1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» §61 ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან

1549
მას დღე ავთანდილ პატრონად ზის და ხელმწიფე ზენია,
მას თანა მჯდომსა ტარიელს ჰშვენიან სინაზენია;
ნესტანჯარ ახლავს თინათინს, ვინ მჭვრეტთა ამაზრზენია,
და ჰგავს, თუ ცა მოდრკა ქვეყანად, შეყრილან ოთხნი მზენია.

1550
დაიწყეს მორთმა პურისა ლაშქართა მის მესავსისა,
ზროხა და ცხვარი დაკლული არს უმრავლესი მხავსისა,
შეიქმნა ძღვნობა ძღვენისა, მათისა შესამსგავსისა,
და მათ ყოვლთა შუქი ანათობს პირსა მზისა მსგავსისა.

1551
იაგუნდისა ჯამები იყვის, ლალისა ჭიქები,
კვლა უცხოფერთა ჭურჭელთა სხდის უცხო-უცხო სიქები.
მის ქორწილისა მაქები კაცი ბრძენთაგან იქები,
და მჭვრეტელო, გულსა ეტყოდი: “ნუ აეხსნები, იქ ები!”

1552
მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით, ისმოდის ხმა წინწილისა;
შეყრით ძეს გორი ოქროსა და ბადახშისა თლილისა;
მსმელთათვის წყარო ღვინისა ასგან დის, მსგავსი მილისა,
და ბინდით ცისკრამდის სმა იყო, გარდახდა ჟამი დილისა.

1553
არა დარჩა უსაბოძვრო არ კოჭლი და არ საპყარი;
მოდიოდა მარგალიტი მოფანტული, მონაყარი;
გაბედითდა წასაღებლად ატლასი და ოქრო მყარი.
და სამ დღე იყო ინდოთ მეფე ავთანდილის ვით მაყარი.

1554
ხვალისა მეფე არაბთა კვლა პურობს, არ ღაფალია;
ტარიელს უთხრა: “შენი მზე საჭვრეტლად სატურფალია.
მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა და ეგე დედოფალია;
და ხამს, ყურსა გვეგდოს საყურად ჩვენ თქვენი ნატერფალია.

1555
აწ, მეფეო, არ ეგების ჩვენი სხდომა თქვენად სწორად”.
სახელმწიფო საჯდომი და სხვა დაუდგა ტახტი შორად.
ქვემოთ დასხნა ავთანდილ და ცოლი მისი მათად სწორად.
და პირველ ძღეენი ტარიასთვის მოიღიან, იდვის გორად.

1556
არაბთა მეფე მასპინძლობს, იქმს ოდენ არიფობასა,
ზოგჯერ მათ ახლავს, ზოგჯერ მათ, არ იხმობს ხელმწიფობასა,
გასცემს და უქებს ყველაი უხვობა-იეფობასა,
და ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს, ჩვეული თვით მეფობასა.

1557
მეფესა ქმრითურთ პატივი ჰქონდა ინდოთა ქალისა,
სიყვარული და ჩუქება, ვით სიძისა და სძალისა;
რომე სძღვნა, არა ეგების თქმა არცა ნაათალისა,
და თვითო სკიპტრა და პორფირი და გვირგვინები თვალისა.

1558
კვლა უძღვნა ძღვენი ორთავე, მსგავსი მათისა ბედისა,
ათასი თვალი, ნაშობი რომანულისა დედისა,
კვლა მარგალიტი ათასი, მართ ვითა კვერცხი ტრედისა,
და ათასი ცხენი ტაიჭი, სიდიდით მსგავსი ქედისა.

1559
ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი მარგალიტი თავ-შედგმული,
ცხრა ტაიჭი, ძვირფასისა უნაგრითა შეკაზმული.
ინდოთ მეფე თაყვანსა სცემს ლაღი, ბრძენი, არ მახმული,
და მადლი ჰკადრა ფხიზელურად, თუცა იყო ღვინო-სმული.

1560
რას ვაგრძელებდე? გარდახდეს დღენი ერთისა თვისანი.
თამაშობდიან, არ იყვნეს ყოლა გაყრანი სმისანი.
ტარიელს სძღვნიან უცხონი თვალნი ლალისა ქვისანი,
და ათ ყოვლთა მათნი ელვანი ჰფარვენ მართ ვითა მზისანი.

1561
ტარიელ ჰგვანდის ვარდსა და იყვის ფიფქისა მოველად,
ავთანდილ როსტანს წინაშე გაგზავნა დასათხოველად,
შესთვალა: “შენი სიახლე კმა ჩემად ლხინად ყოველად,
და მტერთა აქვს ჩემი სამეფო, ვიცი მუნ შიგან მძოველად.

1562
უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან, ხელოვნებამან.
ვეჭვ, მოგცეს თქვენცა დაღრეჯა ჩემმან რასაცა ვნებამან;
წავიდე, ავი არ მიყოს მე აქა დაყოვნებამან,
და ადრე კვლა გნახნე მორჭმულნი, ინებოს ღმრთისა ნებამან”.

1563
როსტევან ჰკადრა: “მეფეო, რად ხართ რასაცა რიდითა?
რაცა გიჯობდეს, იქმოდით, გასჭვრეტდით, გაიცდიდითა,
ავთანდილ თანა წამოგყვეს, წადით ლაშქრითა დიდითა,
და თქვენთა მტერთა და ორგულთა დაჰფრეწდით, და-ცა-სჭრიდითა”.

1564
ავთანდილ უთხრა ტარიელს ესე სიტყვები ორები.
მან უთხრა: “აგრე ნუ უბნობ, შეცევ ბროლისა ყორები,
ახალ შერთულსა მთვარესა, მზეო, ვით მოეშორები?”
და ავთანდილ უთხრა: “მაგითა შენგან არ მოვიღორები”.

1565
არ დია გინდა დამაგდო, წახვიდე ჩემად მზრახავად!
“ცოლი უყვარსო, გამწირა”, იყო ამიხად მსახავად;
მე დავრჩე შენი გაყრილი თავისა მევაგლახავად?
და კაცსა მოყვრისა გაწირვა, ახ, მოუხდების, ახ, ავად!”

1566
ტარიელს უგავს სიცილი ბროლისა ვარდთა ფრქვევასა;
უბრძანა: “ვიტყვი უშენოდ შენისა უფრო მე ვასა;
რათგან გწადიან, წამომყევ, დამწამებ ნურას თნევასა”.
და ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა ყოვლგნით მის თანა წვევასა.

1567
შეყარნა სპანი არაბეთს, აღარა ხანსა ზმულია,
კაცი ოთხმოცი ათასი, ყველაი დაკაზმულია.
კაცსა და ცხენსა ემოსა აბჯარი ხვარაზმულია.
და არაბთა მეფე მათითა გაყრითა ნავღელ-ჭმულია.

1568
ერთმანერთისა გაყრილნი ქალნი ორნივე, დობილნი,
ერთმანერთისა დად-ფიცნი, სიტყვისა გამონდობილნი,
მკერდითა მკერდსა შეკრულნი, ყელითა გარდაჭდობილნი,
და ტიროდეს; მათთა მჭვრეტელთა გულნი-მცა ესხნეს წთობილნი.

1569
მთვარე ცისკრისა ვარსკვლავსა რა თანა-შეესწოროსა,
ორნივე სწორად ნათობენ, მოჰშორდეს, მოეშოროსა;
არა თუ იგი მოჰშორდეს, მართ ცამან მოაშოროსა,
და მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან ხამს, თავი იქედგოროსა.

1570
მათთავე სახედ, რომელსა ესენი დაუბადიან,
იგივე გაჰყრის, სიშორე არა თუ ნებით სწადიან,
ვარდსა სწებვენ და აპობენ, ტირან და ცრემლნი ჩასდიან.
და მათთა გამყრელთა ყოველთა სიცოცხლე არ იქადიან.

1571
ნესტან-დარეჯან თქვა: “ნეტა-მც ყოლა არ შეგემცნებოდი,
მზისა გამყრელი გაყრითა აწ ასრე არ დავდნებოდი.
ამბავსა სცნევდი, მაცნევდი, წიგნითა მეუბნებოდი,
და ვითა მე შენთვის დამწვარ ვარ, აგრევ შენ ჩემთვის ჭნებოდი”.

1572
თინათინ უთხრა: “ჰე მზეო, შენთა მჭვრეტელთა ლხინებო,
რად-მცა გაგწირე, თუ ვითა გაყრასა მოვითმინებო!
ღმრთისაგან დღეთა თხოვისა ნაცვლად სიკვდილი ვინებო,
და აგრემცა მივი, რაზომსა ცრემლსა მე დავიდინებო!”

1573
კვლა აკოცეს ერთმანერთსა, გაიყარნეს იგი ქალნი;
ქვე დამდგომმან წამავალსა ვერ მოსწყვიდნა ყოლა თვალნი;
იგი იჭვრეტს უკუღმავე, ედებოდეს ამით ალნი.
და რომე მწადდეს, ვერ დავწერენ მე სიტყვანი ნაათალნი.

1574
როსტან მათითა გაყრითა ხელთაგან უფრო ხელდების,
ათასჯერ იტყვის ვაგლახსა, არ სულთქმა უერთხელდების,
ცხელი სდის წყარო ცრემლისა, მართ ვითა ქვაბი ცხელდების;
და ტარიელ არის დაღრეჯით, ფიფქი ნასდების, თხელდების.

1575
ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს მეფე ხვევნით და კოცებით;
იტყვის, თუ: “თქვენი სიახლე მიჩს აქამდისცა ოცებით;
რათგან მოგშორდი, დავრჩები პატიჟთა გაასოცებით,
და შენგან მოგვეცა სიცოცხლე შენგანვე დავიხოცებით”.

1576
ტარიელ შეჯდა, მეფისა გამყრელი, გამომსალამე;
სრულად ლაშქართა სდიოდა ცრემლი, მინდორთა სალამე:
“მზე შენ გლამისო საომრად და თავი შენ მას ალამე”.
და უბრძანა: “თქვენთვის მტირალსა ყოლ არად მიჩნდეს სალა მე!”

1577
გაემართნეს და წავიდეს დია სპითა და ბარგითა
ტარიელ, ფრიდონ, ავთანდილ თავითა მეტად კარგითა,
კაცი ოთხმოცი ათასი ჰყვა ცხენებითა ვარგითა,
და მივლენ სამნივე გულითა ერთმანერთისა მარგითა.

1578
სამ თვე ვლეს, – ღმერთმან მათებრი სხვა ნურა ნუ დაჰბადოსა!
მოეგებნიან, მტერობა ვერავინ დაიქადოსა!
მინდორსა შიგან სადილად გარდახდეს უდილადოსა,
და ვითა ჰმართებდა, პურობდეს, ღვინოსა სმიდეს, არ დოსა.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

4 votes, average: 4.00 out of 54 votes, average: 4.00 out of 54 votes, average: 4.00 out of 54 votes, average: 4.00 out of 54 votes, average: 4.00 out of 5

› §28 შველა ტარიელისაგან ფრიდონისა

613
მოჯობდა, ომი შეეძლო, ხმარება ცხენ-აბჯარისა;
დავკაზმეთ ნავი, კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა;
კაცი ხმდა, მისთა მჭვრეტთათვის ღონემცა ეაჯა რისა!
აწ გითხრა ომი მოყმისა, მებრძოლთა დამსაჯარისა.
614
მათი მესმა დაპირება, ჩაბალახთა ჩამობურვა;
ნავი წინა მომეგება, არა ვიცი, › › ›

DU