1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ჟიულ ვერნი: 80 000 კილომეტრი წყალქვეშ (ნაწ. I – თავი 18-32)

თავი XVIII
სად ვიმყოფებით?

– პროფესორო, – მითხრა კაპიტანმა, – ჩვენ ახლა ზუსტად გავარკვევთ, თუ სად იმყოფება ჩვენი გემი. თორმეტს 15 წუთი უკლია, შუადღე მოწეულია, ახლავე ზღვის ზედაპირზე ამოვცურდებით.
კაპიტანმა სამჯერ დააჭირა თითი ელექტროღილაკს, ტუმბოებმა აუზებიდან წყლის ამოქაჩვა დაიწყეს.
– ავედით უკვე! – მითხრა კაპიტანმა.
ავყევით შუა კიბეს, რომელიც ბაქანზე ადიოდა. ლითონის საფეხურები ავიარეთ, გარდიგარდმო გაწეულ კარში გავძვერით და “ნაუტილუსის” ზედა ნაწილზე გავჩნდით.
ბაქანი მხოლოდ ერთი არშინით ამოსცილებოდა წყლის ზედაპირს. “ნაუტილუსის” წინა და უკანა ნაწილი თითისტარის მოყვანილობისა იყო, მართლაც სიგარას ჰგავდა. შევამჩნიე, რომ მისი კრამიტის მოყვანილობის რკინის ფირფიტები ცოტათი წააგავდა ხმელეთის დიდრონ ქვეწარმავალთა ხაოიან ქაცვს. ამიტომაც ჩემთვის გასაგები გახდა, რომ ეს გემი საუკეთესო დურბინდითაც ზღვის ცხოველად ეჩვენებოდათ.
ბაქნის შუაგულზე მდებარე კანჯო სანახევროდ ჩამჯდარიყო წყალქვეშა ნავის სხეულში და პატარა ბორცვს ჩამოჰგავდა. წინ და უკან განეთავსებინათ გემის კედლებისკენ გადმოზნექილი ორი დაბალი შუშაბანდიანი ჯიხური, რომლებსაც კრამიტის მოყვანილობის სქელი შუშები ჰქოდათ ჩასმული. ერთი იყო მესაჭის ოთახი, მეორე კი ელექტრონის შუქურასი, რომელიც წყალქვეშა ნავს გზას უნათებდა.
ზღვა მშვენიერი იყო, ცა – მოწმენდილი. დასავლეთის სიო წყლის ზედაპირს აციმციმებდა. მოკრიალებულ ცის კაბადონზე თავისუფლად შეგვეძლო დაკვირვების მოხდენა.
სხვა არაფერი მოჩანდა, არც რაიმე პაწია კუნძული, არც კლდე.
მხოლოდ უსაზღვრო ზღვის სივრცე გადაშლილიყო თვალწინ. კაპიტანი სექსტანით იკვლევდა მზის სიმაღლეს, რომის მიხედვითაც უნდა შეეტყო ამ მიდამოს განივი.
ცოტა შეიცადა, რომ მზე ჰორიზონტის კიდურზე მოქცეულიყო. დაკვირვების დროს არც ერთი კუნთი არ შერხევია.
– სწორედ შუადღეა, – თქვა კაპიტანმა, – ძირს ჩავიდეთ, პროფესორო.
უკანასკნელად მოვავლე თვალი ზღვას, ოდნავ მოყვითალო ფერი დაჰკრავდა იაპონიის ნაპირებთან. დიდ დარბაზში ჩამოვედით.
კაპიტანმა იქ გამოიანგარიშა და მითხრა:
– ჩვენ ვიმყოფებით დასავლეთ გრძედის 137°´ და 15´-ზე.
– რომელი მერიდიანით? – სწრაფად შევეკითხე, ვფიქრობდი, მისი პასუხი გამიმხელდა კაპიტნის ეროვნებას.
– ჩემი ქრონომეტრები შეფარდებულია პარიზის, გრინვიჩის და ვაშინგტონის მერიდიანებთან. თქვენს პატივსაცემად პარიზისა ავიღე.
ამ პასუხმა ვერაფერი ამიხსნა.
კაპიტანი განაგრძობდა:
– 135° და 15´ დასავლეთის გრძედი პარიზისმერიდიანით 37°7´, ჩრდილოეთგანედი, ესე იგი, იაპონიის ნაპირებიდან 300 მილის მანძილზე ვიმყოფებით. დღეს 8 ნოემბერია. სწორედ შუადღისას იწყება ჩვენი წყალქვეშა მოგზაურობა დედამიწის გარშემო.
– კეთილი იყოს ჩვენი მოგზაურობა! – ვუპასუხე მე.
– პროფესორო ახლა კი დაგტოვებთ, – დაუმატა კაპიტანმა, – აი, რუკა, რომელიც გაგაცნობთ “ნაუტილუსის” გეზს.
თავის დაკვრით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. კაპიტანი დარბაზიდან გავიდა. მარტო დავრჩი და ფიქრებს მივეცი თავი.
ვფიქრობდი “ნაუტილუსის” კაპიტანზე. როგორი გამოუცნობი და უცნაური ადამიანია! ოდესმე მაინც შევიტყობ, რომელ ეროვნებას ეკუთვნის?! რა გადახდენია თავს? რა მიზეზით მიატოვა საზოგადოება, ან რამ შეაძულა ასე? ან მე რად გამიწია კეთილი მასპინძლობა, თუმცა ცოტა არ იყოს, გულგრილად კი მიმიღო. რატომ არც ერთხელ არ გამოუწვდია ჩემთვის ხელი? რა საიდუმლოებაა დამარხული მის პიროვნებაში?
ასეთი კითხვები მოსვენებას არ მაძლევდა და მთელი საათი ამ ფიქრებში გავატარე. ვცდილობდი ამომეხსნა ეს ჩახლართული ამოცანა. მაგრამ ვერაფერს გავხდი.
“ნაუტილუსი” ამ დროს უკვე უფსკრულში ჩაეშვა.
უცებ კარი გაიღო, ნედ ლენდმა და კონსეიმ შემოიხედეს, ვანიშნე, შემოსულიყვნენ.
– ეს სადა ვართ? – წამოიძახა ორივემ.
– აქ მთელი მუზეუმი ყოფილა! გასაოცარია!
ჩემი უშფოთველი და დინჯი კონსეიც კი განცვიფრდა ამ სანახაობით.
– მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით წყალქვეშა ნავ “ნაუტილუსზე”, ზღვის ზედაპირიდან 50 მეტრის სიღრმეზე, – ავუხსენი მე, – კონსეი, შეხედე, ამ კოლექციებს! სამუშაო არ მოგვაკლდება!
კონსეის ჩემთვის არც დაუცდია. ეს გულმოდგინე ახალგაზრდა უკვე დასჩერებოდა წიგნის კარადებს და სხვადასხვა სახელს ბუტბუტებდა.
ნედი კი გვერდით მომიჯდა და ნემოს შესახებ მეკითხებოდა.
– პროფესორო, მითხარით, გეთაყა, ვინ არის ეს კაცი? როგორი ადამიანია? – ჩამაცივდა იგი, – დავიჯერო, ვერ გაიგეთ, სადაურია? საით მიაქროლებს უწმინდური სული?
– არ ვიცი, ნედ, ჯერ არაფერი არ ვიცი. ცოტა დამაცადეთ და ყველაფერს გაგიზიარებთ, რაც კი შევიტყვე.

თავი XIX
ზღვის უფსკრულებში

ორივეს ვუამბე, რაც კი შევიტყვე და მერე ნედს ვთხოვე, მასაც მოეყოლა რა ნახა და რა გაიგონა.
– არც არაფერი მინახავს და არც არაფერი გმიგონია! – მიპასუხა მან, – ჯერ არც ერთი ადამიანი არ დამინახავს გემის ეკიპაჟიდან. ვინ იცის, იქნებ ეკიპაჟიც ელექტრონისაა?
– ელექტრონისა?!
– ადვილი დასაჯერებელია, პროფესორო არონაკს, ვერ მეტყვით, რამდენი კაცი იქნება ამ ეკიპაჟში?
– ვერაფერს გეტყვით, ნედ, რადგანაც თვითონაც არ ვიცი. მე გირჩევთ დროებით მაინც, ხელი აიღოთ ამ გემის ხელსი ჩაგდების განზრახვაზე. ეს გემი ნამდვილი შედევრია თანამედროვე მშენებლობისა, უახლესი მიღწევაა და აღტაცებული ვარ, რომ საშუალება მომეცა მისი დათვალიერებისა. ბევრი ინატრებდა ჩვენს ადგილზე ყოფნას. მაშ ასე, ნედ, გონება მოვიკრიბოთ და გაფაციცებით ვადევნოთ თვალი, რაც კი აქ ჩვენს გარშემო ხდება.
– თვალყური ვადევნოთ! – წამოიძახა მებარჯემ, – ვინ ან რას, როდესაც ამ რკინის საკანში ადამიანის ნასახი არა ჩანს, ჩვენ მივდივართ და არ ვიცით საით.
ნედს სიტყვა არ დაესრულებინა, რომ უცებ სინათლე ჩაქრა და ისეთი უკუნი ჩამოწვა, თითქოს ყურებამდე ქუდები ჩამოგვაფხატესო. სინათლე ისეთი სისწრაფით ჩაქრა, რომ თვალებმა ტეხა დამიწყო, როგორც სიბნელიდან კაშკაშა სინათლეზე გამოსვლის დროს იცის ხოლმე.
სამივენი მუნჯებივით დავრჩით, ვერც ვინძრეოდით. არ ვიცოდით, რა გველოდა, სასიხარულო თუ სამწუხარო. უცებ რაღაც შრიალი და ჭრიალი გაისმა, თითქოს “ნაუტილუსის” კედლები ხახუნებსო.
– დაგვიდგა აღსასრული! – წამოიძახა ნედ ლენდმა.
უცებ დარბაზი ორივე კედელში დატანებულ მოგრძო და ფართო ფანჯრებიდან სინათლემ შემოანათა. გარეთ წყალიც ელექტრონის კაშკაშმა შუქით იყო განათებული.
ფანჯრებში ჩასმული ორი მოზრდილი, სქელი ბროლის შუშა აღმართულიყო ჩვენსა და წყალს შუა. ცივმა ოფლმა დამასხა. წარმოვიდგინე, რომ ეს ფანჯრები შეიძლება წყლის მოწოლას შემოენგრია, მაგრამ მალე დავმშვიდდი: ბროლის მინები მჭიდროდ იყო ჩასმული სპილენძის მაგარ ჩარჩოებში, რომლის დაზიანებაც შეუძლებელი იყო. თითქმის ერთი მილის მანძილზე ნათლად მოჩანდა ზღვის სივრცე.
დიდებული სანახაობა იყო!
ვის კალამს შეუძლია აღწეროს ეს სურათი!
ზღვის წყალი რომ გამჭვირვალეა, ყველამ იცის, მისი სიკამკამეც მთის წყაროსას აღემატება. ოკეანის ზოგიერთ ადგილას, მაგალითად ანტალიის კუნძულებთან, ისეთი გამჭვირვალე და კამკამაა წყალი, რომ 145 მეტრის სიღრმეზე ნათლად მოჩანს ზღვის ფსკერი. ამ ადგილებში მზის სხივი 300 მეტრის სიღრმეში აღწევს. მაგრამ აქ, სადაც ამჟამად “ნაუტილუსი” მიცურავდა, ელექტრონული სინათლე წყალსაც კი გასჯდოოდა და ისე ჩანდა, სინათლით გაკაშკაშებული წყალი კი არა, თითქოს ელვარე სითხეაო.
გვეჩვენებოდა, “ნაუტილუსი” არიძვროდა. არსად ჩანდა რაიმე უძრავი წერტილი, რომლის მიხედვითაც საგრძნობი გამხდარიყო გემის მოძრაობა.
მაგრამ დროდადრო გემის ცხვირით გკვნეტილი წყლის ნაკადი გასაოცარი სისწრაფით მისრიალებდა ჩვენ თვალწინ.
ფანჯრის დირეზე დაყრდნობილნი, მოჯადოებულნი და აღტაცებულნი უსიტყვოდ გავცქეროდით ამ სანახაობას, სანამ სიჩუმე კონსეიმ არ დაარღვია.
– ნედ, წეღან ნატრობდით გენახათ რაიმე და აი, ხედავთ კიდეც!
– საგულისხმოა! საუცხოო თვალის სეირია! – უპასუხა ნედმა. მას უკვე დავიწყებოდა თავისი მრისხანება, გაპარვის გეგმა დ გამოუთქმელ აღტაცებას მისცემოდა, – უნდა გამოგიტყდეთ, რომ ღირს ადამიანი საგანგებოდ მოვიდეს აქ, რომ ამ სანახაობას უცქიროს!
– აა! – წამოვიძახე მე, – ახლა კი მივხვდი ამ უცნაური ადამიანის ცხოვრების მიზანს! მას თავისთვის შეუქმნია განცალკევებული სამყარო, რომელიც თვალწინ გადაუშლის დაფარულ საოცრებას, მომაჯადოებელ სურათებს…
– თევზები სადღაა? – შენიშნა კანადელმა, – მე აქ თევზებს ვერ ვხედავ!
– რას ბრძანებ, მეგობარო ნედ, – უპასუხა კონსეიმ, – თქვენ იმათ ვერ ამჩნევთ, იმიტომ, რომ არ იცნობთ.
– უკაცრავად, ძმობილო, მე მებადური გახლავართ, – უპასუხა ნედ ლენდმა.
და ორი მეგობარი ერთმანეთს შეეკამათა, ორივე მცოდნენ იყვნენ თევზებისა, მაგრამ თავისებურად.
– მეგობარო, ნედ, – უპასუხა კონსეიმ, – თქვენ ხოცავთ თევზებს, ბევრი საინტერესო ცხოველი გაინახავთ, მაგრამ სანაძლეო დავდოთ, თუ თქვენ იცოდეთ მათი კლასიფიკაცია! ერთი ეს მიბრძანეთ, იცით თუ არა, რა განსხვავებაა ძვლოვან და ხერხემლიან თევზებს შორის?
– როგორ არ ვიცი!
– ეს კი აღარ ვიცი, კონსეი.
– მაშ, მომისმინე, მეგობარო და დაიხსომე: ძვლიანი თევზები ექვს რიგად იყოფა: ფრთაეკალა, რომლებსაც ზედა ყბა მთლიანი აქვს, მოძრავი, ლაყუჩები კი – სავარცხელა. ამ ჯგუფში თხუთმეტიოდე ჯიშია, ეს იგი, ცნობილი თევზების ერთი მესამედი. ეს არის ჩვეულებრივი ქორჭილას ტიპის თევზები.
– თანაც, ძალიან გემრიელია! – შენიშნა ნედ ლენდმა.
– მეორე, – განაგრძო კონსეიმ, – მუცელფრთიანა, რომლებსაც ფარფლი ანუ ფრთები მუცელზე აქვთ, მკერდის ფარფლის უკან და თანაც მხრის ძვლებზე მიმაგრებული. მათ რიცხვს ეკუთვნის უმეტესი ნაწილი მდორე მდინარის თევზების, როგორიც არის, მაგალითად, კეფალი, ქარიყლაპია.
– ფუ! – აიმრიზა კანადელი, – ბლანტი წყლის თევზები! უგემურია!
– მესამე, – არ ცხრებოდა კონსეი, – ყელფრთიანი თევზებია. ისინი ოთხი ჯიშისაა – ტაბაკა, ლავაშა…
– დიდებულია! მშვენიერია! – წამოიძახა მებარჯემ, რომელიც თევზებს გემოვნების მიხედვით ახარისხებდა.
– მეოთხე, – განაგრძობდა კონსეი, – მუცელტიტველა და წაგრძელებული, რომელთაც მუცელზე ფარფლები არა აქვთ. მათი კანი მკვრივია და ლორწოვანი. ამ ჯიშს ეკუთვნის გველანა და გიმნოტი.
– ბევრი არაფერია! საშუალო თევზია! – ჩაურთო ნედ ლენდმა.
– მეხუთე, – განაგრძობდა კონსეი, – ძვალლაყუჩა. მათ აქვთ მთლიანი ყბები, მაგრამ ლაყუჩები ორ წყებად ჩასდევთ და არც ფრთები ასხიათ მუცელზე. ეს ჯიში ორი გვარისაა: გიპოკამბი და მთვარეთევზა.
– ეგენი მხოლოდ ბადის გასაფუჭებლად გამოდგება, – წამოიძახა კანადელმა.
– ხომ მიხვდით, მეგობარო ნედ?- დაეკითხა მეცნიერი კონსეი.
– ვერაფერსაც ვერ მივხვდი, ძმობილო კონსეი, – უპასუხა მებარჯემ, – მაგრამ განაგრძეთ, გეთაყვა, რადგანაც თქვენი ლაპარაკით მოვიხიბლე.
– რაც შეეხება კანკატელინ თევზებს, ისენი სამი რიგისაა.
– მით უკეთესი! – ჩაუღო ნედმა.
– მეგობარო ნედ, – უპასუხა კონსეიმ, – როდესაც ყოველივე ეს იცით, თქვენ ამავე დროს, არაფერი არ იცით, რადგანაც თითოეული ჯიში იყოფა კლასებად, გვარებად, სახეებად და ა.შ.
– რა მშვენიერია, მეგობარო კონსეი! – სიტყვა გააწყვეტინა მებარჯემ და ფანჯარას მიუახლოვდა, – აბა, უცქირეთ, რა სხვადასხვაგვარი თევზი ცურავს ჩვენ თვალწინ.
– მართლაც, ეს თევზები, – შესძახა კონსეიმ, – თითქოს უზარმაზარი აკვარიუმის წინ ვიდეგით!
– არა, – ვუპასუხე მე, – აკვარიუმი ხომ გალიაა, აქ კი ეს თევზები ისევე თავისუფლად ნავარდობენ, როგორც ცაში ფრინველები.
– მეგობარო კონსეი, მითხრით, რომელი რა თევზია? – შეეხვეწა ნედ ლენდი.
– მე იმდენად მცოდნე არა ვარ, – უპასუხა კონსეიმ, – აგერ, ჩემს მასწავლებელს მიმართეთ.
მართლაც, კონსეიმ თუმცა კლასიფიკაცია იცოდა, მაგრამ ნატურალისტი არ იყო და ძნელი სათქმელია, გაარჩევდა თუ არა მურწას კალმახისაგან.
– ეგ არის ბალისტი, – ვუთხარი მე.
– ჩინური რიქნზურგა, – თავისებურად განმარტა ნედ ლენდმა.
– ბალისტი მაგრკანიანია, მაგარყბება, – ჩაილაპარაკა კონსეიმ.
ნედ ლენდი და კონსეი რომ შეგვერერთებინა, უეჭველია, ჩინებულ ნატურალისტს მივიღებდით.
კანადელმა მართალი თქვა, გაბრტყელებული, ზურგი მახათივით ამოზიდულ სარქენიან ბალისტები დაცურავდნენ ჩვენ თვალწინ. მათ შორის ერია სკაროსები. უსაზღვრო აღტაცებასი მოვედი, როდესაც მატ შორის შევამჩნიე ჩინური სკაროსი, ზემოდა მოყვითალო, ხოლო მუცელზე ციაგი ვარდისფერი გადაჰკრავდა, თვალებთანსამი ნემსივით სარქენი ჰქონდა. ეს იშვიათი ჯიშის თევზია და საეჭოდაც კი მიაჩნდათ მისი არსებობა.
მთელი ორი საათის განმავლობაში “ნაუტილუსს” მოაცილებდა ზღვის ლაშქარი.
თვალი მოვკარი წყვილზოლა სავ ბარბერინოს, იაპონურ სკუმბრიას, საუცხოო ცისფერ მოკრელებს.
უსაზღვრო იყო ჩვენი აღტაცება: განცვიფრების წამოძახილი არ შეწყვეტილა. ნედი თითოეული თევზის სახელს ამბობდა, კონსეი კლასიფიკაციას უკეთებდა. მე კი აღტაცებასი მოვდიოდი მატი სწრაფი სრიალითდა სხვადასხვანაირი მოყვანილობით. ჩემს დღეშ არ მენახა არც ერთი მათგანი ასეთი თავისუფალი, თავის მშობლიურ გარემოში.
არ ჩამოვთვლი იმ ნაირ-ნაირ სახეობებს, რაც კი ჩვენ თვალწინ სრიალებდა. თევზების ქარავანი ისე მჭიდროდ ჯგუფდებოდა, რომ ფრინველთა გუნდსაც სჭარბობდა. ალბათ “ნაუტილუსის” ელექტროსინათლე თუ იზიდავდა მათ. უცებ დარბაზი განათდა. რკინს კედლები დაიკეტა, სათვალთმაქცო წარმოდგენა ერთ წუთს გაქრა, მაგრამ ჯერ კიდევ დიდხანს მედგა თვალწინ, სანამ კედლებზე ჩამოკიდებულ ხელსაწყოებს არ მივაპყარი მზერა. მე მოველოდი კაპიტან ნემოს, ის არსად ჩანდა, საღამოს 5 საათი იყო.
ნედი და კონსეი თავიანთ კაიუტებში წავიდნენ, მე კი ჩემს ოთახში სადილი მელოდა. ჩინებული სადილი იყო: ზღვის კუს უნაზესი წვნიანი, ტარაღანის ჩახოხბილი და ზღარბა თევზის შემწვარი ნაჭერი, რომელიც ორაგულზე უფრო გემრიელი მეჩვენა.
საღამოს ვკითხულობდი, ვწერდი, ფიქრებში გავერთე, მერე სასთუმალთან მივედე თავი და დამეძინა.

თავი XX
წერილობითი მიპატიჟება

მეორე დღეს, 9 ნოემბერს, თორმეტი საათის ძილის შემდეგ გამომეღვიძა.
კონსეი ჩვეულებისამებრ ჩემთან შემოვიდა და მეკითხება, – ღამე როგორ გაატარეთო. ძალიან მაფიქრებდა ის გარემოება, რომ კაპიტანი ნემო აღარსად გამოჩნდა გუშინ საღამოს შემდეგ.
კონსეიმ მომიტანა “ბისუსის” ტანისამოსი, თან მეკითხებოდა, ასეთი ფაფუკი რისგანაა მოქსოვილიო.
– ეს მოქსოვილია იმ ელვარე აბრეშუმის მსგავსი ქსოვილისაგან, რომლითაც პაწია, ბუსუსა ნიჟარები კლდეებზე ეწებებიან. ასეთი ნიჟარა აუარებელია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე. წინათ ამისაგან ამზადებდნენ მშვენიერ ქსოვილებს, ქალის წინდებს.
ალბათ “ნაუტილუსის” ეკიპაჟს ბევრი არ ეხარჯება ჩაცმა-დახურვაზე, არც ბამბა სჭირდებოდა, არც მატყლი, არც აბრეშუმი.
გამოვეწყვე და დიდი დრბაზისკენ გავეშურე. იქ არავინ დამხვდა.
შუშაბანდიან კარადებში მოთავსებულ განძეულობას ვათვალიერებდი. გადავსინჯე უშველებელი ჰერბარიუმი, რომელიც სავსე იყო მეტად იშვიათი ზღვის მცენარეულობით; ისე ოსტატურად გაეხმოთ, რომ ბუნებრივი ფერი არ შეცვლოდა.
ეს დღეც გავიდა, მაგრამ კაპიტანი ნემო არ გამოჩენილა. დარბაზში შემოსასვლელი გვერდითი კარი არა და არ გაიღო.
“ნაუტილუსს” გეზი არ შეუცვლია. აღმოსავლეთ-ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ მიცურავდა საათში 12 მილის სიჩქარით 50-60 მეტრის სიღრმეზე.
მეორე დღესაც, 10 ნოემბერს არავინ გამოჩნდა. ნედი და კონსეი თითქმის სულ ჩემთან იყვნენ. ძალიან უკვირდათ კაპიტნის გაუჩინარება. მაგრამ კონსეის თქმისა არ იყოს, ჩვენ სრული თავისუფლებით ვსარგებლობდით, საუცხოოდ ვიკვებებოდით, ეტყობოდა, ჩვენი ბატონ-პატრონი თავის სიტყვას ასრულებდა.
იმ დღიდან ჩემი თავგადასავის წერას შევუდექი. ზღვის მცენარეებისაგან დამზადებულ ქაღალდზე ვწერდი.
11 ნოემბერს, სისხამ დილით, “ნაუტილუსში” გრილმა სიომ დაბერა. მაშინვე მივხვდი, რომ ზღვის ზედაპირზე ვიყავით ჟანგბადის გასაახლებლად.
ბაქანზე ავედი, ხუთი საათი იქნებოდა, ღრუბლიანი ამინდი იდგა. ზღვას ლეგა ფერი დაჰკრავდა და მიყუჩებულიყო.
– ნუთუ კაპიტანი ნემო არც დღეს გამოჩნდება? – ვფიქრობდი ჩემთვის, მაგრამ ვერავის ვხედავდი შუშაბანდში მჯდომარე მესაჭის გარდა.
კანჯოს ნაპირზე ჩამოვჯექი და ხარბად ვსუნთქავდი ზღვისსიოს.
მზის სხივების ნისლის ზეწარი თანდათან გააუფერულდა, ბურუსი გაფანტა და ბრყწინვალე მზე ჰორიზონტზე ამოვიდა. ზღვა ცეცხლის ალივით ალაპლაპდა.
გაბნეული ღრუბლის ქულები ატასფრად ღუოდა.
ეს ფთილებად მიბნეული ღბულის ქულები (ან მეზღვაურების თქმით, “კატის ენები”), ქარიშხლის წინამორბედი იყო.
მაგრამ რას წარმოადგენდა “ნაუტილუსისთვის” ქარიშხალი, როდესაც ქარტეხილისაც არ ეშინია?
ცხოველმყოფელი და გამახალისებელი მზის ამოსვლით ვტკვებოდი, როდესაც ფეხის ხმა მომესმა. ბაქანზე ვიღაც ამოდიოდა.
კაპიტან ნემოს მისასალმებლად მოვემზადე, მაგრამ ის არ აღმოჩნდა. ეს იყო მისი თანამშემწე, რომელსაც დღეს პირველად ვხედავდი.
ბაქანზე ამოვიდა და თითქოს არც კი შევუმჩნევივარ, თვალზე მიიდო ჭოგრიტი და გულდასმით დაზვერა ჰორიზონტის თითოეული წერტილი. როცა დაათვალიერებას მორჩა, ჩემთვის გაუგებარ ენაზე ქვემოთ რაღაც ჩასძახა და ისევ ძირს ჩავიდა.
ვიფიქრე, ალბათ “ნაუტილუსი” სიღრმეში აპირებს ჩაშვებას-მეთქი და ჩემს ოთახში დავბრუნდი.
ასე განვლო ხუთმა დღემ. ყოველ დილას ავდიოდი ბაქანზე, იგივე კაცი ამოდიოდა და იმავე ფრაზას იმეორებდა, კაპიტანი კი არსად ჩანდა. მისი ნახვის იმედი გადამეწურა და ბედს დავმორჩილდი.
მაგრამ 16 ნოემბერს, როდესაც მე, ნედ ლენდი და კონსეი ოთახში ერთად დავბრუნდით, მაგიდაზე წერილი დამხვდა ჩემს სახელზე. სასწრაფოდ გავხსენი.
გარკვეული და ლამაზი ხელით იყო ნაწერი. ცოტათი გერმანულ ხელს წააგავდა. შიგ ეწერა:
“პროფესორ არონაკსს, ნაუტილუსის გემზე”
16 ნოემბერი, 1867 წ.
კაპიტანი ნემო ეპატიჟება პროფესორ არონაკსს სანადიროდ. ნადირობა მოეწყობა ხვალ, კრესპოს კუნძულის ტყეში. მას იმედი აქვს, რომ პროფესორს არაფერი შეუშლის ხელს ამ ნადირობაში მონაწილეობის მისაღებად. კაპიტანი იმედოვნებს, რომ პროფესორს მისი ამხანაგებიც გაჰყვებიან.
კაპიტანი ნემო.

თავი XXI
კაპიტნის განმარტება

– ნადირობა! – წამოიძახა ნედმა.
– ისიც ტყეში, კრესპოს კუნძულზე! – დაურთო კონსეიმ.
– მაშ, ხმელეთზე გადავალთ?! – განცვიფრებით თქვა ნედ ლენდმა.
– მგონია, ცხადად არის ნათქვამი, – დავუმატე მე და წერილი ხელმეორედ გადავიკითხე.
– რა თქმა უნდა, თანახმა ვართ! – გადაწყვიტა ნედმა.
– ერთი მიწაზე დაგვაკარებინა ფეხი და მერე ჩვენ ვიცით… ესეც არ იყოს, ცოცხალი ნადირის ხორცი მომენატრა.
აღარ გამოვეკიდე იმის გამოკვლევას, თუ ხმელეთისადმი კაპიტნის მძულვარებას როგორ შეეფერებოდა სანადიროდ მიპატიჟება ტყეში და ვუპასუხე:
– ჯერ ვნახოთ, რა კუნძულია ეს კრესპო.
რუკას დავაცქერდი. 32°40´ ჩრდილოეთ განედის 167°50´ დასავლეთის გრძედზე ვიპოვე პაწაწინა კუნძული, რომლისთვისაც 1801 წელს მიუგნიათ. ძველისძველ ესპანურ რუკებზე ეს კუნძული აღნიშნული იყო რაკა-დელა-პლატას (“ვერცხლის ფრიალო”) სახელწოდებით.
ამჟამად ამ ადგილიდან 180 მილის მანძილზე ვიმყოფებოდით. ამ დღეებში 1800 მილი გამოგვევლო. “ნაუტილუსმა” ოდნავ იცვალა გეზი და სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ იბრუნა პირი.
დავანახე ამხანაგებს ეს პატარა, ფრიალო კლდე, რომელიც წყნარი ოკეანის წყლებში იკარგებოდა.
– თუ კაპიტანი ოდესმე გადადის ხმელეთზე, – ვთქვი მე, – სიმართლე უნდა ითქვას, ძალზე უდაბურ ადგილებს ირჩევს.
ნედ ლენდმა უსიტყვოდ დაიქნია თავი და კონსეისთან ერთად ოთახიდან გავდა.
დამუნჯებულმა და უშფოთველმა მოსამსახურემ ვახშამი შემოიტანა. იმ ღამეს აფორიაქებული დავწექი.
მეორე დღეს, 17 ნოემბერს, გაღვიძებისას ვიგრძენი, რომ “ნაუტილუსი” უძრავად იდგა. საჩქაროდ ჩავიცვი და დიდ დარბაზში გამოვედი.
თურმე კაპიტანი მელოდა, მომესალმა და მკითხა, თანახმა ხართ თუ არა სანადიროდ წამოსვლაზეო.
რადგანაც იმ რვა დღის შესახებ არაფერი მითხრა, რაც ერთმანეთი არ გვინახავს, მეც აღარ მიკითხავს და ვუპასუხე, მე და ჩემი ამხანაგები მზად ვართ, გეახლოთ-მეთქი.
– მხოლოდ ნება მიბოძეთ, კაპიტანო, ერთი კითხვა დაგისვათ.
– პროფესორო არონაკს, სიამოვნებით გიპსუხებთ.
– კაპიტანო, თქვენ ხომ ყოველივე კავშირი გაწყვეტილი გაქვთ ხმელეთთან. მაშ, როგორ ინადირებთ კრესპოს კუნძულის ტყეში?
-პროფესორო, ამ ტყეს არც მზის სინათლე სჭირდება და არც სითბო. იქ არ ბოგინობს არც ერთი ოთხფეხა არსება – არც ლომი, არც აფთარი, არც ვეფხვი. ჩემს გარდა ის ტყე არავინ იცის… ეს ტყე საკუთრივ ჩემთვის იზრდება წყალქვეშ და
არა ხმელეთზე.
– წყალქვეშ?!
– დიახ პროფესორო.
– მერე იქ მეპატიჟებით?!
– დიახ.
– ფეხით?!
– ფეხით, ისე, რომ ფეხსაც არ დაისველებთ.
– სანადიროდ?!
– დიხ, სანადიროდ.
– თოფით?
– თოფით.
“ნაუტილუსის” კაპიტანს ეჭვით მივაშტერდი.
“თუ გადაირია! ნამდვილად გადარეულა! – გავიფიქრე გულში, – ალბათ ამ რვა დღის განმავლობაში სიგიჟემ მოუარა და ჯერაც გონს ვერ მოსულა, საწყალი! სჯობს უცნაური იყო ადამიანი, ვიდრე გამოთაყვანებული”.
ეს ფიქრები, ალბათ, აშკარად აღიბეჭდა ჩემს სახეზე, მაგრამ კაპიტანმა ნემომ თითქოს არც კი შეიმჩნია და მთხოვა თან გავყოლოდი.
ბედ დავმორჩილდი და გავყევი, სასადილო ოთახში შევდით. საუზმე გამზადებული დაგვხვდა.
– პროფესორო არონაკს, – მითხრა კაპიტანმა, – დამეწვიეთ. ამავე დროს ვისაუბრებთ კიდეც. მართალია, ტყეში სასეირნოდ გეპატიჟებით, მაგრამ ვერ დაგპირდებით, რომ იქ რესტორნები დაგვხვდეს.
საუზმედ გვქონდა სხვადსხვა თევზეული, ზღვის გოგრა, ზღვის მცენარეულობით შეზავებული. სასმელად გვქონდა სუფთა წყალი, რომელშიც კაპიტნის მიმბაძველობით რამდენიმე წვეთი სპირტიანი სასმელი ჩავაწვეთეთ. ეს სასმელი ზღვის მცენარეულობისაგან იყო დამზადებული კამჩატკელთა წესისამებრ.
კაპიტანი ჯერ ჩუმად საუზმობდა, მერე დამელაპარაკა;
– პროფესორო, როდესაც სანადიროდ კრესპოს ტყეში წამოსვლა შემოგთავაზეთ, თქვენ ალბათ გაიფიქრეთ, რომ მე ვეწინააღმდეგები ჩემს თავს; როდესაც მოგახსენეთ, წყალქვეშა ტყეში გეპატიჟებით-მეთქი, თქვენ გადარეულად ჩამთვალეთ, არასოდეს უნდა იფიქროთ ადამიანზე ზერელედ!
– კაპიტანო, დამერწმუნეთ, რომ…
– კეთილი ინებეთ და მომისმინეთ, პროფესორო და ნახავთ, გქონდათ თუ არა უფლება, სიგიჟე დაგეწამებინათ ჩემთვის.
– გისმენთ.
– პროფესორო, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ადამიანს შეუძლია წყალში გაძლება, თუ საკმარისად მოიმარაგებს ჟანგბადს. წყალგაუვალ ტანისამოსში გამოწყობილი წყალქვეშ მომუშავე ადამიანი თავზე ლითონის ზუჩს იხურავს და ჰაერს ტუმბოს საშუალებით იღებს. ზუჩში მოთავსებული რეგულატორით გამოყენებული ჰაერის უვარგისი ნაწილს უკანვე აბრუნებს.
– მაგ აპარატს სკაფანდარი ჰქვია, – ჩავურთე მე.
– დიახ, მაგრამ ამ პირობებში ადამიანის თავისუფალი მოძრაობა შეზღუდულია, რადგანაც მიბმულია ტუმბოზე, რომელიც მას კაუჩუკის მილის საშუალებით ჰაერს აწვდის. ეს ნამდვილი ჯაჭვია, რომელიც მიწისკენ ეზიდება მას და ჩვენც რომ ასე მივეჯაჭვოტ “ნაუტილუსს”, მაშინ შორს ვერ წავალთ.
– მერე განა თავისუფალი მოძრაობის საშუალება არ არის?
– გახლავთ! უნდა მოიხმაროთ ორი თქვენი თანამემამულის მიერ გამოგონილი “რუკეიროლ-დენეირუზი”, რომელიც მე გავაუმჯობესე ჩემთვის გამოსაყენებლად. ასეთი მოწყობილობა თუ გაქვთ, უხიფათოდ შეგიძლიათ ზღვის ფსკერზე მოგზაურობა. ეს არის რკინის რეზერვუარი, რომელშიც ორმოცდაათი ატმოსფეროს წნევით ვათავსებ შეკუმშულ ჰაერს. ამ აპარატში ორი ტუმბოა გამოშვერილი. ტუმბოები ეფარება პირსა და ცხვირს. ერთიდან ჩაისუნთქავ, მეორით ამოისინთქავთ. თავზე კი ისეთივე ლითონს ვიხურავთ, როგორსაც წყალქვეშა მყვინთავები. ამ ლითონის ბუშტში ორი მილია – შესასუნთქი და ამოსასუნთქი.
– ჩინებულია, კაპიტანო, მაგრამ ჰაერის მარაგი, რომელიც შეკუმშული სახით თან გაქვთ, ხომ გამოუსადეგარი ხდება?
– სრული სიმართლეა, მაგრამ აკი მოგახსენეთ, პროფესორო არონას, რომ “ნაუტილუსის” ტუმბოები საშუალებას მაძლევს აპარატის რეზერვუარი გავავსო ხოლმე 6-10 საათის განმავლობაში საჭირო ჰაერით.
– ვეღარ შეგედავებით, ოღონდ ისიც მიბრძანეთ, ზღვის ფსკერზე გზას როგორ იკვლევთ?
– რუმკორფის აპარატით, პროფესორო. იგი შედგება ბუნზენის ელემენტისაგან, რომელსაც ნატრიუმით ვავსებ, ზღვაში კი ნატრიუმი უხვადაა. ინდუქციური კოჭი ელექტროენერგიას აგროვებს და სანათურისკენ მიმართავს. სანათურში ჩაშვებულია ნახშირმჟავას გაზით გატენილი შუშის მილი. როდესაც აპარატი მოქმედებს, ეს გაზი ენთება და განუწყვეტლივ გამოსცემს მოთეთრო ალს.
– კაპიტანო, თქვენმა განმარტებამ მთლად დაამსხვრია ჩემი მოსაზრებანი, ეჭვის შეტანა აღარ შემიძლია. დარწმუნებული ვარ რუკიროლისა და რუმკორფის აპარატების სანდოობაში, რომელითაც გსურთ შემაიარაღოთ.
– ამ თოფს დენთი როდი სჭირდება, – მიპასუხა კაპიტანმა.
– მაშ, როგორ? ჰაერით იტენება?
– რა თქმა უნდა. აქ საიდან გავაჩენ თოფის წამალს, როდესაც ჩემს გემზე არ არის არც ნამცეცი გვარჯილა, არც გოგირდი, არც ნახშირი.
– წყალი ხომ რვაასორმოცდათჯერ უფრო მკვრივია, ვიდრე ჰაერი და ნიშანში სრულისას დიდი წინააღმდეგობის დაძლევაა საჭირო.
– ეს გარემოება არ მაბრკოლებს. არსებობს ინგლისელთა მიერ გაუმჯობესებული ზარბაზნები, რომელთაც სხვაგვარი მოყვანილობის ლულა აქვთ და ახერხებენ სროლას. მაგრამ რადგანაც დენთი არა მაქვს, მის მაგივრად ვხმარობ ჰაერს, რომელსაც “ნაუტილუსი” განუწყვეტლივ მაწვდის.
– მერე ეს ჰაერი სწრაფად იხარჯება?
– ესეც არის. მაგრამ ხომ მაქვს სათადარიგო აუზები, რომელშიც საჭიროების დროს მაწვდიან ჰაერს. საკმარისია მხოლოდ ონკანს დავადო თითი. მაგრამ თვითონაც ნახავთ, პროფესორო არონაკს, რომ ამ ნადირობაში ჰაერი და ტყვია ბევრი არ იხარჯება.
– მე მგონია, იმ ნახევრად სიბნელეში და იმ მკვრივ სითხეში შორს სროლა შეუძლებელი უნდა იყოს და იშვიათად თუა მომაკვდინებელი.
– პირიქით, პროფესორო, პირიქით! ამ თოფითნასროლი ტყვია, რაც უნდა მსუბუქად დაიჭრას ცხოველი, უსათუოდ მომაკვდინებელია, როგორ მეხი.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ეს ჩვეულებრივი ტყვიები როდია. ეს არის შუშის აბები. აბებს ფოლდი და ტყვია აქვს გადაკრული. ეს ლეიდენის პაწია კოლოფებია, რომლებშიც არის მაღალი ძაბვის ელექტრული მუხტი, ოდნავ დაჯახებაზე სკდება და რაც უნდა ძლიერი ცხოველი იყოს, სულს აფრთხობინებს. აბები დიდრონი არ არის, თითო გატენაზე ათიოდე ცალი ჰყოფნის.
– საკამათო აღარაფერი მაქვს, კაპიტანო. ისღა დამრჩენია, თოფი ავიროთ და გამოგყვეთ.
კაპიტანმაგემის წინა ნაწილისკენ გამიყოლა. ნედისა და კონსეის კაიუტის წინ გავიარე, მათაც ვუხმეთ და ისინიც გამოგვყვნენ.
სამანქანო განყოფილების გვერდითა ოთახში შევედით, სადაც სანადიროდ უნდა აღვჭურვილიყავით.

თავი XXII
სეირნობა ოკეანის ველზე

ეს ოთახი ნამდვილი არსენალი იყო “ნატულიუსისა”. კედლებზე თორმეტიოდე სკაფანდრი ეკიდა.
ნედ ლენდმა ვერ გაბედა სკაფანდრის ჩაცმა.
– ჩემო გულადო მეგობარო, ნედ, – ვუთხარი მე, – კრესპოს კუნძულის ტყეები წყალქვეშ ყოფილა…
– ერიჰაა! – წაიბურტყუნა ნედმა ნაღვლიანად, – მერე, პროფესორო, თქვენ აპირებთ ამის ჩცმას?… ეგეც შენი ახალი ნადირის ხორცი!
– მეტი რა გზაა, უნდა ჩავიცვა! აუცილებელია!
– ნება თქვენია! – მიპასუხა ნედმა და მხრები აიჩეჩა, – მე კი მაგას თავის დღეში არ ჩავიცვამ, თუ ძალით არ ჩამაცვეს.
– ძალად არავინ ჩაგაცმევთ, ბატონო ნედ, – უპასუხა კაპიტანმა ნემომ.
– ნუთუ კონეიც აპირებს წამოსვლას? – იკითხა ნედმა.
– მე ყველგან თან ვახლავარ პროფესორს, – უპასუხა კონსეიმ.
კაპიტნის ძახილზე ორი მეზღვაური შემოვიდა და მოგვეშველა წყალგაუმტარი ტანისამოსის ჩაცმაში. სამოსი უნაკერო კაუჩუკისა იყო და თანაც ისეთი, დიდ წნევას რომ გაუძლებდა. ეს იყო შარვალი და ქურთუკი. შარვალი ტყავისძირიანი მძიმე ფეხსაცმლით მთავრდებოდა. ქურთუკი წელთან მიემაგრებინათ სპილენძის ბეგთარზე, რომელიც სხეულს იფარავდა წყლის წნევისაგან და ფილთვებს სუნთქვას უადვილებდა. სახელოები ბოლოვდებოდა ფაფუკი ხელთათმანებით, რომლებიც მოძრაობას სრულებით არ გვიშლიდა.
კაპიტანმა ნემომ, ჰერკულესივით მოყვანილმა მისმ თანამგზავრმა, კონსეიმ და მე საჩქაროდ ჩავიცვით სკაფანდრები. ახლა ლითონის ზუჩში უნდა გამეყო თავი, მაგრამ სანამ ამ ოპრაციას შევასრულებდი, კაპიტანს ვთხოვე, თოფი ეჩვენებინა.
უბრალო თოფი მომაწოდეს, მოზრდილი რკინის კონდახი ჰქონდა, რომელშიაც ცარიელი ადგილი დაეტოვებინათ შეკუმშული ჰაერის რეზერვუარისთვის. ეს ჰაერი თოფის ლულაში მაშინ იჭედებოდა, როდესაც ჩამოშვებული ჩახმახი სწევდა რეზერვუარის სარქველს. კონდახის ტარში გამოკვეთილ ღრუში მოთავსებული იყო ოცტყვიიანი ვაზნა. ტყვიები ზამბარის საშუალებით ავტომატურად შედიოდა თოფის ლულაში, რაწამს ერთი გავარდებოდა, მეორე ტყვია თავისთავად მისრიალებდა.
– კაპიტანო, – მივმართე მე, – საუცხოოა ეს თოფი და ადვილი მოსახმარიც. ძალიან მინდა ჩქარა ვცადო ბედი. მაგრამ ზღვის ფსკერამდე როგორ უნდა ჩავაღწიოთ?
– პროფესორო, “ნატულიუსი” ზღვის ფსკერზეა გაჩერებული, 10 მეტრის სიღრმეზე.
– მერე, აქედან როგორ გავალთ?
– ახლავე ნახავთ, პროფესორო.
კაპიტანმა ზუჩში შეყო თავი, მე და კონსეიც ასე მოვიქეცით.
– ბედნიერი იყოს თქვენი ნადირობა! – დაცინვით მოგვაძახა ნედმა.
ჩვენი ტანსაცმლის სპილენძის საყელოზე მაგრდებოდა ლითონის ზუჩი. ზუჩს სამი მხრიდან ჩასმული ჰქონდა სქელი შუშა, საიდანაც შესაძლებელი იყო ყოველ მხარეს გახედვა და კისრის მობრუნება. რწამს ზუჩი დავიხურე, ზურგზე მოკიდებული შეკუმშული ჰაერის აპარატი ამუშავდ და უზომოდ გამიხარდა, რომ თავისუფლად დავიწყე სუნთქვა. წელზე სანათური მქონდა შემოკრული და ხელში თოფი მეჭირა. უკვე მზად ვიყავი წასასვლელად, მაგრამ გულახდილად უნდა მოგახსენოთ, საგონებელში ჩავვარდი, ამ მძიმე აღჭურვილობით ადგილიდნ როგორ უნდა დავძრულიყავი. თურმე ესეც კი გათვალისწინებული ჰქონდა კაპიტანს: ჩვენ მუჯლუგუნების კვრით მიგვაცურეს და ამ განყოფილების გვერდით მდებარე პაწია ოთახში შეგვრეკეს.
კარი დაიკეტა და უკუნ სიბნელეში დავრჩით.
ორიოდე წუთის შემდეგ გამაყრუებელი სტვანე გაისმა და ფეხებში სიცივე ვიგრძენი. ალბათ, გემის შიგნითა ონკანის საშუალებით გარედან შემოუშვეს წყალი, რომელმაც დაგვფარა ჩვენ და მთელი ოთახი წყლით აავსო. “ნატულიუსის” გვერდითა კედელში დატანებული კარი გაიღო და ბინდბუნდში გავეხვიეთ.
ერთი წუთის შემდეგ ჩვენი ფეხები ზღვის ფსკერს შეეხო.
როგორ აღგიწეროთ ის შთაბეჭდილება, რომელიც ამ წყალქვეშა გასეირნებიდან ჩამრჩა გონებაში! სიტყვები უძლურია და ვერ გადმოგცემთ ყველა საოცრებას. თუკი მხატვრის ყალამსაც არ შეუძლია წყლის სტიქიონის მშვენებანი სავსებით გადმოგვცეს, განა კალმით შეიძლება ამისი აღწერა?
კაპიტანი ნემო წინ მიგვიძღოდა. რამდენიმე ნაბიჯით უკან მისდევდა მისი ამხანაგი. მე და კონსეი გვერდიგვერდ მივდიოდით, თითქოს ერთმანეთთან ლაპარაკი შეგვძლებოდეს ამ ლითონის ზუჩებიდან. ახლა აღარც ტანისამოსი მემძიმებოდა, აღარც ფეხსაცმელი, აღარც შეკუმშული ჰაერის რეზერვუარი. წარმოიდგინეთ, ზუჩიც კი არაფერს მიშლიდა. ამ ნივთებმა წყალში დაკარგეს თავიანთი წონა. დიდად ვუმადლოდი ფიზიკის ამ კანონს, რომელიც არქიმედემ აღმოაჩინა. მოძრაობა თავისუფლად შემეძლო.
მაოცებდა მზის შუქის ძალა, რომელიც აქ ზღვის ზედაპირიდან ოცდაათი ფუტის სიღრმეზე აღწევდა. ასი მეტრის მანძილზე ნათლად ვარჩევდი ყევლაფერს ირგვლივ.
ჯადოსნურად მოჩანდა ცის თხელი ფენა, რომელიც ლურჯად ციალებდა შორს და ტალღების წყვდიადში ინთქმებოდა. ის წყალი, როემლიც ჩვენ გარშემო იყო, იმავე ჰაერს ედარებოდა, თუმცა უფრო სქელი იყო, ვიდრე ხმელეთის ატმოსფერო, მაგრამ ისეთივე გამჭვირვალე. ჩემ გასწვრივ ნათლად ვარჩევდი ზღვის მიწყნარებულ ზედაპირს.
შლამიან ნიდაგზე მივდიოდით. ეს შლამი გლუვი იყო, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ზღვის ნაპირას გვინახავს.
– განა დაიჯერებს ვინმე, რომ ოცდაათი მეტრის სიღრმეზე აქ ისეთივე სინათლეა, როგორიც დედამიწაზე დღისით? – ვფიქრობდი ჩემთვის.
თხუთმეტიოდე წუთის განმავლობაში ფეხით ვთელავდი შლამს, რომელიც ნიჟარების ხელშეუხებელი მტვრით იყო მოფენილი. “ნატულიუსი” მოგრძო წყალქვეშა კლდესავით გვესახებოდა შორიდან და ნელ-ნელა თვალიდან ქრებოდა. მაგრამ მისი შუქურის სინათლე უნდა მოგვშველებოდა უკან დაბრუნებისას, თუ ფსკერზე შემოგვაღამდებოდა.
მალე ნათლად გავარჩიე საგნების კონტურები. ნათლად დავინახე პირელი კლდეების წარმტაცი მოხაზულობა. კლდეები დაფარული იყო მშვენიერი ნაირ-ნაირი ზოოფიტებით. გულის სიღრმემდე მაჯადოებდა ეს ზღაპრული, წარმოუდგენელი გარემო.
დილის 10 საათი იქნებოდა. მზის სხივები ირიბად სცემდა ზღვის ზედაპირს.
ბალახები, კლდეები, ნიჟარები, პოლიპები ცისარტყელასავით შვიდფრად ელვარებდა.
ეს იყო ჯადოსნური, საოცნებო, მომხიბლავი სანახაობა.
აღტაცების ჟრუანტელი მივლიდა. მომენატრა შთაბეჭდილების გაზიარება ამხანაგისთვის, მაგრამ სანანებლად მრჩებოდა, რომ არ შემეზლო კონსეისთან გამოლაპარაკება. შურით ვუცქერდი კაპიტანს, რომელიც თავის ამხანაგს ხელებით ესაუბრებოდა. მერე ჩემს თავს დავუწყე ლაპარაკი. ლითონს ზუჩში გამოვთქვამდი აღტაცებას და უაზროდ ვხარჯავდი ჰაერის მარაგს.
კონსეიც გაშტერებულიყო ამ წარმტაცი სანახაობით.
ჯადოსნური სასწაულები გადაიშალა ჩემ თვალწინ, ერთი მეოთხედი მილის მანძილზე!
მაგრამ აქ დიდხანს არ შემეძლო გაჩერება და ძლივძლივობით მივჩანჩალებდი კაპიტნის უკან, რომელიც ყოველი ჩემი შეჩერების დროს მანიშნებდა, მომყევიო.
ნიადაგი მალე შეიცვალა, შლამის მაგივრად ახლა თიხნარი და კაჟიანი ნიადაგი გვხვდებოდა, ნიჟარების მტვრით დაფარული. გავიარეთ ზღვის მცენარეებით მოფენილი ველი. მცენარეულობა ჯერ კიდევ წყალს არ დაეგლიჯა და მათი მრავალფეროვნება გაოცებას იწვევდა. ეს ზღვის ველი თავისი სიფაფუკით საუკეთესო ხალიჩებს სჯობდა.
მწვანე მოლი გვეფინებოდა ფეხქვეშ. ტივტივით დაცურავდა გრძელი ლენტამცენარეები, ქოლგანა, სოკოს მოყვანილობის, მაროს მსგავსი მცენარა- ცხოველები, წვრილფოთოლა ლავრენციები.
როგორც შევამჩნიე, მწვანე მცენარეულობა უფრო ზღვის ზედაპირს ეფინებოდა, წითელი მცენარეულობა – ზღვის აშუალო სიღრმეს, მოშავო და ყავისფერი კი – ოკეანის ძირითად ფენების ბაღნარს და წალკოტს წარმოადგენდა.
ზოოფიტებში, რომელიც მსოფლიო ფლორის სასწაულს წარმოადგენს, ერია როგორც უზარმაზარი, ასევე პატარა სხეულები. ზოგი ისეთი პაწაწინა იყო, რომ ერთ წვეთ წყალში ათიათასობით დაითვლებოდა; ზოგი კი ისეთი დიდი, მაგალითდ, ფიკუსი, რომლის სიგრძეც ხუთ მეტრამდე აღწევდა.
საათ-ნახევარი იქნებოდა, რაც “ნატულიუსი” დავტოვეთ. შუადღე იყო, რადგანაც მზის სხივები შვეულ ხაზად ეშვებოდა ზღვის ფსკერზე. ფერების ციალი ნელ-ნელა გაქრა, ფირუზისა და საფირონის ელვარება თვალთაგან მოგვეფარა. მივდიოდით გაბედული ნაბიჯით და შორს გაისმოდა ჩვენი ფეხის ხმა.
ფეხის უმცირესი ხმაურიც კი სმენისათვის უჩვეულო სისწარაფით ედებოდა მიდამოს.
წყალი უკეთესი გამტარია ხმაურისა, ვიდრე ჰაერი: ხმა წყალში ერთი ოთხად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ჰაერში.
უცებ ნიადაგი დადაბლდა. სინათლე გათანაბრდა. 100 მეტრის სიღრმეს მივაღწიეთ და 10 ატმოსფეროს წნევას ვუძლებდით. მაგრამ ჩვენი სამოსელი ისე იყო შეფარდბული აქაურობას, რომ ამ წნევას ვერც კი ვგრძნობდი. თავდაპირველად ხელის თითები მეტკინა, მაგრამ მალე გამიარა. დაღლილობას კი სულაც არ ვგრძნობდი, თუმცა უკვე ორი საათი იყო, რაც აქ ვსეირნობდით.
წყალი მოძრაოას მიადვილებდა.
30 მეტრის სიღრმეს რომ მივაღწიეთ, ჯერ კიდევ ვარჩევდი მზის სხივებს, თუმცა ძალზე სუსტად. კაშკაშა სინათლე მოწითალო-ბინდბუნდით შეიცვალა, თითქოსდა დღე-ღამის გაყრის ჟამი დადგაო, მაგრამ ჯერ კიდევ არ გვჭირდებოდა მანათობელი მოწყობილობის ამუშავება.
უცებ კაპიტანი ნემო შედგა, ხელით მანიშნა შავ საგანზე, რომელიც წყლის სივრცეში ისახებოდა.
– უთუოდ ეს არის კრესპოს კუნძული! – გავიფიქრე მე.

თავი XXIII
წყალქვეშა ტყეში

ბოლოს როგორც იქნა, ტყის პირს მივაღწიეთ. უეჭველია, ეს იყო კაპიტან ნემოს უსაზღვრო სამფლობელოს ერთ-ერთი ულამაზესი ადგილთაგანი. კაპიტან ნემოს ეს ტყე თავის საკუთრებად მიაჩნდა. არადა, ვის შეეძლო შესცილებოდა მას ზღვისქევშეთის მამულში? სხვა რომელი უფრო თამამი ადამიანი მოვა აქ ცულით ხელში, დაბურული ტყის გასაჩეხად?
ტყე შედგებოდა დიდრონი ხეებისაგან. როდესაც მათ უზარმაზარ კამარათა ქვეშ გავიარეთ, განცვიფრებული დავრჩი. აქაურობის მსგავსი ჩემს დღეში არაფერი მინახავს. არც ერთი ბალახი, არც ერთი ბუჩქი, არც ერთი ღერო, არც ერთი მცენარე, რომელიც ნიადაგს ფარავდა ერთიანად აზიდულიყო ოკეანის ზედაპირისკენ.
ძაფა-მცენარეულობა, ზღარბისთესვა და მგლისცერცვა, რაც უნდა წვრილი ყოფილიყო, მაინც წელში ამართული იდგა, თითქოს რკინის ღერო აქვსო.
მცენარე-ცხოველები თუ მცურავი მცენარეები შვეულად მოძრაობდნენ, ხელის მიკარებაზე იზნიქებოდნენ, მაგრამ ისევ წელში იმართებოდნენ.
მთელი ეს მცენარეულთა სამეფო ზღვის ფსკერზე იყო მხოლოდ დამაგრებული. არც ერთს ფესვები არ ჰქონდა გადგმული. მათ არ სჭირდებოდათ მასაზრდოებელი წვენი, მათთვის საკმარისი იყო მხოლოდ დასაყრდენი წერტილი. მთელი მათი სიცოცხლე წყალში იყო, წყალი ასულდგმულებდა და ასაზრდოებდა მათ.
პირველი საათი იქნებოდა, როდესაც კაპიტანმა ნემომ გვანიშნა, დავისვენოთო.
უზარმაზარი ფიკუსების ქვეშ წამოვგორდით.
დიდი სიამოვნება მაგრძნობინა ამ დასვენებამ. სანანებლად მეჩვენებოდა, რომ არ შეგვეძლო ერთიმეორისათვის გაგვეზიარებინა ჩვენი შთაბეჭდილებანი.
გაოცებული ვიყავი, რომ ოთხი საათის სიარულმა არ მომაშივა.
რამდენ ხანს მთვლემდა, არ ვიცი, მაგრამ როდესაც გამომეღვიძა, მეჩვენა, თითქოს მზე კარგად გადახრილიყო. კაპიტანი უკვე ფეხზე იდგა, მეც შევიშმუშნე და ერთბაშად ზეზე წამოვიჭერი. რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით უზარმაზარი ზღვის ობობა (ერთი მეტრი სიმაღლისა იქნებოდა) მომჩერებოდა თავისი ელამი თვალებით, თითქოს ეს-ესაა, უნდა მეძგეროსო, მაგრამ კაპიტანის თანაშემწემ თოფის კონდახით იქვე მოკლა. მისი უზარმაზარი ფეხი საშინლად იკრუნჩხებოდა.
ამ შემთხვევამ გამახსენა, რომ ზღვის ჯურღმულებში ამაზე უფრო საშიში ცხოველებიც ბინადრობენ, რომელთაგან ვერც სკაფანდრი დაგიფარავს, ვერც თოფის კონდახი. მეგონა, ამაზე შორს აღარ წავიდოდით, მაგრამ მოვტყუვდი. კაპიტანმა ნემომ კვლავ განაგრძო გზა. ზღვის ფსკერზე უფრო და უფრო ღრმად ვეშვებოდი. უღრმეს ადგილსაც მივაღწიეთ. სამი საათი იქნებოდა, როდესაც მივადექით ვიწრო ველს, რომელიც ორი ფრიალო კლდს შუა მდებარეობდა, 500 მეტრის სიღრმეზე ზღვის ზედაპირიდან.
ჩვენი მოწყობილობის წყალობით90 მეტრით გადავაჭარბეთ იმ საზღვარს, რომელიც ბუნებამ თითქოს დაადგინა ადამიანის წყალქვეშეთში მოგზაურობისათვის.
მე ვთქვი 500 მეტრი, თუმცა ვერავითარი ხელსაწყოთი ამას ვერ გამოვიანგარიშებდი, მაგრამ ვიცოდი, რომ კამკამა ზღვებშიაც კი მზის სხივი ამ მანძილზე ქვემოთ ვეღარ აღწევს. უკუნი სიბნელე ჩამოწვა. ათიოდე ნაბიჯზე ვეღარაფერს ვარჩევდით. ხელების ფათურით მივდიოდი.
უცებ ჩვენ თვალწინ განათდა, აენთო კაშკაშა შქუქი. კაპიტან ნემოს თავისი მანათობელი აპარატი აემუშავებინა. მისი თანამგზავრი და კონსეიც ასევე მოიქცნენ. მეც მათ მაგალითს მივბაძე და ოთხი სანათურით გაშუქებული ზღვის ფსკერი 25 მეტრის რადიუსზე განათდა.
კაპიტანი უფრო და უფრო შედიოდა ტყის სიღრმეში. ტყე თანდათან თხელდებოდა.
ხეები იშვიათად გვხვდებოდა. როგორც დავაკვირდი, მცენარეულობა აღარსად ჩანდა, მაგრამ უამრავი ზოოფიტი, ლორწოვანი მღილები და თევზები ფუსფუსებდნენ და ირეოდნენ ამ მიდამოში.
ოთხი საათი იქნებოდა, როდესაც ჩვენ წინ აღიმართა ბუმბერაზი კლდეები, უზარმაზარი სალი კლდის ფრიალოები, რომლებშიც მოჩანდა ჩაბნელებული მღვიმეები.
ეს იყო კრესპოს კუნძული. ეს იყო დედამიწა!
კაპიტანი ნემო ერთბაშად შედგა. მისმა ხელის ქნევამ ჩვენც შეგვაჩერა. მერე უკან გამოვტრიალდით.
კაპიტანი წინ მიგვიძღოდა და უყოყმანოდ მიიკვლევდა გზას. თუმცა უკან ვბრუნდებოდით, მაგრამ შევატყვე, რომ სულ სხვა გზით მოვდიოდით.
ეს ახალი გზა ძალზე დაქანებული იყო და ძნელად სავალი, თუმცა მალე მიგვიყვანა ზღვის ზედაპირზე.
უცებ დავინახე, რომ კაპიტანმა ნემომ თოფი მოიმარჯვა და აჩარებით დაუმიზნა რაღაც მოძრავ საგანს ბუჩქებში. თოფი გავარდა, გისმა სუსტი სტვენა და მოკლული ცხოველი კაპიტნის თანაშემწემ აიღო.
ეს იყო მშვენიერი ზღვის წავი. ეს ერთადერთი ოთხფეხა ცხოველია, რომელიც ზღვაში ბინადრობს, თუმცაიშვიათად. სიგრძიტ მეტრ-ნახევარი იქნებოდა. მისი ტყავი ზურგიდან ვერცხლისფრად ელვარებდა, ქვემოდა კი მუქი ყავისფერი დაჰკრავდა, ბეწვი წმინდა და ელვარე ჰქონდა. ეს ტყავი 1.000 ფრანკი მაინც ეღირებოდა. კაპიტნის ამხანაგმა ზურგზე მოიგდო წავი და გზა განვაგრძეთ.
ერთ საათს ვიარეთ შლამიან ვკეზე, რომელიც ხშირად ორ მეტრზე იყო ამაღლებული წყლის ზედაპირამდე და მაშინ იქ ვხედავდი ჩვენს ანარეკლს, ოღონდ თავდაყირა. ამ ანარეკლში ყირამალა ისახებოდა ყოველი ჩვენი მოძრაობაც. გადაფრენილი ფრინველების ჩრდილიც კი გარკვევით მოჩანდა ზღვის ზედაპირზე.
აქ გავხვდი იშვიათი სროლის მოწმე. უშველებელფრთებიანი ფრინველი ტრიალით ეშვებოდა ზღვის ზედაპირზე. ჩვენ საკმაოდ მკაფიოდ ვხედავდით მათ მოხაზულობას.
როდესაც ფრინველი რამდენიმე მეტრზე დაუახლოვდა ზღვის ზედაპირს, კაპიტან ნემოს ამხანაგმა დაუმიზნა და ესროლა. ფრინველი მეხივით დაენარცხა წყალზე.
ეს იყო ლამაზი, ონავარი, ალბატროსი, რომელიც თავისი სილამაზით, ზღვის ყველა ფრინველს აღემატება და პარიზის მუზეუმსაც კი დაამშვენებდა. ორ საათს კიდევ ვიარეთ ხან შლამიან ვაკეზე, ხან მცენარეულ ველებზე.
ძნელი სავალი იყო.
შორს თვალი მოვკარი სინათლის ტალღას, რომელიც ნახევარი მილის სიგრძეზე აპობდა წყვდიადს. ეს იყო “ნატულიუსი”. მომენატრა დასვენება, საუზმე და ჯანსაღი ჰაერი, რადგანაც ჩემი აპარატი უკვე საკმარის ჟანგბადს ვეღარ მაწვდიდა.
უცებ ვიღაცამ ძირს დამანარცხა. შევხედ და ვიცანი: კაპიტან ნემოს თავისი სანათური ჩაექრო და ჩემიც ჩააქრო…
არ ვიცოდი, რა მეფიქრა ამ მოულოდნელი თავდასხმის გამო… მაგრამ მალე დავმშვიდდი, როდესაც დავინახე, რომ კაპიტანიც ჩემ გვერდით გულაღმა გაწვა. მალე ყველაფერს მივხვდი.
ჩვენ ვიწექით ზღვის ფსკერზე, ზღვის მცენარეთა ჩრდილქვეშ.
თავი ოდნავ წამოვწიე და დავინახე, რომ ორი უზარმაზარი ონავარი ცხოველი შხუილით მოსრიალებდა და ფოსფორესცირებულ სინათლეს ფენდა. ისე ახლოს ჩაგვიქროლეს, რომ ფრთები გაგვკრეს.
სისხლი გამეყინა: ესენი იყვნენ საზარელი კაციჭამია ნათელთევზები.
ბოლო უშველებელი ჰქონდათ. თვალები – დიდრონი და შუშისმაგვარი; ფოსფორესცირებულ სინათლეს კი ლაყუჩებიდან უშვებდნენ.
ვათვალიერებდი მათ ვერცხლისფერ მუცლებს და უშველებელ ხახას, რომელიც ბასრი კბლიებით ჰქონდათ მოკენჭილი. ვათვალიერებდი მათ არა მეცნიერული თვალსაზრისით, არამედ როგორც განწირული მსხვერპლი.
საბედნიეროდ, ეს ონავარი თევზები კარგად ვერ ხედავენ. თითქმის ზედ გადაგვიქროლეს და თავიანთი ყავისფერი ნიჩაბა ფრთებით შეგვეხნენ, მაგრამ ვერც კი შეგვამჩნიეს.
საფრთხეს გადავურჩით. მათთან შეხვედრა უფრო სახიფათოა, ვიდრე ტყეში ვეფხვთან შეჯახება.
ნახევარი საათის შემდეგ “ნაუტილუსს” მივაღწიეთ.
გარეთა კარში რომ შევედით, კაპტანმა ნემომ დაკეტა იგი. ტუმბოებით ამოქაჩა წყალიდა საფარესო ოთახში გავედით. დაქანცული და ძალაგამოცლილი ძლივს მივლსლასდი ჩემს ოთახამდე.
– სიზმარი იყო ყოველივე თუ ცხადი? – ვფიქრობდი ჩემთვის.

თავი XXIV
წყნარი ოკეანიდან ინდოეთის ოკეანემდე

მეორე დღეს, 18 ნოემბერს, დილით სრულებით გამოშუშებული და დასვენებული წამოვდექი დ ბაქანზე ავედი სწორედ იმ დროს, როდესაც კაპიტნის თანაშემწე თავის ჩვეულებრივ ფრაზას იმეორებდა. ახლა კი მოვისაზრე, რომ ალბათ ეს ფრაზა ეხებოდა ზღვის მდგომარეობას.
არაფერი მოჩანს!
მართლაც, ოკეანე უსაზვრო წყლის უდაბნოს ჰგავდა. არსად არც ერთი იალქანი არ მოჩანდა. კრესპოს კუნძულის მწვერვალებს კი წუხელვე ჩავუარეთ.
ოკეანის დიადი სანახაობით ვტკბებოდი, როდესაც კაპიტანი ნემოც გამოჩნდა.
თითქოს ვერ შემამჩნია და მაშინვე ასტრონომულ დაკვირვებას შეუდგა.
როდესაც დაკვირვებას მორჩა, შუქურის გალიას დაებჯინა და თვალები დაფიქრებით მიაპყრო ოკეანის ზედპირს.
ამ დროს ნასროლი ბადის ამოსათრევად ბაქანზე ამოვიდა თორმეტი მკლავმაგარი, ზორბა, ჩასხმული მეზღვაური. იერით გავრჩიე, რომ ევროპელები იყვნენ, თუმცა სხვადასხვა ეროვნებისა. იყვნენ ირლანდიელები, ფრანგები, რამდენიმე სლავი და ერთიც ბერძენი.
სიტყვაძუნწები იყვნენ და ერთმანეთსაც კი იშვიათად ელაპარაკებოდნენ, თავისებურ, ჩემთვის გაუგებარ ენაზე.
– ამათ ხომ სიტყვას ვერ წამოაცდენინებს ადამიანი! -გავიფიქრე მე.
ბადე ბაქანზე ამოათრიეს. იგი წააგავდა ნორმანდიულ თევზის საჭერს.
მარყუჟებში ჯაჭვგაბმული ბადე ზღვის ფსკერზე ეთრევა და რაც კი ხვდება შიგ იყოლეიბს.
ამ დილით საინტერესო ნიმუშის თევზებიც მოხვდა. ბადე 25 ფუთამდე თევზი ამოჰყვა, ბარაქიანი იყო, მაგრამ გასაოცარი კი არა.
ნასროლ ბადეს რამდენიმე საათს ტოვებენ ზღვაში და ყველაფერი თან მოაქვს, რასაც კი მოედება.
ახლა კი სანოვაგე აღარ შემოგვაკლდება, ეჭვგარეშეა, – გავიფიქრე მე.
თევზაობას მორჩნენ. ჰაერის სათადარიგო აუზი გაივსო. ვფიქრობდი, რომ “ნაუტილუსი” სიღრმეში ჩაეშვებოდა და ჩემი ოთახისკენ დავაპირე წასვლა. უცებ კაპიტანი ჩემკენ მობრუნდა და მითხრა:
– გახედეთ ამ ოკეანეს, პროფესორო, განა მასში სიცოცხლე არ არის?! განა იგი არ გამოთქვამს თავის მრისხანებას და სინაზეს? გუშინ ამასაც ეძინა, როგორც ჩვენ. ახლა კი, წყნარი ღამის შემდეგ, როგორ იღვიძებს!
არც “გამარჯობა”, არც “დილა მშვიდობისა”, გეგონებოდათ, ადრე დაწყებულ საუბარს განაგრძობსო.
– უცქირეთ, – განაგრძო ნემომ, – იგი იღვიძებს მზის სხივების მისალმებაზე! ცოცხლდება,ყოველდღიური ცხოვრებით იწყებს ფეთქვას! რა სასურველი და სახალისოა მისი დაკვირვება! მას აქვს ორგნიზმი, მაჯისცემა, სასიცოცლო ძარღვი, კრუნჩხვა! ოკეანესაც ისეთივე სისხლის მოძრაობა აქვს, როგორიც ცხოველებს.
რა თქმა უნდა, კაპიტან არ მოელოდა ჩემგან რაიმე პასუხს ან წაქეზებას და წამოძახილს – “სწორედ”, “ალბათ”, “მართალს ბრძანებთ”, – რაც ზედმეტად მივიჩნიე. ის უფრო თავისთვის ლაპარაკობდა და თითოელი ფრაზის შემდეგ ხანგრძლივად ჩუმდებოდა.
ეს იყო მისი ხმამაღლა ფიქრი.
– თქვენ პოლუსზე უნდა ნახოთ,რა მომხიბვლელად იყინება წყლის ზედაპირი.
– პოლუსი! – გავიფიქრე მე, – ეს თავზე ხელაღებული ადამიანი, ახლა იქით ხომარ გვიპირებს გაქანებას…
კაპიტანი დუმდადა ერთხანს შესტრფოდა ამ სტიქიას, რომელის გამოკვლევაზეც იყო გადაგებული. მერე განაგრძო:
– აქ და მხოლოდ აქ არის ნამდვილი სიცოცხლე! და მე შესაძლებლად მიმაჩნია ზღვისქვეშა ქალაქების შექმნა, ზღვისქვეშა სახლების აგება, რომლებიც “ნაუტილუსის” მსგავსად, ჰაერის შესასუნთქად ყოველდღე ამოცურდებიან ზედაპირზე – ეს იქნება თავისუფალი ქალაქები! მაგრამ ვინ არის თავდები, რომ რომელიმე დესპოტი იქაც არ…
კაპიტანმა ნემომ თავისი ფრაზა ხელის ჩაქნევით დაამთავრა. ბოლოს, მჭმუნვარე ფიქრების გასაქარვებლად შემეკითხა:
– პროფესორო არონაკს, თქვენ იცით, რა სიღრმისაა ოკეანე?
– ვიცი, კაპიტანო მხოლოდ ის, რასაც უკანასკნელი გაზმოვა იძლევა.
– შეგიძლიათ გამიზიაროთ? თუ დაგვჭირდება, შევამოწმებდით.
– აი, ზოგიერთი ცნობა, – ვუპასუხე მე, – ჩრდილო ატლანტის ოკეანის საშუალო სიღმედ 2000 მეტრია მიჩნეული, ხოლო მის შუაგულ ნაწილში კი – 2500 მეტრი.
უფრო შესამჩნევი სიღრმე აღმოაჩინეს სამხრეთ ატლანტის ოკეანესი განედის 35 გრადუსზე- 12000-14091 მეტრი. საერთოდ კი, ფიქრობენ ოკეანის ფსკერი რომ გაწონასწორებული იყოს, მისი საშუალო სიღრმე იქნებოდა 7000 მეტრი.
– კეთილი, პროფესორო, მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ უფრო სწორედ დავამტკიცდებთ ყოველივეს. – მიპასუხა კაპიტანმა, – რაც შეეხება წყნარ ოკეანის ამ ნაწილს საშუალო სიღმეს, გაგნდობთ, რომ მხოლოდ 4000 მეტრამდეა.
ეს თქვა და კიბეზე დაეშვა. მეც უკან დავედევნე და დიდ დარბაზში წამოვეწიე.
გემის ბორბალი ამუშავდა.

თავი XXV
გულსაკლავი სანახაობა

დღე დღეს მისდევდა, კვირა – კვირას და კაპიტნი იშვიათად თუ გვეჩვენებოდა.
მისი თანაშემწე ყოველდღე აღნიშნავდა გემის მდგომარეობის ადგილს და მე შესაძლებლობა მეძლეოდა, თვალყური მედევნებინა გემის მიმართულებისთვის.
კონსეი და ნედი საათობით ჩემთან იყვნენ. კონსეი უამბობდა ნედს ჩვენი მომხიბვლელი წყალქვეშა ნადირობს ამბავს და კანადელს გული სწყდებოდა, რომ მაშინ ჩვენთან ერთად არ წამოვიდა.
– ნუ სწუხართ, ნედ, – ვანუგეშებდი ხოლმე, – მეორედ რომ წავალთ, მაშინ აინაზღაურებთ ამ დანაკლისს.
თითქმის მუდამდღე რამდენიე საათით გასწევდნენ ხოლმე დარბაზის ფანჯრის დარაბებს და ჩვენ თვალწინ იშლებოდა წყალქვეშა ქვეყნიერების საიდუმლოებანი.
“ნაუტილუსის” უმთავრესი გეზი სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მიემართებოდა. იგი 100-150 მეტრის სიღრმეზე მიცურავდა. მხოლოდ ერთხელ, არ ვიცი, რა შემთხვევის გამო, გემმა 2000 მეტრის სიღრმეს მიაღწია.
26 ნოემბერს, დილის 3 საათზე “ნაუტილუსი” გასცილდა კირჩხიბის ტროპიკს გრძედის 172 გრადუსზე, 27 ნოემბერს ჩაუარა სანდვიჩის კუნძულებს, სადაც 1779 წლის 14 თებერვალს, ცნობილი მოგზაური დედამიწის გარშემო, – კუკი, ველურებმა მოკლეს.
მაშასადამე, ჩვენ უკვე 4860 მილი გვქონდა გავლილი.
ერთხელ, დილით ბაქანზე ყოფნის დროს, ჰავაის არქიპელგის შვიდი კუნძულიდან ორი მილის მანძილზე ერთ-ერთი მათგანი დავინახე. ნათლად გავარჩიე მისი ჩამოკვეთილი კიდეები, მთის გრეხილები, რომლებიც ნაპირს გასწვრივ მისდედა და ცეცხლის მფრქვევი მთები, რომელთაგანაც მუნარეა 5000 მეტრის სიმაღლეზე აზიდულიყო.
აქ ნასროლ ბადეს, სხვათა შორის, მოჰყვა რამდენიმე ნიმუშის ფარშევანგა ზღვის ხავსი, მეტად მოხდენილი, ლამაზი მოყვანილობის ყვავილთევზა საპინი, რომელიც უფრო მეტად წყნარი ოკეანის ამ ნაწილში ბუდობს.
“ნაუტილუსი” სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მიემართებოდა. 1-ელ დეკემბერს ეკვატორ გადასერა გრძედის 142 გრადუსზე.
4 დეკემბერს სწრაფი ცურვის შემდეგ დავინახეთ მარკიზის კუნძულები. სამი ვერსის მანძილზე გავარჩიე ნუკა-გივას ჯგუფის მწვერვალი მარტენი, რომელიც საფრანგეთს ეკუთვნოდა. მე მხოლოდ ტყით შემოსილი მთების მოხაზულობას მოვკარი თვალი, რადგანაც კაპიტან ნემოს არ უყვარდა ხმელეთთან მიახლოება.
იქაც ისროლეს ბადე და შეუდარებელი ნიმუშის თევზები დავიჭირეთ: ლაჟვარდისფერი ფრთიანი და ოქროსბოლოიანი თევზები; იისფერი ღორჯოები, რომლებიც ძალზე გემრიელია; მწვანე მუცელა, ძვალტყავა ლაყუჩებიანი თევზები და მრავალი სხვა.
ამ კუნძულებს “ნაუტილუსი” 5 დეკემბერს გასცდა და 9 დეკებმრამდე 2000-მდე მილი გაიარა. ამ მგზავრობაში შეგვხვდა უცხო, ლორწოვანი და მელნის მომცემი ზღვის ბაჭიის მსგავსი ცხოველები, რომელთაც ფრანგები “რქიანას” უწოდებენ.
9-10 დეკემბერს “ნაუტილუსი” გადაეყარა უთვალავ ქარავანს ღამის პაწია ლორწოვანი ცხოველებისა, რომლებიც მილიონობით დაითვლებოდა. ისინი ზომიერი წყლებიდან თბილი წყლებისაკენ იძროდნენ ლიფსიტებისა და ჭიჭყინების კვალზე. სქელშუშიანი ფანჯრებიდან ვხედავდით, რომ უკუსვლით მიცურავდნენ.
დასდევდნენ და ყლაპავდნენ წვრილმან თევზებს, მათ კი უფრო მოზრდილი თევზები ყლაპავდნენ.
“ნაუტილუსი” თვისი სწრაფი მოძრაობის მიუხედავად, ამ ცხოველთა ურდოში ორ საათს მიცურავდა. ნასროლ ბადეს უთვალავი თევზი მოჰყვა.
ზღვა გულუხვად გვიმასპინძლდებოდა საუცხოო სანახაობით, ნაირნაირად გვიცლიდა თვალის სეირს.
11 დეკემბერს დღისით დიდ დარბაზში ვიყავი კითხვით გართული. ნედი და კონსეი ფანჯრიდან აკვირდებოდა გემის გვერდებიდან განათებულ წყალს.
“ნაუტილუსი” გაჩერებული იყო 1000 მეტრის სიღრმეზე. ოკეანის ამ ნაწილს იშვიათად ეკარებიან დიდრონი თევზები.
სახალისო წიგნს ვკითხულობდი და ვტკბებოდი ავტორის მახვილგონიერებით. უცებ კონსეიმ მოირბინა ჩემთან:
– ბოდიშს ვიხდი, პროფესორო, ერთი წუთით აქეთ მოიხედეთ! – მითხრა მან რაღაც უცნაური კილოთი.
– რა ამბავია? – ვკითხე და ფანჯარას მივუახლოვდი.
– გემი! – შევკივლე უცებ.
– ისიც მოტეხილი ანძებით და მოწყობილობებით! – ჩაურთო კანადელმა.
გულსაკლავ სურათს წარმოადგენდა ზღვის ტალღებში დაღუპული გემი. გულის მომკვლელი უფრო ის იყო, რომ მის გემბანზე ჯერ კიდევ ელაგა თოკებში გახლართული რამდენიმე ადამიანის გვამი… დავითვალე ოთხი მამაკაცი. ერთი ჯერ კიდევ ცოცხალივით ფეხზე იდგა საჭესთან. მოაჯირზე გადმოყუდებულ ქალს ხელში ბავშვი ეჭირა. ახალგაზრდა იყო. “ნაუტილუსის” კაშკაშა სინათლეზე გავარჩიეთ, რომ მის სახეს წყლისგან იერი ჯერ არ შეცვლოდა, სასოწარკვეთილებით მაღლა აეწია ბავშვი. საბრალო ბავშვი კი დედის კისერს ჩაბღაუჭებოდა პაწია თათებით.
საშინელი სანახავი იყო ოთხი მეზღვაური; ისინი გემზე იყვნენ თოკებით მიბმულნი და უკანასკნელ ძალ-ღონეს იკრებდნენ თოკის გასაწყვეტად, იკრუნჩხებოდნენ.
მარტოდმარტო, უძრავად იდგა ჭაღარაშერეული, კეთილშობილი სახის და ნათელი გამომეტყველების მესაჭე, საჭისკენ ხელებგაწვდილი, თითქოს კვლავ მართავდა ამ სამანძიან გემს ოკეანის ფსკერზე.
საზარელ სანახობა იყო! დიდხანს ვუცქირეთ გემს, რომელიც თითქოს მისი დაღუპვის უკანასკნელი წუთების ფოტოგრაფიულ სურათს წარმოადგენდა.
გულს საშინელი ბაგაბუგი გაჰქონდა.
თვალი მოვკარი ცეცხლისთვალებიან ნათელთევზებს. მათ უკვე აეღოთ ადამიანის სუნი. როდესაც “ნაუტილუსმა” ჩაძირულ გემს გარს შემოუარა, წავიკითხე, რომ ზედ ეწერა: “ფლორიდა”.

თავი XXVI
ტორესის სრუტე

1868 წლის 1-ელ იანვარს, დილაადრიან, ჩემთან ბაქანზე ამოვიდა კონსეი.
– პროფესორო, მრავალ ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!
– გმადლობთ, კონსეი, გმდლობ, მაგრამ ერთს კი გკითხავ – რას გულისხმობ “ბედნიერ წელიწადში”? გინდა რომ წელს დასრულდეს ჩვენი პატიმრობა, თუ გსურს ბედნიერი წყალქვეშა მოგზაურობა გაგრძელდეს?
– სწორედ არ ვიცი, რა მოგახსენოთ, პროფესორო, – მიპასუხა კონსეიმ.
– ჩვენ აქ ბევრ წარმტაც მოვლენას ვხვდებით. თითქმის ორი თვე სრულდება და მოწყენილობა არ გვიგვრძვნია. ნათქვამია, უკანასკნელი სასწაული ყველა სასწაულზე მომაჯადოებელიაო. თუკი ამის შემდეგაც ასეთი სასწაულები გველის, მაშინ არ ვიცი, რით გასრულდება… მეორედ ხომ ასეთი შემთხვევა არასდროს მოგვეცემა…
– არასდროს, კონსეი!
– ჩემი აზრით, – განაგრძო კონსეიმ, – ბენდიერი ახალი წელიწადი ის იქნეა, როდესაც ჩვენ ყველაფერს ვნახავტ და ბევრ რამეს შევისწავლით.
– ყველაფრის ნახვას, ჩემო კონსეი, ბევრი დრო უნდა.
– ბოლოს და ბოლოს, პროფესორო, გისურვებთ იმიას, რაც გულით გსურთ.
– გმადლობ, კონსეი, გმადლობ, მაგრამ ნება მომეცი, საახალწლო საჩუქრები სხვა დროისთვის გადავდოთ. ახლა კი, მომეცი შენი ხელი, მაგრად ჩამოგართვა. ამჟამად ამის მეტი არ გამაჩნია რა.
– ეგ ყველაზე ძვირფასი საჩუქარია! – მიპასუხა კონსეიმ და თავისი კაიუტისკენ წავიდა.
2 იანვრამდე უკვე 11 340 მილი გავიარეთ, იაპონიის ზღვის მერე “ნაუტილუსს” გასავლელი ჰქონდა სახიფათო მარჯნის ზღვა ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაპირებზე.
ჩვენი გემი ორიოდე მილის დაშორებით მიცურავდა იმ სახიფათო რიფებთან (წყალქვეშა კლდე), სადაც 1770 წელს მოგზაური კუკის გემები კინაღამ დაიღუპა. ის გემი, რომელზედაც კუკი იმყოფებოდა, კლდეს დაეჯახა და დაღუპვას მხოლოდ იმის წყალობით გადაურჩა, რომ მომსხვრეული მარჯნის ნატეხი გემის ნაპრალში გაიჭედა და წყალი არ შეუშვა.
ძალიან მინდოდა ამ რიფზე მოვხვედრილიყავი. მისი სიგრძე 360 მილს უდრის; მუდამ აზვირთებული ზღვის ტალღები საშინელი ძალით ეხეთქებოდა მას, თითქოს ჭექა-ქუხილიაო, და ქაფიან წინწკლებად ჰაერში იფანტებოდა. მაგრამ ამ დროს “ნაუტილუსმა” დიდ სიღრმეზე ჩაგვაქანა და თვალი ვეღარ მოვკარი მარჯნის ამ მაღალ კლდეებს.
4 იანვარს პაპუაზიის სანაპირო დავინახეთ, კაპიტანმა გადმომცა, რომ ინდოეთის ოკეანეში ტორესის სრუტიტ გავცურავთო.
– ტორესის სრუტით? – შევეკითხე მე.
– დიახ!
მაშინ ჩვენი საუბარი ამაზე შეწყდა.
ნედს სიამოვნებით აუჩქროლდა გული, ევროპის ზღვებს რომ ვუახლოვდებოდით.
ტორსეის სრუტე სახიფათოა თავისი წყალქვეშა კლდეებით. ამასთნავე საშიშია იგი იმითაც, რომ ამ კუნძულების ხშირი სტუმრები არიან ველურები.
– კარგი ხეირი კი დაგვეყრება, თუ ბედისწერამ პირისპირ შეგვახვედრა ანდამანებთან. ანდამანებს ხურმობა არ უყვართ, – ვფიქრობდი გულში.
“ნაუტილუსი” მიუახლოვდა ყველაზე სახიფათო სრუტეს მთელი დედამიწის ზურგზე.
ამ სრუტით გავლას ძალზე გაბედული ზღვაოსნებიც კი ვერ ბედავენ.
თუმცა კაპიტანი ნემო ზღვაზე არავითარ საფრთხეს არ ერიდებოდა, მაგრამ მარჯნის კლდეებთან წინასწარ ზომები მიიღო.
“ნაუტილუსი” წყნარად მიცურავდა წყლის ზედაპირზე და მის საჭე ვეშაპის ბოლოსავით ნელ-ნელა მიარღვევდა ტალღებს.
ასეთი ნელი სვლით ვისარგებლეთ და მე და ჩემმა ამხანაგებმა და ბაქანზე ავედით.
ჩვენი წინ მესაჭის კაიუტა იყო. თვალიც მოვკარი, რომ კაპიტანი ნემო თვად მისჯდომოდა “ნაუტილუსის” საჭეს.
თვალწინ იშლება მშვენიერი სანახაობა ტორესის სრუტისა.
“ნაუტილუსის” ირგვლივ ზღვა გააფთრებული ბრდღვინავდა.
სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ გაცოფებით მიმართული ტალღები აქა-იქ ამოშვერილ მარჯნის კლდეთა წვეროებს ენარცხებოდა და ზედვე ემსხვრეოდა.
– საძაგელი ზღვა არის! – თქვა ნედმა.
– მართლაც, საძაგელია და საშიში ისეთი გემისთვისაც კი, როგორც “ნაუტილუსია”.
– ალბათ, ამ შეჩვენებულმა კაპიტანმა კარგად იცის გზები!
ერთი გახედეთ მარჯნის უამრავ წვეტებს, ერთ-ერთს გერდი რომ გაჰკრას, ნაკუწ-ნაკუწ აქცევს გემი კორპუსს.
მდგომარეობა მართლაც სახიფათო იყო, მაგრამ “ნაუტილუსი” ჯადოქარივით მისრიალებდა წყალქვეშა კლდეებს შუა. ის არ ჰგავდა კუკის საბედისწერო გზას, უფრო ჩრდილოეთისაკენ აიღო გეზი, კუნძულ მურეის ნაპირებს გვერდი აუარა და სამხრეთ-დასავლეთისკენ იბრუნა პირი, კუმბერლენის გასასვლელისაკენ. მეგონა ამ გზით ივლიდა, მაგრამ ერთბაშად უკანვე გაუხვია ჩრდილო-დასავლეთისაკენ და ასე გაჰყვა უამრავ დიდ თუ პატარა უცნობ კუნძულეს.
უნებურად ვეკითხებოდი ჩემს თავს: ნუთუ ეს თამამი კაპიტანი სწორედ იქ მოისურვებს თავისი გემის დაღუპვას, სადაც გამოჩენილი ფრანგიმოგზაურის დიუმონ დაიუვიელის გემები დაიღუპა?
მაგრამ კაპიტანმა ხელახლა იცვალა გეზი.
ნაშუადღევის 3 საათი იქნებოდა. თითქმის ზღვის სრული მოქცევა იყო. ერთბაშად შევტორტმანდი და ბაქანზე დავეცი.
“ნაუტილუსი” წყალქვეშა კლდეს დაეჯახა და მარცხნივ გადახრილი უძრავად გაჩერდა.
როდესაც წამოვდექი, ბაქანზე დავინახე კაპიტანი ნემო და მისი თანაშემწე. გემის მდებარეობას ათვალიერებდნენ და თავისებური “ქაჯური” ენით ელაპარაკებოდნენ, როგორც ნედი ამბობდა ხოლმე.
მდგომარეობა ასეთი იყო: ორი მილის მანძილზე მარჯვნივ მოჩანდა გვებოროარის კუნძული. მისი ნაპირები ჩრდილო-დასავლეთით აწყდებოდა ბუმბერაზი მოხრილი მკლავივით: სამხრეთისა და აღმოსავლეთისკენ კი მარჯნის კლდეთა წვეროები მოჩანდა ტალღების უკუქცევის დროს. ჩვენი გემი თავთხელ წყალში მოედო კლდეს და გაიჭედა, ისიც იმ ზღვაში, სადაც ზღვის მოქცევა ძალიან სუსტი იცის. გემს არაფერი დაზიანებდა, მკვიდრდა იყო შებოჭილი. მაგრამ თუნდაც გემში წყალსაც არ დაეწყო ჟონვა, შეიძლებოდა სამუდამოდ დარჩენილიყო ამ კლდეზე.
– ესეც ახალი ჭირი და უბედურება! – ვფიქრობდი მე.
კაპიტანი ნემო წარბშეუხრელად, მშვიდად და გულგრილად მომიახლოვდა.
– უბედურება გვეწვია? – ვკითხე მე.
– არა, მხოლოდ დაბრკოლებაა, – მიპასუხა მან.
– მაგრამ ისეთი დაბრკოლება, რომელსაც შეუძლია ძალაუნებურად ხმელეთის მკვიდრად გაგვხადოს! – შევძახე მე.
კაპიტანმა რაღაც უცნაურად გამომხედა და უარის ნიშნად თავი გაიქნია. მისმა მოძრაობამ ცხადად მაგრძნობინა, რომ მას ვერავითარი ძალა ვერ დააკარებინებდა ფეხს დედამიწაზე. შემდეგ დაუმატა:
– მოთმინება იქონიეთ, პროფესორო არონაკს, “ნაუტილუსი” ჯერ არ დაღუპულა. ის ჯერ კიდევ ბევრს გასეირნებთ ოკეანის ჯადოსნურ სამყაროში.
ვითომ დამცინავ კილოს ვერ მივუხვდი და ვუთხარი:
– კაპიტანო, ჩვენ თავთხელ წყალსი ჩავიფალით ზღვის სრული მოქცევის დროს. წყნარ ოკეანეში კი ზღვის მოქცევა და უკუქცევა არ იცის. და თუ თქვენ გემიდან ზედმეტ ტვირთს არ გადაყრით, რაც, ჩემი აზრით, შეუძლებელია, მაშინ არ ვიცი, რა გზით მოახერხებს “ნაუტილუსი” თავის დაღწევას!
– პროფესორო, წყნარ ოკეანეზე ძლიერი ზღვის მოქცევა რომ არ იცის, ეს მართალი ბრძანეთ, მაგრამ ტორესის სრუტეში ზღვის დონე წყლის მოქცევისა და უკუქცევის დროს, მეტრნახევარით მაინც გასხვავდება. დღეს 4 იანვარია, ხუთი დღის შემდეგ მთვარე გაივსება და ძალიან გამიკვირდება, თუ დედამიწის თავაზიანი თანამგზავრი თვალსაჩინოდ არ ასწევს წყალს და არ მომეხმარება; ეს დხმარბა მხოლოდ მისგან მინდა მივიღო.
ამ სიტყვების შემდეგ თანამშემწე გაიყოლა და ძირს ჩავიდა.
გემი აღარ ქანაობდა, უძრავად იდგა. თითქოს მარჯნის პოლიპებს ის უკვე თავისი მაგარი წიდით შეედუღებინა.
– რას მეტყვით? – მკითხა ნედმა, რაწამს კაპიტანი ძირს ჩავიდა.
– ჩემო მეგობარო ნედ, ჩვენ დამშვიდებით უნდა ველოდოთ 9 იანვარს; მგონი მთვარე იმდენ თავაზიანობას გამოიჩენს, რომ ჩვენს გემს თავთხელი წყლიდან აატივტივებს.
– მარტო მთვარე?
– დიახ.
– მერე კაპიატნი მთვარის იმედზე გულხელდაკრეფილი იჯდება? ხელს არ გაანძრევს? არ შეუდგება მუშაობას?!
– რისთვის, ნედ, – გააწყვეტინა კონსეიმ, – თუკი ზღვის მოქცევაც გამოასწორებს საქმეს?
კანადელმა კონსეის გადახედა და მხრები აიჩეჩა.
– პროფესორო, – მომიბრუნდა მე, – დაიჯერეთ, რასაც გეტყვით. ეს რკინის ჯირკი ვეღარსად იცურებს, ვეღარც წყალზე და ვეღარც წყალქვეს. ეს ახლაწონით უნდა გაიყიდოს, როგორც რკინის ჯართი. ჩემი აზრით, დადგა დრო, როდესაც კაპიტან ნემოს უნდა გამოვეთხოვოთ!
– მეგობარო ნედ, ასეთი აზრისა არა ვარ “ნაუტილუსის” შესახებ. მოითმინეთ, ოთხი დღის შემდეგ ვნახოთ, როგორი მოქცევა იცის წყნარმა ოკეანემ. თქვენ მუდამ გაქცევაზე გიჭირავთ თვალი. გაპარვა შეიძლებოდა კიდეც, ჩვენ რომ ინგლისის ან პროვანსის ნაპირებს ვხედავდეთ, მაგრამ პაპუაზიის სანაპიროზე გაქცევა სულ სხვაა. გიმეორებთ, უკიდურეს საშუალებას შეიძლება მივმართოთ მხოლოდ მაშინ, თუ “ნაუტილუსი” წყალმა ვეღარ აატივტივა.
– ეჰ, მანამდე ცალი ფეხი მაინც დამადგმევინა მიწაზე! – წამოიძახა ნედმა, – აგერ ჩვენ თვალწინ კუნძულია. იქ ხეები მოჩანს. იმ ტყეში ხმელეთის ცხოველებია, რომლისგანაც კეთდება კატლეტი, ბიფშტექსი… ეჰ! ერთი კიდევ მაგემა მათი ხორცი!
– ამ შემთხვევაში, ნედი მარტალია, – თქვა კონსეიმ, – იქნებ პროფესორმა დასტური გამოსთხოვა კაპიტან ნემოს, რომ ხმელეთზე გადავიდეთ, მარტო იმისთვის მაინც, რომ მაგარ ნიადაგზე სიარულს არ გადავეჩვიოთ.
– თხოვნა შემიძლია, – ვუპასუხე, – მაგრამ იუარებს.
– მაინც სცადეთ, პროფესორო, – დამეღრიჯა კონსეი, – გვეცოდინება მაინც, რამდენად ხათრიანია კაპიტანი.
დიდად გამიკვირდა, როდესაც კაპიტანმა ნემომ ეს თხოვნა თავაზიანად შემისრულა და სიტყვაც არ ჩამოურთმევია, უკანვე დავბრუნებულიყავით. მაგრამ აქ გაპარვა გაპარვა და ახალ გვინეაზე მოგზაურობა დიდად სახიფათო იყო.
ნედსაც არ ვურჩევდით ამ გზით გაპარვას. ისევ “ნაუტილუსზე” ტყვედ ყოფნა სჯობდა პაპუასების ხელში ჩავარდნას.
მეორე დღისთვის კანჯო ჩვენ დაგვითმო კაპიტანმა. არც კი მიკითხავს, კაპიტანიც ჩვენთან წამოვიდოდა თუ არა. ვიცოდი კი, რომ ეკიპაჟის მსახურებს არ გაგვაყოლებდა, კანჯო ნედს უნდა ეტარებინა.
ხმელეთი ორი მილის მანძილზე მდებარეობდა და კანადელს არ გაუძნელდებოდა წყალქვეშა კლდეების შუა კანჯოს გატარება.
მეორე დილას, 5 იანვარს, კანჯო გემიდა ორმა კაცმა ახსნა და ზღვაში ჩაუშვეს.
დილის 8 საათზე, ელექტროთოფებით და ნაჯახებით შეიარაღებულნი ჩავსხედით ნავში და “ნაუტილუსს” მოვწყდით. ზღვა საკმაოდ წყნარი იყო. დასავლეთიდან ნელი სიო ქროდა. კონსეი და მე ღონივრად ვუსვამდით ნიჩბებს. ნედი მესაჭედ გვყავდა და ნავს მიმათულებას აძლევდა ამ ვიწრო გასასვლელებში. ნედი მარჯვედ მართავდა ნავს, რომელიც სწრაფად მიცურავდა. ნედ ლენდი გახარებული იყო.
ტყვეობიდან გათავისუფლებულს აღარც კი ახსოვდა, რომ ისევ საპატიმროში უნდა დაბრუნებულიყო.
– ხორცი! – იმეორებდა იგი, – ხორცს შევჭამთ! მერე რა ხორცს! ნამდვილი ნადირის ხორცს! ერთი ეგაა, რომ პური არ გვექნება! რა თქმა უნდა, თევზეულიც კარგია, მაგრამ სულ თევზი და თევზი კაცს მოჰბეზრდება. ახალ-ახალი ცვრიანი ხორცის ლუკმა კი… იცით, პროფესორო, ერთი ჩემი ხელით შემაწვევინა ასე… ნაკვერჩხლებზე… გემო იმაშია!
– მსუნაგი! – ჩაურთო კონსეიმ, – ისე აგვიწერეს, რომ პირში ნერწყვი მომდის.
– დაიცადეთ, ჯერ კიდევ ვინ იცის, ამ ტყეებში იქნებ ისეთი ნადირიც ბუდობს, რომელიც მონადირეებზე ნადირობს, – ვუთხარი მე.
– არა უშავს რა! – მიპასუხა კანადელმა, – ვეფხვსაც გეახლებით, თუკი ამ კუნძულზე სხვა ოთხფეხი არ ჭაჭანებს!
კბილები ისე აელესა, როგორც ნაჯახის პირი.
– მეგობარი ნედი გადაგვერია! – შენიშნა კონსეიმ.
– რა ნადირიც უნდა იყოს, უბუმბულო ოთხფეხი თუ ბუმბულიანი ორფეხი, თუკი თვალი მოვკარი სადმე, მაშინვე – ბუჰ, გავარდა!
– ერიჰა, – ვუპასუხე მე, – ბიძია ნედმა იალქნება აუშვა.
– ნუ გეშინიათ, – მიპასუხა კანადელმა, – თქვენ მარჯვედ მოუსვით, ოცი წუთის შემდეგ ნადირის ხორცს გაჭმევთ.
ჩვენი კანჯო მშვიდობიანად გადაურჩა გვებოროარის კუნძულის გარსემო წრედ შემოვლებულ მარჯნის კლდეებს და ცხრის ნახევარზე წყნარად მიადგა ქვიშიან ნაპირს.

თავი XXVII
ერთი დღე ხმელეთზე

უნდა გამოვტყდე, ხმელეთზე რომ ფეხი დავდგი, გული ამიჩუყდა… ნედ ლენდი ისე დაფლატუნებდა მიწაზე, თითქოს ფეხის დაკარებისა ეშინიაო. ჩვენ ხომ ორი თვეა, არც კაპიტნის სიტყვით, “ნაუტილუსის” მგზავრები ვიყავით, სინამდვილეში კი – მისი ტყვეები.
ორიოდე წუთის შემდეგ, თოფის სასროლ მანძილზე დავშორდით ნაპირს.
ჰორიზონტს აყრილი ტყის ზეწარი ფარავდა. უზარმაზარ ხეებს, რომელთა სიმაღლე 200 ფუტამდე აღწევდა, ტოტი ტოტზე გადაებათ, გირლიანდებს დამსგავსებოდნენ და ნავის სისინზე აკვანივით ირწეოდნენ.
რა დიდებული მიმოზები იყო, რა ბზა, რა პალმები, რა კაზუირინები (რკინის ხეებად წოდებული)!
კანადელი ვერც კი ამჩნევდა მათ. მას უკვე ეპოვა სასარგებლო და სასიამოვნო ქოქოსის ხე! კაკალი ჩამოეგდო, კაკალი შუაზე გავაპეთ და გამოუთქმელი სიამოვნებით შევექცეოდი მის წვენს და ლებანს.
– ჩინებულია! მშვენიერია! – ამბობდა ნედი.
– უგემრიელესია! – გამოეპასუხა კონსეი.
– მგონი, კაპიტანი არ გაგვიწყრება, ქოქოსის კაკალი რომ მივიტანოთ?
– მე მგონი, არ გაწყრება, – ვუპასუხე მე, – თუმცა ჭამით კი არ შეჭამს.
– მით უარესი მისთვის! – თქვა კონსეიმ.
– და მით უკეთესი ჩვენთვის, – დაუმატა ნედმა, – ჩვენ უფრო მეტი დაგვრჩება.
– ერთი რამ უნდა გითხრათ, ბიძია ნედ, – ვუთხარი მებარჯეს, როდესაც მეორე ხის დასაბერტყად ასვლა დააპირა, – ქოქოსის კაკალი სასარგებლოა, მაგრამ სანამ ჩვენს კანჯოს კაკლით ავავსებდეთ, ხომ არ ემჯობინებოდა შეგვეტყო, ამ კუნძულზე მოიპოვება თუ არა ამაზე სასარგებლო ხეხილი ან მცენარეულობა, ან თუნდაც ბოსტნეული.
– პროფესორი მართალს ბრძანებს, – თქვა კონსეიმ, – კანჯო სამ ნაწილად გავყოთ: ეთი ხილისთვის, მეორე მწვანილეულობისა და ბოსტნეულისთვის, მესამე – ნანადირევისთვის, მაგრამ ჯერ ნადირის ჭაჭანებაც არ ჩანს.
– ასე მალე გულს ნუ გაიტეხთ, კონსეი, – უთხრა კანადელმა.
– ვიაროთ წინ, – გითხარი მე, – მაგრამ ყური ფხიზლად ვიქონიოთ. ეს კუნძული უკაცურს ჰგავს, მაგრამ მაინც სიფრთხილეს თავი არ სტკივა, შეიძლება მოულოდნელად გამოჩნდნენ პაპუასები.
– გამოჩნდებიან და კბილებით დავღრღნი, – თქვა ნედმა და კბილების კრაჭუნით ყბები აამუშავა.
– რა მოგდის, ნედ?! – შესძახა კონსეიმ.
– კაციჭამიობის ჟინი მივლის! – უთხრა კანადელმა.
– ნედ, ნედ, რას ამბობ? – უთხრა კონსეიმ, – კაციჭამიობა მოგენატრა? დღეის შემდეგ შენთან ერთ კაიუტაში საშიშია ყოფნა! ყველაფერი მოსალოდნელია. ოდესმე გამეღვიძება და ერთიც ვნახოთ, ნახევრად შეჭმული ვიყო.
– მეგობარო კონსეი, ძალიან მიყვარხარ, მაგრამ არც იმედნად, რომ შეგჭამო.. თუ ძალიან არ გამიჭირდა.
– არა, ამის მერე ვეღარ გენდობი! – უპასუხა კონსეიმ, – ჩქარა დავიწყოთ ნადირობა!… უსათუოდ მოვკლათ რამე, ეს კაციჭამია დავანაყროთ, პროფესორო, თორემ ერთ დილას ჩემ მაგივრად გამოხრული ძვლებიღა დაგხვდება.
ასეთი საუბრით შევედით ტოტებგადახლართული ტყის სიღრმეში. მთელი ორი საათი სიგრძე-სიგანეზე დავქელეთ ეს ტყე.
შემთხვევით წავაწყდით ერთ სასარგებლო ხეხილს, რომელიც ძალიან უყვართ ცხელ ქვეყნებში. ეს არის მასაზრდოებელი მცენარე, რომლის ნაყოფიც “ნატუილუსზე” არ მოგვეპოვებოდა. მალაელები ამ ხეს “რიმაას” უწოდებენ. მისი სიმაღლე 40 ფუტს აღწევდა, ალვის ხესავით სწორად აღმართულიყო. მშვენიერ დაკვერცხილ კენწეროზე ბრტყელი ფოთლები ესხა. ბუნებისმეტყველი მაშინვე იცნობდა, რომ ეს ხე იყო “პურის ხე”. ფოთლებსა და ფოთლებს შუა ეკიდა დიდრონი ნაყოფი, რომელიც გარედან ექვსკუთხედის მოყვანილობისა იყო.
ეს ხეები ბუნებრივად იზრდება ასეთ ქვეყნებში, სადაც ხორბალი არ მოდის.
“პურის ხე” 8 თვის განმავლობაში განუწყვეტლივ იძლევა ნაყოფს.
ნედმა კარგად იცოდა ამ ნაყოფის გემო. ბევრჯერ უგემია მოგზაურობის დროს და ისიც იცოდა, როგორ უნდა მოემზადებინა. მის დანახვაზე ნერწყვი მოადგა და მოუთმენლად მითხრა:
– პროფესორო, მოვკვდები, თუ ამ პურის გემო არ გავსინჯე!
– მიირთვი ნედ, რამდენიც გენებოს! აქ ხომ ცდების ჩასატარებლად არ წამოვსულვართ.
ნედმა გამადიდებელი შუშით ფიჩხს მოუკიდა, კონსეი და მე საუკეთესო ნაყოფს ვკრეფდით. ზოგი შემოუსვლელი იყო და ქერქის ქვეს გული ჯერ ისევ მაგარი ჰქონდა. უმრავლესობა კი სიმწიფისაგან დაყვითლებულიყო და მოწყვეტასღა ელოდა.
ამ ნაყოფს არც კურკა ჰქონდა და არც თესლი. კონსეიმ თორმეტიოდე მოწყვიტა.
ნადმა დიდრონ ნაჭრებად დაჭრა და ნაკვერჩხალზე დააწყო, თან იმეორებდა:
– აი, ნახავთ, რა გემრიელია ამისი პური!
– გემრიელზე გემრიელად მოგვეჩვენება! – უპასუხა კონსეიმ, – რა ხანია პური არ გვიჭამია.
– ეს პური კი არა, ტკბილი ნამცხვარია, – დაუმატა კანადელმა, – თქვენ არასდროს მიგირთმევიათ, პროფესორო?
– არასოდეს ნედ.
– მაშ, აი, ნახავთ, რაც არის, ნამდვილი ცის მანანაა! რომ გასინჯავთ, ვეღარ მოსცილდებით.
რამდენიმე წუთის შემდეგ ნაჭრები სრულიდ გაშავდა და დასკდა, შიგნით მოჩანდა პურის გულივით თეთრი და ნაზი ცომი. გემოთი არჯაკელს მოგაგონებდათ.
ჩინებული პური იყო და დიდი სიამოვნებითაც შევექეცით.
– სამწუხარო არის, რომ ეს ცომი დიდხანს არ ინახება. – ვთქვი მე, – ამის თან ტარება უსარგებლოა.
– ერიჰაა! – წამოიძახა ნედმა – თქვენ, პროფესორო, როგორც ნატურალისტი ისე ლაპარაკობთ, მე კი მეფუნთუშესავით მოვიქცევი. კონსეი, რაც შეიძლება ბევრი დაკრიფე და წასვლისას თან წავიღოთ.
– მერე როგორ შეინახავთ?
– მისი გულისგან დავამზადებ გაფუებულ მაგარ ცომს. ისეთი იქნება, რამდენ ხანსაც უნდა შეინახოთ, არ გაფუჭდება. როცა პურის გამოცხობა მოგვინდება, ცომს ავიღებ და გამოვაცხობ. მართალია, ცოტა მომჟავო გემო ექნება, მაგრამ მაინც გემრიელია.
შუადღემდე ბევრი ბანანი მოვაგროვეთ, ბლომად დავკრიფეთ მანგოს ნაყოფი და მსხვილ-სხვილი ანანასი.
ხეხილის ძებნამ და კრეფამ დიდი დრო წაიღო, მაგრამ სად გვეჩქარებოდა?
კონსეი აკვირდებოდა ნედს, რომელიც წინ მიაბიჯებდა, ხეებიდან მარჯვედ წყვეტდა მსვენიერ ნაყოფს, რომელსაც მათი სურსათის მარაგი უნდა შეევსო.
– აბა, ბიძია ნედ, გული იჯერეთ? ხომ კმაყოფილი ხართ? – ჰკითხა ნედ კონსეიმ, – ყველაფერი ბლომად დავკრიფეთ.
– ეჰ! – ჩაიბურტყუნა კანადელმა.
– როგორ? კიდევ არა ხართ კმაყოფილი?
– ეს მცენარეულობა ხომ ნამდვილი სადილი არ არის, – უპასუხა ნედმა, – ეს მხოლოდ დესერტია! აბა, სად არის წვნიანი? სადაა მოხრაკული?
– მართლაც, – ჩავურთე მე, – ნედი მწვადებს გვპირდებოდა… თუმცა დაპირება, მგონი, აჩქარებით წამოსცდა.
– პროფესორო, – მიპასუხა კანადელმა, – ნადირობა ჯერ არ დასრულებულა, ჯერ ხომ არც კი დაგვიწყია. ცოტა დაგვაცადეთ, უსათუოდ ვნახავთ ნადირს ან ფრინველს, აქ თუ არა, სხვაგან.
– თუ დღეს არა, ხვალ მაინც, – დაუმატა კონსეიმ, – ამისთვის შორს ნუღარ წავალთ, მგონი, დროა კანჯოს დავუბრუნდეთ.
– უკვე დრო არის! – წამოიძახა ნედმა.
– დაღამებამდე იქ უნდა ვიყოთ, – ვუპასუხე მე.
– მერედა ახლა რომელი საათია?
– ორი მაინც იქნება, – უპასუხა კონსეიმ.
– ოჰ, რა მალე გარბის დრო დედამიწაზე! – ოხვრით წარმოთქვა ნედმა.
– მივდიართ! – თქვა კონსეიმ.
ტყე-ტყე ვბრუნდებოდით და ისე ვიყავით დატვირტულები, რომ კანჯომდე ძლივს მივათრიეთ ჩვენი ტვირთი. ნედს კი სურსათი თვალში ეცოტავებოდა. მალე ბედმა გაუღიმა. ის იყო, კანჯოში ვსხდებოდით, რომ თვალი მოჰკრა ოცდაათიოდე ფუტის სიმაღლის ხეებს.
– საგო! – წამოიძახა ნედმა.
საგოს ხეები ბუნებრივად იზრდება და თუთის ხესავით მრავლდება ამოფეთქილი ყლორტებით და ჩაბნეული მარცვლებით.
ნედმა იცოდა მათი გამოყენება. ნაჯახს სტაცა ხელი და რამდენიმე დარტყმით ორი-სამი ხე ძირს დასცა.
– მწიფეა! – წამოიძახა ნედმა.
– მართლაც მწიფე ყოფილა, – დავეთანხმე მე.
საგოს ხეს მომწიფება იმაზე ემჩნევა, რომ ფოთლებიდან თეთრი მტვერი სცვივა.
ნედმა ცერის სიგანეზე ქერქი შემოაცალა. საგოს ქერქი დაფარული იყო მოგრძო, ძარღვიანი ქსლით და საგოს ფქვილიც სწორედ ეს იყო. ეს ფქვილია მელანეზიის მცხოვრებთა უმთავრესი საკვები.
ნედმა ხეები ნაჭერ-ნაჭერ დააპო.
– ასე წამოვიღებ და ფქვილს იქ გამოვაცლი. მსხვილ ტილოში გავატარებ, რომ ძაფები გასცილდეს, მზეზე გამოვაშრობ და მერე ყალიბებში გამაგრდება.
საღამოს ხუთი საათი იქნებოდა, როდესაც დატვირთული კანჯო “ნატუილუსს” მივაყენეთ. არავინ შემოგვეგება. თითქოს ეს უზარმაზარი რკინის ცილინდრი დაცარიელებულიყო.
სურსათი გადავზიდეთ გემზე, ჩვენს ოთახებს მივაშურეთ და დავიძინეთ.

თავი XXVIII
მეორედ გადასვლა ხმელეთზე

მეორე დღეს გემზე ჩამიჩუმი არ ისმოდა, თითქოს ყველაფერი ჩამკვდარიყო.
კანჯო იქვე იდგა, სადაც წუხელ დავტოვეთ.
გადავწყვიტეთ, კიდევ წავსულიყავით კუნძულზე, ნედს იმედი ჰქონდა, სანადირო ადგილებს ტყის მეორე ნაწილში მივაგნებთო.
მზის ამოსვლისთანავე კანჯო დავძარით. იგი ტალღებმა გაიტაცა და რამდენიმე წუთის შემდეგ, კუნძულს მივაღწიეთ.
ნაპირზე გადავედით. ზღვის მარცხენა ნაპირს გავყევით, რამდენიმე პატარა მდინარესი გავტოპეთ და გაშლილ ველზე გავედით, რომელსაც მსვენიერი ტყეები ესაზღვრებოდა. რამდენიმე თევზიყლაპია დავინახეთ, მაგრამ ახლოსაც არ მიგვიკარეს. ალბათ ამ ფრინველებმა უკვე იცოდნენ, თუ რა ხეირს დააყრიდა მათ ჩვენისთანა ორფეხა. ამის გამო ვიფიქრეთ, რომ ეს კუნძული უკაცური იყო, მაგრამ დროდადრო მაინც ესტუმრებოდნენ ადამიანები.
– ჯერ ფრინველის მეტი არაფერი ჩანს! – თქვა კონსეიმ.
– მათში ისეთი ფრინველებიც ურევია, რომელიც საჭმელად ვარგისია! – უპასუხა ნედმა.
– აბა, რომელი, მეგობარო ნედ? – სიტყვა შეუბრუნა კონსეიმ, – აქ მხოლოდ თუთიყუშებს ვხედავ.
– მეგობარო კონსეი, – მედიდურად უპასუხა ნედმა, – თუთიყუში ხოხობია, როცა სხვა საჭმელი არ გაგჩნია!
დაბურულ ტყეში, ტოტიდან ტოტზე აუარებელი თუთიყუში დაფრინავდა, ათასი ფერის დედალ-მამალი თუთიყუშები, ნედის სიტყვით რომ ვთქვათ, “ყელს იღადრავდნენ”. ფილოსოფიურად დაფიქრებული თეთრი ქოჩორა თუთიყუშები, წითლად მოელვარე ლორისები თუ ჭყეტელა ჩითისფერი და ათასი სხვაგვარი თუთიყუშები, რომლებიც საერთოდ არ იჭმება. ესენი ალბათ ქარს გამოერეკა აქეთკენ. ადგილობრივი ფრინველის ჭაჭანებაც არსად ჩანდა.
-რა მიზეზია, ნეტავ? – ვფიქრობდი ჩემთვის.
მაგრამ ბედი კიდევ გვიმზადებს საჩუქრებს.
შეთხლებული ტყე გავიარეთ: ბუჩქნარით და ჯაგებით მოფენილ ვაკეზე გავედით.
ამ ბარდებიდან წამოიშალნენ მშვენიერი ფრინველები, რომელთაც მოგრძო ფრთები და საოცრად ლამაზი ბუმბული ჰქონდათ.
მაშინვე ვიცანი და წამოვიძახე:
– სამოთხის ჩიტები!
– ბეღურის მოდგმისა, – მიპასუხა კონსეიმ.
– ტყის ქათმის გვარისა! – ჩაურთო ნედმა.
– არა მგონია, ძვირფასო ნედ, მაგრამ თქვენი სიმარჯვის იმედი მაქვს… ერთი მაინც მოინადირეთ ჩემთვის ეს სამოთხის ჩიტი! გულით მინდა ნიმუშად მქონდეს ტროპიკული ბუნების ასეთი მშვენება! – შევეხვეწე ნედს.
– ვეცდები, პროფესორო, თუმცა მე ბარჯის სროლა უფრო მემარჯვება, ვიდრე თოფისა.
ამ ფრინველებით მალაელები ვაჭრობენ ჩინეთთან.
ათასნაირი ხერხითადა მახი იჭერენ. ზოგჯერ მახეს დაუდგამენ ან ფაცერკუდას უგებენ მაღალი ხეების კენწეროებზე, ზოგჯერ ხეების შტოებს ჩიტის წებოთი გაპოხავენ და ფრინველის ფეხი ზედ ეკვრის, მოძრაობის საშუალებას უდუნებს, ხან მოწამლავენ წყალს, რომელსაც ეს ფრინველები ეტანებიან. ჩვენ კი მხოლოდ გაფრენილის მოკვლა შეგვეძლო. მაგრამ ვაზნები ტყუილად დავხარჯეთ.
თორმეტი საათი იქნებოდა, როდესაც გავიარეთ პირველი მთის ქედი. ეს იყო კუნძულის შუა ადგილი.
ვერაფერი ვერ მოვკალით.
კუჭი შიმშილით გვეწვოდა, მონადირეები ნანადირევის იმედით წამოვედით და მოვტყუვდით კი. კონსეიმ ერთი გასროლით მოკლა მტრედი და ქედანი. მაშინვე გავბდღვენით და შამფურზე წამოვაგეთ.
სანამ ისინი შეიწებოდა, ნედმა პური მოამზადა. ისე შევსანსლეთ ეს ფრინველები, ძვლებიც კი არ დავტოვეთ. საერთოდ, დავასკვენით, რომ საუცხოო ნობათი იყო. ეს ფრინველები ჯავზის ნიგოზს ჭამენ და მათ ხორცსაც ნამდვილი ჯავზის სურნელება და გემო ჰქონდა.
– აბა, ნედ, ახლა რაღა გაკლიათ?
– ნადირის ხორცი, პროფესორო! ეს მტრედები ხომ თავის შესაქცევია და არა საჭმელი! აი, ისეთი ნადირი უნდა მოვკლათ, რომ ნამდვილი მწვადი ავაგო, სანამ სურვილს არ შევისრულებ, ვერ მოვისვენებ!
– ვერც მე მოვისვენებ, სანამ სამოთხის ჩიტს არ ჩავიგდებ ხელში, – ჩავურთე მე.
– კიდევ ვინადიროთ, მაგრამ ზღვისკენ გავბრუნდეთ, – თქვა კონსეიმ, – ჩვენ უკვე მთის კალთებზე მოვედით და მგონია, აქ უფრო ნაკლებად იქნება ნადირი, ვიდრე ტყეში…
გონივრული რჩევა იყო და ჩვენც დავთანხმდით.
ერთი საათის სიარულის შემდეგ საგოს ტყეს მივადექით. რამდენიმე ანკარა გაგვისრიალდა ფეხქვეშ, სამოთხის ჩიტები კი ჩვენს დანახვაზე სწრაფად იმალებოდნენ. უკვე იმედი გადავიწყვიტე, რომ ერთს მაინც მოვიგდებდით ხელში. უცებ ჩემს წინ მიმავალი კონსეი ძირს დაიხარა, სიხარულით შეჰკივლა და მომაწოდა მშვენიერი ცოცხალი სამოთხის ჩიტი.
– ყოჩაღ, კონსეი! – შევძახე მე, – მარჯვე ყოფილხარ!
– პროფესორო, კარგად რომ დააკვირდეთ, დარწმუნდებით, რომ მაგის დაჭერას დიდი ოსტატობა არ სჭირდება.
– რატომ, კონსეი?
– იმიტომ, რომ ეს ფრინველი გაბრუებულია.
– გაბრუებული?
– დიახ, პროფესორო, ჯავზის ნიგოზს გაუბრუებია. ჯავზის ხის ქვეშ დავიჭირე, იჯდა და კორტნიდა. მეგობარო ნედ, აი, ხომ ხედავ, რას ნიშნავს ღორმუცელობა!~
მე კი ამისრულდა გულისწადილი, მაგრამ მონადირე კანადელი ჯერ გულნაკლული იყო. საბედნიეროდ, ორი საათი იქნებოდა, რომ ნედმა გარეული ტახი მოკლა და თავისი მარჯვე სროლით აღტაცებაში მოვიდა.
იქვე გაატყავა, გამოშიგნა და ვახშმისათვის ექვსიოდე სამწვადე ამოჭრა.
ორივე მეგობარი გაშმაგებით მოედო ბარდებიან ჯაგნარს და კენგურუს მთელი ჯოგი წამოაფრთხეს. კენგურები მკვირცხლად გარბოდნენ, მაგრამ ელექტრონიანი აბები მაინც ეწეოდა მათ.
– პროფესორო, რა საუცხოო ნადირია! – წამოიძახა ნედმა, – ეს კარგი მარაგია”ნატუილუსისთვის”, თანაც სულ ჩვენ უნდა შევჭამოთ. ეს ქაჯები ზედაც არ დახედავენ!
კიდევ კარგი, რომ ნედი ლაპარაკში გაერთო, თორემ სულ გაჟლეტდა, დრაც ამ ტყეში კენგური იყო. ბოლოს თორმეტიოდე კენგურუთი დაკმაყოფილდა. ეს კენგურები ხის ფუღუროებში ბინადრობენ. ტანით პატარები არიან, მაგრამ ხორცი გემრიელი აქვთ.
ნადირობით გული ვიჯერეთ. წახალისებული ნედი სახვალიოდაც აპირებდა კუნძულზე დაბრუნებას და გადაწყვეტილი ჰქონდა ამ კუნძულზე ნადირის სინსილა გაექრო.
მაგრამ ნედი თავის დღეში არ ითვალისწინებდა რაიმე მოულოდნელ შემთხვევას.
საღამოს 6 საათი იქნებოდა, როცა ზღვის ნაპირს მივაღწიეთ. ჩვენი კანჯო თავის ადგილას დაგვხვდა. “ნატუილუსს” აქედან ორი მილის მოშორებით ტალღებიდან ზურგი ამოეყო.
ნედ ლენდი მაშინვე სადილის თადარიგს შეუდგა: ჩინებული მზარეულობა იცოდა, ამ საქმის დიდოსტატი იყო, ბადალი არ ჰყავდა. კენგურუს ხორცი მალე აშიშხინდა ნაკვერჩხლებზე და სასიამოვნო სურნელი დაატრიალა.
დიდებული სადილი გვქონდა. ორი ქედანიც დავუმატეთ. საგოს ცომი, პურის ნაყოფი, რამდენიმე მანგო, ექვსიოდე ანანასი და ქოქოსის კაკლის წვენი რომ გეახელით, მხიარულ გუნებაზე დავდექი.
– რა იქნება, რომ დღეს “ნატუილუსზე” არ დავბრუნდეთ! – თქვა კონსეიმ.
– რა იქნება, რომ სულაც აღარ დავბრუნდეთ! – დაუმატა ნედმა, – ჩვენ რომ…
სწორედ ამ დროს, ჩვენს ფეხებთან ქვა დაეცა და ნედს სიტყვა პირზე შეახმა.

თავი XXIX
პაპუასები

აქეთ-იქით ვიხედებოდით. ლუკმა მიმქონდა პირისაკენ, რომ მოულოდნელად მოხვედრილი ქვისაგან ხელი გამიშეშდა.
– ქვები ციდან არ ცვივა, – თქვა კონსეიმ, – და თუ ვარდება, ისიც აეროლიტი.
მეორეკვერცხის ფორმის ქვამ კონსეის ხელიდან გააგდებინა ქედნის ბარკალი.
ზეზე წამოვცვივდით, თოფებს ხელი ვტაცეთ. მოსაგერიებლად მოვემზადეთ.
– ის რა მოჩანს, მაიმუნები არიან? – შესძახა ნედმა.
– არა, ეგ ადგილობრივი მცხოვრებლები არიან, – უპსუხა კონსეიმ.
– კანჯოსაკენ! – შევძახე მე.
გემრიელი ვახშამი მივატოვეთ და ზღვისკენ გავიქეცით.
სწრაფად უნდა გვემოქმედა; მშვილდ-ისრითა და შურდულებით შეიარაღებული ოციოდე ველური ტყის ნაპირას, ასი ნაბიჯის მანძილზე გამოვიდა.
კანჯომდე ათიოდე საჟენი იქნებოდა. ველურები კი თუმცა ნელი ნაბიჯით, მაგრამ მაინც თანდათან გვიახლოვდებოდნენ. მათი ნატყორცნი ისარი და ქვა სეტყვასავით მოდიოდა.
ნედი თავისას არ იშლიდა და ხიფათის მიუხედავად, ნაპირზე არაფერი დატოვა, ყველაფერი წამოიღო. ბოლოს ერთი ხელით ტახი დაითრია, მეორეთი – კენგურუ.
ორ წუთში კანჯოსთან ვიყავით. ჩაბარგება და ჩასხდომა თვალის დახამხამებაში მოვასწარით და ნაპირიდან გავცურეთ.
50 საჟენიც არ გვექნებოდა გავლილი, რომ ასიოდე ველურმა მუშტების ქნევით და ღრიანცელით წელამდე შემოტოპა წყალში.
“ნატუილუსს” გავხედე, ვიფიქრე, იქნებ ველურების ღრიანცელზე ბაქანზე გამოვიდა ვინმე-მეთქი, მაგრამ ჩამიჩუმიც არ ისმოდა.
ორი წუთის შემდეგ გემთან მივცურეთ. დარაბები ღია იყო. კანო გამოვაბით და “ნატუილუსში” შევცვივდით.
პირდაპირ დიდ დარაბას ვეცი, საიდანაც აკორდების ხმა მოისმოდა. კაპტანი საკრავს მისჯდომოდა.
– კაპიტანო! -შევძახე, – კაპიტანო!
ჩემი ძახილი არც კი გაუგონია.
– კაპიტანო! – გავუმეორე და მკლავში ხელი მოვკიდე.
-აა, თქვენ ბრძანდებით, პროფესორო? აბა, ხომ კარგად ინადირეთ? ჰერბარიუმისთვის ბევრი რამ იშოვეთ?
– დიახ, კაპიტანო, დიახ, მაგრამ საუბედუროდ ჩვენს კვალს მოჰყვნენ ორფეხები!
– რომელი ორფეხები?
– ადგილობრივი მკვიდრნი.
– ველურები? – ოდნავ დამცინავი ღიმილით თქვა კაპიტანმა, – და თქვენ, ბატონო პროფესორო, გიკვირთ, რომ ხმელეთზე გადასვლისას ველურები შეგხვდნენ? ველურები! მერედა სადღა არ არიან ველურები? განა ევროპელი ველურები აქაურებზე უკეთესები არიან?
– რაც არ უნდა იყოს, კაპიტნო, მე მგონია, ურიგო არ იქნება, რაიმე ზომები მიიღოთ. ბევრნი არიან.
– დამშვიდდით, პროფესორო, იქ სახიფათო არაფერია. მაინც რამდენი იქნება?
– ასიოდე მაინც.
– პროფესორო, – მიპასუხა კაპიტანმა ისე, რომ თითები კლავიშებისთვის არ მოუცილებია, – თუნდაც მთელი პაპუაზიის მოსახლეობა მოადგეს ნაპირს “ნატუილუსს” მათი თავდასხმა არ აფიქრებს.
თითები ისევ კლავიშებზე აათამაშა. შევამჩნიე, რომ მხოლოდ შავ კლავიშებზე უკრავდა, რაც მელოდიას შოტლანდიურ ელფერს აძლევდა.
მალე თითქმის დაივიწყა ჩემი იქ ყოფნა და თავდავიწყებით უკრავდა.
დავტოვე და ისევ ბაქანზე ავედი.

თავი XXX
აქაც ელექტრონი

ღამდებოდა. ამ დაბალ განედზე მზე სწრაფად ჩადის და შემოღამების ბინდი არ იცის. კოცონს ბუნდოვნად გაარჩევდი, მაგრამ სანაპიროზე გაჩაღებული უამრავი კოცონი იმას მოწმობდა, რომ ადგილობრივი მკვიდრნი წასვლას არ აპირებდნენ.
ღამემ მშვიდობიანად ჩაიარა.
8 იანვარს, დილის 6 საათზე, ბაქანზე ავედი. დილის ნისლი დაძრულიყო. მალე გამოჩნდა კუნძულის კიდეები და თანდათან მთის მწვერვალებიც.
ადგილობრივი მკვიდრნი ისევ ნაპირზე იყვნენ. გუშინდელზე უფრო მეტნი – ექვსასამდე მაინც იქნებოდნენ. ზოგიერთ მათგანს ზღვის უკუქცევით ესარგებლა და მაჯრნის კლდეებზე გადმოსულიყო, “ნატუილუსიდან” ორი კაბელტოვის მოშორებით.
გარკვევით ვარჩევდი მათ სახეებს. ნამდვილი პაპუასები იყვნენ – ბრგე, წარმოსადეგი, მოხდენილი ვაჟკაცები, ფართო შუბლი და ქათქათა კბილები ამშვენებდათ. ცხვირის ნაპარსივით გაბუებული თმა წითლად შეეღებათ და ნუბიელებივით შავსა და ელვარე კანზე მკაფიოდ გამოირჩეოდა. ორად გაყოფილ და აჭიმულ ყურის ბიბილოებში რგოლები გაეყარათ. თითქმის შიშვლები იყვნენ. მათ სორის დედაკაცებიც გავარჩიე, ჭილოფისგან ნაქსოვი, მუხლებამდე ქვედატანები ემოსათ.
წელზე ჭილოფისვე სარტყელი ერტყათ. უფროსებს ყელზე ეკიდათ თეთრი და ვარდისფერი შუშის ფარღულა-ღვრინჭილები. თითქმის ყველა შეიარაღებული იყო მშვილდ-ისრითა და ფარით, მხრებზე ეკიდათ საშურდულე ქვები, რომლებსაც ასე მრჯვედ ისროდნენ მიზანში.
ერთ-ერთი ბელადი ძალიან ახლოს მოვიდა “ნატუილუსთან” და დიდი ყურადღებით გვათვალიერებდა. ალბათ ეს იყო მათი უმაღლესი გვარეულობის თავადი, “ბადო”, რადგანაც ტანთ ემოსა ბანანის ფოთლების კუწუბიანი და ღია ჭყეტელა ფერად შეღებილი ჭილობი.
ზღვის მოქცევამდე “ნატუილუსის” ირგვლივ ტრიალებდნენ წყნარად და მშვიდად.
მესმოდახშირ-ხშირად მათი ძახილი – “აქაუ!”, თუ “აყაუ!”, თან ხელით მანიშნებდნენ, ნაპირზე გადავსულიყავი, მაგრამ უარი ვანიშნე.
შუადღემ მოატანა. მოიერიშენი ჯერ წყნარად იდგნენ, ოღონდ მათი რიცხვი იზრდებოდა. ალბათ ახლომახლო კუნძულებიდან თუ მოდიოდნენ. მაგრამ გაოცებული ვიყავი, რომ არც ერთი მათი მორა ნავი (პიროგა) არსად მოჩანდა.
– პროფესორო, როგორც ხედავტ, ეს ველურები ბოროტი ხალხი არ ყოფილა, – მითხრა კონსეიმ, – მაგრამ გახედეთ! – შეჰყვირა უცებ.
გავიხედე და დავინახე, რომ პაპუასებით გაჭედილი ოცზე მეტი მორა ნავი გვიახლოვდებოდა.
მათი ნავები მთლიანი მორისაგან იყო გამოკვეთილი, გრძელი, სწორი და გასაცურად მარჯვე. ნავი არც გადაბრუნდებოდა, რადგან წონასწორობის დასაცავად მიბმული ჰქონდა ბამბუკის ხეები, რომლებიც წყლის ზედაპირზე ტივტივებდა.
მათმა მოახლოებამ შემაფიქრიანა. ნავებიდან ისრები დაგვიშინეს. კონსეიც შესაშინებლად თოფს ისროდა.
– სეტყვაა სწორედ! – თქვა კონსეიმ, – იქნებ მოშხამულიცაა!
– კაპიტანს უნდა ვაცნობოთ! – წამოვიძახე და კიბეზე დავეშვი.
დარბაზში არავინ დამხვდა. კაპიტნის ოთახის კარზე დავაკაკუნე.
– მობრძანდით! – იყო პასუხი.
შევედი. კაპიტანი რაღაცის გამოანგარისებით იყო გართული.
– ხელი შეგიშალეთ, კაპიტანო? – ვკითხე თავაზიანობის გულისთვის.
– დიახ! მაგრამ ალბათ საჭირო საქმე გექნებათ!
– დიახ, ძალიან საჭირო საქმეა. ჩვენ ალყა შემოგვარტყეს მორა ნავებით.
– ოჰო, – წყნარად თქვა კაპიტანმა, – მაშ მორა ნავებით მოცურეს?
– დიახ, კაპიტანო.
– მაშ, დარაბებს დავკეტავთ, – კედელთან მივიდა და ელეტრონის ღილაკს თითი დააჭირა.
– მზად არის! – მითხრა მან, – ხომ არ ფიქრობთ, რომ “ნატუილუსის” კედლებს შემოანგრევენ, რომელსაც თქვენებურმა სამხედრო გემმაც ვერაფერი დააკლო?
– არა, მაგრამ ერთი საფრთხე კიდევ რჩება კაპიტანო!
– რა საფრთხე, პროფესორო?
– ხვალ დილით ჰაერის გამოსაცვლელად საჭირო იქნება დარაბების ახდა.
– როგორც იმ დღეს მოგახსენეთ, ხვალ ზღვის მოქცევა ჩვენს გემს აატივტივებს და… მაგრამ თავადაც ნახავთ. დარაბები ახდილიც რომ იყოს შიგნით მაინც ვერ ჩამოვლენ. ბაქანზე კი ჯანი გავარდეთ, იფოფხონ. ამის გულისთვის არ მინდა, საწყალი ხალხის სისხლი დავღვარო.
კაპიტანმა გამომკითხა კუნძულზე გასეირნებისა და ნადირობის ამბავი და გაუკვირდა ნედ ლენდის ხორცისადმი დაუოკებელი ლტოლვა.
– მაშ, კაპიტანო, მეჩეჩში გაჩხერილი “ნატუილუსი” აეშვება?
– “ნატუილუსი” მეჩეჩში არ არის გაჩხერილი! – ცივად თქვა კაპიტანმა. – ხვალ, როგორც იმ დღეს მოგახსენეთ, დანიშნულ საათზე ზღვის მოქცევა ნელ-ნელა აატივტივებს მას და კვლავ გავცურავთ ოკეანის სიღრმეებში.
– კაპიტანო, ეჭვი არ მეპარება…
– ხვალ, – გაიმეორა კაპიტანმა და ფეხზე წამოდგა, – ხვალ, ნაშუადღევს, 2 საათსა და 40 წუთზე, “ნატუილუსი” ატივტივდება და ტორესის სრუტეს დატოვებს.
ამ სიტყებით ოდნავ დახარა თავი. ეს იმას ნიშნავდა რომ დრო იყო ჩემი წასვლისა და მეც ჩემი ოთახისაკენ გავწიე.
დავწექი, მაგრამ ცუდად მეძინა. ბაქნიდან მომესმოდა პაპუასების ფეხების ბრახუნი და დროდადრო გამაყრუებელი ღრიანცელი. ასე გავიდა ღამეც.
“ნატუილუსის” ეკიპაჟს კი ნირიც არ შესცვლია, ეტყობოდა სრულებით არ აფიქრებდა პაპუასების შემოსევა.
გვიან გამეღვიძა და წამოვდექი. დარაბები ჯერ არ გაეროთ. ჰერი არ გამოეცვალათ, თუმცა სათადარიგო აუზიდან რამდენიმე კუბური მეტრი ჟანგბადი “ნატუილუსის” დახშულ ჰაერს აზავებდა.
ნაშუადღევს, სამის ნახევარზე კაპიტანი ჩემთან შემოვიდა.
– ათი წუთის შემდეგ დავიძვრებით, – მითხრა მან, -განკარგულება გავეცი, დარაბები ახადონ.
– მერე, პაპუასები?
– პაპუასები? ისინი “ნატუილუსის” შიგნით ვერ ჩამოვლენ. წამობრძანდით ჩემთან და თავად დარწმუნდებით!
შუა კიბისაკენ გავყევი. იქ ნედ ლენდი და კონსეი ცნობისმოყვარეობით უცქერდნენ, როგორ აღებდა ეკიპაჟი დარაბებს.
ზემოდან გააფთრებული ღრიანცელი ისმოდა. დარაბები შიგნით ჩამოუშვეს, ოციოდე საზარელი სახე გამოჩნდა, მაგრამ რაწამს ერთმა მათგანმა კიბეზე ჩამოსვლა სცადა და კიბის სახელურს ხელი მოჰკიდა, უხილავმა ძალამ უკანვე აისროლა: ზურგუკუღმა გადაყირავებული საშინელი წივილი-კივილით გაიქცა. ათიოდე მისმა ამხანაგმაც სცადა ჩამოსვლა, მაგრამ ყველას ეს ბედი ეწია.
კონსეი აღტაცებაში მოდიოდა, ბრძოლის ჟინზე მოსული ნედ ლენდი კი კიბეზე გამოეკიდა მათ და, რაწამს კიბის სახელურს ხელი შეახო, ისიც ზურგით უკუღმა გადმოვარდა.
– ეშმკის კერძები!… – შეჰყვირა მან, – მეხივით დამკრა!
ამ სიტყვებმა მიმახვედრა, რომ კიბის სახელურის რკინაში ელექტრონი იყო გაშვებული. უფრო მეტი ელექტრონის ნაკადი რომ გაეშვათ, სულსაც გააფრთხობინებდა პაპუასებს. შეშინებული და თავზარდაცემული პაპუასები კუდამოძუებული გარბოდნენ, ჩვენ კი ძლივ ვიკავებდით სიცილს, ვამშვიდებდით და ტანს ვუზელდით ნედ ლენდს, რომელიც იგინებოდა.
ამ დროს “ნატუილუსი” ტალრებმა აატივტივა და სწორედ ორ საათსა და ორმოც წუთზე დაიძრა, როგორც კაპიტანმა ნემომ იწინასწარმეტყველა.
ამუშავებული ბორბალი ტალღებს დინჯად აპობდა. გემმა თანდათან სვლას უმატა და ოკეანის ზედაპირზე ცურვით უვნებელი და მთელი გასცილდა ტორესის სრუტის საბედისწერო ადგილებს.

თავი XXXI
მიგვაძინეს

მეორე დღეს “ნატუილუსი” ისევ წყალქვეშ მისრიალებდა, საათში 35 მილი სიჩქარით. მისი ხრახნი ისეთი სისწრაფით ტრიალებდა, რომ გათვლას ვერ ვასწრებდი.
როდესაც გამახსენდა, რომ ელექტრონის ძალა იძლევა მოძრაობას, სინეთლეს, სითბოს და გარდა ამისა, თავდასხმისგანაც გიფარავს, ჩემს განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა. აღტაცებაში მოვყავდი თვითონ ამ გემს და მშენებელ ინჟინერს, რომელმაც მისი აგება შეძლო.
მაგრამ საით მიგვაქროლებს კაპიტან ნემოს ფანტაზა? აზიის ნაპირებისკენ მიცურავს თუ ევროპას უახლოვდება?
საეჭვოა, იქით რისთვის წავა ის ადამიანი, რომელიც ხმელეთის მოსახლეობას გაურბის? იქნებ სამხრეთისკენ ქნას პირი? იქნებ “კეთილი იმედის კონცხს” შემოუარაოს, შემდეგ ჰორნის კონცხსაც და სამხრეთის პოლუსისკენ გაემართოს? დაბრუნდება თუ არა წყნარ ოკეანეში, სადაც “ნატუილუსი” ლაღად და თავისუფლად დაცურავს?
გადაწყვეტით არაფრის თქმა არ შეიძლებოდა.
მალე გემმა სვლას უკლო. ზომიერი სვლით მიცურავდა, ხან წყალქვეშ, ხან ზედაპირზე.
ამ დროს კაპიტანი ნემო საყურადღებო ცდებს ატარებდა: ზღვის სხვადასხვა სიღრმეზე ტემპერატურას იკვლევდა. ჩვეულებრივ, ტემპერატურის გაზომვა რთული საქმეა და შესაფერისი ინსტრუმენტებია საჭირო. მაგალითად, თერმომეტრის ქოლგები, რომლებიც წყლის წნევისაგან საკმაოდ ხშირად იმსხვრევიან. ამ წესით ჩატარებული გამოკვლევა კარგად ვერ შემოწმდება. კაპიტანი ნემო კი თვითონ ზომავდა ტემპერატურას ზღვის სხვადასხვა სიღრმეზე. სამ, ოთხ, ხუთ, შვიდ და ათ მეტრზე “ნატუილუსით” ჩაშვებული.
ამ ცდების საბოლოო დასკვნა ასეთი იყო: ყველა განედის ზღვის ტემპერატურა ათასი მეტრის სიღრმეზე 4 1/2 გრადუსს უდრის.
დიდი ცნობისმოყვარეობით ვადევნებდი თვალყურს მის მიერ წარმოებულ ცდებს. კაპიტანი ნემო გატაცებით და გულდასმით აწარმოედა ამ ცდებს. ვუყურებდი და ვფიქრობდი, რა მიზნით აწარმოებდა ამ დაკვირვებას? ნუთუ იმისთვის, რომ კაცობრიობისთვის შეემატებინა რამე. ეს ხომ წარმოუდგენელი იყო, რადგანაც დღეს თუ ხვალ, მთელი მისი ნაშრომი სადმე შორეული ზღვის უფსკრულში ჩაიღუპებოდა მასთან ერთად. იქნებ მე გამიზიაროს თავისი დაკვირვების შედეგები? ამ შემთხვევაში შეიძლებოდა მეფიქრა, რომ ჩემს ტყვეობას ოდესმე მაინც მოეღებოდა ბოლო, მაგრამ ამის ნიშნები არ ჩანდა.
15 თებერვალს, დილით, კაპიტანი ნემო და მე ბაქანზე ვსეირნობდით. კაპიტანმა მკითხა: იცით თუ არა, ზღვის წყლის სიმკვრივის განსხვავებანიო? ვუპასუხე, – არ ვიცი-მეთქი.
– ამ დარგშიც მოვახდინე დაკვირებანი, – მითხრამან, – და თავს ვიდებ, რომ დიდი სიზუსტით გამოვიკვლიე.
– ასეთი დკვირვებანი დიდად საგულისხმოა, კაპიტანო, – ვუპასუხე მე, – მაგრამ “ნატუილუსი” მთელს სამყაროსგან მოწყვეტილია და მის მეცნიერთა საიდუმლო გამოკვლევები ვერასოდეს მიაღწევენ ხმელეთს.
– მართალი ბრძანდებით, პროფესორო, – თქვა მან და რამდენიმე წუთს ჩაფიქრდა. – მართლაც, “ნატუილუსი” ცალკე სამყაროა ხმელეთისთვის. არ მოიპოვება არც ერთი პლანეტა, რომ მასთან ერთად მზის გარშემო ბრუნავდეს. დიახ, ხმელეთი ვერასოდეს გაიცნობს სატურნისა და იუპიტერის მეცნიერთა ნაშრომებს. მაგრამ, რადგანაც შემთხვევამ ერთმანეთს დაუკავშირა ჩემი და თქვენი არსებობა, მე შემიძლია ჩემი დაკვირვების შედეგები გაგიზიაროთ.
– გისმენთ, კაპიტანო.
– ზღვის წყალი მდინრის წყლზე რომ უფრო მკვრივია, ეს თქვენც მოგეხსენებათ. თუმცა, ეს სიმკვრივე ცვალებადია. მდინარის წყლის სიმკვრივე რომ ერთეულად დავსახოთ, მაშინ ატლანტის ოკეანის წყლის სიმკვრივე იქნებოდა – 1.028, წყნარი ოკეანისა – 1.026, ხმელთაშუა ზღვისა კი – 1.030.
– აჰა, – გავიფიქრე გუნებაში, – მაშ, ეს ხმელთაშუა ზღვის ფსკერზედაც დაშვებულია.
– იონის ზღვაში წყლის სიმკვრივე უდრის 1.018-ს, ადრიატიკის ზღვაში კი – 1.029-ს.
როგორც ეტყობა, “ნატუილუსი” ევროპის ზღვებს არ გაურბის! და გულში იმედი აღმეძრა – ალბათ უფრო განათლებული ხმელეთისკენაც წაგვიყვნს-მეთქი. ნედ ლენდმა სიამოვნებით მომისმინა, როცა ეს ამბავი გავუზიარე.
ამის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა და კაპიტანი ნემო თვალით ვეღარ ვნახე.
16 თებერვალს “ნატუილუსს” თითქოს მისძინებოდა რამდენიმე მეტრის სიღრმეზე. ელექტრონის მოწყობილობა არ მუშაობდა, ბორბალი უმოძრაოდ იდგა და გემი წყნარად ლივლივებდა სტიქიონის ნებაზე.
ვიფიქრე, ალბათ გემი შიგნით უნდა შეაკეთონ-მეთქი.
ამავე დროს, მე და ჩემი ამხანაგები სახალისო სურათს ვუმზერდით. დარბაზში ფანჯრის დარაბების გაწეული იყო და რადგანაც “ნატუილუსის” შუქურა არ მოქმედებდა, იქ სრულიად ბნელოდა.
უზარმაზარი თევზები ჩრდილებივით მოჩანდა “ნატუილუსი” უცებ გაკაშკაშდა. ჯერ მეგონა, შუქურა აანთეს და ელექტრონის სინათლე იქიდან მოეფინა-მეთქი, მაგრამ ჩემს შეცდომას მალე მივხვდი.
“ნატუილუსი” მიცურავდა ფოსფორულად მანათობელ, მიკროსკოპული ცხოველებით სავსე წყლის ფენაში, რომელთა ფოსფორულ სინათლეს აძლიერებდა ლითონს გემის შეხებაც.
განათებული წყლის ფენაში კაშკაშებდა ზოლები გამდნარი ტყვიის ან თეთრად განათებული ლითონის მსგავსად. არა, ეს არ იყო ჩვეულებრივი სინათლის ციალი, აქ იყო განსაკუთრებული ძალა და მოძრაობა. ეს შუქი ცოცხალ, მოფუსფუსე სანთელს ჰგავდა.
– პროფესორო, ამიხსენით, გეთაყვა, რა არის ეს? – შემეკითხა კონსეი.
– ეს არის გამჭირვალე ცოცხალი ბურთულები, რომელსაც ძაფისმაგვარი ნესტარი აქვს, ერთ კუბურ სანტიმეტრ წყალში 25.000-მდეა.
– დახეთ, როგორ ანათებს! – შენიშნა ნედმა.
რამდენიმე საათის განმავლობაში მიცურავდა “ნატუილუსი” ამ ელვარე ტალღებში. ჩვენს განკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც დავინახეთ, რომ უშველებელი ზღვის ცხოველები ჯოჯოებივით უშნოდ ეტორღიალებოდნენ ერთმანეთს. ამ ცეცხლის მსგავს სინათლეში დავინახე ლამაზი ზღვის ღორები, რომლებიც მოუსვენრად კოტრიალებდნენ ჯამბაზებივით. მერე წვრილი თევზებიც გამოჩნდა – და ყოველივე ეს კაშკაშა სინათლეში დასრიალებდა.
მომხიბლავი, წარმტაცი სანახაობა იყო!
ჩვენ მივცურავდით უფრო და უფრო შორს და ახალ-ახალი სანახაობა გვაოცებდა.
დღეები დღეებს მისდევდა, მათი სათვალავიც დამავიწყდა. ნედი სანოვაგეს დასტრიალედა და გემის ერთფეროვან საჭმელს უჩიოდა. ისე ვცხოვრობდით, როგორც ლოკოკინები. თითოეული ჩვენგანი საკუთარ ნაჭუჭში შემძვრალიყო. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ არც ისე ძნელი ყოფილა ლოკოკინად გადაქცევა.
ასეთი ცხოვრება გვეადვილებოდა კიდეც და ბუნებრივად გვეჩვენებოდა. თანდათან ვივიწყებდით, რომ დედამიწის ზურგზე სხვაგვარი ცხოვრებაც დუღს.
მაგრამ ერთმა გარემოებამ კვლავ მწარედ გაგვახსენა ჩვენი უმწეო მდგომარეობა.
18 თებერვალს ჩვენ ვიმყოფებოდით გრძედის 105 გრადუსზე და სამხრეთ განედის 15 გრადუსზე.
გაავდრებას აპირებდა, ზღვა ღელავდა, ღმუოდა და დუღდა. აღმოსავლეთის ქარი მძლავრად უბერავდა. ბარომეტრი რამდენიმე დღე სულ დაბლა ეშვებოდა… ეს კი მომასწავებელი იყო ძლიერი ქარტეხილისა.
ბაქანზე ავედი სწორედ იმ დროს, როდესაც კაპიტნის თანაშემწე ზღვას ზვერავდა.
– ზვერვას მორჩება და თავის ყოველდღიურ ფრაზას ჩასძახებს! – გავიფიქრე გულში, მაგრამ ჩვეულებრივი ფრაზის მაგივრად სხვა თქვა, თუმცა ვერც ის გავიგე.
რაწამს ძირს ჩასძახა, ბაქანზე გამოჩნდა კაპიტანი ნემო. ხელში დურბინდი ეჭირა. რამდენიმე წუთს უძრავად იდგა და ერთ წერტილს მისჩერებოდა, შემდეგ დურბინდი ძირს დაუშვა და თანაშემწეს გამოელაპარაკა. თანაშემწე ძალიან აღელვებულს ჰგავდა, თუმცა ცდილობდა არ შეემჩნია.
კაპიტანი უფრო თავშეკავებული და ჩვეულებისამებრ, გულგრილი იყო. თითქოს საწინააღმდეგოს უმტკიცებდა თანაშემწეს, რომელიც ცდილობდა თავის სიმართლეში დაერწმუნებინა კაპიტანი.
ლაპარაკის კილოს და ხელების მოძრაობის მიხედვით გამოვიტანე ეს დასკვნა.
გაფაციცებით ვაკვირდებოდი იმავე წერტილს, რასაც ისინი მისჩერებოდნენ, მაგრამ ვერაფერს ვამჩნევდი. ჰორიზონტის ხაზზეც ცა და ოკეანე ერთდებოდა, ეს იყო და ეს.
კაპიატნი ნემო ბაქანზე ბოლთას სცემდა. ჩემთვის არც შემოუხედავს, იქნებ ვერც კი შემამჩნია. მისი ნაბიჯი მტკიცე იყო, მაგრამ ისეთი ზომიერი არა, როგორც ჩვეულებრივ; ხან შეჩერდებოდა და გულხელდაკრეფილი გასცქეროდა ზღვას.
რას ეძებდა ამ უსაზღვრო სივრცესი? “ნატუილუსი” ამ დროს რამდენიმე ასეული მილით იყო დაშორებული უახლოესი ნაპირებიდან.
მისმა თანაშემწემ ისევ დურბინდს დასტაცა ხელი და ჰორიზონტს მიაჩერდა. ის მიდიომოდიოდა, ფეხებს აბაკუნებდა და ეტყობოდა, თანდათან უფრო ღელავდა.
– ნეტავ, რას ნიშნავს ყოველივე ეს? – ვფიქრობდი ჩემთვის, – მაგრამ როდისმე ხომ გამომჟღავნდება ეს საიდუმლო, ალბათ ძალიან მალე, რადგან კაპიტან ნემოს განკარგულებით “ნატუილუსი” უფრო სწრაფად გაუშვეს.
თანაშემწემ კაპიტანს რაღაც საგანზე მიუთითა. კაპიტანი შედგა და დურბინდით მიაჩერდა ნაჩვენებ წერტილს. დიდხანს უმზირა. მეც დიდად დავინტერესდი; ჩავირბინე დარბაზში, მშვენიერი დურბინდი ამოვარბენინე, შუქურას შუშაბანდზე დავებჯინე და ზღვის დათვალიერება დავაპირე.
მაგრამ თვალებთან მიტანილი დურბინდი ხელიდან წამგლიჯეს. ავიხედე, ჩემ წინ იდგა კაპიტანი ნემო. ვეღარ იცნობდით. სახე შეშლოდა, თვალები ცეცხლივით უელავდა, წარბები მოეჭმუხნა, მუშტები მოეკუმშა, თავი უკან გადაზნექოდა და მრისხანებას მოეცვა მთელი მისი არსება; ჩემი დურბინდი მის ფეხებთან გაგორდა.
რითი გამოვიწვიე მისი მრისხანება? იქნებ, იფიქრა რომ შევიტყვე რამე მისი საიდუმლოება, რომელიც არ უნდა სცოდნოდა “ნატუილუსის” მგზავრს?
არა! ეს განრისხება მე არ გამომიწვევია, მას ჩემთვის არც კი შემოუხედავს, მისი თვალები ჰორიზონტს მისჩერებოდა.
ბოლოს კაპიტანი ნემო ისევ მოვიდა გუნებაზე, მისმა სხემ ჩვეულებრივი, მშვიდი გამომეტყველება მიიღო. თანაშემწეს რამდენიმე სიტყვა უთხრა მათი ენით და შემდეგ მე მომმართა ბრძანების კილოთი:
– პროფესორო არონაკს, მე მოვითხოვ თქვენგან იმ ვალდებულების შესრულებას, რომელიც ჩვენ შორის არსებობს!
– რა ამბავია კაპიტანო?
– ნება მიბოძეთ, თქვენ და თქვენი ამხანაგები იმ დრომდე გამყოფოთ ჩაკეტილები, ვიდრე საჭიროდ მივიჩნევ!
-ბატონ-პატრონი აქ თქვენ ბრძანდებით, – ვუპასუხე და თვალი გავუსწორე, – მხოლოდ, ნება მიბოძეთ ერთი კითხვა დაგისვათ.
– არც ერთი, პროფესორო!
ასეთი პასუხის შემდეგ შეკამათება შეუძლებელი იყო.
ამის შემდეგ ჩავედი ნედ ლენდისა და კონსეის კაიუტაში და კაპიტნის დავალება გადავეცი.
წარმოიდგინეთ, რა დაემართებოდა კანადელს.
კართან გვიცდიდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, რომელთაც მიგვაცილეს იმ კაიუტამდე, სადაც პირველი ღამე გავათიეთ “ნატუილუსზე”. ნედ ლენდი წინააღმდეგობის გაწევას აპირებდა, მაგრამ პასუხის ნაცვლად, ხელის ოდნავი კვრით შემოაგდეს კაუტაში და კარი მოხურეს.
– პროფესორო, ვრ აგვიხსნი, რას ნიშნავს ეს? – მომიბრუნდა კონსეი.
მეც ყველაფერი მოვუყევი, რაც ბაქანზე მოხდა, მაგრამ ვერც ჩემი ამხანაგები გაერკვნენ საქმის ვითარებაში.
კაპიტან ნემოს მრისხანე, ბოროტი გამომეტყველება თვალიდან არ მშორდებოდა, ბევრი ფიქრი მიტრიალებდა თავში, მაგრამ ვერაფერი მომესაზრებინა. უცებ ნედის სიტყვებმა გამომაფხიზლა:
– ერთი უყურეთ, საუზმე მოურთმევიათ!
მართლაც მაგიდაზე საუზმე იდო. როგორც ჩანს, როდესაც კაპიტანმა “ნატუილუსის” სწრაფი სვლა ბრძანა, საუზმეც მაშინ იზრუნა.
– პროფესორო, ნება მიბოძეთ, ერთი რჩევა მოგცეთ, – მითხრა კონსეიმ.
– თქვი, ჩემო მეგობარო.
– დაბრძანდით და ისაუზმეთ, ყველაფერს ეს სჯობია. ჩვენ ხომ არ ვიცით, შემდეგ რა მოხდება.
– მართალი ხარ, კონსეი.
– უბედურება ის არის, რომ თავისებური საჭმელები მოუტანიათ, – დაუმატა ნედმა.
– მეგობარო ნედ, – უპასუხა კონსეიმ, – მაშ რაღას იტყოდით, სულ რომ არ მოეტანათ?!
მაგიდას მივუსხედით. საუზმემ უსიტყვოდ ჩაიარა. მე უმადოდ ვჭამდი. კონსეიც ძალად ცდილობდა, ეჭამა. ნედს კი არც ერთ გარემოებაში მადა არ ეკარგებოდა.
საუზმის შემდეგ, ყველანი ჩვენი ადგილებისაკენ გავეშურეთ. უცებ სინათლე ჩაქრა. ნედმა მაშინვე ხვრინვა ამოუშვა. გამიკვირდა, რომ კონსეიმაც ძილს მისცა თავი.
– ასე მალე რად მოერიათ ძილი? – გავიფიქრე გუნებასი. თან ვიგრძენი, რომ თავი დამიმძიმდა, თითქოს გამიბრუვდა. თვალებს ვაჭყეტდი, მაგრამ ქუთუთოები თავისთავად მეხუჭებოდა.
ალბათ, ჩვენს საუზმეში ძილის წამალი თუ გაურიეს. კაპიტანი მხოლოდ ჩვენი დამწყვდევით არ დაკმაყოფილდა. მისთვის საჭირო იყო მკვდარივით დავეძინებინეთ, რომ არ შეგვეტყო ის, რაც “ნატუილუსზე” მოხდა თუ უნდა მომხდარიყო.
მესმოდა, დარაბები რომ დაუშვეს. ზღვის ღელვა, რომელიც გემს გარდიგარდმო ოდნავ არყევდა, მიწყნარდა. “ნატუილუსი” ისევ ოკეანის ზედაპირზე იყო თუ სიღრმეში, არ ვიცოდი.
ვუძალიანდებოდი თვლემას, მაგრამ შეუძლებელი ხდებოდა. სუნთქვა დამისუსტდა. სიკვდილივით ცივი ჟრუანტელი მივლიდა ტანში და თანდათან მთელი სხეული მიდუნდებოდა. ქუთუთოები ტყვიის სარქველებივით დამეხურა თვალებზე. მტკივნეული და მოუსვენარ ძილში წავედი, რაღაც სანახაობანი მელანდებოდა, მაგრამ ბოლოს ყველაფერი გაქრა და უგონოდ ჩამეძინა.

თავი XXXII
მარჯნის სასაფლაო

მეორე დღეს, საღსალამათს გამეღვიძა. თავი არ მტკიოდა. ძალზე კარგ გუნებაზე ვიყავი. განცვიფრებაში მოვედი, რომ ჩემს კაიუტაში გამეღვიძა. ალბათ, ჩემი ამხანაგებიც მძინარენი გადაიყვანეს თავიანთ კაიუტაში. მათაც ჩემსავით არაფერი იცოდნენ, რა მოხდა წუხელ.
– თავს ტყუილად იტეხ, – ვეუბნებოდი ჩემს თავს, – რაიმე შემთხვევა თუ გამოამჟღავნებს მათ საიდუმლოებას. ბაქანზე ავალ! მაგრამ გასვლა კი შემიძლია? იქნებ აქაც ჩამკეტეს?
კარს ხელი ვკარი, მაშინვე გაიღო. შუა საუკუნისკენ გავწიე. გუშინ დაკეტილი დარაბები ჩამოეშვათ და ბაქანზე ავედი. ნედ ლენდი და კონსეი უკვე იქ იყვნენ. გამოვკითხე, როგორ გაატარეს ღამე, ღრმად სძინებოდათ და სრულებით არა ახსოვდათ რა. უკვირდათ, რომ თავის კაიუტაში გაეღვიძათ.
“ნაუტილუსი”, როგორც ყოველთვის, საიდუმლოებით იყო მოცული და ზღვის ზედაპირზე სვლით მიცურავდა. თითქოს მასზე არავითარი ცვლილება არ მომხდარიყოს.
ნედი გულმოდგინედ აშტერდებოდა ზღვას, მაგრამ იგი უსაზღვრო უდაბნოდ გადაჭიმულიყო.
კანადელმა ვერსად მოჰკრა თვალი ვერც იალქანს, ვერც ხმელეთს. დასავლეთის ძლიერი ქარი ქროდა, ზღვა ღელავდა, ბობოქრობდა.
– დღეს, ცოტა არ იყოს, გვარყევს. – შენიშნა კონსეიმ.
“ნაუტილუსი” ხან ზედაპირზე ამოცურდებოდა, ხან 15 მეტრის სიღრმეზე ჩაიმალებოდა, რომ საჭიროების დროს სწრაფად ამოცურებულიყო ზედაპირზე. იმ დღეს რამდენჯერმე ამოცურდა ზედაპირზე. ეს არაჩვეულებრივი მოვლენა იყო. მაშინვე ბაქანზე ამოვიდა კაპიტნის თანაშემწე და ჩვეულებრივი ფრაზა ჩასძახა გემის შიგნით.
კაპიტანი ნემო კი არსად ჩანდა, მხოლოდ ერთი უსიტყვო მსახური დავინახე, რომელიც გულმოდგინედ, ჩვეულებრივ მდუმარედ ასრულებდა თავის საქმეს.
ორი საათი იქნებოდა, როდესაც დარბაზში შევედი და ჩემი დღიურების გადარჩევა დავიწყე.
უცებ კაპიტანმა შემოაღო კარი და შემოვიდა. თავის დაკვრით მივესალმე, იმანაც ოდნავ თავის დახრით მიპასუხა, ხმის ამოუღებლად. მე ისევ ჩემს ჩანაწერებს მივუბრუნდი, გულში კი იმედი მომეცა, რომ გამაგებინებდა წუხანდელ ამბებს, მაგრამ დუმდა.
შევხედე, მოქანცული სახე ჰქონდა, დაწითლებული თვალები. ეტყობოდა, უძილო ღამე გაეტარებინა. სახეზე ღრმა სევდა და მწუხარება აღბეჭდოდა, ხან ბოლთას სცემდა, ხან ჩამოჯდებოდა, ხან წამოდგებოდა, რომელიმე წიგნს აიღებდა ხელში და იქვე დადებდა. თავის ხელსაწყო ინსტრუმენტებს შესცქეროდა, მაგრამ ჩვეულებრივ დაკვირვებას არ ახდენდა. ბოლოს მომიახლოვდა.
– თქვენ ექიმი ხართ, პროფესორო არონაკს?
ეს კითხვა ისეთი მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ ერთხანს უსიტყვოდ მივაჩერდი.
– ექიმი ბრძანდებით? – გამიმეორა მან, – თქვენს ამხანაგებს ბევრსა აქვს შესწავლილი მედიცინა.
– მართალია, – ვუპასუხე მე, – სანამ მუზეუმში მოვეწყობოდი, საავადმყოფოს ექიმი და ორდინატორი გახლდით.
– დიდად მოხარული ვარ, პროფესორო.
ჩემი პასუხით კმაყოფილი დარჩა კაპიტანი, მაგრამ ვერ გამეგო, რისთვის მეკითხებოდა ამას და ახლა კითხვის მოლოდინში ვიყავი.
– არ იკისრებდით ერთ-ერთი ჩემი ამხანაგის მკურნალობას?
– ავად გყავთ ვინმე?
– დიახ.
– მზად ვარ, ახლავე გამოგყვეთ.
– მობრძანდით.
უნდა გამოვტყდე, რომ გული საშინლად ამიძგერდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ვფიქრობდი, ამ ადამიანის ავადმყოფობას წუხალდელ თავგადასავალთან ჰქონდა კავშირი. ეს საიდუმლო დათვითონ თვითონ ავადმყოფიც ძალიან მაინტერესებდა.
კაპიტანმა საჭის განყოფილებაში გამაატრა და სამეზღვაუროს გვერდითა კაიუტაში შემიყვანა.
იქ იწვა ორმოციოდე წლის ენერგიული სახის მამაკაცი.
– ნამდვილი ანგლოსაქსია! – გავიფიქრე.
მისკენ დავიხარე. ავადმყოფის გარდა, იგი დაჭრილიც იყო. თავი ორ ბალიშზე ჰქონდა მისვენებული. ჭრილობა გავუხსენი, გავუსინჯე და მაშინვე მივხვდი, რომ ვერაფერს გავაწყობდი. ჭრილობა შემზარავი იყო: თავის ქალა გაჭეჭყილი ჰქონდა რაღაც ბლაგვი იარაღით, ტვინი თეთრად მოჩანდა და დაზიანებული იყო. სისხლი ზედ შეხმობოდა. აქ იყო კონტუზია და ტვინის შერყევა. ავადმყოფი მძიმედ სუნთქავდა, სახის კუნთები ეკრუნჩხებოდა. ტვინის ანთება ჰქონდა.
მაჯა გავუსინჯე, ძალიან სუსტად უცემდა… ხელ-ფეხი ეყინებოდა. სიკვდილი უახლოვდებოდა.
ჭრილობა ხელახლა შევუხვიე, ბალიშები გავუსწორე და კაპიტანს მივუბრუნდი;
– რისგან აქვს ეს ჭრილობა?
– თქვენთვის რა საჭიროა ამის ცოდნა? – მიპასუხა კაპიტანმა, – “ნაუტილუსი” ძლიერად შეირყა. ამ შერყევაზე მანქანის ერთი ბერკეტი გატყდა და თავში მოხვდა. ჩემი თანაშემწე მის გვერდით იდგა… მაგრამ ეს შეეგება განსაცდელს… მეგობარი მეგობარს შეენაცვლა, – ამაზე უფრო მარტივი და გასაგები რა იქნება. ეს კანონია ჩვენს “ნაუტილუსზე”. რას ფიქრობთ მისი მდგომარეობის შესახებ?
შევყოყმანდი, პასუხის გაცემა ვერ გამებედა.
– შეგიძლიათ მითხრათ, – მომმართა კაპიტანმა, – მას ფრანგული არ ესმის.
უკანაკსნელად გადავხადე დაჭრილს და მერე ვუპასუხე:
– ორი საათის შემდეგ გათავდება.
– არაფერი ეშველება?
– არაფერი!
კაპიტან ნემოს ხმა აუთრთოლდა, თვალებიდან რამდენიმე კურცხალი ჩამოუგორდა.
მე კი მეგონა, რომ მის ხასიათს ტირილი არ ეთვისებოდა.
რამდენიმე წუთს დავცქეროდი მომაკვდავს; მისი სიცოცხლე ნელ-ნელა ქრებოდა; ელექტრონის სინათლეზე ფერმკრთალი სახე უფრო გაფითრებლი უჩანდა. დავცქეროდი მის გონიერ, ჭკვიან სახეს, რომელიც ადრეული ნაოჭებით ჰქონდა დასერილი. ვინ იცის, ეს ნაოჭები რა სიმწარისა და მწუხარების კვალი იყო?! ვინ იცის, როდინდელი?
იმედი მქონდა, რომ მომაკვდავის უკანასკნელი სიტყვები მაინც მიმახვედრებდა რაიმეს.
– შეგიძლიათ მიბრძანდეთ, პროფესორო არონაკს, – მითხრა კაპიტანმა.
კაპიტანი იქვე დავტოვე და ამ სცენით აფორიაქებული ჩემს კაიუტაში დავბრუნდი.
მთელ დღე აფორიაქებული ვიყავი, ღამე მოუსვენრად მეძინა, წამდაუწუმ მეღვიძებოდა და შორეული ოხვრა მომესმოდა.
მეორე დღეს დილითვე ბაქანზე ავედი. კაპიტანი ნემო იქ დამხვდა. რაწამს დამინახა, ჩემთან მოვიდა.
– პროფესორო, გსურთ ზღვის ფსკერზე გასეირნება?
– ჩემი ამხანაგებით?
– თუკი ისურვებენ!
– გეახლებით კაპიტანო.
– მაშ, სკაფანდრები ჩაიცვით.
მომაკვდავის შესახებ კი კრინტიც არ დაუძრავს.
ნედსა და კონსეის შევუარე და ვაცნობე კაპიტნის წინადადება. ორივე სიხარულით დამთანხმდა.
დილის 8 საათი იყო. ათის ნახევარზე უკვე ჩაცმული და აღჭურვილი ვიყავით. სასუნთქი და მანათობელი აპარატებიც თან გვქონდა.
ორმაგი კარი ღია იყო. კაპიტან ნემოს ოციოდე კაცი ახლდა გემის ეკიპაჟიდან. მათ მოჰქონდათ რაღაც მოგრძო საგანი. ჩვენ 10 მეტრის სიღრმეზე ჩავეშვით.
ოდნავ დაღმართს ფართოდ ჩაღრმავებული ადგილისაკენ მივყავდით. ზღვის ფსკერი აქ სრულებით განირჩეოდა იმ ფსკერისაგან, რომელიც პირველ გასეირნების დროს ვნახეთ. აქ არსად ჩანდა არც წმინდა შლამი, არც წყალქვეშა მინდორი, არც ტყე ეს იყო მარჯნის სამეფო.
მარჯანი საგულისხმო არსებაა. უწინ ხან მადანი ეგონათ, ხან – მცენარე, ხან – ცხოველი.
უწინდელ ხალხს მარჯანი სამკურნალო საშუალებად მიაჩნდათ. შუა საუკუნეებში ალმასად თვლიდნენ და მხოლოდ 1694 წელს მიაკუთვნა პეისონელმაიგი მარჯანი ცხოველთა სამეფოს.
მარჯანი არის მიკროსკოპულ ცხოველთა შენაერთი, მრავლდება სიპინზე და ქვის მაგვარი მსხვრევადი თვისებისაა. თითოეული ცხოველი საკუთარი სიცოცხლით ფეთქავს, მაგრამ თითოეულის სიცოცხლე საერთო სიცოცხლესთანაა გადაბმული.
ჩემთვის ამაზე მეტი საყურადღებო რაღა იქნებოდა! ისეთი გაქვავებული ტყის ნახვა, რომელიც ბუნებას ზღვის ფსკერზე მოუთავსებია!
რუმკორფის მანათობელი მოწყობილობა ავამუშავეთ. ჩვენ მივდიოდით მარჯნის ფსკერზე. სავალ გზას ერტყა გაუვალი ჯაგნარი, რომელიც დაფარული იყო თეთრად შუქმფინარე ვარსკვლავა ყვავილებით. მაგრამ ეს ხის მსგავსი ბუჩქები თავდაყირა იზრდებოდა.
სინათლე მომხიბვლელად ციმციმებდა წითლად მოკაშკაშე შტოებში. ისე მეჩვენა, თითქოს ეს ცილინდრის მოყვანილობის გარსიანი ლულები წყლის ციალისაგან თრთოდა. ყვავილნარში მალხაზი თევზები ისე დასრიალებდნენ, როგორც ჰაერში ფრინველები.
მაგრამ რაწამს ხელს მივაკარებდი მარჯნის ცხოველებს, აიშლებოდნენ, შუქმფენი ყვავილები სადღაც ქრებოდნენ და მთელ ბუჩქი ხორკლიანი ქვის ბორცვად ხდებოდა.
ბუჩქნარი გაბმით მისდევდა ერთიმეორეს, “ხეები” თანდათან უფრო მაღლდებოდა.
ჩემ თვალწინ იშლებოდა გაქვავებული ტყის გრძელი ხეივნები.
კაპიტანი ნემო დაბურულ ხეივანში შევიდა. ხეივანი დაღმართ-დაღმართ მიემართებოდა და ასი მეტრის სიღრმეზე ჩაგვიყვანა. ჩვენი მანათობელი აპარატები სინათლეს ჰფენდა ხორკლიან თაღებს და ძვირფასი ქვების მსგავსად აელვარებდა.
ორი საათის სიარულის შემდეგ, სამასი მეტრის სიღრმეს მივაღწიეთ, იმ საზღვარს, სადაც მარჯნის ცხოველებს კიდევ შეუძლიათ არსებობა. აქ უკვე აღარსად ჩანდა არც განმარტოებული ბუჩქი, არც ცეროდენა ხეები, – აქ იყო მხოლოდ უზარმაზარი გაქვავებული ხეები, ერთიმეორეზე გრეხილებით მკლავგადაბმული.
ენით აუწერელი სანახაობა იყო.
კაპიტანი ნემო უცებ შედგა. მისი ამხნაგებიც მის გარშემო გაჩერდნენ. კარგად რომ დავაკვირდი, გავარჩიე, რომ ოთხ მათგანს მხარზე გადებული ჰქონდა ის მოგრძო საგანი, რომელიც წამოსვლის დროს დავინახე.
ჩვენ შევჩერდით ამ გაქვავებული ტყის შუა მდებარე ფართო ველზე.
ჩვენი სანათურები მკრთალად ანათებდა მიდამოს. ჩვენი ჩრდილები გრძლად იჭიმებოდა. ველის იქით უკუნი სიბნელე იდგა, იშვიათად თუ გაკრთებოდა შუქი მარჯნის ბუჩქებზე,
ნედი და კონსეი ჩემ გვერდით იდგნენ. გაფაციცებული შევცქეროდით რა უნდა მომხდარიყო ახლა. ნიადაგს დავაკვირდი: პატარა, ამობურცული ბექოებით იყო მობენილი. ბექობები კირის მაგვარი მტვრით დაფარულიყო დ ერტიმეორეს მწყობრად მისდევდა. ეტყობოდა, აქ ადამიანის ხელს ემუშავა.
ველის შუაში მარჯნის ჯვარი იყო აღმართული, რომელსაც კვარცხლბეკად ჰქონდა გაკეთებული მარჯნის ნატხების გროვა. მარჯნის ჯვარი მუქსისხლისფრად ელვარებდა.
კაპიტანმა ანიშნა, ერთ მხლებელთაგანს, რომელიც მიუახლოვდა მარჯნის ჯვარს და წერაქვით თხრა დაუწყო.
მაშინ კი ყველაფერს მიხვდვი.
აქ იყო სასაფლაო. სამარეს თხრიდნენ. ის მოგრძო საგანი წუხნდელი გარდაცვლილი ამხანაგის ცხედარი იყო. კაპიტანმა და მისმა ამხანაგებმა მიცვალებული ოკეანის მიუდგომელ ფსკერზე ჩამოასვენეს დასაკრძალად.
სამარეს ნელ-ნელა ჭრიდნენ. გარშემო აფორიაქებული თევზები ირეოდნენ. განუწყვეტლივ გაისმოდა რკინის წერაქვის დაგადუგი.
სამარე თანდათან ღრმავდებოდა, განივდებოდა და მალე იმხელა გახდა, რომ ცხედარს ჩაიტევდა.
თეთრ სასახლე სამარეში ჩაასვენეს, მიწა მიაყარეს და ბექობი მოასწორეს.
კაპიტანი და მისი მხლებლები სამარეს მიუახლოვდნენ და მუხლი მოიდრიკეს უკანასკნელი გამოთხოვების ნიშნად.
მერე ყველანი უკან გამოვბრუნდით, გამოვიარეთ იგივე მარჯანის ტყე და თაღგადაკრული მარჯნის მღვიმე-ხეივანი.
“ნაუტილუსის” სინათლემ გზა გვიჩვენა და ნაშუადღევის პირველ საათზე გემზე დავბრუნდით. მაშინვე ტანსაცმელი გამოვიცვალე, ბაქანზე ავედი და შუქურასთან ჩამოვჯექი.
ათასი შავბნელი ფიქრი მიტრიალებდა თავში.
მალე კაპიტანი ნემოც გამოჩნდა. წამოვდექი და მივმართე:
– ჩემი ნათქვამი ასრულდა, კაპიტანო, ის ადამიანი წუხელ გარდაიცვალა?
– დიახ, პროფესორო, – მიპასუხა კაპიტანმა.
– და ახლა ისიც განისვენებს თავისი ამხანაგების გვერდით, მარჯნის სასაფლაოზე…
– დიახ, დავიწყებული ყველასაგან, ჩვენ გარდა. ჩვენ გავუთხარეთ სამარე, მარჯნის პოლიპები კი აუგებენ საუკუნო აკლდამას.
კაპიტანმა თვალებზე მიიფარა ხელები, ქვითინი შეიკავა და დაუმატა:
– აქ, ასიოდე ფუტის სიღრმეზე ზღვის ზედაპირიდან მდებარეობს ჩვენი მყუდრო სასაფლაო.
– თქვენი მიცვალებულები, კაპიტანო, იქ მაინც მოსვენებით მიიძინებენ და ნათელთევზები ვერ მიეკარებიან მათ.
– დიახ, პროფესორო არონაკს, – მძიმე ოხვრით მიპასუხა კაპიტანმა ნემომ.
– ვერც ნათელთევზები და ვერც ადამიანები!

(ნაწ. I – თავი 1-17)(ნაწ. II – თავი 1-11)

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

7 votes, average: 4.71 out of 57 votes, average: 4.71 out of 57 votes, average: 4.71 out of 57 votes, average: 4.71 out of 57 votes, average: 4.71 out of 5

› ოტია იოსელიანი: გერი და დედინაცვალი

იყო და არა იყო რა, იყო ცოლ-ქმარი და ერთადერთი ქალიშვილი ჰყავდათ. როცა დაიბადა, დედ-მამა სიხარულით ცას ეწია და მზისა დაარქვეს — ნათელს, სითბოსა და სიყვარულს არ მოგვაკლებსო, მაგრამ ყოველთვის მზეთუნახავები › › ›

DU