1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» სამკურნალო მცენარე: ალოე ხისებრი

§1 ზოგადი ნაწილი

1.1. ზოგადი დახასიათება

ალოე მიეკუთვნება Liliaceae -ის, ასფოდელოსებრთა ოჯახს. იგი სუკულენტური* მცენარეა. თავის სამშობლოში – აფრიკაში იგი 4მ სიმაღლემდე იზრდება, ფოთლების სიგრძე კი 65 სმ-მდეა და ძირითადად ღეროს წვეროზეა. ფორმით წამახვილებული, ხორცოვანი, ხშირად ცვილისებრი ნაფიფქით დაფარული.

aloe

ალოე საქართველოში ველურად არ გვხვდება. ჩვენში ხშირად გვხვდება როგორც ოთახის კულტურა. დასავლეთ საქართველოში არსებობდა მეურნეობები. კულტივირებული ალოე გაცილებით დაბალია. მისი ფოთლები მოგრძო მახვილისებურია, ეკლიანი კიდეებით. საყვავილე მტევანი მაღლა წითელი ან ყვითელი ყვავილებიანი დაბოლოებით. ყვავილები მარტივი გვირგვინიანია.

საყვავილე ღერო ცენტრალური, გრძელი, მთავრდება წითელი, ყვითელი ან თეთრი ფერის კენწერული მრავალყვავილიანი მტევნით. ყვავილები ლამაზია, აქვს მარტივი გვირგვინისებრი ყვავილსაფარი. ნაყოფი 3-წიბოიანი ცილინდრული ფორმის კოლოფია.

სულხან-საბა ალოეს საბრს და აზუას უწოდებდა. საბრს ზოგი ავტორი ალოეს სინონიმად იყენებს, ზოგი ამ ტერმინით უშუალოდ “ხისმაგვარ ალოეს” აღნიშნავს, ზოგი კი – “საბრი” ალოეს წვენის მნიშვნელობითაც იყენებს. ტერმიოლოგიური აღრევის თავიდან ასაცილებლად, ჩვენ ამ ტერმინს თავს ვარიდებთ.

სუკულენტები (succulentus ლათ. – წვნიანი) – მრავალწლოვანი გვალვაგამძლე მცენარეები, რომელთაც ახასიათებს წყლით მდიდარი ხორციენი ფოთლები ან ღეროები.

aloe

1.2. გავრცელება

ალოე აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკის მცენარეა. წვნიანი ფოთოლი, ლორწოვანი რბილობით, უზრუნველყოფს მის არსებობას გვალვის პირობებში. ბუნებაში მოზარდი ალოე ირჩევს ქვიშიან და ღორღიან ადგილებს.

მრავალი ქვეყანა აწარმოებს ალოეს კულტურას. საბჭოთა პერიოდში მათ შორის იყო საქართველოც იწარმოებდა. თავისუფალი ეკონომიკური საზღვრების პირობებში, ადგილობრივ ნაშენი ალოე, ცხადია უცხოურს კონკურენციას ვერ უწევს. ჩვენთან იგი ფართოდაა გავრცელებული, როგორც ოთახის კულტურა.

aloe

1.3 ქიმიური შემადგენლობა

ალოე შეიცავს ანტრაქინონურ გლიკოზიდებს. მათ შორისაა ალოინი, იზორბარბალოინი (ალოინის იზომერი), ჰომონატალოინი. ნედლეული შეიცავს თავისუფალ ანტრაქინონებსაც, ძირითადად ალოე-ემოდინს, ფისოვან ნივთიერებებს, პოლისაქარიდ ალოე-მანანს.

ალოეს ახალი წვენი შეიცავს ანტრაქინონიურ გლიკოზიდებს, ფისოვან ნივთიერებებს, და სხვა ნივთიერებებს.

ბიოგენური სტიმულაციის მქონე ალოეს პრეპარატების შემადგენლობაში შესწავლილია დიკარბონის და ოქსიდიკარბონის მჟავები, უჯერი არომატული და ოქსიმჟავები, მაღალმოლეკულური არომატული მჟავები.
ქვემოთ მოცემულია იმ ნივთიერებათა უბრალო ანბანური ჩამონათვალი, რომლებიც სამეცნიერო ლიტერატურაში ფიგურირებს, როგორც ალოეს შემადგენელი. ჩამონათვალი სადემოსტრაციოა და კლასიფიცირებული არაა. ნახატ- ფორმულები აღებულია [9]-დან. 6-ფენილ-პირან-2-ონის ნაწარმები, B, P, Al, Mg, Ca, K, Na, Si, Fe, Mn, Ba, Ag, Zn, Ni მიკროელემენტები, ალოე-ემოდინ-ანტრონი, ალოე-ემოდინი, ალოენინი A , ალოენინი B, ამინომაჟავები , ანტრაქინონიურ გლიკოზიდები, ანტრაცენნაწარმები, ასპარაგინის მჟავა, ბიოგენირ სტიმულატორები, გლუტამინის მჟავა, დიკარბონის მჟავა, ვიტამინები C, K, B12 , თავისუფალი ქრიზოფანოლი, კოფეინის მჟავა, მონოსაქარიდები, მწარე გლიკოზიდები, ნიკოტინის მჟავა, ოქსიდიკარბონის მჟავა, ოქსიმეთილანტრაქინონები, პოლისაქარიდ ალოე-მანანი, სერინი, ფენოკარბონის მჟავა, ფერმენტები, ფისოვან ნივთიერებები, ფლავონოიდები. ფუროკუმარინები, ქლოროგენის მჟავა, ქრომონის ნაწარმი, შაქარ – არაბინოზა,

aloe
aloe

§2 კულტივირება

2.1 გამრავლება

საქართველოს სუბტროპიკულ რაიონებში არსებობს ალოეს კულტივირების გამოცდილება. ამ შემთხვევაში იგი მიეკუთვნება დახურული გრუნტის გადასარგავ კულტურას. გამრავლების მიზნით შეარჩევენ მოზრდილ მცენარეს, აჭრიან გვერდით ყლორტებს და აფესვიანებენ. დაფესვიანება უნდა მოხდეს დახურულ კვალსათბურში, სადაც ტოვებენ გამოსაზამთრებლად. გაზაფხულზე ჩაფესვიანებული ყლორტები გადააქვთ სანერგეში. აქ დასრულდება მცენარის ზრდა. ზრდასრული მცენარე მომდევნო წლის გაზაფხულზე გადააქვთ ღია გრუნტში. იყენებენ ფესვებიდან ბუნებრივ ამონაყრებსაც.

ღია გრუნტში გადარგვამდე საჭიროა ნიადაგის მომზადება, უპირველესად კი მისი შერჩევა. ალოეს კულტურისათვის ხელსაყრელია მაღალნოყიერი სტრუქტურული ნიადაგი. ნიადაგი არ უნდა იყოს ნეიტრალური ან სუსტი მჟავე რეაქციის მქონე. მიუღებელია ალოეს კულტურისათვის მძიმე ნიადაგები, რომლებიც იტბორება და დატენი-ანებულია.

ალოეს კულტივირებისათვის საუკეთესო წინამორბედ კულტურად ითვლება სათოხნი კულტურები. შერჩეულ ნიადაგს მოხნავენ ადრე გაზაფხულზე, მოხვნის სიღრმე უნდა იყოს 20-22 სმ. დარგვამდე 15-20 დღით ადრე ნიადაგს გადახნავენ 12-15 სმ სიღრმეზე და იმავდროულად დაფარცხავენ.

ალოე მომთხოვნია ნიადაგის განოყიერებისადმი. ამის გათვალისწინებით სასუქები შეაქვთ ძირითადი მოხვნის წინ შემდეგი შეფარდებით: 1 ჰა-ზე 30-40 ტონა ნაკელი, ფოსფოროვანი სასუქი 150-200 კგ, კალიუმიანი 100-120 კგ. დარგვა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ შესაძლებელია აპრილ-მაისში.

aloe

2.2 მოვლა

კულტურის მოვლა გულისხმობს სეზონის განმავლობაში ნიადაგის გაფხვიერებას და გათოხვნას. ამის საჭიროება იქმნება ჩვეულებრივ, სეზონზე 2-3 ჯერ.

aloe

2.3 ნედლეულის დახასიათება

ალოეს სამკურნალო ნედლეული სამი სახისაა
1) მშრალი წვენი.
2) ახალი წვენი.
3) ბიოგენური სტიმულატორების პრეპარატები.

მშრალი წვენი მიიღება ალოეს ფოთლების წვენის შესქელების შედეგად. მის მისაღებად ალოეს ფოთლებს დაჭყლეტენ და მიღებულ წვენს აქროლებენ. თავის სამშობლოში ალოეს წვენის მიღება შესაძლებელია თვითდინებით. ამისათვის ფოთოლს აწყვეტენ ღეროსთან და გადატეხილი ქვედა ბოლოთი ჩაუშვებენ ჭურჭელში. მზა პროდუქტი წარმოადგენს სხვადასხვა ზომის მურა-შავი ფერის ნაჭრებს. გემო მწარეა, სუნი სუსტი, არასასიამოვნო.

ახალმიღებულ წვენს ღებულობენ ფოთლების გამოწურვით და შემდეგ კონსერვაციას უკეთებენ 20%-იანი სპირტით. მიღებული წვენი მწარე გემოსი და სურნელოვანი სუნისაა.

ბიოგენური სტიმულატორების პრეპარატებს მიეკუთვნება საინექციო თხევადი ექსტრატი და რთული ემულსია. ამ პრეპერატებს ღებულობენ ფილატოვის გამოკვლევათა საფუძველზე. ნედლ ფოთლებს ინახავენ სიბნელეში, 2-60ჩ ტემპერატურაზე 12-15 დღე. ამ დროისთვის ნედლეულში გროვდება ბიოგენური სტიმულატორები. ასეთ ფოთლებს ფაფისებურ მასად გარდაქმნიან, შემდეგ ასხამენ 1:3 შეფარდებით ოთახის ტემპერატურის წყალს. გასუფთავების, კონტროლისა და სტერილიზაციის შემდეგ მიღებული ექსტრაქტი მზად არის ამპულირებისთვის.

2.4 ნედლეული და მისი შეგროვება

[9]-დან მოგვყავს ალოეს ნედლეულის ფარმაკოპეული მოთხოვნები : ,,ალოეს ნედლი ფოთლები უნდა იყოს 15-45 სმ სიგრძის, ფუძესთან – 2-5, 5 სმ სიგანის, ხმლისებრი ფორმის, წვნიანი, ღეროზე შემოხვეული თხელი ხალთით, ზევიდან – ჩაღრმავებული, ქვევიდან – ამოზნექილი, კიდეებზე აქვს ელკლისმაგვარი 2-5 მმ-იანი კბილაკები, რომლებიც ფოთლის ზედაპირისკენაა დახრილი. ხალთები (ვაგინები) 3 სმ-მდე სიგრძისაა, მშრალი, პარალელური დაძარღვით. ფოთლების ფერი მქრქალი-მწვანე, მოცისფრო ელფერით, კბილაკების – მომწვანო ყვითელი ან მოწითალო. სუნი სუსტი, თავისებური, გემო მწარე.

ალოეს ფოთლების შეგროვება წარმოებს შერჩევით. შესაგროვებლად არჩევენ ღეროს ქვედა და შუა ნაწილის ფოთლებს, რომლებიც კარგად არის განვითარებული და 12-15 სმ სიგრძისაა. ღეროზე ტოვებენ დაახლოებით 8-9 ფოთოლს. მოკრეფილ ფოთლებს აწყობენ 25-30 სმ სიმაღლის ყუთებში, რომლებიც დახვრეტილია და შიგ ჰაერი თავისუფლად მოძრაობს. ნედლეული დაუყოვნებლად გადააქვთ გადამუშავების ადგილას. ტრანსპორტირების ხანგრძლივობა ერთ დღე-ღამეს არ უნდა აღემატებოდეს.
ჩვენს პირობებში მოსავლიანობა შეადგენდა 0, 5-2 ტონას 1 ჰა-ზე.

მოსავლის აღებასთან ერთად იგივე პლანტაციიდან შესაძლებელია გასამრავლებელი მასალის მიღებაც. ამისათვის ალოეს გვერდის გამონაზარდებს აჭრიან და ახდენენ მათ ჩაფესვიანებას. 1 ჰა ფართზე გაშენებულ ალოეს პლანტაციიდან შესაძლებელია 200-400 ათასი ნერგის მიღება. თავისთავად ეს პროცედურა არათუ ასუსტებს მცენარეს, არამედ პირიქით ხელს უწყობს ძლიერი და სასაქონლო თვალსაზრისით მაღალი მაჩვენებლების მქონე ფოთლების განვითარებას.

§3 გამოყენება

ალოე უძველესი სამკურნალო მცენარეა. მისდამი ინტერესი თანდათანობით სულ უფრო იზრდება. XIX საუკუნეში ალოე ცნობილი იყო როგორც საფაღარათო საშუალება. სადღეისოდ ალოეს მედიცინაში გამოყენების სფერო მრავალმხრივია. ალოეს პრეპარატები გამოიყენება ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, ანემიების, სხივური დაზიანების, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებების და სხვა დროს.

ალოე ცნობილია როგორც ბიოგენური მასტიმულირებელი, საფაღარათო და ქოლერეზული საშუალება.

ალოე აძლიერებს რეგენერაციის პროცესებს და აუმჯობესებს ორგანიზმის დაცვით ძალებს. იგი ფართოდ გამოიყენება ოფთალმოლოგიაში ბლეფარიტების, რქოვანას და თვალის ბადურას დაავადებების, მხედველობითი ნერვის ატროფიის და სხვათა დროს. მას იყენებენ ტრამვების, ძნელად შესახორცებელი ჭრილობების, ნაწოლების, ეგზემის, ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების დროს, როგორც რეგენერაციული პროცესების დამაჩქარებელი.

ალოეში შემავალი ანტრაქინონური გლიკოზიდი ალოინი განაპირობებს მის საფაღარათო მოქმედებას. ორგანიზმში ამ გლიკოზიდის დაშლის შედეგად წარმოქმნილი ემოდინი აღიზიანებს რა ნაწლავური ტრაქტის რეცეპტორებს (უმეტესწილად მსხვილ ნაწლავში), იწვევს საფაღარათო ეფექტს.

ალოეს პრეპარატების გამოყენება უკუნაჩვენებია მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებებისას, ასევე ნეფრიტის, ორსულობის, მენსტრუაციის, ჰემოროის დროს.

ალოესგან ამზადებენ ექსტრატებს, გამონაცემს, გარეგან სახმარ ფორმებს (ლინიმენტი). თხევადი ექსტრაქტი გამოდის ინტრამუსკულარული საინექციო ფორმით.

ალოეს პრეპარატების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმის რეკომენდაცით!

კოსმეტოლოგია

გარეცხეთ ალოეს ფოთოლი ცივ ანადუღარ წყალში, დააქუცმაცეთ ფაფისებრი მასის მიღებამდე (ან გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში), დაამატეთ 5 წილი წყალი და გააჩერეთ 1 სთ. მიღებული მასა დადგით დაბალ ცეცხლზე, მიიყვანეთ დუღილამდე, ადუღეთ 2-3 წთ, გაწურეთ 2-3 ფენა დოლბანდში (არ დაგავიწყდეთ ფოთლიდან ეკლისმაგვარი კიდეების მოცილება). ასეთი სახით დამზადებულ ალოეს ნაყენს ხმარობენ სახის გასაწმენდად, ფერისმჭამელების მოსაცილებლად, ზედმეტი ცხიმიანობის დროს.

წყარო: ჟურნალი მკურნალი

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

2 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. მარი ამბობს:
    25 სექტემბერი, 2010წ. 15:28სთ.

    არ არის კარგი გთხოვთ გააუმჯობესოთ და ზოგადად მცენარეზეც დაწეროთთთ

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. თამუნა ამბობს:
    7 თებერვალი, 2011წ. 16:02სთ.

    ვეძებ ალოეს 5-წელზე ზევით, გთხოვთ დამეხმაროთ სად შეიძლება ვნახო და ვიკიდო? გთხოვთ მომწეროთ.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

2 votes, average: 3.00 out of 52 votes, average: 3.00 out of 52 votes, average: 3.00 out of 52 votes, average: 3.00 out of 52 votes, average: 3.00 out of 5

› Wallpapers: Georgian King & Castle

მოგესალმებით
დღეს ფოტოშოპში გავაკეთე ქართული ხასიათის ეგრედწოდებული “Wallpaper”-ი ჩვენებურად ალბად “ეკრანის ფონი”. მართალია სულმთლად ქართული შეიძლებ არ გამოვიდა, მაგრამ ძალიან ვეცადე 🙂
მინდოდა რაღაც მისტიური და ხარისხიანი გამოსულიყო, ხოდა რავი მოვიძიე სხვადასხვა › › ›

DU