1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ბიოგრაფია: ნიკო ფიროსმანაშვილი (1962-1918)

XX საუკუნის 10-იანი წლების თბილისში, სადაც ერთნაირად ქრის აღმოსავლურ და დასავლურ კულტურათა სურნელება, ორთაჭალაში არის სამიკიტნო „ელდორადო“. აქ ერთი ღატაკი მხატვრის თექვსმეტი სურათი ჰკიდია და ჯერ კიდევ არაღიარებულ შედევრთა მაგიური შუქი ამ ჩვეულებრივ სავაჭროს სრულიად მისტიკურ იერს ანიჭებს. თუმცა ნიკალა ფიროსმანაშვილი – უსახლკარო მხატვარი, რომელმაც ვერანაირად ისწავლა ფულთან თანაცხოვრება, ჩამოხეული ტანსაცმლით, განუყრელი საღებავების ყუთით დაუზარელად და უცერემონიოდ დახეტიალობს ქალაქში და სამუშაოს ეძებს. ეჭვადაც არა აქვს, რომ სულ მალე სრულიად უცნობი, უცხო ტომის კაცი ისე შეიყვარებს და აღიარებს, რომ მის სახელს მოსკოვსა და პარიზში გადასტყორცნის. მიხეილ ლე-დანტუ – ასე ჰქვია სტუდენტ მხატვარს, რომელიც საქართველოში თბილისელი მეგობრების კირილე და ილია ზდანევიჩების მოწვევით ჩამოდის.
რუსეთში გადმოსახლებული ფრანგი ემიგრანტების შთამომავალი უჩვეულოდ გამჭრიახი და განათლებული კაცია, იგი ავანგარდისტ მხატვართა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. მიხეილ ლე-დანტიუს სამყაროსთან ადექვატური თანაარსებობისაკენ სწრაფვა ძალიან ჰგავს ფიროსმანისეულს. მასაც სურს, ისწავლოს, განჭვრიტოს, გადმოსცეს დიდი საისუმლო, ურომლისოდაც აზრს ჰკარგავს ყოველი საგანი. ლე-დანტიუს უნდა ეს უცხო ქვეყანა მეგობრებთან ერთად შემოიაროს, გაიგოს, ვინ არიან ქართველები, საიდან მოდიან, როგორ მღერიან, როგორ აშენებენ. „ის პირდაპირ დაახრჩო მის წინ გადაშლილმა ხელოვნებამ – ძველი ტაძრების არქიტექტურამ, ძველმა ფერწერამ, ხალიჩებმა, კოსტიუმებმა, უამრავმა და ნაირგვარმა მხატვრულმა ნაკეთობამ“(ა.სტრიგალოვი).
იმ დროს, როცა ღატაკი ფიროსმანი კიბის ქვეშ ერთი ბეწო ოთახში, მეეზოვის მიერ სამადლოდ შეფარებული, ერთ-ერთი სამიკიტნოში გადაინაცვლებს და ორთაჭალის ტურფებს ხატავს, პარიზში პიკასო „ავინიონელ ქალიშვილებს“ შექმნის. პარადოქსულია ეპოქალურ მოვლენათა სივრცესა და დროში თანაფარდობა. „ავინიონელი ქალიშვილები“ კუბიზმის ათვლის წერტილი ხდება. ფიროსმანს კი ჯერ მხოლოდ ქართველი მედუქნეები იცნობენ…
1912 წლის გაზაფხულზე მიხეილ ლე-დანტიუ მეგობრებთან – კირილე და ილიასთან ერთად, ქალაქში ხეტიალისგან დაღლილი, სამიკიტნო „ვარიაგში“ შედის. შესასვლელზე დიდი აბრა ჰკიდია. აბრაზე გამოსახულია კრეისერი „ვარიაგი“ მტრის ხომალდებისკენ ჭუვრს ისვრის. სადილობისას ლე-დანტიუ ჩაბნელებული კედლების თვალიერებას იწყებს. უცნობი ტილოები ერთბაშად მოაქცევს მას არაბუნებრივი ხიბლის ქვეშ. ხიბლს აღფრთოვანება და აღელვება ცვლის. ის წამოხტება, ყველა კედელს ყურადღებით ათვალიერებს. შემდეგ ილიასთან მივარდება და ყვირის, რომ ეს თანამედროვე ჯოტოა, ნამდვილი ჯოტო. მეგობრები მის შთაბეჭდილებებს გაზვიადებულად მიიჩნევენ, თუმცა თავადაც აღიარებენ, რომ უცნობი მხატვარი ნიჭიერი და დასაფასებელია. ლე-დანტიუმ კი უცნობი მხატვრის შესახებ უკვე იცის ერთი და მთავარი რამ – იგი გენიოსია და ენით აუწერელი სურვილი იპყრობს, რაც შეიძლება მალე გაიცნოს. მედუქნე კი ფიროსმანს მღებავს უწოდებს და სტუმრებს მისი მისამართის არარსებობას ამცნობს, რადგან ნიკალა, არც მეტი, არც ნაკლები, უსახლკაროა. ლე-დანტიუს მგრძნობიარე არსება არნახული ცნობის მიყვარეობითა და თანაგრძნობითაა სავსე. ურთიერთგამომრიცხავი გრძნობებით შეძრული მიჰყვება ფიროსმანის კვალს. კირილე ზდანევიჩის მოგონებების მიხედვით, მათი შეხვედრა მალაკნების ქუჩაზე ერთ-ერთ სახლთან მოხდა. მხატვარს აბრაზე ფუნჯით გამოჰყავდა წარწერა „სარძეო“. ის ახალმოსულებისკენ შემობრუნდა, თავი ღირსეულად დაუკრა და მუშაობა განაგრძო. თეთრ კედელთან მდგარი, დახეულ შავ პიჯაკში, თავზე რბილი ფეტრის ქუდით, მაღალი, მშვიდი, ამაყი, გამოუცნობი მწუხარებით სავსე ფიროსმანი თავადვე იყო გენიალური მითი, ირაციონალური ენერგიითა და წინასწარმეტყველებით სავსე.
თბილისში ყოფნის დროს ლე-დანტიუმ ფიროსმანის სულ ორი ნამუშევარი შეიძინა, ხოლო შემდეგ მისი დავალებით, ილიამ და კირილემ მისთვის კიდევ 3 თუ 4 სურათი შეიძინეს. პარალელურად, ილია და კირილე თავადაც ყიდულობდნენ ფიროსმანის ტილოებს. ილიას თბილისიდან გამგზავრების შემდეგ კი ფიროსმანის ნამუშევრების შეგროვებას კირილე განაგრძობდა, უმეტესად ძმის დავალებით. როგორც ცნობილია, იმ დროისთვის მათ 28-30 ნამუშევარი შეაგროვეს და სახელდახელო გამოფენის მოწყობა გადაწყვიტეს.
გამოფენაზე ისინი იწვევდნენ მხატვრებს, პოეტებს და თვით ფიროსმანსაც. სტუმრები მოდიან ელიან ნიკოს. პარადოქსია, მაგრამ პირველი გამოფენა ავტორის გარეშე ჩაივლის. იგი არ მოდის…
1912 წლის აგვისტოში მიხეილ ლე-დანტიუ რუსეთში ბრუნდება. თან მიაქვს ფიროსმანის ტილოები და მოსკოვში ჩასვლისთანავე ვრცელ მოხსენებას კითხულობს…
სამიკიტნოში სასაუზმოდ და სალაპარაკოდ მოპატიჟებული „მღებავი“ კი თავშეკავებით ისმენს ძმები ზდანევიჩების მოსაზრებებს მისი ტალანტისა და ოსტატობის შესახებ. მაშინ, როცა ახალგაზრდები გაფაციცებით აკვირდებიან მხატვარს, ფიროსმანი თითქოს ყოვლისმომცველ სიმშვიდეს, გულგრილობამდე მისულ განურჩევლობას მოუცავს. ის დაღლილია შრომისაგან, წლებისაგან, სიდუხჭირისაგან. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მისთვის მაინც არ იყო სულერთი, აღიარებდნენ თუ არა, რადგან შემდგომში, მიხეილ ლე-დანტიუს გამგზავრებიდან საკმაო ხნის შემდეგ, მასთან სტუმრად მისულ ლადო გუდიაშვილს ამაყად ეტყვის: „მე საფრანგეთშიც ვარ ახლა ცნობილიო“. თან ლე-დანტიუს მიერ ფრანგულ გაზეთებში გამოქვეყნებულ წერილებს უჩვენებს.
ერთი წლის შემდეგ იქმნება მალევიჩის „შავი კვადრატი„. უკვე გამოფენილია პიკასოსა და ბრაკის კუბისტური ტილოები. მიხეილ ლარიონოვის გარშემო იკრიბება ავანგარდისტ მხატვართა ჯგუფი, რომელიც პირველი გაიზიარებს ლე-დანტიუს მოსაზრებას ფიროსმანის გენიალობის შესახებ და პირველი გაკვალავს გზას მისი ტილოების საყოველთაო აღიარებისაკენ.
ლარიონოვისა და გონჩაროვას თაოსნობით, 1913 წელს ტარდება გამოფენა სახელწოდებით „მიშენ“, სადაც დიდი ადგილი უჭირავს ფიროსმანს. მისი შემოქმედება რუს ავანგარდისტებს წარმოსახვას უღიზიანებს: ფიროსმანის „ორთაჭალის ტურფა“ და ლარიონოვის „ვენერა“; ფიროსმანის „მამალი და კრუხი წიწილებით“ და გონჩაროვას „ფრანგული მამალი“; ფიროსმანის „ქეიფი“ და კონჩალოვსკის „ოჯახური პორტრეტი“; ფიროსმანის „მეეზოვე“ და შაგალის „ფოსტალიონი“; ფიროსმანის „ილია ზდანევიჩის პორტრეტი“ და შევჩენკოს „პოეტის პორტრეტი“ – ამგვარ პარალელთა ნუსხა შეიძლება გრძელი იყოს… თავად ლე-დანტიუს „კავკასიურ ალბომში“ მრავლადაა რეპლიკები ფიროსმანის ნამუშევრებზე.
1913 წელი ნიკო ფიროსმანაშვილის აღიარების წლად იქცა.
ფიროსმანი კი ილია ზდანევიჩს ეტყვის: „ძალზე ღარიბად ვცხოვრობ. საძაგელი ტანისამოსი მაქვს. სურათების შემკვეთები ძალზე უმეცრები არიან… ოთახს რომ მომცემდნენ, სადაც შემეძლებოდა მუშაობა, ტილოც რომ მქონდეს, ერთ თვეში ათ-თხუთმეტ სურათს დაგიხატავდით – იმაზე უკეთესებს რაც მაქვს…“.
ფიროსმანი ქართველთათვის (და არა მხოლოდ) გენიალური მითია ირაციონალური კონტურებითა და მისტიკური საბურველით. ლე-დანტიუ კი – მისი პირველამომჩენი, რომელმაც ეს მითი ხელოვნების ისტორიის ფურცლებზე გადაიტანა.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

ერთი კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. თათია ამბობს:
    18 მარტი, 2011წ. 14:07სთ.

    ნიკო ფიროსმანი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

8 votes, average: 3.50 out of 58 votes, average: 3.50 out of 58 votes, average: 3.50 out of 58 votes, average: 3.50 out of 58 votes, average: 3.50 out of 5

› ძველი ქართული წელთაღრიცხვა

ძველად ქართველები წელთაღრიცხვას ასოებით აფიქსირებდნენ და საკმაოდ მოხერხებული და მარტივი მეთოდით.
მაგალითად თუ უნდოდათ დაეწერათ 333 წერდნენ: “ტლგ“
ესეიგი: “ტ“=300, “ლ“=30, “გ“=3
ანუ: 300+30+3 = ტ+ლ+გ
და ასე:1982 = ჩშპბ1945 = ჩშმე
აი ქვემოთ › › ›

DU