1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ილია ჭავჭავაძე: მგზავრის წერილები – თავი V

ჩემოღამდა. თერგისა და მყინვარის ყურებაში და ზოგიერთ ფიქრების გართკაში დრო ისე გამეპარა, რომ თითქმის ვერ შევიტყე, მზე როგორ გამოესალმა მისგან გამთბარ ქვეყნიერებასა და როგორ მიეფარა მთებსა. დაღამდა, თვალწინ აღარა სჩანს-რა, მისწყდა ხმაურობა ქვეყნისა, ქვეყანა დადუმდა.

დაღამდა, მაგრამ არ ვიცი, რას ვიქმოდი, რომ იმედი არა მქონდეს კვლავ გათენებისა. სიცოცხლე სიცოცხლედ-ღა ეღირებოდა?.. მიყვარს, ბუნებავ, შენი დაწყობილობა, რომლის მეოხებითაც ყოველი ღამე თენდება ხოლმე.

დაღამდა, მაგრამ მე მაინც სტანციის გარედა ვარ და დაჟინებით ყურდაცქვეტილი გონებას ვადევნებ თერგის თავზედ ხელაღებულის დენის ხუილსა. ყველა დადუმდა და შენ არ სდუმობ, თერგო! მერწმუნეთ, მე მესმის ამ ხმაგაკმენდილს ქვეყანაში თერგის დაუჩუმარი ჩივილი. არის ადამიანის ცხოვრებაში იმისთანა წუთნი მარტოობისა, როცა ბუნებას შენ თითქო შენსას აგებინებ და იგი თავისას შენ გაგებინებს. ამიტომაც შეგიძლიან სთქვა, რომ მარტოობაშიც არსად მარტო არა ხარ, ჰოი, ორფეხო ცხოველო, რომელსაც ადამიანს გეძახიან. ამ ღამეს ვგრძნობ, რომ ჩემის ფიქრებისა და თერგის ჩივილის შუა არის რაღაც იდუმალი კავშირი, არის რაღაც თანხმობა. გული მიტოკს და მკლავი მითრთის. რისთვის? დროს დავაცალოთ ამის პასუხის მიცემა.

დაღამდა. მისწყდა ადამიანის ფეხის ხმა, მისწყდა ადამიანის მორჭმული ხმაურობა, აღარ ისმის მისის დაღლილის ზრუნვლისა და წადილის გუგუნი, ქვეყნის ტკივილმა დაიძინა, ადამიანი აღარა სჩანს ჩემს გარშემო. ვაი, რა ცარიელია ეს სავსე ქვეყანა უადამიანოდ!.. არა, წარიღეთ ეს ბნელი და მშვიდობიანი ღამე თავის ძილითა და სიზმრებითა და მომეცით მე ნათელი და მოუსვენარი დღე თავის ტანჯვითა, წვალიბითა, ბრძოლითა და ვაი-ვაგლახითა! ჰოი, ბნელო ღამევ, მეჯავრები შენ მე! შენ რომ არ დაარსებულიყავ ქვეყნისათვისა, მე მგონია, რომ ნახევარი უბედურობაც ადამიანისა ქვეყანაზედ არ იქნებოდა. შენთა მოვლენათა დასცეს პირველად თავზარი ადამიანის გონებასა და დააფრთხეს იგი. მას აქეთ შეშინებულსა გზა თვისი ვერ უპოვნია, – და აჰა, იბრძვის ადამიანი და დღევანდელამდე ათასში ერთსა თავისი ერთხელ დამფრთხალი გონება ფრთხოლას ვერ გადაუჩვევია. აი მიზეზი ქვეყნის უბედურობისა. ჰოი, ბნელო ღამევ! მეჯავრები შენ მე. შენის კალთის ქვეშა, ვინ იცის, რამდენი გაბოროტებული მტერი ადამიანისა ეხლა თავს იმალავს? ვინ იცის, ამ ბნელ ფარდის ქვეშ, რომელიც ეხლა ჩემს თვალს ჩამოაფარე, რამდენი მჭედელი და მტარვალი ქვეყნისა სჭედავს ბორკილთა ადამიანის ბედის შესაჭედად? შენ ხარ ხელის შემწყობი იმ ხელობისა, რომელსაც თვალთმაქცობას ეძახიან და რომელიც ადამიანის დამფრთხალს გონებასა უბედურობას ბედნიერებად აჩვენებს ხოლმე; შენ ხარ ჟამი და დრო კუდიანების სერბოსა, საცა ისმის სადღეგრძელო სიბნელისა. ჰოი, ბოროტო, წარველ ჩემგან, დღეო ნათელო, მოვედ შენ!..

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

6 votes, average: 5.00 out of 56 votes, average: 5.00 out of 56 votes, average: 5.00 out of 56 votes, average: 5.00 out of 56 votes, average: 5.00 out of 5

› შიო გვეტაძე: მონანიება – თავი X

კარებში კიტოვანის გაუპარსავი სახე გამოჩნდა, შემდეგ მთელი ტანით შემოიმართა, მანძილი კარებიდან საწერ მაგიდამდე თავისებური მოძრაობით გაიარა და შეუპატიჟებლად ჩამოჯდა კუთხეში მდგარ სკამზე. ფეხი ფეხზე გადაიდო და პაპიროსი გააბოლა.მისი სახე არც › › ›

DU