1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» აკაკი წერეთელი: ბაში-აჩუკი (§6-10)

თავი მეექვსე

ჩოლოყაშვილმა კარგი ფეხი ვერ მიუტანა სპარსელებს: გადავიდა თუ არა მათკენ, მაშინვე გაჩნდნენ კახეთში სხვადასხვა გუნდები გავარდნილთა და მოსვენებას აღარ აძლევდნენ თათრებს; სადაც კი შეიგულებდნენ და მოასწრებდნენ, სულ მუსრს ადენდნენ, და ისე შეაშინეს, რომ, არათუ სოფლებში ვეღარ დაფარფაშობდნენ ადრინდულად, ციხე-დარბაზშიაც კი შიშის ქარი უქროდათ; და თუ არ სიფრთხილით, გალავნის გარეთაც ვეღარ ჰბედავდნენ ფეხის გადადგმას. შესანიშნავი უფრო ის იყო, რომ მარტო თათრებს კი არა, ქართველებს უფრო სდევნიდნენ, როგორც კი შეატყობდნენ, რომ თათრების მომხრე იყო და იმათი ერთგულები არიანო. ბევრი გამოჩენილი და თათრის სამსახურში დაწინაურებული გამოათხოვეს წუთისოფელს; რამდენიმე თავადაზნაურობის ოჯახი აიკლეს! საბუეში ერთი მღვდელი შეიპყრეს და როგორც ქვეყნის ორგულს, თვალები დასთხარეს: ახლა მაინც ჩაიხედე გობენაში და შეინანეო. ჯანდიერს სახლკარი გადაუწვეს. ამბობდნენ, რომ ჩოლოყაშვილსაც რამდენჯერმე დაესხნენ თავზე, მაგრამ კაცმრავალმა ოჯახმა, როგორც იქნა, მოიგერიაო. იმათი წინააღმდეგობა და მოპირდაპირობა მით უფრო საძნელო შეიქნა, რომ არავინ იცოდა, ვინ იყვნენ, სად იყვნენ და საიდან როგორ მოდიოდნენ. ჩავარდა მთავრობა საგონებელში: „ადგილის კურდღელს ადგილისავე მწევარი თუ დაიჭერს, თვარა უცხო ვერას გახდებაო“, – ჰფიქრობდა ფეიქარ-ხანი და კახელებსავე ეხვეწებოდა, რომ გამოდგომოდნენ იმ უკუღმართებს და მით ერთგულება გაეწიათ ყეენისათვის. გუნებაში, ეგების, ბევრს უნდოდა, მაგრამ ცხადად კი მათი დევნა შიშით ვერავინ გაბედა და ჩოლოყაშვილს მიანდო მთავრობამ, რომელსაც, როგორც თვითონ ამტკიცებდა, „ცდა არ დაუკლია, მაგრამ მაინც ვერა გააწყო რა!“ გუნდები უფრო და უფრო გამრავლდნენ და გავარდნილები გათამამდნენ. გაჭირდა საქმე. ფეიქარ-ხანმა აღარ იცოდა, რა უნდა ექნა, და უნდა ეცნობებინა ყეენისათვის, რომ ერთ დღეს არ გამოსცხადებოდა სვინომ მაყაშვილი და არ შეჰპირებოდა: „მე დავამშვიდებ ქვეყანასაო!..“ ეს მაყაშვილი, როგორც გაიძვერა და გაუტანელი კაცი, ყველას სძულდა. თეირანში იყო გამოზრდილი ყმაწვილობიდანვე და ერთს დროს დიდი ადგილიც ეჭირა სასახლის კარზე, მაგრამ ცოტა რამეზე გადაუბრუნდა ფეხი და შერისხული გამოისტუმრეს თავის ქვეყნისაკენ, და მას შემდეგ უმნიშვნელოდ დაეხეტებოდა აქეთ-იქით. დიდკაცობისა და მტარვალობის ნაჩვევეს მოსვენება აღარ ჰქონდა და სულ იმაზე ჰფიქრობდა, თუ როგორ დავიბრუნო ძველი დრო და დიდებაო. თარეშობის დრომ ხელი მოუმართა მის მოუსვენარ სურვილს და ხელმეორედ გამოიყვანა სარბიელზე: მთავრობამ მთავარ მეთვალყურედ დანიშნა. დიდების მაძიებელი და უფლებაშეუსაზღვრელი მოხელეც მაშინვე შეუდგა საქმეს. შეატყობინებდნენ თუ არა მისი ხელქვეითები, რომ ამა და ამ სოფელში თავზე დასხმიან ვისმე და ან ტყუილა გზად გაუვლიათ სადმე გავარდნილებსო, მაშინვე აიკლებდა იმ სოფელს და ააოხრებდა გაუკითხავად. „ბატონო! ჩვენ რას გვერჩით? ძალაც თქვენ ხელშია და სამართალიცაო: „ვინმე მოთარეშეთაგანმა ჩვენ სოფელში გაიაროს, ჩვენ რა ვიცით და რა ჩვენი გადასახადიოაო?“ – ევედრებოდნენ სოფლელები, მაგრამ სადღა იყო გაკითხვა? მით უფრო, რომ მთავრობა უწონებდა მკაცრობას და აგულიანდებდა მტარვალს. ამგვარმა მეცადინეობამ უნაყოფოდ არ ჩაიარა!.. მართალია, მოთარეშეები არა თუ არ გაუწყვეტია, თვალითაც არ უნახავს არავიან მათგანი მთავრობას, მაგრამ რამდენიმე თვის განმავლობაში მართლა შეწყდა თარეშობა და გავარდნილების აღარა ისმოდა რა. ეს სამსახური იმდენად მოუწონეს და დაუფასეს მაყაშვილს, რომ ყეენმა გული მოიბრუნა და პირველი ხალათი უბოძა.
ყეენის ტახტზე აბრძანების დღეობას იხდიდნენ, ალვანის მინდორი მოჭედილი იყო ხალხით. ერთი მხარე ბამბის კარვებით იყო მოფენილი. ოქროს კარავში კახეთის მმართველი ალი-ყული-ხანი იჯდა და გარს დიდებულები ჰყავდა შემოხვეული. მზე დიდი ხნის ამოსული არ იყო, ასე ორ-სამ შუბის ტარზე თუ იქნებოდა აღმოსავლეთით წინ წამოწეული, რომ მოსაკრავეებმა ქაბული დაუკრეს. ხანი გამოვიდა ამალით და მიმართა საჭიდაოს; ხალხმაც დაიგრიალა და ყოველის მხრით მოატყდა და შემოერტყა ირგვლივ წრეს. იმ დროს ჭიდაობა დიდად მიღებული იყო, როგორც თათრებში, ისე ქართველებშიაც. ფეიქარ-ხანი მოყვარული იყო ფალავნობის და ხშირად ესწრებოდა ხოლმე ჭიდაობაზე. განთქმული ფალავნები ერთმანეთს არ ზოგავდნენ გვარტომობის გაურჩევლად, მაგრამ უფრო ხშირად კი თათრები და ქართველები ეჭიდავებოდნენ ერთმანეთს. თუმცა თათრები ჩვეულებისამებრ ტიტვლები გამოდიოდნენ საჭიდაოდ, ტანზე ქონწასმულები, ასე რომ ხელი აღარსად ეკიდებოდათ, და ქართველები კი საჭიდაო ჩოხით გადიოდნენ, მაგრამ მაინც ხშირად გამარჯვება ამ უკანასკნელებს რჩებოდათ. წინა დღეს კოზმანაშვილმა გალახა თათრების განთქმული მოჭიდავე, ბეჭი ამოუგდო, და ამან ისე შეაწუხა თათრები და თვით ფეიქარ-ხანსაც ისე დასწყვიტა გული, რომ აბდუშაჰილს უბრძანა: „გინდა თუ არა, დაეჭიდეო“. ეს აბდუშაჰილი ერთი უთვისტომო ვინმე იყო, მაგრამ თავის ვაჟკაცობით პირველობა დაერჩინა არდალაში და ფეიქარ-ხანის ცხენოსანი ჯარის მეუფროსობა ეშოვნა. ჭიდაობა თუმცა აღარ ეკადრებოდა, როგორც დიდკაცს, მაგრამ ხანს ხათრი ვეღარ გაუტეხა და შევიდა წრეში წელზევით ტიტველი. ერთი შეხედვით, ჩასხმული, უზარმაზარი, შავი მარმარილოს ქანდაკი ეგონებოდა კაცს. შავი წვერები ტევრად ეყრებოდა გულ-მკერდზე, დიდი ულვაშები აქეთ-იქით ტოტებად სცემდნენ სიგრძისად; დიდროვანი შავი თვალები, სქელი წარბებით გადმოხურულ-დაჩრდილულები, საოცრად ბრიალებდნენ. დაუკრეს საჭიდაო. ატორტმანდა ფალავანი, ჯერ მაღლა აღარპყრო ხელები, ზეცას შეხედა, თითქო გამარჯვება გამოსთხოვაო, მერე დაემხო დაბლა და მიწას სამჯერ აკოცა; წამოდგა ზეზე და კალოს შემოუარა; ცერებზე დგებოდა ყოველი ბიჯის გადადგმაზე და ძალზე ჰაერს ისუნთქავდა, თითქოს სცდილობდა, რომ გულბოყვი გაედიდებია, გაებერა. ერთხელ რომ შემოუარა წრეს, ისევ თავის პირველ ადგილზე გაჩერდა, დაიჩოქა ცალ მუხლზე და იქითკენ დაიწყო ყურება, საიდანაც მოპირდაპირე უნდა შემოსულიყო. უყივლეს მსურველებს, მაგრამ არავინ გამოჩნდა. მეორედ დაუარა კალოს, კიდევ არავინ ჩანდა.
– სად არის გუშინდელი თქვენი გამარჯვებული კოზმანაშვილი? – იკითხა ხანმა.
– უარზე დგას, ასე ამბობს: „მე ფალავნებს ვეჭიდავები და არა გოლიათებსო“, – მოახსენეს ქართველებმა.
– მაშ კარგი, სირცხვილი თქვენიო! – ღიმილით სთქვა ხანმა და უბრძანა მოჭიდავეს მესამედ კიდევ წრეში შენავარდება და ისე გასვლა წრიდან.
მოჭიდავემ აასრულა ხანის ბრძანება და მედიდურად დააპირა წრიდან გასვლა. თათრებმა კმაყოფილების ნიშნად წვერებზე მოისვეს ხელი და ულვაშებში ჩაიცინეს.
ამ დროს ხალხში რაღაც ჩოჩქოლი ატყდა და მოისმა კიჟინი: „დაუკარით, დაუკარითო!“ უცბად შეჩერდა აბდუშაჰილი და აქეთ-იქით დაიწყო ყურება. წრეში ვეფხვივით შემოვარდა ერთი ვიღაც ტანწვრილი, მაღალი, მხარბეჭიანი და თმაგაჩეჩილი ახალგაზრდა, შეხედა მოპირდაპირეს და შეჩერდა. თათარმა ტორტმანი დაიწყო და ხელების შლა; უცებ გაექანა შურდულივით ახალგაზრდა, შეუვარდა ფეხებში, გამოჰკრა ორივე ხელი, ჯირკივით გადააგორა ფალავანი და გამოიჭრა წრიდან.
– არა, არა! ჯერ არ არის! მაგრე არ იქნებაო! – ჰყვიროდნენ თათრის მომხრეები, გაბრუებული აბდუშაჰილი წამოდგა ზეზე და სთქვა: „მე ჯერ სალამი არ გამეთავებინა და ის ღალატით მომვარდაო“.
ძალით გამოათრიეს მეორედ ახალგაზრდა; ის გაჩერდა ერთ ადგილას და აღარ იძროდა.
– თათარო, სალამი რომ გაათავო, დამიძახე და მოვალო! – მიაყვირა ფალავანს. იმანაც, ბრაზმორეულმა, კამეჩივით მიაშურა ახალგაზრდას, მაგრამ ის განზე გაუხტა და თათარმა ხელები ჰაერს მოუპოტინა. რამდენჯერმე ჩაუქროლ-ჩამოუქროლა ახალგაზრდამ გოლიათს, მაგრამ ატყუებდა: ხან აქეთ და ხან იქით განზე უხტებოდა, რომ ხელში არ ჩავარდნოდა. მოთმინებიდან გამოსული თათარი წყევლა-კრულვით დასდევდა მოპირდაპირეს; შეურჩია დრო, როგორც იქნა, ახალგაზრდამ, მოავლო ხელი მკლავში, წამოიკიდა ზურგზე, გადიღო კისრულით და უშვა ხელები. აბდუშაჰილი სიგრძისად გაიდღაშა გულაღმა დედამიწაზე… გამარჯვებულმა ცალი ფეხი დაჰკრა ფაშვზე, გადაახტა და გავარდა წრიდან. ხალხმა კიჟინი დასცა.
– შაიტან, შაიტან! – დაიძახეს აქეთ-იქით თათრებმა.
– ახლა გინდა შეიტანეთ და გინდა გამოიტანეთ ეგ თქვენი რუმბივით გაგორებული ფალავანი, სულ ერთიაო, – უპასუხებდნენ მხიარულად ქართველები.
დაცემული წამოაყენეს და წაიყვანეს გაბრუებული უფრო სირცხვილით, ვიდრე გალახულობით. მოიკითხეს გამარჯვებული, მაგრამ ვერსად ნახეს; მიიმალა ხალხში. ვეღარ გაიგეს, ვინ იყო. ფეიქარ-ხანმა წარბები შეიჭმუხნა და ზეზე წამოდგა, გაბრუნდა ისევ თავის კარვისაკენ. ხალხიც დაიშალა, წავიდ-წამოვიდა აქეთ-იქითკენ. იმ დღეს, მართალია, ხანი გუნებაზე ვერ იყო, მაგრამ მაინც მხიარულად ჩაიარა საერო ლხინმა და შექცევამ. ნასადილევს, ჩვეულებისამებრ, ცოტა წაიძინა დიდკაცობამ და მერე კი, რომ აგრილდა, გამართეს ჯირითი.
ცხენოსნები გაიყვნენ ორად და დადგენ გაღმა-გამოღმა მოედნის პირად. ცხენებმა იგრძნეს, კუდები ასწიეს, თავი მოიქანჩეს, ცქმუტავდნენ ერთსა და იმავე ადგილას მარჯვნივ და მარცხნივ ტრიალით. ზურნის ხმა რომ გაისმა, მაშინ კი შეკუნტრუშდნენ და, თუ მხედრებს თავი არ მოექანჩათ მათთვის, გამოიჭრებოდნენ შუა მოედანზე. ახლა კი თავშეკავებულები, ჰბერავდნენ ცხვირის ნესტოებს, ფრთქვინავდნენ, კბილებს უჭერდნენ ლაგამს, ყურებს აცქვეტდნენ და თვალებს აბრიალებდნენ. გამოახტუნა ერთმა მხედართმთავარმა თავისი ყარაბაღული და მოხდენით მიაგდო მოპირდაპირე გუნდზე, გამოიწვია მოწინააღმდეგე და საოცარი სისწრაფით გამოატრიალა ცხენი. უკანამ ჯირითი შესტყორცა, მაგრამ წინამ ჯირითს ჯირითი აუკრა და გადაივლო თავზე. ახლა სხვები გამოვიდნენ, ახლა კიდევ სხვები რიგ-რიგით, ასე რომ წესი არავის დაურღვევია. მშვენიერი სანახავი იყვნენ მხედრები, როცა ისინი შენატყორცი ჯირითის ასაცილებლად ხან მარჯვნით და ხან მარცხნით მანდიკურად გადაეკიდებოდნენ ცხენს და ზოგჯერ მუცელქვეშაც ამოევლებოდნენ ხოლმე. ბედაურებისათვის საჭირო აღარ იყო არც დეზი და არც მათრახი; იმათ თვითონ იცოდნენ, რა დროს რაგვარი მიხვრა-მოხვრა იყო საჭირო. გამეტებით ჯირითის გაგდება დაშლილი იყო; ზოგ მოჯირითეთაგანს ნება არ ჰქონდათ მარჯვენა ხელში აეღოთ ჯირითი და მარცხენათი ათამაშებდნენ. აბდუშაჰილს სულ არ მიუღია იმ ჯირითში მონაწილეობა.
გათავდა ჯირითიც. შეერთდა ორივე მხარე, მწკრივად დააყენეს ცხენები ყველამ ერთად, ცოტა შეასვენეს და, დაიჭყივლა თუ არა ზურნამ, მიანებეს თავი ცხენებს და ისინიც ჭიხვინ-ჭიხვინით გავარდნენ ჯეირანივით. ცხენოსნებს უნდა ის მინდორი სიგრძისად გადაეჭრათ, მისულიყვნენ კიდემდე და მერე იქიდან სათითაოდ გამოეჭენებიათ ცხენი, რომ ყაბახი ჩამოეგდოთ. იმ დღეს ყაბახად ოქროს თასი იყო დასმული თვალაუწდომელ ჭადრის წვერზე; თითო ჯირითი ყველამ შესტყორცა, ზოგმა ახლოს მიიყვანა, ზოგმა ხეს გადაავლო თავზე, მაგრამ ვერც ერთმა კი ვერ შეანძრია ნიშანი. ბოლოს წამოვიდა ვიღაც შავცხენოსანი ისეთი სისწრაფით, რომ თითქმის აღარ ჩანდა ცხენზე, შორიდანვე შესტყორცა ჯირითი, ჰკრა შუაგულში და მაღლა შეაგდო. თასი ბზრიალ-ბზრიალით წამოვიდა; მხედარმა მიაგდო ცხენი ხის ძირში, შეაყენა უკანა ფეხებზე და ჰაერშივე მოავლო ხელი თასს, დაბლა აღარ დაუშვა; ჰკრა ქუსლი ცხენს და მიაჭენა იქ, სადაც ქართველი დიდებულები იდგნენ; ვითომ ზრდილობისამებრ დააპირა გადმოხტომა, მაგრამ გაგიჟებული ცხენი ხელს უშლიდა. მაშინ ცხენდაცხენ გაუშვირა თასი ერთ დიდებულთაგანს და დაიყვირა: „ღმერთმა ნუ მოუშალოს გამარჯვება ბატონ მაყაშვილსო!“ სვიმონ მაყაშვილმა წინ რამდენიმე ბიჯი წამოდგა და ჩამოართვა თასი. ამ დროს უცბად ჰაერში რაღაცამ გაიელვა და მაყაშვილი ჯერ ისევ ფეხზე იდგა, რომ თავი მიწაზე კოტრიალებდა. მხედარმა გამოატრიალა ცხენი და უკანვე გაჰქუსლა. შეკრთა დიდი და პატარა! ბოლოს დაიძახეს აქა-იქ: „ჰეი, ბაში-აჩუკია, ბაში-აჩუკიო!“ გამოუყენეს მდევრები, გვიანღა იყო: გარისხდა ფეიქარ-ხანი, გაწყრა მეთვალყურეებზე და ბაში-აჩუკის თავიც ათას ოქროდ დააფასა.

თავი მეშვიდე

ამ ხანებში არეულობა მოხდა იმერეთში და ქართლის მეფე ვახტანგი, შაჰნავაზად წოდებული, გადაიწვიეს, რომ მისი შვილი არჩილი იმერეთის მეფედ დაესვათ. იმერეთის დიდკაცობა დიდი პატივისცემით და ძღვნით დაუხვდა დიდებულ სტუმარს. სიუხვით ყველას წერეთელმა გადააჭარბა, თუმცა მეფის გული კი აბაშიძემ უფრო მოიგო და ბევრიც არა დახარჯვია რა: მხოლოდ ათი ახალგაზრდა ქალიშვილი, ერთიმეორეზე უმშვენიერესი, მიართვა: „ყეენისათვის საჩუქრად დაგჭიდებაო“. ამ მცირე ძღვნით ისე კმაყოფილი დარჩა მეფე, რომ სხვების განძი ჩალადაც აღარ ჩაუგდია. წერეთელი, როგორც მეტოქე და მოქიშპე აბაშიძისა, ყველაზე უფრო გულნატკენი დარჩა და დაღონდა. კიკო ბაქრაძემ შეურჩია დრო ბატონს და მოახსენა:
– თქვენი ქება-დიდება – თქვენი ყმების ქება-დიდებაა, თქვენი ძლევამოსილობა – ჩვენი გამარჯვებაა, და ნუ გვიზამ მისთანა საქმეს, რომ აბაშიძის საყმოს სასაცილო გავხდეთ! მეფე რომ ქართლში გადაბრძანდეს და წერეთელზე აბაშიძე უფრო დიდი პატივით მოიხსენიოს, ეს ჩვენი სიკვდილი იქნება!
– მეც მაგას ვწუხვარ, ჩემო კიკო, მაგრამ რა ვქნათ? – მიუგო ბატონმა დაღონებით. – ხარჯი არ დამიკლია, თავი არ დამიზოგავს, სალარო თითქმის დავაცალიერე და მეტი რაღა მექნა?
– ჩემო ხელმწიფევ! თუ არ გამიწყრებით, ჩემი უგუნური ჭკუით ისეთ რამეს გირჩევთ, რომ მეფის გულიც თქვენ დაირჩინოთ და აბაშიძის ძღვენიც დაავიწყოთ; ისეთი რამე მიუძღვენით, რომ მართლა გასაკვირველი და საარაკოც იყოს!
– თქმა ადვილია, მაგრამ რა გამოვძებოთ მაგისთანა?
– ღმერთი მოწყალეა! რახან ლამაზ ქალებზე მივარდა საქმე, არა გვიჭირს რა, ბედი ჩვენკენ არის! მღვიმის მონასტერში ორი დები იზრდებიან, ტყუპის ცალები, ერთი მეორისაგან არ გაირჩევა და არც მათი მსგავსი რამ ნახულა ჯერ ჩვენში.
– მერე-და ობლები არიან? უპატრონო?
– თითქმის, ჩემო ხელმწიფევ! ჩემს მეტი აღარავინა ჰყავსთ და მე ან ჩემი თავი რად მინდა და ან ისინი, თუ არ თქვენი ჭირის სანაცვლოდ? დედა იმათ არა ჰყავთ და მამა, ერთი ძმა ჰყავდათ და ისიც დაიკარგა, ამდენი ხანია მისი ასავალ-დასავალი აღარა ვიცით რა; მეც ხომ უცოლშვილოდ გადავდივარ, ეს არის, და თქვენს გარდა პატრონი და ჭირისუფალი ვინ ეყოლებათ? გამოიყვანეთ ორივე და მიუძღვენით მეფეს. ისინი სადაც უნდა იყვნენ, სასახლის კარზე, საქრისტიანოში თუ საურჯულოში, მაინც არა უშავთ რა: მათი სილამაზე და მზეთუნახაობა არც ერთს გზას არ დააკარგვინებს.
დიდხანს ყოყმანობდა წერეთელი: მისი ნაერთგულარი ბაქარას შვილები დასაკარგავად არ ემეტებოდა, მაგრამ აბაშიძის მეშურნეობამ დარია ხელი; გამოიყვანა ორივე დები და წასვლის დროს მიუძღვნა ვახტანგს. როგორც მეფე, ისე მთელი მისი ამალა გაოცებული იყვნენ ბაქრაძის ქალების სილამაზით, მით უფრო, რომ ერთს მეორისაგან ვერ არჩევდნენ. მეფემ აღარ იცოდა, როგორი მადლი გადაეხადა წერეთლისათვის და დიდძალი ყმა და მამული უბოძა ზემო-ქართლში. თვითონ კმაყოფილი დაბრუნდა ქართლისაკენ და დაიბარა, რომ როგორც ეს ორი მზეთუნახავი, ისე დანარჩენი ათი ქალიშვილიც, თორმეტივე ერთად გამოემგზავრებინათ.
მისი ნება ასრულდა, მაგრამ შიგ შუაგულ ქართლში ერთი უცნაური და უჩვეულო რამ მოხდა: მეფის ბარგს დაესხნენ თავზე ავაზაკები მოულოდნელად და თორმეტივე ქალი მოიტაცეს; ნივთეულობისათვის კი ხელი არ უხლიათ.
მეფე ვახტანგს რომ მოხსენდა ეს თავხედობა, გარისხდა, ბრძანა გზების გაკვრა, მთელი სამეფო შესძრა, იმერეთშიაც ბევრი ეძებეს, მაგრამ ცამ ჩაყლაპა, თუ მიწამ, ვერა გაიგეს რა. ხალხში ჩუმად კი ლაპარაკობდნენ აქა-იქ: „ეს ბიჭობა, კახეთში რომ გამოჩენილი ბაში-აჩუკია, მისი საქმე უნდა იყოსო“. დიდმა ხანმა გაიარა ამის შემდეგ.
ჭიდაობის შემდეგ აბდუშაჰილი თავის ქერქში აღარ იყო; გულში ჩაიდვა ბაში-აჩუკის ჯავრი და სულ მარტოდმარტო აქეთ-იქით დაეხეტებოდა მთელი დღე; უდაბურ ტყეებშიაც კი დადიოდა, რომ ეგებ სადმე წავაწყდე ჩემს მძლეველს, სამაგიერო გადავუხადო და სირცხვილიდან გამოვიდეო.
მარტო აბდუშაჰილი არა ჰფიქრობდა ბაში-აჩუკზე, სხვებსაც ბევრს ჰქონდა გატეხილი ძილი, მაგრამ მიზეზი კი სხვადასხვა იყო: პირველს ვაჟკაცური ჟინი აშფოთებდა და სხვებს კი ათასი ოქრო არ ასვენებდა. ამ უკანასკნელებში ყველაზე უფრო მეტად ჰქონდა საღერღელი აშლილი თიმსალ-მაკოს. ეს იყო თელავში მცხოვრები, ტერტერას ქვრივი, ჭკუითა და მოხერხებით განთქმული; უამისოდ არც ჭირი და არც ლხინი არ იქნებოდა, ავშიაც გამოსადეგი იყო და კარგშიაც, და მასთანაც განთქმული მაჭანკალი. ატყდებოდა თუ არა სადმე ახალგაზრდებში ტრფობის ცეცხლი, ეს მაშინვე, თითქოს ტრუსის სუნი ეცაო, იქ გაჩნდებოდა და დაატრიალებდა ჯარას; დიდსა და პატარას ყველას იცნობდა, ყველა ოჯახში შინაური იყო, ყველასათვის საჭირო და გამოსდეგი, მაგრამ არავის არ უყვარდა. გაიგო თუ არა ბაში-აჩუკის თავი ათას ოქროდ დააფასესო, ანგარებამ აიტანა და ამბობდა გუნებაში: „ხუმრობა არ არის ამდენი ფულიო! ჩემი ხერხი და ეს ერთად ქვეყანას, უნდა, წაღმა დაატრიალებენ და უნდა, უკუღმაო. ბაში-აჩუკი როგორმე მე უნდა ჩავიგდო ხელშიო… როგორ შეიძლება, რომ მისი ბინა და ვინაობა ხალხში არავინ იცოდესო? მარტო ის ხომ არ არის გავარდნილი, მასთან ერთად, ვინ იცის, რამდენი ახალგაზრდებიაო? როგორ დავიჯერო, რომ ერთ მათგანს მაინც ვინმე სოფლელებთან დამოკიდებულება არა ჰქონდესო?“ ეს რომ გადასწყვიტა გუნებაში, კიდეც შეუდგა საქმეს: სადაც კი მოჰკრავდა ყურს, ამა და ამ სოფელში ნაძრახი ქალი ვინმე არისო, იმდენს ეცდებოდა, რომ გასცნობოდა და დამეგობრებოდა. ზოგიერთ ოჯახებში ნათელმირონიც კი შეიტანა, მაგრამ ვერას გახდა, ვერა გაიგო რა, მხოლოდ ეს კი აიღო აზრად, რომ, თუ ვინმემ იცის მათი ამბავი, თევდორაანთ მელანომ უნდა იცოდესო და დაუხშირა იმასთან სიარულს. თევდორაანთ მელანო თელავის მახლობლად, ერთ პატარა სოფლის განაპირას, ტყის პირად ცხოვრობდა ორი პატარა შვილით; ქმარი თათრის ჯარში ჰყავდა ჩაფრად შესული, თვითონ ორ-ორ თვეობით თვალით ვერა ხედავდა. სილამაზით ნაქები იყო და, ცოტა არ იყოს, სახელიც გატეხილი ჰქონდა. თიმსალ-მაკომ ერთხელ, სტუმრად რომ მივიდა მასთან, სახეზე უსიამოვნება შეატყო და განგებ იგვიანებდა წასვლას, სანამ მოსალოდნელმა ავდარმა მართლა არ მოასწრო. შეიქნა ერთი ჭექა-ქუხილი და თავსხმა. ასე რომ სტუმარი უნდა დარჩენილიყო მელანოსთან. მასპინძელს შფოთვა თანდათან უფრო ეტყობოდა და ვახშმის მზადებას დაუჩქარა; ხელად გაშალა სუფრა, გვერდში ამოიდგა ერთი დოქი კახური და ზედიზედ უსხამდა სტუმარს, აძალებდა: „დალიე, ღმერთმა შეგარგოს, და ტკბილად დაგეძინებაო!“
თიმსალ-მაკო სიცილით ეუბნებოდა: „ჩემო ნათლიდედავ, ეგ რომ არ დავლიო, ისეც ტკბილად დამეძინებაო. მისთანა წამალს დავაყრი ხოლმე ვახშმად ჩემს საჭმელს, რომ გათენებამდის ზარბაზნებიც რომ თავზე მახალონ, მაშინაც ვერას გავიგებ; მხოლოდ ფერად-ფერადი სიზმრები, თითქო სასუფეველში ვიყო, ისე დამტრიალებს თავსაო; ერთხელ რომ სინჯო, შენც, ჩემი არ იყოს, მერე ხელს ვეღარ აიღებო“. ეს რომ სთქვა, ამოიღო ჯიბიდან პატარა გამოკრული პარკი, გაშალა და ფხვნილი შეჭამანდს მოაყარა: „ხაშხაშისაგან შეზავებული ძილის წამალიაო; შენ კი ვერ გირჩევ, ჩემო ნათლიდედავ, ბალღების პატრონი ხარ და ღამე ბევრჯერ გამოღვიძება დაგჭირდებაო; მე კი, რომ დავეგდები რუმბივით, გათენებამდე ვეღარას გავიგებ, მკვდრის ძილი წამიღებსო“. მოუკრა თავი პარკს და ჩაიდვა ისევ ჯიბეში.
ჯერ შუა ჭამამდე არ იყვნენ მისული, რომ თიმსალ-მაკოს მთქნარება დააწყებინა და თვალები მოეპრუწა; ერთი-ორი წამოილუღლუღა გაუგებრად და ჩაჰკიდა თავი… ძილი მოეკიდა; მელანომ ძლივს მიათრია კუთხისკენ, მიაწვინა ლოგინზე და საბანი გადააფარა. სტუმარი გაიშმუშნა, გადაბრუნდა კედლისკენ და ამოუშვა ხვრინი. მელანომ ღიმილით წაიჩურჩულა: „მეორედ მოსვლამდისაც ნუ გამოგღვიძებიაო“ და გამოტრიალდა სუფრისკენ, მაგრამ ალაგების ნაცვლად ხელახლა დაუწყო გაწყობა; მიდგა თაროზე, გადმოიღო იქიდან ცივად მოხარშული დამზადებული დედალი, ყველი, მრგვლად მოხარშული კვერცხები, ხელადით ღვინო, გააწყო სუფრა და ხელ-პირი დაიბანა, თმა დაივარცხნა, წითელი ბაღდადი მოიხვია თავზე და კოპწიაობა დაიწყო. რამდენჯერმე მოიხედა თიმსალ-მაკოსკენ, მაგრამ ის ვერას ხედავდა: პირშექცეული კედლისკენ ეგდო უძრავად და ხვრინავდა. მელანომ მიიტანა თავისი ძველი თავსაფარი და თავზე გადააფარა, გამობრუნდა, დაჯდა ცეცხლთან სამფეხა სკამზე და კარებისკენ იწყო ყურება. დიდხანს აღარ გაუვლია, რომ ეზოში ძაღლმა დაიყეფა და შეუტია ვ დაიწყო; მელანო ზეზე წამოვარდა და მიაშურა კარებს გასაღებად; თავმომძინერებულ თიმსალ-მაკოს გულმა დაუწყო ძგერა. მაგრამ არ განძრეულა. სახლში შემოვიდა ჩვენი ძველი ნაცნობი – გლახა ბაქრაძე, მოიხსნა სველი ნაბადი და მიაყუდა კედელზე, მოიხადა ყაბალახი, უკან ზურგისკენ გადაიგდო ფაფანაკი, თოფი იქვე მიაყუდა, დამბაჩა, ხმალი და ხანჯალი ტანზევე გაისწორა და ღიმილით გადაეხვია მელანოს. ქალი წურბელასავით ჩამოეკიდა კისერზე; დიდხანს შეტყუბებულსავით იყვნენ თავდავიწყებული…
ახალმოსულს უცბად ხვრინი შემოესმა და შეკრთა.
– ნუ გეშინია, ჩემო სიცოცხლევ, ჩემი ნათლია არის, ტერტერას ქვრივი, ხაშხაშნაჭამია და სძინავს. შენს მტერს ნუ-რა გაუგია, მაგან ვერა გაიგოს რაო. – უამბო ყველაფერი, მაგრამ ვაჟი მაინც იჭვნეულად აქნევდა თავს. თავის სიმართლის დასამტკიცებლად მელანომ ჯინჯგალი დაუწყო მძინარს, ხან ფეხებში მოავლო ხელი, ხან თავი აუწია: ბევრი აცოდვილა, მაგრამ ვერ გამოაღვიძა. ერთხელ კი წაიჭუჭყუნა მძინარმა და ამოუშვა ისევ ხვრინი.
– დაეხსენ, ნუ აწვალებ! – მიაძახა ბაქრაძემ. – სანამ ეგ გამოიღვიძებდეს, მე აქედან შორს ვიქნებიო! – მიუჯდა სუფრას და საყვარელიც გვერდში მოისვა.
დიდხანს იჭიკჭიკეს ისე, როგორც შეყვარებულთა რიგია; სხვათა შორის, ქალმა ჰკითხა: „ბაში-აჩუკს რად გეძახიანო?“ და ვაჟმაც მიუგო: „ეს აქ დამარქვეს თათრებმაო: ფაფანაკით რომ მხედავენ, უქუდო ვგონივარ, თავმოხდილი, და მათებურად ბაში-აჩუკი თავმოხდილსა ნიშნავსო“.
ამისთანა ამბები ილაპარაკეს ვახშამზე; ბაში-აჩუკმა ერთი კვირის, როგორც თავისი, ისე თავისი ამხანაგების თავგადასავალი დაწვრილებით უამბო მეგობარს; ნავახშმევს ცოტა მოიალერსეს… მეორე მამლის ყივილზე ვაჟი გამოესალმა ქალს, უთხრა: „დღეისწორამდის ნუღარ მელიო“ და გაუდგა გზას.
ტერტერას ქვრივს ერთი სიტყვაც მათი ნალაპარაკევი არ გამოჰპარვია, მაგრამ დილას კარგაძალზე იყო ამოსული მზე, რომ გამოეღვიძა და ისე წამოდგა, თითქო წუხელი სიზმარიც არ ენახოსო, გამოეთხოვა ნათლიდედას და გაუდგა გზას.

თავი მერვე

ალი-ყული-ხანმა იმ დღეებშივე დაიბარა აბდუშაჰილი და უთხრა:
– ერთგულების გამომჩენი, როგორც ჩვენებში, ისე სხვისიანებშიაც, ბევრი მყავს, მაგრამ ამ საიდუმლოს შენს მეტს მაინც არავის მივანდობო!
აბდუშაჰილმა მორჩილების ნიშნად შუბლზე მიიდვა ხელი და მოახსენა: „ბაშ უსტაო!“ მაშინ მოუყვა ყოველივეს, რაც თიმსალ-მაკოსაგან შეეტყო და დაავალა, რომ ცხენოსნები წამოიყვანე დანიშნულ დღეს, შემოარტყი გარს მელანოს სახლს და როგორც ის ქალი, ისე ბაში-აჩუკი დაჭერილი მომგვარეო.
აბდუშაჰილს არ ეჭაშნიკა ეს საქმე.
„მარტო რომ სადმე შევყროდი და სამაგიერო გადამეხდევინებინა, ის იქნებოდა კარგი, თვარა კაცს უდროოდ და უადგილოდ მივასწრო, ჯარი დავახვიო და დავიჭირო, ეს რა ვაჟკაცობაა და რა საკადრისიაო?“ მთელი დღე სულ ამაზე ფიქრობდა; დაღამდა თუ არა, გაუდგა გზას მარტოდმარტო და მიადგა კარზე თევდორაანთ მელანოს; მელანომ რომ უდროო დროს მოსული უცხო თათარი დაინახა, შიშის ქარმა აიტაცა, მაგრამ აბდუშაჰილმა უთხრა:
– ნუ გეშინია! სამოყვროდა ვარ მოსული და არა სამტროდო.
ქალმა რომ მშვენიერი ვაჟკაცი ტკბილად მომღიმარი ნახა, გული მოიბრუნა.
– კურთხეულ იყოს თქვენი მობრძანებაო, – ყელმოღერებით უთხრა, მორცხვად კავები გაისწორა და სკამი დაუდგა. თათარმა მიიხედ-მოიხედა, კარები გადაუგდო შიგნიდან და ხანჯალი ამოიღო, ქალი შეკრთა და უთხრა:
– რა საჭიროა იქ ძალადობა, სადაც ნებაყოფლობას წინ არა უდგას რაო?
თათარმა, ვითომ ვერც კი გაიგონა ეს სიტყვები, ჩაიყო მეორე ხელი ჯიბეში და სავსე ქისა ამოიღო.
– აი, ხომ ხედავ? ერთ ხელში ხანჯალი მიჭირავს, მეორეში ოქრო. რომელიც გინდა აირჩიე! თუ ჩემს სურვილს შეასრულებ, გაგამდიდრებ, თუ არა და – ამ ხანძალზე აგაგებ ახლავეო.
ქალმა მორცხვად წაილაპარაკა: „ნურც ხანჯალს გარჯი და ნურც ოქროს დახარჯავ, მე შენს მარტო ვაჟკაცობასაც დავჯერდებიო“. აბდუშაჰილმა მკვახედ მიაძახა:
– სცდები! შენ რომ ჰფიქრობ, მე იმ განზრახვით არ მოვსულვარ! მე ვიცი, რომ შენთან ბაში-აჩუკი დადის და ის როგორმე ხელში ჩამაგდებინეო.
ამის გამგონე მელანო გაფითრდა და კანკალი აუვარდა: დიდ ფიცსა და უარზე დადგა; აბდუშაჰილმა სიამოვნებით შეხედა ქალს, მაგრამ ისევე უცბად შეიჭმუხნა სახე და ურჩია:
– არა, ქა ფიცი აღარ გაგივა, დაწვრილებით ვიცი, როგორც არის საქმე: აჰა! წაიღე ამ თავით ეს ქისა და მერე, როცა იმას ხელში ჩამიგდებ, ის ათასი ოქროც შენთვის დამითმია, და არც მოღალატობას გაგამხელ, ალლაჰი მომიცია თავდებადო. – ამგვარი რამეები ბევრი უთხრა, დიდხანს ურჩევდა, მაგრამ გაკერპებულმა ქალმა გააქნია თავი. აბდუშაჰილი თანდათან აღტაცებაში მოდიოდა და გუნებაში ჰფიქრობდა: „აი, სად ყოფილა ქალი! კიდეც ეს არის, რომ ამდენი ხანია ქართველები გვიმკლავდებიანო!“ უკანასკნელად მიუბრუნდა ქალს და შესძახა:
– მაშ, ახლა კი გამოეთხოვე სიცოცხლესო! – ქალი ჩაიკეცა და სიკვდილის მომლოდინემ თვალებზე ხელი მიიფარა; თათარმა ხელები მოავლო, წამოაყენა ზეზე და დამშვიდებით უთხრა:
– გეხუმრე, შენ სასიკვდილოდ გასამეტებელი არა ხარ! აფერუმ, დედაკაცო, სიყვარულიც გცოდნია და მეგობრობაც! ბევრი რამ გამეგონა ქართველ ქალებზე, მაგრამ ნახევარიც არ მეჯერა, ახლა კი გამოგცადე და დავრწმუნდიო.
მელანო მუხლებზე მოეხვია და დაუწყო კოცნა.
– მე ვიცი, – განაგრძო აბდუშაჰილმა, – რომ ამა და ამ დღეს ბაში-აჩუკი შენთან იქნება; მეც ნაბრძანები მაქვს, რომ ჩემი ცხენოსნებით შემოვერტყა გარს შენს სახლსა და დავიჭირო, მაგრამ გააფრთხილე, რომ აქ არ დამიხვდესო! – გაოცებულმა მელანომ უცბად შეჰკივლა:
– მაშ, შენ მეგობარი ყოფილხარ ბაში-აჩუკისო?
– არა, მტერი, დაუძინებელი მტერი! ან ის უნდა იყოს და ან მე! ახნ უნდა მოვკლა, ან უნდა შევაკვდე, მაგრამ უნდა შევხვდე სადმე და პირდაპირ უნდა მივიდეთ ერთიმეორეზე ისე, როგორც ვაჟკაცის წესია და არა ქურდულად, ღალატით, როგორც ნაბრძანები მაქვს!.. ხომ გესმის? ესეები ყველა გადაეცი ბაში-აჩუკს და ახლა კი მშვიდობით და გამარჯვებითო.
გამოეთხოვა, გადაუგდო სავსე ქისა და გაიარა კარი.
დანიშნულ ღამეს აბდუშაჰილი მართლა შემოერტყა გარს მელანოს სახლს, მაგრამ სახლში შეშინებული ქალისა და მძინარე ბავშვების მეტი ვერავინ ნახეს. იმავე დროს შიგ თელავში ავარდა ალი და თიმსალ-მაკოს სახლი ისე გადიბუგა, რომ ვეღარაფერი ვეღარ გადაარჩინეს, გარდა ადამიანებისა.

თავი მეცხრე

ერთ დღეს, დილიდან საღამომდე, შუამთის უდაბურ ტყეში დადიოდა აბდუშაჰილი, რომ ეგებ ბაში-აჩუკს, ან მის ამხანაგთაგანს და ან მათ ბუდეს სადმე წავაწყდეო, მაგრამ მოუცდა განზრახვა. დაბრუნებულს წინ ერთი შველი შეეფეთა, შეჩერდა შორიახლოს და ისე დაუწყო ყურება, თითქოს შინაურიაო. აბდუშაჰილმა მშვილდ-ისარი მოიმარჯვა, სტყორცნა და გააგორა მიწაზე! რომ მივიდა ასაღებად, ნადირი უცბად წამოვარდა ზეზე და ბარბაცით გაუდგა გზას!.. მონადირე მიჰყვა კვალდაკვალ. შუაგულ ტყეში თურმე ერთი დიდი მინდორი იყო და იმას მიაშურა; მონადირეც რომ მიადგა ტყის პირს და მინდორს თვალი გადაავლო, შენიშნა, რომ მეორე მხრით ტყიდან გამოვიდა ერთი ახალგაზრდა ქალი, რომლის მსგავსი ჯერ მას არა ენახა რა; შეჩერდა და ამოეფარა ხეს. დაკოდილმა შველმა პირდაპირ ქალისაკენ მიმართა, შესწივლა ორჯერ-სამჯერ და მიადვა კალთაზე თავი. ქალი შეკრთა, მიიხედ-მოიხედა და, რომ ვერავინ დაინახა, თეძოში გარჭობილი ისარი ამოუღო, გადააგდო, მოჰკიდა შველს ნაყარ რქებში ხელი და იქვე, ახლოს, წყაროსთან მიიყვანა, სისხლი გაბანა და წყლული ამოუწმინდა. შველი ისე ემორცილებოდა, როგორც გრძნობიერი რამ: დაუწვა ფერხთით, ცალ გვერდზე და მიადო თავი; ქალმა მანდილს ყური მოჰხია და დაუცვა ჭრილობა. ამას ყოველივეს გაოცებით უყურებდა მონადირე და გუნებაში ამბობდა: „ნადირთა ღმერთს რომ იტყვიან, სწორედ ეს უნდა იყოსო!“ აღარ მოუთმინა გულმა, მიეპარა ფეხაკრეფით და წაადგა თავზე. შველმა იგრძნო, დაფრთხა, წამოვარდა ზეზე, ორჯერ-სამჯერ გადახტა განზე, მაგრამ უცბად შეჩერდა და მოიხედა უკანვე. ეტყობოდა, რომ მონადირეს ერიდებოდა და იმავე დროს ქალის მოშორებაც არ უნდოდა. ქალი წამოდგა ზეზე, მოიხედა უკან და, თათარი რომ დაინახა, ერთი საოცრად დაიკივლა, ჩაიკეცა და შემოეყარა გულს. აბდუშაჰილი მივიდა, მოჰკიდა ხელი, ბევრი აბრუნა აქეთ-იქით, ცხვირი მოუსრისა, ყურები აუწია, მაგრამ ვერ გამოაბრუნა; მივიდა მერე წყაროზე, პეშვი აივსო წყლით, გამობრუნდა, ასხურა გულწასულს. ქალმა თვალები გამოახილა.
– ნუ გეშინია! შენ და და მე ძმაო! – მიაძახა აბდუშაჰილმა. – მითხარი მხოლოდ, ვინ ხარ და საიდან, რომ ჭირისუფალთან მიგიყვანოო!
ქალმა ხმა ვერ გასცა, გაუშვირა თითი დასავლეთით ტყისაკენ და ხელახლა შეუწუხდა გული. თათარმა აიყვანა ხელში ბავშვივით, გადაიწვინა მკლავებზე, მიიყრდნო გულ-მკერდზე და ალალბედზე წაიღო იქით, საითკენაც ანიშნეს. შველი ძაღლივით აედევნა, წაუსწრო წინ; ერთ-ორს რომ გადახტებოდა, შეჩერდებოდა ხოლმე და მოიხედავდა უკან. თათარმა იფიქრა: „აქ რაღაც განგება არის, მივყვები ამ ნადირს და, სადაც მიმიყვანს, მიმიყვანსო“. გზაში, ქალმა რომ ვაჟკაცის გულ-მკერდის სითბო იგრძნო, გონზე მოვიდა: რაღაც უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა ტანში; ჯერ გამოუცდელი სიტკბო იგრძნო, ვერ გამოერკვა; იფიქრა: „ეს სწორედ სიზმარიაო! ძილში ადრეც მინახავს ამგვარი რამ, მაგრამ ეს კი ყველაზე უძლიერესიაო“; დახუჭა თვალები და განაბა სული. ახალგაზრდა აბდუშაჰილსაც რაღაც უცნაური ემართებოდა; დასჩერებოდა სახეზე და ფიქრობდა გუნებაში: „ეს სწორედ მაჰმადის დაპირებული მზეთუნახავი უნდა იყოს და მეც ცოცხლად სამოთხეში მივდივარო“. ყოველ ბიჯის გადადგმაზე გულის ძგერა უხშირდებოდა და უმატებდა. ქალთან სიხლოვის უჩვეულო არ ყოფილა, მაგრამ არაოდეს ეს არ უგრძვნია, რასაც ახლა ჰგრძნობდა; სხვიმის მხოლოდ ხორცი ჰგრძნობდა; ახლა კი ხორცი დადუნებულია, მხოლოდ სული იტაცებს და მიაფრენს სადღაც სანეტარო უფსკრულისაკენ. ამ ყოფით რომ მიდიოდა ნელ-ნელა, უცბად შუაგულ ტყეში შენობა გამოჩნდა და პირდაპირ მის გალავანს მიაწყდნენ.
შველი მიადგა ჭიშკარს და წივილი დაიწყო. აბდუშაჰილმაც წიხლი ჰკრა, მაგრამ მაგრად დაკეტილი დაუხვდა; მიაყურა და ხმაურობა არა იყო რა. დასდვა თავისი ძვირფასი ტვირთი ძირს და მოინდომა გალავნის ირგვლივ შემოვლა და, იმავე ადგილს რომ მივიდა, აღარც ქალი დაუხვდა, აღარც შველი, კარები კი ისევ ისე დაკეტილი იყო შიგნიდან. აბდუშაჰილს თითქმის ელდა ეცა; დიდხანს იყურყუტა, ბევრი ათვალიერა აქეთ-იქით, გალავანსაც ორ-სამჯერ გარს შემოუარა, მაგრამ სიცოცხლის ნიშან-წყალი არაფერს ეტყობოდა. სთქვა: „რაც განგებას ჩემთვის დაუნიშნავს და ბედს ერთხელ უჩვენებია, ის, იმედია, აღარ ამცდება და კიდევ სადმე შევხვდებიო, მაგრამ საიდუმლოდ კი უნდა შევინახოო“. დაღონებული და ნეტარებით გაბრუებული დაბრუნდა თელავისაკენ.
იმ დღიდან, რაც უფრო მეტი ხანი გადიოდა, უფრო და უფრო ეკიდებოდა მას სიყვარულის ცეცხლი, მოსვენება აღარ ჰქონდა; შუამთის მონასტრის ახლომახლო ტრიალებდა მოჯადოებულსავით; ბევრჯერ წყაროსთანაც გაუთენებია, მაგრამ აღარ იქნა, ვერ მიხვდა საწადელს. აღმოსავლეთურმა მიჯნურობამ შეიპყრო, გაახელა და მარტოობისათვის მიაცემინა თავი. მეგობრები სწუხდნენ, არეულად რომ ხედავდნენ, ეკითხებოდნენ მიზეზს, მაგრამ ის საიდუმლოს ჰფარავდა და უბრალო ავადმყოფიბას სდებდა ბრალს.

თავი მეათე

ვახშმობა გადასული იყო. ტახტზე მხარ-თეძოზე წამოწოლილი ალი-ყული კრიალოსანს ათამაშებდა და მალ-მალე კარებისაკენ იხედებოდა. გაიჭრიჭინა კარმა, შემოჰყო თავი ტერტერას ქვრივმა, ფრთხილად შემოვიდა, დაბლად თაყვანი სცა ხანს და გაჩერდა.
– ოჰ! შენა ხარ, თიმსალ? – უთხრა ხანმა. – სად არის?
– მარტო გეახელი! – მიუგო მოწყენით ქვრივმა.
– მარტო რაში მინდიხარ? – მიაძახა ცოტა გულმოსულმა და წამოჯდა. – ეგები საჩუქარი ეცოტავა?
– რა ბრძანებაა, ჩემო ხელმწიფევ! მხოლოდ ვეღარ მიუსწარი. ეჭვი აუღიათ ჭირისუფლებს და გადაუხიზნავთ.
– როგორ თუ გადაუხიზნავთ?
– სადაც კი გამოჩნდება ლამაზი ქალი, სულ მონასტრებში მიჰყავთ, ვითომდა მოლოზნებად, და იქ კი მალავენ, რომ ან თქვენ დიდებულებას ან სხვა ვისმე გამოჩენილ ხორციელს ხელში არ ჩაუვარდეს. აი, ბატონო, რაღა შორს წავიდეთ, შუამთის მონასტერი ლამაზებით არის გატენილი! შარშან რომ დიდებული ყეენის საძღვნო თორმეტი ქალი მოსტაცეს ქართლის მეფეს, ისინიც იქ არიან თავშეფარებული.
– იმათ მოტაცებას ხომ ბაში-აჩუკს აბრალებდნენ?
– სულაც ეგ მინდოდა მომეხსენებია, ჩემო ხელმწიფევ! იმ მონასტერში ბევრი რამ თქვენი საწინააღმდეგო ხდება. რომ ისინი არ უწყობდნენ ხელს გადავარდნილებს, განა ამდენ ხანს ისინი თავს შეინახავდნენ უდაბურ ტყეში? მაგრამ ნათქვამია: „ციხე შიგნიდან გატყდებაო“, – კარისკაცები აფარებენ ხელს.
– ვისზე გაქვს ეჭვი? – ჰკითხა სიჩქარით აღელვებულმა ხანმა.
– ქართველები არცერთი სანდო არ არიან და ყველაზე უფრო მეტად ჩოლოყაშვილი.
– გაქვს რამე საბუთი?
– განა ის ისეთი კაცია, რომ სასაბუთოდ დაიჭიროს საქმე?! არა! მაგრამ გული კი მეუბნება და ხანდახან წინათგრძნობაც საბუთია.
– შენ ბაში-აჩუკზედაც კი გეუბნებოდა გული, მაგრამ ტყუილი გამოდგა.
– იქაც მართალი გახლდით, ჩემო ხელმწიფევ, მაგრამ, უეჭველია, გაგვთქვეს, თვარა ვინ ერჩოდა ჩემ საცოდავ სახლს?
– მიჰქარავ! და და აბდუშაჰილის მეტმა არავინ იცოდა. შენ შენი სახლკარის გადაწვა გამწარებს და აღარავის ჰზოგავ!.. ქვეყანას ცილსა სწამებ; ჩოლოყაშვილი დილიდან საღამომდე გვერდში მიდგას, ჩვენს ერთგულებაში ათენ-აღამებს და შენ კი ორგულობასა სწამებ! თუ მაგრე მართალია მონასტრის საქმეც, ვაი შენს ტყავს!
– არა, ჩემო ხელმწიფევ, მე თქვენი ერთგულება მაბედვინებს, თვარა რა მრჯის მაგისთანა საქმეებში გარევას?! – მიუგო ცახცახით დედაბერმა. – მონასტრის შესახებ კი რაც მოგახსენეთ, ის სულ მართალია, და, თუ მტყუანი გამოვდგე, თავი გამაგდებინეთ.
– შენ როგორღა გაიგე?
– კოჭი-ბროლამ გადმომცა.
– ვინა?!
– კოჭი-ბროლამ. აქ ერთი დერციკის ცოლი გახლავთ, ჩემი მამიდაშვილი, სილამაზით განთქმული… თქვენ სად მოგაგონდებათ, თორემ აქაც კი გხლებივართ ერთად… ის გადავკიდე ერთ ვინმე ახალგაზრდას, რომელზედაც ეჭვი მქონდა აღებული, და იმას გამოუტეხია.
ამის გამგონი ხანი თოფნაკრავივით წამოვარდა ზეზე და ბრაზმორეულმა დაუღრიალა: „ეი, აბდუშაჰილ, აბდუშაჰილო!“ შეშინებული დედაბერი იქვე კუთხეში მიიკრუნჩხა. ყვირილზე ერთი შუახნის მხედარი შემოვარდა და მოახსენა: აბდუშაჰილი შეუძლოდ გახლავთ და დღეს მის მოადგილედ მე გახლავართ.
– კეთილი, სულ ერთია! – ათრთოლებული ხმით უბრძანა ხანმა. – წადი ახლავ, ცხენოსანი ჯარი შემოარტყი შუამთის მონასტერს და ააოხრეთ! აიკელით! ნურავის დაზოგავთ: ნურც დიდს, ნურც პატარას, ნურც ბებერს, ნურც ყმაწვილს! ჯერ ყველა გააუპატიურეთ იქვე საჯაროდ!.. ნამუსი ახადეთ და მერე ნაკუწ-ნაკუწად აქციეთ ყველა! მხოლოდ რამდენიმე მათგანი, რომელიც სხვებზე ულამაზესი გამოდგეს, აქ წამომგვარეთ ხელუხლებლად; ნადავლი ჯარმა გაიყოს. გასწი, ნუღარ აგვიანებ!
მხედარი აჩქარებით გამოვიდა ბრძანების ასასრულებლად. შეშინებული ბებერი უკან გაჰყვა და ხანმა კბილების ცახცახით წაილაპარაკა თავისთვის: „მე გაყურებინებთ, თუ როგორ უნდა ღალატი და მოტყუებაო!“
გათენებისას, ცოსკრის დროზე, მოულოდნელად, ერთი საოცარი ტირილისა და გოდების ხმა გაისმა შუამთაში. თათრები დაერიენ უმწეო დედაკაცებს უდაბნოში და მუსრი გაავლეს. ზოგი გალავანზე გადაცვივდა, ზოგი კლდეზე გადაიჭრა, რომ თავი საბილწავად არ მიეცა, ზეგმა თვითონ მოიკლა ნამუსახდილი თავი და სხვებს უმოწყალოდ გამძვინვარებული მტრები ჰკეპავდნენ.
ამ დროს ჯარის უფროსმა გამოათრია გარეთ ერთი ახალგაზრდა, სრულიად გაწეწილ-გაგლეჯილი ქალი, და გულშეწუხებული დასვა ცაცხვქვეშ, ბრტყელ ქვაზე.
– ნუ გეშინია, გული მოიბრუნე, შენ არავინ არას გერჩის!
– რაღას აგვიანებ? ბარემ მომკალ და გაათავე! სადაც ამდენი უმანკო სული ამოგიწყვეტიათ. მე რაღა დასატოვებელი ვარ? – სასოწარკვეთილებით შესტირა ქალმა.
– შენს სილამაზეს უმადლოდე! იმან გადაგარჩინა. ახლა უნდა წაგიყვანო, შენი თავი დიდებულ ხანს მიუძღვნა. ვინ იცის, რა ბედი მოგელის? ადვილად შესაძლებელია, შენი სილამაზის პატრონმა მზებრწყინვალე შაჰის ცოლობასაც კი გამოჰკრას ხელი.
ამ სიტყვებზე შეჰკრთა ქალი და კანკალი აუვარდა. თათარმა ეს სიხარულის ნიშნად მიიღო და სიცილით უთხრა: „თუ ვინიცობაა, ჩემი სიტყვები გამართლდეს, ნუ დაგავიწყდებიო“. ქალმა ძალდატანებით ვითომ გული მოიბრუნა და დამშვიდებით უთხრა:
– ჩემო კარგო, ეგ ახდება თუ არა, არავინ იცის, მაგრამ, დღეს რომ შენ სიკვდილს გადამარჩინე, მეც მინდა ეხლავ სამაგიერო გადაგიხადო! ისეთს ჯადოს მოგცემ, რომ ვერც ტყვია მოგეკაროს და ვერც რკინეულმა გაგჭრას.
თათარმა ჯერ გაოცებით შეხედა და მერე ღიმილით უთხრა:
– თუ მართლა მაგისთანა წამალი იცით ქართველებმა, რატომ არ იკეთებთ? თქვენმა თავმა ქვა გკრათ?
– ვინ გითხრათ, რომ არ ვიკეთებთ? მაშ თუ არ ჯადოს წყალობით, რა გაგვაძლებინებდა აქამდე ამდენ ვაი-უშველებელში? მთელი ქვეყნის ხალხი უხსოვარი დროიდან გარს გვეხვევა მტრად ამ ერთი მუჭა ხალხს. ჩვენ, მადლობა ღმერთს, ვიგერიებთ და, სადაც ასი და ორასი მტერი წყდება, იქ თითო-ოროლა ქართველი თუ კვდება, მეტი არა, და ისიც მისთანები, რომლებზედაც ჯადო აღარა სჭრის. შენა გგონია, რომ დღეს ჩემმა სილამაზემ გადამარჩინა? არა! მხოლოდ ამ ჯადომ დამიხსნა! – ამოიღო უბიდან ტყავში გამოკრული, ნაწილებიანი ხატი, რომელსაც ყოველთვის თან ატარებდა, და უჩვენა.
თათარმა შეხედა და ერთი ბიჯი უკან გადადგა. ცოტა სიჩუმის შემდეგ ჰკითხა: „სხვებსაც ხომ ჰქონდათ ეგ ჯადო, რაღა მარტო შენზე გასჭრა?“
– უბრალო შემთხვევის ბრალია: მე უვახშმოდ დამეძინა, სხვაბი კი ვახშამნაჭამნი იყვნენ; და ამ ჯადოს მხოლოდ მაშინ აქვს ძალა, როცა კაცი მარხულია.
თათარმა იჭვნეულად გადააქნია თავი.
– არა გჯერა? – დაბეჯითებით ჰკითხა ქალმა. – მაშ, ვცადოთ! მაგაზე ადვილი რაღა არის?! აი, ჩამოიკიდე გულზე, ეგ შენი ხმალი მომეცი, მე დაგკრავ, რაც ძალი და ღონე მაქვს, და ნახე თუ ან კანი გაგიჭრას!..
თათარმა გაიცინა:
– ისემც კარგი დაგემართოს, მაგრამ, უცაბედად რომ გასჭრას, მერე რაღა ვქნათ?.. ჰმ!.. მით უფრო, რომ წუხელი კარგა ლაზათიანად შევექეცი ვახშამს… შენი მოსატყუებელი კბილი, დიდი ხანია, მოვიცვალე.
– შენა გგონია, რომ გატყუებ? მაგას სიფრთხილე გალაპარაკებს; აბა ჩემზე სინჯე: რაც ძალი და ღონე გაქვს, ნუ დამზოგავ, და ნახავ, თუ კაბისა და პერანგის მეტი გამიჭრას რამე! – გადაღმა გულაღმა ქვაზე და გულზე დაიდვა ხატი; თათარმა გამოსაცდელად, თუ მართლა არ შეშინდესო, ამოიღო ხმალი და დაუქნია, მაგრამ ჰაერშივე შეაჩერა. ქალი არ განძრეულა და ღიმილით უთხრა:
– არ გითხარი, რომ ვერას დამაკლებ-მეთქი?
თათარი დარწმუნდა, რომ ეს აღარ ხუმრობსო; ჯადოს ხელში ჩაგდების სურვილმა წაიტყუა; მართლა მოუქნია ხმალი, რაც ძალი და ღონე ჰქონდა. და შუაგაწყვეტილი ქალი ნახევარი იქით გადავარდა და ნახევარი აქეთ. შეკრთა მოტყუებული მხედარი, შემოიკრა თავში ხელი: „გამაბრიყვა ამ უბედურმაო!“ გადააქნია მწუხარებით თავი აქეთ-იქით, ერთი კიდევ დახედა დარცხვენით, ჩააგო ხმალი და გაშორდა. ამავე დროს იბრიალა და ავარდა საოცარი ალი აოხრებულ მონასტერს.
გაიგეს თუ არა ეს სამწუხარო ამბავი თელავში, ახლომახლო სოფლები აღელდნენ, მაგრამ მწუხარების გამოცხადებას როგორ გაბედავდნენ? არ სწყენიათ მხოლოდ ქართველების მტრებს და სასიამოვნოდ მიიღეს ყველა თათრებმაც, გარდა ერთისა, რომელმაც, გაგონების უმალვე, გრძნობა-გონება დაბნეულმა, გააქანა ბედაური შუამთისაკენ. ეს ერთი იყო აბდუშაჰილი. რომ მივიდა, მონასტერი გადამწვარი დახვდა და სიჩუმე-არარაობას მოეცვა არემარე; დაღონდა და პირველად გაივლო გულში სალავათი: „ნუთუ, ღმერთო, ამისთანა მსხვერპლი შენთვის მართლა საჭირო იყოს? ან რა ვაჟკაცობაა უიარაღო, უმწეო, სუსტი დედაკაცებისა და ბალღების ჟლეტა? ქრისტიანები ამგვარს არას სჩადიან!.. თვით ყაჩარებიც კი ერიდებიან ამ საქმეს. ამ ორ-სამ წელიწადში, ვინ იცის, რამდენი ოჯახი აიკლეს, როგორც თათრების, ისე თვით ქართველებისაც, მაგრამ, აბა თუ ერთი სადმე უკადრებიათ უიარაღო დედაკაცებისა და ბავშვების ხელის შეხება?“ – ამ ზრახვით გაიარა დიდი ეზო და განაკიდეს მიადგა ცაცხვს; იქ უცბად შეჩერდა, დახედა გაჩეხილ ქალს, ერთი საოცრად დაიყვირა, წაბარბაცდა და იქვე, ცაცხვს რომ არ მიჰყუდებოდა, წაიქცეოდა. დიდხანს იყო ისე ხმაამოუღებლად. ბოლოს შეიძრა, დააშტერდა მკვდარს და სასოწარკვეთილებით სთქვა:
– რა დაგიშავე, ღმერთო, რომ ცხადი სიზმრად გადამიქციე? ამას ველოდი? გაჰქრა, წავიდა! ჩამიარა ოცნებამ! მაგრამ რაც ერთხელვე გულზე ისე ნათლად დამერჭო, იმას ვეღარა ამოშლის რა!.. თუ ცოცხალი დავკარგე, მკვდარი ხომ მაინც ჩემია! – დაავლო ხელი ორად გაჭრილს, მიიკრა გულზე და წაიღო იქითკენვე, საიდანაც ამ რამოდენიმე ხნის წინეთ ისეთ ნეტარებით მიჰქონდა, მაგრამ სულ სხვადასხვა კი იყო მაშინ და ახლა. მაშინ, ნეტარებით გაბრუებულს, მაღლით ცა ეხსნებოდა, და ახლა კი, უბედურებით სულშეხუთულს, დედამიწა უსკდებოდა! მოიტანა წყაროსთან და დადვა. დიდხანს დაჰყურებდა თავზე და ცრემლები ღაპაღუპით ეცემოდნენ წვერ-ულვაშზე. იმ დღესვე გასჭრა საფლავი წყაროსთან, მიაბარა საიდუმლოდ თავის დაუვიწყარი განძი სამარეს და საფლავის პირი მიასწორ-მოასწორა.
იმ დღიდან ხშირად, ძალიან ხშირად, ამოიდიოდა ხოლმე და ძვირფას სამარესთან ღამეს ათევდა.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

7 votes, average: 4.43 out of 57 votes, average: 4.43 out of 57 votes, average: 4.43 out of 57 votes, average: 4.43 out of 57 votes, average: 4.43 out of 5

› §3 როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა

72
დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი,
ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბადახშოსანი,
პირ-ოქრო რიდე ეხვია, შვენოდა ქარქაშოსანი,
და მეფესა გასლვად აწვევდა, მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი.
73
შეეკაზმა მეფე, შეჯდა, ნადირობას გამოვიდეს;
მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყად გარე შემოჰკრვიდეს;
ზეიმი და ზარი იყო, › › ›

DU