1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» §25 ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსლვა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკლვა

548
მოვიდა კაცი: “სასიძო მოვაო”, მოსლვა გვახარა,
მაგრა თუ ღმერთი რას უზამს, არა იცოდა, გლახ, არა;
მეფესა მიჰხვდა სიამე, არ სიტყვა ივაგლახა რა,
მიბრძანა, ახლოს მიმისვა, “მოდიო”, თავი დახარა.

549
მიბრძანა: “ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია.
გარდავიხადოთ ქორწილი, ხამს ვითა დასა, სრულია;
კაცნი გავგზავნნეთ, მოვიღოთ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია,
უხვად გავსცემდეთ, ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია”.

550
მე გავგზავნენ ყოვლგნით კაცნი საჭურჭლეთა წამომხმელნი;
სასიძოცა მოგვივიდა, იყვნეს ხანსა არ-დამზმელნი;
შიგნით ჩვენნი გაეგებნეს, გარეთ მოდგეს ხვარაზმელნი;
მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა ხმელნი.

551
მეფემან ბრძანა: “მოკაზმეთ კარვითა მოედანია,
გამოისვენოს სიძემან, დაყოს ცოტაი ხანია;
მუნ მისად ნახვად გავიდენ უშენოდ სპანი სხვანია,
შენ აქა ნახენ, კმარიან იქა ნახვისად ყმანია”.

552
მოედანს დავდგით კარვები წითლისა ატლასებისა.
მოვიდა სიძე, გარდახდა, დღე, ჰგვანდა, არს აღვსებისა,
შეიქმნა გასლვა შიგანთა, ჯარია მუნ ხასებისა,
დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ-თემად, დას-დასებისა.

553
მე დავშვერ, ვითა წესია საურავ-გარდახდილისა;
შინა წამოვე, მაშვრალსა ქმნა მომნდომოდა ძილისა;
მონა მოვიდა, მომართვა წიგნი ასმათის ტკბილისა:
“ადრე მოდიო, გიბრძანებს მსგავსი ალვისა ზრდილისა”.

554
ცხენისაგან არ გარდავხე, წავე ფიცხლა, დავჰმორჩილდი;
ქალი დამხვდა ნატირები, ვჰკითხე: “ცრემლსა რასა ჰმილდი?”
მითხრა: “შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავსცილდი?
გაუწყვედლად ვით გამართლო? რაგვარადმცა გავვაქილდი?!”

555
შევედით, ვნახეთ ბალიშსა ზედა წარბ-შერჭმით მჯდომარე;
მზე ვეღარას იქმს მის მეტსა, მას გაენათლა რომ არე,
წავდეგ, მიბრძანა: “რასა სდგა? დღე მიგჩს წინ საომარე!
ანუ გამწირე, მიტყუე და კვლაცა მოიმცდომარე?!”

556
მე მეწყინა, აღარა ვთქვი, ფიცხლა გარე შემოვბრუნდი.
უკუვჰყივლე: “აწ გამოჩნდეს, არ მინდოდეს, ვისცა ვუნდი!
ქალი ომსა რაგვარ მაწვევ, აგრე ვითა დავძაბუნდი?”
შინა მოვე, მოკლვა მისი დავაპირე, არ დავყმუნდი.

557
ასსა ვუბრძანე მონასა: “საომრად დაემზადენით!”
შევსხედით, გავვლეთ ქალაქი, არავის გავეცხადენით.
კარავსა შევე, იგი ყმა ვითა წვა, ზარ-მაც თქმად ენით,
უსისხლოდ მოვკალ იგი გლახ, თუცა ხმდა სისხლთა დადენ.ით

558
კარვის კალთა ჩახლათული ჩავჭერ, ჩავაკარაბაკე,
ყმასა ფერხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შევუტაკე,
წინა მწოლთა დაიზახნეს, გლოვა მიჰხვდა საარაკე;
ცხენსა შევჯე, წამო-ცა-ვე; ჯაჭვი მეცვა საკურტაკე.

559
ხმა დამივარდა, შეიქმნა ზახილი მოსაწევარი;
წამოვე, წევნა დამიწყეს, დავხოცე ჩემი მდევარი.
ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი,
მუნ შიგან შევე მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი!

560
კაცნი გავგზავნენ, ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყველასა:
“აქა მომმართეთ, ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა”.
არ გაწყდა მოსლვა მდევართა ღამესა დია ბნელასა,
ჩემი რა ცნიან, სცვიდიან თავებსა მათსა მრთელასა.

561
ცისკრად ავდეგ, შევეკაზმე, რა გათენდა ღამე დილად,
ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად;
ებრძანა, თუ: “ღმერთმან იცის, გამეზარდე ვითა შვილად,
ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად?

562
ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე?
თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე?
მე, ბერსა შენსა გამზრდელსა, სიცოცხლე მაარმებინე,
დღედ სიკვდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე!”

563
მე შევუთვალე: “მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა,
თვარა რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა?
მაგრა, თვით იცით, ხელმწიფე ხამს მქმნელი სამართალისა,
მე, თქვენმან მზემან, მაშოროს ნდომა თქვÕენისა ქალისა!

564
იცით, ინდოთა სამეფო რაზომი სრა-საჯდომია! –
ერთიღა მე ვარ მემკვიდრე, – ყველაი თქვენ მოგხდომია:
ამოწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია;
დღესამდის ტახტი უჩემოდ არავის არ მოჰნდომია!

565
ვერ გათნევ, თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არ-მართალია:
ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი, გიზის ერთაი ქალია,
ხვარაზმშა დაჰსვა ხელმწიფედ, დამრჩების რა ნაცვალია?
სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მე მერტყას ჩემი ხრმალია?

566
შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდე!
ინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცმე ჩემგან კიდე.
ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა ამოვფხვრიდე,
სხვად მეშველსა გარეგანსა, მომკალ, ვისცა ვინატრიდე!”

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 5

› Flashing Border

ნებისმიერი ელემენტის, რომელიც შეიცავს კიდეს border-ი, მაგ კიდეების ციმციმი
პარამეტრებში ცვლი ციმციმის ინტერვალს და საწყის და ბოლო ფერს.

[ნახე ვრცლად…]

DU