1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» გიორგი მერჩულე: გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება (§31-60)

თავი XXXI

რაჟამს ხანძთაჲ იქმნა სახელოვან მადლითა და სახარულევან სულიერთა შვილთაგან, მას ჟამსა მიძნაძოროჲთ ხანძთად მოვიდა დიდი მეუდაბნოე მიქელ მამაჲ, რომელიცა დაემკვიდრა პარეხთა, რამეთუ იყო იგი მეგობარ ნეტარისა მამისა გრიგოლისა. და ეძიებდა მარტოდმყოფებასა და პოვა თავისა თვისისა სამკვიდრებელი ბერთისა პარეხთა და განზრახვითა ამის წმიდისაჲთა, დაემკვიდრა მათ შინა და კეთილად წარემართა სათნოებათა მიმართ უფლისათა.

ხოლო მტერი – ეშმაკი იგლოვდა ფრიად, რამეთუ ხედვიდა წმიდათა კაცთა განმრავლებითა ჟამისა თვისისა შემოკლებასა. და მიქელისთვის დიდსა საუცრებასა ცხადად და ფარულად ჰყოფდა, რაჲთამცა განიოტა უდაბნოჲთ. ხოლო იგი ძლიერად მოითმენდა გვემათა დაუძინებელისა მის მხდომისათა და არცხუენდა თითოსახეთა მათ მანქანებათა მისთა შეწევნითა ქრისტეჲსითა და წმიდათა ყოველთა ოხითა.

თავი XXXII

ხოლო იყო ჟამსა რომელსამე მამაჲ მიქელ განშორებულად სენაკსა თვისსა მდგომარე მაღალსა კლდესა ზედა მცირედ რაჲმე უდბად. და კადნიერ იქმნა მის ზედა ბელიარ და სიმაღლისა მისგან გარდამოაგდო ქვე. ხოლო დაიცვა ყოვლად უვნებელად ყოველთა მეუფემან ქრისტემან ღმერთმან.

არამედ მამაჲ მიქელ შეზრუნდა მიმდემი სამარადისოსა მას ბრძოლასა და მოწაფე თვისი მიავლინა სულიერად მოძღვრისა თვისისა მამისა გრიგოლისსა და აუწყა ყოველი იგი განსაცდელი სულთა ბოროტთაჲ. და წმიდაჲ იგი მსწრაფლ მივიდა შეწევნად ძმისა თვისისა ძალითა უფლისაჲთა და განამხნო იგი სულითა. და ახლად ხელითა თვისითა შექმნნა ძლევისა მომცემელნი ქრისტეჲს ბეჭედნი, ორნი ჯვარნი ძელისანი, საფარველად მისა და განსაოტებელად მტერთა, და იმიერ და ამიერ განშორებულად სენაკსა მისსა აღჰმართნა და საზღვრად უჩინნა წმიდასა მას, ვითარმედ:

– ორთა ამათ ჯვართა ქრისტესთა შუა უშიშად იყავ შეწევნითა წმიდისა სამებისაჲთა და ძალითა პატიოსნისა ჯვარისაჲთა. ხოლო უკეთუ წარჰვლო, კვალად განიცადო უძვირესად პირველისა.

და ლოცვა ყვეს და წარმოვიდა სანატრელი გრიგოლ. ხოლო ნეტარმან მიქელ პოვა სრულიად განსვენებაჲ, რამეთუ სიმდაბლითა დასცა მტერი ამპარტავანი. ვინაჲთგან არა სიმართლეთა თვისთა ესვიდა, არამედ ღმრთისა მხოლოჲსა მინდობითა მოიყვანა მოძღვარი თვისი და სულიერი ძმაჲ გრიგოლ შემწედ, ვითარცა წერილ არს: „ძმაჲ ძმისა შემწე ვითარცა ზღუდე დაუცემელი“, სიტყვისაებრ იაკობ მოციქულისა, ვითარმედ: „ერთიერთისათვის ილოცევდით, რაჲთა განიკურნნეთ, რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ლოცვაჲ მართლისაჲ შეწევნად“. და ესრეთ მტერთა ზედა მძლე ექმნა სრულიად მადლითა ღმრთისაჲთა.

ხოლო იყო ნეტარი მიქელ ქვეყანისა შავშეთისაჲ, სოფლისა ნორგიალისაჲ და მიძნაძოროს მონაზონ იქმნა, ხოლო პარეხთა შინა მრავალთა წელიწადთა ცხოვნდა და აღ-რაჲ-ესრულა, მუნვე დაემარხა. და აწ საფლავი მისი და დიდებულისა მამისა ბასილისი, რომელიცა შემდგომად მისსა პარეხთა მკვიდრ იყო, ერთგან არიან და კაცთა კურნებასა მიჰმადლებენ, რომელნი სარწმუნოებით მივლენან მათდა.

თავი XXXIII

ხოლო ნეტარი მამაჲ ჩვენი გრიგოლ, ორთა მათ მისთა შენებულთა მონასტერთა შინა – ხანძთას და შატბერდს იქცეოდა მარადის და მოძღვრებისა მისისა სწავლითა აღავსებდა გულსა მოწაფეთა თვისთასა. რამეთუ არა ხოლო თუ წიგნთა საღმრთოთა ოდენ სიბრძნისმეტყველებდა ყოვლით კერძო, არამედ წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა საქადაგებელსა გალობასა სრულიად წელიწდისა განგებითა მოძღვარ იყო განუკითხველად და ყოველთა დღესასწაულთა განგებაჲ კეთილად იცოდა, რამეთუ, რომელიცა დაესწავა, დაუვიწყებელად ახსოვდა. და აქვნდა ხმისა ნებიერობაჲ და ტკბილობისა შეუნიერებაჲ. ხოლო განსაკვირვებულ იყო ხსოვნებაჲ მისი.

რამეთუ აწ არს ხანძთას ხელითა მისითა დაწერილი, სულისა მიერ წმიდისა, საწელიწდოჲ იადგარი, რომლისა სიტყვანი ფრიად კეთილ არიან. ხოლო ახლისა შჯულისა დაბეჭდულნი წიგნნი ზეპირით იცოდნა და მრავალნი წიგნნი ძუელისაცა შჯულისანი. არამედ დაუბეჭდველნი წმიდათა მოძღვართა თქმულნი აღურაცხელნი წარმოითქმოდეს უწიგნოდ ენითა მისითა უმეტეს ზეშთა ბუნებისა ჩვენისა. რამეთუ ძალი ღმრთისაჲ სადაცა დაადგრეს, ყოველსავე აღასრულებს უფროჲს ბუნებისა და ცნობისა კაცობრივისა. და ადამისდაცა პირველ მცნებისა შეურაცხებადმდე ყოველი დამორჩილებულ იყო, ხოლო ამათ მცნებათა უბიწოდ დამარხვითა ყოველივე კეთილად განემარჯვებოდა. და ამის მიერ არა ხოლო თუ მონასტერნი მისნი განმტკიცნებოდეს, არამედ სიბრძნისა მისისა მდინარეთაგან ირწყვოდეს ყოველნი უდაბნონი კლარჯეთისანი. და მრავალგზის მოვიდიან წმიდანი იგი მამანი, წინამძღვარნი მონასტერთანი, მრავალთათვის მიზეზთა, და სიბრძნითა მისითა პოვიან განსუენებაჲ ყოველსა ზედა საქმესა.

თავი XXXIV

ხოლო ყოველთა დღეთა ამის ნეტარისათა წმიდათა მათ მამათა მონასტრებისათა აღებაჲ ამას წინაშე გარდაიხადიან ხანძთას და პირმარხვად მიიღიან კანონი დიდთა მარხვათათვის და წარვიდიან. და იყო ოდესმე ერთად შეკრებაჲ ამათ ნეტართაჲ წმიდისა ამის წინაშე. და თვინიერ ოპიზისა წინამძღვარისა ყოველთა მათ ასწავებდა კეთილთა მათ სიტყვათა სულისა ცხორებისათა მამაჲ გრიგოლ. ხოლო ოპიზელი მამაჲ შეწუხნა და ჰრქვა მას:

– წმიდაო მამაო, რაჲსათვის თანაწარმხდი სულიერთა სიტყვათა შენთა?

ხოლო მან ჰრქვა:

– მამაო პატიოსანო, არა თუ შეურაცხებისათვის თანაწარგხედ შენ, არამედ ამის მიზეზისათვის, რამეთუ ამათ ყოველთა უდაბნოთა უწინარეს აღშენებულ არს ოპიზაჲ და არა განვაგებ ოპიზასა ზედა, არცა წინამძღვარსა მისსა ზედა.

ხოლო მან სიმდაბლით დაარწმუნა წმიდასა მას თავისა თვისისა სწავლაჲ სწორად სხვათა მათ მამათა, რაეთუ ესრეთ აქვნდა ყოველთა, ვითარცა წმიდათა მოციქულთაგანი შუვამდგომელად ღმრთისა და კაცთა.

თავი XXXV

არამედ მრავალგზის მის ჟამისა ხელმწიფეთა განიზრახეს დამტკიცებით ამის ნეტარისა ეპისკოპოსობაჲ და ფრიადითა შრომითა აწყინეს, რაჲთამცა დაემორჩილა. ხოლო მან არა ინება დიდებაჲ ესევითარი და გულისხმა უყო მათ განმარტებულად, ვითარმედ:

– მსოფლიოთა მათ წმიდათა საყდართა არა უმრწემეს არიან წმიდანი უდაბნოთა ეკლესიანი, საყდარნი ღმრთისა დიდებისანი. დაღაცათუ მღდელობაჲ ეპისკოპოსთაგან მიეცემის ყოველთა მღდელთა, არამედ პირველთა წმიდათა მამათა მეუდაბნოეთაგან ესრეთ ვისწავეთ, ვითარმედ: რომელი მადლი მიეცემინ კაცსა ჟამსა ნათლისღებისასა, იგივე მადლი ვიხილეთ, ოდეს ხატი მონაზონებისაჲ მიაქვნ ახლად მონაზონსა და ეგრეთვე წმიდისა სქემისა მიღებასა. და სხვაჲცა წამებაჲ ფრიად არს. არამედ ვითარცა-იგი ისრაელსა შორის ქალაქნი განეწესნეს შესავედრებლად კაცისმკვლელთა, ეგრეთვე წმიდანი უდაბნონი ყოველთა შესავედრებელ არიან. რამეთუ უმანკოთა მფარველნია ვნებისაგან მსოფლიოსა, და ვნებულთა ნავთსადგურნი არიან სასოებით სინანულისა მიცემითა და შჯულისდებითა. და კმა არს ჩემდა ორკერძოვე დიდებად, უკეთუ შე-ვითა-უძლო მოღვაწებაჲ წმიდათა ამათ უდაბნოთაჲ ჯერისაებრ, რომელთა შინა პოვეს კაცთა თავისუფლებაჲ, ვითარცა თქვა პავლე: „აზნაურებითა მით, რომლითა ქრისტემან ჩვენ განგვააზნაურნა“, და „სადა სული უფლისაჲ, მუნ აზნაურებაჲ“. რამეთუ მოეცა მათ ხელმწიფებაჲ „შვილ ღმრთისა ყოფად“, სიტყვისაებრ იოვანე მახარებელისა.

და ესევითარითა სიტყვითა აღეშენნეს ხელმწიფენი იგი და ადიდებდეს ქრისტესა.

თავი XXXVI

ამისსა შემდგომად იხილა ნეტარმან მამამან გრიგოლ აღორძინებული ერი საღმრთოჲ შატბერდს და წმიდაჲ ეკლესიაჲ პირველი განსრულებად და კურთხევად. მაშინ სიხარულითა აღივსო, რამეთუ მოჰმადლა უფალმან გულისაებრ მისისა საქმე იგი კეთილი მადლითა და მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობლისაჲთა, რომლისაცა სახელსა ზედა აღეშენა წმიდაჲ იგი მონასტერი მარადის დიდებად დედისა ღმრთისა, შეუწევნელთა შემწისა და ყოვლადვე მფარველისა მოსავთა და მაქებელთა მისთაჲსა აწ და უკუნისამდე, რომელიცა უფრჲს ყოველთა ხელმწიფებისა თვისისა დაბადებულთა გამოუთქმელად ადიდა ძემან მისმან და ყოველთა ღმერთმან.

რამეთუ აწვე დაამკვიდრა სუფევასა წარუვალსა სულითა და ხორცითა შეერთებული წინაშე დიდებისა ღმერთეებისა თვისისა, ვითარცა არს პირმშოჲ ყოველთა წმიდათაჲ, ნათელი იგი ქრისტეანობისაჲ. და მეოხებითა მისითა და ყოველთა წმიდათაჲთა მაცხოვნებს ჩვენ უფალი ყოველთა მორწმუნეთა მისთა. უფროჲს ხოლო რჩეულთა მისთა ადიდებს, ნებისა წმიდისა მისისა აღმასრულებელთა, რამეთუ იტყვის: „მადიდებელნი ჩემნი ვადიდნე“ და „მივანიჭო ასი წილი აქავე და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაუმკვიდრო“.

ხოლო ესე ბრძანებაჲ უტყუველი აღუსრულა ქრისტემან ნეტარსა გრიგოლს. წარუვალისა დიდებისა პატივად მიჰმადლა შენებაჲ დიდებულთა უდაბნოთაჲ და ხორცთა შინა ყოფასა მისსა შიში და ზარი სიწმიდეთა მისთაჲ მიჰფინა მეფეთა და ყოველსა ერსა ზედა, ვითარცა მძლავრებაჲ წინააღუდგომელისა ხელმწიფისაჲ. ხოლო შემდგომად სოფლით ჯმნისა, უმეტეს ცნობათა ჩვენთა ადიდა ცათა შინა ანგელოზთა თანა. და აწ ქვეყანასა ზედა პირითა მოწაფეთა და მაქებელთა მისთაჲთა იდიდების მარადის.

თავი XXXVII

ხოლო სანატრელი დედაჲ ფებრონია ზრუნვასა შინა იყო, რამეთუ მწყემსად მათდა ჩინებული სარწმუნოჲ მღდელი, მამისა გრიგოლის მივლენილი, გარდაიცვალა. არამედ ეუწყა ღმრთისაგან, ვითარმედ – უმჯობეს მისსა აწ იყოს სხვაჲ მღდელი მწყსად თქვენდაო. და წიგნი მიწერა ნეტარისა გრიგოლისსა და ითხოვდა მღდელსა ღირსსა. მაშინ წმიდამან მან ჰრქვა წმიდასა მატოის:

– შვილო საყვარელო, მხედარი ვიდრე წყობასა არა შესრულ არნ, ძლევაჲ მისი სიმრავლესა შინა ლაშქართასა არა საცნაურ არნ, არცა მეფეთაგან ნიჭი მიიღოს, ხოლო ვინაჲთგან ახოვნად გამოჩნდის ძალი ბრძოლისა მისისაჲ ყოველთა ზედა, საცნაურ იქმნის, და ნიჭი დიდძალი მიანიჭის მას სამართლად მეფემან. და შენცა იქმენ მორჩილ სიტყვათა ჩემთა, ვითარცა ყოვლადვე თავს იდევ ყოვლადვე წმიდისა ღმრთისმშობლისა ეკლესიასა მერეს მღდელობაჲ ვითარცა ძლევით შემოსილმან მხედარმან უფლისამან. და ვესავ ქრისტესა, კეთილი ღვაწლი მოიღვაწო.

ხოლო იგი ცრემლით შეუვრდა და ჰრქვა მას ლმობიერად:

– შემინდვე, მამაო, რამეთუ უწყის სიწმიდემან შენმან, არაოდეს ურჩქმნილ ვარ ბრძანებასა შენსა. ხოლო აწ ვერ ძალმიც ამისა ყოფად, რომელიცა მიბრძანე.

და წმიდამან მან ჰრქვა:

– შემძლებელ ხარ ძალითა უფლისაჲთა. აწ კეთილთა სათნოებათა შენთა თანა მოიპოვე სრული მორჩილებაჲ. ჯვარითა ქრისტეჲსითა ჯვარი დამიწერია, რაჲთა მიზეზი ყოველივე დაჰხსნა.

და ვითარცა იხილა მოძღვრისა თვისისა უცილობელი ბრძანებაჲ, თვინიერ ნებისა თვისისა დაემორჩილა სიტყვათა მისთა და იქმნა მღდელ მონასტრისა დედათაჲსა ნებითა ღმრთისაჲთა სანატრელი და სასწაულთა მოქმედი მატოი, დიდი და დიდებული საქმითა თვისითა. რამეთუ წელიწადთა ორმეოცთა მერეს მღდელობასა შინა მისსა უქმი სიტყვაჲ და უსარგებლოჲ პასუხი არავის ესმა მისგან, რომელი კაცთა ცოდვად ეყოფვის, ვითარცა უფალი იტყვის: „ყოვლისათვის სიტყვისა უქმისა, რომელსა კაცნი იტყვიან, სიტყვაჲ მისცენ მისთვის დღესა მას საშჯელისასა“. და არა ხოლო ესე ოდენ, არამედ რომელნი ხედვენ მას, ვერ იკადრიან უდბად განცხრომაჲ კრძალულებათაგან მისთა და სიწმიდით და უბიწოდ ქცევისა, რამეთუ ექმნა ყოველთა სახე კეთილის.

და ამან დაიმარხა ჭეშმარიტი ქალწულებაჲ არა ხოლო ხორცითა ოდენ, არამედ სულითა და სიტყვითა, სასმენელითა და თვალითა. რამეთუ ნეტარმან მან თქვის, ვითარმედ მონაზონებაჲ ჰრქვიან კრძალვასა, რომლისათვისცა ღმრთისმოყვარემან მან დედაკაცმან თემესტია, მერისა დეკანოზმან, თქვა, ვითარმედ – ორმეოც წელ დეკანოზობასა ჩემსა და მატოის მღდელობასა საცეცხურნი მან ხელისა ჩემისაგან არა ოდეს მიმიხვნაო.

ხოლო გარდარეულისა შრომისაგან მოუძლურდა, რამეთუ მოუკლებელი ლოცვაჲ, წყურილი და შიმშილი მარადის, და უძილობაჲ, ზედგომაჲ და მუხლთა მოდრეკაჲ ფრიადი აქვნდა ნეტარსა მას. დასცემდა ვნებასა ხორცთასა და სულისა მტერნი მოაუძლურნა. ხოლო ჟამისწირვაჲ არაოდეს დააცადის თვინიერ მიზეზისა და უძლურებისა. და სამოსელი მისი ყოვლადვე შეურაცხი იყო და საზრდელი ეგრეთვე.

თავი XXXVIII

ხოლო იყო მატოი ოდესმე თვისსა მას საყოფელსა მახლობელად მერესა. და ცნა მოსლვაჲ მპარავთაჲ. და დღისივე დაჰმზადა მათთვის პური. და ვითარცა მოიწინეს ღამე მპარავნი იგი, ჰრქვა მათ:

– გრწმენინ ჩემი, შვილნო, წმიდაჲ ღმრთისმშობელი გიბრძანებს არა ვნებად ჩემდა, არამედ მოვედით და ჭამეთ პური, რომელი განგიმზადე თქვენ.

ხოლო ერთი იგი, რომელსა მოეყვანნეს, კადნიერ იქმნა წარღებად, რაჲცა-იგი აქვნდა წმიდასა მას. და მან ჰრქვა:

– წინაშემდგომელი ვარ წმიდისა ღმრთისმშობლისაჲ, რომელმანცა პატიჟეულ გყოს შენ, წარმდები ეგე!

და მუნქვესვე დაეცა იგი მტერისაგან ბოროტისა. მაშინ მოყვასნი მისნი ცრემლით შეუვრდეს წმიდასა მას, რაჲთა განკურნოს იგი. ხოლო მან ჯვარი დასწერა და ჰრქვა:

– განგკურნებს წმიდაჲ ღმრთისმშობელი, – და მსწრაფლ განმრთელდა იგი. და წმიდამან მან ჰრქვა: – საწყალობელო, რაჲსათვის წინამძღვარ ექმენ კაცთა ამათ ბოროტისყოფად ჩემდა? – და ისტუმრნა და განუტევა მშვიდობით.

და ესევითარნი სასწაულნი მრავალნი ქმნნა წმიდამან მან და მიიწია სიბერედ, რამეთუ სნეულებაჲცა შეემთხვია ძლიერთა მათ შრომათაგან და ვერ ეძლო თავისა თვისისა მსახურებად. მაშინ თქვა ნეტარმან მატოი:

– ესე ღონე მხდომისაჲ იქმნა, რაჲთამცა დედანი მმსახურებდეს მე. დაღაცათუ ნებისა ღმრთისანი არიან დანი ესე, ხოლო უწესო არს მონაზონისა ხელითა დედათაჲთა მსახურებაჲ, არამედ მე ღონე მაქვს, რომლითა განვთავისუფლდე.

და იყვნეს ვინმე ბერთას მამისა გრიგოლის დედისა მსახურთაგანნი, ნათესავნი მატოისნი, კეთილნი მონაზონნი და მეგობარნი მისნი. მათ აცნობა და მოვიდეს სიხარულით წარყვანებად მისსა ცხედრითა, რამეთუ ფრიად უძლურ იყო დიდისა მოღვაწებისაგან.

ხოლო დანი იგი ყოველნი გოდებისა ცრემლითა აღივსნეს, რამეთუ ობოლ იქმნებოდეს სულიერისა მამისა და მოძღვრისაგან. და აკურთხნა ყოველნი ცრემლითა სავსემან, ჯვარი დასწერა და მშვიდობაჲ დაუტევა და ჰრქვა:

– ქრისტემან დაგიცვენინ მადლითა მშობლისა თვისისა ქალწულისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, არამედ ჩემთვის ლოცვა ყავთ მარადის, – და წამუყვნა ძმათა მათ და აღიქვეს იგი ცხედრითა. და ვითარ მცირედ ვლეს, უბრძანა დადგომაჲ და თქვა:

– უფალო, სიტყვამან შენმან გვამნი უძლურთანი გუამ ცხოველ ყვნა. მეცა მომეც ძალი, უძლურსა მონასა შენსა.

და მსწრაფლ სრულიად განძლიერდა და თვისითა ფერხითა მიიწია ბერთას. და დაყვნა ჟამნი წელიწადისა ერთისა დღეთანი ყოვლად მრთელად და მერმე გარდაიცვალა საჭირველისა ამისგან სოფლისა და მივიდა სოფელსა მას ცხოველთასა, ვითარცა მხნე, ახოვანი მოღვაწე ქრისტეჲსი და სრულიად ძლევითშემოსილი წინაშე ღმრთისა სიხარულით და მეოხ არს ჩვენთვის უკუნისამდე.

თავი XXXIX

ხოლო ჟამსა გარდაცვალებისა მისისასა ჩვენებაჲ იხილეს მერეს შინა სანატრელთა მათ დედათა თემესტია დეკანოზმან და ანატოლე (რომელსა უწოდეს ანტონიოს) დაყუდებულმან, ორთავე, შუაღამეს ოდენ. და ეკლესიად მივიდა მარტოდ მყოფი იგი უწინარეს ჟამისრეკისა. და ეგრევე დეკანოზიცა მიიწია სტოვასა ეკლესიისასა და მოიკითხნეს ურთიერთას. ხოლო დეკანოზმან ჰრქვა:

– რაჲსათვის არს მოსლვაჲ შენი? მაუწყე, რაჲ იხილე.

ხოლო მან ჰრქვა:

– მსგავსად ხილვისა შენისა ვიხილე, რამეთუ აწ აღესრულა მაკურთხეველი ჩვენი მატოი, – და წარმოუთხრა ყოველი, ვითარმედ: – მო-ვინმე-ვიდა კაცი ბრწყინვალედ შემკობილი და მრქვა მე: დიდი მატოი მიიცვალების წინაშე ღმრთისა, არამედ შემომიდეგ მე, რაჲთა ღირს იქმნე ხილვად დიდებით მიცვალებასა მისსა ამიერ სოფლით ზეცისა სასუფეველსა. ხოლო მე შეუდეგ და მიმიყვანა ბორცვსა მახლობელად ბერთისა და მრქვა მე: მიხედე ბერთას ზედა და იხილე დიდებული ხილვაჲ! და მე ვხედევდ სვეტსა ნათლისასა, რომელი შთამოიწეოდა ზეცით ზედა მონასტერსა მას, და სიმრავლე წმიდათა ანგელოზთაჲ სვეტსა მას თანა გარდამომავალი, და ერთი ვინმე დიაკონისსახედ ოლარითა მათ თანა, რომელნი უგალობდეს ღმერთსა ბრწყინვალითა ხმითა. და კვალად ვიხილე კრებული იგი წმიდათა ანგელოზთაჲ, ეგრეთვე სახედ აღმავალი ზეცად და საშუალ მათსა წმიდაჲ მატოი, ხელპყრობით აღჰყვანდა ნათლითა შემკობილთა მათ უხორცოთა დიდებითა გამოუთქუმელითა, გალობით მაღალთა შინა. ესე არს ხილვაჲ ჩემი წმიდისა მისთვის.

ხოლო მან ჰრქვა:

– ჭეშმარიტად სარწმუნო არს ჩვენებაჲ ეგე შენი, არამედ აწ ისმინე ჩემი. რამეთუ ვითარ-იგი პირველ სიჭაბუკესა იყო სანატრელი მატოი ჰასაკოვან და შვენიერ, უმეტესად აწ ვიხილე შემკობილი დიდებითა, შემოსილი ჟამისწირვად სამოსლითა მოუგონებელად ბრწყინვალითა. და ხელთა აქვნდეს ოქროჲსა საცეცხურნი. და მე დამიკვირდა ხილვაჲ იგი და მე ვარქვ: – ვითარ განძლიერებულ ხარ უძლურებისაგან, მოძღვარო! – ხოლო მან მრქვა: – საკურთხეველსა, რომელსა ვჰმსახურებდ სიყრმით ჩემითგან, აწ ამით საკურთხეველით დაუსრულებელად მისსა მსახურებად მივიცვალე, რამეთუ ღირს ვიქმენ ზეცისა საკურთხეველსა წინაშე წარდგომად და მარადის მსახურებად.

ესე ვითარცა იხილეს, მო-ხოლო-ვინმე-ვიდეს ბერთით და უთხრეს მატოის გარდაცვალებაჲ მასვე ჟამსა შინა. და ჰმადლობდეს ქრისტესა საკვირველთმოქმედსა.

თავი XXXX

ხოლო სხვანი მოწაფენი ნეტარისა გრიგოლისნი მრავლნი უდიდესსა საზომსა მონაზონებისასა მიწევნულ იყვნეს, რამეთუ ოდესმე იხილვებოდა წმიდათა ანგელოზთა ბრწყინვალებაჲ გუამთა მათთა შემოსილი უფროჲს მატოისსა. და სასწაულნი დიდნი მათ მიერ იქმნებოდეს ხორცთა შინა ყოფასა მათსა და შემდგომად სიკვდილისა მათისა. არამედ ვთქვა სარწმუნოჲსა მისთვის შვილისა ქრისტეშემოსილისა, რომელსა სახელი ეწოდა დიმიტრიოს. რამეთუ იგი ნეტარსა დედასა ფებრონიას განეზარდა და მამისა გრიგოლისდა დაემოწფა, რომელიცა შერაცხილ იყო პირველთა თანა მოწაფეთა მისთა.

თავი XXXXI

და მრავალგზის იხილვა მის ზედა სვეტი ნათლისაჲ კაცისა მიერ ღმრთისა ღამე ყოველ ლოცვასა მას ღირსებისასა, რამეთუ სული წმიდაჲ განისვენებნ მის ზედა მარადის. ესე წარემართა იერუსალემდ. და ვითარცა მიიწია ჰემსას, მცირედ დასნეულდა და ცანა სულითა ღმრთისამიერი წოდებაჲ და დაწერა ეპისტოლე ხელითა თვისითა ესრეთ:

„რჩეულნო ქრისტეჲსნო, სამკვიდრებელნო სიწმიდისანო, მამაო გრიგოლ და დედაო ფებრონია, სულიერად მშობელნო ჩემნო, რომელთა ნაცვალად სძისა აღმზარდეთ სულიერითა მოძღვრებისა საზრდელითა და საღმრთოჲსა სწავლისა საგზლითა წარმგზავნეთ კეთილსა ამას გზასა, აწ სიტყვაჲ ჩემი დადუმნების თქვენდა მომართ უფლისა დიდებით მოსლვადმდე, რამეთუ მე ჰემსას მივიწიე და მუნ დამიძინებია მეორედ მოსლვადმდე ქრისტეჲსა. რაჟამს მოწაფეთა თქვენთა მოითვალვიდეთ, მუნ მიკითხეთ შვილი თქვენი და მარადის ხსენებულ მყავთ წმიდათა ლოცვათა თქვენთა, წმიდანო ღმრთისანო“.

და მასვე ჟამსა აღესრულა და მუნვე, ჰემსას, დაეფლა.

თავი XXXXII

არამედ პირველხსენებულნი და ყოვლად მოსახსენებელნი იგი ღირსნი არსენი და ეფრემ, მოწაფენი და აღზრდილნი გრიგოლისნი, მოვიხსენნეთ, რომელნიცა სათნო იყვნა ნებამან ღმრთისამან მწყემსთმთავრად სამწყსოთა მათ თვისთა პირმეტყველთა. რამეთუ დიდი ეფრემ, უწინარეს მრავლით წლით არსენისსა იქმნა ეპისკოპოს აწყურისა საყდარსა სამცხეს. ხოლო შემდგომად დიდი არსენი კათოლიკე ეკლესიასა, ქრისტეჲს კვართისა სამკვიდრებელსა მცხეთას, ქართლისა კათალიკოზ იქმნა. და იყო სიყვარული მათ შორის ერთად ზრდილობისათვის.

არამედ ქართლისა ეპისკოპოსნი მირეან არსენის მამისათვის ფრიად გულწყებულ იყვნეს ამის მიზეზისათვის, რამეთუ თვინიერ განზრახვისა მათისა მძლავრ სამცხისა ერითა ძე თვისი დაადგინა კათალიკოზად თანადგომითა და კურთხევითა მცირედთა ეპისკოპოსთაჲთა. არამედ მცირედ მხილებისათვის უფლისა მიშვებითა იყო აღძრვაჲ ეპისკოპოსთაჲ მათ, ვიდრემდის ნეტარი ეფრემ მი-ვე-ერჩდა მათ, რამეთუ სამართალ იყო სიტყვის-გებაჲ იგი. და რომელ ჟამსა მას ხელმწიფე იყო მამფალი გვარამ დიდი, მირეანისთვის გულძვირად იყო. და მსწრაფლ ხოლო ბრძანა შეკრებაჲ ეპისკოპოსთაჲ და უდაბნოჲსა მამათაჲ. და ყოველნი შემოკრბეს ჯავახეთს, არამედ მამაჲ გრიგოლ არა მუნ იყო, არცა ყოველნი კლარჯეთისა უდაბნოთა წინამძღვარნი მამანი.

რამეთუ იყო ნეტარი გრიგოლ არქიმანდრიტი და წადიერად მოელოდეს ყოველნი და მარტოდ ანჯმნობდეს წესისა წინამძღვარნი იგი არსენი კათალიკოზისათვის და ვერა დაამტკიცეს სიტყვაჲ მათი. მაშინ ერუშნელმან ეპისკოპოსმან მის ჟამისამან ჰრქვა ყოველთა:

– ოდეს მოვიდეს ვარსკულავი უდაბნოთაჲ, მაშინ განემართოს საქმე და განზრახვაჲ ყოველთაჲ.

და მათ ჰრქვეს:

– ვისთვის არს სიტყვაჲ ეგე დამტკიცებითი?

ხოლო მან თქვა:

– გრიგოლ არქიმანდრიტისათვის, ხანძთისა და შატბერდისა მაშენებელისა.

მაშინ ერთმან ვინმე ეპისკოპოსმან სილაღით თქვა შორის შეკრებულთა მათ:

– იგი ოდენ არსა ვარსკულავი მნათობი?

ხოლო სხვათა მათ ყოველთა თქვეს:

ჭეშმარიტსა იტყვის, რამეთუ იგი არს მოძღვრებისა ნათლითა განმანათლებელ და შემკულ სულითა წმიდითა.

და მეყსეულად იხილეს წმიდაჲ იგი მომავალი კარაულითა შორის კრებულსა მას მამათასა საკვირველად ხილვითა. რამეთუ სამოსელი იგი შეურაცხი, რომელ ემოსა მოხუცებულსა მას, ესრეთ ჩნდა, ვითარცა სამოსელი ნათლისა ბრწყინვალისა განუცდელისაჲ. ხოლო თავსა მისსა კუკული იხილვებოდა, ვითარცა გვირგვინი სამეუფოჲ პატიოსანთა თვალთა და მარგალიტთაგან ფასდაუდებელთა აღმკული.

და ვითარცა იხილეს ღმრთისამიერი დიდებულებაჲ მისი, ყოველნი სიხარულით მიეგებნეს და შეუდგეს სიტყვათა მისთა სიხარულით.

მას ჟამსა მოვიდა ეფრემ ეპისკოპოსი და პირველად მოიკითხა მოძღვარი თვისი მამაჲ გრიგოლ და მერმე ძმანი თვისნი ეპისკოპოსნი. ხოლო ნეტარმან გრიგოლ ფარულად მოუწოდა ნეტარსა ეფრემს და ჰრქვა მას:

– შვილო, პატივსა მაგას წმიდისა მღდელთმთავრობისასა გაფუცებ, ნუ უშლი სულიერად ძმასა შენსა არსენის!

ხოლო მან ჰრქვა:

– წმიდაო მამაო, ვერ ეგების ძმათა ჩემთა ეპისკოპოსთა ცილობაჲ სამართლისათვის. და მეცა შემინდვე, რამეთუ არა ვარ ამიერითგან არსენის ცხოვარი და არცა იგი – ჩემი მწყემსი.

მაშინ წმიდამან მან მკსინვარედ ჰრქვა:

– უკეთუ ამას იქმ, ეფრემ, მე უვარ მყავ, ვითა არა შენი მოძღვარ ვარ!

ხოლო ნეტარი ეფრემ სიტყვასა მას ზედა სულიერისა მამისა და მოძღვრისასა ატირდა და ჰრქვა:

– ფიცხელ არს ბრძანებაჲ ესე, განმკუეთელ უფროჲს მახვილისა. აწ ნებაჲ შენი იყავნ და ნუ ნებაჲ ჩემი, წმიდაო ღმრთისაო!

ხოლო მან ჰრქვა:

– ეფრემ სანატრელო, გისმინენ ქრისტემან, რაჲცა ითხოო მისგან შენ, უმანკოო გულითა და წრფელო გონებითა, მიმსგავსებულო მოძღვარსა შენსა ქრისტესა, სიტყვისაებრ დავითისა: „რამეთუ წრფელ არს უფალი ღმერთი ჩვენი და არა არს სიცრუე მის თანა“. და შენ უწყი სულითა შენითა ღმრთისმხილველითა, ვითარ ღმერთსა ებრძანა კათალიკოზობაჲ არსენისი სისრულისა მისისათვის, არამედ მირეან, მამამან მისმან, აუგიან-ყო უჟამოდ შესწრაფებითა, ვითარცა ადამ ჭამა ხილი იგი, რომელ არღა მწიფე იყო. აწ შენ კეთილად ჰყავ სმენაჲ ჩემი, რამეთუ გულისწყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაჲ არა ქმნის. ხოლო ბრალი ესე არსენისი ჩემ ზედა იყავნ.

ამისა შემდგომად, რაჟამს ესმა გვარამ ხელმწიფესა მოსლვაჲ ნეტართაჲ მათ, მოეგება წინა სიხარულით და მოიკითხნა სიმდაბლით. და ვითარცა დასხდეს, ბრძანა ხოლო გვარამ შემოკრებაჲ ყოველთა მოწესეთაჲ და მოვიდეს, მაშინ ჰრქვა:

– წმიდანო მამანო, ეპისკოპოსნო და მეუდაბნოენო, იცით ყოველთა კანონი შჯულისაჲ, რამეთუ არა ბრძანებს ეპისკოპოსისა და კათალიკოზისა მძლავრებით დაჯდომასა.

და ამას სიტყვასა შინა აუგისა სიტყვანი განამრავლნა და ელოდა პასუხსა მათგან. ხოლო თვალნი ყოველთანი ხედვიდეს მამასა გრიგოლს და ეპისკოპოსსა ეფრემს, და მათ დაიდუმეს ჟამ ერთ. მაშინ ეპისკოპოსთა ჰრქვეს ეფრემს:

– ბრძანე პასუხი, რაჲ ჯერ არს!

ხოლო მან თქვა:

– სადა მამაჲ გრიგოლ იყოს, მე მუნ არა ვიკადრებ სიტყვად.

მაშინ ხელმწიფემან ჰრქვა ნეტარსა გრიგოლს:

– მამაო, ყოველნი შენ გელიან სიტყვად ჭეშმარიტებისა, რამეთუ უხუცეს ხარ ყოველთა დღითა და სათნოებითა ნებისა ღმრთისაჲთა და შენგან ხამს დასაბამი სიტყვისაჲ.

ხოლო მან თქვა:

– ჯერ იყო პირველად მღდელთმოძღვართაგან ბრძანებაჲ, ხოლო აწ სიტყვითა შენითა ვიტყვი ესრეთ: ჭეშმარიტთა ქრისტეჲს სამწყსოთა ისმინეთ გლახაკისა ამის მოხუცებულისაჲ, რამეთუ არსენი კათალიკოზი ნებითა ღმრთისაჲთა კათალიკოზი არს. და ძვირისმეტყველთა მისთა, რომელთა არა შეინანონ, კდემულ იყვნენ და სრულიად ჰრცხუენეს ამას საწუთროსა და მას საუკუნესა.

ხოლო ხელმწიფე იგი დაღაცათუ იყო ბრძენ და ღმრთისმსახურ, არამედ მართლმხილებისაგან მართლისა მის კაცისა შეშფოთნა ფრიად. რამეთუ ნებაჲ სიბრძნესა სძლევდა და შური პატივსა არა ჰრიდებდა. გესლი რაჲ გულისაჲ ბაგეთაგან იცნობა განუგებელად სიტყვისა განტევებითა ესრეთ, ვითარმედ:

– მრავლით ჟამითგან არა მეხილვა მამაჲ გრიგოლ, არამედ მასმიოდა, ვითარმედ ბრძენთაგან შეუცავი სიბრძნე მისი შეცვალებულ არს სიბერითაო. და პირველ სმენილი ვიხილე თვალითა.

და შჯულისაცა მრავალთა სიტყვათა იტყოდა, რომელი არა შეჰგავს ერისკაცთა, რამეთუ იყო იგი ფრიად სიტყვახელოვან.

ხოლო ნეტარმან მამამან გრიგოლ ჰრქვა მას:

– ჰოჲ, ხელმწიფეო, რად განჰრისხნები ჭეშმარიტებისათვის? ესე უწყოდი, რამეთუ პირველთა წმიდათა მათ მამათა შეკრებასა ეპისკოპოსთა და წინამძღვართა წესისათა მონაზონთა თანა იყვნეს პირველნი მორწმუნენი მეფენი. არა თუ მათ თანა შჯულისმოძღვრებასა იკადრებდეს, არამედ შჯულისგამოძიებასა მათსა იკითხიან და ითხოიან სიტყვისა გამოცხადებაჲ, რამეთუ მათ მიერ ისწავებდეს მცნებათა ღმრთისათა და მოწამედ იყვნეს თქმულთა მათთა. და წმიდათა მოციქულთა და ღირსთა მათ მღდელთმოძღვართაგან განსაზღვრებულსა კანონსა შინა არავე ბრძანებულ არს ერისკაცისაჲ, ვითარმცა ეპისკოპოსთა და წესისა წინამძღვართა მამათა განსაგებელისა მოძღვრებისა იკადრებდა, გინა ახალსახიობასა მოიღებდა. დაღაცათუ სამართლად საგონებელ იყოს, არამედ შჯულისა და მღდელთმოძღვართა შეურაცხებაჲ არს. ხოლო მე აწ სიტყვისაებრ შენისა, გვარამ, ვარ ბუნებაშეცვალებულ, გარნა ოდეს სამართალმან დაგასამართლოს, მაშინ იხილო თავი შენი ცნობამიღებულ და სიტყვანი ჩემნი არღარა განჰგმნე.

ხოლო ხელმწიფე იგი შეძრწუნდა გონებითა და ჰრქვა ეპისკოპოსთა მათ:

– თქვენგან ჯერ არს განსაგებელი თქვენი განგებად, აწ თქვით!

და მათ ჰრქვეს:

– ღმრთისმსახურო გვარამ, ქრისტეჲსმიერმან სასწაულმან უტყუ ქმნა ენაჲ ჩვენი, რამეთუ ვიხილეთ დღეს გრიგოლის ზედა მიუწდომელი დიდებაჲ.

და აუწყეს ხილვაჲ იგი ყოველი, რომელი იხილეს შემოსლვასა მისსა. მაშინ ზარ ჰხდა ხელმწიფესა მას, რამეთუ იყო იგი მდაბალ და ღმრთისმოშიშ, იძლია სიმდაბლისაგან და შეუვრდა ნეტარსა გრიგოლს და ჰრქვა:

– წმიდაო ღმრთისაო, შემინდვე, რამეთუ დაგაბრკოლე!

ხოლო მან ჰრქვა:

– ქრისტემან ყოველნი ბრალნი შეგინდვენ.

მაშინ გვარამ, დიდმან ხელმწიფემან, კეთილად ისტუმრნა ყოველნი. და პურისჭამასა შინა, რაჟამს განმხიარულდა გვარამ ღვინითა, მაშინ ეპისკოპოსთა მათ ერთობით თქვეს:

– ჯერ-მე იყო მხილებაჲ ესე არსენისთვის, არამედ აწ ამიერითგან არსენი იყავნ კათალიკოს ქართლისა ყოვლისა და სულიერად მამაჲ ყოველთა, და ყოველთა შორის იჭვი პირველი და-მცა-ხსნილ არს სრულიად, რაჲთა ქრისტეანობისა პატივი ჩვენი მშვიდობით და მყუდროებით აღვასრულოთ და კეთილი სიტყვისგებაჲ ვპოოთ წინაშე საყდართა ქრისტეჲსთა.

და გვარამ ხელმწიფემან და ყოველმან ერმან თქუეს:

– ამენ იყავნ!

ხოლო ხელმწიფემან მან იკითხა ეპისკოპოსთა მათგან:

– წმიდანო ღმრთისანო, უკეთუ ქვეყანისა ჩვენის ერისკაცი ვინმე, წიგნთა საღმრთოთა მეცნიერი და ენათაცა წვრთილი, მიიწიოს იერუსალემდ, ანუ სხვათა წმიდათა ადგილთა, და იხილოს რაჲმე კეთილი წესი, რომელ ქრისტეანობასა შვენოდის და ჩვენ შორის არა იყოს, გინათუ წიგნთაგან წმიდათა გულისხმა ყოს და თავით თვისით ერსა უსწავლელსა აუწყებდეს, კეთილ არსა ანუ არა?

ამას რაჲ იტყოდა, ასმენდა ვიეთმე მრავლის-მეტყველთა. ხოლო მათ თქუეს:

– წერილ არს: „ტვირთი განწესებული ეყოფინ ნავსა, უკეთუ დაუმძიმო, დაინთქას, და უკეთუ სუბუქად იყოს, ქართა და ღელვათა წარიტაცონ“. ეგრეთცა ტვირთი შჯულისაჲ და წესი ქრისტეანობისაჲ, რომელი აწ ქვეყანასა ჩვენსა უპყრიეს, ფრიად კეთილ არს და ღმერთი დაჯერებულ არს. და ამისთვის ჩვენ ვართ თავსმდებნი – უკეთუ ვინმე მტკიცედ იპყრას და შეუცვალებელად საქმით ჰყოფდეს და არა სიტყვით ვაჭრობდეს, „ასი წილი აქავე მიიღოს და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკვიდროს“, სიტყვისაებრ უფლისა. და შევიწყნარეთ პირველი მამისა გრიგოლის სიტყვაჲ, რომელ წარმოთქვა. და ჩვენ ამას ვიტყვით: უკეთუ ახალი რაჲმე კეთილი წესი ერისკაცმან გულისხმა ყოს, მსგავსად ბრძანებისა შენისა, უმჯობეს დუმილი არს, ვითარცა თქვა იაკობ მოციქულმან, ვითარმედ: „ნუ მრავალნი ჰმოძღვრით, ძმანო“. და უკეთუ დუმილი ვერ ძალედვას, არა თავით თვისით ქადაგებდეს, არამედ აუწყოს თვისსა ეპისკოპოსსა. და თუ ჯერ იყოს, მან ასწაოს თვისსა სამწყსოსა. უკეთუ კვლა სილაღით წარმდებობდეს ერისკაცი იგი და ერსა ახლად სხვასა წესსა დაუდებდეს, ეგევითარი იგი ნაცვალად შესაძინელისა მაცილობელთა და წინააღმდგომთა თანა დაისაჯოს დიდებით უფლისა მოსლვასა.

ხოლო ხელმწიფემან მან თქვა:

– ჭეშმარიტად სამართალ არს სულიერი ეგე საბჭოჲ საღმრთოჲსა განგებისაჲ. და უკეთუ წიგნის მკითხველსა კითხვაჲ უხმს, უფროჲსად ჯერ არს კითხვაჲ წესისა და შჯულისა მასწავლელისაჲ და ყოვლადვე შეკრძალებაჲ თავისა, ვითარცა იტყვის: „მკურნალო, პირველად განიკურნე თავი თვისი!“

ხოლო ერისკაცთა მათ შეიკდიმეს მხილებაჲ იგი უმეცართა წესისდადებისაჲ და შეინდვეს შჯულისა წინამძღვართაგან.

და ვითარცა განასრულეს პურისჭამაჲ, მისცეს მშვიდობაჲ მთავარსა მას დიდსა და მან სიხარულით განუტევნა ყოველნი.

მას ჟამსა ახარეს არსენის, რამეთუ არა იყო კრებასა მას, ვითარმედ:

– შემდგომად ღმრთისა მოძღვარმან შენმან გრიგოლ მამამან დაამტკიცა კათალიკოზობაჲ შენი.

ხოლო იგი სიხარულით ჰმადლობდა ქრისტესა და წმიდასა მას.

ხოლო ეფრემ ეპისკოპოსმან, მცნებისაებრ მამისა გრიგოლისსა, სიყვარული არსენი კათალიკოზისაჲ პირველებრვე განაახლა. რამეთუ მოკლედ დააწყნარა შფოთი გრძელად მოსაცალებელი, რამეთუ იყო შორის კათალიკოზისა და ეპისკოპოსთა, უფროჲს ხოლო გვარამ ხელმწიფისა.

და სანატრელნი ესე არსენი კათალიკოზი და ეფრემ ეპისკოპოსი მოვიდიან ხილვად მოძღვრისა თვისისა მამისა გრიგოლისსა. არამედ ძველი ხანძთისა ეკლესიაჲ არსენი კათალიკოსმან აკურთხა და ქართლისა ეკლესიათა ყოველთა სიხარული მიჰფინა, რამეთუ საყდარი მამათმთავრობისაჲ შეამკო სრულიად და შეიმკო მადლითა. ხოლო რაჟამს მამაჲ გრიგოლ გარდაიცვალა, დამარხვასა მის თანავე იყო არსენი, რომელიცა ოცდაშვიდ წელ კათალიკოზობდა და მერმე გარდაიცვალა ამიერ სოფლით და მხიარულებით მიიწია წინაშე ქრისტეჲსა და აქვს მადლი შეწევნად ჩვენდა.

თავი XXXXIII

არამედ დიდი ეფრემ მრავლისა კეთილისა მომატყვებელ ექმნა ქვეყანასა ჩვენსა, რამეთუ პირველად აღმოსავალისა კათალიკოსთა მიჰრონი იერუსალემით მოჰყვანდა. ხოლო ეფრემ ქრისტეჲსმიერითა ბრძანებითა მიჰრონისა კურთხევაჲ ქართლს განაწესა იერუსალეჲმისა პატრიაქისა განწესებითა და წამებითა სიხარულით. არამედ ქართლად ფრიადი ქვეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების. ხოლო „კვირიელეჲსონი“ ბერძნულად ითქუმის, რომელ არს ქართულად: „უფალო წყალობა ყავ“, გინა თუ „უფალო შეგვიწყალენ“.

ესე ნეტარი ეფრემ ორმეოც წელ ეპისკოპოსობდა შემკული სულითა წმიდითა. რამეთუ დაფარულსა კაცთა საქმესა, ვითარცა ცხადსა ამხილებდა და სიკუდიდ განწირულთა სნეულთა სიტყვით მსწრაფლ განჰკურნებდა. ხოლო ურჩთა სიტყვითვე მოაკვდინებდა, და სხვათაცა სასწაულთა იქმოდა მრავალთა. და კეთილსა შინა სიბერესა მადლითა სავსე გარდაიცვალა და მიიწია სიხარულით წინაშე ქრისტეჲსა, და ჩვენ მორწმუნეთათვის მეოხ არს უკუნისამდე.

თავი XXXXIV

ესევითარნი იყვნეს ღმერთშემოსილნი მოწაფენი მამისა გრიგოლისნი. ხოლო დიდი ეპიფანე სიმდაბლითა თვისითა მიიწია საზომსა თვისისა მოძღვრისასა. და ცრემლთა დათხევითა სულთა უკეთურთა განასხმიდა და სნეულთა მსწრაფლ განჰკურნებდა და მრავალთა სხვათა სასწაულთა იქმოდა, ურჩთა რაჲ გვემითა განსწავლიდა და მორწმუნეთა ლოცვითა სიკვდილისაგან იხსნიდა.

რამეთუ ოდესმე ზაფხულისა ჟამსა მთათა მათ ხორასუნთა გარდამოვიდოდა იგი და მის თანა ძმანი. და იხილეს ადგილი მარჯვე და პურისა ჭამად დასხდეს. და მასვე გზასა დედაკაცი ერთი ვინმე მოვიდოდა და თანა ჰყვანდა ძე შვიდისა წლისაჲ. და იყო ყრმაჲ იგი ხილვითა კეთილ და გონებითა ფრთხილ. და ვითარ მოიწინეს საჩინოსა ნეტარისა მამისა ეპიფანესსა, ყრმასა მას სალმობანი სიკვდილისანი ეწინეს და სენისა მისგან წრტიალისა ისწრაფდა სული განსლვად გუამისა მისგან. ხოლო დედამან მისმან გოდებითა მწარითა აღიტაცა ძეჲ თვისი და მირბიოდა წმიდისა მის და ხმობდა ესრეთ საწყალობელად:

– ჰოჲ წმიდაო ღმრთისაო, შემეწიე შეუწევნელსა ამას, რამეთუ მომიკუდების შვილი ესე ჩემი! და შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტი!

და ძეჲ იგი თვისი დააგდო წინაშე ფერხთა ეპიფანესთა. ხოლო იგი ცრემლითა სავსე აღდგა, რამეთუ იყო ბუნებით მოწყალე, და დავარდა წინაშე ქრისტეჲსა და თქვა:

– უფალო, ღმერთო ჩვენო იესუ ქრისტე! იხილენ ცრემლნი ჩემნი და ცრემლნი საწყალობელისა ამის დედაკაცისანი და წყალობა ყავ ყრმასა ამას ზედა და უბრძანე სულსა ამისსა მკვიდრობაჲ თვისსა შინა გუამსა მრავალთა წელიწადთა ნუგეშინის საცემელად ამის გლახაკისა და სადიდებელად შენდა, მხოლოჲსა ძისა თანა მამით და სულით წმიდითურთ საუკუნეთა მიმართ. ამენ! – და ჯვარი დასწერა, უპყრა ხელი და ჰრქვა: – განგკურნებს უფალი იესუ ქრისტე, აღდეგ, ყრმაო, და ცოცხალ იქმენ!

და მსწრაფლ განეშორა სალმობაჲ და უძლურებაჲ გუამსა მისსა და ყოველი ურვაჲ სულსა მისსა და აღდგა მხიარული. და მისცა იგი დედასა თვისსა და უბრძანა მიცემაჲ ჭამადისაჲ. და დედაკაცმან მან სიხარულით მადლი შეწირა ღმრთისა და წმიდისა მის და მშვიდობით წარვიდეს ზოგად იგი და ძე მისი გზასა თვისსა. და ყრმაჲ იგი ვიდრე სიბერედმდე კეთილად ცხოვნდებოდა და ადიდებდა ღმერთსა.

თავი XXXXV

და კვალად სხვათა ვიეთმე მორწმუნეთა კაცთა ესუა შვილი, ყრმაჲ წული, მტერისაგან ვნებული შობითგანვე, რამეთუ იყო იგი ყრუჲ და უტყვი და გონებანაკლული. ხოლო ჰასაკისა ხილვითა ჩნდა მრთელად და იზარდებოდა ვითარცა სხვაჲ ყრმაჲ. და ვითარ იქმნა იგი ათის წლის, მას ჟამსა მამჲა ეპიფანე ითქმოდა სასწაულთა მოქმედად. და მიიწია სოფელსა მას, სადაცა იყო ყრმაჲ იგი ვნებული. ხოლო დედამან მის ყრმისამან წარიყვანა იგი გზასა მას, რომელსაცა წარჰვლიდა მამაჲ ეპიფანე. და ვითარცა იხილა, ევედრებოდა მას მწარითა ცრემლითა და სარწმუნოებითა მტკიცითა ძისა თვისისათვის.

ხოლო ნეტარი იგი ცრემლოოდა სულთქმით, და ლმობიერად ხმა ყო:

– ქრისტე ღმერთო, რომელი კაცთმოყუარებისათვის განჰკაცენ და ივნე ვნებულთა განკურნებისათვის! აწ, უფალო მოწყალეო, რაჲსათვის უცოდველი ესე დაბადებული შენი ცოდვათა ჩვენთა სამხილებელად იგვემების ეშმაკისაგან? შენ, წყალობააღურაცხელო ღმერთო, ულხინე და განათავისუფლე ესე ყოველთაგან ჭირთა და სიხარული მიეც მშობელთა ამისთა!

და ჯვარი დასწერა ყრმასა მას და მისცა დედასა მისსა განკურნებული, რამეთუ მსწრაფლ ხოლო სიბრძნით აღიტყვა უტყვი იგი და კეთილად ესმოდა უსმსა მას, რაჟამს განიოტა მისგან ეშმაკი იგი ბოროტი ლოცვამან ნეტარისა მის კაცისამან.

და რომელთა იხილეს საკვირველი ესე, ადიდებდეს ღმერთსა.

თავი XXXXVI

ხოლო დედაკაცმან მან მოიყუანა ქმარი თვისი და შესაწირავად ორი ზროხაჲ მიუძღუანა ეპიფანეს. არამედ მან მიანიჭა ზროხანი იგი ყრმასა მას განკურნებულსა და აკურთხნა იგინი და სიხარულით წარვიდეს და მადლი მისცეს ღმერთსა.

თავი XXXXVII

ესევე ნეტარი ეპიფანე ოდესმე მივიდა წინაშე დიდისა აბულასათისა ჟამსა მკისასა როჭიკისა თხოვად ხანძთისათვის. ხოლო მან ჰრქვა:

– ძმათა შენთა დღესა შინა ერთსა რაჲ მკონ, მიმიცემია.

და აბულასათ ესევე ამცნო ცოლსა თვისსა, რამეთუ იყო გუნათლეს, და თვით წარვიდა სხვად ქვეყანად. ხოლო ეპიფანე შეიკრიბნა ძმანი თვისნი კეთილად მომკალნი და მიიწინეს გუნათლეს სიტყვისაებრ პირველთქმულისა და იწყეს მკად კეთილსა ყანასა, ვიდრე განზოგებადმდე დღისა მის, ფრიადითა გულს-მოდგინებითა. ხოლო კაცთა ვიეთმე უკეთურთა აუწყეს დედუფალსა თვისსა, ვითარმედ სრულიად მოჰმკიან ვიდრე მწუხრადმდე იფქლსა მას ფრიად კეთილსა. ხოლო შეიურვა და მიავლინა კაცი, რაჲთა არღარა მკიდენ. და ეპიფანე ძმათა მათ ეშორა და მივლინებულსა მას არა უსმინეს.

ხოლო მან რისხვით სხვანი კაცნი მიავლინნა და მძლავრებით განასხნეს ყანისა მისგან. მაშინ მამაჲ ეპიფანე ძმათა მათ დაუბრკოლდა არა სმენისა მისთვის, რომელცა იგი პირველ მოევლინა კაცი, რამეთუ ჭეშმარიტად იყო იგი ქრისტეს მონაჲ და არა უნდა შფოთისა ხილვაჲ, ამისთვის თქვა ესრეთ:

– უფალო, შეუნდვე მხევალსა შენსა ჩვენი ესე შეურაცხებაჲ და უმჯობესი იზრუნვე მისთვის განსაცდელთა მიშუებითა მცირედ, რაჲთა ისწაოს არა გმობაჲ გლახაკთაჲ.

და მუნქუესვე დასცა იგი სულმან უკეთურმან, რამეთუ კადნიერებისა მისთვის განეშორა სული მადლისაჲ. და მსწრაფლ ხოლო აცნობეს ეპიფანეს, ხოლო იგი მივიდა და ძმანი მისნი მის თანა და ყოვლითა გულითა ულოცეს. ფრიად საწყალობელად იყო იგი და მსწრაფლ განიკურნა, რამეთუ კვალად დაემკვიდრა მის თანა სული მადლისაჲ მცველად უკუნისამდე და არღარა ევნო. და მიერითგან კეთილად შეიცვალა იგი და შეუვრდა ეპიფანეს და ძმათა მათ, და დიდითა კეთილითა განუტევნა იგინი სიხარულით.

თავი XXXXVIII

რამეთუ ქრისტემან შეამკვნა სასწაულითა და სიმდაბლითა ვითარცა მამაჲ გრიგოლ, ეგრეთვე მოწაფენი მისნი სიტყვისაებრ მოციქულისა, ვითარმედ: „სიმდაბლე ეგე თქვენი ცხად იყავნ“. ამისთვისცა ცხადად იხილვა გარდარეული სიმდაბლე ეპიფანესი ესრეთ.

იყო ოდესმე, ჟამსა რომელსამე ძმანი ვინმე კეთილნი მონაზონნი მოსრულ იყვნეს ნეძვით და მარტოდ უბნობასა შინა ნეტარმან მამამან გრიგოლ ჰრქვა მათ:

– სიმდაბლე სრული საქმით და არა სიტყვით არსა მონასტერსა თქვენსა შორის ძმათა?

ხოლო მათ ჰრქვეს:

– არს ლოცვითა შენითა, ვითარცა თვით უწყი.

და სიტყვასა მათსა თანა ჟამსა ხოლო ჰრეკეს ჟამისწირვისათვის. და ვითარ ჟამსა დაიწყო ნეტარმან გრიგოლ, ჰკითხა დეკანოზმან საეროდ ჟამისმწირველისაჲ. ხოლო მან ეპიფანესი ბრძანა ჟამისწირვაჲ, რამეთუ იგი დაედგინა მამასახლისად ხანძთას. და ეპიფანე შეიმოსა ჟამისწირვად და სხვანიცა მღდელნი მის თანა, რამეთუ იყო დღე იგი კვირიაკე.

და ვითარცა აღვიდეს საკურთხეველად და ეპიფანე „წმიდაო ღმერთოჲსა“ წინააღსამაღლებელსა იწყო თქმად, აღვიდა ხოლო საკურთხეველად მამაჲ გრიგოლ და კვერთხითა სცა თავსა და ჰრქვა:

– დადუმენ!

ხოლო იგი შეუშფოთებელად დადუმნა. და უბრძანა სადიაკონედ წარსლვაჲ და განძარცუაჲ.

მაშინ ყოველი ერი განკვირვებისა ზარმან აღავსო. ხოლო იგი წარვიდა და განიძარცუა, და მივიდა და დადგა წინაშე მოძღვრისა თვისისა მყოვარ ჟამ.

და კვალად უბრძანა შემოსაჲ და ჟამისწირვაჲ. და იგი სიხარულით შეიმოსა და შეუვრდა ნეტარსა გრიგოლს. ხოლო მან ჯვარი დასწერა და აღვიდა იგი საკურთხეველად მძლე ამპარტავანებისა სენთა და იწყო შეწირვად მსხვერპლთა მათ უსისხლოთა.

არამედ მიზეზი საქმისაჲ ამის ვერვინ იკადრა კითხვად წმიდისა მის, ვიდრემდის თვით უბრძანა ძმათა მათ ნეძველთა:

– იხილეთღა, ძმანო საყვარელნო, სიმდაბლე საქმით სრული ეპიფანესი? გრწმენინ ჩემი, ჭეშმარიტსა ვიტყვი წინაშე ღმრთისა: არარაჲ ბრალი უქმნიეს მას, რამეთუ ღმრთისმოშიშებისა და სიწმიდისა და სიმდაბლისა მისისათვის მარადის მადლი სულისა წმიდისაჲ დადგრომილ არს მის თანა. ხოლო არს სიმდაბლე დამდაბლებულისაჲცა ბრალთაგან. არამედ რაჲ სწორებაჲ არს ნათლისა და ბნელისაჲ, რამეთუ ჭეშმარიტისა ნათლისა სამოსელი ჰმოსია სიმდაბლითა სარწმუნოჲთა შემკობილთა მრავალთა შორის ძმათა ამათ. და ესე თქვენისა ხილვისათვის ვყავ, რამეთუ სთქუთ ძმათა თქვენთა სრული საღმრთოჲ სიმდაბლე.

ხოლო იგინი შეუვრდეს და ჰრქვეს:

– რამეთუ დაღაცათუ კეთილ არიან სათნოებითა ძმანი მონასტრისა ჩვენისანი, არამედ ესე სიმდაბლე ვერ ძალ უც.

და ვითარცა ჟამი შეწირა ღირსმან ეპიფანე, ეზიარნეს ყოველნი წმიდასა მას საიდუმლოსა ხორცსა და სისხლსა ქრისტესსა და ერთობით მადლი მისცეს წმიდასა სამებასა, დამბადებელსა ყოველთასა.

თავი XXXXIX

ხოლო შატბერდისა მამათა შორის ფრიად იყვნეს შემდგომითი შემდგომად მონაზონებისა სიმხნითა რჩეულ და რომელნიმე წინაჲსწარმეტყველებისა მადლითა ბრწყინვალე სხვათა მათებრ უდაბნოთა ჟამითი ჟამად წმიდათა კაცთა გამობრწყინვებითა, რომელთა შორის ჟამთა ჩვენთა ბრწყინვიდა ხევსა მას მიძნაძოროჲსასა დიდი იაკობ, ვითარცა მთიები შორის ვარსკულავთა, ზეშთა სიტყვისა ჩვენისა შემკობილი მრავალფერითა მადლითა მოყვასთა თანა საღმრთოთა.

არამედ წიგნისა ამის განგრძობისათვის მათ ყოველთა თანაწარვჰხედ და მივედ სასწაულთა ნეტარისა მამისა ჩვენისა გრიგოლისთა, რომელნიცა ვისწავენ სარწმუნოთაგან კაცთა. ხოლო ყოველი ვერ შეუძლე აღწერად უმეცრებისა გზითა, რამეთუ ვჰგონებდ ცხორებისა ამის დაწერად ბრძენთაგან და სრულთა მამათა, რომელნიცა იყვნეს ჟამთა ჩვენთა: დიდი სოფრონ, სანატრელი მამაჲ, შატბერდისა ეკლესიისა განახლებით აღმაშენებელი და უკუნისამდე გვირგვინი მისი, და ღმერთშემოსილი მამაჲ ილარიონ პარეხელი, და ქრისტეს მღდელთმოძღვარნი ღირსნი გიორგი მაწყვერელი ეპისკოპოსი და სტეფანე მტბევარი ეპისკოპოსი პირველი და სხვანი მსგავსნი მათნი. და ვითარცა მათ ნეტართა დაიძინეს, მაშინღა რეცა განმეღვიძა უცებსა ამას და ფრიად ცოდვილსა ხელყოფად და აღწერად ცხორებაჲ და სასწაულნი ესე, რომელ აწ გესმნენ.

თავი XXXXX

რამეთუ ოდესმე იყო ნეტარი გრიგოლ თვისსა მას საყუდელსა სენაკსა. და სენაკსა მას შინა ცეცხლი არაოდეს აღგზებულ იყო, არცა კანდელი აღნთებულ იყო, და არცა სხვათა ძმათასა. და ჟამსა ცისკრისასა დეკანოზმან ჰრქვა მნათესა:

– მივედ მამისა და ისმინე, სძინავს-ძი ანუ ჰღვიძავს?

და ვითარცა მივიდა, იხილა ბრწყინვალებაჲ, დიდძალი შინაჲთ გამო სენაკსა მას. მსწრაფლ მორბიოდა და ხმა-ყო, ვითარმედ:

– ცეცხლი აღდებულ არს სენაკსა შინა მამისასა!

ჰრქვა მას დეკანოზმან:

– დუმენ, შვილო, და ნუ გეშინინ! არა არს იგი ცეცხლი შემწველი, გარნა სული ღმრთისაჲ განმანათლებელი.

რამეთუ მრავალგზის ეხილვა დეკანოზსა მას ხილვაჲ იგი დიდებული. და მი-ხოლო-ვიდა სენაკად და შთახედნა კედლისა ნაპრალსა და იხილა წმიდაჲ იგი ხელგანპყრობით და გუამით მისით გამოვიდოდეს ნათლისა ისარნი ჯვარისსახედ. და დიდებითა შემკულ იყო იგი და ესრეთ ბრწყინვიდა, ვითარცა მზეჲ. ხოლო დეკანოზი იგი სიხარულით ჰმადლობდა ქრისტესა და მყოვარ ჟამ დააცადა ჟამისრეკაჲ, ვიდრემდის შეიცვალა სახილავი იგი.

თავი XXXXXI

და კვალად ოდესმე ჟამსა ყინელისასა ძმანი ტყესა მას ხანძთისასა შთამოჰყრიდეს ძელსა, და მათ თანა იყო ნეტარი გრიგოლ, მდგომარე ადგილსა საჩინოსა. და ძმაჲ ვინმე მოხუცებული ძნელსა ადგილსა ძელისა სავალსა განვიდოდა, და ძმათა მათ სხვათა უმეცრად ძელი ფრიად დიდი განუტევეს. და ვითარცა იხილა ძმამან მან ძელი იგი მძაფრიად მიმავალი, შეშინდა ფრიად და სივლტოლაჲ მისგან წარწყმდა. ხმა-ყო დიდითა ხმითა:

– მამაო, შემეწიე!

ხოლო მან ჯვარი დასწერა ძელსა მას და ჰრქვა:

– სახელითა ქრისტეჲსითა დადეგ, ძელო!

და სიტყვამან მისმან, ვითარცა კლდემან უძრავმან, დააყენა ადგილსა მას მყაფარსა მყინვარსა ზედა მოქანებული საშინელად. და უბრძანა ძმასა მას გულდებულად განსლვაჲ.

და ვითარცა იხილეს სასწაული ესე, დაუკვირდა ძმათა მათ და ადიდებდეს ღმერთსა.

თავი XXXXXII

ამისა შემდგომად ესე ნეტარი იყო ოდესმე მახლობელად შატბერდისა. და სარწმუნოებით მო-ვინმე-ვიდა მისა დედაკაცი, რომელსა აქვნდა ხელთა ძეჲ თვისი მცირე ვითარ ორისა წლისაჲ, რომლისა ხელნი და ფერხნი მტერისაგან მიხმულ იყვნეს და პირი გარემიქცეულ იყო. ესე მოვიდა მრავლითა ცრემლითა და ძეჲ თვისი დააგდო წინაშე ფერხთა მის წმიდისათა და ჰრქვა ესრეთ:

– წმიდაო ღმრთისაო, კაცთაგან განწირულისა ამისთვის წყალობა ყავ, რამეთუ შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტი!

და იხილა რაჲ წმიდამან მან ფრიადი გოდებაჲ მისი, შეეწყალა. და იწყეს ცრემლთა მისთა დინებად, რომელნიცა სახმილ მხდომსა ექმნნეს, რამეთუ კაცთაგან უხილავად შესწვიდეს მძლავრსა მას უკეთურსა ეშმაკსა ლოცვანი გრიგოლისნი და განიოტებდეს მას.

მაშინ თქვა:

– სახელი ქრისტეჲსი განგხდის, ეშმაკო! განეშორე უკუნისამდე ჩჩვილისა ამისგან უმანკოჲსა!

და ჯვარი დასწერა და მუნთქვესვე ივლტოდა სული იგი ბოროტი და განიკურნა ყრმაჲ იგი სრულიად. და მშობელი მისი სიხარულით ჰმადლობდა ღმერთსა და წმიდასა მას. და მხიარულნი წარვიდეს სახიდ თვისა, და ყრმაჲ იგი კეთილად ცხოვნდა სრულიად.

თავი XXXXXIII

და კვალად სხვაჲ ვინმე იყო დედაკაცი სისხლისდინებითა გვემული მრავალთა ჟამთა. მას ესმა სასწაული ესე და მივიდა გულსმოდგინედ წმიდისა მის. და ვერ შემძლებელ იყო თვისსა მას სენსა საანჯმნო ყოფად, არამედ მდუმრიად სულთქმით დაალტობდა ფერხთა მისთა ცრემლითა და ითხოვდა კურნებასა. ხოლო ძმანი იგი მცირედ განეშორნეს წამისყოფითა ამის წმიდისაჲთა, რამეთუ ცნა სულითა ვნებაჲ იგი დაფარული და მისცა მარჯვენე თვისი, რაჲთა შეიმთხვიოს. და მან ყო ეგრეთ, და მასვე ჟამსა განიკურნა უძლურებისა მისგან. და წარვიდა სიხარულით სახედ თვისა და ადიდებდა ღმერთსა.

თავი XXXXXIV

რამეთუ კეთილი სათნოებაჲ. ნეტარისა მამისა გრიგოლისი საკვირველებითა სავსე არს. რამეთუ მახლობელად შატბერდისა იყო ვინმე კაცი მდაბიოჲ და ესვა მას ცოლი და ესხნეს შვილნი და აქვნდა ფრიად მონაგები. და სიხარულსა შინა იყო ცხორებაჲ მათი, რამეთუ კეთილად მორწმუნე იყვნეს იგინი. ხოლო დედაკაცსა მას უმჯობესისა მისისათვის უძლურებაჲ შეემთხვია, რაჲთა მართლისა მის კაცისა ხელითა ქრისტემან განკურნოს და მხდომი სირცხვილეული განაქიქოს, რომელმანცა მანქანებითა მისითა ხელთა მისთა ათნივე თითნი ნებთა მისთა ზედა დაჰკრნა და ძლიერად ჰგვემდა ტეხითა ბოროტითა.

მას ჟამსა საღმრთომან ცნობამან გულისხმა უყო ნეტარისა მამისა გრიგოლის ღირსებაჲ და მსწრაფლ ხოლო დედაკაცმან მან თანაწარიყვანა ერთი ძეჲ თვისი და მიიწია წინაშე ნეტარისა მის. ხოლო ნებითა ღმრთისაჲთა იყო წმიდაჲ აგარაკსა ერთსა შატბერდისასა. და იწყო ვედრებად მისა მრავლითა ცრემლითა და გოდებითა უძლურებისა მისთვის, რომელი შეემთხვია მას. და ვითარცა იხილა სარწმუნოებაჲ და ცრემლნი მისნი, შეეწყალა იგი ფრიად.

მაშინ უბრძანა ერთსა მღდელთაგანსა წარსლვაჲ ეკლესიად და მოღებად ევლოგიაჲ, ზეთი კანდლისა მისგან, რომელიცა უკვდავად ენთებინ წინაშე ხატსა წმიდისა ღმრთისმშობლისასა. და თვით დადგა ხელგანპყრობით ლოცვად წინაშე ღმრთისა სულთქმითა დაუდუმებელითა და ცრემლითა წყაროებრ მდინარითა, ვიდრე მოსლვამდე მღდელისა მის. და რაჟამს მოიღო ზეთი იგი კანდლისაჲ მის, მოუწოდა დედაკაცსა მას და ხელთა მისთა ჯვარი დასწერა, და ზეთი იგი ჯვარის სახედ სცხო სახელითა წმიდისა სამებისაჲთა და მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობლისაჲთა და თქვა:

– იქმნენინ განკურნებულ ხელნი შენნი!

და მუნთქვესვე განემართნეს ყოველნი იგი თითნი მისნი და ყოვლადვე არღარა იპოვა ვნებაჲ მის თანა, რამეთუ მავნებელი იგი ეშმაკი ზარგანხდილი ივლტოდა ლოცვათაგან ნეტარისა გრიგოლისთა. და ესრეთ სიხარულით წარვიდა სახიდ თვისად და ადიდებდა ქრისტესა ღმერთსა.

და კვალად დედაკაცმან მან წარიყვანა ქმარი და შვილნი თვისნი და ფრიადი შესაწირავი მიუძღუანა წმიდასა მას. და ყოველთა მიიღეს კურთხევაჲ და წარვიდეს მხიარულნი სასწაულისა მქადაგებელნი შორის მრავალთა.

თავი XXXXXV

ხოლო ჟამთა ამის წმიდისათა ხელმწიფემან აშოტ კურაპალატმან დაიპყრნა მრავალნი ქვეყანანი და აღაშენა ციხე არტანუჯისაჲ საცხორებელად დედუფლისა, მეუღლისა თვისისა. და მას შინა კეთილად ცხოვნდებოდა მრავალთა წელიწადთა.

ხოლო აცთუნა მტერმან ხელმწიფე იგი და მოიყვანა მან დედაკაცი სიძვისაჲ ციხესა მას შინა, რომლისა თანა იმრუშებდა, რამეთუ ეშმაკი ტრფიალებისაჲ ფრიად აზრზენდა. რომელსა პირველ არა აქვნდა ეგევითარი ჩვეულებაჲ, არამედ ძლეულ იქმნა ბოროტითა მით ცოდვითა.

და ვითარცა ესმა ნეტარსა გრიგოლს საქმე იგი სულისა განმხრწნელი, შეწუხნა ფრიად. და აუწყა წმიდასა გრიგოლს, დიდსა მას მოხუცებულსა, რომელი მკვიდრ იყო ეკლესიათა, რამეთუ იყო იგი სასწაულთა მოქმედ და პატივცემულ ღმრთისა და კაცთაგან. და განზრახვითა მისითა ამხილა პირისპირ ხელმწიფესა მას. ხოლო მან აღუთქვა ცოდვისა მის განტევებაჲ, და დედაკაცისა მის წარგზავნაჲ, ვინაჲცა მოეყვანა იგი. და ვერ დაამტკიცა თვისი ბრძანებაჲ, რამეთუ დაემონა გულისთქმასა.

ხოლო ნეტარმან გრიგოლ პოვა ჟამი მარჯვე. ოდესცა კურაპალატი შორს იყო არტანუჯსა, დღესა ერთსა შატბერდით წარვიდა და მიიწია მიმწუხრი ძირსა მას ციხისასა. და კაცი მიუვლინა დედაკაცსა მას ჭამადისა თხოვად და მუნ დადგომისა მიზეზი შეუთვალა. ხოლო მან სიხარულითა დიდითა განიხარა და მრავალფერი სანოვაგე წარსცა წმიდისა მისთვის და მოწაფეთა მისთა. და ვითარცა განთენა, კვალად მიუვლინა კაცი, რაჲთა მივიდეს ხილვად მისა. მაშინ უფროჲსად განმხიარულებული მსწრაფლ მოვიდა წმიდისა მის ორთა თანა მხევალთა თვისთა, რაჲთამცა ღირს იქმნა ჯვარსა ნეტარისა მის კაცისასა. ხოლო მან არა დასწერა ჯვარი, არამედ უბრძანა განშორებულად დაჯდომაჲ. და მოწაფენი კიდე-რე განდგეს წამისყოფითა მოძღვრისა თვისისაჲთა და ეგრეთვე მსახურნი იგი დედანი, რამეთუ წმიდისა მის შიში ყოველთა ზედა მიფენილ იყო. მაშინ ჰრქვა მას ნეტარმან გრიგოლ:

– ჰოჲ საწყალობელო! რაჲსათვის შორის ცოლ-ქმართა შთაჭრილ ხარ წარსაწყმედელად შენდა საუკუნოდ ბოროტითა მით ცოდვითა, რომლითა დამონებულ ხარ ეშმაკისადა და ცუდითა რაჲთმე მიზეზითა საფრხე ქმნულ ხარ დიდისა ხელმწიფისადა?

ხოლო მან ცრემლით ჰრქვა:

– წმიდაო ღმრთისაო, მე თავსა ჩემსა ზედა ვერ თავისუფალ ვარ, ვინაჲთგან გარდარეული სიყვარული აქვს ჩემდა მომართ კურაპალატსა, და აწ არაჲ უწყი, თუ რაჲ ვყო, რამეთუ ბრძანებამან სიტყვათა შენთამან შემაძრწუნა ფრიად.

ხოლო წმიდამან მან ჰრქვა:

– შვილო, იქმენ სრულიად მორჩილ სიტყვათა ჩემ გლახაკისათა, და მე თავსმდებ გექმნე ქრისტეს მიმართ, რაჲთა მან თავადმან ყოველნი ბრალნი შენნი შეგინდვნეს.

და მან ჰრქვა:

– წმიდაო მამაო, ხელთა შენთა ვარ! უმჯობესი სულისა ჩემისაჲ იზრუნე.

მაშინღა ჯვარი დასწერა და აკურთხა ლოცვითა და შეჭურა მადლითა და მისცა თვისთა ხამლთა საბელი, რაჲთა სარტყლად შეირტყას. და მან ყო ეგრეთ.

და წმიდამან მან ჰრქვა:

– შვილო ჩემო, დღეს იქმნა ცხორებაჲ სულისა შენისაჲ, რამეთუ სანატრელისა დედისა ფებრონიაჲს წინაშე მიგიყვანებ შენ.

და მან განიხარა ფრიად. ხოლო ნეტარმან გრიგოლ უბრძანა მხევალთა მათ მისთა წარსლვაჲ ციხედვე და დედაკაცსა მას ჰრქვა:

– შვილო ჩემო, წარემართე და ვიდოდე წინაშე ჩვენსა!

და ესრეთ მოიყვანა იგი მერეს, რამეთუ პირველვე განზრახვაჲ ნეტარისა დედისაჲ თანა იყო. და შეჰვედრა იგი მას და ჰრქვა:

– იღვაწე ესე, ჯერისაებრ იღვაწე, და რაჟამს ძიებაყოს კურაპალატმან, რამეთუ ჰხედავ გულსა ამისსა შემუსრვილსა.

ხოლო მან თქვა:

– ქრისტემან კეთილად იზრუნოს მხევლისა თვისისათვს, რომელიცა პოვა შენ მიერ, ღირსო მამაო.

და მრავალჟამ მარტოდ უბნობდეს ნეტარნი ესე.

და ესრეთ იყო ჩვეულებაჲცა მის ჟამისა წინამძღვართა მამათჲა, რამეთუ თვინიერ დედისა ფებრონიაჲს განზრახვისა საქმე არაჲ ხელყვიან.

ხოლო დათაგანი ვინმე მახლობელად მათსა წარჰვლიდა და ესმა ერთი სიტყვაჲ, ხოლო სხვასა ვერღარა იკადრა სმენად. რამეთუ წმიდამან გრიგოლ ჰრქვა ნეტარსა ფებრონიას, ვითარმედ:

– რაჲ გრქუა შენ ანგელოზმან?

რამეთუ ღმერთი იყო ყოვლადვე მათ შორის.

ხოლო რაჟამს მიიწია კურაპალატი ციხედ, იკითხა ხოლო დედაკაცი იგი და ვითარ არა პოვა, ფრიად შეიურვა, გულისხმა ყო რაჲ ყოველი იგი ყოფილი საქმე. და რამეთუ არა ღონითა რაჲთმე კაცობრივითა მახეთაჲთა იყო ტრფიალ მისა მიმართ ხელმწიფე იგი, არამედ ეშმაკისა მანქანებითა ესოდენ ძლეულ იყო, რომელ თავმოთნეობაჲ დაავიწყდა და მსწრაფლ ხოლო მოვიდა მერეს. ხოლო ნეტარმან ფებრონია დამალა დედაკაცი იგი.

და ვითარ ილოცა კურაპალატმან ეკლესიასა წმიდისა ღმრთისმშობლისასა და მიიღო ლოცვაჲ დედისა ფებრონიაჲსი, მაშინ იწყო სიტყვად:

– უწყი-მეა, დედაო, რაჲსათვის მოვედ აწ?

ხოლო მან ჰქრუა:

– უფალმან იცის, რაჲსათვის ჰბრძანე აქა.

და მან ჰრქვა:

– ამის მიზეზისათვის იქმნა მოსლვაჲ ჩემი, რამეთუ სახლისა ჩვენისა მეჭურჭლე ქალი იყო და ყოველი მონაგები ჩვენი ხელთა მისთა იყო, და მამასა გრიგოლს აქა წარმოუყვანებია და ფრიადი დაგვაკლდა საფასეთა ჩვენთაგანი. აწ უბრძანე, რომელ ერთხელ ციხედ მოვიდეს და ყოველი მოგვითვალოს და კვალად თქვენდავე მოვიდეს, ვითარცა უნდეს.

ხოლო ფებრონია ჰრქვა მას მკუეთრ:

– მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან უშჯულოებასა.

ესე რაჲ ესმა კურაპალატსა, სირცხვილეულ იქმნა მართლმხილებისა მისგან კდემული და მყოვარ ჟამ დადუმნა, ვითარცა ძლეული, რამეთუ ხორციელად ძლიერსა ხელმწიფესა სულითა ძლიერთა კაცთა სძლეს, შეჭურვილთა მათ საღმრთოჲთა შურითა.

ხოლო შეურვებულმან კურაპალატმან გულისა შეჭირვებისაგან თქვა:

– ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არსო.

და მსწრაფლ ხოლო აღდგა და წარვიდოდა.

მაშინ ნეტარი ფებრონია დაწყნარებულითა სულითა აყენებდა, რაჲთამცა ისტუმრა იგი, და არა დაემორჩილა, რამეთუ მამხილებელად აქვნდა თვისი გონებაჲ და ვნებაჲ რაჲ ხორცთმოყუარებისაჲ განეშორა და აუგი თვისი გულისხმა ყო. ხოლო სულითა იხარებდა, სიბრძნემან რაჲ წარიოტა სულმოკლებაჲ იგი მავნებელი და აქებდა წმიდათა მათ მძლავრებასა, უფროჲს ხოლო ძლევისა მომცემელსა ღმერთსა.

და სიხარულით წარვიდა, რამეთუ გულითა წმიდითა აქვნდა ნეტართა მათ პატივი, ვითარცა სულისა მისისა საუკუნოდ გვირგვინოსანმყოფელთაჲ.

თავი XXXXXVI

არამედ ადარნერსე ხელმწიფესა უფროჲსი ვნებაჲ შეამთხვია მტერმან, რომელიცა იყო ძე აშოტ კურაპალატისაჲ. რამეთუ შესმენითა მეძვისა ქალისაჲთა, რომლისა თანა იმრუშებდა იგი, უსამართლოდ განიშორა სიცრუითა სიძვისაჲთა სარწმუნოჲ ცოლი თვისი და წარგზავნა ქვეყანად თვისად აფხაზეთად, ვინაჲცა მოეყვანა იგი.

ხოლო ქრისტემან მონასა თვისსა, გრიგოლს, გამოუცხადა ყოველი იგი უსამართლოებაჲ, რომელიცა შეამთხვიეს უბრალოსა მას დედუფალსა. ამისთვისცა მრავალგზის მხილებაჲ მიაწია ნეტარმან გრიგოლ ადარნერეს ზედა. არამედ ხელმწიფე იგი ცუდითა თავმოთნეობითა იძლია და მხილებაჲ მართლისა მის კაცისაჲ არა თავს იდვა, არამედ შესძინა ძვირი ძვირსა ზედა თვისსა და სხვაჲ ცოლი შეირთო.

მაშინ მამამან გრიგოლ უწინაჲსწარმეტყველა ბრალთა მათთვის, რაჲ-იგი შემთხვევად იყო მისდა მიშვებითა ღმრთისაჲთა. და ჰრქვა ესრეთ:

– არა სმენისათვის სიტყვათა ჩემ გლახაკისათა, მიეცე ბოროტთა სენთა, და რომელ აწ ძენი გესხნენ, იგვემნენ ეშმაკთაგან, და ვერ განიკურნო შენ და ვერცა შვილნი იგი შენნი, ვიდრე არა შეინდოთ დედუფლისა მისგან, უსამართლოდ გაპატიჟებულისა მხევლისა მის ღმრთისა. დაღაცათუ ხორცთაგან განვიდეს იგი, არამედ საფლავთაგან მისთა შე-ვე-ინდონ შვილთა შენთა. ხოლო შემასმენელი იგი მეძავი ადრე განაქიქოს ქრისტემან უფროჲს ყოველთა ცთომილთაჲსა ლირწად წარმდებებისა მისისათვის და უკეთურებისა.

ხოლო ადარნერსე სიტყვათაგან ნეტარისა გრიგოლისთა ფრიად შეშინდა და შეუვრდა წმიდასა მას. ხოლო მან აღადგინა და ჰრქვა:

– ქრისტემან შენდობაჲ ბრალთაჲ მოგეცინ შენ, არამედ ესე უწყოდე: თქმული ჩემი აღესრულოს ჟამსა თვისსა, რაჲთა გულისხმა ყონ ყოველთა ნაყოფი ურჩებისაჲ.

და შემდგომად მცირედთა დღეთასა შეემთხვია ადარნერსეს სენი ტეხისაჲ წრდიალი, რომელსა ჰრქვიან ნიკრისი, და ტკივილთა მათგან იგვემებოდა მწარედ, რამეთუ მუნ ჟამადმდე ყოვლად უვნებელ იყო იგი. და მსწრაფლ ხოლო წარავლინა კაცი კეთილი, რომელსა ერქუა კუპრა, წინაშე დედუფლისა მის შენდობისა თხოვად.

და ვითარ მიიწია მოციქული იგი ადარნერსესი ფერსათს, სადაცა არს აწ საფლავი მისი, და იხილა დედუფალი იგი თვისი დიდსა შინა მონაზონებასა, რომელიცა იყო ასული ბაგრატ შაროელისა ხელმწიფისაჲ, რამეთუ სამოსლად მისა იყო შეურაცხი ჩოხაჲ და ემოსა მას წმიდაჲ სქემაჲ და ტვირთი დიდი შეშისაჲ ეკიდა და სახიდ თვისად მიაქვნდა სანატრელსა მას, რომელსა პირველ სახელი ეწოდა ბევრელი და მერმე ანასტასია, რამეთუ მან სრულიად სირცხვილეულ ყო ეშმაკი. და აწ კურნებასა ჰპოვებენ მორწმუნენი მადლითა მისითა, მი-რაჲ-აქვს მიწაჲ ევლოგიად საფლავთაგან მისთა.

ესე რაჲ იხილა კაცმან მან მოციქულმან, იცნა და შეუვრდა ადარნერსეს მაგიერ და ჰრქვა:

– ქრისტეჲს ნებისმყოფელო, გევედრების, შეიწყალე უფალი ჩემი სამართლად ღმრთისაგან განპატიჟებული შენ ძლით და ნუ სწყევ მას, არამედ შეუნდვენ დიდნი ბრალნი მისნი!

ხოლო მან ჰრქვა:

– გეფიცები ქრისტესა, არაოდეს აღმოსრულ არს წყევაჲ პირსა ჩემსა და არცა მას ვსწყევ. ქრისტემან შეუნდვენ ყოველნი ცოდვანი და განკურნენ სულით და ხორცით.

და მსწრაფლ ხოლო განიკურნა ადარნერსე, რამეთუ კაცმან მან მოციქულმან დაისწავა ჟამი იგი, ოდესცა ულოცა უფალსა მისსა და, მო-რაჲ- ვიდა, პოვა იგი ყოვლად უვნებელი და სიხარულით ჰმადლობდა ქრისტესა.

არამედ შემდგომად წელიწადთა არამრავალთა ადარნერსე ხელმწიფესა რაჲ ესხნეს ძენი, გურგენ კურაპალატი და სუმბატ, მტერისაგან ფრიად იტანჯებოდეს. და მსწრაფლ ხოლო წარავლინნა იგინი ფერსათს სამოსლითა საგლახაკოჲთა და შესაწირავითა სახელმწიფოჲთა ლოცვად საფლავსა მას სანატრელისა დედუფლისასა, რამეთუ გარდაცვალებულ იყო იგი. და ჟამს ილოცეს, სრულიად განიკურნნეს სიტყვისაებრ ნეტარისა გრიგოლისა და სიხარულით წარვიდეს სახიდ თვისა და ადიდებდეს ქრისტესა, ღმერთსა ყოველთასა.

თავი XXXXXVII

ხოლო დედაკაცი იგი შემასმენელი, ბოროტად ეშმაკეულ იქმნა და განცოფნა, და სხვანიცა განსაცდელნი მიიწინეს მის ზედა საქმეთაებრ მისთა უკეთურთა. და ესრეთ იყო საშინელ და ზარისასახდელ ხილვაჲ მისი და სმენაჲ სიტყვათა მისთაჲ. და ვითარ მოეგო გონებასა, მაშინ მივიდა წინაშე დედისა ფებრონიაჲსსა საწყალობელი იგი და შეუვრდა მას ცრემლით და აღუარებდა ყოველთა ბრალთა და ევედრებოდა გოდებით, რაჲთა უხვაიშნოს მამისა გრიგოლისაგან. ხოლო მან მიწერა წიგნი ვედრებით და ნეტარმან მან არა ისმინა, არამედ მიჰრქვა:

– უძვირესნი განსაცდელნი აღიძრნენ მაგას ზედა ამისთვის, რამეთუ საცთურ ექმნა ეგე ღმრთისმსახურსა ხელმწიფესა და სარწმუნოჲ ცოლი მისი განაშორა, რამეთუ განთქვა სახელი მისი, ვითარცა მეძვისაჲ, და კვალად სისხლი უბრალოჲსა ჭაბუკისაჲ დასთხია. აწ მსგავსად უჯეროებისა საქმეთა მიეგოს მაგას ვიდრე სიკვდილადმდე.

ხოლო ნეტარმან ფებრონია თქვა:

– ჭეშმარიტ არს საბჭოჲ მამისა გრიგოლისი.

რამეთუ არა ჰმძლავრა მან წმიდასა მას, ვითარცა თქვა მოციქულმან – სულები წინაჲსწარმეტყველთაჲ წინაჲსწარმეტყველთა დაემორჩილენო. არამედ ვითარ შეჰგვანდა, ნეგეშინის სცა სასოწარკვეთილსა მას, რამეთუ სავსე იყო იგი სიბრძნითა ორისავე ცხორებისაჲთა და სასწაულნი დიდნი იხილვებოდეს მის მიერ და რომელთაგანმე მოწაფეთა მისთა და აწ სარწმუნოებით მვედრებელთა კურნებასა აღმოუცენებენ საფლავნი მათნი.

ხოლო დედაკაცი იგი ვიდრე სიკვდილამდე დაადგრა მერეს შინა, რამეთუ დაღაცათუ ბოროტთა გუემათა შინა იყო, ხოლო გონებაჲ მისი ცოცხლად ეგო. და რაჟამს მოკვდა იგი, ბრძანა დედამან ფებრონია მახლობელად დათა მათ ქრისტეს ნებისმყოფელთა დამარხვაჲ მისი, რაჲთა დიდად ბრალეული იგი უბრალოთა მათ განამართლონ წინაშე ქრისტეჲსა.

ხოლო უფალმან აჩვენა სასწაული, რამეთუ დამარხვასა სხვათა მიცვალებულთასა სამ-გზის იპოვა შინაგან კარსა აკელდამისასა მდებარე. და არღა იკადრეს აღებად გვამი იგი ცოდვილისა მის დედაკაცისაჲ, არამედ მაშინღა აუწყეს ყოველი ნეტარსა ფებრონიას, რამეთუ მოხუცებულ იყო ფრიად და შესვენებულთა დამარხვასა ვერ ძალ ედვა მისლვა. ხოლო მან თქვა:

– ჯერ არს უწყებად ესე ნეტარსა გრიგოლს, რამეთუ იგი არს წინამძღვარი საქმისაჲ ამის.

და მიწერა ეპისტოლე პატივით ესრეთ:

თავი XXXXXVIII

„წყალობა ყავნ უფალმან ჩვენ ზედა წმიდითა ჯვარითა და შეწევნითა ღირსთა ლოცვათა შენთაჲთა, ქრისტეშემოსილო მამაო გრიგოლ, ყოვლადვე მონაწილეო ლოცვასა თანა ჩემ გლახაკისასა.

შენ, წმიდაო ღმრთისა კაცო, საფრხე მხდომთა მრავალსახე სიბოროტით შეგიმზადეს, ვითარ მახეჲ მონადირეთა, და იწყეს წყობად შენდა უწყინოდ, რამეთუ სივერაგით გბრძოდეს საუცრად სიმძაფრითა სასტიკითა ხილვითა, ვითარცა გუნდი მხედართაჲ, და ოდესმე ვითარცა სიმრავლე მხეცთა მძვინვარეთაჲ მრავალ-გზის საშინელად ჩვენებითა. და ესრეთ შენთვის აღძრეს ღვაწლთა ღელვაჲ უჩინოჲ და საჩინოჲ. არამედ მათ ყოველთა სძლო სიმდაბლემან სიწმიდითა შემკობილმან გვამსა შენსა დანერგულმან, და ცეცხლებრმან სულმან შენმან მართალმან შეწვნა მტერნი იგი მავნებელნი, უხილავნი და ხილულნი. ხოლო ამის მადლისათვის ძალ არს შენდა ძალი ღმათისაჲ, რამეთუ წმიდათა ანგელოზთა მსგავსებაჲ გაქვს სიწმიდე, რომელ არს სამძალი ძლევისაჲ, შეზღუდვილი სამარადისოთა ლოცვითა და მარხვითა და ფრიადი მუხლთმოდრეკაჲ შემწირველი ცრემლთა წმიდათაჲ უძილთაგან თვალთა შენთა და მღვიძარისაგან სულისა შენისა.

შენ, წმიდაო მღდელო, ეკლესიად წოდებულთა შორის მართალთა განსუენებულო, საღმრთოო მოძღვარო, მორწმუნეთა სიმტკიცეო, ხელმწიფეთა თვალუხვავად მამხილებელო და განმსწავლელო კვერთხითა სწავლისაჲთა, რომლისათვისცა სიტყვანი შენნი წინაჲსწარმეტყველებრ აღესრულებიან კაცთა შორის!

არამედ აწ ჟამი არს შენდობისაჲ. ყავ წყალობაჲ განწირულისა მისთვის დედაკაცისა, ვითარცა შვენის სიწმიდესა შენსა. რამეთუ ნეშტი სიტყვაჲ ჩემი გეუწყოს წიგნის მიმღებელისაგან. და ყოვლადვე შეწევნა ყავ ჩემთვის აქა და საუკუნესა მას, ამენ“.

და რაჟამს აღმოიკითხა წიგნი ფებრონიაჲსი ნეტარმან გრიგოლ და ყოველი გულისხმა ყო, ცრემლით მადლი მისცა ქრისტესა და დაწერა ეპისტოლე დათა მათ შესვენებულთა მიმართ ესრეთსახედ:

თავი XXXXXIX

„ქრისტეს მოყვარენო, წესთა მათ ამის სოფლისათა მოკლესა შინა დროსა სიყრმითგან თქვენით ვიდრე სიკვდილადმდე მძლექმნულნო ქრისტეჲსთვის სიტყვისაებრ მოციქულისა: „რამეთუ მოჰკვედით და ცხორებაჲ თქვენი დაფარულ არს ქრისტეჲთურთ ღმრთისა თანა“. რაჟამს გამოცხადნეს ცხორებაჲ იგი ჩვენი, მაშინ თქვენცა გამოსცხადნეთ დიდებითა საუკუნოჲსა მერმისაჲთა. თქვენ, ბრძენთაგან ნეტარნო და უვიცთაგან უცნაურნო, უოხჭნოსა სიმდიდრესა კეთილთაებრ ვაჭართა საწუთროჲთა მომსყიდელნო, ხოლო აწ მძინარენო ხორცითა და მღვიძარენო სულითა, მკვდრად შერაცხილნო მკვდართაგან და უკუნისამდე ცხოველნო ქრისტეჲსგან ტაძრითა მით სულისაჲთა, ქვეყანისა ცად შემცვალებელნო, ქალწულებისა ყვავილნო, მიმსგავსებულნო დედასა ღმრთისასა, მხიარულნო მის წინაშე, საუკუნოდ დიდებულსა მას მოსლვასა ძისა მისისასა მომლოდებელნო!

თქვენ, უძლურებისაგან უცვალებელსა ძალსა მიწევნულნო და შემდგომად სიკვდილისა ყოვლადვე შემძლებელნო მიცემად ორსა სახესა მისაგებელსა ქცევათაებრ კაცთაჲსა, ვითარცა-ესე აწ ვიხილეთ თქვენმიერი სამართალი საშჯელი, რომლისათვისცა მე, გლახაკი გრიგოლ, და დედაჲ ფებრონია, მადლიერ ვართ თანაშეწევნასა თქვენსა.

და აწ გევედრებით, საწყალობელისა მაგისთვის დედაკაცისა ითხოეთ ქრისტეჲსგან ბრალთა მისთა შენდობაჲ და ღირს ყვენით ძვალნი მისნი ძვალთა თანა თქვენთა და სული მისი სულისა თქვენისა თანა. და უფროჲს ხოლო იღვაწეთ უფლისა მეორედ მოსლვასა, რამეთუ გაქვს მადლი შეწევნად მორწმუნეთა და მოელით დაუსრულებელსა დიდებასა და გამოუთქმელსა სიხარულსა, რომელსაცა მიწევნად ხართ. არამედ მეოხებაჲ თქვენი მარადის შემწე მეყავნ ჩვენ, რაჲთა ჩვენცა ღირს ვიქმნნეთ სანატრელსა მას ცხორებასა მერმესა საუკუნესა, ამენ“.

და რაჟამს აღმოუკითხეს წიგნი იგი ნეტარისა გრიგოლისი მიცვალებულთა მათ დათა და სიტყვითცა ბრძანებაჲ დედისა ფებრონიაჲსი აუწყეს-ვე, მაშინღა მიიღეს მკვდარი იგი თვისსა მას პირველსა ადგილსა, სადაცა სამგზის დადებულ იყო. და არღარა იცვალა მიერ დღითგან, რამეთუ ნეტარი მამაჲ გრიგოლ მიზეზ ექმნა პირველ ცოდვათა მხილებასა და მერმე ლხინებასა და შენდობასა. და სინანულიცა ფრიადი შემწე ექმნა ცოდვილსა მას წინაშე ღმრთისა, რომელსა არა ჰნებავს სიკვდილი ცოდვილისაჲ, არამედ მოქცევაჲ და სინანული. ხოლო გულისხმისმყოფელთა დაუკვირდა და ადიდებდეს ღმერთსა.

თავი XXXXXX

ხოლო ესევითართა სასწაულთა იქმოდა ქრისტე ხელითა ნეტარისა გრიგოლისითა, რამეთუ უძლურნი, თითოსახეთაგან სენთა შეპყრობილნი, და ვნებულნი სულთაგან არაწმიდათა, ლოცვითა მისითა და ცრემლითა განიკურნებოდეს თხოვისაებრ სარწმუნოებით მვედრებელთაჲსა.

და არა ხოლო თუ კაცნი ოდენ ჰხედვიდეს მას ნავთსაყუდელად, არამედ ნადირნიცა ველისანი. რამეთუ ოდესმე მახლობელად შატბერდისა მთათა მათ ზედა ესე ნეტარი საქმისა რომლისათვისმე იყო და მის თანა ძმანიცა იყვნეს. და ირემი ერთი გამოვიდა საჩინოსა მათსა, რამეთუ მონადირეთა მოეცვა იგი და ვერვინაჲ განერებოდა ხელთაგან მათთა. მაშინ მიჰმართა მონაზონთა მათ და შორის განვლნა ყოველნი და მივიდა ვითარცა გონიერი ნეტარისა გრიგოლისსა და თვისი თავი ზედა ხელთა მის წმიდისათა დადვა და რეცა ტიროდა მოწევნულისა მისთვის ბოროტისა. ხოლო მან ნუგეშინის სცა და ჰრქვა:

– სახელითა ქრისტეჲსითა ვერ გავნონ მტერთა ამათ შენთა, ნუ გეშინინ!

და იხილეს რაჲ კაცთა მათ, განუკვირდა ფრიად და ადიდებდეს ღმერთსა და მოვიდეს წმიდისა მის და ჯვარი დაიწერეს. ხოლო მან აკურთხნა იგინი და ნაცვალად ირმისა მისცა სხვაჲ საღვაწი ხორცთაჲ და წარვიდეს. ხოლო ირემი იგი განუტევა მშვიდობით.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

4 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. თამუნა ამბობს:
    10 აპრილი, 2011წ. 08:14სთ.

    აშოტის შემდეგ ვინ მიიღო კურაპალატის ხარისხი?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. გიორგი ამბობს:
    11 ოქტომბერი, 2011წ. 21:12სთ.

    მადლობა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. გიორგი ამბობს:
    5 თებერვალი, 2012წ. 19:36სთ.

    აშოტის შემდეგ კურაპალატობა მიიღოო მისმა ვაჟმა ბაგრატმა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. დარე ამბობს:
    6 მარტი, 2012წ. 00:38სთ.

    ვაჰ, დრონი, დრონი!

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

4 votes, average: 4.00 out of 54 votes, average: 4.00 out of 54 votes, average: 4.00 out of 54 votes, average: 4.00 out of 54 votes, average: 4.00 out of 5

› Verzasca – ყველაზე გამჭვირველე მდინარე

ვერზასა (Verzasca) მდინარე შვეიცარიაში, რომელიც მსოფლიოში გამოირჩევა თავისი კრისტალურად სუფთა თვისებებით.
ასეთი განსაკუთრებული თვისების გამო წყალი იმდენად გამჭვირვალეა, რომ 5 მეტრის სიღრმეშიც კი მკაფიოდ ჩანს ფსკერზე მოფანტული ქვები და ასევე პირიქით › › ›

DU