1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ჟიულ ვერნი: 80 000 კილომეტრი წყალქვეშ (ნაწ.II – თავი 12-23)

თავი XII
კაშალოტები და ვეშაპები

13 მარტს, ღამე “ნაუტილუსი” ისევ სამხრეთისკენ გაეშურა. ვფიქრობდი, რომ ჰორნის კონცხის გასწვრივ დასავლეთისკენ იბრუნებდა პირს, რათა წყნარ ოკეანეს მიახლებოდა და აქ დაესრულებინა თავისი მოგზაურობა დედამიწის გარშემო. მაგრამ ასე არ მოხდა. გემი ისევ სამხრეთისკენ მიცურავდა.
კარგა ხანია, კანადელს ჩემთვის გაპარვის გეგმები აღარ გაუხსენებია. ვატყობდი, როგორ უმძიმდა ამდენი ხნის ტყვეობა. კაპიტანთან შეხვედრის დროს მის თვალებში პირქუში ცეცხლი გაიელვებდა ხოლმე, ვშიშობდი, გულფიცხობას უკიდურეს ნაბიჯამდე არ მიეყვანა.
14 მარტს ნედი და კონსეი ჩემთან შემოვიდნენ კაიუტაში.
– ნება მიბოძეთ, ერთი რამ გკითხოთ, პროფესორო, – დაიწყო ნედ ლენდმა.
– მითხარით, ნედ.
– თქვენი აზრით, რამდენი კაცი იქნება “ნაუტილუსზე”?
– არ ვიცი, ჩემო მეგობარო, – ვუპასუხე მე.
– მე ვფიქრობ, რომ ამ გემს ბევრი ხალხი არ უნდა სჭირდებოდეს, – თქვა ნედმა.
– მართლაც, იმ პირობებსი, როგორშიაც ეს გემი იმყოფება, მისთვის ათი კაციც საკმარისი უნდა იყოს, – წარმოვთქვი მე.
– თუნდაც ასე იყოს, – თქვა კანადელმა, – რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ბევრად მეტი არიან?!
– რატომ? – შევეკითხე და გაშტერებით მივაჩერდი ნედ ლენდს, რომლის განზრახვაც ადვილი მისახვედრი იყო.
– თუკი კარგად მივხვდი კაპიტნის ცხოვრებას, “ნაუტილუსი” არა მარტო გემი, არამედ თავშესაფარია ყველა იმისთვის, ვისაც თავისი მეთაურივით კავშირი გაუწყვეტია ხმელეთთან.
– შეიძლება, – ჩაურთო კონსეიმ, – ყოველ შემთხვევაში, “ნაუტილუსი” ადამიანთა მხოლოდ განსაზღვრულ რაოდენობას დაიტევს. იქნებ პროფესორმა განგვიმარტოს, სულ რამდენ ადამიანს დაიტევს ეს გემი?
– როგორ, კონსეი?
– ისე, ვარაუდით. თუ მხედველობაში მივიღებთ გემის ტევადობას, რომელიც პროფესორს კარგად მოეხსენება და აგრეთვე მასში მოთავსებულ ჰაერის რაოდენობას, მეორე მხრივ, ერთი ადამიანისთვის რამდენი ჰაერია სასუნთქად საჭირო, მაშინ ამ ცნობებს შევაფარდებდით იმ გარემოებასთან, რომ “ნაუტილუსს” ყოველ ოცდაოთხ საათში ერთხელ სჭირდება ზედაპირზე ამოსვლა ჰაერის გასაახლებლად.
კონსეის ჯერ არ დაემთავრებინა სიტყვა, რომ მივხვდი, რაც სურდა გაეგო.
– მივხვდი, რაც გინდა, – ეს გამოანგარიშება თუმცა ადვილი საქმეა, მაგრამ ზუსტ ციფრს მაინც ვერ მოგვცემს.
– არა უშავს რა, დაახლოებით იყოს!… – დაჟინებით მიპასუხა ნედ ლენდმა.
– კეთილი! აი, ვინგარიშოთ, – ვუპასუხე, – თითოეული ადამიანი ერთი საათის განმავლობაში სუნთქავს იმდენ ჟანგბადს, რამდენსაც შეიცავს ასი ლიტრი ჰაერი, ე.ი. ოცდაოთხ საათში სჭირდება ის ჟანგბადი, რომელსაც შეიცავს ორი ათას ოთხასი ლიტრი. მაშასადამე, უნდა გამოვიანგარიშოთ, “ნაუტილუსი” რმდენჯერ შეიცავს ორი ათას ოთხას ლიტრ ჰაერს!
– სწორია… – თქვა კონსეიმ.
– “ნაუტილუსი” შეიცავს ათას ხუთას ტონა ჰაერს, თითო ტონა კი – ათას ლიტრს. თუ ამას ორი ათას ოთხასზე გავყოფთ (ფანქრით დავიწყე ანგარიში), მივიღებთ ექვსას ოცდახუთს. მაშასადამე, “ნაუტილუსი” იმდენ ჰაერს შეიცავს, რომელიც საკმარისია ექვსას ოცდახუთი კაცისთვის ოცდაოთხი საათის განმავლობაში.
– ექვსას ოცდახუთი! – გაიმეორა ნედმა.
– მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ ამ გემზე მეთაედიც არ ვიქნებით. – დავუმატე მე.
– ეგეც ძალზე ბევრია სამი ადამიანისათვის! – ჩაილაპარაკა კონსეიმ.
– ასე რომ, ჩემი საბრალო ნედ, მხოლო მოთმინებას გირჩევთ…
– მოთმინებას კი არა, მორჩილებასაც. – მითხრა კონსეიმ, – მაგრამ კაპიტანი ნემო სულ სამხრეთისაკენ ხომ ვერ ივლის, ხომ უნდა გაჩერდეს სადმე, თუნდაც ყინულეთის წინ და უფრო განათლებული ქვეყნების ზღვებისკენ იბრუნოს პირი. აი, მაშინ კიდევ დაგვიდგება დრო ნედ ლენდის წინადადების ასასრულებლად.
კანადელმა თავი გადაიქნია, შუბლზე ხელი გადაისვა და ხმის ამოუღებლად გავიდა კაიუტიდან.
რა თქმა უნდა, გემის ერთფეროვანი ცხოვრება თავს მოაბეზრებდა ნედ ლენდს, რომელიც თავისუფალ და მოძრავ სიცოცხლეს იყო შეჩვეული.
მაგრამ დღეს კი ერთმა შემთხვევამ გაახსენა ვეშაპებზე მონადირეს თავისი ბედნიერი ცხოვრება.
დილის თერთმეტი საათი იქნებოდა, როდესაც ოკეანის ზედაპირზე მოსრიალე “ნაუტილუსი” ვეშაპების ქარავანს შეერია. მათი დანახვა არ გამკვირვებია, რადგანაც ვიცოდი, რომ ეს ცხოველები, რომლებსაც მონადირეები ასეთი თავგამოდებით სდევნიან, მაღალ განედებს ეტანებიან და იქ აფარებენ თავს.
ბაქანზე ვისხედით. ზღვა დაწყნარებულიყო. ეს განედი გაზაფხულის მშვენიერი დღეებით გვიმასპინძლდებოდა. კანადელმა ცის დასავალთან თვალი შეასწრო ვეშაპს. კარგად თუ დააკვირდებოდით, შეიძლებოდა გაგერიჩიათ მისი მოშავო ზურგი, რომელიც ხან ტალღებში იმალებოდა, ხან ზემოთ ტივტივებდა. ხუთიოდე მილის მანძილზე იყო “ნაუტილუსიდან”
– ნეტავ ახლა ვეშაპებზე მონადირე გემზე მამყოფა! – წამოიძახა ნედ ლენდმა, – ეს შეხვედრა სასიამოვნოდ დამრჩებოდა! ეტყობა, ზორბა რამ არის. შეხეთ, ნესტოებიდან რა მძლავრად ისვრის წყალს, ჰაერისა და ორთქლის სვეტებს!… დასწყევლოს ღმერთმა!… რატომ უნდა ვიყო ამ რკინის ნაგლეჯზე მიჯაჭვული!
– როგორ, ნედ, კიდევ ხელს არ იღებთ თქვენს ძველ ოცნებაზე ვეშაპზე ნადირობასთან დაკავშირებით? – გამოველაპარაკე ნედს.
– განა ვეშაპზე მონადირეს ოდესმე შეუძლია თავისი ხელობა დაივიწყოს? განა ოდესმე მოსაწყენი გახდება ნადირობა? არასოდეს, პროფესორო!…
– ამ ზღვებში გინადირით, ნედ?
– არასდროს, პროფესორო, მე მხოლოდ ჩრდილოეთის ზღვებში მინადირია, ბერინგისა და დევისის ზღვებში.
– მაშ, თქვენ არ იცნობთ სამხრეთის ვეშაპს. აქამდე მხოლოდ ჩრდილოეთის ვეშაპებზე გინადირიათ, ისინი ვერ გავედავდნენ ეკვატორის თბილი დინების გადმოლახვას.
– ეჰ, პროფესორო, რას ბრძანებთ?! – უნდობლად მკითხა კანადელმა.
– რაც ვიცი, იმას გეუბნებით.
– აბა, რა ბრძანებაა! – მიპასუხა ნედმა, – სამოცდახუტ წელს, ესე იგი, ამ ორ-ნახევარი წლის წინ, გრენლანდიის მახლობლად ჩემი ხელით მოვკალი ვეშაპი, რომელსაც ზურგში ბარჯი ჰქონდა ჩარჩენილი სამებადურო გემის დამღით, რომელიც ბერინგის სრუტეში ყოფილიყო. მაშ, ახლა თქვენ გეკითხებით: როგორ მოხდა, რომ ამერიკის დასავლეთის ზღვებში დაკოდილი ცხოველი აღმოსავლეთის ზღვებში მოვკალი, თუკი მან არ გაიარა ეკვატორი, არ შემოუარა ჰორნის ან კეთილი იმედის კონცხს?
– ნედის აზრს ვიზიარებ და ველი, რა უპასუხებს პროფესორი, – თქვა კონსეიმ.
– ვეშაპები იყოფიან ჯიშისდაგვარად სხვადასხვა ზღვაში და ამ ზღვებს არც სცილდებიან. და თუ ერთმა მათგანმა ბერინგის სრუტიდან დევისის სრუტეში გადაინაცვლა, ეს გარემოება იმით აიხსნება, რომ ამერიკისა და აზიის სანაპიროებთან, ალბათ სადმე მდებარეობს მიწისქვეშა გასასვლელი გვირაბი.
– არ ვიცი, გერწმუნოთ თუ არა, – მიპასუხა კანადელმა და თან ცალი თვალი მოჭუტა.
– პროფესორს უნდა ვერწმუნოთ, – უპასუხა კონსეიმ.
– მაშასადამე, რაკი ამ ადგილებში არ მინადირია, აქაურ ვეშაპებსაც ვეღარ ვიცნობ? – თქვა კანადელმა.
– რა თქმა უნდა, ვერ იცნობთ, ნედ.
– მით უმეტეს, საჭიროა მათი გაცნობა! – განაცხადა მან.
– შეხეთ, შეხეთ, ერთი! – წამოიძახა კანადელმა, – გვიახლოვდება! პირდაპირ ჩვენკენ მოდის! იცის, რომ ვერაფერს დავუშავებთ და!
ნედი ფეხებს აბრახუნებდა სიბრაზისაგან, ბარჯის სასროლად მომარჯვებული ხელი უცახცახებდა.
– აქაური ვეშსაპებიც იმ სიდიდისაა, როგორიც ჩრდილოეთის ზღვებისა? – შემეკითხა ნედი.
– თითქმის ისეთივე, ნედ.
– საქმე ისაა, პროფესორო, რომ მე დიდი ვეშაპებიც მინახავს, თითქმის სი ფუტის სიგრძისა. გამიგონია, რომ ალეუტის კუნძულებთან ას ორმოცდაათ ფუტზე დიდებიც ბინადრობენ თურმე.
– არა, ნედ, გაზვიადბული უნდა იყოს, – ვუპასუხე მე, – ამ ცხოველებს ზურგის ფრთები აქვთ და კაშალოტების მსგავსად, ნამდვილ ვეშაპებზე უფრო პატარები არიან.
კანადელი ოკეანის ზედაპირს თვალს არ აშორებდა.
– “ნაუტილუსის” ნაკვალევს მოსდევს! – უცებ შეყვირა ნედმა და შეწყვეტილი საუბარი გააგრძელა:
– თქვენ კაშალოტებზე ლაპარაკობთ, როგორც პატარა ცხოველებზე? მე კი გამიგონია, რომ უშველებელი კაშალოტებიც არსებობენ. ზოგი მათგანი თურმე ზღვის მცენარეულობითაა დაფარული და პატარა კუნძულად მოჩანს. გემს მიაყენებენ, ზედ გადავლენ. ცეცხლს დაანთებენ…
– ნედ, როგორც გატყობთ, თქვენც გყვარებიათ არაჩვეულებრივი ისტორიები, – სიცილით ვთქვი მე, მგონი ეგ თქვენც არ გჯერათ.
– ბატონო ნატურალისტო, როცა საქმე ვეშაპს ეხება, ყველაფერი უნდა გჯეროდეს, – სერიოზულად მიპასუხა ნედმა, – რა მარდად დაცურვს! ამტკიცებენ, რომ ამ ცხოველებს თხუთმეტ დღეში შეუძლიათ ქვეყნიერებას გარს შემოუარონ.
– არ ვიცი, ნედ, გერწმუნოთ თუ არა.
– არც იმდენად, – მიპასუხა ნედმა, – მინდა გითხრათ, რომ ზოგი ვეშაპი სამასი ფუტის სიგრძისაა და ათას გირვანქას იწონის. ამასი მე თვითონ დავრწმუნდი.
– ეგ მეც მჯერა, ნედ. ამბობენ, ზოგიერთი ვეშაპი ასი სპილოს ოდენაა. წარმოგიდგენიათ, თუ რა ძალით ეძგერება ასეთი ცხოველი მეორე ცხოველს.
– პროფესორო, მართალია, რომ ვეშაპს გემის დაღუვა შეუძლია? – იკითხა კონსეიმ.
– არა მგონია, – ვუპასუხე მე, – თუმცა გადმოგვცემენ, რომ 1820 წელს სამხრეთის ზღვებში ვეშაპი დაეძგერა “ესეკსს” და თვალის დახამხამებაში ოთხი მეტრის მანძილზე გადაისროლა. ტალღები გემს დაეძგერა და “ესეკსი” თითქმის იმავე წამს დაიღუპა.
ნედ ლენდმა ეშმაკურად გადმომხედა.
– ასეთი ამბავი მეც დამემართა, – ვეშაპმა ჩემს ნავს ბოლო სთხლიშა. მე და ჩემი ამხანაგები ექვსი მეტრის სიმაღლეზე აგვისროლა ჰაერში, მაგრამ პროფესორის ვეშაპთან შედარებით, ჩემი ვეშაპი კატის კნუტის ოდენაც არ გამოჩნდებოდა.
– ვეშაპი დიდხანს ცოცხლობს? – იკითხა კონეიმ.
– ათას წელიწადს! – უყოყმანოდ მიუგო კანადელმა.
ის უკვე ყურს აღარ გვიგდებდა. ვეშაპი გვიახლოვდებოდა და ნედი თვალებით ჭამდა მას.
– უჰ! – წამოიძახა ნედმა, – აქ ერთი ვაშაპი კი არა, ათი, ოცი, მთელი ქარავანი ყოფილა, მე კი ჩემებურად რომ დავტრიალდე არ შემიძლია!… აქ უნდა ვეგდო ხელფეხშეკრული!…
– მეგობარო ნედ, – უთხრა კონსეიმ, – განა არ შეიძლებოდა კაპიტნისათვის ნებართვა გეთხოვა?
კონსეის სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ ნედი ელვასავით გაქანდა ქვევით, კაპიტნის საძებნელად. რამდენიმე წუთის შემდეგ, ორივენი ერთად ამოვიდნენ ბაქანზე.
კაპიტანმა ვეშაპებს გადახედა, რომლებიც ზღვის ზედაპირზე დანავარდობდნენ, ერთი მეტრის მანძილზე “ნაუტილუსიდან”.
– სამხრეთის ვეშაპია, – თქვა მან, – აქ ვეშაპებზე მონადირე მთელი ფლოტი გამდიდრდებოდა.
– კაპიტანო, – შეეკითხა კანადელი, – არ შეიძლება ერთი გავინადირო მათზე, თუნდაც იმისთვის, რომ ჩემი მებარჯეობა არ დამავიწყდეს?
– რისთვის? – უპასუხა კაპიტანმა ნემომ, – მხოლოდ იმ მიზნით, რომ გავჟლიტოთ? ჩვენს გემს სრულებით არ სჭირდება ვეშაპის ქონი.
– მაგრამ კაპიტანო, მეწამულ ზღვაში აკი ნება მოგვეცით დიუგონზე ნადირობისა? – კითხვა შეუბრუნა კანადელმა.
– მაშინ სხვა იყო, მაშინ ჩემს ეკიპაჟს ახალი ხორცი სჭირდებოდა. აქ კი მათი დახოცვა არ გვჭირდება. თქვენი ხელობის ადამიანები, ნედ, სამხრეთის უვნებელ და უწყინარ ვეშაპებს რომ ჟლეტენ, ძალიან ცუდად იქცევიან. დაანებეთ თავი, მათ ჩვენ გარდაც მრავლად ჰყავთ მტრები: კაშალოტები, ხმალა-თევზები, ხერხა-თევზები.
მკითხველმა ალბათ წარმოიდგინა, თუ რა გამომეტყველება ექნებოდა კანადელს ასეთი დარიგების დროს. რჩევის მიცემ მონადირისთის უბრალოდ დროის კარგვაა. ნედ ლენდი უსიტყვოდ მისჩერებოდა კაპიტან ნემოს და ეტყობოდა, ვერ მიმხვდარიყო, რას ეუბნებოდნენ. მერე ჯიბეებში ჩაიწყო ხელები და ზურგი შეგვაქცია.
კაპიტანი ნემო კი კვლავ შესცქეროდა. შემდეგ მე მომიბრუნდა:
– მართალი მოგახსენოთ, ადამიანის გარდა, ვეშაპებს მრავლად ჰყავთ ბუნებრივი მტერი. ხედავთ, პროფესორო არონაკს, რვა მილის მანძილზე შავად მოძრავ წერტილებს?
– დიახ, კაპიტანო, ვხედავ.
– ეგ არის კაშალოტები, საშინელი და ონავარი ცხოველები. რამდენჯერმე შევხვედრივართ მთელ ქარავანს, მონადირეებს არ გაემტყუნებათ, რომ ჟლეტენ ამ ონავარ ცხოველებს.
ამ სიტყვებზე ნედ ლენდი სწრაფად მოტრიალდა ჩვენკენ.
– კეთილი, კაპიტანო, – ვუთხარი მე, – შეიძლებოდა თუნდაც ვეშაპების გადასარჩენად მათზე გვენადირა?
– უსარგებლოა ასეთი თავგანწირვა, პროფესორო! “ნაუტილუსიც” კმარა კაშალოტების გასაჟლეტად. ის შეიარაღებულია ფოლადის სარქენით, რომელიც, ვგონებ, ნედ ლენდის ბარჯს არ ჩამოუვარდება.
– სარქენით ბრძოლა კაშალოტებთან?! გაგონილა ასეთი რამ?- მოურიდებლად ჩაილაპარაკა კანადელმა.
– მოთმინება იქონიეთ, პროფესორო, – მითხრა კაპიტანმა ნემომ, – ჩვენ გიჩვენებთ ისეთ ნადირობას, რომლის მსგავსიც თავის დღეში არ გინახავთ. ეს ონავარი ცხოველები არ უნდა დაინდოს ადამიანმა. კაშალოტი დაღრენილი ხახა და კბილებია!
“ხახა და კბილები” – ამაზე უკეთესად შეუძლებელია დიდთავა კაშლოტის დასურათება, რომლებიც ზოგჯერ ოცდახუთ მეტრს აჭარბებს. ის ვეშაპზე უკეთ არის შეიარაღებული. ვეშაპს ზემოთ ყბაზე მხოლოდ ულვაშები აქვს, კაშალოტს კი – ოცდახუთი ბასრი კბილი. თითო ოცი სანტიმეტრის ოდენაა და ორ გირვანქას იწონის. მეტისმეტად უშნო მოყვნილობისა. მარცხენა თვალი მახინჯი აქვს და მხოლოდ მარჯვენა თვალით ხედავს.
კაშალოტების ქარავანი გვიახლოვდებოდა. მათ შევამჩნიე ვეშაპები და მათზე სათანადოდ მოემზადნენ. წინასწარვე შეიძლებოდა გვეთქვა, რომ კაშალოტები გაიმარჯვებდნენ. მათ თავდასხმა უკეთ იციან, ვიდრე უწყინარმა ვეშაპებმა. უფრო დიდხანს შეუძლიათ წყალქვეშ გაძლება და ჰაერის ჩასასუნთქავად ისე მალ-მალე არ სჭირდებათ ზედაპირზე ამოსვლა.
დრო იყო, ვეშაპებს მივშველებოდით. “ნაუტილუსი” სიღრმეში ჩაეშვა. კონსეი, ნედი და მე დარბაზის ფანჯარას მივადექით. კაპიტანი ნემო მესაჭესთან გაეშურა, რომ თავისი ხელით მიემართა გემი გამანადგურებელი სარქენით.
ხრახნები აჩქარებით ამოძრავდა. გემი სწრაფად წავიდა წინ.
როდესაც “ნაუტილუსი” მიუახლოვდა, კაშალოტებს და ვეშაპებს ბრძოლა უკვე გაეჩაღებინათ. გემმა მიუხვ-მოუხვია და კაშალოტების ქარავანში შეიჭრა. თავდაპირველად, არც მიაქციეს ყურადღება ამ ახალგამოჩენილ ცხოველს, რომელიც ბრძოლაში ჩაერია, მაგრამ მალე იკადრეს უკან დახევა.
რა ბრძოლა იყო!… ნედ ლენდიც კი აღტაცებაში მოვიდა და სიამოვნებისაგან ტაში შემოჰკრა. “ნაუტილუსი” მომაკვდინებელ ბარჯად იქცა კაპიტნის ხელში. ერთ კაშალოტს რომ გაფატრავდა, მეორეს ეძგერებოდა, შემოტრიალდებოდა, რომ მსხვერპლი არ გასხლტომოდა; ხან წინ გაქანდებოდა, ხან უკან, ხან ჩაყვინთავდა, ხან ზედაპირზე ამოსრიალდებოდა, სარქენს აძგერებდა პირდაპირ გვერდში, ფატრავდა, გლეჯდა და ფლეთთდა ყველა მიმართულებით.
ბოლოს კაშალოტები გაიფანტნენ. წყლის ზედაპირზე ამოვცურდით. ასაწევი კარი აიხადა და ყველანი ბაქანს ვეცით.
ზღვა მათი დაფლეთილი სხეულით იყო დაფარული. ზურგი მოლუჯო ჰქონდათ, მუცელი – მოთეთრო და მთლად იარებით დასერილი. ორიოდე კაშალოტი დამფრთხალი და შეშინებული მიცურავდა მოშორებით. ტალღები რამდენიმე მილის მანძილზე სისხლისფრად შეღებილიყო და “ნაუტილუსი” ამ სისხლის ზღვაში მიცურავდა.
კაპიტანი ნემოც ბაქანზე ამოვიდა და ჩვენ შემოგვიერთდა.
– აბა, რას იტყვით, ნედ? – უთხრა მან.
– რა მეთქმის, კაპიტანო, – უპასუხა კანადელმა, – მართლაც საშინელი სანახაობა იყო! … მაგრამ მე ყასაბი არ გახლავართ… მონადირე ვარ… ეს კი ნამდვილი სასაკლაო იყო!
– ეს მავნე ცხოველების გაჟლეტა იყო, – უპასუხა კაპიტანმა, – “ნაუტილუსი” ყასბის დანა არ გახლავს!
– მე ჩემი ბარჯი მირჩევნია! – სიტყვა შეუბრუნა კანადელმა.
– ყველას თავისი იარაღი აქვს! – უპასუხა კაპიტანმა და თვალი თვალში გაუყარა.
შევფიქრიანდი, კანადელს ამ ჯავრიან გულზე რაიმე ძალმომრეობა არ ჩაედინა, რასაც სამწუხარო შედეგი მოჰყვებოდა. მაგრამ ნედს თვალი გაუშტერდა ვეშაპისაკენ და საუბარი აღარ გაუგრძელებია.
ეს ვეშაპი ვერ გადარჩენოდა კაშალოტის კბილებს. მაშინვე ვიცანი სამხრეთის ვეშაპი, ბტყელთავა და სრულებით შავი. ჩვეულებრივი ვეშაპისაგან ანატომიურად იმით განირჩევა, რომ კისრის ორი ხერხემლის ძვალი შეხორცებული აქვს და ორი ნეკნის ძვალი მეტი აქვს, ვიდრე სხვა ვეშაპებს. განგმიური ცხოველი გვერდზე ამობრუნებულიყო, მუცელი რამდენიმე ადგილას გაფატრული ჰქონდა, მისი დაფლეთილი ფარფლის ბოლოს პატარა ვეშაპი ეკიდა, რომელიც სიკვდილისგან ვერ გადაერჩინა.
კაპიტანმა ნემომ “ნაუტილუსი” ვეშაპისკენ მიმართა. ორი მზეღვაური გადახტა ვეშაპის ლეშზე, გაოცებული ვუცქერდი, მისი ცურიდან როგორ წველიდნენ რძეს. ორი თუ სამი კასრი მოწევლეს და უკან დაბუნდნენ.
კაპიტანმა შემომთავაზა ერთი ფინჯანი რძე გამესინჯა, მაგრამ თავი შევიკავე და გამოვუცხადე, გული არ მიმდის მეთქი. კაპიტანი მარწმუნებდა, ეს რზე საუცხოოა, ძროხის რძისგან არაფერით განსხვავდებაო.
მაინც გავუსინჯე გემო და მართლაც დავეთანხმე მის აზრს. ამ რძისაგან დამზადებულ კარაქსა და ყველს მრავალფეროვნება შემოჰქონდა ჩვენს სუფრაზე.
იმ დღის შემდეგ ვამჩნევდი, რომ ნედ ლენდი მტრული თვალით უყურებდა კაპიტანს და მის ყოველ ნაბიჯს გაფაციცებით ვაკვირდებოდი.

თავი XIII
ყინულეთი

“ნაუტილუსი” სამხრეთისკენ მიემართებოდა გეზის შესაცვლელად. ორმოცდამეათე მერიდიანს მისდევდა და აჩქარებული სვლით მიცურავდა.
ნუთუ კაპიტანი პოლუსისკენ მიისწრაფვის?
გზად უკვე გვხვდებოდა მთელი კლდეების ოდენა მცურავი ყინულები, რომელთაც ტალღები ტყლაშუნით ეხეთქებოდა.
ნედი ძველებურად უგუნებოდ იყო და აღარაფერს აქცევდა ყურადღებას.
რაც უფრო ქვევით ვიწევდით სამხრეთისაკენ, მით უფრო ხშირად გვეხებოდა ყინულის თოში. ახლა უკვე მცურავი გორები ტივტივებდა. მათთან შედარებით უზარმაზარი გემიც კი ქინქლისოდენა გამოჩნდებოდა.
დიდი თვალწარმტაცი სანახაობა იყო! ყინულის გორები ცისარტყელის ფერებად ელვარებდა, თითქოს ალმასებით მოუჭედიათო.
ამ “ყინულეთზე”, როგორც მას ნედი უწოდებდა, უთვალავი ფრინველი ბუდობდა. ქარიშხალას და როჭოს ყრანტალი გვაყრუებდ. ფრინველებს “ნაუტილუსი” მკვდარი ვეშაპი თუ ეგონათ, რადგან ფაქანზე ეშვებოდნენ და ნისკარტით ცდილობდნენ მის კორტნას.
გემს თავად კაპიტანი ნემო მართავდა. “ნაუტილუსი” მშვიდად მისრიალებდა ყინულოვან მთებს შუა, რამდენიმე მილის სიგრძეზე რომ გაჭიმულიყო და სიმაღლით 10-30 საჟენს აღწევდა.
განედის მესამოცე გრადუსზე მთლიანმა ყინულეთმა გზა გადაგვიღობა, მაგრამ კაპიტანმა სადღაც მიაგნო ხვრელს და მასში გააძვრინა გემი, თუმცა კარგად იცოდა, რომ მის უკან ყინული შეიკვრებოდა.
საკმაოდ ციოდა. გარეთ ჩამოკიდებული თერმომეტრი 2-3 გრადუსს გვიჩვენებდა ნულს ქვემოთ, მაგრამ არ ვიყინებოდით, რადგანაც თბილად გვეცვა: სელაპებისა და ტყავის ქურქები. “ნაუტილუსსაც” კარგად ათბობდა ელექტრონი. გარდა ამისა, საკმარისი იყო რამდენიმე მეტრის სიღრმეზე ჩაგვეყვინთა, რომ შედარებით თბილ წყალში მოვქცეულიყავით.
16 მარტს სამხრეთის პოლარული წრე გადავსერეთ. “ნაუტილუსის” გარშემო ყინულის მთები მოჯარულიყო… მაგრამ კაპიტანმა გასასვლელ ხვრელს მიაგნო და გაცურა. მერე კი თვითონ “ნაუტილუსი” მიიკვლევდა გზას. ზოგჯერ ზედ ყინულოვან ბორცვზე შესრიალდებოდა და ქვეშ მოიქცევდა, ზოგჯერ კი სარქენით ამსხვრევდა ქვეშიდან.
– ზორბად კი მიაპობს, მაგრამ ნეტავი საით მიეშურება ეს თქვენი კაპიტანი? – დაცინვით ამბობდა კანადელი, – წასულია მაგისი საქმე, თუ კიდევ განაგრძო გზა.
– ასე რატომ გგონიათ, ნედ?
– იმიტომ მგონია, პროფესორო, რომ მთლიანი ყინულეთი ჯერ არც ერთ სულიერს არ გაურღვევია და ვერც ეგ გაატანს. ყინულმა ძმობა არ იცის.
– იქნებ მოხერხდეს ნედ, მე ძალიან მინდა ვნახო, თუ რა ხდება ამ ყინულეთის გადაღმა.
მშვენიერი, დიადი სანახაობაა გარშემო!
ბაქანზე რომ ავდივარ, თვალს მჭრის. ათასგვრი სახისა და მომაჯადოებელი მოყვანილობის ყინულის ლოდები კაშკაშებს, ელვარებს და ბრწყინავს. ზოგს ნისლი შემობურვია. ყოველივე ეს სკდება, ჭახჭახებს, ალმასის თვლებივით ნაპერწკლებად იშლება, ყირავდება და მათ შუა ჩნდება მოტრიალე მორევი… რომ იტყვიან, კალმით ვერ აიწრებაო, სწორედ ასე იყო.
კაპიტან ნემოს არავითარი შეშფოთება არ დასტყობია. ალბათ პირველად არ დასეირნობდა ამ ზღვებზე.
18 მარტს კი ყინულეთში გავიჭედეთ. “ნაუტილუსის” გარსემო არც ერთი კვადრატული ფუტი არ იყო თავისუფალი წყლისა. ჩვენ თვალწინ თეთრი ბორცვებით მოფენილი ყინულის ველი გადაშლილიყო. მასზე რამდენიმე მწვერვალი აზიდულიყო.
ჰაერში სრული სიჩუმე იდგა. დროდადრო ქარიშხალას ყრანტალი თუ დაარღვევდა მყუდროებას.
“ნაუტილუსი” იძულებული გახდა გაჩერებულიყო.
– აბა, ახლა რაღას აპირებს თქვენი კაპიტანი? – ღვარძლიანად იმეორებდა ნედ ლენდი და თითქმის მართალიც არის. ჯერ არ გამოუგონიათ ყინულზე მოცურავე გემები. ამ ყინულეთის ველზე გადასვლა წარმოუდგენლად გვეჩვენება.
– ეს კიდევ არაფერი, ჯერ მხოლოდ გაჩხერილები ვართ… მერე ნახეთ, როცა ყინული მოგვიჭერს… – ჟინიანობს ნედი.
კაპიტანი ბევრნაირად შეეცადა, მაგრამ “ნაუტილუსი” ადგილიდან ვერ დაძრა. პირიქით, უფრო და უფრო მჭიდროდ იჭედებოდა ყინულეთში.
– თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? – მკითხა კაპიტანმა, როდესაც ბაქანზე ერთად ვიდექით.
– მე ვფიქრობ, რომ ყინულეთში გავიჩხირეთ.
– ესე იგი, თქვენი აზრით, “ნაუტილუსი” თავს ვერ დააღწევს ყინულეთს?
– ასე მგონია, კაპიტანო.
– დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ჩვენ არამცთუ თავს დავაღწევთ, ქვევითაც წავალთ.
– ქვევით? სად?
– სამხრეთ პოლუსისკენ!
– პოლუსისკენ?! – შევძახე გაკვირვებულმა.
– დიახ, სამხრეთ პოლუსისკენ, იქ, სადაც მთელი ქვეყნის მერიდიანები ერთდება.
– ეგ ხომ შეუძლებელია.
– რატომ? ვგონებ, დროა, იცოდეთ, თუ რა არის “ნაუტილუსი” და როგორ შემიძლია მისი მოხმარება.
– კაპიტანო, ოდესმე თუ ყოფილხართ სამხრეთ პოლუსზე?
– ჯერ არა! მე და თქვენ ერთად აღმოვაჩენთ მას. რაც სხვებმა ვერ შეძლეს, ჩვენ შევძლებთ!
– მინდა გერწმუნოთ, კაპიტანო. თქვენთვის რა თქმა უნდა, დაბრკოლება არ არსებობს. “ნაუტილუსი” გაარღვევს მთლიან ყინულეთს და თუ ვერ დასძლია, მაშინ თვლებზე შეაყენებთ ან ფრთებს გამოაბამთ და გადაგვაფრენთ, – ვუთხარი გამბედავი ირონიით.
– ფრენა რა საჭიროა! თუ წყლის ზედაპირი გაუვალი ყინულით არის დაფარული, ჩემი გემისთვის ზღვის ქვედა ფენები ყოველთვის თავისუფალია, როგორც დავრწმუნდით.
განზრახვას მივუხვდი.
– მხოლოდ ერთი რამ მაბრკოლებს, – განაგრძო ნემომ, – იქნებ ყინულეთის ქვეშ რამდენიმე დღე მოგვიხდეს ყოფნა და ჰაერის გაახლება ვეღარ შევძლოთ.
– ჟანგბადის სათადარიგო აუზები ხომ მოგეპოვებათ, კაპიტანო?
– ხედავთ, პროფესორო, თავადვე როგორ იცილებთ დაბრკოლებას? – ღიმილით თქვა კაპიტანმა, – მე კი სულელობას მწამებთ. მაგრამ ჰაერის მარაგი შეიძლება არ გვეყოს, ზედაპირი კი ყინულეთით იქნება დახშული. ხომ შეიძლება ასეც მოხდეს?
– გავიწყდებათ, კაპიტანო, ის სარქენი, რომლითაც შეიარაღებულია “ნაუტილუსი”. ასეთ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ გაარღვიოთ ყინულოვანი ზედაპირი.
– აი, თურმე ზოგჯერ რა ნათელი აზრები გებადებათ, პროფესორო! ხომ ხედავთ, ახლა თქვენ თვითონ ესარჩლებით ჩემს განზრახვას!
დიახ, ის მართალი იყო. მე გამედაობაში თითქმის გადავაჭარბე კიდეც მის განზრახვებს.
– მაშ, შევუდგეთ საქმეს! – თქვა კაპიტანმა, – დაყოვნება აღარ შეიძლება.
კაპიტანმა თანაშემწე მოიხმო და მათებურად გაუგებარ ენაზე გაუბა ლაპარაკი. თანაშემწე თითქოს შეეკამათა, თუმცა რაიმე აღელვება არ გამოუჩენია.
როდესაც კაპიტან ნემოს განზრახვა კონსეის გავუზიარე, ჩვეულებისამებრ დინჯად მიპასუხა: – როგორც ენებოს!
სამაგიეროდ, ნედ ლენდმა ზიზღით აიჩეჩა მხრები.
– პროფესორო, ბოშის კი ვიხდი, მაგრამ თქვენ და თქვენი კაპიტანი საბრალონი ხართ თქვენი უგუნური განზრახვებით. დამერწმუნეთ, თუნდაც მივაღწიოთ პოლუსს, უკან გამობრუენბას ვეღარ ვეღირსებით.
თქვა ეს და გამცილდა. ეტყობა, ჩემთან ლაპარაკი აღარ უნდოდა.
ოთხ საათზე კაპიტანმა წინადადება მომცა, ბაქანი დამეტოვებინა. უკანასკნელად კიდევ გადავხედე მოელვარე ყინულეთს. კარგი ამინდი იდგა, ყინვა 12 გრადუსს აღწევდა. თუმცა ქარი მიყუჩდა და ყინვა ისე აღარ იკბინებოდა.
ეკიპაჟის რამდენიმე წევრმა გემის გარშემო წერაქვებით შემოამტვრია ყინული. გემმა ჩაყვინთა, ას ორმოცდაათ საჟენზე წყალი სრულიად გათავისუფლდა ყინულისაგან.
კონსეი, ნედ ლენდი და მე დარბაზის ფანჯარასთან მოვთავსდით.
– ჩინებულად მივცურავთ, – თქვა კონსეიმ.
– ეგ ჯერჯერობით, – წაიბურტყუნა კანადელმა.
მეორე დილით, დარბაზში რომ გამოვედი, შევატყე, წყლის აუზები იცლებოდა და “ნაუტილუსი” მძიმედ, ფრთხილად მიიწევდა ზევით.
– ნუთუ თავისუფალია ზღვა და ზედაპირისკენ მივცურავთ? – გავიფიქრე მე.
მღელვარებისგან გული აჩქარებით მიცემდა. “ნაუტილუსი” კლდეს მიეჯახა. კაპიტანმა რამდენჯერმე სცადა ზედაპირზე ასვლა, მაგრამ ზემოდან ყინულის თაღი ამის საშუალებას არ გვაძლევდა.
რაც უფრო შორს მივდიოდით, გაუყინავი სივრცე მით უფრო მცირდებოდა.
19 მარტს, დილით, კაპიტანი ჩემთან შემოვიდა და მახარა:
– თავისუფალი ზღვა!

თავი XIV
სამხრეთის პოლუსი

მაშინვე ბაქანზე ავირბინე. მართლაც, ზღვა თავისუფალი იყო. მხოლოდ აქა-იქ დაცურავდა ყინულის გორები. ჰაერში ათასობითფრინველი ირეოდა. ზღვაში კი უამრავი თევზი დასრიალებდა. მოღრუბლული ამინდი იყო. თერმომეტრი 3 გრადუს ყინვას გვიჩვენებდა. ყინულეთის გამოღმა გაზაფხული გეგონებოდათ.
– პოლუსიდან შორს ვიქნებით? – ვკითხე კაპიტანს.
– ჯერ არ ვიცი, შუადრისას დავაკვირდები.
– მერე, გამოჩნდება კი მზე?
– უნდა გამოჩნდეს, ცოტა ხნით მაინც. ერთი წამითაც რომ გამოჩნდებეს, სრულებით საკმარისია.
ათიოდე მილის მოშორებით რომელიღაც ხმელეთი მოჩანდა, აღმოჩნდა, რომ კლდოვანი კუნძული იყო. “ნაუტილუსი” მისკენ გაემართა და ნაპირიდან სამი საჟენის მოშორებით გაჩერდა. ნავით დაგვჭირდა გადასვლა.
როდესაც ნავი ნაპირს მიადგა, კონსეის უნდოდა შლამზე გადამხტარიყო, მაგრამ შევაჩერე და კაპიტანს მივმართე:
– კაპიტანო, უპირველესად თქვენ გეკუთვნით ამ ხმელეთზე ფეხის დაკარება.
– მართალსა ბრძანებთ, პროფესორო არონაკს, ასე მოვიქცევი, რადგანაც ვიცი, რომ ადამიანის ფეხი ჯერ არ დაჰკარებია ამ მიწას.
შემდეგ მოსხლეტით გადახტა შლამზე. ეტყობოდა, აღელვებული იყო. იქვე, ამაღლებულ ბექობზე აირბინა და გულხელდაკრეფილმა ირგვლივ მოავლო თვალი.
ხუთიოდე წუთი უძრავად და მდუმარედ იდგა. ბოლოს მომიბრუნდა:
– პროფესორო, მობრძანდით!
მე და კონსეი მაშინვე გადავედით მიწაზე, რომელიც როგორც შევატყვე, ვულკანური ნალექისაგან შედგებოდა. ყოველ ნაბიჯზე მოჩანდა შებოლილი ხვრელები, საიდანაც გოგირდის სუნი ამოდიოდა. კუნძულის მცენარეულობა ძალზე მწირი იყო. აქა-იქ შავ კლდეებზე მოჩანდა ხავსი, ზღვის ბალახი დ ორიოდე მიკროსკოპული მცენარე. თვალი მოვკარი კიდევ რამდენიმე წითელ და მწვანე ბალახს, რომელიც ტალღებს გამოერიყათ.
სამაგიეროდ, ჰაერში დუღდა სიცოცხლე. ათასგვარი ფრინველი გუნდ-გუნდად ტრიალებდნენ ალბატროსები და ყველა ჯიშის ქარიშხალა ფრინველები.
ნაპირს ნახევარი მილის მანძილზე რომ გავცილდით, დავინახე, რომ ნიადაგი პინგვინების ბუდებით იყო მოფენილი.
შუადღემდე ერთი საათიღა დარჩა. ნისლი არ იფანტებოდა.
შუადღე დადგა. მზე არსად ჩანდა. ცა უფრო მოიღუშა და თოვა დაიწყო.
– რა გაეწყობა, ხვალამდე! – თქვა კაპიტანმა.
“ნაუტილუსზე” დავბრუნდით, სადაც სიამოვნებით დავათვალიერე თევზებით გავსებული ბადე, რომელიც ჩვენი არყოფნის დროს გადაესროლათ. ცნობილია, რომ სამხრეთის პოლარული ზღვები ათასგვარი თევზის თავშესაფარია. აქეთ მოეშურებიან ზომერი არტყლის მქროლავი ქარტეხილისგან გადასარჩენად. მაგრამ უამრავი მათგანი სელეპების, ზღვის ღორების და ლომთევზების კერძი ხდება.
ატყდა ნამდვილი თოვლის ქარბუქი, რომელმაც დილამდე გასტანა. ჩვენ ირგვლივ უჩვეულო ბინდბუნდი იდგა.
“ხვალაც რომ არ გამოჩნდეს მზე, მაშინ ხომ სულ ვეღარ შევძლებთ დაკვირვებას, რადგანაც 21 მარტიდან 6-თვიანი პოლარული ღამე იწყება”, – ვფიქრობდი ჩემთვის.
კაპიტანი ნემო თავისი ოთახიდან არ გამოდიოდა.
ნავი თავისუფალია და მე და კონსეი ნაპირზე გავცურავთ ხოლმე. გუშინდელზე უფრო შორს წავედით. აუარებელი ფრინველის გარდა წავაწყდით სელაპების ჯოგებს. ისინი ნდობით მოგვჩერებოდნენ ხავერდოვანი წყნრი თვალებით. იმდენი იყვნენ, ასიოდე გემს გაავსებდა.
– კიდევ კარგი, რომ ნედი ჩვენთან არ არის! – თქვა კონსეიმ.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ამ სელაპებს სულ გაჟლეტდა.
სხვადასხვა ჯიშის სელაპები ჯგუფ-ჯგუფად იწვნენ – ზოგი ყინულის ლოდებზე, ზოგი ნაპირზე, ზოგი კი წყალში ყირამალაობდა და დროდადრო ამოყოფდა ხოლმე თავს. ხვადი სელაპები მზურვენლობით დაჰურებდნენ ერთმანეთს მშობლების მახლობლად. ჩვეულებრივი სელაპის გარდა აქ ნახავდით ე.წ. ზღვის სპილოებს. მათ მოშავო ფერი, უფრო მოზიდული და წაგრძელებული თავი და მოკლე ხორთუმი ჰქონდათ.
– ეს ცხოველები არას გვერჩიან? – მკითხა კონსეიმ.
– სავსებით უწყინარი ცხოველები არიან, მაგრამ თავს შვილებს კი თავგანწირვით იცავენ.
– ამის უფელბა აქვთ.
– რასაკვირველია.
უნდა ითქვას, რომ სელაპს ძალზე განვითარებული ტანი აქვს. შესანიშნავ გონიერებას იჩენს და ადვილად იწვრთნება.
ფრიალო კლდეებზე თითქმის ერთი მილი კიდევ გავიარეთ ფოფხვით და შევამჩნევთ ზღვის სპილოების ჯოგი. კლდის აქეთ მოგვესმოდა მათი გამაყრუებელი ყეფა. ზღვის სპილოები ძალიან ჰგვანან სელაპებს. მათგან მხოლოდ სიდიდით და მოგრძო ბეწვით განირჩევიან. არა აქვთ უკანა კბილები, მხოლოდ ზედა ყბაში თითო არშინის სიგრძის ორი ეშვი აქვთ. სწორედ ამ ძვირფასი ეშვის გულისთვის ჟლეტენ ისეთი თავგამოდებით, რომ მალე ალბათ სულ გაწყვეტენ.
მათი ნახვის შემდეგ უკანვე გამოვბრუნდით.
უკან მომავალმა იშვიათი ნიმუშის პინგვინის კვერცხი ვიპოვე. ძალიან დიდი იყო, თეთრი ფერის და უცნაურლაქებიანი. ის კვერცხი კაპიტნის მუზეუმის კარადაში მოვათავსე.
დაძინების დროს, მზეს შევთხოვდი, რომ ხვალ ერთი წამით მაინც მოევლინა ჩვენთვის თავისი მაცოცხლებელი სხივი.
მეორე დღეს დილის ბინდბუნდში ბაქანს მივასურე, კაპიტანი ნემოც იქ დამხვდა.
– იშუქებს, – მითხრა მან, – ვფიქრობ, რომ მზე დღეს დაგვენახება. საუზმის შემდეგ, შესაფერისი ადგილი უნდა შევარჩიოთ დაკვირვებისათვის.
– დღეს უკანასკნელი დღეა, კაპიტანო, – ვუთხარი მე.
– დიახ! თუ დღეს არა, მაშინ, შეიძლება არასოდეს!
საუზმის შემდეგ ნედთან შევედი, მინდოდა ნაპირზე გადამეყვანა, მაგრამ კანადელი მოწყენილი და მოღუშული დამხვდა. წამოსვლაზე გადაჭრით უარი მითხრა.
ეგ უკეთესი, – ვიფიქრე ჩემთვის, – თორემ იმ ნაპირებს სასაკლაოდ აქცევდა.
ნისლი იფანტებოდა და ღრუბლები აქეთ-იქით მიიზლაზნებოდა. კაპიტან ნემომ საჭირო ხელსაწყოები წამოიღო და დილის ათი საათისათვის მისი მეზღვაურების თანხლებით, კუნძულზე გავემგზავრეთ. ჩვენ უნდა მიგვეღწია უმაღლესი მწვერვალისათვის, რომელიც წარმოადგენდა ფრიალო კლდის წვეტინ წვერს და წყლის დონიდან ნახევარი ვერსის სიმაღლეზე აზიდულიყო.
ძნელი სავალი იყო, ფეხს ვდგამდით ბასრსა და წყვეტიან ღველფის ნალექს. ამას ზედ ერთვოდა გოგირდის მძლავრი, მახრჩობელა სუნი. კაპიტანი სწრაფად ადიოდა მთაზე.
– როგორც ჩანს, ხმელეთზე სიარულს ჯერ არ გადაჩვეულა, – გავიფიქრე ჩემტვის, – შეხედეთ, როგორ მიხტის ალპურ მონადირესაც კი არ ჩამოუვარდბა!
ორის საათის მერე, როგორც იქნა, კლდის წვერს მივაღწიეთ. კაპიტანმა მანომეტრის საშუალებით მაშინვე გამოიანგარიშა ამ ფრიალო კლდის სიმაღლე.
გარშემო მიმოვიხედე. მზე არსად ჩანდა. ჰორიზონტს მხოლოდ მისი ანარეკლი შუქი ეფინებოდა. ყოველ მხარეს ბასრად წაწვეტებული ფრიალო კლდეები ამართულიყო, რომელთა შუა აქა-იქ თვალისმომჭრელი თეთრი ველები მოჩანდა. “ნაუტილუსი” შორიდან მძინარე ვეშაპს ჰგავდა, ჰორიზონტს ცალ მხარეს ფირუზისფრად მიმდგარი, ლეგა ნისლით დაფარული ზღვა მოსდევდა. მეორე მხარეს კი უსაზღვრო, თვალუწვდენელი უცნობი ხმელეთი გადაჭიმულიყო ერთმანეთს მიყრილი ფრიალო კლდებითა და ყინულის გორებით.
თორმეტს 15 წუთი აკლდა, როდესაც ჰორიზონტის უკანა მხრიდან როგორც იქნა, ამოცურდა მზის დისკო. მას უკანასკნელად უნდა მოეფინა სინათლე ამ უკაცრიელი, უღრანი ხმელეთისა და ზღვისათვის, რომელსაც დღემდე არც ერთი ადამიანის ფეხი არ დაჰკარებოდა.
ასტრონომიული დურბინდით შეიარაღებული კაპიტანი ნემო მზეს აკვირდებოდა, რომელიც ჰორიზონტს იქით ეშვებოდა. ხელში ქრონომეტრი მეჭირა. გული საშინლად მიცემდა. თუ მზე შუადღისას ნახევრად მიეფაროდა, მაშასადამე, ჩვენ პოლუსზე ვიმყოფებოდით.
წუთი წუთს მისდევდა…
– შუადრეა! – დავიძახე მე.
– სამხრეთ პოლუსი! – მიპასუხა კაპიტანმა ნემომ.
ჰორიზონტის ხაზი მზედ ორ თანასწორ ნახევრად სერავდა. კაპიტანმა შავი დროშა გაშალა, რომელზეც ოქროს ასო N— იყო ამოქარგული. კაპიტანმა მხარზე ხელი დამადო და წარმოთქვა:
– მე, კაპიტანმა ნემომ, 1868 წლს 21 მარტს სამხრეთ პოლუსს მივაღწიე და ამიერიდან დედამიწის ეს ნაწილი “ნაუტილუსის” კუთვნილებად გამომიცხადებია.

თავი XV
დაბრკოლება თუ შეფერხება

მეორე დღეს, 22 მარტს, საღამოს 6 საათზე, სამგზავრო სამზადისში ვიყავით. საღამოს ბინდბუნდს ღამის წყვდიადი შეერია. სუსხიანი ამინდი იყო. ვარსკვლავები საოცრად კაშკაშებდნენ. შუბის ტარზე “მრავალი” კიაფობდა – ეს არის პოლარული სარტყლის ვარსკვლავთა კრებული.
თერმომეტრი 12 გრადუს ყინვას აჩვენებდა. ნიავი სახეს გვისუსხავდა.
ზღვის ზედაპირზე აქა-იქ შავად მოშიშვლებული გაუყინავი ადგილები მოჩანდა, მაგრამ ისინიც თანდათან ქრებოდა. წელიწადის ამ, დროს, სამხრეთის ზღვების აუზი ექვსი თვით იყინება და გაუვალი ხდება. ვეშაპები ალბათ, ყინულით გადალესილი მიდამოს ტოვებენ და თბილი წყლებისკენ მოეშურებიან ამ დროს. სელაპები და ზღვის სპილოები კი თანშეზრდილნი არიან სუსხიან ჰავას და ყინულეთის სამეფოს არ ტოვებენ. ეს ცხოველები ყინულში ნახვრეტებს აკეთებენ და ღიად ტოვებენ. ამ ღია დოლაბებს ისინი ჰაერის სასუნთქად იტოვებენ.
როდესაც სიცივსაგან შეწუხებული ფრინველები ჩრდილოეთისკენ გადაფრინდებიან, ამ პოლაულ ხმელეთზე ბურთი და მოედანი ძუძუმწოვარა ცხოველს რჩებათ.
აუზები წყლით გაავსეს და “ნაუტლიუსი” მძიმედ ჩაეშვა ზღვაში ათასი ფუტის სიღრმეზე გაჩერდა, მისი მოსასმელი ხრახნი ამუშვდა და გემი პირდაპირ ჩრდილოეტისკენ გაემართა საათში თხუთმეტი მილის სიჩქარით. საღამო ხანს უკვე მთლიანი ყინულის ქვეშ მიცურავდა.
ფანჯრის დარაბები გარედან იყო დაკეტილი, რომ შუშები ზღვაში მოტივტივე ყინულის კლდის დაჯახებისაგან არ შემომტვრეულიყო. მთელი დღე პოლუსის შთაბეჭდილებებზე ვწერდი. ჩვენ ამ უბედურ ადგილებს უხიფათოდ მივაღწიეთ, თითქოს რელსებზე მოსრიალე ვაგონით მივდიოდით. ახლა უკან ვბრუნდებოდით, დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს მგზავრობაც რაიმე მოულოდნელი სანახაობით გაგვამდიდრებდა – ზღვის უფსკრულები ხომ დაუშრეტელი წყაროა სასწაულებისა.
ხუთ-ნახევარი თვეა მას შემდეგ, რაც შემთხვევით მოვხვდით ამ წყალქვეშა ნავზე. ჩვენ უკვე თოთხმეტი ათასი ლიე (56 235 ვერსი) გამოვიარეთ. რამდენი მომხიბვლელი და საშინელი რამ შეგვემთხვა ამ გზაზე. რომელიც დედამიწის ეკვატორის სიგრძეს აღემატება! კრესპოს ტყეში ნადირობა, უნებლიე შეჩერება ტორესის სრუტესი, მარჯნის სასაფლაო, სანტარინოს წყალქვეშა ცეცხლი, ვიგოს ნავსადგურის მილიონები, ატლანტისი, სამხრეთ პოლუსი!
მთელი ღამის განმავლობაში თვალწინ მედგა ეს სანახაობა და ჯადოსნური სიზმარივით ძილს მიფრთხობდა.
დილის 3 საათზე ძლიერმა შექანებამ გამომაფხიზლა. ლოგინზე წამოვჯექი და ყური დავუგდე უკუნ სიბნელეს. უცებ ლოგინიდან შუა ოთახში გადამისროლა ძლიერმა ძალამ. ალბათ “ნაუტილუსი” დაეჯახა რაღაცას.
ხელის ფათურით, კედელ-კედელ გავიარე ვიწრო ტალანი და დარბაზში შევედი, რომელსაც ჭერიდან კაშკაშა სინათლე ეფინებოდა. მთელი ავეჯი პირქვე დამხობილიყო. საბედნიეროდ, მუზეუმის კარადები დალურსმულ ფეხებზე იდგა და გადარჩენილიყო. მარჯვენა კედელზე ჩამოკიდებული პორტრეტები კედელს მიჰკვროდა, მარცხენა კედლის სურათების ჩარჩოები კი თავისი ქვევითა ნაწილით ერთი ფუტის სიგანეზე იყო კედლიდან გამოწეული. ცხადია, “ნაუტილუსი” მარჯვენა მხარეს იყო გადაზნექილი და გაჩერებული.
ფეხის ხმა და გაურკვეველი ლაპარაკი მესმოდა გემის შიგნითა ოთახებიდან. ნემო არსად ჩანდა. დარბაზიდან რომ გამოვდიოდი, ნედ ლენდი და კონსეი შემხვდნენ.
– რა მოხდა? – შევეკითხე მათ.
– თქვენთან ამის საკითხავად მოვდიოდი, – მიპასუხა კონსეიმ.
– ჯანდაბა და დოზანა! – წამოიძახა კანადელმა, – კარგად მესმის, რაც მოხდა. “ნაუტილუსი” რაღაცას წაეჯახა და ამ დაჯახებაზე ვატყობ, რომ ისე ადვილად ვერ დააღწევს თავს, როგორც ტორესის სრუტეში!
– ის მაინც გამაგებინეთ, აცურდა თუ არა ზღვის ზედაპირზე? – ვიკითხე მე.
– არ ვიცით, – მიპასუხა კონსეიმ.
– ამის გაგება ადვილია, – ვთქვი მე.
მანომეტრს შევხედე. ჩემდა სამწუხაროდ, მანომეტრი გვიჩვენებდა, რომ სამას სამოცი მეტრის სიღრმეზე ვიმყოფებოდით.
– ეს რას ნიშნავს? – წამოვიყვირე.
– კაპიტან ნემოს შევეკითხოთ! – მიპასუხა ნედ ლენდმა.
– გამომყევით, – ვუთხარი ამხანაგებს.
დარბაზი დავტოვეთ. ბიბლიოთეკაში ჭაჭანება არ იყო. ვფიქრობდი, კაპიტანი მესაჭესთან იქნებოდა და გადავწყვიტე, დაგვეცადა. ისევ დარბაზში დავბრუნდით.
თითქმის ოცი წუთი გავიდა. გაფაციცებით ვუგდებდით ყურს “ნაუტილუსის” შიგნით ხმაურს. ბოლოს დარბაზში შემოვიდა კაპიტანი ნემო, ეტყობოდა, ვერ შეგვამჩნია. მის მშრალ სახეს შეშფოთება აღბეჭდოდა. მდუმარედ შეხედა კომპასს, მანომეტრს და რუკაზე იმ ადგილს დაადო თითი, რომელზეც აღნიშნული იყო სამხრეთის პოლარული ზღვები.
არ მინდოდა ხელი შემეშალა, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა ჩემკენ მოტრიალდა, ვკითხე:
– უბრალო შემთხვევაა რამე?
– არა, პროფესორო, ამჟამად დაბრკოლებაა, – მიპასუხა მან.
– მნიშვნელოვანი?
– შესაძლოა!
– საფრთხე ხომ არ გველის?
– არა!
– “ნაუტილუსი” მეჩეჩზე დაჯდა?
– დიახ!
– ეს მოხდა რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა?
– გემის მართვასა და მოძრაობაში ერთი ბეწო შეცდომაც არ ყოფილა.
– ნება მიბოძეთ, გკითხოთ, – მივმართე მე, – რა მიზეზით მოხდა ეს ამბავი?
– უზარმაზარი ყინულის ლოდი, მთელი მთისოდენა, აღმა შეტრიალდა, – მიპასუხა კაპიტანმა, – როდესაც ყინულის მთების ფუძე თბილი წყლის გავლენით ატივტივდება, მთელი მისი სიმძიმის ცენტრის ზევით გადაინაცვლებს ხოლმე, მაშინ ყინულის მთა აღმა შეტრიალდება და თავდაყირა დგება. აი, სწორედ ასეთი შემთხვევა მოხდა დღესაც. ერთი ასეთი ყინულოვანი მთა ამოტრიალდა, წყალქვეშ მიმავალ “ნაუტილუსს” დაეჯახა. მერე გემის კორპუსის ქვევით მოექცა და ზევით ამოსწია. “ნაუტილუსი” ამ ყინულის მთაში ჩაიჭედა, გვერდზე გადაიზნიქა და აქამდე იმავე მდგომრეობაში იმყოფება.
– განა არ შეიძლება, წყლის აუზები რომ დაიცალოს წონასწორობის აღსადგენად?
– სწორედ მაგაზე ვმუშაობთ, პროფესორო. თქვენ ალბათ გესმით ტუმბოების შხრიალი. აბა, შეხედეთ მანომეტრს ისარს: ის გვიჩვენებს, რომ “ნაუტილუსი” ზევით მიდის, მაგრამ მას ძირიდან ყინულის მთაც მოსდევს და გემის მდგომარეობა არ იცვლება.
“ნაუტილუსი” მართლაც ისევ ისე, მარჯვნივ გადაზნექილი იდგა… ცხადია, ისევ სწორ მდგომარეობას მიიღებდა, რაწამს ყინულის მთას მოსცილდებოდა. მაგრამ იქნებ მანამდე ჩვენ კიდევ ზემოდან ყინულის სქელი ფენა დაგვხვედროდა, რომლითც ზღვის ზედაპირი იყო დაფარული.
უეცრად გემის კორპუსი ოდნავ შეინძრა და “ნაუტილუსმა” ნელ-ნელა გასწორება იწყო. დარბაზში ჩმოკიდებული საგნები თავის პირვანდელ მდგომარეობას იღებდა. კედლები შვეულ ხაზს უახლოვდებოდა. იატაკს თანდათან ჰორიზონატლური მდგომარეობა ეძლეოდა. ასე გაიარა ათმა წუთმა.
– ძლივს! ახლა კი სწორედ ვდგავართ! – შევძახე მე.
– დიახ, – დამიდასტურა კაპიტანმა ნემომდა კარისკენ გაემართა.
– მაშ, გემი გზას განაგრძობს? – დავადევნე კითხვა.
– რასაკვირველია. რაწამს წყლის აუზები დაიცლება, “ნაუტილუსი” ზღვის ზედაპირზე აცურდება.
კაპიტანი გავიდა. მისი განკარგულებით “ნაუტილუსი” მალე შეაჩერეს, ზევით აღარ იწევდა და ისე მიცურავდა წინ. თურმე გემი ქვევიდან გაყინული ზედაპირის მთლიან თაღს შეეჯახა.
– მარჯვედ კი დავაღწიეთ თავი! – წამოთქვა კონსეიმ.
– მართლაც, – ვუპასუხე მე, – თორემ შესაძლებელი იყო, ორი ყინულოვანი მთის შუა მოვმწყვდეულიყავით… მაშინ კი ჰაერი შემოგვაკლდებოდა.. მართლაც ბენდიერად გადავრჩით საფრთხეს.
– გადარჩით კი?! – ჩუმად ჩაილაპარაკა ნედ ლენდმა.
არ მინდოდა კანადელთან უნაყოფო კამათის გაბმა და არაფერი ვუპასუხე, გარდა ამისა, ამ დროს დარაბებს გასწიეს და გარეთა სინათლე დარბაზში შემოიჭრა.
როგორც დუკვე მოგახსენეთ, ჩვენ წყალქვეშ ვიმყოფებოდით. “ნაუტილუსის” ორივე მხარეს სამ მეტრზე ყინულის კედლები აღმართულიყო. ზემოდან მთლიანი ყინულეთის შეკრული თაღი გვფარავდა. ჩვენ ქვემოთ კი შეტრიალებული ყინულის მთა გვერდით ყინულოვან კედელს მობჯენოდა და გაჩერებულიყო. ასე რომ, ყინულოვან გვირაბში ვმოძრაოდით, რომელსაც ოცი მეტრის სიგანე ჰქონდა. მაშასადამე “ნაუტილუსს” შეეძლო ამ გვირაბით გასვლა წინ ან უკან. ხოლო როდესაც ყინულის გვირაბს გასცილდებოდა, სიღრმეზე ჩაეყვინთა და გზა ისე განეგრძო.
დარბაზის ჭერიდან სინათლე ჩაქრა, მაგრამ იქაურობა ისევ გაკაშკაშებული იყო. სიტყვებით ვერ გადმოიცემა ის ეფექტი, რომელსაც ჯადოსნური მოხაზულობის ყინულოვან მასივში ჩვენი შუქურას ელექტრონის სინათლე ქმნიდა. ყოველი კუნჭული, ყოველი ტაფობი, ყოველი ქიმი ათასფრად ელავდა და ციალებდა.
– რა მშვენიერია! რა ლამაზია! – წამოიძახა კონსეიმ.
– მართლაც, დიდებულია ეს ჯადოსნური სანახაობა, – ვუპასუხე მე, – ხომ მართალია, ნედ?
– ეშმაკმა წაიღოს! – დამეთანხმა კანადელი, – მართლაც აღტაცებაში მოიყვანს ადამიანს. ვნანობ, რომ უნდა დაგეთანხმოთ. ვერც ერთი სულიერი ვერ ეღირსება ამის მსგავსი რამის ნახვას. მაგრამ შეიძლება ძვირად კი დაგვიჯდეს ეს ყველაფერი.
ნედი მართალი იყო. ეს სანახაობა მეტისმეტად ლამაზი და წარმტაცი იყო. უცებ კონსეიმ შეჰყვირა. მისკენ მივტრიალდით.
– რა ამბავია?
– თვალები დახუჭეთ!
კონსეიმ სწრაფად დახუჭა თვალები.
ჩემი თვალები უნებლიეთ ფანჯარას ეცა, მაგრამ ამ ელვარებას ვეღარ გაუძლო.
მაინც მივხვდი, რაც მოხდა “ნაუტილუსი” სწარფად მიქროდა. ამის გამო ყინულოვანი კედლების თანაბარი და მყუდრო ელვარება ერთბაშად ცეცხლოვან ზოლებად იქცა. ცეცხლისფრად აელვრებული მილიარდი ბრილიანტი ცეცხლის ზოლებად იქცა. თითქოს “ნაუტილუსი” ელვისაგან მოქსოვილ ბადესი მიცურავსო. ფანჯრის დარაბები დახურეს, მაგრამ ჩვენ ისევ ხელებს ვიფარედით თვალებზე.
გავიდა ხანი და გაღიზიანეული თვალები ძლივს დაგვიწყნარდა.
როგორც იყო, ხელები მოვაშორეთ თვალებს.
– ამას არასოდეს დავიჯერებდი! – თქვა კონსეიმ.
– მე კი ახლაც არ მჯერა! – წამოიძახა კანადელმა.
– ბუნების ამ ჯადოსნური სანახაობის შემდეგ, ხმელეთზე რომ დავბრუნდებით, რა საბრალოდ მოგვეჩვენება ხმელეთი და რა არარაობად – ადამიანის ნახელავი, – განაგრძო კონსეიმ, – არა, ხალხით დასახლებული ქვეყნიერება მეტისმეტად საწყალობელია!
გულგრილი ფლამინდიელის სიტყვები საუკეთესოდ მოწმობდა, თუ რამდენად იყო მოხიბლული ჩვენი გონება ამ სანახაობით. მაგრამ კანადელმა აქაც ცივი წყალი გადაგვასხა:
– დასახლებული ქვეყნიერება? -შესძახა მან თავის ქნევით, – დამსვიდებული ბრძანდებოდეთ, მეგობარო კონსეი, ჩვენ ამას ვეღარ ვეღირსებით!…
დილის ხუთი საათი იქნებოდა. “ნაუტილუსი” კიდევ რაღაცას დაეჯახა, მაგრამ ახლა ცხვიის ნაწილით. მივხვდი, რომ მსი სარქენი ყინულის მთას დაეძგერა. ეს იმის გამო მოხდა, რომ გემი ყინულის გვირაბში მიცურავდა, რომელიც ალბათ ყინულის ზვავით იყო ჩახერგილი. კაპიტანმა ნემომ რად აიღო ეს გეზი, არ ვიცი, მაგრამ მარტო იმან გამაოცა, რომ “ნაუტილუსი” უკან-უკან იწევდა.
– უკან მივდივართ! – თქვა კონსეიმ.
– დიახ. – მივუგე მე, – ალბათ გვირაბიდან გასასვლელი არ არის.
– მაშინ?
– მაშინ, უბრალო საქმეა, – ვუპასუხე მე, – ჩვენ იმავე გზით გავბრუნდებით უკან და სამხრეთის ხვრელით გავივლით. ესაა და ეს.
ამას რომ ვამბობდი, ვცდილობდი, უფრო მეტი დამარწმუნებელი კილოთი გამომეთქვა ჩემი აზრი, ვიდრე ეს სინამდვილეში იყო. “ნაუტილუსი” კი უკან-უკან მიცურავდა და თანდათან სვლას აძლიერებდა.
– მოვემწყვდიეთ, – შენიშნა ნედმა.
ნედ ლენდი და კონსეი წამოდგნენ.
– აქ დარჩით, მეგობრებო, – ვუთხარი მე, – ერთად ვიყოთ, სანამ ამ სახიფათო მდგომარეობას თავს დავაღწევდეთ.
რამდენიმე საათმა განვლო. ხშირ-ხშირად შევცქეროდი დარბაზის კედელზე ჩამოკიდებულ ინსტრუმენტს. მანომეტრი გვიჩვენებდა, რომ “ნაუტილუსი” სამასი მეტრის სიღრმეზე იყო. კომპასი გვიჩვენებდა, რომ გემი სამხრეთისაკენ მიდიოდა. ლანგი აღნიშნავდა, რომ საათში ოცი მილის სიჩქარით მოძრაობდა. ამ ვიწრო გვირაბში ასეთი სწრაფი სვლა საოცარი იყო.
ცხრის ოცდახუთი წუთი იყო, როდესაც “ნაუტილუსი” კიდევ რაღაცს წაეჯახა, მაგრამ ახლა ბოლო ნაწილით.
გავფითრდი. ამხანგები მომცვივდნენ, კონსეის ხელი ვტაცე. ერთმანეთს უხმოდ მივჩერებოდით და მზერით უფრო უკეთ ვუზიარებდით ჩვენს გულისნადებს, ვიდრე სიტყვით.
დარბაზში კაპიტანი ნემო შემოვიდა.
– სამხერთისკენ შეკრული გვაქვს გზა?- ვკითხე მე.
– დიახ, პროფესორო, ყინულის მთა ამოტრიალდა და გზა გადაგვიღობა.
– მაშ, მომწყვდეული ვყოფილვართ?
– დიახ!

თავი XVI
ჰერი შემოგვაკლდა

“ნაუტილუსს” გარშემო, ზევიდან და ქვევიდან, გაუვალი, მთლიანი ყინულის გალავანი ერტყა. კანადელმა სიბრაზისაგან თავისი მძლავრი მუშტი მაგიდას დაჰკრა. კონსეი დუმდა. მე კაპიტანს მივჩერებოდი. მისმა სახემ ჩვეულებრივი, მშვიდი გამომეტყველება მიიღო. გულხელდაკრეფილი ფიქრს მისცემოდა. “ნაუტილუსი” უძრავად იდგა.
ბოლოს კაპიტანმა დაილაპარაკა:
– მეგობრებო, – თქვა მან წყნარი ხმით, – იმ პირობებში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ორი საშუალება სიკვდილის.
ეს უცნაური ადამიანი ისე ლაპარაკობდა, თითქოს მათემატიკის პროფესორი მოწაფეებს რომელიმე დებულებას უმტკიცებსო.
– ჯერ ერთი, – განაგრძო კაპიტანმა, – ჩვენ შეიძლება ყინულებში გავისრისოთ და ისე მოვკდეთ. მეორეც – შეიძლება უჰაერობამ დაგვახრჩოს, შიმშილით სიკვდილზე არას ვამბობ, რადგან “ნაუტილუსის” მარაგი, ალბათ ჩვენ მერეც დარჩება. მაშ ასე, უნდა შევეცადოთ და ეს განსაცდელი თავიდან ავიცილოთ.
– კაპიტანო, უჰაერობა არ უნდა გვაფიქრებდეს, რადგანაც ჩვენი სათადარიგო აუზები სავსეა, – ვუთხარი მე.
– მართალია, – მიპასუხა კაპიტანმა ნემომ, – მაგრამ მათში მოქცეულ ჰაერი მხოლოდ ორ დღე-ღამეს გვეყოფა. ორმოცდარვა საათის შემდეგ კი, ჰაერი გამოილევა.
– მერე რა, მანამდე როგორმე თავს დავაღწევთ, კაპიტანო!
– რა თქმა უნდა! ამას შევეცდებით, ჩვენ გარშემო მომდგარ ზღუდეებს გავხრეტთ მაინც.
– რომელ მხარეს? – ვკითხე.
– მაგას ზონდი გვიჩვენებს. “ნაუტილუსს” ქვედა ყინულეთზე გავაჩერებინებ და სკაფანდრებში გამოწყობილი ჩემი ხალხი იმ მხარეს გაჭრის ყინულის მთას, საითაც უფრო თხელია მისი სისქე.
– დარაბების გაწევა შეიძლება? – ვკითხე მე.
– კი, ჩვენ ახლა ვდგავართ.
კაპიტანი ნემო გავიდა. შხირიალზე შევატყვე, რომ აუზები წყლით ივსებოდა. “ნაუტილუსი” მძიმედ ეშვებოდა ძირს. იგი ქვედა ყინულის ზედაპირზე გაჩერდა, სამას ორმოცდაათი მეტრის სიღრმეზე ზედაპირიდან.
– მეგობრებო, ჩვენი მდგომარეობა მეტად მძიმეა, მაგრამ თქვენი ვაჟკაცობისა და ენერგიის იმედი მაქვს. – ვამხნევებდი ამხანაგებს.
– პროფესორო, – მიპასუხა კანადელმა, – ახლა ის დრო არ არის, რომ წუწუნით თავი მოგაბეზროთ. საერთო სიკეთისათვის ყველაფერზე მზად მიგულეთ.
– კეთილი, ნედ! – ვუპასუხე მე და ხელი გავუწოდე.
– ბარჯის გარდა წერაქვსაც კარგად ვხმარობ და თუ კაპიტანს რითიმე გამოვადგები, შეუძლია დამიხმაროს.
– თქვენ დახმარებაზე უარს არ იტყვის, ნედ. წავიდეთ.
კანადელი იმ ოთახში გავიყვანე, სადაც “ნაუტილუსის” მეზღვურები სკაფანდრებს იცვამდნენ. კაპიტანს ნედის წინადადება გადავეცი და ისიც დამთანხმდა.
ნედმა ჩაიცვა. დარბაზში გამოვედი. ფანჯრის დარაბები გაწეული იყო. კონსეის გვერდით ჩამოვჯექი. “ნაუტილუსი” იდგა.
რამდენიმე წუთის შემდეგ “ნაუტილუსის” ეკიპაჟის ოციოდე წევრი გამოვიდა ყინულის კუნძულზე. მათ შორის ბრგე და ახოვანი ნედ ლენდი მოჩანდა. კაპიტანი ნემოც იქვე იყო.
სანამ ყინლის ჭრას დაიწყებდნენ, ჯერ განკარგულება გასცა, ბურღით გაეხვრიტათ, რომ წესიერი გეზი მისცემოდა მუშაობას. გრძელი ზონდები ჰკრეს გვერდის კედლებში, მაგრამ თხუთმეტი მეტრის სიღრმის მერეც სქელი ყინულის კედელი დახვდათ. თაღის მხარეს მუშაობის ცდაც უნაყოფო იქნებოდა, რადგან მთლიანი, მკვრივად შეკრული სქელი ყინული იყო. კაპიტანმა ნემომ ახლა ქვემოთა ფენის ჩახვრეტაც სცადა. აქ კი ათი მეტრის სისქე ყინული გვაშორებდა თავისუფალ წყალს.
მაშინვე შეუდგნენ თავგამოდებულ მუშაობას. კაპიტანმა ნემომ ბრძანა, რომ გემის ცხვირს წინ, რვა მეტრის მოშორებით უზარმაზარი წრე შემოეხაზათ და ყინულის ის ნაწილი ამოეღოთ. ბევრგან ხრახნებით დაბურღეს ყინულის ნიადაგი და დიდრონ ლოდებად აცლიდნენ ყინულის ნატეხებს. ნაკლები ხვედრითი წონის გავლენით ამოტეხილი ყინულის ლოდები, რომლებიც წყალზე უფრო მსუბუქი იყო, გვირაბის თაღისკენ მიექანებოდა და ზემოთ კედელს ასქელებდა იმდენად, რამდენადაც ქვედა ფენა თხელდებოდა.
ორი საათის მუშაობის შემდეგ ნედ ლენდი დაქანცული შემოვიდა. ის და მისი ამხანაგები მეორე წყებამ შეცვალა. მათ შევუერთდით მე და კონსეი. “ნაუტილუსის” მესაჭის თანაშემწე გვიწოდა ხელმძღვანელობას.
თავდაპირველად წყალი ძალიან ცივი მეჩვენა, მაგრამ წერაქვით მუშაობამ გამახურა. სრულიად თავისუფლად ვმოძრაობდი, თუმცა ოცდაათი ატმოსფერო წნევას ვუძლებდი.
როდესაც ორი საათის მუშაობის შემდეგ დასასვენებლად შემოვბრუნდი, ვიგრძენი, თუ რა დიდი განსხვავება იყო რუკეილორის აპარატით მოწვდსილ საღ ჰაერსა და “ნაუტილუსის” დახშულ ჰაერს შორის, რომელიც ნახშირბადით იყო გაჟღენთილი. თორმეტი საათის განმავლობაში, შემოხაზულ წრეში ერთი მეტრის სიგანეზე ამოეჭრათ ყინული. ასეთი ხალისით რომ გაგვეგრძელებინა მუშაობა, ხუთი ღამე და ოთხი დღე დაგვჭირდებოდა ჩვენი საქმის დასაგვირგვინებლად.
– ხუთი ღამე და ოთხი დღე! – ვუთხარი ამხანაგებს, – ჩვენი ჰერის მარაგი კი მხოლოდ ორი დღე-ღამის სამყოფია.
– ამ წყეულ საპატიმროს თავი რომ დავაღწიოთ, ჯერ კიდევ გამული ყინულეთის ქვეშ ვიქნებით და ატმოსფეროსთან არავითარი კავშირი არ გვექნება, – დაუმატა ნედმა.
– სწორი შენიშვნაა! შეიძლება იმაზე ადრეც გავიგუდოთ უჰაერობით, სანამ “ნაუტილუსი” მიაღწევდეს დედამიწის ზედაპირს. ვინ იცის, იქნებ, “ნაუტილუსი” განწირულა ამ ყინულეთში დასაღუპავად!
საშინელი მდგომარეობა იყო, მაგრამ ყველა ჩვენგანი პირდაპირ თვალებში უმზერდა საფრთხეს და გადავწყვიტეთ, ჩვენი მოვალეობა ბოლომდე შეგვესრულებინა.
იმ ღამეს კიდევ ერთ მეტრზე ამოიჭრა ყინული ამ უზარმაზარ ორმოში. მეორე დილით სკაფანდრში გამოწყობილი მივდიოდი წყალში, რომლის ტემპერატურა ექვსი გრადუსი მაინც იქნებოდა. შევამჩნიე, რომ გვერდის კედლები ნელ-ნელა უახლოვდებოდა ერთმანეთს. წყლის ის ფენა, რომელიც ადამიანის მუშაობით და იარაღის მოძრაობით არ იყო გამთბარი, თითქოს გამაგრებს იწყებდა.
გემზე რომ დავბრუნდი, ეს გარემოება კაპიტან ნემოს გავუზიარე.
– ვიცი, პროფესორო, – მიპასუხა მან დინჯი კილოთი, რომელსაც ბოლო წუთშიაც არ კარგავდა, – ერთი საფრთხე კიდევ მოგვემატა. მაგრამ საშუალებას ვერ ვპოულობ, რომ შევებრძოლო. ერთადერთი გზას ის არის, რომ შევაჩეროთ ყინულის გამაგრება. ჩვენ უნდა რამე ვიღონოთ, რომ გაყინვა არ გაგრძელდეს. უნდა დავასწროთ მას. ესაა ჩვენი საქმე.
– დავასწროთ მას! ადვილი სათქმელია! – გავიფიქრე გულში, – დროა ასეთ სიტყვებს მივეჩვიო ამ გემზე!
იმ დღეს რამდენიმე საათი თავგამოდებით ვიმუშავე წერაქვით. ეს მუშაობა სიმხნევეს მმატებდა. გარდა ამისა, მუშაობა “ნაუტილუსიდან” გამოსვლის ნიშნად, მაშასადამე, საღი ჰაერით სუნთქვას, რასაც რუკეილორის აპარატი გვაწვდიდა – გემში კი საშინელი დამძიმებული ჰაერი იყო. ყინულის ხვრელი კიდევ ერთი მეტრით ჩაღრმავდა. გემზე რომ დავბრუნდი, კინაღამ გული შემიწუხდა ნახშირმჟავამ, რომლითაც გემის ჰაერი გაჟღენთილიყო.
იმ ღამეს კაპიტანი ნემოიძულებული გახდა, სათადარიგო აუზიდან სუფთა ჰაერი გამოეშვა გემის შიგნითა ჰაერის გასაახლებლად. ასე რომ არ მოქცეულიყო, შეიძლება ვეღარც ერთს ვერ გამოგვეღვიძა.
მეორე დღეს, 26 მარტს, მაღაროელის საქმიანობას ისევ შევუდექით. ახლა უკვე მეხუთე მეტრს ვჭრიდით. გვერდის კედლები და ზედა ყინულეთის ქვედა მხარე თვალსაჩინოდ სქელდებოდა! ცხადი გახდა, რომ ეს კედლები მთლიან ყინულად ერთიანდებოდა. სასოწარკვეთილებამ შემიპყრო, წერაქვი კინაღამ ხელიდან გავაგდე. რისთვის ვიმუშაო, თუკი აქ დაღუპვა არ ამცდება, თუკი აქ გავისრისები ყინულებს შუა, ყინულად ვიქცევი?! ასეთი სასჯელი ჯერ არც ერთ ინკვიზიტორს არ გამოუგონია. წარმოვიდგინე, ვითომ საშინელი მხეცის ყბაში ვიყავი მოქცეული, ყბები კი უძლეველის ღონით იხურებოდა.
ამ წუთს გვერდით გამიარა კაპიტანმა ნემომ, რომელიც მუშაობას ხელმძღვანელობდა. ხელში ხელი ვტაცე და ჩვენი საპატიმროს კედლებზე მივუთითე. გემის მარჯვენა მხარეს ყინულის კედელი ოთხი მეტრით მაინც გასქელებულიყო.
კაპიტანი მიმიხვდა და მანიშნა გავყოლოდი. გემში შევედით, სკაფანდრები მოვიხადეთ და დარბაზში გავედით.
– პროფესორო, რაიმე გმირული საშუალება უნდა ვცადოთ, თორემ ეს გაყინული წყალი შიგ ამოგვლესავს, – მითხრა მან.
– დიახ, – ვუპასუხე, – მაგრამ რა ვქნათ, რა ვიღონოთ?
– ოჰ, “ნაუტილუსი” რომ გაუძლებდეს ამ წნევას და არ გაისრისებოდეს! – წამოიძახა მან.
– მერე რა იქნებოდა? – შევეკითხე, რადგანაც ვერ მივუხვდი, რას ფიქრობდა.
– პროფესორო, ნუთუ ვერ მიმიხვდით? – მიპასუხა მან, – მაშინ ეს წყლის გაყინვა შეგვეშვებოდა! ვერ ამჩნევთ, გაყინული წყალი რომ გამაგრდება და მაგრად მოუჭერს, მთლად დაამსხვრევს ამ ყინულოვან ველებს, რომლებშიც ჩვენ ვართ მომწყვდეული. ნუთუ ვერ გრძნობთ, რომ ეს ძალა ჩვენ დაგვიხსნის და არ დაგვღუპავს?!
– დიახ, ბატონო, ეგ შესაძლებელია, მაგრამ რაც უნდა დიდი იყოს ძალა, რომელიც “ნაუტილუსს” შესწევს, ის მაინც ვერ გაუძლებს ამ საშინელ წნევას და გაბრტყელდება.
– ეგ მეც ვიცი, პროფესორო, მაშასდამე, ბუნების დახმარებას არ უნდა ველოდოთ, მხოლოდ ჩვენი თავის იმედი უნდა ვიქონიოთ. ხელი უნდა შევუშალოთ წყლის გამაგრებას, უნდა შევაჩეროთ გაყინვა! მარტო გვერდის კედლები სქელდება, “ნაუტილუსის” გარშემო გაუყინავად ხუთი ფუტიც არ დარჩება. ჩვენ ყინულეთი ყოველი მხრიდან გარს გვერტყმის.
– რამდენ დღეს გაგვწვდება ჰაერის მარაგი, კაპიტანო?
– ზეგ ჩვენი ჰაერის მარაგი მთლინად ამოიწურება.
ცივმა ოფლმა დამასხა. მაგრამ ამ პასუხში გასაკვირი არაფერი იყო. “ნაუტილუსი” 2 მარტს ჩაეშვა პოლუსის თავისუფალი წყლების სიღრმეში. დღეს უკვე 26 მარტი იყო.
ხუთი დღე იყო, რაც გემზე ჰერის მარაგით ვსუნთქავდით. სასუნთქავად გამოსადეგი ჰაერი გარეთ მომუშავეებისთვის უნდა გამოგვეზოგა. ახლა, როდესაც ამ სტრიქონებს ვწერ, იმ შთაბეჭდილებას ისე ცოცხლად განვიცდი, რომ შიშის ჟურნატელი მივლის, ჩემს ფილტვებს თითქოს ჰაერი არ ჰყოფნის.
კაპიტანი ნემო კი, მდუმარე და უძრავი, ფიქრებში წასულიყო. ემჩნეოდა, რაღაც აზრი მოსდიოდა თავში, მაგრამ თითქოს უარს ამბობდა ამ აზრზე. ბოლოს ეს ორი სიტყვა მოსწყდა მის ბაგეს:
– მდუღარე წყალი!
– მდუღარე წყალი?
– დიახ, პროფესორო. ჩვენ მომწყვდეული ვართ, შედარებით რომ ვთქვთ, განსაზღვრულ სივრცეში. განა “ნაუტილუსის” ტუმბოებმა შეუჩერებლივ რომ ისროლონ მდუღარე წყალი, ტემპერატურას არ ასწევს და გაყინვას არ შეაჩერებს?
– უნდა ვცადოთ, – გადაჭრით ვუპასუხე.
– ვცადოთ, პროფესორო.
მაშინ თერმომეტრი გარეთ შვიდ გრადუს ყინვას უჩვენებდა. კაპიტანმა ნემომ სამზარეულოში გამიყვანა, სადაც წყლის გამოსახდელი უზარმაზარი აპარატები იდგა. წყალს ორთქლად ხდიდა, რომ შემდეგ სასმელად გამოსაყენებელი ყოფილიყო. ეს ქვაბები წყლით გაავსეს, მთელი ელექტრონის სითბო აპარატების გარშემო მიხვეულ-მოხვეულ მილებში მიუშვეს. რამდენიმე წუთის შემდეგ, წყლის სითბომ ას გრადუსს მიაღწია, მდუღარე წყალი ტუმბოებით გაუშვეს, ქვაბები კი ცივი წყლით ივსებოდა. ელექტრონს ბატარეებით განვითარებული სითბო ისეთი მძლავრი იყო, რომ ზღვის ცივი წყალი აპარატში რომ გაივლიდა, ტუმბოებში ქაფქაფად მისჩქეფდა. მდუღარე წყალი ყინულეთს მიუშვეს. სამი საათის შემდეგ, თერმომეტრი ექვს გრადუსს გვიჩვენებდა. მაშასადამე, ერთი გრადუსი მოვიგეთ. ორი საათის შემდეგ თერმომეტრი უკვე ოთხ გრადუსს აღნიშნავდა.
– გავიმარჯვეთ! – ვუთხარი კაპიტანს, როდესაც მთელი ამ პროცესის მსვლელობა შევამოწმე.
– იმედი მაქვს, ახლა აღარ გავიჭყლიტებით, – მომიგო კაპიტანმა, – მაგრამ ერთი საფრთხე კიდევ დაგვრჩა, პროფესორო, უჰაერობით გავიგუდებით.
იმ ღამეს წყლის ტემპერატურა ერთ გრადუსს უდრიდა ნულს ქვემოთ. მეტი მდუღარე წყლის სხურება სითბოს ვეღარ მატებდა, მაგრამ რადგან წყალი მხოლოდ ორ გრადუსის სიცივის დროს იყინება, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ყინული აღარ ემატებოდა.
მეორე დღეს, 27 მარტს, ყინულის დოლაბებში ექვსი მეტრი ყინული იყო ამოჭრილი. კიდევ ოთხი მეტრი გვრჩებოდა ამოსაჭრელი. კიდევ ორმოცდარვა საათის სამუშაო გველოდა. “ნაუტილუსში” ჰაერი გამოცვლა აღარ შეგვეძლო. იმ დღეს ჩვენი მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა.
აუტანელი სევდა შემომაწვა გულზე. საღამოს სამ საათზე ჩემმა ტანჯვამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია. ყბები მთქნარებისგან მტეხდა, ფილტვები მითრთოდა საღი ჰაერის მოლოდინში.
ზნეობრივად სრულიად გამოვიფიტე. უღონოდ ვეგდე, თითქმის გონებამიხდილი, ჩემი ძვირფასი კონსეი გვერიდან არ მშორდებოდა, თუმცა ჩემსავით იტანჯებოდა.
მაგრამ თუ ჩვენი მდგომარეობა ასეთი აუტანელი იყო გემში, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა გაშმაგებით და ნეტარებით ვიცვამდი სკაფანდრებს სამუშაოდ გასსვლელად. წერაქვი წკრიალით ტეხდა ყინულეთს, მკლავი იქანცებოდა, ხელებზე ტყავი გვასკდებოდა, მაგრამ ვის აგონდებოდა იარები, როდესაც აპარატიდან მაცოცხლებელი ჰაერი ჩდიოდა ფილტვებში! აქ შეიძლებოდა სუნთქვა!
იმ დღეს ჩვეულებრივი სამუშაო უფრო მეტი თავგამოდებით შევასრულეთ. მხოლოდ ორი მეტრიღა გვრჩებოდა ამოსაჭრელი, მაგრამ რეზერვებში ჰაერის მარაგი აღარ იყო. ის მცირეოდენი, რაც იყო, მუშაობისთვის უნდა დაგვეზოგა. “ნაუტილუსისთვის” ვერც ერთ ატომს ვერ მოვაკლებდით.
მეექვსე დღე იყო, რაც ყინულეთში ვიყავით. რადგანაც წერაქვით მძიმედ მიდიოდა საქმე, კაპიტანმა ნემომ გადაწყვიტა, ყინულის დანარჩენი ფენა ჩაენგრია. კაპიტანს არ დაჰკარგვია არც სიდინჯე, არც ენერგია.
ფიზიკურ ტკივილებსაც ზნეობრივი სიძლიერით იმორჩილებდა. მუდამ ფიქრობდა, აზროვნებდა, მოქმედებდა.
მისი ბრძანებით გემიდან ბარგის ნაწილი გადმოტვირთეს და კუთრი წონის შეცვლის გამო, “ნაუტილუსმა” ყინულოვანი ფენიდან ზევით ამოიწია, წინ გასწია და სწორედ იმ უზარმაზარ ხვრელში შეცურდა, რომელიც ჩვენ ამოვჭერით. მისი აუზები კვლავ წყლით გაავსეს და “ნაუტილუსი” სიღრმისკენ ჩასრიალდა. მთელი ეკიპაჟი გემში შეიკრიბა, შიგნითა ორმაგი კარი დაიკეტა. ახლა “ნაუტილუსი” მთელი თავისი სიმძიმით აწვებოდა ათას ადგილას ჩაბურღულ ერთი მეტრის სისქის ყინულის ფენას.
მაშინ აუზების ყველა ონკანი გააღეს, ასი კუბური მეტრი წყალი თქრიალით ავსებდა მათ და “ნაუტილუსის” სიმძიმეს ასი ათასი კილოგრამით ამძიმებდა.
სულგანაბულები ველოდოთ, იმედით თრთოდა გული.
თუმცა თავი მიბრუოდა, მაგრამ ვიგრძენი “ნაუტილუსის” შერხევა… ყინულეთი გზას გვითმობდა, ყინულის ფენას ჭახჭახი გაჰქონდა, თითქოს ქაღალდს ხევენო. ჭახანი გაისმა და “ნაუტილუსი” სიღრმისკენ ჩაქანდა.
– ჩავცილდით! – ყურში ჩამჩურჩულა კონსეიმ.
პასუხის თავი აღარ მქონდა, ხელი ხელში ვტაცე და უნებურად აღელვებით ჩავბღუჯე.
“ნაუტილუსი” თავისი სიმძიმით ისე ჩაექანა უფსკრულისაკენ, როგორც ზარბაზანის ყუმბარა და თითქოს ცარიელ სივრცეში გაჩერდა.
მაშინ მთელი ელექტრონის ძალა წყლის გამოქაჩვისკენ მიმართეს. რამდენიმე წუთის შემდეგ გემის შექანება შეაკავეს. მანომეტრი აღნიშნადა, რომ გემი ზევით მიიწევდა. ხრახნი გაშმაგებით ბრუნადა. სწრაფი სვლისაგან მთელი გემი თრთოდა და ჩრდილოეთისაკენ მიექანებოდა.
ნეტავ, კიდევ დიდხანს იცურებს ამ ყინულეთის ქვეშ? ნეტავ, მალე მივაღწევთ გაშლილ ზღვას? კიდევ ერთი დღე? მანამდე ხომ გავთავდები!
ბიბლიოთეკის დივანზე ვიყავი გადასვენებული, სული მეხუთებოდა. სახე გამიფითრდა, ტუჩები გამილურჯდა, ღონე გამომეცალა. ვეღარც ვხედავდი და აღარც მესმოდა რაიმე. ჩემს მხსიერებაში დროის ცნება გაქრა, ჩემი კუნთები აღარ იკუმშებოდა.
არ დამითვლია ასე გატარებული საათები, მაგრამ ვგრძნობდი კი, რომ ნელ-ნელა ვკვდებოდი…
უცებ გონს მოვეგე. ჩემს ფილტვებს სუფთა ჰაერი მოხვდა. ნუთუ ტალღების ზედაპირზე ვართ? ნუთუ მთლიანი ყინულეთი გავიარეთ?
არა! ეს თურმე ნედი და კონსეი, ჩემი უერთგულესი მეგობრები, ცდილობდნენ როგორმე გადავერჩინე.
რუკეილორის აპარატის ძირზე ცოტაოდენი ჰაერი დარჩენილიყო და იმის მაგივრად, რომ თვითონ ესუნთქათ, მე მიზოგავდნენ და სიცოცხლეს დროდადრო მაწვეთებდნენ. მინდოდა ხელი მეკრა აპარატისათვის, მაგრამ ხელები დამიჭირეს და რამდენიმე წუთის განმავლობაში ნეტარებით ვსუნთქავდი.
საათს შევხედე, დილის 11 საათი იყო. უკვე 28 მარტი იყო. “ნაუტილუსი” თავგამოდებით მიქროდა, საათში ორმოცი მილის სიჩქარით.
სად არის კაპიტანი ნემო? ხომ არ დაიღუპა? მასთან ერტად მისი ამხანაგებიც ხომ არ დაიხოცნენ?
ამ დროს მანომეტრი გვიჩვენებდა, რომ ზღვის ზედაპირზე ოცი ფუტი იყო დარჩენილი, მხოლოდ ყინულის ველი გვაშორებდა მისგან. ნუთუ არ შეიძლებოდა ამ ყინულის ველის გარღვევა?
მართლაც ვგრძნობდი, რომ “ნაუტილუსი” უკან იყო დახრილი, სარქენი აემაღლებინა. შემდეგ მძლავრად გაექანა და მთელი ძალ-ღონით ეძგერა ყინულის თაღს, ნელ-ნელა ხვრეტდა მას, უკან-უკან იხევდა და დიდი სიჩქარით ეძგერებოდა სარქენს. ბოლოს სრული გაქანებით დაეძგერა, თაღი შეინგრა და ყინულეთის ზედაპირზე ამოსხლტა.
არ ვიცი, კარი ახადეს თუ აგლიჯეს, მაგრამ სუფთა ჰაერის ნაკადი მოეფინა “ნაუტილუსის” ყოველ კუთხეს.
როგორ მოვხვდი ბაქანზე, არ მახსოვს, ალბათ კანადელმა თუ ამიტაცა ზევით. მაგრამ კი არ ვსუნთქავდი, ვყლაპავდი ზღვის მაცოცხლებელ ჰაერს. ჩემს გვერდით ჩემი ამხანაგებიც ეწაფებოდნენ ამ გამახალისებელ ნაკადს. დიდი ხნის დამშეული ადამიანი ერთბაშად არ უნდა მიეძალოს საჭმელსო. ჩვენ კი პირიქით, თავის შეკავება არ გვჭირდებოდა და მთელი მკერდით შეგვეძლო გვეყლაპა საღი ნაკადი ზღვის ჰაერისა, რომელსაც სიო მოაქროლებდა.
– ოჰ, რა კარგია! – წარმოთქვა კონსეიმ, – ყველას გასწვდება, ყველას ეყოფა.
ნედ ლენდი არ ლაპარაკობდა. მას ისე დაეღო ხახა, რომ ნათელთევზებსაც კი დააფრთხობდა. მერე, რა ღონივრად სუნთქავდა! ისე იტაცებდა ჰაერს, როგორც წითლად გავარვარებული ბუხარი.
მალე მოვსულიერდი. მივიხედ-მოვიხედე. ბაქანზე მხოლოდ ჩვენ ვიყავით, არც კაპიტანი ჩანდა. “ნაუტილუსი” ახირებული ადამიანები გემის შიგნით შესული ჰაერითაც კმაყოფილდებოდნენ. არც ერთი არ ამოსულა სუფთა ჰაერის დასატკბობად. პირველი ჩემი სიტყვა, ამხანაგებისადმი სამადლობელი იყო. ნედ ლენდმა და კონსეიმ შემინარჩუნეს სიცოცხლე უკანასკნელი საათების განმავლობაში. ჩემი გულითადი მადლობა მეტად მცირე იყო ასეთი თავდადებისათვის, მაგრამ სხვა არაფერი გამაჩნდა.
– კარგი, პროფესორო, – მითხრა ნედ ლენდმა, – ეგ რა სალაპარაკოა? უბრალო მათემატიკური ანგარიში იყო: თქვენი სიცოცხლე ჩვენს სიცოცხლეზე ძვირფასია. მაშასადამე, უნდა გაგფრთხილებოდით.
– ჩემო მეგობრებო, – ვუპასუხე მეტისმეტი მღელვარებით, – ბედმა სამუდამოდ დაგვაკავშირა ერთმანეთს და თქვენ უფლება გაქვთ, ისარგებლოთ ჩემი სიცოცხლით…
– სწორედ მაგ უფლებით ვისარგბლებ, – მიპასუხა კანადელმა.
– ეგ რას ნიშნავს? – ჰკითხა კონსეიმ.
– დიახ, მე ვისარგებლებ იმ უფლებით, რომ ჩვენთან ერთად გაგიტაცებთ და დაგატოვებინებთ ამ ჯოჯოხეთურ “ნაუტილუსს”! – თქვა კანადელმა.
– ეგ სწორია, – მიუგო კონსეიმ, – მაგრამ იმ მხრისკნე კი მივდივართ, საითაც საჭიროა?
– დიახ, – ვუპასუხე, – ჩვენ მივდივართ მზისკენ. მზე კი აქედან ჩრდილოეთის მხარეზეა.
– ეჭვს გარეშეა! – თქვა ნედ ლენდმა, – ისღა დაგვრჩენია, შევიტყოთ, თუ სად ვიმყოფებით ახლა: წყნარ ოკანეში თუ ატლანტის, ე.ი. დასახლებული სანაპიროებისკენ მივცურავთ თუ უკაცრიელ ზღვებზე?
ამ საკითხის გადაწყვეტა არ შემეძლო. თუმცა მეფიქრებოდა კი, რომ კაპიტანი ნემო უფრო გაშლილ ოკეანეში გაგვიყვანდა აზიისა და ამერიკის სანაპიროებისაკენ. ალბათ, იქ მოათავებდა თავს მოგზაურობას დედამიწის გარშემო და მერე დაუბრუნდებოდა იმ ზღვებს, სადაც “ნაუტილუსს” მყუდროდ და უხიფათოდ შეეძლო ყოფნა. მაგრამ როგორ განვახორციელებდით ნედ ლენდის განზრახვას, თუ ჩვენ ახალა ვუბრუნდებოდით წყნარ ოკეანეს, რომელიც დასახლებულ ქვეყნებს დაშორებული იყო?!
რამდენიმე ხნის შემდეგ შეიძლებოდა ამ საკითხის გადაწყვეტა. “ნაუტილუსი” კი სწრაფად მიცურავდა. მალე გავცვილდით პოლარულ წრეს და და ჰორნის კონცხისკენ გავემართეთ.
31 მარტს, საღამოს შვიდ საათზე, ასმხრეთ ამერიკის მიდამოებს გავუსწორდით.
ყველა განვლილი ტანჯვა და მწუხარება დავიწყებას მიეცა. ყინულეთში მომწყვდევის მოგონებები თანდათან ქრებოდა ხსოვნაში. ახლა მომავალზე ვფიქრობდით. კაპიტანი ნემო არ გამოჩენილა აღარც დარბაზში, არც ბაქანზე. მესაჭის თანაშემწე ყოველდღე რუკაზე აღნიშნავდა, სად იმყოფებოდა გემი და მეც შემეძლო, ზედმიწევნით მცოდნოდა “ნაუტილუსის” გეზი.
იმ საღამოს, ჩემდა სასიამოვნოდ, შევიტყვე, რომ ჩვენ ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთისკენ მივცურავდით. ეს ამბავი კანადელსა და კონსეის გავუზიარე.
– ჩინებული ამბავია! – თქვა კანადელმა, – მაგრამ მაინც საით მიდის “ნაუტილუსი”?
– არ ვიცი, ნედ.
– იქნებ კაპიტანს სამხრეთ პოლუსის მერე ჩრდილოეთ პოლუსზე წასვლა მოეგუნებოს? წყნარი ოკეანით დაბრუნება შესანიშნავი ჩრდილო დასავლეთის ხვრელით?
– ვინ არის თავდები, რომ კაპიტანს ეგ არ მოესურვოს? – თქვა კონსეიმ.
– რა გაეწყობა, – უთხრა კანადელმა, – ჩვენ მანამდე გამოვეთხოვებით მას.
– ყოველ შემთხვევაში ჩაურთო კონსეიმ, – კაპიტანი ნემო ყოჩაღი ადამიანია და არასოდეს ვინანებთ, რომ გავიცანით.
– განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შორს ვიქნებით მისგან! – დაუმატა ნედ ლენდმა.

თავი XVII
ამერიკის ნაპირები

მეორე დღეს, 1-ელ აპრილს, შუადღე მოტანებული იყო, როდესაც “ნაუტილუსი” ზედაპირზე ამოცურდა. დასავლეთის მხარეს, ხმელეთი მოჩანდა. ეს იყო ცეცხლოვანი ქევყანა. ეს ასხელი მეზღვაურებმა უწოდეს მას, როდესაც პირველად დაინახეს ამ ქვეყნის ნაპირებზე ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ გაჩაღებული კოცონები. “ნაუტილუსმა” ჩაყვინთა და ისე მიუახლოვდა მის ნაპირებს. გავცქეროდი წყალქვეშა გრძელ ლიანებს, უზრმაზარ ფუკუსებს, რომლებიც ასორმოცდაათი საჟენის სიმაღლეზე უნდა აზიდულიყო. ეს წყლის მცნარე ისეთი მაგარია, რომ საბუქსირე გემის ჯამბარად გამოდგება. შევამჩნიე აგრეთვე სელის მცენარე, რომლის ფოთლებიც საჟენს სჭარბობდა. მთაში ბინადრობს უთვალავი კიბოსმაგვარი ცხოველი, ჰოლიპები, უფხო და უძვლო თონთლო ცხოველები, მათ შორის კარაკატიცები, რომლებიც განსაცდელის დროს შავ ლორწოს უშვებენ. სწორედ ამ ლორწოს ვხმარობდი “ნაუტილუსზე” მელნად. ამ მიდამოებში უხვად მოიპოვება სელაპების და ზღვის წავების საზრდო. ისინი თევზებთან ერთად ზღვის მწვანილეულითაც იგემრიელებენ პირს.
“ნაუტილუსმა” სწრაფად გაიარა ეს ნაყოფიერი წყალქვეშა ველები და სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთ ნაპირს შეჰყვა.
3 აპრილს მდინარე ლაპლატას შესართავს გავცილდით. 7 აპრილს კი ტროპიკულ სარტყელში შევცურეთ. ცხადი იყო, რომ კაპიტან ნემოს ბრაზილიის დასახლებული სანაპიროები არ უყვარდა, რადგანაც რამდენიმე დღის განმავლობში დიდი სიჩქარით მიცურავდა მათ გასწვრივ, მეტწილად წყალქვეშ.
11 აპრილს ზედაპირზე ამოვცურეთ, მდინარე ამაზონის შესართავის გასწვრივ. ეს მდინარე ისეთი წყალუხვია და ისეთი სისწრაფით ერთვის ოკეანეს, რომ ასეული ვერსის მანძილზე ზღვის წყალს სიმლაშეს უკარგავს.
უკვე გავცილდით ეკვატორს და საფრანგეთის გვინიას გვერდით გავიარეთ. აქ რომ გაქცევა მოგვეხერხეგბინა, თავშესაფარსაც ვიპოვიდით, მაგრამ თავად ნედ ლენდმა ვერ გაბედა ასეთი ნაბიჯის გადადგმა, რადგანაც ძლიერი და სუსხიანი ქარი ქროდა და ნავით ნაპირს ვერ მივადგებოდით. მე გაკვრითაც არ მიხსენებია გაპარვის შესაძლებლობა.
სამაგიეროდ, გულდასმით ვმუშაობდი და დაკვირვებას ვაწარმოედი. 11 და 12 აპრილს ჩვენს ბადეებს ზღვის მრავალფეროვანი ცხოველი ამოჰყვა: აქ იყო მედუზები, პოლიპები, თევზები. მოხვედრილიყო სკაროსიც, ძალზე ბრტყელი და მრგვალი, რომელიც ერთი ფუთი მაინც გამოვიდოდა. ქვემოდან თეთრი იყო, ზემოდან მოწითალო, ზურგზე დიდრონი მუქი ლურჯი ზოლები ჩასდევდა, შავზოლშემოვლებული. გემის ბაქანზე ამოვათრიეთ, მაგრამ ისეთი გაშმაგებით სხლტოდა და იბრძოდა, რომ კინაღამ ზღვაში გაგვისხლტა. კონსეის არ უნდოდა ასეთი იშვიათი ნადავლი ხელიდან წაგვსლოდა და მარჯვედ სტაცა ხელი. მაგრამ სანამ მივეშველებოდით, სკაროსმა ყირამალა შეატრიალა ჰერში და კონსეი ბაქანზე ზღართანით დაეცა.
– პროფესორო მიშველეთ! – დაიძახა მან.
ეს პირველი შემთხვევა იყო მის ცხოვრებაში, როდესაც შველას მთხოვდა.
მე და ნედმა წამოვაყენეთ და დავზილეთ. მალე მომჯობინდა და მაშინვე შეუდგა ამ თევზის მეცნიერულ გამოკვლევას:
– ხერხემლიანთ მოდგმის, ხერხემალწალდა, უმოძრაო ლაყუჩებით, სკაროსის ჯიშის, ელექტრონიან სკაროსი, – მტკიცედ დააბოლოვა მან.
– დიახ, მეგობარო, ელექტრონიანი! საქმეც ეგ არის!
ეს იყო ყველაზე საშიში ელექტრონიანი სკაროსი, სახელწოდებით “ყუმანა”. მის სხეულში ისეთი მძლავრი ელექტრონული ორგანოა, რომ ამ თევზს რამდენიმე საჟენის მანძილზე შეუძლია სხვა თევზების მოკვლა.
მეორე დღეს მეტად იშვიათი და საგულისხმო ცხოველები ვნახეთ, მათ შორის, ზღვის ფური, ეს არის უწყინარი და მეტად უმწეო ცხოველი, სიგრძით სამი საჟენი, მისი წონა კი ორას ფუთამდე აღწევს. ზღვის ფურები მშვიდად ძოვენ ბალახს წყალქვეშა ველებზე და ბალახს ანადგურებენ. ეს ცხოველები რომ არ ანადგურებდნენ ამ ბალახებს, ისე გაიხლართებოდნენ, რომ ტროპიკული მდინარეების შესართავს ჩახერგავდნენ. ზღვის ფურის ხორცი ძალიან გემრიელია და ადამიანებიც უმოწყალოდ ჟლეტე ამ უწყინარ და სასარგებლო ცხოველებს, რის გამოც იშვიათად გვხვდებიან. კაპიტანმა ნემომ გადაწყვიტა მისი ხორცით გაემდიდრებინა “ნაუტილუსი” მარაგი.
იმავე დღეს, სხვა თევზებთან ერთად ბადემ რამდენიმე კოტოშა ამოათრია. ამ თევზებს თავზე მომრგვალო სიფრიფანა ხორცი აქვთ. მისი ბრტყელი ზედაპირი შედგება კაკნატელა ზოლებისაგან, რომელსაც ეს თევზი თავისუფლად ამოძრავებს, მოკუმშავდ და გაშლის. ამ ზოლებს შუა უჰაერო სივრცეა, რის წყალობითაც მას შეუძლია კოტოშივით მაგრად მოეკიდოს რომელიმე საგანს.
კოტოშა თევზის ამ თვისებით ისარგებლეს “ნაუტილუსის” მეზღვაურებმა, როდესაც შორიახლოს წყალზე მოტივტივე ზღვის კუ შეამჩნიეს. ეს ცხოველი ძალზე ფრთხილია და მისი დაჭერა მეტად ძნელია. მეზღვაურებმა კოტაში თევზების თოკები მოაბეს და ზღვის კუსკენ გადაისროლეს. კოტოშა თევზები კუს მოეკიდნენ, რის შემდეგაც მეზღვაურებმა ისინი ბაქანზე ამოათრიეს.
“ნაუტილუსი” რამდენიმე დღის განმავლობაში ისე მიცურავდა, რომ ამერიკის ნაპირებს ახლოც არ გაჰკარებია. ალბათ კაპიტანს არ უნდოდა, მექსიკის ყურეში და ატლანტის ზღვებში ღრმად შესულიყო. 16 აპრილს ჩვენ 30 მილის მოშორებით ჩავუქროლეთ მარტინიკას და გვადალუპას. “ნაუტილუსი” თავბრუდამხვევი სიჩქარით მიქროდა.

თავი XVIII
რვაფეხა

20 აპრილს ლუკაის კუნძულებს შორის მივცურავდით. ეს კუნძულები ზღვის ზედაპირზე ისეა მოფენილი, თითქოს ქვიშა დაუყრიათო.
წყალქვეშიდან ფრიალო კლდის წვერები ჩანდა, რომლებიც ბალახით, უზარმაზარი ფუკუსებითდა ზღვის სხვა მცენარეულობით იყო შემოსილი. აქა-იქ ჩაბნელებული გამოქვაბული და ეხები მოჩანდა, რომლის ძირამდე “ნაუტილუსის” შუქი ვერ აღწევდა. გემი ნელი სვლით მიდიოდა.
უცებ ნედმა ყურადრება მიაქცია ზღვის მცენარეულობაში რაღაც არაჩვეულებრივ მოძრაობას.
– ალბათ, რვაფეხაა, სპრუტი! შეიძლება ამ მიდამოებში იყოს, სწორედ ასეთ მღვიმეებში უყვართ ბუდობა.
– ჩვეულებრივი სპრუტი ანუ რვაფეხა, რომელსაც ფეხები თავზე აქვთ გამობმული? – გაუკვირდა კონსეის, – რა სანახავია!
– არა, კონსეი, ჩვეულებრივი კი არა, უზარმაზარი რამ არის – ვუპასუხე, – მაგრამ მე ვერავითარ მოძრაობას ვერ ვამჩნევ. ალბათ, ნედს მოეჩვენა.
– გული მწყდბა, – თქვა კონსეი, – ძალიან მინდოდა მენახა ისეთი რვაფეხა, გემებს ფსკერისაკენ რომ ექაჩება ხოლმე!
– ისეთ გემებსაც კი, როგორიც “აბრაამ ლინკოლნია”, თათებს სტაცებს და ფსკერზე დაანარცხებ! – დაცინვით წარმოთქვა ნედმა.
– ნედ ლენდს ვთხოვ, ნუ დამცინის, ჩემი თვალით მინახავს, – უპასუხა კონსეიმ.
– რა გინახავს?.. რვაფეხა გემებით რომ საუზმობს? – შეეკითხა კანადელი.
– მაგის მსგავსი!
– რას მიბრძანებთ! ეგ სად მოხდა?
– სან-მალოში.
– ნავსადგურსი?
– არა, მუზეუმში, – დინჯად უპასუხა კონსეიმ.
– როგორ თუ მუზეუმში?
– როგორ და ისე! სურათზე იყო დახატული, რომ უზარმაზარი რვაფეხა გემს მიათრევდა.
ნედმა გადაიხარხარა.
– მეც გამიგონია ეგ ამბავი, კონსეი, – ვუთხარი მე, – იმ სურათის შინაარსი ერთი ლეგენდიდან არის აღებული. ასეთი რამდენიმე ლეგენდა ვიცი, მაგრამ სამეცნიერო საკითხებში არ შეიძლება ლეგენდებს დავეყრდნოთ.
– ნეტავ, რა ლეგენდებია, პროფესორო? – დაინტერესდა ნედი.
– უძველესი მწერლები გადმოგვცემენ, რომ ერთი რვაფეხა თურმე ჰიბრალტარის სრუტეში გაჭედილა, რადგან ვერ გაეტია.
– აი, რვაფეხა ეგ ყოფილა! – წამოიძახა ნედმა.
– რა თქმა უნდა, ლეგენდებს ყველაფერი არ დაეჯერება, – ვუთხრი მე, – მაგრამ ეჭვს გარეშეა, რომ არსებობს უზარმაზარი ცხოველი, რომელსაც ეწოდება სპრუტი ანუ რვაფეხა. მუზეუმებში ინახება ასეთი ცხოველის ჩონჩხი, სიგრძით ერთი საჟენი იქნება. ასეთი ცხოველის თათები კი მასზე უფრო გრძელი უნდა იყოს. აბა, წარმოიდგინეთ რა საშინელი რამ იქნება. ესეც არ იყოს, 1861 წელს კაპიტანმა ბუგერმა თავისი გემის ბაქნიდან უზარმაზარი რვაფეხა შეამჩნია და მისი დაჭერა სცადა. ამ ცხოველის მოქნილ ტანს ტყავი და ბარჯი არ მიეკარა. შემდეგ ქამანდა ესროლეს და კისერზე მოსდეს., მაგრამ დასხლტა და კუდთან გაეჭირა. სიმძიმის გამო ვერ აათრიეს, კუდში გადაწყდა და თავს უშველა. მაშინ უწოდეს ამ ცხოველს ბუგერის რვაფეხა.
– ერთი შეხედეთ! – წამოიძახა კონსეიმ და ფანჯრისაკენ მიგვითითა – ეს ხომ არ არის, ახლა რომ გვიამბობდით! თუ ის არა, მისი ბიძასვილი მაინც იქნება.
– რა საშინელი ქმნილებაა! – შესძახა კანადელმა და ფანჯარას ეცა.
მისი სხეული სიგრძით ოთხი საჟენი იქნებოდა. მომწვანო, გადმოკარკლული, უშველებელი თვალებით მოგვჩერებოდა, თან გრეხითა და კრუნჩხვით ასავსავებდა თავის რვავე ფეხს, ან უკეთესი იქნბა, თუ ვიტყვით – ხელებს, ე.ი. იმ უზარმაზარ თითებს, რომლებიც თავზე ჰქონდა გამობმული. მისი თათები ზედიზედ მიყრილი დიდრონი კოტოშებით იყო მოფენილი. ამ თითებს შუა თუთიყუშის ნისკარტის მოყვანილობის პირი მოუჩანდა, დაღრენილ პირში ბასრ კბილებს აჩენდა.
თითისტარის მოყვანილობის ტანი ალბათ ათას ხუთასი ფუტი მაინც გამოვიდოდა.
რვაფეხას ფერი არაჩვეულებრივად ცვალებადია. გაბრაზების დროს, ის მოთეთრო-ნაცრისფერი ერთბაშად მოწითალო-აგურისფერი ხდება. ამჟამად ის სწორედ ასეთი ფერის იყო.
ალბათ იმან გააბრაზა, “ნაუტილუსს” რომ ვერაფერი დააკლო.
– იქნებ, სწორედ ეს არის ბუგერის სპრუტი? – იკითხა კონსეიმ.
– არა, – უპასუხა ნედმა, – მას ხომ კუდი მოსწყვიტეს. ამას კი აქვს.
– ეგ არაფერია, ნედ, – განვუმარტე კანადელს, – სპრუტს, ანუ როგორც მას უწოდებენ – რვაფეხას, ის თვისება აქვს, რომ მოკვეთილი ნაწილი კვლავ ეზრდება. შვიდი წლის განმავლობაში ბუგერის რვაფეხასაც გაეზრდება კუდი.
– ერთი შეხედვით! აქ ბევრნი რიან! – შესძახა კონეიმ.
– რაღაცას წავაწყდით! – წამოვიძახე მე, – მაგრამ არა, ისევ მივცურავთ!
დარბაზში კაპიტანი შემოვიდა. რა ხანია, აღარ გვენახა. ძალიან დაღვრემილი ჩანდა. ფანჯარას მიუახლოვდა და თავის მხლებელ თანაშემწეს გამოელაპარა. დარბაზი განათდა.
– სინტერესო კოლექციაა არა, კაპიტანო? – შევნიშნე მე.
– დიახ, მაგრამ მომიწევს ხელჩართული ბრძოლა გავუმართო.
– რატომ?
– იმიტომ, რომ თოფებით ვერას დავაკლებთ.
– განა აუცილებელია შებრძოლება?
– როგორც ეტყობა, “ნაუტყლიუსის” ხრახნს შემოხვევია ერთ-ერთი და მოძრაობა შეაჩერა.
– მაშ, რა ვქნათ?
– აკი მოგახსენეთ. უნდა გავჭყლიტოთ ეს საზიზღარი ცოველები!
– ეგ ხომ ძალიან ძნელი იქნება.
– მეტისმეტად ძნელია, პროფესორო, ცულებიტ უნდა შევიარაღდეთ და ბაქანზე ავიდეთ.
– თუ ნებას მომცემთ, ბარჯით გეახლებით! – ჩაურთო ნედმა.
– როგორც გნებავთ, ნედ ლენდ!
– ჩვენ მზად ვართ! – ვუთხარი მე.
– მივდივართ!
ყველანი შუა კიბისკენ გავეშურეთ. ხელჩართული ბრძოლისათვის ეკიპაჟის თორმეტიოდე კაცი ცულებით იყო შეიარაღებული. კონსეიმ და მე ცულები ავიღეთ. ნედ ლენდმა ბარჯს სტაცა ხელი.
“ნაუტყლიუსი” ზედაპირზე ამოცურდა. კიბის ზემოთა საფეხურზე მდგომმა მეზღვაურებმა ბაქნის კარი ასწიეს. რაწამს ქანჩი მოეშვა, კარი ერთბაშად ბოლომდე გაიღო, როგორც ჩანს, რვაფეხას ღონიერი თათებით.
ერთი მოგრძო თათი ღია კარსი გველივით ჩამოსრიალდა. მას მოჰყვა მეორე, მეათე, მეოცე… კაპიტან ნემომ ცული დაჰკრა და პირველი ჩამოსრიალებული თათი მოჰკვეთა. მოჭრილი თათი კიბეზე ჩამოგორდა.
ჩვენ ბაქანზე ავდიოდით ჯგუფად, როცა რვაფეხას ორი უზარმაზარი თათი ჰერში გაიკლაკნა. მერე ერთი მეზღვაურს დასწვდა, გარს შემოეხვია და მძლავრად აიტცა ჰაერში.
კაპიტანმა შეჰყვირა და საშველად გაექანა. საზარელი სანახაობა იყო. მძლავრ თათებში ჩაბღუჯულ საწყალ მეზღვაურს რვაფერხას კოტოშიანი თათი სხულში ჩაჭდობოდა და ძალუმად იქნევდა. საცოდავი ხრიალებდა, ბღაოდა: “მიშველეთ! მიშველეთ!” ეს იყო ფრანგულად ნათქვამი სიტყვები. გაოცებული დავრჩი. თურმე “ნაუტყლიუსიზე” ჩემი თანამემამულეც ყოფილა. იქნებ რამდენიმე სხვაც იყოს?!
ჩემს სიცოცხლეში არ დამავიწყდება მისი ყვირილი.
კაპიტანი ნემო რვაფეხას ეცა და ერთი დარტყმით მეორე თათიც წააგდებინა. მისი თანაშემწე სხვ რვაფეხას ებრძოდა გამწარებული. მთელი ეკიპაჟი ცულებს ატრიალებდა. მე და კონსეიც ცულებით ვჩეხავდით ცხოველის აბურთულ სხეულს. გამაბრუებელი მუშკის სუნით გაიჟინთა ჰაერი.
საშინელება იყო!
ერთი წუთით იმედი მომეცა, მეზღვაური დაუსხლტებოდა საშინელი ცხოველის კოტოშებს, რადგანაც რვაფეხას შვიდი თათი უკვე მოკვეთილი ჰქონდა, ერთი თათი კი ჰაერში იკლაკნებოდა, თავის მსხვერპლს გარშემოხვეული. კაპიტანი ნემო და მისი თანაშემწე ცხოველს მისცვივდნენ, მაგრამ უკვე რვაფეხამ მოშავო ფერის სითხე ამოუშვა მუცლიდან, რამაც ყველას თვალები აგვიწვა. სითხე რომ გაიფანტა, რვაფეხა აღარსად ჩანდა. მას თან გაეტაცებინა ჩემი უბედური თანამემამულე.
გააფთრებით დავერიეთ ამ საზარელ ცხოველებს. ჩვენი თავი აღარ გვახსოვდა.
ათი თუ თორმეტი რვაფეხა “ნაუტყლიუსის” ბაქანზე ამოსულიყო. აურზაურით ვირეოდით მათი მოკვეთილი კლაკნია თათებს შუა, სისხლისა და შავიმელნის მორევში. ჩემი გამბედავი მეგობარი უცებ ერთმა რვაფეხამ პირქვე დასცა, უშველებელი პირი დააღო და ის იყო, ორად უნდა გაეფატრა, რომ კაპიტანი ნემო გამოექანა, მე დამასწრო და ცული შიგ ღია ყბებში ჩაჰკრა. გადარჩენილი ნედი წამოიჭრა და რვაფეხას ბარჯით გაუგმირა გული.
– თქვენგან დავალებული ვიყავი! – უთხრა კაპიტანმა ნედ ლენდს.
ნედმა უსიტყვოდ დახარა თავი.
ბრძოლა კიდევ თხუთმეტი წუთი გრძელდებოდა. დამარცხებულმა, დასახიჩრებულმა და სასიკვდილოდ დაჭრილმა მხეცებმა ზღვის ტალღებს მიაშურეს.
მთლად სისხლში მოსვრილი კაპიტანი ნემო უძრავად იდგა შუქურასთან და მჭმუნვარედ მისჩერებოდა ზღვას, რომელმაც კიდევ ერთი მისი ამხანაგი შთანთქა.

თავი XIX
გოლფსტრემი

საზარელი სურათი, რომელიც 20 აპირლს ვნახეთ, არც ერთ ჩვენგანს არ დაავიწყდება. მე ის ცოცხალი შთაბეჭდილება აღვწერე, რამდენჯერმეც გადავიკითხე და კონეისა და ნედსაც წავუკითხე. მათი აზრით, ფაქტები სწორად კი მქონდა გადმოცემული, მაგრამ საკმაოდ არაეფექტურად.
უკვე მეორე ამხანაგს კარგავდა კაპიტანი ნემო მას მერე, რაც ჩვენ მის გემზე ვიმყოფებოდით. მერე, როგორი სიკვდილით! იმ საზარელი ცხოველის ყბებში დალეწილი და გაგუდული, მისი რკინის ყბებით გაფატრული მეგობარი ვეღარ ეღირსებოდ ოკეანის წყნარ წყლებში მარჯნის სასაფლაოზე დაკრძალვას!
კაპიტანი ნემო თავის ოთახში შეიკეტა და რამდენიმე დღის მანძილზე აღარ მინახავს. მისი უნებისყოფობა “ნაუტყლიუსის” მსვლელობას ემჩნეოდა. ის ხომ ამ გემის სულისჩამდგმელი იყო. ახლა “ნაუტყლიუსი” უგეგმოდ და უგეზოდ ცურავდა, თითქოს რაიმე ლეშიაო, ისე დააქანებდა აქოჩრილი ტალღები. ბორბლის მოქმედებას აღარაფერი აფერხებდა, მაგრამ მაინ უმოქმედოდ იყო. თითქოს ვერ მოსცილებოდა უკანასკნელ ბრძოლის ასპარეზს, სადაც “ნაუტყლიუსმა” მეზღვაური დაკარგა.
ასე გაიარა ათმა დღემ. “ნაუტყლიუსი” მხოლოდ პირველ მაისს გაემართა ჩრდილოეთისკენ და ბაჰამის სრუტის შესასვლელთან ლუკაის კუნძულებს აუარა.
ერთ უდიდეს მდინარეში შევცურდით, რომელიც შიგ შუა ზღვაში მიედინებოდა. მას საკუთარი თევზებიც ჰყავდა, საკუთარი ტემპერატურაც ჰქონდა.
ეს იყო გოლფსტრემი.
გოლფსტრემი მართლაც მდინარეაა, რომელიც თავისუფლად მიედინება ატლანტის ოკეანეში. მისი წყალი ოკეანის წყალში როდი ერევა. ეს არის მლაშე მდინარე, იმაზე უფრო მლაშე, ვიდრე გარშემო მომდგარი ზღვებია. მისი საშუალო სიღრმე სამი ათას ფუტს აღწევს, სიგანე კი – სამოც მილს. მისი სიჩქარე საათში ოთხ კილომეტრს უდრის. საერთო მოცულობა ყველა მდინარის მოცულობას აღემატება დედამიწის ზურგზე.
“ნაუტყლიუსი” სწორედ ამ ოკეანის მდინარეში მიცურავდა. გოლფსტრემი ბაჰამის სრუტიდან მოედინება, აქ მას თორმეტი მილი სიგანე აქვს, სამას ორმოცდაათი მეტრი სიღრმე და საათში რვა კილომეტრის სისწრაფით მიექანება. ჩრდილოეთს რომ უახლოვდება, მისი დინების სისწრაფე ნელ-ნელა იკლებს და სასურველიც არ იქნება, რომ ეს თანდათანობა შეიცვალოს, რადგანაც ზოგი მეცნიერის დაკვირვებით, მისი სისწრაფე და მიმართულება რომ შეიცვალოს, ევროპის ჰავაზე ისეთი გავლენას მოახდენს, რომლის შედეგებიც ძნელი წრმოსადგენია.
შუადღისას მე და კონსეი ბაქანზე ვიდექით. მე ვუამბე მას გოლფსტრემის ზოგიერთი თავისებურებების შესახე და წინადადება მივეცი, ხელი ჩაეყო მდინარეში.
კონსეი ასეც მოიქცა და გაოცებული დარჩა, რომ ვერც სიცივე იგრძნო და ვერც სითბო.
– ეს იმიტომ ხდება, რომ გოლფსტრემი წყლის ტემპერატურა, მექსიკის ყურეს რომ გამოსცდება, სისხლის ტემპერატურისაგან არც განირჩევა.
ის ერთგვარი სითბოს გამტარი მილია, რომლის წყალობითაც ევროპის სანაპიროები მუდამ მწვანითაა შემოსილი. მორის თქმით, ამ მდინარეების სითბო რომ გამოვიყენოთ, საკმარისი იქნებოდა ისეთი დიდი რკინის მდინარის გასადნობად, როგორიც არის ამაზონი ან მისურიო.
გოლფსტრემის სიჩქარე წამში ორ-ნახევარ მეტრს უდრიდა. მის დინება მკაფიოდ განირჩეოდა ოკეანის ზედაპირზე. გოლფსტრემის ჩაკუპრულ და მარილით გაჟღენთილ წყლებს ლურჯი, კამკამაფერი დაჰკრავდა და ოკეანის მწვანე წყლებისაგან აშკარად გამოარჩევდით. მისი კალაპოტი ისე ცხადად იკვეთებოდა, კაროლინის კუნძულების მახლობლად აშკარად დავინახე, რომ “ნაუტყლიუსის” ცხვირი ოკეანის ტალღებში შეიჭრა, ხოლო მისი მოსასმელი ხრახნი ისევ გოლფსტრემის წყლებში ბრუნავდა.
ამ მდინარებას თან სდევდა მთელი ცოცხალი ქვეყნიერება: ხმელთაშუა ზღვის მუდმივი სტუმარი -ურიცხვი არგონავტების ქარავანი. აქ მრავლად გვხვდებოდა სკაროსები, სიგრძით ოცდახუთ ფუტამდე, რომლის წვრილი კუდი სიგრძით განს ერთიორად აღემატებოდა. ვნახეთ ერთი მეტრის სიგრძის დიდთავა, პატარა ნათელთევზებიც, რომელთაც მოკლე და მრგვალ ყბაში რამდენიმე წყებად ჩასდევდა ბასრი კბილები, კანი კი დაფარული ჰქონდათ ჯავარით.
ძვლიანი თევზებიდან გვხვდებოდა ლაშებიანი თევზი, რომელიც ამ ზღვების განუყრელი შვილია; ცეცხლივით მოელვარე სპარები, ერთი მეტრის სიგრძის, წვრილი კბილებით მოკენჭილი, განიერლაყუჩა სციენები; მტრედისფერი კარიფენი. ესენი ოკეანის ნამდვილი ცისარტყელები არიან და სილამაზიტ მეტოქეობას უწევენ ტროპიკული ქვეყნების ულამაზეს ფრინველებს…
უნდა დავუმატო, რომ ღამღამობით გოლფსტრემის ფოსფორული შუქი ექიშპებოდა ჩვენი ელექტროშუქურის სხივოსნობას, განსაკუთრებით, ჭექა-ქუხილის დროს, რაც აქ ხშირად იცის.
8 მაისს ჰატერასის კონცხის ჩრდილო კაროლინის განივს დავადექით. გოლფსტრემის სიგანე აქ სამოცდათხუთმეტ მილს უდრიდა, სიღრმე კი ორი ათასი მეტრი იყო. “ნაუტყლიუსი” ალალბედზე მიცურავდა. ბაქანზე არავინ ჩნდებოდა და არც რაიმე მეთვალყურეობა არსებობდა. ასეთ პირობებში მარჯვედ შეიძლებოდა გაპარვა. სანაპიროს მოსახლეობა ყველგან სანდოა. ზღვას განუწყვეტლივ სერავდა სწრაფმავალი გემები, რომლებიც ნიუ-იორკის, ბოსტონის და მექსიკის ყურის ნავსადგურებს შორის მიმოდიოდნენ. გარდა ამისა, დღისით თუ ღამით ამერიკის სანაპიროების გასწვრივ, ზღვისპირა ქალაქებს შორის, პატარა სავაჭრო გემები დასრიალებდნენ. შეიძლებოდა იმედი გვქონოდა, რომ ისინი შეგვიფარებდნენ. თითქოს ხელშემწყობი შემთხვევა გვეძლეოდა გასაქცევდ, იმისდა მიუხედავად, რომ “ნაუტყლიუსი” ამჟამად ოცდაათი მილით იყო დაშორებული ამერიკის ნაპირებიდან.
მაგრამ ერთი გარემოება აბრკოლებდა კანადელის გეგმბს: საძაგელი ამინდი იდგა. ჩვენი იმ ადგილებში ვიყავით, სადაც ხშირად იცოდა ქარტეხილი, ქარი, ციკლონი, რომლებსაც გოლფსტრემი იწვევდა. ფაფარაშლილ ზღვაში მსუბუქი ნავით გავარდნა აუცილებლად დაღუპვით დასრულდებოდა, თვითონ ნედ ლენდიც დამეთანხმა ამაზე. ცდილობდა, ბოღმა გულში ჩაეკლა, მაგრამ სამშობლო ქვეყნის მოგონება ისე მძლავრად ჰქონდა გამჯდარი, ისე ღრმად ანაღვლიანებდა, რომ მხოლოდ გაქცევა თუ განკურნავდა.
– პროფესორო, – მომმართა ერთხელ, – ყველაფერს დასასრული უნდა ჰქონოდეს. მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა. თქვენი ნემო ხმელეთს გაურბის და ჩრილოეთისკენ მიეშურება. მაგრამ მე გიცხადებთ: სამხრეთის პოლუციც მეყოფა. არავითარი სურვილი არ მაქვს, ჩრდილოეტ პოლუსზე გავყვე.
– რა ვქნათ, ნედ, თოკი ამჟამად გაქცევა შეუძლებელი ხდება?
– ისევ ჩემს ადრინდელ აზრს ვუბრუნდები. საჭიროა, კაპიტანს მოგველაპარაკოთ. როდესაც თქვენი ქვეყნის ზღვებში ვიმყოფებოდით, მისთვის არა გითქვამთ რა. ახლა კი, როცა ჩემი ქვეყნის ზღვებში ვარტ, მე მოველაპარაკები. როდესაც გავიფიქრებ, რომ რამდენიმე დღის შემდეგ “ნაუტყლიუსი” ახალ შოტლანდიას გაუსწორდება, რომ იმ ახალი ქვეყნის პირდაპირ იწყება განიერი ყურე, ამ ყურეს კი ერთვის წმინდა ლავრენტის მდინარე და ეს წმინდა მდინარე ჩემი მდინარეა, კვებეკის მდინარე, ჩემი ქალაქის მდინარე, ამას რომ გავიხსენებ, თმა ყალყზე მიდგება. იცით, რა? მირჩევნია ზღვაში გადავვარდე. აქ დარჩენა კი აღარ შემიძლია, აღარ!…
ცხადი იყო, კანადელს მოთმინების ძაფი გაუწყდა. მისი ძლიერი ბუნება ვერ შეთვისებოდა ასეთ ხანგრძლივ პატიმრობას. სახე, დღითიდღე, სულ უფრო ეღუშებოდა. კარგად ვგრძნობდი მის ტანჯვას, რადგანაც სამშობლო ქვეყნი ნოსტალგია მეც მანაღვლებდა.
შვიდი თვე იყო, რაც ხმელეთისა არაფერი ვიცოდით. გარდა ამისა, კაპიტან ნემოს ჩაკეტვა, მისი გუნების შეცვლა, განსაკუთრებით, სპრუტებთან ბრძოლის შემდეგ, მისი სიჩუმე- ყოველივე ეს მაიძულებდა აზრი შემეცვალა მასზე. კონსეისავით ფლამინდიელი უნდა ყოფილიყავი, რომ იმ გარემოს შეთვისებოდი, რომელიც ვეშაპსა და ზღვის სხვა ცხოველების ხვედრი იყო. მართლაც კონსეის ფილტვების მაგივრად ლაყუჩები რომ ჰქონოდა, დარწმუნებული ვარ, რიგიანი თევზი იქნებოდა.
– თქვენ რას იტყვით? – შემეკითხა ნედ ლენდი, პასუხს რომ ვერ ეღირსა.
– მაშ, გინდათ, რომ კაპიტან ნემოს მოველაპარაკო, რას ფიქრობს ჩვენს შესახებ?
– დიახ!
– მიუხედავად იმისა, რომ მან ერთხელ უკვე გამოთქვა თავისი აზრი?
– დიახ, მიუხედავად ამისა, მინდა მისი პირიდან უკანასკნელად მოვისმინო გადაჭრილი პასუხი. თუ გნებავთ, მარტო ჩემ შესახებ ელაპარაკეთ, მხოლოდ ჩემი სახელით.
– მაგრამ მას იშვიათად ვხვდები.. გამირბის, მერიდება.
– მით უმეტეს, მასთან შესვლის საბაბი გაქვთ.
– კარგი, ნედ, ვკითხავ.
– როდის? – ჩამაცივდა კანადელი.
– როცა შევხვდები.
– პროფესორო არონაკს, გნებავთ, მე თვითონ შევალ მოსალაპარაკებლად?
– არა, მე მოველაპარაკები… ხვალ…
– დღესვე! – ჟინიანობდა ნედ ლენდი.
– კარგი, ნედ, დღეს იყოს, დღეს ვნახავ, – მივუგე კანადელს. თვითონ რომ შესულიყო, კაპიტანთან, საქმეს გააფუჭებდა.
მარტო დავრჩი. საკითხი გადაწყდა და უნდა დამებოლოებინა.
ჩემს კაიუტაში შევედი, კაპიტან ნემოს ოთახიდან ფეხის ხმა ისმოდა. შემთხვევა ხელიდან არ უნდა გამეშვა და უნდა მენახა. კარზე მივაკაკუნე. კიდევ მივუკაკუნე და ღილაკს თითი დავაჭირე. კარი გაიღო. შევედი. კაპიტანი ოთახში იყო, სამუშაო მაგიდასთან თავჩარგული იჯდა და მუშაობდა. ვერ შემამჩნია, გადავწყვიტე, არ გამოვბრუნებულიყავი, სანამარ მოველაპარაკებოდი. მივუახლოვდი. შუბლი შეიკრა და უკმაყოფილო კილოთი მომმართა:
– რა გნებავთ?
– მინდა მოგელაპარაკოთ, კაპიტანო.
– მაგრამ… არ მცალია, ვმუშაობ… თუკი თქვენ განმარტოების საშუალებას გაძლევთ, მგონი, მეც მაქვს ამის უფლება.
– კაპიტანო ნემო, – დავიწყე ცივად, – მე თქვენთან გადაუდებელ საქმეზე მოსალაპარაკებლად შემოვედი.
– რომელ საქმეზე? – კითხვა შემიბრუნა დამცინავი კილოთი, – იქნებ აღმოაჩინეთ რაიმე, რაც მე გამომრჩა? იქნებ ზღვამ გაგიზიარათ რაიმე ახალი საიდუმლოებანი?
სანამ პასუხს გავცემდი, ხელნაწერზე მიმითითა და უკვე სერიოზული კილოთი განაგრძო:
– აი, პროფესორო არონაკს, ხელნაწერი, რომელიც მრავალ ენაზეა დაწერილი. აქ მოთავსებულია ჩემი საზღვაო გამოკვლევის შედეგები და ეს ჩემთან ერთად არ დაიღუპება. ჩემ მიერ ხელმოწერილი ეს ხელნაწერი და ჩემი ცხოვრების ისტორია საგანგებო ყუთში ჩაიდება, რომელსაც არც სისველე გაუვლის და არც ჩაიძირება. უკანასკნელი ჩვენგანი, რომელიც “ნაუტყლიუსზე” დარჩება, ამ ყუთს ზღვაში გადააგდებს და იქით გაცურდება, საითაც ტალღა დაჰკრავს.
ამ ადამიანის სახელი! მისი ავტობიოგრაფია! მისი საიდუმლოებანი! ყოველივე ეს ერთ მშვენიერ დღეს გამჟღავნდება!
მაგრამ ახლა ამ ცნობის გაზიარება საბაბად უნდა გამომეყენებინა იმ საქმეზე გადასასვლელად, რისთვისაც შემოვედი.
– კაპიტანო, – მივუგე მე, – მოხარული ვარ, რომ ასე გადაგიწყვეტიათ. თქვენი დაკვირვებისა და გამოკვლევის ნაყოფი არ უნდა დაიღუპოს. მაგრამ ჩემი აზრით, ზალზე პრიმიტიულ საშუალებას მიმართავთ – ვინ ცის, საით გააქანებს თქვენს ხელნაწერს ზღვის ტალღები, ვის ხელში ჩავარდება იგი? იქნებ უმჯობესი ყოფილიყო, რომ თქვენი ეკიპაჟიდან ვინმესთვის გადა…
– არასოდეს, პროფესორო! – სწრაფად გამაწყვეტინა კაპიტანმა ნემომ სიტყვა.
– მაგრამ… მე და ჩემი ამხანაგები მზად გახლავართ დავიცვათ ეს ხელნაწერი, თუ თქვენ თავისუფლებას მოგვანიჭებთ.
– თავისუფლებას! – წამოიძახა მან და ფეხზე წამოიჭრა.
– დიახ, კაპიტანო! სწორედ ამის თაობაზე მინდოდა თქვენთან მოლაპარაკება. აგერ, შვიდი თვეა, რაც თქვენს გემზე ვიმყოფებით და დღეს გეკითხებით, ჩემი ამახანაგებისა და ჩემი სახელითაც: სამუდამოდ გვიპირებთ აქ დატოვებას?
– პროფესორო, – შემომძახა კაპიტანმა ნემომ, – მე თქვენ დღესაც იმასვე გიპასუხებთ, რაც შვიდი თვის წინ მოისმინეთ: ვინც “ნაუტყლიუსზე” ფეხს შემოდგამს, ვეღარ დატოვებს მას!
– მონის უღელს გვადგამთ?
– რაც გნებავთ, ის უწოდეთ!
– მაგრამ მონას ხომ აქვს უფლება დაიბრუნოს თავისუფლება?
– მერე ვინ გართმევთ მაგ უფლებას? – მიპასუხა კაპიტანმა ნემომ.
კაპიტანმა თვალი თვალში გამიყარა.
– კაპიტანო, არც მე, არც ჩემი ამხანაგები აღარ მოვისურვებთ, ამ საკთხს ოდესმე დავუბრუნდეთ. ამიტომ იგი ახლავე უნდა გადაიჭრას. გიმეორებთ, რომ საქმე მარტო მე არ მეხება. თქვენსავით მეც შემიძლია განმარტოებით, უჩინრად ვიცხოვრო იმ მცირე იმედით, რომ ოდესმე, მომავალში ქვეყნიერება გაეცნობა ჩემი შრომის ნაყოფს იმ საიდუმლო ხელსაწყოს მეშვეობით, რომელიც ზღვის ტალღებს და ნიავს ჩაბარდება. ერთი სიტყვით, აღტაცებული ვარ თქვენი პიროვნებით, მზად ვარ, თქვენს მაგალითს მივბაძო. მაგრამ არის კიდევ მეორე მხარე თქვენ ცხოვრებისა, რომელიც სრული საიდუმლოებით არის მოცული. არც მე, არც ჩემი ამხანაგები არავითარ მონაწილეობას აღარ ვიღებთ ამ საქმეში. იმის შეგნება, რომ ჩვენთვის უცხოა ყოველივე ის, რაც თქვენ გეხებათ, აუტანელ მდგომარეობაში გვაყენებს და მეტისმეტდ მძიმეა პირადად ჩემთვის, განსაკუთრებით კი აუტანელია ნედ ლენდისთვის. ყოველ ადამიანს აქვს უფლება, ერთგვარი ყურადღება მოითხოვოს. გიფიქრიათ ოდესმე თუ რა გეგმები შეიძლება დაბადოს თავისუფლების სიყვარულმა, მონოის სიძულვილმა ისეთი ბუნების ადამიანში, როგორიც კანადელია?… წარმოიდგინეთ მისი ფიქრები, ზრახვები, მისი ცდა…
გავჩუმდი. კაპიტანი ნემო კვლავ წამოდგა.
– ნედ ლენდს რა გეგმებიც ნებავს, ის შეადგინოს, რა განზრახვაც უნდა, ის ჰქონდეს… რა ჩემი საქმეა?! მე ხომ არ მიძებნია ის! ჩემი სიამოვნების გამო ხომ არ მყავს გემზე! თქვენ კი, პროფესორო, შეგიძლიათ, ყველაფერს მიხვდეთ, ყვლაფერი გაიგოთ, ჩემი სიჩუმეც კი. ამის მეტს ვერას გიპასუხებთ. ეს იყოს ჩვენი პირველი და უკანასკნელი საუბარი ამ საგანზე. მეორედ საჭიროდ არ ჩავთვლი მოსმენასაც კი.
გამოვედი. იმ დღის შემდეგ, ჩვენი მდგომარეობა მეტისმეტად დამძიმდა. ამხანაგებს გადავეცი ჩვენი საუბრის შინაარსი.
– ახლა კი ვიცი, რომ მაგ კაცისაგან არაფერს უნდა ველოდეთ, – თქვა ნედმა, – “ნაუტყლიუსი” ლონგ-აილანდს უახლოვდება. როგორი ამინდიც არ უნდა იყოს, უნდა გავიქცეთ!
ცა უფრო და უფრო იკრავდა პირს. გრიგალის ნიშნები მოჩანდა. ღრუბელი შავბნელად იკუმშებოდა და გაავდრებას აპირებდა. ძლიერი ღელვისაგან ზღვას ღმუილი გაჰქონდა. ფრინველები არ ჩანდნენ, გარდა გრიგალის თანამგზავრი ქარიშხალასი. ბარომეტრი ქვევით და ქვევით ეშვებოდა და აღნიშნავდა, რომ ჰაერში გროვდებოდა ორთქლი, რომელიც ელექტრონით იყო გაჟღენთილი. ბუნების ბრძოლა ახლოვდებოდა.
გრიგალი დღისით ამოვრდა, 18 მაისს, სწორედ იმ დროს, როცა “ნაუტყლიუსი” ლონგ-აილანდის გასწვრივ მიცურავდა, რამდენიმე მილის მოშორებით ნიუ-იორკის გასასვლელებთან.
კაპიტანმა ნემომ არ ინება გარიდება და “ნაუტყლიუსი” ფაფარაშლილი, გააფთრებულ ზღვის ტალღებს მიანება.
ძალიან სუსხიანი, სამხრეთ-დასავლეთის ქარი ქროდა, წამში თხუთმეტი მეტრის სისწრაფით, მაგრამ სამ საათზე მისმა სისწრაფემ ოცდაოთხ მეტრს მიღწია. სწორედ ეს სისწრაფე ბადებდა გრიგალს.
კაპიტანს არც გრიგალი აშინებდა და არც ქარი. ის ბაქანზე მოთავსდა და სარტყელის მსგავსად თოკით მიება, რომ ზღვის აგორებულ ტლღებს არ გაეტაცებინა.
მეც ბაქანზე ავედი და მეც მის მსგავსად მოვიქეცი. მაოცებდა როგორც ეს ზღვა და გრიგალი, ისე ეს მიუწვდომელი ადამიანი, რომელსაც სტიქიის წინაშე ამაყად ეჭირა თავი.
აგორებული ტალღები უშველებელ ღრუბლის ნაგლეჯებს შიგ იხვევდა. არსად ჩანდა პატარა ზვირთები, რომელბიც აგორებულ ტალღებს შუა ჩნდება ხოლმე. ეს იყო ჩაკუპრული, გრძლად აქოჩრილი ტალღები, რომლებიც სიმკვირივსგან სულაც არ იშლებოდა. ტალღების სიმაღლე თანდათან მატულობდა, “ნაუტყლიუსი” ხან გვერდზე წვებოდა, ხან ცხვირით ჩაყირავდებოდა ტალღებში და აქეთ-იქით ეხეთქებოდა.
საღამოს ხუთ საათზე კოკისპირული წვიმა წამოვიდა, მაგრამ არც ქარის ქროლა შესუსტებულა და არც ზღვის ღელვა. ერთბაშად გრიგალმა თავი აიწყვიტა და წამში ორმოცდახუთ მეტრი სისწრაფით დაქროლა. ასეთი გრიგალი სახლებს პირქვე ამხობს, კრამიტის სახურავებს გლეჯს, რკინის ჩარჩოებს ამსხვრევს, ხეებს ძირფესვიანად თხრის.
“ნაუტყლიუსს” კი ნირიც არ შესცვლია. ადვილად უძლებდა ამ გრიგალს და მეცნიერი ინჟინრის ნათქვამს ამართლებდა, რომელიც ამბობს: “უნდა გქონდეს მკვიდრად აგებული გემი, რომ ზღვისა არ გეფიქრებოდეს”. მეორეც, “ნაუტყლიუსი” ხომ უმოძრაო კლდე არ იყო, რომელსაც ტალღები ასკდება და იშლება, ეს იყო ფოლადის თითისტარი, მოძრავი, მორჩილი და მოქნილი. მან არ იცოდა, რა იყო ანძა თუ იალქანი და დაუზიანებლად ებრძოდა აბობოქრებული სტიქიას.
დაღამების წინ გრიგალი უფრო გამძვინვარდა. ბარომეტრი 710 მილიმეტრზე ჩამოვიდა, როგორც 1860 წლის ციკლონის დროს.
ბინდისას სივრცეში მოზრდილი გემი გამოჩნდა. ძლივს ებრძოდა ყალყზე შემდგარ ტალღებს. გემს იალქნები ისე მიემართა, რომ გრიგალი ვერ გაიტაცებდა. ორთქლი იმდენად განევითარებინა, რომ ტალღებისთვის წინააღმდეგობა გაეწია. სამგზავრო გემი იყო, ალბათ ექსპრესი, რომელიც ნიუ-იორკსა და ლივერპულს შორის ან ნიუ-იორკსა და ჰავრს შორის დაცურავდა.
მალე ეს გემიც ბინდბუნდში თვალს მიეფარა.
ღამის ათ საათზე ცას თითქოს ცეცხლი გაუჩნდა, ძლიერი ელვა იკლაკნებოდა ჰაერში. ჩემი თვალები ვერ უძლებდა ამ ელვარებას, კაპიტანი ნემო კი თვალის დაუხამხამებლად უცქერდა მას. საშინელი ღმუილი და ჭექა-ქუხილი აყრუებდა მიდამოს. ქარიშხალი ყოველი მხრივ ბრუნავდა და ტრიალებდა. ციკლონი აღმოსავლეთიდან მოჰქროდა და სამხრეთის ნახევარსფეროს გრიგალს ზედ ეხეთქებოდა.
ოჰ, ეს გოლფსტრემი!… ის ბადებდა საშინელ ციკლონს თავისი დინებისდა და ზედაპირზე ჰაერის ფენებში არსებული ტემპერატურის განსხივების გამო.
შხაპუნა წვიმას ცეცხლის წარღვნა მოჰყვა, წვიმის წვეთები ცეცხლის ნაპერწკლებად იქცა. შეიძლებოდა ადამიანს ეფიქრა, კაპიტან ნემოს სიკვდილი მონატრებია და სწყურია, მეხმა გაანადგუროსო.
გემი ხან ცხვირით ჩაყირავდებოდა ჰაეში, ხან ბოლო ნაწილით, “ნაუტყლიუსი” უცებ წინა ნაწილით შეყირავდა და თავისი ფოლადის სარქენი ღრუბლებს მიაბჯინა. დავინახე,რომ ამ სარქენმა უამრავი ნაპერწკალი გაყარა.
მეტი ვეღარ შევძელი. მოთენთილი ძლივს მივფოფხდი ასაწევ კარამდე, რის ვაი-ვაგლახით ავხადე და დარბაზში ჩავედი. “ნაუტყლიუსის” შიგნით შეუძლებელი იყო ფეხზე გაჩერება.
კაპიტანი ნემო მხოლოდ შუაღამის შემდეგ ჩამოვიდა ბაქნიდან.
მალე გავიგე, რომ აუზები წყლით ივსებოდა და “ნაუტყლიუსი” მძიმედ ეშვებოდა ზღვის ჯურღმულებში.
დარბაზში დარაბები გაწეული იყო. ვხედავდი, დიდრონი თევზები დამფრთხალნი როგორ გარბოდნენ. ზოგი მათგანი ჩემ თვალწინ ელვამ მოკლა. “ნაუტყლიუსი” კი ისევ ფსკერისკენ ეშვებოდა. ვფიქრობდი, თხუთმეტი მეტრის სიღრმეზე მყუდროება დაგვხვდებოდა, მაგრამ ზედა ფენები მეტისმეტად იყო აღელვებული და მყუდროების მისაღწევად ორმოცდაათი მეტრის სიღრმეზე დაგვჭრიდა ჩასვლა.
როგორი სიწყნარე და მყუდროება გამეფებულიყო ამ მიყუჩებულ გარემოში! ვინ იფიქრებდა, რომ ამ დროს ოკეანის ზედაპირზე ასეთი საშინელი გრიგალი მძვინვარებდა!

თავი XX
“შურისმგებელი”

გრიგალმა აღმოსავლეთისკენ გადაგვისროლა. ნიუ-იორკის ან წმინდა ლავრენტის მდინარის მახლობლად გაპარვის იმედები გაგვიცრუვდა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი საბრალო ნედ ლენდი განმარტოვდა და კაპიტან ნემოსავით ჩაიკეტა. მე და კონსეი კი ერთმანეთს არ ვშორდებოდით.
რამდენიმე დღე დავძრწოდით ასე. ხან ზედაპირზს ვეხეთქებოდით, ხან ისევ სიღრმეს მივაშურებდით. გარშემო ნისლი იყო ჩამოწოლილი, რაც ზღვაზე მოგზაურობისათვის სახიფათოა. ყინულის დნობა ნისლს აჩენდა და ჰაერს ანოტივებდა. რამდენი გემი დაღუპულა ამ მიდამოებში, რამდენი გამი დასჯახებია ერთიმეორეს. მიუხედავად, სადარაჯო სინათლისა, მიუხედავად გემის საყვირების ღრიალისა და ზარების რეკვისა!
ამ ზღვების ფსკერი ნაომარ ასპარეზს ჰგავდა: ყველგან ოკეანის მიერ დამარცხებული და შემუსრული გემები ეყარა. ძველად დაღუპულები შლამს დაეფარა. ახალდაძირულები კი ჩვენი ელექტრონის შუქურის სინათლის ანარეკლს გამოსცემდნენ თავიანთი სპილენძისა და რკინის ნაწილებით. რამდენი გემი, რამდენი ბარგი და ეკიპაჟი, რამდენი მგზავრი განისვენებდა აქ. დაღუპული მგზავრების რიცხვი ხომ ერთი პატარა ქალაქის მოსახლეობას უდრიდა?! შესაზარია ციკლონის მსხვერპლთა სტატისტიკა!
აქ ჩაიძირა “სოლვეი”, “ზიდა”, “პარომატი”, “უნგრელი”, “კანადელი” “ანგლოსაქსი”; აქ დაეჯახა ერთმანეთს და დაიმსხრა “ჰუმბოლდტი” და “შეერთებული შტატები”, “არტიკი” და “ლიონელი”; გაურკვეველი მიზეზით ჩაიძირა “პრეზიდენტი”, “წყნარი ოკეანე”, “ქალაქი გლაზგო”.
ერთდერთი “ნაუტყლიუსი” დაცურავდა ამ მწუხარე ნანგრევებში სრულიად მთელი და უვნებელი.
15 მაისს ნიუფანუდლენდის მეჩეჩის სამხრეთ კუდს მივაღწიეთ.
ახალი ქვეყნის ახლომახლო ზღვის სიღრმე ასიოდე საჟენს არ აღემატებოდა. მხოლოდ სამხრეთისკენ ექანებოდა ნიადაგი ერთბაშად ძირს და ზღვის სიღრმეზე სამი ათას მეტრს აღწევდა. გოლფსტრემი აქ ფართოდ იშლებოდა. მისი წყლები აქ იფანტებოდა, დინება სუსტდება, ტემპერატურა კლებულობს და ნამდვილ ზღვად იქცევა.
“ნაუტყლიუსის” მიერ დამფრთხალ თევზებში შევნიშნე, ერთი მეტრი სიგრძის მინოგები – მოშავო ზურგი და მოყვითალო მუცელი რომ ჰქონდათ; უშველებელთავა და დიდრონთვალება ღოჯა, თავი ძაღლს რომ მიუგავდა.
ჩვენს ბადეს მოხვდა ღონიერი, გამბედავი და მაგარკუნთა გრძელი თევზი, თავსა და ფრთებზე ეკალდასხმული. ეს იყო ნამდვილი ზღვის მორიელი, რომელიც დიდი მტერია ვირთევზასა და თართის. სიგრძით სამიოდე მეტრს აღწედა, ტანზე მოშავო მეჭეჭები ჰქონდა, ფარფლები წითელი. “ნაუტყლიუსის” მეზღვაურებმა დიდ წვალებით დაიმორჩილეს ეს თევზი. ყბების ხუფი ისე აქვს მოწყობილი, რომ სასუნთქ ორგანოებს გამოშრობისგან იფარავს. ამის გამო რამდენიმე ხანს შეუძლია გაძლება უწყლოდ.
დავასახელებ კიდევ კოლბენს: ამ წვრილი თევზის ქარავანი ქარავანს მისდევდს და გემებს ედევნება ხოლმე ჩრდილოეთის ზღვებში. ვნახე კიდევ ჭაპალა თევზი, რომელიც ატლანტის ოკეანეში ბინადრობს; ვირთევზა, რომელიც უმთავრესად ახალი ქვეყნის მეჩეჩებში გვხვდბა. ეს თევზი თითქმის მთიანი ადგილების თევზია, რადგან ახალი ქვეყანა, არსებითად რომ ითქვას, წყალქვეშა მთას წარმოადგენს. როდესაც “ნაუტყლიუსი” თევზების ამ ქარავანს მიარღვევდა, კონსეიმ წამოიძახა:
– ეს ხომ ვირთევზაა! მე კი მეგონა, რომ ეს ისეთივე ბრტყელი იყო, როგორც ტაბაკა თევზი.
– არა, ჩემო კარგო, ეს არის თართულა, თართის ჯიშისა, – გაბრტყელებული მეთევზის დუქანში ხოლმე, სადაც გართხმული წევს. წყალში კი ის თითისტარის მსგავსია და თავისი მოყვანილობის წყალობით სწრაფად ცუარვს.
– არ შემიძლია არ გერწმუნოთ, პროფესორს ყველაფერი მოეხსენება, – მიპასუხა კონსეიმ, – მაგრამ ეს თევზი რამდენია აქ!
– ჩემო მეგობარო, ამაზე მეტიც იქნებოდა, ბევრი მტერი რომ არ ჰყავდეს და ადამიანი რომ არ წყვეტდეს მათ. იცი, რამდენი კვერცია მოთავსებული თითო დედალ თათრულას ქვირითში?
– რამდენი? – კითხვა გაიმეორა კონსეიმ და დასძინა:- მოგახსენებთ: ბევრი-ბევრი, ათას ხუთასი იყოს, გამიგონია, რომ თათრულა მეტისმეტად მრავლდებაო.
– ათას ხუთასი კი არა, თერთმეტი მილიონი, ჩემო მეგობარო…
– თერთმეტი მილიონი? – წამოიძახა განცვიფრებულმა ფლამნდიელმა, – მაგს კი ვერ დავიჯერბ, სანამ თვითონ არ დავთვლი.
– დათვალე, კონსეი, დათვალე! – გამეცინა მე, – ეგ დიდ ღვაწლად ჩაგეთვლება, მაგრამ გირჩევნია, ჩემს სიტყვას ერწმუნო. მხედველობაში იქონიე, რომ ფრანგები, ინგლისელები, ამერიკელები, დანიელები, ნორვეგიელები და ათასი სხვა ხალხი მილიონობით იჭერენ ამ თევზს. მს დიდი რაოდენობით ნთქავენ და ეს თევზი ასეთი ნაყოფიერი რომ არ იყოს, აქამდე მისი ნასახიც აღარ იქნებოდა, მარტო ინგლისსა და ამერიკაში ხუთი ათასი თევზმჭერი გემია და სამოცდათოთხმეტი ათასი მებადური, რომელიც მხოლოდ თართულაზე ნადირობენ. თითო გემი, საშუალოდ რომ ვთქვათ ორმოცი ათასს მაინც იჭერს, რაც საერთო ანგრიშით, ოცდახუთ მილიონს შეადგენს. ნორვეგიის სანაპიროზეც ამდენივეს იჭერენ.
– კეთილი, დაგეთანხმებით და გამოანგარიშებას აღარ შევუდგები, მაგრამ…
– რა მაგრამ, კონსეი?
– მაგრამ ერთს მოგახსენებთ..
– რას?
– იმას, რომ ყველა ქვირითიდან ლიფსიტა რომ გამოიჩეკოს, ოთხი თათრულა თავზე საყრელად ეყოფოდა ინგლისს, ამერიკასა და ნორვეგიას…
ამ სიტყვებზე შემომხედა და ორივემ გადავიხარხარეთ.
ახალი ქვეყნის თავთხელი ნაპირების გასწვრივ რომ მივცურავდით, თვალი მოვკარი გრძლად გაჭიმულ წვრილ ბაგირებს, რომლებზეც რამდნეიმე ასეული ანკესი იყო ასხმული. ამ თოკებით მეთევზეთა ნავები ზღვას ქსელავენ, თითო თოკს შუაზე მეორე თოკი აქვს შებმული, რომლის ბოლოებიზეც რაიმე სიმძიმეა გამობმული; მეორზე კი, ცხენის ძუით აქა-იქ ანკესებია მიმაგრებული.
“ნაუტყლიუსი” ცდილობდა, ისე მარჯვედ გაევლო ამ დაქსელილ თოკებს შუა, რომ არ შეხებოდა. თუმცა ამ მიდამოებში დიდხანს არ დარჩენილა.
იმის მაგიერ, რომ გზა ჩრდილოეთისაკენ განეგრძო, “ნაუტყლიუსმა” უცებ პირი აღმოსავლეთისაკენ იბრუნა, თითქოს ამ ზეგანის გამოკვლევას აპირებსო; ეს ზეგანი კი რახანია, ათასჯერ გამოკვლეული და შესწავ;ლილია.
17 მაისს ორი ათას რვაასი მეტრის სიღრმეში ზღვის ფსკერზე თანამედროვე ნაგებობა დავინახეთ. ეს იყო ცნობილი ტრანსატლანტიის კაბელი. კონსეის თავდაპირველად უშველებელი გველი ეგონა, მაგრამ მაშინვე განვუმარტე ჩემს კეთილ მეგობარს ეს გარემოება და დასამშვიდებლად ამ კაბელის ისტორია ვუამბე.
პირველად კაბელი 1857-1858 წლებში გაიყვანეს. მაგრამ ოთხასიოდე დეპეშის გადაცემის შემდეგ ერთბაშად შეაჩერა მოქმედება. 1863 წელს ახალი კაბელი გაიყვანეს. ოთხი ათასი ოთხასი კილომეტრი სიგრძის იყო და ოთხი ათას ხუთას ტონას იწონიდა. ამ კაბელით დატვირთეს შესანიშნავი გემი “გრეტ-ისტრენი”, მაგრამ ვერც ამ კაბელმა გაძლო დიდხანს.
25 მაისს, როდესაც “ნაუტყლიუსი” სამი ათას რვაას ოცდათექვსმეტი მეტრის სიღრმეში ჩაეშვა, სწორედ იმ ადგილას გაიარა, სადაც ეს მეორე კაბელი გაწყვეტილიყო. ეს მოხდა ექვსას ოცდათვრამეტი მილის მანძილზე ირლანდიის ნაპირებიდან. ნაშუადღევის ორ საათზე შეამჩნიეს თურმე, რომ ევროპასთან კავშირი ერთბაშად შეწყდა. გემზე მყოფმა ინჟინერებმა დაზიანებული ადგილები მოჭრეს. ღამის თერთმეთ საათზე კაბელი შეაკეთეს და წყალში ჩაუშვეს. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ისევ გაწყდა. მაშინ კი მისი ამოთრევა ოკეანიდან ვეღარ მოახერხეს.
მაგრამ ამერიკელებს გული როდი გასტეხიათ. ამ საქმის მეთაურმა, ენერგიულმა საირუს ფილდმა, რომელმაც მთელი თავისი ქონება ამ საქმეში ჩადო, ხელის მოწერა გამართა. ნავარაუდევი თანხა მაშინვე შეივსო. მაშინ კაბელი უკეთეს პირობებში გაიყვანეს. ელექტრონის გამტარი მავთულის კონები ზამბარასავით დაგრიხე და ლითონის გარსში მოათავსეს.
“გრეტ-ისტრენი” ამ ბაგირებით დაიტვირთა და 1866 წლის 13 ივლისს ზღვაში გავიდა.
ეს უდიდესი წამოწყება მაშინ წარმატებით დასრულდა.
არ მეგონა, თუ ელქტრონულ ზამბარას პირვანდელი სახითვე ვნახავდი, როგორითაც სახელოსნოდან გამოვიდა. ამ უზარმაზარ გველს, ნიჟარების ნარჩენებით დაფარული ქვის ფხვნილი ჰქონდა გადაკრული, რომელიც ლორწოვანი ცხოველებისგან იფარავდა, რომლებსაც შეეძლოთ დაეჩვრიტათ იგი. წნევაც ისეთი იყო, როგორიც საჭიროა ამერიკიდან ევროპაში ელექტრონის ნაკადის გადასაცემად.
მისი გამძლეობა და სიმტკიცე ეჭვგარეშეა. საგულდაგულოდ დაკვირვებით არის მიჩნეული, რომ გუტაფისის გარსი თანდათან მკვრივდება და უმჯობესდება ზღვის წყალში.
გარდა ამისა, მარჯვედ შერჩეულ ზღვის ზეგანზე ეს ბაგირი თავის დღეში არ ჩადის ისეთ სიღრმეზე, რომ გაწყდეს. ჩვენ ვაკვირდებოდით მას უდიდეს სიღრმემდე, ე.ი. ოთხი ათას ოთხას ოცდაათ მეტრზე და იქ სრულიად თავისუფლდ იდო. ის ადგილიც ვნახეთ, სადაც კაბელი გაწყვეტილიყო 1863 წელს.
აქ ზღვის ფსკერი უზარმაზარ ველს ემსგავსებოდა, სადაც თავისუფლად მოთავსდებოდა მონბლანი, მისი მწვერვალი კი ზღვის ზედაპირს მაინც ვერ მისწვდებოდა. ეს ველი აღმოსავლეთის მხრიდან ფრიალო კლდეებით არის გარშემორტყმული, რომელთა სიმაღლეც ორი ათას მეტრს აღწევს. “ნაუტყლიუსი” აქ 28 მაისს მიცურდა და ჩვენ ირლანდიიდან მხოლოდ ას ორმოცდათი კილომეტრით ვიყავით დაშორებული.
ჩვენდა განსაცვიფრებლად, “ნაუტყლიუსმა” გეზი იცვალა და სამხრეთისკენ, ევროპის ზღვებისკენ წავიდა. ზურმუხტის კუნძულის მოსახვევში გაკვრით დავინახე კლერის კონცხი. ფასტენეს შუქურა შუქს ჰფენდა გლაზგოდან დ ლივერუპულიდან გამავალ, ათიათასობით მოძრავ გემს. ჩემთვის ვფიქრობდი, გაბედავდა თუ არა კაპიტანი, ლამანშის სუტესი შესვლას? ნედ ლენდი სწორედ იმ დროს მოიდა ჩემთან, როდესაც ხმელეთს ვუახლოვდებოდით და აცახცახებული ხმით შემეკითხა ამის შესახებ. მესმოდა კანადელის სულისკვეთება, მაგრამ რა პასუხის გაცემა შემეძლო? კაპიტანი ნემო არ გვეჩვენებოდა და შესაბამისად, ყოველი მისი ნაბიჯი გამოუცნობი იყო ჩვენთვის.
უნდა გამოგიტყდე, რომ ფიქრებმა გული ამიმღვრია.
“ნაუტყლიუსი” კი სამხრეთისაკენ მიქროდა. 30 მაისს მან გვერდით ჩაუქროლა ინგლისის უკანასკნელ ნაპირებს. ლამანშის სუტეში შესვლა რომ გადაეწყვიტა, პირდაპირ აღმოსავლეთისაკენ უნდა წასულიყო, მაგრამ ასე არ მოიქცა. 31 მაისს, მთელი დღის განმავლობაში, “ნაუტყლიუსი” წრიულად ცურავდა. ამან მეტისმეტად დამაინტერესა. იგი თითქოს ისეთ ადგილს დაეძებდა, რომელიც ძნელი მისაგნები იყო.
მეორე დღესაც “ნაუტყლიუსი” ასეთსავე მანევრებს აკეთებდა. აშკარა იყო, რომელიღაც ნიშანდობლივ ადგილს დაეძებდა ოკეანეში.
კაპიტანი ნემო დარბაზში გამოვიდა და გუშინდელივით გაარკვია მზის სიმაღლე.
ზღვა მშვენიერი იყო, ცა მოწმენდილი. რვა მილის მანძილზე აღმოსავლეთით დიდი გემი გამოჩნდა. ზედ არავითარი დროშა არ ფრიალებდა და არ ვიცი, რომელი ქვეყნისა იყო.
სანამ მზეს მერიდიანი უნდა გადაესერა, კაპიტანმა ნემომ სექსტანტი აიღო და არაჩვეულებრივი სიზუსტით მოახდინა დაკვირვება. დაკვირვებას ხელს უწყობდა წყნარი ზღვა.
ბაქანზე ვიდექი. დაკვირვებას რომ მორჩა, კაპიტანმა მხოლოდ ეს ჩაილაპარაკა:
– აქ არის!
შემდეგ ისევ ასაწევი კარით ჩავიდა.
დარბაზში დავბრუნდი. ასაწევი კარი დაიხშო. შემომესმა წყლის შხუილი. “ნაუტყლიუსის” აუზები აივსო და გემი სიღრმისკენ შევეულ ხაზად ჩაეშვა. ბორბალი უმოქმედოდ იყო გაჩერებული.
რამდენიმე წუთის შემდეგ გემი რვაას ოცდაცამეტი მეტრის სიღრმეზე გაჩერდა და ფსკერ გაეკრა.
ფანჯარაში ვიცქირებოდი. გემის მარცხენა მხარეს არაფერი ჩანდა, უსაზღვრო და მიწყნარებული წყლის მეტი.
მარჯვნივ კი, ფსკერზე, შესამჩნევი მაღლობები მოჩანდა, რომლებიც მოთეთრო ნიჟარებით დაფარულ ნანგრევებს ჰგავდა. გულდასმით რომ დავაკვირდი, თანდათან გავარჩიე გემის მოყვნილობა, რომელსაც ანძები მომტვრეული ჰქონდა და თავდაყირა ჩაძირულიყო. ეს გემი დიდხანს იყო ალბათ ოკეანის ფსკერზე, რადგანაც გარს ზღვის კირის ნალექი ედო.
ნეტავ, რა გემია? ან “ნაუტყლიუსი” რისთვის ესტუმრა მის სამარეს? ნუთუ ეს გემი უბედური შემთხვევით არ ჩაძირულა?
არ ვიცოდი, რა მეფიქრა, როდესაც მოულოდგნელად შემომესმა კაპიტან ნემოს ხმა.
– წინათ ამ გემს “მარსელი” ერქვა. მასზე 1762 წელს სამოცდათოთხმეტი ზარბაზანი იყო დადგმული. საფრანგეთის რესპუბლიკამ 1794 წელს სახელი შეუცვალა. იმავე წელს 16 აპრილს ეს გემი ბრესტში ესკადრას შეუერთდა, რომელსაც ამერიკიდან მიმავალი პურით დატვირთული ტრანსპორტი უნდა გაეცილებინა. 11 და 12 ივნისს ესკადრა ინგლისის გემებს წააწყდა. დღეს 13 პრელელია, პროფესორო, ე.ი. 1-ელი ივნისი 1868 წლისა. სწორედ სამოცდათოთხმეტი წლის წინათ ამ ადგილას, 47°24´ განედზე და 17°28´ გრძედზე ამ გემმა მამაცი ბრძოლის შემდეგ სამივე ანძა დაკარგა, წყლით გაევსო კაიუტები, დაეღუპა ერთი მესამედი თავისი ეკიპაჟისა და როდესაც ბრძოლის საშუალება აღარ ჰქონდა, ამჯობინა თავის სამას ორმოცდაექვს მეზღვაურთან ერთად ჩაძირულიყო, მაგრამ მტერს არ დანებდა. თავის დროშა გემის ცხვირზე დაამაგრა და ტალღებში ჩაიმალა ყიჟინით: “გაუმარჯოს რესპუბლიკას!”
– “შურისმგებელი” – შევყვირე მე.
– დიახ, პროფესორო, “შურისმგებელი”! მშვენიერი სახელია – ჩაილაპარაკა გულხელდაკრეფილმა კაპიტანმა.

თავი XXI
ნემოს უკანასკნელი გამარჯვება

ეს მოულოდნელი სცენა, რევოლუციური გემის ამბავი, ამ უცნაური ადამიანის უკანასკნელი სიტყვები, ასეთი უღრმესი აღტაცებით წარმოთქმული სახელწოდება “შურისმგებელი”, რომლის მნიშვნელობასაც მივხვდი – ყოველივე ამან მეტისმეტად დამაინტერესა. ნემომ ზღვისკენ გაიშვირა ხელი, აღგზნებული თვალებით გასცქეროდა ამ სახელოვან ნაშთს… იქნებ ვერასოდეს შევიტყო ნემოს ვინაობა, სადაურია, სად უვლია, საით მიისწრაფვის, მაგრამ მე დავრწმუნდი,რომ მის არსებაში ადამიანიუფრო და უფრო მკაფიოდ სცილდება მეცნიერს.
“ნაუტყლიუსი” ამ დროს ზღვის ზედაპირისაკენ მიემართებოდა, “შურისმგებელის” მოხაზულობა კი ნელ-ნელა იფარებოდა უფსკრულში, გარდიგარდმო რყევაზე მივხვდი, რომ უკვე ზედაპირზე მივცურავდით. ამ დროს ყრუ ჭახანი შემომესმა. კაპიტანს მივაჩერდი, იგი არ იძვროდა.
– კაპიტანო! – მივმართე მე.
პასუხი არ გამცა. მარტო დავტოვე და ბაქანზე ავედი. კონსეი და ნედ ლენდი იქ დამხვდნენ.
– რა მოხდა აქ? – შევეკითხე მათ.
– ზარბაზანი გვესროლეს.
– ზარბაზანი?! – გავიმეორე მე და ირგვლივ მოვავლე თვალი. სამი მილის მოშორებით გემი იდგა. ეტყობოდა, სამხედრო გემი იყო. რომელი ქვეყნისა ვერ მივხვდი, რადგანაც დროშა ამართული არ ჰქონდა. გემი თანდათან გვიახლოვდებოდა. უცებ მის ბაქანზე თეთრი ბოლი ავარდა, დაიჭექცა და ჩვენი გემის მახლობლად რაღაცამ ტყლაშუნი მოიღო წყალში.
– როგორც ეტყობა, ჩვენ გვიშენენ. – წამოვიძახე მე.
– დიახ, პროფესორო! – გამეპასუხა ნედი, – ვისიც არ უნდა იყოს ეს გემი, მოგვიახლოვდება თუ არა, ცურვით გავექანები მისკენ. ეჭვი არ მეპარება, მიმიღებენ, თუკი მივაღწიე.
– პროფესორო, ჩვენც გავცუროთ. ხომ გახსოვთ, როგორი ცურვა ვიცით! – მითხრა კონსეიმ.
– ნეტავი იმ გემმა დაღუპოს კაპიტანი და მისი “ნაუტყლიუსიც”! – ჩაილაპარაკა ნედმა.
– ეჰ, ჩემო მეგობარო ნედ, ამას რას დააკლებენ. ზღვის ფსკერზე ხომ ვეღარ ჩაჰყვებიან! – უპასუხა კონსეიმ.
კიდევ გაისმა გრუხუნი და ყუმბარა ისე სწრაფად დაეცა ჩვენთან, რომ შხეფები შემოგვაშხაპუნა.
– ალბათ, თვალი მოჰკრეს “ცალკბილას” და იმისთვის უშენენ ზარბაზანს, – თქვა ფლამინდიელმა.
– მერედა, ვერ გვამჩნევენ, რომ ვდგავარტ? – სიტყვა შევუბრუნე მე.
– სწორედ მაგისთვის დაგვცხეს, რომ ადამიანებს ხედავენ. მაშ, რა გგონიათ, კაპიტანი ფარაგუტი ვერ მიხვდა, ვისთან ჰქონდა მაშინ საქმე? – მიპასუხა ნედმა.
ყუმბარა ყუმბარაზე ცვიოდა ჩვენ ირგვლივ. ზოგი “ნაუტყლიუსის” სალტეებსაც ხვდებოდა, მაგრამ ვერაფერს აკლებდა.
– უნდა ვანიშნოთ როგორმე, რომ ჩვენ აქ არაფერ შუაში ვართ, – თქვა კანადელმა და ცხვირსახოცი ამოიღო, მაგრამ მისი აქნევა ვერც კი მოასწრო, რომ კაპიტაბნმა ნემომ ძირს დასცა.
– ავე გაგაქრობ! – შეჰყვირა მას კაპიტანმა და ცხვირსახოცი ხელიდან წაჰგლიჯა. სხეზე მრისხანება ეწერა, ხმა უთრთოდა.
გემს, გულდასმით მიაშტერდა.
– აჰა, მიცანი? მეც გიცანი! შენ დროშას მალავ, მე კი ჩემ დროშას არ დაგანახვებ!
ამ სიტყვებზე ნემომ თავისი შავი დროშა ააფრიალა, რომელზეც გამოსახული იყო ასო ნ. ამ დროს ყუმბარამ ისე ახლო გაუზუზუნა, რომ კინაღამ ხელი მოწყვიტა.
კაპიტანი მომიბრუნდა და მკაცრი კილოთი მითხრა:
– დაბლა მიბრძანდით!
– რისთვის?
– მიბრძანდით და თქვენი ამხანაგებიც თან გაიყოლეთ!… ის გემი უნდა ჩავძირო.
– რას ბრძანებთ! არა, კაპიტანო, თქვენ ასე სასტიკად არ მოიქცევით.
– თავს მესხმიან და მეც თავს ვიცავ!
– რა გემია?
– მით უკეთესი, რომ ვერ იცანით!
ძალაუნებურად დავმორჩილდი.
თხუთმეტიოდე მეზღვაური ბაქანზე ამოიშალა. მოაჯირი მოხსნეს, მესაჭის კაიუტა თავისი შუქურით შიგნით ჩაუშვეს. “ნაუტყლიუსი” რკინის სიგარას დაემსგავსა. ვცადე, უარი მეთქმევინებინა ამ საშინელ ნაბიჯზე, მაგრამ კაპიტანმა მკაცრად და პირქუშად მიპასუხა:
– მე ჩაგრული ვარ, ის კი მჩაგვრელი! მან წამგლიჯა ყველაფერი, რაც კი მიყვარდა, რასაც ვეთაყვანებოდი: სამშობლო, ცოლ-შვილი, დედ-ამა, დად-ძმა! გაჩუმდით, პროფესორო არონაკს!
ჩემს კაიუტაში შევედი დასაძინებლად, მაგრამ ძილი არ მომკარებია. დილის სამ საათზე ბაქანზე ავედი. კაპიტანი უკვე იქ დამხვდა. გულხელდაკრეფილი იდგა შავი დროშის ქვეშ და იმ გემს გასცქეროდა. გემს უკვე საორთქლე ქვაბები გაეჩაღებინა. საბოლე მილებიდან ბღუჯა-ბღუჯა ნაპერწკლებს ისროდა. არ მინდოდა შეწუხება და ისევ დაბლა ჩავედი.
გარიჟრაჟისას გემმა ზარბაზანის სროლა აგვიტეხა. ბაქანზე მინდოდა ასვლა, მაგრამ მეზღვაურებმა დარაბები დაკეტეს. “ნაუტყლიუსი” სიღრმეში ჩაეშვა.
იქნებ კაპიტანმა გადაიფიქრა თავისი განზრახვა? იქნებ გადაწყვიტა გარიდებოდა?
უცებ დაჯახება ვიგრძენი. რკინის ჟღარუნი შემომესმა, შევყვირე და დარბაზში გამოვვარდი. დარაბები გაწეული იყო. კაპიტანი ფანჯარასთან იდგა. იმ გემს ფსკერით მივდგომოდით. დავინახე, რომ უშველებელი ნახვრეტიდან წყალი ხრიალით შედიოდა… რა ამბავი იქნებოდა ეხლა გემზე?! წივილ-კივილი, სასოწარკვეთა… ალბათ, მეზღვაურები ანძის ბაგირებზე მიფოფხავენ, წყალში ცვივდებიან, ფართხალებენ, იბრძვიან, იხრჩობიან.
კაპიტანს გემის ძირი იმ მხრიდან შეენგრია, სადაც ფოლადი არ ჰქონდა გადაკრული.
დაღუპული გემთან ერთად ჩვენი “ნაუტყლიუსიც” ფსკერზე ეშვებოდა. უცებ აფეთქებს ხმა მოისმა. ალბათ უნდოდათ, მათი ტანჯვა მალე გათავებულიყო და თვითონვე ააფეთქეს, გემი ელვის სისწრაფით ჩაექანა ფსკერისაკენ. ჩვენც მას მივყევით.
“ნაუტყლიუსი” როდესაც ფსკერს შეეხო, ფანჯრის დარაბები დახუეს და კაპიტანი დარბაზიდან გავიდა. თვალი გავაყოლე.
თავისი ოთახის კარი შეაღო, კარპის პირდაპირ კედელზე ახალგაზრდა ქალის და ორი ბავშვის სურათი ეკიდა. კაპიტანმა ერთხანს გაშტერებით უცქირა სურათს. მერე ხელებგაშვერილი მუხლებზე დაემხო და ქვითინი აუვარდა.

თავი XXII
გაპარვა

მას მერე, რაც დარაბები დახურეს, დარბაზი აღარ განათებულა. უკუნი წყვდიადი და სიჩუმე გამეფდა “ნაუტყლიუსში”. ის საოცარი სისწრაფით სცილდებოდა ნგრევის ადგილს. მაგრამ საით მიდიოდა? სამხრეთისაკენ თუ ჩრდილოეთისაკენ?
ჩემს ოთახში შევედი. ნედ ლენდი და კონსეი მდუმარედ ისხდნენ. გაურკვეველ შიშის ზარს ვგრძნობდი კაპიტან ნემოს მხრიდან. მან მოწმე გამხადა თავისი შურისძიებისა. ეს ჩემთვის მეტისმეტი იყო.
თერთმეტ საათზე ელექტრონმა გაანათა. დარბაზს ვეცი. ცარიელი იყო. მოწყობილობას შევხედე. “ნაუტყლიუსი” ჩრდილოეთისკენ მიისწრაფოდა საათში ოცდახუთი მილი სიჩქარით, ხანაც ზედაპირზე, ხან წყალქვეშ, ოცდაათი ფუტის სიღრმეში.
რუკას დავხედე. შევიტყვე რომ ლამანშის სრუტეს გავდიოდით და ჩრდილოეთის ზღვებისკენ მივექანებოდით გასაოცარი სისწრაფით.
საღამომდე ორასი მილი გავიარეთ ატლანტის ოკეანეში. დაღამდა. ზღვაზე წყვდიადი ჩამოწვა. ჩემს ოთახში შევედი, მაგრამ ძილი არ მეკარებოდა. დაღუპული გემის საზარელი სურათი სულ თვალწინ მედგა.
ვერავინ მიხვდებოდა, თუ საით მიგვაქანებდა “ნაუტყლიუსი” ატლანტიკის ოკეანის ჩრდილო აუზში.
საოცარი სისწრაფით მივქროდით ჩრდილოეთის დანისნულ მიდამოებში. ნეტავ, მიუახლოვდებოდით თუ არა შპიცბერგენს, ახალი მიწის ფრიალო ნაპირებს? გავივლიდით თუ არა ნაკლებად შესწავლილ კარის ზღვას, ობის ყურეს, ლიახოვის არქიპელაგს და აზიის უცნობ ჩრდილო-დასავლეთის ნაპირებს! ვერ ვიტყვი, რამდენი დრო გავიდა ამ ფიქრებში, ყურადღება არ მიმიქცევია. ისე მეჩვენებოდა, თითქოს დღე და ღამე ერთმანეთს აღარ ენაცვლებოდა, როგორც ეს პოლარულ ქვეყნებში იყო.
ვფიქრობ, რომ “ნაუტყლიუსის” ასეთმა ავანტიურისტულმა მოგზაურობამ ოციოდე დღეს გასტანა და არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა კიდევ, რომ თავს არ დაგვტეხოდა საშინელი ხიფათი, რამაც საზღვარი დაუდო ჩვენს მოგზაურობას.
კაპიტანი ნემო აღარ გამოჩენილა, არც ეკიპაჟის რომელიმე წევრი გვინახავს.
“ნაუტყლიუსი” თითქმის გამუდმებით წყალქვეშ მიცურავდა. როდესაც ჰერის გამოსაცვლელად ზედაპირზე ამოიწევდა, ასაწევი კარი ავტომატურად იღებოდა და ავომატურად იკეტებოდა. აღარავინ აღნიშნავდა გემის ადგილმდებარეობას და არ ვიცი, სად ვიმყოფებოდით.
ისიც უნდა ვთქვა, რომ კანადელს მოთმინების ძაფი გაუწყდა. კაუტაში ჩაიკეტა და აღარ გვეჩვენებოდა. კონსეიმ სიტყვა ვერ დააძვრევინა, რის გამოც ძალზე შეფიქრიანდა, ბოღმისგან არ გადაირიოს, თავი არ მოიკლასო. ერთი წუთით არ შორდებოდა გვერდიდან.
ერთხელ – რიცხვი ვერ მომიგონებია – მწარე ფიქრებით გაწამებულმა თეთრად გავათენე ღამე და ქანცგაწყვეტილს გამთენიისას ჩამძინებოდა. როდესაც გამომეღვიძა, ნედ ლენდი თავზე მადგა და ჩურჩულით მეუბნებოდა:
– უნდა გავიპაროთ!
წამოვიწიე, წელში გავიმართე და შევეკითხე:
– როდისღა?
– ამაღამ! “ნაუტყლიუსზე” ყოველგვარი მეთვალყურეობა ჩამკვდარია, თითქოს ყველას მისძინებია. მზად იქნებით?
– მზად ვიქნები, მაგრამ ახლა სად ვიმყოფებით?
– ხმელეთის ახლოს. დღეს დილით მიწას მოვკარი თვალი ჩამოწოლილი ნისლის იქით. აღმოსავლეთისკენ ოციდე მილის მანძილზე.
– რა ხმელეთია?
– არ ვიცი, რომელია! … რომელიც არ უნდა იყოს, თავს მაინც შევაფარებთ!
– ოჰ, ნედ, ამაღამ უსათუოდ უნდა გავშორდეთ აქაურობას, თუნდაც ზღვამ ჩაგვნქას!
– ზღვა ღელავს, სუსხიანი ქარი უბერავს, მაგრამ “ნაუტყლიუსის” მსუბუქი ნავით ოციოდემილის გავლა საშიში არ არის. მე მოვასწარი ცოტაოდენი სურსათის ჩალაგება. ჩავაწყვე აგრეთვე რამდენიმე ბოთლი ღვინოც. ეკიპაჟის ხალხს არაფერი შეუმჩნევია.
– თქვენთან მიგულეთ!
– ესეც იცოდეთ, – დაუმატა კანადელმა, – თუ გაგვიგეს და წამოგვეწივნენ, უკანასკნელ სისხლის წვეთამდე ვიბრძოლებ.
– ჩვენ ერთად დავიხოცებით ნედ!
კანადელი ჩემი ოთახიდან გავიდა, ყველაფრისათვის მზად ვიყავი. ბაქანზე ავედი, მაგრამ ისეთი რისხვით ასკდებოდა ტალღები, რომ ფეხზე ძლივს ვიდექი. ცა პირქუშად იყურებოდა, მაგრამ თუკი ჩამობნელებული ნისლის იქით ხმელეთი იყო, უნდა გვესარგებლა… არც ერთი დღის, არც ერთი საათის დაკარგვა არ შეიძლებოდა!
დარბაზისაკენ გავემართე. მინდოდა კაპიტან ნემოს შევხვედროდი. თანაც მასთან შეხვედრა მაფიქრბდა კიდეც. დიახ, მინდოდა კიდეც მისი ნახვა და არც მინდოდა. რა უნდა მეთქვა მისთვის?
რა მძიმედ გადიოდა დრო, როგორ გაგრძელდა ეს საღამო, რომელიც “ნაუტყლიუსზე” უნდა გავატაროთ. მარტო დავრჩი. ნედ ლენდი და კონსეი ჩემთან საუბარს ერიდებოდნენ, რომ ეჭვი არ ეღოთ.
ექვს საათზე ვისადილე, თუმცა უმადოდ ვიყავი, ძალისძალით ვჭამდი, მხოლოდ იმისთვის, რომ დავნაყრებულიყავი.
შვიდის ნახევარზე ნედი შემოვიდა ჩემს ოთახში და მითხრა:
– წასვლამდე ერთმანეთს ვეღარ ვნახავთ. ათ საათზე მთვარე ჯერ ამოსული არ იქნება. სიბნელით ვისარგებლოთ. ნავთან მოდი. მე და კონსეი დაგელოდებით.
ისე მალე გატრიალდა, რომ პასუხის გაცემაც ვერ მოვასწარი.
მინდოდა გამეგო, საით მიემართებოდა “ნაუტყლიუსი”. დარბაზში გავედი. საშინელი სისწრაფით მივქროდით სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ ორმოცდაათი მეტრის სიღრმეზე.
უკანასკნელად გადავხედე ამ მუზეუმში თავმოყრილ ბუნების საოცარ ნიმუშებს, განძეულობას, ამ უბადლო კოლექციებს და გავიფიქრე, რომ ყოველივე ამას მის შემკრებლებთან ერთად ზღვის უფსკრულებში ელოდა დაღუპვა.
მთელი ერთი საათი დავტრიალებდი ამ საუნჯეს, უამრავ კარადაში რომ ელვარებდა. მერე ჩემს ოთახს მივაშურე. მკვიდრ საზღვაო ტანსაცმელში გამოვეწყვე, ჩემი დღიური პალტოში მაგრად ჩავიმაგრე. გული საშინლად მიცემდა. კაპიტანი ნემო რომ შემხვედროდა, ჩემი მღელვარება და შეკრთომა გამამჟღავნებდა.
ნეტავ, რას აკეთებს კაპიტანი ნემო?
მისი ოთახის კარს მვაყურადე. ფეხის ხმა ისმოდა, კაპიტანი ნემო იქ იყო. ყოველი მის მოძრაობაზე ისე მეჩვენებოდა, თითქოს ეს-ეს არის, კარს შემოაღებს მეთქი. შემოვა და მკითხავს, თუ რად ვაპირებ გაპარვას. ნერვიული, შიშის ჟრუანტელი მივლიდა და ჩემი ფანტაზია უფრო აძლირებდა მას.
ბოლოს ჩემი მღელვარება ისეთი მწვავე და აუტანელი გახდა, რომ გულს დავეკითხე: არ ჯობია, პირდაპირ შევიდე მასთან, პირისპირ შევხვდე და ყველაფერში გამოვუტყდე-მეთქი?
ეს იყო უგუნური თვითშთაგონება. საბედნიეროდ, დროზე შევიკვე თავი და ლოგინზე მივწექი, ეგებ ჩემი მღელვარება დამეოკებინა. ნერვები ცოტათი დამეწყნარდა, მაგრამ აფორიაქებულ ტვინში ერთიმეორეს მისდევდა “ნაუტყლიუსზე” მიღებული შთაბეჭდილებანი, “აბრაამ ლინკოლნის” მერე განცდილი თავგადასავალი, წყალქვეშა ნადირობა, ტორესის სრუტე, პაპუასები, მარჯნის სასაფლაო, სუეცის გვირაბი, სანტორინოს კუნძული, კრეტელი მყვინთავი ნიკოლა, ატლანტის, მთლიანი ყინულეთი, სამხრეთ პოლუსი, ყინულეთში გამომწყდევა, სპრუტებთან ბრძოლა, გოლფსტრემის გრიგალი, “შურისმგებელი” და ბოლოს გემისა და მთელი მისი ეკიპაჟის ჩაძირვა.
ეს ყოველივე თვალწინ მეშლებოდა, როგროც მოძრავი დეკორაციები სცენის სიღრმეში. და ამ ჩვეულებრივ გარემოში კაპიტანი ნემო უზომოდ იზრდებოდა. მის სახეს ზეკაცის იერი ედებოდა. ის უკვე აღარ იყო ჩვეულებრივი ადამიანი – ეს იყო წყლების ბინადარი, ზღვათა გენია, შურისმგებელი რევოლუციონერი.
ათის ნახევარი იყო. თავზე ხელებს ვიჭერდი, რომ არ გამსკდომოდა. თვალებს ვხუჭავდი. არაფერზე ფიქრი არ მინდოდა.
კიდევ მთელი ნახევარი საათი ლოდინი!
უცებ ორღანის წყნარი ხმა შემომესმა. სევდიანი, მოწყენილი მელოდია. სუნთქვა შევიკავე და ისე ვუსმენდი. კაპიტანი ნემო გატაცებით უკრავდა. მეც სიამოვნებით ვუსმენდი. თითქოს ეს ჰანგები ამ ქვეყნის იქით მიმაქანებდა.
მაგრამ მუსიკა შეწყდა. კაპიტანი ნემო ოთახიდან დარბაზში გამოვიდა. იქ, სადაც მე უნდა გამევლო, რომ გავპარულიყავი. მაშ, იქ შევხვდები უკანასკნელად, რომ შემამჩნიოს და დამელაპარაკოს?! მისი ერთი ხელის გაქნევა გამანადგურებს, მისი ერთი სიტყვა სამუდამოდ მიმაბამს ამ გემზე.
ათი საათი გახდა. ჩემი ოთახიდან უნდა გამოვსულიყავი და ამხანაგებთან მივსულიყავი.
ყოყმანი აღარ შეიძლებოდა. თუმცა, შესაძლებელი იყო, კაპიტანს შევემჩნიე, წყნარად გამოვაღე კარი, მაგრამ მომეჩვენა, თითქოს მისმა ანჯამებმა დიდი ხმაური გამოსცეს. ეს ხმაური მხოლოდ ჩემს ოცნებაში იყო. სიბნელეში მუცლით მივხოხავდი “ნაუტყლიუსის” ტალანში, მალიმალ ვჩერდებოდი სულის მოსათქმელად და გულისცემის შესაკავებლად.
დარბაზის კუთხის კარს მივაღწიე და ფრთხილად შევაღე. უკუნი სიბნელე იყო. ორგანის აკორდები სევდიან ხმას გამოსცემდა. კაპიტანი ნემო აქ იყო. ვერ მხედავდა. ვფიქრობ, დარბაზი გაკაშკაშებული რომც ყოფილიყო, მაინც ვერ შემამჩნევდა, ისეთი გატაცებით უკრავდა.
ხალიჩაზე მივცოცავდი, ვფრთხილობდი, არ მეხმაურა. ხუთ წუთი გავიდა, სანამ დარბაზის ბოლო კარს მივაღწიე. ბოლოს იმ კარამდე მივხოხდი, რომელიც ბიბლოთეკაში შედიოდა.
ის იყო, კარი უნდა შემეღო, რომ კაპიტანმა ამოიოხრა. ადგილზე გავშეშდი, მივხვდი, რომ დგებოდა. თითქოს გავარჩიე კიდეც, რადგანაც ბიბლიოთეკიდან დარბაზში ოდნავი შუქი გამოკრთოდა. ჩემკენ წამოვიდა გულხელდაკრეფილი, ფეხებს უფრო მიაცურებდა, ვიდრე დგამდა. გვერდით ჩამიარა, მაგრამ ვერ შემამჩნია. სწრაფად ვეცი ბიბლიოთეკის კარს, შუა კიბეზე ავირბინე და ნავისკენ გავეშურე.
სწორედ იმ გზით გავიარე, საითაც ჩემს ამხანაგებს გაევლოთ.
– გავიქცეთ, გავიქეცეთ! – შევძახე მათ.
– ახლავე! – მიპასუხა ნედმა.
რკინის სახურავი, რომლის ქვეშაც ნავი იყო მოთავსებული, კლიტით იყო დაკეტილი. ნედ ლენდმა ინგლისური გასაღებით კლიტე გააღო, ის ჭინჭიკები მოუშვა, რომლითაც “ნაუტყლიუსზე” იყო დამაგრებული.
უცებ გემის შიგნით ხმაური ატყდა. აჩქარებით ლაპარაკობდნენ.
ნეტავ, რა მოხდა?
ხომ არ შეიტყვეს ჩვენი გაპარვის ამბავი?!
ნედ ლენდა ხელში ხანჯალი მომაწოდა.
– დიახ! … ზედ შევაკვდებით! – ჩავულაპარაკე მას.
კანადელმა მუშაობა შეწყვიტა. გემის შიგნიდან ერთი და იგივე სიტყვა ოცჯერ მაინც გაისმა და ამ სიტყვებმა გამაგებინა, თუ რამ შეაშფოთა “ნაუტყლიუსის” ეკიპაჟი.
– მალსტრემი! მალსტრემი! – გაყვიროდნენ ისინი.
მალსტრემი… განა ამაზე უფრო საშინელი სიტყვა შეიძლებოდა? ნუთუ ჩვენ ნორვეგიის ამ საშინელ ნაპირებთან ვიმყოფებოდით?! ნუთუ “ნაუტყლიუსი” სწორედ მაშინ შეითრია ამ საზარელმა მორევმა, როდესაც ჩვენი ნავი მას უნდა მოშორებოდა?
ზღვის მოქცევის დროს, ფერორისა და ლოფანდენის კუნძულებს შუა ვიწროდ მომწყვდეული წყალი საშინელი ძლიერებით მოექანება და ზღვაში აჩენს უშველებე მორევს, საიდანაც ჯერ არც ერთ გემს არ დაუღწევია თავი. ჰორიზონტს ყოველი მხრიდან აქეთკენ მოექანება მთებივით აგორებული ტალღები და ისეთ მორევს აჩნეს, რომლის ცენტრისკენ მოსწრაფებული ძალა თხუთმეტი კილომეტრის მანძილზე ყველაფერს შიგნით ითრევს. ეს მორევი უფსკრულისკენ აქანებს არა მარტო გემებს, არამედ არქტიკულ ვეშაპებს და თეთრ დათვებსაც.
“ნაუტყლიუსი” შემთხვევით მოხვდა ამ სასინელ მორევში თუ კაპიტანმა განზრახ შემოტოპა? გემი ამ მორევში სპირალურ წრეს უვლიდა, რომლის რადიუსიც თანდათან ვიწროვდებოდა.
ჩვენი ნავი ჯერ კიდევ “ნაუტყლიუსზე” იყო მიმაგრებული და მასთან ერთად, საშინელი სისწრაფით ტრიალებდა.
ვგრძნობდი ამას და თავბრუ მესხმოდა ხანგრძლივი ტრიალის გამო. შეშინებული, დამფრთხალი, თავზარდაცემული ვიყავით: სისხლის მოძრაობა შეწყდა, ნერვების მუშაობა შეჩერდა, სიმწრისგან ცივ ოფლს გვასხამდა, როგორც სულთმობრძავებს. შემზარავი ხმაური იყო ჩვენი მსუბუქი ნავის ირგვლივ! ზღვის გრიალი ოცი მილის მანძილზე გაისმოდა. ხრიალი და შხუილი იდგა ირგვლივ, მძლავრი ტყლაშუნით ტალღები ზღვის უფსკრულში ამოზიდული ფრიალო კლდეების ბასრ წვერებს ასკდებოდა, იმ ფსკერზე, სადაც მაგარზე მაგარი რვალიც კი იმსხვრევა, დიდრონი ხეები ნაფოტ-ნაფოტად იქცევა.
ჩვენი მდგომარეობა საზარელი იყო! “ნაუტყლიუსი” ისე ებრძოდა სტიქიონს, თითქოს სულდგმული იყო. მისი ფოლადის კუნთები იძაგრებოდა, ჭახჭახი გაჰქონდა, ხან გველივით იკლაკნებოდა და იზნიქებოდა, ზოგჯერ კი წელში იშლებოდა, ჩვენც თან მიგვასრიალედა.
– მაგრად მოეჭიდეთ! – დაიძახა ნედმა, – ნავი ისევ “ნაუტყლიუსზე” უნდა დავამაგროთ თავისი ჭანჭიკებით. იქნებ ამით გადავრჩეთ!…
ნედს სიტყვა არც კი დაესრულებინა, რომ საშინელი ჭახანი გაისმა, ჭანჭიკები დაიმსხვრა და თავისი ბუდიდან ამოვარდნილი ჩვენი ნავი მორევის უფსკრულისაკენ ისე გასტყორცნა, როგორც შურდულით ნასროლი ქვა.
თავი რაღაცას წავაჯახე და გონება დავკარგე.

თავი XXIII
დ ა ს კ ვ ნ ა

ჩვენი არაჩვეულებრივი წყალქვეშა მოგზაურობის დასასრული ასეთი იყო. რა მოხდა იმ ღამეს, როდესაც ჩვენი ნავი მორევმა ჩაითრია და აყურყუმალავა, ან ნედ ლენდი, კონსეი და მე როგორ გადავურჩით ამ საზარელ მორევის უფსკრულს და როგორ დავაღწიეთ თავი, არ მახსოვს და ვერც გიამბობთ.
გონს რომ მოვეგე, მებადურის ქოხში ვიწექი, ლოფონდენის ერთ-ერთ კუნძულზე. ჩემი თანამგზავრები ორივე ჯანმრთელი და უვნებელი თავზე მედგნენ და ხელს მართმევდნენ. აღტაცებით გადავხედე მათ. ეს ის დრო იყო, როდესაც აქედან ჩემი სამშობლოსკნე გამგზავრებაზე ფიქრიც არ შეიძლებოდა. საერთოდ, ჩრდილო და სამხრეთ ნორვეგიას შორის ზღვით მიმოსვლა იშვიათია. ნორდკაპიდან გემის მოსვლამდე უნდა გველოდა. გემი კი აქ ორ თვეში ერთხელ მოდის.
დავრჩით ჩვენს გადამრჩენელებთან და შემხიზვნელებთან. აქ გადავიკითხე ჩემი დღიური. ვატყობ, რომ ზედმიწევნით სწორია. არც ერთი შემთხვევა არ გამომრჩენია, არც ერთი გარემოება არ დამვიწყებია, არც ერთი ფათერაკი არ გამიზვიადებია. ეს არის ზუსტად გადმოცემული ამბავი ჩვენი წარმოუდგენელი ექსპედიციისა იმ სფეროში, რომელიც ადამიანისათვის დღემდე მიუწვდომელია და სადაც ახლო მომავალში მეცნიერბა ალბათ თვისუფლად გაიკვლევს გზას.
დაიჯერებს კი ვინმე ჩემს ნაამბობს? შეიძლება დაუჯერებლადაც კი მიიჩნიონ! არ ვიცი, ან კი რა ჩემი საქმეა! ვამტკიცებ, რომ ამიერიდან უფლება მაქვს ვილაპარაკო ზღვებზე, რომელთა უფსკრულებშიც ოთხმოცი ათასი კილომეტრი გავიარე.
მე აღვწერე დედამიწის გარშემო წყალქვეშა მოგზაურობა, რომელმაც თვალწინ გადამიშალა ამდენი საოცრებანი წყნარი, ინდოეთის, ატლანტის ოკეანეებისა, ხმელთაშუა ზღვისა, სამხრეთ და ჩრდილოეთის ზღვებისა. ერთი სიტყვით, მთელი დედამიწის ზურგზე არსებული წყლებისა!
ნეტავ, რა დაემართა “ნაუტყლიუსს”? – გაუძლო თუ ვერა მორევის საშინელ წნევას? გადარჩნენ თუ არა კაპიტანი ნემო და მისი ამხანაგები? განაგრძობს თუ არა ეს ახირებული ადამიანი ოკეანის უფსკრულებში შურისძიებას, თუ თვითონაც დაიღუპა მის სამსხვერპლოზე?
ნეტავი გამაგებინა, ზღვის ტალღები ოდესმე მაინც თუ გამორიყავს იმ ხელნაწერს, სადაც აღწერილია მთელი მისი არაჩვეულებრივი ცხოვრება და თავგადასავალი? ეღირსება თუ არა ოდესმე ქვეყნიერებას იმის გაგება, თუ რა ეროვნებისა იყო კაპიტანი ნემო?
მწამს, რომ მისმა გემმა სძლია ზღვის უსაშინლეს მორევს და უვნებელი გამოვიდა იმ ჯოჯოხეთური ადგილიდან, სადაც ამდენი გემი ჩაღუპულა!
ათი თვე გავატარეთ თვალუწვდენელი ზღვის უფსკრულებში და ახლა უწინდელ შეკითხვაზე – თუ “ვინ გაზომა სიღრმენი უფსკრულისანი?” – მთელი დედამიწის ზურგზე მხოლოდ ორ ადამიანს შეგვიძლია ვუპასუხოთ:
– ჩვენ გავზომეთ სიღრმენი უფსკრულისანი: კაპიტანმა ნემომ და მე!

(ნაწ. II – თავი 1-11)

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

5 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. http://fexburti.ucoz.hu/ ამბობს:
    18 ოქტომბერი, 2011წ. 18:38სთ.

    კაშალოტები და ვეშაპები, მაგითი იწყება აქ და მეც მაგ თავზე ვარ 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ქრისტინა ამბობს:
    9 სექტემბერი, 2012წ. 14:47სთ.

    ძალიან კარგი წიგნია:) 🙂 🙂 🙂 🙂

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ალეკო ამბობს:
    28 ნოემბერი, 2012წ. 19:23სთ.

    მაგარი წიგნია ჯიულ ვერნის კარგი წიგნები აქვს დაწერილი ერთი წლის წინ წავიკითხე და ძალიან მომეწონა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. ეთუნა ამბობს:
    7 მარტი, 2013წ. 12:15სთ.

    ძალიან მარტივი გასაგებია და კარგატ იკიტხება, მომეწონა :)))

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. ინა ბოგვერაძე ამბობს:
    29 იანვარი, 2015წ. 17:27სთ.

    ძალიან მაგარი წიგნიაა…. 🙂 მე მომწონსს… ძალიანნ დიდი მადლობა გიგოლ.ნეტს ასსეთი არაჩვეულებრივი წიგნის ატვირთვისთვისს… მართლია აქ არ წამიკითხავსს მაგრამ ძალიან მაგარიაა რომმ ბევრ ბავშვებს ეძლება შესაძლებლობა რომ ასეთი არაჩვეულებრივი წიგნი წაიკიტხონნ…. ჟიულ ვერნის 80000 კილომეტრი წყალ ქვეშ ჩმი პირველი წაკითხული წიგნი არისს და ძლიან დიდი შდაბეჭდილება მოახდინა ამ წინგმაა… 🙂 კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საიტ გიგოლ.ნეტს 🙂

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› Screen parametrs

ეს სკრიპტი მომხმარებელს უჩვენებს მონიტორის პარამეტრებს: სიმაღლეს, სიგანეს, ფერებს და პიკსელებს. ეხლა რაში შეიძლება გამოადგეს კაცს? მაგალითად ეს სკრიპტი შეიძლება გამოიყენოთ სტილების დროს, რომელიც ავტომატურად დარეგულირებს რაიმე ობიექტის პარამეტრებს მომხმარებლის › › ›

DU