1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ილია ჭავჭავაძე: მგზავრის წერილები – თავი VI

სტანციაში შევიტყვე, რომ მთებში დიდი დაბრკოლებაა ფოშტით მიმავალისათვის, რადგანაც სტანციებში ცხენები ხშირად თურმე აკლდებათ. მირჩიეს ფასანაურამდე ცხენი მექირავნა და ცხენდაცხენ გადავსულიყავ. მე ეს რჩევა ჭკვაში დამიჯდა. იმ ფიქრით მივეცი თავი ძილს, რომ ხვალე საჯდომს ცხენს ვიქირავებ და ისე გადვივლი მთებსა.

გათენდა. რა მშვენიერი რამა ხარ, დილის რიჟრაჟო! რა მშვენიერი რამა ხარ, დილის ცვრით პირდაბანილო ქვეყანავ! მე მგონია, რომ ამ დილას ყოველი ტკივილი ქვეყნისა უნდა დაყუჩებულიყოს, მაგრამ თერგი მაინც ჰბღავის და იბრძვის. სჩანს, ქვეყნის ტკივლი დაუყუჩავია.

გათენდა და გაიხმაურა ქვეყანამ ადამიანის ხმითა. დღემ დაიწყო თავისი დაუდეგარი ფაციფუცი. კარგია გაღვიძებული ადამიანი!.. მაგრამ უფრო უკეთესია ადამიანი, რომელსაც ძილშიაც არა სძინავს, ქვეყნის უბედურებით გულაღტყინებულსა. ჩემო ლამაზო ქვეყანავ, არიან ამისთანანი შენში? მე მოვნახავ და, თუ ვიპოვე, ვეთაყვანები.

გავედი სტანციის გარეთ და ერთს მოხევეს შევხვდი. ვიქირავე მისგან ცხენი იმ პირობითა, რომ თითონაც ცხენით გამომყოლოდა. ბოლოს არამც თუ ვინანე, დიდად კმაყოფილის დავრჩი, რომ ჩემი საქმე ეგრე მოეწყო. ჩემი მოხევე ძალიან კაცი გამოდგა. იგი იყო ჭაღარამორეული, ხანში შესული კაცი. ბოლოს გამოჩნდა, რომ თვალყურმადევარიც ყოფილა იმ პატარა ქვეყნისა, რომელიც მის გარშემო ბედს შემოეხაზა და რომელიცა იმის უფერულის ცხოვრების მისაქცევ-მოსაქცევად დაენიშნა.

შევსხედით ცხენებზედ და წამოვედით სტეფანწმინდიდამ. უკანასკნელად შევხედე მყინვარს. იგი როგორღაც დიდკაცურად იბღვირებოდა თავის სიმაღლიდამ. ამან ამირია იმ დილით დამშვიდებული გონება. გულმა კიდევ ტოკვა დამიწყო და მკლავმა თრთოლა. სრულის მძულვარებით მოვაშორე თვალი მყინვარის დიდებულებასა და უფრო დიდის პატივით გამოვეთხოვე მის ფეხთა ქვეშე გაგიჟებით მავალს თერგსა.

ჩემი მოხევე სანახავად ღირსი იყო. იგი, თვითონ ზორბად მოსული, იჯდა ერთს პატარა მთის ცხენზედ, რომელიც თითქმის მთელს გზას მგლურის ძუნძულით სასაცილოდ მოძუნძულებდა. ჩემს მოხევეს ჩამოეფხატა ბანჯგვლიანი ქუდი თვალებზედ და ისე გარინდებული იდვა განიერ უნაგირზედ გადაბოტებული, ისე არხეინად და გულამღვრეულად აყოლებდა თავის ახოვანს ტანს ცხენის ძუნძულს, ისეთის დამშვიდებით და განცხრომით აბოლებდა თავის ჩიბუხსა, რომ გეგონებოდათ – ამისთანა ქეიფში სხვა კაცი ძნელად თუ იქნება დედამიწის ზურგზედაო.

– რა გქვიან, ძმობილო? – ვკითხე მე.

– …ლელთ ღუნიას მიხმობენ, – მომიგო მან.

– სადაური ხარ?

– სადაველ? გაიბოტნიდამ, აქაივ მთაჩია, თერგ-კიდურზედ.

– ქართველი ხარ, თუ ოსი?

– ოვსი რაიდ ვიქნები?! ქართველ ვარნ, მახევე.

– კაი ადგილია ეს თქვენი ადგილი.

– არაა გონჯაი: ჩვენს ბეჩაობას შეჰფერობს.

– ამისთანა წყალი, ამისთანა ჰაერი სწორედ ბედნიერებაა.

– ჰმ! – ჩაიცინა მოხევემ.

– რას იცინი?

– საცინალს ვიცინი. ცარიალ სტვამაქი მაგნით ვერ გაძღების.

– აქ ძალიან მოსავალი უნდა იცოდეს?!

– რაიდ არ ეცოდინების? ადგილ არაა გონჯაი, პატარ გვაქვნ: თვითვაულს კაცს ორ-ორ შაბადის ყანა არ ექმნების. ვიწროდ ვარნ.

– ეს დიდი გზა დიდ ხელს მოგცემთ.

– რაი ბედანაა გზაი? იგ მისთვის ვარგობს, ვისეც თვის ნაშვრელ-ნამუშევერ გასატან-გასასყიდ აქვნ.

– მაშ ქირაზედ არ დადიხართ?

– რაიდ არ დავდივართ? დავდივართ.

– მაშ ქირით ფულს იშოვნით.

– ვშაულობთ. ჯიბეჩი არ რჩების: მთის კაცი მახევე სვამეხის კერძია. ჭამადი, სმადი არაა სახლჩი, ნაშოვერ დუქანჩი მიდის.

– მაშ ისევ ბარი სჯობნებია: იქ ხალხი უფრო მაძღარია.

– ვინ უწყის? იქაითაც საჭირბოროტოია დარჩენა. ადგილ ჰხაშმობს. იქაველ კაცს ფერი არა აქვნ, ჯანი არა აქვნ. აქაველ ჯანმრთელნი არნ. ცარგვლის გამჩენმა განაგო იქაით-მაძღრობა, აქაით – სიმრთელე.

– რომელი ქვეყანა სჯობია, მაძღარი თუ მრთელი?

– ორივენ ერთადა. უერთურთოდ ქვეყანაი გონჯაა.

– ორში რომ ერთი ამოგარჩევინონ?

– ორჩიდა? არჩევანზედ? ამ ღორღიან კლდეთ ვიჯობდი, ჯანმრთელია. ადამის ძეი ბალახითაც, გაჭირდის, გაძღების, სატკივარს რაი ეყვის?

ამ დროს ჩემს მოხევეს უეცრად თოკის უზანგი ჩაუწყდა, თავი ვერ დაიმაგრა და ცხენს გვერდზედ მოექცა. მერე ისევ გასწორდა, ჩამოხტა ცხენიდამ და დაიწყო უზანგის გამართვა.

– საჭირბოროტოია შეკაზმულ ცხენ, – წამოიძახა ღიმით მოხევემ, – დაილოც შიშვალ ცხენ: ფეხ გადაწვდიდი და გადაჯდიდი.

მე აღარ მოვუცადე მოხევეს და წინ წავედი.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 5

› Android Apps: Georgian King & Flag

მოგესალმებით
კაი ხანია არაფერი დამიწერია, ცოტა დაკავებული ვიყავი და ვარ კიდეც 😉
ამ ბოლო დროს ძალიან დამაინტერესა პატარა აპლიკაციების შექმნამ ანდროიდ ტელეფონებისათვის და ტაბლეტებისათვის, ხოდა რაღაც-რუღაცეები დავუმუღამე და ვაპირებ კიდე უფრო ჩავწვდე › › ›

DU