1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» სულხან-საბა ორბელიანი: მეფე ხორასნისა

იყო ერთი მეფე ხორასანსა დიდებული, კეთილ-გონიერი, უხვი და მოწყალე. დღესა ერთსა გახსნა სამნი სალარონი და უხმო ყოველსა საბრძანებელსა, რათა ყოველმან დიდმან და მცირემან, დიდებულმან, გინა გლახაკმან ათორმეტსა ჟამსა, რაცა ეძლოს, წარიღონ. და წარიღეს ყოველთა და ვერა დაასრულეს სამნი იგი სალარონი.
მას დღესა ნადიმი გარდაიხადა, აფუცა ვაზირთა მისთა, თუცა რომელთა ასმოდეს, ანუ იცოდეს მისი მსგავსი მდიდარი და უუხვესი მეფე. ექვსთა ვაზირთა ფუცეს უსმენელობისათვის მსგავსისა მისისა. და უმცროსსა ვაზირსა გაეცინა.
ჰკითხა მეფემან:
რის მიზეზისათვის იცინიო?
მან ფიცი სთხოვა მოუკვლელობისათვის და მეფემან თავისი თავი ფუცა.
მას ვაზირსა რა გული შეუჯერდა, მოახსენა: ჩინეთის ქვეყანას ერთი ურია არის, მალქოზ ჰქვიან და მისი მოყმე არის დიდებული ვინმე. მისებრივ უხვი არც უწინარეს ყოფილა და არც დღეის წაღმართ იქმნებისო.
ეწყინა მეფესა, მაგრამ ვაზირი იგი ფიცისად ვეღარ მოკლა და პატიმარ ჰყო. და თვით სამეფო სამოსელი განიძარცვა, სხვა შეიმოსა და წარვიდა მის კაცისა ნახვად. მუნ მივიდა, სადა იგი ესახლა. თურმე წესი იყო კაცისა მის: სადაცა ვის უცხოსა ნახევდის, თვისსა მოიყვანის, აბანის, შემოსის, გაასვენის, საბოძვარი მისცის და განუტევის.
დღე ერთ ვლიდა ქალაქთა მათ გარემოს. და ნახა მეფე ესე სახითა გლახაკისათა; წარიყვანა და რომელი სხვათათვის წესი იყო, იგი მას უქმნა. რა შემოსა, ნახა, დიდად საპატიო იყო, ჰკითხა სადაურობა და ვინაობა და ყოველივე აამბობინა. ოდეს სცნა მეფობა მისი, დავარდა მიწასა უღირსად და დადვა თავი თვისი და ევედრებოდა უცნობობისათვის.
აწვია და შეიყვანა სახლსა ერთსა ეგეთსა, რომე მას მეფესა მის სახლის მსგავსი არ ედგა უცხო და უცხოდ მორთული: ანუ საფენი, ანუ ფარდაგი ყოველივე სტავრა იყო. ნადიმი გარდაიხადა. ჭურჭელი ყოველივე შეწყობილი თვალი იყო. ყოველივე უძღვნა.
ცხრა დღე განუსვენა, დღე ყოველ უმჯობესსა სახლსა დასმიდის. მჯობი და უძვირფასესი ჭურჭელი მოიღის, უმხიარულე ნადიმი დაუდვის და ყოველივე უძღვნის. უკვირდა მეფესა დიდება და უხვობა მის კაცისა.
მეცხრესა დღესა ერთსა ასეთსა სახლსა აწვია, რომე დიდად უცხო იყო, და არცა მისი ქმნულება ითქმის. საფენი და ფარდაგი – საფერი, და ჭურჭელი მთელი თვალი იყო. გამოთლილი ყვავილნი იყვნეს და ხენი თვალისანი, შეფერებულნი მსგავსად, შვენიერნი. და ყოველივე უძღვნა. სამნი ესეთნი მგოსანნი ქალნი უძღვნნა, ვერც თვალი უკეკლუცესსა ნახევდა და ვერც ყური უამესსა ისმენდა.
წამოვიდა მეფე. არა წამოიღო რა განძთაგან: ერთი ალმასის თასი, და ერთი იაგუნდის საწდე, და ერთი ყვავილი თვალისა და სამნი მგოსანნი ქალნი. მადლი უბრძანა მასპინძელსა: ღვთის მოწყალებით მეც შემოგზღოო.
წამოვიდა და მოვიდა მისსა ქალაქსა. ვაზირი იგი პატიმარი პატიოსან ჰყო და ილხენდა.
მის კაცისა პატრონი იგი ურია მისანი იყო. სცნა ყოველი იგი ყოფილი, გაწყრა კაცსა მას ზედა, შეიპყრა, აიალაფა, მეხრლმეთ მისცა სიკვდილად.
წაიყვანეს მათ სიკვდილად. ევედრა მკვლელთა მათ მოუკლველობისათვის. და სამხრესა შინა ჰქონდა თვალი ძვირფასი; მით იყიდა სისხლი თვისი.
მათ კაცთა ეგრე არქვეს: პატრონი ჩვენი, თვითვე იცი, მოგვია, და თუცა ხმელთა ვლიდე, სამისნოთა სცნობს და შენ წილ ჩვენ დაგვხოცს. აწე ამას გიზამთ: კიდობანსა ჩაგსვამთ და მკვდრის აკლდამათა შთაგდებთო. და ჩადვეს.
ნახა ურიამან სამისნო მისი: ხმელთა ზედა აღარ იყო. დაიჯერა მოკლვა მისი.
მას ჟამსა მპარავნი აღდგეს, რომე აღარ დაუტევეს სახლი, გინა საფლავი დაუთხრელი. მოიწივნეს სადაც იყო საფლავი და კიდობანი იგი, დათხარეს, პოვეს და გამოიღეს. ნახეს მუნ – შიგ კაცი ჯდა და განუტევეს.
წავიდა კაცი იგი, მოვლო მრავალი ქვეყანა და უცნაურად მოვიდა ქალაქსა მას მეფისასა. მეფე მაღალთა დერეფანთა ზედა ჯდა ნადიმად და მგოსანნი იგი იმღერდეს. ერთმან მათგანმან იცნა პატრონი მისი ქვე გავლილი, ატირდა და ჩანგი ხელთაგან განვარდა.
ჰკითხა მეფემან: რა დაგემთხვიაო?
მან მოახსენა ნახული მისი. მონახეს კაცი იგი და პოვეს. აბანეს, შემოსეს, გამოასვენეს. მეორესა კვირასა შეჯდა მეფე, მიუხდა, ურია იგი მოსრა და საბატონო მისი მას მისცა. მას კაცს ესრეთ შეჰზღო.
– ეს არაკი ამისთვის მოგახსენე: ვერც ასეთს გასაცემს იქმს კაცი, რომ სხვას არ ექმნას, და არც კარგსა საქმესა ღმერთი დაუკარგავს. რუქავ, შენგან მიკვირს ეგეთი საუბარი!

გამოხდეს ხანი და ჟამი რაოდენიმე. შეიწყალა ღმერთმან და მისცა მეფესა ძე ესეთი, რომე სინათლითა მზე მოშურნეობდა, ათხუთმეტისა დღისა მთვარე ნათელსა მისგან ითხოვდა, ვარსკვლავნი მისსა კამკამებასა გაეცვიფრებინა, შავნი მერცხლისა მხარნი ბროლთა ზედან განპყრობით დაეშვენებინა, მელნის გუბენი გიშრის ლერწმით შემოესარა, ვარდი და ზამბახი ერთმანერთში აეყვავებინა. სახელად ჯუმბერ უწოდეს.
რა მოიზარდა, გამოიყვანა მეფემან, ვაზირსა თვისსა სედრაქს და საპატრონოთა თვისთა აჩვენა. აიყვანა ვაზირმან, დალოცა და მოახსენა:
– მეფეო, ღმერთმან გიცოცხლოს და, ბედნიერმცა არს ძე შენი ესე და კურთხეულ ამიერითგან უკუნისამდე, და მიეცეს ამას გულისხმიერობა ვირისა, ერთგულობა ძაღლისა და ძალი ჯინჭვლისა.
ესმა რა ესე რუქა საჭურისსა, აღშფოთდა და უთხრა ვაზირსა:
– რად მიიღე წყევა ძესა ზედა მეფისასა? ვაზირი გონიერი, წყნარი და სიტყვამარჯვე ხამს, ამად რომე ხელმწიფესთან მყოფს ხუთნი საქმენი უნდა სჭირდეს:
ერთი: სიტყვა ტკბილი უნდა ჰქონდეს;
მეორე: გამწყრალი დააწყნაროს, არა თუ მხიარული გააწყროს;
მესამე: პირიდამ ავი სიტყვა არ წაიცთუნოს;
მეოთხე: სიტყვის თქმის ჟამი იცოდეს;
მეხუთე: რაც თქვას, ყოველს კაცს მოაწონოს.
შეხედა სედრაქ და რქვა:
– შენ ყოველსა მართალსა იტყვი, მაგრამ ოდეს მამაკაცსა სამამაკაცო დაეკვეთოს, დიაცის ბუნება მიეცემის. ამით სცან, რომე ულვაშნი და წვერნი მისნი თან აღმოიფხვრას. საჭურისსა სამნი საქმენი მართებან:
პირველად: მხევლებრივ მორცხვობა;
მეორედ: ავთა ენათა შენახვა;
მესამედ: პატრონის ხვაშიადის დაკრძალვა;
თვარემ მე ძე მეფისა არ დამიწყევლია. თუცა გინებს, ადრე სცნობ.
ვირი ერთსა უყესა ტალახსა შიგან გაატარე, რათა დაეფლას მერმე გზა იგი გაახმე. თუცა შენ ვირი გზასა მას ზედა გაატარო, უგუნურმცა არს.
ძაღლი კაცისა გლახაკისა, მჭლე და დიდად უსუქარი, მიიყვანე და მდიდარსა კაცსა მიაბარე, რათა გაასუქოს. მერმე ორთავე უხმონ. თუცა პირველი, დამამჭლობელი, დაუტეოს და რომელმან გაასუქა, მას გაჰყვეს, ორგულ არს.
ჯინჭველი შეიპყარ და ერთსა ჭიქასა ათორმეტნი დღენი დააყოფინე მშიერსა და მერმე გამოუტევე. თუცა თვისისა ზომისაგან ოთხი წილი მეტი არ აიღოს წაღებად, უსუსურმცა არს და მე სიტყვამცდარიო, თვარა რად გამკიცხეო!
მოასხეს სამნივე და ჰყვეს ეგრეთ და ყოველივე თქმულებრ იყო. იხარებდა მეფე დიდად ვაზირისა სიტყვასა და ძისა მისისა სიკეთესა ზედა.
ღამესა ერთსა ეჩვენა მეფესა ჭაბუკი ვინმე შვენიერი, მსგავსი ლომისა, მხნე, ახოვანი, პირმწყაზარი, ტანსარო. ახლად სუმბული ამოსვლოდა და მცირედ ქუფრი მოჰხვეოდა საყვარლად სახილველი.
უთხრა მეფესა: ღმერთმან გიდღეგრძელოს ძე ეგე შენი და თუცა მე არა მომაბარებ, ნება შენდა, ვერვინ გასწვართოს; თუ მეძებო, მპოვო, თუ არა, შენვე ინანდეო.
სახე თვისი, ეტრატსა ზედა გამოწერილი, ხელთა მისცა და უთხრა: მეძებე, თავმან შენმანო და თვით წავიდა.
გაეღვიძა მეფესა და ნახა, ხელთა ეტრატი ჰქონდა, სხვა არავინ იყო მისთანა. რა იგი ჭაბუკი ვეღარა ნახა, ეგრე დაჭმუნდა, ვითა ძე იგი მოკდომოდა და დიდი ურვა შეექმნა.
შევიდა სედრაქ, ნახა მეფე საგებელსა ზედა მწოლი და დიდად დაღრეჯილი. მოახსენა:
– მეფეო, მრავალნი ჟამნი არიან მე ჩრდილთა ქვეშე თქვენთა ვიმყოფები, ესრეთ შეჭირვებული არ მინახავხარ, სნეულება ღმერთმან მიგრიდოს.
უბრძანა მეფემან: არა სნეული ვარ. სიზმარი მეზმანა და მით დამიღრეჯიაო.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

2 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 5

› §51 წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა

1292
აწ საყვარელსა მიუწერს გულ-ამოსკვნილი, მტირალი,
მისმანვე ცრემლმან დაუვსის, ვის ედებოდა ვის ალი!
დაწერა წიგნი, მსმენელთა გულისა გასაგმირალი,
და ვარდი გააპის, გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირალი.
1293
“ჰე ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები,
ტანი კალმად მაქვს, კალამი- › › ›

DU