1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» §26 ამბვის ცნობა ტარიელისაგან ნესტან-დარეჯანის დაკარგვისა

567
ესე კაცნი გამეგზავნნეს, გონებასა გავეშმაგე.
რომე მისი ვერა მეცნა, ამას უფრო დავედაგე.
მას ზღუდესა გარდავადეგ, მინდორთაკე რომე ვაგე,
მესმა საქმე საშინელი, თუცა თავი ვერ წავაგე.

568
გამოჩნდეს ორნი ქვეითნი, მე მივეგებე წინა-რე.
ქალი ჰყვა ერთსა მონასა, ვცანცა, თუ მოღმა ვინ არე:
თავ-გაგლეჯილი ასმათი, პირსა სისხლ-ჩამომდინარე,
აღარ მიყივლა ღიმილით, არცაღა გამიცინა-რე.

569
იგი ვნახე, დავებნივე, გონებანი გამიშმაგნა; .
შორით ვუხმე: “რას შიგან ვართ, ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა?”
მან საბრალოდ შემომტირნა, ძლივ სიტყვანი გამოაგნა,
მითხრა: “ღმერთმან სიმგრგვლე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა”.

570
ახლოს მივე, კვლაცა ვჰკითსე: “რას შიგან ვართ? თქვი მართალი!”
კვლა საბრალოდ ამიტირდა, კვლა მოედვა ამით ალი,
დიდხან სიტყვა ვერა მითხრა, მისთა ჭირთა ნაათალი,
მკერდსა წითლად უღებვიდა სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი.

571
მერმე მითხრა: “მოგახსენებ, ესე რადმცა დაგიმალე?
მაგრა ვითა გაგახარნე, შენცა აგრე შემიწყალე:
ნუ მაცოცხლებ, ნუ დამარჩენ, შემიხვეწე, შემიბრალე,
დამხსენ ჩემსა საწუთროსა, ღმერთსა შენსა მიავალე!”

572
მიამბო: “ოდეს სასიძო მოჰკალ და ხმა დაგივარდა,
მეფესა ესმა, აიჭრა, მართ მისგან გასატკივარდა,
შენ დაგიზახნა: “მიხმეთო”, ხმა-მაღლად გახმამყივარდა;
მოგნახეს, შინა ვერ გპოვეს, მით მეფე გამომჩივარდა.

573
ჰკადრეს: “აქა აღარ არის, კარნი სადმე გაუვლიან”.
მეფე ბრძანებს: “ვიცი, ვიცი, მეტად კარგად შემიგნიან:
მას უყვარდა ქალი ჩემი, სისხლნი ველთა მოუღვრიან,
რა ნახიან ერთმანერთი, არ-შეხედვა ვერ დათმიან.

574
აწ, თავმან ჩემმან, მას მოვჰკლავ, ჩემად დად ვინცა მადესა!
მე ღმრთისა ვუთხარ, დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა!
მათ ბოზ-კუროთა ასეთი რა მისცეს, რა უქადესა?
თუ დავარჩინო, ღმერთი ვგმო! მისად პატიჟად მზად ეს-ა”.

575
მის მეფისა წესი იყო: თავი მისი ძვირად ფიცის,
და, თუ ფიცის, არ გატეხის, მასვე წამსა დაამტკიცის.
ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა, ვინცა იცის,
მან უამბო დავარ ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის.

576
დავარს, დასა მეფისასა, უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან:
“თავი ფიცა ძმამან შენმან, არ დაგარჩენს, იცის ერმან”.
მან ეგრე თქვა: “უბრალო ვარ, იცის ღმერთმან სახიერიერმან!
ვისგან მოვკვდე, ვისთვის მოვკვდე, მიიხვედროს იგი ვერ მან”.

577
პატრონი ჩემი აგრევე იყო, წამოხვე შენ ოდეს;
შენეულნივე რიდენი ებურნეს, ტურფად ჰშვენოდეს.
დავარ მოსთქმიდა სიტყვათა, რომელნი არა მსმენოდეს:
“ბოზო, შენ ბოზო, რად მომკალ? ვეჭვ, შენცა არა გლხენოდეს!

578
როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკლვევინე?
ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინე?
არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი. რა გიყავ, რა გაქმნევინე?
აწ, ღმერთსა უნდეს, ვერ მიჰხვდე, ვის ესე დააშლევინე!”

579
ხელი მიჰყო, წამოზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა,
დაალება, დაალურჯა, მედგრად პირნი მოიქუშნა.
მან პასუხი ვერა გასცა, ოდენ სულთქვნა, ოდენ უშნა,
ქალმან შავმან ვერა არგო, ვერცა წყლულნი დაუშუშნა.

580
რა დავარ გაძღა ცემითა, მისითა დალურჯებითა,
წამოდგეს ორნი მონანი, პირითა მით ქაჯებითა, .
მათ კიდობანი მოჰქონდა, ეუბნეს არ აჯებითა,
მას შიგან ჩასვეს იგი მზე, ჰგავს, იქმნა დარაჯებითა.

581
მან უთხრა: “წადით, დაკარგეთ მუნ, სადა ზღვისა ჭიპია;
წმიდისა წყლისა ვერ ნახოს მყინვარე, ვერცა ლიპია”;
მათ გაეხარნეს, ხმა-მაღლად იყივლეს: “იპი, იპია”.
ესე ვნახე და არ მოვკვე, არა მგავს არცა სიპია.

582
ზღვითკე გაარნეს სარკმელნი, მაშინვე გაუჩინარდა.
დავარ თქვა: “მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს, ვინ არ, და-!
ვირე მომკლვიდეს, მოვკვდები, სიცოცხლე გასაწყინარდა”.
დანა დაიცა, მო-ცა-კვდა, დაეცა, გასისხლმდინარდა.

583
რად არ მიკვირვებ ცოცხალსა, მე ლახვარ-დაუსობელსა!
აწ იგი მიყავ, რა მმართებს ამისსა მახარობელსა!
ზენაარ, დამხსენ სიცოცხლე სულთადგმა-დაუთმობელსა!”
საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა, დაუშრობელსა.

584
მე ვუთხარ: “დაო, რად მოგკლა, ანუ რა შენი ბრალია?
რამცა ვქმენ ნაცვლად, თვით რომე მისი ჩემზედა ვალია!
აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ, სად კლდე და წყალია”.
სრულად გავქვავდი, შემექმნა გული მართ ვითა სალია.

585
მეტმან ზარმან გამაშმაგა, მომიკიდა ცხრო და თრთოლა;
გულსა ვუთხარ: “ნუ მოჰკვდები, არას გარგებს ცუდი წოლა,
გიჯობს გაჭრა ძებნად მისად, გავარდნა და ველთა რბოლა.
აჰა ჟამი, ვისცა გინდა ჩემი თანა წამოყოლა!”

586
შევე, ფიცხლად შევეკაზმე, ცხენსა შევჯე შეკაზმული;
ას სამოცი კარგი მოყმე, ჩემსა თანა ხან-დაზმული,
წამომყვა და წამოვედით კართა გარე დარაზმული,
ზღვის პირს მივე, ნავი დამხვდა, მენავემან მნახა ზმული.

587
ნავსა შევჯე, ზღვასა შევე, ზღვასა შიგან გავალაგდი,
არსით ნავი მომავალი უნახავად არ დავაგდი;
მოველოდი, არა მესმა, შმაგი უფრო გა-ვე-ვშმაგდი,
რომე სრულად მომიძულვა, ღმერთსა თურე ასრე ვსძაგდი.

588
რომე დავყავ წელიწადი, თვე თორმეტი გამეოცა,
მაგრა მისი მნახავიცა სიზმრივ კაცი არ მეოცა;
თანა-მყოლი ყველაკაი ამომიწყდა, დამეხოცა,
ვთქვი, თუ: “ღმერთსა ვერას ვჰკადრებ, რაცა სწადდეს, აგრე ვყო-ცა”.

589
ზღვა-ზღვა ცურვა მომეწყინა, მით გამოვე ზღვისა პირსა,
გული სრულად გამიმხეცდა, არ ვუსმენდი არც ვაზირსა;
ყველაკაი დამეფანტა, დაჰრჩომოდა რაცა ჭირსა.
კაცსა ღმერთი არ გასწირავს ასრე, მისგან განაწირსა!

590
ერთაი ესე ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი,
ჩემნი გულისა მდებელნი და ჩემნი შემაგონანი.
მისნი ვერა ვცნენ ამბავნი ვერცა დრამისა წონანი,
ტირილი მიჩნდის ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

2 votes, average: 1.00 out of 52 votes, average: 1.00 out of 52 votes, average: 1.00 out of 52 votes, average: 1.00 out of 52 votes, average: 1.00 out of 5

› §31 დათხოვა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა ვაზირის საუბარი

728
რა გათენდა, შეეკაზმა, ყმა გავიდა ადრე გარე;
იტყვის: “ნეტარ, მიჯნურობა არ დამაჩნდეს, და-მცა-ვფარე!”
დათმობასა ეაჯების გულსა: “შენ რა მოუგვარე!”
ცხენსა შეჯდა, წამოვიდა ვაზირისა სახლსა მთვარე.
729
ვაზირმან ცნა, გაეგება: “ჩემსა მზეა ამოსრული,
ამას თურე მახარებდა დღეს › › ›

DU