1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» §59 ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა ფრიდონისაგან

1463
მათ ქალ-ყმათათვის საჯდომი დაედგა თეთრ-ძოწეული,
წითელ-ყვითლითა თვალითა ზედა კეკლუცად ფრქვეული;
ავთანდილისთვის – ყვითელი და შავი ერთგან რეული;
და მოვიდეს, დასხდეს; მჭვრეტელი ვცან მათი სულ-დალეული.

1464
მგოსანნი მოდგეს, ისმოდა ხმა სიმღერისა ტკბილისა;
ქორწილი ქმნეს და გამრავლდა ძღვნობა ლარისა ლბილისა
ფრიდონის პურად კარგისა, არ მასპინძლისა წბილისა;
და ნესტან-დარეჯანს უშვენის ღიმილი, ჩენა კბილისა.

1465
მოიღეს ძღვენი უსახო ფრიდონის არ-ალქატისა,
ცხრა მარგალიტი, სიდიდით მართ ვითა კვერცხი ბატისა,
კვლა ერთი თვალი, სამსგავსო მზისა შუქ-მონამატისა,
და მას წინა ღამით ძალ-ედვის მხატვარსა ხატვა ხატისა.

1466
კვლა უძღვნა თვითო ფარღული, გარდასაყრელი ყელისა,
მგრგვლად დათლილისა თვალისა, იაგუნდისა მრთელისა;
კვლა მოქვს ერთი ტაბაკი, მძლედ საჭირავი ხელისა,
და ავთანდილისთვის ლომისა ძღვენი ფრიდონის ქველისა.

1467
იგი ტაბაკი სავსეა მარგალიტითა სხვილითა.
ავთანდილს უძღვნა ყველაი არა სიტყვითა წბილითა.
აივსო სახლი სტავრითა და ოქსინოთა ლბილითა,
და ტარიელ მადლი უბრძანა ლაღმან სიტყვითა ტკბილითა.

1468
ფრიდონისგან უსაზომო ქორწილია დღესა რვასა;
ყოვლთა დღეთა მიართმიდის უფასოსა ძღვენსა მზასა;
დღე და ღამე არ გასწყვედდის ჩაღანა და ჩანგი ხმასა.
და აჰა, მიჰხვდეს შესაფერნი ყმა ქალსა და ქალი ყმასა.

1469
ტარიელ ფრიდონს უბრძანა დღე-ერთ სიტყვები გულისა:
“არს გული თქვენი საჩემოდ უფროსი ძმისა სრულისა,
არ გემუქფების სიცოცხლე, არცა მოცემა სულისა,
და მე თქვენგან ვპოვე მოკვდავმან ჩემი წამალი წყლულისა.

1470
ავთანდილისგან შენც იცი ჩემთვის თავისა დადება,
აწ მე მაქვს ნაცვლად მისისა მოხმარებისა წადება:
შენ მიდი, ჰკითხე, რა უნდა, მან ქმნას ამისი ცხადება,
და ვითა დამივსო სახმილი, ეგრე მისიცა კმა დება.

1471
უთხარ: “ძმაო, რა გარდიხდის შენგან ჩემსა ჭირ-ნახულსა!
ღმერთი მოგცემს წყალობასა, მისგან ზეცით შესახულსა!
თუ ვერა ვიქმ საწადელსა შენსა, შენთვის გაზრახულსა,
და არა ვნახავ სახლსა ჩემსა, არ დარბაზსა, არცა ხულსა.

1472
აწ მითხარ, ჩემგან რა გინდა, ანუ რათ მოგეხმარები?
ვარჩევ, წავიდეთ არაბეთს, იყავ ჩემიცა მარები;
ტკბილის სიტყვითა გავმართოთ და ხრმლითა – საომარები:
და თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ, მე ჩემსა არ ვექმარები”.

1473
რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს ტარიას მოციქულობა,
მას გაეცინნეს, გაღიმდა, ჰშვენოდა მხიარულობა;
თქვა, თუ: “მეშველი რად მინდა? მჭირს არავისგან წყლულობა!
და ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს, არცა სჭირს ლხინ-ნაკლულობა.

1474
ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის, მორჭმული ღმრთისა ნებითა,
საკრძალავი და უკადრი, ლაღი, არვისგან ვნებით-ა,
არცა რა უმძიმს ქაჯთაგან, არცა გრძნეულთა გრძნებითა,
და მას ზედა შველა რად მინდა? რად მეჭვ რასაცა თნებითა?

1475
რა მოვა ჩემთვის განგება, ზეცით მოსრულნი ზენანი,
ღმერთი იწადებს, მომივლენ გულსა სახმილთა ლხენანი;
მაშინღა მომხვდენ მოკვდავსა მზისა ელვათა ფენანი,
და უმისჟამისოდ ცუდია ჩემგან მი და მო რბენანი.

1476
მიდი და ჰკადრე ტარიელს პასუხი, ჩემგან თხრობილი:
“მადლი რად უნდა, მეფეო, ხარ რაზომ გინდა ლმობილი?
ვარ მუცლითგანვე დედისათ თქვენად სამონოდ შობილი,
და ღმერთმან მუნამდის მიწა მყოს, ვირ მეფე იყო ცნობილი.

1477
გებრძანა: “შეყრა მწადიან საყვარელისა შენიხა”.
ეგე არს მსგავსი გულისა ლმობიერისა თქვენისა;
მუნა მე ხრმალი არ მიკეეთს, არცა სივრცელე ენისა,
და მიჯობს მოლოდნა საქმისა მის განგებისა ზენისა.

1478
ესეა ჩემი საწადი და ჩემი მოსანდომარე:
ინდოეთს გნახო მორჭმული, საჯდომთა ზედა მჯდომარე,
გვერდსავე გიჯდეს მნათობი, პირი ელვათა მკრთომარე,
და მებრძოლნი თქვენნი მოგესრნენ, არვინ ჩნდეს მუნ მეომარე.

1479
რა გამისრულდენ ესენი ჩემნი გულისა ნებანი,
მაშინღა მივალ არაბეთს, მომხვდენ მის მზისა ხლებანი;
ოდესცა სწადდეს, დამივსნეს ამა ცეცხლისა დებანი.
და სხვა თქვენგან არა არ მინდა, მძულან ცუდნიღა თნებანი”.

1480
რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს ესე სიტყვანი ყმისანი,
მან ბრძანა: “მაგას არა ვიქმ, ამას არ უნდა მისანი!
ვითა მან პოვნა მიზეზნი ჩემისა სულთა დგმისანი,
და ეგრევე მანცა სამისოდ ნახნეს ძალ-გულნი ძმისანი!

1481
მიდი, უთხარ ჩემ მაგიერ სიტყვა ჩემგან არ-ნათნები:
“მე შენისა გამზრდელისა უნახავად არ დავდგები.
ვეჭვ, მრავალი დამეხოცოს მონა, მისგან საყვარლები,
და ვითხოვ ხოლე შენდობასა, ეგეთიღა მოვბრუნდები”.

1482
ესე უთხარ: “ამის მეტსა ჰმოციქულობ ნურას ნუო,
ხვალე წასლვა არ დავშალო, არცა საქმე გავათუო;
მე არ მიზამს არაბთ მეფე, რომე სიტყვა გავაცრუო,
და ამოდ ვსთხოვო ქალი მისი, შევეხვეწო, შევაგუო”.

1483
უამბო ფრიდონ ავთანდილს ტარიას მოციქულობა:
არ დადგებისო, ცუდია შენგან ცდისაღა თქმულობა”.
მას დაუმძიმდა, მოედვა კვლა გულსა კვამლ-ალმულობა.
და ასრე ხამს რიდი მეფეთა, ყმათაგან მოკრძალულობა!

1484
ავთანდილ მივა მუხლ-მოყრით ტარიას შესახვეწელად,
ფერხთა ეხვევის, აკოცებს, აღარ შეჰხედავს ზე წელად,
ეტყვის: “კმა, რაცა შევსცოდე როსტანს წლეულად მე წელად,
და კვლა ნუ მიქმ ერთგულობისა გამტეხლად, და-ცა-მლეწელად.

1485
რასაცა ჰლამი, არ მოგცემს მას ღმრთისა სამართალია,
გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო მე საქმე სამუხთალია!
მე მისთვის ხელი ვით გავძრა, ვინ ჩემთვის ფერ-ნამკრთალია!
და ვით მოიხმაროს მონამან პატრონსა ზედა ხრმალია!

1486
ეგე საქმე მე და ჩემსა საყვარელსა შეგვამდურვებს,
ვა თუ გაწყრეს, გაგულისდეს, კუშტი გულსა შეაურვებს,
ამბავსაცა დამიძვირებს, ჭვრეტისათვის მომასურვებს,
და შენდობასა ხორციელი კაცი ვერა დამიურვებს”.

1487
ტარიელ უთხრა სიცილით, მან მზემან შუქ-ნაფენამან,
ხელი მოჰკიდა ავთანდილს, აჰმართა, ააყენა მან:
“მიყოო კარგი ყველაი მომართებამან შენამან,
და მაგრა სჯობს, შენცა გალხინოს ჩემმან შენითა ლხენამან.

1488
დია მძულს მეტი მოყვრისა შიში, კრძალვა და რიდობა,
მძულს გაუწყვედლად კუშტობა და სულ-მძიმობა, დიდობა;
თუ მოყვარეა, გულისა ქმნას ჩემკე მონაზიდობა,
და თვარა მე ჩემდა, იგ მისდა, დია სჯობს კიდის-კიდობა.

1489
მე ვიცი გული საშენოდ შენისა საყვარელისა,
არ ეწყინების სტუმრობა შენისა მე შემყრელისა.
რად-მცა რა ვჰკადრე მეფესა თხრობა რასაცა ჭრელისა!
და ოდენ ნახვისა მათისა ნატრა მაქვს სანატრელისა.

1490
ამას ოდენ მოვახსენებ მუდარით და შეპოვნებით,
რომე მოგცეს ქალი მისი მან მისითა მოგონებით,
რათგან ბოლო შეყრავეა, სიშორესა ვით ეთნებით?
და დააშვენეთ ერთმანერთი, თავის-თავის ნუ დასჭნებით”.

1491
რა ავთანდილ ტარიასგან ცნა, წასლვასა არ დაჰშლიდა,
არა ჰკადრა შეცილება, საუბარსა ზედა ჰრთვიდა;
ფრიდონ კაცსა დარჩეულსა სათანაოდ გარდასთვლიდა,
და თანა წაჰყვა, განაღა-მცა მათ თანავე გზასა ვლიდა.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 1.00 out of 51 vote, average: 1.00 out of 51 vote, average: 1.00 out of 51 vote, average: 1.00 out of 51 vote, average: 1.00 out of 5

› §13 წიგნი ტარიელისა საყვარელთანა

381
თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია.
პასუხად ვსწერდი: “მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია?
მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია!
სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია”.
382
ასმათს ვუთხარ: “მე პასუხსა ამის მეტსა › › ›

DU