1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» §41 მისლვა ავთანდილისგან ფრიდონისასა

969
ყმა მტირალი სამოც-ათ დღე ზღვისა პირსა მივა გზასა;
შორით ნახნა მენავენი, მოდიოდეს შიგან ზღვასა;
მოიცადა, ჰკითხა: “ვინ ხართ, თქვენ ამისსა გნუკევ თქმასა,
ეს სამეფო ვისი არის, ან ჰმორჩილობს ვისსა ხმასა?”

970
მათ მოახსენეს: “ტურფაო სახით და ანაგებითა,
გვეუცხოვე და გვეკეთე, მით გეუბნებით ქებითა;
აქამდის ზღვარი თურქთაა, მოზღვრე ფრიდონის ზღვებითა;
ჩვენცა ვისნი ვართ, გიამბობთ, თუ ჭვრეტით არ დავბნდებითა.

971
ნურადინ-ფრიდონ მეფეა ამა ქვეყნისა ჩვენისა,
მოყმე მხნე, უხვი, ძლიერი, ფიცხლა მომხლტომი ცხენისა;
ვნება არავის არ ძალ-უც მის მზისა ოდნად მშვენისა,
იგია ჩვენი პატრონი, მსგავსი ცით შუქთა მფენისა”.

972
ყმამან უთხრა: “ძმანო ჩემნო, კარგთა კაცთა გარდგეკიდე;
მე მეფესა თქვენსა ვეძებ, მასწავლეთ, თუ სით წავიდე,
რა ვიარო, ოდეს მივალ, ან გზასა აქვს რა სიდიდე?”
მენავეთა უწინამძღვრეს, არ დააგდეს ზღვისა კიდე.

973
მოახსენეს: “ესე გზაა მულღაზანზარს მიმავალი,
მუნ დაგხვდების მეფე ჩვენი მშვილდ-ფიცხელი, მახვილ-ხრმალი;
აქადაღმა ათ დღე მიხვალ ნაკვთად სარო, ფერად ლალი;
ვა, რად დაგვწვენ, უცხოს უცხო რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი?”

974
ყმამან უთხრა: “მიკვირს, ძმანო, რად ხართ ჩემთვის გულ-მოკლულნი,
ანუ ეგრე ვით გეკეთნეს ზამთრის ვარდნი ფერ-ნაკლულნი!
თქვენმცა მაშინ გენახენით, ლაღნი ვდეგით, არ საპყრულნი!
ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენნით, ჩვენგან სხდიან მხიარულნი”.

975
კაცნი წავიდეს; დაბრუნდა ყმა გზასა თავის-წინასა,
ვისი ჰგავს ტანი საროსა და ვისი გული- რკინასა;
მიაცორვებს და მიუბნობს, მოსთქვამს მისსავე ლხინასა,
ნარგისნი ქუხან, ცრემლსა წვიმს, ჩარცხის ბროლსა და მინასა.

976
ვინცა გზას ნახნის უცხონი, ჰმსახურებდიან, ჰყმობდიან,
მოვიდოდიან საჭვრეტლად, მას ზედა სტრფიალობდიან,
ეძნელებოდის გაშვება, გაყრასა ძლივ დასთმობდიან,
გზის ყოლაუზი მისციან, ჰკითხის რა, უამბობდიან.

977
მულღაზანზარს მიეახლა, ადრე დაჰლევს გზასა გრძელსა;
მინდორს ნახა სპა ლაშქართა და ნადირთა ჰგვანდეს მსრველსა,
ყოვლგნით ალყა შემოეკრა, მოსდგომოდეს გარე ველსა,
ისრიან და იზახიან, მხეცსა სჭრიან ვითა მჭელსა.

978
კაცი ემთხვია; მას ჰკითხა ამბავი მის ლაშქარისა,
უბრძანა: “ისი ვისია ხმა ზათქისა და ზარისა?”
მან უთხრა: “ფრიდონ ხელმწიფე, მეფე მულღაზანზარისა,
იგი ნადირობს, შეუკრავს ნაპირი ველ-შამბნარისა”.

979
მათ ლაშქართაკე წავიდა მით უსახოთა ქცევითა,
გამხიარულდა; შვენება მის ყმისა ვთქვიმცა მე ვითა!
მისთა გამყრელთა დააზრობს, შემყრელთა დასწვავს მზე ვითა,
ნახოს, მჭვრეტელთა ახელებს, ტანი ლერწამობს რხევითა.

980
მათ ლაშქართა ყოლბსა შუა ორბი სითმე გარდმოფრინდა;
ყმამან ცხენით შეუტივა, გაამაყდა, არ შეშინდა,
შესტყორცა და ჩამოაგდო, დაეცა და სისხლი სდინდა,
გარდახდა და ფრთენი დასჭრნა, წყნარად შეჯდა, არ აქშინდა.

981
იგი რა ნახეს, მესროლნი სროლასა მოეშლებოდეს,
ალყა დაშალეს, მოვიდეს, მოეხვეოდეს, ბნდებოდეს,
იქით და აქათ უვლიდეს, ზოგნი უკანა ჰყვებოდეს,
ვერცა ჰკადრებდეს: “ვინ ხარო”, ვერცა რას ეუბნებოდეს.

982
მინდორსა შუა გორი დგა, ფრიდონ მას ზედა დგებოდა;
ღირსნი მას თანა სროლასა ორმოცი კაცი ჰხლებოდა;
მუნ დაემართა ავთანდილ, მას თანა ყოლბი ჰყვებოდა.
ფრიდონს უკვირდა: “რა ქმნესო”, მისთა სპათათვის წყრებოდა.

983
ფრიდონ მონა გამოგზავნა: “წა, ნახეო ისი სპანი,
რა ქმნეს, ალყა რად დაშალეს, სად წადიან ვითა ბრმანი?”
მონა ფიცხლა მოეგება, ნახა სარო, მორჩი ტანი,
დადგა, თვალნი გაურეტდეს, დაავიწყდეს სიტყვის თქმანი.

984
ავთანდილ ცნა, თუ: “ისია მოამბვედ ჩემად რებული.
– უთხრა: “არქვი შენს პატრონსა ეს ჩემი დავედრებული:
ვარ უცხო ვინმე ღარიბი, საყოფთა მოშორვებული,
ძმად-ფიცი ტარიელისი, თქვენს წინა მომგზავრებული”.

985
მონა წავიდა ფრიდონის თხრობად ამბვისა მისისად,
უთხრა: “მზე ვნახე მოსრული, ჩანს მანათობლად დღისისად;
ვაზრობ, იგიცა დაშმაგდენ, თუ ბრძენთა ნახონ ისი სად;
“ვარ ძმაო ტარიელისი შეყრად ფრიდონის მქისისად”.

986
რა “ტარიელ” მოისმინა, ფრიდონს ჭირი უსუბუქდა,
თვალთა ცრემლნი გარდმოსცვივდეს, გული უფრო აუჩუქდა,
მონაქროლმან ვარდი დაზრა, წამწამთაგან ბუქი ბუქდა;
შეიყარნეს, ერთმანერთი მათგან იქო, არ გაუქდა.

987
ფიცხლა იგი ქედი ჩავლო, ჩაეგება ფრიდონ წინა;
რა შეხედნა, ესე თქვა, თუ: “თუ არ მზეო, ისი ვინ- ა?”
მას ჰმეტობდა, რაცა ქება მონისაგან მოესმინა;
ერთმანერთსა გარდაუხდეს, ლხინმან ცრემლი აფრქვევინა.

988
მოეხვივნეს ერთმანერთსა, უცხოებით არ დარიდონ;
თვით უსახოდ ფრიდონს ყმა და მოეწონა ყმასა ფრიდონ;
რა მჭვრეტელთა იგი ნახონ, მზე მათ თანა გააფლიდონ,
მომკალ, ბაზარს სხვა მათებრი ივაჭრონ რა, ანუ ყიდონ.

989
ფრიდონისებრნი მოყმენი ვინმცა ვით ვინ ეგებიან!
მაგრა მას ახლავს ქებანი, მართ მეტი არ მიხჰვდებიან;
მზე უჩინო იქმს მნათობთა, რა ახლოს შეიყრებიან,
დღისით ვერ ნათობს სანთელი და ღამით შუქნი ჰკრთებიან.

990
ცხენთა შესხდეს, გაემართნეს, ფრიდონისსა მივლენ სრასა.
დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მხეცთა სრვასა;
ავთანდილის ჭვრეტად სპანი იქით-აქათ იქმენ ჯრასა,
თქვეს : “ასეთი ხორციელი შეუქმნია რაგვარ რასა?”

991
ყმა ფრიდონს ეტყვის : “ისწრაფი, ვიცი, ამბვისა თხრობასა,
გიამბო, ვინ ვარ, სით მოვალ, – ვინათგან ჰლამი ცნობასა,
ანუ სით ვიცნობ ტარიელს, ანუ რად ვიტყვი ძმობასა,
იგი ძმად მიხმობს, ძმა ხარო, თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა.

992
მე ვარ ყმა როსტან მეფისა, მოყმე არაბეთს ზრდილობით,
დიდი სპასპეტი, სახელად მიხმობენ ავთანდილობით,
ძე დიდებულთ დიდ-გვართა, ზრდილი მეფეთა შვილობით,
საკრძალავი და უკადრი, მყოფი არვისგან ცილობით.

993
დღესა ერთსა მეფე შეჯდა, ნადირობას გამოვიდა;
მინდორს ვნახეთ, ტარიელი, ცრემლთა ღვრიდა, ველთა რწყვიდა,
გაგვიკვირდა, გვეუცხოვა, ვაწვიეთ და არ მოვიდა,
ჩვენ გვეწყინა, არ ვიცოდით, მას თუ ცეცხლი რაგვარ სწვიდა.

994
მეფემან სპანი შეპყრობად შეუზახნა და წყრებოდა;
მან უჭირველად დახოცნა, ომი არ მისჭირდებოდა,
ზოგსა მხარ-თეძო დაჰლეწა და ზოგთა სული ჰხდებოდა;
მუნღა ცნეს, ეტლი მთვარისა რომე არ დაბრუნდებოდა.

995
მათ სპათაგან ვერ-შეპყრობა ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა,
თვით შესხდეს და შეუტივეს ამაყთა და არას მკრძალთა.
რა ტარიელ მეფე იცნა, მუნღა დაჰკრთა მათთა ხრმალთა,
ცხენსა მისცნა სადავენი, დაგვეკარგა წინა თვალთა.

996
ვძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ, დავსწამეთ ეშმაურობა.
მეფე დაჭმუნდა, დაშალა სმა, ნადიმობა, პურობა.
მე ვეღარ გავსძელ მისისა ამბვისა არ-დასტურობა,
გამოვიპარე საძებრად: მწვიდა ცეცხლი და მურობა.

997
იგი ვძებნე წელსა სამსა არ ვიამე არცა ძილი.
მათ მასწავლეს, ხატაელნი ვნახენ მისგან დაკოდილი;
ვპოვე ვარდი მოყვითანე, შუქ-მკრთალი და ფერ-მიხდილი,
შემიტკბო და შემიყვარა, ვითა ძმა და ვითა შვილი.

998
ქვაბნი წაუხმან დევთათვის, სრულად გაჰმესისხლებია;
მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხვა არვინ უახლებია;
მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს, არ ახალ, არ ახლებია,
ვა ჰმართებს მისსა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ჰხლებია.

999
ქალი მარტო ქვაბსა შიგან ზის მტირალი, ცრემლ-ნაწთომი;
ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკვსა ვითა ლომი,
მიართვამს და აგრე არჩენს იგი ერთგან ვერ-დამდგომი,
მისგან კიდე სანახავად არა უნდა კაცთა ტომი.

1000
მე უცხოს უცხო მანატრა მოსმენა სანატრელისა,
მითხრა ამბავი მისი და მისისა სასურველისა.
რა ჭირნი დათმნა, ვერ იტყვის აწ ენა ესე ხელისა,
ჰკლავს სურვილი და ვერ-ჭვრეტა მისისა დამმარხველისა.

1001
ვითა მთვარე დაუდგომლად იარების, არ დადგების;
მასვე ცხენსა შენეულსა ზის, აროდეს გარდაჰხდების;
არას ნახავს პირ-მეტყველსა, ვით ნადირი კაცთა ჰკრთების.
ვა მე, მისსა მგონებელსა, ვა მას, ვინცა მისთვის კვდების!

1002
მის ყმისა ცეცხლი მედების, დამწვა ცეცხლითა მისითა;
შემებრალნეს და გავშმაგდი, გავხე ცნობითა ვისითა;
მომინდა მისთა წამალთა ძებნა ზღვითა და ქვიშითა;
შევიქეც, ვნახენ მეფენი, მყოფნი გულითა მქისითა.

1003
დავეთხოვე და გამიწყრა, მეფე მიეცა ჭმუნვასა.
დავყარენ ჩემნი ლაშქარნი, მით იზახიან მუნ ვასა;
გამოვიპარე, დავეხსენ სისხლისა ცრემლთა წურვასა,
აწ ვეძებ მისთა წამალთა, ვიქმ იქით-აქათ ბრუნვასა.

1004
შენი მან მითხრა ამბავი მისგან ძმობისა შენისა,
აწ მიპოვნიხარ უებრო, შენ – საქებელი ენისა;
გამომირჩიე, სით მიჯობს ძებნა მის მზისა ზენისა,
მისთა მჭვრეტელთა ლხინისა, ვერ-მჭვრეტთა ამაზრზენისა”.

1005
აწ ფრიდონ იწვის სიტყვითა მის ყმისა ნაუბარითა;
ორნივე სწორად მოსთქმიდეს მოთქმითა საქებარითა,
გულ-ამოსკვნილნი გულითა ტირან ვერ-დამთმობარითა,
მუნ ვარდსა წყლითა ცხელითა რწყვენ ტევრთა საგუბარითა.

1006
ლაშქართა შიგან შეიქმნა ხმა ტირილისა დიდისა,
ზოგთაგან ხოკა პირისა, ზოგთაგან სრევა რიდისა.
ფრიდონ ტირს, მოსთქვამს ხმა-მაღლად, გაყრილი წლისა შვიდისა:
“უხანობა და სიცრუვე, ვა, საწუთროსა ფლიდისა!”

1007
ფრიდონ მოსთქვამს: “რა შეგასხათ, ვერ-საქებო, ვერ-სათქმელო!
ხმელთა მზეო, სამყაროსა მზისა ეტლთა გარდამხმელო,
მოახლეთა სალხინოო, სიცოცხლეო, სულთა მდგმელო,
ცისა ეტლთა სინათლეო, დამწველო და დამანთქმელო!

1008
რა მოგეშორვე, მას აქათ სიცოცხლე მომძულვებია;
თუცა შენ ჩემად არა გცალს, მე შენთვის მომსურვებია;
შენ უჩემობა ლხინად გიჩს, მე დია მიმჭირვებია,
ოხერ სიცოცხლე უშენოდ, სოფელი გამარმებია!”

1009
ფრიდონ თქვნა ესე სიტყვანი მოთქმითა შვენიერითა;
სული დაიღეს, დადუმდეს, მივლენ არ თურე ღერითა.
ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს ტურთითა აერ-ფერითა,
მელნისა ტბათა მიჯარვით ჰბურავს გიშრისა ჭერითა.

1010
ქალაქს შევიდეს, მუნ დაჰხვდა სრა მოკაზმული სრულითა,
სახელმწიფოთა ყოვლითა გასაგებლითა სრულითა;
მონანი ტურფად მოსილნი წესითა იყვნეს რულითა!
შეჰფრფინვიდიან ავთანდილს გულითა სულ-წასულითა.

1011
შევიდეს და დიდი შექმნეს ჯალაბობა, არ ხალვათი:
იქით-აქათ დიდებულნი წარიგებით ათჯერ ათი;
თვით ორნივე ერთგან დასხდეს; ვითა ვინ თქვას ქება მათი!
ბროლ-ბადახშსა აშვენებდა ზოგან მინა, ზოგან სათი.

1012
დასხდეს, შეიქმნა პურობა, გაამრავლებდეს მახალსა,
უმასპინძლებდეს ავთანდილს, ვითა მზახალი მზახალსა,
მოიღებდიან ჭურჭელსა ტურფასა, ახალ-ახალსა,
მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა გული მიეცა, გლახ, ალსა.

1013
მას დღე სვეს, ჭამეს, გარდახდა ნადიმი მსმელთა დასისა.
გათენდა, ბანეს ავთანდილ, რიცხვი ძეს მუნ ატლასისა,
შესამოსელი შეჰმოსეს დრაჰკნისა ბევრ-ათასისა,
შეარტყეს წელთა სარტყელი, დაუდებელი ფასისა.

1014
ყმამან დაყვნა დღენი რამე, თუცა ყოვნას ვერა სთმობდა,
ფრიდონს თანა ნადირობას გავიდის და თამაშობდა,
სწორად ჰხოცდა შორს და ახლოს, თუ რას ხელსა მიაპყრობდა,
მისი სროლა მშვილდოსანსა ყველაკასა აწბილობდა.

1015
ყმა ფრიდონს ეტყვის: “გესმოდეს ჩემი აწ მონახსენები:
მე შენი გაყრა სიკვდილად მიჩს და მით თავსა ვევნები,
მაგრა არა მცალს დღე-კრულსა, ცეცხლი მწვავს მოუთმენები,
გზა გრძელი, საქმე სასწრაფო მიც, დია დავეყენები.

1016
მართალ-ა, შენი გამყრელი თვალი თუ ცრემლსა ღვრიდესა,
დღეს წაუვალი ვერა ვარ, მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა;
დგომა მგზავრისა ცთომაა, კარგსა იქმს, თავსა სწვრთიდესა;
სადა გინახავს იგი მზე, წამომყევ ზღვისა კიდესა”.

1017
ფრიდონ უთხრა: “დასაშლელი ჩემგან არა არ გეთხრობის;
ვიცი, რომე აღარა გცალს, შენ ლახვარი სხვა გესობის:
წადი, ღმერთი გიწინამძღვრებს, შენი მტერი დაემხობის,
მაგრა თქვი, თუ უშენობა ჩემგან ვითა დაითმობის?

1018
ამას გკადრებ, არ ეგების მარტოსაგან წასლვა შენი;
თანა ყმათა წამოგატან, იმსახურენ, იახლენი,
აბჯარი და საგებელი, ერთი ჯორი, ერთი ცხენი.
არ წაიტან, გაირჯები ღაწვი-ვარდი, ცრემლთა მდენი”.

1019
მოასხნა ოთხნი მონანი, მისანდობელნი გულითა,
სრული აბჯარი საკაცო ქაფითა, საბარკულითა,
სამოცი ლიტრა წითელი აწონით, არ-ნაკლულითა,
ერთი ტაიჭი უებრო, მით უნაგრითა სრულითა.

1020
ერთსა ჯორსა წვივ-მაგარსა საგებელი აუკიდა;
წავიდა და ფრიდონ შეჯდა, მას თანავე გამოვიდა.
აწ გაყრისა მომლოდნესა ედებოდა ცეცხლი, სწვიდა,
მოსთქვამს: “თუმცა მზე გვეახლა, ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზრვიდა”.

1021
ზარი მის ყმისა წასლვისა გახდა, მიეცნეს წუხილსა.
მოატყდეს მოქალაქენი, ლარსა ვინ ჰყიდდა, თუ ხილსა;
ხმა ზახილისა მათისა ჰგვანდა ჰაერთა ქუხილსა,
იტყოდეს: “მზესა მოვჰშორდით, მო, თვალნი მივსცნეთ წუხილსა!”

1022
ქალაქი გავლეს, მივიდეს პირსა დიდისა ზღვისასა,
მაშინ ფრიდონის ნახულსა, ნასაჯდომევსა მზისასა,
მუნ დაადენდეს ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა,
ფრიდონ უამბობს ამბავსა მის მნათობისა ტყვისასა:

1023
“აქა მათ ზანგთა მონათა მზე მოიყვანეს ნავითა,
კბილ-თეთრი, ბაგე-ბადახში, სახედავითა შავითა;
ცხენი გავქუსლე, გავაგე წაგვრა ხრმლითა და მკლავითა,
შორს მნახეს, ადრე გამექცეს, ნავი მფრინვალე ჩნდა ვითა”.

1024
მოეხვივნეს ერთმანერთსა, გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი,
აკოცეს და გაუახლდეს მათ ორთავე მათნი წვანი,
გაიყარნეს გაუყრელნი ძმად-ფიცნი და ვითა ძმანი,
ფრიდონ დადგა, ყმა წავიდა, შემხედველთა მკლველი ტანი.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

3 votes, average: 5.00 out of 53 votes, average: 5.00 out of 53 votes, average: 5.00 out of 53 votes, average: 5.00 out of 53 votes, average: 5.00 out of 5

› რა ფერია სამყარო ანუ როგორ ვხედავთ ჩვენ მას

გაუმარჯოს
აგერ მისტიური 2012 წლის ზაფხულმაც გაირბინა 🙂 დაგვიდგა შემოდგომაც…
ხოომ ჩანაწერს შესავალი მინდა გავუკეთო და რაღაც არ გამოდის ისეთი ქე რო უნდა 🙂 …
მოკლედ რისი თქმა მინდოდა
დღეს ერთი უცნაური აზრი ამეკვიატა, › › ›

DU