1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ჩვენი მიწა-წყალი : კახეთი

კახეთი საქართველოს აღმოსავლეთ საზღვრისპირა რეგიონს წარმოადგენს. მას ჩრდილოეთით რუსეთის ფედერაცია ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან – აზერბაიჯანი. მისი ფართობი 12,2 ათასი კმ2-ია, რაც საქართველოს ტერიტორიის 17,5%-ს შეადგენს. მოსახლება 407,2 ათასი კაცია და წარმოადგენს ქვეყნის მოსახლეობის 8,3%-ს.

კახეთი 8 ადმინისტრაციული ერთეულისაგან შედგება. მათი უმეტესობა (ახმეტის, თელავის, ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის) შიდა კახეთში მდებარეობს, საგარეჯოს რაიონი და გურჯაანი რაიონის ნაწილი გარე კახეთს მიეკუთვნება. სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონები კახეთის ცალკე კუთხეს – ქიზიყს შეადგენს. კახეთის ნაწილი იყო დღეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ზაქათალის, ბელაქანისა და კახის რაიონები, რომლებიც ლაგოდეხთან ერთად ისტორიულ ჰერეთს (საინგილოს) წარმოადგენდნენ.

გეოგრაფია

კახეთი საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი და მრავალფეროვანი მხარეა. აქ ერთმანეთის გვერდი-გვერდაა კავკასიონის მთავარი ქედის თოვლიანი მთები 3300 მ-ის და 4500 მ-ის მწვერვალებითა და უღელტეხილებით, ბარაქიანი ვაკეები და ველ-მინდვრები და რაოდენ საოცრადაც არ უნდა მოგეჩვენოს, ნახევრად უდაბნო (დედოფლის წყაროსა და საგარეჯოს რაიონებში) ადგილები. საოცრად ლამაზია კახეთის კავკასიონი. იგი ციცაბო ფერდობებით ეშვება ალაზნის ვაკეზე და განუმეორებელ პეიზაჟს ქმნის. კავკასიონის ქედზე არსებული რამდენიმე უღელტეხილიდან ერთ-ერთით – აბანოს უღელტეხილით კახეთი თუშეთს უკავშირდება. საქართველოს ეს უმშვენიერესი პროვინცია ენით აღუწერელი სილამაზითა და განსაკუთრებული გეოგრაფიული თავისებურებებით ხასიათდება. ვინც კახეთში ერთხელ მაინც ყოფილა, მისთვის ეს მხარე მუდამ კარგი ღვინოსთან და გულღია მასპინძლობასთან ასოცირდება, რადგან კახეთი მევენახეობა-მეღვინეობით განთქმული მხარეა. აქ მრავალი ჯიშის ვაზი ხარობს და შესაბამისად მრავალფეროვანი მაღალხარისხიანი ღვინოებიც მზადდება.

ისტორია

კახეთის, ცალკე ტერიტორიული ერთეულის დაარსებას ქართული საისტორიო ტრადიცია ქართველთა ეთნარქის ქართლოსის ერთ-ერთ ძეს კახოს მიაწერს. მისი მიწა-წყალი იყო კავკასიონსა და კახეთის მთას შორის, არაგვიდან ვიდრე ტყეტბამდე. კახეთის შენებაში კახოსს მისი ძმა კუხოსი ეხმარებოდა, რომლის კუთვნილი ტერიტორიაც არაგვიდან ჰერეთამდე მიწებს მოიცავდა.

კახეთის ცენტრი ახ.წ. III-IV სს-ის მიჯნამდე ბერ-ჩელეთი (ჟალეთი) იყო. ამ დროისათვის მეფე ასფაგურმა ააშენა ქ. უჯარმა, ხოლო მეფე მირიანმა IV ს-ის დამდეგს იგი კახეთკუხეთის ცენტრად აქცია. XI ს-ში მხარის დედაქალაქად ქ. თელავი იქცა.

VIII ს-ში კახეთის დღევანდელ ტერიტორიაზე წარმოიქმნა კახეთის ადრეფეოდალური სამთავრო. IX ს-ში კახეთი შიდა ქართლის გარკვეულ ნაწილსაც მოიცავდა მდ. ქსნამდე. კახეთში შედიოდა ხევი ანუ წანარეთი, თუშეთი, ფხოეთი (ფშავ-ხევსურეთი), ასევე დურძუკეთი და ღლიღვეთი. ქართულ წყაროებში ეს ტერიტორია მოხსენიებულია როგორც “მთიულეთი კახეთისა”.

IX-X სს-ში საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში კახეთი აქტიურად იყო ჩაბმული. ამ პერიოდში გაერთიანდა კახეთ-კუხეთ-გარდაბანი, X ს-თვის კი უკვე შეიქმნა პირობა კახეთ-ჰერეთის კვლავ შეერთებისა. ერთიანი საქართველოს დროს კახეთი ძლიერი და მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ერთეული იყო.

XV ს-ში საქართველოს დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა კახეთის სამეფო. მისი პოლიტიკური და კულტურული ცენტრი ამ დროისათვის ახალი აშენებული ერთ-ერთი ლამაზი ქალაქი გრემი იყო, თუმცა შაჰ-აბასის შემოსევების შედეგად (1614-1617 წწ.) ქ. გრემი განადგურდა და კახეთის პოლიტიკურ-ადმინისტრაციულმა ცენტრმა კვლავ თელავში გადაინაცვლა. კახეთის სამეფო XIX ს-მდე არსებობდა.

ჰავა

კახეთის გეოგრაფია საკმაოდ მრავალფეროვანია, აქ გვერდიგვერდაა წარმოდგენილი მთები, ვაკეები და ველ-მინდვრები. ალაზნის ველზე ზომიერად ტენიანი სუბტროპიკული ჰავაა.

აქ ზამთარში საშუალოდ 0°ც-ია, ზაფხულში კი საშუალოდ +23°…+25°ც. ალაზნის ველზე ნალექების რაოდენობა წლის განმავლობაში 600-დან 1000 მმ-მდე მერყეობს. რაც შეეხება გარე კახეთს (მოიცავს ივრის ზეგანს, გომბორისა და იალნოს ქედების წინა მთებს), აქ მშრალი სუბტროპიკული ჰავაა. მდებარეობს ძღ.დ. 500-900 მ-ზე. აქ ზამთრის საშუალო ტემპერატურაა -0,1°ც…-2,3°ც, ზაფხულში კი +23°ც…+25°ც. ნალექების რაოდენობა ივრის ზეგანზე დაახლოებით 400-600 მმ-ია. განსხვავებული, შედარებით ცივი ჰავაა ცივგომბორის ქედზე, რაც სიმაღლის მომატებასთანაა დაკავშირებული (ცივგომბორი ზღ.დ. 1800-2000 მ-ზე მდებარეობს).

თელავი

ყველაზე დიდი ქალაქი კახეთში, დაახლოებით 30 ათასი მცხოვრებით. თელავი ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისიდანაა ცნობილი. X-XI და XVII-XVIII საუკუნეებში კახეთის სამეფოს დედაქალაქი იყო. ქალაქი ცნობილია უმშვენიერესი ხედებით, იტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმით, უნივერსიტეტით, დრამატული თეატრით, სურათების გალერეით და განათლებისა და კულტურის სხვა კერებით.

სიღნაღი ციხე-ქალაქი XVIII ს.
სიღნაღი ადრინდელი ციხის ნანგრევებზე თანამედროვე სახით XVIII ს-ის მეორე ნახევარში ერეკლე მეორეს დროს აღმოცენდა. მას თითქმის 40 ჰა ფართობი უკავია, ხოლო გალავნის სიგრძე 2,5 კმ-ია. ციხეს 23 კოშკი და 5 შესასვლელი აქვს. თითოეულ კოშკს საკუთარი სახელი ჰქონდა. კოშკებში სათოფურები ისე განლაგებული, რომ მომდგარი მტრისათვის ნებისმიერ წერტილში შეიძლებოდა დამიზნება, როგორც გალავნის გარეტ, ასევე მის შიგნით. XIX ს-ის უბნებში შემორჩენილია საცხოვრებელი არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუშები.

კახეთის კურორტები

არხილოსკალო
დედოფლისწყაროს რაიონი – კლიმატური ტიპის კურორტი. ჰავა მშრალი და სუბტროპიკულია. ძამტარი რბილი (იანვარში საშვალოდ -2°ც), ზაფხული ძლიერ თბილი (აგვისტოში საშვალოდ +23°ც). კურორტზე მიიღებიან ნევროლოგიური პროფილის პაციენტები.

ახტალა
გურჯანის რაიონი – ტალახით სამკურნალო კურორტი. ჰავა ზომიერად კონტინენტალურია. ზამტარი რბილია (იანვარი +0,9°ც), ზაფხული ძლიერ თბილი (აგვისტოში +23,6°ც). 4-5 ჰექტარის ფართობის ტაფობში აღინიშნება ტალახის ცხრა ძირითადი გამოსავალი.
ახტალის ტალახი არაორგანული წარმოშობისაა. კურორტზე მკურნალობის ჩვენებებია მოზრდილთათვის საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემა და გინოკოლოგიური დაავადებები; ბავშვტათვის ცერებლარულური დამბლისა და პოლიომიელიტის ნარჩენი მოვლენების დროს.

უჯარმა
საგარეჯოს რაიონი – ბალნეო-კლიმატური ტიპის კურორტი. მდებარეობს ივრის მთების ზეგანზე, ზღ.დ. 900 მ. ზამთარი რბილია (იანვარში 0°ც), ზაფხული ძალიან თბილი, ზომიერად მშრალი (აგვისტოში +22°ც). აქ გამოვლენილია თერმული მინერალური წყლები მრავალი ბიოლოგიურად აქტიური მიკროკომპონენტებით. მინერალურ წყლებს იყენებენ სააბაზანო პროცედურების სახით, საყრდენ-სამოძრაო აპარატის, კარდიოლოგური, ნერვული და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებატა სამკურნალოდ.

ყვარელი
ყვარლის რაიონი – რაიონული ცენტრიდან 8 კმ-ზე მდინარე ალაზნის ხეობაში. ზღ.დ. 450 მ-ის სიმაღლეზე. ზამთარი რბილია, უთოვლო (იანვარში +1°ც), ზაფხული ძალიან თბილი, ზომიერად ტენიანი (აგვისტოში +23°ც).
ძირითადი ბუნებრივი სამკურნლო ფაქტორებია ორი ტიპის მინერალური წყალი, რომელიც გამოიყენება სამკურნალოდ აბაზანის სახით საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის დაავადებებისა და ნივთიერებათა ცვლის მოშლის შემთხვევებში.

ყურძნის ძირითადი ჯიშები

რქაწითელი – თეთრყურძნიანი აბორიგენული ვაზის საღვინე ჯიში. გვხვდება კახეთის ყველა რეგიონში. გამოიყენება სასუფრე ჯიშადაც. ხასიათდება უხვი მოსავლიანობით. კახეთის პირობებში სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის შუა რიცხვებიდან.

კახური მწვანე – თეთრყურძნიანი აბორიგენული ვაზის საღვინე ჯიში. გვხვდება ძირიტადად საგარეჯოს რაიონში, კერძოდ სოფელ მავანის ზონაში, სადაც საუკეთესო თვისებებს ამჟღავნებს.ნორმალურ პირობებში კარგი მოსავლიანობით ხასიათდება.

ხიხვი – საქართველოს უძველესი აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიში. იგი ძირითადად გურჯაანის რაიონში გვხვდება, კერძოდ კი სოფელ კარდენახის ზონაში. მისგან ამზადებენ მარალხარისხოვან შემაგრებულ ლიქიორის ტიპის ღვინოებს. ჯიში მცირე მოსავლიანობით ხასიათდება.

ქისი – ქართული თეთრყურძნიანი აბორიგენული ვაზის საღვინე ჯიში. მას შუალედური ადგილი უკავია რქაწითელსა და კახურ მწვანეს შორის. მისი ღვინოები გამოიყენება, როგორც სასუფრედ ისე შამპანიურის დასამზადებლად.

საფერავი – კახეთის აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიში. საფერავი მგრძნობიარეა კლიმატურ პირობებთან, ამიტომ მისი გავრცელების არეალი კახეთში შეზღუდულია. საფერავი იძლევა განსხვავებული ღირსებების მქონე სუფრის ღვინოს, გამოირჩევა მაღალი შაქრიანობით. მისგან მზდდება როგორც მშრალი, ისე ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო “ქინძმარაული”.

კაბეღნე-სოვინიონი – ფრანგული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მასობრივად ბურგუნდიის (საფრანგეთი) მხარეშია გავრცელებული. საქართველოში მისი გავრცელების არეალია თელავისა და ყვარელის რაიონები. მისგან მარალხარისხოვან სუფრის ღვინოებს ამზადებენ.

კულტურული მემკვიდრეობა

ახმეტის რაიონი
ალავერდი – საკათედრო ჯვარგუმბათიანი ტაძარი XI ს.
მატანი – ციხე, სამონასტრო კომპლექსი XVIII ს.

გურჯაანის რაიონი
გურჯაანის ყველაწმინდა – ორგუმბათიანი ეკლესია VII ს.
ვაჩნაძიანი – სამონასტრო კომპლექსი VIII-IX სს.

დედოფლისწყაროს რაიონი
ოზაანი / ვაზიანის ამაღლება – გუმბათიანი ეკლესია X ს.
ხორნაბეჯი – ციხე-ქალაქი V ს.

თელავის რაიონი
ახალი შუამთა – ჯვარგუმბათიანი ტაძარი XVI ს.
ძველი შუამთა – სამონასტრო კომპლექსი V-VII სს.
იყალთო – მონასტერი და აკადემია VI-XII სს.

ლაგოდეხის რაიონი
ლელიანი – სამონასტრო კომპლექსი X-XI სს.

საგარეჯოს რაიონი
გარეჯი – კლდეში კვეთილ მონასტერთა კომპლექსი VI-XVIII სს.
მავანი – გუმბათიანი ეკლესია XVIII ს.
კაწარეთი (ხაშმი) – მონასტერი, სამნავიანი ბაზილიკა V-VI სს.

სიღნაღის რაიონი
ბოდბე – სამონასტრო კომპლექსი IV-IX სს.
ხირსა – მონასტერი VI ს.

ყვარლის რაიონი
გრემი – ჯვარგუმბათიანი ეკლესია XVI ს.
ნეკრესი – სამონასტრო კომპლექსი IV-VI სს.
ძველი გავაზი – ჯვარგუმბათიანი ეკლესია V-VI სს.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

492 votes, average: 4.46 out of 5492 votes, average: 4.46 out of 5492 votes, average: 4.46 out of 5492 votes, average: 4.46 out of 5492 votes, average: 4.46 out of 5

› ბიოგრაფია: ცოტნე დადიანი (XIII საუკუნე)

ცოტნე დადიანი – ქვეყნისთვის თავდადებული მამულიშვილი, რომელმაც შთამომავლობას გმირობისა და ერთგულების მაგალითი მისცა, მოღვაწეობდა XIII საუკუნეში, მაშინ, როდესაც საქართველო უმძიმესი განსაცდელის წინაშე იდგა და როცა ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდებოდა სიყვარულით › › ›

DU