1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» §54 ტარიელისა და ავთანდილისგან წასლვა ფრიდონისასა

1374
რა გათენდა, გაემართნეს, წაიტანეს ასმათ თანა,
ნურადინის ქვეყანამდის შეისვიან მათ უკანა;
მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად ცხენი მისცა, არ უძღვანა;
და ავთანდილ კმა ყოლაუზად, სხვა-მცა ვინღა წაიტანა!

1375
იარეს და ზედა შეჰხდეს ნურადინის მეჯოგეთა;
ჯოგი ნახეს, მოეწონა, ფრიდონისთვის ეაგეთა.
მუნ ავთანდილს ინდო ეტყვის: “გაქმნევ კარგთა სიშმაგეთა,
და მოდი, ფრიდონს ველაღობნეთ, ჯოგსა მისსა მოვადგეთა!

1376
ჯოგი წავუღოთ, მოსრულნი ვესმით ჯოგისა წაღებად,
გამოემართვის საომრად, ველთა სისხლითა დაღებად,
ანაზდად გვიცნობს, გაკრთების, გულსა შეჰლამის დაღებად,
და ამოა კარგი ლაღობა, ლაღსა შე-ვე-იქმს ლაღებად”.

1377
დაუწყეს პყრობა ტაიჭთა ფრიდონის უკეთესებსა.
მუნ მეჯოგეთა ფანოსი შეექმნა, ეკრა კვესებსა;
უყივლეს.: “ვინ ხართ, მოყმენო, ვინ იქმთ საქმესა ზესებსა?
და ჯოგი მისია, ვინ მტერსა ჰკრავს ხრმალსა, არ აკვნესებსა”.

1378
მათ მშვილდები დაიწვადეს, მეჯოგეთა გაეკიდნეს.
მეჯოგენი მიიზახდეს, ხმანი მათნი გაადიდნეს:
“გვიშველეთო, გვიშველეთო, მეკობრეთა ამოგვწყვიდნეს!”
და ხმა შეიქმნა, შეიყარნეს, ფრიდონს ჰკადრეს, არ დაჰრიდნეს.

1379
შეეკაზმა ფრიდონ, შეჯდა, შეკაზმული გამოვიდა.
ხმა შეიქმნა, შეიყარნეს, რაზმი ველთა დაჰფარვიდა.
იგი მზენი მოეგებნეს, ვის ზამთარი ვერ დაჰზრვიდა;
და დაეხურა ზარადები, პირსა მათსა უფარვიდა.

1380
რა ტარიელ ფრიდონ იცნა, თქვა: “ვნახეო, ვინცა მინა”.
მუზარადი მოიხადა, გაიღიმნა, გაიცინა;
ფრიდონს უთხრა: “რასა ჰლამი, ჩვენი მოსლვა რას გეწყინა?
და პურად ავი მასპინძელი მოგვეგებვი ომად წინა!”

1381
ფრიდონ ფიცხლავ გარდაიჭრა, დავარდა და თაყვანის-სცა.
იგინიცა გარდაუხდეს, მოეხვივნეს, აკოცისცა .
ფრიდონ ღმერთსა ხელ-აღპყრობით უსაზომო მადლი მისცა;
და დიდებულნი აკოცებდეს, იცნობდიან იგი ვისცა.

1382
ფრიდონ უთხრა: “რასა სდეგით? მოგელოდი უწინარე,
მე მზა ვარო, სამსახური თქვენი რა-მცა დავიზარე!”
ჰგვანდა, თუ-მცა შეყრილ იყვნეს ორნი მზენი, ერთი მთვარე,
და ერთმანერთი დააშვენეს, გაემართნეს, იქცეს გარე.

1383
ფრიდონის სახლსა გარდახდეს ორნივე, ტურფად გებულსა.
ტარიელ დაჯდა საჯდომსა, ოქსინო-გარდაგებულსა,
ახლოს დაისვამს ავთანდილს, მისსა ძმად-შეფიცებულსა;
და მათ უძღვნეს იგი აბჯარი ფრიდონს, ჭაბუკად ქებულსა.

1384
უთხრეს: “ჯერთ ჟამად არა გვაქვს სხვა შენთვის არმაღანია,
მაგრა ტურფანი მრავალნი ქვე სადმე გვისხენ სხვანია”.
მან დასდვა პირი მიწასა, არ დაიყოვნა ხანია:
და “ჩემთვის ამისი ბოძება არს თქვენი შესაგვანია”.

1385
გამოისვენეს მას ღამით ფრიდონის მასპინძლობითა;
აბანოს ბანნა, აავსნა შესამოსლისა ძღვნობითა,
დამოსნა ტურფა-ტურფითა, ერთმანერთისა მჯობითა,
და თვალ-მარგალიტი ღარიბი უძღვნა ოქროსა გობითა.

1386
უთხრა, თუ: “ესე სიტყვაა ავისა მასპინძელისა,
ჰგავს, მომწყენოდეს სტუმრობა თქვენ ბრძნისა ვითა ხელისა,
მაგრა აწ ყოვნა არ ვარგა, წალვა სჯობს გზისა გრძელისა,
და თუ ქაჯნი მოგვესწრებიან, საეჭვი არს სიძნელისა.

1387
დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა? კარგნი გვინდან და ცოტანი;
სამასი კაცი გვეყოფისთ, წავიდეთ მართ მეოტანი;
ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა საომრად დავაგნეთ ხრმალთა კოტანი,
და მას ადრე ვჰპოეებთ, ვისიცა მოგვკლავს ალვისა, მო-, ტანი.

1388
ქაჯეთს ერთხელ კვლაც ყოფილ ვარ, ჰნახავთ, თქვენცა გემაგრების;
ყოვლგნით კლდეა, გარეშემო მტერი ვერა მოადგების;
თუ იდუმალ არ შევუვალთ, ცხადად შებმა არ ეგების,
და მით ლაშქარი არად გვინდა, – რაზმი მალვით ვერ მოგვყვების”.

1389
იგინიცა დაემოწმნეს ამა მისსა ნაუბარსა.
მუნ დააგდეს ქალი ასმათ, ფრიდონ მისცემს საჩუქარსა.
თვით სამასსა ცხენოსანსა წაიტანდეს, გმირთა დარსა.
და ბოლოდ ღმერთი გაუმარჯვებს ყოვლსა, პირველ შენაზარსა.

1390
ზღვა გაიარეს სამთავე ერთგან ძმად შეფიცებულთა;
ფრიდონ გზა იცის, იარეს, დღისით და ღამით რებულთა.
ფრიდონ თქვა: “ვახლავთ არეთა ჩვენ, ქაჯეთს მიახლებულთა,
და აქათგან ღამით ვლა გვინდა, მით არას გამჟღავნებულთა”.

1391
ამა ფრიდონის თათბირსა სამნივე ერთგან ჰზმიდიან:
რა გაუთენდის, დადგიან და ღამით ფიცხლავ ვლიდიან;
მივიდეს, აჩნდა ქალაქი, მცველთა ვერ დასთვალვიდიან,
და გარე კლდე იყო, გუშაგთა ხმა ჯარვით გაადიდიან.

1392
გვირაბის კარსა ჭაბუკი ათი ათასი მცველია.
მათ ლომთა ნახეს ქალაქი, მთვარე დგას მუნ ნათელია;
თქვეს: “ვითათბიროთ, ვითა ვქმნათ, აწ გამორჩევა ძნელია;
და ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია”.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 5

› ნიკო ლომოური: წინაპართა აჩრდილნი

უძველეს დროიდან მოკიდებული ლეკები და ქართველები ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ. სამწუხაროდ, საქართველოსა და დაღესტნის ბუნებას შორის დიდი განსხვავება სუფევდა. ეს განსხვავება ბუნებისა, რაღა თქმა უნდა, თავის შესაფერ გავლენას მოახდენდა მცხოვრებლებზედაც. ბუნება › › ›

DU