1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ჩვენი მიწა-წყალი : მცხეთა-მთიანეთი

ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკებს: ჩრდილოეთ ოსეთს, ინგუშეთსა და ჩეჩნეთს, დანარჩენი მოსაზღვრე რეგიონები: კახეთი და შიდა ქართლი – საქართველოს რეგიონებია. მცხეთა-მთიანეთის ტერიტორია 6.8 ათასი კვ. კმ-ია, რაც საქართველოს ტერიტორიის თითქმის 10%-ს შეადგენს. მოსახლეობა 125 ათასი კაცია და წარმოადგენს ქვეყნის მოსახლეობის 3.2%-ს.
მცხეთა-მთიანეთი ხუთი ადმინისტრაციული ერთეულისაგან შედგება: ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის რაიონები. ხოლო ისტორიულ-გეოგრაფიული თვალსაზრისით იგი მოიცავს: ხევის, ერწო-თიანეთის, ფშავის, ხევსურეთის, გუდამაყარისა და ნაწილობრივ ქსნისხევის ისტორიულ პროვინციებს.

გეოგრაფია

მცხეთა-მთიანეთი საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი და მრავალფეროვანი მხარეა, აქ ერთმანეთის გვერდი-გვერდაა კავკასიონის მთავარი ქედის თოვლიანი მთები 3500 მეტრის და 5000 მეტრის მწვერვალებითა და უღელტეხილებით, ულამაზესი ხეობები, იქ ჩაკარგული ტბები და ალპური ველ-მინდვრები. საოცრად ლამაზია ხევისა და ხევსურეთის კავკასიონი. იგი ციცაბო ფერდობებით ეშვება არაგვის ვაკეზე და განუმეორებელ პეიზაჟს ქმნის. კავკასიონის ქედზე არსებული რამდენიმე უღელტეხილიდან ერთ-ერთი – ჯვრის უღელტეხილით, რომელიც განუმეორებელი სილამაზის საქართველოს სამხედრო გზაზე მდებარეობს, საქართველო ისტორიულად ჩრდილოეთ კავკასიას უკავშირდებოდა. საქართველოს ეს მშვენიერესი პროვინციააღწერილი აქვთ, როგორც გამოჩენილ ქართველ პოეტებსა და მწერლებს ისე მრავალ უცხოელ მოგზაურს.

ისტორია

მცხეთა არა მხოლოდ საქართველოს უძველესი დედაქალაქი იყო, არამედ მისგან დაიწყო ქართული ცივლიზაციის ისტორია. მცხეთისა და “დიდი მცხეთის” ტერიტორია დასახლებული იყო ადრინდელი შუა ბრინჯაოს ხანაში (ძვ.წ. III-II ათასწლეული). გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანაში (ძვ.წ. II-I ათასწლეული) იგი მჭიდროდაა დასახლებული (სამთავროს, ზემო ავჭალის, წიწამურის, ნარეკვავის, წეროვნის, ნაბაღრევის სამაროვანი და ნამოსახლარები). ბრინჯაო-რკინის ხანაში მოსახლეობათა ურთიერთობა კავკასიის ცივილიზაციის სინქრონულ კერებთან სამთავროს მეშვეობით მეშვეობით ხორციელდებოდა. ძვ.წ. IV საუკუნის ბოლოდან მცხეთა ახლად წარმოქმნილი ქართლის (იბერიის) სამეფოს პოლიტიკური ცენტრია. ქალაქის დაწინაურებასა და განვითარებას ხელს უწყობდა ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა – აქ გადიოდა საერთაშორისო სავაჭრო გზები, რომლებიც მდინარეების არაგვისა და მტკვრის გაყოლებით მიემართებოდა.
მცხეთა იყო საქართელოში ქრისტიანობის გავრცელებისაკვანი და ქრისტიანული რელიგიის ცენტრი XII საუკუნემდე. მცხეთა-მთიანეთის რეგიონი, როგორც სასაზღვრო ზოლი, რომელიც უმკაცრესი პირობების მიუხედავად იცავდა ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვრებს, დღემდე რჩება საუკუნეებით ჩამოყალიბებული ადათ-წესების დამცველად. მთელი რიგი პროვინციები: ხევი, პირიქითა ხევსურეთი მკაცრი ბუნებრივი პირობების გამო წელიწადის უმკაცრეს ზამთრის თვეებში მოწყვეტილია დანარჩენ საქართველოს. აქედან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია ის გმირობა, რომლითაც გამოირცეოდა ამ პროვინციების მოსახლეობა, მათ მიერ გადატანილი ბრძოლები და შესრულებული როლი საქართველოს ჩრდილოეთის საზღვრების დასაცავად.

ჰავა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დაბლობ ნაწილში ჰავა ზომიერად ნოტიოა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი, თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 11°C, იანვარში კი – 0°C-ზე დაბალია; დაფიქსირებულია აფსოლიტური მინიმალური -30°C, აბსოლიტური მაქსიმალური +39°C. მთაში ნამდვილ ზაფხულს მოკლებული მაღალმთის ზომიერად ნოტიო ჰავაა, ხოლო 3300-3400 მეტრზე ზემოთ – მაღალმთის ჰავა ჭარბი თოვლითა და მყინვარებით. საშუალო წლიური ტემპერატურა 2350 მეტრის სიმაღლეზე 0°C-მდეა, ხოლო ზემოთ – მნიშვნელოვნად დაბალი. ნალექების მაქსიმუმი ზაფხულობით, მაისში მოდის. ზამთრობით თოვლი თითქმის მთელ რეგიონში დევს, თოვლის საბურველის სიმაღლე დაბალ ზონაში უმნიშვნელოა, მაღალმთიან ნაწილში კი ცალკეულ წლებში 3,5 მეტრს აღწევს. ყაზბეგის რაიონში 2600-3600 მეტრის სიმაღლის ზონაში ნამდვილი ზაფხული არასოდეს დგება. 3600 მეტრზე მაღლა მუდმივი თოვლი და მყინვარებია, ნალექები უმეტესად თოვლის სახით მოდის. ნალექები: 650-1000 მმ. წელიწადში. მდგრადი თოვლის საბურველის ხანგრძლივობა 5-6 თვე.

მცხეთა

საქართველოს უძველესი დედაქალაქი, ამჟამად მცხეთა-მთიანეთის ადმინისტრაციული ცენტრია. ეს ულამაზესი, ისტორიული ძეგლებით გაჯერებული, პატარა დასახლება (10 ათასამდე მცხოვრები) შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, როგორც ქალაქი მუზეუმი. ცხადია, რომ მცხეთა, როგორც კულტურული ტურიზმის ცენტრი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ატრაქციაა. მცხეთას გააჩნია უაღრესად ხელსაყრელი მდებარეობა, იგი მხოლოდ 20 კილომეტრიტაა საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან დაშორებული.

კურორტი გუდაური

გუდაური მდებარეობს კავკასიონის მთავარ ქედზე, საქართველოს სამხედრო გზაზე, ჯვრის უღელტეხილის მახლობლად, თბილისიდან 120 კილომეტრის დაშორებით. მცირე თოვლობის დროსაც კი გუდაურში გარანტირებულია თოვლის მდგრადი საფარი ნოემბრიდან მაისამდე. მისი საშუალო სიმაღლე ფედობზე 1,5 მეტრს აღწევს. მიუხედავათ ამისა, რომ გუდაური ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, მისთვის მაინც დამახასიათებელია თბილი, მზიანი და წყნარი ამინდები.
გუდაურის ფერდობები ამოუწურავ შასაძლებლობებს სთავაზობს ყველა კატეგორიის მოთხილამურეს. სასრიალო ბილიკების დახრილობა უდუდეს სიამოვნებას იწვევს როგორც დამწყები, ასევე პროფესიონალურ მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისათვის. პროფესიონალ მოთხილამურეთათვის გუდაურის ფერდობებს გააჩნია ოთხივე სპორტული სასრიალო ბილიკი: სლალომი, სლალომი-გიგანტი, სუპერ გიგანტი და ჩქაროსნული დაშვება. ყველა სასრიალო ბილი დამტკიცებულია FIS-ის მიერ. დასამუშავებელი სამთო-სათხილამურე სასრიალო ბილიკის საერთო სიგძე 16 კილომეტრს შეადგენს.
გუდაური უაღრესად მიმზიდველია ზაფხულშიც. იგი დამსვენებლებს შემდეგი ტიპის ტურიზმის სახეობებს სთავაზობს: ლაშქრობა თრუსოსა და ხადას ხეობებში, ცხენით გასეორნება, ფრინველებზე დაკვირვება, წყალჯომარდობა მდინარე არაგვზე. გიდაურში ფუნქციონირებს 8 სასტუმრო, 4 სასტუმრო სახლი, 3 საოჯახო სასტუმროა 669 ადგილზე.

მემკვიდრეობა

სვეტიცხოველი
სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარი მდებარეობს მცხეთაში, თბილისიდან 20 კმ-ზე. საქართველოში 337 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, პირველ ქრისტიან მეფეს მირიანს ნინო გამანათებლის რჩევით, განუზრახავს ტაძრის აგება იქ, სადაც დაკრძალული იყო კვართი უფლისა. მოუჭრიათ საფლავზე ამოსული ლიბანის კედარი და მისგან შვიდი სვეტი გამოუთლიათ. ექვსი სვეტი აღუმართავთ, მეშვიდე კი – ყველაზე დიდი და გაბრწყინებული მიწას არ მიკარებია, ჰაერში ჩამოკიდულა, ანათებდა, გამოსცემდა სურნელს, ხოლო ძირიდან წარმოსდინდებოდა მირონი, რომელიც ყველა სენს კურნავდა. სწორედ ეს იყო “სუეტი ცხოველი” – სიცოცხლის მომნიჭებელი სვეტი, რომელის სახელიც ეწოდა ტაძარს. შემდეგში ამ პირველი, ხის ეკლესიის ადგილას V საუკუნის ბოლოს ვახტანგ გორგასალმა ააშენა ბაზილიკური ტიპის ქვის დიდი ეკლესია, 1010-1029 წლებში კი კათალიკოს მელქისედეკის თაოსნობით ხუროთმოძღვარმა არსუკიძემ ააგო ახლანდელი დიდი სვეტიცხოველი. ლეგენდის მიხედვით, რადგან სვეტიცხოვლის მშენებელს მასწავლებლისათვის უჯობნია და თანაც მეფე გიორგის რჩეული ქალი შეჰყვარებია, მისტვის ხელი მოუკვეტავთ. ლეგენდა არ დასტურდება, რადგან არსუკიძე პატივით დაუკრძალავთ სვეტიცხოველში.
სვეტიცხოველი ყველაზე დიდი და სათაყვანებელი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში. იგი საქართველოს საეკლესიო ცენტრია. გეგმაში წარმოადგენს ჯვარს მოკლე განივი მკლავებით და გრძივი ჭრილებით. აღმოსავლეთის მკლავი თავდება აფსიდით. გუმბათი ოთხ მძლავრ ბოძს ეყრდნობა. გუმბათის ყელში 16 სარკმელია. ძველი ფრესკების უმეტესობა აღარაა შემორჩენილი. მოღწეული ჩუქურთმები მდიდარი და მრავალფეროვანია. სუფთად ნათალი ქვებით მოპირკეთებული ფასადები მდიდრულადაა მორთული. ტაძრის შიგნით, გუმბათის მახლობლად სვეტებზე დაყრდნობილი კოშკისებური ნაგებობა – ეს არის საკუთრივ “სვეტიცხოველი”. აქ ინახებოდა სასწაულმოქმედი სვეტის ნაწილი, რომლის ქვეშაც მარხია კვართი უფლისა. სამხრეთ მხარეს, შესასვლელიდან მარჯვნივ ქვის პატარა სამლოცველო იერუსალიმის ტაძრის გამოსახულებაა. გალავანი 1787 წელს აუგიათ ერეკლე II-ის ბრძანებით. დასავლეთით მოთავსებულიასამრეკლო და XI საუკუნის კარიბჭე – არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუში.
13 საუკუნის მაძილზე ანადგურებდნენ ტაძარს მტრები: აბულ-ყასიმი, ალფ-არსალანი, თემურ-ლენგი, შაჰ-თამაზი, შაჰ-აბასი და სხვები. მრავალჯერ გადაკეთდა და ამიტომ მისი პირველსახე რამდენადმე შეიცვალა. საუკუნეების განმავლობაში ტაძარი იყო მეფეთა საძვალეც. აქ არიან დასაფლავებული: ვახტანგ გორგასალი, ერეკლე II, საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი XII და სხვა დიდებულები.

მცხეთის ჯვარი
ქარტული არქიტექტურის ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლი – დგას მცხეთასთან, მთის წვერზე, მდინარეების: მტკვრისა და არაგვის შესართავთან. ქრისტიანობის მიღებისთანავე ამ ადგილას მეფე მირიანმა ხის (ვაზის) მაღალი ჯვარი აღმართა, რომელსაც თაყვანს ცემდენ კავკასიის სხვა ქრისტიანი ერებიც. ქართლის ერისთავმა გურამმა ჯვრის გვერდით პატარა ეკლესია ააშენა, რომელსაც დღეს “მცირე ჯვარს” უწოდებენ. იგი სიმცირის გამო მლოცველებს ვერ იტევდა, რის გამოც 586/7-604 წლებში გურამის სიძემ – ერისმთავარმა სტეფანოზ I-მა მცირე ტაძრის გვერდით ააგო დიდი ტაძარი – დღევანდელი ჯვარი, რომელიც ზედ გადაეხურა ხის ჯვარს (ჯვრის კვარცხლბეკი დღემდეა შემორჩენილი).
ტაძარი გეგმაში წარმოადგენს რამდენადმე წაგრძელებულ ჯვარს, რომლის მკლავები მთავრდება აფსიდებით. შენობის ბირთვს შეადგენს კვადრატი, რომლის თავზეც აღმართულია რვა-წახნაგოვან ყელზე დამყარებული გუმბათი. ძველი და ახალი ეკლესიები შემდეგში გაერთიანდა შემაერთებელი კარიბჭით. შენობა დიდი არ არის (მისი ზომებია 22 მ. X 19 მ., სიმაღლე 25 მ.), მაგრამ იგი მონუმენტურ შთაბეჭდილებას ტოვებს. ფასადი მოპირკეტებულია მოვარდისფრო – ქვიშისფერი თლილი ქვით. მცხეთის ჯვარი პირველი ნიმუშია ჯვრული ტიპის ეკლესიებისა. იგი ხუროთმოძღვრების სკულპტურული მორთვის ახალ საფეხურს წარმოადგენს. ფიგურული რელიეფების განლაგება ღრმად გააზრებულ სისტემას ექვემდებარება. პირველი მაგალითია შუა საუკუნეების ქართულ ხუროთმოძღვრებაში, რომ ფასადის სახე დამოუკიდებელი, შეგნებულად დასახული, მხატვრული ამოცანის მნიშვნელობას იძენს. შემდეგში ეს ქართული არქიტექტურის დამახასიეთებელ ნიშნად იქცევა. მონასტრის გარშემო არსებული სხვა ნაგებობები (კოშკი, გალავანი) უფრო გვიანდელია. მონასტრის კედლის ნახატებში გამოსახულია როგორც რელიგიური ისე ისტორიული პირებიც. არის ძველი წარწერებიც. საქართველოში არ არსებობს ნივთიერი კულტურის სხვა ასეთი პოპულარული ძეგლი. უამრავი საკულტო ნაგებობა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ იმეორებს ჯვრის ხუროთმოძღვრებას, მაგრამ არ არსებობს უფრო ადრინდელი და სრულყოფილი ჯვრის ტიპის ტაძარი, ვიდრე მცხეთის ჯვარია. მცხეთის ჯვარი იუნესკოს მსოფლიო ხელოვნების საგანძურთა ნუსხაში შედის.

სამთავრო
სამთავრაოს მთავარსაეპისკოპოსო ტაძარი, 1811 წლიდან დედათა მონასტერი მდებარეობს სამთავროს ველზე, რომელიც ძვ.წ. IV-III ათასწლეულიდანაა ათვისებული ადამიანების მიერ. აქ მონაცვლეობით, რიგ შემთხვევაში კი ერთ და იმავე დროს, ფუნქციონირებდა, როგორც სამოსახლო, ასევე სამაროვანი. სწორედ ეს ადგილი შეარჩია მოციქულთასწორმა წმინდა ნინომ სალოცავად. მემატიანე გვაუწყებს: “მაშინ წმინდამან ნინო ქალაქისა ზღუდის გარეგნით პოვა ქოჩიერთი ბრწამი მაყულისა, საცა აწ არს საკურთხეველიზემოსა ეკლესიისა, საეპისკოპოსო, და იგი შეიქმნა საყოფელად თავისად” (ლეონტი მროველი). აქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა წმ. ნინო სამი წლის განმავლობაში. სამეფო კარის მიერ ქრისტიანობის ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისა და სვეტიცხოვლის აგების შემდეგ, მეფე მირიანის ბრძანებით “იწყეს ხუროთა შენებად ეკლესიისა… მაყუალთა მათ ზედა, საყოფელსა წმინდისა ნინოსსა, სადა აწ არს ეკლესია საეპისკოპოსო.” დღეისათვის არსებული კომპლექსი შეიცავს მცირე ეკლესიიას, რომელიც მიჩნეულია წმინდა ნინოს ეკლესიად; დიდ ტაძარს, რომელიც აგებულია XI ს. პირველ ნახევარში, XV-XVI სს. სამრეკლოს და გალავანს, რომლის ძველი ნაწილი კარიბჭითურთ, დიდი ტაძრის თანადროულია. დიდი ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა (27X23 მ.). მის ასაშენებლად გამოუყენებიათ მოყვითალო-მოყავისფრო კარგად გათლილი კვარდები. მთავარსაეპისკოპოსო ტაძრის საკურთხეველსა და გუმბატზე შემონახულია მოხატულობის ფრაგმენტები. სახელდობრ, გუმბათის ნახევარსფეროში შემორჩენილია ოვალურ წრეში ჩაწერილი მაცხოვრის გამოსახულება (სამწუხაროდ, ძლიერ დაზიანებული) და სახარებისეული სიუჯეტები.

ზედაზნის მონასტერი
ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უძველესი ნაგებობა – ზედაზნის მონასტერი მცხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, არაგვის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. იგი VI საუკუნის 40-იან წლებში ასურელ მამა იოანეს დაუარსებია. სამონასტრო ნაგებობათაგან დღეისათვის შემორჩენილია ნათლისმცემლის სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც ააშენა კათოლიკოსმა კლემენტოსმა VIII საუკუნის დასასრულს (ადრინდელი დარბაზული ეკლესიის ადგილზე). გეგმით კვადრატული ბაზილიკის შუა ნავი ვიწრო და მაღალია, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდა აქვს, შესასვლელი სამხრეთიდანაა (დასავლეთის შესასვლელი გვიანდელია). სამხრეთისა და ჩრდილოეთის ნავები მთავარ ნავს აგურის თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდება. ჩრდილო ნავის აღმოსავლეთ ნაწილში მოქცეულია VI-VII საუკუნეების მიჯნაზე აგებული დარბაზული ეკლესია, რომლის გეგმით სწორკუთხა აფსიდა გადახურულია კონუსურ ტრომპებზე დაყრდნობილი ნალისებური კონქით. საკურთხეველი აქ ოთხი საფეხურითაა ამაღლებული. იოვანე ზედაზნელის ქვის კუბო ერთი მესამედით საკურთხეველშია შეჭრილი. ჩრდილო ნავის დასავლეთ ნაწილში წყლის აუზია. სამხრეთის ნავი ორი ნაწილისაგან შედგება. ზედაზნის მონასტერი რამდენჯერმე შეკეთდა. 1970-1971 წლებში აქ ჩატარდა სარესტავრაციო და კეთილმოწყობის სამუშაოები.

შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსი
ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, თბილისიდან 40 კმ-ზე, მცხეთის რაიონში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. წყაროები იუწყებიან, რომ მონასტრი დაარსა ცამეტი ასურელი მამის – იოვანე ზედაზნელის მოწაფემ, შიომ, მე-6 საუკუნის შუა წლებში. მამა შიოს თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ, ღრმა მღვიმეში გაუტარებია, ხოლო გარდაცველების შემდეგ, თანახმად ანდერძისა, იქვე დაუსაფლავებიათ. მისი საფლავი შიომღვიმეში წმინდა ადგილადაა შერაცხული. მე-11 საუკუნეში მღვიმეს ეკლესია დააშენეს, რომელიც მოგვიანებით იოანე ნათლისმცემელის ეკლესიას შეუერთდა. შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსში შედის: იოანე ნათლისმცემლის გუმბათოვანი ეკლესია, ზემო ეკლესია, სატრაპეზო და მონასტრის მახლობლად მდებარე სამლოცველო. იოანე ნათლისმცემლის სადა, მკაცრფორმიანი ეკლესია თითქმის მიწაშია ჩაფლული. იგი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია, აგებულია წმინდა მამა შიოს ინიციატივით, მე-6 საუკუნის 50-60-იან წლებში.

წილკანი
მე-4 საუკუნეში მეფე ბაქარმა, მირიანის ძემ, დააარსა წილკნის საეპისკოპოსო კათედრალი, რომელიც მცხეთიდან 15 კმ-ზე, სოფელ წილკანში მდებარეობს. კომპლექსში შედის ღვთისმშობლის ეკლესია და მე-8 საუკუნის ციხე-გალავანი. ეკლესიის ადგილზე ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს (მე-5 ს.) ააშენეს სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც მე-7 საუკუნეში გუმბათოვან ტაძრად გადააკეთეს, შემდგომში კი რამდენჯერმე განაახლეს. ტაძარი სხვადასხვა დროის სამ ნაგებობას აერთიანებს: დარბაზულ ეკლესიას (მე-4 ს-ის დასასრული), სამნავიან ბაზილიკას (მე-5- მე-8სს.) და გუმბათოვან ტაძარს. მე-19 საუკუნის დასასრულს ეკლესია შელესეს. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები და ლაპიდარული წარწერები. მე-6 საუკუნეში წილკანში მოღვაწეობდა ისე წილკნელი, ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგანი.
ტრადიცია მას მიაწერს წილკნის სარწყავი არხის”წილკნის რუს” მშენებლობას.

ანანური
ანაურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი -საქართველოს გვიანდელი ხანის ერთ-ერთი საუკეთესი ხუროთმოძღვრული ძეგლია, რომელშიც თავმოყრილია საკულტო, სამხედრო და საერო ხასიათის ნაგებობები. ანსამბლის მთავარი ტაძრის სამხრეთ კედელში ჩატანებულ ქვაზე შესრულებული წარწერის მიხედვით ეკლესიის აგება 1689 წელს დაუმთავრებია მსაჯულთუხუცეს ბარძიმს. ქართული ორნამენტის შესანიშნავი ნიმუშებითაა მორთული ტაძრის ოთხივე ფასადი (შედარებით ნაკლებად – ჩრდილოეთი). 2004 წელს ჩატარებულმა საკონსერვაციო სამუშაოებმა ტაძრის ინტერიერში გამოავლინა კედლის მხატვრობის საინტერესო ნიმუშები. გვიან შუა საუკუნებში ანანური წარმოადგენდა არაგვის ერისთავთა რეზიდენციას და საერისთავოს მთავარ საკვანძო პუნქტს, სადაც იკვეთებოდნენ, ერთის მხრივ, ჩრდილოეთიდან – თერგისა და არაგვის ხეობებით, მეორეს მხრივ კი, ქართლიდან შემავალი გზები.

სნოს ციხე
მდებარეობს თერგის მარჯვენა შენაკადის, მდინარე სნოს ნაპირზე. სოფელ სნოში, იგი აღმართულია საკმაოდ ძნელად მისადგომ კლდოვან ბორცვზე. ციხეს არტყია თითქმის წრიული გალავანი და მის შუაში პირამიდული ფორმის კოშკია აღმართული. მეცნიერთა ვარაუდით იგი დაახლოებით მე-16 – მე-17 საუკუნეთა მიჯნაზე უნდა იყოს აშენებული. სნოს ციხე წარმოადგენდა ამ ხეობის ჩამკეტს, საიდანაც გადადიოდა ძნელად სავალი, მაგრამ მოკლე გზები ხევსურეთში, ფშავში, მთიულეთში (გუდამაყრის ხეობით). ციხე ეკუთვნოდა საღუდუშაუროს ”აქა არს ციხე ღუდუშაურის მცირე, ამჟამად ფრიად მაგარი”.

გერგეთის სამება
გერგეთის ყოვლად წმინდა სამების ტაძარი, ქართული ხუროთმოძღვრების ეს გამორჩეულად შესანიშნავი ძეგლი, სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში, დაბა სტეფანწმინდის ჩრდილოეთით, მდინარე თერგის შენაკადის – ჩხერის მარჯვენა ნაპირზე, მყინვარწვერის ფერხთით, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მთის მწვერვალზეა აღმართული. ძველი წყაროებისა და არქიტექტურული სტილის მიხედვით წმინდა სამება საქართველოს ეკლესიის აღმავლობის ხანაში, მე-14 საუკუნეშია, აგებული, როგორც სამონასტრო კომპლექსი. დღეს შემორჩენილია გალავნით შემოზღუდული ყოვლადწმინდა სამების გუმბათოვანი ეკლესია და სამრეკლო, რომელიც შედარებით გვიანდელი ნაგებობაა (მე-16 ს.). ტაძრის სამხრეთ ფასადზე მიშენებულია საბჭეო, ადგილი სადაც მთის უძველესი ტრადიციის თანახმად უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მისაღებად უხუცესთა საბჭო იკრიბებოდა.

შატილი
შატილი, ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეთა მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს (ამჟამად აღდგენილია). სოფლის კიდეებს მიუყვება ერთმანეთთან მიჯნით ნაგები ციხე-სახლების რიგი და იქმნება ერთიანი, მიუვალი დამცველი კედელი, რომელიც საიმედოდ კეტავს სოფელს. გარე სამყაროსთან შატილს არღუნის ხეობაში გამავალი ერთადერთი ვიწრო გზა აკავშირებს. შატილის განაშენიანება ტერასულია, შენობათა ძირითადი ტიპია ბრტყელსახურავიანი სახლი და კოშკური საცხოვრებელი. სოფელს შენობებს შორის მთელ სიმაღლეზე აუდის ვიწრო ქვის კიბე, აქა-იქ შემორჩენილია ძვლებისაგან შეკრული ფიცარნაგები – გადასასვლელები, რომელთა მეშვეობით მტრის შემოსევის შემთხვევაში შესაძლებელი იყო მთელი სოფლის შემორბენა ქუჩაში გამოუსვლელად.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

ერთი კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. დიანა ამბობს:
    18 აპრილი, 2012წ. 18:33სთ.

    მაგარიაააა ა დზალიანნ მომეწონა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 5

› ტყვიების შეჯახების შენელებული კადრები

გერმანელმა Werner Mehl-მა ახალი ინფრაწითელი მაღალტექნოლოგიებით აღჭურვილი კამერით დააფიქსირა გასროლილი ტყვიების შეჯახებათა შენელებული კადრები, რომლტა სიჩქარეც ერთი მილიონი კადრია წამში.
კადრებში ზუსტად და მკაფიოდ ჩანს ტყვიების დაბრკოლებებთან შეჯახების რეაქციები.
დაბლა დავდებ დაპირებულ › › ›

DU