1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» თავდადებული მღვდელი თევდორე

ერთს ზაფხულს თათრები უცებ და სრულიად მოულოდნელად მოულოდნელად შემოესივნენ საქართველოს. მათ უნდოდათ ჩუმად მიახლოვებოდნენ საქართველოს მეფეს, რომელიც მაშინ სააგარაკოდ იყო სოფელ ახალქალაქის ახლო, დაეტყვევებინათ იგი და დაეპყროთ ჩვენი ქვეყანა. ერთს პატარა სოფელში, მანგლისის ახლო, მათ შეიპყრეს მღვდელი თევდორე და უთხრეს: შენ უნდა წინ გაგვიძღვე, სულ მოკლე გზით გვატარო და რაც შეიძლება მალე მიგვიყვანო მეფის ბინაზედაო. თუ ამას შეგვისრულებ, დიდს საჩუქარს მიიღებ; ხოლო თუ უარზე დადგები, გტანჯავთ, გაწვალებთ და საშინელს სიკვდილს მიგცემთო.

თევდორე მღვდელი სწორედ ჯოჯოხეთის ცეცხლში ჩავარდა. თუ თათრების ნებას დაჰყვებოდა, მეფეს დაატყვევებდნენ და საქართველოს ააოხრებდნენ. თუ მტერს უარს ეტყოდა, სამშობლოს ვერ გამოიმეტებდა, მას მოელოდა გამოუთქმელი ტანჯვა, წამებით სიკვდილი და დაობლება ცოლ-შვილისა. მესამე გზა შეუძლებელი იყო: ან თავი უნდა შეეწირა ქვეყნისათვის, ან სამშობლო ენაცვლებინა თავისათვის.

პირველს წამებში მღვდელი ყოყმანობამ შეიპყრო და ვერ გადაეჭრა, რომელს გზას დასდგომოდა. ამ ყოყმანობის დროს მას საცოდავი, შესაბრალისის სახე ჰქონდა; მაგრამ უცებ იგი წელში გასწორდა, სახე გაუნათლდა, დიდებული გამომეტყველება მიიღო. თათრებს უთხრა თევდორემ: კარგი, მომყევით და სულ მოკლე გზით გატარებთ მეფემდსინაო. თათრები დიდს სიხარულს მიეცნენ.

მიდის წინ მღვდელი, მისდევენ უკან თათრები. ესენი ხედავენ, რომ მღვდელს სულ დასავლეთისაკენ მიჰყავს დაბურულს ტყეში. გაგონილი კი ჰქონდათ, რომ მეფე იქვე ახლო ჩრდილოეთისაკენ არისო. ეჭვი ეპარებათ, მაგრამ თან ფიქრობენ: აი, საცაა გზა ჩრდილოეთისაკენ გადაუხვევსო. ხოლო თევდორე მღვდელი სულ იქით და იქით მიდის. იარეს ასე კარგა ხანს. ბოლოს თათრები მიხვდნენ, რომ თევდორე მღვდელმა ისინი მოატყუა, გზას ააცდინა და მეფის ბინას კიდევ უფრო დააშორა. მაშინ ისინი საშინელი სიბრაზით აივსნენ, გაშმაგებულნი მისცვივდნენ საწყალს თევდორეს და ასო-ასოდ აკუწეს.

წამებულს თევდორე მღვდელს სრული იმედი ჰქონდა, რომ ის თავისი სიკვდილით იხსნიდა ქვეყანას უბედურებისაგან. ეს იმედი სავსებით აუსრულდა. ქართველებმა მოასწრეს შეტყობა მტრის მოახლოებისა, სწრაფად შეჰყარეს ჯარი და შეებრძოლნენ მტერსა.

პირველს ხანში ქართველებს ბრძოლა უჭირდათ, რადგანაც მხოლოდ ახლო მახლო სოფლებმა მიაშველეს მეომარნი. მაგრამ თანდათან შორიდანაც გაჩნდნენ ბრძოლის ველზე გლეხებიც, აზნაურებიც და თავადებიც და მტერს საქმე გაუჭირეს. თათრებმა გორისკენ გაიწიეს, უნდოდათ ხიდზე გადასულიყვნენ და ქალაქი დაერბიათ; მაგრამ გორელებმა დროზე ჩაშალეს ხიდი და თათრები გაღმა არ გაუშვეს. მაშინ მტერი გაეჩქარა სურამისაკენ. აქაც ზემოქართლის ჯარი გადაეღობა გზაზე. თათრებმა მხარი იბრუნეს და ბორჯომის ხეობაში შევიდნენ. მაგრამ საშინელს მახეში გაებნენ. უკნიდან ხომ ზემოქართლელები მისდევდნენ, წინიდან კიდევ დაუხვდათ მთავარი ჯარი ქართველებისა, რომელსაც გორიდან სწრაფად ეარა მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, გასულიყო მტკვარში და გზა შეეკრა მტრისათვის. მომწყვდეული ორ ქართველ ჯარს შუა, თათრები იქმნენ განადგურებულნი სრულიად. უმეტესმა ნაწილმა სიცოცხლე დასტოვა ბრძოლის ველზე, დანარჩენნი დატყვევებულნი იქნენ. ამ სახით გადარჩა ჩვენი ქვეყანა მტრის ხელით აოხრებასა და გამარჯვებული გამოვიდა. ასეთი დიდებული ნაყოფი მოიტანა თევდორე მღვდლის თავდადებულობამ.

ქართველმა ერმა და ეკლესიამ თევდორე მღვდელი წმიდათა თანა შესაცხა და მის დაობლებულს ცოლ-შვილს მშობლიური მზრუნველობა აღმოუჩინა.

როგორც თევდორე მღვდელს, ისე ყველა თავდადებულს, არადროს დაივიწყებს ქართველი ერი და ისტორია და მათი სახსენებელი ბრწყინვალე შარავანდედით მოცული იქნება უკუნითი უკუნისამდე.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

5 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ლიკა ამბობს:
    30 აგვისტო, 2012წ. 09:39სთ.

    იცით რა? ჩემს შვილს ქვია თევდორე და ბედნიერი ვარ ასეთი წმინდანის სახელს რომ ატარებს. მეამაყება რომ ქართველი ვარ, ასეთმა თავდადებამ მოიყვანა საქართველო აქამდე.ყველა ქართველმა უნდა იცოდეს რომ ასეთი თავდადებული ერის შთამომავლები ვართ, და მე მოუწოდებ ყველა ქართველს თუ ვინმეს რაიმე მიზეზების გამო ჩვენი გმირების შესახებ არ წაუკითხავ აუცილებლად უნდა გაიგონ და გვახსოვდეს საიდან მოვდივართ.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ანი ამბობს:
    11 დეკემბერი, 2012წ. 17:37სთ.

    ასეთი თავდადებული მვდელები ყოველთვის იქნება ცოცხალი, ქართველი ადამიანების გულში

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ნინო ამბობს:
    24 ნოემბერი, 2014წ. 15:49სთ.

    ძალიან საინტერესოა !არა მხოლოდ ეს ამბავი,არამედ მთლიანად საქართველოს ისტორია !

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. ნატალია ხარაიშვილი ამბობს:
    8 დეკემბერი, 2014წ. 16:28სთ.

    ეს ისტორია ძალიან კარგია და ჩემი აზრით ყვალამ უნდა იცოდეს.მე მაგალითად პირვალად გავიგე თევდორე მღვდლის შესახებ მაიდა ეს ისტორია ყველას გაუზიაროთ.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. mari marus ამბობს:
    10 იანვარი, 2016წ. 16:26სთ.

    ძალიან საინტერესოა☺ ასეთი თავდადებულები ყოველთვის უნდა გვახსოვდეს!

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

2 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 5

› გრიგოლ რობაქიძე: წმინდა ნინო

ქალწულო ნინო, ეშვები ჩრდილებით:
დალურსულ ფოთლებში მზის თვალი დაღვარული,
ჩვენ, დანებულნი და გულახდილები,
შენ წინ ვეფინებით უშრეტი სიყვარულით.
მცხეთას რომ მოგესმა ნელი ხმა ზეცითგან,
გული ღვთისმშობელის ჩვენთვის ხომ უხვია –
ჯვარი გამოსჭერი ვაზის ნასხლევიდან
და ცხელი ჭრილობა › › ›

DU