1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» შიო გვეტაძე: მონანიება – თავი IV

გათენდა. მთელი ღამის უძილო, დაღლილი მინდელი თავის საწერ მაგიდასთან იჯდა და გვამის აღმომჩენ მილიციელის ჩვენებას აფორმებდა.
მილიციის უფროსი სერჟანტი, ახვლედიანი, დინჯად და დალაგებით გადასცემდა მომხდარ ამბავს:
– ცვლა ღამის 12 საათზე ჩავიბარე.მოგეხსენებათ, ჩემი საპატრულო უბანი არც თუ ისე მცირე ტერიტორიას მოიცავს. ღამის ლდაახლოებით 12 საათსა 40 წუთზე სასტუმრო „ქუთაისიდან„ თეთრი ხიდის მიმართულებით წავედი. ხიდთან მდებარე სკვერი და საბაგირო გზის სადგური დავათვალიერე, შემდეგ ქუჩის მეორე მხარეს გავედი და მაღაზიები შევამოწმე. რადგან საეჭვო არაფერი შემიმჩნევია, უკანვე,სასტუმროსაკენ დავბრუნდი.

გადაუღებლივ თოვდა. ქუჩაში თითქმის არავინ იყო.
როდესაც სასტუმროს მიუახლოვდი, ორი ახალგაზრდა დავინახე, ერთმანეთს ათიოდე მეტრით დაშორებულნი, თეთრი ხიდის მიმართულებით მიდიოდნენ. ყურადღებასაც არ მივაქცევდი ალბათ, მაგრამ როგორც აღვნიშნე, დაცარიელებულ ქუჩაში სხვა არავინ იყო. უხმოდ ამიარეს გვერდი და შესახვევში თვალს მიეფარენ. დაახლოებით ერთი საათი სასტუმროსთან დავყავი, შემდეგ ისევ გავაგრძელე საპატრულო უბნის შემოვლა. როცა სკვერთან მივედი, საათს დავხედე,– 3 სრულდებოდა. აქ ჩემი ყურადღება ერთმა გარემოებამ მიიქცია–გზის მარჯვენა მხრიდან სკვერის მიმართულებით გაუტეხავ თოვლში აშკარად ჩანდა ფეხის კვალი.გამიკვირდა, საბაგირო გზა არ მუშაობდა, რა საქმე უნდა ჰქონოდა ვინმეს სკვერში? გულდასმით დავაკვირდი ფიფქი თოვლით თითქმის ამოვსებულ ნაკვალევს. სულ ადვილად გავარკვიე, რომ ორ ადამიანს გაევლო. მაგრამ საკვირველი ის უფრო იყო, უკან დაბრუნების კვალი არ ჩანდა. მაშასადამე, ისინი,ვინც რამდენიმე ხნის წინ სკვერში შევიდნენ, ჯერ ისევ იქ იყვნენ. გადავწყვიტე,გამომერკვია. რაში იყო საქმე და კვალს მივყევი. ბევრი არ მივლია, მივუახლოვდი თუ არა საბაგირო გზის სადგურს,ვაგონის მისაღებ ბაქნის ქვეშ თოვლისაგან დაუფარავ ადგილზე რაღაც შავი საგანი შევამჩნიე, მწოლიარე ადამიანად მივიღე და შევუძახე. ის არ განძრეულა. ახლოს მივედი, მართლთც ადამიანი აღმოჩნდა ცემენტის იატაკზე გულაღმა გაწოლილი. მთვრალია, გავიფიქრე მე და ხელი მოვკიდე, მაგრამ შევეხე თუ არა დავრწმუნდი, უკვე მკვდარი იყო. რაღა უნდა მექნა საგანგაშოდ გავისროლე. რამდენიმე წუთში მეზობელ საგუშაგოდან მილიციელი მოვიდა. ის გვამთან დავტოვე, მე კი ყოველივე ტელეფონით ვაცნობე მილიციის განყოფილების მორიგეს, – დაამთავრა ახვლედიანმა.
– ხომ არ დაკვირვებიხართ სასტუმროსთან შეხვედრილ ორ მოქალაქეს? – შეეკითხა მინდელი.
– არა, არ დავკვირვებივარ.

– ხომ არ ფიქრობთ რომ ისინი ერთად იყვნვნ?
უფროსი სერჟანტი ცოტა ხანს დადუმდა.
– არა,არ ვფიქრობ. მე მგონი ისინი ერთმანეთის სრულიად უცნობი იყვნენ და თვითეული მათგანი თავისი გზით მიდიოდა.მე არ ვიცი ვინ იყვნენ გამვლელები, მაგრამ ჩემი აზრით, ის მოკლული რომელიმე მათგანი არ არის.
– რატომ გგონიათ?
– ამის ახსნა არ შემიძლია, ამხანაგო გამომძიებელო,მაგრამ ვფიქრობ, მოკლული არც ერთ მათგანს არ ჰგავს.
– განა თქვენ დააკვირდით უცნობებს?
– არა არ დავკვირვებივარ, მაგრამ მაგრამ მოკლულს მაინც ვერ ვამგვავნებ რომელიმე მათგანს.
– კეთილი.
მინდელს მეტი კითხვა არ დაუსვამს.სწრაფად გააფორმა ჩვენება და ახვლედიანი გაუშვა. შემდეგ შუბლი მოისრისა და ჩაფიქრდა.
უფროსისერჟანტის ჩვენებას ახალი არაფერი მოუტანია უკვე შეკრებილი მასალებისათვის.
ჯერ კიდევ გათენებამდე მინდელმა, ხომერიკმა და ბალანჩივაძემ სასმართლო–სამედიცინო ექსპერტთან ერთად გულდასმით გამოიკვლიეს მკვლელობის ადგილი. დათვალიერებაში გართულთ შეუმჩნევლად შემოელიათ ღამე და ალიონის მკრთალ, ნაცრისფერ სინათლეზე ოთხივემ კარგად გაარჩია, ბებერი ჭადრისაკენ წასული მკვლელი ქვის გალავანზე აფოფხებულიყო და გალავნის იქით მდებარე სკოლის ეზოდან უკვალოდ გამქრალიყო.
მკვლელობის ადგილზე რაიმე თვალსაჩინო კვალი ვერ იქნა აღმოჩენილი. მინდელმა ისიც კი არ იცოდა, რამდენ ხანს იდგნენ საბაგირო გზის სადგურთან მკვლელი და მოკლული, რადგან დგომის ადგილს ბაქანი ფარავდა და ცემენტის იატაკი თოვლით არ იყო დაფარული. მხოლოდ ერთი რამ დაადგინა მტკიცედ: ჩიტკვაიძის მკვლელი მარტო იყო, ჭადრისაკენ მხოლოდ ერთი ადამიანის კვალი მიდიოდა. ადგილზე მისვლამდე მინდელს კიდევ გააჩნდა მცირე იმედი, იქნებ მოკლული სხვა იყოსო, მაგრამ ეს იმედი მალე გაქრა, ჩრდილელმა ამოიცნო მასთან რამდენიმე საათის წინ დაკითხვაზე მყოფი ჩიკვაიძე.
როდესაც გვამი გასინჯეს, ყველა სხატად დარჩა–ცხედარს მარცხენა ძუძუში თვითნაკეთი ბებუთის სისტემის დანა ბოლომდე ჰქონდა ჩასობილი. პირისა და ტარის გამყოფი ჩანგალიც კი ჭრილობაში იყო შესული. ექსპერტმა იქვე ივარაუდა: დანის დარტყმა დიდი ძალით იყო მომხდარი,სიკვდილი ელვისებური იქნებოდა. გვამის გაკვეთამ დაადასტურა ექსპერტის წინასწარი მოსაზრება. დანას ნეკნი გაეტეხა და ანზორისათვის გული გაეგმირა.
ყველაფერი ეს ლოგიკურად მიუთითებდა, რომ ჩიკვაიძე მკვლელობის მსხვერპლი იყო. მაგრამ, როდესაც საავადმყოფოში ჭრილობიდან ამოღებული დანა დაათვალიერეს,გამომძიებლის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა: დანის ტარზე გარკვევით ჩანდა ამოჭრილი სახელი „ანზორი„.
„ვისია დანა? ნუთუ ანზორის? ხოლო თუ ჩიკვაიძისაა, საიდან გაჩნდა ის მკვლელის ხელში? იქნებ ჩიკვაიძემ ვერ აიტანა ბიძის სიკვდილი და თავი მოიკლა? – ზედიზედ გაუელვა ამ კითხვებმა გონებაში გამომძიებელს დანის დათვალიერებისას, – არა, – დაასკვნა მან, – ყველაფრის დაშვება შეიძლება, მაგრამ თვითმკვლელობისა კი არა. დანის დარტყმის მიმართულება და ჭრილობა ამასარგვაფიქრებინებს.ასეც არ იყოს, ანზორ არ შეეძლო თავი მოეკლა. მაგრამ დავუშვათ,ჩიკვაიძე ბიძის სიკვდილში ერია დაჩრდილელის მიერ მეორედ დაკითხვისას დარწმუნდა, გამოძიებამ რაღაც კვალს მიაგნო? იქნებ საშინელი სინამდვილისგამომჟღავნებას სიკვდილი არჩია? მაგრამ მაშინ რა უნდოდა სკვერში? ან ვინ არის ის, ვინც თან შეჰყვა საბაგირო გზის სადგურში?„ – ფიქრობდა გამომძიებელი.
თოვლში დარჩენილი კვალის დათვალიერებით და გაზომვით უდავო იყო, რომ ჩიკვაიძე და მასთან მყოფი უცნობი. ქვაფენილიდან ერთად, გვერდიგვერდ მიმავალნი გავიდნენ უკვალავ თოვლში, ასევე ერთად მივიდნენ მანქანამდე და იქ ცემენტის იატაკზე შეჩერდნენ. ჩიკვაიძე სამუდამოდ დარჩა ადგილზე გულგანგმირული, მასთან მყოფი კი უკვალოდ მიიმალა. მარტოოდენ ეს ფაქტი სავსებით გამორიცხავდა თვითმკვლელობის ვერსიას, მპგრამ დანა… როგორ მოხვდა ანზორის დანა მკვლელის ხელში? თუ დანა მართლაც ანზორისაა, – განაგრძობდა გამომძიებელი, – ბუნებრივია, უნდა დავასკვნათ, რომ მკვლელი ახლო ნაცნობია ჩიკვაიძისა და განიზრახა რა მკვლელობა, კვალის არევის მიზნით,წინასწარ ინათხოვრა იარაღი ანზორისაგან. ასეთ შემთხვევაში დამნაშავე ჩიკვაიძის ახლობელთა წრეში უნდა მოიძებნოს.უცნობს ხომ არ ათხოვებდა დანას იგი?
მინდელმა ამ სამი დღის განმავლობაში ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გულდასმით, საფუძვლიანად შეისწავლა სასამართლოს არქივი, ეძებდა ანალოგიურ საქმეს, მაგრამ უშედეგოდ. გამომძიებელს მანამდეც არ ეპარებოდა ეჭვი, რომ მკვლელობა კვალიფიციური დამნაშავის მიერ იყო ჩადენილი, ხოლო არქივის შესწავლამ და რეგისტრირებულ დამნაშავეთა ბარათების დაბეჯითებით შემოწმებამ დაარწმუნა, რომ ბოროტმომქმედნი მძიმე ყოველ შემთხვევაში მკვლელი , ქუთაისში რეგისტრირებულ დამნაშავე ელემენტებს არ ეკუთვნოდა.
ახლა კი ეჭვი შეეპარა მუშა ჰიპოტეზის სისწორეში. იქნება ორთავე მკვლელობა შურისძიებით იქნა ჩადენილი და ძარცვა მხოლოდ ფანდია გამოძიების ცრუ კვალზე გასაყვანად?
ხოლო თუ ძარცვაა, რა ურთიერთობა ჰქონდა ჩიკვაიძეს მკვლელებთან, საიდან იყვნენ ისინი ჩამოსულნი? როგორ დაუკავშირდნენ ჩიკვაიძეს და რამ გახადა ბოროტმომქმედნი იძულებულნი ანზორიც მოეკლათ?
მინდელს თვალწინ წარმოუდგა ჩიკვაიძის სახედაკაწრული, თითქმის შეშლილი დედა, რომელიც ცრემგამშრალი თვალებით უაზროდ მისჩერებოდა საავადმყოფოს მორგს და გამეტებით ურტყამდა თავს კარებს. გამომძიებელს გულწრფელად შეებრალა მრავალტანჯული დედა. უზომო ჯაფის ისედაც ნაადრევად დაებერებინა ერთ დროს შესამჩნევად ლამაზი ქალი, ხოლო ზედიზედ თავს დამტყდარ საშინელ უბედურებას ისე მოექცია, ღრმა მოხუცი ეგონებოდა ადამიანს.
„შვილოო! დედის ერთად–ერთო იმედოო! ვინ გაგიმეტააა? ვის რა დაუშავე ჩემო უმამოდ გაზრდილო ხუჭუჭა ბიჭოოო! ვისთვის ვიცოცხლო ორთავეს დამკარგავმა, ვინ დამიხუჭავს დასამიწებელ თვალებს… შვილოო!„ – მოსთქვამდა იგი და მისი შემზარავი ხმა გატეხილი ზარივით ჟღრიალებდა განთიადის სიჩუმეში.
ვერც მინდელმა, ვერც სხვებმა ვერ მოძებნეს ორი ძვირფასი ადამიანის ასე ტრაგიკულად დამკარგავი, გაუბედურებული ქალის დამამშვიდებელი სიტყვები. გრძნობდნენ, რომ ნუგეში ასეთ მდგომარეობაში მყოფისათვის ახლა, მხოლოდ ლიტონი სიტყვა იქნებოდა. დუმდნენ და უსიტყვოდ, მოკრძალებით, პატივისცემით თანაუგრძნობენ ნაადრევად გათეთრებულიდედის მწუხარებას.
ძლივს დაიყოლიეს გაკერპებული ქალი შვილის გვამი დროებით დაეტოვებინა საავადმყოფოში.გაგონებაც კიარ სურდა გაკვეთისა, მხოლოდ ხომერიკის ნათქვამმა, რომ ეს აუცილებელი იყო მკვლელის აღმოსაჩენად, მოსტეხა იგი და დასთანხმდა.
ბალანჩივაძემ თავის მანქანით გაისტუმრა ჩიკვაიძის დედა და მათთან მყოფ ქალებს სთხოვა თვალყური ედევნებინათ, რომ თავისი თავისათვის არაფერი აეტეხა გაუბედურებულს. ასეთ პირობებში ლაპარაკიც კი არ შეიძლებოდა მის დაკითხვაზე, მინდელს არც უცდია ეს. მხოლოდ ნაწყვეტ–ნაწყვეტ ქალის მოთქმასა და საუბარში გამოარკვია, რაც პირველ რიგში აინტერესებდა: ჩიკვაიძე ადრე დაობლდა, ამამ 1943 წელს ფრონტზე ჟდაეღუპა. ხუთმ წლის ანზორი დედპმისმა გაზარდა. საშუალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ალექსანდრე ტყეშელაიძემ ქუთაისში წაიყვანა ცოლის ობოლი დისშვილი. დაეკხმარა, ინსტიტუტში მოაწყო და თავისთან დააბინავა. ანზორს არ უცხოვრია თბილისში ან დიდ ქალაქში. ყოფილა დედაქალაქში, მაგრამ რამოდენიმე დღით. მასაშადამე,ანზორს ბოროტმომქმედთა ჯგუფი ქუთაისში დაუკავშირდა, მაგრამ როდის? რამდენი ხნის წინათ?
მინდელს კარგად ესმოდა, კვალიფიციური ბოროტმომქმედნი უცხო და შედარებით პატარა ქალაქში დიდხანს არ ჩერდებიან უსაქმოდ. მოახდენენ რამდენიმე თავდასხმასდა სწრაფად მიმალებიან. იქნებ ადრე ჰქონდათ დაგეგმილი ტყეშელაიძის ოჯახის ამოწყვეტა?იქნებ შემთხვევამ შეუშალათ ხელი ტყეშელაიძის ცოლის მოკვლაში, და ანზორიც იმიტომ გადარჩა რამოდენიმე დღით, რომ მკვლელობის ღამეს სახლში არ იყო? თუ ტყეშელაიძისა და შემდგომ ანზორის მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე მოხდა, მაშინ… მაშინ ჭაღარა, დაჭრილი და მათთან მესამე მინდელმა მანქანის მძღოლს ეს სახელი უწოდა ტყეშელაიძის ოჯახს კარგად იცნობენ. ხოლო თუ ეს ასეა, რატომ არჩიეს თავდასხმისათვის 12 იანვარი? ამ დღეს ხომ ტყეშელაიძე და მისი ცოლი შემთხვევით დაბრუნდნენ თბილისიდან? განა შურისძიებით ჩადენილ მკვლელობას მოფიქრებულად,წინასწარშედგენილი გეგმით არ ამზადებენ? იქნებ თბილისიდან გამოყვათ მკვლელები?
…არა! – განაგრძობდა ფიქრს მინდელი, – ტყეშელაიძის მოკვლა ბოროტმოქმედთა თავდაპირველ გეგმაში არ შედიოდა. ამას საქმის ყველა მონაცემი ადასტურებს. თავდასხმის მიზანი უეჭველად გაძარცვა იყო, ხოლო ჩიკვაიძე ან მონაწილეა ან …რაღაც იცოდა და …თავიდან მოიშორეს, დაადუმეს. ყოველ შემთხვევაში, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ შესაძლო ვერსიაც შურისძიების შესახებ. მთავარია ბოროტმოქმედთა აღმოჩენა,დეტალები კი დაზუსტდება.
კაბინეტის კარები წყნარად გაიღო და ოთახში სამედიცინო ექსპერტი შემოვიდა.მინდელი გამოერკვა, წამოდგა, შემოსულს მიეგება.
ექსპერტმა ხმაურით გასწია სკამი, ტახტზე ჩამრჯდა.
– ფიქრობ, ლევან?
– ვფიქრობ, ავთანდილ, – მოწყენილად გაიღიმა გამომძიებელმა, – ამ დანამ მთლად ათრია ყველაფერი.
– მდაა! – ჩაილაპარაკა ექსპერტმა, – მართლაც რომ არია, ასეთი ჭრილობა არ მინახავს. მკვლელი, ეტყობა, ფიზიკურად ძალზე განვითარებული და დიდი ღონის პატრონია.
– ეგ ჭრილობით დაასკვენი?
– ჭრილობით, ასეთ დარტყმას საშუალო ღონის ადამიანი ვერავითარ შემთხვევაში ვერ შესძლებს.
– გაამზადე დასკვნა?
– გავამზადე. დარტყმა ისეთი ძლიერი იყო, რომ სიკვდილი რამდენიმე წამში დადგა. გვამს სხვა ჭრილობა არა აქვს. სისხლის ჩაქცევები მარჯვენა მაჯაზე და ნიკაპის არეში დაზიანების მსუბუქ კატეგორიას მიეკუთვნება და სიკვდილის წინ აქვს მიყენებული, – ექიმმა გულის ჯიბიდან ორად გაკეცილი ფურცელი ამოიღო, მინდელს გაუწოდა და ტახტიდან წამოდგა
– დაწვრილებით აქ წერია ყოველივე.
– კეთილი, გმადლობთ. – მინდელმა დასკვნა ჩამოართვა და გადაათვალიერა.
– მე წავალ, ლევან, შენ დასკვნას გაეცანი. თუ საჭირო შევიქენი, დამირეკე, დღის ბოლომდე კაბინეტში ვიქნები.
მინდელი მარტო დარჩა. რამდენჯერმე გადაიკითხა გვამის სასამართლო–მედიკური გაკვეთის აქტი, ზოგი რამ ცალკე ფურცელზე ამოიწერა. კარი უეცრად გაიღო და კაბინეტში საარქიტექტურო სამმართველოს უფროსი ლევიძე და ქალაქის აღმასკომის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს გამგე აბაშიძე შემოვიდნენ.
– მობრძანდით, ამხანაგებო, ეს არის დარეკვას ვაპირებდი, – მიეგება შემოსულთ მინდელი, შემდეგ ორთავეს ხელი ჩამოართვა, სკამები შესთავაზა და ვიდრე თვითონაც დაჯდებოდა შეეკითხა: – როგორ არის საქმე, შეასრულეთ ჩვენი დავალება?
– მთლიანად ვერა, ამხანაგო ლევან, დილის 9 საათიდან მთელი აპარატი შეუსვენებლივ მუშაობს, მაგრამ თქვენთვის საინტერესო ყველა ქუჩის შემოწმება ვერ შევძელით, – მიუგო აბაშიძემ.
– ომის შემდეგ ბევრი ორსართულიანი სახლი აშენდა ქუთაისში, განსაკუთრებით ცენტრალურ ქუჩებში. ასე რომ, რამდენიმე საათში თქვენი დავალების შესრულება ძნელია.
– საჭირო ცნობები ფრიად სასწრაფოა ბარემ გადმოგვეცით სახლების სია, რომლებიც უკვე შემოწმებულია და უდგებიან ჩვენთვის საინტერესო ნიშნებს.რაც შეეხება სხვა სახლებს, ისინი დღესვე უნდა შემოწმდეს, ხვალ შეიძლება გვიან იყოს. თუ ამ ამოცანის დაძლევა საკუთარ ძალებით არ შეგიძლიათ, აღმასკომის თავმჯდომარეს ვთხოვ,სხვა განყოფილებიდან დაგვეხმარონ მუშაკები.
– არა, ამხანაგო ლევან, დახმარება საჭირო არ არის, კიდევ რამდენიმე საათი და ყველა ქუჩა შემოწმებული იქნება.
– კეთილი, როგორც კი დაამთავრებთ,ცნობა დაუყოვნებლივ გამომიგზავნეთ, მე დაგელოდებით.
კაბინეტში ხომერიკი შემოვიდა. ის ძალზე დაღვრემილი იყო, ფეხზე წამომდგარ მინდელს ხელით ანიშნა დამჯდარიყო, თვითონაც დაჯდა, შემდეგ პაპიროსს მოუკიდა, მოქაჩა და ბოლი ლუკმასავით გადაყლაპა.
– არის ახალი რაიმე, – იკითხა მან, როგორც კი გამომძიებელთან მარტო დარჩა.
– დიახ, ამხანაგო პროკურორო. ამ დილით კრიმინალისტური ლაბორატორიის საექსპორტო დასკვნა მივიღეთ. დანაზე, რომელიც ტყეშელაიძის მკვლელობის ადგილზე ვიპოვეთ, აღმოჩენილია მხოლოდ ერთი ადამიანის თითების ანაბეჭდი და იგი განსვენებულ ტყეშელაიძეს ეკუთვნის, რაც შეეხება ფანჯარასთან ლურსმანზე აღმოჩენილ რამოდენიმე ძაფს, ექსპერტი ასკვნის, რომ ეს ძაფები ფაბრიკული ნაწარმის ქალის მსუბუქი ხელთათმანისაა.
– მაშ ექსპერტის ვარაუდით მკვლელობაში ქალიც ურევია? – კვლავ დასვა კითხვა ხომერიკმა.
მინდელმა მხრები აიჩეჩა.
– თინა ტყეშელაიძე ამტკიცებს, რომ მან ოთახში მხოლოდ ერთი ადამიანი–მამაკაცი დაინახა, მაგრამ ამ ჩვენების სრულ ჭეშმარიტებად მიჩნევა, ჩემი აზრით, ჯერ ნაადრევია,მით უმეტეს, რომ თავდამსხმელი ერთი არ ყოფილა, შესაძლებელია მეორე ან მესამე თინა ტყეშელაიძის გამოღვიძებამდე გადახტა ფანჯრიდან, გამორიცხული არ არის სხვა ვერსიაც.
სიჩუმე ჩამოვარდა.
ხომერიკი წამოდგა, რამდეჯერმე გაიარა, შემდეგ კუთხეში ტახტზე ჩამოჯდა.
– დაკითხე ვინმე ჩიკვაიძის დანის შესახებ? – დაარღვია დუმილი პროკურორმა.
– ჯერ არა, გიორგი ასლანიჩ, ლეჟავა და ანზორის სხვა რამდენიმე ამხანაგი დავიბარე, დღის ბოლოს დავკითხავ, დანის ამოცნობასაც მოვახდენ. თუმცა ძნელია, მაგრამ იქნებ თინა ტყეშელაიძისა და ანზორის დედის დაკითხვაც მოვახერხო ამ საკითხზე. საღამოს მინდა პანაშვიდზე მინდა წავიდე. იქ შევძლებ მათთან გასაუბრებას.
– ჩიკვაიძის მკვლელობაზე რას ფიქრობთ? – მოულოდნელად, ჯიქურ დასვა კითხვა პროკურორმა.
მინდელი ერთხანს დუმდა.
– მიმძიმს პასუხის გაცემა, პატივცემულო გიორგი, ეს მეტად რთული საკითხია, თუ დანა ჩიკვაიძისა აღმოჩნდა,მაშინ…
– მაშინ რა?
– მაშინ შეიძლება სულ სხვა რამ გამოირკვეს, – დაამთავრა მინდელმა.
– სახელდობრ?
– ვინ იცის, ჩიკვაიძის მკვლელობა იქნებ სულაც არ არის დაკავშირებული ტყეშელაიძის მკვლელობასთან და ეს ორი სიკვდილი შემთხვევით დაემთხვა ერთმანეთს, – მიუგო ყოყმანით მინდელმა.
– შეიძლება, – დაეთანხმა ხომერიკი, – მაგრამ უფრო დასაშვებია, რომ ორივეს მკვლელობა ერთი და იგივე პირის ან პირთა ჯგუფის მიერ არის ჩადენილი. გინდა გითხრა, რას ვფიქრობ? თითქმის ეჭვი არ მეპარება, რომ დანა ჩიკვაიძის კუთვნილებაა და მკვლელმა, რომელიც ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა ანზორთან, წინასწარ ინათხოვრა ან მოიპარა ეს დანა, რათა გამოძიება ცრუ კვალზე გაეყვანა.
– მეც ვიფიქრე,გიორგი ასლანიჩ, ამასთან ჩიკვაიძეს შეიძლება უთვალთვალეს. იფიქრეს,გაიყვანდა გამოძიებას დამნაშავეთა კვალზე და სწორედ ამიტომ მოკლეს.
ხომერიკმა მსუბუქად ამოიოხრა.
– ასეა თუ ისე,ჩრდილელის შეცლომა ძვირად დაგვიჯდა. ანზორ ჩიკვაიძეს უეჭველად იმავე დამნაშავეთა ჯგუფმა მოუღო ბოლო, რომელმაც ბიძამისი გამოასალმა სიცოცხლეს. ეს მწარე, ძალზე მწარე გაკვეთილია. მართმსაჯულების მუშაკთა შეცდომას ყოველთვის ადამიანის სიკვდილი თუ არა დიდი მორალური ტრამვა მაინც მოსდევს.
– გეთანხმებით გიორგი ასლანიჩ, მაგრამ ჩრდილელის შეცდომაც ხომ სწორედ ამ მეორე ფაქტორის თავიდან აცილების ცდამ განაპირობა. ის მოერიდა ჩიკვაიძის სახელს, შეეშინდა სწორედ მორალურად არ დაემახინჯებინა ანზორი, ჩირქი არ მოეცხო ხალხის თვალში, მეორე და ვინმესარ ჩაეთვალა ანზორი ბიძის მკვლელობის მონაწილედ და აი, იგი დაიღუპა. ძნელი მეტად ძნელია ჩვენი სამუშაო. დიდ სიფრთხილეს, ასჯერ გაზომვას, მაგრამ ხშირად ძალზე სწრაფად მოქმედებას მოითხოვს. ჩრდილელი რომ ნახოთ, ვერ იცნობთ,ამ ერთ ღამეში ათი წლით მაინც დაბერდა კაპიტანი.თადარიგში გასვლასაც კი აპირებს.
– თადარიგში გასვლა იოლია. იქ ასეთ შეცდომას არ დაუშვებ, მაგრამ ყველა თუ თადარიგში გავიდა, ჩვენს სამუშაოს ვინღა შეასრულებს? ჩრდილელმა დააშავა და დაისჯება კიდეც, მაგრამ ახლა მე სულ სხვა რამ მინდა გითხრა. ზოგიერთი ჩვენი მუშაკი ცუდად ერკვევა საზოგადოებრივ აზრში. აი შენც, თუმცა საკმაოდ კვალიფიცირებული გამომძიებელი ხარ, ამ საკივხზე ჩრდილელის შეხედულებას იზიარებ: „ჩირქი არ მოეცხოს, ვინმეს მიერ ბიძის მკვლელად არ იქნეს აღიარებული„. მერე და ვინ არის ეს „ვინმე„? ობივალეტურად მოაზროვნე ვიღაც კაცუნები, რომლებიც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ შემორჩნენ ჩვენს საზოგადოებას! განა მათ აზრს ჩვენი საზოგადოებისათვის მნიშვნელობა აქვს? ხდება ხოლმე, ადამიანს, პატიოსან კაცს, არა მარტო აკავებენ, არამედ აპატიმრებენ კიდეც, ამას მოითხოვს საქმე, ჩვენი საზოგადოების ინტერესები. შემდეგ გამოძიებით ირკვევა ამ კაცის უდანაშაულობა და მას არა მარტლ ათავისუფლებენ, არამედ სრულ რეაბილიტაციასაც უკეთებენ. ასეთი შემთხვევები თუმცა ძალიან მცირეა, მაგრამ არის და მომავალშიციქნება, საზოგადოება რეაბილიტირებულებს სიხარულით ღებულობს ჩემთვის, როგორც პროკურორისათვის, სამწუხაროა შეცდომა, მაგრამ სასიამოვნოა დაპატიმრებულის უდანაშაულოდ ცნობა.
საზოგადოებრივი აზრი ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ ჩვენი სამართლიანი მოქმედებით, ამიტომ დაგვსვეს აქ მეც, თქვენც, ჩრდილელიც და ათასობით სხვა. ჩვენ არ გვეპატიება მსგავსი შეცდომები. ჩრდილელი ახალგაზრდა მუშაკია, მან თავი შორლოკ ჰოლმსად წარმოიდგინა, „სწრაფად, ოპერატიულად„ ამხილა ჩიკვაიძის სიცრუე და რამდენიმე საათის შემდეგ კვლავ გამოიძახა დაკითხვაზე. შედეგი? ჩიკვაიძე მოკლეს! დაიღუპა ადამიანი, ჩვენ კი ჯერჯერობით მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, უფრო სწორედ ვიფიქროთ, რომ მას უთვალთვალებდნენ. რატომ? შესაძლოა რაიმე იცოდა, შეეძლო დამნაშავეთა კვალზე დავეყენებინეთ. ეს შესაძლებლობაც დაიკარგა, მკვლელებს კი თავის თავისადმი რწმენა მოემატათ. ორ ღამეში ორი მკვლელობა ქუთაისში! გესმით ეს რას ნიშნავს?
ხომერიკის ხმა ძალზე მკაცრად ჟღერდა.
– მართალს ბრძანებთ, გიორგი ასლანიჩ, როცა უდანაშაულო კაცს აპატიმრებენ და პასუხისგებაში აძლევენ, მაშინ თვით სჩადიან დანაშაულს საგამომძიებლო ორგანოები.აბა წარმოვიდგინოთ ჩვენს თავზე – უდანაშაულოდ ციხეში ამოგვაყოფინონ თავი, მერე გაგვამართლონ და ბოდიში მოგვიხადონ. განა ბოდიშები აანაზღაურებს იმ სულიერ ტრამვას, რასაც განიცდის თვით უკანონოდ დასჯილი, მისი ნათესავები, მეგობრები და საზოგადოება? რომელ ბლდიშს შეუძლია აანაზღაუროს ადამიანის სიცოცხლის ანგარიშზე ცხოვრებისაგან იზოლირება, საზოგადოებისაგან მოწყვეტა?თავისუფლების დაკარგვა – ეს ხომ სიკვდიოლია, და ვინ მოგვცა ჩვენ უფლება მოვკლათ ადამიანი, წავართვათ მას სიცოცხლე, როცა ჩვენ მისთვის იგი არ მიგვიცია და ვერც მივცემთ. ჩვენ, მართმსაჯულების მუშაკებმა უნდა ვიხემძღვანელოთ უდანაშაულობის პრეზუმპციით–დავადასტუროთ ბრალდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თავი შევიკავოთ ყოველგვარი დასჯითი ღონისძიებებისაგან. თუმცა რაც ჩრდილელს შეემთხვა, ჩემის აზრით საგანგებო შემთხვევაა.
ხომერიკმა კვლავ პაპიროსს მოუკიდა, რამდენჯერმე გაიარ–გამოიარა და უკან მიუხედავად შეეკითხა მინდელს:
– სახლების ნუსხა როდის იქნება მზად?
– ერთ საათში ან ცოტა უფრო ადრე. მუშაობენ.
– საღამოსათვის უკვე დადგენილი უნდა იყოს საეჭვო სახლი. დრო არ ითმენს. „ჭაღარას„ ბანდა ყოველ წუთში შეეცდება დატოვოს ქუთაისი. ეს კი არ უნდა მოხდეს.
– ყველაფერს გავაკეთებთ, გიორგი ასლანიჩ, ჩიკვაიძე „ჭაღარას„ უკანასკნელი მსხვერპლია. ძვირად დაუჯდებათ ავაზაკებს ორი სიცოცხლე.
ხომერიკს თვალწინ წარმოუდგა დარდისაგან გამშრალი ანზორის დედა
– საბრალო ქალი, – კვლავ ამოიოხრა მან, – ორ დღეში ორი ძვირფასი ადამიანის დაღუპვა, ეს მართლაც დიდი საშინელებაა…წაასვენეს ჩიკვაიძე?
– არა ორთავეს აქ, ქუთაისში ასაფლავებენ. განკარგულება მივეცი ოპერატიულ მუშაკებს ყოველ პანაშვიდს დაესწრონ, მეც მინდა წავიდე. გამორიცხული არ არის გამორიცხული არ არის ამ გზითაც რაიმე კვალის მიგნება.
პროკურორმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნია, პაპიროსის ნამწვავი საფერფლეში ჩასრისა, ახალს მოუკიდა და წარმოთქვა:
– როდის გამოვიდა ჩიკვაიძე ბინიდან და ვისთან ერთად?
– ჩიკვაიძე ჩრდილელთან ღამის 11 საათზე გამოცხადდა. როგორც გამოძიებით ირკვევა, სახლიდან მარტო წამოვიდა. ჩრდილელმა იგი გორდელაძის ბინის ტელოფონით გამოიძახა. შეხვდა თუ არა ვინმეს, პირველი დაკითხვის შემდეგ, ჯერჯერობით დაუდგენელია.
– თქვენი აზრით, რა ვითარებაში მოკლეს ჩიკვაიძე?
მინდელი ჩაფიქრდა, შემდეგ არცთუ მტკიცედ მიუგო:
– აქ რამდენიმე ვერსია შეიძლება, მაგრამ უფრო საფიქრალია, რომ ჩიკვაიძემ რაღაც იცოდა ტყეშელაიძის მკვლელობის ირგვლივ, მას უთვალთვალებდნენ, საფიქრელია, კიდეც შგეხვდნენ პირველი დაკითხვიდან მიმავალს, ესაუბრნენ, შეიძლება დაემუქრნენ, თვალთვალიც გააგრძელეს. მეორე დაკითხვა 11 საათზე დაიწყო და თითქმის პირველ საათზე დამთავრდა. დამნაშავეთათვის ცნობილი გახდა ჩიკვაიძის მილიციაში მეორედ მისვლა, დაუდარაჯდნენ, შეხვდნენ, მუქარით ან მოტყუებით გაიყვანეს რიონის პირას და მოკლეს, რითაც თავიდან მოიცილეს საშიში მოწმე.
– რატომ ფიქრობ, რომ მხოლოდ მოწმე?
– როგორ გითხრათ პატივცემულო გიორგი, ჩიკვაიძე მე არ მინახავს და არ დავლაპარაკებივარ,მაგრამ რატომღაც მისი მკვლელობაში მონაწილეობა გამორიცხულად მიმაჩნია. დეიდასთან და ბიძასთან ძალზე კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ტყეშელაიძე შვილივით ზრდიდა. ანზორი რაიმე დანაშაულში არ ყოფილა შემჩნეული, როგორც გამოირკვა, ნასამართლევიც არ ყოფილა. ცხადია, შეიძლებოდა მისი დანაშაულში ჩათრევა, მაგრამ მკვლელობაში არა მგონია. ყოველ შემთხვევაში, მკვლელობაში ჩათრევა ასე არ ხდება. გარდა ამისა თუ მან მონაწილეობა მიიღო მკვლელობაში, რა აუცილებელი იყო სხვა მონაწილეთა მიერ მისი თავიდან მოშორება?
– დავუშვათ თქვენ სწორი ხართ, მაშინ რა დამოკიდებულება შეიძლება ჰქონოდა მას კვალიფიციურ დამნაშავეებთან?
– ვინ იცის , თუ მკვლელობა წურისძიებით არ არის ჩადენილი, შეიძლება ანზორმა იცოდა რაიმე. ეს კი მკვლელებისათვის ცნობილი იყო და თავიდან მოიშორეს, დაადუმეს.
ორივენი გაჩუმდნენ.
ხომერიკი ბოლთას სცემდა და შეუსვენებლივ ეწეოდა პაპიროსს.
მინდელი, საწერ მაგიდას დაყრდნობილი, თვალს ადევნებდა მოღუშულ პროკურორს. მას კარგად ჰყავდა შესწავლილი ხომერიკი–დინჯი, აუღევლვებელი მუშაკი, არასოდეს არ კარგავდა მოთმინებას. 8 წლის მუშაობის მანძილზე მინდელს ერთხელაც არ უნახავს ის აღელვებული, ერთხელაც არ გაუგონია, რომ რომელიმე მუშაკისათვის ეყვიროს, დღეს კი ხომერიკი გარეგნულად თუმცა დამშვიდებული ჩანდა, მაგრამ მინდელს არ გამოპარვია, ამ ორ მკვლელობას ხომერიკი ძალზე აეღელვებინა. მას აღელვებდა ისიც, რომ საქმის გახსნა სწრაფ მოქმედებას მოითხოვდა, მაგრამ ახლო მომავალში ეს პრესპექტივა საეჭვო იყო. არადა, მკვლელებს ყოველ წუთს შეეძლოთ დაეტოვებინათ ქალაქი და შემდეგ მათი პოვნა უფრო მეტად გაძნელდებოდა. გამოძიებას კი ჯერჯერობით ერთი ძაფიც არ მოეპოვებოდა ხელჩასაჭიდი. არ იყო რაიმე კვალი, რაიმე ეჭვი, მინდელს იმის საფუძველიც კი არ ჰქონდა, დაბეჯითებით გადაეწყვიტა, რომ მკვლელობა გაძარცვის მიზნით იყო ჩადენილი. მინდელს არა ერთი საქმე გაეხსნა, როდესაც შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის კვალის დაფარვისა და გამოძიების მცდარ გზაზე დაყენების მიზნით დამნაშავეს განგებ გაუძარცავს მრკლული.
– მკვლელები პროფესიული დამნაშავენი არიან, – დაარღვია დუმილი პროკურორმა, – ის ფაქტი, რომ დანაშაულის ჩადენის ადგილზე არავითარი ხელჩასაჭიდი კვალი არ არის, ამის უდაო დადასტურებაა. გამოუცდელი დამნაშავენი ხელთათმანებით არ აკეთებენ თავიანთ შავბნელ საქმეებს. საჭიროა კვლავ გულდასმით გაისინჯოს ბარათები, ხომ არ დაბრუნებულა ან გამოქცეულა რომელიმე კვალიფიციური არამზადა. გარდა ამისა , ჩემი აზრით, საჭიროა დაწვრილებითი ცნობები შეიკრიბოს ჩიკვაიძეზე, როგორც ინსტიტუტში, ისე ამხანაგებსა და მეზობლებში. იმოქმედეთ ისე,რომ არც საქმე დაზიანდეს და არც ვისმეს ინტერესი. უნდა გაირკვეს, როგორ ცხოვრებას ეწეოდა ჩიკვაიძე, ვისთან მეგობრობდა, სად ატარებდა თავისუფალ დროს, ვის ხვდებოდა, ვისთან იყო ცუდ ან მტრულ დამოკიდებულებაში. თუმცა ნაკლებად საფიქრებელია, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ორთავე მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე იქნა ჩადენილი,წინასწარ საბოლოო დასკვნის გამოტანა სიმართლის დედინაცვალია მხოლოდ.
– გასაგებია, გიორგი ასლანიჩ! მე უკვე მივიღე საჭირო ზომები. დღეს დილით თბილისში გადავეცი ტელეფონოგრამა მილიციის რესპუბლიკურ სამმართველოში. შემპირდნენ, რომ პასუხს საღამომდე მაცნობებენ. შესაძლებელია მართლაც გვეწვია კვალიფიციურ დამნაშავეთა ბანდა. იგივე ვთხოვეთ ბათუმს, სოხუმს; ვაცნობეთ „ჭაღარას„ და მისი ამხანაგების გარეგნული აღწერილობა, უფრო სწორად ის ნიშნები, რაც გრძელიძემ გვიჩვენა. გარდა ამისა, ინსტიტუტის დირექციას გამოვართვი სია სტუდენტებისა,რომლებიც ასე თუ ისე ახლოს იყვნენ ჩიკვაიძესთან. დღეს ყველა მათგანი დკითხული იქნება. დავიბარე აგრეთვე ლეჟავას ქალიც, საჭიროდ მიმაჩნია მისი დაწვრილებითი დაკითხვა. ვფიქრობ, საღამოსთვის ხელთ მექნება საქმისათვის საჭირო ზოგიერთი მონაცემები.
– ლეჟავასა და ანზორის სხვა ამხანაგებს უჩემოდ ნუ დაკითხავთ. საერთოდ, თუ რაიმე საჭირეობამ მოითხოვოს, დამირეკე ან თვითონვე მოდი – ხომერიკმა საათს დახედა და დაუმატა – მე საქალაქო კომიტეტში ვიქნები, ბიუროს სხდომაა. გარდა ამისა, ქალაქკომის მდივანმა მოითხოვა მოვახსენო, რა ღონისძიება გატარდება მკვლელობის გასახსნელად.
ხომერიკი მძიმე ნაბიჯით გავიდა კაბინეტიდან.
დღის ზუსტად ორ საათზე კაბინეტში აბაშიძე შემოვიდა.
– დაამთავრეთ? – მიეგება მინდელი.
– დავამთავრეთ, სულ ექვსი სახლი აღმოჩნდა, ასეთი. აი მისამართებიც, – მიუგო მან და ფურცელი გაუწოდა.
მინდელმა ჩამოართვა, ჩაათვალიერა, შემდეგ საქაღალდეში ჩადო.
– გმადლობთ, თქვენგან სხვა არა გვესაჭიროება რა.
აბაშიძემ წასვლა შეაყოვნა, შემდეგ ყოყმანით თქვა:
– თუ შეიძლება ერთი რამ მინდა გკითხოთ.
– ბრძანეთ!
მინდელმა წარბები შეიკრა. ეს აბაშიძემაც შეამჩნია, შეწუხდა, ბოდიშის მოხდა დააპირა, მაგრამ ვიდრე რაიმეს იტყოდა, გამომძიებელმა შეკრული წარბები გახსნა, გათიღიმა.
– კანონით მე ამ კითხვაზე არ უნდა გიპასუხოთ, მაგრამ როგორც გამონაკლისი შემთხვევა, დავაკმაყოფილებ თქვენს ცნობისმოყვარეობას: ჩვენთან შემოსული ცნობებით ერთ–ერთი ასეთი სახლი აშენებულია მსხვილი კომბინატორის მიერ სხვის გვარზე. კომბინატორი გაება, ძიებას კი სახლიც აინტერესებს, აი რატომ დაგვჭირდა სახლების სია. კმაყოფილი ხართ?
აბაშიძემ თავი დახარა, მეტი კითხვა არ დაუსვამს. თავაზიანად გამოემშვიდობა გამომძიებელს და წყნარად გაიხურა კარი.
მარტოდ დარჩენილი მინდელი საწერ მაგიდას დაუბრუნდა და გულდასმით შეუდგა სიის დამუშავებას. ნახევარი საათის შემდეგ გამომძიებელმა გამოარკვია: საეჭვოდ მიჩნეული ექვსი სახლიდან ოთხი ეჭვს არ იწვევდა. ეს სახლები ეკუთვნოდა: თადარიგის გენერალ მაისურაძეს; ძველ კომუნისტს, პერსონალურ პენსიონერ დოლიძეს; პარტიის საქალაქო კომიტეტის წევრს, ინსტიტუტის დოცენტს იაშვილს და საავტომობილო ქარხნის ხარატს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატს აბჟანდაძეს. დანარჩენი ორი სახლიდან ერთი დაკავებული ქონდა მდგმურებს–3 ოჯახს, სახლის მეპატრონე კი თბილისში ცხოვრობდა; ხოლო მეორე – ვინმე დევიძეს. თუმცა გამომძიებლის ყურადღება ორ სახლზე შეჩერდა, მან მაინც გადაწყვიტა ფრთხილად შეემოწმებინა ყველი ექვსი სახლი.
მიიღო რა ეს გადაწყვეტილება, მინდელი სწრაფად წამოდგა, პნალტო ჩაიცვა და პირდაპირ საქალაქო კომიტეტში გაეშურა. სახლების შემოწმების საკითხი პროკურორთან და მილიციის საქალაქო განყოფილების უფროსთან უნდა შეეთანხმებინა. მინდელმა იცოდა: სულ მცირე ეჭვი, რომელიც სახლების შემოწმებისას შეიძლებოდა აღძროდათ ბოროტმოქმედებს, არა მარტო საქმეს შეაფერხებდა, შესაძლოა, ახალი მსხვერპლი მოჰყოლოდა.
დღის სამ საათზე ხომერიკი და მინდელი მილიციის საქალაქო განყოფილების უფროსის, პოლკოვნიკ ბალანჩივაძის კაბინეტში იყვნენ. პოლკოვნიკმა აწრაფად მოუყარა თავი ჯგუფის ყველა წევრს. ჩრდილელმა მოკლედ მოახსენა, მანქანების შემოწმებას ჯერჯერობით არავითარი შედეგი არ მოჰყოლია, ავტოინსპექტორები ძებნას განაგრძობენ და ქალაქგარეთ მიმავალ ყველა მსუბუქი ავტომობილი მოწმდებაო.
ბალანჩივაძემ მოკლე თათბირი ჩაატარა.
– მაშ ასე ამხანაგებო – ამბობდა ის, – ბანდიტები შეიარაღებულნი არიან, მათი რიცხვი არ ვიცით, თავშესაფარი კი, ერთი მაინც ამ ექვსი სახლიდანერთ – ერთში აქვთ. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება სწრაფად შევამოწმოთ საეჭვო სახლები, მაგრამ ვერც ერთი ჩვენი მუშაკი უშუალო შემოწმებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. სახლებში ბანდიტების საძებრად ვერ შევალთ. გარდა იმისა რომ, არ ვიცით ამ ექვსი სახლიდან რომელში ცხოვრობენ ბანდიტები, ასე ხელაღებით ბინებსაც ვერ გავჩხრიკავთ. რჩება, –საეჭვო სახლებში რაღაც საბაბით უნდა შევიდნენ სახალხო რაზმელები. ამ საქმისათვის საჭირო იქნება 14 კაცი. მე და ამხანაგმა ხომერიკმა უკვე შევარჩიეთ ისინი. მათ დაევალებათ სახლების შემოწმება, თქვენ კი შორიდან უნდა ადევნოთ თვალყური. სახლებში ორ–ორი რაზმელი შევა, თითოეულ წყვილს გაჰყვება 2 ოპერმუშაკისაგან შემდგარი ჯგუფი. ამოცანა თქვენთვის ცნობილია.. გაფრთხილებთ, დრომდე ვერავინ ვერ უნდა გაიგოს, ვის ან რას ვეძებთ. რაზმელებს ინსტრუკტაჟი მიცემული აქვთ. საჭირო შემთხვევაში იმოქმედეთ შეხედულებისამებრ. ჯგუფებს შორის კავშირი არ იქნება. სახლები სხვადასხვა ქუჩაზე მდებარეობს. ჩვენთვის საინტერესო სახლის აღმომჩენი ჯგუფის ერთი წევრი ადგილზე რჩება, მეორე დაუყოვნებლივ ჩემთან ცხადდება რაზმელებითურთ. ადგილზე დარჩენილმა სათვალთვალოდ ისეთი ადგილი შეარჩიეთ, რაც მცირე ეჭვსაც არ გამოიწვევს. ახლა 3 საათი და 15 წუთია. 10 წუთის შემდეგ ოპერაციაზე გახვალთ. ჯგუფის უფროსებად ვნიშნავ ბურდულს, ჟორჟოლიანს, ჩაფიძეს, ჭანტურიას, დავიდოვს, მეგრელიძეს და აბშილავას. თუ შეკითხვები არ არის, თქვენ–თქვენ სამუშაო ოთახებში დაიცადეთ. 10 წუთში როაზმელები აქ იქნებიან.
ყველანი წამოიშალნენ. კაბინეტში მხოლოდ ბალანჩივაძე, ხომერიკი და მინდელი დარჩნენ.
ბალანჩივაძემ სერჟანტი იხმო და უბრძანა, მოსაცდელში მყოფი რაზმელები შემოუშვა.
– ამხანაგებო, – მიმართა მათ ბალანჩივაძემ, – ამოცანა ზოგადად თქვენთვის ცნობილია, საქმისათვის საჭირო სახლების შემოწმება. შემოწმების მიზანი: დადგენილ იქნას ორსართულიანი სახლი ცალკე ეზოთი,აუცილებლად ორ მარშიანი ქვის კიბით. კიბეს მარცხენა მხარეს კუთხოვანი რკინის სახელური აქვს, შედგება 17 და 22 საფეხურისაგან და მეორე მარშის მე–8 თუ მე–10 საფეხურის მარცხენა მხარე ჩამოტეხილია. შემოწმების საბაბი: თქვენ ქალაქის წარმომადგენლები ხართ, ამოწმებთ ელექტრო წერტილებს, ელექტროენერგიის ხარჯვას. პირადობის მოწმობებს ახლავე გადმოგცემთ. სახლში შესვლისას გასინჯეთ ყველა სათავსო; დაიხსომეთ ოთახების განლაგება; ყურადღება მიაქციეთ ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ტომებს, მაგრამ ისე, რომ ბინის პატრონისთვის უეჭველად შეუმჩნეველი დარჩეს. რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო აქტი გააფორმეთ. საჭირო ინსტრუქტაჟი უკვე მიღებული გაქვთ. დავალება მეტად მნიშვნელოვანი და საიდუმლოა. ზედმეტია გაფრთხილება, რომ ამის შესახებ არავინ არ უნდა გაიგოს. საჭიროა საქმით გაამართლოთ ამხანაგების ნდობა და სახალხო რაზმელის წოდება. არავითარი ზედმეტი სიტყვა, თქვენ მხოლოდ„ქელასის„ თანამშრომლები ხართ და სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებთ. შეკითხვები გაქვთ?
– საჭირო სახლის აღმოჩენის შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ? – იკითხა ხუჭუჭთმიანმა ახალგაზრდა რაზმელმა.
– დაბრუნდებით და მოგეხსენებათ, სხვა არაფერი. – უპასუხა ხომერიკმა.
– თუ ყველაფერი გასაგებია, მერვე ოთახში უფროს ლეიტენანტ ბურდულთან გამოცხადდით, რაიმე ეჭვის თავიდან აცილების მიზნით სამუშაო საათებში უნდა დამთავრდეს, – დასძინა პოლკოვნიკმა და წამოდგა.
ყველა წამოიშალა. კაბინეტში კვლავ ბალანჩივაძე, ხომერიკი და მინდელი დარჩნენ.
– ასეა, – გაიღიმა პოლკოვნიკმა, – საქმის მთელი სიმძიმე მილიციას აწყდება, პროკურატურას კი… მიჰგვარეთ დატყვევებული ბანდიტი.
– რა ვუყოთ, – ღიმილითვე გამოეხმაურა ხომერიკი, – ეს მართლაც ასეა. მილიციის მუშაკები ყოველ წუთშისაფრთხეში იგდებენ სიცოცხლეს. აკი ამიტომაც გიმღეროდათ მაიაკოვსკი. გახსოვთ? – „მე მიცავს ჩემი მილიცია„ხოლო პროკურორზე კი დამწყებ პოეტსაც არდაუწერია ჯერ ლექსი.
– ჩვენ ვხუმრობთ, ეგ კი მართლა საწყენია. რატომ არ უნდა წერდნენ ჩვენ მუშაკებზე? რამდენის სიცოცხლე შეიწირა საზოგადოების ხორცმეტებთან ბრძოლამ და ვინ იცის, კიდევ რამდენი იქნება მსხვერპლი. ხალხმა უნდა გაიცნოს ისინი თავიანთი საგმირო საქმეებით. განა ჩვენ თავისებურ ფრონტზე არ ვიბრძვით?
– გულს ნუ გაიტეხთ პატივცემულო დავით, ხალხს უყვარს მილიცია, თავისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონების უანგარო დარაჯი. განა ბიჭები, ახლა რომ ჩვენს დავალებას ასრულებენ, ხალხმაარ მოგვცა? – დინჯად ჩაურთო მინდელმა.
– დიახ! ხალაი, მასები! თითოეული პატიოსანი საბჭოთა მოქალაქე! – სწორედ ამაშია ჩვენი ძალა. წარმოუდგენელია მათ გარეშე საგამომძიებლო ორგანოების მუშაობა. მაგრამ სამწუხაროდ, ზოგიერთ ადამიანში ჯერ კიდევ ცოცხლობს „სხვის საქმეში„ ჩაურევლობის პრინციპი. მათ გვერდით ადამიანი რომ მოკლან,თითსაც არ გაანძრევენ, დანაშაულის აღსაკვეთად თავს არ შეიწუხებენ. მათი აზრით, ეს მხოლოდ მილიციის საქმეა. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ასეთი ადამიანების მიმართ სისხლის სამართლის ნორმებს ვერ მოიმარჯვებ, თუმცა მათი შეგნებული უმოქმედობა არაფრით არ განსხვავდება დანაშაულისა და დამნაშავესათვის ხელშეწყობისაგან.
– მართალი ხართ ამხანაგო დავით, ასეთები ჯერ კიდევ არიან და არცთუ ცოტა. ავიღოთთუ გნებავთ ტყავის ქარხნის საქმე. იქ მოკალათებული კომბინატორთა დიდი ჯგუფი ორი წლის მანძილზე იტაცებდა სახელმწიფო ქონებას. რევიზიამ, დაუდევრობით თუ სხვა მიზეზით, ეს ვერ გამოამჟღავნა, მაგრამ ამ კომბინატორთა მეზობლებისათვის, ყველა იმათთვის, ვინც მათთან ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა,ცნობილი იყო, რომ ეს ხალხი ხელგაშლილად ცხოვრობდა და გაცილებით მეტს ხარჯავდა შემოსავალთან შედარებით.რატომ არც ერთი მათგანი არ შეეცადა ჩვენამდე მოეტანა ეს ამბავი? თქვენ ალბათ გახსოვთ ერთ–ერთი დამნაშავის ახლო მეზობელმა, რომელიც ამ საქმეზე დავკითხეთ, პროტესტიც კი განაცხადა, როგორ მაკადრეთ ჯაშუშობა მეკისრაო. მერე და ვინ არის ეს კაცი? ერთიშეხედვით მეტად პატიოსანი ადამიანი, სამსახურში თავის საქმის წესიერად შემსრულებელი, შვილების კარგი აღმზრდელი, მაგრამ საზოგადოებისათვის რა სარგებლობა მოაქვს მას? არაფერი. სამსახურეობრივი მოვალეობის კარგად შესრულება ჩვენს დროში საკმარისი რომ არ არის, ეს იმის გაგებას აღემატება. ასეთებს არ უნდათ გაიგონ, რომ მათი „ჩაურევლობის პოლიტიკა„ არსებითად ღალატია, როგორც სახელმწიფოსი, ისე იმისა, ვის საქმეშიც არერევიან. რა იქნებოდა, რომ გამფლანგველის მეზობელს ჩვენამდე მოეტანა ის, რაც ასე შესამჩნევი იყო? გაფლანგვას გადარჩებოდა ათეული ათასი მანეთი და გამფლანგველიცარ მიიღებდა მკაცრ სასჯელს. ეს მარტივი ჭეშმარიტება ზოგიერთ გონებაჩლუნგ პიროვნებას ჯაშუშობად მიაჩნია და თავისი უმოქმედობით ხელს უწყობს ადამიანი უფსკრულში გადაიჩეხოს, – გულმოსულად გაეპასუხა ხომერიკი.
– ასეთ ხალხს უნდა ვებრძოლოთ და შევაგნებინოთ, რომ გამფლანგველის ან კომბინატორის მხილება თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა და არა ჯაშუშობა.
ბალანჩივაძე სავარძლიდან წამოდგა, რამდენიმეჯერ გაიარ–გამოიარა და განაგრძო:
– აი სწორედ იმ პატიოსან მოქალაქეს, რომელიც თქვენ ახსენეთ, ჯიბგირმა რომ რამოდენიმე გროში ამოაცალოს, ქვეყანას შეძრავს და ას განცხადებას მაინც გაუგზავნის ზემდგომ ორგანოებს მილიციის უმოქმედობაზე, ხოლო თუ მისი მეზობელი თვეში რამდენიმე ათეულ ათასს ამოიღებს სახელმწიფოს ჯიბიდან„ ეს მას არ ეხება „ და „ჯაშუშობას„ არ იკისრებს. ამგვარად მოაზროვნე ადამიანები უფრო საშიშნი არიან, ვიდრე ის ქურდბაცაცები, – დაამთავრა პოლკოვნიკმა.
ხომერიკმა საათს დახედა 5 სრულდებოდა. თითქმის ორი საათი საუბარში გაეტარებინათ, და თუმცა არც ერთ მათგანს არ უხსენებია ჭაღარას საქმე, სამთავეს აზრი მხოლოდ მას დასტრიალებდა.
– აგვიანებენ, – ყველას აზრი გამოხატა ბალანჩივაძემ.
ხომერიკმა მზერა კაბინეტის კუთხეში მდგარ ვებერთელა საათზე გადაიტანა და ჩაილაპარაკა:
– მართლაც რატომ დააგვიანდათ ამდენი, ხომ არა შეემთხვათ რა?
– ეგ ყოვლად შეუძლებელია, რაზმელებს ზუსტი ინსტრუკტაჟი მიეცათ, – წარმოთქვა პოლკოვნიკმა.
არავინ შედავებია.
მინდელი სავარძლიდან წამოდგა,ფანჯრის ფარდა გასწია. ოთახში ჩამავალი მზის სუსტი სხივები აციმციმდა. მინდელმა სიამოვნებით მიუშვირა სახე საამოდ მოსალბუნე სითბოს.ფანჯარაში გაიხედა – ქალაქი თოვლში იყო ჩაფლული.თბილად ჩაცმული ლოყათურაშაული ბიჭუნების ჯგუფი დიდი სახლის ეზოში ჟივილხივილით გუნდებს ესროდნენ ერთმანეთს შუა ეზოში ვეებერთელა თოვლის კაცი ცოცხით შეეიარაღებინათ. ბავშვების ერთი ჯგუფი ომობანათი ერთობოდა. თოვლისგან გაწმენდილ ქუჩებში მსუბუქი მანქანები დასრიალებდნენ. დინჯად ვიდოდნენ გაჭედილი კრიალა ტროლეიბუსები. შორიდან ბულდოზერის გუგუნი ისმოდა. „წერეთლის ქუჩას თოვლისაგან წმენდენ„ – გაიფიქრა მინდელმა.
კაბინეტის კარი გაიღო, ზღურბლზე ბურდული გამოჩნდა.
– შეიძლება?
– შემოდი, შემოდი,რა ხანია გელოდებით, – მიუგო პოლკოვნიკმა.
– რა ამბავი მოიტანეთ? – იკითხა ხომერიკმა
– ჩვენთვის საინტერესო სახლი აღმოჩენილია, იგი ნატალია დევიძეს ეკუთვნის, – მიუგო ბურდულმა, – რაზმელებმა მშვენივრად იმუშავეს. შესანიშნავად შეასრულეს „ქელასის„ კონტროლიორთა როლი, თუმცა ამაში თვითონვე დარწმუნდებით, როდესაც მოუსმენთ.
– სად არიან? – გაეღიმა ბალანჩივაძეს.
– „ქელასში„ წავიდნენ. სადაცაა მოვლენ, რა თქმა უნდა, ცალ–ცალკე, – ღიმილით უპასუხა ბურდულმა.
– ხომ არავინ გამოგყოლიათ უკან? – იკითხა მინდელმა.
– დარწმუნებული ვარ, არავინ . რაზმელები დევიძის ბინაში დაახლოებით 10 წუთი დარჩნენ ჩვენ შორიდან ვუთვალთვალებდით. მათ იქ ყოფნაში სახლიდან არავინ გამოსულა, ხოლო „ქელასის კონტროლიორების„ წასვლის შემდეგ თითქმის 10 წუთი ადგილზე დავრჩით, შემდეგ მე წამოვედი, ზვიადაძე კი დავალებისამებრადგილზე დავტოვე. – მიუგო ბურდულმა
კაბინეტში სერჟანტი შემოვიდა.
– ამხანაგო პოლკოვნიკო „ქელასის კონტროლიორები„ თქვენთან შემოსვლას ითხოვენ.
– შემოუშვი!
სერჟანტი სხარტად გატრიალდა. მაშინვე კარებში ორი 22–24 წლის ახალგაზრდა შემოვიდა. მაგიდას უხერხულად მიუახლოვდნენ.
– აბა „კონტროლიორებო„, – ღიმილით მიმართა პოლკოვნიკმა, – დასხედით და მოგვახსენეთ.
რაზმელები ერთმანეთს უცქერდნენ და არ იცოდნენ, საიდან დაეწყოთ, ბოლოს ერთი მათგანი წამოდგა,უხერხულად ჩაახველა და დაიწყო:
– დევიძის სახლს მართლაც ორმარშიანი კიბე აქვს კუთხოვანი რკინის სახელურით. კიბე გადაუხურავია,მეორე მარშის მეცხრე საფეხურის მარცხენა კუთხე ჩამოტეხილია. კიბე პირდაპირ შუშაბანდში შედის.
თვით დევიძე სახლში დაგვხვდა. მისი გადმოცემით, დღეს სამსახურიდან თავისუფალია. შევამოწმეთ ელექტროწერტილები. მრიცხველი არა აქვს. აღმოვაჩინეთ ჩართული ელექტროღუმელი, სათანადო ჯარიმაც გამოვწერეთ. ყველა ოთახები დავათვალიერეთ, მაგრამ წიგნების კარადა არ გვინახავს. მაგიდაზე ვნახეთ ერთად ერთი წიგნი „ვაზის ყვავილობა„, სხვა წიგნები დევიძის სახლში ვერ აღმოვაჩინეთ. ბინა,რომელიც დევიძეს უჭირავს , სამი ოთახისა, შუშაბანდისა და დამხმარე სათავსოებისაგან შესდგება. ოთახები ერთმანეთში გასასვლელია. ყველაზე დიდ ოთახს შესავალი შუშაბანდიდან აქვს. მესამე ოთახის ერთი კარები გაუქმებულია.
– რატომ სამი ოთახისაგან? – გაუკვირდა მინდელს, – აკი გეგმაში ხუთი ოთახია?
– ხუთი ოთახია მაგრამ დევიძეს ორი ოთახი გაქირავებულიაქვს. მდგმურები, ახალგაზრდა ცოლ–ქმარი 10 დღეა ლენინგრადში არიან წასული. ოთახები კი დაკეტილია.
– სწორედ ამ ოთახებში გასავალი კარია გაუქმებული, – უპასუხა მეორე რაზმელმა.
– დევიძე როგორ იქცეოდა? – იკითხა ხომერიკმა
– ჩვეულებრივად, საეჭვო არაფერი შეგვინიშნავს.
– კარგი, შემოწმების შედეგებზე მოხსენებითი ბარათი დასწერეთ, შემდეგ თავისუფალი ხართ. დავალების სააუცხოოდ შესრულებისათვის მადლობას გიცხადებთ, – წარმოთქვა პოლკოვნიკმა.
რაზმელები გაბრწყინებული თვალებით გავიდნენ კაბინეტიდან.
– გამოსარკვევია მეტად საინტერესო ფაქტი: შეცდა ექიმი, მდებარეობა შეუცვალეს ნივთებს თუ სხვაგან უნდა ვეძებოთ ბანდის თავშესაფარი? – დასვა კითხვა ბალანჩივაძემ.
– რას გვეტყვის ჯგუფის უფროსი? – მიუბრუნდა ხომერიკი ბურდულს.
– ყველა სხვა სახლის საფეხურები მთელია, 4 მათგანს სახელურები ხისა აქვს, ესეც არ იყოს, თვით მობინადრეთა პიროვნება არ იწვევს ეჭვს. არის კიდევ ერთი გარემოება, რომელიც მაფიქრებინებს, რომ ბანდიტები დევიძის ბინაში იმალებიან…
– დაკეტილ ოთახებში? – სიტყვა გააწყვეტინა მინდელმა.
– დიახ, დაკეტილ ოთახებში. მე უკვე შევკრიბე ზოგიერთი ცნობები, ვესაუბრე საუბნო – სამეთვალყურეო კომისიის თავმჯდომარეს. გამოირკვა: დევიძე მთელ სახლში მარტოკა ცხოვრობს. იგი მეუღლეა ალექსანდრე გაიოზის ძე გიორგაძისა, რომელსაც ძარცვისათვის ხუთი წლის წინათ ხანგრძლივი პატიმრობა აქვს მისჯილი. დევიძის ორი ოთახი დაახლოებით ორი წლის წინათ გაუქირავებია. მდგმურები – ახალგაზრდა ცოლ–ქმარი–ზავიალოვები საავტომობილო ქარხანაში მუშაობენ. ქმარი ინჟინერია, ცოლი მოანგარიშე. ზუსტად 10 დღის წინათ შვებულებით ლენინგრადში წასულან მშობლების სანახავად. თვით დევიძე მუშაობს…
– საავადმყოფოში ან სადმე პოლიკლინიკაში ექიმად თუ ექთნად, – მოულოდნელად ჩაურთო მინდელმა.
– მართალია, მაგრამ თქვენ საიდან იცით? – გაუკვირდა ბურდულს.
– ჭაღარამ მიამბო, – გაიცინა მინდელმა და დასძინა: – დაგავიწყდათ აპარატი? ეს მან მისცა ექიმს სისხლის გადასხმისათვის.
– მართალია ეს აღარ მომგონებია. დევიძე ექთანია. თითქმის 12 წელიწადია ქალაქის პირველ საავადმყოფოში მუშაობს. წყნარ ცხოვრებას ეწევა და, სამეთვალყურეო კომისიის თავმჯდომარის აზრით, ძალზე პატიოსანი ქალია. მიუხედავად იმსა , რომ უღლე გამოუსწორებელი ქურდია, ნატალიას არ მიუტოვებია იგი და თავის შემოსავლის დიდ ნაწილს სისტემატიურად ხან ფულად, ხან ამანათის სახით შორეულ გადასახლებაში მყოფ ქმარს უგზავნის. ბინის პატრონისა და მის მდგმურებს შორის ძალზე კარგი განწყობილებაა, – დაამთავრა ბურდულმა.
პოლკოვნიკს წესად ქონდა ბოლომდე მოესმინა განყოფილების მუშაკების აზრი და შეემოწმებინა რამდენად სწორი დასკვნები გამოჰქონდათ შეგროვებული ფაქტებიდან. ამჯერადაც დაამთავრა თუ არა ბურდულმა, ბალანჩივაძემ არ დააყოვნა კმთხვის დასმა
– რა დასკვნა გააკეთეთ შეკრებილ ცნობებიდან?
– ერთი უეჭველია,ზავიალოვებმა ოთახების გასაღები დევიძეს დაუტოვეს. მეორე: ჭაღარას ბანდა ამ სახლის შემთხვევითი სტუმარი არ არის, დევიძე ასეთ სტუმრებსშემთხვევით არ მიიღებდა. ის დაკავშირებულიაბანდიტებთან. სწორედ მით უნდა ავხსნათ, რომ ისინი დევიძეს,ზავიალოვების ლენინგრადში გამგზავრების შემდეგ ეწვივნენ. ამაზე მიუთითებს ნატალიას მიერ ბანდიტების დაკეტილ ოთახებში დამალვა და დაჭრილისათვის საიდუმლო დახმარების ამოჩენა. ვფიქრობ, საჭიროა ბუნაგის სწრაფი ლიკვიდაცია და დევიძის დაპატიმრება.
პოლკოვნიკი ჩაფიქრდა შემდეგ წყნარად წარმოთქვა:
– დასკვნას ძირითადად ვეთანხმები, მაგრამ დევიძის ბანდიტებთან დაკავშირების ვერსია ჯერ ნაადრევია. შეიძლება მან არც იცოდეს მათი საქმიანობა, ყოველ შემთხვევაში ეს საკითხი ზუსტად უნდა დადგინდეს. რაც შეეხება ბანდიტების შეპყრობას ესეც ნაადრევია, ჩვენ არ ვიცით ჭაღარა და მისი ხალხი ახლაც დევიძესთან არიან თუ უკვე გამოიცვალეს ბინა. ჯერ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი იქიდან არ წასულან. ბინა მისი აღმოჩენის წამიდან ჩვენი თვალთვალის ქვეშ იმყოფება, ახალი დანაშაული გამორიცხულია. ამის საშუალებას არ მივცემთ, ხოლო დევიძის დაპატიმრებამ ან დაკავებამ შეიძლება მთელი ჩვენი შრომა წყალში ჩაყაროს და ბანდიტებიც ხელიდან დაგვიძვრნენ.
– გარდა ამისა, – დაურთო მინდელმა, – შეუპყრობელი არ უნდა დაგვრჩეს ბანდის არც ერთი წევრი, ექიმმა სამი მათგანი ნახა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მეტნი არ არიან. ახლა ისინი დაჭრილის მომჯობინებას უცდიან, რომ სწრაფად გაეცალონ ქუთაისს. უეჭველია, ჯერჯერობით ეს მათ ვერ მოახერხეს, ან უფრო სწორად არ უცდიათ. ქალაქიდან გამავალი ყველა მანქანა კონტროლდება, მოწმდება, აგრეთვე მატარებლებიც. აეროპორტიც ჩვენი კონტროლის ქვეშ არის. მკვლელობის დღიდან მხოლოდ დღეს იყო ფრენის ამინდი. არც ერთი საეჭვო პირი, დაჭრილი ან ავადმყოფი მათ პიროვნების შემოწმების გარეშე ქალაქიდან არ გასულა. მაშასადამე, ჭაღარას ბანდა ჯერ კიდევ ქუთაისშია. შეიძლება დევიძის ბინაში, შეიძლება სხვაგან. ეს კი ამ ორ დღეში გამოირკვევა.
– დევიძის ბინის ჩხრეკა და ბანდიტების შეპყრობა მართლაც ნაადრევია, საქმეს გააფუჭებს. უნდა გამოვამჟღავნოთ ბანდის ყველა წევრი და დამხმარე. ამაში თვითონ ბოროტმომქმედები დაგვეხმარებიან. ისინი ფრთხილად, მაგრამ მაინც ხვდებიან ერთმანეთს. მთელი ბანდა არ შეიძლება დევიძის ბინაში იყოს მოკალათებული. მთავარი რამ გაკეთებულია – ჭაღარას ადგილსამყოფელი აღმოვაჩინეთ. ეს კი უმოქმედოდ არ გაჩერდება, შეეცდება, თუ ახალი დანაშაულის ჩადენას არა ქალაქიდან გასვლისას მაინც დაუკავშირდება ვისმეს.შეხვდება ან პირადად, ან ბანდის რომელიმე წევრის საშუალებით. ჩვენ უპირატესობა გვაქვს: ჭაღარამ არ იცის, რომ უკვე ვუთვალთვალებთ, ეს კი ცოტა როდია. მე სავსებით ვეთანხმებიამხანაგ დავითს. ბანდის შეპყრობა რამდენიმე დღით უნდა გადავდოთ და ისე მოვახერხოთ მისი ლიკვიდაცია, რომ ახალი მსხვერპლი არ მოითხოვოს. ასეთი ტიპები ცოცხლად არ უვარდებიან ხელში გამოძიებას, მათი შეპყრობისათვის დიდი სიფრთხილე და ზუსტად დამუშავებული გეგმაა საჭირო. – დასძინა ცხომერიკმა.
– კეთილი, – დაასკვნა პოლკოვნიკმა, – ასე მოვიქცეთ, მაგრამ საჭიროა იმის გათვალისწინებაც, რომ ჭაღარა ჭკვიანი და გამოცდილი ბოროტმომქმედია. გამორიცხული არ არის,მან უკვე იყნოსა რა კონტროლიორებიც იყვნენ დღეს დევიძესთან, შეიძლება შეამოწმოს, გააგზავნოს ვინმე „ქელასში„. საჭიროა დაარწმუნოთ იგი, რომ დევიძე ნამდვილად კონტროლიორებმა დააჯარიმეს. ამხანაგო უფროსო ლეიტენანტო, – მიუბრუნდა ბურდულს, – ეეს საკითხი დაუყონებლივ მოაგვარეთ. გააფრთხილეთ ქელასის უფროსი. – პოლკოვნიკმა ზარის ღილაკს დააჭირა თითი. – მაიორ ცინცაძეს უხმეთ! – უბრძანა შემოსულ სერჟანტს.
– არის, ამხანაგო უფროსო! – უპასუხა სერჟანტმა და შეტრიალდა.
ბალანჩივაძემ კალმისტარი აიღო, სუფთა ფურცელზერამდენიმე სიტყვა დაწერა.
კაბინეტში ახოვანი აღნაგობის მელოტი მაიორი შემოვიდა.
– ამხანაგო გრიგოლ, არ აცადა პატაკი პოლკოვნიკმა, – სასწრაფოდ გასინჯეთ ბარათები, დაადგინეთ, როდის და რა დანაშაულზე იქნა დაპატიმრებული ალექსანდრე გაიოზის ძეი გიორგაძე, შეამოწმეთ აგრეთვე, ხომ არ მოგვეპოვება რაიმე მონაცემები მის მეუღლეზე–ნატალია პავლეს ასულ დევიძეზე: დაუკავშირდით №1 საავადმყოფოს და გამოარკვიეთ, რომელ განყოფილებაში, რა თანამდებობაზე მუშაობს დევიძე და იყო თუ არა ამაწლის 12 იანვარს. ცნობები დილის 9 საათზე მზად იყოს.
– გასაგებია, ამხანაგო პოლკოვნიკო.შეიძლება წავიდე?
– წადით.
მაშასე ამხანაგებო, – განაგრძო ბალანჩივაძემ, როდესაც მაიორი გავიდა, – საკითხი ძირითადში გარკვეულია. ახლა მთავარია დევიძის ბინის განუწყვეტელი თვალთვალი. ჩვენ აუცილებლად უნდა დავადგინოთ, ვის ხვდება „ჭაღარა„ ბანდის სხვა წევრები ან მასთან მივლენ, ან ის გაგზავნის მათთან ვინმეს. უნდა აღმოვაჩინოთ ყველა მათი თანამზრახველი.
– ამხანაგო უფროსო ლეიტენანტო,ზვიადაძეს ორი საათის შემდეგ შევცვლით, სათვალთვალო პუნქტად შეიძლება გამოვიყენოთ ლუდის ბარიც. ის სწორედ დევიძის სახლის წინ მდებარეობს. იქიდან თვალთვალი უფრო მოსახერხებელია, ნაკლებად შესამჩნევი იქნებით, – პოლკოვნიკმა საათს დახედა 5 საათი და 50 წუთია. 6 საათზე რიგგარეშე პარტიული კრება გვაქვს, ჩრდილელის საკითხს ვიხილავთ. ამხანაგო გიორგი, – მიუბრუნდა ის ხომერიკს, – თუ საშუალება გაქვთ, სასურველია კრებას დაესწროს თქვენი გამომძიებელი, ამხანაგი მინდელიც.
– სიამოვნებით, თუკი დრო აქვს, – ხომერიკმა მინდელს შეხედა.
– დავესწრები, დრო მაქვს, – უპასუხა მინდელმა, – ლეჟავა და ჩიკვაიძის სხვა ამხანაგები ხვალ დილისათვის დავიბარე, პანაშვიდზე წასვლა კი ჯერ ადრეა.
– ჩინებულია! – თქვა პოლკოვნიკმა და წამოდგა. – წავიდეთ.
ბალანჩივაძემ კარი გააღო, ოთახში მყოფნი გაატარა და შუქი გამორთო.
დაცარიელებულ კაბინეტში გაცრეცილი ბინდი ჩამრწვა.– საავადმყოფოში ან სადმე პოლიკლინიკაში ექიმად თუ ექთნად, – მოულოდნელად ჩაურთო მინდელმა.

ნაწილი 3ნაწილი 5

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

2 votes, average: 3.00 out of 52 votes, average: 3.00 out of 52 votes, average: 3.00 out of 52 votes, average: 3.00 out of 52 votes, average: 3.00 out of 5

› ხუთი წამი

ხუთი წამი და მთელი ცხოვრება … და ჩუმი ჩურჩული მოყვება … სხვის ფანჯარაში შუქი ანთია … დღეს ყველაფერია , ხვალ კვლავ წამია … სხვის ცხოვრებაში ბანაობს ყველა … შემომაწვა რაღაც › › ›

DU