1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» საქართველოს ზეციური მფარველნი

საქართველოს ისტორია კავკასიის რელიეფს ჰგავს.
მასში ერთიმეორეს ენაცვლებიან მთაგრეხილები, ღრმა ხევები და ვაკეები, ხშირად კი თავბრუდამხვევი უფსკრულები. მოგზაური ციცაბო ფერდობზე ადის და მის წინაშე თვალუწვდენელი გაშლილი სივრცის საკვირველი სურათი იშლება: ღრუბლები გუნდგუნდად დაცურავენ მზის სხივებით, როგორც ოქროს ბზინვარე ნართით შემკული ზეცის ცისფერ ოკეანეში.
ტყითა და ბუჩქნარით შემოსილი მთები, შუბლი თეთრი ჩაჩქნებით რომ დაუბურავთ, ჭაღარა თმა-წვერიანი მოხუცებივით შეყრილან თითქოს და ერთიმეორეს ესაუბრებიან… მოგზაურის წინაშე კვლავ ფლატე ჩნდება და ყოველი არაზუსტი ნაბიჯი დაღუპვას უქადის მას. მერე ის ისევ ძაბავს ძალებს, მთების ქვის ფერდებით, როგორც მიტოვებული ტაძრის საუკუნოვანი საფეხურებით მიემართება ზევით და კვლავ ხედავს შორს ფირუზისფერ კლდეებს, მუდამ ყინულის ჩაფხუტით შემოსილ მოელვარე მყინვარებს.კავკასიონის თვალები თითქოს უძირო ზეცისკენ არიან მიპყრობილნი.
თამარ მეფის დროს საქართველომ თავისი ძლიერებისა და დიდების მწვერვალს მიაღწია. ირანის ლომი მისი ტახტის კვარცხლბეკთან იყო გაწოლილი. თუკი რუსთველმა თავის სიმბოლურ პოემაში “ვეფხისტყაოსანი” რაინდის ვეფხვთან შებმა აღწერა, თამარ მეფემ თავისი ხელით ორჯერ მოაშთო ვეფხვები, რომლებიც ოსმალეთიდან და არაბეთიდან დაესხნენ თავს მის ქვეყანას. მან ჯვრებით შეამკო კავკასიონის მთების მწვერვალები, ისევე, როგორც ნათელღებულს ჰკიდებენ მკერდზე ჯვარს. მის სახელს აკურთხებდნენ კავკასიის ხალხები, მისი სახელის გაგონებაზე ძრწოდნენ საქართველოს მტრები. ავაზაკების ურდოებს ქვეყნის საზღვრებთან მიახლოებისა ეშინოდათ, როგორც მხეცებს ეშინიათ ცეცხლის ალთან მისვლისა. მისი მეფობის დროს საქართველომ მარცხი არ იცოდა და სიტყვა “ბრძოლა” ქართველთა ჯარისთვის “ძლევად” ისმოდა. დედოფლის სახელი ტრაპეზუნდიდან სკვითიის სტეპებამდე გავრცელდა საგალობელივით და ამ საგალობლის ექო ჯერ კიდევ ჟღერს ხალხის გულში. მისი მეფობის დრო მრავალწლიანი გაზაფხული იყო საქართველოსთვის, და თვით ხსენებაც წმინდა მეფე თამარისა აღესრულება მაისის პირველ დღეს, ვარდების დღესასწაულზე. მაგრამ საქართველოს კვლავ იმგვარი განსაცდელები ატყდებოდა თავს, რომ მათგან კავკასიის მთებიც კი თითქოს იძვროდნენ და ირყეოდნენ.
მონღოლთა ტომებს სათავეში ჩაუდგა ჩინგისხანი_ახალი ატილა და არგანი ღვთისა. მან მანჯურია და ჩინეთი დაიპყრო და თავის მეტოქესთან_ხორეზმშაჰთან სისხლისმღვრელ ომში ჩაერთო. იმხანად ცოტა რამ იცოდნენ მონგოლებზე საქართველოსა და ევროპაში. ვრცელდებოდა ხმები, რომ ის იყო აღმოსავლეთში მცხოვრები მეფე-მღვდელი, სახელად იოანე, რომელიც მოდიოდა ქრისტიანების გასათავისუფლებლად მუსლიმანთა უღლისგან.
მონღოლები მომთაბარე ხალხი იყო. მათ საქმიანობას მეცხოველეობა და ნადირობა შეადგენდა. ისინი ჩარდახიან ეტლებში ცხოვრობდნენ, ხოლო მათი ქალაქები იყო ბანაკები, რომლებშიც ისინი თავიანთ კარვებს დგმდნენ. ნადავლისა და საქონლის საკვების მოსაპოვებლად ისინი სტეპებისა და უდაბნოების უზარმაზარ სივრცეებს კვეთდნენ, გეგონება აფრააშვებული გალერების ფლოტილია უნაპირო ზღვას სერავსო. მათი შვილები თითქმის ფეხის ადგმისთანავე სწავლობდნენ ცხენზე ჯდომას, ერთიმეორეს ცხენის მართვაში ეჯიბრებოდნენ და ბადალი არ ჰყავდათ მშვილდით სროლაში. მონგოლების არმია დაყოფილი იყო ათ, ას და ათას კაციან რაზმებად, რომლებიც ურთიერთთავდებობით იყვნენ დაკავშირებულები. ერთი მეომარიც რომ გაქცეულიყო ბრძოლის ველიდან, მთელი მისი ათეული სიკვდილით ისჯებოდა. თუკი ბრძოლის ველს ათზე მეტი მხედარი დატოვებდა, მთელ ასეულს სიკვდილით სჯიდნენ. ომში კიდევ შეიძლებოდა, ცოცხალი დარჩენილიყო ადამიანი, გაქცეულს კი გარდაუვალი სიკვდილი ელოდა: ის ადგილზევე უნდა მოეკლათ მისსავე თანამებრძოლებს, რათა თვითონ არ დასჯილიყვნენ სიკვდილით. მონგოლები მიწებს რომ იპყრობდნენ, მძიმე ხარკს როდი სჯერდებოდნენ მხოლოდ, არამედ ყოველ დაპყრობილ ქვეყანას მათთვის დამხმარე ლაშქარი უნდა გაეგზავნა დაპყრობითი ომებისთვის. ასე რომ, მონღოლთა ჯარის რიცხოვნობა გამუდმებით იზრდებოდა მთიდან დაგორებულ თოვლის გუნდასავით. მონღოლები იმარჯვებდნენ არა მარტო სამხედრო ხელოვნების ცოდნით, ჩინეთიდან ჩამოტანილი კედელსანგრევი იარაღებით_ტარანებით, რომლებსაც ციხესიმაგრეების ალყისთვის იყენებდნენ, არამედ უფრო მეტად _ თავიანთი სიმრავლით. ისინი მიწისქვეშა სოროებიდან და თავშესაფრებიდან ამომძვრალ ტერმიტებს ჰგავდნენ, რომლებიც ურჩხულის სხეულივით, დიდ მასად გაერთიანებულები დაძრწოდნენ. ტერმიტები ყველაფერს ანადგურებენ თავიანთ გზაზე, უზარმაზარი მხეცებიც კი გაურბიან მათ. ლომს თუ ჩაიგდებენ ხელში, ისინი სქელ მასად შემოეხვევიან მას, თვალებს ამოსჭამენ, სხეულს შეუჭამენ და ტყეთა და უდაბნოთა მეფისგან ამ პაწაწინა მხეცების მიერ გამოხრული, თითქოს გახეხილ-გაპრიალებული ძვლებიღა რჩება.
ჩინგისხანმა ნაწილებად დაყო ხვარაზმშაჰის ჯარები და ერთი-მეორის მიყოლებით აიღო ციხესიმაგრეები და ქალაქები. შაჰმა ძლივ-ძლიობით დააღწია თავი მონღოლებს და კასპიის ზღვის ერთ კუნძულს შეაფარა თავი, სადაც უწინ კეთროვნებს ასახლებდნენ. განკიცხულთა კუნძული_ცოცხალი მკვდრების საფლავი ლტოლვილი შაჰის უკანასკნელ სიმაგრედ იქცა.
ხორეზმის შაჰის უფროსი ვაჟი _ ჯალალ-ედ-დინი დაფუძნდა ირანში, რომლის ნაწილიც ხორეზმის სამეფოს მფლობელობაში იყო. თავისი მხედრების შემწეობით მან მოსაზღვრე ქვეყნებზეც გაავრცელა თავისი ძალაუფლება და მთელი სამუსლიმანოს ძალების გაერთიანება გადაწყვიტა მონგოლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მაგრამ ჯალალ-ედ-დინი მუსლიმანი თავადებისა და ემირების შეუპოვარ წინააღმდეგობას წააწყდა _ მათ მისი სისასტიკისა უფრო ეშინოდათ, ვიდრე მონგოლებისა. ჯალალ-ედ-დინმა საქართველოს გამოუგზავნა ულტიმატუმი, რომელშიც ითხოვდა, ქართველებს მუსლიმანობა მიეღოთ, რუსუდან დედოფალი მისი ცოლი გამხდარიყო, ხოლო საქართველო მონგოლეთის მოწინააღმდეგეთა კოალიციაში შესულიყო. საქართველოს სამეფო კარმა ამ მუქარას სათანადო ყურადღება არ მიაქცია და მოძალადეს აბუჩად ამგდები წერილით უპასუხა: უკეთუ ხორეზმის ძლევამოსილი მეფე, რომელსაც ნახევარმილიონიანი ჯარის შეკრება შეეძლო, სირცხვილნაჭამი გაიძურწა ბრძოლის ველიდან, მისი შვილი _ ტახტის დამკარგავი და სპარსეთს შეფარებული, რომელსაც ცოტა ხნის წინ თამარ მეფის აჩრდილიც კი ძრწოლას ჰგვრიდა, როგორ ბედავს საქართველოსთვის მუქარის შემოთვლასო, _ წერდნენ ქართველები. ასე რომ, საქართველოს მთავრობამ ჯალალ-ედ-დინს ისეთივე გადაჭრილი და მკაცრი პასუხი გაუგზავნა, როგორიც ულტიმატუმი იყო. სამეფო კარი ისე მშვიდად გრძნობდა თავს, გეგონება გამარჯვება უკვე მოეპოვებინა, და სათანადო ზომებს არ იღებდა მომავალი ომისთვის. საქართველო ჰგავდა ხომალდს, რომელსაც გამოცდილი შტურმანი და კაპიტანი არ ჰყავდა და სიმღერა-თამაშით მიცურავდა ღამით რიფებსა და წყალქვეშა კლდეებს შორის.
რუსუდან დედოფალმა თავისი დიდებული დედისგან მხოლოდ სილამაზე მიიღო მემკვიდრეობით, კეთილმსახურება და სახელმწიფო გონიერება კი _ არა. ძვირფასი ქვებით შემკული სამეფო გვირგვინი არის სიმბოლო მეფის თვალებისა, რომლებიც, ქერუბიმის თვალების მსგავსად, ყოველ მხარეს არიან მიპყრობილი და დედამიწის მთელ ჰორიზონტს ერთიანი მზერით ჭვრეტენ. მეფის მპყრობელობა_ნიშანი ხელმწიფეთა (ოქროს ბურთი თავზე ჯვრით) აღნიშნავს ქვეყანას, რომელიც მას ღვთისაგან წინდად ბოძებულ საუნჯესავით უპყრია ხელთ და რომლისთვისაც სიტყვისგება მოუწევს საშინელ სამსჯავროზე. სკიპტრა მეფისა ნიშნავს საჭურველს მტრის წინააღმდეგ, კვერთხი _ მართლმსაჯულებასა და სამწყემსო კვერთხს. მეფის სამოსელი მღვდელმსახურის სამოსელს მოგვაგონებს, რადგან მეფემ, მოციქულთა- სწორი კონსტანტინეს სიტყვით, “ეკლესიის საგარეო საქმეთა ეპისკოპოსი” უნდა იყოს.
წმინდა თამარ მეფე ქვეყნის მამა იყო და ხალხის დედა, მისი ასული კი დაირით ხელში მროკავ მზეთუნახავს ჰგავდა. თამარ მეფის თანამებრძოლები განიდევნენ სამეფო კარიდან, ზოგიერთები კი თვითონ განეშორნენ მას, რაკი დაუპატიჟებელ სტუმრებად გრძნობდნენ თავს უცხოთა ნადიმზე.
ახალციხის გამგებელი შალვა და მისი ძმა იოანე ამაოდ აფრთხილებდნენ დედოფალს კარს მომდგარი საფრთხის შესახებ. გამარჯვებასა და ტრიუმფს ჩვეული სამეფო კარი ძველი დიდებით, როგორც ღვინით, გაბრუებულს ჰგავდა.დედოფალმა და წარჩინებულებმა ჯალალ-ედ-დინს აგდებული უარი შეუთვალეს და ფიქრობდნენ, რომ მყეფარი ქოფაკი გააძევეს თავიანთი ჭიშკრიდან, მაგრამ ეს ქოფაკი ჯიქი აღმოჩნდა.
ჯალალ-ედ-დინის პიროვნება სარდლის ნიჭიერებით, ავაზაკის ზნითა და ჯალათის ულმობლობით იყო გამორჩეული, რითაც ის ძველ ასირიელ მეფეებსაც _ ისტორიის შავბნელი სურათების მხატვრებსაც _ არ ჩამოუვარდებოდა. ძველ ნანგრევებზე ამოკვეთილი წარწერები გვიამბობენ, როგორ აწამებდნენ ისინი და სიკვდილით სჯიდნენ დაპყრობილ ხალხებს. ჯალალ-ედ-დინი კარგად მოემზადა ომისთვის, რადგან იცოდა, ძლიერ მოწინააღმდეგეს უნდა შებმოდა. და აი, ჯიქმა ნახტომი გააკეთა_უზარმაზარი ჯარით შეიჭრა სომხეთში, რომელიც საქართველოს ვასალი იყო დავით აღმაშენებლის დროიდან. სამხედრო საბჭოზე გადაწყდა, არ დალოდებოდნენ მტრის მოახლოებას საქართველოს საზღვრებთან, არამედ სომხეთში გაეჩაღებინათ ბრძოლა. სასწრაფოდ შეიკრიბა ჯარი, რომელსაც სარდლობდა ათაბეგი იოანე _ ქურთი სასომხეთიდან. ჯერ კიდევ თამარ მეფის სიცოცხლეში სურდა მას, მეორე პირი ყოფილიყო სახელმწიფოში დედოფლის შემდეგ, და თუმცა ქართველი მეფეები მას დიდად სწყალობდნენ და ათაბეგის საპატიო წოდებაც მიანიჭეს (რაც “მეფის მამას” ნიშნავს), მან გულში წყენა მაინც ჩაიდო და შურისძიება სწადდა იმ ქვეყანაზე, რომელიც მას ემშობლა. გარდა ამისა, იგი მესხეთის გამგებელთა_იოანესა და შალვას შურით იყო შეპყრობილი.
ნაბუქოდონოსორის შემოსევის დროს უფალმა დაუშვა, რომ ადამიანთა ცოდვების გამო მაცდური სულები ამეტყველებულიყვნენ წინასწარმცნობელთა პირით, და ცრუ იმედით ეცდუნებინათ მეფე და დიდებულები. ასევე, ცოდვების გამო დაუბნელდა თვალები რუსუდანს და მან ჯარის სათავეში დააყენა არა თამარის დროის რაინდი, არამედ თავისი ფარული მტერი. ათაბეგ იოანეს სარდლის მოსასხამის ქვეშ საიდუმლოდ მონაზვნის ძაძა ემოსა თორნიკესავით, ბიზანტიის იმპერატორებს მოკავშირეობა რომ გაუწია ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ ომში. მაგრამ თორნიკეს გულში მორჩილების ჯვარი იყო აღმართული, ათაბეგის გულში კი შხამიანი ასპიტი ბუდობდა. ქართველ-სომეხთა გაერთიანებული ჯარი გარნისის ციხესიმაგრესთან განლაგდა. სარდლობამ ის არც კი გაამაგრა, რადგან მიაჩნდა, რომ ჯალალ-ედ-დინი დროს არ დაკარგავდა მის ასასღებად. მაგრამ ჯიქი ღამით ისევე კარგად ხედავს, როგორც დღისით. ხორეზმელები ელვისებური ნახტომით მიუახლოვდნენ გარნისს, როცა მათ იქ არ მოელოდნენ, და იოლად დაეუფლნენ ამ თითქოს მიუვალ ციტადელს. დილით ქართველებმა გარნისის კოშკებზე ისლამის მწვანე დროშები იხილეს, მის კედლებთან კი _ მეციხოვნეთა გვამები. ორი ჯარი ერთიმეორის პირისპირ განლაგებულიყო ორ მთაზე, რომელთა შორის ველი იყო გაწოლილი, და ორივე მოელოდა, ვინ დაიწყებდა ბრძოლას პირველი. ათაბეგმა იოანემ მეწინავე რაზმები გაგზავნა მესხეთის თავადების_იოანესა და შალვას წინამძღოლობით. ჩვეულებრივ, ავანგარდი ებმება ბრძოლაში, და მას ჯარი მოჰყვება უკან. მაგრამ გარნისში მესხეთის რაზმები მარტონი აღმოჩნდნენ ხორეზმელთა შუალგულში, მაშველი ჯარი კი ბრძოლაში არ ჩაება. ათაბეგი აყოვნებდა. შეუძლებელია გამოცდილ მხედართმთავარს ამგვარი შეცდომა დაეშვა, ეს ღალატი იყო. მას იოანესა და შალვას დაღუპვა უნდოდა, თავის ჯარს აკავებდა და ამას იმით ხსნიდა, რომ მისი გაგზავნის დრო ჯერ არ დამდგარიყო. მესხები თავს იცავდნენ მანამ, სანამ იარაღი არ გაუტყდებოდათ ხელში. იოანე ახალციხელი მოკლეს, შალვა ტყვედ ჩავარდა. ქართველთა რიგებში განგაში ატყდა. განადგურებული მხედრიონის ნარჩენებმა ყოყმანი და უკან დახევა დაიწყეს. უმეთაუროდ დარჩენილმა მეომრებმა არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ, გეგონება ხშირი არმური ჩამოწოლილიყო გარნისზე და ადამიანები ხელის ცეცებით დადიოდნენ ისე, რომ ერთმანეთს ვერც კი ხედავდნენ. ჯალალ-ედ-დინი თვითონვე გაოცდა თავისი გამარჯვებით. მაგრამ ამ ომში გაიმარჯვა არა სიმამაცემ, არამედ ღალატმა. თუმცა ჯალალ-ედ-დინი აღფრთოვანებული იყო შალვას სიმამაცით და იგი ახალციხის გამგებლად დატოვა, მაგრამ ამის შემდეგ შალვა დაატუსაღეს და, რაკი ისლამის მიღებაზე უარი თქვა, ციხეში მოაშთვეს.
სამწუხარო ამბავმა მოაღწია თბილისში. დაბრუნებული სჯარის ნარჩენები დახრილი დროშებით ხელში შემოვიდნენ ქალაქში, გეგონება საზღვაო ომში დამარცხებული ხომალდები, გლოვის ნიშნად, შავ აფრებაშვებულები ბრუნდებოდნენ ნავსადგურში.
დედოფალმა თბილისი დატოვა და იმერეთში გადავიდა, რითაც დედაქალაქის დაცემას მოასწავებდა თითქოს. ბევრმა თავადმა და ფეოდალმა მიჰბაძა მას და თავის რაზმიანად დაბრუნდა თავის სამფლობელოში, რათა მტრისგან დაეცვა ადგილ-მამული და ციხეები. დავით აღმაშენებლის მიერ გაერთიანებული ქვეყანა ახლა ისევ ნაწილებად იშლებოდა. მაგრამ თბილისის მცველები სულით არ დაეცნენ, ხალხმა თითქოს გაიღვიძა და ქალაქის გამაგრებას შეუდგა სასწრაფოდ. ხორეზმელთა მოახლოებისას მეზობელი ქალაქებისა და სოფლების მცხოვრებლები თბილისში ეძებდნენ თავშესაფარს. ქალაქი ხალხით იყო სავსე, როგორც იერუსალიმი_რომაელთა ალყის წინ.
ჯალალ-ედ-დინმა გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, აეღო თბილისი და მოეოხრებინა. მაგრამ გამაგრებების შტურმით აღება და ქალაქის დაუფლება შეუძლებელი აღმოჩნდა. მაშინ ჯალალ-ედ-დინმა საიდუმლოდ პირი შეკრა ქალაქში მცხოვრებ მუსლიმანებთან. მან სახლების ხელშეუხებლობა და ნადავლის ნაწილის მიცემაც კი აღუთქვა მათ და თან დაემუქრა, რომ პირის გამტეხებს ქრისტიანებივით დასჯიდა. ალყაში მოქცეულ ჯარებს ორი მხედართმთავარი _ ბოცო და მემნონი სარდლობდნენ. ერთხელ, როცა მემნონი ქალაქში დადიოდა და ქალაქის ბჭის დაცვას ამოწმებდა, მუსლიმანების უბანში ერთი სახლის ფანჯრიდან მძიმე ქვა გადმოაგდეს და მას თავში მოარტყეს. ის ადგილზევე მოკვდა დავით სოსლანივით, რომელსაც საქართველოს მტრები უკნიდან მიეპარნენ და რკინის კომბალი ჩაარტყეს; ან _ ლეგენდებში ხოტბაშესხმული რიჩარდ ლომგულივით, რომლის პირისპირ მძლეველიც არავინ იყო, მაგრამ ციხესიმაგრის ალყის დროს ქალმა მოკლა კოშკიდან გადმოგდებული დოლაბით.
ხვარაზმელები შემოიჭრნენ თბილისში ღვარცოფივით, ჯებირს რომ გაანგრევს და თავის გზაზე ყველაფერს სპობს. წინა ომების ყველა საშინელება, მირიანისა და ვახტანგის დროიდან მოყოლებული, თითქოს მქრქალდება იმ ბოროტმოქმედებასთან შედარებით, ხორეზმელები რომ სჩადიოდნენ. ისინი აწამებდნენ მოხუცებულებს, ქვაფენილზე ანარცხებდნენ ჩვილ ბავშვებს, მუცლებს უფატრავდნენ ორსულ ქალებს, ცხენების ჩლიქებით სრესდნენ ბავშვებს, აუპატიურებდნენ ქალიშვილებს, ანგრევდნენ და შეაბილწებდნენ ტაძრებს. გეგონება ქალაქი საჯალათო კუნძად აქციესო, _ ყველგან სჯიდნენ ქრისტიანებს.
ჯალალ-ედ-დინმა ბრძოლის ველზე სძლია საქართველოს ჯარს და ამის შემდეგ სხვა რამ ჩაიფიქრა: ქრისტეს ძლევა. მას სურდა სულიერად გაენადგურებინა საქართველო, მუსლიმანურ სახანოდ ექცია იგი და ქართველებისთვის ქრისტეს უარყოფა და ისლამის მიღება აეძულებინა.
მაგრამ თბილისი მტერს ჯერ კიდევ უწევდა წინააღმდეგობას, ისნის ციხესიმაგრეში შეკრებილი იყო ჯარი, რომელსაც ბოცო წინამძღოლობდა. მეომრებმა ფიცი დადეს, რომ მოკვდებოდნენ და მტერს არ დანებდებოდნენ. ციხე შიგნიდან ტყდება, ისნის ციხეში კი მოღალატეები არ იყვნენ. ამიტომ ჯალალ-ედ-დინის მცდელობები მისი აღებისა წარუმატებელი იყო. გარნიზონი მაშველ ჯარს მოელოდა, ის კი არ ჩანდა. ბოლოს რუსუდან დედოფალმა გამოგზავნა წერილი, რომელშიც ჯარს უბრძანებდა, დაეთმო ციხესიმაგრე. მხედრიონი მის ბრძანებას უნდა დამორჩილებოდა. ხორეზმელებთან მოლაპარაკების მიხედვით, ქართველ მეომართა რაზმმა ქალაქი ისე დატოვა, რომ იარაღი არ ჩაუბარებია მტრისთვის და საბრძოლო დროშები არ დაუხრია.
ამის შემდეგ ჯალალ-ედ-დინს თავისუფლად შეეძლო დიდი ხნის ჩანაფიქრის ასრულება. მან თბილისელებს უბრძანა, ისნის მხრიდან წასულიყვნენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მეჩეთის მიმართულებით. სიონის ტაძრიდან გამოიტანეს მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები და ხიდზე დააწყვეს. ვინც ქრისტეს განუდგებოდა, მისი უარყოფის ნიშნად ხატებისთვის უნდა მიეფურთხებინა და მას სიცოცხლეს შეუნარჩუნებდნენ. მათ, ვინც ჩუმად გაივლიდა ან ხატების წინაშე პირჯვარს გამოისახავდა, თავებს ჰკვეთდდენ, მახვილით განგმირავდნენ, ლახვრებზე წამოცმულებს მაღლა სწევდნენ და ხიდიდან ყრიდნენ. მტკვარი უზარმაზარ სასაფლაოდ იქცა. ისინი, ვინც ქრისტეს უარყოფაზე დათანხმდებოდა, ხორეზმელებს მეჩეთში უნდა მიეყვანათ, რათა მათ ყურანის პირველი სურა წარმოეთქვათ იქ, მამაკაცები კი წინადაცვეთაზე უნდა დათანხმებულიყვნენ. მაგრამ მეჩეთის ეზო თითქმის ცარიელი აღმოჩნდა.
დავით აღმაშენებლის დროს ქართველებმა ომით დაიბრუნეს თბილისი და მუსლიმანები კი არ განდევნეს დედაქალაქიდან, არამედ ძმურად ექცეოდნენ მათ. დავითმა მათ შეღავათები და პრივილეგიებიც კი მისცა, ანგარიშს უწევდა მათ ჩვეულებებს და თბილისში მუსლიმანი პოეტების სასახლე ააშენა, რომლის სადარი შენობა არც შემახაში იდგა და არც განჯაში. ახლა კი ისინი ქართველებს იმით უხდიდნენ სამაგიეროს, რომ გულს უწერტდნენ ქვეყანას, რომელმაც ისინი შეიფარა. ქართველი მეფეები მუსლიმანურ სკოლებსა და მეჩეთებს არ ანგრევდნენ თბილისში, ახლა კი ამ მეჩეთებში ქართველები ქრისტეს უნდა განდგომოდნენ სიკვდილის შიშისაგან. ადამიანმა მგლის ლეკვი გამოზარდა თავის უბეში. ის კი გაიზარდა, მგლად იქცა და მას მეგობრობა კი არ გაუწია, არამედ უეცრად მივარდა და ღრღნა დაუწყო, რათა თავისი მარჩენალის სისხლითა და ხორცით გამაძღარიყო და თითქოს სისხლიანი ნადიმი მოეწყო მისსავე სახლში.
ჯალალ-ედ-დინმა სიონის ტაძრის გუმბათი მოაშლევინა, მის ნაცვლად თავისი ტახტი დადგა სიონის თავზე და იქიდან უმზერდა ქრისტიანების დასჯას. ბრძოლის ველზე მეომრის სიკვდილი დამარცხებაა, ხოლო ქრისტესთვის სიკვდილი სულიერი ბრძოლის ველზე _ გამარჯვება. მთელი თვის განმავლობაში გრძელდებოდა საქართველოს ისტორიაში არნახული ხოცვა-ჟლეტა. პირველი ბრძოლა ჯალალ-ედ-დინმა მოიგო, მაგრამ მეორე ბრძოლა, რომელიც თავის ტრიუმფად უნდოდა ექცია, წააგო. თბილისელ მოწამეთა გმირობა სამაგალითო გახდა მთელი ქვეყნისთვის და შემდგომი თაობებისთვის, ხოლო ჯალალ-ედ-დინის მიერ ჩადენილმა ურიცხვმა ბოროტმოქმედებამ, იგი უმოწყალო მხეცად გამოაჩინა მუსლიმანური სამყაროს წინაშეც კი. მისი სამხედრო გამარჯვება საქართველოზე პირველი და უკანასკნელი იყო მისთვის. შემდგომში მას უიღბლობა, წარუმატებლობა და მარცხი სდევდა თან. იგი არა მარტო საქართველოს მოევლინა შემმუსვრელ მახვილად, არამედ მუსლიმანურ სამყაროსაც ჭირად და უბედურებად დაატყდა თავს. ჯალალ-ედ-დინის მეომრებმა სამუსლიმანო მტრულ ბანაკებად დაყვეს, მას ძალ-ღონე გამოაცალეს, ძლიერი მოკავშირე დაკარგეს საქართველოს სახით. ამიტომ მონღოლებმა იხილეს არა ძლიერი კავშირი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისა, არამედ სისხლისგან დაცლილი სახელმწიფოები, რომელთა დაპყრობაც ძნელი არ იყო. მუსლიმანური სასულთნოები ერთიმეორის მიყოლებით ემხობოდა. თავლაფდასხმულმა, ყველასგან მიტოვებულმა ჯალალ-ედ-დინმა, ქრისტიანებიცა და მუსლიმანებიც რომ შეაჩვენებდნენ, გაქცევით უშველა თავს. ის ქურთისტანის მთებში ეძებდა თავშესაფარს. მაგრამ იქ მას შეხვდა ქურთი მწყემსი, რომელიც მოიხიბლა მისი ძვირფასი ქამრით და, მძინარე, სიცოცხლეს გამოასალმა. ავაზაკმა მოკლა ავაზაკი. აღმოსავლეთის მბრძანებლობის მსურველი ერთმა უბრალო მწყემსმა წაახრჩო ქოფაკივით.
საქართველოს ძალა აღარ შესწევდა მონღოლების წინააღმდეგ ახალი ძალების გამოსაყვანად, ახალი დამპყრობლები კი არანაკლებ ულმობლები აღმოჩნდნენ, ვიდრე მათი წინამორბედები. მთელ ქვეყანაში დაძრწოდნენ ისინი, დათარეშობდნენ, ადამიანებს ძარცვავდნენ და აკვდინებდნენ, ტაძრებს ანგრევდნენ და მასში მღვდლებსა და ბერებს წვავდნენ.
მყოვარჟამიერი ღამე და წყვდიადი ჩამოწვა საქართველოზე. ქვეყანა თითქოს დაქცეული იყო და იმედი აღარსად ჩანდა. მაგრამ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია. მოხდა სასწაული, ქვეყანა აღდგა, აღემართა და ისტორიის გრძელი ღამე გათენდა.
ისანი თბილისის აკვანია. აქედან დაიწყო ქალაქის გაშენება და მისი კედლები უფრო და უფრო შორს გადაჰქონდათ. აქ იდგა თამარის ერთ-ერთი სასახლე და ეკლესია, რომელშიც იგი ლოცულობდა ომების წინ. ამ ადგილზე საქართველომ ღმერთს შესწირა ყველაზე დიდი მსხვერპლი _ სისხლი ასი ათასი მოწამისა, რომლებიც ქრისტეს არ განუდგნენ. აქ მიწის ყოველი მტკაველი მოწამეთა სისხლითაა გაჟღენთილი, ყოველ ქვაშია გამჯდარი მათი მართალი სისხლი. მიწის წიაღი აქ ქრისტეს უსახელო მოწამეთა ძვლების კიდობანს ჰგავს; მდინარე მტკვარი აქ იორდანეს ემსგავსება. ეს ადგილი წმინდა უნდა იყოს ყოველი ქართველისთვის, თბილისში მცხოვრები ყოველი ქრისტიანისთვის, მათთვის, ვისაც არ დაუვიწყებია თავისი სამშობლოს ისტორია და თავისი სარწმუნოება ოცდაათ ვერცხლად არ გაუყიდია იუდასავით.
ქრისტიანო! გონებაში ფეხსაცმელი გაიხადე, მეტეხის ქვებზე რომ დააბიჯებ. გახსოვდეს, აქ წყდებოდა ურიცხვი ადამიანის ხვედრი, _ რას აირჩევდნენ ისინი: კდემასა და წარმავალ ცხოვრებას, რომელიც წუთხითა და წალით მთავრდება საფლავში, თუ საუკუნო ცხოვრებას ქრისტესთან ერთად.
ჯალალ-ედ-დინი მოითხოვდა, რომ მოღალატეებს ხატებზე დაეფურთხებინათ და ქრისტეს უარყოფის სიტყვები წარმოეთქვათ. მაგრამ შეიძლება ეს არ გააკეთო, და უსიტყვოდაც განუდგე ქრისტეს, უღალატო მას შენს სულში, უღალატო მას შენი ცხოვრებით, სარწმუნოებაში გულგრილობით და სახარების მცნებების გათელვით. იფიქრე, ვისთან ყოფნა გინდა საუკუნოებაში, _ ქრისტესთვის წამებულებთან თუ განდგომილებთან.
მეტეხის კლდე, მდინარის ტალღებში რომ შეჭრილა თავისი ქვიანი კვარცხლბეკით, საგუშაგო კოშკს ჰგავს, საიდანაც ვუმზერთ საქართველოს ისტორიას, შეგრაგნილსა და შეკუმშულს გრანიტის გრაგნილად. იქ ადამიანი თავისი ქვეყნის წარსულის წინაშე დგას. ეს მიწა უსახელო მოწამეთა სისხლისა და ძვლების საცავია. ამიტომ ადამიანი აქ თავისი სინდისის წინაშე წარდგება. სინას მთაზე უფალმა მოსეს უთხრა: “განიძარცვე ფერხთ-შესასხმელი ფერხთაგან შენთა, რამეთუ მიწა, რომელსაცა ზედა სდგა, წმიდა არს.” მოსემ კვერთხი დადო და მუხლი მოიყარა მაყვლოვანის წინაშე, რომელსაც ცეცხლი ეკიდა და არ იწვოდა. ალმოდებული მაყვლოვანი საქართველოს სიმბოლოა, რომელიც ომებისა და ტანჯვა-წამების ალში განითხეოდა, მაგრამ მაინც არ იწვოდა, ფერფლად და ნაცრად არ იქცეოდა, არ ნიავდებოდა ბევრი ხალხივით, რომლებიც მსოფლიოს რუკიდან უხილავი ხელის მიერ წაშლილი სურათივით გაქრნენ.
მეტეხი _ კლდე, რომელიც მტკვარს გადმოჰყურებს, თითქოს ღვთისათვის აღმართული საკურთხეველია, ისტორიის საიდუმლო კუნძულია, ტაძრებით შემკული ციხესიმაგრეა. ეს ის ადგილია, სადაც თითქოს თვით ზეცა ჩაეკვრის მიწას და სადაც დრო მარადისობის სუნთქვითაა გაჟღენთილი.
თბილისი ლამპარს ჰგავდა, რომელიც მართლმადიდებლობის ნათელს აფრქვევდა მთელ აღმოსავლეთს. იგი მტრის ხელით შეიმუსრა, მაგრამ მისი ნათელი არ დაიშრიტა _ მოწამეთა სისხლი მისთვის ახალ ზეთად იქცა. მტრებმა დაანგრიეს თბილისი, მაგრამ ვერ აღგავეს იგი პირისაგან მიწისა, როგორც აღხოცეს ტროა და ნინევია.
კავკასიის დედაქალაქი კვლავ აღდგა და ხელახლა აყვავდა წყლების სათავეში დანერგილი საოცარი ყვავილივით. ზარების რეკვა კვლავ გაისმა ქალაქში. მისი ქუჩები და მოედნები მდინარეების ნაკადებივით ახმაურდნენ. ხელახლა ააშენეს ტაძრები და სიონის გუმბათი მაღლა ასწიეს, როგორც თავი უძველეს ტახტზე მჯდომარე მეფისა.
თბილისი ჩვეულია ბრძოლას, წამებასა და ძლევას, და თუკი მომავალი მას ახალ განსაცდელებს უმზადებს, ისინი უწინდებურად ვერ დაშრეტენ ალმოდებული მაყვლოვანის ცეცხლს.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 5

› §37 პოვნა ავთანდილისაგან დაბნედილის ტარიელისა

866
მივიდოდა, მიუბნობდა ყმა მტირალი, ფერ-შეცვლილი,
ქედსა რასმე გარდაადგა, ველი აჩნდა მზიან-ჩრდილი;
ნახა, შავი შამბთაა პირსა დგა სადავე-უკუყრილი;
თქვა: “უცილოდ იგიაო, არა უნდა ამას ცილი”.
867
რა შეხედნა, ყმასა გულმან გაუფეთქნა, გაუნათდა,
აქა ლხინი დაღრეჯილსა უათასდა, არ › › ›

DU