1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» §24 ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა

517
მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად.
ასმათის მონა შემოდგა, მე ვჯე ლაღი და ჯანი სად,
წიგნი მომართვა, ეწერა: “ვინ სჩან ალვისა ტანისად,
ადრე მოდიო, გიბრძანებს, დაუყოვნებლად ხანისად”.

518
შევჯე, წავე, ბაღჩას მივე. ვით სცნობდე ლხინთა ზომით!
ბაღჩა შევვლე, კოშკი დამხვდა, ასმათ ვნახე ძირსა დგომით;
ვნახე : “ვსჭვრეტდი ნატირებად, ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით,
დამიმძიმდა, არა ვჰკითხე; ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით.

519
იგი ვნახე დაღრეჯილი, ესე მეტად დამიმძიმდა.
ვითა წინას შემომცინის, არღა ეგრე გამიღიმდა.
ყოლა სიტყვა არ მომიგო, ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა,
ამით უფრო დამაწყლულა, არა წყლულთა მიაქიმდა.

520
ჩემნი ერთნი გონებანი მეტად შორად გამიკიდნა,
შინა კოშკად შემიყვანა, ფარდაგსაცა ამიზიდნა.
შევე, ვნახე იგი მთვარე; ჭირმან ყოვლმან უკუმრიდნა,
გულსა შუქნი შემომადგნა, მაგრა გული არ დამიდნა.

521
იყო არ-ნათლად ნათელი, ფარდაგსა შემომდგომელი;
ებურა მოშლით პირ-ოქრო რიდე, მე მივეც რომელი,
მითვე მწვანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი,
ცრემლისა ღვარსა მოეცვა პირი, ელვათა მკრთომელი.

522
ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული,
არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედემს ხებული;
ასმათმან დამსვა შორს-გვარად გულსა მე ლახვარ-ხებული;
მერმე წამოჯდა წარბ-შერჭმით, გამწყრალი, გარისხებული.

523
მიბრძანა: “მიკვირს, რად მოხვე მშლელი პირისა მტკიცისა,
გამწირავი და მუხთალი, შენ, გამტეხელი ფიცისა?!
მაგრა ნაცვალსა პატიჟსა მიგცემსო ზენა, მი, ცისა!”
ვჰკადრე: “რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უვიცისა?”

524
ვთქვი: “პასუხსა ვერას გკადრებ, თუ არა ვსცნობ მე მართალსა:
რა შეგცოდე, რა მიქმნია უცნობოსა, ფერ-ნამკრთალსა?”
კვლაცა მითხრა: “რას გეუბნა მტყუანსა და შენ მუხთალსა?
დიაცურად რად მოვღორდი? მე დავუწვავ ამით ალსა.

525
შენ არ იცი ხვარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება?!
შენ ჯდომილხარ სავაზიროდ, შენი რთულა ამას ნება,
შენ გასტეხე ფიცი ჩემი, სიმტკიცე და იგი მცნება,
ღმერთმან ქმნა და დაგირჩინა ცუდად შენი ხელოვნება!

526
გახსოვს, ოდეს “ჰაი-ჰაი-ს” ზმიდი, ცრემლნი შენნი ველთა ჰბანდეს,
მკურნალნი და დასტაქარნი წამალსა-ყე მოგიტანდეს?
მამაცისა სიცრუვეთა, ნეტარ, სხვანი რამცა ჰგვანდეს!
რათგან დამთმე, მეცა დაგთმობ, ვინძი უფრო დაზიანდეს!

527
ამას ვბრძანებ: ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა,
ეგრეც მე მაქვს პატრონობა, უგზოს ვლიდენ, თუნდა გზეთსა!
ეგე აგრე არ იქმნების, წა, მომცთარ ხარ მოსაცეთსა,
აზრნი შენნი შენვე გგვანან, მტყუანსა და შენ აგეთსა!

528
ცოცხალ ვიყო, შენ ინდოეთს, ღმერთო, ხანი ვერა დაჰყო!
თუ ეცადო დაყოფასა, ხორცთა შენთა სული გაჰყო!
სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო!”
ესე სიტყვა დაასრულა, ყმა ატირდა, სულთქვნა, აჰ-ყო.

529
თქვა: “რა მესმა ესე მისგან, მეიმედა მეტის-მეტად,
კვლა მიეცა თვალთა ძალი მის ნათლისა ეგრე ჭვრეტად.
აწ დავკარგე; რად არ გიკვირს, რად ცოცხალ ვარ, რად ვარ რეტად?
ვაი, სოფელი უხანოო, რად ჰზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად?

530
შევჰხედენ, ვნახე სასთუნალ მუსაფი გაშლით მდებარე,
ავიღე, ავდეგ მე ღმრთისა და მერმე მათი მქებარე,
ვჰკადრე, თუ: “მზეო, დაგიწვავ, ჩემიცა დაწვი მზე ბარე,
რათგან არ მომკლავ, პასუხი ერთაი გკადრო მე ბარე.

531
რომე გკადრებ, ესე სიტყვა აწ თუ ცუდად ნალიქნია,
ცამცა მრისხავს, მზისა შუქნი ყოლა ჩემთვის ნუ შუქნია!
თუ მაღირსებ გაკითხვასა, ავი არა არ მიქმნია”.
მან მიბრძანა: “რაცა იცი, თქვიო!”, თავი დამიქნია.

532
კვლაცა ვჰკადრე: “მე თუ, მზეო, შენთვის ფიცი გამეტეხოს,
ღმერთმან აწვე რისხვა მისი ზეცით ჩემთვის გაამეხოს!
ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს, ტანი მეხოს,
მაშა მაშინ რაგვარ დავრჩე, რა ლახვარი გულსა მეხოს!

533
მე მეფეთა დარბაზს მიხმეს, შექმნეს დიდი ვაზირობა.
მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა.
დამეშალა, ვერ დავშლიდი, დამრჩებოდა უმეცრობა;
თავსა ვუთხარ: “მიემოწმე, ჟამად გიჯობს გულმაგრობა”.

534
მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე, რათგან იგი ვერ მიმხვდარა!
არ იტყვის, თუ: “ინდოეთი უპატრონოდ არ მომხდარა?
ტარიელ არს მემამულე, სხვასა ჰმართებს არვის არა!
ვის მოიყვანს, არა ვიცი, ანუ იგი ვინ მომცდარა?

535
ვთქვი: “ამითა ვეღარას ვიქმ, ღონე სხვა რა მოვიგვარო”;
თავსა ვუთხარ: “ნუ მოგიცავ, გონებაო მრავალ-გვარო!”
მედვა გული მხეცისაებრ, ათასჯერცა მინდორს ვარო,
ვისმცა მივეც თავი შენი, შენვე რადმე არ წამგვარო?!”

536
სულთა ვჰყიდდი გულისათვის, კოშკი ამად გამებაზრა;
იგი წვიმა და-რე-ნელდა, რომე პირველ ვარდი აზრა;
ვნახე, ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა.
მიბრძანა, თუ: “ეგე საქმე მემცა მართლად რად მეაზრა?!

537
არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა, ორგულობასა,
უარის ქმნასა ღმრთისასა, ამისთვის არ მადლობასა;
იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა!
მე და შენ დავსხდეთ ხელმწიფედ, სჯობს ყოვლსა სიძე-სძლობასა”.

538
მე ღმრთისაებრად მომიტკბა გამწყრალი, გამქისებული,
ანუ მზე იყო ქვეყანად, ან მთვარე პირ-გავსებული;
ახლოს დამისვა, მაღირსა აქამდის არ-ღირსებული;
მეუბნებოდა, დამივსო ცეცხლი ამითა გზებული.

539
მიბრძანა, თუ: “გონიერი ხამს აროდეს არ აჩქარდეს,
რაცა სჯობდეს, მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს;
თუ სასიძო არ მოუშვა, ვა თუ მეფე გაგიმწარდეს,
შენ და ისი წაიკიდნეთ, ინდოეთი გარდაქარდეს!

540
კვლა თუ სიძე შემოუშვა, მე შემირთოს, იყოს ასდენ,
ერთმანერთსა გავეყარნეთ, ძოწეულნი გაგვიფლასდენ,
მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ,
ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ”.

541
მე ვჰკადრე: “ღმერთმან აშოროს მას ყმასა შენი ქმარობა!
რა შემოვიდენ ინდოეთს, შევიგნა მათი გვარობა,
ვუჩვენო ჩემი ძალ-გული და ჩემი მეომარობა:
ასრე დავხოცნე, შეეძლოს აღარა, არ, სახმარობა!”

542
მიბრძანა, თუ: “ხამს დიაცი დიაცურად, საქმე-დედლად,
დიდსა სისხლსა ვერ შეგაქმნევ, ვერ ვიქმნები შუა კედლად:
რა მოვიდეს სიძე, მოკალ მისთა სპათა აუწყვედლად.
ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.

543
ასრე ქმენ, ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო,
მოპარვით მოკალ სასიძო, ლაშქართა ნუ მოირთაო,
მისთა სპათაცა ნუ დაჰხოც, ზროხათა ვითა, ვირთაო, –
დიადი სისხლი უბრალო კაცმანმცა ვით იტვირთაო?

544
იგი რა მოჰკლა, ეუბენ პატრონსა, ჩემსა მამასა,
ჰკადრე, თუ: “სპარსთა ვერა ვიქმ ინდოეთისა ჭამასა,
ჩემია მკვიდრი მამული, არ მივსცემ არცა დრამასა,
არ დამეხსნები, გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა!”

545
ჩემი ყოლა ნურა გინდა – სიყვარული, ნუცა ნდომა,
ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა;
ქმნას მეფემან ყელ-მოტეხით შემოხვეწა, შემოკვდომა,
ხელთა მოგცემს თავსა ჩემსა, შეგვფერობდეს ერთგან სხდომა”.

546
ესე მეტად მომეწონა თათბირი და გამორჩევა,
ჩემთა მტერთა დავაქადე დასახოცლად ხრმლისა ქნევა;
მერმე ავდეგ წამოსავლად, მან დამიწყო ქვევე წვევა,
მწადდა, მაგრა ვერ შევჰმართე შეჭიდება, შემოხვევა.

547
ხანი დავყავ, გავეყარე, მაგრა გავხე ვითა ხელი.
ასმათ წინა ჩამომიძღვა, ჩამდიოდა ცრემლი ცხელი.
ჭირი ბევრჯელ ვაათასი, ლხინი ჩემი ვაერთხელი,
მერმე წასლვა არა მწადდა, ამად მივალ არ-ფიცხელი”.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

23 votes, average: 4.22 out of 523 votes, average: 4.22 out of 523 votes, average: 4.22 out of 523 votes, average: 4.22 out of 523 votes, average: 4.22 out of 5

› ბიოგრაფია: ლადო ასათიანი (1917-1943)

ლადო ასათიანი დაიბადა 1917 წლის 14 იანვარს ქუთაისში.
ლადოს მშობლები პედაგოგები იყვნენ, ცაგერის რაიონის კვიდრნი.
ლადო ასათიანმა 1934 წელს დაასრულა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი და სწავლა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე გააგრძელა. სულ › › ›

DU