1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» §42 წასლვა ავთანდილისგან ნესტან-დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა

1025
ყმა მიმავალი მიუბნობს, მსგავსი მთვარისა სრულისა.
არს თინათინის გონება მისად სალხენლად გულისა;
იტყვის: “მოგშორდი, სიცრუე, ვა, საწუთროსა კრულისა!
შენ გაქვს წამალი ჩემისა მამრთელებელი წყლულისა”.

1026
რად სიცხე გულსა ნიადაგ მწვავს გმირთა სამს ალებისა?
რად გული კლდისა ტინისა შემქმნია სამ სალებისა?
არ შეუძლია ლახვარსა დაჩენა სამსა ლებისა,
ყენ ხარ მიზეზი სოფლისა ასრე გასამსალებისა”.

1027
ავთანდილ მარტო ზღვის პირსა მივა ოთხითა მონითა,
წამალსა ტარიელისსა ეძებს ყოვლითა ღონითა,
დღისით და ღამით მტირალი იღვრების ცრემლთა ფონითა,
ჩალად უჩს ყოვლი ქვეყანა მისვე ჩალისა წონითა.

1028
სადაცა ნახნის, ეუბნის, მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი,
ჰკითხის მის მზისა ამბავი; დღენი ვლნა გაასებულნი.
ქედსა გარდადგეს, აქლემნი აუჩნდეს ლარ-კიდებულნი.
მოქარავნენი ზღვის პირსა დაყრით დგეს, შეჭირვებულნი.

1029
მუნ ქარავანი ურიცხვი მისდგმოდა ზღვისა კიდესა.
შეიჭირვებდეს, ჭმუნვიდეს, ვერა დგეს, ვერცა ვლიდესა.
ყმამან სალამი უბრძანა, ქებასა შეასსმიდესა,
ჰკითხა, თუ: “ვინ ხართ, ვაჭარნო?” – მათ საუბარი ჰკიდესა.

1030
უსამ იყო ქარავნისა უხუცესი, კაცი ბრძენი.
მოახსენა ხოტბა სრული, დალოცა და უქნა ზნენი.
ჰკადრეს: “ხმელთა სინათლეო, შენ ამოხვე ჩვენი მლხენი,
ჩამოხე და მოგახსენოთ ამბავი და საქმე ჩვენი”.

1031
გარდახდა. ჰკადრეს: “ჩვენ ვართო მობაღდადელნი ვაჭარნი,
მაჰმადის სჯულის მჭირავნი, აროდეს გვისმან მაჭარნი,
ზღვათა მეფისა ქალაქსა სავაჭროდ გარდმონაჭარნი,
საქონელ-სრულნი, მდიდარნი, არ ლარნი გვქონან ნაჭარნი.

1032
ჩვენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსა კაცი უსულოდ მდებარე,
ვუშველეთ, ენა მოეცა სიტყვისა გამომგებარე;
ვჰკითხეთ, თუ: “ვინ ხარ, ღარიბო, რასა საქმისა მძებარე?”
გვითხრა: “თუ შეხვალთ, დაგხოცენ; კიდე ცოცხალ ვარ მე ბარე?!”

1033
თქვა: “ქარავანი ეგვიპტით გამოვემართეთ ერითა,
ზღვასა შევედით ტვირთულნი ლარითა მრავალ-ფერითა,
მუნ მეკობრეთა დაგვხოცნეს ძელით, სახნისის წვერითა;
ყველაი წახდა, არ ვიცი, აქა მოსრულვარ მე რითა!”

1034
ლომო და მზეო, ესეა მიზეზი აქა დგომისა,
დაბრუნვებითა გვეცემის ზიანი არ-საზომისა;
შევიდეთ, ვა თუ დაგვხოცნენ, ძალი არა გვაქვს ომისა,
ვერცა ვდგათ, ვერცა წასრულვართ, ღონე წაგვსლვია რჩომისა”.

1035
ყმამან უთხრა: “ვინცა ჭმუნავს, ცუდია და ცუდად სცთების!
რაცა მოვა საქმე ზენა, მომავალი არ აგვცთების;
მე მივინდობ სისხლთა თქვენთა, შემოვისხამ, და-ცა-მწვთების,
ვინცა გებრძვის, ხრმალი ჩემი მბრძოლთა თქვენთა დააცვთების”.

1036
მოქარავნენი აივსნეს სიხარულითა დიდითა,
თქვეს: “ყმა ვინმეა ჭაბუკი, არა ჩვენებრვე რიდითა,
აქვს თავისაგან იმედი, ვიყვნეთ გულითა მშვიდითა”.
შევიდეს, ჩასხდეს ხვამალდსა, გაჰმართეს ზღვისა კიდითა.

1037
სიამოვნესა დარითა იარეს, არ სიძნელითა
მათი ბადრაგა ავთანდილ უძღვის გულითა ქველითა.
გამოჩნდა ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა,
მას ნავსა ნავთა სალეწლად სახნისი ჰგია ძელითა.

1038
კიოდეს და მოდიოდეს, იზახდეს და ბუკსა ჰკრესა;
შეუშინდა ქარავანი მათ ლაშქართა სიდიდესა;
ყმამან უთხრა: “ნუ იშიშვით თქვენ იმათსა სიალფესა,
ანუ დავჰხოც იმ ყველასა, ან სიკვდილი ჩემი დღეს-ა.

1039
უგანგებოდ ვერას მიზმენ, შე-ცა-მებნენ ხმელთა სპანი;
განგებაა, არ დავრჩები, ლახვარნია ჩემთვის მზანი;
ვერ დამხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყვასნი, ვერცა ძმანი,
ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი.

1040
თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი,
შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი;
მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიხმარნე ლომნი მკლავნი!
მეკობრისა ნავისანი სისხლნი ჰნახნეთ მონაღვარნი”.

1041
ჩაიცვა ტანსა აბჯარი ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა.
მას ხელთა კეტი რკინისა ჰქონდა ხელითა ცალითა;
ნავისა თავსა გულითა წადგა შიშ-შეუვალითა,
ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა, მტერნი დახოცნა ხრმალითა.

1042
კიოდეს იგი ლაშქარნი, ხმა მათი არ გაწყდებოდა,
აძგერეს ძელი, რომელსა ზედა სახნისი ჰგებოდა;
ყმა ნავის თავსა უშიშრად ქვე დგა, არ თურე კრთებოდა,
კეტი ჰკრა, ძელი მოსტეხა, სხვით არათ არ მოსტყდებოდა.

1043
ძელი მოსტყდა და ავთანდილ დარჩა ნავ-დაულეწელი;
შეშინდეს იგი ლაშქარნი, გზა ძებნეს გარდსახვეწელი;
ვეღარ გარდესწრნეს, დარდუხლტა მტერთა მი და მო მლეწელი;
არ დარჩა კაცი ცოცხალი მუნ მისგან დაუფრეწელი.

1044
მათ ლაშქართა გულ-უშიშრად ასრე ჰხოცდა, ვითა თხასა;
ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა;
ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა;
დაკოდილნი მკვდართა შუა იმალვიან, მალვენ ხმასა.

1045
გაუმარჯვდა ომი მათი, ვითა სწადდა მისსა გულსა.
ზოგთა ჰკადრეს ზენაარი: “ნუ დაგვხოცო, შენსა სჯულსა!”
არ დახოცნა, დაიმონნა, დაჰრჩომოდა რაცა წყლულსა.
მართლად იტყვის მოციქული: “შიში შეიქმს სიყვარულსა”.

1046
კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრვალი!
არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღმრთისა ძალი!
დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერწკალი,
ღმერთი გფარავს, სწორად გაჰკვეთს, შეშა ვის ჰკრა, თუნდა ხრმალი.

1047
მუნ ავთანდილ საჭურჭლენი მათეულნი დიდნი ნახნა,
ნავი ნავსა შეატყუბა, ქარავანსა დაუზახნა.
უსამ ნახა მხიარული, – გაეხარნეს, არ იახნა,
ჰკადრეს ხოტბა ქებად მისად, სასახავნი დიდნი სახნა.

1048
ავთანდილის მაქებელთა ათასიმცა ენა ენდა!
ვერმცა მათ თქვეს, ნაომრობა როგორ ტურფად დაუშვენდა;
ქარავანმან იზრიალა, თქვეს: “უფალო, მადლი შენდა!
მზემან შუქნი შემოგვადგნა, ღამე ბნელი გაგვითენდა”.

1049
მოეგებნეს, აკოცებდეს თავსა, პირსა, ფერხთა, ხელსა;
ჰკადრეს ქება უსაზომო მას ტურფასა საქებელსა:
– მისი ჭვრეტა გაა�შმაგებს კაცსა ბრძენსა, ვითა ხელსა:
“შენგან დავჰრჩით ჩვენ ყველანი ფათერაკსა ეზომ ძნელსა”.

1050
ყმამან უთხრა: “მადლი ღმერთსა, შემოქმედსა, არსთა მხადსა,
ვისგან ძალნი ზეციერნი გააგებენ აქა ქმნადსა,
იგი იქმან ყველაკასა, იდუმალსა, ზოგსა ცხადსა;
ხამს ყოვლისა დაჯერება, ბრძენი სჯერა მოწევნადსა.

1051
ღმერთმან სულსა ეგოდენსა თქვენ გათნია სისხლი თქვენი.
მე, გლახ, რა ვარ? მიწა ცუდი; თავით ჩემით რამცა ვქმენი?
აწ დავხოცენ მტერნი თქვენნი, გავასრულენ, რაცა ვთქვენი;
ნავი სრულად საქონლითა მომიღია, ვითა ძღვენი”.

1052
ამოა, კარგსა მოყმესა რა ომი გაჰმარჯვებოდეს,
ამხანაგთათვის ეჯობნოს, ვინცა მას თანა-ჰხლებოდეს.
მიულოცვიდენ, აქებდენ, მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს,
ჰშვენოდეს დაკოდილობა, ცოტაი რამე ჰვნებოდეს.

1053
იგი ნავი მეკობრეთა მას დღე ნახეს, არ ახვალეს,
მუნ დებულთა საჭურჭლეთა ამარიმცა ვით დათვალეს!
მათსა ნავსა გარდმოიღეს, ნავი სრულად გარდმოცალეს;
დალეწეს და ზოგი დაწვეს, შეშა დრამად არ გაცვალეს.

1054
ავთანდილს უსამ მოართვა ვაჭართა შემოთვლილობა:
“შენგან ვართ გამაგრებულნი, ჩვენ ვიცით ჩვენი ცვილობა;
რაცა გვაქვს, იგი შენია, ამას არ უნდა ცილობა,
რასაცა მოგვცემ, გვიბოძე, გვიქმნია აქა ყრილობა”.

1055
ყმამან შესთვალა: “ჰე, ძმანო, წეღანცა მოგისმენია,
ღმერთსა შეესმა, ნაკადი რაცა თქვენ თვალთა გდენია,
მან დაგარჩინნა; მე რა ვარ? მე, გლახ, რა მომილხენია!
რა გინდა მომცეთ, რას ვაქმნევ? მე ვარ და ჩემი ცხენია!

1056
მე თუცა რამცა მინდოდა საჭურჭლე დასადებელი,
ჩემსაცა მქონდა ურიცხვი, უსახო ლარ-საგებელი;
რას ვაქმნევ თქვენსა? რად მინდა? ოდენ ვარ თქვენი მხლებელი;
სხვაგან რამე მიც სხვა საქმე თავისა წასაგებელი.

1057
აწ რაცა აქა ვიშოვე საჭურჭლე დაუთვალავი,
რაცა ვის გინდა, წაიღეთ, არვისი ვიყო მლალავი,
ერთსა ვიაჯი, მააჯეთ სააჯო არ-საკრძალავი:
საქმე რამე მიც თქვენ შიგან თავისა დასამალავი.

1058
ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით არ თქვენსა პატრონობასა,
თქვით : “თავადია ჩვენი”-თქო, ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა.
მე სავაჭროსა ჩავიცვამ, დავიწყებ ჯუბაჩობასა;
თქვენ შემინახეთ ნამუსი, თქვენსა და ჩემსა ძმობასა!”

1059
ესე საქმე ქარავანსა გაეხარნეს მეტად დია;
მოვიდეს და თაყვანის-სცეს, ჰკადრეს: “ჩვენი იმედია,
რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა, იგი თქვენვე გიაჯია,
მას ვჰმსახუროთ, ვისი პირი მზისა პირად გაგვიცდია”.

1060
მუნით წავიდეს, იარეს, არ თურე ხანსა ზმიდიან,
მიჰხვდეს ტაროსსა ამოსა, ნიადაგ ამოდ ვლიდიან;
შეჰფრფინვიდიან ავთანდილს, ქებასა შეასხმიდიან,
მას მარგალიტსა მას ყმასა, კბილთავე ფერსა, სძღვნიდიან.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

4 votes, average: 3.75 out of 54 votes, average: 3.75 out of 54 votes, average: 3.75 out of 54 votes, average: 3.75 out of 54 votes, average: 3.75 out of 5

› ქაბაბი

ძროხის ან ცხვრის რბილი ხორცი ხახვთან ერთად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში შევაზავოთ მარილით, ძალიან წვრილად დაჭრილი შინდის ჩურჩით ან კოწახურით, დანაყილი პილპილით, შევურიოთ გათქვეფილი კვერცხი. გავაკეთოთ დაკეპილი ხორცის პატარ-პატარა გუფთები, მივცეთ › › ›

DU