1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» §43 ამბავი ავთანდილისა გულანშაროს მისლვისა

1061
ზღვა გაიარა ავთანდილ, მივა ტანითა მჭევრითა.
ნახეს ქალაქი, მოცული გარე ბაღისა ტევრითა,
გვარად უცხონი ყვავილნი, ფერითა ბევრის ბევრითა.
მის ქვეყანისა სიტურფე რა გაგაგონო ენითა!

1062
მათ ბაღთა პირსა დააბეს ნავი საბლითა სამითა;
ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცვნა, დაჯდა სკამითა;
მოასხნეს კაცნი მზიდავნი, დამიზდებულნი დრამითა;
იგი ყმა ვაჭრობს, თავადობს და თავსა მალავს ამითა.

1063
მოვიდა მისი მებაღე, ბაღსა იახლნეს რომელსა,
მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით პირსა, ელვათა მკრთომელსა;
ავთანდილ უხმო, ეუბნა კაცსა არ სიტყვა-მცთომელსა:
“ვისნი ხართ, ვინ ხართ, რა ჰქვიან მეფესა აქა მჯდომელსა?

1064
წვრილად მითხარ ყველაკაი, – ყმა მას კაცსა ეუბნების,
რა ლარია უფრო ძვირად, ან იეფად რა იხსნების?”
ჰკადრა: “ვხედავ, პირი შენი მზისა პირად მემეცნების;
რაცა ვიცი, მართლად გკადრებ, მრუდი არა არ გემცნების.

1065
ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა,
თვით გულანშარო ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა;
აქ მოდის ტურფა ყველაი ზღვა-ზღვა ნავითა მავლითა;
მელიქ-სურხავი ხელმწიფობს, სრული სვითა და დავლითა.

1066
აქა მოსლვითა გაყმდების, კაციცა იყო ბერები:
სმა, გახარება, თამაში, ნიადაგ არნ სიმღერები,
ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერად-ფერები;
ვინცა გვიცნობენ, გვნატრიან, იგიცა, ვინ-ა მტერები.

1067
დიდ-ვაჭარნი სარგებელსა ამისებრსა ვერ ჰპოვებენ:
იყიდიან, გაჰყიდიან, მოიგებენ, წააგებენ;
გლახა თვე ერთ გამდიდრდების, სავაჭროთა ყოვლგნით ჰკრებენ;
უქონელნი წელიწდამდის საქონელსა დაიდებენ.

1068
მე ვარ მებაღე უსენის, ვაჭართა უხუცესისა;
ესეცა გკადრო ამბავი, საქმე მისისა წესისა:
თვით ესე ბაღი მისია, თქვენი სადგომი დღესისა;
პირველ მას ჰმართებს ჩვენება ყოვლისა უტურფესისა.

1069
რა შემოვლენ დიდ-ვაჭარნი, მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან,
უჩვენებენ, რაცა ჰქონდეს, სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან,
უტურფესთა სეფედ დასხმენ, ფასსა მუნვე დაუთვლიან;
მათ მაშინვე ააზატებს, ვითა სწადდეს, დაჰყიდიან.

1070
თქვენებრთა საბატიოთა მათ ჰმართებს გამოსვენება;
დამყენებელთა უბრძანებს, ჰმართებდეს ვის დაყენება.
აწ იგი აქა არ არის, რას მარგებს მისი ხსენება!
გამოგებვა და წაყვანა მას ჰმართებს, თქვენი ქენება.

1071
ფატმან ხათუნ შინა არის, ხათუნი და ცოლი მისი,
პურად კარგი მასპინძელი, მხიარული, არ თუ მქისი;
მას ვაცნობო მოსლვა თქვენი, წაგიყვანოს ვითა თვისი;
წინა კაცთა მოგაგებებს, ქალაქს შეხვალ ნათლივ, დღისი”.

1072
ავთანდილ უთხრა: “წადიო, აგრე ქმენ, რაცა გწადიან”.
მებაღე მირბის, ახარებს, ოფლი ქვე მკრდამდის ჩასდიან.
ხათუნსა უთხრა ამბავი: “მე ესე დამიქადიან:
ყმა მოვა, მისთა მჭვრეტელთა შუქნი მზედ გაიცადიან.

1073
ვაჭარი ვინმე პატრონი არს ქარავნისა დიდისა,
საროსა მსგავსი ნაზარდი და მთვარე დღისა შვიდისა;
ჰშვენის ჯუბა და მოხვევა ძოწეულისა რიდისა.
მე მიხმო, მკითხა ამბავი და ნირი ლართა სყიდისა”.

1074
ფატმან ხათუნს გაეხარნეს, გააგება მონა ათი,
მოუკაზმნა ქარვანსრანი, დააყენა ბარგი მათი;
შემოვიდა ღაწვი-ვარდი, ბროლ-ბადახში, მინა-სათი;
მისთა მჭვრეტთა დაუსახეს ვეფხსა ტოტი, ლომსა – თათი.

1075
ზარი გახდა, შემოაკრბეს ქალაქისა ერნი სრულად,
იქით-აქათ იჯრებოდეს: “ვუჭვრიტოთო ამას რულად!”
ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს, ზოგნი იყვნეს სულ-წასრულად;
მათთა ცოლთა მოიძულვნეს, ქმარნი დარჩეს გაბასრულად.

1076
ფატმან, ცოლი უსენისი, გაეგება კართა წინა,
მხიარულმან უსალამა, სიხარული დაიჩინა;
ერთმანერთი მოიკითხეს, შევიდეს და დასხდეს შინა;
ფატმან ხათუნს მოსლვა მისი, შე- ვით -ვატყვე, არ ეწყინა.

1077
ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე, არ-ყმაწვილი, მაგრა მზმელი,
ნაკვთად კარგი, შავ-გვრემანი, პირ-მსუქანი, არ პირ-ხმელი,
მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის-მსმელი;
დია ედვა სასალუქო დასაბურავ-ჩასაცმელი.

1078
მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა.
ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა, მიმღებელთა თქვეს, თუ: “ვარგ-ა”.
ფატმანს მისი მასპინძლობა უღირს, ღმერთო, არ დაკარგა;
სვეს და ჭამეს, დასაწოლად ყმა გავიდა ღამით გარ, გა.

1079
დილსა ლარი ყველაი უჩვენა, გაახსნევინა,
ტურფანი სეფედ გარდასხნა, ფასიცა დაათვლევინა,
ვაჭართა უთხრა: “წაიღეთ!” აჰკიდა, გააწევინა,
თქვა: ” ვითა გინდა, ვაჭრობდით, ნუ გამამჟღავნებთ, მე ვინა”.

1080
ყმა ვაჭრულად იმოსების, არ ჩაიცვამს არას მისსა.
ზოგჯერ უხმის ფატმან მისსა, ზოგჯერ იყვის ფატმანისსა;
ერთგან სხდიან, უბნობდიან საუბნარსა არა-მქისსა;
ფატმანს ჰკლვიდა უმისობა, რამინისი ვითა ვისსა.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 5

› კორკოტი ნიგვზით

ხორბლის ბურღული წინასწარ ჩავალბოთ ნელთბილ წყალში. წყალი გადავწუროთ, ბურღული მოვათავსოთ მშრალ ტაფაზე და ოდნავ მოვხალოთ. მოხალული მარცვლები ჩავყაროთ მდუღარე წყალში და ვხარშოთ დაახლოებით 2-2.5 საათი ისე, რომ ბურღული მთლიანად ჩაიშალოს. › › ›

DU