1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ილია ჭავჭავაძე: კაცია ადამიანი (თავები: 5, 6, 7, 8, 9)

V

— ყველა-ყველა და ამაღამ ვახშმად რა გვაქვს? — ერთს საღამოს ლუარსაბმა თავის მეუღლეს ჰკითხა, როცა ქათმების შესხდომის დრომ მოაღწია. — დარეჯან! არ გეყურება, დედაკაცო? ამაღამ რა უნდა ვჭამოთ?

— რატომ რა უნდა ვჭამოთ, გენაცვალოს დარეჯანი! ღვთის წყალობა ბევრი გვაქვს, — ანუგეშა დარეჯანმა.

— მაინც?

— სადილიდამ დარჩომილი კაი ცივად ძროხა გვაქვს, კარგი ღორის სუკებია, კარგი…

კიდევ უნდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ღორის სუკების ხსენებაზედ აღტაცებულმა ლუარსაბმა სიტყვა გააწყვეტინა:

— უჰ, უჰ, უჰ! ეგ ღორის სუკები, შენმა მზემ, რადაც უნდა ჰღირს. სხვა? მე ამაღამ როგორღაც მადაზედა ვარ.

— ზურგიელიცა გვაქვს, ღვინოები რომ იყიდა, იმისი ფეშქაშია. ასეთია, რომ ქონი გასდის.

— უჰ ეგეც კარგია. სხვა?

— ყველი, პური და კაი გული.

— არც ეგ არის ურიგო, შენმა მზემ: ჩვენისთანა ვახშამი ხელმწიფესაც არ ექნება.

გაიკეთა ჩიბუხი მადა-წახალისებულმა მებატონემ და, მინამ სანატრელს ვახშამს მოიტანდნენ, მოუთმენლად წინა და უკან პატარა ოთახში ბოლთასა სცემდა. ხანდისხან რაღაც ფიქრში გართული უეცრად წამოიძახებდა: „ღორის სუკები? შენმა მზემ, რომ კარგია!“

ვახშამსაც, როგორც ყველაფერსა ამ წუთის-სოფელში, ბოლო მოეღებოდა. გამაძღარი და ტახტზედ გადაგორებული ლუარსაბი ეხლა ხვალისთვის დაიწყებდა ზრუნვასა. მაშ! ოჯახის კაცი იყო.

— ესეც ვახშამი, ღვთის მადლით, გადავაგორეთ, ეხლა ხვალინდელ დღისათვისაც ვიფიქროთ. ხვალაც ჭამა გვინდა, დალოცვილს ღმერთს ეგრე გაუჩენია კაცი. ხვალ რაღა ვჭამოთ?

— ხვალ?.. — ჩაფიქრდა დარეჯანი, ვითომც და ძნელი გამოსარკვევი საქმე მიანდვეს: — ხვალ? დაიცა ერთი მოვიგონო… ხვალ? არტალაზედ როგორა ხარ?

— უჰ, უჰ! შენმა მზემ, კარგი რამ მოიგონე. არტალაზედ? ვაცივითა ვარ, ვაცივით, — უპასუხა მსუნაგსავით სულწასულმა თავადმა, — ბარაქალა, დარეჯან! ერთი კარგი მსუქანი არტალა, ჩვენი თედოს მოხარშული, ნივრით, — ერთ სახელმწიფოდა ჰღირს, მე და ჩემმა ღმერთმა. ეგ ძალიან კარგი. სხვა? მარტო ეგ რას გვეყოფა?

— ერთი კარგი ჩიხირთმა? — ჰკითხა მაცდურის ღიმილით კნეინამა.

— ჩიხირთმა?.. ჰა, ჩიხირთმა?.. არა, გეთაყვა, ბოზბაში სჯობია, — მიუგო მცირე დაფიქრების შემდეგ ლუარსაბმა.

— ეხლა მაგას დაიჟინებ. რითა სჯობია?

— ვა!.. ტყემლის მჟავით გაკეთებული ბოზბაში?.. — ისეთის ხმით წამოიძახა ლუარსაბმა, თითქო უკვირსო: ეს ამისთანა უბრალო ჭეშმარიტება როგორ არ ესმის ამისთანა ჭკვიან დედაკაცსაო.

— შენც არ მომიკვდე, ლუარსაბ, კარგად გაკეთებულ ჩიხირთმას ბოზბაში არა სჯობდეს.

— ვა!.. — უფრო გაკვირვებით შეჰყვირა ლუარსაბმა, — ტყემლით გაკეთებულს ბოზბაშს ჩიხირთმა უნდა ამჯობინო?.. შენს ჭკვაზედ არა ხარ, დედაკაცო! ჯერ ისე ბოზბაში რა არის, რომ ტყემლით რა იყოს!.. რას ამბობ, რასა? ერთი მსუქან ბოზბაშში ამოვლებული პურის ლუკმა მთელ ქვაბ ჩიხირთმას მირჩევნია. ამის შემდეგ შენ უნდა დამაჯერო, რომ ჩიხირთმა სჯობია? მაშ კაცი აღარ ვყოფილვარ, ქუდი არა მხურებია.

— შენ ერთი ახირებული კაცი ხარ: რასაც იტყვი, ხომ კაცი ვეღარ გადაგათქმევინებს? — არ იყო რომ ცოტა წყენით არ უთხრა დარეჯანმა დაჟინებულს ლუარსაბსა.

— მაშ? კაციც მაგისთანა უნდა. ის ხომ კარგია, დღეს ერთი სთქვას, ხვალ სხვა? — სთქვა ლუარსაბმა, შემოიყარა დოინჯი და გამარჯვებულსავით ამაყი შეხედულობა მიიღო.

დარეჯანმა იგრძნო, რომ ლუარსაბმა საბუთიანად დაიჭირა და შერცხვენილმა ბანზედ სიტყვა გადააგდო:

— მაშ შენ ბოზბაშს ამჯობინებ?

— ვამჯობინებ.

— მაშ შენ პირში გემო არა გქონია, — ეხლა კი გულზედ მოსულსავით სთქვა დარეჯანმა.

ლუარსაბი აიტკიცა, მაგრამ თავი შეიკავა და არ იყო რომ მაინც ცოტა წყენით არ უპასუხა:

— შენ არა გქონია, რომ ჩიხირთმას ამჯობინებ, თორემ მე ხომ ბოზბაში მირჩევნია.

— აბა რას მიედ-მოედები? — ეხლა კი გაანჩხლდა დარეჯანი, — ბოზბაში როგორა სჯობია ჩიხირთმასა, რომ როცა ჩიხირთმა მაგონდება — პირში წყალი მომდის, თუ მშიერიც ვარ — მაშინ უფრო, ბოზბაშზედ კი არა. მაშ ჩიხირთმა სჯობნებია. ეხლაც დაიჟინებ?

ისეთ გულდაჯერებით და ზაფრიანად წარმოსთქვა ეს კნეინამა, რომ, ასე გგონია, უნდა ეთქვაო: „შე სულელო, ამისთანა საბუთი მაქვს და შენ კი მაინც შენსას ამბობო?“

მაგრამ არც ამის მოპირდაპირე იყო სუსტის ჭკუისა, რომ ის საბუთი უფრო ძლიერის საბუთით არ დაერღვია. მართალია, პირველშივე ძალიან ჩაფიქრდა, მაშინვე ვერ მოახერხა, — რა ეთქვა, მერე კი — ღვთის წყალობა გქონდეთ — ყოჩაღად ლუარსაბმა იმას მიუგო.

— მაგ სიტყვებზედ სდგეხარ? — ჰკითხა ჯერ ლუარსაბმა და ფეხზედ წამოდგა.

— ვდგევარ.

— მაშ კარგი: შენ ხომ ჩიხირთმა მშიერს მოგგვრის პირში ნერწყვსა, მე კი ბოზბაში — მაძღარსაცა. აი, თუნდა ეხლა: მე ხომ ამაღამ შენზედ მეტი მიჭამია, მაგრამ რომ მაგონდება პირამდინ პურ-ჩაყრილი, ჩაჟუჟუნებული ბოზბაშით სავსე მათლაბა, თუ ზემოდამაც ერთი კარგი კანჭი აძევს!.. რას ამბობ, დედაკაცო? მე მოგიკვდე, თუ შენ გესმოდეს რამე: ბოზბაში — წვნიანების მეფეა, როგორც თართი — თევზებისა. შენ რა იცი, დედაკაცი ხარ.

— აბა შენ კაცმა როგორ უნდა დაგიჯეროს, რომ ეგეც არ იცი: ორაგული თქმულა თევზების მეფედ და არა თართი… აბა, სულ ეგრე სტყუი ხოლმე, — უკიჟინა ნიშნის მოგებით გახარებულმა კნეინამ, რომ ტყუილში დაიჭირა.

შერცხვა ცოტა ლუარსაბსა, მაგრამ არ შეიმცნივა და გაიზრახა, რომ პატივისათვის — რაც უნდა დაემართოს — უნდა დაამტკიცოს, რომ თართი არის მეფე.

— ეხლა მაგას დაიჟინებ. თართია-მეთქი.

— ორაგულია.

— ეჰ, თართია, თავი არ მამიკვდება, არც ეხლა დაიჯერებ?

— ორაგულია, ორაგული! — დასძახა კნეინამა.

— აბა საიდამ იცი, რომ ორაგულია?

— შენ საიდამღა იცი, რომ თართია?!

ამ კითხვამ გააბა ლუარსაბი მახეში. მერე რა-რიგად! ხსნა არ იყო! ძალიან კი უნდოდა მოეგონა რამ, უნდოდა ეთქვა კიდეც, რომ „კარაბადინში“ სწერიაო, მაგრამ მოაგონდა, რომ დარეჯანი უფრო ნაკითხია და ვეღარ გაბედა.

დარეჯანი ჭკვიანი დედაკაცი იყო — როგორც იცის თითონ მკითხველმა ჰნახა რომ ლუარსაბმა პასუხი ვერ მოუხერხა, უფრო-და-უფრო დააყარა თავმოწონებით:

— მითხარ, საიდამ იცი? მაშა! რაც არ იცი, ნუ იტყვი. აბა ეხლა სთქვი: ჩიხირთმა არა სჯობია?

დარეჯანმა იფიქრა, რომ ეგრე დაჭერილი ლუარსაბი თუ გატყდება, ეხლა უნდა გატყდეს. ამისთანა გაჭირებაში თუ დაიყოლიებს ჩიხირთმის უკეთესობაზედ, თორემ სხვა დროს ვეღარა. ამიტომაც ეგრე უეცრად გადავიდა ისევ ჩიხირთმაზედ.

ლუარსაბი დაგვიღონდა, მკითხველო! ისე თავჩაღუნული იდგა, როგორც პატარა ბავშვი, როცა შაქრის ქურდობაში დაიჭერენ. არ იცოდა რა ექნა. ჰგრძნობდა, რომ ცოლმა დაიჭირა, აჯობა, მაგრამ ამის კისრად აღება ეთაკილებოდა. სხვა დროს იქნება დაეთმო, მაგრამ ეხლა, რაკი საქმე სახუმარი აღარ იყო, რაკი ჯიბრზედ შედგა, ეხლა დათმობა სათაკილო ეგონა. მართალია, იყო წუთი, როცა ისე დამარცხებული ჰნახა თავისი თავი, რომ თითქმის დააპირა კიდეც ჩიხირთმის უკეთესობის აღიარება, მაგრამ ამ დროს თვალ-წინ წამოუდგა მაორთქლავი მათლაბა ლავაშ-ჩაყრილის ბოზბაშისა, მოაგონდა ზემოდამაც გადახირული ბატკნის კანჭი, ამან გაიტაცა ისევ ლუარსაბი: ამის სულს ღონე მოემატა, გული გაუმაგრდა, დაავიწყა სირცხვილიც, დამარცხებაც, გამარჯვებაც და ათქმევინა ეს ღონიერი სიტყვები:

— მე არ ვიცი, თუნდ რომ მართლა ორაგული იყოს თქმული თევზების მეფედ, მაინც კიდევ ბოზბაში სჯობია ჩიხირთმასა.

— ჩიხირთმა, ადამიანო!

— ბოზბაში, დედაკაცო!

— ეჰ, წეღანდელი არ იყოს, მტყუანი ხარ და არა სტყდები, — უთხრა ყვედრებით დარეჯანმა.

— შენა ხარ მტყუანი.

— დახე! შენ არა თქვი — თართიაო?

— მე ეგ არ მითქვამს — ეგ შენა თქვი, — იცრუა ლუარსაბმა და თავის სიტყვა თავის ცოლს გადააბრალა, — მე ორაგული ვთქვი.

— დახე, დახე, თქვენი ჭირიმეთ!.. ეს რა მოიგონა! — წამოიძახა ეხლა კი სწორედ გულზედ-მოსულმა დარეჯანმა.

— ამდენი იყვირე, რამდენიც გინდოდეს! — დაბალ ხმით უთხრა ლუარსაბმა და წავიდა, რომ გარეთ გავიდეს. კარებში რომ მივიდა, ერთი კიდევა სთქვა:

— მე ორაგული ვთქვი. — თქმა ამისა და იმისი გარეთ გასვლა ერთი იყო.

— მტყუანს?.. — მისძახა გაკაპასებულმა, ამ უსირცხვილობისაგან მოთმინებიდამ გამოსულმა ცოლმა, — გაუწყრეს წმინდი-გიორგის მადლი და ნეკრესის ღვთისმშობლისა!

ლუარსაბმა ყური არ ათხოვა, თუ ვერ გაიგონა — არ ვიცი, ეს კი ვიცი, რომ ამ წყევლამ დარეჯანს მშვიდობიანად ჩაუარა.

ხშირად შუაღამემდინ ცოლ-ქმარნი გაცხარებულნი და გაჭარხლებულნი ამისთანა ღრმა აზრებს ამტკიცებდნენ: „დღეს რა ვჭამოთ“, — იტყოდნენ დილით. „ხვალ რა ვჭამოთ“, — იტყოდნენ საღამოზედ. ეს იყო იმათი სულის საზრდო, ეს იყო იმათი გონების ვარჯიში, ეს იყო იმათი აზრის აღებ-მიცემა.

რა იცოდნენ ამათ, რომ თავისის ქცევით, თავისის ცხოვრებით არისხებდნენ ღმერთსა, რომელსაც თავისი სული ამათთვის შთაუბერია.

— ვაჟო! მე ვარისხებ ღმერთსაო? — გეტყოდათ გაოცებით ლუარსაბი: — წირვა-ლოცვას მე არ ვაკლდები, კაცი მე არ მამიკლავს და კაცისათვის მე არ მამიპარავს, — რაზედ ვარისხებ ღმერთსა?

მართალი ხარ, ჩემო ლუარსაბ, შენ კაცი არ მოგიკლავს, კაცისთვის არ მოგიპარავს, ერთის სიტყვით — რაც არ უნდა გექნა, არ გიქნია — ესეც კარგია: უარარაობას ეგა სჯობია. მაგრამ ეხლა ეს უნდა გკითხო: რაც უნდა გექნა, ის კი გიქნია?

— დიაღ, — მეტყვი შენ, — მისვამს და მიჭამია, არც ერთი დღე მშიერი არა ვყოფილვარ.

მითამ პასუხი ეგ არის? წირვა-ლოცვას არ ვაკლდებიო რა გამოვიდა? იქ ყოველთვის გსმენია ჩვენთვის ჯვარცმულის ქრისტეს სიტყვა: „ვითა მამა ზეცისა იყავ შენ სრულიო“. აბა, ან ერთს წამს შენს სიცოცხლეში მაგისთვის სცდილხარ? არა, შენ მაგისათვის არა სცხოვრობ: შენ სცხოვრობ — რომ სვა და სჭამო, და არა იმისთვის სჭამ და სვამ — რომ იცხოვრო, ესე იგი ეცადო — რომ ვითა მამა ზეცის იყო შენც სრული.

VI

ოცი წელიწადია თურმე, რაც ლუარსაბი და დარეჯანი ერთს უღელში შებმულან და ერთს ბედის კალთას ქვეშ ამოფარებულან. საოცარი ამბავია ამათი ჯვარისწერა. ჯერ ლუარსაბი თავის ძმასთან — დავითთან — გაუყრელი იყო, როცა ოცი წლისა შესრულდა და მოინდომა ცოლის შერთვა. ძალიან მოინდომა, მაგრამ არ იცოდა ვისი ქალი შეერთო; მდიდარიც უნდოდა, კაი გვარის-შვილიც და მზეთუნახავიცა. ამაების მექონი ქალი ჩვენში ძვირია. ლუარსაბს ჯერ კი თვალი ეჭირა — იქნება შემხვდესო, და, რომ ვერსად ვერა ჰპოვა, გაიზრახა გულში — შეიკეროს პტყელის ბუზმენტებით ჩოხა, ბუზმენტებითვე მორთული განიერი მაუდის შალვარი, ერთი ოციოდ თუმანს თავი მოუყაროს და ჩავიდეს ქალაქში იმ ფიქრით, რომ ერთი-ორიოდჯერ ქუჩა-ქუჩა გავაჭენებ დროშკასაო, იქნება ერთი მდიდარი, კაი გვარის და ოჯახის შვილი ქალი ბადეს მოხვდესო, თუ არა და სომხის ქალები ხომ იქ არიან, ათასს თუმანს წამოვიღებო. ბოლოს შეიტყო, რომ შორს წასვლა საჭირო არ არის; თავად გძელაძეს, დიაღ პატიოსანის გვარის და კაი ოჯახის შვილს, ერთი მზეთუნახავი ქალი უზის გასათხოვარი და ზედ ზურგზედ ორასი თუმანი თეთრი ნაღდად აკერია. აუფორთხალდა ლუარსაბს გული, გაუჯდა გვერდებში და დღე-მუდამ საამურად უღიტინებდა, მაგრამ არ იცოდა — როგორ მოეხდინა საქმე. უშველა ღმერთმა და ერთს დღეს მაჭანკალიც გაუტყვრა.

მაჭანკალი, გძელაძისაგან მოგზავნილი, გახლდათ ერთი მოხუცებული, დარბაისელი, ღარიბი და ქვრივი დედაკაცი, რომელიც მას აქეთ, რაც ქმარი მოჰკდომოდა, ამ პატიოსანის ხელობით თავს ირჩენდა. ამას „სუტ-კნეინას“ ეძახოდნენ, იმიტომ რომ ამისი უბედური ქმარი მთელ სიცოცხლეში კნიაზობას ეძებდა და ვერ დაიმტკიცა. ჩვენც ეგრე დავუძახოთ.

დიდი ენამეტყველობის სახელი ჰქონდა გავარდნილი თავადიშვილებში ამ სუტ-კნეინასა. ამისთანა გამოცდილი შუამავალი თურმე ორიც არ დადიოდა დედამიწის ზურგზედა. ამიტომაც ბლომად იღებდა ფეხის-ქირასა, მაგრამ ეს იყო კარგი, რომ რაკი იკისრებდა საქმეს, ბოლოსაც მოუღებდა. აი, გძელაძესაც ეს ამოერჩივა, ხუთი თუმანი ბე მიეცა და თხუთმეტსაც დაჰპირებოდა, როცა საქმეს გაარიგებს. თუმცა გძელაძემ გამოგზავნა ლუარსაბთან, მაგრამ გამოცდილმა სუტ-კნეინამ ისე აჩვენა თავი, რომ მითამ ჩემ თავად მოვედიო, რომ ლუარსაბსაც დაავალოს და დასცინცლოს რამე.

ეს მოჰხდა ერთის აზნაურიშვილის სახლში, რომელმაც ჯვარი დაიწერა და ქორწილში სხვათა შორის ლუარსაბიც დაჰპატიჟა. ის სუტ-კნეინა ამ აზნაურიშვილის მამიდა იყო. ქორწილის მეორე დღეს, სადილის შემდეგ, ჩვენი ლუარსაბი შექეიფიანებული წავიდა და ფანჩატურში დაწვა. მზე დაწურვაზედ იყო, როცა ვიღაცამ ხელი ჰკრა და გააღვიძა. ლუარსაბმა გააჭყიტა თვალები და დაინახა ერთი პატიოსანი ხნიერი დედაკაცი. წამოხტა მაშინვე ფეხზედ.

— დაბძანდით, შენი ჭირიმე, მოისვენეთ, — უთხრა სუტ-კნეინამა, — უკაცრავოდა ვარ, მოსვენება დაგიფრთხეთ, მაგრამ დედითქვენის მეგობრობა და ხათრიჯამი რომ მაგონდება, ის პატივი და სიყვარული, თქვენზედაც გული შემტკივა… აი ამოდენა (დაბლა ხელით აჩვენა) ხელში მჭერიხართ, მითამაშებიხართ. დედა-თქვენი და მე დიდი მეგობრები ვიყავით, უერთი-ერთმანეთოდ ვერ გაგვეძლო, დიდი სიყვარული გვქონდა ერთმანეთისა: დები რად იქნებიან ისე, როგორც ჩვენ ვიყავით. დედა-თქვენი ხომ არ გახსოვთ?

— არა, მე მაშინ ორის წლისა ძლივა ვყოფილვარ, — მიუგო ლუარსაბმა, რომელმაც არ იცოდა ჯერ, რა ამბავია და ან რა უნდა ამ კნეინასა.

— რასაკვირველია, არ გეხსომებათ. ის უბედური ღმერთს რომ თავის უმანკო სულს აბარებდა, — იმის დამკარგავი მე ცოცხალი რაღადა ვარ, ეჰ, მადლობა ღმერთს, იმის ნებას ვინ წაუვა, — რომ უმანკო სულს აბარებდა, მე მაშინ ფეხთით ვეჯექი. ყველანი დაითხოვა ჩემ-გარდა. მამა თქვენი, მგონია, მაშინ მიცვალებული იყო.

— არა, ჯერ მასუკან თუნდ ექვსი წელიწადი იცოცხლა, — მიუგო ისევ ლუარსაბმა.

— მართლა, მართლა, რამ დამავიწყა? — სთქვა სუტ-კნეინამა, მითამ-და მართლა დაავიწყდა, — აი, სიბერე რა არის, ხსოვნამ მიღალატა, დიაღ, ცოცხალი ბძანდებოდა. დახე ჩემს გონებას! თავის პირით არ მიბძანა: „დაო, ხორეშან! ვიცი, რა სიყვარული გაქვთ შენ და ჩემ ცოლსა, წადი, ფეხთით დაუჯექ, იამება, შენ რომ გნახავს ისე ჩემი ნახვაც არ იამება“. მამა-თქვენი დარბაისელი კაცი იყო, დიდი პატიოსანი, სახელოვანი და ყველასაგან პატივცემული. დიდი შიში-კრძალვა ჰქონდათ იმისი, განა მარტო საქრისტიანოში, სალეკოშიაც; დაღისტნამდინ იმისი სახელი გავარდნილი იყო, რუსებისაგანაც დიდი პატივი ჰქონდა. აბა თქვენ რა გეხსომებათ, პატარა იყავით. ჰო, რას მოგახსენებდით?.. — ჰკითხა ლუარსაბსა.

— რომ მამი-ჩემის სახელი დაღისტნამდინ გავარდნილი იყო, რომ რუსებისაგანაც დიდი პატივი ჰქონია, — უპასუხა ლუარსაბმა.

— არა, ეგ ხომ ვიცი. რაზედ დავიწყე, ის დამავიწყდა, ვეღარ მომიგონებია. აი, ბატონო, სიბერე ეს გახლავთ: წუთის წინად რას ვლაპარაკობდი, არ მახსოვს, მამა-თქვენის სიკვდილი — ოცის წლის ამბავი — რომ არ მახსოვდეს, რა საკვირველია.

— თორმეტის წლის ამბავი გახლავთ, — გაუსწორა ლუარსაბმა

— თუნდ თორმეტისა, მაინც საკვირველი არ არის. რაზედ დავიწყე ლაპარაკი?.. — ჩაფიქრდა სუტ-კნეინა, მითამ-და არ იცოდა, რაზედ დაიწყო. იცოდა, ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ ჰფიქრობდა, ისე როგორ მოახერხოს, რომ ლუარსაბმა ტყუილში ვეღარ დაიჭიროს, როგორც მამის სიკვდილში დაიჭირა. ლუარსაბი გაშტერებული იდგა და სულ არ ესმოდა, რა განზრახვით მოსულა ამასთან კნეინა და რა განზრახვით ჰლაპარაკობს.

— ჰო, მართლა! — წამოიძახა სუტ-კნეინამა, ფიქრის შემდეგ, — იმას მოგახსენებდით: ცხონებული დედა-თქვენი რომ უმანკო სულს უფალს აბარებდა, ყველანი დაითხოვა, ჩემ-გარდა, და, როცა მარტოკანი დავრჩით, მიბძანა თავის სირინოზის ხმითა: „მე, ჩემო გულითადო მეგობარო ხორეშან, დიდის ხნის სიცოცხლე აღარა მაქვს. ვიცი, რომ ჩემი სიყვარული დიდი გაქვს. აი, ეს შენ და ეს ჩემი ობლები, შენ იყავ ამათი დედა“. ეს რომ ბძანა, — ვუი უბედურების მნახველს! — გული ამოუჯდა. მეც ღაპა-ღუპით წამომივიდა ცრემლები, ბევრი ვიტირეთ. მერე ხომ განუტევა კიდეც ის ანგელოზის სული. მე, როგორც თავზარდაცემული, ისე გიჟსავით დავრბოდი, თურმე ეგონათ — ვერ ავიტან მწუხარებას და ჭკვიდამ შევცდები. დიდი სიყვარული გვქონდა, ესე ვიყავით, თითქო ერთი ხორცი გვაქვსო და ერთი სული. დედა-თქვენიც ასეთი დედაკაცი ბძანდებოდა, — დაუმკვიდროს ღმერთმა სასუფეველი, — ასეთი დედაკაცი ბძანდებოდა, რომ ყველას ხატსავით უნდა ელოცნა. ასეთი რამ იყო! სადღა არიან ეხლა იმისთანები! ჩვენც ვიტყვით, დედაკაცები ვართო… მესამეს დღეს ქრისტიანულის წესით მივაბარეთ მიწასა იმისი ნათელი გვამი. დიდი სამღვდელო იყო მოპატიჟებული. მოგახსენებენ, მამა-თქვენს გვამის გასაპატიოსნებლად არქიელიც უნდა მოეწვივა, მაგრამ დროშკის ცხენები ვერ ეშოვნათ, რომ გაეგზავნათ. თქვენ ერთი ბეწო ობლები დარჩით, თქვენ და დავით პატარები იყავით, თქვენ მაშინვე შემიყვარდით, თქვენკენ მაშინვე გული უფრო მამიწევდა. არ ვიცი რად, — დათიკოც ხომ იმისი ნაშობი იყო, მაგრამ თქვენ ჩემთვის სხვა იყავით. მე თქვენ ხომ არ გეხსომებით?

— არა, არ მახსოვხართ.

— აბა, რასაკვირველია, არ გეხსომები, შენ სამის წლისა იქნებოდი, როცა მე ქმარი მომიკვდა, — ვაი იმის დამკარგავს! — მას აქეთ შინიდამა ფეხი არ გამომიდგამს, — ვარ ესე უნუგეშო, უპატრონო, ქვრივ-ოხერი. სიხარული ჩემთვის სიხარული აღარ არის, ქვეყანა ჩემთვის სულ შავებშია ჩაცმული. მაპატივეთ კადნიერება, იქნება თავი მოგაწყინეთ. რა ვქნა? ბედისაგან დამწვარ-დადაგული ვარ, დარდები მეშლება ხოლმე. რაღა გავაგრძელო, მოკლე სიტყვა სჯობია. თქვენ სამის წლისა იქნებოდით, რომ ქმარი დავკარგე. მოგშორდით და მას აქეთ აღარ მინახვიხართ, მაგრამ გულით ისევ თქვენთან ვიყავი; ვისაც კი თქვენებურს შევხვდებოდი, თქვენს ამბავს ვკითხავდი, ერთ ღამეს — აი, ეს სამი თვეც არ იქნება — დამეძინა. ვნახოთ, ღრმა ძილში რომ ვარ — ერთი მშვენიერი ანგელოზი, შუქმოფენილი, განწმენდილი და გასპეტაკებული თვალ-წინ გამომეცხადა. სიზმარს მოგახსენებთ, მაგრამ ასეთი სიზმარი იყო, რომ აქამდინ ცხადი მგონია. — „ხორეშან!— მიბძანა სულმა ცხოველმა, — მე შენის გულითადის მეგობრის სული ვარ, განწმენდილი და გასპეტაკებული“. მაშინვე მუხლებზედ მოვეხვიე დედი-თქვენის სულსა, დედა-თქვენი ბძანდებოდა. — „მუხლებზედ ნუ მეხვევი, — მიბძანა ხელახლად, — მე შენგან გული მტკივა: რად დაანებე თავი ჩემს დავითს და ლუარსაბსა? დავითი კიდევ არაფერი, იმან ცოლი იშოვა და დაბინავდა, ლუარსაბს რატომ არ ჰპატრონობ?“ სამი ღამე ერთი-ერთმანეთზედ მომევლინებოდა და სულ იმას მეტყოდა ხოლმე. ეგრე გახლდათ, თქვენი დაუტირებელი არ მოვკვდე! თუნდ ეგ არ ყოფილიყო, მე — როგორც მოგახსენეთ — უფლისა წინაშე აღთქმა მივეც, რომ დედობა გაგიწივო, და, აი, დღეს მოვიდა ის დღე. თქვენ ყმაწვილი კაცი ბძანდებით. მე, რა წამსაც დაგინახეთ, მაშინვე მივხვდი, რასაც გაუგიჟებია ის საწყალი ქალი. ღმერთმა შეარცხვინოს შენს მხარ-ბეჭთან ყარამანის მხარ-ბეჭი და სიტურფე ტარიელისა, გონიერება გარდანქეშანისა. თვალი მოგკარით თუ არა, მაშინვე მივხვდი, რასაც აუნთია ცეცხლი იმ უბედურის ქალის გულშია. უბედურს ვამბობ იმიტომ, რომ იქნება თქვენ იმაზედ არც კი ჰფიქრობთ, ის კი იქა ჰდნება.

ლუარსაბს იამა, ისე უნებლიეთ ქუდი უფრო ჩაიტეხა, კისერი მოიღერა, წვრილ, ახალ აშლილ ულვაშებს ხელი გადუსო, წელში გასწორდა და მხარ-ბეჭი მოიმარჯვა. ისე იამა, რომ პირველ ხანში ვერ მოახერხა სიტყვის თქმაცა. ჯერ არ იცოდა, რასაკვირველია, ის ქალი ვინ იყო, მაგრამ მაინც იამა.

— არც ქალია ურიგო, — დაიწყო ისევ სუტ-კნეინამა, — როგორი ყარამანიც შენ ხარ, იმისთანა სალბიხურამან ის არის. სწორედ ტარიელ და ნესტანდარეჯანი იქნებით, ორივე ერთად რომ შეგყაროთ. არც გვარი და შთამომავლობა აქვს ცუდი. მუხრან-ბატონთან ერთ ფურცელზედ არის იმათი გვარიც ჩაწერილი. კაი ქალი, კაი გვარიშვილი, კაი ოჯახი, სახელგანთქმული ნათესაობა — ბიძა ერთი მაიორი ჰყავს, მეორე დიანბეგია თათრებში, ფულიც აქვს ნაღდად, მეტი რა გინდა? მერე დედი-შენის სურვილიც არის. ის ანგელოზი წუხელიც მომევლინა და მითხრა: „ეგ უთუოდ მოახდინეო!“

— ფული რაერთი აქვს? — ჰკითხა ლუარსაბმა.

— ორასი თუმანი ექნება?

— ნაღდად?

— სულ ბაჯაღლო ოქრო; შინა აქვს, პარკში შეკრული.

— გძელაძიანთ ქალი ხომ არ არის?

— თქვენ ვინ გითხრათ?

— მე ვიცი.

— მაინც?

— ვიცი, ის არის. განა მე კი გულში არა მქონდა იმ ქალის სახე, — მორცხობით ჩაიღიმილა ამ სიტყვაზედ ლუარსაბმა.

— საიდამ? გინახავს თუ?

— თვალითაც არ მინახავს, მაგრამ ისე ვიცი.

— მაშ ნებას დამრთავთ თქვენ მაგიერ ვილაპარაკო? რა-რიგად გაუხარდება ქალსა!

— თორემ მამას კი არა, — სთქვა სუტ-კნეინის ქებით გაზვიადებულმა ლუარსაბმა.

— არ გაუხარდება, თქვენმა მზემ! — გაუძნელა ძალად საქმე სუტ-კნეინამ.

— მაშ იმისგან არა ხართ მოგზავნილი?

— რას ბძანებთ? იმისაგან რომ ვიყო, საქმე გათავდებოდა, რაკი თქვენი ნებაც არის. ის არის, რომ თითონ მამა დიდს უარზედ სდგას.

— უარზე სდგასო!.. — წამოიძახა გულნატკენმა ლუარსაბმა, — რაში მიწუნებს მითამ? გვარი იმაზედ ცუდი არა მაქვს და ოჯახი მითამ რაო?

— ეხლა, ხომ მოგეხსენებათ, რიხიანი კაცია.

— მაშ არა იქს, რაღა?

— როგორ არა იქს, მაგრამ დიდი ცდა და ხერხიანობა კი უნდა.

— აშ შეიძლება დავიყოლიოთ?

— ვინ იცის? ეგ ხერხზედ ჰკიდია, მაგრამ მაინც კიდევ ღმერთმა იცის, ჯიუტი კაცია.

— ერხი კიდევ თქვენი საქმეა.

— მართალია, მაგრამ მარტო ჩემი ხერხი რასა იქს?

— სხვა რა უნდა? რაც შემეძლება, ჩემ კისერზედ იყოს. მადლის გადახდა ჩვენც ვიცით.

— უი, შენ გეთაყვანე, შენა! მაგას ვინ მოგახსენებს? გულუხვობაში თქვენი გვარი დიდი ხანია განთქმულია, განა არ ვიცი, თუნდ ეგ არ იყოს, დედიშენის შვილს მე უნდა გამოგართო რამე, მაშინ შემერგება ლუკმა? არა, გეთაყვა, მე მაგას არ ვიქ, — ეგ შენ იცი. მაგრამ… მაგარი ეს არის, რომ „ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო“, ერთი ოციოდ თუმანი მოგინდება, რომ იმისი მახლობლები შემოვისყიდოთ. ერთი კაცია იქ, იმისი სიტყვა გძელაძიანთ მოსესათვის ბეჭედია, ფირმანია სწორედ. იმას უნდა ხახა დავულბოთ.

— ეხლა სად ვიშოვო მე ოცი თუმანი? — უთხრა ცხვირ-პირ-ჩამოშვებულმა და დაღონებულმა ლუარსაბმა.

— მაგაზედ ნუ შესწუხდები: შენ თამასუქი მამეც და ფულს მე გიშოვი.

— ბატონი ხარ. აი, თუნდ ეხლავ, — წაატანა სიტყვა გახარებულმა ლუარსაბმა.

სუტ-კნეინამ, რომ ჰნახა ესე ადვილად ლუარსაბის დაყოლება, იფიქრა: სულელი ყოფილა, რატომ ბლომად არ ვუთხარიო და, რომ გაასწოროს შეცდომა, ეს მოიგონა:

— ეს კი უნდა იცოდე, ჩემო შვილო, რომ დიდს სარგებელს გამოგართმევენ.

— დიდსა? მაინც რამდენს?

— თუმანზედ შვიდ შაურს.

— რა ვუყოთ, მივცემ. „როგორც გიჭირდეს, ისე გიღირდესო“, — ნათქვამია…

— მაშ ყური დამიგდე: შენ ჯერ უარზედ დადეგ, ვინც რა უნდა გითხრას, ფეხი მაგრა დააჭირე, იქნება იმ ქოფაკს, როცა დაყაბულდება, ჭახრაკი მოვუჭიროთ, მეტი დავსტყუოთ, გესმის? მე სულ შენთვის ვამბობ, თორემ მე რა მერგება. ხომ გესმის?

— ესმის, როგორ არ მესმის! ფეხი უნდა დავაჭირო.

— მაშ ეხლა მე ვიცი, ხვალ დილაზედ თამასუქს მოვამზადებინებ, შენც ხელი მოაწერე და მერე მე ვიცი.

— თამასუქი წინ მოგცე?

— მაშ, ქა!.. ფულს ისე ვინ განდობს? მე რომ მქონდეს, არ დაგიჭერ, ხომ იცი. დედი-შენის შვილს როგორ დავუჭერ, მაგრამ მე, ქვრივ-ოხერს, ვინ მომაბადა, სომეხს უნდა გამოვართო. აბა სომეხი, ხომ იცი, რა ურიაა.

— ვიცი, ვიცი.

— მერე, როცა გავარიგებ, მეც ერთი ქვრივ-ოხერი ვარ… ერთი-ორჯერ პურს მაინც მაჭმევ, — შეაბრალა თავი სუტ-კნეინამა, — შენი გვარი დარდიმანდობაში და პურ-მარილობაში განთქმულია.

ლუარსაბს იამებოდა ხოლმე, როცა ეგრე იხსენიებდნენ იმის გვარს, ოღონდ ეს გეთქვა და ჩოხას გაიხდიდა და შენ ჩაგაცმევდა.

— ერთი ეს მითხარ, ქალი როგორია? ყველა-ყველა და ეს კი დაგვავიწყდა, — მოიგონა ბოლოს ლუარსაბმა.

— წიგნში და ხელსაქმეში კარგად გაწურთვნილია, მეტი რა გინდა, — უპასუხა იმანაც.

— წიგნი რად მინდა? რა, ბრძნად ხომ არ დავსომ!.. შენ ერთი ეს მითხარ, მადლიანი სახე აქვს? ფერზედ როგორ არის?

— მაგას ნუღარ მკითხავ, კალმით ნახატია.

— მაშ რაღა, ფეხი დავაჭირო? — ჰკითხა ლუარსაბმა, რომელსაც სუტ-კნეინის უკანასკნელ სიტყვებზედ სიხარულმა და წადილმა ტანში მეტად საამურად გაურბინა.

— დიაღ, ფეხი დააჭირე. ამას შენთვის ვამბობ, რადგანაც ჩემს დაზედ უკეთესის შვილი ხარ, თორემ — თითონ შენ იცი — მე გამორჩენა არა მაქვს-რა. ჩემის სულის საცხონებლად მინდა მოვახდინო ეს საქმე, თორემ მოსე გძელაძე მე არას მამცემს. ნეტავი დავიყოლიო და დედი-შენის შვილის ბედნიერება მოვახდინო და გამორჩენას ვინ იკითხავს!

— ჩემ კისერზედ იყოს ეგა. ლამაზია? — ჰკითხა ღიმილით კიდევ ლუარსაბმა.

— გითხარ — კალმით ნახატია-მეთქი.

— ორასი თუმანიცა აქვს?

— იქნება მეტიც. — ეგ მე და შენზედ ჰკიდია.

— იქნება მეტიცო!.. ჰა, თქვენ რას იტყვით, ცუდი არ იქნება, — ისე სთქვა ლუარსაბმა, თითქო რჩევას ეხლა აპირებსო.

— შენ როგორღაც გულში ჯერ არ გადაგიწყვეტნია, როგორც ვხედავ, — დაატანა ცბიერმა სუტ-კნეინამ, რომ გამოათქმევინოს, გულში კარგად გაუჯდა თუ არა; თუ გაუჯდა, კიდევ დასტყუოს რამე.

— ეჰ, რას ბძანებ?

— როგორ რას ვბძანებ? თუ გულში არა გაქვს, ნუ შემარცხვენ, ეხლავ თავი დამანებებინე.

— თავი როგორ დაგანებებინო, რომ იმ ქალის სიყვარული გულში ნაღვერდალსავით ჩამიგდე. აბა, როგორ დავანებო თავი? მითამ რაში დავიწუნებ?

— მაშ გავათავეთ?

— გავათავეთ.

— უი, შენ გენაცვალოს ჩემი თავი! ძლივს დედი-შენის მოვალეობას და უფლისა წინაშე აღთქმას არ შევასრულებ, თუ მოსე გძელაძე ძალიან არ გაგვიჯიუტდა!

— ის კაცი რომ სთქვი, მოიყიდე, მეც აქ ფეხს დავაჭერ.

— ნეტავი იმის მეტი ქრთამი არ დაგვეხარჯოს! იქნება სხვასაც მოუნდეს.

— შუაზედ გაუყავ ოცი თუმანი.

— უი ჩემ თვალებს! ქა, როგორ იქნება? უბრალო კაცის შვილები ხომ არ არიან, ათ-ათ თუმანში ხელი გაისვარონ, თავადიშვილები არიან, სახელგანთქმულები, იმათი მოსყიდვა ადვილი არ არის. აი, როგორ გეტყობა, რომ ჯერ ყმაწვილი ხარ.

— ოცის წლისა ჯერ სრული არა ვარ, — იტყუა ლუარსაბმა, სრული იყო.

— ისიც ჩვიდმეტის წლისა იქნება. სწორედ გვრიტები იქნებით. უი, ნეტავი კი იმ ბედნიერ დღეს შევესწრა, რომ თქვენ ერთად მხარი-მხარ მსხდომნი გნახოთ და! ბევრი არ შემოგნატრებენ!

— მაშ ერთი აუჩქარე, თუ მართლა ეგრეა, თუ ღმერთი გწამს, — შეეხვეწა მოუთმენელი ლუარსაბი.

— ნეტავი ჩემს აჩქარებაზედ იყოს დამოკიდებული და მალე მტერი მოგიკვდეს, მალე მე მაგას ბოლო მოვუღო, მაგრამ ის წყეული მამაა საქმე. ღმერთი მოწყალეა, ნუ გეშინიან.

ეგრე გათავდა პირველი მოციქულობა სახელოვანის მოციქულისა. ლუარსაბს ამ დღის აქეთ, ცხადივ თუ სიზმრად, სულ ის კალმით ნახატი ქალი აგონდებოდა და ორას-თუმნიანი პარკი. საღერღელი მეტად აეშალა, სურვილმა მეტად აადუღა, ასე რომ, როცა მოიგონებდა, ერთს ლაზათიანად გაიზმორებდა და ამას იტყოდა მსუნაგსავით ტუჩის ლოკვითა: „კალმით ნახატი ქალი, ორასი თუმანი ბაჯაღლო ოქრო და იქნება მეტიცო… ჰა! რას იტყვი ლუარსაბ, ურიგო არ იქნება, განა? ამაზედ არის ნათქვამი: „ბედი მომეცი და სანახვეზედ გადამაგდეო!“

VII

თუმცა სუტ-კნეინამ თავის ანგარიშების გამო საქმე ცოტად გააგრძელა, მაგრამ მალე უნდა გათავებულიყო, რადგანაც ორივეს მხრივ ნების დართვა იყო. სუტ-კნეინის ანგარიშების გარდა, ერთი სხვა ხიფათიც მოსდევდა ამ საქმეს: ქალი — პირველი, რომ ოცის წლისა იყო და ამბობდნენ ოც-და-ერთისაცააო — ეგ არაფერი, ამაში შეიძლებოდა კიდევ ხერხიანად მოეტყუებინათ, ცხენი ხომ არ იყო — კბილებზედ შეეტყოთ, მაგრამ ჭირი ის იყო, რომ მეტად მახინჯი გახლდათ. აბა, აქ როგორ მოატყუებ? თვალებს ხომ არ აუბამ? მართალია, შეიძლებოდა, პირველში სხვა ეჩვენებინათ, მერე, რაკი ჯვარის დასაწერად მოვიდოდა, ძალად გადასწერდნენ ჯვარსა, მაგრამ სუტ-კნეინას ეშინოდა: მერე ხომ თმით მათრევენო. თმით თრევა კიდევ არაფერი, რომ კარგად გამორჩენა შეიძლებოდეს, ოცი თუმანი აბა რა ფულია! მართალია, ლუარსაბსაც ჩამოართო ბარათი, მაგრამ, რაკი ამისთანა მახეში გააბამდა საწყალსა, მერე როგორღა მივიდოდა ფულის გამოსართმევად? ხომ უზიარებლად დაარჩობდა. ეჩივლა და ბარათი დიანბეგთან წარედგინა, რა გამოვიდოდა? ლუარსაბი გააბათილებინებდა, თუ არა და ნახევარს დიანბეგი წაიღებდა. მაგ ნახევარს ჯანი გავარდეს, ოღონდ საქმე არ გამოაშკარავდეს, — მაშინ რა ეშველებოდა სუტ-კნეინასა? ხომ ციხეში დაიჭერდნენ. „არა,— იფიქრა კნეინამა, — ეს ბარათი კიდევ აქა მქონდეს: როცა დრო მოვა, შევუთვლი, თუ მომცა, ხომ რა კარგი, თუ არა და ჯანი იმასაც გავარდეს, — ერთის სიტყვით ეს ბარათი ან ჰო არის, ან არა. საჰო-არაოდ საქმე რად გავიხადო. სიფრთხილეს თავი არ ასტკივა: ისევ ისა სჯობია, მოსე გძელაძეს ათიოდ თუმანი ნაღდი — აი ეგ მიყვარს! — მოვამატებინო და გავბედო ლუარსაბის მოტყუება, თორემ იქ ჩივილი, ერთი დავიდარაბა ასტყდება, იქნება საქმეც გამოაშკარავდეს, ამას იქნება კიდევ სხვა საქმეებიც ზედ შემიკეცონ, — ერთი ხათაბალა რამ გამოვა… რადა? არა, ეგ ჩემი საქმე არ არის: მე მიყვარს „ჩისტად“ საქმის დაჭერა.

ეგრე მომართული იყო სუტ-კნეინა, როცა გძელაძიანთ სოფელში შევიდა ამისი ურემი, მითამ-და ერთ რაღაც ძველ საყდარში ღამის სათევად მოვიდა. მეორე დილას თითონ მოსე გძელაძე მოიჭრა და სუტ-კნეინა თავის სახლში შეიპატიჟა. დაიწყეს ლაპარაკი.

— აბა, ჩემო ღვიძლ დაზედ უფრო უკეთესო დაო! ქალია თუ ვაჟი? — ჰკითხა მოსე გძელაძემ.

— ვაი, რომ ქალია, — უპასუხა შეწუხებულსავით სუტ-კნეინამ.

— როგორ? არ ირთავს?

— არა.

— მაინც რას ამბობს?

— ქალი არ მოსწონს — ნუ გეწყინებათ კი — მახინჯი არისო.

— ვაი შენს მოსეს! განა უნახავს სადმე?

— არა, არსად არ უნახავს, მაგრამ შეუტყვია.

— თუ არ უნახავს, მაშ კიდევ შეიძლება საქმე დავატრიალოთ.

— აბა როგორ?

— თუ შენ შემეწევი, ჩემო დაო, და ჩემს პურ-მარილს არ დაივიწყებ, საქმეს დამში მოვიყვანთ.

— აბა, გეთაყვა, მე რაღა თხოვნა მინდა, ხომ იცი ჩემს თავს შენის სამსახურისათვის არ დავზოგავ.

— მაშ თუ ეგრეა, დამაცა.

ადგა მოსე, გავიდა გარეთ და პატარა ხანს შემდეგ შემოიყვანა ერთი მშვენიერი, მოხდენილი ახალგაზრდა გოგო. დააყენა სუტ-კნეინის წინ, ხან აქეთ შემოატრიალა, ხან იქით, მერე უბძანა, რომ გარეთ გავიდეს.

გამოცდილი სუტ-კნეინა მიხვდა, რასაც მოასწავებდა ეს ამბავი, მაგრამ თავი მოიკატუნა, მითამ და არაფერი იცის. მოსე გძელაძე მოვიდა და მოუჯდა ისევ გვერდით.

— როგორ მოგეწონა? — დაიწყო გძელაძემ.

— ერთი ტურფა რამ არის, — უმანკოებით მიუგო მანკიერმა სუტ-კნეინამ.

— უფრო კარგი იქნება, რომ ჩემის ქალის ტანისამოსით მოვრთოთ?

— რასაკვირველია: ერთი-ორად მოემატება სიკეკლუცე.

— ეხლა შენ რას იტყვი, რომ ნიშანის მომტანს ეს გოგო, ლამაზად მორთული, ჩემის ქალის მაგიერად ვაჩვენოთ? — ჰკითხა მოსემ და თვალი თვალში გაუყარა, რომ პასუხი იქ ამოეკითხა.

— მერე სასიძო ხომ მოვა ნიშნის მერეთ, იმას რაღას უზამ?

— იქამდინ ვინ დააცლის? მესამე დღესვე ჯვარისწერა დავუნიშნოთ. სადღა მოიცლის, რომ ქალის სანახავადაც მოვიდეს?

— მერე ხომ მაინც ჯვარის-საწერად მოვა?

— მერე მე ვიცი. შენ ოღონდ მანამდინ დამეხმარე, მერე ჩემს კისერზედ იყოს. ძალად ჯვარს გადავწერ.

— არა, გეთაყვა, მე მაგ საქმეში ხელი დამიბანია, მე მაგას არა ვიქ, ეხლავ გეუბნები.

— რატომ?

— აბა, იმას გაუგია, რომ მახინჯიაო…

— მაგის ფიქრი ნუ გაქვს, — გააწყვეტინა სიტყვა მოსემა, — ნიშანის მომტანი რომ ამ გოგოსა ჰნახავს, მივა და ეტყვის: რას მიჰქარავ, იმისთანა ქალი ჩემს თვალებს ჯერ არ უნახავსო. თუნდ ეგ არ იყოს, ერთი ხუთიოდე თუმანი და იმისი ჯანი. ასეთს ავალაპარაკებ, რომ…

— ძმას გამოგზავნის.

— უფრო კარგი. რასაც თავის თვალით ჰნახავს, თუნდ ქრთამი არ იყოს, ის არ უნდა უთხრას? თორემ ფულიც ხომ არა მშურს.

— არა, გეთაყვანე, მე მაგ ცოდვაში არ ჩავდგები. აი, შენი ბეედ მოცემული ხუთი თუმანი, მე კი ხელი დამიბანია.

ამოიღო ორი ოც-და-ხუთ მანეთიანი ასიგნაცია და მისცა მოსეს გამოქნილმა მოციქულმა.

— მაშ მღალატობ?.. — უთხრა გულის სატკენად მოსემა, — მაშ ჩემი ოჯახის დაღუპვა გინდა? მაშ ჩემი საწყალი ქალი არ გებრალება? ეჰ! მუხანათო წუთის-სოფელო!.. სულ ტყუილი ყოფილა: პურმარილიც, პატივისცემაც, სიყვარულიც, მეგობრობაც!.. ეჰ, შენი ნებაა!.. ეს კი იცოდე, რომ გულში შხამ-წასმული ისარი გამიყარე, სპილენძის ტყვია მომარტყი, ურჯულო ლეკსავით ქრისტიანი სული წამწყმინდე.

მოსეს ეგონა, რომ ამ სიტყვებით მოვულბობ გულსაო, ის კი არ იცოდა, სუტ-კნეინა რა კნეინა იყო! სუტ-კნეინა კი იქნებოდა, რომ სიტყვით მოტყუებულიყო!.. სუტ-კნეინას თუმცა გულში ეცინებოდა, მაგრამ სახე შეიჭმუხნა, მითამ სწუხს კიდეც და ვერა უშველია-რაო.

— შენ ნუ მამიკვდები, მოსე, — უთხრა მწუხარეს ხმით კნეინამ, — და იმ შენის სახის ჩემს უბედურს ქმარს პირშავად არ შევეყრები საიქიოს, რომ შენის ოჯახის სამსახურისათვის მე თავს არ დავიზოგავდი, მაგრამ სამსახურიც არის და სამსახურიც.

— რა ვუყოთ, რომ არის? — მიუგო ეხლა კი ცოტად იმედმოცემულმა მოსემ, რადგანაც შეატყო, რომ სუტ-კნეინა დაყოლებას აპირებს, — რა ვუყოთ რომ არის? განა ჩვენ კი არ ვიცით სამსახურის გადახდა? რა უმადური მე მიპოვე? ოცი თუმანი არ დაგპირდი? ოც-და-ხუთი იყოს, შე დალოცვილო!

— არა, გეთაყვა, ფულზედ ხომ არ არის საქმე: თმით მათრევენ სიბერის დროს, სულს წავიწყმენდ.

— ოც-და-შვიდი იყოს.

— არა, გეთაყვა, ფული რა სახსენებელია: საქმე დიდი გასაბედავია.

— ხომ მოხერხება შეიძლება? ოც-და-რვა იყოს.

— არა, შეძლებით კი შეიძლება, მაგრამ თავს ვინ გამოიმეტებს?

— ოც-და-ცხრა იყოს, — უმატებს ნელ-ნელად მოსე და ყოველ მომატებაზედ ჰხედავს, რომ სუტ-კნეინა რბილდება.

— ძალიან თავის გამომეტება კი უნდა, თორემ შეძლებით რა არ შეიძლება.

სუტ-კნეინამ, ხელოვანმა სუტ-კნეინამ, ძალიან ცბიერობითა სთქვა ეს უკანასკნელი სიტყვა, თითქო მოსე რომ ფულს უმატებს, იმას ყურსაც არ ათხოვებსო, და მარტო იმასა ჰფიქრობს: შეიძლება, თუ არაო. დიდი ხანია იცის სუტ-კნეინამა, რომ შეიძლება, მაგრამ კარგა მსუქანის ლუკმის ამოვლება უყვარდა, რაკი ქვაბში ხელს ჩაჰყოფდა ხოლმე. მოსეს რომ არ დაესწრო, თითონ სუტ-კნეინა ეტყოდა მაგას, ესე მოვიქცეთო. კალმით ნახატიაო — უთხრა და ამისთანა მახინჯს ხომ არ დაანახვებდა? სწორედ მაგისთვისაც მოვიდა, რომ მოსესთან არჩიოს, ისე კი, რომ ფულიც მეტი გამორჩეს. რაკი მოსემ დაასწრო, გამორჩენის საქმე ნახევრად გარიგდა. სუტ-კნეინას კიდეც გაუხარდა, — ეხლა მე უარზედ უნდა დავდგეო, სთქვა გულში, და თუ გამორჩენაა, აქ გამოვრჩებიო.

— ოც-და-ათი იყოს, — დაუმატა კიდევ სწორე გზაზედ დამდგარმა მოსემ. — მეტი კი აღარ შემიძლიან.

— რატომ? — დაიწყო ისევ თავისებურად კნეინამ, რაკი ოც-და-ათამდინ აიყვანა, — რატომ? შეძლებით კი შეიძლება, მაგრამ ნიშნობაში მეც უნდა ვიყო, რომ, თუ მოხერხდეს, კარგად მოხერხდეს. ეს არის ჭირი, რომ ამ კაბით ხომ ვერ მოვალ?

— კაბაც შენი ჭირის სანაცვლო იყოს, — დაასწრო გახარებულმა მოსემ, რაკი ჰნახა, რომ სრულიად დაიყოლია, — კაბა ჩემ კისერზედ იყოს.

— მაშ ყური მათხოვე, რას გეტყვი: მე იმას ნიშანის მოსატანად ძმას გამოვაგზავნინებ. შენ გოგო ლამაზად მორთე — ეცადე არავინ გაგცეს — სამ დღეს უკან კი უთუოდ ქორწილი უნდა მოახდინო. მოიგონე რამე, რომ ყმაწვილმა ქალის ნახვა არ მოასწროს. მერე ხომ შენ იცი, ჩემი საქმე მაშინ გათავებული იქნება.

— ნიშნობის ღამეს ფულს სრულად ჩაგაბარებ, ეხლა თუ გინდა, ეს ხუთი თუმანი ბე ისევ წაიღე.

— არა, ათი თუმანი მიბოძე, რა ვიცი, იქნება როგორ დამჭირდეს, აქ ხომ ვერ გამოვიქცევი.

— შვიდ-თუმან-ნახევარი იყოს ჯერ.

— ათი მიბოძე. ისევ შენის საქმისათვის მინდა, შენს საქმეს მოვახმარებ, თუ გამიჭირდა. ჩემთვის ხომ არა გთხოვ.

— რა? ეს ათი თუმანი იმ ოც-და-ათ თუმნის ანგარიშში არ გინდა წაიღო თუ?

სუტ-კნეინამ გაიცინა.

— მაშ, ქა?

— ჰო, ეგრე სთქვი, მე მეგონა, მართლა, ეს ცალკე გინდა, რომ ჩემს საქმეს მოახმარო.

— არა, გეთაყვანე, იმის ანგარიშში მიმაქვს. საკაბე კი მალე მიბოძე, რომ შეკერვა მოვასწრო.

— აი, ათს თუმანს მოგართმევ, იქიდამ შეიკერე და მერე გავსწორდებით.

სუტ-კნეინა დაჰყაბულდა, მაგრამ მოსტყუვდა კი.

რაღა გავაგრძელო, მოსემა და კნეინამ ესე დააწყეს საქმე და სწორედ ეგრეთაც ბოლო მოუღეს. კაი ბადე დაუგეს ლუარსაბსა და კარგადაც გააბეს.

ორი კვირა რომ გავიდა, აღტაცებულმა ლუარსაბმა, აქაო და საქმე გარიგდაო, კარგის ნიშანით თავისი უფროსი ძმა დავითი გამოისტუმრა. დიდის ყოფით მიიღეს დავითი. ხალხი მოსემ არ მოიწვივა, სრულიად არავინ, რომ ეშმაკობა არ შეუტყონ, ლუარსაბსაც მისწერა — ნურავის შეატყობინებო. აი, ის წიგნი ნამდვილი თავის ღირსებით და შეცდომებით:

„ჩემო აღმატებულო ბედნიერო გვაროვანო სიძეო:.

„თუმცა დიდათ ბედნიერი ვარ რომელიცა რომა შენგანა ვარ დღეს მოხუცებული ბედნიერი და გული ჩემი სიხარულით აღავსე ნეტარითა სიძოობითა თქვენითა და თვალი ჩემი აახილე რომელიცა რომა დაინახა ისევ გაზაფხული მუხთალისა სოფლისა ამისა ფრიად სიხარულში ვარ რომელიცა ეხლა ვარ ჩემო აღმატებულო გვაროვანო სიძეო რომელიცა გთხოვ გამოგზავნო ნიშანი რომა საქმემ არ დაიგვიანოს დიდი ხალხი არ გამოგზავნო რომელიცა რომა მე მოხუცებული კაცი ავადა ვარ სნეული და პატივი და მასლაათი და ქეიფი რომელიცა აწ მე აღარ ძალმიძს რომელიცა ფრიად შეაწუხებენ ქორწილში რომელიც თქვენ იქნებით ჩემს სახლში მასპინძელი დიაღ დიდი ხალხი მოვიწვიოთ თქვენცა დიდი და პატიოსანი ნათესაობა გყავს რომელიცა არც მე ვარ უნათესაო და ბლომად შევყაროთ ისე როგორათაც შეჰფერის დიდებულს გვაროვნობასა თქვენსა და ჩემსა ოჯახს სახლკარიანობასა ჩემსა.

“სხვებრ ბძანდებოდეთ ბედნიერებით იესო ძე ღვთის მიერ ვითხოვ თქვენს ბედნიერებას რომელიცა რომა მსურს ნახვა თქვენი თქვენი სიმამრი ბრწყინვალე თავადი მოსე ნოშრევანისძე გძელაძე:.”

რასაკვირველია, თავაზიანი ლუარსაბი ამ წიგნის შემდეგ აღარ გაგზავნიდა ბევრს ხალხსა. მარტო ერთი დავითი და ერთი კიდევ ვიღაცა გამოისტუმრა, რომ ახალი სიმამრი, რადგანაც ავად არის, არ შეაწუხონ, დავითს კი დააბარა, რომ ფულზედ კარგად მოილაპარაკოს, როდის ჩააბარებენ, და მერე ქალი კარგად გასინჯოს.

დიდის პატივით მიიღო მოსემ დავითი. ქალის მაგიერად ის მშვენიერი გოგო მორთეს და დავითს ისე აჩვენეს. დავითი გაგიჟდა — რომ დაინახა და გულში არ იყო რომ შურმაც არ გაუარა, ნამეტნავად თავისი მჭლე ცოლი რომ მოაგონდა ამასთან. ვახშამზედ რომ ისხდნენ, მარტო ოთხნი იყვნენ — დავითი და ამასთან მოყოლილი ის ვიღაცა, თითონ მოსე და ამისი მოზრდილი შვილი. კნეინაც თუმცა მოსესთან იყო, მაგრამ ქალთან ივახშმა. მოსემ ბოდიში მოიხადა, რომ ხალხი არ დაუპატიჟა ამისთანა ბრწყინვალე გვარიშვილებსა.

— რა ვქნა, შენი ჭირიმე, — უთხრა დავითს მოსემა, — ჩემო ახალო მოყვარევ! ავადა ვარ, თასლიბს ვერ გავუწევდი. სიძუნწეში არ ჩამომართო, შენი ჭირიმე! აბა, ჯერ ისე ავადმყოფი რა არის, მერე მასპინძელი რა უნდა იყოს. თორემ იმდენი სიკეთე ღმერთმა შენ მოგცეს, რამდენი ნათესაობა და მახლობლობა მე მყვანდეს. მაგრამ ჩემი მაყურებლები რა ქეიფს გასწევდნენ. ისევ ის ვამჯობინე — ნუ დავპატიჟებ-მეთქი. ამ ნიშნობამ ისე შინაურულად ჩაიაროს, ქორწილი კი ჩემ კისერზედ იყოს. ქორწილისა რა ბძანა ჩემმა სიძემა?

— რაც ჩქარა იქნება, ისა სჯობიაო, — უპასუხა დავითმა, პირფერობაში კი ნუ ჩამომართმევთ და ეს ქალი რომ ჰნახოს იმან, იმ წამშივე ჯვარს დაიწერს, თავი არ მომიკვდება!

— მზეთუნახავი ყოფილა, — დაუმატა სტუმარმაც.

— რა ვქნა? მადლობა ღმერთსა, ღმერთმა ეგ მომცა და ყველაფერი ღვთის ნებაზედ ჰკიდია, — თქვა მოსემა, — მიხარიან, თქვენმა მზემ, რომ ქალი მოგეწონათ.

— ღმერთმა აცოცხლოს პატარძალი! — წამოავლო ჯამს ხელი დავითმა, — ღმერთმა ტკბილად შეაბეროსთ ერთმანეთს!

— მადლობელი ვარ, თქვენი ჭირიმეთ! — დაუკრა ყველას თავი მოსემა. — მაშ რაც მალე იქნება, ისა სჯობია.

— იმან ისე მოგახსენათ, — უპასუხა დავითმა, — მეც, სწორედ მოგახსენოთ, მაგას ვურჩევ ჩემს ძმასა. რაღა გავაგრძელოთ საქმე.

— ჩემის ფიქრითაც ეგრე სჯობია, — სთქვა მოსემა, — ქალი აქა ჰდნება — მამისაგან კი არ უნდა ითქვას ესა, მაგრამ შორეული ხომ არა ხართ, თქვენთან რა დავმალო, — ქალი აქა ჰდნება…

— ის კიდევ იქ, თქვენმა სიცოცხლემ! — წაართო სიტყვა დავითმა.

— მაშ, როცა მიბძანებთ, მაშინ იყოს ქორწილი, — სთხოვა მოსემა.

ერთის სიტყვით, გადასწყვიტეს, რომ სამშაბათს საღამოზედ სიძე უნდა მოვიდეს და იმ ღამესვე ჯვარი უნდა დაიწეროს. მეორე დღეს დავითმა ფულზედ ჩამოუგდო ლაპარაკი. მოსემ დააჯერა, რომ ქორწილის მეორე დღეს ორასს თუმანს სულ ბაჯაღლო ოქროებს თავის ხელით მიართმევს. ხელი-ხელს დაჰკრეს, დავითი, — მეორე დღეს პატარძალი აღარ აჩვენეს, — შინ წამოვიდა და მოსე თავის სახლში დარჩა. როცა მოსემ ცხენზედ შესო და გამოისტუმრა დავითი, როცა მარტო დარჩა, ხელები დაიფშვნიტა მეტის სიხარულისაგან და სთქვა ღიმილით: ყოჩაღად წავიყვანე საქმე. ეხლა ჩემი წუხილი მარტო ის არის, რომ სუტ-კნეინას ხრიკი მოვუგდო, ერთი მიზეზი რამ მოვუგონო, რომ ფული აღარ მივცე იმაზე მეტი, რაც მიმიცია, თორემ, იმისაგან რომ მოვტყუვდე, სირცხვილია.

ამ ფიქრში იყო, რომ სუტ-კნეინა — მოსეს ცოლი არა ჰყვანდა და ჯალაბობას კნეინა ჰთამაშობდა — რომ სუტ-კნეინა წინ მოეგება გახარებული.

— ჰა, რა-რიგად მოვიდა საქმე! — უთხრა სუტ-კნეინამა, — მომილოცავს შვილის ბედნიერება. დიდი ჯაფა კი გავწიე. სულ ვიწურებოდი — შენზედ მიწა არ მენახოს — სულ ვიწურებოდი, რომ ან აი ეხლა შეიტყობენ-მეთქი, ან აი ეხლა — და დავიღუპები, მაგრამ მიშველა ღმერთმა და ვერ შეიტყეს.

— ეჰ, შე დალოცვილო — უპასუხა მოსემ, — იწურებოდი, ასე გგონია, პირველად ჩაგედინოს ამისთანა საქმე. იწურებოდა!.. თქვენი ხელობა მეტი რა არის? იწურებოდა!..

სუტ-კნეინა შეკრთა.

— არა, ჰხუმრობ, თუ მართლა მეუბნები? — ჰკითხა შემკრთალმა სუტ-კნეინამა.

— მაშ არა და გეხუმრები!

— ეხლა განა?

— ეხლაცა და მაშინაც.

— მერთმა მშვიდობა მოგცეს, თუ ეგრეა, მე კი გამისტუმრე და მერე შენ იცი.

— სადაც გინდა წაბძანდი, ხელს ვინ გიჭერს.

— რასაკვირველია. ხელს არავინ დამიჭერს, მაგრამ დაპირებული მიბოძე და ღმერთმა მშვიდობა მოგცეს, რაც გინდა ილაპარაკე ჩემზედ: გული არ მეტკინება.

— დაპირებულიო!.. რაც მოგეცი იმასაც ვნანობ და გგონია — კიდევ მოგცე რამა!

— ეხლა ეგ ნამუსია? მოხუცებული დედაკაცი ფოშტის ცხენსავით მათრიე, ქვეყანაში თავი შევირცხვინე, საქმე საქმეზედ მოვიყვანე და ეხლა მაგას მეუბნები?! ნამუსია?

— აჩუმდი, თორემ…

— არა, ნამუსია?.. შენა გკითხავ, ნამუსია?

— ის კი ნამუსია, რომ აგიღია ფეხი, სოფლიდან სოფლად დადიხარ და მაჭანკლობ, ნამუსია? შარშან რომ ათ თუმნად შენი დისწული, გასათხოვარი ქალი, დიანბეგს მიჰგვარე, ნამუსია? როცა დაორსულდა, შენ რომ წამალი მიეცი და მუცელი წაუხდინე, ნამუსია?..

სუტ-კნეინას გული ყელში მოებჯინა, თავისი სიფრთხილე, გამოცდილობა ამგვარებში და გულის სიგრილე დაჰკარგა.

— მაშ თუ აგრეა, — დაიყვირა გაკაპასებულმა სუტ-კნეინამ, — შენი ფეხი დამკარ თავში, შენი ფეხი, თუ ეგ საქმე არ დაგიხლართო!

— შენი ლეჩაქი დამხურე თავზედ, — ამ მუქარაზედ მშვიდობიანად უპასუხა მოსემ, — შენი ლეჩაქი, თუ ეხლავ გომურში არ დაგამწყვდიო, მინამ ქორწილი არ გათავდება. რას მიზამ! მიჩივლებ თუ? არა მგონია, შენი თავი სადიანბეგოდ გახადო: ცოდვა ბევრი გაწევს კისერზედ, სულ ერთი-ერთმანეთს ზედ მიეკეცება, და მაშინ ციმბირშიაც ალაგი არ გექნება, შე ტყუილო-კნეინავ, შენა! ეს ის დიანბეგი კი არ არის, რომელსაც გოგოს გაურიგებდი ხოლმე და ბურთსავით ხელში ათამაშებდი! ის დრო წავიდა.

ვერც ამ სიტყვებმა მოიყვანეს თავის გონზედ გამწარებული სუტ-კნეინა. ის ისევ-ისე სიმწარისაგან გონებამიხდილი იყო, თორემ გაჯავრების და მუქარის მაგიერ ისეთნაირად მოიკატუნებდა თავს, ისეთნაირად მოუკვდებოდა ხელში, რომ ყველაფერს გააქარწყლებდა. ეხლა კი ჯავრისაგან, როგორცა ვთქვი, გონება დაბნეული ჰქონდა, იმიტომაც მაინც კიდევ შეჰყვირა:

— დამამწყვდევ!.. უი, მეხი კი დაგეცა მაგ უხეირო თავზედ! დამამწყვდევ რა, შენი მოახლე გოგო ვარ, ან შენი გომბიო ქალი!..

— რაო? აი, თუ გოგოზედაც უარესი არა ხარ. მე ეხლავ გაჩვენებ, როგორც გაგისტუმრებ გომურში, — უთხრა ხუმრობაგაშვებით მოსემა, — შენ რომ ჩამოგარჩო კიდეც, ხმას არავინ გამცემს. მაგრამ სიფრთხილეს თავი არ ასტკივაო, მერე რომ არა დამაბრალო-რა, ეხლავ მიჩვენე ჯიბეში რა გაქვს.

მივარდა სუტ-კნეინას ჩვენი მართალი კნიაზი. სუტ-კნეინა ჯერ გაუძალიანდა, ბოლოს კი — ღვთის წყალობა გქონდეთ — იკადრა ერთის ლურჯის ხელსახოცის ამოღება, რომელშიაც რაღაცები ეხვია. სუტ-კნეინა გაფითრდა და პირი გაუშრა. ვეღარა უთხრა-რა. მოსემ გაშალა ხელსახოცი და თავისი ათი თუმანი იქ გამოკრული ისევ ხელუხლებლად ჰნახა, მაშინვე ჯიბეში იკრა. ერთი რაღაც ქაღალდიც მოჰხვდა ხელში. გაშალა, თამასუქი იყო, ის თამასუქი, რომელიც სუტ-კნეინამ ლუარსაბს დასტყუვა. მინამ ამ საქმეში იყო გართული, სუტ-კნეინას თავისი ხერხი, ეშმაკობა, გამოცდილება დაუბრუნდა. იფიქრა სუტ-კნეინამა: „ამ ყვირილს და მუქარას თავი უნდა დავანებო, თორემ დამწყვდევას გამიმართლებსო. თუნდ დამამწყვდივოს, არაფერი, ხუთი-ექვსი დღე სიზმარსავით გაირბენს: შინ მივწერ, რომ მზითევს ვუმზადებ-მეთქი და ქორწილამდინ ვეღარ გადმოვალ. ვინ რას შეიტყობს, ოღონდ ეგ ათი თუმანი მაინც დავიბრუნო! ეგ მაინც არ დამეკარგოს!..“ ამ ფიქრებმა თვალის დახამხამების უმალ გაურბინეს გონებაში სუტს, მაგრამ კი მოხერხებულს კნეინასა.

— ეს ვინ მოგცა შენ? — ჰკითხა მოსემ და აჩვენა თამასუქი. სუტ-კნეინას მზად ჰქონდა პასუხი.

— ეხლა, შენ არ დაიჯერებ, რასაკვირველია, რომ ეგ თამასუქი თუ ჩამოვართვი, ისევ შენის საქმისათვის ჩამოვართვი. თუ ვინიცობაა, რომ მოვატყუეთ, ქალი ის არ ვაჩვენეთ — ეს შეეტყო და უარზედ დამდგარიყო, ამ თამასუქს ვაჩვენებდით და ვეტყოდით: დაიწერე, თორემ დიანბეგს წარვუდგენთ და სულ ნაღდს დაგათვლევინებთ. აი, რისთვის გამოვართვი, შენ ხომ არ დაიჯერებ, გაჯავრებული ხარ, მაგრამ მე კი გული ძალიან შემტკივა შენთვისა.

— თუ ეგრეა, რატომ აქამდინ არ მაჩვენე?

— რომ ვაჩვენო-მეთქი, ვიფიქრე, ვაი თუ ამის იმედით საქმეზედ მუყაითობა იმისთანა აღარ გასწიოს-მეთქი. რა ვიცი? ხორციელები ვართ.

— ეხლა მაგითი გინდა მამატყუვო განა?

— აკი გითხარ: არ დაიჯერებ-მეთქი. კაცს რაკი ერთხელ და ერთხელ ესტიბარი წაუხდება, აღარ დაუჯერებენ. მეც ისე მომდის. შენა გგონია, გატყუებ? თუნდ ეგ ბარათი შენ მიირთვი, ორასს თუმანში გაუბარე და მე ეგ ათი თუმანიც მეყოფა, ჩემო კარგო!

— შენ მაგითი მე ვერ მომატყუებ. ეს ბარათიც მე დამრჩება, ეს ათი თუმანიცა, და შენ კი გომურის მაგიერად ხულაში დაგამწყვდევ, რომ ჯვარის-წერამდინ არ გამცე. მერე რაც გინდა ჰქენი — ბიჭო! — დაიყვირა მოსემ.

ბიჭი მოვიდა.

— ეს ტყუილი-კნეინა წააბძანე ხულაში, ხალიჩაც მიართვი, მუთაქაც, ქვეშსაგებიც. პური და ღვინო არ მოაკლოთ. ეს კი უნდა ჰქნა, რომ გარედამ კლიტით უნდა გადაკეტო და გასაღები აქ მომართო. თუ ეს აბმავი შეუტყვია ვისმე, ვაი თქვენი ბრალი!

ბიჭი არ გაინძრა, ჯერ ტყუილი ეგონა.

— არ გეყურება შე …შვილო! — დაუჭყივლა მოსემა.

ეხლა კი იკადრა ბრძანების დაჯერება, მივიდა, წაავლო ხელი და გამოსწია საწყალ სუტ-კნეინასა, რომელიც ეხლა კი ისე მაიკუნტა, ისე მაიკუნტა, რომ მუშტის ოდენა გახდა, მაგრამ მაინც კი იმედი არ დაჰკარგა, რომ გააქარწყლებს ამ ამბავსა და მშვიდობით გადარჩება. კიდევ სიტყვა მოახერხა ეშმაკურად და უთხრა მოსესა ისე, ვითამ აქ არაფერი ამბავია:

— უი, შენ კი გენაცვალოს ჩემი თავი! ტყუილი გაჯავრება რა-რიგად გიხდება! ამ სულელ ბიჭმაც დაიჯერა, ასე ჰგონია — მართლა უბძანე. გლეხ-კაცია, ვერ მიხვდა, ნუ გაუწყრები, შენ გენაცვალოს ჩემი თავი!

ამისთანა ოსტატობამ კინაღამ მოსე არ გააცინა. ბიჭიც გაშტერებული შედგა. ბევრი კიდევ სხვა იოსტატა სუტ-კნეინამა, მაგრამ ვერაფერმა ვეღარ უშველა: ხულაში დაამწყვდიეს, შინ კი წიგნი მისწერა — ჯერ კი მოსემ გადიკითხა — რომ აქ მზითევს და საკერავებს ვუმზადებო და ოთხშაბათამდინ ნუ მომელოდებითო. ეს მისწერა, შევიდა ხულაში, დაჯდა ხალიჩაზედ და დაიწყო ტარის რთვა, რომელსაც, საცა წავიდოდა, თან წაიღებდა ხოლმე. ესე იყო, მითამდა აქ არაფერია.

VIII

როცა დავითი შინ მივიდა, საღამო ხანი იყო. ამისი ცოლი, ელისაბედი და ლუარსაბი ეზოში ღობის ჩრდილში ისხდნენ. თვალი შეასწრო თუ არა, ლუარსაბი წამოხტა, მიეგება ძმას, ვერაფერი კი ვერა ჰკითხა, იმიტომ რომ რცხვენოდა. დავითი ცხენიდამ გადმოხტა, გაისწორა მოშვებული ჩაღსაკრავი, მოვიდა, ცოლს არც კი მიემშვიდობა და წამოწვა ხალიჩაზედ.

— როგორ მოგეწონა სასძლო? — ჰკითხა ცოლმა. ლუარსაბმა ყურები აიცქვიტა.

— მზეთუნახავს რომ იტყვიან, ის არის. — მიუგო დავითმა, — მე იმისთანა ლამაზი ქალი არ მინახავს.

ლუარსაბს გაუხარდა, ელისაბედს ეწყინა: ჩემზედ უკეთესი იქნებაო.

— მართლა, გეთაყვანე? — ჰკითხა ლუარსაბმა.

— შენ ნუ მომიკვდები, იმისთანა ქალის მნახველი არა ვარ. — ამის მერე ცოლს შეჰხედა და შურით დაუმატა: — მე რომ პატარა კიდევ მომეცადნა, სხვა რიგად წავიდოდა ჩემი საქმე.

— რა? შენ შეირთავდი თუ? — წააყვედრა გულღვარძლიანმა ცოლმა, — უი შენ თვალებს! შენთვის მეც არ ვემეტებოდი ჩემს ბედსა. მამა-ჩემი განა რომ უარზედ იდგა, შენისთანები მთხოულობდნენ!

— უარზედ იდგა, მე ვიცი, რუსთ ხელმწიფის შვილს მიგცემდა. იმისიც მადლობელი იყავ, რომ მე გავბრიყვდი.

ესე სიტყვა-სიტყვაზედ შეჰყვნენ და ერთი კაი ლაზათიანი ჩხუბი მოუვიდათ, ასე რომ მოგეწონებოდათ. ელისაბედს იმ დღითვე შურით აევსო გული და შეიძულა ჯერ თვალით არ-ნახული რძალი.

„მალე ჩემი მტერი დაჭკნეს, მალე მე ის დავაჭკნო, — ამბობდა გულში ელისაბედი, — ამ სახლში ჩემზედ უკეთესი და ჩემზედ უფროსი არავინ არ უნდა იყოს. ჩემი ქმარი უნდა მაყვედრიდეს იმის სილამაზეს?! უი, უწინამც დღე გაჰქრობია. ასეთ ეკალს გავუყრი თვალში, რომ დღენი ვაწყევლინო!“

ელისაბედი ქორწილში არ წავიდა.

ქორწილის ღამეს დიდი ამბები მოხდა. მოვიდა სიძე დიდის მაყრიონით, ძმაც თანა ჰყვანდა, სწორედ სამშაბათს დღეს. იმ დღეს საცოლო არ აჩვენეს, რასაკვირველია. მოსესაც შეეყარა დიდი ხალხი. უგანზრახვოდ არ იყო ეს ხალხის შეყრა მოსეს მხრით. ეხლა კი მართალი ქალი გაისტუმრეს საყდარში. როცა ყველაფერი მოამზადეს, მერე მიიპატიჟეს საქმროცა. როცა შევიდა ლუარსაბი საყდარში და თვალი მოჰკრა თავის საცოლოსა, ელდა ეცა. მოუბრუნდა თავის ძმას დავითს, თავაზასაც და ზრდილობასაც თავი დაანება და უთხრა:

— დავით, აკი მზეთუნახავიაო?

ხალხს სიცილი წასკდა, საწყალი პატარძალი სირცხვილით აინთო და ტირილი დაიწყო. დავითი წინ წადგა; რომ დაინახა ერთი უმსგავსო პატარძალი, მღვდელს მიუბრუნდა:

— მამაო! ჯერ სხვა იწერს ჯვარს, თუ ეს რა ამბავია?

— კნიაზი ლუარსაბ თათქარიძე და დარეჯან მოსე გძელაძის ასული იწერს ჯვარს, — მიუგო მდვდელმა.

— პატარძალი სად არის?

— აი, ესა ბძანდება.

— ლუარსაბ! — დაუძახა ძმას დავითმა, — მოგვატყუვეს, ეგ ის არ არის, ჯვარი არ დაიწერო.

მთელი ხალხი გაოცდა. ლუარსაბი დაღონებული და უფრო გაფითრებული გამოვიდა საყდრიდგან, მთელი მაყრიონი გამოჰყვა. ცხენები მოიკითხეს, უნდა წამოსულიყვნენ. ცხენები დაემალათ. შეატყობინეს მოსეს, რომ საქმრო ჯვარს არ იწერსო. მოვიდა მოსე და თან მოიყვანა მრავალი ხალხი.

— კნიაზო დავით! ეს რა ამბავია? — უთხრა გაჯავრებულსავით მოსემ, — ქალი საყდარშია და საქმრო ეხლა დადგა უარზედ? აქამდინ სად იყავით, თუ არ გინდოდათ ჩემი ქალი? ვინ გეხვეწებოდათ? თქვენისთანა ოჯახის-შვილები მეხვეწებოდნენ, რომ არ მივეცი!

— აი, ბატონო, ქალი მანდ არის და, ვისაც გნებავდეთ, იმას მიეცით. ჩემი ძმა კი მაგის შემრთველი არ არის, — მიუგო თავგამოდებით დავითმა.

— ეხლა განა? როცა მთელმა ქვეყანამ შეიტყო, რომ ჩემს ქალს ირთავს შენი ძმა, როცა შენმა ძმამ საყდარშიაც შეიყვანა ჩემი ქალი? არა, თავზედ ლაფს არავის არ დავასხმევინებ! ან უნდა ჯვარი დაიწეროს, ან არა და აქედამ ცოცხლები ვეღარ წახვალთ! გაგონილა? სიძე სახლში ჩამიდგეს, ქალი საყდარში შეიყვანოს და ჯვარი აღარ დაიწეროს!..

— ის კი გაგონილა, რომ პატარძალი შეცვალონ! ეს შენი ქალი არ არის.

— ხალხო და ჯამაათო! დახე, რომ ვეღარა მოუგონიათ რა, იმას ამბობენ, შენი ქალი არ არისო, — დაუძახა ხალხს მოსემ.

— მაშ ვისია, თუ მაგისი არ არის! — გაიხმაურა მოსეს ხალხმა, ჩვენ ფიცს მოგცემთ.

— არა, ბატონებო, ჩემი ძმა ჯვარს არ იწერს. თუ ძალაზედ დადგებით, არც ჩვენა ვართ ლაჩრები, — წამოსთქვა დავითმა და ხანჯალი მოიმართა.

ქალები, ვინც კი იყვნენ საყდარში, სულ აქეთ-იქით მიიფანტნენ, ჰნახეს რომ ამათი ალაგი არ არის. პატარძალი კი და ორი ვიღაც ბებერი მოსემ საყდრიდამ არ გამოაყვანინა, იმედი ჰქონდა, რომ როგორმე მოახდენდა ჯვარისწერას.

— მაშ მოსე თავადიშვილი აღარ ყოფილა, — წამოიძახა მოსემ, — თუ თქვენ ჩემი ოჯახი შეგარცხვენინოთ; ჩემის ცოცხალის თავით არ ვაკადრებ ჩემს გვარს, რომ თათქარიძეებმა საყდარში ქალი გამიუპატიურონ, ჯვარი უნდა დაიწეროს.

— არ დაიწერს.

— უკანასკნელი სიტყვაა?

— უკანასკნელია.

— დავით! — უეცრად გადაასხვაფერა სიტყვა მოსემ და ხმაც მოურბილა, — აქეთ მობძანდი.

დავითი გაჰყვა. იქით ორნივ გაშორებით გადგნენ. მოსემ ამოიღო ხუთი თუმანი და უთხრა ხმადაბლა დავითს:

— ეს ხუთი თუმანი, დაჩუმდი, შენ რა გინდა? შენ ხომ არ ირთავ?

დავითი დარბილდა.

— ხუთ თუმანზე ძმა როგორ გავყიდო? — უპასუხა.

— შვიდი იყოს.

— ან შვიდად.

— რვა იყოს

— ვერც რვა თუმნად.

— აშ რამდენი გინდა?

— ათი მაინც იყოს.

— ცხრაზედ რას იტყვი?

— არა, ათი.

— ეჰ, ჯანი გავარდეს: ათი იყოს.

ამოიღო ათი თუმანი და მისცა. დავითმა ჯიბეში ჩაიდო.

— მე კი დავჩუმდები და ჩემი ძმისა შენ იცი, — უთხრა ღიმილით დავითმა.

— ოღონდ შენ დაჩუმდი და ერთი ორიოდე კაცი თქვენი მაყრიონიდამაც დაიყოლიე და ლუარსაბს მე მოვუხერხებ.

— ბატონი ხარ. მაგის პირობას გაძლევ.

— მაშ ხელი დაჰკარ.

დაჰკრეს ხელი ხელს და საწყალ ლუარსაბს ძალად გადასწერეს ჯვარი იმ ღამესა. მოსემ არც დაპირებული ორასი თუმანი მისცა, იმის მაგიერ ის თამასუქი დაუბრუნა, სუტ-კნეინას რომ წაართო. ლუარსაბს არ მიჰყვანდა ცოლი, მინამ არ გამისწორდებაო, ბოლოს ესეც რომ ვერა გახდა-რა — გარემოებას დაემორჩილა და წამოიყვანა შინ თავისი დარეჯანი.

ელისაბედი სიხარულით აღარ იყო, რომ ლუარსაბმა მზეთუნახავის მაგიერ გონჯი ცოლი მოიყვანა. „ჰი, ვენაცვალე ღმერთსა! — ეტყოდა ხოლმე ქმარს ელისაბედი, — ჰი, ვენაცვალე! — ჯერ ჩემზედ უკეთესი უნდა შეერთო და მერე ჩემთვის ნიშნი მოეგო! ჰი, ვენაცვალე ღმერთსა!“ ბოლოს ხომ — როგორც მოგეხსენებათ — ცოლების მოწყალებით ძმებს ჩხუბი მოუვიდათ და გაიყარნენ.

IX

ჩვენმა ლუარსაბმა ესე დაიწერა ჯვარი. თუმცა ძალადობით მოხდა ესა, თუმცა მზითევშიაც მოატყუეს და მზეთუნახავის მაგიერ მახინჯი დარეჯანი შერთეს, მაგრამ — შუბლზედ ეგ მეწერაო — იფიქრა და დაემორჩილა ბედისწერასა. ბოლოს ხომ, — შენც იცი, მკითხველო, — რომ ამათ ერთმანეთი შეუყვარდათ. ამათ კი ისე ეგონათ რომ უყვართ ერთმანეთი და სხვისა კი არ ვიცი. „ფერი ფერსაო, მადლი ღმერთსაო”. — ნათქვამია, ფერი ფერს შეხვდა და ერთმანეთი შეიფერეს. ეს შეფერება ჩვენში ცოტასა აქვს მიღებული სიყვარულად? კარგი რამ არის ქართველი კაცი: ბედსაც და უბედობასაც თანასწორად ემორჩილება ხოლმე. არც ერთისთვის გაიხეთქს თავს და არც მეორისთვის დაიწყებს ბრძოლასა, — და არის ისე ყველგან ერთნაირად გულგრილი და შეუპოვარი. ამ გულგრილობას და შეუპოვრობას კმაყოფილებად ადიდებენ; კმაყოფილება კიდევ — ვიღაცამა სთქვა — ბედნიერება არისო. ბევრჯერ უთქვამთ დარბაისელთ მოხუცებულთ ჩემთვის, რომ ახალ თაობას იმითი მაინც ვჯობივართო, რომ ჩვენ ცოტას კმაყოფილებიცა ვართო. მე კი დავჩუმებულვარ და გამიფიქრია: „კმაყოფილება კაცის მომაკვდინებელი სენია. ბედნიერია ახალი თაობა, თუ მართლა ის კმაყოფილება არა აქვს. იმედი თუა სადმე, ამაში უნდა იყოს: უმადლონი სჯერდებიან მას, რაც არის, იმიტომაც იმათში უფრო ბევრია ბედნიერი, მადლიანნი კი ძნელად: ამათ ყოველთვის უკეთესი უნდათ იმიტომ, რომ კარგს უფრო კარგი მოსდევს თანა, „მჯობს მჯობი არ დაელევაო”, — ნათქვამია.

ჩვენი ცოლ-ქმარნი კი ამისთანანი არ იყვნენ: ამათ თავიანთ ცხოვრებაზედ „მჯობი“ ცხოვრება არ ეგონათ ქვეყანაზედა. ესენი კმაყოფილნი იყვნენ: ვალი ამათ არ ემართათ და ვახში, დავა არავისთანა ჰქონდათ და დარაბა, მხოლოდ ერთი ჯავრი ედოთ გულშია: შვილი არა ჰყვანდათ. აი, ლუარსაბი ორმოცის წლისა და დარეჯანი ორმოცდაერთისა შესრულდა, რომ ღმერთმა მემკვიდრე არ უბოძათ. ბევრჯერ გადაფურცლა კნეინამ კარაბადინი, ბევრი რაღაც ბალახბულახი მიირთო და ლუარსაბსაც დაალევინა. მაგრამ ვერა ეშველათ-რა. „ტყუილად თავს რად იხეთქენ, — ამბობდა ხოლმე ამათზედ ღვარძლიანი ელისაბედი, — ტყუილად რად იხეთქენ? სოლომონ ბრძნის წიგნს რომ ჩააბულბულებდა ხოლმე და კუდიანობდა — ეგ იმან ჩასცხო თავშია. ღმერთმა მაგათზედ გული აიყარა, ეხლა აღარა ეშველებათ-რა”.

ჩვენი ცოლ-ქმარნი კი იმედს არა ჰკარგავდნენ. შეიტყეს, რომ ქალაქში ერთი მკითხავია, ის შეიტყობს უშვილობის მიზეზსაო. თუმცა შვილოსნობის დრო გადასვლოდათ, მაგრამ მაინც კიდევ ქალაქისაკენ კაცი აფრინეს, თან გაატანეს ერთი კარგი ბაღდადი, რომელზედაც — როგორც მოგეხსენებათ — უკითხავს მკითხავი იმას, ვინც თითონ ვერ მივა, და რომელიც, რასაკვირველია, მკითხავს დარჩება ხოლმე. სამს დღეს უკან ბიჭმა პასუხი მოუტანათ, რომა „თქვენზედ ხატია გამწყრალიო. მერე რომელი ხატი? თელეთისაო, ასე სთქვა მკითხავმაო“. ეს რომ გაიგეს ცოლ-ქმართ, ერთ დროს და ერთხმად პირჯვრისწერით წამოიძახეს:

— საიდამ სად მოგვიკითხა! დიდება სახელსა უფლისასა, — სთქვეს და ისევ პირჯვარი გადიწერეს.

— დალახვრა ღმერთმა! საიდამ სად მოგვიკითხა! — ისევ გაიმეორა ლუარსაბმა.

— ხატზედ „დალახვრას“ როგორ ამბობ?

— ღმერთო, ნუ მიწყენ, ღმერთო, ნუ მიწყენ! — რამდენჯერმე პირჯვარი გადიწერა სხაპა-სხუპით, — აი, დალახვრა ღმერთმა, დაჩვეული რომ ვარ, ისე თავის-თავად ითქმის ხოლმე, ღმერთო, ნუ მიწყენ!

— ახლა რას იტყვი, ლუარსაბ, წავიდეთ?

— შორს რომ არის?

— რა ვუყოთ? ალბად ნება ღვთისა ეგ არის.

— მოდი, აქვე ნეკრესის ღვთისმშობელი ვილოცოთ.

— თელეთის ხატს ეწყინება: მე დავიბარეო, აქ კი არ მოვიდნენო და იქ კი წავიდნენო, იტყვის.

— მართალია, ეწყინება. გული მოუვა. აი, მე ხომ კაცი ვარ, მეც გული მამივიდოდა და ის ხომ ხატი ბძანდება — ვენაცვალე იმის მადლს! — უფრო გული არ უნდა მოუვიდეს?

— ეგ არის და.

— აშ რა ვქნათ?

— უნდა წავიდეთ.

— შორს კი არის, თუ შენც იტყვი.

— ეხლა, თუ მივდივართ, ნუღარ ამადლებ — გვიწყენს.

— მართლა, მართლა! ნუ მიწყენ, აგრემც დიდება შენსა სახელსა, ხატო თელეთისაო! გიახლები, გიახლები და თაყვანსა ვცემ სახელსა შენსა.

დაიჯერეს მკითხავის სიტყვა: თედოს შეაბმევინეს ურემი, გადააფარეს ფარდაგი, ერთი კარგი ცხვარი დააკრეს ურმის ბოლოს, ახსენეს ღმერთი და ერთ მშვენიერ ზაფხულის დილას შეუდგნენ ქალაქის შარა-გზასა. ურემში ისხდნენ კნეინა დარეჯანი და მისი მოახლე ლამაზისეული. ერთი ბიჭი და ლუარსაბი თავის წითელს ულაყ ცხენზედ მჯდომი ნელ-ნელა აედევნენ უკან ფეხმძიმე ურემსა. მეომარის თვალადობა ჰქონდა ამ-ჟამად ჩვენს უამისოდაც საყვარელს ლუარსაბსა, თუმცა კი, როგორც ბამბის ტომარა, ისე იდო ცხენზედა. წელზედ ერტყა ქართული ხმალი და გრძელი ლეკური ხანჯალი, უკან წელში გაყრილი ჰქონდა სევადიანი დამბაჩა. შავი შალის ჩოხა ეცვა, იმისი კალთები ვაჟკაცურად ამოტარებული ჰქონდა ჩოხის ჯიბეებშია. შარვალში იჯდა, შარვლის ტოტები ჩაეკეცნა მაღალყელიან ყარაბაღულ თეთრ ჩექმებში, წვივებზედ პტყელი ჩაღსაკრავი, გრძელფოჩებიანი, სირაჯსავით შემოეკრა. თავზედ ეხურა ლურჯი ყალმუხის ქუდი — კახურად ჩატეხილი და შუბლთან შიგ შეკეცილი — რადგანაცა ცხელოდა, — ერთის სიტყვით, ხმლის პირი, ზედწამოცმულ ვაშლით, რომ ამოღებული სჭეროდა, თავიდამ ფეხამდინ ორშაბათის ყეინი იქნებოდა.

ამ ყოფით ავიდნენ თელეთში მეხუთე დღეს, ილოცეს და მეორე დღესვე დაბრუნდნენ. ქალაქს რომ ჩამოუარეს და შეუდგნენ კახეთის გზასა, კნეინა დარეჯანმა შეაქცია ზურგი კოფასა, წამოიჩოქა და გამოჰხედა ქალაქსა. ლუარსაბს ურემში ეძინა. ისიც გააღვიძა.

— ლუარსაბ, ერთი შეხედე, რა ამბავია. ამოდენა ქვეყანა გაგონილა, რომ აქ არის! დიდება შენდა, ღმერთო! სულ ქვითკირის შენობა უნდა იყოს.

კნეინას ქალაქი ჯერ არ ენახა.

— მაშ არა და წნული იქნება.

— ერთი შეხედე და, რამდენი საყდრებია!..

— ვიცი. განა არა ვყოფილვარ?

— პირველად რომ ჩაგიყვანეს, კენჭები არ ჩაგაყლაპეს?∗

— როგორ არა? სამი ასეთი კენჭი ჩავყლაპე, რომ ძლივს მოვინელე.

— აღარ დაგცადა ქალაქმა?

— არა, რაღას დამცდიდა. რომ კენჭებ-ჩაყლაპული ვიყავ? რომ არ ჩამეყლაპა, მაშინ სხვა იქნებოდა.

— ეგ ხომ აგრეა. კაი სანახავი კი უნდა იყოს!

— კარგი როგორ არ არის, მთელი მილეთის ხალხი სულ მანდ დაწანწალებს: თათარი, ყაზილბაში, ურია, ოსი, სომეხი, რუსები ხომ რაღა, ბუზსავით ირევიან.

— მართალია, რომ აქ კაცს თავს მოსჭრიანო და მერე ისევ გააცოცხლებენო?

— მართალია, მაშ? ეგ კიდევ რა! რაღაც მოუგონიათო, ფიცრებს თავის-თავად ხერხავსო.

— ეხლა ეგა სთქვი.

— თავი არ მამიკვდება.

— როგორ? ისე თავის-თავად?

— თავის-თავად.

— არც კაცია, არც ადამიანი?

— არა.

— მაშ ხერხი ვის უჭირავს?

— ეშმაკს და ქაჯს, ღმერთმა ნუ იცის რუსების თავი!

— რუსების მოგონილია განა ეგა?

— მაშ არა და შენის მაზლის დავითისაა!

— დიდება შენდა, ღმერთო თვალთმაქცობას რომ ჰთამაშობენ, ისიც გინახავს?

— აბა რომელი?

— აი, გაჭენებულ ცხენზედ რომ კაცი დადგება, იმ კაცზედ კიდევ კაცი, იმაზედ კიდევ კაცი და კიდევა და კიდევა.

— ეგ რა არის? მე კი არ დავდგებოდი ხოლმე გაჭენებულ ცხენზედ ჩემ პატარა ბიჭობაში!.. — დაიკვეხა ლუარსაბმა.

— აი, შენმა მზემ! შენ კი იქნებოდი, რომ დამდგარიყავ.

— ღმერთმა იცის! ეხლა ჯანი აღარ მამდევს და სიმარდე, თორემ ეხლავ გიჩვენებდი.

— ნუ იკვეხ. ხომ ვიცი, ჩემო კარგო, რაცა ხარ.

— განა კვეხნისთვის ვამბობ? მე იმისთვის ვთქვი, რომ ეგ რა თვალთმაქცობაა-მეთქი. მაგაზედ უფრო ბევრი ასეთია, რომ…

— მაინც?

— რა ვიცი, რამდენი რამ არის.

— სთქვი რაღა, მეც ვიცოდე.

— ბევრია.

— მაინც?

— რა ვიცი, რამდენი რაღაცაებია…

— მაინც?

— ეჰ, ვინ მოსთვლის? ბევრია, ნეტავი შენ! რა-რიგად ჩამოცხა! უჰ!

რომ არ იცოდა რა ეთქვა ჩვენ უბოროტო ლუარსაბსა, სიტყვა გადაასხვაფერა. მოიხადა ყალმუხის ქუდი, შუბლიდან და სახიდან იმითი ჩამოიწმინდა ოფლი. მერე გააკეთებინა ჩიბუხი და ჩიბუხის წევაში ისევ ხვრინვა ამოუშვა, მერე ასეთი, რომ რამდენიმე დღის უძილო ეგონებოდა კაცსა.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

7 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. მარი ამბობს:
    21 იანვარი, 2012წ. 12:45სთ.

    მე მომეწონა ეს და სხვა არ ვიცი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. გირგი ამბობს:
    22 მარტი, 2012წ. 18:46სთ.

    ძაან მაგარი იყო კიდე უნდა წავიკიტხო

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ანა ამბობს:
    1 თებერვალი, 2013წ. 12:28სთ.

    ძაან კარგია!

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. ლილე ამბობს:
    2 აგვისტო, 2014წ. 21:08სთ.

    ძაან მაგარია, ძაან სასაცილოა და ძაან კაია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. ლილე ამბობს:
    2 აგვისტო, 2014წ. 21:12სთ.

    მაგრამ, მეხუთე თავიდან რატომ იწყება??? :*

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. ილია ამბობს:
    2 აგვისტო, 2014წ. 22:57სთ.

    დასაწყისი აქედან : http://gigol.net/3100

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  7. ანა ამბობს:
    3 მარტი, 2016წ. 18:27სთ.

    ლუარსაბს კი ნუ დასცინით, თქვენს თავებში ეძებეთ ლუარსაბიი???

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

7 votes, average: 5.00 out of 57 votes, average: 5.00 out of 57 votes, average: 5.00 out of 57 votes, average: 5.00 out of 57 votes, average: 5.00 out of 5

› §9 შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა

280
ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად;
“არ ეწყინაო”, უამბობს, არს მისად მაგულვანებლად,
ხელი მოჰკიდა, მოჰყვანდა, ვით, მთვარე მოსავანებლად;
და იგი რა ნახა ტარიელ, თქვა მზისა დასაგვანებლად.
283
გამოეგება ტარიელ, ჰმართებს ორთავე მზე დარად,
ანუ › › ›

DU