად იყენებ. მე მას ვიყენებ მხოლოდ იმისთვის, რაც ღმერთმა დაუწესა, _ ვუპასუხე მე, _ მაგრამ გულახდილად რომ ვთქვა, დიდი ხნის წინათაც მაწუხებდა და თანაც სავსე მთვარის დროს.

როსამ ხელი მოაფათურა და მწვანესაცხიანი პატარა კოლოფი გამოაძვრინა საიდანღაც. გოგონას უთხარი, თითით აი, ასე წაგისვას, _ და თვალსაჩინოებისთვის უწმაწურად აამოძრავა საჩვენებელი თითი. ღმერთის წყალობით ჯერ არ მჭირდება შენი ექიმბაშობა, _ ვუთხარი მე. აჰ, მაესტრო, გთხოვთ, მაპატიოთ, _ და საქმეზე გადავიდა.
გოგონა ოთახშია ათი საათიდან, _ თქვა მან, _ ლამაზი გოგოა, სუფთა, ზრდილობიანი, მაგრამ ძალზე შეშინებულია. მისი მეგობარი გოგო ერთ გაირელ მტვირთავს გაჰკიდებია. ორი საათი სისხლისგან იცლებოდა თურმე. გაირელებს ხომ იცი, როგორი სახელიც აქვთ, დედალ ვირებს შავ დღეს აყენებენო.

ჰო, საბრალო გოგო, ვითომ საქმე არ ჰყოფნიდეს, ფაბრიკაში მუშაობს, ღილებს აკერებს. ეგ რა მძიმე სამუშაოა-მეთქი. კაცებს გგონიათ ასე. ქვის მტვრევა სჯობს ამ საქმეს. როსა გამოტყდა, გოგონას ბრომიდიანი კატაბალახას წვეთები დავალევინე და ახლა სძინავსო. ვიცი, რატომაც წუწუნებს, ფასის აწევა სურს. როსამ კი თქვა: ჩემი სიტყვა ოქროა, წესს არ შევცვლი, მომსახურების ფასი ცალკეა, თანაც წკრიალა მონეტა და თანაც წინასწარო, მაშ.
როსას გავყევი, ეზო გავიარეთ.

გული მომილბა მისი მოჩვარული კანის დანახვაზე და იმაზეც, რა გაჭირვებით მიაბაჯბაჯებდა უბრალო ბამბის წინდებში გამოხვეულ დასივებულ ფეხებს. სავსე მთვარე შუა ცაზე დაეკიდა და ქვეყანაც თითქოს მწვანე წყლებში ჩაიძირა. მის სახლთან მუსიკოსებისთვის პალმის ტოტები დაეფინათ. ქალაქის მამებმა მოიწვიეს ისინი. გარშემო უამრავი ტყავგადაკრული სკამი იდგა, ჰამაკებიც გაეკიდათ. ეზოში, რომლის გადაღმაც ხეხილის ბაღი იყო გაშენებული, შეუთეთრავი აგურის შუშაბანდიანი სახლი იდგა. სახლს ექვსი საძინებელი ოთახი და ბადეაკრული ფანჯრები ჰქონდა.

ერთადერთი დაკავებული ოთახი ნახევრად სიბნელეში ჩაძირულიყო. რადიოში ტონია _ ზანგი ქალი მღეროდა სიყვარულზე. როსა კაბარკასმა სული მოითქვა: ბოლერო _ სიცოცხლეა. დავეთანხმე, მაგრამ დღემდე ვერ გადამეწყვიტა, დამეწერა. კარს ხელი ჰკრა, ოთახში შესული არ იყო, რომ მობრუნდა, ისევ სძინავს. სჯობს, დააცადო გამოძინება, იძინოს, რამდენსაც მისი სხეული ითხოვს. შენი ღამე უფრო გრძელია, იმისი მოკლე.

დავიბენი: კი მაგრამ, შენი აზრით, რა უნდა გავაკეთო? თვითონ მიხვდები, _ მიპასუხა მან ასეთი ვითარებისთვის შეუფერებელი სიმშვიდით, _ ბრძენი ტყუილადა ხარ? შებრუნდა და დამტოვა შიშის ზაფრასთან პირისპირ.
გაქცევას აზრი არ ჰქონდა, ოთახში შევედი და ლამის გული ამომვარდა მკერდიდან, დავინახე დედიშობილა მძინარე გოგო უზარმაზარ სხვის საწოლში. გვერდზე იწვა, კარისკენ სახემიქცეული. ჭერიდან ჩახჩახა შუქი დაჰნათოდა და მის სხეულზე ყოველ წვრილმანს გარკვევით აჩენდა. საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი, მონუსხული შევაცქერდი.

ნაწილი 6

ხუთივე გრძნობით ვისრუტავდი მის სურნელს. შავგვრემანი იყო, თბილი, ეტყობა, დაბანეს, გაალამაზეს თხემიდან ნაზი ღინღლით დაფარულ ბოქვენამდე. თმა დაუხვევიათ, ხელ-ფეხზე ფრჩხილები შეუფერადებიათ, მაგრამ მოთაფლისფრო კანი კი ქარდაკრული, აქერცლილი და მოუვლელი ჰქონდა.

ძუძუები საცაა დაეტყობოდა, ახლა კი ჯერჯერობით ბიჭისას მიუგავდა, თუმცა იგრძნობოდა მზადყოფნა, _ ამოეხეთქა დაფარული ენერგია. ფეხები მართლაც საუკეთესო ჰქონდა. ალბათ, მსუბუქად დადის. გრძელი და მგრძნობიარე თითები აქვს ხელებზეც. ჩართული ვენტილატორის ქვეშაც კი ოფლის წვეთები უბრწყინავდა სხეულზე.
შეღამებულზე აუტანელი სიცხე ჩამოდგა. ბრინჯის პუდრის სქელი ფენის ქვეშ ძნელი იყო მისი სახის გარჩევა.

გვარიანად შეეთითხნათ. ორი შევარდისფერებული ლაქა, დაწებებული წამწამები, გამუქებული წარბები, შოკოლადისფრად გათხიპნილი ტუჩები, _ მძიმე სანახავი იყო, მაგრამ კოსმეტიკის სქელი ფენის ქვეშ მაინც ჩანდა ამაყად გამოკვეთილი ცხვირი და ლამაზი ტუჩ-პირი. ნაზი, ყოჩაღი ბოჩოლა, _ გავიფიქრე მე.
თერთმეტ საათზე სააბაზანოში შევედი ჩემს საქმეზე. გოგონას იქ თავისი უბადრუკი ტანსაცმელი დაეტოვებინა, მაგრამ სკამზე ისე დაელაგებინა, თითქოს დიდი ძვირფასი სამოსი ყოფილიყო: პეპლებმოხატული სინთეტიკური ქსოვილის კაბა, ყვითელი მიტკლის ქვედა საცვალი, თასმებიანი სანდლები, იქვე იდო იაფფასიანი სამაჯური და ღვთისმშობლის გამოსახულებიანი მედალიონი.
მე პერანგი, პიჯაკი გავიხადე და საკიდზე ისე დავკიდე, არ დამჭმუჭნოდა. მოვშარდე უნიტაზში, რომელიც ჯაჭვიანი წყლის ავზის ქვეშ იდგა, მოვშარდე დამჯდარმა, როგორც ფლორინა დე დიოსმა მასწავლა პატარაობაში, რათა უნიტაზის კიდეები არ დასველებულიყო. რა დასამალია და, ნაკადი ლარივით იყო დაჭიმული, როგორც ველური ულაყისა.

სააბაზანოდან გასვლამდე ონკანს ზემოთ დაკიდებულ სარკეში ჩავიხედე. ცხენის სიფათი, რომელიც სარკიდან შემომეფეთა, არც ისე უსულო და უსიცოცხლო ჩანდა, მაგრამ კუშტი კი იყო. თავზე აქა-იქ შესაბრალისად შემრჩენოდა რამდენიმე ღერი თმა, ოდესღაც კი ფაფარივით მედო.
_ მძღ…რო, _ ვუთხარი ორეულს, _ აი, დარდი, თუ არ გიყვარვარ!
გოგო რომ არ გამეღვიძებინა, გახდილი ფრთხილად ჩამოვჯექი საწოლზე და წითელი შუქის სიცრუეზე მიჩვეული თვალებით მტკაველ-მტკაველ გადავჩხრიკე მისი სხეული. საჩვენებელი თითი ჩამოვაყოლე ოფლით დანოტივებულ კეფაზე და ისიც ჟრჟოლით გამომეპასუხა, ჩემკენ შემობრუნდა, რაღაც წაიბურტყუნა და თავისი სუნთქვის მომწარო სითბო შემომახვია. ცერა და საჩვენებელი თითი ოდნავ მოვუჭირე ცხვირზე. ის შეირხა, თავი გასწია, გადაბრუნდა, მაგრამ არ გაუღვიძია. უცებ რაღაც მეტაკა თითქოს, მოვინდომე, მუხლით მისი ფეხები გამეწია გან-განზე, მაგრამ მძინარე გოგონამ ფეხები უფრო მაგრად მიატყუპა.

ყურში წავუმღერე: დელგადინას საწოლთან ანგელოზები ჩამომსხდარან. ოდნავ მოდუნდა, ცხელმა დენმა დამიარა ძარღვებში და ჩემმა დინჯმა, კარგა ხანს უსაქმურობისაგან გულგაწყალებულმა მხეცმაც გამოიღვიძა ხანგრძლივი ძილის მერე.
დელგადინა, ჩემო სულიკო, _ ვევედრებოდი სურვილისაგან ცეცხლწაკიდებული. დელგადინა. მან ნაღვლიანად ამოისლუკუნა, ჩემს ფეხებს დაუსხლტა, ზურგი შემაქცია, მოიკუნტა, ლოკოკინასავით ჩაიმალა თითქოს ნიჟარაში. კატაბალახას ნაყენმა, ეტყობა, კარგად იმოქმედა მასზეც და ჩემზეც, რადგან არაფერი მომხდარა ჩვენ შორის. არა უშავს, რატომ გავაღვიძო, როცა მშვენივრად ვგრძნობ, რა არარაობაც ვარ, როცა ნაღველი მაწევს გულზე და თანაც მოლუსკივით ცივი ვარ.
სამრეკლოზე ღამის თორმეტი საათი ჩამოჰკრეს მკვეთრად და შეუვალად. დაიწყო ახალი დღე, ოცდაცხრა აგვისტო, დღე წმინდა მოწამისა ხუან ბაუტისტასი.

ვიღაცა ხმამაღლა ტიროდა ქუჩაში. ყურადღებას არავინ აქცევდა. ვილოცე, ღმერთს შევთხოვე შეწევნა ქუჩაში მოტირალის სახელითაც, თუკი, რა თქმა უნდა, სჭირდებოდა, და ჩემი სახელითაც ყველა მონიჭებული სიკეთისთვის. თავს ნუ მოიტყუებთ, ნუ იფიქრებთ, რომ ის, რასაც ელოდებით და რისი იმედიც გაქვთ, უფრო დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე მას ხედავენ თქვენი თვალები. გოგონამ ამოიკვნესა, ისიც შევავედრე ღმერთს: იყოს, როგორც არის. მერე რადიოც გამოვრთე და შუქიც. იქნებ დავიძინო.
რიჟრაჟზევე გამომეღვიძა, არ მახსოვდა, სად ვიყავი.

გოგოს ისევ ეძინა. ჩემკენ ზურგშექცეულს, მოკუნტულს, როგორც ნაყოფს დედის საშოში. აუხსნელი, ბუნდოვანი შეგრძნება დამეუფლა. რატომღაც მომეჩვენა, სიბნელეში ღამით როგორ წამოდგა, გავიგონე უნიტაზში ჩაშვებული წყლის შხუილი, მაგრამ იქნებ დამესიზმრა. რაღაც ახალი გაჩნდა ჩემში, არასოდეს მიმიმართავს მაცდუნებელი ხრიკებისათვის, ერთი ღამის საყვარელს ალალბედზე ვირჩევდი, უფრო ფასის მიხედვით, ვიდრე მისი ხიბლისა. უსიყვარულო სიყვარულობანას ვთამაშობდით უმეტეს შემთხვევაში. ნახევრად ჩაცმულები და ჩქარ-ჩქარა, რათა ერთმანეთი უკეთესი მოგstrongვჩვენებოდა, ვიდრე სინამდვილეში ვიყავით.

იმ ღამით მე აღმოვაჩინე დაუჯერებელი რამ, უსაზღვრო სიტკბოება, _ შევცქეროდი მძინარე ქალწულის სხეულს და არც სირცხვილი მაწვალებდა და არც სურვილი.
ხუთ საათზე ავდექი შეფიქრიანებული: ჩემი საკვირაო სტატია თორმეტ საათამდე უნდა იდოს რედაქციაში, მაგიდაზე. დაწესებულ დროზე გავითავისუფლე კუჭ-ნაწლავი _ სავსე მთვარე იყო და ვგრძნობდი წვას _ როცა წყლის ჩასაშვები ჯაჭვი ჩამოვქაჩე, ასე მეგონა, მთელი ჩემი წარსული წყენა თუ ტკივილი კანალიზაციას გავატანე-მეთქი. გამოცოცხლებული და ჩაცმული დავბრუნდი ოთახში. გოგონას გემრიელად ეძინა წყნარი განთიადის შუქზე. საწოლის გარდიგარდმო იწვა ხელებგაშლილი თავისი სიქალწულის სრულუფლებიანი დიასახლისი. გფარავდეს ღმერთი, _ დავლოცე. ფული რაც მქონდა, ჩემიც და მისთვის განკუთვნილიც, ბალიშზე დავუდე, შუბლზე ვაკოცე, სამუდამოდ გამოვემშვიდობე.

სახლი, როგორც ყველა ბორდელი განთიადისას, ახლოს იყო სამოთხესთან. ბაღში გამავალი კარიდან გავედი, რათა არავის გადავყროდი. ქუჩაში, მზეზე, კვლავ ვიგრძენი ჩემი ოთხმოცდაათწლოვანი ტვირთი და დავიწყე სიკვდილამდე დარჩენილი ღამეული წუთებისა და წამების გამოთვლა.

ამ მოგონებას რომ ვწერ, ჩემი მშობლების ბიბლიოთეკა უკვე გვარიანად არის შეთხელებული, ჩრჩილისა და ხის ჭიების წყალობით თაროები სადაცაა ჩამოიშლება. ბოლოს და ბოლოს, ამქვეყნად ჩემი საკეთებელი საქმისთვის ეს ლექსიკონები, ბენიტო პერეს გალდოსის ნაციონალური ეპიზოდების პირველი სერია და ჯადოსნური მთაც საკმარისია. ეს წიგნი ძალზე დამეხმარა ჩავწვდომოდი ჭლექით დასნეულებული და გაწვალებული დედაჩემის ავადმყოფურ ჭირვეულობას.
დანარჩენ ავეჯსა და თავად ჩემზეც უკეთ არის შემონახული ერთი უზარმაზარი მაგიდა, რომელზეც მე ვწერ და რომელიც თავის დროზე ბაბუაჩემს _ მამის მხრიდან _ საკუთარი ხელით გამოუთლია ძვირფასი ხისგან.

ნაწილი 7

ბაბუა თურმე გემთსაშენში მუშაობდა ხუროდ. რომც არაფერი მქონდეს საწერი, ყოველ დილით, როგორც წესი, მივუჯდები ხოლმე ამ მაგიდას, რომელსაც დროის მსახვრალი ხელი ჯერ არ შეხებია.

ბევრი სიყვარული მაქვს გამოტოვებული ამ მაგიდის გამო. ხელის გაწვდენაზე მიწყვია ჩემი წიგნები-თანამოაზრეები. 1903 წელს გამოცემული ესპანეთის სამეფო აკადემიის პირველი ილუსტრირებული ლექსიკონი, დონ სებასტიან კოვარუბიასის კასტილიური, ანუ ესპანური ენის საგანძური, დონ ანდრეს ბელიოს გრამატიკა, _ თუ, რა თქმა უნდა, სემანტიკის განხრით რაიმე დამაეჭვებდა; დონ ხულიო კასარესის ახალი იდეოლოგიური ლექსიკონი, ნიკოლა ზინგარელის იტალიური ენის ლექსიკონი, რომელიც დედაჩემის მშობლიური ენის განმტკიცებაში მეხმარება, ცოდნით კი იტალიური ენა აკვნიდანვე ვიცი, და კიდევ, ლათინური ენის ლექსიკონი. ლათინური ენა, რომელსაც ამ ორი სხვა ენის წინაპრად მიიჩნევენ, მშობლიურ ენასავით ვიცი.
მაგიდაზე მარცხენა მხარეს ყოველთვის მიდევს ხუთი თაბახის ფურცელი ჩემი საკვირაო ამბების ჩასაწერად, აქვე მიდგას ქვიშიანი პატარა ჭურჭელი მელნისათვის. ქვიშა მირჩევნია ახლანდელ საშრობი ქაღალდის ბალიშებს. მარჯვნივ სამელნე და ოქროს კალმისთვის ხის ლამაზი ჩასამაგრებელი მიდგას. ჯერჯერობით ლამაზად ვწერ, ფლორინა დე დიოსმა პატარაობიდანვე მიმაჩვია ლამაზად წერას, ყოველნაირად ცდილობდა საკანცელარიო ხელწერა არ გადმომეღო მამაჩემისგან, რომელიც სიკვდილამდე ნოტარიუსი და ნაფიცი მსაჯული იყო.

როცა რედაქციაში გამოგვიცხადეს, საგაზეთო მასალები მანქანაზე დაბეჭდილი მოიტანეთ, ლინოტიპზე სტრიქონების გამოთვლა და ტექსტის დაკაბადონებაც გაიოლდებაო, მე ვერაფრით შევეგუე ამ წესს, ვსარგებლობდი ძველი თანამშრომლის უფლებით და კვლავაც ხელნაწერი მიმქონდა, თუმცა ზოგჯერ ტექსტს საბეჭდ მანქანაზეც ვაკაკუნებდი კოდალასავით. ამჟამად პენსიაზე გასული ვსარგებლობ ღვთიური პრივილეგიით: შემიძლია ვიმუშაო სახლში, გამოვრთო ტელეფონი, რათა არავინ შემაწუხოს და რაც მთავარია, ვიმუშაო უცენზუროდ. ის რად ღირს, წერისას აბეზარი ცენზორი რომ არ გიდგას უკან და ცალი თვალით არ გამოწმებს, ნეტავ რას წერსო.
მარტო ვცხოვრობ, არც ძაღლი მყავს, არც ჩიტი, არც მოახლე, თუ არ ჩავთვლით ერთგულ დამიანას, რომელიც ბევრჯერ მომშველებია უეცრად წამოჭრილი სიძნელეების დროს და კვლავაც მოდის კვირაში ერთხელ მოსახმარებლად. სიკვდილის სარეცელზე ძალაგამოცლილმა დედაჩემმა მთხოვა, სანამ ახალგაზრდა ხარ, დაოჯახდი, ცოლად თეთრკანიანი ქალი მოიყვანე, სამი შვილი იყოლიეთ, ერთი უსათუოდ გოგო უნდა იყოს და ჩემი სახელი დაარქვათო. დედაჩემის დედასაც და ბებიასაც ფლორინა ერქვა. მომაკვდავი დედის თხოვნა ყოველთვის მახსოვდა, მაგრამ ეტყობა, ცნება ახალგაზრდობა მე ჩემებურად მესმოდა, უფრო ხანგრძლივი მსურდა ყოფილიყო. ალბათ, ამიტომაც ჩავიჭედე თავში, ცოლის თხოვა არასოდეს არის-მეთქი გვიან.

ასე ვფიქრობდი ერთ პაპანაქება დღემდე. იმ დღეს კი პრადომარეში პალომარეს დე კასტროების სახლში კარი შემეშალა და მათ უმცროს ქალიშვილს ხიმენა ორტისს მთლად დედიშობილას გადავაწყდი საძინებელში სიესტის დროს. კარისკენ ზურგშექცეული იწვა და ისე სწრაფად გადმომხედა მხარის ზემოდან, რომ ოთახიდან გასვლა ვერ მოვასწარი. ოჰ, გთხოვთ, მაპატიოთ, _ ამოვილუღლუღე სულშეგუბებულმა. ქალიშვილმა გაიღიმა, გაზელის გრაციოზულობით შემობრუნდა ჩემკენ და მთელი სიგრძე-სიგანით დამანახვა თავისი მშვენიერება. ოთახი თითქოს აივსო მისი სიახლოვით. მთლად შიშველი არ იყო: მანეს ოლიმპიასავის ნარინჯისფერფოთლებიანი ყვავილი მიემაგრებინა ყურთან, მარჯვენა ხელზე ოქროს სამაჯური ეკეთა, ყელზე _ წვრილი მარგალიტის მძივი.

არა მგონია, ამაზე ამაღელვებელი რამ ვიხილო ოდესმე, _ გავივლე მაშინ გონებაში და მართლაც, თამამად შემიძლია ვთქვა, არც შევმცდარვარ.
საკუთარი უგერგილობით დარცხვენილმა კარი გავიხურე იმ გადაწყვეტილებით, რომ სამუდამოდ დამევიწყებინა ხიმენა ორტისი, მაგრამ თავად ხიმენამ არ მომცა ამის საშუალება, საერთო მეგობრების ხელით მიგზავნიდა მაცდუნებელ წერილებს, მიპატიჟების ბარათებს, მემუქრებოდა კიდეც. ხმაც დაყარა, მართალია, სიყვარულზე სიტყვაც არ დაგვიძრავს, მაგრამ გაგიჟებით გვიყვარს ერთმანეთიო. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. თვალებს ველური კატასავით აკვესებდა, სხეული ჩაცმულიც ისეთივე მაცდუნებელი ჰქონდა, როგორიც შიშველი. ხშირი, გასაგიჟებელი ოქროსფერი თმა ისეთ ქალურ სურნელს აფრქვევდა, რომ გაცოფებული ვტიროდი ხოლმე ბალიშში სახეჩარგული. ვიცოდი, სიყვარული ჩვენ არ გამოგვივიდოდა, და მაინც ხიმენა ორტისის სატანური მომნუსხავი ძალა მწვავდა და არ მასვენებდა. სულის მოთქმას პირველსავე შემხვედრ მწვანეთვალება კახპასთან ვცდილობდი, მაგრამ ამაოდ.

ვერ შევძელი იმ ცეცხლის ჩაქრობა, პრადომარეში ნანახმა საწოლმა რომ წამიკიდა. ბოლოს დავყარე იარაღი, რასაც მოჰყვა ოფიციალური ნიშნობა და ბეჭდების გაცვლა. შევთანხმდით, ქორწილს წმინდა სამების დღესასწაულამდე გადავიხდიდით.
ამ ახალ ამბავს ჩინურ კვარტალში უფრო მეტი ხმაურით შეხვდნენ, ვიდრე მაღალი წრის კლუბებში. ჩემმა სასიძოობამ ქრისტიანული მორალის სრული დაცვით ჩაიარა ტერასაზე, _ ჩემი საბედოს სახლში ამაზონური ორქიდეებისა და გვიმრების ქოთნებს შორის. თეთრი ტილოს კოსტიუმში გამოწყობილი ვსტუმრობდი ხოლმე მათთან საღამოს შვიდ საათზე რაიმე სამშვენისი ნივთით ან შვეიცარიული შოკოლადით ხელდამშვენებული. ათ საათამდე ვსაუბრობდით ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად, დეიდა არხენიდა გვდარაჯობდა, თუმცა იმდროინდელი რომანების დუენიასავით ეყვინთებოდა და თავს წარამარა აკანტურებდა.
რაც უფრო ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, ხიმენა მით უფრო ააშკარავებდა თავის ვნებიანობას. ზაფხულის პაპანაქება დღეების დადგომისას ხომ ლიფი უფრო გამჭვირვალე ეცვა და ქვედა კაბა _ მოკლეზე მოკლე.

ასე რომ, ძნელი წარმოსადგენი არ იყო, რა დამანგრეველი ძალით იფეთქებდა ეს ყველაფერი სიბნელეში. ნიშნობიდან ორი თვის შემდეგ ჩვენ აღარაფერი გვქონდა სალაპარაკო. ერთხელ სრულიად მოულოდნელად მან ბავშვები ახსენა და ჩვილისთვის ფაჩუჩების ქსოვას შეუდგა უსიტყვოდ, ჩვეულებრივად. როგორც კარგად აღზრდილმა სასიძომ, მეც დავიწყე ქსოვა. ასე უაზროდ ვკლავდით ქორწილამდე დარჩენილ დროს. მე ცისფერ ფაჩუჩებს ვქსოვდი ბიჭისთვის, ის ვარდისფერს _ გოგონასათვის. წინდების მთა დავახვავეთ, ორმოცდაათ ბავშვს ეყოფოდა.

საათი ათს რომ ჩამოჰკრავდა, ცხენებშებმულ ეკიპაჟში ვჯდებოდი და მივდიოდი ჩინურ კვარტალში, რათა სამოთხისეულ ნეტარებაში გამეტარებინა ღამე.
ხმაურიანი ბერბიჭული გამოთხოვება, რომელსაც ჩინურ კვარტალში მიწყობდნენ, სრულიად განსხვავდებოდა საზოგადოებრივ კლუბში ჩემს პატივსაცემად გამართული დამღლელი საღამოებისგან.

ნაწილი 8

ეს კონტრასტი მეხმარებოდა ჩავწვდომოდი, ამ ორი სამყაროდან რომელი იყო ჭეშმარიტად ჩემი. წარმოიშვა ილუზია ორივეს თანაარსებობისა, მაგრამ თითოეულს თავისი დრო ჰქონდა. როგორც კი ერთ სამყაროში მოვხვდებოდი, ვგრძნობდი, მეორე როგორ მშორდებოდა პორტიდან ღია ზღვაში ქშენა-ქშენით გამავალი გემივით. ერთ დაწესებულებაში, რომელსაც უფლის ძალა ერქვა, წინასაქორწილო მეჯლისი ისეთი ცერემონიით დამიგვირგვინეს, რწმენადაკარგულ ესპანელ მღვდელს თუ მოაფიქრდებოდა მხოლოდ. მან უკლებლივ ყველა ქალი ფატით და ფლერდორანჟით მორთო, აქაოდა, საყოველთაოდ მიღებულ, უნივერსალურ, წმიდათაწმიდა მორთულობით კანონიერად უნდა დაგაქორწინოთ ამ კაცზეო. ეს იყო უდიდესი მკრეხელობის ღამე, რადგან ოცდაორმა ქალმა სიყვარული და მორჩილება გამომიცხადა, მე კი მათ კუბოს კარამდე ერთგულება და მხარში დგომა შევფიცე.
შინ გვიან მისულს თვალი არ მომიხუჭავს, ვერაფრით დავიძინე, ვიცოდი, გამოუსწორებელ ნაბიჯს რომ ვდგამდი.

განთიადი გამოკრთა, სამრეკლოს საათმა დრო-ჟამის ათვლა ააგუგუნა, მეც მივყევი მის გუგუნს, მანამდე ვითვლიდი, სანამ საათმა შვიდჯერ არ ჩამორეკა. ეს იმ დროს იყო, მე რომ ეკლესიაში უნდა ვყოფილიყავი ახლა. ტელეფონი რვაზე აწკრიალდა გრძლად, ჯიუტად, ავბედითად. მთელი ერთი საათი რეკავდა. არათუ ვუპასუხე, სუნთქვაც კი გავწყვიტე. ათი საათისთვის კარზე დააკაკუნეს, მერე მუშტები დაუშინეს, ლაპარაკიც მომესმა, ნაცნობი, საძულველი ხმები. ვაითუ კარი შემოამტვრიონ-მეთქი, შემეშინდა, მაგრამ თერთმეტი საათისთვის სახლი უკვე აივსო დიდი კატასტროფის მომასწავებელი მჩხვლეტავი ღიმილით.
მაშინ კი ავტირდი.

ხიმენასაც და ჩემს თავსაც ვტიროდი, ვლოცულობდი, ვიფიცებოდი, ჩემს ცხოვრებაში აღარასოდეს შევხვედროდი მას. რომელიღაც წმინდანმა ეტყობა შეისმინა ჩემი ლოცვა-ვედრება: ხიმენა ორტისმა იმავე ღამეს დატოვა აქაურობა და მხოლოდ ოცი წლის შემდეგ დაბრუნდა. გათხოვდა, შვიდი შვილი გააჩინა. ხომ შეიძლებოდა, ისინი ჩემი შვილები ყოფილიყვნენ.
მას შემდეგ, რაც საზოგადოების მიმართ უკმაყოფილება გამოვთქვი, ძლივს შევინარჩუნე სამსახურიც და გაზეთის ერთი სვეტიც. მთლად ამ მიზეზის გამო არ გადაუტანიათ ჩემი წერილები მეთერთმეტე გვერდზე, უბრალოდ, მეოცე საუკუნე შემოიჭრა ცხოვრებაში. ყველანი მხოლოდ პროგრესზე ლაპარაკობდნენ. ყველაფერი შეიცვალა: ფრენა დაიწყეს თვითმფრინავებმა, ვიღაც თავიანმა კაცმა იუნკერსიდან წერილებით სავსე ტომარა ჩამოაგდო და ასე გამოიგონა ავიაფოსტა.

ერთადერთი, რაც არ შეცვლილა, ჩემი საკვირაო ჩანაწერები იყო გაზეთში. ახალგაზრდა თაობა გამუდმებით მესხმოდა თავს და წარსულის მუმიად მიხსენიებდა, უნდა დაიწვას და დაიფერფლოსო, მაგრამ მე მაინც განვაგრძობდი წერას, ფარ-ხმალს არ ვყრიდი და არ ვემორჩილებოდი ნოვატორულ ქროლას, ყველაფრის მიმართ დაყრუებული ვიყავი. მე ორმოცი წლისა ვიყავი, ახალგაზრდა რედაქტორები ჩემს ჩანაწერებს ყბედის სვეტს ეძახდნენ. დირექტორმა მიხმო თავის კაბინეტში და მთხოვა, თქვენი წერილების სტილი ახალ ქროლას მიუსადაგეთო. თითქოს ეს-ეს არის თვითონ მოიგონა ეს გამოთქმაო, დიდი ზარზეიმურობით წარმოთქვა: ქვეყანა წინ მიდის. დიახ, _ ვუთხარი მე, _ ძველებურად წინ მიდის, მაგრამ ბრუნავს მზის ირგვლივ. მან დატოვა ჩემი საკვირაო ამბები, რადგან სხვა ვერავინ იპოვა ახალი ამბების მომპოვებელი.

დღეს უკვე მივხვდი, რომ ის მართალი იყო და აი, რატომ: ცხოვრების ორომტრიალში მოხვედრილი ჩემი თაობის ახალგაზრდები მომავლის ოცნებებში ვიყავით ჩაძირული მთელი არსებით, მაგრამ მკაცრმა რეალობამ ყველას დაგვანახვა, მომავალი სულაც არ გამოდგა ისეთი, როგორზეც ვოცნებობდით, ამიტომაც დაგვრია ხელი ნოსტალგიამ. ამის შესახებ მოუთხრობდა მკითხველს ჩემი ჩანაწერები _ წარსულის ნანგრევებში ჩარჩენილი არქეოლოგიური რელიკვიები. ეს ჩანაწერები მარტო მოხუცებისთვის კი არა, ახალგაზრდებისთვის უფრო იყო განკუთვნილი _ არ შეშინებოდათ სიბერისა. ჩემი წერილები კვლავ ყველაზე საკითხავი გახდა, პირველ სვეტსაც კი მითმობდნენ ხანდახან.
როცა პირად ცხოვრებაზე მეკითხებიან, ყველას ალალად ვპასუხობ, ქუჩის კახპებმა დრო არ დამიტოვეს დასაქორწინებლად-მეთქი, თუმცა უნდა ვაღიარო, ეს აზრი თავში არ მომსვლია მანამ, სანამ ოთხმოცდაათისა არ გავხდი, არ მომსვლია მანამ, სანამ როსა კაბარკასის სახლიდან გამოსვლისას მტკიცედ არ გადავწყვიტე, აღარასოდეს ავყოლოდი ცდუნებას. სულ სხვა ადამიანად ვიგრძენი თავი. გუნება შემეცვალა, როდესაც პარკის რკინის მესერთან მუნდირიანებს მოვკარი თვალი. დამიანა ოთხზე დამდგარი რეცხავდა იატაკს სასტუმრო ოთახში.

მისი ასაკისთვის შეუფერებელი ახალგაზრდული წვივ-ბარძაყის დანახვაზე მთელ ტანში დამიარა დიდი ხნის წინათ მივიწყებულმა ჟრჟოლამ. ეტყობა, ეს იგრძნო ქალმა, წელში გასწორდა, კაბის კალთა ჩამოიწია. ვკითხე: დამიანა, წარსულიდან თუ იხსენებ რამეს? არაფერსაც არ ვიხსენებ, მაგრამ აი, ახლა თქვენმა შეკითხვამ გამახსენა რაღაც. ვიგრძენი, გული როგორ შემეკუმშა. არასოდეს მყვარებია ვინმე, _ ვთქვი მე. მაშინვე მიპასუხა: მე კი, _ და თავისი საქმიანობა განაგრძო, _ ოცდაორი წელიწადი თქვენზე ტირილში გავატარე. გული გადამიქანდა მკერდში.

შევეცადე ღირსეულად დავსხლტომოდი ამ მდგომარეობას: ცუდი წყვილი არ ვიქნებოდით. ახლა რატომ მეუბნებით ამას? _ გაჯავრდა ის, _ თუ ჩემს დასამშვიდებლად ამბობთ, ფასი აღარ აქვს. სახლიდან რომ გავდიოდი, მან ძალზე უბრალოდ მითხრა: არ დამიჯერებთ და მე ისევ ქალიშვილი ვარ. მადლობა ღმერთს.
ცოტა მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ მთელ სახლში წითელი ვარდები ღუოდნენ ლარნაკებში, ხოლო ბალიშზე პატარა ბარათი იდო: გისურვებთ ასი წლის სიცოცხლეს! გუნებადამძიმებული ჩავუჯექი წინა დღის სანახევროდ დაწერილ ჩემს ამბებს და ერთი ამოსუნთქვით დავამთავრე კიდეც. თითქოს გედისთვის მომეგრიხოს კისერი, თან ისე ვჩქარობდი, თითქოს მინდოდა სანამ აქვითინდებოდა, მანამდე ამომერთმია მისთვის სული. დაგვიანებული შთაგონებით შეპყრობილმა გადავწყვიტე, წერილი დამემთავრებინა განცხადებით, რითაც აღვნიშნავდი ხანგრძლივი და ღირსეული ცხოვრების დასასრულს, მაგრამ იმასაც დავუმატებდი, რომ იოტისოდენა სურვილიც კი არ გამაჩნდა სიკვდილისა.
რედაქციის მისაღებში ვაპირებდი სტატია-განცხადების დატოვებას და შინ დაბრუნებას, მაგრამ ჩემდა გასაკვირად მთელი რედაქცია მე მელოდებოდა, რათა აღენიშნათ ჩემი იუბილე. შენობაში რემონტი მიმდინარეობდა, ყველგან ხის მასალა ეყარა, ნაგვის მთებიც იდგა, მაგრამ მუშაობა შეაჩერეს ზეიმის გამო.

ნაწილი 9

სადურგლო დაზგაზე ნაირ-ნაირი სასმელი და ლამაზად შეფუთული საჩუქრები ელაგა. ლამის დამაბრმავა და დამაყრუა ფოტოაპარატების ჩხაკუნმა და ნათებამ. თითქმის ყველამ სათითაოდ გადაიღო ჩემთან სურათი.
ძალიან გამიხარდა, როცა რადიოსა და საქალაქო პრესის ჟურნალისტები დავინახე. მოსული იყვნენ კონსერვატორთა და ლიბერალთა დილისა თუ საღამოს გაზეთებიდან, პრენსადან, ნასიონალიდან, კიდევ ერთი გაზეთიდან, რომელიც ძირითადად სენსაციურ ამბებსა და პატარ-პატარა რომანებსაც ბეჭდავს გულისამაჩუყებელ ვნებებზე. სულაც არ არის გასაკვირი, ყველამ რომ ერთად მოიყარა თავი. ასეა: უბრალო, რიგითი ჯარისკაცები ერთმანეთში მეგობრობენ, მათი გენერლები კი ამ დროს საგამომცემლო ომებში არიან ჩართული.
ოფიციალურ, შტატიან ცენზორს დონ ხერონიმო ორტეგას უსარგებლია თავისი არასამუშაო საათებით და ისიც მობრძანებულა. ჩვენ მას საძაგელ თოვლის კაცს ვეძახით; რედაქციაში ღამღამობით მოდის ხოლმე თავისი გუთი სატრაპის სისხლიან ფანქარმომარჯვებული და ერთ კრამოლურ სიტყვასაც არ ტოვებს მეორე დღეს გამოსასვლელ გაზეთში.

პირადად მე არ ვუყვარდი ჩემი გრამატიკული აღმოჩენებისა და ტექსტში გაბნეული იტალიური სიტყვებისა თუ გამოთქმების გამო. ჩემი აზრით, იტალიური ენა უფრო გამომსახველი და ტევადია, ვიდრე ესპანური. არც ბრჭყალებში ვსვამდი და არც კურსივით ვყოფდი, როგორც ეს საერთოდ არის მიღებული სიამის ტყუპებივით ერთმანეთთან განუყოფლად დაკავშირებული ორი ენის გამოყენებისას.
მდივანმა ქალმა დარბაზში შემოიტანა ღვეზელი, რომელზეც ოთხმოცდაათი ანთებული სანთელი იყო ჩარჭობილი. ამ სანთლებმა დამანახვეს და მაგრძნობინეს განვლილ წელთა სიმრავლე. ცრემლი მახრჩობდა, როცა მისალოც სიმღერას მიმღეროდნენ და უცებ გოგონა გამახსენდა. გამახსენდა სინანულის გარეშე, მხოლოდ დაგვიანებული თანაგრძნობით. რამ გამახსენა.

საერთოდ, ფიქრადაც არ გამივლია, რომ ოდესღაც გამახსენდებოდა. როდესაც ანგელოზმა გადაიფრინა, ვიღაცამ დანა მომაჩეჩა ხელში ღვეზლის გასაჭრელად. გამახსრების შიშით არავინ რისკავდა სიტყვის წარმოთქმას. მეც სიკვდილი მერჩივნა კითხვებზე პასუხის გაცემას. ზეიმის დასასრულს რედაქციის გამგემ, ვის მიმართაც არასოდეს მქონია განსაკუთრებული სიმპათია, უმოწყალოდ დაგვაბრუნა მიწაზე: აბა, ძვირფასო იუბილარო, სად არის თქვენი სტატია?
მართალი რომ ვთქვა, მთელი ეს ხანი სტატია ნაკვერცხალივით მედო ჯიბეში, მაგრამ ზეიმმა ისე ამაღელვა, რომ გამბედაობა არ მეყო გათავისუფლების შესახებ განცხადებით გამეფერმკრთალებინა იგი. ამჯერად არ მაქვს, _ ვთქვი მე. რედაქციის გამგე უკიდურესად უკმაყოფილო ჩანდა წარმოუდგენლად დაუშვებელი მარცხის გამო, იმ მარცხის გამო, გასული საუკუნის მერე რომ არ მომხდარა.

გთხოვთ, გამიგოთ, _ ავუხსენი მე, _ მძიმე ღამე გადავიტანე, გამოღვიძებულს თავი გასკდომაზე მქონდა. ჰოდა, სწორედ ეგ დაგეწერათ, _ მიპასუხა მისთვის ჩვეულ გესლიან კილოზე, _ მკითხველისთვის საინტერესო იქნებოდა პირადად ოთხმოცდაათი წლის კაცისაგან გაეგო, როგორია ცხოვრება ამ ასაკში. საუბარში ერთ-ერთი მდივანი ქალი ჩაერთო: იქნებ ეს სულაც პიკანტური საიდუმლოა? _ ქალმა ეშმაკურად შემომხედა, _ ვცდები? სახეზე ალმური მომედო: ჯანდაბა ჩემს თავს, _ გავიფიქრე მე, _ საკუთარმა თავმა გამცა, მიღალატა. მეორე მდივანმა ქალმა თითი მოაშვირა ჩემკენ: ღმერთო, რა საოცარია! მას ჯერაც არ დაუკარგავს გაწითლების უნარი! ამ უბოდიშო ქცევამ კიდევ უფრო გამაწითლა. ეტყობა, დიდი ბობოქარი ღამე გადაიტანა, _ არ ცხრებოდა მდივანი ქალი, _ შურით ლამის გავსკდე _ და კოცნა მომაწება ლოყაზე, კიდეც დამაჩნია. ფოტორეპორტიორები ნამდვილად გაცოფდნენ, ფოტოაპარატების ნათებით თვალაჭრელებულმა რედაქციის გამგეს სასწრაფოდ მივაწოდე ქაღალდი: წეღან ვიხუმრე, აი აგერ არის სტატია-მეთქი, და გავიქეცი ამჯერად ტაშის გრიალით დაყრუებული: არ მინდოდა დავსწრებოდი იმ წამს, როცა აღმოჩნდებოდა, რომ ეს სტატია კი არა, ჩემი განცხადება იყო იმ გალერიდან წასვლის თაობაზე, რომელზეც ნახევარი საუკუნე დავყავი.
სულიერი მღელვარება და ფორიაქი საღამო ხანს შინ დაბრუნებულსაც მომყვა. საჩუქრები გადავათვალიერე.

ლინოტიპისტებს, ალბათ, დაავიწყდათ, წინა დაბადების დღეებზეც რომ ზუსტად ასეთივე მადუღარები მაჩუქეს. სტამბის თანამშრომლებმა მუნიციპალური ცხოველსაშენიდან ანგორის კატის წამოყვანის ნებართვა მომიტანეს. ხელმძღვანელობამ სიმბოლური შეღავათები მიბოძა რაღაც-რაღაცებში. მდივანმა ქალებმა აბრეშუმის ქვედა საცვალი მაჩუქეს პომადიანი ტუჩების ანაბეჭდებით აჭრელებული და პატარა ბარათიც მოაყოლეს: თუ თქვენი სურვილიც იქნება, სიამოვნებით მოგემსახურებით საცვლის გახდაშიო. უყვართ ყმაწვილ ქალებს ბებრებთან ხუმრობა და თამაში. მით უმეტეს, როცა ეს ბებერი თამაშგარე მოთამაშედ მიაჩნიათ.
ნეტავ ეს შესანიშნავი ფირფიტა ვინ გამომიგზავნა? _ შოპენის ოცდაოთხი პრელუდია იყო აშკენაზის შესრულებით. რედაქტორების უმეტესობამ მოდური წიგნები მაჩუქა.

ხეირიანად ვერც კი მოვასწარი საჩუქრების დახსნა, რომ ტელეფონი აწკრიალდა და როსა კაბარკასმა ის შეკითხვა დამისვა, რომლის გაგონებაც არ მინდოდა: რა მოხდა შენსა და გოგონას შორის? არაფერი, _ ვუპასუხე დაუფიქრებლად. ე.ი. შენი აზრით, არაფერია, გოგონა რომ არ გააღვიძე? შენ რა, ვითომ არ იცი, ქალი რომ არასოდეს პატიობს კაცს პირველი ღამის უმოქმედობას? იქით შევედავე: არა მგონია, ეგ შენი გოგონა მხოლოდ ღილების დაკერებას დაეღალოს ამ ზომამდე. თავს იმძინარებდა, ალბათ, ეშინოდა, მხეცურად არ მომექცესო, იცი რას გეტყვი? _ თქვა როსამ, _ ცუდი ის არის, რომ გოგონა მართლა დარწმუნდა შენს უძლურებაში, მე კი სულაც არ მინდა, ეს ამბავი ქვეყანამ გაიგოს.
როსას არ მივეცი ჩემი დამარცხებით გამოწვეული კმაყოფილების უფლება: ასეა თუ ისე, გოგონაც ისეთი საცოდავი შესახედავია მძინარე, და ალბათ, მღვიძარეც, რომ არ ვიცი, როგორ მოვექცე. როსამ ოდნავ შეარბილა კილო: ყველაფერი სიჩქარის ბრალია, ასე ფაცაფუცით არ კეთდება საქმე, მაგრამ შეცდომებს გამოვასწორებთ, აი, ნახავ. შემპირდა, გოგონას ვაიძულებ ყველაფერი გულახდილად მითხრას, და თუ მართლა იმძინარებდა თავს, მაშინ ფულს დაგიბრუნებთო. არა, რას ამბობ, ეგ არ გინდა.

დიდი არაფერი მომხდარა. ახლა უკვე დარწმუნებით ვიცი, რომ ეს საქმე აღარ არის საჩემო. გოგონა მართალია: აღარაფრად ვვარგივარ. ყურმილი დავდე და გულზეც მომეშვა: თავისუფლების ჯერ არგანცდილმა გრძნობამ ამავსო, როგორც იქნა, გავთავისუფლდი მონობისაგან, რომლის უღელშიც ვიტანჯებოდი ცამეტი წლის ასაკიდან.
საღამოს შვიდ საათზე საპატიო სტუმრად მიმიწვიეს ჟაკ ტიბოსა და ალფრედ კორტოს კონცერტზე, სრულდებოდა სეზარ ფრანკის სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის.

ნაწილი 10

ანტრაქტზე საოცარი ქება-დიდება მოვისმინე. მაესტრო პედრო ბიავამ, ჩვენმა უდიდესმა მუსიკოსმა, ლამის ძალით წამათრია კულისებისაკენ მუსიკოსების წინაშე წარსადგენად. ისე დავიბენი, რომ ფრანკის ნაცვლად შუმანის სონატის ბრწყინვალედ შესრულება მივულოცე ყველას.

ვიღაცამ ამდენი ხალხის თვალწინ საკმაოდ უხეშად შემისწორა შეცდომა. იქ მყოფებმა დაიჯერეს, რომ მე, უბრალოდ, უცოდინარობის გამო ავურიე ერთმანეთში ორი კომპოზიტორი. როცა კვირის სტატიაში კონცერტის შესახებ საკმაოდ არეულად შევეცადე შეცდომის გასწორებას, უარესი გამომივიდა.
ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე პირველად ვიგრძენი, რომ შემიძლია, კაცი მოვკლა. შინ აღელვებული და დათრგუნვილი დავბრუნდი. ეშმა ყურში ჩამჩურჩულებდა გამანადგურებელ პასუხებს, რომლებიც, როცა დამჭირდა, არ მომაგონდა. ვერც წიგნმა, ვერც მუსიკამ ვერ ჩაახშო ჩემი მძვინვარება. საბედნიეროდ, როსა კაბარკასის ყვირილმა გამომიყვანა ამ კოშმარიდან: რა კარგია, გაზეთი წავიკითხე, ოთხმოცდაათი წლის გამხდარხარ, მე კი ასის მეგონე.

ასეთი მოფამფალებული ვარ?! _ ჩავძახე ყურმილში გაბრაზებულმა. პირიქით, _ მიპასუხა მან, _ ძალიან კარგად გამოიყურები. სულაც არ ჰგავხარ იმ გაახალგაზრდავებულ ბებრებს, წლებს რომ იმატებენ, აქაოდა, ნახეთ, რა კარგად ვართ შენახულიო, _ და მოაყოლა, _ საჩუქარი მოგიმზადე. გულწრფელად გამიკვირდა: რა საჩუქარი? რა და, გოგონა, _ გავიგონე პასუხად. წამითაც არ დავფიქრებულვარ: დიდი მადლობა, მაგრამ ხათაბალის თავი ნამდვილად არ მაქვს. ყურიც არ მათხოვა: პირდაპირ სახლში გამოგიგზავნი ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეულს, კარგად შებრაწულს სანელებლებით შეკაზმულ საწებელთან ერთად, თანაც უფასოდ. არა-მეთქი, მაგრამ როსა არ მეშვებოდა, როგორც მომეჩვენა, გულწრფელად მთავაზობდა.

მითხრა, გოგონა იმ პარასკევს ისე დაიქანცა, ხუმრობა ხომ არ არის ორასი ღილის მიკერება, ეს ნემსიო, ძაფიო, სათითეო, _ ადვილი ხომ არ გგონია. ესეც არ იყოს, ეშინია, ძალას იხმარენ და სისხლისდენა ამიტყდებაო, მაგრამ ყველაფერი აუხსნეს, როგორ უნდა მოიქცეს, რა გააკეთოს და უკვე მზად არის საიმისოდ. ღამით მართლა გაუღვიძია, სააბაზანოში შესულა, შენ კი ისე მაგრად გძინებია, შესცოდებიხარ და არ გაუღვიძებიხარ, ხოლო დილით რომ გაიღვიძა თვითონ, შენ უკვე წასული დახვდიო. გამაცოფა ასეთმა უსინდისო ტყუილმა. ჰო, კარგი, _ თქვა როსამ, _ იყოს ტყუილი. გოგონა ინანიებს, საბრალო აგერ არის ჩემ გვერდით. გინდა დაგალაპარაკო? არა, არ მინდა!
ის იყო წერას შევუდექი, რომ მდივანმა ქალმა დამირეკა რედაქციიდან: დირექტორმა გთხოვათ ხვალ დილის თერთმეტ საათზე მობრძანდეთ მასთანო.

ზუსტად მივედი. მთელ შენობაში აუტანელი ხმაური იდგა, ცემენტის მტვერი ირეოდა ჰაერში, მაგრამ სხვა რა გზა იყო, რედაქცის თანამშრომლები მიეჩვივნენ გონებრივად მუშაობას ამ ქაოსის რუტინაში. ადმინისტრაციისთვის განკუთვნილ ოთახებში კი, პირიქით, ისეთი სიგრილე და სიწყნარე სუფევდა, მეგონა, სადღაც რომელიღაც იდეალურ ქვეყანაში მოვხვდი-მეთქი.
ყმაწვილური გარეგნობის მარკუს ტულიუს მესამე ჩემი დანახვისთანავე წამოდგა, ტელეფონზე ლაპარაკი არ შეუწყვეტია, მაგიდიდანვე გამომიწოდა ხელი და მანიშნა, დაჯექიო. ის იყო გავიფიქრე, სატელეფონო ხაზის ბოლოში არც არავინაა, უბრალოდ, სპექტაკლს მიწყობს ჩემზე შთაბეჭდილების მოსახდენად-მეთქი, რომ მალევე მივხვდი, გუბერნატორს ელაპარაკებოდა და იმასაც მივხვდი, რომ უსიამოვნო საუბარი, მტრების საუბარი იყო. და მაინც, რატომღაც მეგონა, რომ დირექტორი ცდილობდა საქმიან კაცად მოეჩვენებინა ჩემთვის თავი. აღარ დამჯდარა, ფეხზე მდგომი ელაპარაკებოდა უფროსობას. ეტყობოდა, სკრუპულოზურობა მისი ნაკლი გახლდათ.

ოცდაცხრა წლის ყმაწვილკაცი უკვე ოთხ ენასა და სამ საერთაშორისო დიპლომს ფლობდა. გაზეთის პირველი უვადო პრეზიდენტისაგან, ანუ მამის მხრიდან ბაბუისგან განსხვავებით _ რომელიც ჟურნალისტი გახდა ემპირიულად მას შემდეგ, რაც კახპების ყიდვა-გაყიდვით დააგროვა დიდძალი ქონება _ ეს დირექტორი იყო ლამაზი, მშვიდი, გონიერი ახალგაზრდა კაცი. ერთადერთი რამ, რასაც დისონანსი შეჰქონდა მის გარეგნობაში, იყო ხმაში შეპარული სიყალბე. სპორტულ პიჯაკებს იცვამდა, ღილკილოში ცოცხალი ორქიდეა ჰქონდა დამაგრებული და საერთოდ, ყველაფერი ისე ედგა ტანზე, თითქოს მისი სხეულის ნაწილი ყოფილიყოს, არაფერი ჰქონდა ქუჩის უამინდობისთვის განკუთვნილი, ყველაფერი ჰქონდა თავისი კაბინეტის სხივნათელი გაზაფხულისთვის განკუთვნილი. ამ ვიზიტისთვის ორი საათი მაინც ვემზადებოდი და უცებ შემრცხვა საკუთარი სიღარიბისა და ამიტომაც გავბრაზდი უფრო მეტად.
ყველაფერ ამასთან სასიკვდილო შხამს აფრქვევდა გაზეთის დაარსებიდან ოცდამეხუთე წლისთავზე გადაღებული რედაქციის თანამშრომლების პანორამული ფოტო, რომელზეც ზოგიერთის თავზე ჯვარია დასმული, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდაცვლილები არიან. მარჯვნიდან მეორე მე ვარ, ულვაშაწკეპილს კანოტიე მახურავს, ფართონასკვიანი ჰალსტუხი მიკეთია, ჰალსტუხზე მარგალიტისთვლიანი ქინძისთავი მაქვს დამაგრებული, ლითონისჩარჩოიანი სათვალე სემინარისტივით მადევს ცხვირზე. შნოიანი ულვაშით ორმოც წლამდე ვიწონებდი თავს.

ნახევარი საუკუნის მერე სათვალეც აღარ დამჭირვებია, ფოტო სხვადასხვა დროს სხვადასხვა კაბინეტში მაქვს ნანახი, მაგრამ მხოლოდ ახლა მივხვდი მის არსს: ორმოცდარვა კაციდან, ძველი მუშაკებიდან მხოლოდ ოთხიღა ვართ ცოცხალი, ჩვენს შორის ყველაზე უმცროსი კი ოცწლიან სასჯელს იხდის ციხეში სერიული მკვლელობებისათვის.
დირექტორმა ტელეფონზე საუბარი დაამთავრა და როცა შეამჩნია, ფოტოსურათს ვუყურებდი, გაიღიმა: ჯვრები მე არ დამისვამს, _ თქვა მან, _ ვფიქრობ, ეგ ცუდი გემოვნების ბრალია, _ მაგიდას მიუჯდა და სხვა კილოზე წამოიწყო ახლა ლაპარაკი, _ ნება მიბოძეთ, გითხრათ რომ თქვენ მოულოდნელობებით სავსე კაცი ბრძანდებით მათ შორის, ვისაც კი ვიცნობ. მე მხედველობაში მაქვს თქვენი განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე. ძლივს ჩავურთე სიტყვა: ეს _ მთელი ცხოვრებაა. დირექტორი შემეპასუხა: სწორედ ამიტომაც არ არის ეს გამოსავალი. სტატია ძალიან მოსწონებია, მსჯელობა სიბერეზე საუკეთესოაო, მსგავსი არაფერი წამიკითხავსო. ამიტომაც არავითარი აზრი აღარ ჰქონდა, სტატიას ბოლოში რომ მიაყოლეთ თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც სამოქალაქო სიკვდილის ტოლფასი უფროაო. საბედნიეროდ, საძაგელმა თოვლის კაცმა სტატია უკვე გვერდებად შეკრული წაიკითხა.

რა თქმა უნდა, დასაბეჭდად მიუღებელი მოეჩვენა. ისე, რომ არავის შეთანხმებია, თავისი ტორკვემადასეული ფანქრით მიუხაზ-მოუხაზავს ტექსტი, ზოგან ამოუშლია კიდეც გვერდები.

ნაწილი 11

გუშინ დილით ეს ამბავი რომ გავიგე, გადავწყვიტე მთავრობისთვის გაგვეგზავნა პროტესტის წერილი. ეს ჩემი მოვალეობაა, მაგრამ გულახდილად რომ გითხრათ, ცენზორის მადლობელიც კი ვარ მისი თვითნებობისთვის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ნოტა უყურადღებოდ დავტოვო. დირექტორმა გულწრფელად მთხოვა, ნუ დატოვებთ გემს შუა ზღვაშიო… შემდეგ კი მაღალფარდოვნად დაუმატა: ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სათქმელი მუსიკაზე.
დირექტორი ისე მტკიცედ იდგა თავის სიტყვაზე, რომ შეკამათებას აზრი აღარ ჰქონდა. მართალი რომ ვთქვა, დიდი ხელჩასაჭიდი მიზეზი გალერის დასატოვებლად ნამდვილად არ მქონდა.

კიდევ ერთხელ ვიტყვი ჰოს, დროს მოვიგებ, დავმშვიდდები. ჩემდა სამარცხვინოდ გულაჩუყებული და თვალზე ცრემლმომდგარი არ მინდა ვინმემ დამინახოს… და მაინც, როგორც მთელი ეს ხანი, ახლაც ჩვენ-ჩვენს თვალსაზრისზე დავრჩით.
მომდევნო კვირაში, რომელიც აურზაურით უფრო გამოირჩეოდა, ვიდრე მხიარულებით, ცხოველთა საშენს მივაკითხე კატის წამოსაყვანად. ცხოველების გვერდით ცხოვრება ნამდვილად არ მიზიდავდა, არც იმ ბავშვების გვერდით, ლაპარაკი რომ არ ჰქონდათ დაწყებული. ვფიქრობ, მათ მუნჯი სული აქვთ. ვერ ვიტყვი, არ მიყვარან-მეთქი, უბრალოდ, ვერ ვიტან იმიტომ, რომ არ ვიცი მათთან როგორ მოვიქცე. არაბუნებრივად მეჩვენება, როცა კაცს თავისი ძაღლი უფრო უგებს, ვიდრე ცოლი.

კაცი ძაღლს წვრთნის, ასწავლის, ელაპარაკება, უზიარებს თავის დარდს, მაგრამ სტამბის მუშების ნაჩუქარი კატა რომ არ წამოვიყვანო, ეს ნიშნავს, გავანაწყენო ისინი. თანაც ეს ხომ მშვენიერი ანგორის კატაა თავისი ვარდისფერი მბზინავი ბეწვითა და ცეცხლოვანი თვალებით, კნავილით კი ისე კნავის, გეგონება, სადაცაა ალაპარაკდებაო.
კატა დაწნული კალათით გამომიყვანეს ჯიშის დამადასტურებელი სერტიფიკატით და, ვითომ დასაკეცი ველოსიპედი ყოფილიყოს, ზედ ინსტრუქციაც მოაყოლეს.
სამხედრო პატრული საბუთებს უმოწმებდა სან ნიკოლას პარკში შემსვლელებს. მსგავსს არაფერს შევსწრებივარ წინათ, ხოლო ის მძიმე შთაბეჭდილება, რამაც ჩემზე ასე იმოქმედა, სიბერის სიმპტომად ჩავთვალე. ოთხკაციანი პატრული იყო: კუნთმაგარ და ჩუმ მთიელ ახალგაზრდებს საქონლის სადგომის სუნი ასდიოდათ. მხოლოდ ოფიცერს ჰქონდა ზღვისპირელის მზემოკიდებული სახე, იგი ყურადღებით ადევნებდა თვალს თავის ხელქვეითებს. ჩემი პირადობის მოწმობა და ჟურნალისტის წიგნაკი რომ შეამოწმეს, ოფიცერმა მკითხა, კალათში რა გაქვთო. კატა-მეთქი, ვუპასუხე.

ვნახავო. კი, ბატონო-მეთქი, ოღონდ არ ამოხტეს და არ გამექცეს-მეთქი, კალათს ფრთხილად ავხადე, თავი, მაგრამ პატრულმა, აქაოდა, კალათის ძირში რამე საეჭვო არ იყოსო, ხელი მოაფათურა, კატამ კი გაკაწრა. დიდებული ანგორული კატაა, _ ოფიცერი მიეფერა, რაღაც ჩაუჩურჩულა, კატა არ განძრეულა, მაგრამ არც ყურადღება მიუქცევია მისთვის. რამდენი წლისაა? _ დაინტერესდა ოფიცერი. არ ვიცი, სულ ახლახან მაჩუქეს. იმიტომ გეკითხებით, რომ ვხედავ, ძალიან ბებერია, ალბათ, ათი წლის იქნება. მინდოდა გამერკვია, საიდან იცოდა მან ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი რამ, მაგრამ თუმცა ოფიცერი კარგი მანერებითა და დახვეწილი მეტყველებით გამოირჩეოდა, თავი არ მქონდა მასთან ლაპარაკისა.

ჩემი აზრით, კატა მიტოვებულია და თანაც რამდენჯერმე, _ თქვა ოფიცერმა, _ თვალი ადევნეთ, თქვენს ნება-სურვილზე ნუ გადაიყვანთ, პირიქით, მისას მიჰყევით და დაელოდეთ, როდის დაიმსახურებთ მის ნდობას. მან კალათს თავი დაახურა და მკითხა: თქვენ რას საქმიანობთ? ჟურნალისტი ვარ, დიდი ხანია? თითქმის საუკუნე. ასეც გავიფიქრე, _ თქვა მან, ხელი ჩამომართვა და ისეთი რამ მითხრა, რომელიც შემეძლო მიმეღო როგორც კეთილი რჩევა და მზრუნველობა:
_ თავს გაუფრთხილდით.
შუადღისას ტელეფონი გამოვრთე, რათა ჩავძირულიყავი გემოვნებით შერჩეულ მუსიკაში. შევარჩიე ვაგნერის რაფსოდია კლარნეტისა და ორკესტრისათვის, დებიუსის რაფსოდია საქსოფონისათვის და ბრიუკნერის კვინტეტი სიმებიანი საკრავებისთვის, რომელიც სამოთხისეული დასვენება იყო კომპოზიტორის მუსიკალურ ქმნილებათა კატაკლიზმში. მე ჩავიძირე ოთახის ნახევარსიბნელეში და უცებ ვიგრძენი, რაღაცა გასრიალდა მაგიდის ქვეშ, მომეჩვენა, ცოცხალი არსება კი არა, რაღაც ზებუნებრივი სუბსტანცია იყო. ფეხზე შემეხო, ყვირილს ნახტომი მოჰყვა. ეს კატა იყო, ლამაზი, კუდფუმფულა, იდუმალად აუჩქარებელი, მითოლოგიური არსება.

გამაჟრჟოლა. მე შინ ვიმყოფები, ჩემ გვერდით ცოცხალი არსებაა. ეს არსება კი ადამიანი არ არის.
სამრეკლოზე შვიდჯერ ჩამოჰკრეს. შევარდისფერებულ ცაზე ერთი კაშკაშა ვარსკვლავიღა შემორჩენილიყო ეულად, რომელიღაც გემმა ნავსადგურიდან გასვლისას უნუგეშო გამოსამშვიდობებელი გუგუნი მოჰფინა არემარეს და უცბად ვიგრძენი, ყელში როგორ წამიჭირა ყველა იმ სიყვარულის გორდიასის კვანძმა, რომელიც შეიძლებოდა აღსრულებულიყო, მაგრამ არ აღსრულებულა. მეტის მოთმენა აღარ შემეძლო, ტელეფონის ყურმილს დავწვდი. გული სადაცაა ამომიხტებოდა მკერდიდან. ავკრიფე ოთხი ციფრი ძალიან ნელა, არ შემეშალოს-მეთქი, და მესამე ზარის შემდეგ ვიცანი ხმა.

კარგი, _ ვუთხარი მე და თავისუფლად ამოვისუნთქე, _ მაპატიე, დილით რომ გავცხარდი. როსამ კი, ვითომც არაფერიო: არა უშავს, ველოდი შენს ზარს. გავაფრთხილე: გოგონა იყოს იმ სახით, რა სახითაც ღმერთმა მოავლინა იგი ამ ქვეყანას. საღებავით არ წაუთხიპნოთ სახე. როსამ ხმამაღლა გადაიხარხარა: როგორც იტყვი, მაგრამ შენ იკლებ სიამოვნებას, ნელ-ნელა გახადო მას ტანზე, ნელ-ნელა გაათავისუფლო იგი სამკაულებისგან, ბებრებს უყვართ, არ ვიცი, რატომ… სამაგიეროდ მე ვიცი, _ ვუპასუხე მე, _ ასე ნელნელაობაში უფრო ბერდებიან. როსა დამეთანხმა: კარგი, ეგრე იყოს. მაშასადამე, ზუსტად საღამოს ათ საათზე.

აჩქარდი, სანამ იგი ჯერ კიდევ თბილია.

როსამ გოგონას სახელი არ მითხრა, უბრალოდ, ნინიად _ გოგონად იხსენიებს. მეც ასე ვარჩიე. ნინია, როგორც თვალთა ჩემთა სინათლევ, ნინია ან როგორც კოლუმბის მომცრო კარაველა _ ნინია, თანაც თავის სამეურვეო გოგონებს სხვადასხვა კლიენტისთვის სხვადასხვა სახელს არქმევდა ყოველთვის. შევცქეროდი მძინარე გოგონას და ვცდილობდი სახის მიხედვით გამომეცნო მისი სახელი. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, გრძელი სახელი ერქვა: ფილომენა, სატურნინა, ნიკოლასა ან რაღაც ამდაგვარი. გოგონამ მხარი იცვალა, ზურგი შემაქცია. მომეჩვენა, თითქოს თავისი ტანის ფორმისა და ზომის სისხლის გუბეში იწვა, თავზარი დამეცა, მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს, როცა დავრწმუნდი, ზეწარს ოფლის ლაქა აჩნდა მხოლოდ.
როსა კაბარკასმა დამმოძღვრა, ფრთხილად მოექეცი, გოგონას ჯერ ისევ ეშინია, ხომ იცი, პირველადაა, უფრო მეტიც, რიტუალის გაწელილმა ზეიმურობამ შიში გაუმძაფრა, კატაბალახას წვეთები დავალევინე, ახლა მშვიდად სძინავს და ცოდვაა გაღვიძებაო.
გოგონას პირსახოცით ოფლს ვუმშრალებდი და თან ხმადაბლა ვუმღეროდი დელგადინაზე ანუ სიფრიფანაზე, ხელმწიფის უმცროს ასულზე, რომელსაც ყოველთვის აკლდა მამის სიყვარული.

ნაწილი 12

მე ოფლს ვუმშრალებდი, ის კი სიმღერის ტაქტს აყოლილი გვერდს იცვლიდა. დელგადინა, ყველაზე მეტად მეყვარები. ეს იყო უდიდესი ტკბობა, ხან ერთ გაოფლილ გვერდს ვუმშრალებდი პირსახოცით, ხან მეორეს, სიმღერაც არ მთავრდებოდა: წამოდექი, სიფრიფანა და ჩაიცვი, სიფრიფანა, _ ვუმღეროდი ყურში. სიმღერის ბოლოს კი, როცა ხელმწიფის მსახურები წყურვილით მკვდარ ქალიშვილს იხილავენ საწოლში, მომეჩვენა, რომ ჩემი გოგონა სადაცაა გაიღვიძებდა თავისი სახელის გაგონებაზე, რადგან ის მართლა დელგადინა, ანუ სიფრიფანა იყო.
ლოგინში ჩავწექი ტრუსის ამარა, რომელიც პომადიანი ტუჩების ანაბეჭდებით იყო აჭრელებული, გოგონას გვერდით მოვკალათდი და დილის ხუთ საათამდე ტკბილად მეძინა, რადგან ნანინასავით ჩამესმოდა მისი ჩუმი ფშვინვა.
დილით კი სწრაფად ჩავიცვი, ხელ-პირი არც დამიბანია, სარკეზე პომადით ნაწერმა მიიქცია ჩემი ყურადღება: ვეფხვი საჭმელს შორს არ ეძებს. დანამდვილებით ვიცი, წინა დღეებში აქ არ მოვსულვარ, ოთახშიც ვერავინ შემოვიდოდა. ნეტავ ვინ დაწერა? ნამდვილად ეშმას ხელი ურევია აქ. საშინელმა ქუხილმა კართან მომისწრო, ოთახი მყისვე აივსო ნოტიო მიწის გრძნეული სუნით.

ვიდრე ტაქსს გავაჩერებდი, კოკისპირული წვიმა წამოვიდა. ასეთი წვიმები ქალაქს ქაოსში ძირავს მაისიდან ოქტომბრამდე. გახურებულქვიშიანი ქუჩები მდინარისკენ მიექანებიან აქაფებულ ნიაღვრებად და თან მიაქვთ ყველაფერი, რაც გზაზე ხვდებათ. ეს უჩვეულო სექტემბრის წვიმა კი, რომელიც სამი თვის გვალვის შემდეგ დაატყდა ქალაქს, შეიძლება ითქვას, სულის მოსათქმელიც იყო და დამანგრეველიც.
ჩემი სახლის კარი რომ გავაღე, უცებ ისეთი ფიზიკური შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მარტო არ ვიყავი. კატის ლანდს შევასწარი თვალი, სავარძლიდან ჩამოხტა და აივნისკენ გასრიალდა, თეფშზე ელაგა საჭმლის ნარჩენები, რომელიც მე არ დამიდვია. შარდისა და ახალმოსაქმებული განავლის მძაღე სუნით გაჟღენთილიყო იქაურობა. ეს სუნი ისე შევისწავლე, როგორც ერთ დროს ლათინური.

ინსტრუქციაში ამოვიკითხე, კატები თავიანთ განავალს თურმე მიწაში მალავენ, თუ ეზო არ არის, მაშინ ყვავილის ქოთანს ან მოფარებულ კუთხე-კუნჭულს იყენებენ მოსასაქმებლად. ოჯახში ამ სიბინძურის თავიდან ასაცილებლად კატის პატრონმა პირველივე დღიდან საგანგებოდ უნდა მიუჩინოს ადგილი ქვიშიან ყუთს. ინსტრუქციაში ისიც წერია, რომ კატა ახალ სახლში უპირველესად თავის ტერიტორიას ინიშნავს თურმე და ყველგან შარდავს. ალბათ, სწორედ ეს იყო მთავარი სირთულეც, თუმცა ინსტრუქციაში არაფერი ეწერა ამ სირთულესთან ბრძოლის თაობაზე. ერთი სიტყვით, კატა ცხოვრობდა თავისი წესით და მეც მაიძულებდა დავმორჩილებოდი ამ წესს, მაგრამ ბოლომდე მაინც არ მანდობდა არც თავის მოფარებულ კუთხე-კუნჭულებს, არც თავის საძინებელ ადგილებს და არც თავის ცვალებად ბუნებას. ძალიან მინდოდა მისთვის მესწავლებინა ლოგინში აღარ დამხტომოდა თავზე მძინარეს, მაგიდაზე საჭმელი არ დაეყნოსა, მაგრამ ამაოდ; ვერც ის შევასმინე, რომ სახლი მისიც იყო საკუთრების უფლებით და არა ომის ნადავლის უფლებით. ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ კატას თავი მივანებე.
საღამოხანს კოკისპირული წვიმა წამოვიდა, გრიგალი სახლს მიწასთან გასწორებით ემუქრებოდა.

ცემინება ამიტყდა, თავი მტკიოდა, სიცხემ ამიწია, მაგრამ თითქოს ძალა და სიმტკიცე მომეცაო, _ რაც უცხო იყო ჩემთვის ყველა ასაკსა და ყველა ვითარებაში _ იატაკზე ტაშტები მივდგი-მოვდგი იმ ადგილებზე, სადაც წვიმა ჩამოდიოდა. ჭერზე ახალი ხვრელები გაჩენილიყო. ყველაზე დიდი ხვრელიდან წვიმა უკვე დასდიოდა ბიბლიოთეკის მარჯვენა მხარეს. სასწრაფოდ უნდა გადამერჩინა თაროზე ჩარიგებული ჩემი ბერძენი და ლათინელი ავტორები. ის იყო გადმოლაგებას შევუდექი, რომ წყალმა გადმოხეთქა კედლიდან. მილი გამსკდარიყო. ხვრელი დიდი წვალებით ამოვავსე ნაჭრით, ვცდილობდი, დრო მომეგო წიგნების გადასარჩენად.

წყალი და ქარი ავად მძვინვარებდა პარკში. ჯოჯოხეთურმა ელვამ და გრუხუნმა საღამოს ბინდი გაკვეთა და გოგირდის მძიმე სუნი დატრიალდა ჰაერში. გაავებულმა სტიქიამ აივნის მინები ჩაამსხვრია, საკეტები მოგლიჯა და ზღვის შტორმული ქარიც სახლში შემოვარდა, მაგრამ სულ რაღაც ათ წუთში ქარი ერთბაშად ჩაცხრა, მზემ გამოანათა და ააშრო ნამსხვრევებითა და ნაგვით სავსე ქუჩები. კვლავ ჩამოდგა სიცხე. ავდარმა კი გადაიარა, მაგრამ მე დამრჩა ისეთი შეგრძნება, თითქოს მარტო არ ვიყავი სახლში. ასეთ მოვლენას ერთადერთი ახსნა აქვს: ზოგჯერ ადამიანს რეალურად მომხდარი ამბავი ავიწყდება. სამაგიეროდ, ზოგჯერ ისეთ ამბავს იხსენებს, რომელიც არ მომხდარა სინამდვილეში.

ჰოდა, ახლა საკმარისი იყო მეხსიერებაში აღმედგინა ის კოკისპირული წვიმა, რომ სახლში უკვე მარტო კი არა, ჩემს სიფრიფანასთან ერთად აღმექვა თავი. ღამით ისე ახლოს ვგრძნობდი მას, რომ ცხადად მესმოდა მისი სუნთქვა, ვხედავდი, როგორ უთრთოდა ჩემს ბალიშზე დადებული ლოყა… მახსენდება, ბიბლიოთეკაში ტაბურეტზე ამძვრალი თაროებს ვათვალიერებდი, მას კი ახალგამოღვიძებულს წიგნები მშრალ ადგილზე გადაჰქონდა; ვხედავდი, როგორ დარბოდა მთელ სახლში, წყალი კოჭებამდე სწვდებოდა, ჭერიდან ჩამოსულ წვიმას ებრძოდა მთლად გალუმპული. მახსენდება, ვიდრე მე ღამის ღვარცოფის მერე სახლს ვალაგებდი, იატაკს ვწმენდდი, მან არარსებული საუზმე მოამზადა და სუფრაც გააწყო. არასოდეს დამავიწყდება, საუზმობისას რა კუშტად შემომხედა: რატომ გამეცანი ასეთი ბებერი? მე სიმართლე ვუთხარი: ასაკი ის კი არ არის, რამდენი წლის ხარ, არამედ ის, როგორ გრძნობ ამ წლებს.
მას შემდეგ გოგოს ისე ცხადად ვიხსენებდი, რომ შემეძლო მისთვის ყველაფერი გამეკეთებინა, რაც მომესურვებოდა. შემეძლო მისი თვალების ფერი ჩემი გუნება-განწყობილების მიხედვით შემეცვალა: გამოღვიძებულს თვალები ზღვისფერი ჰქონდა, გაცინებულს _ თაფლისფერი, გაბრაზებულს _ ცეცხლისფერი. ტანსაცმელსაც განწყობილების მიხედვით ვაცმევდი _ ასაკისა და ვითარების შესაბამისად.

ოცი წლისა მოკრძალებულ შეყვარებულ ქალიშვილად მესახებოდა, ორმოცისა _ დემიმონდენად, სამოცდაათისა _ ბაბილონელ დედოფლად, ასი წლისა _ წმინდანად. ვმღეროდით პუჩინის სასიყვარულო დუეტებს, აგუსტინ ლარას ბოლეროს, კარლოს გარდელის ტანგოს და ვრწმუნდებოდით, რომ ვინც არ მღერის, იმას არც ესმის, რა ბედნიერებაა სიმღერა. ახლა მე ზუსტად ვიცი, ეს გონების დაბინდვა კი არა, ჩემს ცხოვრებაში შემოჭრილი პირველი სიყვარული იყო, რომელიც ოთხმოცდაათი წლისას მესტუმრა.
სახლი რომ ასე თუ ისე მივალაგ-მოვალაგე, როსა კაბარკასს დავურეკე.

თარგმანი – ახვლედიანი ელზა

ნაწილი 13-24

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› Need for Speed – შექმნის პროცესი

ყველასათვის საყვარელი ვიდეო თამაში Need for Speed.
კარგია როცა მეგობრებთან ერთად ჩაუჯდები, პატარა ჩემპიონატს მოაწყობ და კარგად გაერთობი, მაგრამ თუ გიფიქრიათ, რომ რამხელა შრომა და ფულია ჩადებული ამ თამაშის შექმნაში?
ნახეთ ვიდეოები › › ›

DU