1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» შიო გვეტაძე: მონანიება – თავი II

მინდელი თავის სამუშაო კაბინეტში იჯდა და ტყეშელაიძის მკვლელობის საქმის მასალებს გულდასმით ეცნობოდა. მოკლულის ცოლის ჩვენებით, ტყეშელაიძე 9 იანვარს დილით მივლინებით წავიდა,თბილისში, თან ცოლიც წაიყვანა. სახლში ალექსანდრეს ცოლის დისშვილი–სტუდენტი ანზორ ჩიკვაიძე დარჩა.
თავდაპირველი გადაწყვეტილებით ცოლ–ქმარი თბილისიდან 14 იანვარს უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ გიორგიმ 2 დღეში მოაგვარა სამსახურებრივი დავალება და მესამე დღეს თბილისი–ქუთაისის მატარებლით უკან დაბრუნდა. ჩამმოსულებს ანზორი არ უნახავთ, მეზობელმა გადასცა ბინის გასაღები და უთხრა: ანზორს სოფლიდან დეპეშა მოუვიდა და დღეს შუადღისას გაემგზავრაო.
ცოლ–ქმარმა ივახშმა და დაახლოებით ღამის 11 საათსა და 30 წუთზე დაიძინა.
მინდელმა საქაღალდეში მოძებნა ტყეშელაიძის ჯიბეში აღმოჩენილი მივლინების ბარათი და თინა ტყეშელაიძის ჩვენებას შეუდარა. თბილისში გამგზავრებისა და უკან დაბრუნების თარიღი ზუსტად დაემთხვა ჩვენებას. ამასვე ადასტურებდა რკინიგზის ორი ცალი სამგზავრო ბილეთი, ქუთაისიდან თბილისამდე და თბილისიდან ქუთაისამდე.
თინა ტყეშელაიძე გადაჭრით უარყოფდა სახლშიმისვლის შემდეგ ფანჯრის გაღებას. რაც თუ მას დაეჯერებოდა, სავსებით გამორიცხავდა ფანჯრის შემთხვევით ჩაუკეტავად დატოვებას. თბილისიდან დაბრუნების შემდეგ დაზარალებულის ბინაში რამდენიმე მეზობელი შესულა, მაგრამ მოკლულის მეუღლე მათ ყველას ეჭვს გარეშე აყენებდა.
მინდელმა დაჰკითხა ტყეშელაიძის თითქმის ყველა მეზობელი და გააკეთა დასკვნა, რომ ტყეშელაიძეებს ძალზე ტკბილი ცოლ–ქმრობა ჰქონდათ. თუმცა შვილი არ ჰყავდავთ, მათი უკმაყოფილება მეზობლებს არასოდეს შეუმჩნევიათ.
ალექსანდრე ტყეშელაიძეს, ქარხნის მთავარი ბუღალტრის მოადგილეს,გამრჯე და პატიოსანი ადამიანის სახელი ჰქონდა. თინა არ მუშაობდა. უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში ცოლ–ქმარი არასდროს ყოფილან მარტო, მათი სახლი მუდამ ღია იყო ალექსანდრეს თუ მისი მეუღლის ნათესავებისათვის, განსაკუთრებით სწავლის მოსურნე ახალგაზრდებისათვის ალექსანდრეს ორმა ძმისშვილმა ქუთაისში დაამთავრა სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი და სტუდენტობის წლები ბიძის ოჯახში გაატარა. ალექსანდრეს გულწრფელად უყვარდა ძმისშვილები, ხელს
უწყობდა და ეხმარებოდა ხელმოკლე სტუდენტებს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მანვე გადაუხადა ორთავეს ვახშამი და გულწრფელი ცრემლებიც ღვარა ძმისშვილების მისგან გადასვლის გამო.
არა ნაკლებ უყვარდა თინა ყმაწვილებს.
მინდელმა მათი დაკითხვის ოქმები გადაათვალიერა: შოთა და რევაზი, ბიძის ვერაგული მკვლელობით შეწუხებლნი, თინას დედად თვლიდნენ. მათ ვერაფრით აეხსნათ ალექსანდრეს სიცოცხლის ხელყოფა მინდელმა ახალგაზრდა სპეციალისტების დაკითხვის ოქმები გვერდზე გადასდო და ჩაფიქრდა: „ბოროტმომქმედი ტყეშელაიძის ბინაში ფანჯრიდან შევიდა, ეს უდავოა, მაგრამ იცოდა თუ არა მან, რომ ფანჯარა დაკეტილი არ იყო. ფანჯრის წინასწარ განზრახვით ღიად დატოვების ვერსია თითქმის გამორიცხულია. ან ვის უნდა დაეტოვებინა ღიად და რა მიზნით? ანზორმა გასაღები ივანე გორდელაძეს დაუტოვა. მისი პიროვნება თითქმის ეჭვს არ იწვევს, დამსახურებული პედაგოგი, ღვაწმოსილი პენსიონერი,–მინდელს მისდა უნებურად გაეღიმა,–არცთუ მაინცდამაინც სახარბიელო თანამდებობაა გამომძიებლობა: ჭეშმარიტების ძებნაში იძულებული ხარ, ყველას და ყველაფერს ფრთხილი თვალით უცქირო. ვიდრე ამა თუ იმ ადამიანის უდანაშაულობაში ფაქტებით არ დარწმუნდები, რაიმეს გამორიცხვა შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, ეს პიროვნება გორდელაძის მსგავსია, თუ რამდენიმეჯერ ნასამართლევი, რეციდივისტი.
იქნებ ფანჯარა რაიმე იარაღით იქნა გაღებული და დათვალიერებისას ვერ შევამჩნიე? მაგრამ არა, ეს შეუძლებელია: მცირე კვალი რომ მაინც დარჩენილიყო ნამდვილად შევამჩნევდი. კი, ფანჯარა ჩაურაზავი იყო ალბათ – ფიქრობდა გამომძიებელი.
ტელეფონის ყურმილი აიღო.
– მილიციის საქალაქო განყოფილების კომუტატორი მომეცით, – სთხოვა ტელეფონისტ ქალს. – მილიციის კომუტატორია? მალაპარაკეთ კაპიტან ჩრდილელთან შალვა! ლევანი გელაპარაკებით. დაკითხეთ თუ არა ანზორ ჩიკვაიძე? ახლა აწარმოებთ დაკითხვას? კეთილი! დაკითხვის მასალები ამაღამვე მომიტანეთ… კი..კი.. მე გვიან ღამემდე აქვიქნები, ჯერ მხოლოდ პირველის ნახევარია.
მინდელმა ყურმილი დადო, სავარძლიდან წამოდგა, ფანჯარის ფარდა გასწია და ქალაქს გახედა: ბარაქიანად ბარდნიდა, ქუჩაში კანტიკუნტად მიმავალი მგზავრები თოვლის მოძრავ ბაბუებს დამსგავსებოდნენ; აქა–იქ მიმავალ მსუბუქ მანქანებს სპეტაკი თოვლის საკმაოდ სქელი ფენა დასდებოდა; დღის მეორე ნახევარში წამოსულ ხვავრიელ თოვლს თეთრად დაეფარა დილით გაწმენდილი ქუჩების სავალი ნაწილი.
„ თუ მთელი ღამე ასე ითოვა, ხვალ ვერავითარი ტრანსპორტი ვერ იმოძრავებს„, – ჩაილაპარაკა მინდელმა და საწერ მაგიდას დაუბრუნდა.შუშის ქვეშ დადებულ გოგონების სურათს დააცქერდა, გაეღიმა: რუსუდანი და მზია ეშმაკური გამოხედვით შესცქეროდნენ მამას, თითქოს საცაა დაილაპარაკებენო.
„ჩემსავით უყვართ ცუგრუმელებს თოვლი„–გაიფიქრა მინდელმა და გაახსენდა: ყოველ ზაფხულს ბავშვები პირობას ართმევდნენ,ზამთრის არდადეგები ბაკურიანში გაეტარებინათ, თავის მხრივკი, სწავლაში ფრიადოსნობას პირდებოდნენ. აგერ ხუთი წელია ორივე მხარე პირნათლად ასრულებდა პირობას–ბავშვები წარჩინებულად სწავლობდნენ. ხოლო მინდელი ყოველ 28 დეკემბერს თხილამურებითა და ბარგით დატვირთული გოგონებს ბაკურიანში აიყვანდა.იქ დედასთან ერთად ტოვებდა და თვითონ უკან ბრუნდებოდა შემდეგ, ათი დღის განმავლობაში,რესტორანში უხდებოდა სადილობა უცოლშვილო კაცივით.
„კარგია ბავშვობა,კარგი და ნათელი ბავშვობა!„– სიყვარულით გაესაუბრა ლევანი ბავშვებს. მერე საწერი მაგიდის უჯრიდან ახალი საქმე ამოიღო და ყურადღებით ლდაიწყო კითხვა.
ოთახში გამეფებული სიმშვიდე ტელეფონის ზარის წკრიალმა დაარღვია.
– გამომძიებელი მინდელი გისმენთ! რაო? კარგი, ძალიან კარგი! ახლავე, ახლავე წამოვალ, – აჩქარებით ჩასძახა ყურმილში, შემდეგ იგი ხმაურით დააგდო ბერკეტზე და ისე სწრაფად გავარდა კარებში,წინ შეხვედრილი პროკურორის მოადგილე კინაღამ წააქცია.
– რა მოხდა, სად გარბიხარ ასე უპალტოოდ?–შეეკითხა გაკვირვებული ბრეგვაძე.
– ბოდიშს ვიხდი, ბატონო პავლე, მილიციის საქალაქო განყოფილების უფროსმა დამირეკა, წუხელ ღამის 4 საათზე ვიღაც უცნობ პირებს ქირურგი გრძელიძე ავადმყოფთან მიუწვევიათ, სახლიდან გამოსვლისთანავე თვალები აუხვევიათ და ახლა, სულ რაღაც ნახევარი საათის წინ, ისევ თვალახვეული ჩამოუსვამთ ქუჩაში, – სხაპასხუპით უპასუხა მინდელმა, შემდეგ პალტო მოისხა და კიბეებზე დაეშვა.
დაახლოებით 15 წუთის შემდეგ მინდელი განყოფილების უფროსის კაბინეტში იყო.
– გაიცანით გამომძიებელი მინდელი, – მიმართა პოლკოვნიკმაბალანჩივაძემ პირდაპირ მჯდომ შუახნის სათვალეებიან, მელოტ მამაკაცს. მერე მინდელს მოუბრუნდა: უცნობი ავადმყოფის სამკურნალოდ მოტაცებული ექიმი გრძელიძე.
გრძელიძე წამოდგა, მინდელს თავი დაუკრა და ხელი ჩამოართვა.
-დაბრძანდით, დაბრძანდით! – მინდელმა სკამი გაუწოდა ექიმს და თვითონაც მის პირდაპირ ჩამოჯდა. – დაკითხეთ? – შეეკითხა მილიციის განყოფილების უფროსს.
– მხოლოდ ვესაუბრე, ამხანაგ გრძელიძემ არ ისურვა თავისი მოსვლის მიზეზი მორიგესათვის გაენდო, პირდაპირ ჩემთან მოვიდა, მოვუსმინე თუ არა, ვიფიქრე, იქნებ ეს მოტაცება ტყეშელაიძის საქმესთან იყო დაკავშირებული, ამიტომ დაგირეკეთ, – უპასუხა ბალანჩივაძემ,შემდეგ წამოდგა, მინდელს თავის სავარძელზე მიუთითა და დაუმატა: – აქ დაჯექით, ლევან, და თქვენ დაკითხეთ, მეც მოგისმენთ.
გამომძიებელი სავარძელში გადაჯდა,თან მოტანილი საქაღალდედან სუფთა ფურცლები ამოიღო და გრძელიძის დაკითხვას შეუდგა.
– პატივცემულო ექიმო ,გთხოვთ გვიამბოთ ყოველივე. ეცადეთ არაფერი, თქვენთვის უმნიშვნელო წვრილმანიც კი, არ გამოგრჩეთ.
– პირველ რიგში, – დაიწყო გრძელიძემ, – გთხოვთ არავინ გაიგოს, მით უმეტეს ჩემმა წამყვანებმა, რომ ჩემი ფეხით მოვედი მილიციაში, თორემ სიკვდილი არ ამცდება, ასე გამაფრთხილეს წუხანდელმა პაციენტებმა და ვფიქრობ, ისინი არაფრის წინაშე არ დაიხევენ უკან. თუმცა მე ბევრი არაფერი ვიცი და მათი ვინაობაც არ შემიძლია დავასახელო, თანმივდევრობით გადმოგცემთ, რაც მოხდა: წუხელ ჩემი სიძე და ქალიშვილი, რომლებიც სტუმრად იყვნენ ჩამოსული ქ. თბილისიდან ღამის მატარებელზე გავაცილე ცოტა ნასვამიც ვიყავი და სადგურიდან დაბრუნებისთანავე დავიძინე. რამდენ ხანს მეძინა არ ვიცი, უეცრად ზარის ხმამ გამაღვიძა. წამოვდექი, ჯერ ტელეფონი მეგონა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, კიბიდან რეკავდნენ. შუქი ავანთე, კარი გავაღე, მაგრამ ჯაჭვი არ მომიხსნია, ისე შევეკითხე ვინ უნდოდათ.
– „ქირურგი გრძელიძე სახლში ბრძანდება?„ – მკითხეს გარედან.
– „მე გახლავართ, – ვუპასუხე, – რაშია საქმე?„
– „ექიმო , თქვენი გადაუდებელი დახმარება გვესაჭიროება, დაგვდეთ პატივი და გამოგვყევით, კაცი გვიკვდება„, – მიპასუხა მეორემ.
– მართალი გითხრათ, ცოტა შემეშინდა და ვიდრე კარს გავაღებდი, მოსულნი შევათვალიერე. ორნი იყვნვნ, ერთი შედარებით ახალგაზრდა, მოკლე შეკრეჭილი ულვაშებით. მეორე კი ჭაღარა წვერიანი, თავზე ჩაბალახწაკრული, ჩემი ვიკითხე, როცა ქუჩაში გამოვედიშეხედულებით სოფლის გლეხი კაცი. რადგან კარების გაღება დავაყოვნე, მოსულთაგან უფროსმა მითხრა:„ ჩვენი არ შეგეშინდეთ ექიმო, მართალია,ძალიან გვიანაა ,მაგრამ ცუდი განსაზღვრით არ გეგონოთ მოსული, გაგვიღეთ კარი, კაცი გვყავს დაჭრილი და ყოველი წუთი ძვირფასია, ნუ დააგვიანებთ,თორემ თქვენს სინდისზე დარჩება უმწეო ადამიანის სიკვდილი.„
მოგეხსენებათ, ექიმს ხშირად გვიანაც მიმართავენ დახმარებისათვის რადგან ავადმყოფობამ მით უმეტეს ფათერაკმა, დრო არ იცის ამიტომ კარი გავაღე და ორთავე შემოვუშვი. უცნობები თავაზიანად მომესალმნენ და კვლავ გამიმეორეს თხოვნა. ბევრი აღარ მიფიქრია, სასწრაფოდ ჩავიცვი, ქირურგიული იარაღები პატარა ჩომოდანში ჩავაწყვე და გავყევი.
„შორს არის თქვენი ავადმყოფი?„–ვიკითხე, როცა ქუჩაში გამოვედით.
„არც ისე ახლოა, მაგრამ ჩვენი მანქანით წავალთ„,– მიპასუხა ახალგაზრდამ და თავაზიანად გამიღო ჩემი სახლის წინ გაჩერებული მანქანის უკანა კარი. ჩავჯექი. ახალგაზრდა საჭესთან დაჯდა, მეორე ჩემს გვერდით მოთავსდა და მანქანაც დაიძრა.
ჩემი სახლიდან სულ რაღაც ასიოდე მეტრის გავლის შემდეგ მანქანამ ბნელ ქუჩაში შეუხვია და გაჩერდა. მე გაკვირვებაც ვერ მოვასწარი, რომ ჭაღარამ საფეთქელთან როველვერის ლულა მომადო და ჩუმი, მაგრამ მტკიცე ხმით მითხრა:
„პატივცემულო ექიმო, თუ ხმაურს არ ატეხთ, თქვენს სიცლცხლეს არავითარი საფრთხე არ ემუქრება, ხოლო თუ ჩვენს პირობებს მიიღებთ და არ გაჯიუტდებით, თქვენი შრომა უხვად იქნება ანაზღაურებული. ახლავე უნდა გითხრათ ისიც, რომ უარის შემთხვევაში სიკვდილი გელით„
„რა გინდათ ჩემგან? თუ გაძარცვას მიპირებთ, მე თან არავითარი ძვირფასი ნივთი, გარდა მაჯის საათისა, არ გამაჩნია„ – მივუგე მე.
„როგორ გეკადრებათ, პატივცემულო ექიმო, ჩვენი მძარცველებად მიჩნევა, – მიპასუხა ახალგაზრდამ და ახლა შევამჩნიე, რომ იმასაც რევოლვერი ეჭირა ხელში. – პირიქით, როგორც ბიძაჩემმა გითხრათ, თქვენი შრომა უხვად იქნება ანაზღაურებული, მხოლოდ საჭიროა წამოყენებულ პირობებს დაეთანხმოთ და უსიტყვოდ აასრულოთ ჩვენი არცთუ ზრდილობიანი მოთხოვნა.„
„რა პირობებს მიყენებთ?„ – შევეკითხე ორთავეს.
„სულ უბრალოს, რითაც არც თქვენი ღირსება შეილახება და არც სინდისი, – დაიწყო ჭაღარამ, – ჩვენ არ გატყვილებთ, მართლაც გვყავს დაჭრილი,რომელსაც თქვენი გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება, მაგრამ თქვენთვის უცნობი უნდა დარჩეს მისი ვინაობა. არ დაგიმალავთ, დაჭრილი ახალგაზრდა სასიძო ბიჭია, მშვენიერი ვაჟკაცი. დაჭრეს ქალის გამო და თუ გაიგეს მისი ვინაობა, ციხე არ აცდება.აი ამიტომ მე ახლავე აგიხვევთ თვალებს და ისე წაგიყვანთ, სახლში, ავალდმყოფთან. არავითარი შეკითხვებით არ მიმართავთ არც მას, არც სხვა ვინმეს. შეასრულებთ თქვენს მოვალეობას, რის შემდეგ სათანადო გასამრჯელოს მოგართმევთ და ასევე უვნებელს, მხოლოდ თვალახვეულს, მიგიყვანთ სახლში. თანახმა ხართ?„
„რა გაეწყობა, – ვუპასუხე, – თქვენ ხელთა ვარ და სხვა რა გამოსავალი მაქვს„.
ჭაღარამ რევოლვერი შეინახა, პალტოს შიგნითა ჯიბიდან შარფი ამოიღო, თავაზიანად მოიხადა ბოდიში და თვალები ამიხვია. შემდეგ ისევ შემახო რევოლვრის ლულა და გამაფრთხილა:„გახსოვდეთ, ერთი დაყვირება ან ცდა შარფის მოძრობისა და… გესვრით„.
მე ხმა არ ამომიღია.
მანქანა დაიძრა…
ვიარეთ დაახლოებით 30–35 წუთი. შემდეგ გავჩერდით.
„მივედით! – მომესმა ჭაღარას ხმა, – გახსოვდეთ, როცა საჭირო იქნება, შარფს ჩვენ თვითონ მოგხსნით, ახლა კი მანქანიდან გადმობრძანდით, მე დაგეხმარებით სიარულში„.
მანქანის კარი გააღო, გადავიდა,შემდეგ ხელი მომკიდა და გადმომიყვანა.
ცალ ხელზე თათმანი არ მეკეთა, შიშველ ხელზე თოვლისფიფქის დაცემით მივხვდი, რომ საკმაოდ თოვდა. ჭაღარამ ხელი გამომდო და წამიყვანა.გავიგონე ჭიშკრის გაღების ხმა.
როდესაც ჭიშკარს გადავაბიჯე, ჩემდაუნებურად საკუთარი ნაბიჯების თვლა დავიწყე. ოცდამერვე ნაბიჯზე გამყოლმა გამაჩერა.
„რაშია საქმე„? – ვიკითხე.
„არაფერი,პატივცემულო ექიმო, აქ კიბე იწყება და არ დაიმტვრეთ„.
მე ხელის ფათურით მოვძებნე მოაჯირი და კიბეზე ფეხი შევდგი. მეორე მხარეს გამყოლს ვეჭირე. როცა ჩვიდმეტი საფეხური გავიარე, მოაჯირმა მკვეთრად მოუხვია, ვიფიქრე კიბე გათავდა – მეთქი და შევჩერდი. გამყოლი ალბათ მიხვდა ჩემი შეჩერების მიზეზს.
„იარეთ, იარეთ,–მითხრა მან–კიბე არ გათავებულა„.
მე წინ წავდგი ერთი ნაბიჯი და წავიფორხილე,რადგან მოძრაობით კიბის შემდეგ საფეხურს ვგულისხმობდი, მაგრამდავრწმუნდი,რომ ეს მხოლოდ ბაქანი იყო. მართლაც მეორე ნაბიჯი უკვე კიბეზე შევდგი და სვლა განვაგრძე. ახლაც არ ვიცი რატომ, კვლავ საფეხურების თვლა განვაგრძე ანგარიშმიუცემლად მექანიკურად. 22 საფეხურისავლის შემდეგ კიბე გათავდა. ჭაღარამ კარი შეაღო, სახლში შევედით,სითბო ვიგრძენი. გამყოლმა კიდევ 10 ნაბიჯი გამატარა, კარი გააღო და შემიყვანა. იქ შედარებით უფრო თბილოდა.მე ვიდექი და ხმას არ ვიღებდი.ჭაღარამ ხელის ერთი მოძრაობით მომაშორა თვალსაბურავი.
ელექტრონის შუქმა სიბნელეს შეჩვეული თვალი მომჭრა და დავხუჭე. შემდეგ ისევ გავახილე და დავინახე , რომ და ჭაღარა საკმაოდ მოზრდილ ოთახში ვიყავით.
„დამთავრდა, ბატონო ექიმო, მასკარადის პირველი ნაწილი, – გაიღიმა მან დაშემდეგ დაუმატა: – სულითა და გულით გთხოვთ, მაპატიოთ ჩემი უხეში მოქმედება, იმედია გამიგებთ, რომ სხვა გამოსავალი არ მქონია„.
პასუხი არ გამიცია. თვალებით ავადმყოფს ვეძებდი,მაგრამ შეკითხვის მიცემისაგან თავი შევიკავე.
ჭაღარა მიხვდა.
„ახლავე ყველაფერი მზად იქნება„, – მიპასუხა ჩემს უტყვ კითხვაზე.
იმავე წუთს გაიღო კარი და ახალგაზრდა შემოვიდა, რომელსაც ხელში ჩაიდანი, საპონი და პირსახოცი ეჭირა. ჭაღარამ ტაშტი მოძებნა, სკამზე დადგა და თავაზიანად მთხლვა ხელი დაიბანეო.
ხელის ბანას შევუდექი. წყალს ახალგაზრა მისხამდა, ჭაღარამ ელექტროქურა ჩართო, შემდეგ ჩემს დაუკითხავად ჩემოდანი გახსნა, სტერილიზატორი ამოიღო, წყალი ჩაასხა შიგ, სკალპერი, პინცეტი და სხვა იარაღები ჩაყარა და ქურაზე დადო.
ხელების ბანა დავამთავრე.
„მაჩვენეთ ავადმყოფი„ – მივმართე ჭაღარას.
მან უხმოდ გააღო მეორე ოთახში გასასვლელი კარი ლდა ჟესტით მიმიწვია. უსიტქყვოდ გავყევი.
ეს ოთახი პირველთან შედარებით უფრო დიდი იყო. ერთ მხარეს ორი საწოლი იდგა, პირველ საწოლზე ვიღაც მამაკაცი იწვა და კვნესოდა. ღამის სანათური იმდენად მცირე სინათლეს გადმოსცემლა, რომ ავადმყოფის სახე ვერ გავარჩიე.
„აანთეთ სინათლე!„ – მივმართე ჭაღარას.
მან უხმოდ მოძებნა ამომრთველი და ბოლოს ჭაღი აანთო.
ავადმყოფს საბანი გადავხადე, გასისხლიანებული პერანგი ავუწიე და დავინახე, მუცლის არე სისხლიანი სახვევებით ჰქონდა შეხვეული.
„შეიძლება ერთი შეკითხვა მოგცეთ?„ – ეს მხოლოდ ავადმყოფთან იქნება დაკავშირებული„, – ვკითხე ჭაღარას.
„ბრძანეთ!„
„ვინ შეუხვია ჭრილობა?„
„მე„
„შეიძლება გავხსნა?„
„ცხადია„, – მიპასუხა მან.
ავადმყოფს სისხლიანი სახვევებიგავაცალე და ჭრილობა გავსინჯე უცნობი მუცელში იყო დაჭრილი. სხეულის შიგნით ბევრი სისხლი ჩაქცეოდა და ეტყობოდა მუცლის ღრუ გაევსო, დაჭრილს დიდი რაოდენობით დაეკაოგა სისხლი და უგონოდ იყო.
„რას იტყვით?„ – შემეკითხა ჩემი მიმყვანი.
„ავადმყოფის მდგომარეობა სერიოზულია, საჭიროა სასწრაფო ქირურგიული ჩარევა, სისხლის გადასხმა; ყოველივე ამის მარტო ჩემს მიერ ყოვლად შეუძლებელია. თუ დაჭრილს ახლავე საავადმყოფოში არ წაიყვანთ, აუცილებლად დაიღუპება„, – მივუგე მე„.
ჭაღარას თვალებში მკაცრი, ბოროტი ნაპერწკლები აციალდენენ.
„არა ექიმო, ყველაფერი, რაც საჭიროა, აქ გაკეთდება და გაკეთდება მხოლოდ თქვენს მიერ, მე თვით ვიქნები ასისტენტი და ექთანიც. რაც შეეხება სისხლის გადასხმას მოვაგვარებთ, ჩემს სისხლს გადაუსხამთ.„
გაკვირვებით შევხედე.
„როგორ თუ თქვენ სისხლს? ეს შეუძლებელია! დაჭრილს შეიძლება სულ სხვა ჯგუფის სისხლი აქვს, ასეთ შემთხვევაში თქვენი სისხლის რამოდენიმე გრამი მას აუცილებლად დაღუპავს„.
„მაგაზე ნუ წუხართ, ჩვენ ერთი ჯგუფის სისხლი გვაქვს„.
„თქვენ რა მამა ხართ დაჭრილის?„ – დამავიწყდა გაფრთხილება.
„მე გაგაფრთხილეთ,კითხვების მიცემისაგან თავი შეგეკავებინათ„ – მკვახედ მესროლა მან.
„კი მაგრამ ეს შეუძლებელია! სხვა არა იყოს რა, სისხლის გადასხმის ხელსაწყოებიც არა მაქვს„, – არ ვნებდებოდი მე.
„გიშოვნით. ახლა კი დროს ნუ კარგავთ, მიხედეთ ავადმყოფს!„ – ქვასავით მომიგდო ჭაღარამ. შემდეგ ახალგაზრდას დაუძახა, ჩემთან დატოვა და თვითონ ოთახიდან გავიდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ჭაღარა სისხლის გადასასხამი აპარატით დაბრუნდა და ახალგაზრდას უბრძანა, ელექტროქურა, სტერილიზატორი და ჩემი ჩემოდანი შემოეტანა. როდესაც ყველაფერი ეს ოთახში შემოიტანეს, ჭაღარამ ხელები დაიბანა. ახალგაზრდასაც დააბანინა და შემდეგ მე მომმართა:
„ასისენტები მზად არიან ექიმო. გთხოვთ, საქმეს შეუდგეთ!„
ჩემოდანიდან ხალათი ამოვიღე, ჩავიცვი და ამ მეტად უცნაურ პირობებში ოპერაციისათვის მზადებას შევუდექი.
ჭაღარამ თეთრეულის კარადა გააღო, რამდენიმე ზეწარი გამოიღო და უსიტყვოდ მომაწოდა.
მე უკანასკნელად ვეცადე გაბრძოლება.
„იცოდეთ ასეთ პირობებში გაკეთებული ოპერაცია ავადმყოფის მკვლელობას უდრის, ნუ მაიძულებთ ასეთ საშინელებას, ნუ გამხდით მკვლელად, დაჭრილი მაინც შეიბრალეთ„.
„ექიმო გთხოვთ საქმეს შეუდგეთ! აი თქვენი ჩომოდანი, შპრიცი და საანესთეზიო საშუალებანი„, – მიპასუხა ჭაღარამ და ჩემოდანი ახლოს მომიწია.
მე კვლავ ვყოყმანობდი, ახალგაზრდამ ჯიბიდან ბებუთი ამოიღო.
„გაძლევთ 30 წამს„, – მშვიდი, შეუვალი ტონით მითხრა მან და მე მივხვდი, ჩემი სიცოცხლე მხოლოდ ოპერაციის გაკეთებაზე იყო დამოკიდებული.
„რეზინის მილი მომეცით, – მივუბრუნდი ახალგაზრდას, – თქვენ კი – მივმართე ჭაღარას – მოემზადეთ! გახსოვდეთ, მე სიკვდილის მუქარით მაიძულებთ თქვენი სისხლის გადავუსხა დაჭრილს„.
ჭაღარამ უხმოდ გაიხადა პიჯაკი, პერანგის სახელო გაიხსნა და დაკუნთული, ჭაღარა წვერისათვის შეუფერებელი ძლიერი მკლავი გამოაჩინა.
დიდი წვალებით გადავუსხი დაჭრილს სისხლი, შემდეგ ჭრილობა გავხსენი, მუცლის ღრუ ამოვუსუფთავე და როდესაც ყოველივეს მოვრჩი კიდევაც გათენდა.
ახალგაზრდამ ოთახში კონიაკი, ღვინო, ცხელი ჩაი და საუზმე შემოიტანა. მე უკვე ვიცოდი, რომ დაჭრილი გადარჩა. დავრწმუნდი იმაშიც, რომ დაჭრილი და ჭაღარა ახლობელი ნათესავები – შეიძლება მამაშვილიც იყვნვნ და ახლა, როდესაც ყველაფერი გათავდა, შიშის ნაცვლად ცნობის მოყვარეობა მომერია. ვინ არის ეს ხალხი? სად ვარ? ვინ ქალის გატაცებაზე დაიჭრა ეს მშვენიერი ვაჟკაცი და რატომ ასე მალავენ მის დაჭრას?
ჭაღარა მადიანად ილუკმებოდა, გადავწყვიტე, დამერღვია მიცემული პირობა და ზოგიერთი კითხვით მიმემართა ჩემი მოძალადე მასპინძლისათვის, მაგრამ თითქოს ჩემი ფიქრები ამოიცნო, ჭაღპრამ ძლივს შესამჩნევი დაცინვით, რომელშიაც მუქარაც გამოსჭვიოდა, გამაფრთხილა
„პატივცემულო ექიმო, მე თქვენ აგიკრძალეთ კითხვების მოცემა და ჩემს ნათქვამს არ შევცვლი, თუმცა თქვენი მოქმედებით დიდად დავალებული ვარ. სანაცვლოდ შრომის გასამრჯელოს უხვად აგინაზღაურებთ.უადგილო, ცუდმა ცნობისმოყვარეობამ კი შესაძლოა კარგი თავი და მპდლიანი მარჯვენა დაგარკარგვინოთ. ბორის, – მიუბრუნდა ახალგაზრდას, – მოიტა ფული.„
ახალგაზრდა წამოდგა, სკამზე გადაკიდებული პიჯაკიდან ქაღალდის ფულების დასტა ამოიღო, რამოდენიმე ბანკნოტი გამოაძრო და ჭაღარას გაუწოდა.
„ეს რა არის ? აი შე ძუნწო! მოიტა კილდევ!„
ახალგაზრდამ მთელი კიპა მიაწოდა. ჭაღარამ ოცდაათი ცალი 100–მანეთიანი ბანკნოტი გადაითვალა, გამომიწოდა და მითხრა:
„ეს თქვენი შრომის საზღაური. მოცემულ სიტქყვას მტკიცედ ვიცავ. აიღეთ, აიღეთ–მეთქი!„ – აუწია ხმას,რადგან შემატყო ვყოყმანობდი და ფულის აღება არ მინდოდა.
ფული ჩამოვართვი.
ჭაღარამ ჩაიცინა და კონიაკი გადაჰკრა.
„მე ახლა საჭირო აღარ ვარ , გთხოვთ გამიშვათ,„ – მივმართე.
მან ისევ გაიცინა.
„არა ექიმო, თქვენი ახლა გაშვება ყოვლად შეუძლებელია, უკვე გათენდა და აქედან თვალახვეული კაცის გაყვანა ცოტა არ იყოს, უხერხულია. მოითმინეთ საღამომდის, დაღამდება თუ არა, სრულიად უვნებელს მიგიყვანთ სახლში. თუ დაიღალეთ, მოისვენეთ, თუ არა და ისე იგრძენით თავი, როგორც ძვირფასმა სტუმარმა მოყვარული მასპინძლის ჭერქვეშ„.
ისევ კონიაკი გადაჰკრა.
პირდაპირ საკვირველი იყო, ამ საკმაოდ ჭაღარა კაცმა თითქმის ერთი ბოთლი კონიაკი შესვა, მაგრამ სიმთვრალის ნატამალიც არ ეტყობოდა ორის მაგივრად სვამდა, ჭამდა და ჩემთან საუბარს განაგრძობდა. გამაკვირვა იმანაც, რომ საკმაოდ ერკვევოდა სამედიცინო ტერმინოლოგიაში.
ერთისიტყვით დაღამებამდე იმ გამოუცნობ ბინაში დავრჩი. ჩემს ძალად მასპინძლებს ერთი წუთითაც არ მიუტოვებივარ მარტოდ და თუმცა ამ ორ ოთახში თავისუფლად სიარულის ნებას მაძლევდნენ, კატეგორიულად ამიკრძალეს ფანჯარასთან მისვლა. ოთახიდან კი ჩამოკეტილ დარაბებში მარტოოდენ სინათლის წვრილ ზოლს ვხედავდი. კიდევ კარგი, საათი არ ჩამომართვეს, თორემ დროსაც არ გავიგებდი.
როგორც იყო დაღამდა, მაგრამ ჩემს გაშვებას არავინ ჩქარობდა. ღამით თორმეტის ნახევარზე ოთახში ჭაღარა შემოვიდა.
„ბატონო ექიმო, აბა ერთი კიდევ დახედეთ ჩვენს ავადმყოფს, შემდეგ დაგვარიგეთ, როგორ მოვიქცეთ და გაემგზავრეთ„.
მე სიხარულით შევასრულე მისი ეს სურვილი.
ავადმყოფს ეძინა. ოპერაციის შემდეგ. საგრძნობლად გაუმჯობესდა მდგომარეობა. მაჯა სუსტად, მაგრამ რითმულად მუშაობდა. სიკვდილის შიში აღარ არსებობდა.ყოველივე ეს ჭაღარას ვუთხარი, შემდეგ დავარიგე, როგორ მოქცეულიყვნენ, განსაკუთრებით ავუკრძალე ავადმყოფის განძრევა, და წასასვლელად გავემზადე.
„როდის შეიძლება წამოდგეს ავადმყოფი?, – მკითხა ახალგაზრდამ.
„ერთი კვირა მაინც უნდა იწვეს„, – მივუგე ამ კითხვით გაოცებულმა.
ჭაღარამ ჩაიცვა, შემდეგ კვლავ ზრდილობიანად მოიხადა ბოდიში უხეშობისათვის და ახლა უკვე ჩემი საკუთარი შარფით მაგრად ამიხვია თვალები.
ირგვლივ ყველაფერი წყვდიადმა მოიცვა. იმავე გზით, იმავე კიბეებით,ჭაღარას უშუალო დახმარებით, გამოვედი ეზოში, იქიდან ჭიშკარში, სადაც ჩამსვეს მანქანაში და წამომიყვანეს.
რამდენიმე ხნის შემდეგ მანქანა გაჩერდა.
„მოვედით, აქედან თქვენს სახლამდე 200–300 მეტრია ბოდიშს ვიხდი, რომ სიფრთხილის გამო სახლამდის ვერ მიგაცილეთ. კიდევ ორი პირობა და თავისუფალი ბრძანდებით„. – ჩაილაპარაკა ჭაღარამ ჩუმად და რევოლვერის შეხებაც ვიგრძენი.
„კიდევ რა გინდათ ჩემგან?„ – შევეკითხე.
„ცოტა რამ. პირველი, მანქანიდან გადასვლის შემდეგ 30 წუთი თვალსახვევს არ მოიხსნით, მეორე, დაივიწყებთ ჩვენს ვიზიტს! თქვენ არსად არ ყოფილხართ და არავითარი ოპერაცია არ გაგიკეთებიათ. თქვენ უკვე იცით, რომ პირობას მტკიცკდ ვასრულებ, თუ ნახევარი საათის განმავლობაში თვალსახვევის მოხსნა გაბედეთ, სინათლეს სამუდამოდ გამოეთხოვებით, ხოლო თუ ვინმესთან დაგცდათ სტუმრობა, იცოდეთ მიწაშიც რომ ჩაძვრეთ, მოგნახავთ და სიცოცხლეს გამოგასალმებთ, თანახმა ხართ?„
„ჩემს სურვილს რა მნიშვნელობა აქვს, როცა ძალა თქვენს ხელშია,„ – მივუგე მე.
„კეთილი! მაშასადამე შევთანხმდით.გადმობრძანდით მანქანიდან!„
ჭაღარამ კარები გააღო, ხელი შემაშველა და მანქანიდან გადმომიყვანა.
„აქ დადექით, ამ შესახვევში, ყურადღებას არავინ მოგაქცევთ. დინჯად დაითვალეთ ორი ათასამდე,შემდეგ შეგიძლიათ თვალსახვევი მოიხსნათ. მშვიდობით! არ გისურვებდით კიდევ შეგხვდეთ სადმე, მით უმეტეს ნახევარი საათის გასვლამდე„, – დამემუქრა ის და ხელი გამიშვა. არ გასულა ნახევარი წუთიც მანქანის ძრავა ამუშავდა და მე მარტო დავრჩი.
რამდეჯერმე გადავწყვიტე თვალსახვევის მოხსნა, მაგრამ იმის შიში, რომ ჭაღარა იქ სადმე ახლოს იდგა და მითვალთვალებდა, გამბედაობას მიკარგავდა. ასე გავიდა მტანჯველი დაახლოებით ნახევარი საათი, რის შემდეგ გავბედე და თვალებიდან შარფი მოვიგლიჯე. მარტოდ–მარტო ვიდექი შესახვევში, თუ რომელში, მაშინვე ვერ გავერკვიე. შემდეგ განათებული ქუჩა დავინახე და იქით ავიღე გეზი. როდესაც სინათლეზე გამოვედი, დავრწმუნდი, წერეთლის ქუჩაზე ვიყავი და მაშინვე მილიციის განყოფილებაში წამოვედი.
აი, სულ ეს არის. მე მგონია არაფერი გამომრჩენია,– დაამთავრა გრძელიძემ. შემდეგ სათვალე მოიხსნა, გულდასმით გაწმინდა, ისევ გაიკეთა და გამომძიებელს მიაჩერდა. მინდელმა და ბალანჩივაძემ გულდასმით მოისმინეს ექიმის ვრცელი ნაამბობი.
კაბინეტში სიჩუმე ჩამოვარდა, გამომძიებელი მაგიდაზე დადებულ ფურცელს ჩასცქეროდა, რომელზეც შენიშვნები ჩაიწერა და პაიროსს პაპიროსზე აბოლებდა. დუმდა ბალანჩივაძეც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ექიმის ნაამბობმა.პოლკოვნიკს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ გრძელიძის „ვიზიტიორები„ და დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მოტაცებაში არ იყვნენ გარეული, მაგრამ ვინ იყვნენ? ჰქონდათ თუ არა რაიმე დამოკიდებულება ტყეშელაიძის მკვლელობასთან? სად იყვნენ დაბინავებულნი და როგორ უნდა მოენახათ? ასეთივე კითხვები აწუხებდა მინდელსაც. ის როგორც გამოცდილი გამომძიებელი, დიდ ანგარიშს უწევდა პროფესიულ ინტუიციას. აქ კი გარდა ინტუიციისა ფაქტების ისეთ დამთხვევასაც ჰქონდა ადგილი, რომელიც თითქმის უეჭველს ხდიდა ამ ორი საქმის კავშირს.
– ხომ ვერ გვეტყვით, რა დრო იქნებოდა სახლიდან რომ გამოხვედით? – დაარღვია დუმილი მინდელმა.
– როგორ არა ჩემს სახლიდან 3 საათსა და 40 წუთზე გამოვედით. ეს მე დაბეჯითებით მახსოვს, რადგან ვიდრე სინათლეს გამოვრთავდი, საათს დავხედე.
– თქვენი აზრით, რამდენი კილომეტრი გაიარეთ?
– მე მგონია, არა ნაკლებ 30 კილომეტრისა.
– რატომ გგონიათ?
– საქმე იმაშია,რომ მე თვითონ აგერ 10 წელია საკუთარი ავტომანქანა „პობედა„ მაქვს, ვატარებ და თვალახვეულსაც მოტორის ხმაურის მიხედვით შემიძლია სიჩქარის მიახლოებით განსაზღვრა.
– თქვენი წაყვანა „პობედით„ მოხდა? – შეეკითხა პოლკოვნიკი ბალანჩივაძე.
– მაგას ვერ გეტყვით. სამწუხაროდ,ყურადღება არ მიმიქცევია, შეიძლება „პობედა„ იყო ან „მოსკვიჩი„
– მანქანაში რომელ მხარეს იჯექით. – ისევ მინდელმა გააგრძელა დაკითხვა.
– მარცხენა მხარეს და ძალიანაც შევწუხდი.
– რამ შეგაწუხათ?
– მანქანის სავარძლის საჯდომი ნაწილი, როგორც ჩანდა დაზიანებული იყო, ზამბარას ქსოვილი გაეჭრა და მხოლოდ მალითა იჭერდა მოგეხსენებათ, ასეთ სავარძელში ჯდომა არცთუ ისე სასიამოვნოა. ისე შემაწუხა,ადგილის შეცვლაც დავაპირე, მაგრამ შემეშინდა, ჩემი მოძრაობა წინააღმდეგობის გაწევად ან თვალსახვევის მოხსნის ცდად არ მიეღოთ და შეპირებისამებრ ადგილზე არ გავეთავებინეთ.
– თქვენი აზრით სად წაგიყვანს?
– აბა რა ვიცი დარწმუნებული ვარ ქალაქგარეთ ვიყავი, უფრო მაიაკოვსკის რაიონისკენ, მაგარამ სად, წარმოდგენა არა მაქვს.
– რამ შეგიქმნათ ასეთი რწმენა?
–ჯერ ერთი, იმან, რომ დაახლოებით 30 კილომეტრი ვიარეთ; მეორეც, თუმცა მცირე მანძილი, მაგრამ საკმაოდ საგრძნობი დაღმართი გავიარეთ. უნდა მოგახსენოთ, წნევის ცვალებადობა ჩემზე ცუდად მოქმედებს. მე არა ერთხელ ვყოფილვარ მანქანით მოსკოვში, როგორც მგზავრად, ისე მანქანის საჭესთან და სადგურ რიონის დაღმართს თვალდახუჭულიც კი ვცნობდი. დაეშვებოდა თუ არა მანქანა იმ დაღმართზე, ყურები მაშინვე შემიგუბდებოდა.
– კი მაგრამ დაღმართი სხვა მიმართულებითაც არის, მაგალითად ზესტაფონის გზაზე. გაცდებით თუ არა რკინიგზის ხიდს, იქაც ასეთივე დაღმართი იწყება, – ჩაურთო ბალანჩივაძემ
– მართალია! ამ გზაზეც მივლია და იგივე მიგვრძნია, რაც სხვა დაღმართის ჩავლისას, ამიტომ მე არ ვამტკიცებ რომ უეჭველად მაიაკოვსკისკენ ვიყავი, ეს მხოლოდ ვარაუდია აგებული სამ გარემოზე: ერთი, დაღმართი დაახლოებით 10–15 კმ გავლის შემდეგ ვიგრძენი, ხოლო ჩემი სახლიდან საფიჩხიამდე 2 კმ თუ იქნება; მეორე უკან დაბრუნებისას დაღმართი არ მიგვრძნია,და მესამე, როდესაც იმ ჩიხიდან გამოვედი, სადაც უცნობებმა ჩამომსვეს, შევამჩნიე, რომ ჩემი მომყვანი მანქანა წერეთლის ქუჩით აბრეშუმკომბინატისაკენ წასულა მანქანის საბურავების კვალი კარგად ემჩნეოდა, თუმცა იმ დროის განმავლობაში, რაც მე თვალახვეული ვიდექი, კვალი საკმაოდ ამოევსო თოვლს.
– თუ შეგიძლიათ აგვიწერეთ თქვენი წამყვანები და დაჭრილი, – თხოვა ექიმს მინდელმა.
– სიამოვნებითჭაღარა დაახლოებით 50–55 წლისა იქნება, საშუალოზე მაღალი ტანისა გახლავთ, თვალების ფერს ვერ გეტყვით, რადგან დღის შუქზე არ მინახავს; კარგად მოყვანილი მოგრძო, ლამაზი და მიმზიდველი სახე, ფართო შუქი, ძალზე მეტყველი ალერსიანი გამოხედვა აქვს; გაბრაზების დროს თვალები საოცრად ენთება, ბოროტ ნაპერწკლებს აკვესებს და მთელი სახე რაღაც საშინელ ბოროტ გამომეტყველებას ღებულობს; ხმა ოდნავ ჩახრინწული, სიცილი ცივი, მეტად უსიამოვნო აქვს. ლაპარაკობს დინჯად, კილო მტკიცე და მომთხოვნი; ცხვირი საშუალო ზომის, სწორი; მსხვილი ერთმანეთზე გადაბმული წარბები: მის ასაკთან შედარებით ძლიერი, კარგად განვითარებული კუნთები აქვს; წვერი როგორც მოგახსენეთ, ჭაღარა; ოდნავ მელოტი; დადის გამართული; სასიამოვნო მოსაუბრეა; ქცევით ზრდილობიანი სჩანს , შეიძლება ითქვას ნატიფი; ნაკითხი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს და საკმაოდ ერკვევა მედიცინაში.
მისი თანმხლები 30–35 წლის ახალგაზრდა იქნება. საშუალო სიმაღლის; პატარა ჭროღა ჩავარდნილი თვალები, თითქმის სწორი წარბები; საკმაოდ დიდი თავი; შუბლი წამოწეული; თმა წინიდან უკან აქვს გადავარცხნილი: ოდნავ კეხიანი ცხვირი; მოკლედ შეკრეჭილი ქერა ულვაშები; ლაპარაკობს წვრილი, ქალური ხმით; გამოხედვა ცივი; ბეჭებში ოდნავ მოხრილი.
ავადმყოფის სახესა და თვალებზე ვერაფერს გეტყვით. თმა ქერა, უფრო ოქროსფერი, ოდნავ ხუჭუჭი;30–32 წლისა იქნება, შედარებით პატარა ტანისაა; ხელები თეთრი, ქალივით ნაზი, ალბათ ფიზიკურად არასდროს უმუშავნია; წარბები საკმაოდ მოხრილი; მოკლედ შეკრეჭილი ულვაშები; შედარებით გამხდარი და სუსტი აგებულებისაა, – დაამთავრა ექიმმა.
– რაიმე განსაკუთრებული ნიშნები ხომ არ შეგიმჩნევიათ რომელიმე მათგანისათვის? – კითხვა დაუსვა ბალანჩივაძემ.
ექიმი კარგად დაფიქრდა და შემდეგ გადაჭრით უპასუხა.
– არა, არვითარი, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ერთ გარემოებას: ჭაღარას საოცრად თეთრი, ლამაზი და როგორც ეტყობა, საკმაოდ მაგარი კბილები აქვს.
– თქვენ დაჭრილი რამოდენიმეჯერ ნახეთ, როგორც აღნიშნეთ პულსიც გაუსინჯეთ. ხომ არ მიგიქცევიათ ყურადღება მარჯვენა ხელის თითებზე? – შეეკითხა მინდელი.
– განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია, როგორც მოგახსენეთ, მე მხოლოდ ის შევამჩნიე, რომ ხელები ნაზი და უფრო ქალური აქვს, ვიდრე მამაკაცის ხელებია.
– რაიმე განსაკუთრებული ნიშანი ხომ არა აქვს? – გაიმეორა კითხვა მინდელმა.
– არა ამხანაგო გამომძიებელო , ეს კია, მარჯვენა ხელის შუათითზე პატარა ნაჩხვლეტი ჭრილობა შევამჩნიე, მაგრამ ეს ხო რაიმე განსაკუთრებული ნიშანი არაა, რომ თქვენ გამოგადგეთ.
მინდელს გაეღიმა.
–ჩვენ ყველაფერი გამოგვადგება, თუ გნებავთ ასეთი წვრილმანიც, ამიტომ გთხოვთ შეძლებისდაგვარად ყველაფერი გაიხსენოთ. ის რასაც თქვენთვის მნიშვნელობა არა აქვს, შეიძლება გამოძიებას გამოადგეს.
გრძელიძე ჩაფიქრდა.სათვალე ისევ მოიხსნა, გულ0დაგულ გაწმინდა ცხვირსახოცით, ისევ გაიკეთა და მიუგო:
– არა სხვარაიმე არ შემიმჩნევია.
– ექიმო , გთხოვთ საწყენად არ მიმიღოთ, ყველას თუ არა , ადამიანთა დიდ უმრავლესობას მაინც რაღაც თავისებური ახასიათებს, რაღაც სხვისგან განსხვავებული ჩვევა აქვს ეს კი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. აი თქვენი, მაგალითად , ამ ერთი საათის განმავლობაში სათვალე 7–ჯერ გაწმინდეთ, ეს ალბათ ჩვეულების ამბავია და ადამიანი უანგარიშოდ აკეთებს, – მინდელს კვლავ გაეღიმა.
გრძელიძე შეცბა, სიწითლე მოერია, შემდეგ გაოცებით შეხედა მინდელს.
– თქვენ მართალი ხართ, ეს ჩემი ჩვეულებაა და თითქმის მექანიკურად ვაკეთებ, არც მიფიქრია, რომ შეამჩნევდით, თქვენ კი დაგითვლიათ კიდევაც.
ექიმი ერთი წამით დაფიქრდა და შემდეგ ყოყმანით დაუმატა:
– იცით რა, დაბეჯითებით ვერ გეტყვით, მაგრამ მგონია ჭაღარა ფრჩხილებს იკვნეტავს.
ბალანჩივაძემ გაიცინა.
– აი, ხომ ხედავთ, ექიმო, თქვენც შეგიმჩნევიათ ისეთი რამ, რაც ჭაღარას თავისებურ, არცთუ მეტად ჰიგიენურ ჩვევაზე მიუთითებს.
– დიახ, დიახ, მართალი ბრძანდებით! მე არ მეგონა , თუ ასეთ წვრილმანებს რაიმე მნიშვნელობა ჰქონდა.
– თქვენ ნამდვილად გახსოვთ კიბის საფეხურების რიცხვი? – შემდეგი კითხვა დასვა მინდელმა.
–ნამდვილად ამხანაგო გამომძიებელო, აკი მოგახსენეთ, საფეხურები ისე, ანგარიშმიუცემლად, მეც არ ვიცი რატომ, მაგრამ ნამდვილად დავთვალე. მათი რაოდენობა მტკიცედ დამამახსოვრდა – 17, შემდეგ ბაქანი და კვლავ საფეხურები–22 დამაცადეთ, დამაცადეთ… ახლა გამახსენდა, რომ იმ 22 საფეხურიდან ერთ ერთს, მერვეს თუ მეათეს, მარცხენა მხარე მოაჯირისაკენ ჩამოტეხი აქვს. თვალახვეულმა ცხადია ვერ შევამჩნიე და კინაღამ დავეცი. ჭაღარამ ბოდიშიც კიმოიხადა ამის გამო.
– მოაჯირი ხისაა,
– არა, რკინის, დაკუთხული რკინის. როდესაც კიბეზე ავდიოდი, საცხელურს უთათმანო ხელით ვეხებოდი,
– შეგიძლიათ აგვიწეროთ ოთახები?
გრძელიძე ჩაფიქრდა და შემდეგ უპასუხა:
პირველი ოთახი დაახლოებით 16–18 კვ. მეტრი იქნება: მაღალი ჭერი, შუაში ოთხკუთხა მაგიდა,რამოდენიმე სკამი, კუთხეში წიგნების თარო, ტახტი, მის პირდაპირ კედელზე ხალიჩა გახლავთ ჩამოკიდებული, რაც ტახტის ნაწილსაც ფარავს. სხვა ნივთები არ შემიმჩნევია. მეორე ოთახი უფრო დიდია, 20–22 კვ მეტრი. ძვირფასი ხის ორი საწოლი, სარკე, ჩინური ვაზა, ტუმბები, ტანსაცმლის დიდი კარადა, ჭერზე პატარა ზომის ბროლის ჭაღი, ნათურების რაოდენობა არ მახსოვს, მაგიდის პატარა აბაჟური.
– ხომ არ მიგიქცევიათ ყურადღება წიგნებისათვის?
– არა ამხანაგო გამომძიებელო, მხოლოდ ი.ჭავჭავაძის თხზულებათა რამოდენიმე ტომი დავინახე.მართალი გითხრათ ტყვეობაში დროის მოკვლის მიზნით მინდოდა რაიმე წიგნით გამერთო თავი, მაგრამ ნება არ მომცეს, ახლოსაც არ მიმაკარეს თაროს.
– გარდა თქვენი მომტაცებლებისა, სხვა ხომ არავინ გინახავთ იქ?
– არა , არავინ.
– ლაპარაკიც არ მოგისმენიათ? – კვლავ შეეკითხა მინდელი
– არა , არ მომისმენია, როგორც მოგახსენეთ, დილას სასმე–საჭმელი ახალგაზრდამ შემოიტანა, საღამოს მანვე მოიტანა მოხარშული ქათამი და შემწვარი ხორცი, რა თქმა უნდა, ღვინო და კონიაკიც. სხვა არავინ მინახავს, არც საუბარი მსმენია. ჭაღარა ოთახიდან არ გასულა, თითქმის მთელი დრო დაჭრილთან გაატარა. ხანდახან გამოდიოდა ჩემთან, მესაუბრებოდა, და უკანვე გადიოდა. ახალგაზრდა კი მთელი დღე ჩემს ოთახში იჯდა, მხოლოდ წამოსვლამდე რამდენიმე წუთით გავიდა გარეთ.
დუმილი ჩამოვარდა. მინდელმა კალმისტარი აიღო, სუფთა ფურცელი გადანომრა და გრძელიძეს მიმართა:
– ექიმო მართალია გვიან არის, მაგრამ ცოტა ხნით კიდევ უნდა გაგაჩეროთ, ვიდრე თქვენს ჩვენებას წერილობით გავაფორმებთ და ხელს მოგაწერინებთ. შემდეგ კი მივიღებთ ზომებს თქვენი სახლში გაცილებისა და უშიშროებისათვის.
– მადლობას მოგახსენებთ, ამხანაგო გამომძიებელო, მაგრამ მე მგონია, თქვენ მთავარი დაგავიწყდათ. ამ თავაზიანმა ყაჩაღებმა ჩემი შრომისა და შიშის მეფური საზღაური გადამიხადეს. მე ავადმყოფის საშველად ხშირად ღამით ფეხით თუ ცხენით 10–20 კმ. გამივლია, მაგრამ ფული პატიოსანი ხალხიდანაც არ ამიღია, მხოლოდ ექიმის მოვალეობას ვასრულებდი. და მით უმეტეს, დღეს ასეთი გზით აღებული ფული ჩემთვის არ არის საჭირო.
გრძელიძემ ჯიბეში ხელი ჩაიყო, გაკეცილი ასმანეთიანები ამოიღო და მინდელს წინ მაგიდაზე დააწყო.
ბალანჩივაძეს გაეღიმა.
– თქვენი უანგარობის მტკიცება ჩვენთვის საჭირო არ არის, საკმაოდ გიცნობთ და ეჭვი არ გვეპარება რაიმეში, ფულს კი უსათუოდ დავიტოვებთ. ის საქმეს უნდა დაერთოს.
– პატივცემულო დავით! – მიმართა მინდელმა ბალანჩივაძეს, – მე ისე სასწრაფოდ წამოვედი თქვენთან, არც კი მომგონებია კაპიტან ჩრდილელის გაფრთხილება, ის ალბათ პროკურატურაში მეძებს. იქნებ გააფრთხილოთ მორიგე აქ გამოგზავნოს ჩრდილელი. ვატყობ, ამაღამ არ ერთ ჩვენგანს ძილი არ გვიწერია. საჭირო იქნება სწრაფი მოქმედება. ვიდრე მე ამხანაგ გრძელიძის ჩვენებას გავაფორმებ, აუცილებელია ოპერbr/ატიული ჯგუფის თავმოყრა და შემდგომი მოქმედების გეგმის შემუშავება.
– კეთილი, კეთილი! ოპერმუშაკები ყველანი ადგილზეა, შეტყობინების გარეშე არც ერთი მათგანი არ მიდის განყოფილებიდან.
ბალანჩივაძემ ზარის ღილაკს თითი დააჭირა და შემოსულ სერჟანტს უბრძანა: 20 წუთის განმავლობაში შეეკრიბა მი კაბინეტში ყველა ოპერატიული მუშაკი.

ნაწილი 1ნაწილი 3

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

3 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ნინი ამბობს:
    12 დეკემბერი, 2010წ. 15:46სთ.

    მიყვარსსს ესს წიგნი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. marina ამბობს:
    28 დეკემბერი, 2012წ. 21:28სთ.

    ვის შეუძლია მომაწოდოს, შიო გვეტაძის ბიოგრაფია, ძალიან დიდი მადლობელი დაგრჩებით…

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ოთო ამბობს:
    18 მარტი, 2013წ. 11:58სთ.

    ძალიან კარგი წიგნია იქნებ. როგორც გავიგე ფილმის არის გადაგებული და ხომ არ იცით ვინმემ როგორ მოვიძიო ეს ფილმი?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

9 votes, average: 5.00 out of 59 votes, average: 5.00 out of 59 votes, average: 5.00 out of 59 votes, average: 5.00 out of 59 votes, average: 5.00 out of 5

› აკაკი წერეთელი: სულიკო

საყვარლის საფლავს ვეძებდი,
ვერ ვნახე!.. დაკარგულიყო!..
გულამოსკვნილი ვჩიოდი:
„სადა ხარ, ჩემო სულიკო?!“
ეკალში ვარდი შევნიშნე,
ობლად რომ ამოსულიყო,
გულის ფანცქალით ვკითხავდი:
„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“
ნიშნად თანხმობის კოკობი
შეირხა… თავი დახარა,
ცვარ-მარგალიტი ციური
დაბლა ცრემლებად დაჰყარა.
სულგანაბული ბულბული
ფოთლებში მიმალულიყო,
მივეხმატკბილე ჩიტუნას:
„შენ ხომ › › ›

DU