1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ილია ჭავჭავაძე: კაცია ადამიანი (თავები: 10, 11, 12, 13, 14)

X

მეხუთე დღეს შინ მშვიდობით მოვიდნენ ჩვენი ბედნიერი ცოლქმარნი, თან მოჰყვათ, რასაკვირველია, იმედი, რომ შვილი გაუჩნდებათ. მაგრამ გავიდა სამი თვე — ყმაწვილმა მუცელში არ გაიჩუჩუნა, გავიდა ექვსი თვე — კაბა არ დაუვიწროვდა დარეჯანსა. გავიდა ცხრა თვეც და დარეჯანს მუცელი არ ასტკივდა. დარეჯანი მაინც იმედს არა ჰკარგავდა: ამდენი სხვა-და-სხვა ფერის და სხვა-და-სხვა ნაირად შელოცვილი ქვები შეიბა და კაბის უბეზედ დაიკერა, რომ მართლა იმედი უნდა ჰქონოდა, და ჰქონდა კიდეც. თუ აქამდინ არ ეყოლა, ის იმიტომ, რომ ლუარსაბმა ხატს დაამუნათა და წააყვედრა — „შორს არისო“. თორემ ეს დამუნათება და წაყვედრება არა ყოფილიყო, ეხლა შვილი ეჯდებოდა დარეჯანს კალთაში. ლუარსაბი ავ გუნებაზედ იყო. ეგ არაფერია, რომ შვილი არ უჩნდებოდა და ხატმა მოატყუვა: დაიბარა და არ მისცა კი შვილი; ამის ჯავრი ის იყო, რომ დავითს, ამის ძმასა, უთქვამს: „ის ოხერი, როდის იქნება ჩაძაღლდეს, რომ იმის მამულებზედ ვინავარდოო“. ესა ჰკლავდა ლუარსაბსა, თორემ შვილის უყოლობა ამისთვის კიდევ დიდი უბედურება არ იყო.

ერთხელ ესე დაღონებული აქეთ ტახტზედ გულდაღმა იწვა ლუარსაბი, იქით ტახტზედ კიდევ კნეინა დარეჯანი წინდასა ჰქსოვდა. ძალიან ცუდს გუნებაზედ იყო ხმაგაკმენდილი ჭერს გაუშტერა თვალი და ჰფიქრობდა, იმაზედ ჰფიქრობდა, როგორ მოახერხოს, რომ შვილი გაუჩნდეს. — „განა შვილი იმისათვის მინდა, რომ მართლა შვილი მყვანდეს? — ამბობდა თავის-თავად, — შენც არ მამიკვდე! დავითის გამოჯავრებით მინდა, ის არ მინდა ჩემს მამულებზედ გავახარო. იმისი ჯავრი არ მინდა შევირჩინო, თორემ ეს ჯაბრი რომ არ იყოს, ძალიანაც არ ვინაღვლიდი, რომ შვილი არა მყავს. ცოტანი არიან უშვილონი განა? მეც იმათში ვიქნებოდი. დავითი არ მინდა გავახარო, დავითი!”

ეს რომა სთქვა თავის-თავად, გადმობრუნდა დარეჯანისაკენ დაღონებული და მწუხარე ხმით უთხრა:

— ეხლა დავითს უნდა შერჩეს ის სიტყვები!.. უნდა ჩვენს მამულ-დედულზედ გავახაროთ!.. დარეჯან შენი ჭირიმე, თუ გიყვარდე, თუ გიყვარდე, აი! ერთი ვაჟიშვილი ჰშობე, დავითის გამოჯავრებით მაინცა ჰშობე, რომ სხვა არა იყოს-რა. ოღონდ იმისი ჯავრი კი ამომაყრევინე და მერე თუნდა მამკალ. შენი ჭირიმე, შენი დედაკაცობის ჭირიმე! თუ გიყვარდე, აი!

— ვშობამ, შენ ნუ მოუკვდები ჩემს თავს, ვშობამ, თუ აგრეა! — უპასუხა კნეინამ ისე, ასე გგონია მართლა ამის ხელში იყოს შვილის შობა. — წუხელის სიზმარში ერთმა მოხუცებულმა კაცმა — ფეხებამდინ უმტვერო ქაღალდივით წვერი ჰქონდა — ერთი წამალი დამალევინა და მითხრა: გამრავლდი, ვითარცა იაკობო! მე მაშინვე მუხლზედ ვემთხვივე, შენ მაგიერადაც ვემთხვივე.

— მართლა? — წამოიძახა იმედმოცემულმა ლუარსაბმა, — ისე თვალითა ნახე?

— აი, როგორც შენა გხედავ.

— ენი ჭირიმე!.. მაშ იმედია, დარეჯან-ჯან!

— მაშ ქა!

— ო, შენ გეთაყვანე, შენა! — დაიჯერა და გაიღიმა ლუარსაბმა, — როგორ გითხრა?

— გამრავლდიო, ვითარცა იაკობ.

— იაკობი ვინ იყო?

დარეჯანმა არ იცოდა, ვინ იყო. ისე კი გაეგო, მგონი — წირვა-ლოცვაზედ, იაკობის სახელი, და ვინ იყო, რა იყო, როდის იყო — ამაების არა იცოდა-რა. მაგრამ არ-ცოდნა ითაკილა, ისევ რაღაცა მოჭორება ირჩივა „არ ვიცის“ თქმასა, როგორც ამ-გვარ შემთხვევაში ყველა ქართველმა იცის ხოლმე.

— ვინ იყო? — იკითხა დარეჯანმა, — წირვა-ლოცვაზედ მაინც არ გაგიგია? აბრაამის მძახლის განაყოფის შვილი იყო.

— ეხლა, გამრავლდიო, ვითარცა იაკობ, მითამ რაო?

— მითამ ისაო, რომ გამრავლდიო, — აუხსნა დარეჯანმა.

— აი, ვენაცვალე იმის ენას! მაშ იმედია?

— იდევ! ნუ იცი შენ ეგ, ნუ! ნუ ხარ უჯერო, ცოდვაა.

— აღარ ვიქნები, აღარ, ოღონდ შენ შვილი ჰშობე, თუნდა ენასაც მოვიკვნეტ, ოღონდ კი დავითს ნუ გაახარებ.

— ღმერთია მოწყალე გეუბნები, არ გავახარებ-მეთქი.

— ახ, ნეტავი კი მართალა ჰშობო და.

— კიდევ! ნუ ხარ უჯათი, წმინდა კაცის სიტყვაზედ როგორ ხარ უჯერო, რა დაგემართა?!

— აი, დალახვრა ღმერთმა! ჩემ-თავად გულში უნდა მეთქვა — ღმერთმან იცის — და აკი კიდევ წამომცდა. ახ, ნეტ…

—კიდევ!

— ფუი, დალახვრა ღმერთმა! კინაღამ კიდევ არ წამცდა!.. ეხლა, მეტად რომ მინდა, იმიტომ, თორემ… ეჰ, გადავბრუნდები, დავიძინებ, თორემ, მე რომ ვიცი ჩემის ენის ამბავი, ერთს კიდევ წამომაროშვინებს რასმეს და ღმერთი მიწყენს.

— თელეთისა არ იყოს! იმდენი ამუნათე, იმდენი იძახე — შორს არისო, რომ გაგვიწყრა და აი, დღესაც შვილი არა გვყავს.

— მერე აკი მაშინვე შევეხვეწე, ნუ გაჯავრდები-მეთქი. რატომ არ მაპატივა! რა ვუყოთ, რომ „შორს არის“-მეთქი ერთხელ წამომცდა? ერთი ალილო მღვდელსაც შესცდებაო.

— კარგი, კარგი! რაც იყო, იყო; ეხლა მაინც არ აწყენინო.

— მაშ დავიძინებ.

— შენი ნებაა.

ლუარსაბი გადატრიალდა და პატარა ხანს უკან ერთი მადლიანი თავისებური ხვრინვა ამოუშვა.

ნეტავი არ დაეძინა. ძილში საშინელი სიზმარი ჰნახა. ჰნახა, რომ დავითი სიხარულით აღარ არის, რომ ამას შვილი არ უჩნდება; დადის ყველგან და სულ იმას იძახის: ის ოხერი როდის იქნება ჩაძაღლდეს, რომ იმის მამულებზედ ვინავარდოო. სტკივა გული ლუარსაბსა, ჯავრი მოსდის, გული ყელში მოებჯინა. რა ჰქნას? — „ღმერთო! — ამბობს სიზმარში გულნატკენად ლუარსაბი, — რა დაგიშავე, შე დალოცვილო, რომ შვილს არ მაძლევ? მიბძანე და აკი გიახელ თელეთს სალოცავადა, თორმეტ-აბაზიანი ცხვარი დაგიკალ, ორი აბაზის წმინდა სანთელი აგინთე. სხვა რა ვქნა? წირვა-ლოცვას უამისოდაც არ ვაკლდებოდი, მარხვა მე არ გამიტეხია, ყოველ წელიწადს წმინდა ზიარება მიმიღია და აღსარება მითქვამს. აბა ჩვენ მღვდელსა ჰკითხე, თუ მე ცოდვა მიქნია რამე. დავითის ლუკმად უნდა გამხადო?! რაც იმას ქვეყანაზედ ცოდვა ჩაუდენია, ვინ მოსთვლის? შარშან ივანე ნათლისმცემლის თავის მოკვეთის დღეს ხორცი უჭამია. პურის ნატეხს რომ მიწაზედ ჰხედავს, არ აიღებს და არ ემთხვეა, იქნება ფეხიც დაადგას და გასრისოს კიდეცა. უკურთხეველ ყურძენსა სჭამს, ფერისცვალობამდის არ მოიცდის ხოლმე, აღდგომა-დღეს მღვდელს არ მოუცდის — რომ სუფრა უკურთხოს, ისე მივარდება ხორცეულს — როგორც დათვი, ამისთანა მსუნაგია. ზიარებით კი ეზიარება ხოლმე, მაგრამ რა გამოვიდა? სამი დღე ემზადება, მარტო სამი დღე. აბა, ეს რა ზიარებაა! ეს ყველა იცი — შე დალოცვილო ღმერთო — და მაინც კიდევ იმისაკენა ხარ! დაილოცა შენი სამართალი! ჰო, მართლა, ერთი კიდევ დამავიწყდა: ერთი მწევარი ჰყავს, თავის თეფშში აჭმევს ხოლმე. ქრისტიანი კაცი კია! მე ხომ ამისთანას არაფერსა ვცოდავ, რად მიწყრები? მერცხალი გინდა, იმას დასძლევს ხოლმე,∗ ოფოფი გინდა, იმას დასძლევს, გუგული, კვიცი — რაც გინდა, ყველაფერი ბოროტი იმაშია. მე კი — ღმერთო, ხომ შენ იცი — არაფერს არ დაუძლევივარ, რად მიწყრები? იმისთვის, რომ თელეთში წასვლაზედ ჭოჭმანობა დავიწყე? აკი მაშინვე მოვინანიე!..“

ეგრე უჩიოდა ღმერთს ლუარსაბი. მერე ჰნახა, რომ მითამ ღმერთმა მიიღო ეს ჩივილი საბუთად და გული მოიბრუნა ლუარსაბისაკენ, აი, მითამ რვა თვეც არის, რაც დარეჯანი ორსულია. ერთი თვეც, ერთად-ერთი, და ლუარსაბს შვილი ეყოლება და დავითს თვალი დაუდგება. უხარიან სიზმარში ლუარსაბსა, რომ ამის ჩივილმა გასჭრა, სიხარულით ფეხზედ ვეღარა დგება. დავით და იმისი ცოლი ჯავრით აღარ არიან. ლუარსაბს ისე შვილი არ უხარიან, როგორც ისა, რომ დავითი და ელისაბედი ჯავრით აღარ არიან. ორი კვირაც მითამ გავიდა, აი, ორი კვირა კიდევ და დარეჯანი დაწვება. უხარიან, უხარიან ლუარსაბს, მაგრამ! — აი, უბედურება — ლუარსაბი უეცრად ავადა ჰხდება და ძალიანაც ჰხდება, ასე რომ მითამ მოკვდა კიდეცა. მაგრამ ისე კი მოკვდა, რომ ყველაფერსა ჰგრძნობს. ესმის, რომ დარეჯანი საშინელის ხმითა სტირის და სოფლის მოტირალე დედაკაცები მწუხარე ბანს აძლევენ. ესმის, რომ იქით, სადღაც კუთხეში, დავითი და ელისაბედი იცინიან, ჰხტიან და ლუარსაბის ავეჯეულობა თავის სახლში გადააქვთ. ლუარსაბს სისხლი ყელში მოსდის, უნდა წამოდგეს, მაგრამ იცის რომ მკვდარია და იმიტომ არა დგება. — „ხვალ მამულებს ჩავიბარებო,” — იძახის ხმა-მაღლა დავითი. ლუარსაბი იწურება ამ სიტყვებზედა, იტანჯება, უნდა სთქვას — რომ „ნუ მისცემთო, დარეჯანი ორსულად არის, შვილი ეყოლებაო”, მაგრამ იცის, რომ მკვდარია და არას ამბობს. საშინელ მდგომარეობაშია საწყალი, ცოცხალ-მკვდარი ლუარსაბი. რა ჰქნას აბა მკვდარმა? — „ვაი, რა დროს მოვკვდი!.. როცა ღმერთმა შვილის მოცემა ინება, მაშინ! — ამბობს სიზმარში თავის-თავად ლუარსაბი, — ახ, ნეტავი ეხლა კი გავცოცხლდე და!..“

მაგრამ სად არის გაცოცხლება? აი, კუბოც მოიტანეს, აი, ჩაასვენეს კიდეცა და კუბოში ჩადებული და მორთული დაასვენეს ტახტზედა. მესამე დღეს მღვდლებიც მოვიდნენ, ასწიეს კუბო და წაიღეს გალობითა და ტირილითა. ამ გალობაში და ტირილში დავითისა და იმის ცოლის მხიარული სიმღერა ესმის ლუარსაბსა. ესმის ეს ყველაფერი, ჰგრძნობს რომ ანდერძიც აუგეს და სასაფლაოზედაც წაიღეს, უნდა სთქვას: „ნუ დამმარხავთო“, მაგრამ იცის მკვდარია და არას ამბობს. აი, მიწაში ჩაუშვეს საწყალი ლუარსაბი, ესმის, რომ საფლავის პირზედ დავითი სდგას და ეუბნება დიანბეგს: ხვალ მამულები უნდა ჩამაბაროვო. ელისაბედი კი უჯავრდება: რას ჰბოდავ? სახვალიოდ რად იხდი საქმესა, განა დღეს კი ვერ ჩაიბარებ? ლუარსაბს ეს ყველაფერი ესმის, ჰხვნეშის, ჰწვალობს, იტანჯება, ცივ ოფლს ასხამს, ჰკანკალებს, თრთის ცალკე შიშისაგან, ცალკე ჯავრისაგან, რომ დავითსა რჩება ბურთი და მოედანი. — „ახ! ნეტავი კი ეხლა გავცოცხლდე და!“ — იძახის გულში ლუარსაბი.

მაგრამ სად არის გაცოცხლება? აი, მიწაც მოაყარეს, ჯერ მუჭა-მუჭად მიწა ცვივა და კუბოს ფიცრებზედ რახა-რუხი გააქვს, მერე შეატყო, რომ ნიჩბებითაც დაუწყეს მიწის ყრა. ლუარსაბს უღონდება გული, სული ეხუთება, ჰაერი დაეხშო და, აი, ერთი წუთიც და გათავდება კიდეცა. მაგრამ ვინ არის მეშველი? ესმის, რომ ხალხის ხმაურობა თან-და-თან მისწყდა, ყველანი წავიდნენ და მარტო ლუარსაბი საფლავში დააგდეს დაფლული. გულმა ტეხა დაუწყო, რომ დარეჯანმაც კი — ამის საყვარელმა დარეჯანმაც კი — სხვებსავით თავი დაანება და ამასთან არ დაიმარხა. ლუარსაბს გული ამოუჯდა, დაიწყო ტირილი: „ეგ იმედი მქონდა იმისაგან!“ ამბობს თავის გულში: „დამაცა, შენც საიქიოს არ მოხვალ, იქ მოგაგონებ“. ამ ლაპარაკში რომ არის, საფლავზედ ფერხულის ხმა შემოესმა, ხმა გაიკმინდა, ყური დაუგდო. მოესმა, რომ დავითი და ელისაბედი ფერხულში ჩაბმულან და ჯერ კიდევ სველ საფლავზედა ფერხულსაც უვლიან. „ჩაძაღლდი, განა?“ — უყვირიან ზემოდამ. ეხლა კი გული აენთო; ერთი საშინლად გაინძრა, უნდოდა ისე წამოწეულიყო, რომ კუბოს თავი და მიწა აეგლიჯნა, საფლავიდამ ამოსულიყო, ამათთვის ერთი ყოფა დაეწია და თავზედ ლაფი დაესხა. ამ ტრიალში და ვაი-ვაგლახში რომ არის, ერთი იხტუნა, მითამ საფლავიდამ ამოხტომა უნდა, და ტახტიდამ ძირს აგურებზედ კი ბრაგვანი მოიღო. მაშინ კი თვალები დააჭყიტა, ჯერ კიდევ სიზმრის შიშის-ზარი ისევ უბზუოდა თავში, ასე რომ სულელსავით გაშტერებული და ფილაქანზედ გაშოტილი პირღია დარჩა. სასაცილო რამ იყო. ისე დაიკარგა, ისე გაფითრებული და ცივ ოფლში იყო, რომ დიდხანს გონზედ ვეღარ მოვიდა და არამც თუ წამოდგომა მოაგონდა, არც კი გაინძრა. ისეთი შეშინებული იყო, რომ სიკვდილის ფერი ედო ოფლიან სახეზედა. ამის დაცემაზედ ოთახი, რასაკვირველია, შეინძრა. დარეჯანს თურმე — იქით, მეორე ტახტზედ — ჩასძინებოდა და ოთახის ზანზარზედ ამასაც გამოეღვიძა. ამან, — რადგანაც ჯერ არ იცოდა ლუარსაბი რა ყოფაშია, — ჯერ წამოიძახა, — ლუარსაბ! გაიგე? მიწისძვრა იყო.

ლუარსაბი ჯერ კიდევ სიზმრის ამბავში იყო და ხმა არ გასცა, დარეჯანი წამოჯდა და მხოლოდ მაშინ დაინახა, რომ ლუარსაბი გაფითრებული აგურებზედ უძრავად ჰგდია და სულელსავით დაუჭყეტია უგუნური თვალები. დარეჯანს ფერი ეცვალა.

— უი შენს დარეჯანსა! ეს რა დაგმართვია, შენ გეთაყვანოს ჩემი ცოცხალი თავი!

ლუარსაბმა ვერც ეს დარეჯანის ნათქვამი გაიგო. სიზმარმა ისეთი თავბრუ დაასხა, რომ შიში ჯერ გამონელებული არა ჰქონდა და ეს ამბავი სიზმრის გაგრძელება ეგონა, იმიტომ ჯერ არც-არა ესმოდა-რა და ვერცა-რასა ჰხედავდა, თუმცა თვალები კი ეჭყიტა. დიაღ, ჯერ ისევ სიზმარი ეგონა, მხოლოდ ის აოცებდა, რომ „აკი დამმარხესო და მგონი მე ჩემს ოთახში ვარ ეხლაო. ეს როგორ მოჰხდაო?”

ამის ფიქრში დაიფანტა ამისი გონება. ამიტომაც პასუხის მაგიერად თავისი შიშნაჭამი თვალები გიჟსავით შეაჭყიტა დარეჯანსა, თითქო ჰხედავს კიდეცაო და არც იჯერებსო, რომ იმის წინ დარეჯანია. დარეჯანს ელდა ეცა, ხომ არ გაგიჟდაო. მაშინვე ტახტიდამ ჩამოფრინდა და მივარდა გაშოტვილს ლუარსაბს.

— რა დაგემართა, შენი ჭირიმე, შენი! ხმა ამოიღე, გეთაყვანე, თორემ ლამის მე ჩემი დამემართოს!

— დამაცა!.. — გაუქნივა თანაც ხელი ლუარსაბმა, მითამ მამშორდიო, — მინდა მოვიგონო.

ესა სთქვა, ხმა გაიკმინდა, მაინც არ წამოდგა და თვალებდაჭყეტილმა და პირდაღებულმა დაიწყო ფიქრი, რომ მოიგონოს ის, რაც დაემართა. ისე უეცრად და ამ ყოფით გამოღვიძებულს სიზმრის ამბავი ცოტაღა დაახსოვდა და ის უნდა მოეგონა.

— შენ გენაცვალე! — მიემუდარა დარეჯანი, — ჩქარა მითხარ, თორემ შიშისაგან ლამის გავთავდე.

ლუარსაბმა ყური არ ათხოვა და სიზმრის ფიქრში წასულმა თავის-თავად ხმამაღლა ლაპარაკი დაიწყო:

— მე მოვკვდი. დარეჯანი ჯერ კი ტიროდა და მერე, როცა დამმარხეს და ყველამ თავი დამანება, დარეჯანმაც მიღალატა. ეგ იმედი მქონდა იმისაგან? თავი დამანება და ჩემთან არ დაიმარხა!.. აკი უყვარდი! დამაცალოს!.. ის სულ-ძაღლი დავითი!.. ის ქოფაკი ჩემი რძალი!.. ფერხული დააბეს განა, დამაცადონ!.. აი, მკვდარი არა ვყოფილიყავ, მე ვუჩვენებდი იმათ!.. მაგრამ რა მექნა, რომ მკვდარი ვიყავი!..

ბევრს რაღაცეების ბოდვას მოჰყვა ჩვენი ლუარსაბი. დარეჯანი კი გაფითრებული ყურს უგდებდა, არ ესმოდა რას ჰლაპარაკობს.

— შენი ჭირიმე, ლუარსაბ! — უთხრა კანკალით დარეჯანმა, — სიზმარში ხარ, თუ ცხადივ? მითხარ, თორემ შენს მაყურებელს სული დამელია.

— ეხლა განა? მაშინ რატომ არ დაგელია, როცა მიწა მომაყარე და მარტოკა ჩამფალი შავ მიწაშია?

— რას ამბობ, შენი ჭირიმე, რასა? ერთი შემატყობინე.

— რა უნდა შეგატყობინო? ცარიელი ტირილით რა გამოვიდა, უნდა თან ჩამამყოლოდი. არა გრცხვენიან, პირში როგორღა მიყურებ?

— უი, თვალები ეხლა დამდგომია, თვალები! — შეჰჭყივლა დარეჯანმა და მაშინვე გამოვიდა მოაჯირზედ, რომ ბიჭებს დაუძახოს, რადგანაც გული დააჯერა, რომ ლუარსაბისათვის ეშმაკს ძილში თავში ჩაუკრამს და ჭკვიდამ შეუშლია. ის კი არა თუ, ლუარსაბი ჯერ კიდევ სიზმრის ამბავშია.

— მიშველეთ, მიშველეთ!

ჰყვიროდა დარეჯანი მოაჯირიდამ თავში ცემით თავმოხდილი და გაწეწილი.

— მიშველეთ! უი ამ დღის მნახველსა, შე ქოფაკო დარეჯანო!

ჰყვიროდა კნეინა და იცემდა თავში, რაც ძალი და ღონე ჰქონდა. ლუარსაბი ამ ყვირილზედ სრულიად გამოფხიზლდა. წამოხტა აგურებიდამ და ისე გაღეღილი გავარდა, რომ შეიტყოს, რა დამართვია დარეჯანსა. დარეჯანმა დაინახა თუ არა ლუარსაბი, ეგონა — მე გამომიდგაო, იშვირა ფეხი და ეცა კიბეს. კიბეზედ ფეხი გაუსხლტა და ისე რახა-რუხით ჩაგორდა ძირამდინა. ამ კიჟინაზედ და ვაი-ვაგლახზედ ბიჭები მოგროვდნენ.

— დაიჭირეთ, დააბით! — წივოდა გვერდებდალეწილი დარეჯანი, — დაიჭირეთ, თორემ დაგვჭამს, ვაი, შე ქოფაკო თავო! ამ დღესაც შეესწარ, რომ ქმარი გაგიგიჟდა!

ჰწიოდა საწყალი კნეინა და იცემდა ძალზედ თავში, თითქო იმისი ბრალი იყოს ლუარსაბის გაგიჟება. ლუარსაბი გაოცდა, ეს ამბავი რომ ჰნახა, სრულიად გაშრა. ეხლა ამას ეგონა, რომ ცოლი გაუგიჟდა და დაიწყო საწყალმა ტირილი: გულჩვილი იყო.

— რა გაყვირებს, ადამიანო, — გადასძახა ხმაამოჯდომით და ნაღვლიანად დარეჯანსა, სრულიად გონებაზედ მოსულმა და დამშვიდებულმა, — ვინ გაგიჟდა, შენი სულისა, შენი! მე ჩემ გონებაზედა ვარ.

დარეჯანმა შემოჰხედა, დაინახა, რომ ლუარსაბი ისევ ის ლუარსაბია, არც გიჟი, არც ჭკვიანი, არც ფლავი, არც ჩლავი; მაგრამ მაინც კიდევ ჯერ ეჭვში იყო. გიჟმა იცის ხანდისხან დაჭკვიანებაო, გაიფიქრა გულში.

— აბა სწორედ შემომხედე, — დაუძახა ქვევიდამ დარეჯანმა და თვალები შემოაჭყიტა.

— აჰა, შენი სულისა! — სთქვა და შეჰხედა ლუარსაბმა.

— წეღან რას ჰლაპარაკობდი?

— აბა როდის, შენი ჭირიმე!

— აი, აგურებზედ რომ იწექი.

— სიზმარი ვნახე და იმას ვიგონებდი.

— მაშ აგურებზედ რად იყავი გაშოტილი?

— ცუდი სიზმარი ვნახე: მმარხავდნენ მითამ და საფლავიდამ ამოხტომა მინდოდა და ძირს კი დავეცი.

— მართლა, შენ გენაცვალე! — შემოჰხარა დარეჯანმა, — ვუი, შერცხვენილო თავო! მე კი ქვეყანა შევყარე, ქმარი გამიგიჟდა-მეთქი.

დარეჯანი ამოვიდა მაღლა ლუარსაბთან და მაშინვე შემოსცინა. ლუარსაბმაც კბილები დაუკრიჭა.

— მართლა გიჟი გეგონე, შენი სულისა? — ჰკითხა ლუარსაბმა.

— მართლა მეგონე, შენ გენაცვალოს ჩემი თავი.

— აი, დალახვრა ღმერთმა, მე კიდევ შენ მეგონე გიჟი. მადლობა ღმერთსა, ორივ კარგადა ვართ. კიბეზედ რომ ჩაგორდი?

— რა მიშავს? მე, რაკი შენ შენს გონებაზედ გხედავ, ყველაფერი დამავიწყდა.

— მეც ისე ვარ.

— უი, შენი ჭირიმე, შენი! რომ მართლა გაგიჟებულიყავ, რა მამივიდოდა? — უთხრა ესა დარეჯანმა და სიხარულით ატაცებულმა, რომ ლუარსაბი თავის ჭკვაზედ არის, ლოყაზედ უჩქმიტა.

ლუარსაბს იამა და, რომ უკან არ ჩამორჩეს ალერსშია, თითონაც უჩქმიტა და ზედ ტკბილის ხმით და ღიმილით „ჰი!” დაატანა. ესე მოხდა ეს ამბავი.

XI

ლუარსაბმა ეს სიზმარი თავიდამ ბოლომდინ, როგორც იყო, ისე უამბო. დარეჯანმა ისე ახსნა ეს სიზმარი, რომ სწორედ ცხრა თვეს უკან შვილი უნდა ეყოლოს.

— აბა, როგორ? — ჰკითხა ლუარსაბმა.

— ხომ სტიროდი სიზმარშია? — ეხლა დარეჯანმა ჰკითხა.

— ვტიროდი.

— მეც ხომ ვტიროდი?

— შენცა სტიროდი.

— ტირილი კიდევ სიხარულის ნიშანია. მე და შენ სიხარული სხვა რა გვექნება, თუ არ შვილის ყოლა? მაშ შვილი გვეყოლება და ჩვენი სიხარულიც ისე აგვიხდება.

— მართლა, ტირილი ხომ სიხარულის ნიშანია. უთუოდ ეგრე აგვიხდება. აი, ვენაცვალე სულში იმ სიზმარსა! თვალი არ დაუდგება დავითსა! აბა, ფერხულს მაშინ ჩამოუვლის, აი! ღმერთო, შენ იცი ეხლა.

ამ დროს ლამაზისეულმა კარი შემოაღო და გახარებული შემოვარდა ოთახში.

— ქალბატონო, ქალბატონო! — წამოიძახა გოგომა, — ჩამჩიაშვილს რომ ძაღლმა შვილი დაუცოფა, იმისთვის ერთი აქიმი დედაკაცი მოუყვანიათ, იმ დედაკაცმა თურმე მკითხაობაც იცისო. ხომ არა გნებავთ აკითხვინოთ? რაც კაცს გულში აქვს და შუბლზედ აწერია, ყველაფერს თურმე მაშინვე შეიტყობს.

— შენს პირს შაქარი, ჩემო ლამაზისეულო, შენს პირს შაქარი, — წამოიძახა გახარებულმა დარეჯანმა, — წადი და ეხლავ აქ მომიყვანე, ფულს გაჩუქებენ-თქო.

გოგო გამოტრიალდა და გაიქცა.

— დარეჯან, შენი ჭირიმე, დარეჯან! სიზმარი ცხადდება! — შეჰყვირა ღრეჯით გახარებულმა ლუარსაბმა, — ვა! მეტი რაღა გინდა! ღმერთმა თავისთავად მკითხავი კარზედ მოგაყენა. ეს რის ნიშანია?

— მაშ, ქა, რომ გეუბნებოდი და არ მიჯერებდი, მაშ რის იმედით გეუბნებოდი, რომ შვილი მეყოლება-მეთქი? მე რათა ხანია გული მითხრობდა.

— მეც დიდი ხანია გული მითხრობდა, თურმე ეს ამბავი იყო. აბა, ეხლა დაუდგება თვალი დავითსა, აი!

— რა ნაღველი აქვთ იმისთანა, რომ ავადმყოფს თავი დამანებებინეს და აგრე საჩქაროდ მიბარებენ? — ჰკითხავდა ლამაზისეულს გზა-და-გზა ერთი ტანში მოხრილი, პატარა, მოკუნტული, დაღმეჭილი ბებერი დედაკაცი.

— რა ვიცი? ხომ იცი, რომ უშვილონი არიან…

— ეგ ხომ მე უშენოდაც ვიცი, რომ შვილი არა ჰყავთ, — გააწყვეტინა სიტყვა ოსტატურად გამოქნილმა და ცბიერმა მკითხავმა.

სულელს ლამაზისეულს გაუკვირდა: საიდამ იცისო!

— მაშ ქალაქში რომ მკითხავს აკითხვინეს და ეთქო, თელეთი ილოცეთო, ისიც გეცოდინება? — უთხრა გოგომა და დააცქერდა გაოცებული, ვნახოთ, რას იტყვისო.

— მაშ, ჩემო კარგო, ჩვენი ხელობა რა არის? პურს მაგითი ვჭამ და ეგ როგორ არ მეცოდინება? — მიუგო ოსტატმა დედაბერმა ისე არხეინად, ასე გგონია — მართლა იცოდაო.

— თელეთში რომ ვიყავით, ისიც იცი?

— გეუბნები, შვილო, ჩვენი ხელობა ეგ არის-მეთქი. მაგითი ვცხოვრობთ, მაშ არ გვეცოდინება?

ძალიან უხაროდა გულში მკითხავსა, რომ ამისთანა სულელი გოგო შეჰხვდა, რომ ზოგიერთი საჭირო ამბავი გზა-და-გზა გამოათქმევინა. გოგოს კი საშინლად უკვირდა ამისთანა გულთამხილაობა ამ დედაკაცისა, სულელს ფიქრადაც არ მოუვიდა, რომ თითონ გააგებინა ყველაფერი, — უმაგისოდ არა ეცოდინებოდა-რა.

გოგომ თავლაზედ ამოატარა მკითხავი. მკითხავმა თავლის გარეშემო თვალი გადაავლო და ერთი ამოღრანტული რაღაცა შენიშნა „ეს კარგია”, სთქვა გულში.

ცოლ-ქმარი მოუთმენლად ელოდნენ მკითხავსა, ბოლოს მკითხავიც მოვიდა. რა წამსაც ფეხი ოთახში შემოდგა და თავი დაუკრა, მაშინათვე ოსტატურად მოფიქრებული სიტყვები მიაყარა:

— ძერას ჰკითხეს: შვილები გირჩევნია, თუ ორი თვის წყალუსმელობაო? — წყლის უსმელობაო. ჯორსა ჰკითხეს: — შენ რაღაო? — უშვილობაო. თქვენთვის არავის უკითხავს და რატომ შვილი არა გყავთ? ვინ დაგწყევლათ ეგრე?

ცოლ-ქმარმა გაოცებით ერთმანეთს შეჰხედეს: საიდამ გაიგო ეგრე მალეო! ლუარსაბმა პირი დააღო ჯერა, მინამ სიტყვების აზრს მიჰხვდებოდა; როცა მიჰხვდა — თითქო შეშინდაო, პირჯვარი გადიწერა და სთქვა იმ სახით, როგორც ჭექა-ქუხილის დროს ვიცით ხოლმე:

— ურთხეულ არს სახელი უფლისა. ეს რა მესმის, თქვენი ჭირიმეთ!.. დედაკაცო! ჩვენ გულში იჯექ?..

მკითხავმა ხმა არ გასცა, თითქო ამისთანა ქებას ყურსაც არ ათხოვებსო. მიუბრუნდა რაღაც მზრუნველობით გოგოს და უთხრა:

— ჯამით წმინდა წყალი მომიტანე, ერთი შავტარა დანა, ნახშირი და ახალი ხორბალი.

მინამ გოგო ამას მოუტანდა, ლუარსაბი და დარეჯანი ენა-ჩავარდნილებსავით იყვნენ. ეგონათ, რომ თუ არ ეშმაკის მანქანებით, ამისთანა გულთმისნობა არ იქნება. მოდი და ეშმაკის ხსენებაზედ შიშისაგან ენა ნუ ჩაუვარდებოდათ!

გოგომ მოიტანა ყველაფერი. ბებერი ძირს ჩაჯდა. ჩააგდო ჯერ ერთი ხორბალის მარცვალი, აიღო ხელში დანა და ნახშირი და დაიწყო ტუჩების ცმაცუნი, მითამ-და ულოცავს. მერე გაუშტერა თვალი წყალსა. ჩვენი ცოლ-ქმარნი შიშით და კრძალვით ელოდებოდნენ, ჩვენი ბედისწერა რას იტყვისო.

— ქალაქში მკითხავთან გიკითხვინებიათ, — დაიწყო კუდიანმა, — მკითხავიც კარგი შეგხვედრიათ. სწორედ უთქვამს, რომ თელეთი ილოცეთო.

ეხლა კი მართლა შეშინდნენ ცოლიცა და ქმარიცა. ერთმანეთს ყურება დაუწყეს. ამისთანა გულთამხილაობა რომ არ გაეგონათ თავის დღეში!

დედაბერი ვითომ არაფერს არ ამცნევს, რაც ძალი და ღონე აქვს აცმაცურებს ტუჩებსა და თითო ხორბლის მარცვალსა ჰყრის წყალში.

— კარგი გიქნიათ, — დაიწყო ისევ მკითხავმა, — კარგი გიქნიათ, რომ მკითხავისთვის დაგიჯერებიათ და თელეთის სალოცავად წასულხართ. შეგეწიოთ თელეთის მადლი; მაგრამ…

აქ სიტყვა გასწყვიტა ბებერმა: თითქო წყალში უნდა ამოიკითხოსო, თვალი უფრო დააკვირვა.

— მაგრამ ისა, რომ იმ მკითხავს გულთმისნობა სავსე არა ჰქონია, — ცოტა ჰკლებია, თორემ თელეთი როგორ არ გიშველიდათ, რომ გამოეცნო.

— აკი შენი ბრალიაო, დარეჯან! ადრევ რომ მითხარი. გამოდის ჩემი ბრალი არა ყოფილა, — უთხრა ლუარსაბმა თავის ცოლსა, მაგრამ ისე კი, რომ გაშტერებული თვალი მკითხავისათვის არ მოუშორებია.

— დამაცა, რა დროს ეგ არის. მე აქ შიშისაგან სული მძვრება. რა ყოფილა, შენ გენაცვალე, ეს დედაკაცი!.. — ამბობდა მართლა შეშინებული დარეჯანი.

— დიაღ, მკითხავის ბრალია, — მოჰყვა ისევ კუდიანი, — იმის ბრალია. იმას რომ მიგნება ჰქონოდა, ეხლა შვილი კალთაში გეჯდებოდათ. დიაღ გეჯდებოდათ, რომ…

აქ ისევ სიტყვა გასწყვიტა ხერხიანმა დედაკაცმა და უფრო გაუშტერა თვალი წყალსა. ლუარსაბი და დარეჯანი სმენად გადაიქცნენ.

— დიაღ, თელეთი გიშველიდათ — კიდევ შეგეწიოთ იმისი მადლი — თელეთი გიშველიდათ, — გააგრძელა სიტყვა მკითხავმა ისევ თვალაუღებლად, — რომ თქვენ სახლში ჯადო არა ყოფილიყო.

ლუარსაბმა და დარეჯანმა, შიშისაგან სულწასულთა, ერთს დროს და ერთხმად კანკალით წამოიძახეს:

— ვაი, ადრე და მალე დაღუპულო ოჯახო!..

— ნუ გეშინიანთ: ეხლა ის ჯადო საშიში აღარ არის, მე ხელში მყავს.

— აბა, მაჩვენე, თუ ხელში გყავს, — უთხრა ლუარსაბმა, მაგრამ, რადგანაც თითონ ეშინოდა იმისი ნახვა, დარეჯანს უთხრა: — მე კი ვერ შევხედავ, მე თვალებს დავხუჭავ და შენ გასინჯე.

— უი, არა გეთაყვანე, შენ თითონა ჰნახე, მე დავხუჭავ თვალებსა, — მიუგო შიშისაგან ფერმიხდილმა ცოლმა.

— ნუ გეშინიანთ, — დააშოშმანა მკითხავმა, — განა მართლა ხელში მყავს, ჯადო თქვენს ეზოშია.

— სადა, გეთაყვანე, სადა? არიქა, ბიჭებო, მიშველეთ! — დაიყვირა ბატონმა.

— თავლას უკან რომ ორმოა, ჯადო იქა დევს… — მშვიდად დაუმატა მკითხავმა.

— ბიჭებო, არიქა, ბიჭებო! აბა, თქვენი ჭირიმე, ბიჭებო! თუ ბატონის წყალობა გინდათ, ბიჭებო! თუ ჩოხები გინდათ, თავლის უკან ორმოაო! არიქა, ბიჭებო! თქვენი ჭირიმე, ბიჭებო!

ჰყვიროდა ოთახში ზარდაცემული ლუარსაბი. აქეთ კიდევ დარეჯანი კანკალმა აიტანა და ტუჩები გაულურჯდა, მაგრამ მაინც კიდევ ქმარს უთხრა:

— აქ რომ ჰყვირი, ვინ რას გაიგებს? გარეთ გადი და გაგზავნე ბიჭები.

— არა, გეთაყვანე, ეხლაკი შენ გადი და მერე თუნდა ორმოცჯერ მე გავალ.

— გადი, რისა გეშინიან, ჯადო ხომ არ დაგარჩობს, — ეუბნებოდა კნეინა და თითონაც კი ეშინოდა.

— არა, გეთაყვა, შენ გადი. რა არის? ეხლა, თუ ღმერთი გწამს, შენ გადი, თუ გიყვარვარ, შენ გადი.

— არა გრცხვენიან, მე დედაკაცსა მგზავნი და შენ კი ქუდი გეხუროს და კაცი გერქვას?

— რა დროს კაცობაა, რას ამბობ? სახლში ჯადო არისო.

— მე დავუძახებ ბიჭებს, — უთხრა მკითხავმა, — მაგაზედ როგორ დაღონდით!

— ო, გეთაყვა, შენ დაუძახე, ჩვენ — ხომ ხედავ — დავღონდით, — შეეხვეწა ლუარსაბი, — ეხლა, ოთახში რომ ჩვენ მარტონი დავრჩებით, ხომ არაფერი?

— არაფერი.

მკითხავი გავიდა, ბიჭები გაისტუმრა ჯადოს ამოსაღებად. ბიჭებმა ბევრი უტრიალეს თავლასა და ორმო ვერა ჰნახეს. მოვიდნენ და ბატონს უთხრეს: იქ ორმოს რა უნდაო.

— ვაი, შენ ჩემო თავო! — დაიძახა ლუარსაბმა, — დახე, ჯადოს ამათთვისაც თვალი აუბამს, რა გვეშველება?

მკითხავმა ჩაიცინა.

— მე წავალ თითონ. მე ჯადო თვალებს ვერ ამიბამს, — სთქვა მკითხავმა, — თქვენც წამოდით, რომ თქვენის თვალითა ჰნახოთ.

— არა, გეთაყვანე, ჩვენ ისეც დაგიჯერებთ, — უთხრა ლუარსაბმა, რომ ეშინოდა იქ წასვლა. — უჩვენოდ წადი, შენა ჰნახე, მითამ ჩვენ გვინახავს.

დედაბერი წავიდა, თან ბიჭები წაასხა და პატარა ხანს უკან რაღაცა ძონძები ამოიტანა.

— აქ ნუ შემოიტან, — ჰყვიროდა ლუარსაბი და თან კუთხეში იმალებოდა, — აქ ნუ შემოიტან, მანდვე დააწვევინე, მანდვე!

ჯადო დასწვეს.

XII

მეორე დღეს გუშინდელი ბიჭები დაიბარა ლუარსაბმა და ამისთანა საუბარი დაუწყო:

— მართლა ორმო იყო?

— თქვენი რისხვა არა გვაქვს, მართლა ვნახეთ, — მიუგეს ბიჭებმა. იმათ ხომ მალე იციან ამისთანაების გატანა.

— არა, თქვენ ის ორი თვალითა ჰნახეთ?

— ორის თვალითა, აი ისე, როგორც შენ გხედავთ, ბატონო!

— დიდება შენდა, ღმერთო! ამოდენა კაცი აქ დავბერდი და მე იქ ორმო არსად არ მინახავს!.. გაგონილა? როგორ შეიტყო? დიდი მისნობა არ უნდა ჰქონდეს?..

— მაგის ხელობა ეგ არის, შენი ჭირიმე, და იქიდამ შეიტყო, — მიუგეს ბიჭებმა.

— ალბად ეგრეა, თორემ… აი, დალახვრა ღმერთმა! აბა, თქვენ გინახავთ ვისმე იქ ორმო, ან გაგიგონიათ?

— რაც არ არის, რასა ჰნახავდნენ, — წაიბუტბუტა ერთმა თავმოწონებულმა ყმაწვილმა ბიჭმა, რომელიც შორი-ახლო იდგა და მკლავი ხანჯალზედ ებჯინა, — ერთი რაღაც გოგო-ბიჭების ნაჩიჩქნია და იმ კუდიანმა ორმოდ გახადა. რა უკვირთ?

ეს ისე სთქვა, რასაკვირველია, რომ ლუარსაბს არ გააგებინა.

— შენ რა გენაღვლება, ძმაო, — წასჩურჩულა ერთმა ხნიერმა გამოცდილმა გლეხკაცმა, — ხომ ჰხედავ — ბატონს უხარიან, რომ იქ ორმოა. დაე ეგონოს, რომ ორმოა, შენ რა?

— შენი რისხვა არა მქონდეს, — მიუბრუნდა მერე ბატონს ცბიერი მონა, — მე იქ ორმო არც მენახოს და არც გამეგონოს დღევანდლამდინა. აი, ჭიპი აქ მომიჭრია და ამოდენა კაცს ლამის სულიც აქ დამელიოს, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ, შენი ჭირიმე, კუდიანის საქმე ეგ არის.

— განა ის კუდიანი იყო?

— მაშ? კუდიანობის ღამეს, ჭიაკოკონობას, შენი ჭირიმე, გადააჯდებიან ხოლმე — აი, დასწყევლოთ ღმერთმა — ცოცხზედა და თავის ბატონთან გაფრინდებიან ხოლმე. მოგახსენებენ, ჩიტურაშვილის დედა თურმე ბუხარში აძვრება ხოლმე, ცოცხზედ — როგორც ცხენზედ — შეჯდება და, ჰერი ბიჭო, გაუტევს ხოლმე.

— ეგ მეც გამიგია. რამდენი სასწაულია ქვეყანაზედ! დიდება შენდა ღმერთო!.. — გადიწერა პირჯვარი ლუარსაბმა, — მაშ ჩიტურაშვილის დედასაც ეცოდინება მკითხაობა?

— განა ყველამ იცის, შენი ჭირიმე! ის უფროსი რომ ჰყავთ და კუდიანობის ღამეს ძღვენით რომ მიდიან ხოლმე, ის უფროსი თურმე ეტყვის: შენ, მავანო, მკითხაობა მიჩუქებია შენთვის, მეორეს კიდევ ეტყვის: შენთვის — აქიმობაო, ესე გახლავთ.

— ეგრე იქნება, თორემ აბა საიდამ გამოიცნობდა, რომ იქ ორმო არის? ჭკვიანი არ უნდა იყოს ის უფროსი?

— მოგახსენებენ, სოლომონ ბრძენზედ უფრო ჭკვიანიაო.

— არ ეტყობა, თუ! დიდება შენდა, ღმერთო ჩემო! — გადიწერა ისევ პირჯვარი და შევიდა ოთახში დარეჯანთან.

— გაიგე, დედაკაცო, რა ამბები მოახდინა იმ უხეირო, უკბილო ბებერმა? — უთხრა ცოლსა, — ის უფროსი რომ ჰყავთ, იმისი პირველი კარის-კაცი ეგ უნდა იყოს. აი, დალახვროს ღმერთმა! ეს რა ვნახე, თქვენი ჭირიმეთ!

— კარგი, ნუღარ მომაგონე, თუ ღმერთი გწამს! აქამდინ ტანში შიშისაგან ჟრუანტელი მივლის.

— აი, გულთმისნობა რა არის! ამდენს ხალხს ჩემს სახლში ჭიპი მოუჭრიათ და ერთმა არ იცოდა დღევანდლამდინ, რომ იქ ორმოა. რა ქნა, თქვენი ჭირიმეთ!

— ღმერთო, შეგცოდე და, იმას თუ ეშმაკი არ ეჯდა ტანში, რა ვიცი?

ცოლ-ქმარმა ეშმაკის ხსენებაზედ პირჯვარი გადაიწერეს და სამჯერ შეაფურთხეს ეშმაკსა.

— ეხლა კი… რა ვიცი? ეხლაც რომ შვილი არ გვეყოლოს, ერთი მეტის-მეტი ღვთის წყრომა იქნება, — სთქვა ლუარსაბმა.

— ეჰ, შენც ერთი!.. მაგას რაღა თქმა უნდა. ისე დაჯერებული ვარ, რომ მითამ შვილი კალთაში მჯდომია. რაები არ გამოიცნო!.. მოდი და ნუ დაიჯერებ.

— მაშ! მეც იმიტომ ვამბობ და!.. მკითხაობა რომ არ გაეჩინა ღმერთსა — ვენაცვალე იმის სიბრძნეს — რა გვეშველებოდა? ჯადოს ვიღა იპოვიდა?

ორივენი ჩაჩუმდნენ და ორივენი მაინც კიდევ გაოცებულნი იმეორებდნენ გონებაში გუშინდელს საოცარს ამბავსა. ბოლოს ლუარსაბმა ისევ დაიწყო:

— დარეჯან! წყალში ხომ არა ჰხედავდა? ჰა? შენ რას იტყვი?

— იქნება მართლა! შენ ნუ მოუკვდები ჩემს თავს, სწორედ წყალში ჰხედავდა.

— რა ვქნა, მე კი აგრე მგონია და!

— ღმერთმან იცის, იქნება სწორედ ეგრე იყოს.

— რა ვიცი! მე კი რაღაც ეჭვი მაქვს და!

— ენმა მზემ, ეგრე უნდა იყოს.

— რა ვიცი, ჩემმა გონებამ კი ეგრე გასჭრა და!

— ჩემი გულიც ეგრე მითხრობს, ლუარსაბის სიცოცხლემ!

— იმ ხორბლის მარცვალს რომ ჩააგდებდა ხოლმე წყალში და რაღაცა რგოლები კეთდებოდა, ის ხომ არ იყო?

— იქნება მართლა! სწორედ ის იქნებოდა.

— რა „ის”?

— რომ სთქვი „ისა”.

— აკი გითხარ! — მიუგო ლუარსაბმა თავმოწონებით, რომ მე გამოვიცანიო, — სწორედ ეგრე უნდა იყოს, თორემ ის დედაკაცი ეშმაკი ხომ არ იყო, რომ იმისთანა სასწაული მოეხდინა.

— ეგრე უნდა იყოს, მე კი — ღმერთო, შეგცოდე, — ეშმაკობა შევწამე.

— შენგან არ მიკვირს! ეშმაკი როგორ იქნებოდა, რქები არა ჰქონდა. ეშმაკს რქები უნდა ჰქონდეს.

— ეჰ, განა ეგ მე კი არ ვიცი, ისე გავიფიქრე.

— ჰო, ეგ სხვა არის.

ორივენი დაჩუმდნენ, ორივენი დარწმუნდნენ, რომ რაც გუშინ არ ესმოდათ, მკითხავს რომ უყურებდნენ, ის დღეს გამოიცნეს და გაიგეს.

— მე კი გამოვიცან, აი, — დაიკვეხა ლუარსაბმა. დარეჯანს, თუმცა ლუარსაბი უყვარდა, მაგრამ მაინც კიდევ თითონ უნდოდა, რომ გამოცნობის სახელი ამისი იყოს და არა ლუარსაბისა: კაცი სულელი, თუ ბრძენი, ყოველთვის თავმოყვარეა.

— განა, რომ მდომებოდა, მე კი ვერ გამოვიცნობდი, — მიუგო დარეჯანმა, — არ მინდოდა, თორემ გუშინვე გამოცნობილი მქონდა.

— ეხლა მაგას დაიჟინებ.

— ღმერთმანი, რომ ასეა.

— ეჰ, შენ ხომ კაცი ვერას დაგანახვებს და თუნდ სოლომონ ბრძენი მოვიდეს, მაშინვე ეტყვი: მე შენზედ ჭკვიანი ვარო. ეხლა რა არის, ერთხელ მე დამითმო. უცხო ხომ არა ვარ, შენი ქმარი ვარ.

არ ვიცი, დარეჯანმა დაუთმო, თუ არა, ეს კი ვიცი, რომ ლუარსაბს ძალიან ეწყინა, დარეჯანი რომ შეეცილა.

XIII

მკითხავმა მეტად მტკიცედ დააჯერა ცოლ-ქმარი, რომ შვილი ეყოლებათ. ამ იმედს მცირედი ეჭვიც არ შეურყევდათ. ამ დაჯერებამ იქამდინ მიაღწია, რომ ერთს მშვენიერს დღეს დარეჯანს ეჩვენა, ვითომც მუცელში ყმაწვილმა გაუჩუჩუნა. რასაკვირველია, გახარებულმა კნეინამ მაშინვე ლუარსაბს ახარა.

— მართლა გაიჩუჩუნა? — წამოიძახა სიხარულისაგან გონებამიხდილმა ლუარსაბმა.

— რას ამბობ, შენ გენაცვალოს ჩემი თავი!.. დარბაისელი დედაკაცი სიხარულისაგან კინაღამ არ შევხტი, მაგრამ მომაგონდა, რომ მუცელი წამიხდება-მეთქი, და შენ მაინც კიდევ არა გჯერა.

— უი, შენ კი ჩაგეკონე მაგ გემრიელ სულშია! ბარაქალა, რომ არ შეხტი, თორემ მუცელი წაგიხდებოდა. იმ სიხარულში ეგ როგორღა მოგაგონდა! მე კი — მე და ჩემმა ღმერთმა — შევხტებოდი, მერე ისე შევხტებოდი, რომ დავცემულიყავი, კიტრსავით გავსკდებოდი. დაუდგეს თვალი დავითსა! ფერხული, აბა, ეხლა დაუაროს, აი! მაშ დღეს მე და შენ ერთი კაი ქეიფი გავწიოთ, ერთი კაი წითელი ღვინო ავახდევინოთ, რომ შვილის სადღეგრძელო დავლიოთ. ურაა! — დაიყვირა ლუარსაბმა და, რადგანაც გულდაღმა იწვა, თავისებურად, ტახტზედ, ერთი ფეხიც აიშვირა მაღლა და მანამ “ურა” არ გაათავა, ფეხი არ ჩამოუღია.

ეს ამბავი სადილობის დროს მოხდა. აახდევინეს წითელი ღვინო. ცოლ-ქმარნი, დაჯერებულნი, რომ მემკვიდრე ეყოლებათ და დავითიანთ თვალები დაუდგებათ, სადილზედ გამხიარულდნენ. ნამეტნავად ლუარსაბი შექეიფიანდა და კარგად გამოიბრუჟა. ელისაბედი ამბობდა, რომ ვითომც დარეჯანსაც უყვარსო ღვინის სმა. ეს კი ვიცი, რომ იმ სადილზედ ამანაც გადუსო ორიოდ ჭიქა. ლუარსაბმა სამი ჭიქა ერთად ჯერ არ-დაბადებულის შვილის სადღეგრძელო გადაჰყლაპა და ალავერდი დარეჯანთანაც მივიდა. დარეჯანმა, თუმცა ესეც ჩაღლეული იყო, მაგრამ დედაკაცობის პატივი შეინახა და ჭიქა თუმცა ჩამოართო, სულ არ დალია.

— დალიე, შენ გეთაყვანე! — ეუბნებოდა მთვრალი ლუარსაბი, — ეხლა ქეიფს ნუ წამიხდენ. ჩვენის შვილის სადღეგრძელოს როგორ არა სომ? თუ მე და შენ არ დავლევთ, მაშ ვინ უნდა დალიოს? ღმერთი გვიწყენს, იტყვის: მე შვილი მივეცი და ისინი სადღეგრძელოსაც არა სმენო. ნუ აწყენინებ მოწყალე ღმერთსა, ძლივს კაი თვალით არის ჩვენზედა. მეც ქეიფს ნუ წამიხდენ. დალიე, გეთაყვანე!

უთხრა და მიაწოდა ისევ ჭიქა.

დარეჯანმა ჩამოართო ჭიქა, მაგრამ ისეთის მორცხობით, ისეთის თვალების ხამხამით და გემრიელ ღიმილით, რომ მე მაშინვე მივხვდი, რომ კნეინა უამისოდაც გადაკრულია. ჩამოართო და გადაჰკრა. სასაცილო რამ იყო კნეინა: ღვინო თან-და-თან ეკიდებოდა, ლოყები აუხაშხაშდა კიდეც, ტუჩებს ღიმილი მიეკრა ზედა და აღარა ჰშორდებოდა. ქვევითი ტუჩი ძირს ჩამოეშვა და დორბლმა დენა დაუწყო, თვალები აემღვრა და თავის-თავად ეხუჭებოდა, — ერთის სიტყვით — დარეჯანი ქეიფზედ იყო. ლუარსაბიც დაითვრა. მიუშვა აღვირი ღვინოსაგან მოდუნებულს ენასა და მოჰყვა უგზო-უკვლო ტიტინს, დარეჯანი სულ თავს აცანცარებდა და შესცინოდა.

— ვენაცვალე კახეთსა! — ამბობდა მთვრალი ლუარსაბი ენადაბმით, — ვენაცვალე! ეგ რომ არა ყოფილიყო, არც კახური იქნებოდა. მაშინ მე რაღა კაცი ვიქნებოდი? ჩემს გათქმულ სახელსა მაშინ ვინღა მოიგონებდა? დღეს თუ ლუარსაბის სახელი იხსენება სადმე, ღვინის მადლობელი უნდა ვიყო. თუ კაცი ვარ მე დღეს, აი, ამ შავის ყურძნის წვენითა ვარ კაცი! ჩემოდენას საქართველოში ორიც არ დალევს, დიდი მსმელი ვარ. მე რომ სიმღერა ვიცოდე, მთელის კახეთის ღვინო არ მომერევა. ეს არის რომ არ ვიცი და! სიმღერა ღვინოს ანელებინებს და! თორემ სხვაფრივ რა მიჭირს: ფაშვი კაი მსმელისა მაქვს, აქ თუნდა ოთხი ჩაფი ღვინო ჩაეტევა. ხომ გახსოვს ის იმერელი? აი, რომ მოვიდა, დადიანის „პოვერნია“ ვარო? „პოვერნია“ კი არა, — შენც არ მამიკვდე — ის ძალად გამოგზავნეს იმერლებმა: აბა წადიო, კახეთში ერთი დევი კაცი არისო, ლუარსაბ თათქარიძე, ოღონდ ის კი დაგვითვრეო და ნახევარ იმერეთს შენ მოგცემთო. ეხლა იმან მე რომ დამინახა, მაშინვე მიხვდა, რა კაციცა ვარ, იმიტომ „პოვერნიობა“ დაირქვა, სახელი არ წამიხდესო. კვეხნაში კი ნუ ჩამომართმევ და ჩემი სახელი სათათრემდინ არის გავარდნილი, იმერეთშიაც მისულა ჩემი ქება. მაგრამ აი, ამ შენმა უხეირო ლუარსაბმა ასე გაგიხადე ის ფხიკიანი იმერელი, რომ, რომ… სულ ჩემი მზე ვაფიცებინე. თითონვე თავის პირით მითხრა: ბაყბაყ-დევი ხარო. თითიც მომიკაკვა და ყურში ჩუმად ჩამჩურჩულა: სანაძლევო მოიგეო, ნახევარი იმერეთი შენი უნდა იყოსო. რომ მეჩივლა, რასაკვირველია, იმ ნახევარს გამოვიტანდი, მაგრამ ჩვენი მამა-პაპის მამულებიც მაშინ ისე ოხრადა გვრჩებოდა და იმერეთი რაღად მინდოდა? ეხლა ოხრად აღარ დაგვრჩება: ვენაცვალე შენს სტომაქსა! ეხლა შიგ პატარა თათქარიძე ზის და, მგონია, წითელ ღვინოში ჭყუპალაობს. უჰ, შენი კი ჭირიმე! მოდი ერთი ეგ ნაზი ტუჩები ამოგწუწნო! ეხლა ეგეც ხომ შვილი გვეყოლა, აბა ეხლა მაგის ქორწილზედ ვიფიქროთ. იცი, რა, დარეჯან? შენ ხომ ბრძენი დედაკაცი ხარ და არც მე ვარ — ღვთის მადლით — სულელი, თოთხმეტის წლისა შესრულდება თუ არა — აბა, იანგარიშე, როდის შესრულდება, მგონი ბევრი ხანი არ გასწევს, მალე შესრულდება, — შესრულდება თუ არა, ჯვარიც დავწეროთ, რაღას უნდა მოვუცადოთ? ეხლა მაგის ქორწილში ლეკურს არ ჩამოუვლი? მე კი — ღვთის წყალობა შენა გაქვს — ასეთს ბუქნას დავუვლი, რომ იქაურობას სულ მტვერი ავადინო… ეხლა იმ იმერელს რომ ვაჯობე, იცი, რა ვუთხარი? წადი-მეთქი, სადაც შენი სთქვა, იქ ჩვენიცა სთქვი-მეთქი, და იმერლებსაც უთხარი, რომ, რაც თქვენ კრიკინას წვენი გამოუვა, ერთ „ყლაპად“ არ მეყოფა-თქო, და „ყლუპი“ კი კიდევ თქვენზედ დარჩება-თქო. აი, ამისთანა კაცები ვართ კახეთში-მეთქი. მაშ!.. თუ ღმერთი გწამს — კარგად არ მითქვამს?

— კარგად და პატიოსნად.

— მაშ, მოდი ერთი კიდევ ამოვწუწნო ეგ შენი მარწყვი ლოყები. ეხლა, დარეჯან, შვილის ქორწილში ლეკურს არ ითამაშებ?

— რატომ.

— ჰო, გეთაყვანე! მოდი, იცი, რა ვქნათ? მითამ ეხლა ქორწილია: აბა ერთი… ერთი შენებური დიდოური… მე „განდიდურს“ დაგძახებ. თუ გიყვარდე, აი! მითამ ქორწილია. თუნდა ლეკური იყოს, ჰა! მე „პაწპაწინა ნიგვზის ტოტს“ დაგძახებ. ჰა და პაწპაწინა ნიგვზის ტოტი! პაწპაწინა ნიგვზის ტოტი! ჩუპრი-ჩუპარ, ჩუპრი-ჩუპარ, ჩუპრი დარეჯანასა!.. ურაა!.. აი, გიდი!.. ქუდი ჭერში!.. კახური კა… ცის… ჭი… რი… იი… მეე… ჩა… აა… რაკ… რაა… კებს… კუ… უუ… ლა… სა… იმ იმერელსაც… კაი… საქმე… დავმარ… დავითსაც… თვალიმც… გამოს… ძრო… მია… ურაა!..

ყროყინებდა სიმღერის ხმაზედ გაბრუჟებული ლუარსაბი, ჰბოდავდა რაღაცეებსა და ამ ბოდვაში ჩაეძინა კიდეცა.

XIV

აღარ გაათავებ? — მკითხავს მოწყენილი, და იქნება გაჯავრებულიც, მკითხველი. — როგორ არა? გავათავებ, მაგრამ იცით რითა? იმითი, რომ ლუარსაბის ბედნიერება დაირღვევა. თუ მაგისთანა მტკიცე ბედნიერებაც დაირღვევა, მაშ რაღა ყოფილა დაურღვეველი ქვეყანაზედ? — დაიძახებს ჩემთან ერთხმად დაღონებული მკითხველი.

მარტო ქვეყანაა, მკითხველო, დაურღვეველი, და ერთი ლამაზი, გონიერი ქართვლის ანდაზა: „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა“, თორემ „ნუ დააგდებ ძველსა გზასაო“ — ეს ჩინეთიდამ შემოგვეპარა და რასაც ჩინეთის ფერი ადევს, ის რასაკვირველია, დაირღვევა ღვთისა და თქვენის წყალობითა, ჩემო ძველის გზის მოყვარევ, მაგრამ მაინც კიდევ საყვარელო ქართველო!..

გაიარა რაოდენმამე ჟამმა და წუთის-სოფლის დაუდგრომელმა ბრუნვამ ბევრი რამ გამოსცვალა დედამიწის ზურგზედ. ამათ შვილი არ მიეცათ. დარეჯანმა ერთი აქიმი დედაკაცი იშოვა და წამლობა დაიწყო, აქიმმა დედაკაცმა ერთი რაღაც წამალი მისცა, მთელი ორი კვირა ასმევდა და მესამე კვირას კი დარეჯანს ფეხები გააჭიმინა. დარჩა ქვრივად საწყალი ლუარსაბი. წვერი დაიყენა, შავები ჩაიცვა. თავისი ბედნიერება სულ დარეჯანთან დამარხა. ორი სიამოვნებაღა დარჩა ამ ტრიალ ქვეყანაზედ: ერთი — მადა; მეორე ისა, რომ ლამაზისეული ფეხთ უჯდა ხოლმე, როცა ძილს დააპირებდა ბატონი, ფეხის გულებზედ და კანჭებზედ ხელს უსვამდა და ისე აძინებდა. ესღა იყო ამისათვის ნუგეშად, თორემ ის პატიოსანი ფაშვი ჩამოებღერტა, ის ხაშხაში ლოყები ჩაუყვითლდა, ის დიდრონი ძროხის ოდენა თვალები უგემურად მიელივა, ის სამკეცი ფაფუკი ღაბაბი გუდა ლეღვსავით გაუხდა, ამასთანაც ის თავისებური განსხვავებითი მუდამი ღიმილი სახიდამ დაეკარგა, — ერთის სიტყვით, წახდა კაკალი კაცი. მწუხარებამ ესე იცის. ბოლოს, ფერისცვალობის დღეს, რაღაც ეშმაკად, ნათლიმამამ ნახევარი ლიტრა კალმახი მოართვა. ჯავრისაგან იმ კალმახს ლაზათიანად მიაძღა, მოუვიდა კუჭის ანთება და ჩაჰბარდა პატრონსა.

მოკვდა ლუარსაბიცა ისე, როგორც იხოცებიან ბევრნი ჩვენგანნი, რომელნიც არც თავის სიცოცხლით უმატებენ რასმეს ქვეყანასა და არც თავის სიკვდილით აკლებენ.

წაიშალა ამ ორთა გვამთა ცხოვრების კვალი დედამიწის ზურგზედა. რისთვის მოვიდნენ და რისთვის წავიდნენ? ნუთუ ნახევარი საუკუნე იმისთვის იცხოვრეს, რომ ოთხი ფიჭვის ფიცარი ეშოვნათ და სამ-სამი ადლი მიწა? ან კიდევ ქვაზედ წაიწერონ, რომ „ჩყ… წლამდინ თავადი ლუარსაბი თათქარიძე და მისი კნეინა დარეჯანი ცოცხალნი ყოფილან და მერე დახოცილან?“ სხვა ხომ არაფერი გვეტყვის, რომ ესენი ამ ქვეყანაში ყოფილან და უცხოვრიათ. „წამკითხველო, შენდობა გვიბძანეთო“, ამბობს იმათი ქვის ზედწარწერილი. ნახევარი საუკუნე ამისთვის იცხოვრეს ამ ქვეყანაზედ, რომ ბოლოს მაინც კიდევ „შენდობა“ ითხოვონ და საბოდიშოდ გაიხადონ საქმე? უფროსთაგანს ქართვლის საფლავის ქვას რომ აწერია „შენდობა გვიბძანეთო“, ეხლა მესმის, რისთვისაც აწერია. მაგ შესანდობარს და შესაბრალისს ჩვეულებას თავისი აზრი და საფუძველი ჰქონია, მაგრამ არ გითარგმნი კი, მკითხველო! თუ კაი გული გაქვს და გამჭრე გონება შენც თითონ ჩემზედ უკეთესად მიხვდები, თუ არა და, თქმა საჭირო არ არის. ტყუილად გულს გატკენ, გაგარისხებ და ის რისხვა ისე აგიბამს თვალსა, რომ სხვას შენზედ მეტადაც რომ გული სტკიოდეს, ამას ვეღარ დაინახავ და იმის გულის სატკენ სიტყვას მუხანათობაში ჩამოართმევ.

მე გავათავე და შენ, რაც გინდა, ჰქმენ, მკითხველო! გინდა იცინე, გინდა იტირე, როცა ამ ამბავს წაიკითხავ. ორივეს საბუთი ისევ ამავე მოთხრობაში გაქვს. თუ ოდესმე თვალი აგიხილებია და შენს გარშემო რაც გინახავს, იმაზედ გონება გივარჯიშებია, — ნახავდი, რომ ხშირად ერთი და იგივე საგანი ზოგს აცინებს, ზოგს ატირებს. მე მინახავს ერთი მოხუცებული, ღარიბი, შიშველ-ტიტველი, ფეხებდახეთქილი დედაკაცი. ვინ იცის, რა-გვარ უბედურობისაგან ლოთად ჩავარდნილიყო და ლოთობაში სამუდამოდ დაეკარგა თავისი დედაკაცობა და ადამიანობა. მე მინახავს ის საცოდავი დედაკაცი, ქალაქის ბიჭებს დაეჭირათ და ხუთ გროშად მთელი საათი ახტუნებდნენ პამპულასავით. მე მინახავს, რომ იმათში ბევრი იცინოდა და ზოგიერთს კი ამ საცოდავის დედაკაცის მაგ ყოფაზედ გული უტიროდათ. ვინ იყო ამათში მართალი? მოცინარენი, თუ მოტირალენი? ორივენი, იმიტომ რომ ერთნი თვალითა ჰხედავდნენ მარტო და თვალისათვის მართლა სასაცილო იყო, მეორენი კი თვალითაცა და გონებითაცა. გონებას-კი — ძნელად თუ გაეცინება. სჩანს, შეიძლება, რომ ერთი და იგივე ამბავი სატირალიც იყოს და საცინარიცა, — ეგ იმაზედ არის დამოკიდებული, როგორი აგებულებისა ხარ: თუ იმისთანა გონების ძალა გაქვს, რომ, რაც უნდა მწუხარე ჭეშმარიტება იყოს, გულდაგულ შეხვდები, და თუ იმისთანა გულიცა გაქვს, რომ უბედურს და გზა-კვალ-არეულს შეიბრალებ, ამისთანა სასაცილო ამბავი უფრო ხშირად უნდა გატირებდეს შენა, თუ არა და იცინე, რამდენიც გენებოს. იცინე და თანაც გაჯავრდი ამ მოთხრობის დამწერზედ და მამიგონე ჭორი — შენ ხომ ჭორების მოგონება გიყვარს — რომ მე ვითომც ქართველობას ვღალატობ, რადგანაც იმის სასაცილო ამბავს გიამბობ და არა ვმალავ ზოგიერთ გულ-მოკლე პატრიოტივით. ვიცი, რომ, ჩვენდა საუბედუროდ, თქვენში, მკითხველო, ძნელად იპოვება იმისთანა კაცი, რომ მართალს სიტყვას გონება გაუსწოროს. ვიცი ეს და მაინც კიდევ პირში — როგორც მოყვარე — გეტყვი, რომ ლუარსაბი და დარეჯანი შენს კალთაში დაბადებულან და შენის ძუძუთი გაზრდილან. გინდა მიწყინე, გინდა არა. თუ იმათ დასცინებ, მითამ შენის თავისთვის დაგიცინია, თუ დასტირებ — ეგ კაი ნიშანია: სჩანს, სწუხხარ, რომ ამისთანანი ვართ, სჩანს, შენის თავის გასწორების განზრახვამ ფრთა აიბა. ღმერთმა ქნას, რომ ეგ აგრე იყოს.

მე თუ შენ მიყვარხარ, მკითხველო, იმისთვის მიყვარხარ, რომ იმედი მაქვს ეგ გასწორების განზრახვა, დღესა თუ ხვალე, შენში გაიღვიძებს. ამ იმედს ნუ წაგვართმევ. ნუ იფიქრებ, რომ ამ მოთხრობას შენი გაჯავრება უნდა. ამას მარტო ის უნდა, რომ შენ დაგანახვოს — რამოდენადაც შეძლება აქვს-შენი ცუდი, შენი ავი, რომ იცოდე, რა გაისწორო. მინამ სარკეში არ ჩაიხედავ, ან სხვა არ გეტყვის, ხომ ვერ გაიგებ, რომ პირზედ ურიგობა რამ გატყვია? ეს მოთხრობა სარკე იყოს და მე — თუ გინდა — მთქმელი ვიქნები. დააკვირდი, იქნება გენიშნოს რამე. ესეც იცოდე: მარტო შენი მტერი დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგობა ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს, რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე. მეც მოყვარესავით გექცევი, — სარკე მოგიტანე, ამაზედ როგორ უნდა გამიწყრე?! რა ვუყოთ, თუ ეს სარკე გაბზარული გამოდგება და შიგა-და-შიგ ლაქებიანიცა? რაცა მქონდა ის მოგართვი, როგორც შემეძლო, ისე დაგეხმარე. თუ მაინც-და-მაინც წყრომას არ დაიშლი, შენი ნებაა. მე შენის წყრომისა არ მეშინიან. მაშინ მხოლოდ დავღონდები, რომ შენშიაც მოვტყუვდი; რომ შენ ის არა ჰყოფილხარ, რაც მეგონე. მაშინ გულ-ხელ-დაკრებილს ესღა დამრჩება სათქმელად: მე მიყივლია და გათენდება თუ არა — ეგ ღმერთმა იცის! წყრომა კი რომ არა ყოფილიყო, ეგ გათენება, ჩვენც კარგად გვეცოდინებოდა, როდისაც იქნებოდა!..

სხვაფრივ მშვიდობით ბძანდებოდეთ და შენდობით იხსენიებდეთ მონასა თქვენსა…

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

3 votes, average: 5.00 out of 53 votes, average: 5.00 out of 53 votes, average: 5.00 out of 53 votes, average: 5.00 out of 53 votes, average: 5.00 out of 5

› ჯვრის მონასტერი

ჯვარი. მცხეთის წმ. ჯვრის მონასტერი. 584-605 წწ.
ძნელბედობის ჟამი დაუდგა ქართლს VI საუკუნეში.
502 წელს სპარსელებმა მოსყიდულ მონას მოაკვლევინეს ვახტანგ გორგასალი, მათი მთავარი მოწინააღმდეგე კავკასიაში.
523 წელს სპარსელებს აუჯანყდა ქართლის მეფე გურგენი, რომელსაც › › ›

DU