1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» §51 წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა

1292
აწ საყვარელსა მიუწერს გულ-ამოსკვნილი, მტირალი,
მისმანვე ცრემლმან დაუვსის, ვის ედებოდა ვის ალი!
დაწერა წიგნი, მსმენელთა გულისა გასაგმირალი,
და ვარდი გააპის, გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირალი.

1293
“ჰე ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები,
ტანი კალმად მაქვს, კალამი- ნავღელსა ამონაწები,
მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები,
და გულო, შავ-გულო, დაბმულხარ, ნუ აეხსნები, აწ ები!

1294
ხედავცა, ჩემო, სოფელი რათა საქმეთა მქმნელია!
რაზომცა ნათობს სინათლე, ჩემთვის ეგრეცა ბნელია.
ბრძენნი იცნობენ, სწუნობენ, მით მათგან საწუნელია;
და უშენოდ ჩემი სიცოცხლე, ვამე, რა დიდი ძნელია!

1295
ჰხედავ, ჩემო, ვით გაგვყარნა სოფელმან და ჟამმან კრულმან?
ვეღარ გნახე საყვარელი მხიარული მხიარულმან,
ნეტარ, რა ქმნას უშენომან გულმან, შენგან დალახვრულმან!
და გაგიცხადა დამალული გონებამან დაფარულმან.

1296
შენმან მზემან, აქანამდის შენ ცოცხალი არ მეგონე;
ჩემი მეთქვა: გარდასრულდა სიცოცხლე და ყოვლი ღონე;
აწ რა მესმა, შემოქმედი ვადიდე და ღმერთსა ვჰმონე,
და ჩემი ყველა აქამდისი ჭირი ლხინსა შევაწონე.

1297
შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად,
გულისა ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად!
მომიგონებდე, გახსოვდე მე შენთვის დაკარგული სად;
და ვზი მზრდელად სიყვარულისა, მის ჩემგან დანერგულისად.

1298
სხვად, ჩემო, ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების:
ენა დაშვრების, მოსმენით არვისგან დაიჯერების.
ფატმან წამგვარა გრძნეულთა, ღმერთი-მცა მას ეტერების!
და აწ კვლა ქმნა იგი სოფელმან, რაცა მას შეეფერების.

1299
აწ სოფელმან უარესი ჭირი ჭირსა დამისართა,
არ დასჯერდა ბედი ჩემი მათ პატიჟთა მრავალ-გვართა,
კვლაცა მიმცა შესაპყრობლად ქაჯთა, ძნელად საომართა;
და ბედმან გვიყო ყველაკაი, ჩემო, რაცა დაგვემართა!

1300
ციხეს ვზი ეზომ მაღალსა, თვალნი ძლივ გარდასწვდებიან,
გზა გვირაბითა შემოვა, მცველნი მუნ ზედა-დგებიან,
დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან,
და მათთა შემბმელთა დაჰხოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან.

1301
ნუთუ ესენი გეგონნენ სხვათა მებრძოლთა წესითა!
ნუცა მე მომკლავ ჭირითა, ამისგან უარესითა;
შენ მკვდარსა გნახავ, დავიწვი, ვითა აბედი კვესითა;
და მოგშორდი, დამთმე გულითა, კლდისაცა უმაგრესითა!

1302
შენ, საყვარელო, ნუ სჭმუნავ ჭმუნვითა ამისთანითა,
ჩემი სთქვა: სხვათა მიჰხვდების იგი ალვისა ტანითა.
არამ სიცოცხლე უშენოდ! ვარ აქამდისცა ნანითა;
და ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ, ანუ მოვიკლავ დანითა.

1303
შენმან მზემან, უშენოსა ვერვის მიჰხვდეს მთვარე შენი,
შენმან მზემან, ვერვის მიჰხვდეს, მო-ცა-ვიდენ სამნი მზენი!
აქათ თავსა გარდავიქცევ, ახლოს მახლვან დიდნი კლდენი,
და სული ჩემი შეივედრე, ზეცით მომხვდენ ნუთუ ფრთენი.

1304
ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა შრომასა,
ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა;
მომცნეს ფრთენი და აღვფრინდე, მივჰხვდე მას ჩემსა ნდომასა,
და დღისით და ღამით ვჰხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა.

1305
მზე უშენოდ ვერ იქმნების, რათგან შენ ხარ მისი წილი,
განაღამცა მას ეახელ მისი ეტლი, არ თუ წბილი!
მუნა გნახო, მადვე გსახო, გამინათლო გული ჩრდილი,
და თუ სიცოცხლე მწარე მქონდა, სიკვდილი-მცა მქონდა ტკბილი!

1306
მე სიკვდილი აღარ მიმძიმს, შემოგვედრებ რათგან სულსა,
მაგრა შენი სიყვარული ჩავიტანე, ჩამრჩა გულსა;
მომეგონოს მოშორვება, მემატების წყლული წყლულსა;
და ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ, ჩემო, შენთვის დაკარგულსა!

1307
წადი, ინდოეთს მიჰმართე, არგე რა ჩემსა მშობელსა,
მტერთაგან შეიწრებულსა, ყოვლგნით ხელ-აღუპყრობელსა,
გულსა ალხინე ჩემისა მოშორვებისა მთმობელსა,
და მომიგონებდი მტირალსა, შენთვის ცრემლ-შეუშრობელსა!

1308
რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა, კმა საჩივარად;
ცან, სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად.
შენთვის მოვკვდები, გავხდები ყორანთა დასაყივარად,
და ვირე ცოცხალ ვარ, გეყოფი სატირლად და სატკივარად.

1309
აჰა, ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა!
გარდმიკვეთია ალამი, ჩემო, ერთისა კიდისა,
ესეღა დაგრჩეს სანაცვლოდ მის იმედისა დიდისა.
და რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენ ზედა ცისა შვიდისა”.

1310
ესე წიგნი, საყვარელსა მისსა თანა მინაწერი,
რა დაწერა, გარდაჰკვეთა მათ რიდეთა ერთი წვერი.
თავ-მოხდილსა დაუშვენდა სისხო, სიგრძე, თმათა ფერი,
და ალვისაგან სული მოქრის, ყორნის ფრთათათ მონაბერი.

1311
იგი მონა წამოვიდა, გულანშაროს მომავალი,
წამ-ერთ მიხდა ფატმანისსა, დღე იარა არ-მრავალი.
რა ავთანდილს გაუსრულდა საქმე მისი სასურვალი,
და ხელ-აღპყრობით ღმერთსა ჰმადლობს ცნობა-სრული, არა მთრვალი.

1312
ფატმანს უთხრა: “გამისრულდა ჟამად საქმე საწადელი,
დიდი შენი მოჭირვება ჩემგან არის გარდუხდელი,
წავალ, დგომად აღარა მცალს, დრო მოსრულა შარშანდელი,
და ფიცხლავ ქაჯეთს მოვიყვანო მათი მომსპობ-ამწყვედელი”.

1313
ხათუნმან უთხრა: “ჰე ლომო, ცეცხლი აწ უფრო ცხელდების,
მოეშორვების ნათელსა, გული ამისთვის ბნელდების;
ისწრაფე, ჩემი ნუ გაგვა, ხელი ეგრეცა ხელდების,
და თუ ქაჯნი მოგესწრებიან, მუნ მისლვა გაგიძნელდების”.

1314
ყმამან ფრიდონის მონანი უხმნა, მას თანა ხლებულნი,
უბრძანა: “მკვდარნი აქამდის აწღა ვართ დაცოცხლებულნი,
რაცა გვინდოდა, მისითა სმენითა გახარებულნი,
და ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე წყლულნი მით ვაგლახებულნი!

1315
მიდით და ფრიდონს უამბეთ ამბავი არ-ნაცქაფავი;
მე ვერა ვნახავ, ვისწრაფი, გზა ჩემი არს ნასწრაფავი.
მან გაახაფოს ხმა ხაფი, კვლა უფრო გასახაფავი,
და თქვენ მოგცე ლარი ყველაი მე, ჩემი ნაალაფავი.

1316
ჩემსა ზედა დიდი არის ვალი, თქვენგან დანადები;
მადლსა სხვაებრ გარდავიხდი, თუღა ფრიდონს შევეყრები;
აწ წაიღეთ ყველაკაი, მეკობრეთა წანაღები,
და ამის მეტსა ვერას მოგცემ, ვიცი, ამად გეძუნწები.

1317
სახლი არ მახლავს, არ ძალ-მაქვს გაცემა საბოძვარისა”.
მისცა მართ სავსე ხომალდი, რიცხვი ტურფათა ჯარისა,
უბრძანა: “წადით, წაიღეთ, გზა წავლეთ მისვე არისა,
და ფრიდონს მიართვით უსტარი ჩემგან, ძმად-ნაფიცარისა”.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› არშაკ II

იბერიის მეფე დაახლ. ძვ.წ. 110-95 წლებში. ძე მირდატ II-სა. მის დროს დაახლ. 105 წელს იბერიამ დაიბრუნა ადრე კოლხეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიები კლარჯეთში. დაახლ. 100 წელს არშაკმა შეკრა კავშირი პონტოს მეფე › › ›

DU