1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ილია ჭავჭავაძე: მგზავრის წერილები – თავი III

რაკი ვლადიკავკასიდამ გამოვედი და ჩემის ქვეყნის სიომ დამკრა, გულმა სხვაგვარად დამიწყო ფეთქვა. პოვოსკაში ქვებზედ ხათქა-ხუთქი უკეთესთა ფიქრთა დამიბნევდა ხოლმე. ახლა კი, როცა სტანციის ოთახის ტახტზედ მამაპაპურად გავიშოტე, ღვთის წყალობა შენ გქონდეს, რომ მე ფიქრს მივეცი სრული ჩემი გულისყური და ყურადღება. ჯგუფად მომიგროვდა ყოველიფერი, რაც კი დამეტოვა ჩემს მშვენიერს პატარძალსავით მორთულს ქვეყანაში, რაც კი მენახა, მეცადნა და მეცნო უცხოეთშია. მრავალნაირი ფიქრები ერთად, რეულად, გონების თვალწინ წარმომიდგნენ, მაგრამ ელვის უმალეს ერთი ფიქრი მეორეზედ მეცვლებოდა, ასე რომ ჩემი გონების თვალი ერთ და იგივე საგანზედ ერთს წუთსაც ვერ გავაჩერე – ერთის სიტყვით, ჩემს ტვინში სრული რევოლუცია მოხდა: ძირს მილაგებულნი ფიქრები მაღლა მოექცნენ, მაღლა დალაგებულნი – ძირსა და მერე აირივნენ ერთმანეთში. სიტყვამ „რევოლუციამ“ არ შეგაშინოს, მკითხველო! რევოლუცია იმისთვის არის გაჩენილი, რომ მშვიდობიანობა მოაქვს. ღვინო ჯერ უნდა ადუღდეს, აირიოს-დაირიოს და მერე დაიწმინდება ხოლმე. ესეა ყველაფერი ამ ქვეყანაზედ.

ამ ყოფაში ვიყავ. ბოლოს ჩემთა ფიქრთა, ყოველმა თვითვეულად, თავისი შესაფერი ადგილი დაიჭირა ჩემს გონებაში. მათ შორის ერთი უფრო ბრწყინვალედ გამომეხატა. იმ ერთს მოჰყვა მეორე, მეორეს – მესამე, ასე ბოლოს ერთ განუწყვეტელ გრეხილად შემექმნენ. როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე, – ვიფიქრე. რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე? ვინ იცის: იქნება მე ჩემმა ქვეყანამ ზურგი შემომაქციოს, როგორც უცხო ნიადაგზედ გადარგულსა და აღზრდილსა? იქნება ზურგიც არ შემომაქციოს, იქნება მიმითვისოს კიდეცა, რადგანაც ჩემში მაინცდამაინც ჩემის ქვეყნის დვრიტაა დადებული. მაგრამ მაშინ რა ვქმნა, რომ ჩემმა ქვეყანამ მამიყოლოს და მიამბოს თავის გულისტკივილი, თავისი გლოვის ფარული მიზეზი, თავისი იმედი და უიმედობა, და მე კი, მის ენას გადაჩვეულმა, ვერ გავიგო მისი ენა, მისი სიტყვა? იქნება მიმიღოს კიდეც და, როგორც თავისი შვილი, გულზედაც მიმიკრას და ხარბად დამიგდოს ყური, მაგრამ მე შევძლებ კი, რომ მას ღვიძლი სიტყვა ვუთხრა და იმ სიტყვით გულისტკივილი მოვურჩინო, დავრდომილი აღვადგინო, უნუგეშოს ნუგეში მოვფინო, მტირალს ცრემლი მოვწმინდო, მუშაკს შრომა გავუადვილო; იმ სიტყვით ვასმინო, რომ არის მრავალი ქვეყნები, ჩვენზედ უფრო უბედურად გაჩენილნი, მაგრამ უფრო ბედნიერად მცხოვრებნი; და ის თვითოეული ნაპერწკალი, რომელიც არ შეიძლება რომ ყოველს კაცში არა ჟოლავდეს, ერთ დიდ ცეცხლად შევაგროვო ჩემის ქვეყნის გაციებულის გულის გასათბობლად. შევიძლებ კი? შევიძლებ გასაგონის ღვიძლის სიტყვის თქმასა? გადავწყვიტე, რომ ჩემი ქვეყანა მიმიღებს და მიმითვისებს კიდეც, იმიტომ, რომ იმისი სისხლი და ხორცი ვარ; იმის სიტყვასაც და ენასაც გავიგებ, იმიტომ, რომ მამულს შვილი ყურს უგდებს განა მარტო ყურითა, გულითაცა, რომლისთვისაც დუმილიც გასაგონია; ჩემს სიტყვასაც გავაგებინებ, იმიტომ, რომ შვილის სიტყვა მშობელს ყოველთვის ესმის. მაგრამ ამას სულ სიტყვაზედ ვლაპარაკობ, საქმე კი საქმეშია. შენმა ქვეყანამ საქმე რომ მოგთხოვოს, მაშინ რასა იქმ? – ვკითხე მე ჩემს თავს და გავჩერდი კიდეც. ვიგრძენ, რომ ამ კითხვამ შესწყვიტა ის ზემოხსენებული ჩემი ფიქრების ფერადი გრეხილი.

– მართლა-და რა უნდა ვქნა? – ვკითხე მე ჩემს თავს ხმამაღლივ.

– ჩაი უნდა მიირთოვო, – მიპასუხა სტანციის გუშაგმა, რომელმაც ამ დროს შემოიტანა სამოვარი და ჩემს სტოლზედ დადგა.

– ჩაი!..

– სამოვარი იმისთვის არ მიბრძანეთ? – მიპასუხა სულელმა გუშაგმა და გავიდა გარეთ. არ გასულა ამის შემდეგ რამდენიმე წუთი, რომ კარი ისევ გაიღო და ერთმა რუსის აფიცერმა შემოჰყო თავი. იმისი სახის მეტყველება ამჟღავნებდა, რომ ღვინოსა და არაყს ძალიან დაახლოვებით იცნობდა. თვალად ერთი ოცდაათის წლისას ჰგვანდა. ზედ ეტყობოდა, რომ მგზავრი არ იყო.

– ნება მომეცით, – მითხრა მან რუსულად, – გაგაცნოთ ჩემი თავი: მე გახლავართ პადპარუჩიკი N. აქ ლარსში ვდგავარ, როტა მაბარია.

– ძალიან მოხარული ვარ, – ვუპასუხე მე, წამოვუდეგ ფეხზედ და ჩამოვართვი გამოწვდილი ხელი.

– საიდამ მობრძანდებით?

– პეტერბურგიდამ.

– ფრიად სასიამოვნოა. ამ უდაბურსა და ვერანა ადგილას ერთი ეგ სიამოვნებაღა მაქვს, რომ შევხვდები ხოლმე მგზავრს განათლებულის ქვეყნიდამ. კაცი, რომელიც გონებითა სცხოვრობს, მოვალეა ღვთისა და ქვეყნის წინაშე შეხვდეს განათლებულს კაცს საბაასოდ გონების გასაფხიზლებლად. დიდად მოხარული ვარ. ბაასი ჭკვის საზდოა.

მითხრა ესა და კიდევ გამომიწოდა ხელი, მეც ხელმეორედ ხელი ჩამოვართვი.

– თქვენ ვინა ბრძანდებით? – მკითხა მან.

– მე გახლავართ ერთი სომხის სოვდაგრის დახლიდარი.

– დახლიდარიო!.. – სთქვა და ტუჩები აიპრუწა.

– დიაღ, ბატონო!

ჩემმა ახალმა ნაცნობმა რომ ეს გაიგონა, მყისვე დიდკაცური სანახაობა მიიღო: მხრები მოიმარჯვა, ის პირველად მორიდებული ლაპარაკი სხვა ჰანგზედ შესცვალა.

– საიდამ მოდიხა-ა-ართ?! – მკითხა გაკვირვებით და დაცინებითაცა.

– პეტერბურგიდამ.

– ჰმ, – ჩაიცინა აფიცერმა, – პეტერბურგიდამ. კარგია, გღირსებიათ პეტერბურგის ნახვა. პეტერბურგი!.. ძალიან კარგი ქალაქია, – სთქვა ესა და არხეინად ჩამოჯდა სკამზედ: – პეტერბურგი!.. ო, ო, დიდი ქალაქის პეტერბურგი!.. ვრცელი ქალაქია!.. არა ჰგავს თქვენ წიტიან ქალაქსა. აბა რა ქალაქია თქვენი ქალაქი? ერთი თავიდამ რომ გადააფურთხო, ფურთხი ქალაქის ბოლოს დაეცემა. პეტერბურგი კი… ხომ გინახავთ პეტერბურგი? რუსეთის გულია. მართალია აქამდისინ მთელი რუსეთი ჰფიქრობდა, რომ მისი გული მოსკოვია, მაგრამ მთელს რუსეთს მე გავუფანტე ეგ ცრუ და უგუნური აზრი: მე მწერალი გახლავართ. გთხოვთ, რომ მიცნობდეთ. ეგრე კი ნუ მიყურებთ. მე დავამტკიცე, რომ პეტერბურგია მთელი რუსეთის გული. იზლერის ბაღი ხომ გინახავთ?

დავუგდევი ყური ამ აფიცერს და გულში კი ვფიქრობდი, ხომ არ გაგიჟებულა-მეთქი, მაგრამ გარდა ამ გადარეულის ლაპარაკისა არა შევატყვე-რა.

– არა, იზლერის ბაღი გინახავთ, თუ არა? – მკითხა კიდევ იმან.

– პეტერბურგის გულობა რით დაამტკიცეთ? – ვკითხე მე და არ მივეცი პასუხი მის უკანასკნელ კითხვაზედ.

– არა, ჯერ მე მითხარით: იზლერის ბაღი გინახავთ, თუ არა? თქვენ, აქაურები, ესე იგი ქართველები თუ სომხები, სამეცნიერო ლაპარაკს ჩვეულნი არა ხართ, ამიტომაც ერთის საგნიდამ მეორეზედ გადახტებით ხოლმე. თქვენ ზედმიყოლებითი, რიგიანი სჯა არ იცით. ეგ, რასაკვირველია, გაუნათლებლობისაგან მოგდით. მგონი, თქვენ არც კი იცით, – რა არის ცივილიზაცია, ასოციაცია, არღუმენტაცია, ინტელიგენცია, კასსაცია და ფილოლოღია. მაგრამ ესე არაფერი, წარმავალია. თქვენც გაიწურთნებით. მადლობა ღმერთს, აფიცრობა და ჩინოვნიკობა ბევრი მოდის რუსეთიდამ თქვენს გასანათლებლად. არა, ჯერ მითხარით, იზლერის ბაღი გინახავთ, თუ არა? თუ ეს არ გინახავთ, პეტერბურგიც არ გინახავთ.

– მინახავს.

– გინახავთ? მაშ თქვენ განათლებულებში ფეხი ჩაგიდგამთ. ფრიად მოხარული ვარ, ფრიად მოხარული ვარ. იზლერის ბაღი? როგორი ბაღია, ჰა? ფერიებით სავსე სამოთხე ის არის, აი! ფერიები, ხომ იცით, რა არის? ეგ სამეცნიერო სიტყვაა, იქნება არ იცოდეთ. ეგ მდაბიურად რომ ვთარგმნოთ, იმასა ჰნიშნავს, რომ ის ბაღი სავსეა ჟუჟუნათვალებიან ქალებითა. გინდა ერთს ჩაავლე ხელი, გინდა მეორეს. აი, განათლებას რა შეუძლიან. თქვენი ქალები კი კაცს დაინახავენ თუ არა, იმალებიან. არა, პეტერბურგი… დიდი ქალაქია, ფრიად განათლებული, და იზლერის ბაღი განათლების გვირგვინია, ასეთი ბაღია, რომ „მწუ“.

ამ სიტყვებზედ მეცნიერმა აფიცერმა თითებზედ იკოცა.

– მე იმედი მაქვს, რომ ეს სამოვარი ამ სტოლზედ თქვენთვის სდგას.

– თქვენმა იმედმა არ მოგატყუათ თქვენ.

– მე იმედი მაქვს, რომ თქვენ, როგორც განათლებულის ქვეყნიდამ მოსული კაცი, მეც მითავზებთ ჩაისა.

– არც მაგ იმედს გაგიმტყუნებთ.

– რომიც, რასაკვირველია, გვექნება.

– მაგაზედ კი უკაცრავად.

– ეგ ვერაფერი ნიშანია. თქვენ სომეხი ხართ, თუ ქართველი?

– ქართველი.

– ძალიან მიამა, რომ ქართველი ხართ. თუმცა ჩვენი ლერმონტოვი ამბობს, რომ бежали робкие грузины, მაგრამ მაინც ქართველები სჯობიან იმ პოიებსა. პაპიროზები კი, რასაკვირველია, გექმნებათ.

– გახლავთ.

– იმედი მაქვს, რომ მითავაზებთ.

– დიდის სიამოვნებით, ინებეთ.

– აბა, მაშ თქვენ ჩაი დაასხით და მერე მოვყვეთ სამეცნიერო ლაპარაკსა. თუმცა თქვენთვის ძნელი იქნება სამეცნიერო ლაპარაკის გაგება, მაგრამ მე შიგადაშიგ სამეცნიერო სიტყვებს მდაბიურად გითარგმნით და ამრიგად სამეცნიერო ლაპარაკის გაგებაც გაგიადვილდებათ.

მე ჩაი დავასხი და ერთი ჭიქა იმას დავუდგი. ჩაი რომ მოსვა, გამოაბოლა პაპიროსი და მოჰყვა ლაპარაკსა.

– თქვენი ქვეყანა, მეცნიერის ენით რომ ვთქვა, განათლებული არ არის, ესე იგი, მდაბიურის ენით რომ ვთქვა, გაუნათლებელია. ხომ გესმით?

– ძალიან კარგად.

– აკი მოგახსენეთ, გაგიადვილებთ-მეთქი სამეცნიერო სიტყვების გაგებასა. ახლა დავიწყოთ იქიდამ, რომ თქვენი ქვეყანა განათლებული არ არის, ესე იგი, გაუნათლებელია. ეს ჩაი მოსკოვისა უნდა იყოს?

– არა, სტავროპოლში ვიყიდე.

– სულ ერთია. ახლა დავიწყოთ, როგორც წეღანა ვთქვით, იქიდამ, რომ თქვენი ქვეყანა განათლებული არ არის. ეგ იმასა ჰნიშნავს, რომ თქვენი ქვეყანა ბნელია. ხომ გესმით?

– დიაღ, კარგად.

– ახლა რაკი იქიდამ დავიწყეთ, რომ თქვენი ქვეყანა განათლებული არ არის, ისიც უნდა ვთქვათ, რომ განათლება რა არის. მე ამას მაგალითებით აგიხსნით: წარმოიდგინეთ ბნელი ოთახი. წარმოიდგინეთ, თუ არა?

– წარმოვიდგინე.

– არა, იქნება სადმე ერთი ფანჯარა ღია დაგრჩათ, ისიც დაკეტეთ.

– დავკეტე, – ვუპასუხე მე და სიცილი მომივიდა.

– ძალიან კარგი. რაკი ის ფანჯარაც დაკეტეთ, ფარდაც ჩამოაფარეთ.

– ჩამოვაფარე.

– რაკი ფარდაც ჩამოაფარეთ, ოთახიც დაბნელდება, ვეღარაფერს დაინახავთ. უეცრად შემოიტანეს სანთელი, განათდა ოთახი. განათლებაც ეგ არის. სწორედ მოგახსენოთ, არც ეს პაპიროზია ურიგო. პეტერბურგიდამ იქნება?

– არა, ვლადიკავკასში ვიყიდე.

– სულ ერთია. ახლა ხომ გესმით განათლების მნიშვნელობა?

– ძალიან კარგად.

– ახლა, რადგანაც აგიხსენით განათლების მნიშვნელობა, თქვენ უნდა ერთი რამა გკითხოთ: თქვენში ცივილიზაცია როგორ მიდის?

– მაგისას ვერ მოგახსენებთ: დიდი ხანია ჩემს ქვეყანაში არა ვყოფილვარ.

– ეგ არაფერი, მე ეხლავ შევიტყობმ როგორ მიდის: რამდენი გენერლები გეყოლებათ თქვენ, ქართველებს?

– იქნება ერთი ოციოდე მოგროვდეს.

– რაო, ოციოდეო!.. ო, ო, ეგ დიდი საქმეა, – წარმოსთქვა დიდის ყოფით ჩვენმა მეცნიერმა აფიცერმა, – ოციოდეო!.. ამ ერთ მუჭა ხალხში და ოცი გენერალი!.. ეგ, ბატონო, დიდი ცივილიზაცია გქონიათ. ვერ უყურებთ, ოციოდე გენერალი! არა მჯერა. იქნება თქვენ, მეცნიერების ენით რომ ვთქვათ, დეისტვიტელნი სტაცკის სოვეტნიკებსაც მართალ გენერლებშია სთვლით, ესე იგი, მდაბიურის ენით რომ ვთქვა, იქნება შტაცკის გენერლებსა, ანუ უფრო მდაბიურად რომ ვთქვა, უეპოლეტო გენერლებსა, ანუ ამაზედ უფრო მდაბიურად რომ ვთქვა, უულვაშო გენერლებსაც მართალს გენერლებში სთვლით? უთუოდ ეგრე იქნება.

– არა, თქვენმა მზემ, – დავუფიცე მეც, – არა, თქვენმა მზემ, სულ მართალს გენერლებს მოგახსენებთ.

– ოციოდ მართალი გენერალი! ბარაქალა მართლმადიდებელ რუსეთს! სახელი და დიდება! საცა ფეხს შესდგამს, დაამყარებს ხოლმე ცივილიზაციას. სულ რამდენი წელიწადია, რაც რუსეთი აქ შემოვიდა?

– იქნება სამოცდაათი.

– შვიდს წელიწადში ორი გენერალი? დიდი საქმეა, დიდი ცივილიზაცია არის. მერე როგორი გენერალი?! მართალი გენერალი! თუ ღვთის ძალით თქვენში ცივილიზაციამ ეგრე იარა, სამოცდაათ წელიწადს უკან კიდევ ოცი გენერალი მოგემატებათ და სულ ორმოცი შეიქნება. დიდი საქმეა. მე ეგ არ ვიცოდი. ან საიდამ უნდა შემეტყო? სულ არ იქნება სამი წელიწადი, რაც ამ ქვეყანაში ვარ. სწორედ მოგახსენოთ, არც მოცლა მქონდა, რომ თქვენის ქვეყნისათვის მეცნიერი თვალი დამეკვირვებინა. მე ერთს დიდს საოსტატო საგანს მოვეკიდე, მრავალი ვიძიე, ისტორიები წავიკითხე და ჩემი დრო სულ ამ სამეცნიერო საქმეზედ გადავაგე. მაგრამ ცუდად არ წახდა ჩემი ღვაწლი, შთამომავლობა მოიგონებს ჩემს სახელსაცა.

– რა იმოქმედეთ?

– რა ვიმოქმედე? ადვილი სათქმელია! აი, ბატონო, რუსეთში მებატონეებს ყმები ჩამოართვეს. მებატონეს ბიჭი აღარ შერჩა. მოჯამაგირეს ანაბარა დარჩა. შეწუხდა ქვეყანა, მოჯამაგირეებმა დაუწყეს ყველაფერს სახლში პარვა. მე, როგორც გულმტკივნეული შვილი, ჩავუფიქრდი ამ ჩემის ქვეყნის მწუხარებას, – ვთქვი: ქვეყანას შველა უნდა-მეთქი. მადლობა ღმერთს, ვუშევლე კიდეც. ასეთი რამ მოვიგონე, რომ მოჯამაგირეს სახლში პარვა აღარ შეუძლიან. ერთმა უბრალო შემთხვევამ კი მაპოვნინა წამალი. ჩემი დენშჩიკი ფრიად დიდი ქურდი იყო, საშაქრეში შაქარს აღარ უშვებდა. ვიფიქრე, ვიფიქრე, როგორ ვუშველო ამ საქმეს-მეთქი. დავიწყე ყუთის დაკეტა, მაგრამ ხან დაკეტა დამავიწყდებოდა ხოლმე, ხან გასაღები სტოლზედ დამრჩებოდა ხოლმე, და როცა სახლიდამ გავიდოდი, დენშჩიკი შაქარს მომპარავდა. ბოლოს ავიღე, ორი ბუზი დავიჭირე და ჩავსვი საშაქრეში, თავი დავახურე და არ დავკეტე კი. ახლა მკითხავ – რისთვისაო? იმისთვისა, რომ თუ დენშჩიკი კიდევ შაქრის მოპარვას დააპირებდა, ხომ ყუთი უნდა გაეღო. რაკი ყუთს თავს ახდიდა, ბუზები მაშინვე ამოფრინდებოდნენ. მერე, როცა შინ მოვიდოდი, ავხდიდი ყუთს და შიგ რაკი ბუზებს აღარ ვნახავდი, აშკარა იქნებოდა, რომ ყუთის თავი აუხდია ვისმე. ვინ ახდიდა, თუ არა ჩემი დენშჩიკი. რაკი ეს გამოვიგონე, მე დენშჩიკი შაქარს ვეღარ ვპარავს.ეხლა, ყოველ დილას, ჩაის გავათევებ თუ არა, ოთახში ბუზებს ვიჭერ. დავიჭერ ბუზებს, ჩავსვამ შაქრის ყუთში და მთელი დღე არხეინადა ვარ. ვიცი, რომ არავინ მომპარავს. როგორ მოგწონთ ჩემი აზრი? იაფი და ქურდობის უებარი წამალია. ეგ წამალი ყველაფერში იხმარება, რასაც კი ჩვენს ოთახში ყუთებში ვინახავთ ხოლმე. ეს აზრი ჯერ არავისათვის არ გამიმჟღავნებია, მაგრამ თქვენი ქვეყანა ისე მიყვარს, რომ თქვენ ეგ გაცნობეთ და გთხოვთ – თქვენც გაუნათლებელს მებატონეებს აცნობოთ. ერთი ეგ არის, რომ არყის ქურდობას ჯერ ვერა ვუშველე-რა. არყის ბოთლშიაც კი ვცადე ბუზების ჩასმა, მაგრამ ეგ წყეულები შიგ იხრჩობიან – губа не дура. მაგრამ მაგის წამალსაც მალე მოვიგონებ. არა, როგორ მოგწონთ ჩემი ოსტატობა? გრანცუცებმაც იციან ხოლმე მაგისთანა ეშმაკობის მოგონება, მაგრამ იმათის მაშინების ყიდვა ძვირია, ეს ჩემი ოსტატობა კი გროშიც არ დაჯდება. აბა რა არის ორი ბუზის დაჭერა და ყუთში ჩასმა? დიდი არაფერი. აბა ეხლა ჰნახეთ, რა შედეგი ექნება ამ ჩემ მოგონილ საქმეს: ეს ჩემი ოსტატობა რომ გავრცელდება, მაშინ შეიძლება რომ ბუზების სყიდვა დაიწყონ. აი, ქვეყანაში ახალი აღებ-მიცემობაც გაჩნდება: ჩაივლით ერთს მშვენიერ დილას თქვენს ქალაქში და დაინახავთ ბუზების მაღაზიასა. ცუდია თუ? რამდენი მშიერი კაცი ლუკმას იშოვნის ბუზების მეოხხებითა. ეხლა კი ბუზები რანი არიან? არაფერი. რის გამოსადეგნი არიან? არაფრისა. აი, მეცნიერის და ჭკვიანის კაცის ნამოქმედებსა და ნაღვაწლს რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისათვის. მე აქ არ მოვდიოდი, თუმც კი ბევრს მეხვეწებოდნენ. ჩემს გულში ვამბობდი: ღმერთს თუ ნიჭი მოუცია რამე ჩემთვის, ისევ ჩემებს გამოვადგე-მეთქი, მაგრამ ამ ახლად დაჭერილ ქვეყნებს უფრო განათლება უნდა-მეთქი; აქ განათლებული კაცები საჭირონი არიან. აბა ცოტა ხანი მოიცადეთ, რა მოხდება. მე ხომ, ზევით, რომ ვთქვი, ის მოვიგონე, ახლა სხვა ჩემისთანა სხვას მოიგონებს, იქნება იმისთანა კაციც გამოვიდეს, რომ თქვენს ქალაქშიც იზლერის ბაღი გამართოს: მეცნიერის კაცისათვის ყველაფერი შესაძლოა. ამ ყოფითა მთელი პეტერბურგის განათლება აქ გადმოვა. მაშინ ჰნახავთ, რომ ერთს მშვენიერ დღეს სეირნობა გაიმართება იზლერის ბაღში, იმ ბაღში თქვენი ქალები თამამად სიარულს დაიწყებენ, გინდა ერთს უთხარ „შენი ჩირიმე“, გინდა მეორეს, ხმასაც არ გაგცემენ. აბა ხალხი მაშინ დაინახავს თავისს სამოთხეს, როგორც მეცნიერნი იტყვიან, ესე იგი, სამოთხე რომ მდაბიურად ვთქვათ… მაგრამ რა ვთქვათ, მდაბიურადაც სამოთხე სამოთხეა. ხომ გესმით?

– ძალიან კარგად.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

4 votes, average: 4.50 out of 54 votes, average: 4.50 out of 54 votes, average: 4.50 out of 54 votes, average: 4.50 out of 54 votes, average: 4.50 out of 5

› ანა კალანდაძე: მრავალჟამიერ!

შენს ლურჯ მწვერვალებს, თოვლი რომ ფარავს,
თერგს და დარიალს,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
შენს შმაგ ჩანჩქერებს, მთებიდან ბარად
რომ იჩქარიან,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
შენს მამაც გმირებს, – გზა საომარი
მხნედ რომ გალიეს,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
თავისუფლების, შრომის › › ›

DU