1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ბიოგრაფია: გიორგი ლეონიძე

“1616 წელს პატარძეული აჰყარა და გადაასახლა ირანში, ფერეიდანს, შაჰაბასმა”, – აღნიშნავს პოეტი თავის ავტობიოგრაფიაში. ამ ლამაზ სოფელში, რომელიც თბილისიდან სულ რაღაც 35 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, ნიკოლოზ ლეონიძის ოჯახში, 1899 წლის 27 დეკემბერს, დაიბადა ქართული პოეზიის ბერმუხა გიორგი (გოგლა) ლეონიძე.
აღსანიშნავია, რომ გოგლას წინაპართა სოფელი ტაო-კლარჯეთში, ართვინსა და ტბეთს შუა, მდებარეობდა. სოფელს ერქვა ლეონიძე. ამჟამად მისი სახელწოდებაა ნიოლიზე მაჰალესი(თურქულად “ნიოლიძეთა უბანი)”. როგორც ამბობენ, გოგლა სიცოცხლის ბოლო დღეებამდე ტაო-კლარჯეთის ხილვაზე ოცნებობდა.

პოეტის მამა, ნიკოლოზი სახალხო მასწავლებელი გახლდათ. ნიკოლოზს გორის საოსტატო სემინარია დაუმთავრებია. მასთან სწავლობდა ვაჟა-ფშაველა, რომელთანაც ახლო მეგობრობაც ჰქონია. დედას ჩაუნერგავს პოეტის გულში ქართული მწერლობისა და საქართველოს ისტორიის სიყვარული. დედის წყალობით ექვსი წლის გიორგი უკვე დამოუკიდებლად უკითხავდა წიგნებს თანატოლებს.
“ნინოწმინდა პალატები მეფეთა, გალავანი-ჯამი აქაფებული” – ამბობს ერთგან პოეტი და ჩანს, როგორ ეამაყება ისტორიულ სოფელს რომ უკავშირდება მისი წარმომავლობა დედის მხრივ. სოფელი პატარძეული ივრის სანაპიროთი კი ყრმობას მარადჭაბუკს ხდის.

გოგლამ ლექსების წერა ბავშვობიდან დაიწყო. რიყიანი და ხმიანი იორი მასწავლიდა ქართული ლექსის მუსიკასო, – იგონებდა პოეტი და დასძენდა, – სოფელში ივრის წნორებს ვუკითხავდიო პირველ ლექსებს. იქნებ სწორედ ეს წნორები იყო მისი პირველი სიყვარულის მესაიდუმლეც. როგორც ამბობენ, მას თავდავიწყებით ჰყვარებია ლელი ლორთქიფანიძე. ულამაზესი ასული მისი მრავალი ლექსის შთაგონების წყარო იყო, მაგრამ ეს სიყვარული ტრაგიკული აღმოჩნდა.
თუ დღეს გიორგი ლეონიძის მხატვრული სიტყვა მთელი ძალით ჟღერს თავისი ბუნებრიობითა და ხალხური ამღერებით, ეს იმიტომ, რომ ამ სისადავესა და ხალხურხმიანობას პოეტი ბავშვობიდანვე იწოვდა თავის მშობლიურ გარემოში.
ახლობელთა გადმოცემით, დედას უნახავს, თუ როგორი გატაცებით უსმენდა გოგლა წისქვილში მეწისქვილის ზღაპარს. სწორედ ეს შთაბეჭდილებები უნდა იყოს ასახული “ივერიის ღამის” სტრიქონებში:
“სთქვი, მეწისქვილევ, ერთი ზღაპარი.
სთქვი, ნაღვლიანი ძველი ქართლივით,
ან აზნაურის ქალზე ვიმღეროთ…
დარიალიდან გადავარდნილი
ხაზარეთისკენ მისცურავს წერო…”

1907 წელს გიორგი გადმოიყვანეს თბილისში და მიაბარეს სასულიერო სასწავლებელში, რომლის დასრულების შემდეგაც სწავლა განაგრძო სასულიერო სემინარიაში, სადაც მას მოძღვრავდნენ ღირსეული ადამიანები: ვასილ ბარნოვი, ნიკოლოზ სულხანიშვილი, კორნელი კეკელიძე და სხვები. სწორედ ამ ადამიანებმა განაპირობეს პოეტის მომავალი ცხოვრება; სწორედ მათ ჩაუნერგეს სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული და იმ ენის სითბო, რომელსაც მაშინ დევნიდნენ. სწორედ აქ, სასულიერო სემინარიის კედლებში გაღვივდა ინტერესი ქართული მწერლობის მიმართ. ამის დასტურია ხელნაწერი ჟურნალები -”ფანდური” და “ფუტკარი”, რომლის რედაქტორიც თავად გახლდათ, ხოლო 1916 წელს მისი რედაქტორობით გამოვიდა ლიტერატურული ალმანახი “საფირონი”.

ამ პერიოდში გაზეთ „სინათლე“-ში გამოქვეყნდა მისი ლექსი „მცხეთა“ (1911 წ.). ერთი წლის შემდეგ ლექსი უძღვნა ვაჟა-ფშაველას, რომელიც საპასუხო ლექსით (1912, დაიბეჭდა გაზეთ „განათლებაში“) გამოეხმაურა პოეტს. 1912 წლიდან ლეონიძის ლექსები სისტემატურად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში, თუმცა პოეტი თავისი შეგნებული სამწერლო მოღვაწეობის დასაწყისად 1915 წელს ასახელებდა. ამ წელს დასტამბულ ლეონიძის ლექსებში, წერილში „ოსკარ უალდი“ (ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“, № 51) და სხვა აშკარად გამოჩნდა პოეტის მოდერნისტული განწყობილებანი. 1918 წელს იგი დაუახლოვდა „ცისფერყანწელებს“, რომლებთანაც ანათესავებდა ქართულ ნიადაგზე მოდერნიზმის გადმონერგვის სურვილი და ლექსის ტექნიკური სრულყოფისაკენ სწრაფვა. ეს წლები ერთგვარი „ოსტატობის სკოლა“ გამოდგა ახალგაზრდა პოეტისათვის, რომელიც გარკვეული ხარკი მიუზღო სიმბოლიზმს (ლექსები: „ოფორტი“, 1919; „მზე ტაბასტა“, 1922; „ავტოპორტრეტი“ და სხვა წერილები და ნარკვევები).

1919 წელს პოეტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში განაგრძო სწავლა. 1921 წელს ლეონიძემ ტ. ტაბიძესთან ერთად გამოსცა პოეტური კრებული „რევოლჲიუციის პოეტები“. 1922-1923 წლებში იგი „ცისფერყანწელთა“ ყოველკვირეულ სალიტერატურო გაზეთ „ბახტრიონს“ რედაქტორობდა. ლეონიძე მაინც შორს იყო ორთოდოქსული სიმბოლიზმისაგან. შემდგომ პოეტის ღრმა პატრიოტულმა განწყობილებამ და ქართველ კლასიკოსთა ძლიერმა ზეგავლენამ ჩამოაშორა ესთეტიზმს.

ლეონიძე თვითმყოფი და ღრმად ეროვნული პოეტია, რომლის ადრინდელი ლირიკულმა შედევრებმა („ნინოწმინდის ღამე“, „სიმღერა პირველი თოვლისა“, 1926; „მყვირალობა“, „ყივჩაღის პაემანი“, „ყივჩაღის რამე“, 1928; „ოლე“, 1931 და სხვა) იმთავითვე განსაზღვრა პოეტის როლი XX საუკუნის ქართულ პოეზიაში.

საქართველოს ისტორიის წარსულისადმი მიძღვნილ ლექსთა ციკლი „ქართლის ცხოვრება“ პატარა ერის ისტორიის ტრაგიკული ფურცლებია. პოეტი წარსულშიც მომავალს განჭვრეტს; ამიტომაც მისი თუნდაც ყველაზე ტრაგიკული სტრიქონები ნათელი ოპტიმიზმით არის გამსჭვალული («წიგნი „ქართლის ცხოვრება“», «მინაწერი „ქართლის ცხოვრებაზე“», „წინაპრებს“, 1928; «მე ვკითხულობდი „ქართლის ცხოვრებას“», 1929; „დიდ თამარს“, „დავით აღმაშენებელს“, 1941 და სხვა). ლეონიძის ღრმა პატრიოტიზმი, მისი მოქალაქეობრივი პროგრამაა ჩამოყალიბებული ლექსში „ვუმღერ სამშობლოს“, პოეტის იდეალია „ადიდებული, დამწიფებული“ სიცოცხლე, ამავე დროს, ლექსის ის უჭკნობი სიჭაბუკე, რომლის საწინდარია ლექსისა და მისი წარმომშობი ეპოქის თანხმოვანება („სიჭაბუკე და ლექსი ერთია“). საქართველოს მიუძღვნა ლექსთა ციკლი „თბილისის განთიადები“ („მთაწმინდიდან ქარს მოჰქონდა“, 1926; „თბილისის განთიადი“, 1935; „თბილისი, ჩვენო თბილისო“, 1940; „თბილისს“, 1947 და სხვა).

პოეტი გამოეხმაურა მეორე მსოფლიო ომს („მხედარი პირტახია“, 1941; „შინმოუსვლელო, სადა ხარ?“, 1943; „არ დაიდარდო, დედაო“, 1944 და სხვა). ძნელბედობის ჟამს შექმნილი ზოგიერთი მისი ლექსი ხალხურ სიმღერად იქცა.

ლეონიძის ლირიკულ-ეპიკურ პოემებში „სამგორი“ (1960) და „ფორთოხალა“ (1951; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1952) თანამედროვეობის, „ახალი ქართლის“ თემა გადაწყვეტილი ისტორიის თემასთან თავისებურ მიმართებაში. „ფორთოხალა“ ისტორიის შემოქმედი ხალხისადმი, უსახელო გლეხის ქალისადმი მიძღვნილი ჰიმნია. ლეონიძეს ეკუთვნის აგრეთვე პოემები „ბავშვობა და ყრმობა“ (1933, სტალინური პრემია, 1941), „ბერშოულა“ (1943), „რატომ არის საქართველო ლამაზი და მდიდარი“ (1957) და სხვა. 60-იანი წლების ზღურბლიდან შეიმჩნევა ლეონიძის პოეზიის ახალი აღორძინება.

ლეონიძის მოთხრობების წიგნმა „ნატვრის ხემ“ (1962, იმავე სახელწოდების ფილმი – 1976, რეჟისორი თენგიზ აბულაძე) სრულიად ახალ მხატვრულ სამყაროს აზიარა მკითხველი, პოეტის ყრმობის ხორცშესხმული აჩრდილები, გააზრებულნი დიდი მხატვრის ღრმა ინტელექტით, თანამედროვე ოსტატის თვალთახედვით წარმოგვიდგებიან. ერთმანეთთან დაუკავშირებელი მცირე მოთხრობების ეპიკურობა მძლავრი პოეტური ნაკადით არის გაჯერებული.

გიორგი ლეონიძე ნაყოფიერად იღვწოდა ლიტერატურათმცოდნეობაშიც. იყო ქართული ლიტერატურის, განსაკუთრებით ძველი ქართული მწერლობის მკვლევარი, ძველი ხელნაწერების დაუცხრომელი მაძიებელი და გამომცემელი.
1920 წელს გიორგი ლეონიძემ სათანადო კომენტარებითა და გამოკვლევებითურთ გამოსცა მამუკა ბარათაშვილის „ჭაშნილი“. 1928 წელს მისი რედაქციითა და ვრცელი შესავალი წერილით დაიბეჭდა სულხან-საბა ორბელიანის “სიბრძნე-სიცრუისა”. მანვე გამოიკვლია ამ წერილის ბიოგრაფია, გაანალიზა იგავ-არაკების ფოლკლორული ვარიანტები, გამოაქვეყნა სულხან-საბას შესახებ საინტერესო საარქივო მასალები. “მგოსანი საიათნოვა”-ასე ჰქვია წიგნს, რომელიც გიორგი ლეონიძემ გამოსცა 1930 წელს. 1935 წელს ფეშანგის პოემა “შაჰნავაზიანს” დაურთო ვრცელი გამოკვლევა. 1939 წელს მისი რედაქციით გამოიცა იოსებ თბილელის „დიდმოურავიანი“. ლეონიძეს ეკუთვნის გამოკვლევები ვეფხისტყაოსნის, ვახტანგ VI-ის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, საიათნოვას, ანთიმოზ ივერიელის, მ. გურიელის, ა. ყაზბეგის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ვ. ბარნოვის და სხვათა შესახებ.

აღსანიაშავია, რომ გიორგი ლეონიძის თაოსნობით 1931 წელს მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე დაარსდა მთაწმინდის მწერალთა მუზეუმი, რომელიც შემდეგ გადაკეთდა საქართველო სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმად (ამჟამად გ. ლეონიძის სახელობისა), იგი წლების მანძილზე ამ მუზეუმის დირექტორად მუშაობდა. ასევე მისი უშუალო ინიციატივით დაარსდა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში. გ.ლეონიძე საკუთარი სახსრებით სცემს ლიტერატურულ კრებულს ,,საფირონს,” მონაწილეობს ჟურნალების ,,გრდემლის” და ,,დროშის” დაარსებაში, მისი ინიციატივით გამოდიოდა ლიტერატურული გაზეთი ,,ბახტრიონი”, ალმანახი ,,ლიტერატურული მემკვიდრეობა”. 1940-1948 წლებში „ლიტერატურული მატიანის“ რედაქტორი იყო.

1951-1953 წლებში გიორგი ლეონიძე ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირს, 1957-1966 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს. იყო მშვიდობის დაცვის საბჭოთა კომიტეტის წევრი. კომიტეტის სახელით გიორგი ლეონიძემ 1958 წელს ბუქარესტში გააკეთა მოხსენება ქართულ_რუმინულ კულტურათა ურთიერთობაზე. აქვე წაიკითხა ვრცელი მოხსენება ანთიმოზ ივერიელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რუმინეთის საზოგადოებრიობაზე. ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობის ამსახველი მასალები რუმინეთის სასკოლო სახელმძღვანელოში შეიტანეს.

1944 წელს გ. ლეონიძე აირჩიეს საქართველოს სსრ მეცნიერებეთა აკადემიის ნამდვილ წევრად, ხოლო 1959 წელს ქართული პოეზიის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, დაბადების 60 წლისთავთან დაკავშირებით მიენიჭა რესპუბლიკის სახალხო პოეტის საპატიო წოდება. სწორედ ამ საიუბილეო სხდომაზე უთქვამს გოგლას ასეთი რამ: “ცა რომ ქაღალდად გადაიქცეს, ღამის ჰაერი მელნად, ვარსკვლავები გადამწერებად მყავდეს და იმაზე მეტი ასოები დავსხა ქაღალდზე, რაც ზღვაში ქვიშა და თევზია, მაინც ვერ გამოვხატავ ჩემს სიყვარულს ჩემი ერისადმიო”. ეს სიტყვები საუკეთესოდ ახასიათებს მას, როგორც პიროვნებასა და შემოქმედს.

სიკვდილამდე ორი წლით ადრე პოეტი ერთ ლექსში წერდა:
“ჩამოჭკნებიან ეს ყვავილები,
ეს ჯამ-ჯიხვებიც დაიცლებიან,
დაეცემიან მთებში ირმები,
გულს სურვილები გაეცლებიან,
ალაზნის ვაზებს დასცვივათ ოქრო,
დადნება, რაც მთებს დაჰვერცხლებიათ,
ვინ იჯადოქროს? უკვდავების დღეს
მხოლოდ ლექსები დაესწრებიან”.

გიორგი ლეონიძე გარდაიცვალა 1966 წლის 9 აგვისტოს თბილისის მახლობლად, წყნეთში. 14 აგვისტოს მთაწმინდის პანთეონში, რეპროდუქტორიდან გოგლას ომახიანი ხმა ისმოდა – ცოცხალი გიორგი ლეონიძე განსვენებულ გიორგი ლიონიძეს საკუთარი ლექსებით მიაცილებდა, ლექსებით, რომლებიც, მისი თქმით, “უკვდავების დღეს დაესწრებიან”.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

30 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. temo ამბობს:
    14 თებერვალი, 2012წ. 14:15სთ.

    auuuuuuuuuu ra aris dzaan kaia

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. magda ამბობს:
    20 თებერვალი, 2012წ. 10:03სთ.

    zalian sainteresoa

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. თათა ამბობს:
    11 აპრილი, 2012წ. 08:15სთ.

    არ არის აუცილებელი სულ დაწეროტრ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამოწერეთ. გონიერი ადამიანი ეგრე მოიქცევა. მე ეგრე მოვიქეცი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. მარიამი ამბობს:
    18 სექტემბერი, 2012წ. 13:48სთ.

    აქ უმნიშვნელო არაფერია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. სანდრო ამბობს:
    21 აპრილი, 2013წ. 09:40სთ.

    გიორგი ლეონიძის შესახებ იმფორმაცია ძალიან საინტერესო იყო. გიორგი ლეონიძის შესახებ ძალიან ბევრი რამ გავიგე!
    გადაწერა რა წესია უნდა წაიკითხო რასაც ისწავლი ის უნდა დაწერო იმფორმაციაში!
    ჯერ ცოდნა უნდა შეიძინო და მერე დაწერო ინფორმაცია!

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. ზუკა ამბობს:
    18 სექტემბერი, 2013წ. 16:57სთ.

    კარგია და მაგარია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  7. DeadMou5 ამბობს:
    19 სექტემბერი, 2013წ. 20:13სთ.

    ეს თუ პატარაა მაშჰინ არ უნდა დაეწერატ მოკლე ბიოგრაფია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  8. DeadMou5 ამბობს:
    19 სექტემბერი, 2013წ. 20:13სთ.

    აუ ეს მოკლეა)

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  9. ლუკა ამბობს:
    17 მარტი, 2014წ. 10:04სთ.

    რამხელაა რა არი ამხელას რა გადაწერს

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  10. ლიზი ამბობს:
    1 ოქტომბერი, 2015წ. 19:10სთ.

    ძალიან მაგარია! ყოჩაღ ამის დამწერს. ყველაფერი ზუსტად და კარგად ეწერა! ძალიან დამეხმარეთ!

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

1 2

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

2 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 5

› ნოემბერში დედამიწას პლანეტა ZEEB-იდან ესტუმრებიან

ისევდაისევ მორიგი პანიკა იმის შესახებ, რომ დედამიწას კაი არაფერი მოელის 🙁
WWN-ის ცნობით დედამიწას უახლოვდება სამი გიგანტური უცხოპლანეტელთა კოსმოსური ხომალდი, რომელნიც სავარაუდოდ 27 ნოემბერს გვესტუმრებიან.

U.N. ექსპერტთა ჯგუფმა ამ ობიექტებზე დაკვირვებისას დააფიქსირეს › › ›

DU