1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ილია ჭავჭავაძე: მგზავრის წერილები – თავი II

ამ ყოფით განვშორდი ვლადიკავკასს და პირი ჩემის ქვეყნისაკენ ვქენი. თერგის ხიდი ისე გამოვიარე, რომ, არამცთუ წყალი დამელოს, თვალიც არ ამიხილებია. მეშინოდა, თერგდალეულობა არ დამწამონ-მეთქი. თერგდალეულები ჩვენს ქართველ კაცს როგორცღაც არ ეჭაშნიკება და არ მოსწონს. ამაზედ ფრიად საფუძვლიანი საბუთი აქვთ: პირველი, იმიტომ არ მოსწონთ, რომ თერგდალეულები მართლა-და თერგდალეულები არიან, მეორე იმიტომ… იმიტომ, რომ მეორესაც თერგდალეულები არიან, მესამე იმიტომ… იმიტომ… იმიტომ, რომ მესამედაც თერგდალეულები არიან. მოდი და ამისთანა ჭკვიანური საბუთი სხვა საბუთით დაურღვიე ჩვენს დარღვეულს ქართველობას.

ეგ დასაღუპავი თერგი! რა ორპირი ყოფილა! დახე, როგორ მიმკვდარა. რაკი ზურგი ჩვენსკენ უქნია და პირი რუსეთისაკენ, რაკი გაუმინდვრებია და გაუვაკნია, როგორღაც ის დევგმირული ხმა ჩასწყვეტია. ჩვენი დამთხვეული თერგი ვლადიკავკასთან ის თერგი აღარ არის, რომელზედაც ჩვენს პოეტს უთქვამს:

„თერგი ჰრბის, თერგი ჰღრიალებს,
კლდენი ბანს ეუბნებიან…“

იქ ისე დამდოვრებულა, ისე მიმკვდარა, თითქო ან როზგქვეშ არის გატარებულიო, ან დიდი ჩინი მიუღიაო. მაგრამ იქნება თერგი იქ ეგრე იმიტომ მიჩუმებულა, რომ მობანე კლდენი გვერდით არ ახლავს, ის კლდენი, რომლის

„კლდოვანთა გულთა ღრუბელნი
შავადა ზედ დასწოლიან
და მრისხანებით ქვეყანას
წარღვნითა ემუქრებიან“.

მაგრამ მაინცდამაინც ვაი შენ, ჩემო თერგო! შენ, ჩემო ძმობილო, ზოგიერთ კაცსავით, საცა მისულხარ, იქაური ქუდიც დაგიხურავს. ცოდვა არ არის, შენი ჭექა-ქუხილი, შენი ზარიანი ხმაურობა, შენი შფოთვა და ფოთვა, შენი გაუთავებელი ბრძოლა ქვე-კლდე-ღრესთან, თითქო შენი განიერი წადილი შენს ვიწრო საწოლში ვერ მოთავსებულაო. ბევრი რამ საგულისყუროა შენში, ჩემო დაუმონავო თერგო, შენს ძლევამოსილს და შეუპოვარს დენაშია. აქ კი მიმრჩვალხარ დამარცხებულ და ნათრევ ლომსავითა. ცოდვა ხარ და ცოდვას შვრები!..

„ჰე, სოფელო, რაშიგან ხარ,
რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა?“

შუადღე იყო, რომ ლარსის სტანციაში მოვედი. ლარსამდი ჩემმა გულმა ვერაფერი განსაკუთრებითი სიამოვნება ვერ მიიღო-რა, გარდა იმისა, რომ რამოდენადაც ჩემს სამშობლოს ქვეყანას ვუახლოვდებოდი, იმოდენად გარემო ბუნებას ჩემის ქვეყნის ფერი ემატებოდა და თერგს შფოთვა და ღელვა.

შევედი სტანციის ცარიელს ოთახში, ჩაის დალევა მინდოდა და ამის გამო სამოვარის დადგმა შევუკვეთე ერთს ფეხმოტეხილ სალდათსა, რომელიც ბოლო სტანციის გუშაგად გამოდგა. მანამ სამოვარს შემოიტანდნენ, მივწექ გაფიცრულ ტახტზედ და თავი ფიქრებს მივეცი.

ოთხი წელიწადი იყო, რაც მე რუსეთში ვიმყოფებოდი და ჩემი ქვეყანა არ მენახა. ოთხი წელიწადი!.. იცი, მკითხველო, ეს ოთხი წელიწადი რა ოთხი წელიწადია! პირველი, რომ მთელი საუკუნეა მისთვის, ვინც თავის ქვეყანას მოშორებია. მეორე, ეგ ოთხი წელიწადი ცხოვრების საძირკველია, ცხოვრების წყაროს სათავეა, ბეწვის ხიდია, სიბნელისა და სინათლის შუა ბედისაგან გადებული. მაგრამ ყველასთვის კი არა, მარტო იმათთვის, ვინც რუსეთში წასულა, რათა ჭკუა ავარჯიშოს, ტვინსა და გულს მოძრაობა მისცეს, – ფეხი აადგმევინოს. ეს ის ოთხი წელიწადია, რომელიც ჭაბუკის ტვინში და გულში გამოჰკვანძავს ხოლმე ცხოვრების კვირტსა. ეს კვირტი კიდევ ის კვირტია, რომელიდამაც მშვენიერი და ბრწყინვალე მტევანიც გამოვა და ძაღლყურძენაცა. ოო, ძვირფასო ოთხო წელიწადო! ნეტავი იმას, ვისაც შენგან გადებული ბეწვის ხიდი ფეხთაქვეშ არ ჩასწყდომია, ნეტავი იმას, ვინც შენ რიგიანად მოგიხმარა.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 1.00 out of 51 vote, average: 1.00 out of 51 vote, average: 1.00 out of 51 vote, average: 1.00 out of 51 vote, average: 1.00 out of 5

› იესოს 12 მოციქული: ბართლომე

წმიდა მოციქული ბართლომე (ძე თოდომესი) წარმოშობით გალილეის ქალაქ კანიდან იყო და განეკუთვნება უფლის 12 მოციქულთა რიცხვს. წმიდა იოანე მახარებელი მას ნათანაელს (ღვთის ნიჭი) უწოდებს (იოანე 1, 45-51; 21, 2). › › ›

DU