1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ბიოგრაფია: ნიკო ნიკოლაძე (1843-1928)

არა კლასობრივი ბრძოლა, არა ეროვნული შუღლი,
არამედ ერთიანობაა საჭირო უმთავრესი მიზნის
– პიროვნულობისა და თავისუფლების მისაღწევად.
ნიკო ნიკოლაძე

”… შენც ისე არ წახდე, როგროც ილია ჭავჭავაძე წახდა. ისიც აქ შილერის, ბაირონის და ვალტერ სკოტის კითხვის მეტს არას შვრებოდა და დაესხა თავსლაფი… აბა, ახლა რა ადგილი უნდა მიიღოს იმან?” – ასეთი რჩევა მისცეს პეტერბურგში ჩასულ ნიკო ნიკოლაძეს ჭკუადამჯდარმა სტუდენტებმა. მაგრამ ილიასაგან განსხვავებით მისმა სტუდენტობამ ერთ თვესაც ვერ გასტანა – 15 სექტემბერს იურიდიულ ფაკულტეტზე ჩარიცხული ნიკოლაძე 13 ოქტომბერს დააპატიმრეს.
ნიკო ქუთაისში იაკობ ნიკოლაძის ცხრაშვილიან ოჯახში იზრდებოდა. მომცრო ტანისას ”ციდანახევარს” ეძახდნენ. პირველი სტატია 16 წლისამ ”ცისკარში” ფსევდონიმით – ”ქუთაისელი მეჭორე” გამოაქვეყნა. როცა პეტერბურგში ცხოვრება აუკრძალეს, აკაკი წერეთლის სახლში დაიმალა და გადაწყვიტა, მოთხრობები ეწერა. პირველი, ”სტუდენტური ცხოვრების ნარკვევი”, 1862 წელს ”ცისკრაში” დაუბეჭდეს.
იმავე წელს ნიკოლაძე საქართველოში დაბრუნდა. მშობლების მრისხანების ეშინოდა, მაგრამ – ბიჭი დაგვიჩაგრესო – განაცხადეს ოჯახში და მიზნად დაისახეს, ნიკო უნივერსიტეტში აღედგენათ. კიევისა და ყაზანის უნივერსიტეტებში არ მიიღეს, ბედი კვლავ პეტერბურგში უნდა ეცადა. ვიდრე აღდგენის პასუხს ელოდა, ისევ ლიტერატურული მოღვაწეობით ირთობდა და ირჩნდა თავს. ქალთა ემანსიპაციის პორბლემაზე დაწერილი მოთხრობა ”პროვინციული სურათები” ”სოვრემენიკში” გამოუქვეყნეს.
სამწუხაროდ, უმაღლესი სასწავლებლის კარი მისთვის დაკეტილი აღმოჩნდა, პეტერბურგში დარჩენილს ერთი საფრთხე ელოდა – ლოთობა, მას კი სწავლის გაგრძელება სურდა. ივლისში უცხოეთში წასვლის ნებართვა მიიღო, ოქტომბერში სორბონის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. გერცენის მიწვევით თანამშრომლობდა გაზეთ „კოლოკოლში“. ლონდონში შეხვდა კარლ მარქსს, რომელმაც კავკასიაში პირველი ინტერნაციონალის წარმომადგენლობა შესთავაზა, მაგრამ ნიკომ სამშობლოში დაბრუნება ნაადრევად მიიჩნია. პარიზიდან ჟენევაში გადავიდა. საქართველოსავით პატარა შვეიცარია სამოთხეს ჰგავდა და ნიკო ცდილობდა აეხსნა, მისი სამშობლო ღარიბ-ღატაკი, ჩამორჩენილი და უძლური რატომ იყო. 1866 წელს ჟენევაში გამოსცა პირველი წიგნი „მთავრობა და ახალი თაობა“. იქვე დააარსა პირველი გაზეთი „სოვრემენნოსტი“. 25 წლისამ ციურიხში სამართლის დოქტორის ხარისხი მიიღო. ნიკო ნიკოლაძე აღმოჩნდა პირველი ქართველი, ვინც დისერტაცია უცხო ენაზე დაიცვა. თემად კი ”განიარაღება და მისი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები” შეარჩია.
საქართველოში დაბრუნებული ნიკოლაძე გაზეთ „დროების“ თანამშრომელი გახდა, სათავეში ედგა ჯერ ჟურნალ „კრებულს“, ხოლო 1878 წლიდან გამოსცემდა გაზეთ „ობზორს“. წერდა კაპიტალიზმის განვითარების, ბანკის შექმნის შესახებ. ახალგაზრდა გამომცემელი ცენზორს არ ეპუებოდა. ამ შეუპოვრობის გამო 1878 წელს ნიკოლაძესა და დიმიტრი ფურცელაძეს შორის დუელი გაიმართა. 1880 წელს, როდესაც გარდაიცვალა, ალექსანდრე მეორის თანამეცხედრე მარიამი, ნიკოს მოედავნენ, ”ობზორი” შავი არშიის გარეშე დაიბეჭდაო. მართლია, მოიმიზეზა, დეპეშა გვიან ჩამოვიდაო, მაგრამ არ დაუჯერეს, ”ობზორი” დახურეს, ნიკო კი სტავროპოლში გადაასახლეს.
პრესაში გაჩაღებული პოლემიკის გამო ნიკოლაძე ილია ჭავჭავაძესთან დუელზე უნდა გასულიყო. საბედნიეროდ, დუელი არ შედგა. ნიკო და ილია კვლავ დამეგობრდნენ. ნიკომ ჭავჭავაძის ”კაცია-ადამიანი?!” რუსულად თარგმნა და გამოაქვეყნა. შემდეგ კი, როცა ნიკოლაძემ ცოლად (უკვე მესამედ!) დიდი ხნის თანამოაზრე, ილიას ცოლის მოსახელე და მოგვარე ოლღა გურამიშვილი ითხოვა, ქორწილი ჭავჭავაძემ გადაუხადა.
ინდუსტრიული რევოლუცია, მარგანეცი, ქვანახშირი, ხე-ტყე, რკინიგზა, ექსპორტ-იმპორტი, საბანკო საქმე – ეს იყო ის თემები, რომელზეც წერდა და რომლისთვისაც იბრძოდა ნიკო ნიკოლაძე. პარიზში ყოფნისას როტშილდებს დაუახლოვდა. სათანადო ინსტანციებს დაუმტკიცა, რომ ბაქოს ნავთობის ექსპორტისათვის საუკეთესო იყო ბაქო-თბილისი-ბათუმის სარკინიგზო გზის გაყვანა. ელექტროფიკაციისათვის გამოიკვლია ენგურის ხეობა, უცხოელებიც ჩამოიყვანა, მაგრამ მათ ფულის ჩადება ვერ გარისკეს. სამხრეთ ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის ყველა დიდი პორტი მოიარა და მიზნად დაისახა, ჭაობიანი ფოთი ევროპულ ქალაქად ექცია. ამ ქალაქში ნიკოლაძემ პირველად ფეხი რომ დადგა, მეხუთე კლასის მოსწავლე იყო და მალარია შეეყარა, მაგრამ ამან ფოთისადმი ინტერესი ვერ დაუკარგა. ელექტროფიკაციის იდეით შეპყრობილ ნიკოლაძეს მეგობრებმა ბაყაყის ფორმის ღამის ნათურა აჩუქეს.
1894 წელს ნიკო ნიკოლაძე ფოთის მერად აირჩეის. ტიტანური ენერგია და ფართო ერუდიაცია, ასევე ტიტანურ საქმეს მოახმარა. მერიის შენობას მაღალი კოშკში ჰქონდა. რამდენიმე წელიწადში ამ კოშკიდან სულ სხვა ხედი გადაიშალა: წყალდიდობით შეწუხებულ ქალაქს ირგვლივ ჯებირი შემოავლო, სამი ხიდი ააშენა და მდინარე მალთაყვაზე სანაოსნო ბაჟი გააუქმა. ააგო ელექტროსადგური, გააბა სატელეფონო ქსელი, გახსნა სავაჭრო მოედანი, ააგო ბიზანტიური სტილის ტაძარი, დაამონტაჟა წყლის ამოსატუმბი მანქანები, მოკირწყლა ქუჩები და მოაწყო ცხენის რკინიგზა. ქალაქში ელექტრონით განათებული 12 ქუჩა გადიოდა, 18 წელიწადში ფოთი ევროპის ”საზღვაო ჭიშკრად” იქცა. თუმცა ფოთის მშენელბლობას კინაღამ გადააყოლეს. დაადანაშაულეს, პორტის სამშენებლო კომპანიისაგან 350 ათასი ქრთამი აიღეო და მერობიდან გადააყენეს. ნიკოლაძეს სასამართლო გაუმართეს და ჯარიმად 8 ათასი დააკისრეს. ფოთელები დაეხმარნენ, ფულიც მოუგროვეს და მერის ხელფასიც შეუნარჩუნეს.
1917 წლის თებერვლის რევოლუციას ნიკო ნიკოლაძე პეტერბურგში შეხვდა. 1917 – 1918 წლებში საქართველოს ეროვნული საბჭოს, შემდეგ კი დამფუძნებელი კრების წევრი იყო. მისი მონაწილეობით დაარსდა საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტია. იყო ამ პარტიის საპატიო თავმჯდომარე. 1918 წელს, როცა ბათუმი ჯერ ისევ ოსმალთა ხელში იყო, მოლაპარაკებაში ნიკო ნიკოლაძეც იღებდა მონაწილეობას.
1920 წლამდე იცხოვრა ნიკოლაძემ დემოკრატიულ საქართველოში. იცნობდა იმ დროის გამოჩენილ ქართველ, რუს, ევროპელ მოღვაწეებს, წერდა ქართულად, რუსულად, ფრანგულად, თანამშრომლობდა ქართულ, რუსულ და ევროპულ პრესასთან. ”იყო ყველაზე დიდი ქართველი და ამავე დროს ყველაზე დიდი ევროპელი”. არა მხოლოდ მეურნისა და მრეწველის ნიჭით, სახელმწოფებრივი აზროვნებითაც გამოირჩეოდა. მენშევიკებმა, როგორც ჭიათურის მანგანუმის საექსპორტო საზოგადოების დელაგაციის მეთაური, ახალი კონტაქტების დასამყარებლად ლონდონში გააგზავნეს. იქ შეიტყო საქართველოს გასაბჭოების ამბავი და მაშინვე სამშობლოში დაბრუნება ითხოვა. 1924 წელს დაბრუნდა.
დედულეთში, დიდ ჯიხაიშში მოაწყო მეურნეობა, ეზო ბოტანიკურ ბაღად აქცია, გაახარა ულამაზესი და იშვიათი ჯიშის მცენარეები. მისმა ოჯახმა შეიძინა პირველი მაცივარი, სარეცხი მანქანა, კოდაკის ფოტოაპარატი.
85 წლის ნიკო ნიკოლაძე ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. დაკრძალვის წინ მისი ტვინი სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის მუზეუმში შეინახეს. სტალინის დონეზე გადაწყდა, რომ მთაწმინდაზე დაკრძალულიყო. დაკრძალვისას თბილისის ყველა ეკლესიაში სამგლოვიარო ზარი რეკდა.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

111 votes, average: 4.64 out of 5111 votes, average: 4.64 out of 5111 votes, average: 4.64 out of 5111 votes, average: 4.64 out of 5111 votes, average: 4.64 out of 5

› აკაკი წერეთელი: პოეტი

ხან უგნური ვარ, ხან ბრძენი,
ხან არც ისა ვარ, არც ისა!
გარემოების საყვირი,
არც მიწისა ვარ, არც ცისა.
ნუ მკითხავ, მნახო უგნურად,
ნურც გაიკვირვებ ბრძნობასა:
სულ სხვა ჰყავს ხელისუფალი
ამ ჩემს გონება-გრძნობასა.
ეს გული, სარკედ ქცეული,
ბუნების ნათქვხედია,
მხოლოდ მის › › ›

DU