1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» §48 ამბავი ნესტან-დარეჯანის ქაჯთაგან შეპყრობისა ფატმანისგან მბობა ავთანდილს თანა

1213
ვა, საწუთროო, სიცრუვით თავი სატანას ადარე!
შენი ვერავინ ვერა ცნას, შენი სიმუხთლე სად არე;
პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ, სად არე?
და მით ვხედავ, ბოლოდ სოფელსა ოხრად ჩანს ყოვლი სად არე!

1214
ფატმან იტყვის: “მომეშორვა მზე, მნათობი სრულად ხმელთა,
სიცოცხლე და სულ-დგმულობა, მონაგები ჩემთა ხელთა;
მას უკანით გაუწყვედლად დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა,
და ვერ გავახმი წყარო ცრემლთა, თვალთათ ჩემთა გადმომღვრელთა.

1215
სახლი და შვილი მომძულდის, ვჯდი უგულოთა გულითა,
მას ვიგონებდი მღვიძარე, რა მიმეძინის ლულითა;
უსენ, გამტეხი ფიცისა, მიჩს უსჯულოთა სჯულითა,
და ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა.

1216
დღესა ერთსა, საღამო ჟამს – ჩასლვა იყო ოდენ მზისა
წავდეგ წინა დარიჯაგთა, კარი მიჩნდა ხანაგისა;
ვიგონებდი, სევდა მკლვიდა მისისავე გონებისა,
და ვთქვი: “კრულია ზენაარი ყოვლისა-მცა მამაცისა”.

1217
მოვიდა სითმე ღარიბი მონა მოყვსითა სამითა,
მონა მონურად მოსილი, სხვანი მგზავრულად ხამითა;
სასმელ-საჭმელი მოიღეს, ქალაქს ნასყიდი დრამითა,
და სმიდეს, ჭამდეს და უბნობდეს, სხდეს მხიარულნი ამითა.

1218
მე ვუყურებდი, ვუჭვრეტდი; თქვეს: “ამოდ გავიხარენით,
მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი უცხონი შევიყარენით,
არცა რა ვიცით, ვინ ვინ ვართ, ანუ სით მოვიარენით,
და ხამს, ერთმანერთსა ამბავი ჩვენიცა ვუთხრათ ბარ ენით”.

1219
მათ სხვათა მათი ამბავი თქვეს, ვითა მგზავრთა წესია;
მონამან უთხრა: “ჰე, ძმანო, განგება რამე ზესია:
მე მარგალიტსა მოგიმკი, თქვენ ქვრიმი დაგითესია,
და ჩემი ამბავი ამბავთა მაგათგან უკეთესია.

1220
მე ვარო მონა მეფისა მაღლისა, ქაჯთა მფლობლისა;
მათ მიჰხვდა ცემა სენისა, მათისა დამამხობლისა:
მოგვიკვდა შემწე ქვრივისა, შემწყნარებელი ობლისა,
და აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის, უკეთესი მშობლისა.

1221
დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე, ვითა ლოდია,
ვისცა არ დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია;
მას უსხენ წვრილნი ძმის-წულნი: როსან და ერთი როდია,
და აწ იგი ქაჯეთს ხელმწიფედ ქვე ზის, მორჭმული სწოდია.

1222
გვესმა ამბავი, ზღვათ იქით სიკვდილი დისა მათისა,
შეიჭირვებდეს ვაზირნი, დაშალეს ქმნა ხალვათისა:
“ვითა ვჰკადროთო დავსება პირისა, ხმელთა მნათისა?”
და როშაქ მონაა, თავადი მონისა ბევრ ათასისა.

1223
როშაქ ბრძანა: “მო-ცა-ვინ -მკლას, მე ტირილსა არ დავჰხვდები.
მინდორს წავალ, ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები,
შინა მოვალ შოვებული, ადრე ზედა მოვესწრები,
და მეფე დისა დატირებად წავიდოდეს, წა-ცა-ვჰყვები”.

1224
გვითხრა მისთა ხელისათა: “წავალ, თანა წამომყევით!”
წაგვიტანა მონა ასი, ყველაკაი მისგან რჩევით.
დღისით, მზისით ვმეკობრობდით, ღამეთაცა ვიყვნით თევით;
და დია ვლეწეთ ქარავანი, ლარი ჩვენკე გარდმოვდევით.

1225
მინდორ-მინდორ მოვდიოდით ჩვენ ღამესა დია ბნელსა,
დიდნი რამე სინათლენი გამოგვიჩნდეს შუა ველსა;
ვთქვით, თუ: “მზეა, ნუთუ ზეცით ჩამოჭრილი ზედა ხმელსა!
და დაბნეულნი მივეცენით გონებასა ჩვენსა მსჯელსა.

1226
ზოგთა ვთქვით: არის ცისკარი; ზოგთა ვთქვით: არის მთვარეო;
მას დარაზმულთა მივჰმართეთ, ახლოს-მცა ვნახეთ ბარეო!
შორს მოვუარეთ, მივედით, შემოვადეგით გარეო;
და მით ნათლიდაღმა გამოხდა ხმა, ჩვენი მოუბარეო.

1227
გვითხრა: “ვინ ხართ, ცხენოსანნო? თქვენ სახელნი თქვენნი თქვენით;
გულანშაროთ მოციქული ქაჯეთს მივალ, მერიდენით!”
ესე გვესმა, მოვადეგით, ალყად გარე მოვერტყენით,
და პირ-მზე რამე ცხენოსანი გავიცადეთ თვალით ჩვენით.

1228
ვუჭვრიტეთ პირსა მნათობსა, ელვათა მაელვარებსა;
მისი ციმციმი მზისაებრ ეფინებოდა არებსა;
ძვირ-ძვირად გვეუბნებოდა სიტყვასა რასმე წყნარებსა,
და კბილთაგან შუქი შეადგა ზედა გიშრისა სარებსა.

1229
კვლა ვეუბენით მას მზესა ტკბილ-მოუბრითა ენითა.
არ მონა იყო, ტყუოდა, ჩვენ ესე შევიგენითა;
როშაქ შეატყო ქალობა, გვერდსა წაუდგა ცხენითა,
და აღარ გავუშვით, დაჭირვა ვჰკადრეთ ხელითა ჩვენითა.

1230
კვლა ვჰკითხეთ: “გვითხარ მართალი საქმე შენ მზებრ ნათელისა,
ვისი ხარ, ვინ ხარ, სით მოხვალ მანათობელი ბნელისა?”
მან არა გვითხრა გაუშვა წყარო ცრემლისა ცხელისა.
და რა საბრალოა გავსილი მთვარე, ჩანთქმული გველისა!

1231
არცა რა ცხადი ამბავი, არცა რა დასამალავი,
არა არ გვითხრა, ვინ იყო, ან ვისგან ნამუხთალავი;
ქუშ-ქუშად გვეუბნებოდა კუშტი, თავისა მკრძალავი,
და ვითა ასპიტი, მჭვრეტელთა მისთა თვალითა მლალავი.

1232
როშაქ გვიბრძანა: “ნუ ჰკითხავთ, აწ თურე არ-სათქმელია,
ამისი საქმე უცხოა, საამბობლადცა ძნელია;
ბედი მეფისა ჩვენისა არსთაგან სანატრელია,
და მით რომე ღმერთი მას მისცემს, რაც უფრო საკვირველია.

1233
ესე ღმერთსა მისაგვრელად მისად ჩვენთვის მოუგვრია,
მივუტანოთ არმაღანად, დაგვიმადლებს მეტად დია.
თუ დავმალავთ, დავმჟღავნდებით, მეფე ჩვენი ამაყია,
და პირველ – მათი შეცოდება, მერმე დიდი აუგია”.

1234
მივემოწმენით, თათბირნი არ კიდე გავაკიდენით;
დავბრუნდით, ქაჯეთს მივჰმართეთ, მას წინა მოვეკიდენით,
არცა რა ვჰკადრეთ ხელდახელ, არცა თუ წავეკიდენით;
და იგი ტირს, ღაწვსა გულ-მდუღრად ჩაჰრცხის ცრემლისა კი დენით.

1235
მე როშაქს ვჰკადრე: “გამიშვი კვლა ადრე თქვენი მხლებელი;
აწ გულანშაროს ქალაქსა ვარ საქმის რასმე მდებელი”.
მან გამომიშვა, აქ სადმე ლარი მიც წასაღებელი,
და თანა წავიტან, წა-ცა-ვალ მე მათი ზედა-მსწრებელი”.

1236
მათ კაცთა დია ეამა ესე ამბავი მონისა.
მე გავიგონე, შე-რე-მშრა ნაკადი ცრემლთა ფონისა,
მენიშნა, ყოვლი ნიშანი ვიცან ჩემისა ღონისა,
და ცოტაი ლხინი მომეცა, მსგავსი დრამისა წონისა.

1237
მოვიყვანე იგი მონა, ახლოს დავსვი ჩემსა წინა,
ვჰკითხე: “მითხარ, რას იტყოდი? გაგონება მეცა მინა”.
მან იგივე კვლა მიამბო, რაცა მუნით მომესმინა,
და მან ამბავმან გამაცოცხლა, სულთ-მობრძავი დამარჩინა.

1238
მე ორნი შავნი მონანი მყვანან სავსენი გრძნებითა:
უჩინოდ მივლენ, წამოვლენ მათითა ხელოვნებითა;
მოვასხენ, ქაჯეთს გავგზავნენ, ვარქვი, თუ: “ნუ დასდგებითა,
და მაცნობეთ მისი ამბავი თქვენითა მოქმედებითა”.

1239
სამ დღე მოვიდეს, მიამბეს, ფიცხლავ ებიჯა გზისადა:
“მიუგვრიაო მეფისა, ზღვას იქით წამავლისადა,
ვერვის შეუდგმან საჭვრეტლად თვალნი, მართ ვითა მზისადა,
და ქვე დაუწინდავს საცოლედ როსან ცოტასა ყმისადა.

1240
როსანს შევჰრთოთო, – დულარდუხტს მეფესა უბრძანებია,
ჯერ ქორწილობად არა მცალს, აწ გული ცეცხლ-ნადებია;
შემოვიქცევი, შევისძლობ, ვინ ცისა მზედ ნაქებია”.
და ციხეს დაუსვამს, ხადუმი ერთაი უახლებია.

1241
ყოვლი მცოდნელი გრძნებისა მას თანა წაუტანია,
მით რომე გზა საჭიროა, მტერნი საომრად მზანია;
ქვე დაუყრია მოყმები, ვინც უფრო გულოვანია,
და დაეყოვნების: წასრულა, ჯერეთ ცოტაი ხანია.

1242
ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია:
ქალაქსა შიგან მაგარი კლდე მაღალი და გრძელია,
მას კლდესა შუა გვირაბი, ასაძრომელი ხვრელია,
და მუნ არის მარტო მნათობი, მისთა შემყრელთა მწველია.

1243
გვირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავს არ პირ-ნასები,
ათი ათასი ჭაბუკი დგას, ყველაკაი ხასები,
ქალაქის კართა სამთავე – სამათას-სამათასები.
და გულო, გაგსაჯა სოფელმან, არ ვიცი რასა, გლახ, ები!”

1244
ესე ამბავი ავთანდილ პირ-მზემან, მაგარ-ვადამან,
რა მოისმინა, ეამა, სხვად არა გაუცხადა მან,
შესწირა ღმერთსა მადლობა ტურფამან დანაბადამან:
და “ამბავი ჩემი სალხინო მითხრაო ვისმანღა დამან!”

1245
ფატმანს უთხრა: “საყვარელო, კმა ხარ ჩემგან სასურველად,
მე ამბავი სანატრელი მომასმინე არ პირ-ბნელად,
მაგრა საქმე ქაჯეთისა გამაგონე უფრო მრთელად,
და ქაჯნი ყველა უხორცოა, რამან შექმნა ხორციელად?

1246
მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა,
მაგრა ქაჯნი უხორცონი რას აქმნევენ, მიკვირს, ქალსა?!”
ფატმან უთხრა: “მომისმინე, მართლად გხედავ მანდა მკრთალსა,
და არ ქაჯნია, კაცნიაო, მიჰნდობიან კლდესა სალსა.

1247
ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, არიან ერთად კრებულნი
კაცნი, გრძნებისა მცოდნელნი, ზედა გახელოვნებულნი,
ყოველთა კაცთა მავნებნი, იგი არვისგან ვნებულნი;
და მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი, დაწბილებულნი.

1248
იქმან რასმე საკვირველსა, მტერსა თვალთა დაუბრმობენ,
ქართა აღსძრვენ საშინელთა, ნავსა ზღვა-ზღვა დაამხობენ,
ვითა ხმელსა გაირბენენ, წყალსა წმიდად დააშრობენ,
და სწადდეს – დღესა ბნელად იქმან, სწადდეს – ბნელსა ანათლობენ.

1249
ამისთვის ქაჯად უხმობენ გარეშემონი ყველანი,
თვარა იგიცა კაცნია ჩვენებრვე ხორციელანი”.
ავთანდილ მადლი უბრძანა: “ცეცხლნი დამივსენ ცხელანი,
და დიდად მეამნეს ამბავნი, სიტყვანი აწინდელანი”.

1250
გულითა ღმერთსა ადიდებს ავთანდილ ცრემლთა მდენელი;
თქვა: “ღმერთო, გმადლობ, რომელი ხარ ჭირთა მომალხენელი;
ყოფილი, მყოფი, უთქმელი, ყურთაგან მოუსმენელი,
და წყალობა თქვენი იჩქითად არს ჩვენი გარდმომფენელი!”

1251
მის ამბვისა ცნობისათვის ცრემლით ღმერთსა ადიდებდა.
ფატმან ეჭვდა თავისათვის, ამად ცეცხლსა კვლა იდებდა;
ყმა ნამუსსა ინახვიდა, სიყვარულსა იფერებდა;
და ფატმან ყელსა ეხვეოდა, პირსა მზესა აკოცებდა.

1252
მას ღამით ფატმან იამა ავთანდილს თანა წოლითა;
ყმა უნდომ-გვარად ეხვევის ყელსა ყელითა ბროლითა,
ჰკლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა ძრწოლითა,
და გული მხეც-ქმნილი გასჭრია მხეცთავე თანა რბოლითა.

1253
ავთანდილ მალვით ცრემლსა სწვიმს, სდის ზღვათა შესართავისად
შიგან მელნისა მორევსა, ცურავს გიშრისა ნავი სად;
იტყვის, თუ: “მნახეთ, მიჯნურნო, იგი, ვინ ვარდი-ა ვისად,
და უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მსგავსად ყვავისად!”

1254
მუნ ცრემლნი, მისგან ნადენნი, ქვათაცა დასალბონია;
გიშრისა ტევრი აგუბებს, ვარდისა ველსა ფონია;
ფატმან მას ზედა იხარებს მართ ვითა იადონია.
და თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია.

1255
გათენდა. ბანად წავიდა მზე, სოფელს შუქ-ნაკიდები;
დიაცმან უძღვნა მრავალი კაბა, ყაბაჩა, რიდები,
მრავალი ფერი სულნელი, ტურფა პერანგი, წმიდები:
და “რაცა გწადდესო, ჩაიცვი, მე ნურას ნუ მერიდები”.

1256
ავთანდილ თქვა: “საქმე ჩემი გავაცხადო ამა დღესა!”
სამოსისა ვაჭრულისა ცმა აქამდის დაეწესა;
მას დღე ყოვლი საჭაბუკო შეიმოსა ტანსა მხნესა,
და მოიმატა დაშვენება, დაემსგავსა ლომი მზესა.

1257
ფატმანს პური შეეკაზმა ავთანდილის საწვეველად;
ყმა შევიდა მოკაზმული მხიარულად, არ პირ-ბნელად;
ფატმან ნახა, გაუკვირდა ვაჭრულისა უმოსელად,
და შემოსცინნა: “აგრე სჯობსო შენთვის ხელთა სასურველად”.

1258
ფატმან მისსა შვენებასა მეტის-მეტად ჰკვირდებოდა.
მან პასუხი არა გასცა, თავის წინა ღიმდებოდა:
“შეეტყვების, არ მიცნობსო”, რეგვნადა და რაგვარ ჰხმობდა!
და თუცა რასმე იფერებდა, მეტი არა გაჰვიდოდა.

1259
პური ჭამეს, გაიყარნეს, ყმა მივიდა მისსა შინა,
ღვინო-სმული, მხიარული დაწვა, ამოდ დაიძინა;
საღამო-ჟამ გაიღვიძა, შუქი ველთა მოაფინა,
და ფატმან უხმო: “მოდი, მნახე, მარტო ვარო, თავის წინა”.

1260
ფატმან მივიდა, ავთანდილს ხმა ესმა მისგან ოხისა;
იტყოდა: “მომკლავს უცილოდ ტანი ალვისა, მო-, ხისა!”
გვერდსა დაისვა, ბალიში მისცა მისისა ნოხისა,
და ვარდისა ბაღსა უჩრდილობს ჩრდილი წამწამთა ქოხისა.

1261
ავთანდილ ბრძანა: “ჰე ფატმან, ვიცი ეს საქმე შენია,
დაჰკრთები ამა ამბავსა, მართ ვითა გველ-ნაკბენია,
მაგრა აქამდის მართალი შენ ჩემი არა გსმენია,
და ჩემნი მომკლველნი წამწამნი შავნი გიშრისა ხენია.

1262
გგონივარ ვინმე ვაჭარი, პატრონი ქარავანისა;
მე ვარ სპასპეტი მაღლისა მეფისა როსტევანისა,
თავადი სპისა დიდისა, მათისა შესაგვანისა,
და მაქვს პატრონობა მრავლისა საჭურჭლე-ზარადხანისა.

1263
შენ გიცი კარგი მოყვარე, ერთგული, მისანდობელი.
მათ უვის ერთი ასული, მზე ხმელთა მანათლობელი,
იგია ჩემი დამწველი და ჩემი დამადნობელი, –
და მან გამომგზავნა, დავაგდე პატრონი, მათი მშობელი.

1264
რომე შენ ქალი გყოლია, მე ძებნად მისვე ქალისად
მივლია ყოვლი ქვეყანა, მის მზისა მონაცვალისად;
მისთვის გაჭრილი მინახავს, წევს ლომი ფერ-ნამკრთალი სად,
და გამცუდებელად თავისად, მის გულისა და ძალისად”.

1265
ავთანდილ ფატმანს ყოველი უთხრა ამბავი თავისა,
ამბავი ტარიელისა, შემოსა ვეფხის ტყავისა;
უბრძანა: “შენ ხარ წამალი ჯერთ შენგან უნახავისა,
და ღონე წამწმისა ხშირისა, ყორნის ფრთებრ ნაფუშავისა.

1266
მოდი და, ფატმან, მეწიე, ვეცადნეთ მისსა რგებასა,
ვუშველოთ, იგი მნათობნი ნუთუ მიეცნენ შვებასა;
ვინცა სცნობს, კაცი ყველაი ჩვენსა დაიწყებს ქებასა,
და ნუთუ კვლა მიჰხვდენ მიჯნურნი ერთმანერთისა ხლებასა.

1267
მომგვარე, ქაჯეთს გავგზავნოთ იგივე მონა გრძნეული,
ქალსა ვაცნობოთ ყველაი, ამბავი ჩვენგან ცნეული;
მანცა გვაცნობოს მართალი, ვქმნათ მისი გამორჩეული,
და ღმერთმან ქმნას, ქაჯთა სამეფო მოგესმას ჩვენგან ძლეული!”

1268
ფატმან თქვა: “ღმერთსა დიდება, საქმენი მომხვდეს, მო-, რანი,
დღეს რომე მესმნეს ამბავნი, უკვდავებისა სწორანი!”
მოჰგვარა მონა გრძნეული, შავი მართ ვითა ყორანი;
და უბრძანა: “ქაჯეთს გაგგზავნი, წა, გზანი გისხენ შორანი!

1269
აწ გამოჩნდების სახმრობა ჩემთვის შენისა გრძნებისა,
ფიცხლავ დამივსე სახმილი შენ ჩემთა ცეცხლთა გზნებისა,
მას მზესა ჰკადრე მიზეზი მისისა განკურნებისა”.
და მან უთხრა: “ხვალე მოგართვა ყოვლი ამბავი ნებისა”.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› §42 წასლვა ავთანდილისგან ნესტან-დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა

1025
ყმა მიმავალი მიუბნობს, მსგავსი მთვარისა სრულისა.
არს თინათინის გონება მისად სალხენლად გულისა;
იტყვის: “მოგშორდი, სიცრუე, ვა, საწუთროსა კრულისა!
შენ გაქვს წამალი ჩემისა მამრთელებელი წყლულისა”.
1026
რად სიცხე გულსა ნიადაგ მწვავს გმირთა სამს ალებისა?
რად გული კლდისა › › ›

DU